globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 5th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ვერსია“: ინტერვიუ: როგორ ემზადება ცესკო არჩევნებისთვის // რა სიახლეებს სთავაზობს საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს

ინტერპრესნიუსი: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძეთან: „საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ძალადობით ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია“ // „რასაც თბილისელები ეგუებიან, ამის ატანა წარმოუდგენელია“

ახალი თაობა: ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ძალების გაერთიანებას აპირებს // ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „იმედი მაქვს, მომავალ წელს მას პრეზიდენტად ვიხილავთ”

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ამერიკელები შეტევა-თავდაცვის ოპერაციების წარმატებით ჩატარებას გვასწავლიან“ // „რუსეთის შიშით ამერიკულ დახმარებაზე უარს ვერ ვიტყვით“

——————

„ვერსია“, 04-06 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ: როგორ ემზადება ცესკო არჩევნებისთვის // რა სიახლეებს სთავაზობს საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს

თათია გოჩაძე

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მზადაა თუ არა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებისთვის?

„ვერსია“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს ესაუბრა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს დიდი ხანია ისეთ სერვისებს აწვდის, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლება მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში განახორციელოს. საერთოდ, გვაქვს ამბიცია, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები უკეთესი იყოს, ამისთვის ყველა არჩევნებს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, უკეთესი ადმინისტრირებისთვის მოვემზადოთ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე პოზიტიური დასკვნები დადეს“, – ამბობს გიორგი შარაბიძე.

- თუმცა ვერ ვიტყვით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ხარვეზების გარეშე ჩატარდა

- 2016 წლის არჩევნების დასრულებისთანავე საარჩევნო ადმინისტრაციამ ანალიზი დაიწყო და ის ადგილები მოინიშნა, სადაც უკეთ განვითარება შეიძლება… ამას ხარვეზს ვერ დავარქმევ, თუმცა ყოველი არჩევნები მომავალი არჩევნებისთვის პროგრესის გზად უნდა იქცეს. სხვათა შორის, კვლევებით, გასულ და მიმდინარე წელს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმს მოსახლეობის მხოლოდ 9% არ ენდობა – ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მეტი უნდა ვიმუშაოთ.

- წლევანდელ არჩევნებში რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული?

- ჯერჯერობით, 8 ადგილობრივი და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, მათ შორის NDI, თუმცა რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ბევრი ორგანიზაციის დარეგისტრირებას ველით. სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ნეიტრალური დასკვნები გვაჩვენებს გზას, საით ვიაროთ. მოწვევა 60-მდე საარჩევნო ადმინისტრაციას გავუგზავნეთ და საქართველოს არჩევნებს მალავის საარჩევნო კომისია პირველად დააკვირდება, ასევე გაიზიარებს ქართული საარჩევნო ადმინისტრაციის წარმატებულ პრაქტიკას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმატებაზე, საერთაშორისო ჯილდოების გარდა, ისიც მეტყველებს, რომ ზაფხულში ორი ქვეყნის – ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ.

- მოკლედ, ცდილობთ, სტერეოტიპი - „საქართველოში არჩევნები ყალბდება, დაამსხვრიოთ, არა?

- საქართველოს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, კვლევის მეშვეობით, აცხადებს, საარჩევნო ადმინისტრაციას ვენდობიო და ეს კითხვას თავისთავად პასუხობს. პრობლემები, რაც შეიძლება წარსულის ცუდი გამოცდილება იყო, დღეს აღარ არსებობს. კვლევებით ისიც დასტურდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საეჭვოდ ერთი უბანიც არ იქნა მიჩნეული.

- ბატონო გიორგი, საარჩევნო კომისიები რომელი პარტიების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება?

- საუბნო საარჩევნო კომისიები 13 ადამიანით კომპლექტდება. კომისიის 6 წევრს საოლქო კომისია ირჩევს, რომელზეც კონკურსი ცხადდება, 7 წევრს კი ის პარტიები ნიშნავენ, რომლებმაც ამის უფლება კანონით „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ და „საარჩევნო კოდექსით“ მოიპოვეს. ამას ემატება სადამკვირვებლო მისიები, აკრედიტებული მედიასაშუალებები, ამიტომ ყველაფერი ეს მინიმუმამდე ამცირებს რაიმე ტიპის ცდომილებას. კომისიის 7 წევრს შემდეგი პარტიები ნიშნავენ: „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია.

- ყველაფერ ამის მიუხედავად, ოპოზიციისა და საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი აქცენტს მაინც გაყალბებაზე აკეთებს. ისიც ითქვა, ცესკო- მიერ გამოცხადებულ სიებში 67 მისამართი საერთოდ არ არსებობსო. მართლა ასეა?

- არ შეიძლება, პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, საარჩევნო პროცესი დაზიანდეს. არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პოლიტიკურ დღის წესრიგს პატივს ვცემ, მაგრამ მგონი, დადგა დრო, რომ მთავარი პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ დააზიანოს! სამწუხაროდ, ბევრ დაუსაბუთებელ ბრალდებაზე გვიხდება პასუხის გაცემა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა – ამომრჩეველთა სიაში შედის არა კორპუსი, მიწა, სახლი, არამედ -ამომრჩეველი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სიაში გაორებული ერთი ადამიანიც არაა! თუ ეს მართლაც რეალური პრობლემაა ან ამომრჩეველი სადმე გაორებულია, სატელევიზიო განცხადებების ნაცვლად, უმჯობესია, აღნიშნული პრობლემა საარჩევნო ადმინისტრაციას გასასწორებლად მიაწოდონ, თუმცა ხაზს ვუსვამ: ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ერთი საჩივარიც არ შემოსულა. ამ სიების საჯარო ვერსია ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას (ენჯეოს) აქვს ანუ ყველას შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს და უზუსტობების შემთხვევაში, მოგვმართოს.

- ბატონო გიორგი, იმასაც ამბობენ, რომ ცესკო- ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტს დამატებითი ბარიერი შეუქმნაო; მაგალითად, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს ერთ კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვება მოსთხოვეთ; პარტია გირჩს კი არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი უთხარით

- ცესკო ,,საარჩევნო კოდექსის” სრული დაცვით მოქმედებს. თუ საუბარი მერობის კონკრეტულ კანდიდატზეა (პერსონიფიცირება არ მინდა), ყველა საინიციატივო ჯგუფს ვადას კანონი უწესებს, რომ კონკრეტულ ოლქში ამომრჩეველთა 1%-ის ხელმოწერები არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა შეაგროვოს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობის 1% სწორედ 10 000-მდეა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს დამატებითი რეგულაცია დაუწესა, არასწორია. ხაზგასმით ვაცხადებ: საარჩევნო ადმინისტრაციას ამასთან დაკავშირებით ვადა არ შეუცვლია.
რაც შეეხება გირჩს, ჩვენთან შემოვიდა ოფიციალური წერილი, სადაც კონკრეტული სუბიექტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ ხელმოწერები ისე შეაგროვეს, როგორც ამას კანონი მოითხოვს. იყო ხარვეზები და შეცდომები, ზოგიერთი მონაცემი არასწორად ეწერათ, რომლის გამოსასწორებლად ორი დღე მიეცათ, რაც არ განახორციელეს. მოკლედ, ყოველთვის კანონის მიხედვით ვმოქმედებთ!

ისე, ევროპაში პირველად, ჩვენ შევქმენით პოლიტიკური პარტიების ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა და ჩვენთან ელექტრონული ურთიერთობა 23-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა აირჩია, რაც ნიშნავს, რომ პარტიას რეგისტრაციის შემდეგ ეხსნება ინტერნეტველი და ცესკო საკუთარ კომპიუტერში აქვს, თუმცა ეს სატესტო ვარიანტია და ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ წარმომადგენლების დანიშვნის ველი გვაქვს გახსნილი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. შარშან შევქმენით აპლიკაცია ანდროიდმოწყობილობებისთვის, რომელშიც შეიყვანთ პირად ნომერს, გვარს და ნახავთ, რომელ უბანში ხართ რეგისტრირებული, ხართ თუ არა სიაში. ახლა ეს სისტემა მორგებულია APPLE-ს სისტემაზეც. საერთოდ, ახალი უნიკალური სერვისების შექმნა ერთადერთი გზაა, არჩევნებში ჩართული მხარეების და ამომრჩევლის კომფორტი უზრუნველვყოთ, რათა კანონი დაიცვან და კონსტიტუციური უფლებაც განახორციელონ.

- დღევანდელი მონაცემებით, რამდენი პარტია და პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული?

- ე.წ. ბლოკების შექმნის ვადა ჯერ კიდევ არ ამოწურულა. რეგისტრაციისთვის 38-მა პარტიამ მოგვმართა, რომელთაგანაც ორს უარი კანონის შესაბამისად ეთქვა. ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებულია 265 საინიციატივო ჯგუფი, მერობის 18 კანდიდატია. როდესაც ყველა პროცედურის ვადა დასრულდება, საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ, ბიულეტენი საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს.

ინტერპრესნიუსი“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძეთან: „საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ

კობა ბენდელიანი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მას შემდეგ, რაც პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოულოცაკარგი კონსტიტუციის მიღება”, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუციის მიღება რომ მხოლოდ დროის ამბავია, ამაში ეჭვის შეტანა უადგილოც კია. ვინაიდან საკონტიტუციო პროცესის ნაკლოვანებებზე საკმაოდ ბევრი გვისაუბრია, მასზე დროის დაკარგვა არც ღირს. ახლა ალბათ ყველაზე აქტუალურია კიდევ ერთხელ გავიაზროთ პარლამენტის თავმჯდომარემ რა მოგვილოცა და ახალი კონსტიტუციის რა უნდა გვიხაროდეს და რა უნდა გვწყინდეს, გვაღელვებდეს?

- პარლამენტის თავმჯდომარეს, ეტყობა, ადრესატი შეეშალა: ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეზეიმებოდეს კონსტიტუციის ამ სახით მიღება – დღევანდელი ხელისუფლებაა. თუ ვინმეს შეიძლება სწყინდეს – ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მოქალაქეების ნაწილი, ხოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, სიმართლე თუ გვინდა, სრულიად ინდიფერენტულია კონსტიტუციის გარშემო პოლიტიკურ სპექტრში ატეხილი ვნებათაღელვის მიმართ.

არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ფაქტია. დღევანდელი სიტუაცია იმით განსხვავდება ყველა წინამორბედისგან, რომ ადრე თუ მხოლოდ ხელისუფლება იყო დაშორებული ხალხს, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ცალკე სივრცეში ტივტივებს, ხალხი -კი სხვა რეალობაში ცხოვრობს, ანუ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ ერთმანეთისთვის გაუგებარი ენით, პრობლემებით და მოტივაციით. უპერსპექტივო ოპოზიცია ამ ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე უკვე ტრადიციად ქცეული ხიდჩატეხილობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისიც, რომ ხელისუფლება ანგარიშს უწევს მხოლოდ ორ რამეს: საკუთარ ინტერესებს და საზოგადოების ძალას და რადგან ამ შემთხვევაში, უხერხემლო ოპოზიციური სპექტრის უკან საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ დაინახა, მიიღო კიდეც საკუთარ ტყავზე მორგებული კონსტიტუცია.

თუმცა, ამავდროულად, მაჟორიტარული სისტემის დატოვება, ხელისუფლების მხრიდან, ყველაზე ნათელი შეფასებაა საკუთარი ურესურსობის და უიმედობის და ააშკარავებს იმას, რომ მათ თავად არ სჯერათ მომავალში ხალხის მხარდაჭერის და შემოვლითი გზებით, კონსტიტუციის ჭრა-კერვით ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას.
ეს ამჟღავნებს ძლიერი კონკურენტის მიმართ შიშსაც, რომლის გამოჩენისთანავე, თავადვე ფიქრობენ, რომ ხალხი მათ ზურგს აქცევს. თუმცა, ასეთივე შიშის გამო განხორციელებულმა კონსტიტუციის ჭრა-კერვამ, გვახსოვს, რომ სააკაშვილს არ უშველა.

ორიოდე სიტყვით, კიდევ ერთხელ, რა სისტემას დაუჭირა ხელისუფლებამ მხარი: საერთაშორისო პრაქტიკით, მაჟორიტარული არჩევნები სულაც არ არის მოძველებული და ცუდი სისტემა. მაჟორიტარული წესი არის ძლიერი ორპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი, რისი მაგალითებია აშშ და დიდი ბრიტანეთი. თუმცა, ჩვენთან ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენში ყველა ხელისუფლებისთვის მაჟორიტარები იყვნენ და რჩებიან მანიპულაციის საუკეთესო საშუალებად: ყველა ხელისუფლების დროს მაჟორიტარების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებით იყო დაკავებული და ამა თუ იმ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა ვაჭრობის საგნად ჰქონდათ ქცეული – თითო ხმის ნაცვლად თითო ტენდერში გამარჯვება, წილის მიღება და ა.შ.
შეიძლება, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ დიდ ნაწილზე – ნამდვილად. ამ ნაწილისთვის პარლამენტი ქარვასლაა, სადაც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ ამომრჩევლის ინტერესს. ჰოდა, გამოდის, რომ ამ ხელისუფლებასაც საკუთარი თავის მთავრობაში შენარჩუნების გზად პარლამენტის ქარვასლად გადაქცევა ეგულება.

- თქვენი კოლეგა ქალბატონისლია მუხაშავრიას აზრით, ის რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას არავის აზრი არ გაითვალისწინაეს კატასტროფის მომასწავებელია პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის. და ეს სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესზე და მათზე ძალიან სწრაფად აისახება”. ამ აზრს საკმაოდ ბევრი სხვა დამკვირვებელიც იზიარებს. თქვენი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას მმართველი გუნდის მიერ, თუ მაჟორიტარების აზრისა და ინტერესების გათვალისწინებას არ ჩავთვლით, არავის აზრის გაუთვალისწინებლობა, რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და მთლიანად პოლიტიკური პროცესისათვის?

- ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, დაუსჯელ-შეუცვლელობის სინდრომია, რომელიც აუცილებლად გაჩნდება ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ნაკლებად მომთხოვნი გახდება საკუთარი თავის მიმართ, რაც გაცილებით მეტი შეცდომის დაშვების წინაპირობაა. ამასთან, ამ ტიპის ცვლილებები ხალხს ტოვებს გარეთ, პროცესებს მიღმა, ხოლო თუ ახალი, ძლიერი ძალა გამოჩნდა, მას სთავაზობს რევოლუციურ სცენარს. თუმცა, პოლიტიკური პროცესისთვის გაცილებით სახიფათო პოლიტიკური სპექტრის უსუსურობა და ურეიტინგობაა, როცა საზოგადოების უკმაყოფილებით შეიძლება სრულიად შემთხვევითმა ავანტიურისტმა ისარგებლოს.

რაც შეეხება იმას, რომ არც დასავლეთის აზრი გაითვალისწინა ხელისუფლებამ, ამასაც აქვს ახსნა: კერძოდ, ის რომ დასავლეთს ჩვენი შიდა გარჩევებისთვის არ სცალია და არც ეგულება საქართველოში ძალა, რომელიც შეიძლებოდა მისი ფავორიტი გამხდარიყო.
შედარებისთვის მინდა გავიხსენო 2003 წლის არჩევნების წინ მიმდინარე პროცესები, როცა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ლამის ამერიკის სახელმწიფო მდივანთან თუ მასზე ჩინით არანაკლებ ევროპელ ლიდერებთან თანხმდებოდა თუ წყდებოდა. ხელისუფლებამაც ამით ისარგებლა.

- უცნაურად გახშირებულმა ხანძრებმა ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა დაგვანახა. მნიშვნელობა არა აქვს ხანძრები სტიქიური უბედურების შედეგი იყო თუ კიდევ სხვა რამ, ფაქტია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ამგვარ საფრთხეებთან საბრძოლველად აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩდნენ. გაქვთ იმის განცდა, რომ მომხდარის შემდეგ ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს გააკეთებს და ბევრ პრობლემას, რამაც კრიზისულ დღეებში თავი იჩინა, უმოკლეს ვადებში ოპერატიულად გადაწყვეტს?

- ბოლო დღეებში უკვე ოპერატიულობას და პროფესიონალიზმს ნამდვილად ვერ დაუკარგავ შესაბამის სტრუქტურებს და განსაკუთრებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. გარკვეული დასკვნები, როგორც ჩანს, ხელისუფლებამაც გამოიტანა მიღებული მძიმე გამოცდილებიდან, თქვა კიდეც პრემიერმა, რომ ინფრასტრუქტურულადაც და სისტემურადაც ცვლილებები გვჭირდებაო. მაგრამ სისტემური ცვლილებები, უპირველესად, საკადრო პოლიტიკას სჭირდება. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ გეოპოლიტიკურ არეალში ცხოვრობდე და კრიზისების საბჭოს აუცილებლობას ვერ ხედავდე, რომელიც საპენსიო ფონდად აქვს ქცეული ხელისუფლებას. ფაქტობრივად, ქვეყანა ცხოვრობს კრიზისების მართვის მაკოორდინირებელი ცენტრის არარსებობის პირობებში.

ცალკე საკითხია ის, რომ ეს ხანძრები გადაუდებლად საჭიროებენ გამოძიებას. შეიძლება ბორჯომში ხანძარი მართლაც ბუნებრივი პირობების გამო დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ხდება, აქ აუცილებლად ხელოვნური კვალია საძებნი. ისე ჩანს, თითქოს ვიღაცამ მიზნად დაისახა აჩვენოს ასეთი კრიზისების და გამოწვევების წინაშე განიარაღებული ხელისუფლება, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს უმწეობის განცდა საზოგადოებაში. პარალელურად, შეიძლება სხვები ხე-ტყის უკანონო ჭრის კვალის დასაფარადაც იყენებდნენ ამ განუკითხაობას. ამიტომაც, არც ერთი შემთხვევის ურეაგირებოდ დატოვება არ შეიძლება.

- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ვიდრე მისი მიმდინარეობის შუქ-ჩრდილებს შევეხებოდეთ, ერთ მეტად საინტერესო მოსაზრებაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. კერძოდ, ბატონი რამაზ საყვარელიძე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომქართული ოცნებაკონკურენტის გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად იგივე აზრი გამოთქვა ბატონმა გია ნოდიამ – ”ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავს”. თქვენ თუ ეთანხმებით ბატონების საყვარელიძისა და ნოდიას აზრს? თუკი, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლება ალტერნატივის, რეალური ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი?

- უდავოდ, ხელისუფლება უკონკურენტოა, განსაკუთრებით, თბილისს მიღმა. მიზეზი ის გახლავთ, რომ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საკუთარი რესურსი ამოწურა, ხოლო თვითგანახლების ძალა ვერ მონახა. თავის მხრივ, საზოგადოებაც დაიღალა 25 წლის მანძილზე, დიდწილად, ერთი და იგივე პოლიტიკური სპექტრის ერთი და იგივე დაპირებებით, ხელწერით და ტაქტიკით. მთავარი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოება, მისი მოთხოვნები გაიზარდა, პოლიტიკური ელიტა კი მას ვერ დაეწია და საკუთარ წარმოდგენებში და წვენში ჩაიხარშა. იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის პოლიტიკა საკუთარი ბიზნეს-გარიგებების რეალიზაციის ასპარეზია და არა სივრცე, სადაც შეგიძლია სახელმწიფოს შენების ყველაზე საუკეთესო და ამბიციურ იდეებს შეასხა ხორცი.

საზოგადოება ამას ძალიან კარგად გრძნობს და ამიტომაც აღარ სურს სხვისი ბიზნეს-გარიგებების ხელშესაწყობად საარჩევნო ყუთებთან ან ქუჩის აქციებზე იმედგაცრუებულმა ირბინოს. ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად ქვეყანას თვისობრივად ახალი და ამბიციური პოლიტიკური ძალები ესაჭიროება.

ძალზედ სიმპტომატურია ყოფილი ბრიტანელი ჟურნალისტის ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის, რომელიც აგერ უკვე ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს, სურვილი კენჭი იყაროს თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ მაჟორიტარად, რადგან ის გრძნობს, რომ არსებული ქართული პოლიტიკური რესურსი უკვე ვეღარ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და კატასტროფული დეფიციტია პოლიტიკურ ველზე პერსპექტიული და იმედისმომცემი ფიგურების.

ამიტომაც გაუჩნდა მას ამბიცია სცადოს პოლიტიკური ბედი, მისთვის დიდწილად უცხო ქვეყანაში. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტი, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის დიაგნოზია. თუმცა, დასავლური პასუხისმგებლობა, შემართება და საქმის კეთების სურვილი ჩვენს საკრებულოს ნამდვილად წაადგება და მისი ქართველი კოლეგებისთვის, ერთგვარად, სარკის ფუნქციასაც შეასრულებს.

- თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას, რაც უკვე ცნობილია, მათ სლოგანებს, რიტორიკას, წარდგენილ კანდიდატებს, თუნდაც საარჩევნო პროპაგანდას? თვითმმართველობების გაძლიერებაზე ყველა კი საუბრობს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავარზე არავინ საუბრობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ თვითმმართველობების ქონების დადგენა-განსაზღვრაზე, ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზე რეალურად არც არავინ საუბრობს

- ჩვენ ჯერჯერობით თვალს ვადევნებთ მხოლოდ თბილისის მერის კანდიდატების აქტივობებს და ვისმენთ მათ ხედვებს თბილისის პრობლემებზე. თუმცა ის, რომ პარტიები საერთოდ არ საუბრობენ კასტრირებული თვითმმართველობის უფლებების გაზრდაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ზედაპირულობას და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტს. რაც შეეხება ცალკეული კანდიდატების საარჩევნო კამპანიას: უკლებლივ ყველას აკლია ექსპრესია, დინამიკა და ინოვაციურობა.

„ნაცმოძრაობის“ მომავალი საქართველოში პირდაპირ არის მიბმული სააკაშვილის ეპოპეაზე უკრაინაში: შეძლებს თუ არა ის 10 სექტემბერს, როგორც აანონსებს, უკრაინაში ტრიუმფით დაბრუნებას და რა მოჰყვება ამას უკრაინულ პოლიტიკაში.

„ევროპულმა საქართველომაც“ ვერ შეძლო სისტემური განახლება და მიუხედავად იმისა, რომ მათი კანდიდატი ელენე ხოშტარია მართლაც სტრატეგიულად მოაზროვნე, ანთებული პოლიტიკოსია და ნამდვილად იქნებოდა ძალიან კარგი მერი, სწორედ მისი გუნდის ძველი სახეებია ის ტვირთი, რომელიც მას უკან ექაჩება.

კიდევ ერთი ქალი-კანდიდატი ირმა ინაშვილი ხმებს წაართმევს ალეკო ელისაშვილს და ნაწილობრივ, კახი კალაძეს და ხელს შეუწყობს საკუთარ პარტიას გადალახოს ბარიერი და მოხვდეს თბილისის საკრებულოში. დანარჩენ კანდიდატებს ჯერ საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, არ დაუწყიათ. ამიტომ, მათზე რამეს თქმა გამიჭირდება.

- 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება თბილისის მერის არჩევნები. პრემიერის მიერქართული ოცნებისთბილისის საკრებულოს კანდიდატების წარდგენისასშეცდომითნათქვამი იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, სულაც არ იყო შემთხვევითი. წარმოუდგენელია პრემიერს არ სცოდნოდა, რომ საკრებულოს მაჟორიტარებს ასარჩევად სულაც არ სჭირდებათ 50%-იანი ბარიერის გადალახვა. ცნობილიაროგორც წესი, ვინც ხმას მაჟორიტარს აძლევს, ის იმავე პარტიის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. თუ პრემიერის ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, ”ქართულ ოცნებასთბილისის მერის არჩევნების დასრულება პირველივე ტურში სურს. თუ ელისაშვილის ფაქტორს გავიხსენებთ, რომელსაც აქვს შანსები სწორედქართული ოცნებისამომრჩეველთა ხმები მიიღოს, ეს სულაც არ არის გასაკვირი.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარება გახდეს შესაძლებელი? და კიდევ, თუნდაც თბილისის პოლიტიკურ სცენაზე ელისაშვილის არსებობა რას შეიძლება ნიშნავდეს და რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს?

- ამ გადასახედიდან მეორე ტურის ალბათობა მაღალია. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დინამიური, იდეებით, მოტივაციით აღსავსე და კრეატიული გახდება კალაძის კამპანია და რას შეაგებებენ მას კონკურენტები, განსაკუთრებით, ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუების პირმშოა და შესაბამისად, პარტიებით იმედგაცრუებული ამომრჩევლის ნაწილის იმედი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების მნიშვნელოვანი ნაწილიც და სტუდენტური ჯგუფებიც მის მხარდამჭერად გვევლინება, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე სპექტრი. გამომცდელი თვალით უყურებს მას დასავლეთიც. მაგრამ მას მოუწევს ბევრი რამ დაამტკიცოს. კერძოდ ის, რომ შეუძლია გუნდური თამაში, რადგან აქამდე არ ტოვებდა გუნდური მოთამაშის შთაბეჭდილებას. ის, რომ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგან საკრებულოს წევრობისას მის მიერ დაწყებული რამდენიმე ხმაურიანი საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ ვიხილეთ. მისი ზედმეტად ხალხოსნურ-პოპულისტური რიტორიკაც ზოგჯერ შეურაცხმყოფელია თბილისელი ამომრჩევლისთვის. თუმცა, მთავარი რაც მას აკლია, არის მასშტაბურობა: სააკაშვილი, რომელსაც ზოგჯერ მას ადარებენ, თუ ერთი ხელით კორუფციონერთა სურათებს აფრიალებდა, მეორე ხელით, სასამართლო რეფორმის მამობას და დასავლეთის ფავორიტობას ცდილობდა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მოცარიელებულ პოლიტიკურ ველზე, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასვლა, ელისაშვილს დიდი პოლიტიკისკენ გაუხსნის გზას.

რაც შეეხება სახელისუფლო კანდიდატს. კახი კალაძეს ყველაზე მეტად აქვს პოლიტიკური პერსპექტივა „ქართული ოცნების“ დღევანდელ შემადგენლობას შორის. კალაძეს ექნება ამბიცია, იყოს თბილისის წარმატებული მერი. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ წარმატებისთვის მას სჭირდება არა მარტო უფრო დინამიური, ინოვაციური და მასშტაბური კამპანია, არამედ შესაბამისი გეგმები. ის უნდა შეეცადოს გახდეს ახალი თაობის წარმატებული ქართველების ლიდერი. მათ კომპასი სჭირდებათ, რომ საკუთარი უნიკალური კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

წარმატებულ თბილისის მერს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ თბილისი რეალურად აქციოს აღმოსავლეთის ევროპულ კარიბჭედ. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოველგვარი ამბიცია ჩაგვიკლა, განაცხადა, რა რომ საქართველო ვერ იქნება ვერც გლობალური და ვერც რეგიონალური მოთამაშე, ამიტომ საკუთარ წვენში ვიხარშოთო.
მაგრამ, ყოველდღიური პრობლემების მოგვარების გარდა, ხალხს სჭირდება მიზანი და იდეა, რომლისკენაც ივლის. დიახაც, თბილისი, თავისი მოცემულობით არის აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ევროპის კარიბჭე, პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ევროპული ქალაქი. და წარმატების მოსურნე და არა მოკლევადიანი პოლიტიკური გეგმებით მოარსებე ქალაქის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თბილისი იქცეს ტექნოლოგიების ქალაქად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული და საგანმანათლებლო ნაკადების მიმოქცევის ცენტრად.

„ოცნება“, ტრადიციულად, თავის სტილს არ ღალატობს და ძირითადად, ძველ, ნომენკლატურულ კადრებს და მორჩილების უნარით გამორჩეულ ადამიანებს იზიდავს საკუთარ რიგებში. კალაძეს კი სჭირდება მხარდამჭერების სპექტრის გამრავლება სამოქალაქო აქტივისტებით, არასამთავრობო სექტორით, ახალგაზრდა ურბანისტებით და ეკონომისტებით, მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებში მიმობნეული ქართველებით, ისევე როგორც, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები დამწყები, წარმატებული მცირე თუ საშუალო ინოვატორი ბიზნესმენებით.

კახა კალაძისთვის, ასევე, უაღრესად მნიშნელოვანია აქტიური დასავლური კონტაქტების აწყობა. მაგრამ ყველაფერი ზემოთქმული მხოლოდ შესაძლებლობებია, რამდენად მოახერხებს იგი ამ შესაძლებლობების რეალობად ქცევას, დრო გვიჩვენებს.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომოპოზიციამ ხალხთან სალაპარაკოდ სწორი გზავნილები ვერ იპოვა, რის გამოც შესაძლოა, მდგრადობის თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესს დიდი პრობლემები შეექმნას”. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ ველზე ..”ნაციონალისტებიგაძლიერდნენ, რომლებსაც სიმპათიები რუსეთის მიმართ აშკარად აქვთ?

- დღეს პოლიტიკური ველი ასე ლაგდება: უკონკურენტო და ამ უკონკურენტობით ნირვანამდე მისული ხელისუფლება, აქტიურ-დაფინანსებულ-ორგანიზებული ანტიდასავლური ან გნებავთ, პრორუსული სეგმენტი და ულიდერო, დაქსაქსულ-რეიტინგდაცემული დასავლური ფლანგი. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პროდასავლურმა ძალებმა დაკარგეს რეიტინგიც, რეიტინგთან ერთად, საზოგადოების ორგანიზაციის და მობილიზაციის უნარიც და ქუჩის რესურსიც და ძირითადად, სოციალური ქსელების „ლომებად“ იქცნენ. თუმცა, იმ სოციალურ ქსელებშიც კი ერთიანი, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოებასაც ვერ ახერხებენ მოჯარული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. იმავდროულად, საგრძნობლად შემცირდა დასავლეთის ინტერესიც და დაფინანსებაც საქართველოს პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის მიმართ, რაც ნაწილობრივ, თავად საქართველოს ურესურსობით, ნაწილობრივ კი დასავლეთის დაბნეულობითაა გამოწვეული.

ამ დროს, ანტიდასავლური ფლანგი სულ უფრო კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული და მართული ხდება. ქუჩის რესურსის ათვისებასაც ისინი ცდილობენ და აანონსებენ კიდეც წინასაარჩევნოდ აქციებს ამომრჩევლის მობილიზების მიზნით.
ჯერჯერობით გვშველის ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარულია პრორუსულობაც და რუსეთისგან მხარდაჭერილ-წაქეზებული, ნაციონალიზმით შეფარული ფაშისტობაც და ამ არჩევნებზეც მათი საერთო ხვედრითი წილი 10%-საც ვერ მიაღწევს.
მაგრამ, საქართველოს დასავლური განვითარების გზის მხარდამჭერი პოლიტიკური ფლანგი რევოლუციურ, გარდამტეხ საკადრო განახლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მიღწეულით არ დაკმაყოფილდება.

ახალი თაობა“, 05 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ძალადობით ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია“ // „რასაც თბილისელები ეგუებიან, ამის ატანა წარმოუდგენელია

მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ყოფილ დეპუტატს, იურისტ ვალერი გელბახიანს ესაუბრა.

- მას შემდეგ, რაც ვერ შედგა შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციის დიდ ნაწილს შორის კონსტიტუციის სარჩევნო მუხლებზე, გააქტიურდა საუბარი ქუჩის აქციებსა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. როგორია რეალობა?

- რეალობა მძიმეა. იქმნება ნიადაგი იმისათვის, რომ საზოგადოება ქუჩაში გამოვიდეს. პირადად მე პოლიტიკური მოვლენების გარეთ გამოტანას არ მივესალმები. უკეთესია, რომ პროცესები ჩვეულ რეჟიმში, დიალოგის გზით გადაიჭრას, თუმცა, როცა ხალხი პროტესტს გამოხატავს, ამას წინ ვერ აღუდგები.

- ხელისუფლებამ რაღაც ვერ გათვალა?

- “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას დათმობაზე წასვლა არ უნდოდა. ეს ადამიანები დათმობებს თავისებურად უყურებენ და ვერ აცნობიერებენ, რომ უკან დახევა საშინელება არ არის. ეს საჭიროა, როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში რომ ასე ეფიქრათ, წინ ვერ წავიდოდნენ. ამ ქვეყნებში რომ ხელისუფლებებს მოენდომებინათ კონსტიტუციის თავის თავზე მორგება, დემოკრატია არ იქნებოდა. საქართველოში ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ დემოკრატია საფასურია. ის გულისხმობს რაღაცის გაღებას, სხვისი აზრის გათვალისწინებას და არა ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნებას და საკუთარ თარგზე მოჭრილი კონსტიტუციის მიღებას. ნებისმიერი ხელისუფლება უკეთეს მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. დღეს ამას ვერ ვხედავ.

- აქციები მოსალოდნელია?

- აქციებისთვის საბაბი ხელისუფლებამ შექმნა. შეძლებენ თუ არა ორგანიზატორები ხალხის გამოყვანას, სხვა საქმეა. ხალხის გაღიზიანების საფუძველი არსებობს. საკონსტიტუციო, საარჩევნო თემამ პროცესი გააღრმავა.

- ამით ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ შეეშლება ხელი?

- ქუჩის პროტესტი თუ დაიწყო, შეიძლება არჩევნები ვერც გაიმართოს. ქუჩის აქციებს არ მივესალმები, მაგრამ თუ ხალხმა ასე გადაწყვიტა, ვერ შეაჩერებ. ეს დადებითად ვერ იმოქმედებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტაბილურობაზე. თუ ასე განვითარდება მოვლენები, რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას? არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა და თუ ხალხი ძალადობას ხედავს, არჩევნებს აზრი ეკარგება. ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს. ის მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე ზრუნავს. გაუგებარია, ვის უგრეხს ხელებს “ქართული ოცნება?” მმართველი პარტიის წევრების, მაღალჩინოსნების შვილები არ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში? მათ ნორმალური ქვეყანა არ უნდათ?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გახდეს გამოსავალი და კრიზისის დაძლევის საშუალება?

- ეს გამოსავალი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვითარება და კვოტები წარმომადგენლობით ორგანოში შეიცვლება. თუ უმრავლესობით ისევ მმართველი პარტია მოვიდა, ამით კრიზისი ვერ დაიძლევა და არაფერი შეიცვლება.

- ამ ლოგიკით, თუ ადგილობრივი არჩევნები გაიმართა და ყველგან “ოცნებამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, კრიზისი უფრო გაღრმავდება?

- უფრო გაღრმავდება. 2010 წელს სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ პირწმინდად მოიგო არჩევნები, თუმცა მალე, 2012 წელს არჩევნებში დამარცხდა. ეს გაკვეთილები “ოცნებისთვის” ყურადსაღები უნდა იყოს. მმართველმა პარტიამ ნაცმოძრაობის სხვა შეცდომებიც არ უნდა გაიმეოროს. ამ დღეებში იმერეთში ვიყავი. ქუთაისიდან საჩხერისკენ მიმავალ გზაზე 200 მიკროავტობუსი დავთვალე. არჩევნები ახლოვდება და მაჟორიტარი კანდიდატების გადაადგილება გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ კანდიდატები ხალხს უნდა შეხვდნენ.

- ის კანდიდატები ხალხს არ ხვდებოდნენ?

- ისინი მიემართებოდნენ პრემიერთან წარსადგენად. თქვე დალოცვილებო, სააკაშვილი რომ ყვითელ “მარშრუტკებს” დაატარებდა არჩევნების წინ, ამას ებრძოდით და ეს ამბავი მსოფლიომ გაიგო. ვინმემ აგვიხსნას, “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯებს რატომ იმეორებს? რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრასა თუ პრეზენტაციაზე მთავრობა და მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ უნდა იმყოფებოდეს? ეს არაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?

- ისიც გაუგებარი უნდა იყოს, როცა დედაქალაქში ლიდერობენ მმართველი პარტიისა და ნაცმოძრაობის კანდიდატები, როცა თბილისის კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა სწორედ ამ პარტიებთან და მათ მერებთან ასოცირდება?

- ამას პრაგმატული ახსნა აქვს. ლიდერობენ იმათი კანდიდატები, ვინც ფული იშოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ წინა წლებში მოაგროვა დიდი ფული, “ქართულმა ოცნებამ” – მოგვიანებით. მათი კანდიდატების ვითომ პოპულარობა ამით აიხსნება. ისე, რაც ხდება, თბილისელების ბრალია.

- თბილისელების პასიურობის?

- ნაციონალური მოძრაობაც თბილისელების არჩეულია და “ქართული ოცნებაც”. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ზოგიერთი დამკვიდრებული შეხედულება თბილისზე ბუტაფორიაა. ითვლება, რომ დედაქალაქი არის ქვეყნის ინტელექტუალური, პოლიტიკური, კულტურული ცენტრი. დავასკვენი, რომ ეს შეხედულება სინამდვილეს არ ასახავს. რასაც თბილისელები ეგუებიან, ამის ატანა წარმოუდგენელია. თბილისი რომ ინტელექტუალური და პოლიტიკური ცენტრი იყოს, ასეთ განუკითხაობას არ შეეპუებოდა.

ახალი თაობა“, 05 სექტემბერი, 2017 წელი

ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ძალების გაერთიანებას აპირებს

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: “იმედი მაქვს, მომავალ წელს მას პრეზიდენტად ვიხილავთ”

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ირაკლი ღარიბაშვილის უწყინარმა ფოტომ “ქართული ოცნების” ნახევარი ლამის ისტერიკაში ჩააგდო. ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილთან ერთად არის გადაღებული. ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთად შეკვეთილში ივანიშვილის ვილაში ისვენებს.

ამ ფოტოს მმართველ გუნდში და არა მარტო იქ დიდი ამბები მოჰყვა. მეოცნებეები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას და მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი.

ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი, აპირებდა თუ არა კალაძე თავისი პარტიის შექმნას, ვინ აპირებს “ოცნებასთან” ვაჭრობას, რა სქემა გაშიფრა ივანიშვილმა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

- ლადო, თქვენ ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც ყოფილი პრემიერი ბერა ივანიშვილთან არის გადაღებული. “ქართულ ოცნებაში” უკვე აქტიურად ლაპარაკობენ მის დაბრუნებაზე. ამბობენ, რომ ინფორმაცია არა აქვთ, მაგრამ მის მიერ ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ. თქვენ ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

- მოვლენები ისე ვითარდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალი იქნება. სანამ ამ მიზეზებზე ვისაუბრებ, ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოვუთხრო თქვენს მკითხველს. თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ანტინაციონალური კამპანიით არის ცნობილი, ივლისის თვეში დადიოდა პარტიებში და მათ სთავაზობდა, რომ მერობის კანდიდატად ის დაესახელებინათ. მას გარკვეული თანხაც თან ჰქონდა. საუბარია 50.000-ზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ადამიანს ფული მისცა კახა კალაძის გარემოცვამ.

- რისთვის მისცეს ფული, რომ ოპოზიციური პარტიიდან კანდიდატურა დაეყენებინა?

- ზუსტად ამიტომ და ეს საკმაოდ ჭკვიანურად და ეშმაკურად მოფიქრებული გეგმაა. ისევე, როგორც 2014 წელს, წელსაც თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის მომსწრენი გავხდებით. მეორე ტურში ის პარტია, რომელიც ამ 50.000-იან პიროვნებას დააყენებდა კანდიდატად, “ოცნების” ფალავანს დაუჭერდა მხარს.

- ამ 50.000-იან პიროვნებას არ დაასახელებთ?

- არავითარ შემთხვევაში. თუმცა ბევრი მიხვდება, ვისზეა საუბარი. ეს პიროვნება, ამის გარდა, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კალაძე ცალკე პარტიის შექმნას აპირებდა.

- ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელდა...

- მაშინ ეს თემა ასეთი აქტუალური არ იყო. ამ ზაფხულს კი ძალიან აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კალაძე ცალკე პარტიის შექმნას და “ოცნებაში” არსებულ მარგინალებთან გამიჯვნას აპირებდა. ამ ხმების გავრცელებით, “ოცნების” მერობის კანდიდატის გარემოცვამ საზოგადოების განწყობა გაიგო. ამ შემთხვევაში ბოლომდე ვერ გაიტანეს თავისი. ბიძინა ივანიშვილი არ არის გამოუცდელი. სხვა თუ არაფერი, კაცმა მილიარდები იშოვა და ასეთი კომბინაციები დღეში 100 ან 200 აქვს შემუშავებული. აქედან გამომდინარე მან შემოაგდო ის ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახალ პარტიას ქმნის და პოლიტიკაში ბრუნდება.

- თქვენი აზრით, ეს რაღაც მიზნით შეგნებულად გავრცელებული ინფორმაციაა თუ მართლა ბრუნდება ყოფილი პრემიერი?

- ერთიც და მეორეც. სანამ ღარიბაშვილი თავად არ გააკეთებს განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნებაზე, მოდით, ამ ინფორმაციას ჭორი დავარქვათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობს. მას შემდეგ, რაც პრემიერობიდან გადადგა, ქვეყანა აირია. მთლად დალაგებული სიტუაცია არც ღარიბაშვილის დროს იყო, მაგრამ ახლა ნამეტანი ხდება. ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მისი წასვლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად თქვა უარი სამართლიანობის აღდგენაზე.

- სად და როდის გააკეთეს ამის შესახებ განცხადება?

- როდის? დაინიშნა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად, ეგრევე განაცხადა, რომ ნაციონალებთან ბრძოლას არ აპირებს და მათთან თანამშრომლობისთვის მზადაა. დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის წინამორბედებს ყველა ის დანაშაული აპატია, რაც მათ ერისა და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. ამის გამო “ოცნებამ” ბევრი მხარდამჭერი დაკარგა და რეიტინგიც მკვეთრად დაუვარდა. მოსახლეობის გულის მოსაგებად რაღაც ახლის მოფიქრებაა საჭირო. ყველაზე კარგი სიახლე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება იქნება.

ჩემი აზრით, ის იმ ადამიანების გამაერთიანებელი იქნება, რომლებიც იმ სისხლიანი 9 წლის მანძილზე ნაციონალების რეჟიმთან იყვნენ დაპირისპირებული. ეს ხალხი ყოფილ ხელისუფლებასთან კოაბიტაციის კატეგორიული წინააღმდეგია. პირადად მეც დიდი სიამოვნებით დავდგებოდი ამ ხალხის ირგვლივ. “ოცნებას” მანამდე ვუჭერდი მხარს, სანამ იქ ღარიბაშვილი იყო.

- მაშინ ამბობდნენ, რომ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმართებოდით.

- მე ახლაც ისევე ვუპირისპირდები, როგორც მისი პრემიერობის დროს. ახლა ვის მიერ ვიმართები? ისე ჯობია, მასთან კავშირი დამაბრალონ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამას ნაცებთან კოაბიტირებულები მაბრალებენ. მიკვირს კიდევაც, როგორ ბედავენ ესენი ხალხთან დალაპარაკებას. უგულავა ციხიდან გამოუშვეს, ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტეს, კეზერაშვილს ბრალდება მოუხსნეს, სააკაშვილის გასამართლება არ უნდათ, ძალიან მალე ვანო მერაბიშვილიც გარეთ გამოვა, როგორც გმირი.

- მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას თქვენ მაისში ვარაუდობდით, მაგრამ ის ჯერ კიდევ ზის...

- ჩემი პროგნოზებიდან ერთადერთი ეს არ გამართლდა. მისი გამოსვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ხალხის გაღიზიანებას მოერიდნენ. გადააგორებენ არჩევნებს და მერე გამოუშვებენ. სადაც ადეიშვილი დადის თავისუფლად, იქვე მერაბიშვილიც ივლის.

- ბაჩო ახალაიას რა ბედი ელოდება?

- ეგ და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი კიდევ დარჩებიან ციხეში. ნაციონალებთან შეთანხმებით ის იქცა განტევების ვაცად. ხალხი ამ თამაშს ძალიან კარგად ხვდება და არაა გამორიცხული, ქოცებიც და ნაცებიც ერთად გაუშვან ისტორიულ სანაგვეზე.

“ოცნება” რომ პოლიტიკურ სანაგვეზე არ აღმოჩნდეს, ამისთვის ივანიშვილის ნებით შეიქმნება ახალი პარტია, რომელსაც ყოფილი პრემიერი ჩაუდგება სათავეში. ეს პარტია ყოფილი ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იქნება.

ვფიქრობ, ეს საქართველოს მოსახლეობისთვისაც მისასალმებელია. დღეს ოპოზიციაში არ არიან ისეთი პარტიები, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას რადიკალურად უპირისპირდებიან.

- თქვენი აზრით, დემოკრატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსიც არ მიეკუთვნებიან ასეთ პარტიებს?

- სამწუხაროდ, არა. 2 თვის წინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი გვერდით დაუჯდა თინა ბოკუჩავას და ერთად ჩაატარეს ბრიფინგი. დემოკრატიულ მოძრაობაშიც ისეთი ელემენტები არიან, რომლებსაც ნაციონალებთან რაღაც აკავშირებს. ნინო ბურჯანაძეც ნაციონალების წარმომადგენელი იყო და მათი მმართველობის პირველ ხანებში იყო პარლამენტის სპიკერი. მართალია, 2008 წელს იქედან წამოვიდა, მაგრამ რაღაც კავშირები მაინც აქვთ. საჭიროების შემთხვევაში მთელი ოპოზიცია, შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების გვერდით დადგეს. ოპოზიციაში არ არის პარტია, რომელიც ნაციონალებს, როგორც კეთროვანებს, ისე მოექცევა და მათ გასამართლებას მოითხოვს.

- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ღარიბაშვილის პარტია ასეთი იქნება?

- ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. როცა ის პრემიერი იყო, აქტიურად მიდიოდა დამნაშავე ნაცების გასამართლება.

- თუმცა კოაბიტაცია მის დროსაც ყვაოდა...

- კოაბიტაცია გარედან თავს მაშინ მოგვახვიეს, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი. დასავლეთის მოთხოვნების მიუხედავად, მაინც მიდიოდა საქმეების გამოძიება. მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია ციხეში წავიდნენ. ვთქვათ და დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლების გასამართლების უფლებას დასავლეთი არ გვაძლევს. ნაციონალებთან გაერთიანება ვინ დაავალათ? მოდით, გადავხედოთ საკანონმდებლო ორგანოს. საპარლამენტო უმრავლესობის 80% ნაციონალებით არის დაკომპლექტებული. თან ისეთი უბრალო ნაცებით კი არა, არამედ ბობოლა ნაცებით. იგივე ითქმის მთავრობაზეც. აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ გადახედავ, შეიძლება ვერც კი მიხვდე, რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში. 5-ნომრიანი მაისურების ჩაცმაღა აკლიათ და ნაციონალური მოძრაობა არიან.

- ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები “ოცნების” მთავრობასა და პარლამენტში ივანიშვილ-ღარიბაშვილის დროსაც იყვნენ. მაშინაც აპროტესტებდით ამ ფაქტს?

- ნაცენთან დაკავშირებით ყველაფერს ვაპროტესტებ. მაშინაც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფილი ნაცები, მაგრამ კანტი-კუნტად. ახლა კი, ხომ გეუბნებით, 5-ნომრიანი მაისურებიღა აკლიათ. არ გამოვრიცხავ, შიგნით ასეთი მაისურები რომ ეცვათ. ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხედავს და მისი მოთმინების ფიალაც ივსება. ეს ივანიშვილს არ აწყობს და ირაკლი ღარიბაშვილს გამოიყვანს ასპარეზზე. თავის დროზე ტყუილად არ თქვა “ოცნების” მამა-მარჩენალმა, ირაკლი სათადარიგო მოთამაშედ გადადის და საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდებაო. საჭირო დრო უკვე მოვიდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

- ღარიბაშვილი საკმაოდ ამბიციური ადამიანია. პრეზიდენტს კი თითქმის არანაირი უფლებები არა აქვს. დათანხმდება ასეთ პოზიციას?

- პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მას გავლენები არ ექნება. მარგველაშვილისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერი ხალხს ნამდვილად ეყვარება, რადგანაც ის არ იქნება ივანიშვილის ხათრით არჩეული პრეზიდენტი.

ივანიშვილი და მარგველაშვილი რაკი ვახსენე, გეტყვით, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება ბლეფია. ისინი რაღაც თამაშს თამაშობენ და ამასაც თავისი მიზეზები ექნება.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გარშემო ეროვნული ძალები გაერთიანდებიან. დღეს საქართველოში პარტიები პრორუსულებად და პროდასავლურებად არიან დაყოფილი. ხალხს ერთიც ყელში ამოუვიდა და მეორეც. ახლა მოთხოვნა ეროვნულ ძალაზეა, ასეთი ეროვნული ძალების გაერთიანებას, ვიმედოვნებ, მალე ვიხილავთ.

ახალი თაობა“, 05 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ამერიკელები შეტევა-თავდაცვის ოპერაციების წარმატებით ჩატარებას გვასწავლიან“ // „რუსეთის შიშით ამერიკულ დახმარებაზე უარს ვერ ვიტყვით

მრავალეროვანი სამხედრო სწავლება ამჯერად ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ტარდება ორი ქვეყნის საქართველოსა და ამერიკის მონაწილეობით. ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს ჯარის გაწვრთნაში, მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება.

- ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც მხოლოდ ქართველები და ამერიკელები მონაწილეობენ...

- დიახ, ქართულ-ამერიკული წვრთნებია. არტილერიის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო ნაწილების ურთიერთკოორდინაციის სწავლება მიმდინარეობს.

- როგორ აფასებთ ძალიან მოკლე პერიოდში უკვე მეორედ წვრთნის ჩატარებას?

- ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია და გვეხმარება ქართული შეიარაღებული ჯარების განვითარებისა და მშენებლობის საქმეში. ჩვენი შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და, როგორც ჩანს, ამერიკელებმა ჩვენი ჯარის გაწვრთნაზე შეფობა აიღეს. ალბათ, ამერიკამ გააგრძელა საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტების გამოყოფა. ეს საკითხი ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს იყო გადაწყვეტილი.

ობამას ადმინისტრაციის დროს გამოიყო დაახლოებით 1 მლრდ დოლარის დახმარება, რომელიც გადანაწილებული იქნა საქართველო-უკრაინასა და მოლდოვაზე. ბუნებრივია, აქ იგულისხმებოდა სამხედრო წვრთნების ჩატარებაც. ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება როგორი იქნება, მიჭირს თქმა. ტრამპის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, საგარეო დახმარებები შეამცირა. თუმცა, 54 მილიარდი დოლარი, დამატებითი ასიგნებები კვლავ გამოყო ამერიკის თავისუფალი ნების განმტკიცების საქმისთვის. არ ვიცი, მომავალში ჩვენს ქვეყანას თუ გაითვალისწინებენ.

- თუ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე სწავლების სცენარით ვიმსჯელებთ, ამერიკელები ქართველებს ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნების, შეტევა-თავდაცვის ოპერაციების წარმატებით ჩატარებაში ახელოვნებენ...

- დიახ, საუბარია შეტევით და თავდაცვით ოპერაციებზე, ანუ, თუ ვინმე თავს დაგვესხმება, არ მივიღოთ ისეთი მწარე გამოცდილება, როგორიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

- ითქვა, რომ ჩვენს სამხედრო კონტინგენტს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, ავღანეთსა და აფრიკაში მშვიდობის დაცვაში მონაწილეობს, ის გამოცდილება არ აქვს, რაც საჭიროა საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად...

- ბუნებრივია, აფრიკაში სულ სხვა გამოცდილებას ღებულობენ, ის ფორმატი არ აძლევს სამხედროებს გამოიმუშაონ ის უნარ-თვისებები, რაც საჭიროა შეტევითი თუ თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციებისთვის. იქ შეძენილი საბრძოლო თვისებები ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებს ნაკლებად გამოადგება. ამიტომ ამერიკელები მიხვდნენ, რა იყო ჩვენი ნაკლოვანება და ამ ამოცანის გადაწყვეტას ცდილობენ მიმდინარე სწავლების მეშვეობით. თუმცა, ტრამპის მიდგომა სხვაგვარია. როგორც ვიცი, ტრამპი სამხედრო დახმარებების შემცირებას სამხრეთ კორეაშიც აპირებს. ამგვარ დახმარებებთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია.

- ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ამერიკა რუსეთის ურთიერთობები ძალიან გამწვავდა. გაეროში რუსეთის ელჩი უკვე ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაუშვებელ დაბალ დონეზეა, ანუ ჩვენთან ორმხრივი წვრთნები ტარდება იმ ფონზე, როდესაც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია...

- ნამდვილად.

- თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- ჩვენ ამერიკელები გვეხმარებიან იმაში, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ. ეს არის მთავარი მომენტი.

- პირველ რიგში, რაში გვეხმარებიან?

- ამერიკელები გვასწავლიან, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა სამხედრო საშუალებების გამოყენებით. ეს არის მთავარი.

- ამას რუსები ძალიან დიდად დაინახავენ, ასე ვთქვათ, ლუპით უყურებენ, ალბათ...

- რუსების დანახვის გამო ვერ შევჩერდებით. ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორციელებენ. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ამიტომ აღარაფერი დასაკარგი არ გვაქვს. ამ სიტუაციაში მთავარია გავცეთ პასუხი რუსეთის ოკუპანტურ ქმედებებს. ამ სფეროში ამერიკელები გვეხმარებიან, რომ როგორმე შევაკავოთ ის რუსული აგრესორული მისწრაფებები, რაც რუსეთს გააჩნია საქართველოს მიმართ.

- შეიძლება ამერიკასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე მივიდეს?

- ამერიკასა და რუსეთს შორის, ფაქტობრივად, დიპლომატიური ომი მიმდინარეობს. ბოლოს ამერიკელებმა მოითხოვეს სან ფრანცისკოში რუსული საკონსულოს დახურვა, ორი სავაჭრო წარმომადგენლობა დაიხურა ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. სან ფრანცისკოში მათ ჩაატარეს ჩხრეკა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. მით უმეტეს, ეს განხორციელდა იმ ფონზე, როცა ახალი ელჩი ჩადიოდა ვაშინგტონში. ესეც საინტერესო მომენტია. შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე არ მივიდეს საქმე, თუმცა, ესეც არ არის გამორიცხული. არ გამოვრიცხავ, რაღაც პერიოდში ისე გამწვავდეს ურთიერთობა, რომ რუსებმა და ამერიკელებმა თავიანთი ელჩები გამოიხმონ შესაბამისი დედაქალაქებიდან. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს სცენარი გათვლილი.

- რა სცენარი შეიძლება იყოს?

- ახლა იწყება ბირთვული რგოლის ამოქმედების მომენტი. ორივე მხარე შეიძლება გადავიდეს ბირთვული დაშინების სტრატეგიაზე. ახლა ამერიკასა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომია გაჩაღებული, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გაფრთხილების ეფექტი. ამერიკელებმა რუსებს არ აპატიეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა და ამერიკის სუვერენიტეტის შებღალვა.

- რას გულისხმობთ ამერიკის სუვერენიტეტის შებღალვაში?

- პოლიტიკური პარტიების ოფისებზე ჰაკერული თავდასხმები და ინფორმაციების გატანა. აქტიური ჩარევა ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, რამაც გავლენა მოახდინა ამერიკაში არჩევნების შედეგებზე.

Comments are closed