globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 5th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „მოგვწონს ეს თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ისევ დიდ როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში“ // „კახა კალაძის საარჩევნო კამპანია ანტიპიარია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „პატრიოტთა ალიანსის“ მიზანია, ნინო ბურჯანაძეს პრორუსი ამომრჩეველი წაართვას“

ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ნაციონალები“ თავისი გათახსირებულობის ხარისხის მიხედვით მსჯელობენ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „გიგა ბოკერიას კლანს გიორგი კვირიკაშვილი მფარველობს“ // „პატრიოტთა ალიანსი“ ივანიშვილის მითითებით დაუპირისპირდა „ევროპულ საქართველოს“

საქართველო და მსოფლიო: „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატებიანად ისე იქცევა, ადამიანს ეგონება, „ნაციონალების“ გამარჯვება და მიშას საქართველოში ტრიუმფით დაბრუნება სურს

—————–

ახალი თაობა“, 05 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „მოგვწონს ეს თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ისევ დიდ როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში“ // „კახა კალაძის საარჩევნო კამპანია ანტიპიარია

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, იურისტ ვალერი გელბახიანს:

- 29 სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოში პოლიტიკის მთავარი თემა ქართული ოცნება“ – „ნაცმოძრაობის დაპირისპირებაა. ისევ ორპოლუსიანობაა?

- როგორც ჩანს, ისევ ორპოლუსიანობაა, რომელიც ორივე მხარეს აწყობს. ასე რომ არ იყოს, მოვლენები ამგვარად არ განვითარდებოდა. ბევრს ეგონა, რომ ნაციონალური მოძრაობის დაშლით სერიოზული ცვლილებები მოხდებოდა. სინამდვილეში, დიდად არაფერი შეცვლილა. ნაციონალური მოძრაობა დაშალეს სეგმენტებად, მაგრამ ეს პარტია ისევ წამყვანად ოპოზიციურ ძალად რჩება თავისი სტრუქტურებითა და საშუალებებით. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სადაცაა სააკაშვილი, იქ არიან ნაცმოძრაობის მხარდამჭერები. მოგვწონს ეს თუ არა, სააკაშვილი ისევ დიდ როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილი ლიდერად რჩება.

- ვინ არიან კიდევ დღეს ლიდერები?

- პოლიტიკური ლიდერი ბევრია. ნინო ბურჯანაძე რჩება ლიდერად. დავით თარხან-მოურავიც ლიდერია, მაგრამ მათი გავლენა ნაკლებია და მათი რეიტინგები კონკურენციის გამწევი არ არის. უფრო ზუსტად, ისინი საფრთხეს ვერ უქმნიან „ქართულ ოცნებას”.

- აქტიურ კამპანიას ატარებს ევროპული საქართველოც ..

- „ევროპულმა საქართველომ“, შესაძლოა, არჩევნებზე ბარიერი ვერ გადალახოს. მომხრეები ჰყავს სააკაშვილს და ნაცმოძრაობას და არა მისგან გამოყოფილ პარტიებს. ეგ კი არა, სააკაშვილის მომხრეების რაოდენობა, ალბათ, გაიზრდება. ეს დამოკიდებული იქნება მის მოქმედებებზე კიევში.

- ვის ხარჯზე გაიზრდება? საზოგადოებაში არსებობს ხალხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არასდროს დაუჭერს მხარს..

- ასეთებიც არიან, მაგრამ ბევრი მოქალაქე სხვანაირად ფიქრობს. ეს ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან, სააკაშვილის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლანდელ ხელისუფლებას, ანუ მაფიას, მარტო სააკაშვილი თუ მოერევა, ამიტომ მისი მხარდამჭერები ვხდებითო. ხალხი აცხადებს, რომ მაფია, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მოსახლეობას ძარცვავს. არსებული სტატისტიკით, 221 000 ოჯახი ელოდება ბინებიდან გამოსახლებას ბანკების ვალების გამო. ამაში ხალხი `ოცნების~ ხელისუფლების ბრალს ხედავს. როცა ამდენ ოჯახს უსახლკარობა ემუქრება, ეს სასოწარკვეთილი ადამიანები ნებისმიერ გიჟს დაუდგებიან გვერდით, ოღონდ მაფიისგან თავი დაიხსნან. თუ სააკაშვილი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს და მას სწორი გზავნილები ექნება, მისი მომხრეების რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად მოიმატებს.

- თბილისის საკრებულოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსაც ამ ჭრილში აფასებს საზოგადოება?

- ესეც ფასდება ორგანიზებული მაფიის გადაწყვეტილებებად. ადამიანები აცხადებენ, რომ ის, რაც ხდება შორსაა კანონიერებისაგან. ქვეყანა ასე არ უნდა იმართებოდეს. არავისთვის არაა დასამალი, რომ არის ერთი კაცი, რომლის ინტერესსაც ემსახურება მთელი სახელმწიფო აპარატი.

- ადგილობრივი არჩევნები კარსაა მომდგარი. ეს როგორ მოქმედებს არჩევნებზე?

- ამ არჩევნებზე იქნება დიდი პასიურობა. მარტო მონაწილე პარტიები თუ გამოიყვანენ თავიანთ წევრებსა და მომხრეებს.

- ეს საერთო ამომრჩევლის მცირე სეგმენტი იქნება?

- რა თქმა უნდა. ფაქტობრივად ვერცერთი პარტია ვერ ახერხებს წინასაარჩევნოდ დიდი რაოდენობით ხალხის მობილიზებას. ერთი კვირის წინ ახალციხეში სასამართლო პროცესი მქონდა და იქ ვიმყოფებოდი. სწორედ იმ დროს იქ ჩამოდიოდა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მმართველი პარტიის ადგილობრივი კანდიდატები უნდა წარედგინა. ახალციხე-ბორჯომის გზაზე თბილისიდან მიმავალი 200 მიკროავტობუსი ვნახე. „ოცნებას“ ხალხით თბილისიდან ორგანიზებულად მიჰყავდა წარდგენაზე. მსგავს რამეს მანამდე ქუთაისშიც შევესწარი.ყველგან იგივე სურათია. რომელ მასობრივ მხარდაჭერაზეა საუბარი! აქციები ჩაატარა პატრიოტთა ალიანსმა, მაგრამ ისინი მიზანს არ მოემსახურა. მიტინგი როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა. ჩვენ გვინახავს აქციები, რომელიც პერმანენტულ ხასიათს იღებს და ფართოვდება.

- თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალია?

- რასაკვირველია. 2 014 წელს „ქართული ოცნების“ პიკი იყო, მაგრამ მაშინაც დავით ნარმანიას დასჭირდა მეორე ტური. ეს ახლა უფრო აქტუალურია. უნდა ვთქვა, რომ ხალხი გაღიზიანებული იმ საარჩევნო კამპანიით, რომელსაც კახა კალაძე ატარებს.

- მეც მომისმენია ხალხის საყვედურები, რომ ის ხალხისაგან შორს დგას..

- არ მესმის, ვინ დაუგეგმა ეს კამპანია, კახა კალაძეს, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მიმზიდველი და პოპულარული სახეა. ეს კამპანია ანტიპიარია. ერთ კლიპში კალზე ჰესების განვიარებაზე საუბრობს შემინული ინტერიერიდან. ამ დროს ამას უყურებს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ ედუარდ შევარდნაძის დროს ელექტროენერგია 9 თეთრი ღირდა, სააკაშვილის დროს – 12, ახლა კი – 21 თეთრი. ის მაინც ეთქვა, იძულებული ვიყავით დენი გაგვეძვირებინა, მერე დარგი განვითარდება და გავაიაფებთო. ამის მაგივრად ის ფეშენებელური შენობიდან ესაუბრა ხალხს. ბანერზე კახა კალაძე მუქ ფერებშია გამოსახული და არანაირი იმედის განცდას არ უტოვებს ადამიანებს.

- ამ კლიპებისა და ბანერების გარეშე ხალხი კალაძეს თავისიანად ჩათვლიდა?

- ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ასეთი უარყოფითი განცდები არ გაუჩნდებოდა. იხარჯება დიდი ფული, მაგრამ რაში-გაუგებარია. საუბედუროდ, „ოცნება“ ამას მარტო წინასაარჩევნოდ არ აკეთებს. მას აქვს ბიუჯეტი, მაგრამ მას ქვეყნის სწორად მართვისათვის არ იყენებს. ასე იფლანგება ხალხის თანხები. ამას საზოგადოება კარგად ხედავს და ამიტომ ბევრ ადამიანს სიტყვა „მაფია“ აკერია პირზე.

ახალი თაობა“, 05 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „პატრიოტთა ალიანსის მიზანია, ნინო ბურჯანაძეპრორუსი ამომრჩეველი წაართვას“ // „კატალონიის მოვლენები აფხაზეთზე გავლენას ვერ მოახდენს“

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტსა და აფხაზეთის კონტექსტში ესპანეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო თორნიკე, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები მოსკოვში ვიზიტით მეორედ იმყოფებიან, ისინი ხვდებიან დუმის წარმომადგენლებს - კალაშნიკოვს და სხვებს. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აპირებენ. რამდენად რეალურია, რომ მართლაც დაიწყოს მსგავსი მოლაპარაკებები?

- ჩემთვის უცნობია, ვისთან უნდა დაიწყოს „პატრიოტთა ალიანსმა“ მოლაპარაკება რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით?! ვინ ეკითხებათ მათ ამას?! მათი მოსკოვში ვიზიტების მთავარი მიზანი არის ქულების ჩაწერა საქართველოში პრორუსული ამომრჩევლის თვალში, რომელთა წართმევაც უნდათ ნინო ბურჯანაძისთვის. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ეს გამოსდით. ამის ობიექტური მიზეზი არის ის, რომ ნინო ბურჯანაძე მაინცდამაინც გულზე არ ეხატება ჩვეულებრივ ხალხს, გასაგები მიზეზების გამო. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე ნინო ბურჯანაძეს.

- რატომ, რუსეთისგან ფინანსდებიან?

- არა, მათ სიაში ჰყავთ რამდენიმე ბიზნესმენი. ამ ადამიანების სიაში ჩასმა კი მოხდა საქართველოში უზენაესი ხელისუფლების ნებით. მათ აქვთ მისია, რომ ეს ამომრჩეველი, რომელიც გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს, გადმოიყვანონ თავის მხარეს და ნინო ბურჯანაძეს წაართვან. ამის წინააღმდეგი არ იქნება ხელისუფლება, რომლისთვისაც ნინო ბურჯანაძე აშკარად არ არის მისაღები პოლიტიკური ფიგურა.

- მხოლოდ ეს არის ამ ძალის მიზანი, რომ ნინო ბურჯანაძეს წაართვან ელექტორატი?

- თუკი ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთს გახსნიან, თუკი ფიქრობენ, რომ ეს კარგია საქართველოს სახელმწიფოსთვის, მაშინ ძალიან დიდი პრობლემა გვქონია.

- ხომ არ შეიძლება, რომ გარკვეული დანაბარები ჩამოიტანონ ხელისუფლებასთან სწორედ ამ მიმართულებით, რომ სარკინიგზო მიმოსვლაზე დაიწყოს საუბარი კულუარებში?

- სარკინიგზო მიმოსვლაზე საუბრის ჩაწვეთება დიდი ხანია მიდის, ჩვენს ხელისუფლებას დიდი ხანია ეს ჩაწვეთებული აქვს და ამისთვის არ სჭირდება არც კალაშნიკოვი, არც მაუზერი და არც ნაგანი, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არ გააკეთოს.

- ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უფრო ქმედითი იყოს იმ დროს, როდესაც საპარლამენტო ძალა მიდის ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოსალაპარაკებლად. ამის პასუხად მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრორუსული ძალები საქართველოში ცოტანი არიან და არ ღირს გამოხმაურება. ამ დროს როგორი უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია?

- ეს განცხადება ადასტურებს, რომ მმართველი ძალა ამ მოვლენებისგან თავს შორს იჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალებს აუცილებლად უპასუხებდნენ და ეტყოდნენ _ სისხლიანი ცხრა წელი, სამართლიანობის აღდგენა, და ა.შ.

- რამდენად არის საფრთხის შემცველი თუნდაც ოპოზიციური ძალის საუბარი ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთი ერთზე?

- სიმართლე გითხრათ, მე ამ შემთხვევაში ხიფათს ვერ ვხედავ. თუმცა, ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მსგავსი რაღაცები შემოუტრიალოს ხელისუფლებას. ხელისუფლებამ კი ეს ყველაფერი თავიდან უნდა აიცილოს.

- გამოდის, ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს, რომ ის არ ერევა...

- დიახ, ხელისუფლებას ვერავინ მიედავება ამ საკითხში.

- აფხაზეთის კონტექსტში რამდენად იქონიებს გავლენას კატალონიის რეფერენდუმი გამოყოფის მოთხოვნით, ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პროცესები, შემდეგ ერდოღანის განცხადება, რა გავლენას იქონიებს იმ კონფლიქტებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს?

- რა საფრთხის შემცველი უნდა იყოს კატალონიაში მიმდინარე პროცესები ჩვენთვის?!

- ვთქვათ, ეს პროცესი ღრმად წავიდა და ერთ მშვენიერ დღეს კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ესპანეთს გამოეყო, რა მოხდება მაშინ?

- კატალონიის დამოუკიდებლობას ესპანეთი არ აღიარებს და არ აღიარებს ევროპაში არავინ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კომპრომისული ფორმულა მოიძებნება და როგორც შოტლანდია არის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში, ისე იყოს ესპანეთის შემადგენლობაში. კატალონია თუ ესპანეთის შემადგენლობიდან გავა, მაშინ კატალონია ავტომატურად დაკარგავს ევროკავშირში ყოფნის შესაძლებლობას. მერე ევროკავშირში უნდა შევიდნენ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შევლენ, მათ გაწევრიანებას ესპანეთმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ესპანეთი ამ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. თუ ესპანეთი არ აღიარებს მათ დამოუკიდებლობას, წარმოუდგენელია, ეს აღიაროს საფრანგეთმა, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმა. თუ ვინმეს ეს პროცესი აფხაზეთში უხარია, რომ ჩვენც გვაღიარებენ, ეს არის აბსოლუტური სისულელე და მათი გაუნათლებლობის, ნაკლები ინფორმაციის ქონის ბრალი. აფხაზეთი არის ეთნოწმენდის შედეგად ცალმხრივად აღიარებული რუსეთის მიერ რაღაც წარმონაქმნი. აფხაზეთს კი არა, დარწმუნებული ვარ, ევროპა კატალონიას არ აღიარებს. ამერიკა და ვეროკავშირი როდესაც იტყვიან, არ ვაღიარებთო, დამთავრებულია, არ აღიარებენ. ამდენად, რუსეთისა და ვენესუელის აღიარება აფხაზებს დიდ წარმატებას არ მოუტანს ამ მიმართულებით. ვენესუელაში ხელისუფლება იცვლება და დიდი შანსია, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს.

- ანუ ეს არის ორი სრულიად განსხვავებული პროცესი...

- რასაკვირველია. ვნახავთ, კატალონიაშიც როგორ განვითარდება მოვლენები.

ახალი თაობა“, 05 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ნაციონალები“ თავისი გათახსირებულობის ხარისხის მიხედვით მსჯელობენ“

მიმდინარე პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე აფასებს.

- ბატონო დავით, ბოლო დროს ნაცმოძრაობა ძალიან გააქტიურდა. რას მიაწერთ მათ გააქტიურებას? თუნდაც ხმაურიანი აქციები მერიასთან ამის მანიშნებელია...

- ნაცმოძრაობას გააქტიურება სჭირდება. უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს. ცდილობს პოზიტიური როლი ითამაშოს, უნდა თავისი მხარდამჭერები (რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჰყავს) ტონუსში მოიყვანოს და აგრძნობინოს მათ, რომ ბრძოლის არ ეშინია. ჰგონიათ, რაღაც წარმატებას მიაღწევენ, რაც რეალობას დაცილებულია. მეორეც – ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ საქართველოში არის მაღალი ხარისხის დემოკრატია, ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას, რაც მათი ხელისუფლების დროს არ იყო. თუმცა, მათი აქტიურობა ისევ თავის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მათ დროს ყველაფერი ტაბუირებული იყო და ოპოზიციის აქტიურობას მინიმუმ ანგარიშსწორება მოჰყვებოდა. იგივე აქციის დროს, ადამიანების მოტაცება, ცემა-წამება. დღეს კი მათგან განსხვავებით საშიშროება არ ემუქრება.

- შეხლა-შემოხლა და ცემა-ტყეპა ახლაც იყო თბილისის მერიასთან ნაციონალების აქციაზე. პოლიციელებიც დაშავდნენ და აქციის მონაწილეებიც. რატომ იქმნება ასეთი სიტუაცია, ხელისუფლებაც რაღაც სახით ხომ არ უწყობს ხელს?

- არა, ხელისუფლება ამას ხელს არ უწყობს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მისცემდნენ ადამიანების მცირე ჯგუფს მთავარი სატრანსპორტო არტერიის გადაკეტვის საშუალებას. აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 50-მდე ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ ქუჩა გადაეკეტათ, რის საშუალებას სამართალდამცავი ორგანოები არსად მსოფლიოში არ მისცემდნენ, არც საქართველოში არ უნდა მისცენ.

იქ ძალის გადამეტების ფაქტები არ იყო, მგონი, ერთი ხაბეიშვილი ამტკიცებდა, თითქოს გაიტაცეს, სცემეს და სადღაც დატოვეს, მაგრამ გამოქვეყნდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი მერიის შესასვლელში სკამზე იყო წამოწოლილი. თუ გატაცება უნდოდათ, სხვაგან გაიტაცებდნენ, მერიისგან შორს. მათი ხრიკები ამომრჩეველზე არ მოქმედებს. ამომრჩეველი გარკვეულია, ვის უნდა მისცეს ხმა. ამიტომ მათ აქციებს ხალხი არ ემატება, თუმცა, იციან, რომ ამ ქვეყანაში აქციაზე მისვლის გამო ადამიანებს არ კლავენ.

- აქციებზე მისვლის გამო ადამიანებს აღარ კლავენ და არც მიტინგების დარბევისა და მომიტინგეების ცემისთვის ქართული ოცნება არ აჯილდოვებს პრემიით, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ნაცმოძრაობა სწორედ რომ ხელისუფლების მიმართ გამოთქვამს გარკვეულ საკითხებზე პროტესტს. ამაზე რას იტყვით?

- ჩვენ მაქსიმალურად ვერ მოვახერხეთ სამართლიანობის აღდგენა. რეჟიმმა, რომელიც მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ატერორებდა, სამართლებრივად არ აგო პასუხი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. ამან განაპირობა ის, რომ დღეს ნაცები საარჩევნო რეჟიმში არიან, ხედავენ, აზრის გამოხატვისთვის საშიშროება არ ემუქრებათ და „აღტკინებულები“ არიან. ეს ჩვენს მხარდამჭერებში დადებით განწყობას არ ქმნის, რადგან მათ შინაგანად აქვთ იმის განცდა, რომ ეს ადამიანები ამ ფორმით ვერ უნდა ბედავდნენ მოსახლეობასა და ხელისუფლებასთან ძიძგილაობას.

- ნაცმოძრაობამ განაცხადა, რომ ის თავის სტრატეგიას ცვლის და საპროტესტო აქციებზე გადადის. ამ გადაწყვეტილების საბაბად კი საკრებულოს გადაწყვეტილებას იყენებენ, რაზეც დიდი ხმაური იყო თვით საკრებულოშიც...

- დაანონსებულ აქციებში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მათი უფლებაა, გამოიყვანონ თავიანთი ამომრჩეველი და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. უფლება აქვთ, საპროტესტო რეჟიმში იყვნენ. მათ არავინ ზღუდავს. მათი საპროტესტო განწყობა ისე ჩაივლის, რომ 21 ოქტომბრის შემდეგ მოსახლეობა ვერაფერს იგრძნობს. რევოლუციურ გარდატეხას ისინი ვერ მოახდენენ.

თვითონ ის ფაქტი, რომ ნაცები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, უნდათ მერიამ ამაზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ეს მათი მხრიდან სერიოზული მოთხოვნა არ არის. კარგად გაიხსენონ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში მილიონობით ქონება რომ აქვთ გადაცემული, უპირობოდ გაჩუქებული, მათ შორის, ფიზიკურ პირებზე. სახლები, აგარაკები, გემები, შპს-ეები, მილიონობით დოლარის ქონება. გადახედონ, მათ მიერ ერთ ლარად გადაცემული მილიონობით ლარის ქონების სანაცვლოდ არავითარი ინვესტიცია რომ არ განხორციელებულა. ჩვენ შემთხვევაში, თუ იქნება დადებული ის პირობა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და განხორციელებული იქნება ინვესტიცია, ამაში კანონის დარღვევას ნამდვილად ვერ ვხედავ.

- ნაცები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილს თბილისში ერთ ლარად ჩვენი მიწები არ უნდა გადაეცესო. ნაცები-2, ანუ ევროპული საქართველო ამბობს, რომ ჩვენ შეცდომები გავიაზრეთ და შეცდომების გააზრებაშიც პირველები ვართო. ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ამით რისი თქმა უნდა? არჩევნების გზით მათი დამამხობლისთვის მიწის გადაცემას ვერ ინელებენ თუ აქ მართლაც არის პრობლემა?

- პრობლემა გადაცემაში არ არის. მათი ეს პოზიცია აღიარებაა იმისა, რომ დანაშაულებრივად და უდიერად ეპყრობოდნენ სახელმწიფო ქონებას. მათ ათასობით ჰექტარი მიწა აქვთ გადაცემული, რიგ შემთხვევებში, ყოველგვარი პირობის გარეშე. რიგ შემთხვევებში, პირობა არ არის შესრულებული. კანონი არ კრძალავს სიმბოლურ ფასად გარკვეული ქონების გადაცემას, თუ სიმბოლური ფასის უკან ხელშეკრულებით არის ნაკისრი ვალდებულება, რომ მილიონობით ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ ზარალდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად რელევანტურია ამა თუ იმ ტერიტორიის გადაცემა. ის პოზიცია, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილია, არ შეიძლება არაფრის გადაცემა, სისულელეა.

რამდენად ასოცირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მე ამის დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ეს არის მათი პიარის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც ცდილობენ, ხელისუფლებას გაუკეთონ ანტიპიარი. თუ ეს კომპანიები ვერ ღებულობენ ვალდებულებებს, სხვა საკითხია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ვალდებულებების გარეშე დაახლოებით 2 მილიარდის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული. ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას რომ შეასრულებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთ მხარეს არის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე განხორციელებული 3 მილიარდის ინვესტიცია, მეორე მხარეს არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამ შემთხვევაში ერთი მეორეს აძლიერებს და კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს.

- მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას კისრულობს?

- დიახ, საუბარია მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე და, აქედან გამომდინარე, ყველა სიკეთეზე.

- როგორ ფიქრობთ, თავის დროზე მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს მიწას არ გადასცემდნენ?

- ჟურნალისტს არ გაგიჭირდებათ ამაზე პასუხი. ნაცებს მილიარდობით ქონება აქვთ გადაცემული ყოველგვარი პირობების გარეშე 2006 წლიდან მოყოლებული, 2012 წლამდე. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქვთ გადაცემული ნაცებს ქონებები. სააკაშვილს 2012 წლის 10 ოქტომბერს მილიონობით ქონება 1 ლარად აქვს გადაცემული. ამოიღეთ დოკუმენტაცია და ნახავთ, რა ქონებებია გადაცემული.

- მიზერულ ფასად გეპეის ქონებები რომ გადაეცა მიხეილ სააკაშვილის დედას, იმას გულისხმობთ? ისე ცნობილია, რომ ომის დროსაც იფორმებდნენ გარკვეულ ქონებებს, მიწებს, შენობებს სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები...

- ესეც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი ბიჭები ცხინვალთან და კოდორის ხეობაში ომში იღუპებოდნენ, სააკაშვილის მაღალჩინოსნები კი ექსტრემალურ პირობებში, სასწრაფო წესით, სახელმწიფო ქონებას ინაწილებდნენ. საერთოდ, რაზეა საუბარი. თუმცა, ეს არ აძლევს უფლებას სხვა ხელისუფლებას, ანალოგიური გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ არ მოხდება. თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ამისთვის არის საზოგადოებრივი კონტროლი. საზოგადოებას საშუალება აქვს, მოახდინოს საზოგადოებრივი კონტროლი.

- ნაცმოძრაობა თავის თავზე იღებს საზოგადოებრივ კონტროლის ფუნქციას და მოითხოვს, გადაიდოს საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ალბათ, ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებში გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ...

- ნაცები ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ, ისინი განწირული არიან წაგებისთვის. ცდილობენ, მსოფლიოს წინაშე დააფიქსირონ, რომ ნაცმოძრაობა არის რეალური ოპოზიცია.

- ისე, ფაქტია, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს მეორე ადგილის დაკავება...

- ნაცებს ძალიან დიდი რესურსი დარჩათ 2012 წელს წაგებული არჩევნების შემდეგ. იმ რესურსისა და გარკვეული ფინანსების გამო (რომელიც დღემდე აქვთ შენარჩუნებული), ელექტორატს ინარჩუნებენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის მილევადი.

- რესურსზე გამახსენდა, ნაცები იქით გიყენებენ ბრალდებას, ოცნება სახელისუფლებო რესურსს იყენებსო. რა პასუხს გასცემდით?

- სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაში რას გულისხმობენ, არ ვიცი, მაგრამ საარჩევნო უბანში შესული ადამიანი თავისუფალია. დღეს არავის აქვს იმის განცდა, რომ მას უთვალთვალებენ, აძალებენ და ავალებენ, მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც არ უნდა. ადამიანები არიან თავისუფლები და არა მგონია, ნაცების ბრალდებები საფუძვლიანი იყოს. ისინი მსჯელობენ ისე, როგორც თვითონ იქცეოდნენ. არსებობს ასეთი გამონათქვამი: ყველა მსჯელობს თავისი გათახსირებულობის ხარისხით.

ახალი თაობა“, 05 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „გიგა ბოკერიას კლანს გიორგი კვირიკაშვილი მფარველობს“ // „პატრიოტთა ალიანსი“ ბიძინა ივანიშვილის მითითებით დაუპირისპირდა ევროპულ საქართველოს

რატომ ლანძღავენ რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილს, რატომ აღარ ახსოვთ მიხეილ სააკაშვილი, ვინ დგას გიგა ბოკერიას უკან, რა მიზანი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, შეეშინდათ და თუ არა ქართული მარშის წევრებს შიმშილობის დაწყება? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

- ლადო, თქვენ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენთან საუბარში თქვით, რომ 22 ან 23 სექტემბერს დაიწყებდით სასიკვდილო შიმშილობას. უკვე 5 ოქტომბერია და შიმშილობაზე ხმას არ იღებთ, არავის შიმშილობა და, მით უმეტეს, სიკვდილი არ მინდა, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ მიმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. შეგეშინდათ და გადაიფიქრეთ თუ ხელისუფლებისგან მიიღეთ პირობა, რომ თქვენი მოთხოვნები შესრულდება?

- არც შიმშილობის დაწყება გადაგვიფიქრებია და არც ხელისუფლებას მოუცია იმის პირობა, რომ ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს. ჩვენ მთავრობას გავუგზავნეთ მოთხოვნები და პასუხის გასაცემად 10-დღიანი ვადა მივეცით. მათგან პასუხს 5 ოქტომბერს ველოდებით.

შიმშილობა ისევ ძალაში რჩება, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსს“ რომ ვუყურებ, ვხვდები, როგორ გაბითურდა ბრძოლის ეს ფორმა. არადა, საქართველოში ყველას ახსოვს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დროინდელი შიმშილობა. ეს ალიანსელები კი არ შიმშილობენ, არამედ 3 დღეში ერთხელ ცვლიან მოშიმშილეებს. მორიგეობით შიმშილობა ნამდვილად არ გამიგია.

- არც 3 დღით შიმშილობაა პატარა საქმე, თქვენ ჯერ ერთი დღეც ვერ იშიმშილეთ...

- მოვა დრო და ყველას ვაჩვენებთ, რას ნიშნავს ნამდვილი შიმშილობა. სიმართლე გითხრათ, ამ დღეებში გვქონდა საუბარი, რომ ღირს კი ამ ვითარებაში შიმშილობა. ხელისუფლებამ ისიც კი იკადრა, რომ მართული ოპოზიცია დასვა პარლამენტის წინ საშიმშილოდ.

- გაქვთ რაიმე მტკიცებულება, რომ ალიანსი ხელისუფლებამ დასვა საშიმშილოდ? ეგრე ქართულ მარშზეც ამბობენ, რომ ვიღაცის მიერ იმართებით...

- ჩვენზე იმდენ რამეს ამბობენ… რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ალიანსთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო ასე ფიქრობს. ის, რაც პარლამენტის წინ ხდება, ეს არ არის შიმშილობა, ეს არის ვაჭრობა – ალიანსი „ოცნებისგან“ საკრებულოებში ადგილებს ითხოვს.

- ამბობთ, საშიმშილოდ ხელისუფლებამ დასვაო, მერე ალიანსი ევაჭრებაო და თუ ხელისუფლების მითითებას ასრულებენ, ვაჭრობა რაში სჭირდებათ.

- ეტყობა, საჭიროა და იმიტომ. სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ეროვნულ შიმშილობას პეწი დაუკარგა. მე „ოცნების“ კულუარებიდან ვიცი, რომ პატრიოტები თბილისის საკრებულოში 3 ადგილს ითხოვენ. ისიც ნიშანდობლივია, ეს პარტია ხელისუფლებისგან ბოკერიას გასამართლებას რომ ითხოვს. რა ბოკერია ხალხო, რის გივი თარგამაძე? აქცენტები ხელისუფლებაზეა გადასატანი. „ქართულმა ოცნებამ“ შეიტყაპუნა ის, რომ გიგა ბოკერია არ გასამართლდება. ამის გამო ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს ხალხი პასუხს. თვალშისაცემია ისიც, რომ ნაციონალებს აღარავინ აღარ ახსენებს. არც ეს გახლავთ შემთხვევითი ამბავი.

- თქვენი აზრით, რატომ აღარ ახსენებენ ნაციონალებს?

- ამას მარტივი ახსნა აქვს. იყო „ოცნება“, ყოფილი ხელისუფლება და პატრიოტთა ალიანსი. ეს პარტიები პირველ სამ ადგილს იკავებდნენ პოლიტიკურ მარათონში. შარშან ნაციონალები შუაზე გაიყვნენ და პატრიოტთა ალიანსმა მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა. პატრიოტთა ალიანსი უპირისპირდება მესამე ადგილზე მყოფ ბოკერიას გუნდს და მის ჩაძირვას ცდილობს. ერთ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი თქვენს მკითხველს. „ოცნების“ სამზარეულოში ამაზე აქტიურად საუბრობენ. პრემიერ კვირიკაშვილის პროექტი და პიროვნული გადაწყვეტილება ყოფილა ის, რომ ნაცმოძრაობას ბოკერიას ფლანგი გამოყოფოდა. „ევროპული საქართველო“ ფაქტიურად კვირიკაშვილის ფრთის ქვეშ არიან შეფარებული. პატრიოტთა ალიანსის ლიდერები თავის გამოსვლებში ძირითადად კვირიკაშვილს და ბოკერიას ლანძღავენ. ამტკიცებენ, რომ საქართველოში არაა არაფორმალური მმართველობა და ივანიშვილი არაა არაფორმალური მმართველო.

- ამბობთ, რომ ბოკერიას გუნდი კვირიკაშვილის ფრთის ქვეშ არის. არადა ადრე ამბობდით, რომ ბოკერია ივანიშვილს გაურიგდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

- როდესაც კაცი პრემიერად მოდის, მას მოაქვს თავისი სქემა, თუ როგორ აპირებს პოლიტიკის წარმართვას. კვირიკაშვილის ეს სქემა ბიძინამაც მოიწონა, პრემიერმაც გამოყო ბოკერია და ნაცმოძრაობა შეასუსტა. ახლა, ეტყობა, ბიძინას აღარ მოსწონს `ევროპული საქართველოს~ ქმედებები და ბოკერიას ფრთას პატრიოტები დაატაკა. ამ დაპირისპირებით ისინი 2 კურდღელს იჭერენ – ივანიშვილის დავალებასაც ასრულებენ და კონკურენტსაც აჩოჩებენ მესამე ადგილიდან.

სამწუხაროდ, მათ ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით ამ გეგმის განსახორციელებლად. „ევროპულ საქართველოში“ ისეთი შებერტყილები არიან, მათთვის ტვინით მოგება იოლი არ იქნება. ეს ტიპები 9 წელი მართავდნენ ქვეყანას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰებელსი ბოკერია ჰყავთ იქ.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ნაციონალებს აღარავინ ახსენებს, მაგრამ ნაციონალებმა შეახსენეს ხალხს თავი და აქციები დაიწყეს...

- ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ესეც „ოცნების“ მოფიქრებული გეგმის ნაწილია. ყოფილი ხელისუფლება, როგორც წესი, არჩევნების წინ აქტიურდება ხოლმე. „ოცნება“ მათ ყველანაირად ხელს უწყობს, რადგანაც საარჩევნოდ მათ ბუას თემის წამოწევა სჭირდებათ. ხალხს ეუბნებიან, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ესენი დაბრუნდებიან და ცოცხებს გაგვიყრიან.

- დავით უსუფაშვილზეც მინდა გკითხოთ. როცა ის რესპუბლიკური პარტიიდან წამოვიდა, თქვენ იყავით პირველი, ვინც თქვა, რომ ის გახდებოდა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი. პარლამენტის ექსსპიკერის გადაწყვეტილებას თავიდან რესპუბლიკელები მშვიდად შეხვდნენ, ბოლო ერთი კვირა კი მას გამუდმებით ესხმიან თავს და ყოფილი პრემიერის სატელიტად მოიხსენიებენ. რამ გაამწარა ესენი?

- დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ დავით უსუფაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მე ის მაინტერესებს, რატომ დუმდნენ ამაზე აქამდე რესპუბლიკელები. მათ ჩემზე უკეთ იცოდნენ, თუ რატომ წამოვიდა უსუფაშვილი მათგან. მე ვიცი, რატომაც აყვირდნენ ახლა რესპები, მათ დაინახეს, რომ უსუფაშვილი პირადად მათი პარტიისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ამიტომაც დაესივნენ. რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, უსუფაშვილი და მისი გუნდი კონტროლირებადია.

- უსუფაშვილის გუნდში მისი თანამეცხედრეც მოიაზრება. თინა ხიდაშელზე იმის თქმა, რომ კონტროლირებადია, ცოტა უხერხულია...

- ვაიმე! თინას აქვს თავისი ბიზნესი და მას მიხედვა სჭირდება, გენაცვალე. იმისთვის, რომ ბიზნესი განავითარო, ვიღაცას თავი უნდა დაუხარო.

თინადან ისევ ივანიშვილის პროექტ უსუფაშვილზე გადავალ. ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ მერებად და გამგებლებად ნამუშევრები უეცრად უსუფაშვილის საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ. ეს ტიპები ბოლო 3-4 წლის მანძილზე იმ რეგიონებს ჭამდნენ, სადაც მუშაობდნენ. მათ ბევრი ფული იშოვეს და ახლა ამ ფულს უსუფაშვილს მოახმარენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ეს პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდება. თავად უსუფაშვილი არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ კარდაკარ არ დარბის და რეალურად თავს ინახავს. მათ საკმაოდ სწორი სტრატეგია აირჩიეს.

- სწორი სტრატეგია რატომ არის?

- მესამეხარისხოვან არჩევნებზე სირბილი საჭირო არ არის. ის თავის არსებობას აფიქსირებს. ჩემი აზრით, უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გააქტიურდება და მაშინ გახდება სხვა ოპოზიციური პარტიების სამიზნე.

საქართველო და მსოფლიო“, 04-10 ოქტომბერი, 2017 წელი

ქართული ოცნებათავისი კანდიდატებიანად ისე იქცევა, ადამიანს ეგონება, ნაციონალებისგამარჯვება და მიშას საქართველოში ტრიუმფით დაბრუნება სურს

ბაკურ სვანიძე

დავიწყებ კომედიით: თბილისის მერობის “დამოუკიდებელმა” კანდიდატმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა აფერისტობაში, მორიგი აფერა–რეკორდი დამყარა _ უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე, “პროტესტის ნიშნად”, “ვადამდე” დატოვა თბილისის საკრებულო. არ მკითხოთ, აქ ბრჭყალები რატომ გამოვიყენე. რეალურად დამოუკიდებელ კანდიდატს ამდენი ფული არ ექნება ასეთი ძვირად ღირებული “პიარის” საწარმოებლად და ამდენი ტელევიზიის ეთერის ამ დოზით მოსასყიდად…

ალეკო ელისაშვილმა საკრებულოდან “პროტესტით” წასვლას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და “გულდათუთქულმა” განაცხადა: “იმის შემდეგ, რაც 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოში მოხდა, მე, უბრალოდ, მორალური უფლება აღარ მაქვს, სამსახურში ვიარო”.

არადა, როგორც “ბოროტი ხმები” ამბობენ, “წმ. ელისა” არც მანამდე დადიოდა სამსახურში. მისი საკრებულოს სხდომებზე გამოცხადება პირდაპირპროპორციული იყო იმისა, აშუქებდნენ თუ არა საკრებულოს იმ კონკრეტულ სხდომას ტელეკამერები.

29 სექტემბერს მომხდარს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ იმ დღეს თბილისის საკრებულოში ყიჟინითა და გრიალით მიცვივდნენ თბილისის მერობის კანდიდატების: “ნაციონალური მოძრაობიდან” ზაალ უდუმაშვილისა და “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები თავიანთი ბელადებითურთ, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილი იძულებული შეიქნა, პატრული გამოეძახებინა ვითარების დასარეგულირებლად.

აი, ეს “გააპროტესტა” ალეკო ელისაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე და ისე განაცხადა: “ასეთი უღირსი ფაქტის გამო, აქ ჩემი ფეხი აღარ იქნებაო”, თითქოს თბილისის საკრებულოში მანამდე არაფერი მომხდარა უღირსი, მიუღებელი და გასაპროტესტებელი.

ამ წარმოუდგენელ კომედიას მიჯრით ენაცვლება ტრაგედიაც. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ ადამიანები, ალეკო ელისაშვილის “წმინდანობისა” რეალურად სჯერათ. “აი, ახლა ხომ მაინც ნათელია, რომ ალეკოს არანაირი თანამდებობები არ აინტერსებს! აგერ, საკრებულოდანაც საკუთარი ნებით წავიდა!” _ წერენ ისინი. ასეთ ტრაგედიას ენა ნამდვილად ვერ აწერს, ამიტომ სჯობს, ისევ ამ სტატიის მთავარ ღერძს, მელოდრამას, დავუბრუნდეთ.

თბილისის მერის არჩევნების მთავარი მელოდრამა არის ის, რომ 2012 წელს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობდით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაცები საერთოდ გაქრებოდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან და უკვე 2017 წლის ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნებში ერთი კანდიდატიც აღარ ეყოლებოდათ.

არადა, როგორც ცნობილ მელოდრამებში ვითარდება ხოლმე მოულოდნელი და მეტად რომანტიკული სიუჟეტები, წელს დედაქალაქის მერად არათუ ერთი, არამედ სამი ნაცი იყრის კენჭს(!): ზალიკო უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე. ერთი, “გირჩმა” არ შემოგვთავაზა თავისი ნაცი, თორემ დანარჩენი სამი ყოფილი “ნაცპარტია” მონდომებით იბრძვის დედაქალაში თავისი მერის დასასმელად.

ბრძოლის ხერხებით უფრო ხოშტარია და უდუმაშვილი უახლოვდებიან ერთმანეთს, ვაშაძე “კონსტრუქციულს” “აწვება” და “მე იუსტიციის სახლები ავაშენე”-იმიჯიდან ვერაფრით გამოდის. მთავარი “დამრტყმელი ძალა” მაინც ზალიკოა. რატომ ზალიკო? ეგ მართლა არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მთელი გულით ცდილობს, გაამართლოს მიშას ნდობა და პირნათლად შეასრულოს ანდროიდზე მიღებული მესიჯები. ელენე ხოშტარია, მართალია, თბილისის საკრებულოში მიჰყვა დიად ზაალს და საკმაოდ იდებოშირა, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილისის მერიის შენობასთან ატეხილი ხმაური და გაწევ-გამოწევა მთლიანად ზაალ უდუმაშვილის ანგარიშზეა. მას აქტიურად ეხმარებოდნენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და თვით გიორგი ბარამიძე, მაგრამ მთლიანობაში, ზალიკო მაინც ბოლომდე შეეცადა, ნათელი პასუხი გაეცა კითხვაზე _ რატომ ზალიკო?

იმიტომ ზალიკო, რომ ამ კაცმა უტიფრობის, უნამუსობისა და ყველაფერზე წამსვლელობის ისეთი უნარი გამოამჟღავნა, აქამდე ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ნაცისთვის რომ არ შეგვინიშნავს.

აი, სწორდე აქ იკვრება საარჩევნო მელოდრამის ჯაჭვიც და ამავე თვისებებით შეგვიძლია ზაალს თავისუფლად შევადაროთ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

ინტერნეტში გავრცელდა 2008 წლის ჩანაწერი, სადაც კახა კალაძე, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი, “რუსთავი 2”-ზე, ინგა გრიგოლიას სტუდიაში (გადაცემა “პრაიმ-თაიმი”) ზის და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს კაი პატარძალივით უჟუჟუნებს თვალებს. დიახ, წესით, ადამიანებს ეს ისედაც უნდა ახსოვდეთ, რომ მაშინ, როდესაც გირგვლიანის ამბავი უკვე ჩავლილია, 7 ნოემბერი მომხდარი და ტელეკომპანია “იმედი” სასტიკად დარბეული, კახა კალაძე მოგვიწოდებდა, მეორე ვადით აგვერჩია “ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი” მიხეილ სააკაშვილი. ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა კი კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახვა მთელი ის ამაზრზენობა, საზიზღრობა და გულისამრევობა, რაც ამ “ვაზელინობას” ახლდა თან 2008 წელს. სწორედ მაშინ განაცხადა კახა კალაძემ, რომ “შორეულ პერსპექტივაში” აქვს პოლიტიკური მიზნები და, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტობაზეც კი იფიქროს…

როგორც ჩანს, მის ამ “ოცნებებს” მიხეილ სააკაშვილმა მეორე ვადით პრეზიდენტობის განაღდებისთანავე შეაჭრა ფრთები და კალაძეს “თავის ადგილზე” დაჯდომისკენ მოუწოდა! აი, ეს იყო ის მიზეზი, რომლის გამოც ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი მიშას დაუპირისპირდა. მისი ამბიციების სამი მეოთხედი მაინც რომ დაეკმაყოფილებინათ, აშკარაა, რომ კახა კალაძეს არც გირგვლიანის ამბავი ააღელვებდა დიდად, არც 7 ნოემბრის აქციის დარბევა გაუღვიძებდა ნამუსს და არც “იმედის” დარბევას ინაღვლებდა. ყოველივე ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიქნა მისთვის “პრინციპული”, როცა მიშასგან ვერ მიიღი ის, რასაც ელოდა…

საარჩევნო მელოდრამის ყველაზე საინტერესო და ამოუცნობი გაგრძელებაა ის, რომ “ქართული ოცნება” თავისი კანდიდატებიანად ისე იქცევა, ადამიანს ეგონება, ნაციონალების გამარჯვება და მიშას საქართველოში ტრიუმფით დაბრუნება სურთ. თუნდაც განცხადება იმის თაობაზე, რომ 2018 წელს საქართველოში პენსიები ერთი თეთრითაც ვერ მოიმატებს! ასეთი განცხადება ამ წინასაარჩევნოდ, გგონიათ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გააკეთა? არა, ბატონო, ეს განცხადება ეკუთვნის “ოცნების” მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს. ეს მაშინ, როდესაც “ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე რაიონებში საკრებულოებისა თუ გამგეობების გამგებლობის კანდიდატები ხალხს არა მხოლოდ პენსიების ზრდას, არამედ ქვეყნიურ სამოთხესა და არნახულ აყვავებას ჰპირდებიან.

თავის მხრივ, არც ნაცები აკლებენ ხელს. ნაციონალების მიერ გაპროტესტებული ნებისმიერი საკითხი ხომ ხალხში უკურეაქციას იწვევს. რეალურად გასაპროტესტებელიც რომ იყოს რამე, თუკი ნაცები ვინმეს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, ის ვინმე უმალ მაღალ რეიტინგს იძენს ხალხში. ნაცების კრიტიკისა და უშვერი ლანძღვა-გინების უპირველესი ობიექტი კი სწორედ ბიძინაა და ამიტომაც გვიჩნდება ლოგიკური ეჭვი: სულაც ბიძინა ხომ არ აფინანსებს აწ უკვე “ჩამოლაბორანტებულ” “ნაციონალურ მოძრობას” და მის ლიდერებს?

თუ დაუკვირდებით, როდესაც ბიძინას ძალიან უნდა, რომ მის მიერ წამოწყებული საქმე თუ პროექტი ძალიან მოაწონოს ხალხს, იმწამსვე ამ პროექტის კრიტიკას და მის წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას იწყებენ ნაცები.

ნაცებზე საშინლად აღრენილი ხალხი კი იმწამს დადებითად განეწყობა ხოლმე იმის მიმართ, რასაც ისინი ებრძვიან. სადღეისოდ ზუსტად ეს ხდება “პანორამა თბილისის” საკითხის გარშემოც. ნაციონალებმა თავიანთი მედგარი და შეუპოვარი წინააღმდეგობით და მისი საწინააღმდეგო აქციების გამართვით, მგონი, უკვე “პანორამის” ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგეებსაც კი შეაყვარეს “პანორამა”.

ასეთი სიამტკბილობა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ნაცებს ხელს აძლევთ ხელისუფლებაში ქოცების ყოფნა, რადგან ეს ერთადერთი ძალაა, რომელიც მათ არსებობის უფლებას დაუტოვებს, არ დასჯის დამსახურებისამებრ და არ გააქრობს პოლიტიკური ასპარეზიდან. ქოცებს, თავის მხრივ, ძალიან აძლევთ ხელს ნაცების ყოფნა ქართულ პოლიტიკაში “მთავარ ოპოზიციურ ძალად”, რადგან ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც, ნებისმიერი ბრალდებისა და კრიტიკის საპასუხოდ, წამოაძახებენ “9 წელს”, ხოლო მთავრობისადმი უკმაყოფილების შემთხვევაში, ხალხს შეაშინებენ: მანიაკი ნაცები დაბრუნდებიანო. როგორც დედა აშინებს ჭირვეულ შვილს: “ნუ ტირი, თორემ ბუა წაგიყვანსო!” -_ ეს კი უკვე “უჟასების”, ანუ საშინელებათა ჟანრია.

ამავე ჟანრიდან იყო ის, რომ საკრებულოში მივარდნილი “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძე, რომელსაც, ალბათ, ეგონა, ემანდ, მეც ჩემთვის სახეიროს გამოვკრავ ხელს რამესო, “ოცნებამაც” უგულებელყო და “ნაცმოძრაობამაც”. როდესაც თბილისის საკრებულოში ნაც–ქოცური მღელვარე პოლიტიკური სპექტაკლი დასრულდა და დაღლილი ნაცები და ქოცები, ალბათ, სადმე რესტორანში ერთად დასხდნენ, – მოდი, წარმატებული სპექტაკლის აღსანიშნავად კაი პური ვჭამოთო! – მხოლოდ ეული ნატა ფერაძე იდგა საკრებულოს წინ მოწყენილი და მოთქვამდა: პოლიციელები არ გამოწეულან ჩემზე, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა განდონებმა გამომაგდეს შენობიდანო.

დაცული სექსის ამ უწყინარი ატრიბუტის ასე უადგილოდ ხსენება, ალბათ, ნატას ქვეცნობიერში 2012 წლამდე მის საქმიანობას უკავშირდება. ვინ იცის, ეული ნატა იქნებ ფიქრობდა კიდეც: ხომ არ სჯობს, საერთოდ, შევეშვა ყველაფერს და ჩემს ძველ საქმიანობას მივუბრუნდეო?! მაგრამ…

არა უშავს, გუგავა მოვა!

Comments are closed