globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 5th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: როგორ გამოიყენებს “ნაცმოძრაობა” მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას

რეზონანსი“: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

რეზონანსი“: უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?

ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი შეცდა, როცა “ქართული ოცნება“ მკაცრად არ აკრიტიკა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გოგი ქავთარაძესთან: “ხელისუფლებით კმაყოფილი არ ვარ. მომავალი პარლამენტი ბევრად უკეთესი უნდა იყოს”

ახალი თაობა“: ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ირაკლი ალასანია ამბიციებმა დაღუპა… „ნაციონალების“ ჭკუაზე არ დავდივართ“

—————————-

რეზონანსი“, 05 დეკემბერი, 2015 წელი

როგორ გამოიყენებს “ნაცმოძრაობა” მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას

ელზა პაპოშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის #378 ბრძანებულებით “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საკუთარი პოზიციის გამოსახატად თავად მიხეილ სააკაშვილს ერთთვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ამ პერიოდში მისგან პასუხი სამინისტროს არ მიუღია. იურისტები განმარტავენ, რომ ექს-პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ასევე შეუძლია, რომ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა შეიტანოს.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამსჯელო ბერვი არაფერია. მისი თქმით, ეს კანონით განსაზღვრული პროცედურაა და ამ სახის გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო. ექსპერტის აზრით, სააკაშვილს უკრაინაში საქართველოს მოქალაქეობის გამო სერიოზული უხერხულება ექმნებოდა.

“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა რომ მოხდებოდა, ეს ლოგიკურია, რადგანაც ის უკრაინაში მაღალი რანგის თანამდებობის პირია და საქართველოს მოქალაქეობა უხერხულობას უქმნიდა. თავად სააკაშვილიც უკვე შეგუებული იყო, რომ მარგველაშვილი ამ სახის გადაწყვეტილებას მიიღებდა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მცდარი შეხედულებაა. კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მას საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უწყდება. ამის შემდეგ სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნის შეტანა თავისუფლად შეუძლია. ხოლო რამდენად საჭირო იყო ან არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ამაზე კამათი შეუძლებელია, რადგანაც კანონის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი პოლიტიკურად ვერ გათამაშდება. ვერც “ნაციონალური მოძრაობა” და ვერც თავად მიხეილ სააკაშვილი პიარის თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას ქულების დასაწერად ვერ გამოიყენებს. სააკაშვილის ავტორიტეტზე უფრო მეტად მისი არაადეკვატური ქმედებები მოქმედებს. ამ შემთხვევაში ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ვგულისხმობ. თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ის თვითმარგინალიზაციას ეწევა. მოქალაქეობა პირობითი საკითხია. საზოგადოებას ახსოვს ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქე არ იყო, მაგრამ არჩევნები მოიგო”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, სააკაშვილს არგუმენტები არ აქვს იმისთვის, რომ ეს თემა პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, თუმცა რა სახით და როგორ, ამას პროცესი აჩვენებს.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სააკაშვილს შვება მოჰგვარა, რადგანაც უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტს ქართული პროკურატურა ადვილად ხელს ვეღარ წამოჰკრავს და საქართველოში მისი ექსტრადიცია არ მოხდება.

“მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავი საქართველოს მოქალაქედ თანამდებობის გარეშე არ წარმოუდგენია. ამიტომ, რადგანაც სამართლებრივ გზას ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოქცევისა, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით დიდად გულდაწყვეტილი არ უნდა იყოს. ვხედავთ, რომ თავად მისი პოლიტიკური გუნდი დიდად დაინტერესებული არ არის, რომ ის მათი ლიდერი კვლავ იყოს. ამდენად, მგონია, რომ პროცესები თუ კვლავ ისე გაგრძელდა, როგორც უკრაინაში დღეს მიდის, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა კი არა, მემგონი სხვა, მესამე ქვეყნის მოქალაქეობა დასჭირდება, რადგანაც ამ ქვეყანაში მან საკმაოზე ბევრი მტერი შეიძინა. წინასაარჩევნოდ სააკაშვილი და მისი გუნდი ამ გადაწყვეტილების გამოყენებას პოლიტიკური ქულების დასაწერად ვერც გამოიყენებენ და ვფიქრობ არც ეცდებიან. რადგანაც მის პოლიტიკურ გუნდში, როგორც ვხედავთ, ერთსულოვნება აღარ არსებობს. ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება რაც უფრო ნაკლები ხმაურით იქნება წარმოჩენილი, მათთვის უკეთესი იქნება. ამიტომაც ისინი დიდად რაიმე პოლიტიკური სვლებისგან თავს შეიკავებენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უფრო წყნარად მისვლას ეცდებიან. თუმცა სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას თავს არ მოანატრებს. წინასაარჩევნო პერიოდში ის თავის გამოჩენას ეცდება”, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 05 დეკემბერი, 2015 წელი

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

ეკატერინე ბასილაია

უკვე გადაწყვეტილია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. მან თავად განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო აქტიურად იქნება ჩართული, ვიდრე 2012 წელს იყო. თუმცა რაში გამოიხატება “უფრო აქტიური ჩართვა”, ეს ჯერ არ გაცხადებულა. გაცხადდა ის, რომ მისი სიის სათავეში ჩაწერა ან ისევ პრემიერად მოსვლა არ იგეგემება. „კოალიცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ისევ მისი ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში. მისი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კოალიციისთვის. ივანიშვილი პარტიაში კვლავ ლიდერის ადგილს დაიკავებს”, – აცხადებს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ზვიად ძიძიგური.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, ივანიშვილი უფრო მეტად დაუდგება მხარში კოალიციას, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. იგი აცხადებს, რომ არჩევნებზე ივანიშვილი საარჩევნო სიაში შესვლას არ პირებს და შესაძლოა უმრავლესობის ლიდერის რანგში ან სხვა რაიმე ფორმით ჩაერთოს, რადგან “2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის ჩართულობა საჭიროა”.

“არავისზე მეტად ინფორმირებული არ ვარ, არც ბატონ ზვიადზე. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ივანიშვილი აპირებს მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ პოლიტიკურ ძალას კანონის ფარგლებში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი. მან თავად განაცხადა, რომ უფრო მეტად დაუდგება მხარში კოალიციას, ვიდრე ეს 2012 წელს. “არჩევნებზე სიაში შესვლას არ პირებს, შესაძლოა, უმრავლესობის ლიდერის რანგში ან სხვა რაიმე ფორმით, კონკრეტულად დეტალები არ ვიცი. მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მხარდაჭერა ბევრად რომ წაადგება “ქართულ ოცნებას”, ამას კამათი რად უნდა…

გარკვეული დოზით, მაგალითად, თბილისში ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც იყო ჩართული. ყველა დეპუტატის მხარდასაჭერად კი თითოეულ სოფელში სიარულს ვერ დაიწყებდა. საპარლამენტო არჩევნების წინ კი, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორი ფორმის მხარდაჭერა გახდება საჭირო, ამას დრო გვაჩვენებს. ივანიშვილმა თქვა, რომ კარგი სათადარიგო მოთამაშეა და ამით ყველაფერი თქვა – რომ მზად არის ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური. მისივე თქმით, დასრულდება ჭორაობა კულუარულად მართვაზეც, რადგან “თუკი ღიად განაცხადებს, რომ მხარს კოალიციას უჭერს და პოლიტიკაში მონაწილეობს, ეს კულუარული მართვა როგორ იქნება?!”

რატომ გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა და არის თუ არა ამის მიზეზი კოალიოციის დაბალი რეიტინგი – ამაზე პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ რეიტინგით კოალიცია პირველ ადგილზეა.

“ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის კოალიციას უჭერს მხარს და ჩვენ ამას მივესალმებით. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჩვენ არჩევნებს ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებდით. ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება არ გაგვიჭირდებოდა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ყველა რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ 2016 წლის ოქტომბრისთვის.

იმის საჭიროება, რომ დამატებითი რესურსის ჩართვით მოვიგოთ არჩევნები, არ არსებობს. თუმცა ბატონი ბიძინას ჩართულობა პარტიას სერიოზულად გააძლიერებს და წარმატების შანსს ბევრად უფრო გაზრდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა რესურსი მობილიზებული უნდა იყოს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ,” – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, ივანიშვილთან კონსულტაციები პერიოდულად აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო ინტენსიური შეხვედრები ექნებათ: “ზოგადად ვსაუბრობთ იმაზე, რომ პარტიული სიის თვისობრივი განახლება აუცილებელია და ამ მიმართულებით პარტიულ ფორმატში ვმუშაობთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებელია და იმაზე უფრო მეტიც, ვიდრე მხოლოდ პარტიის დამფუძნებელი. მისი თაოსნობით განხორცილდა ის, რისიც არავის არ სჯეროდა და ძალიან მძიმე, დანაშაულებრივი ხელისუფლების ჩამოშორება მოხდა. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პარტიის დამფუძნებელი. აქედან გამომდინარე, მას აქვს მორალური უფლება, ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს “ოცნებას” წინასაარჩევნო პროცესში და არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე და ჩარევაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. მხარდაჭერის რა ფორმები იქნება, დღეისათვის დაკონკრეტებული არ არის. ჩართულობის ნებისმიერი ფორმა შეიძლება მივიღოთ მხედველობაში. ამან სხვადასხვა ფორმა შეიძლება შეიძინოს, თუმცა ამაზე დღეს კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს საბოლოოდ თავად ბატონი ბიძინასა და იმ გუნდის გადასაწყვეტია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას ღონისძიებებს დაგეგმავს,” – დასძენს ირაკლი კობახიძე.

ბიძინა ივანიშვილის შექმნილი საექსპერტო ჯგუფი “2030″-ის წევრის და პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა, თუკი რაღაც კატასტროფა და “მეორედ მოსვლა” არ მოხდებოდა და ამით თავისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხა. მან თქვა მხოლოდ ის, რომ არჩევნებში აქტიურად დაეხმარება კოალიციას. ესაა და ეს. მისი წინასაარჩევნოდ გამოსვლა კი, რა თქმა უნდა, გაზრდის “ოცნების” რეიტინგს.

ვასილ მაღლაფერიძე: “აქტიურად დახმარება იქნება რჩევით, რესურსით და ა.შ. საარჩევნო მიტინგებზე გამოვა თუ არა, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე ივლის თუ არა, არ ვიცი. ეს კონკრეტული დეტალებია და ისე მოხდება, როგორც თავად ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ. დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთივე ტიპის დახმარება იქნება, რაც საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული – როდესაც ადამიანები ხმამაღლა გამოხატავენ, რომ ამა და ამ კანდიდატს უჭერს მხარს. როდესაც ძიძიგური ამბობს, რომ ივანიშვილი ლიდერი იქნება, არ ვიცი, რას გულისხმობს. იმიტომ, რომ ლიდერი ნიშნავს პირველ ნომერს თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ იქნება. ყველა ადამიანი, ყველა არასამთავრობოც კი, ვიღაცას უჭერენ მხარს და ივანიშვილს ვინ წაართვა უფლება, რომ ამა თუ იმ ძალის მიმართ თავისი სიმპათიები გამოხატოს?! მით უმეტეს, რომ მას თავისი პასუხისმგებლობაც აქვს. როგორ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ამ საარჩევნო ბრძოლაში ივანიშვილი ნეიტრალური იყოს ან ამას ვინმე დაიჯერებს?! ივანიშვილის წინასაარჩევნოდ გამოსვლა დიდი მნიშვნელობისაა. მას უნდა გაგრძელდეს ის ხაზი, რაც ახლაა. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ხან ბარიკადებით გვემუქრებიან და ხან ბოევიკებით, ნეიტრალური ვერ დარჩები”.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საუბარია, რომ სიებს ივანიშვილთან ათანხმებენ, რომ ეს არის კულუარული მმართველობა, მაგრამ ეს ასე არ არის.

“ორი დღეა ვისმენ, რომ მე, დათო ლიკლიკაძე და ია ანთაძე სიის ათეულში ვართ. ვთქვი, რომ ეს იდიოტიზმია, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ინფორმაციას მაინც ტირაჟირებენ. ჩემი ინფორმაციით, ჯერ არანაირი სია არ კეთდება და მსჯელობა არ მიდის. არადა ძალიან არაინფორმირებულ ადამიანს ვერ დამარქმევთ. ბიძინა ივანიშვილმა, უბრალოდ, სურვილი გამოხატა, რომ არა მსახიობები და სპორტსმენები, არამედ პროფესიონალები უნდა იყვნენ სიაშიო. ეს არის სურვილი და, რასაკვირველია, კოალიცია გაითვალისწინებს ივანიშვილის ნათქვამსაც, როგორც რჩევას. მაგრამ ივანიშვილი სიებს არ წერს და კულუარულად არ მართავს პროცესს. ბიძინა ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, რომ 2102 წელს პარტიის სიაში მყოფთა უმეტესობას ის საერთოდ არ იცნობდა. იმის დაფიქსირება, როგორი გინდა პარლამენტი იყოს, სიების წერას არ ნიშნავს. მთელი აჟიოტაჟი ატყდა იმიტომ, რომ ვიღაცას კუდი აეწვა, ან უნდა გამოჩნდეს ამ საქმის დიდ მცოდნედ და ამ თემაზე აჟიოტაჟი იმიტომ ატეხა. ეს რომ კულუარული მმართველობა იყოს, მაშინ არჩევნები არც ჩატარდებოდა. თუ ადამიანი ღიად გამოვა და გეტყვის – ჩემს ავტორიტეტს და ჩემს ნდობას ვდებ და ამა და ამ პიროვნებებს დაუჭირეთ მხარიო, ეს თავისი ანატომიით კულუარული მმართველობა არ არის. ადამიანება შეიძლება ყველაფერი დაარქვან, მაგრამ ეს კულუარული მმართველობა არ არის,” – აღნიშნავს ვასილ მაღლაფერიძე.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლიდან ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული. ის არსად წასულა, უბრალოდ, თუკი ადრე ივანიშვილი კულუარებიდან არაფორმალურად მართავდა პოლიტიკას, ახლა სააშკარაოზე გამოვა და საჯაროდ დადგება კოალიციის გვერდით.

“მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ერთი რეგიონიდან მეორეში გადაინაცვლოს, გამოვა მიტინგებზე და შეხვდება საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ასეთი ნაბიჯის შეფასებები თავად ივანიშვილსაც აინტერესებდეს. ასევე შესაძლოა სურდეს მის მიმართ ამომრჩევლების დამოკიდებულების გაგება და ეს კარგი საშუალება იქნება, შეადაროს 2012 წლის ივანიშვილი 2016 წლის ივანიშვილს. პრემიერობას თუ პარლამენტის წევრობას არ აპირებს. ყოველთვის აცხადებდა, რომ ის თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი ქვეყანაში რაღაც საშინელება მოხდა, ან მის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა გუნდმა აიწყვიტა და ქვეყნისთვის არაფერ სასიკეთოს არ აკეთებს. “არ ვიცი, ხედავს თუ არა ივანიშვილი იმას, რომ მისი გუნდი აღარ ემორჩილება. თუმცა მისი სიტყვა რომ ყოველთვის და ბოლომდე არ ჭრის, ამაზე მიმანიშნებს ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია. ეს ეხება მაჟორიტართა ინსტიტუტის შენარჩუნებას, რომლის მიუღებლობაზე მას არაერთხელ აქვს ნათქვამი კოალიციის შიგნით,” – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, ივანიშვილის როლი სერიოზული იყო და იქნება, ვიდრე თავად ერთპიროვნულად აყალიბებს საპარლამენტო სავარძლების მფლობელთა სიას და ეს უკვე არის აქტიური ჩართულობა.

“სიაში დიდი რაოდენობით მოხვდებიან წარმოშობით “2030″-ის წევრები. კონკრეტული გვარები ჩემთვი უცნობია. ასევე სიაში იქნება ირაკლი კობახიძე. არა მარტო პარლამენტარების სიას, არამედ ივანიშვილი ადგენს სიას, ვინ შეიძლება წავიდეს პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ვინ – არა. პრემიერ-მინისტრი სწორედ იმიტომ ვერ მიდის პრეზიდენტთან უშიშროების სხდომაზე, რომ მას ამაზე საკუთარი აღმომჩენისაგან აქვს ვეტო დადებული. ხოლო რადგანაც აქტიური მხარდაჭერა მარტო სიის შედგენა არ არის, ამ სიას გაცოცხლება უნდა და ივანიშვილი ამის შემძლე სუბიექტია.

მოიძებნება ალბათ ფრაზები, რომელიც მის მიმართ იმედგაცრუებული ამომრჩევლებისაგან ლმობიერ დამოკიდებულებას გამოიწვევს და ჩვენი ოცნების აღსრულების ვადაც კიდევ რამდენიმე წლით გადაიდება. ბიძინა ივანიშვილის აქტიური ჩართვა აუცილებელი იქნება მას შემდეგ, რაც საბოლოო სიის გამართვა დაიწყება, რადგან ათობით ადამიანს პროტესტის განცდა ექნება და ქილიკის ნიაღვარი იქნება არა მხოლოდ სიიაში დარჩენილების, არამედ თავად ივანიშვილისაც. ამიტომ მისი ავტორიტეტი აუცილებელი იქნება, რომ კოალიციაში ერთმანეთი არ დაჭამონ”, – დასძენს ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 05 დეკემბერი, 2015 წელი

უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?

სალომე სარიშვილი

(შემოკლებით)

უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი): “ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებითი პრობლემები შეექმნება, ვინაიდან ამის შემდეგ საქართველოში დემოკრატიისა და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უზრუნველყოფილი ვერ იქნება. თუ გავიხსენებთ იმას, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს ქვეყანაში მაინცადამაინც რეალური ძვრები არ მომხდარა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. გარდა ამისა, მისივე პრემიერობის დროს ორჯერ შემცირდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამასთან, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა, რაც “ქართული ოცნების” აქტივისტების თვითმართველობის ორგანოებში შეჭრითა და გამგებლების გადაყენებით გამოიხატა. ამაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, ვინაიდან ეს მასაც არ აწყობს.”

ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): “ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რადგან სწორედ მან მოიყვანა ხელისუფლებაში ის გუნდი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” შავბნელი მმართველობა ჩამოგვაცილა. თუმცა, მეორე მხრივ, მოხდა ის, რომ იმ ცაიტნოტში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, ვერ მოხდა გათვლა, თუ ვინ შეასრულებდა პირნათლად დაკისრებულ მოვალეობას. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთისათვის ხელფასები, დანამატები და პრემიები უფრო მეტი ღირებულებაა, ვიდრე ქართველი ხალხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და, ნებსით თუ უნებლიეთ, დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოს.”

გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): “არ ვიცი, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ. ეს მისი გადაწყვეტილება იქნება, როცა არჩევნების დრო დადგება. ვერაფერს საწინააღმდეგოს იმაში ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა მოვიდეს. კანონით ამის უფლება აქვს და როგორ მოიქცევა, ეს უკვე მისი საქმეა.”

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): “ძნელი საპასუხო კითხვაა, თუმცა მგონია, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში ვითარება უფრო დალაგდება და არც იმაზე იქნება საუბარი, რომ ჩრდილოვანი მმართველია. როგორც ვხედავ, უმრავლესობის წარმომადგენლები ივანიშვილთან რჩევის საკითხავად მიდიან, რასაც ოპოზიციური ძალები ძალიან ცუდად იყენებენ. ეს რომ მოისპოს, მისი დაბრუნება სწორი იქნება. თუკი შეუძლია, რატომაც არ უნდა დაბრუნდეს და განაგრძოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა?!”

ახალი თაობა“, 05 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი შეცდა, როცა “ქართული ოცნება მკაცრად არ აკრიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე უკვე უმრავლესობაც ღიად ალაპარაკდა. ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. „სიმართლე გითხრათ, მე ვეკუთვნი იმათ რიცხვს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი ადრეც უნდა მობრუნებულიყო პოლიტიკაში. ამის საჭიროება ჩანდა. დღეს მისი ეს ნაბიჯი, შესაძლოა, ცოტა სარისკოც იყოს“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში.

- სარისკო რა კუთხით?

- კრიტიკულობის გარკვეული ზღვარი არსებობს. გასარკვევია, ეს ხომ არ არის მიღწეული იმ ეტაპამდე, როცა მოსახლეობა ივანიშვილის მიმართაც, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს.

- ანუ დააგვიანა ივანიშვილმა?

- არ არის გამორიცხული, რომ იყოს დაგვიანებული, თუმცა მე ვთვლი, რომ მისი ავტორიტეტი, მიუხედავად პარტიის წამგებიანობისა, მაინც მაღალია. ჩემი აზრით, ივანიშვილს ერთი შეცდომა ჰქონდა.

- რომელ შეცდომაზე საუბრობთ?

- თავის პარტიაზე მსჯელობის დროს იშვიათად იყო კრიტიკული. გულში შეიძლება ფიქრობდა და შინაურულად შეიძლება ამჟღავნებდა ამ კრიტიკულობას, მაგრამ მოსახლეობისთვის მისი დამოკიდებულება პარტიის მიმართ მაინც იყო ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე თვითონ მოსახლეობისა.

- ღიად უნდა დაპირისპირებოდა საკუთარ გუნდს?

- უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება გასაგები მოსახლეობის პოზიცია და ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ იგივე პოზიცია უკავია ივანიშვილსაც. არადა ვიცით, რომ ის გუნდით უკმაყოფილო იყო. ამ პროცესმა თუ არ შეუშალა ხელი, არა მგონია, სხვა მხრივ რაიმე პრობლემა წარმოშვას მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ.

- ხალხში იმედგაცრუება ძალიან დიდია. გამოუცხადებენ მას კიდევ ერთხელ ნდობას?

- საზოგადოებამ უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ არ გამოუცხადებს ნდობას, დიდი ალტერნატივა საზოგადოებასაც არ აქვს. იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის რეიტინგიც ერთ ადგილზე დგას და, მეორე მხრივ, მოდის ახალი პარტიების რიგი, რომლებიც რას წარმოადგენენ, ხელისუფლებაში როგორები იქნებიან, არავინ იცის, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი მაინც მეტ-ნაკლებად ნაცნობია.

- თქვენ ამბობთ, რომ შეჩვეული ჭირი გვერჩიოს?

- დაახლოებით მაგ ფორმულით და ეს ფორმულა შემთხვევითი ხომ არაა? ადამიანების გამოყენებული ფორმულაა. ჩვენ ვართ მოწყობილი ასე, რომ უჩვეულო გვაშინებს ხოლმე და შეიძლება, ამან ითამაშოს გარკვეული როლი.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს შავი სია, საგრძნობლად გაიცხრილება უმრავლესობის რიგები. ასე იქნება?

- შავი და თეთრი, ხომ? ანუ იმათი შავი, ვინც შეიძლება ვეღარ მოხვდეს და იმათი თეთრი, ვინც დარჩება. ალბათ, ასეთი სია არის. იმდენად ხშირად ითქვა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება პარტიის შემადგენლობა, რომ, ალბათ, ასეთი სია ზოგადად მუშავდება, თუმცა ბოლო მომენტამდე არ იქნება ეს სია ამოტივტივებული.

- “ოცნებამ” უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, პენსიების ზრდაც დააანონსა, თუმცა გვესმის შეფასებები, რომ მათ მიერ გადადგმული დადებითი ნაბიჯებიც კი საზოგადოების თვალში უარყოფითად წარმოჩნდება. რატომ? რას ვერ თვლიან სწორად?

- ეს ხარვეზი ისევ ივანიშვილს უკავშირდება, როცა მან თქვა, პიარი არ გვინდა, მოსახლეობა ისედაც ყველაფერს გაიგებსო. სამწუხაროდ, ადამიანებს პიარი სჭირდებათ. პოლიტიკაში – მით უმეტეს, რადგან პოლიტიკაში ძალიან ძნელია, მხოლოდ შენი შთაბეჭდილებებით მიაგნო ყველაფერს. ერთადერთი, ყოველგვარი პიარი ზედმეტი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეხო და უკვე ის პოზიტივი, რომელიც ამ რეფორმამ გამოიწვია, იყო მისი პიარი. სხვა შემთხვევაში, სადაც ასეთ დიდ რაოდენობაზე არ გადის სამთავრობო საქმიანობები, იქ პიარი გჭირდება იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა გააკეთე.

- ბატონო რამაზ, როდესაც საუბარია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, როგორ წარმოგიდგენიათ, რა სტატუსით დაბრუნდება იგი? ან რა იქნება შემდეგ? ხომ არ გაიმეორებს იმავეს და შუა გზაში მიატოვებს ყველაფერს? ეს კითხვები სერიოზულად ისმის საზოგადოების მხრიდან...

- ეს დიდი კითხვის ნიშანი უდავოდ არის და, თუკი ეს მოხდა, ალბათ, ძალიან მძიმე რეაქცია ექნება მოსახლეობას. მე იმედი მაქვს, რომ ივანიშვილისთვის სახელს, იმიჯს, მნიშვნელობა აქვს. ადამიანისთვის, რომელიც ამდენ ქველმოქმედებას ჩადის, სახელის გატეხა თავის გატეხაზე უარესი უნდა იყოს. ამიტომ არ გადადგამს იმავე ნაბიჯს.

- თუმცა, არც ის არის მოსალოდნელი, რომ რიგითი დეპუტატის სტატუსით მოგვევლინოს. კვლავ ჩაიბარებს მთავრობის მეთაურის პოსტს?

- წესითა და კანონით, ან მთავრობის მეთაური უნდა იყოს, ან პარლამენტის თავმჯდომარე, თუკი სიის სათავეში იქნება. ისევ ჩრდილში გადასვლა კი მეტისმეტად არასახარბიელო მდგომარეობას შეუქმნის და, არა მგონია, თვითონ არ ფიქრობდეს ამ საკითხზე.

- პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აგდებულმა დამოკიდებულებაც შეულახა ხელისუფლებას იმიჯიო. უშიშროების საბჭოს სხდომას, როგორც მოსალოდნელი იყო, არც ამჟამად დასწრებიან ივანიშვილის გუნდის წევრები. ეს დამოკიდებულება არ დააზარალებს ხელისუფლებას?

- გეთანხმებით, რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო სურათი. პირიქით, ხელისუფლებისთვის წამგებიანია, თუმცა, ვერც იმას ვიტყოდი, რომ პრეზიდენტისთვის იყოს ეს მომგებიანი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხშირად პრეზიდენტის ნაბიჯებიც არ არწმუნებდა საზოგადოებას იმაში, რომ ის ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელი იყო. ეს გაბუტვის რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვნებს.

- პრეზიდენტს თუ შეეშალა უმრავლესობასთან ურთიერთობაში?

- პრეზიდენტს უფრო მოსახლეობასთან ურთიერთობაში შეეშალა, მეტისმეტად მოინდომა საკუთარი პერსონის წინ წამოწევა, მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა არ იყო. მან თავიდან საკმაოდ კარგად მოახერხა საპრეზიდენტო სტატუსის წარმოჩენა დაპირისპირების პირველ პერიოდში და აღარ იყო აუცილებელი, შემდეგ დუელი გამართულიყო. აი, ამიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები გაუფასურდა და მათ დაპირისპირების სახე მიეცა. ვინც დაპირისპირებულია, ის აგებს. სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში არც ერთი მხარე მოგებული არ არის.

ახალი თაობა“, 05 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გოგი ქავთარაძესთან: “ხელისუფლებით კმაყოფილი არ ვარ. მომავალი პარლამენტი ბევრად უკეთესი უნდა იყოს”

„ქართული ოცნების“ წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის რიგითი ჯარისკაცია და, თუ ქვეყანას დასჭირდება, კვლავ მზად არის, კენჭი იყაროს და 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდეს.

- ბატონო გოგი, რას იტყვით ახალ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით? ამბობენ, რომ ქართული ოცნება სპორტსმენებსა და ხელოვანებს, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში უხვად არიან წარმოდგენილი, ემშვიდობება. ასეა?

- გავრცელებული ხმები ამ სიებთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. ეს არის მხატვრული ჭორი. ეს არ შეესაბამება რეალობას, ვიღაცები თითქოს უკვე დასახელდნენ, ვიღაცები თითქოს უკვე აღარ არიან სიაში. ეს არა მგონია, რომ რეალობა იყოს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

- ერთ წელიწადში არჩევნებია.

- მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც ნაადრევია ამაზე საუბარი. რაც შეეხება მსახიობებსა და ხელოვანებს, სპორტსმენებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მომავალ, ახალ პარლამენტში ვიღაცები, ალბათ, იქნებიან და ვიღაცები არ იქნებიან. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

- კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მუშაობით?

- არა, არავინ არის კმაყოფილი და მათ შორის არც მე. ხალხი ჩვენგან ბევრს მოელოდა. დიდი იყო იმედები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ის ელემენტარული მოთხოვნილებები ვერ დავაკმაყოფილეთ. მიუხედავად ამისა, მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მომავალში გაცილებით უკეთესად იქნება საქმე ჩვენს ქვეყანაში.

- როგორი უნდა იყოს მომავალი პარლამენტი?

- მომავალი პარლამენტი ბევრად უკეთესი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ახალი პარლამენტი გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომლებიც იყო. უფრო უკეთესი, უფრო ქმედითი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ახალი მოწვევის პარლამენტი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

- თქვენ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ, კიდევ აპირებთ კენჭისყრას?

- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა, 2012 წლის არჩევნებში ზესტაფონში კენჭი მეყარა, კეკლუცობა არ დამიწყია. მაშინ ვუთხარი ბატონ ბიძინას, რომ მე ვარ ჯარისკაცი. თუ დამიძახებენ, კეკლუცობას არ დავიწყებ და დავთანხმდები, მაგრამ არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება.

- “ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში სერიოზული ბრძოლა მოუწევს?

- დიახ, ეს რეალობაა, სერიოზული ბრძოლა მოუწევს.

- მთავარი კონკურენტი ვინ იქნება?

- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ სერიოზული ბრძოლა რომ მოუწევს, ეს ნამდვილად ასე იქნება.

- რატომ არის ხალხი უკმაყოფილო, სად დაუშვა მთავარი შეცდომა ხელისუფლებამ?

- მე მგონი, სამართლიანობის აღდგენის საკითხი ვერ იქნა ბოლომდე მოგვარებული, ეს პრობლემა ბოლომდე ვერ გადაიჭრა. ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა.

- ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში?

- გამომდინარე იქიდან, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ის არ დაბრუნდება პოლიტიკაში, თუ, რა თქმა უნდა, ქვეყანა არ დაიქცა, მეც არ მგონია, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდეს. მე მგონი, არაერთხელ უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ამ კითხვას.

- უკეთესი იქნება, რომ დაბრუნდეს, მაგალითად, პრემიერის რანგში ან საარჩევნო სიის პირველ ნომრად?

- ამ კითხვაზე უდავოდ დადებითად გიპასუხებთ. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნება, რომ დაბრუნდეს.

- დღეს ეს კითხვა აქტუალური არ არის?

- როგორ გითხრათ, შეიძლება, ძალიან აქტუალურიც არის, მაგრამ არ მგონია, რომ ბატონ ბიძინას უნდოდეს პოლიტიკაში დაბრუნება, თუმცა, ცხადია, ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და იქვე განაცხადა, როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, რომ, თუ აუცილებლობა დადგება, ის დაბრუნდება.

- ბატონო გოგი, მე თქვენი პოზიცია მაინტერესებს - უკეთესი იქნება, რომ დაბრუნდეს?

- მე ვთვლი, რომ უკეთესი იქნება, დაბრუნდეს, ეს ძალიან დადებითი მუხტი იქნება არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისთვის, არამედ ხალხისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც, ასე თუ ისე, იმედები გაუცრუვდა, ვისი მოლოდინი ვერ გავამართლეთ.

ახალი თაობა“, 05 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: ირაკლი ალასანია ამბიციებმა დაღუპა… „ნაციონალების ჭკუაზე არ დავდივართ

უშველის თუ არა „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, რისი იმედი აქვს მმართველ გუნდს არჩევნებზე, რამ შეიყვანა შეცდომაში ირაკლი ალასანია? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კარლო კოპალიანი ესაუბრება.

კარლო კოპალიანი:

- იქიდან მოყოლებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, გამუდმებით მიდის საუბრები, რომ ის პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ამ თემაზე არაერთი გამოკითხვა და ინტერაქტივი ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მის პოლიტიკაში დაბრუნებას უჭერდა მხარს. პირადად მე და საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას ორივე ხელით მივესალმებით. მას კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება უნდა და გააკეთებს კიდეც.

- თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა და წინასაარჩევნო ხრიკი იქნება.

- დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როცა ივანიშვილი თავად გააკეთებს განცხადებას. პირადად მე მოხარული ვიქნები, თუ ის იქნება `ქართული ოცნების~ სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების” ლიდერი ისედაც არის.

- უშველის ქართულ ოცნებას მისი პირველნომრობა? თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ისე ცუდად გაქვთ საქმე, რომ ივანიშვილი კი არა, მამაღმერთიც ვერ გიშველით არჩევნებზე...

- ჩვენს ოპონენტებზე რომ საუბრობთ, ნაციონალები თუ გყავთ მხედველობაში, მაშინ ჩემგან გადაეცით, რომ ღმერთის ხსენებას შეეშვან და იმ უბედურ მდგომარეობას მიხედონ, რაშიც თავად არიან.

- რატომ გგონიათ, რომ უბედურ დღეში არიან?

- ამაზე უბედური დღე რაღად გინდათ, რიგითი „ნაციონალიდან“ დაწყებული, მაგათი ნაგიჟარი სააკაშვილით დამთავრებული, გარეთ თავისუფლად ვერ გამოსულან. ტერმინ „ნაგიჟარის“ გამო მე არ მისაყვედუროთ, ასე ნაპრეზიდენტალი თავისმა თანაგუნდელმა გაბაშვილმა მოიხსენია. რაც შეგვეხება ჩვენ, მათ ჯინაზე და ხალხის გასახარად მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გვაქვს საქმე და ეს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდება.

- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ არჩევნებზე დადებით შედეგს მიიღებთ, ივანიშვილის იმედი გაქვთ?

- ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მას ისეთი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, მან ისეთი ჭირი მოგვაშორა, რომ ამას არავინ დაივიწყებს. ამ ფაქტორის გარდა, ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც სოციალური პრობლემების გადაჭრაზე არის ორიენტირებული. ამას რომ ხედავენ, გადარეულები არიან „ნაციონალები“ და ათას სიბინძურეს იგონებენ და სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. განსაკუთრებით გამწარებული არიან იმის გამო, რომ პენსია იზრდება. ამაზე მართლა მაგრად ნერვიულობენ. არაფერია, ინერვიულონ, რაც მეტს ინერვიულებენ, მით მეტ შეცდომას დაუშვებენ.

- ისინი კი ამბობენ, რომ მათი ზეწოლის შედეგად გახდით იძულებული, პენსია გაგეზარდათ.

- რომელ ზეწოლაზე საუბრობთ? მაგათ ჭკუაზე არ დავდივართ. ეგ უსირცხვილოები საერთოდ როგორ ლაპარაკობენ პენსიის მომატებაზე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რატომ არ შეასრულეს დანაპირები და რატომ არ გაზარდეს პენსია? ამას გასცენ პასუხი და მერე გამოიშვირონ ჩვენკენ თითი.

- ნაციონალებმა პენსია რამდენჯერმე გაზარდეს.

- დაპირება მაინც არ შეასრულეს, ისინი ხალხს დაჰპირდნენ, რომ პენსია 100 დოლარის ოდენობის იქნებოდა. პენსიების ზრდაზე იცით, როდის დაიწყეს საუბარი? ბიძინა ივანიშვილი რომ გამოჩნდა პოლიტიკაში. მაშინ მოუმატეს 24 ლარი პენსიას და ისიც არ მისცეს, დაზღვევაში თუ რაღაც ჯანდაბაში დაუკავეს. სხვა ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მაგათ ბრალდებებს და განცხადებებს საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ. რაღაც ერთი წელი უნდა ავიტანოთ და დამთავრდებიან. არჩევნებზე ხალხი მაგათ ხმას აღარ მისცემს და წარსულს ჩაბარდებიან. ჩვენ კი ისევ გვენდობა ხალხი.

- კი ხართ ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ შეუსრულებელ დაპირებებს რას უშვრებით? რატომ გგონიათ, რომ უკმაყოფილო ამომრჩეველი მხარს დაგიჭერთ?

- ერთი დამისახელეთ, რომელი დაპირება არ შევასრულეთ? ერთადერთი, სამართლიანობა ვერ აღვადგინეთ.

- სხვა დაპირებები შეასრულეთ? გაანახევრეთ ტარიფები, დააკელით საწვავს 1 ლარი?

- კარგი იქნებოდა, ყველა დაპირება ბოლომდე შეგვესრულებინა, მაგრამ ბევრ რამეში ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებმა შეგვიშალა ხელი. არც სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის ცუდად საქმე.

- აბა, ვერ შევასრულეთ ეს დაპირებაო.

- როგორ ვერ შევასრულეთ, ყოფილი პრემიერი, ყოფილი მერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი რომ ციხეში სხედან, ეს არაფერია? მაგათ კიდევ ბევრი რომ მიუჯდება მატროსოვზე, როგორ შეიძლება ამას სამართლიანობის აღდგენა არ უწოდო.

- ნაციონალები ამაზე ამბობენ, პოლიტიკური ოპონენტების დევნააო.

- არ გაიშვა მაგათი დევნა, რომელი ოპონენტები ეგენი არიან, ეგენი სექტა და ჯანდაბები არიან. პოლიტიკური ოპონენტების დევნა მაგათ დროს იყო, ახლა მხოლოდ იმ პირების გასამართლება ხდება, ვინც დანაშაული ჩაიდინა. სამწუხაროდ, ვიღაცებს არ სურთ დაინახონ, რომ სამართლიანობის აღდგენაც დაწყებულია. ალბათ ეგონათ, რომ „ნაციონალების“ მეთოდებით დავერეოდით ამ ხალხს, გამოვჭრიდით კისრებს და ჩამოვკიდებდით ხეებზე. ჩვენგან იმასაც ელოდნენ, რომ ხალხს მასობრივად გამოვყრიდით სამსახურებიდან, მაგრამ არც ეს გავაკეთეთ. კრიმინალ „ნაციონალებს“ ბევრი ადამიანი ჰყავთ გამწარებული და კარგად მესმის მათი, რომ ეჩქარებათ მათთვის სამაგიეროს გადახდა, მაგრამ სასამართლო თუ სხვანაირად გადაწყვეტს, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? წინა ხელისუფლების მსგავსად, სასამართლოს საქმიანობაში არ ჩავერევით. დამიჯერეთ, მართლა სერიოზული დემოკრატია შენდება ქვეყანაში. ამ დემოკრატიის წყალობით, ისინი პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრებიან თავიანთ გარყვნილ ლიდერთან ერთად.

- რომელსაც ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა?

- აბა, რა უნდა ექნა? ამ ადამიანმა საქართველო უკრაინაზე გაცვალა. ვინც საქართველოს სხვა ქვეყანაზე გაცვლის, საქართველოს მოქალაქეობის ღირსი არაა. იყოს ახლა ოდესის გუბერნატორი და იბაქიბუქოს, საქართველოში ხელისუფლებას შევცვლიო. თავის მომხრეებსაც აჯერებდნენ, მაგრამ არ გამოუვათ, როდის იყო, გასაქრობად განწირული ძალა ხელისუფლებას ცვლიდა.

- ნაციონალების გარდა, ირაკლი ალასანიაც ამბობს, რომ შეუძლია ამ ხელისუფლების შეცვლა. ამაზე რას იტყვით?

- ის ამაზე ოცნებობს. ამ ახალგაზრდას დიდი ამბიციები აქვს. ირაკლისთან პირადად მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და, ყველაფრის მიუხედავად, ვიტყვი, რომ კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ ბევრი რამე შეეშალა. შეცდომები ამბიციებმა დააშვებინა. ახლაც ეს ამბიცია აშვებინებს შეცდომებს. ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, მაგრამ პარლამენტში მოხვდებიან, რასაც მივესალმები. „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატები“ ნამდვილი ოპოზიციაა.

Comments are closed