„რეზონანსი“: ვინ შეცვლის მიხეილ სააკაშვილს // „ნაცმოძრაობის” დაშლა უკვე დაიწყო, პოლიტიკაში დამარცხებულებს პატივს არავინ სცემს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „მალე ქვეყანაში ახალი ოპოზიციური ძალის შექმნა გახდება საჭირო“ // „დავით უსუფაშვილი ძველ პოლიტიკურ სახეებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს“
—–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „გიგი უგულავას აქვს ამბიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლოს“ // „ნაციონალური მოძრაობა გადარჩენისთვის იბრძვის“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსოს ცისკარიშვილთან: „ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ ყველაზე დიდი მოულოდნელობაა“ // „თამარ ჩუგოშვილს ბევრად მეტი და წარმატებული ბიოგრაფია აქვს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „დავით უსუფაშვილი ვერც პოლიტიკურ ცენტრს შექმნის და ვერც დაცენტრილ ორგანიზაციას“ // „პოლიტიკა ბალასტისაგან თავისუფლდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტარიელ ფუტკარაძესთან: „მუსლიმანური თემით მანიპულირება რუსეთისთვის ხელსაყრელია“ // „საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება თურქეთს ხელს ნამდვილად არ აძლევს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ჩინელებზე საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა აღძრულიყო“ // „ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, დასაქმებულის უფლებები დაიცვას“
——
„ვერსია“: დავით უსუფაშვილის გზა კომუნისტობიდან ლიბერალობამდე
——
„რეზონანსი“: შეჩერების მექანიზმზე ჩამოკიდებული ვიზალიბერა-ლიზაცია // როდის მიღებს საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას
„რეზონანსი“: რუსული ომის აჩრდილი საქართველოში // „2008 წლის აგვისტოს სცენარის განმეორების დიდი საფრთხე არსებობს“
——————-
„რეზონანსი“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ვინ შეცვლის მიხეილ სააკაშვილს
„ნაცმოძრაობის” დაშლა უკვე დაიწყო, პოლიტიკაში დამარცხებულებს პატივს არავინ სცემს“
თაკო მათეშვილი
“ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების ინიციატივას პოლიტოლოგები საეჭვოს უწოდებენ. მათი აზრით, ამ თემის საჯაროდ გამოტანა ბევრ კითხვას ბადებს. ჩვეულებრივ სიტუაციაში, მათი თქმით, შიდაპარტიულ საკითხს “ნაციონალური მოძრაობა” საჯარო მსჯელობის საგნად არ აქცევდა. თავად ინიციატივას რაც შეეხება, სპეციალისტთა ნაწილი მას დროულს უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ჩანაცვლება პარტიისათვის მომგებიანი იქნება. თუმცა, პოლიტოლოგთა მეორე ნაწილის აზრით, “ნაცმოძრაობას” სათანადო რესურსი არ გააჩნია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებებს საზოგადოება მიჩვეული არასოდეს ყოფილა, რადგან ესაა პარტია, რომლის წევრებიც განსხვავებულ განცხადებებს არასოდეს აკეთებდნენ. ბოლო პერიოდში კი ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
არჩევნების შემდეგ მათ განსხვავებული მოსაზრებები ჰქოდნათ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, რულოვსის მიერ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმაზე და ა.შ. ახლა კი, როგორც ჩანს, განხეთქილების ერთ-ერთი თემა პარტიის ხელმძღვანელობაც გახდა.
მისი შეცვლის ინიციატივით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოვიდა. მოგეხსენებათ, უგულავა პატიმრობაშია და გუშინ მისი ღია წერილი გავრცელდა, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს მიმართავს.
“აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს, ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა”, – აღიშნულია წერილში. გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს პარტიას ახალი, არამედ ისიც მზადაა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს, რათა მიეცეს შესაძლებლობა თბილისის აქტივს ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს.
გიგი უგულავა წერილშივე აღნიშნავს, რომ არ იცის, თუ რას ფიქრობს სააკაშვილი მის ამ პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ სრულად გაიზიარებს.
“ახლა ჩვენი ვალია “ნაციონალური მოძრაობა” უფრო მეტად გავხადოთ დასავლური ყაიდის დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია. მხოლოდ ასე შეძლებს ის ქვეყნის ოლიგარქის მარწუხებისგან, უფრო სწორად, აბლაბუდისგან დახსნას. მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია.
აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის… პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები”, – წერს გიგი უგულავა და დასძენს, რომ ამით “ნაცინალური მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება.
გიგი უგულავას ინიციატივას თანაგუნდელები მალევე დაუპირისპირდნენ. აკაკი მინაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
“მოხდებოდა “ვარდების რევოლუცია” და შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის არარსებობის პირობებში? ვეჭვობ, რომ არა. გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის არარსებობის პირობებში? კი, მოხდებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ახალი ლიდერების აღმოჩენით და ხელშეწყობით არის მუდმივად დაკავებული, და მაინც, სხვების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, დღეს საქართველოში და არამარტო მისი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის”, – წერს აკაკი მინაშვილი.
მოსაზრებას მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძეც იზიარებს და ამბობს, რომ “საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრისა და წონის პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.
“ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რისი წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ, პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც… ყველა პარტიის თამჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე, როგორც ენმ-ის ნაგლეჯს…”, – წერს დავით საყვარელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
დავით საყვარელიძისგან და აკაკი მინაშვილისგან განსხვავებით, პარტიის ხელმძღვანელობის ცლილებას “ენმ”-ს კიდე ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბუნებრივი უწოდა. რაც შეეხება სააკაშვილს, ჭიაბერაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ფორმალურად არც არის. “ამაზე იმსჯელებს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები, პოლიტსაბჭო, ეს საკითხი დაისმება ყრილობაზე და პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თემას მიხეილ სააკაშვილიც “ფეისბუქის” საკუთარი გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა და თანაპარტიელებს” ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა შესთავაზა: “იმ ხალხისგან, ვინც არ იყო ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი”.
“მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა… „ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად. მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
“ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობის განახლებას პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს. ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლა უკვე დაიწყო და ესეც ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი თქმით, პოლიტიკაში დამარცხებულებს პატივს არავინ სცემს.
ჩვენთან საუბრისას იგორ კვესელავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები უკრაინაშიც შერყეულია და საკუთარ პოლიტიკურ გუნდშიც. შესაბამისად, მისი აზრით, უგულავას ინიციატივა პრაგმატულია – იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ახალი ხელისუფლების შეგუებას ცდილობს. ამ ყველაფრის ფონზე კი, იგორ კვესელავა არც იმას გამორიცხავს, რომ უგულავამ შეწყალებაც კი მიიღოს, რადგან იგი ფაქტობრივად პოლიტიკას ჩამოშორდა. შესაბამისად, უგულავასგან ერთგვარ მონანიებასა და შეცდომების აღიარებასაც ელის.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს სააკაშვილი პარტიის ხლემძღვანელის პოსტზე, იგორ კვესელავა ამბობს, რომ შესაძლოა ეს ნიკა მელია იყოს. “ბოლო პერიოდში ის გააქტიურდა, ახალი სახეა, ენერგიული და აქტიური, უშუალოდ ჩართული არ ყოფილა იმ დანაშაულებებში, რაც “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ხდებოდა. ასე რომ, მის კანდიდატურას შესაძლებლად მივიჩნევ. სხვას, ვინც პარტიის ლიდერად ივარგებს, “ნაცმოძრაობაში” ვერ ვხედავ. თუმცა, თუკი სააკაშვილი წასვლას დათანხმდება, მაგრამ მისი გზის გაგრძელება მოინდომეს, მაშინ აქ მელია ვეღარ გამოდგება. მიშას გზის გამგრძელებელი სანდრა უნდა იყოს. გამორიცხული არაა დროებით სანდრამ ჩაანაცვლოს მიშა, ის გამოიყვანონ პოლიტიკურ დაფაზე და სანდრამ დაიწყოს თამაში”, – აცხადებს იგორ კვესელავა.
შიდაპარტიული, ტექნიკური პროცედურის საჯაროდ გამოტანას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია საეჭვოდ აფასებს. იგი ამბობს, რომ ეს შემთხვევითი არაა და, წესით, პარტიის წევრები ერთმანეთს დახურულ რეჟიმში უნდა ესაუბრებოდნენ. ამ ყველაფერს იგი დამაფიქრებელს უწოდებს.
“მგონი, ამის უკან სხვა რაღაცეები დგას. გაუგებარია, რატომ მიმართავს გიგი უგულავა საკუთარი პარტიის წევრებს ღია წერილით, ვფიქრობ, ეს რაღაც სხვა ინტერესებს ემსახურება. შეიძლება საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იყოს გათვლილი და არა შიდა მახასიათებლებზე”, – აღნიშნავს არჩილ გმზარდია.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა უგულავას ეს განცხადება პირადმა ინტერესებმა გამოიწვია, არჩილ გამზარდია ამბობს, რომ თეორიულად შესაძლებელია უგულავა “ოცნებასთან” თანამშრომლობდეს, მაგრამ დასძენს, რომ ამით “ოცნება” მაინცადამაინც დაინტერესებული, წესით, არ უნდა იყოს.
“პრინციპში, “ქართულ ოცნებას” გიგი უგულავა გარეთ არაფერში სჭირდება. რა უნდა მისცეს უგულავამ? რა უნდა მიიღოს “ოცნებამ” იმაზე მეტი, რაც ახლა აქვს? თავად “ნაცმოძრაობის” რეორგანიზაციას რაც შეეხება, მე მის ადამიანურ რესურსებში ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ პარტიის საერთო ხაზი შეიცვალოს. ახალი სახეების შემოსვლა კი დააანონსეს, მაგრამ ყველა კრებით ნადირაძეს, ბოკერიას და თარგამაძეს წარმოადგენს. მაშინ ყველაფერი უნდა შეცვალონ – პარტიის სახელი, იდეოლოგია, ძირითადი მოქმედი პირები და ა.შ. ამ შემთხვევაში კი საერთოდ სხვა პარტიას მივიღებთ. მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაურკვევლობაშია. ვერ იგებს მოქმედების იმ ფორმას მიმართოს, რაც აქამდე ჰქონდა, თუ რაღაც სხვას”, – დასძენს არჩილ გამზარდია.
„რეზონანსი“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „მალე ქვეყანაში ახალი ოპოზიციური ძალის შექმნა გახდება საჭირო“ // „დავით უსუფაშვილი ძველ პოლიტიკურ სახეებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს“
ელზა პაპოშვილი
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ველზე მხოლოდ ყამირია, ხოლო მის დასაკავებლად საკმაოდ დიდი რესურსი და ახალი სახეებია საჭირო. ამიტომაც პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ დავით უსუფაშვილმა აქცენტი გუნდის შექმნისას, ძველ და ვადაგასულ პოლიტიკოსებზე არ უნდა გააკეთოს.
საზოგადოებაში დაკვეთა არსებობს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, რომელიც ქვეყანაში უკვე როგორც მეორე ალტერნატიული ძალა იქნება, რადგანაც “ნაციონალურ მოძრაობას” განახლების რესურსი აღარ აქვს და ის მეორე ძალის როლს ვეღარ შეასრულებს.
- არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას პირველი ჩასაბარებელი ტესტი რა ნაბიჯების გადადგმა იქნება?
- პირველი, ეს იქნება საკადრო გადაწყვეტილებები, ეკონომიკური მიმართულება, საგარეო ურთიერთობა, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე ის იქნება, რომელ სახეებს მიეცემა ხელისუფლებაში გასაქანი და რა კატეგორიის ხალხით მოხდება მთავრობის დაკომპლექტება. შეძლებს თუ არა “ოცნება” ხელისუფლების შევსებას იმ ინტელექტუალური რესურსით, რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩა და მათი პროფესიონალიზმის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს.
ასევე მთავარი იქნება, ეკონომიკური გადაწყვეტილებები და პირველ რიგში, ლარის ვარდნის საკითხის მოგვარება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა იქნება, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი, რაც საზოგადოებას მისი არჩევის საშუალებას აღარ მისცემს და ეს საკამოდ პრობლემური საკითხი მგონია. ასევე, საარჩევნო კოდექსის შეცვლა, რომლსაც არჩევნების წინ “ოცნება” საზოგადოებას ჰპირდებოდა. ასევე მედიის თავისუფლების საკითხი. ამ მიმართ ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადადგამს, უკვე იანვრიდან გამოჩნდება.
- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს მინდა შევეხო, როგორ ფიქრობთ, დავით უსუფაშვილი მოახერხებს თუ არა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და რამდენად ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა?
- “ნაციონალურ მოძრაობაში” დაწყებული პროცესები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მალე ქვეყანაში ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის შექმნა გახდება საჭირო. რეალურად მეორე ალტერნატიული ძალის შექმნის აუცილებლობა იქნება.
ქვეყანაში პოლიტიკური ველი საერთოდ გათავისუფლდა და მოცარიელდა, მეორე მხრივ, ეს ქმნის საზოგადოებაში იმის მოთხოვნილებას, რომ მეორე ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას. დავით უსუფაშვილის გამოსვლიდან ამოვიკითხე, რომ ის რეფორმების აუცილებლობას ხედავს. მან თქვა, რომ ტელევიზიაში გამოჩენის სიხშირე მათი პოპულარობის პროპორციული არ ყოფილა. მისი სურვილია და აპირებს ისეთი პოლიტიკური ძალის შექმნას, რომ ის უშუალოდ მოსახლეობის ოჯახებში შევიდეს. როგორ შეძლებს ის ასეთ გამოწვევას უპასუხოს, ეს უკვე იმ სახეებზე და გუნდზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ის შექმნის.
დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ადამიანებს, რომლითაც ის გუნდს დააკომპლექტებს. ვფიქრობ, რომ უსუფაშვილი ძველ პოლიტიკურ სახეებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. არიან პოლიტიკური სახეები, რომლებმაც თავისი რესურსი უკვე ამოწურეს და მათი მეშვეობით, რამე ახალი ძალის შექმნა გაჭირდება. მათი გუნდში შეყვანით, საზოგადოებას შესაძლოა ძალიან ცუდი ასოციაციები აღეძრას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის საკითხი. თუ ჩვენი მასმედია ძალიან პარტიული გახდება, მაშინ ახალი პოლიტიკური ძალის დამკვიდრება ამ სივრცეში ძალიან რთული იქნება. დავით უსუფაშვილს კომუნიკაციისთვის მედია მაქსიმალურად დასჭირდება, სხვაგვარად ის საზოგადოებასთან ურთიერთობას ვერ შეძლებს. მას დასჭირდება, რომ საზოგადოებამ ის ახალ ამპლუაში მაქსიმალურად დაინახოს.
- აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, ალასანია, უსუფაშვილი და შარტავა, პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანდნენ და ერთი დიდი ალიანსი შექმნან. ეს რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?
- ვფიქრობ, რომ ვადაგასული პოლიტიკოსებით, ასეთ ალიანსს დიდი ეფექტი ვერ ექნება. საზოგადებას სჭირდება ახალი სახეები, რადგანაც თავად საზოგადოების დაკვეთაა ასეთი. მაშინ, თუ ასეთი ალიანის შეიქმნება, მათი წარმატების ერთადერთ შედეგს მხოლოდ ქუჩის სცენარი მოიტანს. მაშინ ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს, რომ მისი დამარცხება შეძლონ. სხვაგვარად ასეთ ალიანს აზრი არ ექნება. თქვენს მიერ ნახსენები არცერთი პოლიტიკური ლიდერი იმ ქარიზმის მატარებელი არა რის, რომ მათ საზოგადოება გაჰყვეს, შესაბამისად ასეთი გაერთიანება მათ ვერაფერ წარმატებას ვერ მოუტანს.
- “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პარტიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ერთმა ჯგუფმა გარეთ დარჩენილ პარტიებთან ალიანსი შექმნან?
- “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს განახლების არანაირი რესურსი არ გააჩნია. რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არანაირი აზრი არ ექნება. ნულს რომ ნული მიუმატოთ, ჯამურად ხომ არაფრის მომცემია. ასევე იქნება, თუ ეს პარტია რამე სახის ალიანს შექმნის. ახლა საქართველოში პოლიტიკური ყამირია, ამიტომ ვინმეს ვინმესთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავ. ხვალ და ზეგ უკვე დრო გვიჩვენებს რა იქნება. შეიძლება ამ მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე სრულიად ახალი ძალები შემოვიდნენ და დამკვიდრდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილისგან თუ თავის გათავისუფლებას ეცდება, ის ქარიზმატული ლიდერის გარეშე დარჩება, რომლის ალტერნატივასაც ვერ იპოვის. უგულავას წერილით გამოჩნდა, რომ მას ფაქტობრივად პოლიტიკაში გმირად დაბრუნება სურს და არც არის გამორიცხული, რომ მას სურდეს თუნდაც პოლიტიკაში ახალ ლიდერად მობრუნდეს.
———————-
„ახალი თაობა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „გიგი უგულავას აქვს ამბიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლოს“ // „ნაციონალური მოძრაობა გადარჩენისთვის იბრძვის“
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მანამდე იქნება პოლიტიკურ ავანსცენაზე მეორე ძალის სტატუსით, სანამ ახალი პროდასავლური ძალა არ გამოჩნდება ქვეყანაში.
- ქალბატონო ხათუნა, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებული წერილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის პასუხი არის თუ არა ღია დაპირისპირება ამ ორ ლიდერს შორის?
- აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ღია დაპირისპირებაა. გუნდიდან სააკაშვილის გაშვება „ნაციონალურ მოძრაობას“, ფაქტობრივად, უქადის იმ ტიპის პოლიტიკურ გუნდად ფორმირებას, როგორიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არიან რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი დემოკრატები და ა.შ. ეს იქნება პარტია პროფესიონალთა, ინტელექტუალთა, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალა, თუნდაც ისეთი, როგორიც დღეს არის.
- რატომ?
- ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ქარიზმატული ლიდერი დღემდე მოთხოვნადია. „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩენისთვის იბრძვის და ეს ფაქტია. ამისთვის მას აუცილებლად დასჭირდება ქარიზმატული ლიდერი, მსხვილმასშტაბიანი მოთამაშე. მხოლოდ პოლიტიკური, ინტელექტუალური გუნდი ამას ვერ შეძლებს. ეს დადასტურდა თუნდაც ამ არჩევნებზე, როდესაც ფაქტი გახდა, რომ ინტელექტუალურმა პოლიტიკურმა გუნდებმა თავიანთი რესურსი ამოწურეს. ამიტომ სააკაშვილის გაწევა პარტიიდან გამოიწვევს ახალი ქარიზმატული ლიდერის შემოსვლის აუცილებლობას ან ძველი ლიდერის რეინკარნაციას.
- რას გულისხმობთ ძველი ლიდერის რეინკარნაციაში?
- ქარიზმატული ლიდერის პოზიციაზე პრეტენზიას თავისუფლებაზე მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვერ გამოთქვამენ. ამ მასშტაბის რესურსი მათ არ აქვთ.
- ანუ მიხეილ სააკაშვილს ვერ ჩაანაცვლებენ?
- დიახ, ვერ ჩაანაცვლებენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ეს პრეტენზია სწორედ მათ ჰქონდეთ, რომლებიც სასჯელს იხდიან. როგორც ჩანს, ასეთი ტიპის ლიდერის ძებნა ნაციონალური მოძრაობის ნაწილმა დაიწყო სწორედ მათ შორის, რომლებიც დღეს თავისუფლებაზე არ არიან. გასაგებია, რომ მათ ასეთი ამბიცია აქვთ. სწორედ ამას ადასტურებს გიგი უგულავას წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მას სურს, იყოს აქტუალური გუნდში, პარტიაში. უგულავას აქვს ამბიცია, სააკაშვილი ჩაანაცვლოს.
- ალბათ, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ის თავისუფლებაზე კი არ არის ან ქვეყნიდან წასული კი არ არის, არამედ გისოსებს მიღმაა და სასჯელს იხდის...
- დიახ, უგულავას უნდა, რომ იყოს აქტიური და პროცესებში უფრო ფართოდ ჩაერთოს, არ იყოს პროცესებს მოწყვეტილი. ძირითადი, რაზეც ის საუბრობს თუნდაც თავის წერილში, არის ის, რომ ახალი თავმჯდომარეა ასარჩევი. გიგი უგულავას მთავარი ხაზი არის ის, რომ პარტიის წარუმატებლობის მიზეზი სააკაშვილია, მიხეილ სააკაშვილი კი ხელს იშვერს იმ ლიდერებისკენ, რომლებიც პარტიას ბოლო სამი წლის განმავლობაში მართავდნენ. რამდენიმე მოცემულობა იკვეთება: ერთი ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანცირებულად პროცესებს ვერ მართავს და მას მართვის სადავეები გაექცა. ის ქვეყნის გარეთ არის და ქვეყნის შიგნით მყოფ ლიდერებს, ლოგიკურია, გაუჩნდეთ ამბიცია, რომ მართონ პროცესები. მეორე _ ნაციონალური მოძრაობა დღეს პრობლემის წინაშე დგას და ეს არის ლიდერის პრობლემა, ვინ იქნება ლიდერი?! სააკაშვილი თავისთავად ნაციონალური მოძრაობის განახლების შემაფერხებელი ფაქტორია.
- გიგი უგულავა შეძლებს მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლებას?
- რთული სათქმელია, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზეც, მოიპოვებს ის თავისუფლებას მომდევნო არჩევნებამდე? ან როგორ შეძლებს ის რეაბილიტაციას საზოგადოების თვალში. „ნაციონალური მოძრაობა“, გახლეჩისა და სააკაშვილის ჩამოშორების შემთხვევაში, დიდი შანსია, გადაიქცეს ჩვეულებრივ კონფორმისტულ, კლუბის ტიპის უპერსპექტივო პარტიად. ამ მიმართულებით ნაციონალური მოძრაობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მას აქვს არა კარგსა და ცუდს შორის არჩევანი, არამედ _ ცუდსა და უარესს შორის.
- მთელ ამ პროცესში ბოკერიას ფაქტორი როგორი შეიძლება იყოს? ჩანს, რომ ის არის სააკაშვილთან დაპირისპირებულ გუნდში...
- რთული სათქმელია, მაგრამ, სააკაშვილთან გამიჯვნის შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე მაინც ყველაზე გავლენიანი ფიგურა სწორედ გიგა ბოკერია იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მანამ, სანამ ქარიზმატული ლიდერი გამოჩნდება გუნდში, კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს მივიღებთ ბოკერიას სახით.
- რატომ?
- მისი გავლენა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე მისი სტატუსი პარტიაში. პირველი პირი ვერ გახდება, არა იმიტომ, რომ ამის რესურსი არ აქვს პარტიაში, არამედ იმიტომ, რომ მას არ აქვს ის რესურსი, რომ ის გახდეს საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურა, კრიტიკულად განწყობილი მასისთვის მისაღები ფიგურა, რომელიც საჭიროა თუნდაც ელემენტარული ბარიერის გადასალახად.
- 2020 წლისთვის ნაციონალური მოძრაობა უფრო ძლიერი იქნება თუ უფრო სუსტი? თუ 8 ოქტომბრის არჩევნები იყო მისი ბოლო შანსი, 27 მანდატი, რომელიც მან მიიღო?
- ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მთავარ ფაქტორზე უკვე ვისაუბრეთ, რომელიც ლიდერის საკითხს უკავშირდება, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, გამოჩნდება თუ არა ახალი, კონკურენტუნარიანი, ძლიერი, დასავლური ტიპის პოლიტიკური ძალა. თუ ასეთი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ექნება შანსი, გაიხანგრძლივოს პოლიტიკური კარიერა და იყოს მეორე ძალა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ადგილობრივი არჩევნებისთვის მაინც გამოიკვეთება ახალი პოლიტიკური ძალა, ყოველ შემთხვევაში, ჩანასახი მაინც, რომელიც კონკურენციას გაუწევს ნაციონალურ მოძრაობას და მეორე ძალის სტატუსს ჩამოართმევს.
„ახალი თაობა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსოს ცისკარიშვილთან: „ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ ყველაზე დიდი მოულოდნელობაა“ // „თამარ ჩუგოშვილს ბევრად მეტი და წარმატებული ბიოგრაფია აქვს“
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.
- ბატონო სოსო, საერთაშორისო შეფასებების თანახმად, არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. კულუარებში საუბრობენ იმის თაობაზე, რომ უმრავლესობის შიგნით სერიოზული კამათი მიდის საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი შეფასებები?
- როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტის ამა თუ იმ წევრზე, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, ვინ არის თითოეული მათგანის რეკომენდატორი, ვისი არჩევანით ხდებიან ეს ადამიანები პარლამენტის წევრები.
- ვისი?
- ასეთი ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. ისევ რჩება განცდა იმისა, რომ ძირითადი საკადრო ცვლილებები ხელდასმულია ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესის მიერ. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ამა თუ იმ კომიტეტის სავარაუდო ხელმძღვანელები. გულწრფელად მინდა ვუსურვო წარმატება თითოეულ მათგანს, მაგრამ, ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ ეს ახალი სახეები იქნებიან მხარდაჭერილნი თავად პარლამენტარების მიერ?!
- ფიქრობთ, რომ წინააღმდეგნი წავლენ?
- იქნება ქვეცნობიერი შეუთავსებლობა ახალსა და ძველ სახეებს შორის. ისინი ერთიანნი არიან მხოლოდ განცხადებებისას, რომელთაც აჟღერებენ იქიდან გამომდინარე, თუ რა დავალებას იღებენ გუნდური შეხვედრების დროს. ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რასაკვირველია, გახლავთ ბატონი კობახიძის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
- რატომ არის მოულოდნელი?
- გამომდინარე მისი პროფესიული გამოცდილებიდან. ერთია, იყო წარმატებული კონსტიტუციონალისტი და მეორეა, იყო ქვეყანაში მეორე პირი, რომელსაც მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდება არა მხოლოდ ქართველი საზოგადოება, არამედ ჩვენი მტერიც და მოყვარეც. უკეთესი იქნებოდა, მას საპარლამენტო საქმიანობის ერთწლიანი გამოცდილება მაინც ჰქონოდა და შემდგომ შესდგომოდა ამ მძიმე აღმართს, მით უმეტეს, რომ მისი ყველა ნაბიჯი შედარებული იქნება დავით უსუფაშვილის კომპეტენციასთან.
- „ქართული ოცნების“ გუნდიდან თქვენ ვის მოიაზრებდით ამ თანამდებობაზე?
- გამიჭირდება ამის თქმა. ალბათ, ეს უნდა ყოფილიყო კარგი იურისტი, თუმცა, იმასთან შედარებით, რასაც ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარედ გვთავაზობენ, აქ უკვე აღარ არის რაიმე კითხვები – რატომ არის ბატონი ირაკლი კობახიძე მოაზრებული პარლამენტის თავმჯდომარედ.
- ძირითადად ორი კანდიდატურა სახელდებოდა კობახიძის გარდა, გია ვოლსკისა და თამარ ჩუგოშვილის...
- ქალბატონ ჩუგოშვილს ბევრად მეტი და წარმატებული ბიოგრაფია გააჩნია. მე ვგულისხმობ მის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობის პერიოდს, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესებში მის ჩართულობას. მან პოპულარობა თავად მოიპოვა, საკუთარი თავით გაპოპულარებულა და არა რომელიმე კერძო პირის მიერ.
- თქვენ რას უსვამთ ხაზს, რომ ირაკლი კობახიძე ხელოვნურად შექმნეს პოპულარულ ჩინოვნიკად?
- სწორედ რომ შექმნეს. ის გახლდათ მაღალი პერსპექტივის მქონე კონსტიტუციონალისტი. ის არ ყოფილა ხელმძღვანელი პირი და ასეთი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მისთვის ჩაბარება ცოტა უცნაურია. ალბათ, თავადაც დაბნეულია. ჩემთვის ერთ-ერთი დამამშვიდებელი ფაქტორი გახლავთ ბატონი ირაკლის ღირსეული მშობლები, მისი მამა. თუ იგი ისურვებს, გაუწიოს კონსულტაცია საკუთარ შვილს, მაშინ შედეგი ბევრად უკეთესი გვექნება.
- ხაზს უსვამთ ირაკლი კობახიძის კარგ კონსტიტუციონალისტობას. კონსტიტუციურ ცვლილებებზე აქტიურად საუბრობენ. რამდენად წაადგება ირაკლი კობახიძის გამოცდილება ჩვენს კონსტიტუციას?
- ყველაფერი შედარებითია. მას გააჩნია სტატიები, შეფასებები ჩვენი კონსტიტუციის შესახებ, ჯერ კიდევ 2012 წლამდე. ცხადია, როცა ახალგაზრდა, კომპეტენტური პირი, საკუთარ საქმიანობაში შემჩნევადი და დამახსოვრებადია, ეს გარკვეულ სიმპათიებს იწვევს, თუმცა, ის უკანასკნელი თვეები, რომლებიც მან გაატარა თითქოსდა პრესსპიკერის ფუნქციით, მის პროფესიულ კომპონენტს ვნებდა.
- საუბრისას საპარლამენტო კომიტეტების სავარაუდო ხელმძღვანელები არც ისე კარგად მოიხსენიეთ. რატომ?
- აქ კმაყოფილების მომგვრელია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ინიშნება ბატონი აკაკი ზოიძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ რეფორმებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის კუთხითაა დაგეგმილი. ძალიან მაინტერესებს, რა დამსახურება აქვს ქართული დიპლომატიის მიმართ მშვენიერ ქალბატონს, სოფიო ქაცარავას, რომელიც იქნება საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე?! რომელსაც მოუწევს საქმიანობა თედო ჯაფარიძის მიერ გაკვალულ შედეგიან გზაზე! ძალიან საინტერესოა, ვინ იყო მათი რეკომენდატორი და რა დიპლომატიური წარსული აქვს ამ ქალბატონს!
- გვესმის შეფასებები, რომ მინისტრთა კაბინეტიც გადახალისდება. იქნებიან ახალი სახეები. რა მოლოდინი გაქვთ?
- კიდევ კარგი, ისე არ გამოვშტერებულვართ, რომ ვინმეს ეფიქრა გიორგი კვირიკაშვილის შეცვლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს საუკეთესო მონაგარია „ქართული ოცნების“ საკადრო სივრცეში. ძალიან მაინტერესებს, რა ნიშნით გახდება ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი?! იმიტომ კი არა, რომ რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, არამედ ვერ ვიხსენებ ვერცერთ სერიოზულ თემას, რომელშიც ბატონი ბიზნესომბუდსმენი იყო აქტიური. კი, ნიჭიერი ეკონომისტია, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელობას უფრო პროფესიონალი კადრი სჭირდება.
- ბატონო სოსო, როგორი ოთხი წელი გველის წინ?
- ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორი დემოკრატიული შეხედულებების მიმანიშნებელი იქნება დღევანდელი პარლამენტი. საუბრები კონსტიტუციურ ცვლილებებზე იქნება ის პირველი ლაკმუსი, რომელიც მიგვანიშნებს – ახალი ხელისუფლება იღვწის ქვეყნის მომავლისთვის თუ საკუთარი ახირებული იდეების დასამკვიდრებლად.
პოლიტიკურად ნეიტრალური საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, რომ მომავალი ოთხი წელიც ისე არ გავფლანგოთ, როგორც წინა ოთხი წელი და კვლავ ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში არ გაატარონ საპარლამენტო წლები ნაციონალურმა მოძრაობამ და „ქართულმა ოცნებამ“. შესაძლოა, ეს ვინმესთვის მისაღებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვიზიარებთ ჩერჩილის დანაბარებს: „როდესაც იწყება კამათი აწმყოსა და წარსულს შორის, აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი“. თუ მხოლოდ ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, ერთმანეთის მიუღებლობა დამკვიდრდება ახალ პარლამენტშიც, ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური პერსპექტივის დასამკვიდრებლად კიდევ ოთხ წელიწადს დავკარგავთ.
„ახალი თაობა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „დავით უსუფაშვილი ვერც პოლიტიკურ ცენტრს შექმნის და ვერც დაცენტრილ ორგანიზაციას“ // „პოლიტიკა ბალასტისაგან თავისუფლდება“
ხელისუფლება და მისი დეპუტატობის კანდიდატები კმაყოფილნი არიან არჩევნებში მიღწეული დიდი წარმატებით. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში კი უკმაყოფილებაა. ხალხს აწუხებს ბევრი პრობლემა, ლარის დევალვაციით დაწყებული, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ძალადობით დამთავრებული. ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს პრობლემები დროებითია.
„დარწმუნებული ვარ, ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და მომავალში სიმტკიცეს შეინარჩუნებს. ეს დროებითი მოვლენაა. საზოგადოებას ყოველთვის ექნება სამართლიანი მოთხოვნები და ხელისუფლებამ, რომელმაც მოსახლეობაზე პასუხისმგებლობა აიღო, ყველაფერს უნდა მიხედოს. ხელისუფლებას ამისთვის უნდა ჰქონდეს პროგრამები. მან უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები“, – ამბობს ანზორ აბრალავა.
- იმ მოქალაქეების უფლებები ვინ უნდა დაიცვას, რომლებსაც ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები ჩაგრავენ?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლებამაც და პროფკავშირებმაც. ამით დაკავებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვა ეხებათ. შრომით დავებში ტონის მიმცემი უნდა იყოს პროფკავშირები. ჩვენთან პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია. არადა, მათ ევალებათ მუდმივი აქტიურობა, მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვა, მავნე პირობების აღმოფხვრა, როგორც ეს ევროპის სახელმწიფოებშია. პროფკავშირებმა ეს უნდა გააკეთონ როგორც დარგობრივ, ისე გაერთიანებულ ჭრილში. იმ არასამთავრობოების გამკვირვებია, რომლებიც სხვა ყველა საკითხზე, განსაკუთრებით პოლიტიკურ სკანდალებზე რეაგირებენ! ამაზე ისინი ჩუმად არიან. პროფკავშირების გაერთიანება საქართველოში პოლიტიკის ნაწილად იქცა. პროფკავშირები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ.
- მოქალაქეების პრობლემებით აღარც ოპოზიციაა დაკავებული. პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა...
- ამ არჩევნებმა ბევრ რამეს ახადა ფარდა. ზოგმა პარტია დატოვა და აცხადებს, მაინც პოლიტიკაში ვარო. ასეთი განცხადებები გაუგებარია. ასე პოლიტიკაში ვართ ყველანი, ვისაც ქვეყანაზე გული შეგვტკივა და ჩვენს მოსაზრებებსაც გამოვთქვამთ იქ, სადაც ამის საშუალება გვეძლევა, თუმცა ტელემედიის უმრავლესობაში შეზღუდვებია და ტრიბუნა ერთსა და იმავე ხალხს ეთმობა. არჩევნების შემდეგ მთელი რიგი პოლიტიკოსები და პარტიები არანაირ ნიშას აღარ იკავებენ. პოლიტიკური ველი ბალასტისგან თავისუფლდება. ამ არჩევნებში ის პარტიები, რომლებიც ადრე ძირითადად გარიგებებსა თვალთმაქცობაში იყვნენ შემჩნეული, საკუთარი სახელით, დამოუკიდებლად გამოვიდნენ და სასტიკად დამარცხდნენ.
- ყველა დამარცხებული პოლიტიკიდან არ მიდის. საუბარია ახალი გაერთიანებების შექმნაზე...
- ეს საუბრები საუბრებად დარჩება. ასეთი გეგმები აქვს დავით უსუფაშვილს. მან ახსენა პოლიტიკური კრიზისი. ეს აბსურდია. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არაა. მას, კორექტულობიდან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისი საერთოდ არ უნდა ეხსენებინა. პოლიტიკური კრიზისი დაუდგა რესპუბლიკურ პარტიას და პირადად დავით უსუფაშვილს. ისინი ამ საპარლამენტო არჩევნებში ხურჯინივით ვერავის აეკიდნენ. უსუფაშვილის პარტიიდან წასვლა უპასუხისმგებლობაა. რესპუბლიკელებში ყველაზე მძიმე წარსული ამ პარტიის დამფუძნებლებს აქვთ. ისინი იყვნენ სამხედრო საბჭოში, სახელმწიფო საბჭოში, სააკაშვილის გვერდით, დაკავებული იყვნენ `კმარას~ წევრების აღზრდით. წესით, უსუფაშვილს პრეტენზიები ადრევე უნდა ჰქონოდა იმ რესპუბლიკელებთან, რომლებიც 35 წელიწადია, ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიან. ეს პარტია იყო ყველა მძიმე პოლიტიკური პროცესის მონაწილე. მისი ლიდერები ყველაფერ ცუდს ამართლებდნენ. ბოლო წლების პროცესებში თავად უსუფაშვილიც მონაწილეობდა. აქამდე იგი ამ პარტიაში კარგად გრძნობდა თავს. ამიტომ მისი წასვლა უპასუხისმგებლო ნაბიჯია.
- მას მომავალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერად მოიაზრებენ...
- დავით უსუფაშვილი ვერც პოლიტიკურ ცენტრს შექმნის და ვერც დაცენტრილ ორგანიზაციას. მან ვერ გამოიჩინა შორსმჭვრეტელობა და ვერ გათვალა, რით დამთავრდებოდა ეს არჩევნები მისი პარტიისთვის. იმ პოლიტიკოსების ბედი, რომლებმაც არჩევნებში კრახი განიცადეს, გადაწყვეტილია. ისინი, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ და რა სახელიც არ უნდა დაირქვან, წასული არიან პოლიტიკიდან, ამიტომ, ჯობია, თავიანთ პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდნენ. ადოლფ ჰიტლერს რომ შეექმნა ახალი, მაგალითად, დემოკრატიული პარტია, ის სახეს იცვლიდა? ამათი ტრანსფორმაციაც არ იქნება. მხოლოდ იმას კი არ უნდა მივუგდოთ ყური, რას ლაპარაკობენ, მთავარია, ვინ ლაპარაკობს.
- არსებობს აზრი, რომ ახალი რეიტინგული ძალის ჩამოყალიბებას შეძლებენ პოლიტიკაში გაუსვრელი ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკაში არ ყოფილან...
- პოლიტიკაში ნამდვილად უნდა იყვნენ სუფთა წარსულის მქონე ადამიანები, მაგრამ ეს არ კმარა. წესიერებასთან ერთად, საჭიროა ახალი იდეები. ახალი იდეები მხოლოდ ახალგაზრდების პრეროგატივა არ არის. დენ სიაოპინი 82 წლის იყო, რეფორმები რომ დაიწყო. ვაჟა-ფშაველას, სიტყვებით, განა ყველა რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?!
„ახალი თაობა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ტარიელ ფუტკარაძესთან: „მუსლიმანური თემით მანიპულირება რუსეთისთვის ხელსაყრელია“ // „საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება თურქეთს ხელს ნამდვილად არ აძლევს“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სახელმწიფოს ადანაშაულებს და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მუსლიმი თემის საინიციატივო ჯგუფის სახელით სახალხო დამცველს მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებით, მუსლიმ თემს უძრავი ქონების გადაცემაზე უარი უთხრეს და ადგილი აქვს დისკრიმინაციას. ამიტომ სახალხო დამცველს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებისა და რეკომენდაციის გაცემისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ახალი მეჩეთის საჭიროების საკითხი აღიარებულია თავად სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დაინტერესებულ მხარეს ამ საკითხში ჩართული ჰყავს ასევე „რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ ევროპული კომისია. „ევროპული კომისია საუბრობს მეჩეთის საჭიროებაზე, თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით, ის მარგინალიზებულ პოზიციად რჩება. მასზე არ ზრუნავს სახელმწიფო“, -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
——-
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ არავის აქვს დისკრიმინაციაზე საუბრის საფუძველი, რადგან ბევრი სამლოცველო და პანსიონია. „ზუსტად ვიცი, ბათუმში იმდენი მუსლიმანი ნამდვილად არ ცხოვრობს, მასშტაბური სამლოცველო იყოს საჭირო. ყველა სოფელს თავისი სამლოცველო აქვს. შეუძლიათ, იქ ილოცონ, მაგრამ ვიღაც სპეციალურად აკეთებს ორგანიზებას“, – ამბობს პროფესორი ფუტკარაძე.
- როგორ?
- ვიღაცას ბათუმში გააზრებულად ჩამოჰყავს ხალხი, რომ საქართველოს დისკრიმინაცია დააბრალონ და პრობლემები შეუქმნან.
- ეტყობა, მუსლიმანური თემით მანიპულირებენ...
- მუსლიმანური თემით მანიპულირება ხელს აძლევს უფრო არა თურქეთს, არამედ რუსეთს. ამით პრობლემას ქმნიან კეთილგანწყობილ თურქეთთან. ამიტომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს, რადგან მუსლიმანური თემის გააქტიურებით რუსეთის იმპერიის წისქვილზე ასხამენ წყალს.
- მათი მიზანი რა არის?
- მათი მიზანია, რუსეთი დააბრუნონ თავისად მიჩნეულ გეოპოლიტიკურ სივრცეში. მუსლიმანური თემის დისკრიმინაცია არსად ხდება. ინფორმაცია ღიაა და შეუძლია ნახოს, რამდენ სოფელშია მეჩეთი. თუ ასეა საქმე, დისკრიმინაცია საქართველოში დღეს ნამდვილად ხდება.
- ვისი?
- ძალიან შევიწროებულია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციები. არავინ ზრუნავს ქართულ ენაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენს გვაქვს ქართველთა დედა ენის გადარჩენის პრობლემა, როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ვთქვათ, მეზობელ თურქეთში, ისე ზოგადად. ძალიან დიდი საფრთხე ექმნება იმ ენას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არ იქნება ორიენტირებული.
- 1988-90-იან წლებში აჭარის გაათეისტებული ქართველობა მასობრივად ქრისტიანდებოდა. შემდეგ შეიცვალა სიტუაცია. თქვენ რა მიზეზებს ხედავთ, რატომ არიან დაინტერესებული გამუსლიმანებითა და სამლოცველოების გახსნით?
- ადგილობრივ მოსახლეობას გულისხმობთ თუ გარე ძალებს?
- ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ხომ არის ჩათრეული ამ პროცესში და ხომ აძახებინებენ, მეჩეთის გახსნა გვინდაო...
- ჩემი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მართლა მუსლიმანია და, ბუნებრივია, მას ლოცვას არავინ უშლის. ვფიქრობ, აქ გარკვეული გარეშე ძალების ინტერესებია. მე შემიძლია დავასაბუთო გარეშე ძალების ინტერესები როგორც რუსეთის, ისე თურქეთის გარკვეული წრეების მხრიდან, თორემ, არა მგონია, თურქეთის ხელისუფლებას აწყობდეს საქართველოში ქართველი ერის გაღიზიანება მუსლიმანობის პროპაგანდით. თუ საქართველოში მუსლიმანობის პროპაგანდა აქტიურად დაიწყო, საქართველოს მოსახლეობა თურქეთს ნამდვილად ზურგს შეაქცევს.
- მაშინ, რა ინტერესები აქვთ?
- მგონი, ამას ყველა ხდება. არსებობს გარკვეული წრეები თურქეთშიც და სხვაგანაც, რომლებსაც სურთ, პანკისში, მარნეულში, აჭარაში რადიკალური მუსლიმანობა გაააქტიურონ. არ გამოვრიცხავ, რუსეთში გარკვეული ძალები დაინტერესებული იყვნენ საქართველოში მუსლიმანობის გააქტიურებით, რომ ქართველი ერი გააღიზიანონ და ქართველები რუსეთისკენ შეაბრუნონ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაფინანსებას იღებენ და ქართული ინტერესების დაცვისთვის კი არ იბრძვიან, ფულს აკეთებენ. ამის ფაქტები არსებობს – ცნობილია, რამხელა ქსელი ჰქონდა გიულენს საქართველოში. გიულენის დაფინანსებული ჯგუფები ჩემთვის ცნობილია.
- რომელი ჯგუფები? ვინ წარმოადგენენ ამ ჯგუფებს?
- არ მინდა მათი დასახელება. ჩემთვის ცნობილია, აჭარაში რომელ კონკრეტულ პირებს აფინანსებდნენ გიულენის ფონდი თუ გიულენის მხარდამჭერი ორგანიზაციები. რელიგიური ექსტრემიზმი საშიშია, მით უმეტეს, რომ დღეს ის მიმართულია ქვეყნისა და ერის ერთიანობის წინააღმდეგ. ადამიანს უნდა ჰქონდეს რელიგიის თავისუფლება. ვისაც უნდა, ილოცოს ქართულად, ვისაც უნდა, ილოცოს არაბულად. ეს მისი უფლებაა, მაგრამ, როდესაც რელიგიის თემა აქტიურდება და პოლიტიკის სახეს იძენს, უკვე საშიშია. „იმედის“ გადაცემაში „ადამიანს უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადება გადიოდა. ვიდეორგოლში მოჩანდა ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, მლოცველებთ სავსე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათგან 1% თუ იქნება საკუთრივ ბათუმელი. შეიძლება, ნაწილი თურქეთიდან გამოსული ტურისტია, შეიძლება, სოფლებიდან ან სხვა მხრიდან არიან ჩამოსული.
- ხელოვნურად ქმნიან პიკურ სიტუაციას, თითქოს ბევრი მლოცველია?
- დიახ, შეგნებულად გროვდება მლოცველთა დიდი რაოდენობა, გარკვეული მასა. სოფლებიდან ჩამოყვანილია ყველა მლოცველი. საკუთრივ ბათუმელი ძალიან ცოტა შეიძლება იყოს. სამლოცველო არის ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის სოფლებში და იქ ილოცონ. რად უნდა მიტინგური ლოცვა? რამდენი ეკლესიაა, ვთქვათ, თბილისში და, ყველამ ერთად რომ შეიყაროს თავი სამებაში, იმაზე უარესი სიტუაცია იქნება, როგორც ბათუმში აჩვენეს. ყველამ თავისი უბნის ეკლესიაში ილოცოს. საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება თურქეთს ნამდვილად არ აწყობს. აწყობს რუსეთს. პროცესი გარედან ვისგან იმართება, ესეც საკითხავია.
- თუმცა, თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს ზოგჯერ აქვთ ისეთი განცხადებები, რომლებიც ნამდვილად გამაღიზიანებელია, მაგალითად, ერდოღანის განცხადება ბათუმის შესახებ.
- თურქეთში ოსმალისტური იმპერიის გავლენის ველზეა საუბარი და არა – ისლამისტურ მიმართულებაზე. აქ სხვადასხვა მიდგომაა საჭირო.
„ახალი თაობა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ჩინელებზე საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა აღძრულიყო“ // „ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, დასაქმებულის უფლებები დაიცვას“
რატომ არ იღებს პარლამენტი შრომის კანონს? რატომ არ იცავს ხელისუფლება დასაქმებულების ინტერესებს? რატომ დუმან სახალხო დამცველი და არასამთავრობოები? რაში მიუძღვის ბრალი საზოგადოებას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრება.
ჯონდი ბაღათურია:
- ის, რაც 2-3 ნოემბერს მოხდა, ყველა ჩვენგანის ბრალია. ჩვენს ქვეყანაში დამქირავებლები, როგორც წესი, უსინდისოდ იქცევიან. უცხოელი დამქირავებლები კი ხშირად დანაშაულსაც სჩადიან. ზვარეს ინციდენტი არ არის გამონაკლისი. ჩინელი დამქირავებლები სხვა დროსაც გაუსწორდნენ ქართველ მუშებს ფიზიკურად. რატომღაც უცხოელმა დამქირავებლებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცუდად უნდა მოეპყრონ და ზოგჯერ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენონ. ეს პირველ რიგში არის ჩვენი მთავრობის დანაშაული, რომელიც ძალიან ლოიალურად რეაგირებს უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
- ამ ლოიალობას რითი ხსნით?
- იმით, რომ ჩვენს ხელისუფლებას უცხოეთიდან შემოსული ჩრდილისაც კი ეშინია. ძალიან კარგია, როცა ამ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი შემოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაფერი ეპატიება. ამ ინვესტორებს ჩვენმა ხელისუფლებამ ნათლად უნდა განუმარტოს, რომ თუ ისინი საქართველოს მოქალაქეებზე ხელს აღმართავენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. სანამ ინვესტორებს ასეთი განცდა არ ექნებათ, მანამდე ყოველთვის იქნება ისეთი ინციდენტები, როგორიც ამ დღეებში ზვარეში მოხდა.
აქვე მინდა გავიხსენო ახლო წარსულში თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც თურქეთის მოქალაქეებსა და არასრულწლოვან ქართველებს შორის მოხდა. სამართალდამცავებმა არასრულწლოვანები დააპატიმრეს და გაამტყუნეს. არავინ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კონფლიქტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ იყო ინსპირირებული. ასეთი ოპერატიულობა ჩინელების მიმართ არ გამოუჩენიათ, რომლებიც ქართველ მუშებს ნაჯახებით და არმატურებით გაუსწორდნენ.
- იმათ წინააღმდეგაც ხომ აღიძრა საქმე?
- საქმე ძალიან სასაცილო მუხლით აღიძრა. როგორ შეიძლება საქმე ცემის მუხლით აღძრა, როცა ადამიანებს ნაჯახით და რკინის ნაჭრებით გაუსწორდნენ. ყველა მათგანს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. ამ შემთხვევაში საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა აღძრულიყო.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ადგილი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა?
- ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ჭრილობები თავის არეში აქვთ მიყენებული და, აქედან გამომდინარე, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა აღიძრას. გამოძიებით შესაძლოა დადგინდეს, რომ დაზარალებულებს თავში შემთხვევით მოარტყეს, მაშინ შეიძლება მუხლის გადაკვალიფიცირება. ცემის მუხლით საქმის აღძვრა ჩვენი სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებს. ზვარეში მომხდარ ინციდენტს საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ჩინეთის საელჩოსთან აქცია გაიმართოს. ამას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ყველას ვთხოვ, ასეთი აქციებისგან თავი შეიკავოს.
- ჩინეთის საელჩოსთან აქციის გამართვას რატომ ეწინააღმდეგებით?
- იმიტომ, რომ აქ ჩინეთის საელჩო არაფერ შუაში არ არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჩვენს უთავმოყვარეო სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც ამაზე არ რეაგირებს. ანტიჩინური და ანტითურქული განწყობების გაღვივების ნაცვლად, ისეთი სახელმწიფოს შექმნაზე ვიზრუნოთ, სადაც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც საქართველოს მოქალაქეზე ხელს აღმართავს.
- ისე, ქართველი დამსაქმებლებიც ხომ სცემენ საქართველოს მოქალაქეებს?
- სამწუხაროდ, ასეთი რამეებიც ხდება და ამაზეც ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა იყოს. ახლა თუ ეს ჩინელები მკაცრად დაისჯებიან, სხვა მსგავსი სისასტიკის ჩადენას ვეღარ გაბედავს. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები და ყველაფერს გავაკონტროლებ. ეს ჩინელები საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები არიან და მათი ადგილი ციხეშია. ამათ კი საქმე ცემის მუხლით აღძრეს. წლების წინ 20 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ 4 თურქს მუშტით სცემა. ციხეში გამოამწყვდიეს 4 შვილის დედაც, რომელმაც 3 ინდოელს სცემა. უხერხულია და უკანონობაა, როცა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასე მკაცრად სჯი, უცხოელების ქმედებაზე კი თვალებს ხუჭავ. ჩინური კომპანია, რომლის წარმომადგენლებმაც უკანონობა ჩაიდინეს, სულაც არ არის ინვესტორი. ეს კომპანია ასრულებს საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთას და ამ ქვეყნიდან ფული გააქვს.
- როგორ მოხვდა ეს კომპანია საქართველოში?
- მათ 2010 წელს გამართულ ტენდერში გაიმარჯვეს. ჯერ ისიც გაუგებარია, თუ რატომ მოიგო ტენდერი ჩინურმა კომპანიამ, როცა საქართველოში უამრავი კარგი სპეციალისტია.
- თქვენ ხელისუფლება დაადანაშაულეთ იმაში, რომ ინვესტორების ქმედებები ხელისუფლების ლოალობით არის განპირობებული. საზოგადოებაზე რას იტყვით, იქნებ ჩვენი ბრალიც არის? საზოგადოებაც ხშირ შემთხვევაში ლოიალურად ხვდება ასეთ ფაქტებს...
- ეს რომ ასე ხდება, ჩვენი ბრალიც არის, მაგრამ რაღაცას დავაზუსტებ. ჩვენი საზოგადოება მსგავსი ფაქტების მიმართ ლოიალური არ არის. უბრალოდ, მერე იოლად ივიწყებს. თუ გამოჩნდა ვინმე ორგანიზატორი, რომ ხალხი მარშრუტკებით გადაიყვანოს, გამოვლენ ქუჩაში, თუ არ გამოჩნდება, ფეისბუქით დაგიჭერენ მხარს. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, ზვარეს ინციდენტის შემდეგ მრავალათასიანი აქცია უნდა მოგვეწყო ან პარლამენტთან, ან შსს-თან. უნდა მოგვეთხოვა დამნაშავეების დასჯა.
ძალიან მშურს ჩვენი მეზობელი სომხების და აზერბაიჯანელების. მათთან მათ მოქალაქეებს ასეთ რამეს ვერ გაუბედავენ. ალბათ ყველას ახსოვს, რა მოხდა სომხეთში, როცა რუსმა ჯარისკაცმა ოჯახი ამოწყვიტა. მთელი სომხეთი გარეთ იყო. ხალხი გარეთ ორგანიზატორების გარეშე გამოვიდა. მოგეხსენებათ, ერევანსა და მოსკოვს როგორი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ სომხეთის მოქალაქეებმა რუსეთთან ლამის კავშირის გაწყვეტა მოითხოვეს, თუ ისინი დამნაშავეს არ დასჯიდნენ. აი, ამით გვჯობიან სომხები. ისინი იმ ქვეყნის განაწყენებას არ მოერიდნენ, რომელზეც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული, ჩვენს ხელისუფლებას კი ნებისმიერი ლანდის ეშინია, თუ ის უცხოეთიდან მოდის. მივმართავ საზოგადოებას, ვიყოთ შეურიგებლები ყველა ასეთი ფაქტის მიმართ. ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ ნებისმიერი დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს.
- არასამთავრობოების რეაქციები სათანადო იყო?
- არც არასამთავრობოებს და არც სახალხო დამცველს სათანადო რეაქცია არ ჰქონიათ. უჩა ნანუაშვილი მარტო სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევაზე რეაგირებს და რომელიმე მათგანს სურდო რომ დაემართოს, ჩვენს არატოლერანტულობას აბრალებს. სამაგიეროდ, ქართველი დასაქმებულების უფლებების დარღვევას არ იმჩნევს. ის არც იმაზე იღებს ხმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის კოდექსი. ხმას არ იღებს, როცა ირღვევა დასაქმებულების უფლებები. უნდა ნახოთ, რა ხდება აფთიაქებში და საბანკო სექტორში. აქ განსაკუთრებით ქალების უფლებები ირღვევა.
- შრომის კოდექსზე ნანუაშვილმა რა უნდა ქნას, ეს კანონი ხომ პარლამენტმა უნდა მიიღოს?
- პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს, რადგან დეპუტატებად ძირითადად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან. მათ რაში აწყობთ ისეთი კანონის მიღება, რომელიც დასაქმებულის უფლებებს დაიცავს. ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად და ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიცვას დასაქმებულის უფლებები.
———————-
„ვერსია“, 04 ნოემბერი, 2016 წელი
დავით უსუფაშვილის გზა კომუნისტობიდან ლიბერალობამდე
სისხლიანი ავტოავარია, სააკაშვილთან გაქცეული პირადი დაცვა, კონსტიტუციის დარღვევა და ექსრესპუბლიკელის X-ფაილის სხვა „შავი ლაქები“
ვანო პავლიაშვილი
ნაციონალების მმართველობა დასრულდა თუ არა, იგი მეორე ქიზიყელი იყო, რომელმაც ხელისუფლებაში გავლენიანი თანამდებობა მიიღო – ქვეყნის მეორე პირი გახდა. „ორივე ჩვენებურია და ახლა მაინც გვეშველება“, – ამბობდნენ მაშინ ქიზიყში, რომლის არსებობაც „ვარდოსნებმა“, ქალაქ სიღნაღს თუ არ ჩავთვლით, არც კი იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის ორი ვადა ისე ამოწურა, მიხეილი ამ უბატონო მხარეს ერთხელაც არ სტუმრებია. „სააკაშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, – ხშირად მეუბნებოდნენ „ზემლიაკები“ და გაბრაზების საბაბსაც ასახელებდნენ, – 2004 და 2008 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ეგ ვაჟბატონი პირში ჩალაგამოვლებული დავტოვეთ და ამიტომაც ვერ გვიტანს”. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, იქ, სადაც ნიკო ფიროსმანი და სოლომონ დოდაშვილი დაიბადნენ, იმედოვნებდნენ, რომ ახალი პრემიერი და პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შეხმატკილებულად იმუშავებდნენ, თუმცა გლეხებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ პოლიტიკურ სამზარეულოში სულ სხვა ამბები ტრიალებდა. დიახ, დიდ პოლიტიკაში თამაშის წესებს ცივსისხლიანი ღმერთები და დემონები ადგენენ და ყველა, ვისაც კი პოლიტიკის ოლიმპოზე ასვლა უნდა, თამაშის ამ წესებს უნდა დაემორჩილოს! ამ მხრივ გამონაკლისი არც ქვეყნის სათავეში მოსული ორი ქიზიყელი ყოფილა – მართალია, გარეგნულად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე „ოცნება“ მმართველი ძალა გახდებოდა, დადიოდა ხმა, რომ ისინი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. რა გახდა ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით უსუფაშვილის ფარული მტრობის მიზეზი? – ეს სხვა თემაა, რომლის განხილვა-ანალიზიც შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი მაინც უნდა გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ინტერენეტსივრცეში ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მომავალი პრემიერი მომავალი სპიკერის თანამეცხედრეს არცთუ კორექტულად მოიხსენიებდა…
მაშ ასე, რა კომპრომატები არსებობს და, საერთოდ, როგორია დავით უსუფაშვილის გზა კომპარტიის წევრობიდან ლიბერალობამდე? – „ვერსია“ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის X-ფაილს წარმოგიდგენთ.
ისე, „იმისტები“, „ამისტები“, ლიბერალები, ანტილიბერალები, რუსეთუმეები თუ მედასავლეთეები, მოკლედ, ყველანი თანხმდებიან, რომ დავით უსუფაშვილი, უდავოდ, ნიჭიერი, განათლებული და თვითმყოფადი პოლიტიკოსია, თუმცა მიუხედავად ამისა, „შავი ლაქები“ მის ბიოგრაფიაშიც არსებობს. „ვერსია“ ხელაღებით არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, შეეცდება, იმ X-ფაილებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მედიაში, ხალხსა თუ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულა, თავი მოუყაროს და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პორტრეტი შექმნას, პორტრეტი, რომელიც, შესაძლოა, ჟამთააღმწერელს 21-ე საუკუნის მეორე ათასწლეულის საქართველოს ისტორიის დაწერაში დაეხმაროს. ასე რომ, პოლიტიკური „პანდორას ყუთი“ გახსნილია – ჩვენ დავით უსუფაშვილზე ვსაუბრობთ!
ოფიციალური დოსიე
1968 წლის 5 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მკვიდრ უსუფაშვილებს ვაჟი შეეძინებათ. ახალშობილს დავითს დაარქმევენ, თუმცა მშობელსა თუ მეზობლებს აზრადაც არ მოსდით, რომ გავა რამდენიმე ათეული წელი და დავითი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
ისე, ჩვენში დარჩეს და, ბატონ დავითს, რომლის პარლამენტის თავმჯდომარეობაც ორ კვირასღა ითვლის, არასოდეს ან თითქმის არასოდეს უხსენებია, რომ ქიზიყში დაიბადა. ახლა, თუკი მსჯელობას ფსიქოლოგიური კუთხით გავაგრძელებთ, შეიძლება, დავასკვნათ, რომ საკუთარი „სოფლელობის დამალვა“ უსუფაშვილის ერთგვარი კომპლექსია, თუმცა ამ „დამალვას“ მეორე მხარეც აქვს – მოგეხსენებათ, დავით უსუფაშვილი თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ანუ როგორც ოპონენტები ამბობენ, მისთვის მამაპაპური ადათ-წესები არაფერს ნიშნავს, ესე იგი, უსუფაშვილის ლიბერალობა რაღაცნაირად კოსმოპოლიტიზმში გადადის. მართლმორწმუნე კოსმოპოლიტებისთვის კი ისეთი სენსიტიური თემები, როგორიცაა, მაგალითად, „სადაც ვშობილვარ-გავზრდილვარ და მისროლია ისარი“ არაფერს ნიშნავს, რამეთუ ისინი თავს მსოფლიო მოქალაქეებად მიიჩნევენ და სამშობლოდ დედამიწას თვლიან.
მოკლედ, „დედამიწელი“ დავით უსუფაშვილი, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლას თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს. სტუდენტობისას, კერძოდ, 1990-1992 წლებში, მუშაობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში იწყებს. მას შემდეგ კი, რაც იურისტის დიპლომს იღებს, სამუშაოდ სახელმწიფო საბჭოს იურიდიულ განყოფილებაში გადადის და ორი წელი, ანუ 1992-დან 1994 წლამდე მრჩევლის პოზიციას იკავებს.
სწორედ ამ დროს, პოლიტიკური ელიტა კონსტიტუციაზე იწყებს მუშაობას და ახალგაზრდა იურისტი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად მუშაობს.
1994 წელს, დავით უსუფაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აფუძნებს და ამ „ენჯეოს“ პირველი თავმჯდომარეც ხდება.
საერთოდ, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, არასამთავრობო სექტორის განვითარებაში უსუფაშვილის მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი _ სხვა თუ არაფერი, პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ერთ-ერთ პირველ „ენჯეოს“ სამი წელი ხელმძღვანელობდა ანუ ანტილიბერალების ლოგიკით, დასავლეთმა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „უსუფას“ (პოლიტიკურ წრეებში მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სწორედ ამ თიკუნით მოიხსენიებენ ხოლმე) „გადაბირება“ სწორედ იმ პერიოდში მოახერხა.
სხვათა შორის, ეს ის დროა, როცა ასპარეზზე ლიბერალური ღირებულებების პატივისმცემელი სხვა ახალგაზრდებიც ჩნდებიან, მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელთანაც დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს, ქალბატონ თინა ხიდაშელს თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ… მერე, წლები რომ გავა და უსუფაშვილი ქვეყნის მეორე პირი გახდება, ისეთი ანტილიბერალები, როგორიც მაგალითად, სანდრო ბრეგაძე გახლავთ, უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილს ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად სწორედ ბოკერიასთან მეგობრობას „დაუდებენ“ და სოციალურ ქსელში ფოტოსურათიც კი გავრცელდება, რომელზეც თინა ხიდაშელი, გიგა ბოკერია და სხვა ლიბერალები არიან აღბეჭდილნი.
დღე დღეს მიჰყვება, თვე თვეს, წელიწადი წელიწადს…
დავით უსუფაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების კულტივირებას ცდილობს. პარალელურად, საკუთარ განათლებაზეც ზრუნავს და… 1999 წელს, დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს ამთავრებს. იმავე წელს, AMEX Iinternational-ის საქართველოს ფილიალის დირექტორად ინიშნება და ამ თანამდებობას 2000 წლამდე იკავებს. 2001-დან 2005 წლამდე, პარლამენტის მომავალი სპიკერი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების იურიდიული რეფორმების, ასე ვთქვათ, კურატორია. პარალელურად, როგორც რესპუბლიკური პარტიის აქტივისტი, პოლიტიკურ ფლანგზეც აქტიურობს – „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარი და მებაირახტრეა; ხშირად ჩნდება ბეჭდვურ თუ ელექტრონულ მედიაში და ცდილობს, საზოგადოებაში დემოკრატიული და პროდასავლური იდეები გაავრცელოს.
2005 წელს, დავით უსუფაშვილი პირველ პოლიტიკურ თანამდებობას იღებს – ეროვნული კომიტეტი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ ირჩევს…
2011 წელს, პარტიის ეროვნული კომიტეტი ნდობას მეორედაც გამოუცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული უსუფაშვილი ქართველი რესპუბლიკელების თავკაცი მეორე ვადით ხდება…
ორი კომპრომატი - კომუნისტობა და ჯაპანას ტრაგედია
მათ, ვინც პიარის ხელოვნებაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, კარგად იციან, რომ ნებისმიერი საჯარო პერსონისთვის, მაშასადამე, პოლიტიკოსისთვის, ყველაფერი კარგია, ნეკროლოგის გარდა ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭორი ერთგვარი საშუალებაა, პიროვნება ცნობადი გახდეს. მეტიც, პიარტექნოლოგიებში ერთი ასეთი მიდგომაც არსებობს, თუკი სუბიექტზე არ ჭორაობენ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ნულზე დაბალია. მართალია, ქართველ რესპუბლიკელებს წლებია, ხან „ერთპროცენტიანებს“ ეძახიან და ხანაც „სამპროცენტიანებს“, მაგრამ ფაქტია: ამ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა და ალბათ, მომავალშიც იარსებებს.
კი ბატონო, „უსუფა“, რამდენიმე დღეა, „რესპი“ აღარაა, მაგრამ ეს გარემოება მის ბეგრაუნდში არაფერს ცვლის. ჰოდა, საზოგადოების პოლიტიკური მეხსიერებიდან არც ის ამბები „ამოიშლება“, რაც სხვადასხვა დროს უსუფაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულა.
ყველაზე დიდი „კომპრომატი“, რაც კი პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეზე არსებობს, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მისი ლიბერალობაა. სხვა მხრივ კი უსუფაშვილის წარსული სუფთაა. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე პირწავარდნილ ანტილიბერალებსაც არ მოუტრიალდებათ ენა, თქვან, რომ უსუფაშვილი კორუმპირებულია ან ცხოვრება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყო.
დავით უსუფაშვილის X-ფაილში ყველაზე დიდი „შავი ლაქა“ 2005 წლის აგვისტოში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მომხდარი ტრაგედიაა – ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მანქანას, როგორც გაირკვა, დავით უსუფაშვილი მართავდა.
2011 წელს, როცა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება, ნაციონალების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლას დაიწყებს და ამ ბრძოლაში გვერდით რესპუბლიკელებსაც დაიყენებს. ჰოდა, სააკაშვილისგან მართული მედია უსუფაშვილს ჯაპანას ტრაგედიას არაერთხელ გაახსენებს.
რა მოხდა სინამდვილეში?
2005 წლის 26 აგვისტოს, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, კობა ლიკლიკაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „…ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ქობულეთში მცხოვრები ძმები _ ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილები შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ მაშინ, როცა მანქანა, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მანქანას დაეჯახა. საჭეს თავად ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მართავდა, მანქანაში კი მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც, ავარიის შედეგად, სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევა ეჭვს არ იწვევს, ყველა ელოდა, რა დასკვნას გააკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მისი ცოლი თინა ხიდაშელი, ცნობილი იურისტი და მათი შვილი დაღუპვისგან იხსნა მანქანაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების საჰაერო ბალიშებმა, რომლებიც ამოქმედდა მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაი ჯიპს“, რომლის საჭესაც დავით უსუფაშვილი მართავდა, დიდი სისწრაფით მომავალი „ჰონდას“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა… რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ასე აღწერს ავარიის დეტალებს: „ეს მანქანა შემობზრიალდა და დაჯახების მომენტში აღმოჩნდა ჩემს გზაზე, პერპენდიკულარული მიმართულებით ანუ მე ვაგრძელებდი მუშაობას ჩემს სავალ ნაწილზე და ჩემს წინ აღმოჩნდა მანქანა, რომელსაც მე მარჯვენა მხრიდან შევეჯახე ანუ მთლიანად გზა მქონდა გადაკეტილი ამ მანქანით. შეჯახების შედეგად, მანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და ორ წუთში გაუჩნდა ხანძარი“.
ხანძრის შედეგად, „ჰონდაში“ მჯდომი მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, თანამგზავრი კი – საავადმყოფოში მისვლამდე.
დავით უსუფაშვილი: „უშუალოდ, შეჯახების მომენტში გვერდით მესხდნენ თინა და სანდრო. მათ გადმოყვანას ვცდილობდი იმიტომ, რომ თინა გაჭედილი იყო სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის. და როდესაც ესენი გადმოვიყვანე და გზის ნაპირას დავრჩი, ამასობაში იქ ხალხიც შეგროვებული იყო და მეორე მანქანასაც უტრიალებდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა“.
ავტოავარიასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჩვენება მისცა გამომძიებლებს, არიან თვითმხილველებიც, რომელთა ჩვენებაშიც აღნიშნულია, რომ მოძრაობის წესები სწორედ შემხვედრმა ავტომანქანამ დაარღვია. დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და მათი შვილი თბილისში იმყოფებიან და ამბულატორიულ მკურნალობას გადიან“.
სხვათა შორის, იმ დროს, როცა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან ტრაგედია დატრიალდა, რესპუბლიკური პარტია უკვე ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყო ანუ დავით უსუფაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი სააკაშვილს დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევისთვის მწვავედ აკრიტიკებდა.
მართალია, მაშინ მსგავსი პარალელი არავის გაუვლია, მაგრამ ჯაპანას ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე, უსიამოვნებაში კიდევ ერთი მაშინდელი რესპუბლიკელი გაეხვია – ვალერი გელაშვილს, რომელიც 2011 წლიდან დღემდე „ოცნებელია“, შუა თბილისში, დღისით, მზისით, შავნიღბიანები დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
კონსპირაციის თეორიას თუ გავყვებით, სავსებით შესაძლებელია, ჯაპანას ტრაგედიასა და გელაშვილის ცემას შორის ერთგვარი კავშირი არსებობდეს.
ჩვენში დარჩეს და, ავტოავარია, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების იარაღი, აპრობირებული ხერხია. ასე, მაგალითად, 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში, ცეკა-ს ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირი სწორედ ავარიის ანაწერა გახდა. ხალხური მითოსით, ამ ადამიანს ქვეყნის უმაღლეს მმართველთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, უფრო სწორად, ეს ადამიანი, როგორც ამბობენ, კრემლში ამბროსოვიჩის შესაძლო შემცვლელად განიხილებოდა. ჰოდა, ჭორიც აგორდა, ცეკა-ს მაღალჩინოსანს ავარია მოუწყვეს და თავიდან მოიშორესო…
საერთოდ, პოლიტიკაში, როგორც ამბობენ, ყველაფერი „მოსულა“.
ვინ იცის, ეგებ, ჯაპანას ტრაგედიაც ვინმეს ბინძური ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილი თავის დროზე კატეგორიულად აცხადებდა, რომ ის, რაც მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო და მეტი არაფერი (!).
აი, მეორე კომპრომატი კი, რომელიც დავით უსუფაშვილს, ასევე მას მერე გაახსენეს, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სახე გახდა „უბედური შემთხვევა” ნამდვილად არაა. ყოველ შემთხვევაში, „უსუფას“ არც მაშინ და არც მერე უთქვამს, მიგონებენ და ყველაფერი ტყუილიაო. პირიქით, დაადასტურა კიდეც, რომ კომუნისტური პარტიის წევრი სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ გახდა. სხვათა შორის, კომკავშირულ-კომუნისტური წარსული ლიბერალულ-დემოკრატიული იდეების მიმდევარ უსუფაშვილს თავის დროზე მომღერალმა „უცნობმა“ „მაესტროს“ „საკანში“ გაახსენა. ,,იმიტომ შევედი კომუნისტურ პარტიაში, რომ მისი შიგნიდან დანგრევა მინდოდა“, _ განაცხადა მაშინ უსუფაშვილმა. ასე იყო თუ ისე, „ძია ლენინი“ „რესპებსა“ და „უცნობს“ შორის განხეთქილების „ვაშლად“ იქცა.
,,ვერ გავიგე, რა უნდათ ჩემგან რესპუბლიკელებს და რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში ლევან ბერძენიშვილს? დანამდვილებით ვიცი, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, კომუნისტურ პარტიაში შევიდა დავით უსუფაშვილი და ეს რომ ხმამაღლა ვთქვი, იმას მემართლებიან?“ – რიტორიკულად კითხულობდა მომღერალი.
მოგვიანებით ანუ მაშინ, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ ძალას იკრებდა და ყველასთვის ნათელი იყო, რომ ნაცმოძრაობის სახელისუფლებო კარიერა დღეებსღა ითვლიდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიამ კოალიციის ლიდერებს, მათ შორის, უსუფაშვილის კომპრომატებზე ნადირობა დაიწყო და პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს, ცხადია, კომუნისტური წარსულიც გაახსენა, თან ეს „გახსენება“ ფაქტით გაამყარა – რესპოდენტად საქართველოს ცეკა-ს ერთ-ერთი ბოლო ხელმძღვანელი და რუსეთ-სტალინის სიყვარულით სახელგანთქმული ავთანდილ მარგიანი აირჩია, რომელმაც განაცხადა: ,,უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში. კომკავშირში და პარტიაში საქმიანობდა და ძალიანაც წარჩინებული წევრი იყო პარტიის. ჰქონდა კარგი იდეები და შრომასაც არ აკლებდა. ზუსტად ახლა აღარ მახსოვს, რა იდეებითა და ინიციატივებით გამოდიოდა, თუმცა თავგამოდებით რომ იცავდა პარტიის იდეებს და იდეოლოგიას, ეს არავისთვის უცხო არ არის. მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაფასებ _ ბევრმა დაიწყო ასე კომკავშირში საქმიანობა. რაც შეეხება უსუფაშვილის ნათქვამს, რომ კომუნისტური პარტია შიგნიდან უნდა დამენგრია. ამით რისი თქმა უნდოდა, რომ ლენინი მან მოკლა? კომუნისტური პარტიის შიგნიდან ნგრევა, მით უმეტეს, უსუფაშვილისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა. კომუნისტური და ბოლშევიკური პარტია დაანგრია სტალინმა, უსუფაშვილს თავი სტალინი ჰგონია? მან შემდეგ პოლიტიკოსისთვის არამომგებიანი ნაბიჯი გადადგა. ის გადავიდა რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც ძმებმა ბერძენიშვილებმა დააფუძნეს. ეს იყო მასონისტური და სოროსული პარტია. თავიდან ასეთი იყო და ახლა როგორ არიან არ ვიცი. დიდმა ილიამ გვითხრა, ,,თუ არ იცი, რა უნდა თქვა, სიმართლე თქვი“.
ფარული კავშირები ნაციონალებთან
რესპუბლიკური პარტიის და, შესაბამისად, აწ უკვე ყოფილი რესპუბლიკელის, დავით უსუფაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ფარულ კავშირებს ხალხურ მითოსში ფესვები ღრმად აქვს. ისე, ეს მითოსი კი არა, უფრო რეალობა თუნდაც იმიტომაა, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობა შექმნა, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ამ პარტიის ვიცეთავმჯდომრის პოსტი ეკავა. მოგვიანებით კი ანუ 2004 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „რესპები“ და ნაცები ერთიანი სიით გამოვიდნენ და იგივე ლევან ბერძენიშვილი დეპუტატი სწორედ ასე გახდა.
ისიც ცნობილია, რომ დავით უსუფაშვილი, მისი მეუღლე და სხვები, რომლებიც ჯერ კიდევ რესპუბლიკური პარტიის წევრებად რჩებიან, ცხონებულ ედუარდ შევარდნაძეს პირგამეხებულნი ებრძოდნენ და „ვარდების რევოლუციის“ ბარიკადებზეც სააკაშვილის გვერდით იდგნენ, თუმცა შევარდნაძე „სახლში წავიდა“ თუ არა, „რესპებსა“ და ნაცებს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა, შესაბამისად, უსუფაშვილი, რომელსაც იმხანად რესპუბლიკურ პარტიაში უკვე დიდი გავლენა ჰქონდა, მართლმორწმუნე ანტინაცად მოგვევლინა.
იმის ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ ,,დაეტაკნენ” რესპუბლიკელები სააკაშვილსა და მის გუნდს, არაერთხელ თქმულა. კერძოდ, ლაპარაკია ნაციონალების მიერ დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაზე, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში ამ „დატაკების“ სხვა საბაბი სახელდება. ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ დავით უსუფაშვილს სააკაშვილის მთავრობაში გენერალური პროკურორის პოსტი უნდოდა, ვერ მიიღო და „ვარდოსნებს“ სწორედ ამიტომაც გაემიჯნა.
ახლა, ვიცით, რომ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ამასთან, პოლიტიკის არითმეტიკაა _ მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ. ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი ერთ დროს თანამოაზრეები მოგვიანებით „მოსისხლე მტრებად“ იქცნენ?! „მოსისხლე მტერი“ ფიგურალური ნათქვამი ნამდვილად არაა – 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, რესპუბლიკური პარტია, შესაბამისად, უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილი გაერთიანებული ოპოზიციის ავანგარდში იდგა. მართალია, უსუფაშვილი, ლევან გაჩეჩილაძის მსგავსად, ბოლო ხმაზე არ ყვიროდა, მიშა, მოვდივარო, მაგრამ ცხადია, „გრეჩიხას“ პათოსს იზიარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გვერდით ვერ იდგებოდა, მაგრამ…
გამოხდა ხანი და, გაჩეჩილაძე-უსუფაშვილის გზები გაიყო ანუ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, უსუფაშვილმა ერთი ფრაზა თქვა, რაც საფუძვლად ყბადაღებულ კოჰაბიტაციას დაედო. მაინც, რა თქვა ასეთი „უსუფამ“? რა და, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკურ ბზარზე დარჩენა აუცილებელიაო.
ეს ამბავი კი, ასე მოხდა:
2013 წლის აპრილში, პოსტნაციონალური საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩადის. დავით უსუფაშვილს რადიო „თავისუფლების“ პრაღის სტუდიაში იწვევენ. მასთან ინტერვიუს სალომე ასათიანი უძღვება. საუბარი ბევრ რამეს შეეხება, მათ შორის, სააკაშვილსა დ ივანიშვილსაც.
დავით უსუფაშვილი: „დარწმუნებული ვარ და მჯერა, ივანიშვილი, ამ შემთხვევაში, გულწრფელია. არასოდეს ვიყავი დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა გულწრფელი და სწორი პრეზიდენტი. 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ რესპუბლიკურ პარტიასაც ჰქონდა გარკვეული წვლილი. პირადად მე, წინა ხაზზე არ ვყოფილვარ, მაგრამ სადაც ვიყავი, ცხადია, ვგულშემატკივრობდი ამ ამბებს, მაგრამ პოლიტიკურად არასოდეს დამისახავს ამოცანა, რომ სააკაშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი და ქვეყნის ლიდერი იმიტომ, რომ ამის უნარი არ ჰქონდა.
…პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული სტაჟი მეც დამიგროვდა და პირველად ვარ კმაყოფილი პოლიტიკური ლიდერით ამ ურთიერთობების ჭრილში. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვკამათობთ, ძალიან მწვავედაც ვკამათობთ, 15 წუთში სხვა თემაზე გადავდივართ და ძალიან მშვიდად ვმუშაობთ, კიდევ 20 წუთის შემდეგ შესაძლოა ისევ ცხარედ ვიკამათოთ. და ეს არის სწორი სტილი.
…ძალიან ხშირად მიწევს თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, აშშ-ში, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. რაც უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობა გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, კარგად დავუკვირდეთ, რაზეა აქ საუბარი. ნაციონალური მოძრაობა, როგორც კოლექტიური დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ _ თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით, მერე მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და ა.შ. რადგან ჩვენ ეს არ გვიქნია კომუნისტური პარტიის მიმართ, არც ნაციონალური მოძრაობის მიმართ იქნება ეს სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. ეს დადგება, თუმცა ამ განსაცდელს რამდენად გაუძლებს თავად ნაციონალური მოძრაობა და ამ შიდა გაუგებრობებს და შეჯახებებს არ გადაყვება, ეს უკვე ჩემი საქმე არ და ვერ არის. ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი, ასე ვთქვათ, უვნებელი გამოვიდეს ამ პროცესიდან და ჩვენ მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ“.
უსუფაშვილისა და ნაციონალების კონტექსტში კიდევ ერთი საინტერესო დეტალის გახსენება შეიძლება. სახელდობრ, დაახლოებით, ერთი წლის წინ, ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, უსუფაშვილის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი, უკრაინაში გაიქცა. ამ სტატიაში ნათქვამი იყო: „პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პირადმა დაცვამ, გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პატაკი დაწერა და ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა… რუბაშვილი ამჟამად ოდესის გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სამსახურში აგრძელებს საქმიანობას… რუბაშვილმა სააკაშვილს ოდესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები ჩაუტანა, მათ შორის, მტკიცებულებების სახით.
რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს უსუფაშვილის დაცვას ,,ქართული ოცნების” ლიდერებზე. ამის თქმა რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, დახურული შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციამ, მართლაც, გაჟონოს… რუბაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტის თანახმად კი ირკვევა, რომ დავით უსუფაშვილის პირადი დაცვა, გიორგი რუბაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 15 ივნისს პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა. თუ რა გახდა რუბაშვილის მიერ პატაკის დაწერის მიზეზი ან სად აგრძელებს იგი საქმიანობას, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ აკონკრეტებენ. გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა 2004 წელს დაიწყო და თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დაცვაშიც მუშაობდა“.
გამოხდა ხანი და, ინტერნეტი ფარულმა ჩანაწერებმა მართლაც წალეკა _ სხვებთან ერთად, ფარული საუბრების ის მონაკვეთებიც გავრცელდა, სადაც სააკაშვილი თითქოს უსუფაშვილთან დაკავშირებით საუბრობს ანუ მიანიშნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, მისი მეუღლე წყალს, თურმე, ნუ იტყვით და, ნაციონალების წისქვილზე ასხამენ, თუმცა ჯერ ერთი, არც ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებულა და, მეორეც, არც თავად უსუფაშვილს უარუყვია ან დაუდასტურებია, რომ სააკაშვილთან რაიმე სახის ფარული კომუნიკაცია აქვს. ამიტომაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მის მიმართ კითხვის ნიშნები შესაძლოა, დღემდე არ მოხსნილა.
დავით უსუფაშვილი, როგორც სპიკერი
ცხონებული ზურაბ ჟვანია, როგორც პოლიტიკოსი, შესაძლოა, ბევრს არ ესიმპათიურებოდა და არც ახლა ესიმპათიურება, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ ჟვანიამ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი და პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო.
მას მერე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამი სპიკერი ჰყავდა – ნინო ბურჯანაძე, ორი ვადით; დავით ბაქრაძე, ასევე ორი ვადით და დავით უსუფაშვილი. ბურჯანაძისა და ბაქრაძის მოღვაწეობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურჯანაძემ, როგორც ქვეყნის მეორე პირმა, სააკაშვილი ორჯერ ,,გააპრავა” _ ერთხელ, 2003 წლის „ვარდების რევლუციის“ დროს და მეორედ, 2008 წლის დასაწყისში, როცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა და ეს მაშინ, როცა იგივე გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთ ლიდერიც დავით უსუფაშვილი იყო, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა.
რაც შეეხება უსუფაშვილის სპიკერობას, ამას, ალბათ, ისტორია შეაფასებს, მაგრამ ხაზგასასმელია ერთი გარემოება:
დავით უსუფაშვილმა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის უმთავრესი კანონი ანუ კონსტიტუცია დაარღვია. იკითხავთ, „უსუფას“ მიერ კონსტიტუციის დარღვევა რაში გამოიხატებაო? ვიდრე საუბარს ამ კუთხით გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ 90-იანი წლების პირველ დეკადაში, როცა საქართველოს კონსტიტუცია იწერებოდა, უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოღვაწეობდა.
ამასთან, როგორც იურისტმა (ამბობენ, რომ მაღალი კვალიფიკაციის იურისტია), უმაღლესი კანონის ძალა და ფასი კარგად უნდა იცოდეს, ესე იგი, სხვას შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევა ან უგულებელყოფა ეპატიოს, აი, უსუფაშვილს კი _ არა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან, როგორც „ვერსიას“ უხსნიან, კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისია, შესაბამისად, ყველა კანონპროექტის განხილვა თუ სხვა კანონშემოქმედებითი საქმიანობა სწორედ ქუთაისში უნდა წარმოებდეს, უხეშად დაარღვია და მე-8 მოწვევის პარლამენტს ნება დართო, საქმიანობა, თუნდაც საკომიტეტო მოსმენების დონეზე, ე.წ. თბილისის შენობაში ეწარმოებინა.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუკი მე-9 მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციას დაარღვევს, ამის ,,წამფითილებელი”, შესაძლოა, უსუფაშვილიც იყოს ანუ თავის დროზე მას კანონი რომ არ დაერღვია და კონსტიტუცია ,,ფარითა და მახვილით” დაეცვა, ეს პოლიტიკური ძალებისთვის ერთგვარი ბერკეტი იქნებოდა და ქვეყნის უმაღლესი კანონის ,,პოლიტიკური წაბილწვა” აზრადაც აღარ მოუვიდოდათ, მაგრამ უსუფაშვილმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ თუნდაც ,,ოცნების” ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციას ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა, მინიმუმ, ალბათ, უხერხული იქნება, თუმცა პოლიტიკაში ოპონენტის ,,დასასამარებლად” ხომ ყველაფერი მოსულა…
—————
„რეზონანსი“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
შეჩერების მექანიზმზე ჩამოკიდებული ვიზალიბერალიზაცია
როდის მიღებს საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას
თიკო ოსმანოვა
“საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დამოკიდებულია შეჩერების მექანიზმის საკითხზე, თუმცა როდის მოხდება მისი ამოქმედება, ეს არავინ არ იცის”, – განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ უვიზო რეჟიმის შემოღების ვადებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამისთვის 2-წლიანი ვადაა, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს საკითხი ამდენ დროს არ მოითხოვს.
თუ როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას, ჯერ კიდევ გაურკვეველია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დავალება დიდი ხანია, რაც შეასრულა, ჯერი ევროსაბჭოზე და შემდეგ ევროპარლამენტზეა, თუმცა, მათ უახლოეს, დღის წესრიგში, საქართველოს საკითხი შეტანილი არ აქვთ.
სამაგიეროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმედის მომცემი განცხადებები კეთდება.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა”, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ. მისი თქმით, ახლა ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. „ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგი სამუშაო შეასრულა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, “საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას და არც ერთ წევრ სახელმწიფო საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს”. „ეს იყო ყველაზე პოზიტიური შეხვედრა. სავარაუდოდ, საბჭოშიც და პარლამენტშიც ერთდროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. „არიან წევრები, რომლებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები აღელვებთ, მაგრამ ისინიც კი აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამბობენ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. გადაწყვეტილებას დღეს არ ველოდით. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით, უაღრესად პოზიტიური იყო”, – განაცხადა ლატვიელმა დიპლომატმა, ედგარს რინკევიჩსმა.
ცნობისთვის, სქართველომ მასზე დაკისრებული ვალდებულებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეასრულა და ჯერი ევროკავშირზე მიდგა. გაზაფხულიდან უკვე იმ ტექნიკური საკითხების მოგვარება დაიწყო, რაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთვისაა საჭირო.
საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრის დასრულებას ჯერ კიდევ ივნისისთვის ვარაუდობდა, მოგვიანებით ამ ვადამ ივლისამდე, შემდეგ კი ოქტომბრის დასაწყისამდე გადაიწია, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ხელისუფლებაში ისევ ირწმუნებიან, რომ ეს საქართველოს “ბრალი არაა” და რომ მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიაა “დამნაშავე”. ამას არც სპეციალისტები უარყოფენ და ჩვენთან საუბრისას ისინიც ადასტურებენ, რომ საქართველომ თავისი გასაკეთებელი მაღალ დონეზე გააკეთა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ბოლო სიახლე ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (კორეპერი) შეთანხმება იყო იმაზე, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
“ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი იმ დროს უნდა გაუქმდეს, როდესაც ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. თუმცა თუ როდის შევა ე.წ სწრაფი შეჩერების მექანიზმი ძალაში უცნობია.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, ამისთვის 2-წლიანი ვადაა, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს საკითხი ამდენ დროს არ მოითხოვს.
“საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დამოკიდებულია შეჩერების მექანიზმის საკითხზე, თუმცა როდის მოხდება მისი ამოქმედება, ეს არავინ არ იცის – მაქსიმუმი ვადა 2 წელია და იმედი მაქვს, ამას 2 წელი ნამდვილად არ დასჭირდება. ასევე ევროპალმენტმა უნდა უყაროს კენჭი, თუმცა როდის შეიტანენ საქართველოს საკითხს დღის წესრიგში, უცნობია – ამ წუთას ცნობილ პროგრამაში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის. დეკმებრის დღის წესრიგი კი ჯერ არ დადებულა. აქედან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით”, – უთხრა “რეზონანსს” ვანო ჩხიკვაძემ.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს წლის ბოლომდე განიხილავენ.
“ერთადერთი ეტაპი დაგვრჩა – ევროკავშირის საბჭოს მისაღები აქვს გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მთავარია, როდის გაიტანენ ამ საკითხს საბჭოზე. გვპირდებიან, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მანამდე არაფერი მოხდება ისეთი, რომელიც პროცესის შეფერხებას ხელს შეუწყობს”, – გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.
საქართველსგან განსხვავებით კი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლას 24 ნოემბრამდე მიიღებს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმი ბოლომდე ხელმოწერილი და რატიფიცირებული იქნება ევროპარლამენტის მიერ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ისიც კი შემიძლია ვთქვა, თუ რომელ თარიღამდე – ეს 24 ნოემბრამდე მოხდება”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
თუ რის საფუძველზე გააკეთა პოროშენკომ ეს განცხადება არ იციან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. “ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისათვის აუცილებელი პროცედურა დროულად დასრულდება. კონკრეტული ვადები დღის წესრიგში ბრიუსელმა უნდა შეიტანოს”, – განმარტავენ ჯანელიძის უწყებაში.
„რეზონანსი“, 05 ნოემბერი, 2016 წელი
რუსული ომის აჩრდილი საქართველოში
„2008 წლის აგვისტოს სცენარის განმეორების დიდი საფრთხე არსებობს“
ეკატერინე ბასილაია
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპა უსაფრთხოების კუთხით რთულ სიტუაციაშია და რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. მის ამ განცხადებას დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზულ გაფრთხილებად აფასებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ამბობს, რომ აგრესიის რეალური საფრთხეები დიდია და უფრო მეტიც, პროგნოზირებს, რომ ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული ოკუპაციაც მოხდეს.
“დოიჩე ველესთან” ინტერვიუში იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო პოტენციალი და სწორედ ამიტომ, ნატომ, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ჯარების განლაგებით, ცივი ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების უპრეცედენტო ზომები მიიღო. “ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ნატოს სწრაფი რეაგირების ჯარების რაოდენობა 40 000 სამხედრომდე და შევქმენით გაერთიანებული ოპერატიული ძალები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო მზად არის, ჯარების გადასროლა უმოკლეს ვადებში მოახდინოს. მისი თქმით, ევროპა უსაფრთხოების კუთხით ახლა რთულ სიტუაციაშია, თუმცა არსებული ვითარება “ცივი ომი” არ არის.
“ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე მოკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მზად არის, საკუთარი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვახტანგ მაისაიას თქმით, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დათბობის პოლიტიკა აქვს გამოცხადებული, ეს რუსეთის მხრიდან საფრთხეებს მცირედითაც არ ასუსტებს, რადგან სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია, ნატო-რუსეთს შორის გამოუცხადებელი ომია და საქართველოს ორი ალტერნატივა აქვს – ან ნატოს მიემხროს ბოლომდე, ან რუსეთს. შუალედური პოზიცია არ გამოვა.
“დღეს ნატოსა და რუსეთს შორის გამალებული ცივი ომია. კიბერსივრცეში კი ცხელი ომი უკვე დაწყებულია. ასევე სანქციებით შემდგარი ფაქტია ეკონომიკური ომიც. პოლიტიკური კონფრონტაციაც უკვე პიკზეა და მხოლოდ სამხედრო კომპონენტია დარჩენილი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომისგან აცილებს ერთმანეთს მონაწილე მხარეებს.
“დღეს სამხედრო კომპონენტის მიმართულებით ორივე მხარე მუსკულების დემონსტრირებას ახორციელებს და მხარეები სამხედრო ომსაც აღარ გამორიცხავენ. რუსეთმა განაცხადა უკვე, რომ მზად არის აშშ-სთან სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. ჟირინოვსკიმ ბირთვული სცენარიც კი მოხაზა. იმის გათვალისწინებით კი, რომ ჩვენ ფორმალურად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომხრე ქვეყანა ვართ და ნატოსკენ მივემართებით, ეს რუსეთისთვის აღქმულია როგორც მტრული მიდგომა.
“ჩვენი დათბობის პოლიტიკა რუსეთს ინტერესებს არ შეცვლის, ეს უკვე გასულია ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს მიღმა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაგრძელდება რუსეთ-ნატოს ურთიერთობები. თუ შენელდა კონფრონტაცია, დაცულები ვართ, თუ პირიქით გამწვავდა, მაშინ რუსეთი პრევენციული დარტყმის უფლებას გამოიყენებს, რაც მათ სამხედრო დოქტრინაში აქვთ ჩადებული”, – აცხადებს მაისაია.
იგი ნატო-რუსეთის სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში არც საქართველოს მთლიან ოკუპაციას გამორიცხავს.
“ეს აღიარა სწორედ სტოლტენბერგმა თავის განცხადებაში. ნატოს გენმდივნის განცხადება, ეს უკვე სერიოზულია”, – მიიჩნევს მაისაია.
ის აცხადებს, რომ იმდენად სერიოზულადაა საქმე, ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპს აბრუნებს, რომელიც მე-5 მუხლითაა გათვალისწინებული და რომლის მიხედვითაც, თავდასხმა რომელიმე ერთ მოკავშირეზე, ითვლება თავდასხმად ყველა მოკავშირეზე და მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მოკავშირეებზე თავდასხმის საფრთხე არ არის, მაისაია თვლის, რომ ნატოს შერეული, ბრიტანულ-ამერიკულ-კანადური სამხედრო კონტიგენტების გაზრდა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში სწორედ საფრთხის არსებობის გამო ხდება.
“ნატო იძულებული გახდა აემოქმედებინა მე-5 მუხლი, იმის გამო, რომ რუსული შესაძლო აგრესიისგან, რუსული ოკუპაციის მცდელობისგან თავი დაიცვას. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი პირდაპირ შემოსულია და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის აგრესია და ასევე დონბასში რუსული რეგულარული არმიის მიერ სეპარატისტების დახმარება ჰიბრიდული ომის უცილობელი მაგალითებია.
“საქართველოს წინააღმდეგ კი ვხედავთ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ფორმირებები პირდაპირ დაექვემდებარნენ კრემლის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ასევე რუსეთის დუმამ რამდენიმე დღის წინ რატიფიკაცია გაუკეთა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აფხაზური და რუსული შეიარაღებული ჯარები ერთიანდებიან და ერთიან საარმიო დაჯგუფებას ქმნიან.
“ამით რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ უფრი გაზრდის თავის სამხედრო კონტიგენტს, დაახლოებით 20 ათასამდე და რუსეთი დამრტყმელ შეიარაღების ელემენტებსაც გამოიყენებს. ბუნებრივია, ეს ორი მიმართულება ნატოს წინააღმდეგაა. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა საქართველოს წინააღმდეგაცაა, მაგრამ უფრო მეტად ნატოს გაფართოების კონტრსაპასუხო ქმედებაა.
“ამაში დაინახა სტოლტენბერგმა ის საფრთხეები, რის გამოც თქვა, რომ საქართველო და უკრაინა რუსული სამხედრო დარტყმის საფრთხის ქვეშაა. 2008 წლის აგვისტოს სცენარის განმეორების დიდი საფრთხე არსებობს”, – აღნიშნავს მაისაია.
მისი თქმით, ჩვენ ყურადღების მიღმა დაგვრჩა, რა მოხდა რუსეთში, რადგან რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა ყველაზე მეტად გაიძლიერა პირადი ხელისუფლება და ქვეყნის აბსოლუტური მილიტარიზაცია დაიწყო. აქიდან გამომდინარე თვლის, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზი, როდის რას მოიმოქმედებს და საქართველოს წინააღმდეგ როდის გადმოვა შეტევაზე.
“ასეთი ძლიერი პუტინი არასდროს არ ყოფილა. სამწუხაროდ ამას საქართველოში ყურადღება არავინ მიაქცია. ამ არჩევნების შემდეგ პუტინმა გაიმყარა პოლიტიკური ვერტიკალი, ფაქტობრივად კიდევ უფრო გაინაღდა პრეზიდენტობის ვადის 6-წლიანი გახანგრძლივება, გააძლიერა სამხედროების კლანი და გაზარდა დანახარჯები შეიარაღებაზე.
“რუსეთში ჩატარდა კვლევა, ბირთვული ომის შემთხვევაში რა დამოკიდებულება ექნება მოსახლეობას. მოსახლეობას უკვე ამისთვისაც ამზადებენ. პუტინმა მთელი რუსეთს მილიტარიზაცია დაიწყო და ანტიამერიკანიზმმა მოსახლეობაში პიკს მიაღწია. ეს სიტუაცია ძალიან გასათვალისწინებელია და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია.
“ამ ახალმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მოახდინა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების რატიფიკაცია კოალიციური დაჯგუფების შესახებ, პარალელურად დეპუტატი კალაშნიკოვის ვითომ “მშვიდობიანი” მესიჯები წამოვიდა ქართველი პარლამენტარების დამეგობრებაზე. ეს ყველაფერი გასაანალიზებელია. თან, კალაშნიკოვი სწორედ სამხედროების კლანის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. ჩვენ ახლა დამოკიდებული ვართ იმ გეოსტრატეგიულ ვითარებაზე, რომელიც მსოფლიო დონეზე ვითარდება”, – მიიჩნევს მაისაია.
ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ დღეს ოკუპირებული ქართული ტერიტორიები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსკოვმა ნატოს შეჩერება მოახდინოს.
“მითუმეტეს, შავი ზღვის აუზში ნატოს იგივე სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექნის ინიციატივა შესაძლოა რუსეთმა გამოაცხადოს მის მიმართ განხორციელებულ პირდაპირ სამხედრო მუქარად. გამორიცხული არ არის რუსული ჯარი თბილისშიც შემოვიდეს, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისგან არაფერი არ არის გამორიცხული. ეს არის პრევენციული ომის პრინციპი, რომელიც დასწრებაზე მოქმედებას ითვალისწინებს”, – ამბობს მაისაია, რომლის თქმითაც, რუსეთმა პრევენციული ომი საფრთხე ბალტიისპირეთსაც შეუქმნა.
“უკვე ლიტვაში, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური ბიულეტენების გავრცელება, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა რუსული ოკუპაციის შემთხვევაში. ბალტიის სახელმწიფო უკვე ამ დონეზეა მისული”, – დასძენს მაისაია.