„რეზონანსი“: ტერაქტი არჩევნების ზღურბლზე
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ესაა არჩევნები არჩევანის გარეშე“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „5%-იან ზღვარს ნამდვილად გადავლახავთ“
„რეზონანსი“: „ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 2012 წლის არჩევნებამდე იყო“
„რეზონანსი“: აჭარა, სამეგრელო, კახეთი – სადაც „ოცნებას“ არჩევნების მოგება გაუჭირდება
„რეზონანსი“: ამომრჩევლების უმრავლესობა საარჩევნო პროგრამებს არ გასცნობია // „პროგრამის წაკითხვას რა აზრი აქვს? ლაპარაკი უყვართ გაუჩერებლად, საქმის კეთება კი არავის უნდა“
„რეზონანსი“: „მცირე მეწარმეობის კუთხით ყველა საარჩევნო დაპირება არის ბლეფი!“ // არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირე ბიზნესის სასიკეთოდ არაფერი იცვლება
„რეზონანსი“: პაატა ბურჭულაძისა და „გირჩის“ მორიგი ურთიერთბრალდება
„რეზონანსი“: ჰქონდათ თუ არა პირადი შუღლი ირაკლი ოქრუაშვილთან გორის სროლის ფიგურანტებს
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნება“ და „ნაციონალები“ ცდილობენ დანარჩენები თამაშგარედ დატოვონ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „პრეზიდენტმა შეიძლება ძალიან ცუდი როლი შეასრულოს მოსალოდნელ მოვლენებში“ // „გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვასა და „ნაცმოძრაობას“ შორის გაშიფრული გარიგების შემდეგ გეგმები შეიცვალა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა“ // „ოცნებამ“ უნდა ილოცოს, რომ მათმა კამპანიამ შედეგი არ გამოიღოს“
——
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ უკანა პლანზე გადაიწევდა“
„საქართველო და მსოფლიო“: რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო მოიმატებს „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი
——
„რეზონანსი“: ბიუჯეტი ირღვევა, წლის ბოლოს საფრთხე რეალურია // შემოსავლებს 142 მლნ ლარი აკლია, გადასახდელებს – 298 მილიონი
——————-
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ტერაქტი არჩევნების ზღურბლზე
რედაქცია
გუშინ კოლმეურნეობის მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის – თარგამაძეც, თუმცა შედარებით მსუბუქად. ორი დაზარალებული – ქალი და მამაკაცი – მძიმე მდგომარეობაში არიან. განსაკუთრებით მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა. გამოძიება წესიერად დაწყებული არ იყო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ტერაქტში უმალ ერთმანეთი დაადანაშაულეს. გიგა ბოკერიამ შემთხვევის ადგილზევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს აკისრებს: “ივანიშვილი და მისი გუნდი ეჭვმიტანილი კი არა, ბრალდებული და განაჩენგამოტანილია.”
“უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის – “თავისუფალი ზონის” მხრიდან, რომ იქნება დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ, ირიბად მიანიშნა რა გუშინდელ ტერაქტში დესტაბილიზაციის იმ სცენარის ალბათობაზე, რაზეც ბოლო დღეები “ოცნება” გამალებით საუბრობს.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ესაა არჩევნები არჩევანის გარეშე“
თაკო მათეშვილი
“ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას მორალურ-ზნეობრივი ჰიგიენა აკლია” – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ნაწილსა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ისევ ფარული ჩანაწერებით, კადრებითა და მსგავსი ნეგატიური წესებით ცდილობენ თამაშს. წინა არჩევნებთან შედარებით კი, მისი აზრით, მდგომარეობა იმ მხრივაა გართულებული, რომ თამაშის ძველ, არცთუ სუფთა წესებს ახლა უკვე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისათვის სროლაც დაემატა.
სოსო ცინცაძე: იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ბოლო დღეებში განვითარდა, ჩემთვის ყველაზე საგულისხმო ივანიშვილის პროგნოზი იყო იმის შესახებ, რომ მეორე ადგილზე ირაკლი ალასანიას პარტია იკვეთება, მაშინ, როცა ალასანიას პარტიას მეორე ადგილს არც ერთი კვლევა არ უწინასწარმეტყველებს. ეს არავის უთქვამს. აქ სააკაშვილის პარლამენტი გამახსენდა, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მთავარ ოპოზიციად ახლად შექმნილი პარტია “ქრისტიან-დემოკრატები” თავადვე დაინიშნა. ახლაც იგივე ხომ არ ხდება და მმართველი პარტია ოპოზიციას ხომ არ ირჩევს? მე მაგალითად ისიც მენიშნა, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ბოლო გამოსვლებში თვალში საცემად დატკბა. ხელისუფლებას ისე მკვეთრად აღარ უტევს. ისეთ ქვეყანასა და დროში ვცხოვრობთ, რომ ჩვენთან გამორიცხული აღარაფერია.
- როგორ ფიქრობთ, “ოცნებასა” და “თავისუფალ დემოკრატებს” შორის გარკვეულ გარიგებას აქვს ადგილი თუ უბარლოდ, ივანიშვილს დამატებით რაიმე მონაცემები აქვს და ამიტომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ?
- ჩვენ არაფერი ვიცით. ხომ გამოვიდა ჭორი, რომ “ნაცმოძრაობა” 25 პროცენტს ითხოვდა, “ოცნება” კი მას 17%-ს სთავაზობდა, ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ “ნაცმოძრაობამ” ბრძოლა გადაწყვიტა. 2012 წელსაც იყო მსგავსი ჭორი – “ნაცმოძრაობა” ივანიშვილს 40%-ს სთავაზობდა, მაგრამ მას 60% უნდოდა და გარიგება არ შედგა. შედეგად ივანიშვილმა ის მიიღო, რაც უნდოდა.
საერთოდ, საქართველოში ჭორი ჭორზე მეტს ნიშნავს და ახლაც ასეა – გარიგებები საქართველოს რეალობისთვის უცხო ხილი არაა. მე არავითარი ფაქტობრივი მასალა არ მაქვს ვთქვა, რომ ალასანიასა და ივანიშვილს შორის გარიგება შედგა, მაგრამ კითხვებს ვსვამ – საიდან აიღო ივანიშვილმა ეს მონაცემი? მაშინ ეთქვა, რომელი გამოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ალასანიას პარტია მეორე ადგილზე გადის. ასეთი გამოკვლევა არ ყოფილა. ვისაც არ ეზარება, ყველა სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და მსგავსი რამ არავის უთქვამს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, გარიგება არის თუ არა, მაგრამ კითხვა ლეგიტიმურია.
- როგორი იქნება, თქვენი აზრით, პირველი ხუთეული?
- პირველ ადგილზე მმართველი პარტია იქნება, მეორეზე – “ნაციონალური მოძრაობა”. ამის შემდეგ კი ინტრიგა იწყება, ვინაიდან დანარჩენ 4-5 პარტიაში ვინმეს გამოყოფა ძნელია. გამოკითხვებით ერთნაირი შანსები აქვთ ბურჯანაძის პარტიას, ალასანიას, “პატრიოტებს”, ბურჭულაძეს და ლეიბორისტებს.
რასაკვირველია, პარლამენტში ყველა ვერ დაეტევა. ყველა თუ შევა პარლამენტში, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ დარჩება, ამიტომ ეს გამორიცხულია. თუმცა, დავა ძირითადად ამ პარტიებში იქნება. ზოგადი ფონი კი ძალიან გაფუჭდა და დაიძაბა. “ნაცმოძრაობის” დროსაც იყო ყველაფერი, მაგრამ არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე სროლები და დაჭრები არ ყოფილა. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას მორალურ-ზნეობრივი ჰიგიენა აკლია. მხოლოდ ბრალდებები, საიდუმლო ჩანაწერები და ათასი ასეთი რამ. ბარიერის გადალახვის მოლოდინი 6-7 პარტიას აქვს. თუ ისე მოხდა, რომ მათგან 3-4 გარეთ დარჩა, დამარცხებას მშვიდად არ შეეგუებიან და საპროტესტო აქციები იქნება. არ ვამბობ, რომ დესტაბილიზაცია და აჯანყების მცდელობა ექნებათ, მაგრამ კანონით ნებადართულ საპროტესტო მსვლელობებს, გამოსვლებს ალბათ მიმართავენ. ეს ყველაფერი კი გამარჯვებულთა ლეგიტიმურობას ღირსებას არ შემატებს.
- დღეს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორი მოლოდინი გაქვთ, რამდენად მშვიდად ჩაივლის ყველაფერი და ზოგადად, მოვახერხებთ არჩევნებამდე მშვიდად მისვლას?
- ვფიქრობ, დღეს აქცია ექსცესების გარეშე ჩატარდება. აქციაზე რამე რომ მოხდეს, ცემა-ტყეპა რომ ატყდეს, ვიღაც დასისხლიანდეს და დააპატიმრონ, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ რამეს არ დაუშვებენ. თანაც, როგორც რეალობა გვიჩვენებს, დღეს ჩვენი საზოგადოება იმდენად იმედგაცრუებული და ინერტულია, რომ მასზე პროპაგანდისტული აქციები უკვე აღარ მოქმედებს.
გოგა ხაინდრავას ფილმზეც ეგონათ, რომ ისეთივე როლს ითამაშებდა, როგორიც 2012-ში ცოცხების კადრებმა ითამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ ფილმმა პროპაგანდა ვერ შეძლო. საერთოდ, ყველაზე კარგი პროპაგანდა კარგი ცხოვრებაა. ყველაზე ეფექტური ის იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილს შეეძლოს თქვას – მიხეილ სააკაშვილის დროს თუ 150 ლარი იყო თქვენი პენსია, ახლა 250 ლარიაო, რომ უმუშევრობა სამჯერ შემცირდა, სოფლის მეურნეობა რეალურად წავიდა წინ და ა.შ. ოღონდ რეალურად და არა იმ 100 საწარმოს მსგავსად, რომელთა კვალიც ვერსად ვნახეთ. როცა მმართველი პარტია ფილმებით, ჩანაწერებით, წინა ხელისუფლების დანაშაულზე აპელირებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, ის უკვე გარდუვალი გამარჯვების ეშხს აფერმკრთალებს.
- ანუ, დარწმუნებული ხართ, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია?
- კი, “ოცნების” გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს. ესაა არჩევნები რეალური არჩევანის გარეშე. არჩევანი ალტერნატივის არსებობას ნიშნავს, ისე, როგორც ამერიკაშია – საზოგადოება ტრამპსა და კლინტონს შორის შუაზეა გაყოფილი. ესაა ნამდვილი არჩევნები. ჩვენთან კი მმართველი პარტიის კანდიდატები ოპოზიციასთან ტელედებატებზე უარს ამბობენ და ამის მიუხედავად მაინც გაიმარჯვებენ. ეს დემოკრატია აღარაა. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით – აბსოლუტურად გაუგებარია საიდან, რატომ და რისთვის მოვიდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და რატომ თქვა უარი, “ნაციონალების” კანდიდატთან ტელედებატებში დამჯდარიყო.
თუკი სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა და ალბათ, გაიმარჯვებს, რადგან მის მხარეზე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსია, ეს უკვე იმის სიგნალი იქნება, რომ არჩევნები მაინცდამაინც გამჭვირვალე არ იყო. არც “ნაციონალების” კანდიდატს არ აქვს დიდი დამსახურება, მაგრამ არც ამ ქალბატონს. მას ქვეყნის წინაშე საერთოდ არაფრის დამსახურება არ აქვს. მან ქართული დიპლომატია დაანგრია. მე იმ სფეროზე ვლაპარაკობ, რომელშიც ვარ და უამრავი ფაქტი მაქვს.
ასე რომ, ეს არჩევნები არაა ისეთი, როგორიც მეგონა იქნებოდა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ თაობებია საჭირო, რათა არჩევნები მართლაც არჩევანს გულისხმობდეს. ამის გარეშე იგი რუსულ არჩევნებს ჰგავს – იქაც ექსცესებისა და სისხლის ღვრის გარეშე ჩატარდა ყველაფერი, მაგრამ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ჩვენთანაც ასეა.
- მეორე ტურის დანიშვნას ბევრგან ელით?
- მაჟორიტარული ოლქების მინიმუმ 70-80%-ში გახდება საჭირო. “ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატებად საერთოდ უცნობი ხალხი წამოაყენა. ახალი სახე იმას კი არ ნიშნავს, რომ წამოაყენო ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს. ეს უცნობი სახეა. არ ვიცით, ვინაა ეს ხალხი, რას წარმოადგენენ, რა დამსახურების გამო უნდა გახდნენ ხალხის რჩეულები. საზოგადოებას კანდიდატები სახეზეც კი არ უნახავს, ხმაც კი არ გაუგონია. აქ უკვე ის მომენტი მუშაობს, რომ მეორე უარესია და ამიტომ ისევ ეს ჯობია.
გამოდის, რომ ისინი ხალხის კი არა, კვირიკაშვილის რჩეულები არიან. უმრავლესობა ასეთია და რასაკვირველია, მეორე ტური ყველგან გახდება საჭირო. თუმცა, მეორე ტურის ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჩემი აზრით, ხელისუფლების კანდიდატები გაიმარჯვებენ.
ჩემთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბევრისთვის პოლიტიკა საეროდ უცხო ხილია. პროფესიონალი პოლიტიკოსები თითზე ჩამოსათვლელი არიან. რომ აღარაფერი ვთქვათ კანონმდებლებზე, ადამიანებზე, რომლებმაც კანონები უნდა დაწერონ. როგორც ჩანს, მომავალ პარლამენტში მაქსიმუმ 5-10 ასეთი ადამიანი გვეყოლება. დანარჩენების მოვალეობა კი საჭირო დროს საჭირო ღილაკზე თითის დაჭერა იქნება, ღილაკის ფერი რომ არ შეეშალოთ. ამას პარლამენტის გარდა ყველაფერი ჰქვია.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „5%-იან ზღვარს ნამდვილად გადავლახავთ“
ნინო ქეთელაური
„თუ მაინც ისე მოხდა, რომ პარლამენტში ისევ 2 პარტია აღმოჩნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მივიღებთ პარლამენტს, სადაც მთავარი არა საქმის კეთება, არამედ ლანძღვა-გინება იქნება“, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, ქართველი ამომჩეველი გაზრდილია, კარგად აზროვნებს და სხვა პარტიებსაც ამჩნევს საიმისოდ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 4-5 სუბიექტით დააკომპლექტოს.
ვახტანგ ხმალაძე: რაც მოხდა, გინდაც ახლახან გორში მომხდარი ინცინდენტი (მანამადე სხვაგანაც იყო), ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ 2-3 შემთხვევა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს და ზოგადად საარჩევნო გარემოზე გავლენას ახდენს. ამ თვალსაზრისით თუ 2012, 2008, ან 2003 წლების არჩევნებს გავიხსენებთ, ახლანდელი საარჩვნო გარემო მრავალგზის უკეთესია. მე არ მგონია, რომ დარჩენილ რამდენიმე დღეში, იმ ტიპის დარღვევებმა, რაც უკვე გვქონდა, მასობრივი ხასიათი მიიღოს. თუმცა, ერთი რამ მაინც უნდა ითქვას, როდესაც კორცხელში სამართალდარღვევა მოხდა, იმას, რომ სათანადო რეაგირება მოჰყოლოდა (სს-ის საქმე კი აღიძრა, მაგრამ არავინ არის დასჯილი), სხვაგან მსგავსი დანაშაულის ალბათობა იქნებოდა ნაკლები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ გაკეთდა, დღევანდელი გარემო, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ნორმალურია. ინდივიდუალური სამართალდარღვევები ყველგან ხდება და მომავლში შეიძლება მოხდეს. ასე რომ, აბსოლუტურად სტერილურ არჩევნებს, ალბათ ვერასდროს მივიღებთ და ვერც ვერავინ მიიღებს.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, იმისგან, რასაც ვისმენთ, რა ინფორმაციასაც ვიღებთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამის გამოყენება კვლავ ხდება. მაგრამ, აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ამის მასშტაბი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო 4 წლის წინ. ამ მხრივაც გაუმჯობესებულია მდგომარეობა. სასურველია, რომ იყოს უკეთესი, მაგრამ ერთბაშად ყველაფერი ვერ მიიღება. ამისთვის საჭიროა ადამიანების ცნობიერების შეცვლა.
- როგორ აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს არჩევნებში?
- სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა გამოკითხვაში აღნიშნული პროცენტების მე არ მჯერა. რასაც აქვეყნებენ, რესპუბლიკურ პარტიას მინუს 5% აქვსო, აქ ჩანს სურვილი, რომ ჩვენი პარტია არ იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. როგორ ჩანს, ამისთვის საჭიროა, ამომრჩველი დაარწმუნონ, რომ არ ღირს რესპუბლიკური პარტიისთვის ხმის მიცემა, რადგან იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, შენი ხმა დაიკარგებაო. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გვაქვს, საქმე ასე ნამდვილად არ არის. საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ ეს 5%-ანი ზღვარი გადავლახოთ.
- პარტიის შიგა კვლევებს ხომ არ ატარებთ?
- სრულფასოვანი სოციოლოგიური კვლევა არ ჩაგვიტარებია, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ამის საშუალება არ გვქონდა. მაგრამ გამოკითხვა, ცხადია, გვაქვს. ამის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი განსხვავებულია, ვთქვათ, ქალაქებში უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5%-იან ზღვარს ნამდვილად გადავლახავთ.
- როგორ წარმოგიდგენიათ ახალი მოწვევის პარლამენტი, იქნება თუ არა მრავალპარტიული?
- “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს პარლამენტში მხოლოდ ეს ორი პარტია იქნება და ერთი მეორისგან ქმნის მტრის ხატს, რომ ამომრჩეველმა მხოლოდ თეთრი და შავი დაინახოს და სხვისკენ არ გაიხედოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს, ეს თეთრი და შავი იყო: “მრგვალი მაგიდა” და კომუნისტები, მერე – “მოქალაქეთა კავშირი” და “აღორძინება”, შემდეგ იყო “ნაციონალური მოძრაობა” და “მოქალაქეთა კავშირი”, შემდეგ კი “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ახლაც ცდილობენ, რომ მხოლოდ ეს ორი პარტია იყოს და სხვა არ ჩანდეს. 2012 წელთან შედარებით (აღარაფერს ვამბობ უფრო ადრინდელ არჩევნებზე), ვითარება აშკარად მკვეთრად არის შეცვლილი. დღეს ამომრჩეველი უფრო გაზრდილია, უკეთესად აზროვნებს და შიშის ფაქტორი აღარ არის. ამიტომ, მგონია, რომ ამომრჩველი სხვა პარტიებსაც ხედავს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში?
- ვფიქრობ, გარდა იმ 2 პარტიისა, 2-3 სუბიექტი კიდევ მოხვდება. თუ მაინც ისე მოხდა, რომ პარლამენტში ისევ 2 პარტია აღმოჩნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მივიღებთ პარლამენტს, სადაც მთავარია არა საქმის კეთება, არამედ ლანძღვა-გინება, და საქმე გადავა უკანა პლანზე. მეორე მხრივ, იმ პარტიას, რომელიც უმრავლესობით მოვა, ექნება განცდა, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს, რაც ასევე ძალიან ცუდი და სახიფათოა ქვეყნის განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი ამას ხედავს და პარლამენტში იქნება არა 2, არამედ 4 ან 5 სუბიექტი.
- მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ხომ არ გაჭირდება?
- შეიძლება, ასეთი პრობლემაც გაჩნდეს, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია. საერთოდ, ერთი რამ არის ცნობილი, ყველაზე ეფექტიანი არის დიქტატურა, როდესაც ერთი წვეტს ყველაფერს. დემოკრატიაში გადაწყვეტილებების მიღება ბევრად რთულია და მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, ეფექტანობა უფრო დაბალია, მაგრამ დემოკრატიული მოდელი გაცილებით გვიცავს არასწორი გადაწყვეტილებებისგან და საზოგადოებისთვის გაცილებით დაბალი რისკის შემცველია. ასევეა ერთპარტიული და მრავალპარტიული მმართველობის შემთხვევაშიც.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
„ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 2012 წლის არჩევნებამდე იყო“
გვანცა ღვედაშვილი
პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, სხვადასხვა შეხვედრაზე იძულებით სიარული და ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება – ეს იმ ბრალდებათა ნაწილია, რომელსაც ზესტაფონში რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მმართველ ძალას უყენებს. თუმცა, ბრალდების ადრესატები – განათლების სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური – ბრალდებებს უარყოფენ.
მსგავსი ფაქტების შესახებ “რეზონანსთან” “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა ნინო რიჟამაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ხშირად იყენებს. კონკრეტულად პედაგოგთა მობილიზება და მათი მმართველი ძალის მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრის ფაქტი საგარეჯოში დაფიქსირდა.
“თინა ხიდაშელის ბრალდებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. შემიძლია გითხრათ, რომ საგარეჯოში გვქონდა შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ შეხვედრაზე პედაგოგების მობილიზირება და მათი შეხვედრის ადგილზე მიყვანა მოხდა, სადაც ადგილობრივი განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა, რომელიც დირექტორებს ეკითხებოდა, თუ რამდენი პედადგოგი ჰყავდათ მიყვანილი. თუმცა პირდაპირ არავის უთქვამს, რომ ამ შეხვედრას იძულებით ესწრებოდნენ. “ზოგადად ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნამდვილად ხდება. საუბარია, კანდიდატებთან შეხვედრისას საჯარო მოხეელების მობილიზებასა და მათ ორგანიზებულად წაყვანაზე” – გვითხრა რიჟამაძემ.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ტვ “პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ახლაც ისეთივე გარემოა, როგორიც 2012 წელს იყო, როცა პედაგოგებს სამსახურის დატოვების შიშით აიძულებდნენ მმართველი ძალის სასარგებლო არჩევანის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ხიდაშელის სჯერა, ჯეჯლავა აღნიშნულის თანამონაწილე არ არის, აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებს პასუხი მკაცრად გაეცემა.
“მინდა მივმართო განათლების მინისტრს, ბატონ ჯეჯელავას, ახლაც ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 2012 წლის არჩევნებამდე, რეგიონებში რესურსცენტრების მხრიდან იყო. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი და დაშინება, ისევე ძალით მიჰყავთ პედაგოგები სხვადასხვა შეხვედრაზე და სამსახურის დატოვების შიშით ისევე ხდიან იძულებულს ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანი გააკეთონ როგორც ადრე. მე მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის, მაგრამ განათლების რესურსცენტრები მის დაქვემდებარებაშია და ჩემი ამოცანაა, გავაფრთხილო სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად პასუხგაცემული,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ზესტაფონში კარდაკარის ჩატარებისას ის შესწრებია ფაქტს, როცა პედაგოგებს ურეკავდნენ და სამსახურებიდან გათავისუფლებით აშინებენ.
“ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელში დავტოვეთ ის დრო, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურებიდან გათავისუფლებით. აშინებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სოციალური თუ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით, ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე მახასიათებლებს ნუ გაიმეორებენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მათ არჩევანს არ უტოვებენ, მე კარდკარს ვატარებ ზესტაფონში და პირადად შევესწარი ამ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით იღებენ პედაგოგები მსგავს სატელეფონო ზარებს. მინდა პირადად მივმართო განათლების მინისტრს, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრინციპულად განსხვავებული თვისებების, ხასიათის, ღირებულებების მატარებელი ადამიანია, ძალიან მკაცრად მოჰკიდოს ხელი მის დაქვემდებარებაში მყოფ რესურსცენტრებს.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავალებები ბატონი ჯეჯელავასგან არ მიუღიათ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები განათლების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები არიან და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი განათლების სამინისტროა,” – ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “რეზონანსი” განათლების სამინისტროსა და სუს-ის უწყებებს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ორივე სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. “არ ვადასტურებთ მსგავს ფაქტს. მით უმეტეს, რომ განათლების სამინისტროს პედაგოგთა მობილიზება, არ გაუკეთებია. შესაბამისად ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,” – აღნიშნეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში. “მსგავს ფაქტს არ ვადასტურებთ, რადგან ადგილი არ ჰქონია,” – გვითხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
აჭარა, სამეგრელო, კახეთი – სადაც „ოცნებას“ არჩევნების მოგება გაუჭირდება
ეკატერინე ბასილაია
რომელი რეგიონი და ქალაქი იქნება 8 ოქტომბერს ყველაზე მშვიდი და რომელი ყველაზე კონფრონტაციული – მოლოდინი უკვე არსებობს და მეტ-ნაკლები პროგნოზებიც უკვე კეთდება.
8 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი დაპირისპირების და ამავე დროს ყველაზე გაურკვეველი შედეგის მოლოდინი აჭარასა და სამეგრელოშია, სადაც “ქართული ოცნება” “ნაციონალებისგან” ელის დიდ კონკურენციას და ადგილობრივებშიც მოლოდინია, რომ მათთან საკმაოდ ცხელი არჩევნების დღე იქნება. უფრო მეტიც, დიდი ალბათობაა, ამ რეგიონებიდან “ქართულ ოცნებაზე” მეტი ხმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამოიღოს.
ასევე კეთდება სავარაუდო პროგნოზი იმაზე, რომელ პარტიას ანიჭებს ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უპირატესობას. სხვადასხვა რიგითობით რეგიონებში პირველ-მეორე ადგილებს “ოცნება” და “ნაციონალები” ინაწილებენ. შემდეგ კი 5%-იანი ბარიერის გადასალახად საჭირო ხმებს აგროვებენ: “თავისუფალი დემოკრატები”, “პატრიოტთა ალიანსი” და “ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”. წინასწარი განწყობებით, ზოგ რაიონში უახლოვდებიან 5%-ს, ზოგან – არა.
კონკურენტული რეგიონების გარდა ასევე არის რამდენიმე ქალაქიც, სადაც ხმაურიან და დაძაბულ 8 ოქტომბერს ელიან. უპირველესად ასეთია ზუგდიდი, სადაც “ნაციონალების” კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსის გამარჯვებას ბევრი ელოდება და “ოცნებისა” და “ნაციონალების” მთავარი ძალების მობილიზებაც დიდი ალბათობით, ამ ოლქში მოხდება. ისევე როგორც ლევან ვარშალომიძის გამო ბათუმში იქნება “ოცნების” აქტივისტების დიდი ნაწილი თავმოყრილი; მცხეთაშიც მოლოდინია, რომ “ოცნების” კანდიდატს დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი მოუგებს; საკმაოდ ცხელ პოლიტიკურ დღეს ელიან გორშიც, სადაც ერთ-ერთ ოლქში “ოცნებას” უპირისპირდება თავდაცვის ექსმინისტრები – ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი.ზოგიერთ ქალაქში შედეგი თითქმის გარკვეულია: მაგალითად ის, რომ საჩხერეც და ჭიათურაც “ოცნებისაა”, რადგან ამ რაიონებში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი წყვეტს ამ განწყობებს, ისევე როგორც კახეთში, ყვარელში მიიჩნევა, “ნაციონალები” მოიგებენ, რადგან ყვარელში დიდი სახლი და ვენახები აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იქ ხშირად ჩადიოდა და ადგილობრივებში კეთილგანწყობით სარგებლობს.
ქვეყანაში სულ 73 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქია, აქიდან 22 თბილისში, დანარჩენი 51 რეგიონში ნაწილდება, სადაც არც ერთი კვლევა არასდროს ჩატარებულა, რეგიონების მიხედვით პოლიტიკურ განწყობები როგორია. მხოლოდ არჩევნების შემდეგ მიღებული ხმებით გახდება მოსახლეობის არჩევანი ცნობილი.
არც პოლიტოლოგები ფლობენ რეგიონებზე ინფორმაციას და არსებულ განწყობაზე საუბარიც უჭირთ. ერთადერთი, რაც დაკვირვებით იციან, ისაა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან ხმები ძირითადად მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიდის. 2012 წელს ქვემო ქართლში, რუსთავის გარდა, ყველა დანარჩენი 6 რაიონი მაშინდელმა ხელისუფლებამ მოიგო, ისევე როგორც სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის გარდა, 5 რაიონი.
აჭარა
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აჭარის 6 ოლქიდან ნახევარი “ოცნებამ” მოიგო, მათ შორის ბათუმი. ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ შესაძლოა 8 ოქტომბერს ეს სურათი “ნაციონალების” სასარგებლოდ შეიცვალოს. მისი თქმით, როგორც 2012 წელს ეგონა მაშინდელ ხელისუფლებას აჭარაში გამარჯვება ხელში ეჭირა, ასევე დღესაც, მმართველ პარტიას ჰგონია, რომ გარანტირებულად იგებს, მაგრამ ასე არ არის და “ნაციონალებმა” მოიგონ როგორც პარტიული სიით, ისე მაჟორიტარებით. იგი ამბობს, რომ “ნაციონალების” რეიტინგი ლევან ვარშალომიძის კამპანიაში აქტიურად ჩართვამ ასწია. თავადაც სწორედ ამის გამო მიიღო არჩევნებში საკუთარი პარტიით ჩართვის გადაწყვეტილებაც. მისი პარტია მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოში მოსახვედრად იბრძვის და დარწმუნებულია, რომ მესამე ადგილზე გავლენ.
“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ნაწილი მედროვეა, რომელიც ადრე “ნაციონალი” იყო და ეს იწვევს გაღიზიანებს,” – აღნიშნავს მურმან დუმბაძე. მისი თქმით, სხვა პარტიები აჭარიდან ბევრ ხმებს ვერ მიიღებენ. ვერც მისი ყოფილი პარტია “რესპუბლიკელები” შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას აჭარის მასშტაბით. იგი არც “პატრიოტთა ალიანსს” უწინასწარმეტყველებს ბევრ ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის ერთ-ერთი თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი იყრის კენჭს აჭარის უმაღლესს საბჭოში მოსახვედრად. მიზეზადაც კი იმას ასახელებს, რომ პარტიის პირველ-მეორე ნომრები აჭარისთვის საერთოდ უცნობი ადამიანები არიან და აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილობრივები ხმას არ მისცემენ ისეთ ადამიანებს, ვისაც ამ რეგიონთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მურმან დუმბაძის თქმით, ასევე უცხოა აჭარისთვის ბურჭულაძის ბლოკის კანდიდატებიც და ისინიც ვერ მიიღებენ ბარიერის გადასალახად საჭირო 5%-ს. აჭარის ხმების დიდი იმედი, მისი თვალსაზრისით არც ალასანიას უნდა ჰქონდეს, ამის მიზეზად კი ასახელებს იმას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული 3 წევრიდან დღეს “თავისუფალი დემოკრატების” პარტიაში არც ერთი არ არის და პარტია საერთოდ დაიშალა.
სამეგრელო
2012 წელს სამეგრელოს რეგიონში ფოთის გარდა ყველგან, 7 ოლქში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო და მოლოდინია, რომ 8 ოქტომბერს “ოცნებას” პირველივე ტურში მოგება მხოლოდ მარტვილში აქვს გარანტირებული, სხვაგან კი ძალიან გაუჭირდება. უფრო მეტიც, ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში სანდრა რულოვსს პირველივე ტურში აქვს გამარჯვების დიდი შანსი.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კახა მიქაია, რომელმაც პარტიას „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციის გამო დაემშვიდობა, ამბობს, რომ მარტვილ-აბაშაში პირველივე ტურში მოიგებს “ოცნების” კანდიდატი ოთარ დანელია, სხვა ოლქებში კი მეორე ტური იქნება. “ძალიან არ მინდა სანდრა რულოვსმა მოიგოს პირველ ტურში, მაგრამ მას ამის შანსი აქვს. უმეტეს რაიონებში იქნება მეორე ტური და ის, რომ სამეგრელოში “ქართული ოცნება” სუსტია, ეს ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში,” – აღნიშნავს იგი. კახა მიქაიას თვალსაზრისით, სამეგრელოდან ალბათ ჯამში “ქართული ოცნება” პირველ ადგილს ვერ წაიღებს და ამის მიზეზი ისიცაა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები ძლიერები არ არიან და იმედს იტოვებს, რომ მეორე ტურში “ოცნება” გაიმარჯვებს. “ძირითადი პრობლემა “ქართული ოცნების” მაჟორიტარების კანდიდატებია. ამ მხრივ შეცდომა დაუშვა და ძალიან არ მინდა ამ შეცდომის შედეგები ვიხილოთ, როდესაც ყუთებს გახსნიან,” – მიიჩნევს მიქაია.
ამ ორი პარტიის გარდა, კახა მიქაია საკმაო რაოდენობის ხმებს ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებს” უწინასწარმეტყველებს. ამბობს, რომ ზუგდიდის ქალაქის ოლქში მეორე ტურში “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გავა “ოცნების” კანდიდატთან ერთად. თვლის, რომ გარკვეული რაოდენობის ხმების მოგროვებას შეძლებს “პატრიოტთა ალიანსიც”.
კახეთი
კახეთში 2012 წელს თელავი, საგარეჯო, ახმეტა, სიღნაღი მოიგო “ქართულმა ოცნებამ”; დედოფლისწყაროში პარტიული ხმებით მოიგო “ოცნება”, თუმცა მაჟორიტარად “ნაციონალი” გავიდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი პირველი ადგილი აიღო გურჯაანში, ლაგოდეხში და ყვარელში.
2015 წელს, შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში ირმა ინაშვილი დამარცხდა სახელისუფლებო “რესპუბლიკელ” კანდიდატ თამარ ხიდაშელთან, თუმცა მცირე სხვაობით და მაშინ ინაშვილი ამტკიცებდა, რომ “რესპუბლიკელებმა” მისი დამარცხება მხოლოდ გაყალბებით და სამხედროების დამატებით შეძლეს. 8 ოქტომბერს ინაშვილი მაჟორიტარად ისევ საგარეჯოში იბრძვის და მოლოდინია, რომ ის ბევრ ხმას მიიღებს და მეორე ტურში “ოცნების” კანდიდატთან ერთად გადავა. “პატრიოტთა ალიანსს” ასევე ცნობადი სახე ჰყავს ახმეტაში და ამ პარტიას ხმები არ ოლქიც არც თუ ცოტა ექნება.
ადგილობრივი ჟურნალისტი ერეკლე ცოცანიძის თქმით, მოსახლეობაში განწყობაა, რომ “ოცნებაა” ხელისუფლებაში და “ოცნება” მოიგებს, თუმცა რა იქნება, პროგნოზის გაკეთება უჭირს. იგი ამბობს, რომ შეუძლია მხოლოდ მხოლოდ ის თქვას, ვინ უფრო ცნობადი სახეა ადგილობრივებისთვის. მაგალითად თელავში “ოცნების” კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ბევრად ცნობილია საზოგადოებისთვის, ვიდრე “ნაციონალების” გიორგი ბოტკოველი, მიუხედავად იმისა, რომ ბოტკოველი რაღაც პერიოდში გუბერნატორის მოადგილე იყო;
ახმეტაში ყველაზე ცნობადი სახე ჰყავს “პატრიოტთა ალიანსს” – ერეკლე საღლიანი, მაგრამ მისი მთავარი ოპონენტი “ოცნებიდან” არის გელა სამხარაული, რომელიც დეპუტატია და ადგილობრივები მასაც კარგად იცნობენ. მისი თქმით, კახეთში არის მოსახლეობის რაღაც მყარი რაოდენობა, რომელიც მკვეთრად აფიქსირებს, რომ რუსეთი მათთვის კარგი ბაზარია და ეს ხმები სად წავა, ესეც არ იცის.
“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” თელავი-ყვარლის შტაბის უფროსი გიორგი ხმიადაშვილი ამბობს, რომ მაგალითად თელავში და ყვარელში პირველ ადგილზე “ნაციონალური მოძრაობა” გავა და არა “ოცნება”. ყვარელში მიხეილ სააკაშვილს სახლი აქვს, თანაც ის ხშირად ჩადიოდა იქ, ადგილობრივებში პირადი ნაცნობებიც ბევრი ჰყავს და მოსახლეობის უმეტესობასაც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კეთილგანწყობა აქვთ.
ამბობს იმასაც, რომ ასევე დომინანტია ბურჭულაძის ბლოკიც და ის თელავში მეორე ადგილს აიღებს, სხვა პარტიებს კი 5%-იანი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ამომრჩევლების უმრავლესობა საარჩევნო პროგრამებს არ გასცნობია
„პროგრამის წაკითხვას რა აზრი აქვს? ლაპარაკი უყვართ გაუჩერებლად, საქმის კეთება კი არავის უნდა“
მარიამ აფციაური
ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს. მათ მხოლოდ ზოგადად იციან იმ დაპირებების შესახებ, რომლებსაც პარტიები გასცემენ. “რეზონანსის” მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გაწერილი სოციალურ-ეკონომიკური გეგმა ფუჭი სიტყვების კრებულია. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არჩევანს მხოლოდ პროგრამის გაცნობის შემდეგ აკეთებენ. რესპონდენტების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დაპირებები, რომლებიც მათი ოჯახის ბიუჯეტზე აისახება. ეს არის პენსიების, სამუშაო ადგილებისა და ხელფასის ზრდა.
“რეზონანსს” გამოკითხვის ჩატარების დროს გაუჭირდა ისეთი რესპონდენტის მოძიება, რომელსაც მეტ-ნაკლებად ექნებოდა პროგრამა წაკითხული. ზოგადად ყველა ელის ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, საარსებო მინიმუმისა და ხელფასის გაზრდას, პენსიის მომოტებას. ყველაზე დიდი მოლოდინი სამუშაო ადგილებს უკავშირდება. ამ ტიპის საკითხებზე საუბარი თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაშია, მაგრამ მას მოსახლეობა მხოლოდ ზედაპირულად იცნობს.
ერთ-ერთი სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი გახლავთ რიტა ფხალაძე. ის უკვე დიდი ხანია, საარჩევნო დაპირებების გაცნობით აღარ ინტერესდება.
“პოლიტიკოსებს ხშირად ვუსმენთ, გვაცნობენ თავიანთ ხედვას, ვიცით ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ მათი დამოკიდებულება, თუმცა პარტიულ პროგრამას, რა თქმა უნდა, სრულად არ ვიცნობ.
მაგალითად, ვერ გეტყვით, რას სთავაზობს ხალხს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, სლოგანებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. საერთოდაც რატომ უნდა ვიცნობდე? არ მაინტერესებს ტყუილებით გაბერილი ე.წ. პროგრამები და არც არავისთვის მივცემ ხმას.
ჩემი უნდობლობის მიზეზი მათი საქმიანობიდან მომდინარეობს. რაიმე ხელჩასაჭიდი, რაც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ ნდობით განმაწყობს, არ არსებობს. ყველა უამრავი დაპირებით მოდის და მერე ამ დაპირებების მუდმივი გამეორებებით უკანვე მიდის. ხალხისთვის არც ერთი მთავრობა არ არსებობს”, – აღნიშნა რიტა ფხალაძემ.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას. ვითარება არც უშუალოდ არჩევნების წინ შეცვლილა. ბევრს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია. პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ხალხში უნდობლობა იმდენად მძაფრად არის გამჯდარი, რომ საარჩევნო უბნებისკენ გახედვაც არ უნდათ.
“რეზონანსის” ერთ-ერთი რესპონდენტი თენგო ძიძიგურიც საარჩევნო დაპირებებთან მიმართებით სკეპტიკურად არის განწყობილი. პოლიტიკური პარტიების პროგრამებს იგი ადრე უფრო ეცნობოდა, ახლა კი აღარაფერი აინტერესებს.
“2012 წლის არჩევნების დროს კარგად მახსოვს ყველა ის სლოგანი და დაპირება, რასაც პოლიტიკური პარტიები გასცემდნენ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი ცარიელი სიტყვები გამოდგა.
მაგალითად, 4 წლის წინანდელ პროგრამაში აქტუალური იყო დასაქმება და მეტი შემოსავალი, მეორე ძალა სოფლის გაძლიერებასა და გლეხის დახმარებაზე აკეთებდა აქცენტს (საუბარი მაქვს “ნაციონალებსა” და “ოცნებაზე”). დასაქმება, ხელფასი, პენსია ახლაც აქტუალურია. ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური კეთილდღეობა ნომერ პირველ საკითხად რჩება.
დეტალურად ვერ გეტყვით, ვის რა სოციალურ-ეკონომიკური დაპირება უდევს პროგრამაში, თუმცა ის კი მაქვს გადაწყვეტილი, ვის მივცემ ხმას. სიმართლე გითხრათ, დიდად არავის იმედი არ მაქვს”, – აღნიშნა თენგო ძიძიგურმა.
რესპონდენტების ნაწილი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა ყველა პარტიამ დაამუშავა, მაგრამ აქედან რამდენი მოიყვანს დაპირებას სისრულეში, ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია.
“პოლიტიკოსები ხალხს უკვე დიდი ხანია, უკეთეს ცხოვრებას ჰპირდებიან. მათი არ მჯერა, რადგან ერთ წრეზე დავდივართ. ვინმეს რამე გაუკეთებია ამ წლების განმავლობაში? ყველაფერს ცდილობენ საკუთარი და არა ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ხვდებიან ხალხს, ისმენენ მათ პრობლემებს და ეს მიდგომა ახლა არ დაწყებულა, წლებია, ასე გრძელდება.
გადაწვეტილება ჯერ არ მიმიღია, ალბათ, ცუდსა და უარესს შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება. რომელ პარტიებს ვგულისხმობ, თავად მიხვდებით. პროგრამის გაცნობას რა აზრი აქვს, ლაპარაკი უყვართ გაუჩერებლად, საქმის კეთება კი არავის უნდა”, – ამბობს თეონა ტყეშელაშვილი.
საქმის ნაცვლად, ცარიელი სიტყვების რახარუხი – ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრით, ესაა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მეთოდი, რომელიც უკვე გაღიზიანებას იწვევს.
“ზოგიერთ პროგრამას გავეცანი. მაგალითად, ძალიან მომწონს “თავისუფალი დემოკრატების” მიდგომა, სადაც ნათქვამია, რომ საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი, 160 ლარის ნაცვლად. ასევე მინიმალური ხელფასი მოიმატებს და 300 ლარს გაუტოლდება. “ქართული ოცნების” მომწონს ის, რომ ორიენტირებულნი იქნებიან სამუშაო ადგილების შექმნაზე. გავეცანი მათ საარჩევნო პროგრამას და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რეალურია”, – განაცხადა ნათია რობაქიძემ.
ნელი დოლიძე თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას გაეცნო. იგი ყურადღებას ამახვილებს ისეთ სოციალურ საკითხებზე, როგორებიცაა დასაქმება, ხელფასისა და პენსიის ზრდაა.
“ნაციონალები” ამბობენ, რომ გადასახადების შემცირების გზით დასაქმების მაჩვენებელს გაზრდიან. ასევე მომწონს, რომ სამთავრობო ხარჯის შემცირების დაპირებას იძლევიან. ქამრების შემოჭერაზე თავის დროზე ოცნებაც საუბრობდა, მაგრამ შედეგი სულ სხვა აღმოჩნდა. “პატრიოტთა ალიანსის” პროგრამიდან ჩემი ყურადღება მიიქცია პენსიების ზრდის თემამ. გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ პენსია 220-240 ლარზე ნაკლები არ იქნება. თუ სწორად მახსოვს, საუბარი იყო საპენსიო ასაკის შემცირებაზეც, რაც ზრდასრულ ხალხს, რა თქმა უნდა, მოგვწონს.
იგივე აქვთ დაპირება “ლეიბორისტულ პარტიას”, “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას”. მათი თქმით, პენსია მინიმუმ 250 ლარი იქნება. სოციალური პროგრამები თითქმის ყველას ერთნაირი აქვს და რომელს დავუჯერო, უკვე აღარ ვიცი”, – განუცხადა “რეზონანსს” ნელი დოლიძემ.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
„მცირე მეწარმეობის კუთხით ყველა საარჩევნო დაპირება არის ბლეფი!“
არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირე ბიზნესის სასიკეთოდ არაფერი იცვლება
ნათია ლომიძე
მსოფლიო მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ადამიანთა დასაქმებაში 80-85%-ია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 10-15%-ს ვერ ასცდა. ვითარების გამოსწორება წლიდან წლამდე ვერაფრით ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს წარდგენილი აქვთ წინასაარჩევნო პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, რეალურად ქვეყანაში სულ სხვა ვითარებაა და მცირე ბიზნესის სასიკეთოდ არაფერი იცვლება.
სპეციალისტების აზრით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილი პროგრამა მხოლოდ დეკლარაციაა და მის განხორციელებაში ეჭვი ეპარებათ. მათ მიაჩნიათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის უმთავრესი მიზანია 2006 წელს გაუქმებული კანონის აღდგენა. ამ მხრივ კი არავითარი ძვრა არ შეინიშნება.
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძის აზრით, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესსა და მის ხელშეწყობას ეხება, არის სიცრუე. მისი მეშვეობით ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობენ.
“ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, ჩვენ აუცილებლად მივალთ და წარვადგენთ იმ პროგრამას, რომელიც ამჟამინდელმა პარლამენტმა არ განიხილა. უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი კონცეფცია-პროგრამის საფუძველზე ახალ წლამდე როგორმე პარლამენტს მივაღებინოთ კანონი და ავამოქმედოთ 2017 წლიდან.
რაც შეეხება პოლიტიკური ძალების პოპულიზმს, ნებისმიერი მათი დაპირება არის ბლეფი. უნდათ, რომ ხალხი დაარწმუნონ და წინასაარჩევნოდ იწერენ ქულებს. ყველამ კარგად ვიცით – თუ სახელმწიფოში არ არის მცირე მეწარმეობა განვითარებული, იქ საუბარი დასაქმების ზრდაზე არ შეიძლება”, – განუცხადა “რეზონანსს” საკანდელიძემ.
მან ასევე 2006 წელს გაუქმებულ კანონზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს იცავდა და დღემდე ვერ მოხერხდა მისი აღდგენა. საკანდელიძე ირწმუნება, რომ კანონის აღდგენაზე არც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები ამახვილებენ ყურადღებას.
“ის კანონი, რომელიც მცირე მეწარმეობას ეხებოდა და 2006 წელს გაუქმდა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენი დიდი ძალისხმევით იყო შემუშავებული. მას შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არც კანონი და არც რამე სტრუქტურა არ არსებობს, ფაქტობრივად, ჰაერში ვართ გამოკიდებული. მიუხედავად პოლიტიკური პარტიების დაპირებისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს შეუწყობენ, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, რომ მხარს დაუჭერდნენ 2006 წელს გაუქმებული კანონის აღდგენას.
ჩვენ წარდგენილი გვაქვს პროგრამა, როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასვე პარლამენტში. პრემიერთან მხოლოდ ერთხელ დაგვიბარეს და იქ მივიღეთ ბატონი კვირიკაშვილისგან სასაცილო პასუხი – თურმე მცირე მეწარმეობა არ არის საჭირო ქვეყნისათვის. ამიტომ გაუქმებულ კანონს ჩვენ ვერ აღვადგენთო. ეს არის მთავრობის აბსურდული დამოკიდებულება, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება”, – აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.
პოლიტიკური პარტიები დაპირებას იმის თაობაზე, რომ შეამცირებენ გადასახადს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, არარეალურად მიიჩნევს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე. მისი აზრით, საჭიროა არა გაუქმებული კანონის აღდგენა, არამედ ახალი პროექტის შემუშავება.
“ვერაფერს ვიტყვით, სანამ არჩევნები არ ჩაივლის, რადგან რთულია ისაუბრო წინასწარ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. პოლიტიკური პარტიებისგან იმის დაპირება, რომ გადასახადებს შეამცირებენ, არის ყოველგვარ რეალობას მოკლებული. 2006 წელს გაუქმებულ კანონს რაც შეეხება, მე პირადად მას ნამდვილად არ მივტირი, რადგან იყო ხარვეზები, რასაც სჭირდებოდა შეცვლა. ამიტომ, ვფიქრობ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის აუცილებელია ახალი და უფრო დახვეწილი კანონის მიღება”, – განუცხადა “რეზონანსს” ჭელიძემ.
სპეციალისტების მოსაზრებას იზიარებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი აზრით, მცირე და საშუალო ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის დიდი წილი სწორედ მცირე ბიზნესზე მოდის.
“ახალი სამუშაო ადგილებისა და დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხარჯზე იქმნება. ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა სჭირდება. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ან ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ამ საქმეში, ან დიდი ხანია, გადადგმული აქვს, მაგრამ სათანადო კაპიტალისა და რესურსების ნაკლებობის გამო, არ შეუძლია განვითარება. ის პროგრამები, რომელიც ბოლო წლებში დაიწყო (“აწარმოე საქართველოში” და რიგი სხვა ღონისძიებები), დამატებით იმპულსს მართლაც აძლევენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის.
უნდა შევეხო 2006 წლის გაუქმებულ კანონს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს იცავდა. მისი აღდგენა აუცილებელია, თუნდაც განსხვავებული ვარიანტით. ვნახოთ, როგორი პოლიტიკური ამინდი ჩამოყალიბდება ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. არ აქვს მნიშნველობა, ვინ გაიმარჯვებს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას სოსო არჩვაძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს. მან მცირე ბიზნესის კუთხით ხელისუფლების საქმიანობას წარმატებული უწოდა.
“როგორც “ქართულ ოცნებას,” ასევე სხვა პარტიებს წარმოდგენილი აქვთ პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. მოქმედი მთავრობას ამ პროგრამას წარმატებით ახორციელებს. ეს კარგად გამოჩნდა სოფლის მეურნეობის დარგში, ასევე, იაფი კრედიტის გაცემის პროგრამაში. მეწარმეობის გაუქმებული კანონი აუცილებლად უნდა აღადგინონ, მცირე ბიზნესს უნდა ჰქონდეს საგადასახადო შეღავათი. საარჩევნო დაპირება კი არა მგონია, დაპირებად დარჩეს. ამ საკითხზე, ვფიქრობ, აუცილებლად იმუშავებენ. მთავრობა კი მიიჩნევს, რომ იაფი კრედიტები უფრო მნიშნვნელოვანია, ვიდრე მცირე მეწარმეებისთვის დღგ-ის გაუქმება”, – აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
პაატა ბურჭულაძისა და „გირჩის“ მორიგი ურთიერთბრალდება
თიკო ოსმანოვა
მწირი ფინანსების, დაპირისპირებისა და ნაკლები ადამიანური რესურსების მიუხედავად, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” გამარჯვებაში დარწმუნებულია. კოალიციის საარჩევნო სიის მესამე ნომერი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ხელისუფლების გაშმაგებული ბრძოლის მიუხედავად, მათ შესწვეთ უნარი, ხალხის წინაშე არსებული პრობლემები მოაგვარონ. მისივე თქმით, მოძრაობა შემოწირულობით არსებობს, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა. უფრო მეტიც, პარტიას თანხა შესწირეს როგორც თავად პაატა ბურჭულაძემ, ისე მისმა ოჯახის წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბურჭულაძის პარტიის დავალიანებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, “ბურჭულაძე მოხსნის ფულს და 8 ოქტომბრის შემდეგ გაქრება, როგორც ქართული პოლიტიკიდან, ასევე, დიდი ალბათობით, ქვეყნიდანაც წავა.”
“როდესაც ულტიმატუმი წამომიყენა, მაშინ გავარკვიე, რომ მას ჰქონდა თვეში შემოსავალი 60 000 ლარი. ეს ადამიანი პოლიტიკაში მოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია გადაეხურდავებინა პოლიტიკურ კაპიტალში და შემდეგ ეს პოლიტიკური კაპიტალი გადაეხურდავებინა ფულში. ეს ადამიანი მოხსნის ამ ფულს და დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბრის შემდეგ გაქრება როგორც ქართული პოლიტიკიდან, ასევე, დიდი ალბათობით, ამ ქვეყნიდანაც წავა. მეტი მიზანი ამ ადამიანს არ აქვს. მას არ აინტერესებს არც პარლამენტში მოღვაწეობა, არც რეფორმების გატარება,” – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის “გირჩი” ბურჭულაძემ ერთი კვირის წინ კოალიციიდან გარიცხა.
ფინანსურ პრობლემებს ბურჭულაძის პარტიაში არ უარყოფენ. “შემოვიარე მთელი საქართველო. ვუთხარი ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველა გზა გადაკეტილია და ვისაც შეგიძლიათ, დარჩით. ცხოვრება 8 ოქტომბერს არ მთავრდება. პირიქით, 8 რიცხვიდან იწყება ჩვენი პარტიის ცხოვრება და ვინც ჩვენ გვერდში დარჩება, არ ვაწყენინებთ, შეძლებისდაგვარად ავუნაზღაურებთ ყველაფერს,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
დავით ჯანდიერის განცხადებით კი, პარტიის დაარსების დღიდან ბურჭულაძეს ხელფასი არ აუღია. უფრო მეტიც, მისი თქმით, მან და მისმა ოჯახის წევრებმა პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს. “მას შემდეგ, რაც პარტია ჩამოყალიბდა, არც ერთი თეთრი ანაზღაურების სახით ბურჭულაძეს არ მიუღია. ეს ინფორმაცია შეიძლება გადამოწმდეს აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე. მას ჰქონდა ხელფასი “საქართველოს განვითარების ფონდში” ისევე, როგორც სხვა ლიდერებს, მათ შორის მეც. მას შემდეგ, რაც პარტია ჩამოყალიბდა, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ თავისი სახსრებიდან კანონის დასაშვები მაქსიმალური ოდენობის თანხა – 60 ათასი შესწირა პარტიას. ასევე შემოწირულობა განახორციელეს მისმა შვილებმა და რძალმა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ჯანდიერი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პაატა ბურჭულაძის პარტიამ შემოწირულობის სახით 662 ათასი ლარი მიიღო, რაც ივლისის მონაცემებს 400-ზე ათასით აღემატება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიას ქირის გადაუხდელობის გამო ცენტრალური ოფისის დატოვებაც მოუწია. პარტიას საპარლამენტო არჩევნებისთვის 57 მაჟორიატრი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი და 177-კაციანი პროპორციული სია.
“ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან შთამბეჭდავ შედეგს ვაჩვენებთ და ეს არის განპირობებული ობიექტური გარემოებებით – შეხვედრებით მოსახლეობასთან. რომ არ გვქონდეს ასეთი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, მაშინ ხელისუფლება, ბუნებრივია, არ დაიწყებდა ბრძოლას ჩვენ წინააღმდეგ. “ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომლის მიმართაც არის გაშმაგებული ბრძოლა. იმიტომ, რომ არც “ქართულ ოცნებას”, არც “ნაციონალურ მოძრაობას” არ აწყობს მესამე ძალა – ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ერთმანეთთან.
“ორივე ძალა არის წარსული, არც ერთ მათგანს არ შესწევს უნარი, გადაწყვიტოს საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები. ისინი მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული,” – გვითხრა ჯანდიერმა.
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ჰქონდათ თუ არა პირადი შუღლი ირაკლი ოქრუაშვილთან გორის სროლის ფიგურანტებს
ელზა პაპოშვილი
გორის მაჟორიტარ კანდიდატთან, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და მის დაცვასთან მოჩხუბარი ორი პირის შესახებ გორში ჰყვებიან, რომ ისინი სააკაშვილის მმართველობის დროს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იყვნენ დაკავებულნი და სასჯელს წლების განმავლობაში იხდიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ გორის მაჟორიტარი დეპუტატის და ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის და შტაბის წევრის დაჭრაში ბარლდებული ალექსანდრე ინდუაშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა, სადაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით).
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბერს “ქართული ოცნების” კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობდა. მანქანით უკან დაჰყვებოდა და მასთან შესახვედრად გამოსულ მოსახლეობას აფიქსირებდა და მათ დაშინებას ცდილობდა.
როცა ედუარდ ნუცუბიძეს არაფერი გამოუვიდა, მოიყვანა მკვლელობასა და ყაჩაღობაზე არაერთგზის ნასამართლევი, ვინმე ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც გორში ცნობილი კრიმინალია და შეხვედრის ჩაშლა ახლა ამ პიროვნებამ სცადა, აცხადებს ოქრუაშვილი.
გორის “ქართული ოცნების” შტაბში “რეზონანსს” უთხრეს, რომ ედვარდ ნუცუბიძე არც მათი კოორდინატორია და არც საარჩევნო შტაბის წევრი. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ბერძენიშვილის განცხადებით, ამ ადამიანს საერთოდ არ იცნობენ.
“მას საერთოდ არც ვიცნობთ. უბრალოდ ვიცით, რომ მას ოქრუაშვილთან გარკვეული პირადი შუღლი აქვს. ესეც მას შემდეგ გავიგეთ, რაც დავინტერესდით ამ ადამიანით, რადგან მისი სახელი ჩვენს პარტიას დაუკავშირეს. ის ხომ საერთოდ აბსურდია, რომ ის “ოცნების” აგიტატორია და ოქრუაშვილს ხალხთან შეხვედრის დროს ხელს უშლის.
“როგორც ჩვენ ვიცით თვითმხილველებისგან და რასაც გორში ჰყვებიან, ეს პიროვნება უბრალოდ შემთხვევით მანქანით მიდიოდა, როდესაც ოქრუაშვილის დაცვასა და მას შორის გარკვეული სახის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც კონფლიქტმა სერიოზული სახე მიიღო,” – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.
გორის მცხოვრები და ედვარდ ნუცუბიძის მეზობელი დავით რაზმაძე “რეზონანსთან” საუბრისას მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ნუცუბიძე 2004 წელს თანხის გაფლანგვისა და მითვისებისთვის დააკავეს. მაშინ მას მეზობლებისთვის უთხვამს, რომ არაფერ შუაში არ იყო და მის დაკავებაში გარკვეული წვლილი ირაკლი ოქრუაშვილს მიუძღოდა. მისივე თქმით, ნუცუბიძე დღემდე სასამართლოს გზით ცდილობს სიმართლის დადგენას.
რაზმაძის განცხადებით, გორში მომხდარი ჩხუბის დროს, ორმხრივი სროლა იყო და ალექსანდრე ინდუაშვილი არა თავისი, არამედ ოქრუაშვილის დაცვის იარაღიდან ისროდა, რომელიც მას ჩხუბის დროს დაუვარდა.
“როგორც თავად ჰყვება, მანქანით ალექსანდრე იდუაშვილთან ერთად შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას. ნუცუბიძე 2004 წლს თანხის გაფლანგვისთვის დააპატიმრეს, ამბობს, რომ მის დაპატიმრებაში ოქრუაშვილს მიუძღვოდა ბრალი და უდანაშაულია, რის დამტკიცებასაც დღემდე ცდილობს.
“გზად მიდიოდნენ და ოქრუაშვილის დაცვამ, როგორც თავად ამბობს, მანქანის გადაყენება თუ გაყვანა მოსთხოვა. რასაც შელაპარაკება და გინება მოჰყვა. მათ ოქრუაშვილის დაცვის წევრებმა სასტიკად სცემეს. სწორედ დაცვის წევრს დაუვარდა იარაღი და ეს აიღო ინდუაშვილმა, საიდანაც თავდაცვის მიზნით ცეცხლი გახსნა.
“როგორც თვითმხილველები და თავად ედვარდ ნუცუბიძე ამბობს, ორმხრივი სროლა იყო, ასე მარტივად არ არის საქმე, როგორც ოქრუაშვილი ჰყვება. ამ დეტალებით გამოძიება, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს,” – განაცხადა რაზმაძემ.
მისივე თქმით, ალექსანდრე ინდუშვილიც თავის დროზე ოქრუაშვილმა დააკავა და მას შემდეგ მასთან პირადი კონფლიქტი აქვს. რაზმაძის თქმით, ოქრუაშვილი გორში მოსახლეობასთან შესახვედრად კბილებამდე შეიარაღებული დაცვით დადის. მას ქალაქში მიხეილ სააკაშვილის დროს ჩადენილი გადაცდომების გამო იმდენი მტერი ჰყავს, რომ გარეთ დაცვის გარეშე გამოსვლას ვერ ბედავს.
——————–
„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნება“ და „ნაციონალები“ ცდილობენ დანარჩენები თამაშგარედ დატოვონ“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ორპარტიულ ჭრილში არჩევნების ჩატარება და ერთმანეთის პირისპირ დარჩენა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს.
- ბატონო ვახტანგ, არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და წინასაარჩევნო რეიტინგების ომი გრძელდება ორპარტიას შორის. თუმცა, სოციოლოგიური კვლევის გაყალბებაში ედება ბრალი „რუსთავი-2“-ს. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ის ვარაუდი, რომ ეგზიტპოლები იქნება ერთგვარი წინაპირობა დესტაბილიზაციის, რომელზეც საუბრობს ხელისუფლება?
_ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ რუსთავი-2-მა სოციოლოგიური კვლევები გააყალბა. მე ადრე ვთქვი, რომ ისე მიდის ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკვეთილი კვლევებით, რომ ან ტოლობის ნიშანს დასვამს `ქართულ ოცნებასთან~, ან წინ გაიჭრება-თქო. ამდენად, მე არ გამკვირვებია ის მონაცემები, რაც დაგვიდეს. ყველაფერი გასაგები და ლოგიკურია, ეს რეიტინგი ან უნდა გათანაბრებულიყო, ან ნაციონალური მოძრაობა წინ გასულიყო. მე ცოტა გამიკვირდა, მარეგულირებელმა კომისიამ რა უნდა მოიმოქმედოს ამ საქმეში, რამდენადაც ვიცი, ისინიც აპირებენ გარკვეულ პროცესში ჩართვას. არ ვიცი, სამართლებრივად რა მექანიზმები აქვთ. საზოგადოება საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული თუ ვინ, როგორ მოქმედებს და სად არის ტყუილი და სად – სიმართლე.
რაც შეეხება იმას, გამოიყენებენ თუ არა მას რევოლუციური განწყობებისთვის, არ მგონია ასეთი ხერხებით სერიოზული დესტაბილიზაციის მოწყობა ვინმემ შეძლოს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში შანსი, რომ არასტაბილური გარემო შეიქმნას ქვეყანაში, ეს ხელს უნდა აძლევდეს თავად ხელისუფლებასაც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი არასტაბილური და რევოლუციური გარემოს შექმნა, მე თითქმის შეუძლებელი მგონია. თუ ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ არასტაბილური გარემო შექმნას, მაშინ ეს მოხდება, მაგრამ ხელისუფლებას თუ ეს არ უნდა, რომც არ იმოქმედოს და ნეიტრალურ პოზიციაში იყოს, ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობაში არ აქვს იმის რესურსი, რომ მან შეძლოს რევოლუციის მოწყობა. თუ ხელისუფლება ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და ნაციონალურ მოძრაობას არ აყვება, მაშინ ნაციონალური მოძრაობა უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღეს აქვს.
- როგორ?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ხალხში არავითარი დასაყრდენი არ აქვს და ამიტომ მათი ყველა გეგმა განწირულია. მე უფრო სხვა რამ მგონია.
- რაზე მიანიშნებთ?
- ჩემი ვარაუდით, ხელისუფლებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც აწყობთ ასეთი ვითარება და ამით ორივე ცდილობს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას. ორივე ძალა ცდილობს, ერთმანეთი მტრად წარმოაჩინოს და აიძულონ ამომრჩეველი, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ან ერთის, ან მეორის სასარგებლოდ. შესაბამისად ორივე ძალა ცდილობს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი თამაშგარედ დატოვოს და თვითონ იყვნენ, ორი პარტია პარლამენტში წარმოდგენილი.
- როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეკითხები, თუ რამდენად აწყობთ მათ ორპარტიულ ჭრილში არჩევნების გადატანა, მათი პასუხია, რომ დანარჩენები პასიურები არიან. შეიძლება ეს იყოს არგუმენტი?
- არა მგონია, რომ პასიურები იყვნენ, საკმაოდ აქტიურები არიან დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მედია სივრცეში საკმაოდ აქტიური არის დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. ყოველ შემთხვევაში, 7-8 პარტია მაინც, ის პარტიები, რომელთაც აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. კიდევ ვინ გადალახავს ბარიერს, ამაზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ცდილობს 77 მანდატი, რომელიც არის პროპორციული სიით, გაიყოს მხოლოდ ორ პარტიაზე და არა დანარჩენებზე.
- და რამდენად აწყობს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შესვლა? რამდენად დააკომპლექტებს მთავრობას? ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება „ნაციონალებმა“ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენონ?
- „ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. თუ ორპარტიაზე გაიყოფა ხმები, მაშინ დაახლოებით 26 მანდატი ექნება ნაციონალურ მოძრაობას, 50 კი „ქართულ ოცნებას“.
- „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში აკომპლექტებს მთავრობას?
- რა თქმა უნდა, რადგან ამისთვის სულ რაღაც 16 მაჟორიტარის მანდატი დასჭირდება, რომ მარტო თავად დააკომპლექტოს. `ქართული ოცნება~, ჩემი ვარაუდით, 40 რაიონს თავისუფლად მოიგებს. ამდენად, სწორედ ის 90 მანდატი გამოდის, რომელზეც საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მას რამდენად აწყობს ეს? გეტყვით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 26 მანდატი რომ აიღოს, ამას კიდევ რამდენიმე მაჟორიტარი დაემატება, ამაზე უკეთესი შანსი დღეს მათ ნამდვილად არა აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, რეალობას ობიექტურად შევაფასებთ და არ გავაყალბებთ.
- და ეს რამდენად აწყობს ნაციონალურ მოძრაობას?
- ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციად და იწყებს მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის. ამაზე უკეთესი სცენარი მათ, უბრალოდ, არ აქვთ. რაც არ უნდა გვითხრან, გამორიცხულია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა მიიღოს. ეს შეუძლებელია. ამდენად, რატომ უნდა წავიდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, როდესაც ყველაფერი იციან, იციან, როგორია ხალხის განწყობა მათდამი, როგორია მხარდაჭერა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ არჩევნები არ იციან, ან ანალიზს ვერ აკეთებენ რა? და როგორ? ძალიან ცდება. ყველაფერს გააანალიზებენ და დაალაგებენ, რომ ეს მათთვის ყველაზე მომგებიანი სცენარია. სხვა საკითხია სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის რამდენად მომგებიანია. ამაზე ბევრი ფიქრით კი, ჩვენთან მაინცდამაინც თავს არ იკლავენ.
„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „პრეზიდენტმა შეიძლება ძალიან ცუდი როლი შეასრულოს მოსალოდნელ მოვლენებში“ // „გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვასა და „ნაცმოძრაობას“ შორის გაშიფრული გარიგების შემდეგ გეგმები შეიცვალა“
მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თემაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
მირიან მირიანაშვილი:
- მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა გარიგება გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვასა და ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის, დღის წესრიგში ისევ დადგა არეულობა და რევოლუციური სცენარი.
- „ქართული ოცნების“ და ნაცმოძრაობის ჯგუფებს შორის მიღწეული გარიგება მომავალ პარლამენტში ადგილების გადანაწილების თაობაზე ჩაიშალა?
- მათი გარიგების მთავარი ნაწილი ბურჭულაძისა და მისი ორგანიზაციის პოლიტიკაში შემოსვლა იყო. პაატა ბურჭულაძის გაერთიანებას უნდა აეღო ხმების 20%-მდე. ახლა ამაზე საუბარიც ზედმეტია.
- ბურჭულაძე რეგიონებში ხალხს არწმუნებს, რომ მის ბლოკს ფინანსური არხები გადაუკეტეს და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს...
- მაგით ის ვეღარაფერს შეცვლის. ბურჭულაძეზე საზოგადოებას თვალი აეხილა. ბევრმა გაიგო, რომ ის კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან. ადრე კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდა, რომ ბურჭულაძის გაერთიანებაში მოხვდებოდნენ ნაციონალებიდან წამოსული პირები. ეს იმის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, რომ მომავალ პარლამენტში ბურჭულაძის პარტია თუ ბლოკი `ქართული ოცნების~ მოკავშირე იქნებოდა. ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილს თვალი აეხილა. გამოაშკარავდა, რომ ეს გეგმა თავიდანვე კავშირში იყო სააკაშვილთან. ბიძინა ივანიშვილს ყველაფერს დამახინჯებულად უხსნიდნენ. ამ მეგატყუილმა ყველაფერი შეცვალა.
- ანუ იგი დარწმუნდა, რომ ბურჭულაძე „ოცნების“ მოწინააღმდეგეა?
- მანაც და საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ ბურჭულაძე ნაციონალებთანაა შეკრული. გარიგების თანახმად, მომავალ პარლამენტში ბურჭულაძეს უნდა ეთანამშრომლა ნაცმოძრაობასთან. მათ ერთად უმცირესობაში უნდა დაეტოვებინათ `ოცნება~. ეს გეგმა გაიშიფრა. ბურჭულაძის რეიტინგი დაეცა. მისმა ძალამ შეიძლება საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახოს.
- დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის თემას დავუბრუნდეთ...
- ხავერდოვანი გადატრიალების გეგმის ჩავარდნის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა პოლიტიკური არეულობის მოწყობა და რევოლუციური სცენარი.
- ადრე ამბობდით, სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების ნებას ამერიკელები არ აძლევენო..
- სააკაშვილს ნებართვა არც ახლა აქვს. თუ მასშტაბური მოვლენები არ განვითარდა, ის შეიძლება სარფთან გამოჩნდეს და ამით დაკმაყოფილდეს. საქართველოში დიდი არეულობის პროვოცირების შემთხვევაში სააკაშვილი ასეთ ნებართვას მიიღებს. ყველაზე დიდი ხიფათი სწორედ მაშინაა მოსალოდნელი.
- არეულობის პროვოცირებაში სხვა პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას?
- ეს პატარა და სუსტი პარტიები ბევრს საუბრობენ, მაგრამ მათ არაფრის ორგანიზება და არეულობის მოწყობა არ შეუძლიათ. დაზუსტებით ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს და უცხოური საელჩოების შუამავლობითაც სარგებლობს. ეს პარტიები იმუქრებიან, რომ თუ პარლამენტში მოსახვედრად ხელშეწყობა არ ექნათ, არეულობაში ჩაერთვებიან. რეალურად, ისინი ვერანაირ საშიშროებას ვერ შექმნიან. ბიძინა ივანიშვილი მაშინაც შეცდა, როცა პოლიტიკურად მკვდარი და სუსტი პარტიები, ასევე ინდივიდები გააცოცხლა და პარლამენტში შეიყვანა. მაგალითად, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები.
- ბიძინა ივანიშვილმა თავისუფალ დემოკრატებს ახლაც მაღალი შეფასება მისცა..
- არ ვიცი, არის თუ არა ეს ვინმეს წყალობის შედეგი. საერთოდ, არც ერთი სუსტი პარტიის მუქარა დასაჯერებელი არაა. პოლიტიკური ცვედანების შანტაჟი არ არის საშიში.
- საშიშია ნაციონალების პროვოკაციები?
- ქვეყნისათვის ძალიან საშიშია, თუ განვითარდა სცენარი პრეზიდენტის მონაწილეობით.
- გიორგი მარგველაშვილი შეიძლება ჩაებას რაიმე სახიფათო სცენარში?
- ამის შესახებ სააკაშვილი გარიგებებს აწარმოებს და მარგველაშვილს დიდ ფულს სთავაზობს. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი პრეზიდენტს უფლებას აძლევს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა მასობრივი არეულობის შემთხვევაში. 48 საათის განმავლობაში პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს. არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტი დაახლოებით სამი კვირის მანძილზე ვერ შეიკრიბება მოსალოდნელი მეორე ტურების გამო. იქმნება პოლიტიკური ვაკუუმი. ამით ისარგებლებს სააკაშვილი და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისათვის აუცილებელია მასობრივი მასშტაბური არეულობა. მცირე დესტაბილიზაციის შემთხვევაში ეს ვერ მოხდება. მასშტაბური დესტაბილიზაციისას სააკაშვილი უცხოელ პარტნიორებსაც დაარწმუნებს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა და მან უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. ყველაზე უარესი შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს.
- რა უნდა მოხდეს? სამოქალაქო ომი?
- რუსეთი საქართველოში მოაწყოს იმას, რასაც ახლა სირიაში აკეთებს. უბედურება ისაა, რომ საქართველოში რუსეთი ამას უფრო მასშტაბურად და ნებართვების თხოვნის გარეშე მოახერხებს. რუსეთთან ხისტი პოზიციის მომხრე ვარ, მაგრამ ერთი პოლიტიკური ჯგუფის გამო რუსეთთან ომი არავის არ უნდა გვინდოდეს. სააკაშვილის გამოჩენის შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად დაიწყებს აგრესიას. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მთელი საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. არ უნდა დავუშვათ მასობრივი არეულობა, რითიც ისარგებლებს სააკაშვილი. არჩევნებზე უნდა მივიდეთ. არჩევანი უნდა გაკეთდეს იმის სასარგებლოდ, ვინც საფრთხეს არ მოიტანს. თუ რუსეთთან ომი დაიწყო, ეკონომიკური პრობლემები დაგვავიწყდება. საფრთხის თავიდან აცილება ივანიშვილს და მის ძალას შეუძლია. სააკაშვილს უკრაინაში აღარ ედგომება. თუ ის იქ პარტიას ან ტელევიზიას შექმნის, იაცენიუკის ფრაქცია უმაღლეს რადაში უმრავლესობას დატოვებს. სააკაშვილის საქმიანობა შეუთავსებელია უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ სააკაშვილმა საქართველო დააქციოს.
„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა“ // „ოცნებამ“ უნდა ილოცოს, რომ მათმა კამპანიამ შედეგი არ გამოიღოს“
აღმოჩნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის შეცდომა „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ და რატომ გადაიმტერა ამომრჩევლის 60%? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
- სამ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ახალი პროგნოზი გააკეთა, აქამდე თუ პარლამენტში მარტო „ნაციონალების“ და „ოცნების“ მოხვედრას წინასწარმეტყველებდა, ახლა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში 5-6 პარტია მოხვდება. რას უკავშირებთ მის შეცვლილ პროგნოზს?
- ეს არის პოლიტიკური გზავნილები და ამას, როგორც სურვილებს, ისე უნდა შევხედოთ და არა – როგორც რეალობას. ყველა პარტია, ისეთებიც კი, პულსი რომ არ ესინჯება, ამბობს, მე მოვდივარ ხელისუფლებაში. რაც შეეხება ივანიშვილს პროგნოზს, მან თავის ბოლო გამოსვლაში მთლიანად შეცვალა წინა გამოსვლების ვექტორი. აქამდე სულ ამბობდა, უალტერნატივო ძალა ვართ, სხვა ყველა პარტია არარაობაა და საფრთხე მოდის „ნაციონალებიდან“. ახლა ილაპარაკა 5-6 პარტიის გასვლაზე და შეეცადა მეორე პოლუსიდან ჩაეხსნა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემი აზრით, ის, როგორც იქნა, მიხვდა თავის საარჩევნო კამპანიის შეცდომას. ორპოლუსიანობა, რაზეც იყო ორიენტირებული `ქართული ოცნების~ კამპანია, ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია. მულტიპარტიული პარლამენტია ერთადერთი პრევენცია პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც აუცილებლად დადგება. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გააცნობიერა ეს საფრთხე და თავისი რიტორიკა თავდაყირა დააყენა.
- გამოიღებს მისი შეცვლილი რიტორიკა რაიმე შედეგს?
- მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია. მანქანა უკვე დაძრულია. ივანიშვილს ჯადოსნური ჯოხი არ აქვს, რომ ერთი ხელის აქნევით გადაფაროს ყველაფერი, რასაც აქამდე იძახდა და აკეთებდა. შესაბამისად, შედეგიც არ დადგებოდა.
- ცოტა ადრე რომ შეეცვალა რიტორიკა, შედეგი დადგებოდა?
- მას ეს კონცეფცია თავიდანვე რომ განევითარებინა, მაშინ ნაკლებად სახიფათო პროცესი გველოდებოდა წინ. დღეს მთავარი პრობლემა გახლავთ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ანუ გამაგრება. ორპოლუსიანობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მიღება ძალიან გაუჭირდება. მათ სჭირდებათ მინიმუმ 2 პარტია, რომელიც „ოცნებას“ უპრობლემოდ შეჰყვება პარლამენტში და მოახდენს პროცესის ლეგალიზაციას. სხვანაირად კრიზისი გადაულახავ სახეს მიიღებს. სასურველი იყო, ივანიშვილს თავიდანვე ასე ელაპარაკა. ახლა აღარაფერი შეიცვლება.
- გამოდის, რომ პოლიტიკური ველი ისევ ორპოლუსიანი იქნება...
- ძნელი სათქმელია. ქვეყანაში ძალიან უცნაური მდგომარეობაა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერ კიდევ კრიტიკულად მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა. სამ ოქტომბრამდე ივანიშვილი ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ეუბნებოდა, მე უნდა ამირჩიოთ, მესამე არჩევანის გაკეთება არ გაბედოთ, მე თუ არ მომცემთ ხმას, ნაციონალები დაბრუნდებიან და შეგჭამენო. ამას არ აკეთებდა მარტო ივანიშვილი. კვირიკაშვილის გარდა, მთელი „ოცნება“ ასეთი რიტორიკით გამოდიოდა.
- კვირიკაშვილი არ ეთანხმებოდა ამ რიტორიკას?
- ის მთლიანად აცდენილი იყო ამ კამპანიას და ცხოვრება მშვენიერიაო, გაიძახოდა. დანარჩენები იყვნენ აგრესიულები. სულ შეთქმულებებზე, ფარულ ჩანაწერებზე საუბრობდნენ. კრიზისში ჩვენ ყველა ვარიანტში შევალთ. ახლა მთავარი ისაა, რა სახეს მიიღებს კრიზისი – გადაულახავს თუ გადალახვადს. კრიზისის ფორმირებას განაპირობებს ორი განსხვავებული ეგზიტპოლის შედეგიც. ნაციონალებსაც და ხელისუფლებასაც დაკვეთილი აქვთ ეგზიტპოლები და ახლავე ცხადია, რომ შედეგი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. ერთადერთი, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ისაა, რომ უნდა ილოცონ, რათა მათმა კამპანიამ არ გამოიღოს შედეგი და შუა მართლა არ გაიკრიფოს.
- ზემოთ აღნიშნეთ რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნიშანს ელოდება და რა შეიძლება იყოს ეს ნიშანი?
- ვერ გეტყვით. ისეთი მყიფე სიტუაციაა, რომ ნიშანი ყველაფერი შეიძლება იყოს. ძალიან მარტივი, სულ მცირე ბიძგი სჭირდება ამ ამომრჩეველს, რომ რაიმე მიმართულებით გადაიხაროს. ეს არის ის ხალხი, რომელსაც არც `ქართული ოცნების~ და არც ნაციონალების არჩევა არ უნდა. ამასთან, პოლიტიკურ ელიტაშიც ვერ პოულობენ ისეთ ძალას, რომელსაც ხმას მისცემენ. დიდი ალბათობაა, რომ ისინი სახლში დარჩებიან, რაც ძალიან სახიფათო იქნება.
- სახიფათო რატომ იქნება?
- მათ სახლში დარჩენას პროცესი ისევ პოლიტიკური ველის ორპოლუსიანობისკენ მიჰყავს. კრიზისის რისკები მაღალ ნიშნულზე ადის. მე ვურჩევ, რომ წავიდნენ და რაღაც არჩევანი გააკეთონ.
- და სულ ერთია, ვის მისცემენ ხმას?
- სულ ერთია, ვის მისცემენ ხმას, მთავარია, წავიდნენ. კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ მულტიპარტიული პარლამენტია. ამას ივანიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხვდა. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პარტნიორები შეეძინა, მათი განქიქებით იყო დაკავებული. ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.
- 5 ოქტომბერს ნაციონალები მართავენ აქციას. „ოცნებაში“ არეულობას ელოდებიან, თქვენ რას იტყვით ამაზე?
- ამ აქციაში გასაკვირი და შემაშფოთებელი არაფერი არ არის. ეს კლასიკური მეთოდი გახლავთ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ძალაუფლებაზე, სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება. ნაციონალები სწორედ ამას აკეთებენ. თავის დროზე ჩვენც ასე ვაკეთებდით. მხარდამჭერების გამოყვანა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართლებულია. ამით მომხრეებშიI საბრძოლო განწყობის ამაღლება ხდება.
- 2012 წელს „ოცნებას“ ეს კარგად გამოუვიდა. რას იზამს ნაციონალური მოძრაობა?
- როდესაც რეჟიმს უპირისპირდები, იქ მობილიზაციაც კი არ გჭირდება. პროტესტი თავისთავად კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს. ადამიანები, რომლებიც იღლებიან შიშით, მოდიან აქციაზე. ჩვენც არ დაგვჭირვებია რაიმე განსაკუთრებული მობილიზაცია. დღეს არ არის ასეთი ვითარება, ხელისუფლებაში ჩვენ აღარ გვყავს რეჟიმი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ შიშის ფონზე ხალხის მობილიზება უფრო ადვილია.
- აქედან გამომდინარე ნაციონალებს მხარდამჭერების მობილიზება გაუჭირდება?
- ამას 5 ოქტომბერს ვნახავთ. ხალხის მობილიზებაში მათ საკუთარი წარსულიც შეუშლის ხელს. მხარდამჭერების გამოსაყვანად ნაციონალებს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდებათ. რას მოახერხებენ და როგორ მოახერხებენ, ამის დათვლა წინასწარ არ მინდა. როცა ხალხი გამოვა ქუჩაში, მისი რაოდენობა მაშინაც საკამათო იქნება. ერთი მხარე იტყვის, რომ 5.000 იყო, ხოლო მეორე მხარე იტყვის, რომ 50.000 იყო. ეს კინო ნანახი გვაქვს, დანარჩენს შევხედოთ.
- მსგავსი ტიპის აქციის ჩატარებას სახელისუფლებო ძალაც აპირებდა. ბოლო მომენტში მათ გადაიფიქრეს ამის გაკეთება. ნაციონალები ამბობენ, რომ მათ შეეშინდათ. თქვენ რას ფიქრობთ?
- მეც ვფიქრობ, რომ უარის მიზეზი შიშია. შიში იმისა, რომ სათანადო განწყობა არ იქნებოდა. ასეთი ტიპის აქციებზე რაოდენობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიც ემოციურ მუხტს. მათ ამ აქციის ჩატარება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოუწევდათ, რაც არაჯანსაღ სურათს შექმნიდა, რასაც „რუსთავი-2“ კიდევ უფრო დაამძიმებდა. ეს „ქართულ ოცნებას“ არ წაადგებოდა. ამ რისკების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უარი თქვა აქციის გამართვაზე და სწორადაც მოიქცა.
- ისევ ნაციონალების აქციას დავუბრუნდეთ. არის მოსალოდნელი რაიმე არეულობა? „ოცნებაში“ ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ...
- თუ ვინმეს არეულობის მოლოდინი რეალურად აქვს, ეს უკვე პარანოიაა, მაგრამ პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით გასაგებია ამის ძახილი. და მე კარგად მესმის, თუ რატომ არის ასეთი რიტორიკა.
- ანუ იციან, რომ არაფერი ხდება და ტყუილად ყვირიან არეულობაზე?
- თუ ნეგატიური ხერხით გინდა შედეგის მიღწევა, მაშინ ამომრჩეველი მუდმივად უნდა შეაშინო – მე თუ არ ამირჩევ, საშინელება მოხდება. `ოცნების~ ლიდერების ნაწილი სწორედ ამ მიზნით საუბრობს არეულობაზე, მაგრამ მათ რიგებში ბევრი ისეთია, რომელიც ყურებს აპარტყუნებს, რომ ამის მართლა სჯერა. ნაციონალებს არეულობის მოსაწყობად რესურსი არ აქვთ. ის ხელისუფლებას პრობლემებს არჩევნების შემდეგ მაშინ შეუქმნის, თუ პარლამენტში მხოლოდ ორი ძალა გავა. შემდეგ ეს კრიზისი მრავალპოლუსიან სახეს მიიღებს. „ოცნებას“ პრობლემები პარტიების უმეტესობასთან შეექმნება. მათ გადაიმტერეს მოსახლეობის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორიც. არც მათი მხრიდან უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის იმედი. იმ პერიოდში, როცა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ შუა უნდა გაკრეფილიყო, ამომრჩევლის 60%-ს შეურაცხყოფა მიაყენა. მათ მავნებლები უწოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მათთვის არც „ოცნება“ და არც ნაციონალური მოძრაობა მისაღები არ არის.
„ოცნებამ“ უნდა ილოცოს, რომ მათმა კამპანიამ შედეგი არ გამოიღოს. თუ პარლამენტში მხოლოდ ორი ძალა გავა, „ნაციონალები“ არ შევლენ პარლამენტში. ერთპარტიული პარლამენტი კი რა უნდა იყოს. ამის შემდეგ დაიწყება კრიზისი.
——————–
„საქართველო და მსოფლიო“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ უკანა პლანზე გადაიწევდა“
ნონა ფოფხაძე
არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ქართველი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზეა გადატანილი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- არჩევნებში არც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს და არც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესი მათ გარეშე არ მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, კვლავ რატომ ჩანს პოლიტიკურ ველზე ეს ორი პერსონა?
- ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროცესის სპეციფიკა. საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ორი პიროვნების დაპირისპირების ფონზე და მათგან არც ერთი არ არის ლეგალიზებული ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ასე არ ხდება, სახელმწიფოზე გავლენას უნდა ახდენდნენ მხოლოდ იდენტიფიცირებული, ლეგალიზებული პოლიტიკოსები.
- „მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის იქ”, _ ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნოდ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება კითხვებს აჩენს.
- ბიძინა ივანიშვილის ძირითადი გზავნილი არის ნეგატიური. მას უნდა, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი მისაღები ძალაა, საზოგადოების ყველა სეგმენტი კი უვარგისი და არაფრის მაქნისია. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, არამედ სამოქალაქო სექტორსა და მედიას. ივანიშვილი მოქმედებს მარტივი პრინციპით: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია”. ეს არის მისი პოლიტიკური ტექნოლოგია. ბიძინა ივანიშვილისგან საზოგადოება უფრო მეტ პოზიტივს ელდოება და არა მუდმივ ნეგატივს. რაზეც დღეს ივანიშვილი აკრიტიკებს სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილს, იმავე კუთხით ყველაზე აქტუალური თავის დროზე იყო თამარ ჩუგოშვილი, რომელიც “ოცნების” საარჩევნო სიაში ჰყავს. ივანიშვილი თავისუფალს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” გადავიდნენ “ქართულ ოცნებაში”; პატრონების ცვლას უწოდებს გათავისუფლებას და არა დამოუკიდებელ ცხოვრებას. ივანიშვილი ცდილობს, დამოუკიდებელი სეგმენტები გააიგივოს თავის მტრებთან, ანუ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მინდა, მას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილიც ანალოგიურად მოქმედებდა, ის ამბობდა, რომ რუსეთი არის მტერი და, ვინც ჩემთან არ არის, ყველა რუსეთის აგენტიაო. დღეს კი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, _ “ნაციონალური მოძრაობა” არის მტერი და, ვინც ჩემთან არ არის, ყველა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელიაო. პოლიტიკური რიტორიკის ეს კონცეფცია კი არ განასხვავებს ივანიშვილს სააკაშვილისგან, პირიქით - ძალიან ამსგავსებს.
- ერთი წლის წინათ უკრაინული “ვიკილიქსის” ვებგვერდმა გაავრცელა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის _ გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა სათაურით “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”. ამავე მედიასაშუალებამ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერი, თუ როგორ გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა” რევოლუციას საქართველოში სათაურით “მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მორიგი რევოლუციური სცენარისთვის ემზადება”. რატომ არ ახდენს სახელმწიფო ამ ჩანაწერებზე რეაგირებას?
_ ეს სჭირდება პროპაგანდისთვის, ამიტომ არ ხდება რეაგირება. ავიღოთ 26 მაისის საქმე. გამოიძიეს, მაგრამ დაპატიმრეს ვინმე სხვა? ვინც უკვე ციხეში ზის, იმათ მიუსაჯეს და მათ, ვინც მიუწვდომელია. ეს ყველაფერი ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია, ჩვენ გვინდოდა რეალური სამართალი და არა მხატვრულ-დოკუმენტური.
- ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ გაყალბდება, ვინაიდან საამისოდ ბევრი ბერკეტი არსებობს. მას არგუმენტად კანონმდებლობა მოაქვს და განმარტავს, რომ ვერდიქტი იქნება “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლები….
- ძალიან კარგი, თუ დარწმუნებულია, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ხალხის გადაწყვეტილებას შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა ფსიქოლოგიური შეტევა და საკუთარი მხარდამჭერებისთვის შემოძახებაა, მთავარსარდლის საბრძოლო შემოძახება.
- ახლახან აჭარაში თურქული სკოლა გაიხსნა. ფეთჰულა გიულენმა, რომელიც ახლა აშშ-შია და რომლის ექსტრადაციასაც ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, სააკაშვილს სთხოვა “ნიურჯლარის”, ანუ “რუხი მგლების” წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა. დღეს “რუხი მგლები” ბათუმში “მოღვაწეობენ”…
- სასწავლო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში იხსნება, ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ეს საგარეო-პოლიტიკური თემაა და, თუ ეს არის ე.წ. რუხი მგლების სკოლა, თურქეთისთვის მაინცდამაინც მისაღები არ უნდა იყოს. ამ ტიპის სკოლები სხვა ქვეყნებში არათუ იხსნება, არამედ იხურება. თურქულ მხარესთან ამ საკითხზე უნდა გამოიძებნოს სწორი მიდგომა. საფრთხეები საქართველოში არის მრავალმხრივი და მომდინარეობს არა მხოლოდ თურქეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. ვერ ვიტყვი, რომ დღეს დრამატული სიტუაციაა, მაგრამ მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, რომ ამ მცოცავმა ექსპანსიამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს.
- ამ არჩევნებში არის თუ არა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული პოლიტიკური ძალა?
- ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ელიტის კრიზისი. გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა, პოლიტიკური ელიტა არათუ არ გაზრდილა, მან, გარკვეულწილად, დეგრადაცია განიცადა. შესაბამისად, დღეს ღირსეული არ არსებობს. ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უკანა პლანზე გადაიწეოდა.
- როგორ ფიქრობთ, მაღალი აქტივობა იქნება არჩევნებში?
- დღევანდელი მონაცემებით, სამწუხაროდ, რთული მდგომარეობაა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ელექტორატის დახლოებით 60%, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. ამომრჩევლის 35-40%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობა იქნება ძალიან დაბალი, თუ მოსახლეობის ეს ნაწილი არ მიღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ამის გამო შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიმართ. ეს კი სახიფათოა. ვისურვებ, მაღალი აქტივობა იყოს არჩევნებში.
„საქართველო და მსოფლიო“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო მოიმატებს „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი
ნანა დევდარიანი
არჩევნებამდე სამიოდე დღე დარჩა. ზოგან ისვრიან, ზოგან ჩხუბობენ, ზოგან იმუქრებიან. კომპრომატები ზოგი შემოეხარჯათ, ზოგსაც, ალბათ, არჩევნების წინა დღეს გვაჩვენებენ. “ჰეროკრატია” მხოლოდ სააკაშვილს ადარდებს; ისიც იმიტომ, რომ მისი განმასახიერებელი “ივანიშვილზე დაბალია”!
ხალხი ოთხი წელი, როგორც ჩანს, იმიტომ ელოდა სამართლიანობის აღდგენას, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ვირტუალურ სასამართლოზე ეხილა დამნაშავე რეჟიმი. ასეთია სამართლიანობის “საოცნებო” აღდგენა თანამედროვე საქართველოში.
სოციოლოგიური კვლევები აუქციონს დაემსგავსა, ეგზიტპოლები _ გამოცხადებულ გაყალბების ქრონიკას. ერთი სიტყვით, ყოფილი მმართველი ძალა 2003 წლის გამეორებას ცდილობს, “ოცნება” კი კვალში მიჰყვება და ყავლგასული ტექნოლოგიებით ცდილობს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დაანონსება სწორედ სასურველი შედეგის მიღწევას ემსახურება: აქ მანევრის საშუალებაც არსებობს და მორიგი სასწაულებრივი პორტირებებისაც.
ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა საარჩევნო ვითარების პოლარიზება. სქემა მარტივია: მხარი დაუჭირეთ “ოცნებას”, თორემ “ნაციონალები” დაბრუნდებიან! არადა, მათი გაცოცხლება და მოფერიანება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისა და “ოცნების” დამსახურებაა. ახლა ისინი უკვე საჯაროდ ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება დასავლეთმა არ დაანება, თუმცა იგივე რომ, მაგალითად, რუსეთს მოეთხოვა, რა ამბავს ატეხდნენ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს.
რესპუბლიკელები, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, გვარწმუნებდნენ, რომ “კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაავალა”. ახლა ისინი დაითხოვეს და ხელს, რა თქმა უნდა, ივანიშვილისკენ იშვერენ. ახია თქვენზე, ბატონო ბიძინა! სხვას რომ ხმა არ ამოეღო, ამ თემაზე მხოლოდ მე იმდენჯერ დავწერე, რომ თქვენც კი უნდა მიხვედრილიყავით, ურეიტინგო პარტიებისგან შეკოწიწებული კოალიცია ვერც ერთ დაპირებას რომ ვერ შეასრულებდა. და ახლა, ოთხი წლის შემდეგ, გვარიანად შეფერთხილი “ოცნების” ჭაობიდან ამოთრევა ისევ თქვენ გიწევთ.
შეპირებულ 100 ქარხანას დღეს 100 საპარლამენტო მანდატი ჩაენაცვლა. სწორედ ამდენის მოლოდინი აქვს ბიძინა ივანიშვილს. რა მოხდება, თუკი “ოცნება” 100 მანდატს ვერ მიიღებს? ივანიშვილს ეწყინება და წავა? მაგრამ ის უკვე წასულია პოლიტიკიდან. ასევე მოითხოვდა მარგველაშვილის 60%-ით არჩევას. აირჩიეს. მაინც წავიდა. წავიდა და ძალიან მალე განიხიბლა მარგველაშვილით. ნარმანიათიც. რესპუბლიკელებითაც. თავისუფალი დემოკრატებითაც. ფორუმითაც. და სხვ.
თუ “ოცნებას” 100 მანდატის სამყოფი ხმები არ მისცეს, “ნაციონალები” მობრუნდებიან? _ არა. ეს ივანიშვილმაც იცის და ნაციონალებმაც. რამის თავი რომ ჰქონდეთ, სააკაშვილის გუნდის წევრები ცხრაჯერ მოაწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ დღეს მხარდამჭერების ავტობუსებით ტარება უწევთ ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში, რათა რაღაც სიმრავლის ილუზია შექმნან.
2012 წელს ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ “შუა უნდა გაიკრიფოს”. დღეს ეს თემა კვლავ აქტუალურია. ყველა პროგნოზით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 4-5 პოლიტიკურ ძალას აქვს, მაგრამ სოციოლოგია კვლავაც პროპაგანდის სამსახურში დგას და მხოლოდ ორ პარტიას აკუთვნებს რეიტინგს. კონკურენტების “ჩასაჩოჩებლად” ურეიტინგო პარტიების “ამოქაჩვაც” მოსულა და იმ პერსონების გააქტიურებაც, რომელთა ერთადერთი დანიშნულება ამ ორი პარტიისთვის სასურველი ფონის შექმნაა.
ამ ტექნოლოგიურ ომებში თითქმის მიავიწყდათ ადამიანები, რომლებიც 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებში უნდა მივიდნენ და არჩევანი გააკეთონ. როგორც არასდროს, მაღალია ე.წ. გადაუწყვეტელთა რაოდენობა, დიდია იმედგაცრუება, თუმცა ყველა პარტიას აქვს იმედი, რომ ამ “გადაუწყვეტელი” ელექტორატის ხმებს წამოიღებს. ერთი კი ნათელია _ რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო მოიმატებს ნაციონალების (და “ოცნებისაც”) პროცენტი.
მკითხველი შეამჩნევდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემი საავტორო გვერდი გაზეთში არ გასულა. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დიდი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე და კენჭს ვიყრი “ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობიდან”, როგორც პარტიული სიით, ისე მაჟორიტარადაც _ დიდუბის მე-16 ოლქში. დიდუბე ჰქვია, თორემ სინამდვილეში დიღმის მასივი, დიდი დიღომი და ზაჰესია.
რატომ ვიყრი კენჭს სწორედ ამ პარტიიდან? ვეცდები, ავხსნა და დავასაბუთო.
“შუის გაკრეფის” შემდეგ, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს პოლიტიკური ინიციატივებით გამოდის, სწორედ ნინო ბურჯანაძეა. მის მიერ შემოთავაზებული უბლოკო სტატუსი არის ერთადერთი გარღვევა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ახლა, როდესაც გორში ხმები გაუჭირდა, თვით ირაკლი ალასანიაც კი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. არადა, სწორედ ამ სიტყვების გამო, ჩვენი “მედასავლეთე” პოლიტიკური სპექტრი ნინო ბურჯანაძეს ლამის სამშობლოს მოღალატეს ეძახდა.
იმასაც ამბობდნენ, რომ უბლოკო სტატუსი კაპიტულაციაა, თუმცა კაპიტულაცია სწორედ ის მდგომარეობაა, რომელშიც საქართველო, 2008 წლიდან მოყოლებული, ჯერ სააკაშვილის, შემდეგ კი “ოცნების” წყალობით იმყოფება. “მედასავლეთეები” მთელი ამ წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს და არც არის საჭირო. ბატონებო, არც მე დაველაპარაკებოდი რუსეთს, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები რომ მქონდეს მითვისებული, მაგრამ საქმე ხომ სწორედ პირიქითაა?!
რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან დალაპარაკება არ შეიძლება, მაგრამ ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოში გაისმა, მარგველაშვილის გენიალური ფრაზა იყო: “ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოვეთათბირები და, როგორც მირჩევენ, ისე მოვიქცევი”! როგორც ჩანს, ეს ერთი წელი უშედეგოდ ეთათბირება!
რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი?
ნინო ბურჯანაძის ინიციატივა ასეთია: “ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია რომელიმე სახელმწიფოს, სამხედრო ბლოკის, ალიანსის ან სხვა გაერთიანების სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში”.
მოკლედ და გასაგებად, სწორედ ამ ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გასვლა, რომელიც 2008 წლის უგუნური ავანტიურის შედეგად სააკაშვილმა დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ 2007 წლისთვის რუსული სამხედრო ბაზები გაყვანილი იყო საქართველოდან, სტამბოლის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. რესპუბლიკელების პასუხი ამ ინიციატივაზე იყო ის, რომ დანარჩენ საქართველოში (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა!) ამერიკული ჯარი უნდა განლაგდეს. ერთი სიტყვით, საქართველო აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად უნდა იქცეს. სწორედ ეს არის ღალატი, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენი “მედასავლეთეებისთვის” ამერიკის ერთგულების დამტკიცება წინასაარჩევნოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მომავალი.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი სახელმწიფოს ან სამხედრო ალიანსის ჯარები არ უნდა იდგეს. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული ჯარი დარჩეს, ხოლო დანარჩენ საქართველოში ამერიკული ჯარი ჩადგეს. ამ ორიდან რომელი ფორმულაა სამშობლოს ღალატი, რთული მისახვედრი არ არის.
“რუსეთი მაინც არ გაიყვანს ჯარს” _ “მედასავლეთეების” ბოლო არგუმენტია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რუსეთმა ერთხელ უკვე გაიყვანა ჯარი საქართველოდან, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ საქართველო ნატოში გაწევრდება და სარაკეტო სისტემებსაც განალაგებს საკუთარ ტერიტორიაზე. რაც მთავარია, ნატოში არ გვიღებენ და არც ახლო მომავალში აპირებენ, მაგრამ ჩვენი “მედასავლეთეები” ახლა, კარის ნაცვლად, ფანჯრიდან აპირებენ შესვლას.
ზოგიერთი საყვედურობს ნინო ბურჯანაძეს, რომ ადრე ნატოში გაწევრების მომხრე იყო, ახლა კი მისი თვალსაზრისი შეიცვალა. დიახ, მაგრამ 2007 წლამდე თვით რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან, ხოლო, ჩვენ რაც შეგვეხება, 2008 წლის აგვისტოს ავანტიურამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნატოში საქართველოს გაწევრების შესაძლებლობას. დარჩებოდა თუ არა პოლიტიკოსად ნინო ბურჯანაძე, თუ ამ ფაქტორების მიუხედავად, კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ნატოში შესვლის პერსპექტივაზე ლაპარაკს? _ ცხადია, არა. პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების გაუთვალისწინებლად ოცი წლის განმავლობაში არ იცვლის რიტორიკას, პოლიტიკოსი აღარ არის.
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების რესურსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს აქვს. ეს კარგად იციან “მეოცნებეებმაც” და ნაციონალებმაც. ისიც იციან, რომ ბურჯანაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში მრავალი საკითხი, მათ შორის მავთულხლართების გადმოწევა, დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა; უვიზო მიმოსვლაც გვექნებოდა და ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი სრულფასოვნად გაიხსნებოდა, მაგრამ ივანიშვილმა პრეზიდენტად მარგველაშვილი არჩია და დღესაც იმას ედავება, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ უნდა შესულიყო.
ზოგჯერ მოისმენ: “ნინო ბურჯანაძე არ მომწონს იმიტომ, რომ ერთ ლარად მიიღო აგარაკი წყნეთში”. გაიხსენეთ, რომ ბურჯანაძე აღმოჩნდა ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც აგარაკი დააბრუნა(!); სხვა ყველა, ვინც ასევე მიიღო ბინები თუ აგარაკები, დღესაც იქ ცხოვრობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ჩათვლით(!).
რაც შეეხება მოწონებას, ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება: 1992 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ბავშვი გამიხდა ცუდად და საავადმყოფოში წავიყვანე. იქ ბავშვობის მეგობარი ექიმი დამხვდა. პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერი იყო და, რაკი ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვიყავი, სარკასტულად მკითხა: “მოგწონს შენი პრეზიდენტი?”. დედას, რომელსაც შვილი ცუდად ჰყავს, პრეზიდენტზე, ალბათ, არ უნდა ელაპარაკო, მაგრამ ვითარება იყო მაშინ ასეთი. არც ახლაა ის ჭრილობა მოშუშებული. მაშინ ვუპასუხე: “მე უკვე გამოვედი იმ ასაკიდან, როცა მსახიობები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები მოსწონთ”.
არჩევნებზე “მოწონების” ფაქტორი გვერდზე უნდა გადაიდოს, პირადი ანტიპათიაც და წყენებიც. უნდა აირჩიო ის, ვისაც შენი ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა ხელეწიფება, დანარჩენი მხოლოდ სუბიექტურობაა.
ამიტომ ვუჭერ მხარს ნინო ბურჯანაძეს.
——————–
„რეზონანსი“, 05 ოქტომბერი, 2016 წელი
ბიუჯეტი ირღვევა, წლის ბოლოს საფრთხე რეალურია
შემოსავლებს 142 მლნ ლარი აკლია, გადასახდელებს – 298 მილიონი
მარი ჩიტაია
ბიუჯეტის 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, შემოსულობების ნაწილში გარღვევაა. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასახდელების კუთხით. ხარჯების გეგმის შესრულებას 298 მილიონი ლარი აკლია, ხოლო შემოსულობების გეგმას – 142 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროში თავს იწონებენ, რომ ბიუჯეტის გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს, მაგრამ ეს მხოლოდ შემოსავლების ნაწილს ეხება, სრულ ბიუჯეტს კი პრობლემა აქვს.
2016 წლის 9 თვის მონაცემებით, გადასახდელების გეგმის შესრულებას 298 მილიონი ლარი დააკლდა. 3 კვარტლის გეგმა 7,630 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო შესრულება 7,332 მლრდ ლარია. რაც შეეხება შემოსულობების ნაწილს, ბიუჯეტში 7,293 მლრდ ლარი უნდა შესულიყო, მაგრამ რეალურად კი 7,151 მლრდ ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მთელი წელია, ბიუჯეტი შესრულება-შეუსრულებლობის ზღვარზეა.
წინ კიდევ 3 თვეა და ჩნდება კითხვა – მოხერხდება კი წლევანდელი ბიუჯეტის შესრულება? შესაძლოა, შემოსულობების დეფიციტი აღმოიფხვრას, მაგრამ გადასახდელების კომპონენტი კვლავ აუთვისებელი დარჩება და გარღვევა გარდაუვალი იქნება. მინუსი გვექნება. უკვე წლის ბოლო ახლოვდება და მოსალოდნელია დეფიციტური ხარჯვა, რაც ლარის გაცვლით კურსზე საგრძნობლად იმოქმედებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს:
“2016 წლის ნაერთი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის საგადასახადო შემოსავლები გეგმასთან მიმართებით 140 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და ნომინალურ გამოსახულებაში 6 მილიარდ 475 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 9 თვის შესრულების მაჩვენებელი 102,2%-ია. აღნიშნული მონაცემები 564,8 მლნ ლარით, ანუ 9,6%-ით აღემატება 2015 ანალოგიურ მაჩვენებელს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალისტების შეფასებით, საბიუჯეტო პრობლემის მთავარი მიზეზი და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი და არაეფექტიანი ხარჯვა, დეფიციტის ძველი ნაშთებიდან დაფინანსება, ექსპორტის კლება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის კიდევ უფრო მატებაა.
აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემა უნდა ვეძიოთ ცალკეულ ეკონომიკურ დარგებში, საიდანაც გადასახადების შემოსვლას ბოლო დროს პრობლემა შეექმნა.
“შემოსულობებში გარღვევა ნეგატიური ფაქტორია და დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად რა ნაწილს უკავშირდება, გრანტების ნაწილია თუ საგარეო დაფინანსების მიუღებლობა. სავარაუდოდ, უარყოფითი შედეგი დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან. გარდა ამისა, მენეჯმენტის პრობლემაცაა. ეკონომიკური ზრდა 3%-მდეა, რაც სახარბიელო არ არის, მაგრამ საპროგნოზო მაჩვენებელს ემთხვევა.
ალბათ, პრობლემა უნდა ვეძებოთ ცალკეულ სექტორებში, საიდანაც შემოდიოდა გადასახადები. არის ზოგიერთი დარგი, ტრანსპორტი და ა.შ. საიდანაც შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, სამშენებლო სფეროში კი, პირიქით, ზრდაა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ესა თუ ის დარგი რამდენად იძლევა შემოსავალს”, – განმარტავს სილაგაძე.
მისი ვარაუდით, 3 კვარტლის მონაცემები ცხადყოფს, რომ პრობლემა გაჩნდება წლის ბოლოსაც და დიდია ალბათობა, რომ ვალდებულებების გარკვეული ნაწილი ვერ შესრულდეს.
“არჩევნების პერიოდია და პრობლემა ამ ფაქტორსაც უკავშირდება. ბუნებრივია, მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ვალდებულებები გაისტუმროს. შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებს მოუწევთ დიდი მუშაობა, რათა სოციალური გადასახდელების თვალსაზრისით რამე რყევა არ აღინიშნოს”, – დასძენს სილაგაძე.
თსუ-ის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ვარაუდით, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში ცვლილება შეეძლო მოეხდინა საგარეო სესხებისა და გრანტების მოცულობის კლებას. მიუხედავად ამისა, ეკონომისტი ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არ დადგება, შესაბამისად, ვალდებულებების გასტუმრების მიმართულებითაც არ წარმოიქმნება პრობლემა.
“ბიუჯეტის შესრულებისას, როგორც წესი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადასახადები, სესხები, გრანტები და სახელმწიფო ქონება, მისი გასხვისებისგან ან მსგავსი ქმედებისგან მიღებული შემოსავლები. როცა შემოსულობებში კვარტალური ცვლილებაა, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ბიუჯეტის შესრულება შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს. ბიზნესი ერთ დღეში არ მცირდება და არც მატულობს, ამიტომ საბიუჯეტო შემოსავლები წინასწარ არის ცნობილი.
ჩემი აზრით, სერიოზული გავლენა მოახდინა საგარეო სესხებისა და გრანტების მოცულობის კლებამ, თუმცა არა მგონია, ბიუჯეტი იმდენად ჩავარდეს, რომ სახელმწიფოს სოციალური ან სხვა ვალდებულებების შესრულება გაუჭირდეს. ნებისმიერ დროს, როცა დანაკლისია, ხდება დამატებითი სახსრების მოძიება, რისთვისაც სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. აქამდე, ალბათ, არც მივა საქმე”, – განმარტავს ჭარაია და დასძენს, რომ პრობლემა ბიუჯეტს უფრო საგარეო ვალების გასტუმრებამ შეიძლება შეუქმნას, რაც საბოლოოდ ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება. გარკვეულ გავლენას, ინფლაციური მომენტიც შექმნის, მაგრამ ეს შეიძლება პოზიტიურიც კი აღმოჩნდეს.
“დღეს ინფლაცია 1%-ია, მიზნობრივი ინფლაცია კი – 5%. ამიტომ მცირედით რომ გაიზარდოს ინფლაციის მაჩვენებელი, შესაძლოა, ბიუჯეტისთვის დადებითი აღმოჩნდეს. წლის ბოლო ახლოვდება და დიდი მოცულობით საგარეო ვალს ვემსახურებით. ეს ლარს პრობლემას შეუქმნის. ველოდები კურსის შესუსტებასაც”, – განუცხადა “რეზონანსს” ვახტანგ ჭარაიამ.