globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 5th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუები ოთარ კახიძესთან და ნუგზარ წიკლაურთან: „მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო, პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა“ // „გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა!“ // „ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს“ // „თუ ბანკებს ლარით მოუწევთ სესხის გაცემა, თვითონვე იქნებიან დაინტერესებული, რომ მისი გაუფასურება არ მოხდეს და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „უვიზო რეჟიმის შემოღების გაჭიანურებით რუსეთის პროპაგანდისტული­ ძალები სარგებლობენ“

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის 15 რეკომენდაციიდან საქართველომ მხოლოდ სამი შეასრულა // „ნებისმიერი შეუსრულებელი რეკომენდაცია ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურებას იწვევს, რომელსაც შესაძლოა, ძალზე არასასურველი შედეგი მოჰყვეს“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ექსდეპუტატები დასაქმების მოლოდინში // „მგონია, ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: ვინ ათამაშებს ლარს?

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რუსებმა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დააკავეს, სოხუმში ვითარება იძაბება

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „სტრატფორი“ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდას პროგნოზირებს

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ახალი საკონსტიტუციო კომისიის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავათან: „მოსკოვი საქართველოში იდეოლოგიურ ომს იწყებს“ // რატომ შემოდის რუსული ბანკი საქართველოში

——————-

„კვირის პალიტრა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუები ოთარ კახიძესთან და ნუგზარ წიკლაურთან:მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო, პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა“ // „გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია . . შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს

რუსუდან შელია

ყრილობა ორი ათასის ნაცვლად, შვიდი ათასი დელეგატის ჩართულობით ჩატარდება, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი კი დღის წესრიგიდან მოიხსნა – ასეთია­ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის ორ ფლანგს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა. გაგრძელდება თუ არა დაპირისპირება პარტიაში და რა გეგმა აქვს ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგს, “კვირის პალიტრის” კითხვებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთარ კახიძე პასუხობს:

- ბუნებრივია, პოლიტსაბჭოსგან მსგავს­ შედეგსაც ველოდი. ზოგადად, როდესაც კენჭისყრა დემოკრატიულად ტარდება, წინასწარ არასოდეს იცი, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. პოლიტსაბჭოზე საკითხი მარტივად და­ი­სვა: როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის განვითარება, რადგან ფაქტია, რომ დღეს არაორდინარულ მდგომარეობაში ვართ. ლიდერები პოლიტიკური დევნილები არიან, მათი ნაწილი ციხეშია, ნაწილი – საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით ლოგიკურად დაისვა საკითხი: პარტია გახდეს სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ორგანიზაცია, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე და თბილისის ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი გახლდათ მხარდამჭერთა გაზრდისთვისაც.

- თქვენ, ანუ .. ბოკერიას ფლანგის­ წარმომადგენელი, ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით პარტია ფუნქციონირებადი არ არის?

- სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს – ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობით მას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს და დღეს არც არის. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო, პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა. ამ საკითხზე გვქონდა ტაქტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და არა დაპირისპირება, როგორც ეს ზოგიერთმა შერაცხა.

- დაპირისპირება კამათის ფარგლებს ჯერ კიდევ მაშინ გასცდა, როდესაც სააკა­შვილმა აღნიშნა, რომთვითგამოცხადებულ ხელმძღვანელებსადასვეცკებსპარტიიდან­ მისი დისტანცირება სურდათ. განსხვავებულად აფასებს პროცესს თქვენივე თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური და აღნიშნავს, რომ გარკვეულ ჯგუფს სააკაშვილის პარტიიდან გარიყვა სურდა. ფიქრობთ, ექსპრეზიდენტი დღეს პარტიისთვის პოლიტიკური ტვირთია?

- კამათი ზოგჯერ შეიძლება იყოს საკმაოდ მწვავეც, თუმცა ამ პროცესს განხეთქილებამდე არ მივუყვანივართ. ისინი, ვინც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ, დღემდე პარტიის წევრები არიან.

- როგორ წარმოგიდგენიათ იმ 25 კაცთან ერთად გუნდში ყოფნა, ვინც პოლიტსაბჭოზე მხარი არ დაგიჭირათ? მით უმეტეს, როდესაც თავად თქვით, რომ მათი ნაწილი მეორე ჯგუფის აშკარა შანტაჟზე გადავიდაშეგახსენებთ, ნუგზარ წიკლაური­ ყრილობის ჩაშლითაც იმუქრებოდა...

- პარტიის დაშლა დღის წესრიგში არ დგას, არც რომელიმე ჯგუფი აპირებს “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყოს. მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გარიყვა არავის უცდია. საერთოდ, ლიდერს პოლიტიკური პარტიიდან ხელოვნურად ვერასოდეს გარიყავ, სააკაშვილის გადარჩევაზე რომ გვემსჯელა, ამის საფუძველი კიდევ იქნებოდა, თუმცა ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე გვქონდა საუბარი.

———

რაც შეეხება ყრილობის ბოიკოტირების მუქარას, საკითხის ასე დაყენებას ნამდვილად არ ვეთანხმები. თუმცა ეს მათი არჩევანია და საბოლოოდ წარმატებასაც მიაღწიეს. ვიმეორებ, დემოკრატიული პარტიები სწორედ ასეთ რეჟიმში მუშაობენ და არა ისე, როგორც “ქართულ ოცნებაში” ხდება, როდესაც ერთი პ[ირის ბრძანებას მთელი გუნდი მორჩილად ეთანხმება.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური კი ისევ აცხადებს, რომ პარტიის წევრთა ერთმა ნაწილმა სააკაშვილის გარიყვა სცადა.

- “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, ჩემი აზრით, არადემოკრატიულ პროცესს გვთავაზობდა, როდესაც ყრილობის ჩატარებას ორი ათასი დელეგატის­ ფარგლებში ცდილობდა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა – მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება. მე და კიდევ არაერთ თანაგუნდელს საკითხის ასე დაყენება მიუღებლად მიგვაჩნია – მართალია, მიხეილ სააკაშვილს არა აქვს კანონიერად პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება, თუმცა ის სიმბოლურად უნდა დარჩენილიყო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ. მსგავსი სურვილი ბოლო ოთხი წელია ივანიშვილს აქვს – არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, პროკურატურა მაშინ დაგანებებთ თავს, თუ სააკაშვილს პარტიიდან გარიყავთო.

- მიანიშნებთ, რომ გიგა ბოკერია ივანიშვილის მითითებებს ასრულებს?

- გიგა ბოკერიას ჰქონდა ჩემგან განსხვავებული პოზიცია და დღემდე ფიქ­რობს, რომ თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს. მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი­ გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” ელექტორალური თვითმკვლელობა იქნებოდა. მიხარია, რომ ჩვენმა პოზიციამ გაიმარჯვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალურადაც გაუმართლებელი იქნებოდა პარტიიდან გაგვერიყა ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პარტია და რომელთანაც სწორედ ის ცხრა წელი ასოცირდება, რომელსაც მე წარმატების წლებად მივიჩნევ.

”"„კვირის პალიტრა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა!“ // „ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს“ // „თუ ბანკებს ლარით მოუწევთ სესხის გაცემა, თვითონვე იქნებიან დაინტერესებული, რომ მისი გაუფასურება არ მოხდეს და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ

ნათია დოლიძე

ეროვნული ვალუტის გაუფასურება პერმანენტულ პროცესად იქცა, თუმცა გასულ კვირას, 2 დეკემბერს, ლარის დევალვაციამ ყველა რეკორდი მოხსნა. კურსის ვარდნა დილიდან დაიწყო. დღის განმავლობაში კერძო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ფასმა 2.73 ლარსაც კი მიაღწია. ეროვნული ბანკის განცხადებამ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესებით არ იყო გამოწვეული, ვითარება ცოტა ჩააწყნარა, თუმცა დღის ბოლოს ეროვნული ბანკის დადგენილი ოფიციალური კურსიც არ იყო სახარბიელო – ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა. მომდევნო დღეს ვითარება უფრო განიმუხტა და ლარიც მნიშვნელოვნად გამყარდა.

რა მოხდა, რა იყოს ლარის ერთდღიანი გაუფასურების მიზეზი? ამ კითხვაზე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განმარტებით, რაც 1-ლ დეკემბერს მოხდა, დიდწილად საზოგადოებაში გაჩენილი მოლოდინით განპირობებული აჟიოტაჟის შედეგი იყო, რასაც წინ უძღოდა აშშ დოლარის კურსის ზრდა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტის გაუფასურება.

იყო თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის დაანონსებული ცვლილებები? გვენეტაძეს ამ კითხვაზე არ უპასუხია, თუმცა განაცხადა, რომ საზოგადოების მოლოდინების ფაქტორთა სპექტრიდან რთულია ერთი კონკრეტულის გამოყოფა. ექსპერტთა ნაწილი კი კერძო ბანკების სპეკულაციურ ქმედებებზე ლაპარაკობს და კონკრეტულ ბანკებსაც ასახელებს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.

- როდესაც მედიამ გასული კვირის ხუთშაბათს “ლარის შავი ხუთშაბათი” დაარქვა, ჩემი აზრით, გვარიანად გადაამეტა. არ მიწყინოთ, მაგრამ თქვენს კოლეგებს უყვართ ამა თუ იმ ვითარების გამუქება. ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა.
ეს იყო საბანკო სპეკულაციები – ჯერ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, მერე კი მალევე დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. ეს ბაზარზე ლარის ხელოვნური სიჭარბით მოახერხეს. მიმაჩნია, რომ სერიოზული ეკონომიკური საფუძველი ამას არ ჰქონია, თუმცა ამ სპეკულაციურ მანევრებთან დაკავშირებით თავისთავად ისმის კითხვები.

- ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა დავით დუნდუამ მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულა ორი კომერციული ბანკი და თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ასეთ ვითარებაში როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პოზიცია და ხომ არ დადგა დრო, გაამკაცროს მან საბანკო სექტორზე ზედამხედველობა?

- ჩემი აზრით, ბატონმა დუნდუამ შეფასებისას გადააჭარბა. ნებისმიერ ბანკს შეუძლია იმუშაოს კანონმდებლობის ფარგლებში. ჩემი აზრით, 2 დეკემბერს კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, პასუხისგებაზე ლაპარაკი ვერ იქნება. მაგრამ თქვენი კითხვის მეორე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია – გადასახედია საბანკო რეგულაციები.

- მოგეხსენებათ, მომხდარს წინ უსწრებდა მთავრობის მიერ ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევეიმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდის დაანონსება. ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ლარის გაუფასურება სწორედ ამ განცხადებას დაუკავშირა. მისი ვარაუდით, იმპორტიორებმა პროდუქციის მომარაგება გადაწყვიტეს, რისთვისაც დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყეს...

- არა მგონია, ეს მნიშვნელოვანი მიზეზი იყოს. მეეჭვება, იმპორტიორებს ჰქონდეთ ამდენი თავისუფალი ფული. თუ აქვთ, ალბათ, უცხოურ ბანკებში ინახავენ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, მთავრობა უშვებს დიდ შეცდომას. თქვენ იცით, რომ მომწონს პრემიერ-მინისტრი და მივიჩნევ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია, აუცილებლად ვილაპარაკებ და იმედია, ამას მტრობად არ მიიჩნევენ.

შეცდომა ის არის, რომ ჩვენმა მთავრობამ აირჩია ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი სუსტი ეროვნული ვალუტის ფონზე – ეს ჩემთვის ცხადია, თუმცა ხმამაღლა არ გამოუცხადებიათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ გააძლიერეს ლარი, მერე დაიწყო მისი ხავერდოვანი შესუსტების პოლიტიკა, რაც ცხადად აჩვენებს, რომ არჩეულია სუსტი ლარის სტრატეგია. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე ძალიან ბევრი რამ არის დაწერილი და ჩემი თუ არ სჯერათ, წაიკითხონ ცნობილი ეკონომისტების მონოგრაფიები, სადაც კარგად ჩანს, სადამდე მიჰყავს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას მსოფლიო. სხვათა შორის, ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე. მას შემდეგ აშშ-შიც კი, სადაც ნეოლიბერალური მიდგომა ვრცელდება ვაჭრობაზე, ნავთობზე, სანედლეულო ბაზრებზე და ა.შ. ეს გახდა ძალიან ხისტი რეგულაციის საგანი. მოგეხსენებათ, ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს ხელისუფლების მაქსიმალურ დისტანცირებას ეკონომიკური პროცესებისგან და, ამავდროულად, ეკონომიკაში საბანკო სექტორის უდიდეს როლს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის არასწორი მგონია.

ამას რომ თავი დავანებოთ, სუსტი ეროვნული ვალუტის პოლიტიკა არის არა მაკრო ან მიკროეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური სტრატეგია, რასაც შეიძლება მიმართოს ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც ხელთ აქვს, ვთქვათ, აშშ დოლარი – ვალუტა, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ფინანსურ და სანედლეულო ბაზრებს და დოლარის კურსზე დამოკიდებულია ნავთობის ფასები მსოფლიოში. შესაბამისად, დოლარის დასუსტებით თუ გაძლიერებით აშშ საკუთარ ინტერესებს ადვილად ახორციელებს. მეორე შემთხვევა, როდესაც სუსტი ვალუტის სტრატეგიას იყენებენ, არის ე.წ. დახურული ქვეყნები, სადაც ძალიან ძლიერია ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და არის ორიენტირებული ექსპორტზე. ვთქვათ, ირანი, რომელმაც სანქციების პერიოდში ეკონომიკური განვითარება სწორედ უსუსტესი ეროვნული ვალუტის ფონზე მოახერხა, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანი ყიდის ნავთობს, ის ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა.

როდესაც სუსტი ვალუტა გაქვს, მაგრამ ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტზე მაღალია, მაშინ კონკურენტუნარიანი ხდები საერთაშორისო ბაზარზე და დიდ მოგებას ნახულობ, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც იმპორტი ლამის 5-ჯერ ჭარბობს ექსპორტს. აქ ეროვნული ვალუტის შესუსტება იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები აიწევს. თუ არ აიწევს, მაშინ მთავრობას მოუწევს ამ განსხვავების დაფარვა და ასეთ პირობებში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ასე რომ, ეს პოლიტიკა არასწორია, აუცილებლად უნდა გააძლიერონ ლარი, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს.

- თუმცა, როდესაც ლარის დასუსტებაზეა ლაპარაკი, ამის მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგად ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და სწორედ ექსპორტის გაზრდას ასახელებენ

- როცა პროდუქციას მთლიანად შიდა რესურსებით, შიდა ნედლეულით აწარმოებ და ექსპორტზე გაგაქვს, მაშინ შენი პროდუქცია კონკურენტულია და სუსტ ეროვნულ ვალუტასაც აქვს გამართლება, მაგრამ როდესაც წარმოების ამუშავებისას ნედლეული, ძირითადად, იმპორტირებულია, მაშინ სუსტი ეროვნული ვალუტა კარგავს აზრს. იმპორტირებული ნედლეული ბუნებრივად სწევს წარმოებული პროდუქციის ფასს, მის თვითღირებულებას.

- მაშ, რა არის ჩვენი მთავრობის მიზანი?

- რა გითხრათ… როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობის წევრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა აშშ-ის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში მოსმენილი ლექციები, საჭიროა მეტი გამჭრიახობა და სიბრძნე. ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდა სპეციალისტების გადაწყვეტილება, რომ აღარ გამოეკიდებიან ლარს, დიდი შეცდომაა. ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა! სუსტი ლარის ტვირთი მთლიანად მოსახლეობას დააწვება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ ენერგორესურსების იმპორტს, რაზეც დასუსტებული ლარის პირობებში ფასები აუცილებლად გაიზრდება. ამას მოჰყვება სამომხმარებლო ფასების ზრდა და ინფლაცია. ჩვენ ხომ ვერ მოვახერხებთ ინფლაციის შესაბამისად პენსიებისა და ხელფასების ზრდას! საქართველო არც საფრანგეთია და არც – გერმანია.

- თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ლარის გამყარების პერსპექტივაზეც ლაპარაკობს დაეროვნულ ბანკთანერთად .. დედოლარიზაციის გეგმით ლარზე ზეწოლის მოხსნას გეგმავსთუმცა ექსპერტთა ნაწილის თქმით, ამ საკითხზე გაკეთებული გაუაზრებელი განცხადებაც შეიძლება გამხდარიყო 1- დეკემბერს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი

- ჩემი აზრით, ეს სულ სხვა თემაა, არ უკავშირდება ლარის სიძლიერეს ან სისუსტეს და თუ ვინმე უკავშირებს, ცდება. ეკონომიკურ განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე – მიმოქცევაში მყოფი ფულადი მასის, ეროვნული და უცხოური ვალუტების, თანაფარდობაზე. აქ უნდა მოინახოს ოქროს კვეთა. შესამუშავებელია ლარის მართვის მექანიზმები, რაც არც კომერციულ ბანკებს მისცემს სპეკულაციების უფლებას და არც მთლად ნეოლიბერალური იქნება.

ჩემი აზრით, ეროვნული ვალუტის ეკონომიკური მართვა ხისტად უნდა განხორციელდეს! რაც შეეხება ე.წ. დედოლარიზაციას, ამას მივესალმები. უპირველესად იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეროვნული ვალუტა ჩემი სიამაყეა. კონსტიტუციურად ჩვენი ვალუტა ლარია და ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, გარიგება, ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს ლარით. როდესაც კრედიტებს, რაღაც განაკვეთებს, ბინის იპოთეკურ სესხს გიფორმებენ დოლარში, არასწორია! ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და უნდობლობა ეროვნული ვალუტისადმი, რაც უნდა აიკრძალოს. რამდენად შეუმსუბუქებს ეს მდგომარეობას იმას, ვისაც უკვე აქვს სესხი, ვერ გეტყვით… ისე, დარწმუნებული ვარ, თუ ბანკებს ლარით მოუწევთ სესხის გაცემა, თვითონვე იქნებიან დაინტერესებული, რომ მისი გაუფასურება არ მოხდეს და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ, ჩვენ კი ლარის გაცვლითი კურსი მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლისას უნდა გვახსენდებოდეს!

როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: რამდენად სწორია მოგების გადასახადის მოხსნა და აქციზის გაზრდა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აპირებს? მოგების გადასახადი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, აქციზის გადასახადი კი მოქმედებს მოქალაქეებზე. რა გამოდის, ჩვენი მთავრობა აპირებს, ბიზნესს მხარი დაუჭიროს საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე?! ეს არა მხოლოდ სამწუხარო, დანაშაულიც კია.

მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, აქციზი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ორ რამეზე: თამბაქოზე, მიუხედავად იმისა, რომ მწეველი ვარ, და ალკოჰოლურ სასმელებზე, მაგრამ არამც და არამც – ნავთობპროდუქტებზე. ეს აუცილებლად გამოიწვევს ლარის დევალვაციასაც და ინფლაციასაც. რაც შეეხება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდას, მიდგომა აქაც დიფერენცირებული უნდა იყოს. მივესალმები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე არა მხოლოდ აქციზის გაზრდას, არამედ მათ საერთოდ აკრძალვას. ასევე მაღალი უნდა იყოს აქციზი ძველ და ელიტურ – ძვირად ღირებულ მანქანებზე, ხოლო დანარჩენი საერთოდ უნდა გათავისუფლდეს სააქციზო გადასახადისგან.

- პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მოვისმინეთ, თითქოს ხელისუფლება ონლაინსესხების გაუქმებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მხოლოდ შეზღუდვა იგეგმება

- რატომღაც მგონია, რომ მართლაც სურდათ აკრძალვა, რასაც მივესალმებოდი, ისევე, როგორც ონლაინკაზინოების შეზღუდვას, თუმცა რატომღაც ეს ვერ გაიტანეს. სამწუხაროდ, ეს ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს – ერთს ართმევენ, მეორეს ასესხებენ და ა.შ. ერთ დღეს ეს ხუხულა, ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოინგრევა. ისეთი ბიზნესი, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, ჩემი აზრით, მკვეთრად უნდა შეიზღუდოს. ამ სფეროზე კონტროლი უნდა დაწესდეს!

- ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობა იპოთეკურ სესხს 33 ათას ადამიანს დაუფინანსებს და ამისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში გაიწერება. დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად ვისი იპოთეკური სესხები დაიფარება? ექსპერტ ლადო პაპავას განცხადებით, ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელიც პატიოსანი გადამხდელია, სულაც არ არის ვალდებული, ვიღაცას საკუთარი ჯიბიდან დაუფაროს სესხი

- კი, წავიკითხე ბატონი ლადოს განცხადება. ამ საკითხში მართლაც იმდენი რამ არის ბუნდოვანი, მიჭირს კომენტარის გაკეთება. კარგი იქნება, თუ გაგვარკვევს ხელისუფლება, კონკრეტულად რომელ კატეგორიას ან რა პროდუქტს შეეხება მათი ინიციატივა… უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება ინიციატივებს მაშინ გაახმაურებს, როდესაც ყველაფერი გაანალიზებული და კარგად დაგეგმილი ექნება და ამას საზოგადოებასაც კარგად აუხსნის.

ვემხრობი პრემიერის პათოსს, რომ სახელმწიფო სწრაფად უნდა განვითარდეს, შედეგად კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ორნიშნა რიცხვით აისახოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ფინანსურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, რითაც მას ამ შედეგის მიღწევა სურს. განვითარების წარმოდგენილი თეზისები მოსაწონია, მაგრამ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა არ ჩანს… თუმცა მივცეთ მთავრობას 100-დღიანი ვადა და მერე უფრო კრიტიკულად შევაფასოთ მათი საქმიანობა.

- რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გაყიდვას გეგმავსამგვარი ინიციატივა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასაც, რაც ვერ განახორციელა. ამ იდეას დღესაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის არაჯანსაღი ინტერესების გამო ამგვარი გადაწყვეტილება სახიფათოა

- 25%-ის გასხვისებაში საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ამ საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ შეიცვლებოდა კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ, და ისე, როგორც არის მთელ მსოფლიოში, ბუნებრივი მონოპოლიები გადაიქცეოდა სააქციო საზოგადოებებად, მათი აქციების ყიდვა კი შეეძლებოდათ არა კომპანიებს, არამედ – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

- არჩევნების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ 2017 წლამდე მოხერხდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ დაიგვიანებს

- ევროპის შენგენის ვიზა 17 მარტს მიმთავრდება და ვფიქრობ, რომ ვიზის გაგრძელება აღარ დამჭირდება. ამ პროცესს იმედით ვუყურებ, თუმცა ცხადად გამოჩნდა, რა შენელებულად მუშაობს ევროპული ბიუროკრატიული მანქანა. ოპტიმისტი ვარ, ღმერთმა არ ქნას, ვცდებოდე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მისწრაფებები, გეზი კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგეს…

”"„კვირის პალიტრა“, 05 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „უვიზო რეჟიმის შემოღების გაწელვით რუსეთის პროპაგანდისტული­ ძალები სარგებლობენ

ეკა ასათიანი

რამდენად დროულად და სწრაფად მიიღებს საქართველო ევროპაში უვიზო­ მიმოსვლის უფლებას და რა ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული ამ პროცესის გაჭიანურება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “კვირის პალიტრას” პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

- ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ყველა პირობა, რაც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად აუცილებელი იყო, მაგრამ ჩვენი საკითხი უკრაინასთან ერთად­ განიხილება, უკრაინას კი არ ჰქონდა შესრულებული ყველა ვალდებულება. ამან გააჭიანურა პროცესი.

დღეს ასეთი სიტუაციაა: უკრაინამაც დააკმაყოფილა ყველა პირობა, მაგრამ ახლა პროცესს სხვა გარემოება აჭიანურებს. როგორც ვიცით, ევროკავშირმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით (ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდებიან). გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და სხვა სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, როდის შეიძლება ის ამოქმედდეს და ა.შ.

საქართველო განტევების ვაცი აღმო­ჩნდა.­ ევროპას აშინებს ახლო აღმოსავ­ლე­თ­იდან ლტოლვილების ნაკადი, ამას თან ერთვის სოციალურ-ეკონომიკური პრობლ­ემები და პოპუ­ლისტური პარტიების გამოჩენაც საქმეს ართულებს. მათ გავლენა მოახდინეს საზო­გადოებრივ აზრზე­ და საფ­რანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში­ მმართველი­ პარ­ტიის რეიტინგი დაეცა. ხელისუფალნი­ იძულებული არიან, საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ და თამამ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებენ. ეს გავლენას ახდენს იმაზეც, რომ ევროკავში­რის ქვეყნები ზოგიერთ საკითხთან დაკავშირე­ბ­ით კონსენსუსს ვერ აღწევენ, თუმცა, ყველა­ თანახმაა,­ რომ საქართველომ ევრო­ლიბერალ­იზაცია უნდა მიიღოს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, ეს არის ევროკავშირის შიდა პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს. აუხსნელია, რატომ უნდა იყოს საქარ­თველო დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციულ ნაკადზე, მაგრამ ამ ვითარებაში განტევების ვაცი აღმოვჩნდით.

- ისიც ხომ არ ართულებს საქმეს, რომ საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბე­რალ­იზაციის საკითხს ერთ ჭრილში განიხილავენ?

- თუ ევროპას მიგრაციული ნაკადი აშინებს, უკრაინიდან უფრო მეტია ამის საფრთხე, რადგან ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია. თუმცა, ევროპისთვის უკრაინის უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკითხის უკრაინასთან ერთად განხილვა პლუსადაც­ შეიძლება ჩაითვალოს. მთავარია, რომ ახლა ამ ორი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ყველა უჭერს მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მიიღებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. უბრალოდ, ეს პროცესი გაიწელა, რამაც ჩვენი საზოგადოება გადაღალა და გააღიზიანა, ამით კი რუსეთის პროპაგანდისტულმა ძალებმა ისარგებლეს. ისინი ცდილობენ, ჩვენი საზოგადოების დეზორიენტაცია მოახერხონ და ხალხის აზრი გახლიჩონ.

——————–

”"„რეზონანსი//მთელი კვირა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის 15 რეკომენდაციიდან საქართველომ მხოლოდ სამი შეასრულა // ნებისმიერი შეუსრულებელი რეკომენდაცია ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურებას იწვევს, რომელსაც შესაძლოა, ძალზე არასასურველი შედეგი მოჰყვეს

სალომე სარიშვილი

ევროპის საბჭოსთან არსებულმა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა, რომელიც წევრ ქვეყნებში კორუფციისა და პარტიათა დაფინანსების შესახებ არსებულ მდგომარეობას სწავლობს, საქართველოს შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 15 რეკომენდაციიდან დამაკმაყოფილებლად მხოლოდ 3 პუნქტია მიჩნეული, ხოლო დანარჩენი 12 კი ნაწილობრივ შესრულებულადაა შეფასებული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთო ჯამში, ქვეყანამ “გრეკო”-ს ყველა რეკომენდაცია მეტ-ნაკლებად ჯეროვნად შეასრულა, დანარჩენზე კი, მათი თქმით, ახალი პარლამენტი იზრუნებს და ევროსაბჭოს შესაბამის ანგარიშს მომავალი წლის სექტემბერში წარუდგენს.

ექსპრეტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შესაძლოა, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გააჭიანუროს ან სულაც შეჩერებას შეუწყოს ხელი, რადგან, მათი შეფასებით, ევროპაში საერთო ამინდს და მათ შორის ევროსაბჭოში სწორედაც რომ ასეთი ჯგუფები ქმნიან.

რა წერია ანტიკორუფციული ჯგუფის ანგარიშში

ცნობისთვის, “გრეკო” ევროსაბჭოსთან არსებული სახელმწიფოთა ანტიკორუფციული საბჭოა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ წევრ ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას სწავლობს და შესაბამის ანგარიშებს აქვეყნებს. უკანასკნელი ანგარიშიც მათი ბოლო მონიტორინგის შედეგია, რომელიც ამა წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველომ ხელშესახებ პროგრესს ვერ მიაღწია.

დოკუმენტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი ეხება დანაშაულის მხილებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ ვითარებას, ხოლო მეორე – პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებსა და ამ პროცესზე ხელმისაწვდომობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ დანაშაულის მხილებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გაცემული ხუთი რეკომენდაციდან სამი სრულად შეასრულა და ორი დამაკმაყოფილებლად. რაც შეხება პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, აქ 10 პუნქტია და ყველა მათგანი ნაწილობრივაა შესრულებლი. ევროსაბჭო იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველო მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ჯეროვნად შეასრულებს, რაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანითა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის განმარტებები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე “მთელ კვირასთან” საუბრისას ანგარიშის შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ ანტიკორუფციულ ჯგუფს საქართველოში არსებული ვითარება მეტწილად პოზიტიურად აქვს შეფასებული, რაც, მისი თქმით, სასიხარულოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი პერიოდულად სხვადასხვა წევრ ქვეყნებში იკვლევს, თუ რა მიღწევები აქვს მას ანტიკორუფციულ ნაწილში და რა რეკომენდაცია შეასრულა მეტ-ნაკლებად წარმატებულად. “ევროსაბჭოს მსგავსად, “გრეკო”-ც მის ანგარიშებში რეკომენდაციებს გვაძლევს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს,” – ამბობს გუგული მაღრაძე. მისივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი ახალ მონიტორინგამდე რეკომენდაციების შესრულება ვერ ესწრება, ის მომდევნო წლისთვის ინაცვლებს და შესაბამისად, სამომავლოდ შესასრულებელ დავალებებში. იგი ამბობს, რომ 2017 სექტემბერში ანტიკორუფციულ ჯგუფსა და შესაბამისად, ევროსაბჭოს ჩვენმა წარმომადგენლობამ უკვე ანგარიში უნდა წარუდგინონ, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ქვეყანაში და რა – ვერა.

“წინა წლების მონიტორინგის შედეგში “გრეკო”-ს ყურადღება ორი მიმართულებით აქვს გამახვილებული, ერთია – ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობა და მეორე პარტიების დაფინანსების საკითხი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პირველ ნაწილში საქართველოს, რამდენიმე პუნქტის გამოკლებით, ფაქტობრივად ყველა სხვა შესრულებული აქვს. მარტივად რომ აგიხსნათ, აქ რეკომენდაციები პუნქტობრივადაა წარმოდგენილი, რომელთა ნაწილზეც ახლა გესაუბრებით. რაც შეეხება პარტიათა დაფინანსების ნაწილში მოცემულ რეკომენდაციებს, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ ამ კუთხით რეკომენდაციები ნაწილობრივ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ მე-3, მე-5 და მე-7 რეკომენდაცია სრულადაა დაკმაყოფილებული, ხოლო დანარჩენი 7 კი – ნაწილობრივ,” – აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ყურადღებას დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე ამახვილებს. მისი თქმით, საერთო ჯამში დოკუმენტია მეტად მოცულობითია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო თემატიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა და პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა.

“ძალიან დაწვრილებითაა მოცემული არასამთავრობო ჯგუფების შექმნა და მათი მუშაობის შედეგად მიღებული შენიშნვნები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროსაბჭოს წევრი არცერთი ქვეყანა არ გახლავთ ისეთი, რომელიც ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით და უკლებლივ ასრულებს,” – ამბობს გუგული მაღრაძე. მისი თქმით, უკანასკნელ ანგარიშში წარმატებულად შესრულებულ ნაწილში პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა წინა წლებთან შედარებით აშკარად შესამჩნევია. ასევე პოზიტიურადაა მიჩნეული ის, რომ არსებობს უკვე უნიფორმული დოკუმენტები, რომლის საშუალებითაც პარტიები დაფინანსებას სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ბიუჯეტიდან იღებენ. „ანუ პოზიტიურად გვითვლიან იმას, რომ ეს პროცესი ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ღიაა და მას ვებ-გვერდზე შეუძლია ნახოს რომელი პარტია რამდენს და საიდან იღებს ფულს. მინუსში გვითვლიან იმას, რომ ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით ცვლილებებია საჭირო. უფრო ზუსტად კი, ეს მხოლოდ ცესკო და აუდიტის საქმე კი არ იყოს, მათი რეკომენდაციით, საჭიროა სპეციალური კომისია, როელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და მხოლოდ ცესკოს ზედამხედველობიდან გამოვა. ანგარიშში მინუსადაა მიჩნეული ისიც, რომ არ არის კარგად გამოყოფილი მოხალისეობა და მათი პარტიის საქმიანობაში ჩართულობა. საერთო ჯამში, მასში ძალიან ბევრი დეტალია, სადაც მეტწილად შეფასება დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა. ჩვენ ახლა ამის ვალდებულება გვაკისრია, რაც 2017 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ევროსაბჭოს უნდა წარვუდგინოთ,” – დასძენს გუგული მაღრაძე.

შესაძლო შედეგები

პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ ევროსაბჭოს და მათი ჯგუფების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ამ ყველაფერმა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ შეანელოს. მათივე თქმით, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე რეალობაც და მათ შორის, ევროპის მდგომარეობაც, რომელიც საკმაოდ კრიტიკულ ფაზაში იმყოფება.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სწორედ ამ კრიტიკულ ფაზაზე საუბრობს. “მაგალითად, იტალიაში ახლა რეფერენდუმი ტარდება და არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს ის. თუკი მთავრობა დაეცა, რეალობა სულ სხვანაირი იქნება, სხვა შემთხვევაში კი ვითარება აბსოლუტურად შეიცვლება. იგივე ტრამპის გაურკვეველი პოზიცია, რომელიც ევროპას უკავშირდება… ეს ყველაფერი ჯამში ევროპის მდგომარეობას აჩვენებს და ვშიშობ, რომ თუკი ადრე ევროჩინოვნიკები ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავდნენ, ახლა შეიძლება რეკომენდაციების შეუსრულებლობა საბაბადაც კი გამოიყენონ ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და პროცესი გზაში გააჭიანურონ. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, თავად რიგითი ევროპელები გაფართოების თვალსაზრისით იმედგაცრუებულნი არიან, თუმცა, მეორე მხრივ, შეშფოთებულნი მიგრანტთა პრობლემებით. ასეთ ვითარებაში კიდევ ახალი ინტეგრაცია ახალი არხია და ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყნებიდან მოსახლეობა ევროპას მიაწყდება. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც პოლიტიკოსები საზოგადოებრივი აზრის მიმართ ძალზედ მგრძნობიარენი არიან, ეს უკვე სულ სხვა რეალობას ქმნის,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას სოსო ცინცაძე და იქვე დასძენს, რომ საზოგადოებრივ აზრს ევროპაში გადამწყვეტი როლი აკისრია.

„ერთია საზოგადოებრივი აზრის გავლენა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში და მეორე ევროპაში, რომელიც სულ სხვანაირად გამოიყურება. ჩვენთან მთავრობამ შეიძლება გვიმტკიცოს, რომ ფასების გაძვირება მოსახლეობის ინტერესშია, მაგრამ ევროპაში არცერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი ამის თქმის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემს. ამით იმის თქმა მსურს, რომ საზოგადოებრივი აზრის როლი იქ სულ სხვაა,” – აღნიშნავს პოლიტოლოგი. მისი აზრით, დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპული ენა ისწავლონ და გაიზიარონ, რომ ევროპელების თავაზიანი მიმართვების მიღმა ძალზედ მტკიცე პოზიციები იმალება. ცინცაძის შეფასებით, ახლაც, როცა საუბარი რეკომენდაციებზე და მის შეუსრულებლობაზეა, შესაძლოა ეს ევროჩინოვნიკებმა სხვაგვარად გამოიყენონ.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ რეკომენდაცია სულაც არაა ბრძანება, არამედ უბრალოდ კეთილი სურვილებია, რომელსაც გვინდა გავითვალისწინებთ და გვინდა – არა. სამწუხაროდ, საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც რეკომენდაციის შეუსრულებლობას ავტორი იგნორირებას გაუკეთებს. ნებისმიერი შეუსრულებელი რეკომენდაცია ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურებას იწვევს, რომელსაც შესაძლოა ძალზედ არასასურველი შედეგი მოჰყვეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ევროჩინოვნიკებისთვის საბაბადაც კი იქცეს და მომავალში შეუსრულებელი რეკომენდაციები ხელად წინ დაგვიდონ. არავინ დამიწყოს მტკიცება, რომ ეს სხვადასხვა კანტორაა და საერთო აზრს ყურადღებას არავინ აქცევს. ვინც ამას ამბობს, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ევროპა, იქ საერთო ამინდს სწორედაც რომ ასეთი ჯგუფები და საბჭოები ქმნიან. ამდენად, ამ რეკომენდაციებს ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აკისრია და კეთილი ინებონ, შეასრულონ. დეგენერატებად ნუ გამოგვიყვანენ, თითქოს არ გვესმის, ვის რა როლი აკისრია. ყველას თავისი ძალა აქვს იმდენად, რამდენადაც მათ საზოგადოებრივ აზრზე დიდი წვდომა აქვთ,” – მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

”"„რეზონანსი//მთელი კვირა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

ექსდეპუტატები დასაქმების მოლოდინში

მგონია, ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნების” სიის მიღმა დარჩენილი ყოფილი პარლამენტარები ჯერ ისევ მოთმინებით, თუმცა ცოტა განაწყენებითაც ელიან კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძისგან შეპირებულ თანამდებობებს. ნაწილი ამბობს, რომ “ოცნების” მმართველობაში “ცოტას სცოდავენ კიდეც” მათთვის შეპირებული დასაქმების ამდენი ხნით გაწელვის გამო. ზოგიერთი კი თვლის, რომ ცოტა ხანი “კიდევ უნდა მოიცადონ” და ალბათ რაღაც იქნება. თუმცა დიდად დარწმუნებულები იმაშიც არ არიან, რომ ყველა მათგანს დაასაქმებენ.

“დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, როგორც მითხრეს, რამდენიმეს შესთავაზეს რაღაც კონკრეტული, მაგრამ ძალიან ისეთი, ცოტა გულდასაწყვეტი თანამდებობები იყო და არ დათანხმდნენ,” – ამბობს ყოფილი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე, რომელსაც შეპირებული ახალი სამსახური ქუთაისში სურს. როგორც აღნიშნავს, კრედიტი აქვს აღებული და დღევანდელი ერთი სამსახურით მისი გადახდა უჭირს.

ჩაიწერება თუ არა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან საკუთარ თანაგუნდელებზე გაცემული დაპირება “ოცნების” შეუსრულებელი დაპირებების სიაში, ამის თქმა ჯერ ნაადრევია, რადგან მეორე ტურის დასრულებიდან მხოლოდ ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული. მაგრამ რადგან “ქართულმა ოცნებამ” უკვე ყველა თანამდებობა გადაინაწილა – პარლამენტის სპიკერობა, ვიცე-სპიკერობა, კომიტეტების თავმჯდომარეობა თუ მთავრობაში მინისტრების პორტფელები, ამიტომაც ახლა თანამდებობების რიგში უკვე პარლამენტს მიღმა დარჩენილი ყოფილი დეპუტატები დგანან და პარტიის ცენტრალურ ოფისში გამოძახებას და დაპირებულ დასაქმებას მოუთმენლად ელიან.

დღესდღეობით ერთადერთი მხოლოდ სოსო ჯაჭვლიანს ერგო დაპირებული სამსახური. მას კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდის თავმჯდომარეობა ჩააბარეს. ჯაჭვლიანის გარდა, “ოცნების” დაახლოებით 15 დეპუტატს 2 კვირის წინ კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ დაპირება შესრულდება.

ყოფილი დეპუტატებიდან მხოლოდ ერთეულებია, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მოეწყობიან. მათგან ერთია გოგლა ჟვანია, რომელმაც “მთელ კვირასთან” განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობას გამორიცხავს. მეორეა ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი პაატა კიკნაველიძე, რომელსაც კერძო ბიზნესი აქვს და ბიზნესში აგრძელებს საქმიანობას. ასევე ელდარ კურტანიძემ განუცხადა “მთელ კვირას”, რომ ის არავის არ დააწვება კისერზე და თავად იშოვის სამსახურს იმ სფეროში, რაშიც პროფესიონალია.

გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ალექსანდრე თამაზაშვილიც არ იქნება რაიმე თანამდებობაზე. გაურკვეველია, ზურაბ ზვიადაურს შესთავაზებენ თუ არა თანამდებობას სადმე, რადგან არჩევნების წინ მაჟორიტარობის კანდიდატად მისი არდასახელების გამო პარტიის ხელმძღვანელობასთან მას დაპირისპირებაც მოუვიდა.

ცნობისათვის: როდესაც წინასაარჩევნოდქართული ოცნებისპროპორციული და მაჟორიტარული სიები დგებოდა, პარტიის ხელმძღვანელობა იმ დეპუტატებს, ვინც მომდევნო მე-9 მოწვევის პარლამენტს მიღმა რჩებოდნენ, სამინისტროებში თუ სსიპ-ებში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდა. როგორც ყოფილი დეპუტატები აცხადებენ, მათ ჰკითხეს სად მოიაზრებდნენ თავს, რომ ამის მიხედვით გადაწყვეტილიყო მათი მომავალი სამუშაო ადგილიც, თუმცა შეთავაზება ჯერ ისევ არ ჩანს.

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის თქმით, ის ამჟამად ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, მაგრამ ეს შემოსავალი არ ჰყოფნის და პარტიისგან ელოდება დამატებით ახალ სამსახურს ისევ ქუთაისში. “სრული პროფესორი ვარ და ქუთაისში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, მაგრამ ეს ხელფასი არ არის მაღალი. კრედიტიც მაქვს გამოტანილი და მიჭირს ამის გადახდა. იმედი მაქვს, რაღაც სამსახურიც მექნება, თორემ ჩემი პროფესურით ამას ვერ გადავიხდი”, – ამბობს ნიშნიანიძე. მისი განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელობისგან დასაქმებაზე შეთავაზება ადრე ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი ყოფილა. “თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ცოდნა-გამოცდილებით ჩვენს გუნდს გამოვადგებით და გამოგვიყენებენ. იმედი გვაქვს, რამე იქნება. ჯერჯერობით, როგორც იტყვიან, მოლოდინის რეჟიმში ვართ. კონკრეტული არც არაფერი ყოფილა. უბრალოდ მე ჩემი ადგილი ვუთხარი, რომ მაწყობს ქუთაისში დავსაქმდე. ადმინისტრაციულ სამსახურში შეიძლება. მგონია, რომ რაღაც კონსულტაციები მიმდინარეობს… რამდენჯერმე ჩავედით თბილისში და ორი დღის წინ კინაღამ შევეწირე ამ სიარულს. თოვლის გამო მანქანით მოვსრიალდი გზაზე, ავარია გავაკეთე,” – აღნიშნავს ომარ ნიშნიანიძე. იგი თვლის, რომ “ოცნების” მმართველობაში ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე, ხოლო თუ არაფერს წყვეტენ, უთხრან პირდაპირ და საკუთარ თავს მერე თავად მიხედავენ. “ბევრნი არ ვართ და იმედი მაქვს, გადაწყვეტენ. თუ არ გადაწყვეტენ, ისიც უნდა გვითხრან, რომ არ წყვეტენ და მივხედავთ ჩვენს საქმეს,” – მიიჩნევს ყოფილი დეპუტატი, თუმცა დასძენს, რომ თუკი სამსახურის შეთავაზება არ იქნება, ძალიან ბევრი ყოფილი დეპუტატი ცუდ დღეში ჩავარდება.

ომარ ნიშნიანიძე:ვისაც ბიზნესი ჰქონდათ, ისინი კი მოხვდნენ ისევ პარლამენტში. ვინც სიაში არ მოხვდა და მე ვინც ვიცი, ყველა ბიზნესის გარეშე იყო და ვიცი, რომ ჩემი კოლეგები ცუდ დღეში ჩავარდებიან, თუ რამე სამსახური არ ექნათ. ერთი ვიცი ბაღდათის მაჟორიტარი პაატა კიკნაველიძე, რომელსაც კერძო ბიზნესი აქვს და თქვაარ მინდა მე არაფერი და გავაგრძელებ ჩემს საქმესო. ვისაც რაღაც შემოსავალი აქვთ, ბუნებრივია, გააგრძელებენ თავის საქმიანობას. სხვებს ძალიან გაუჭირდებათ. დაზუსტებული ინფორაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც მითხრეს, რამდენიმეს შესთავაზეს რაღაც კონკრეტული, მაგრამ ძალიან ისეთი, ცოტა გულდასაწყვეტი თანამდებობები იყო და არ დათანხმდნენ. მაგალითად, ბოლო შეხვედრაზე თედო ჯაფარიძე არც დამინახავს და სად არის, როგორ არის და რას უპირებენ, არ ვიცი. სერიოზული კვალიფიციური დიპლომატია და ამდენ ხანს რატომ არ შესთავაზეს რამე, გამკვირვებია. ან ვანო კიღურაძეს. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც აქვთ გამოცდილება და ცოდნა. მგონია, რომ ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე”.

ასევე ყოფილი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ელოდება, რომ მალე დაუძახებენ და ყველას არა, მაგრამ ვინმეს დაასაქმებენ. „ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა. ადრე, როდესაც ეს საკითხი დაისვა, მე მითხრეს, რომ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდებით, რაიმეს გამოგიძებნით და მერე კიდევ გამოგიძახებთო. ასე ღიად დარჩა ეს საკითხი. ალბათ მალე დაგვიძახებენ. მაშინ გვითხრეს – თქვენც მოიფიქრეთო, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ვერ შევთანხმდით. ჩემთან ცოტა სხვა სიტუაციაა. მე ისეთი პროფესია მაქვს, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ვარ, ვარ რეჟისორი. შემიძლია სხვადასხვა თეატრს შევთავაზო პროექტი და დავდგა სპექტაკლი. ამიტომ ჩემთან ცოტა სხვა სპეციფიკაა,” – ამბობს ქავთარაძე, რომელსაც ჰგონია, რომ ცოტა ხანი მოცდა კიდევ მოუწევთ.

გოგი ქავთარაძე:მგონია, რომ ცოტა ხანი კიდევ უნდა დავიცადოთ და ყველას არა, მაგრამ ვინმეს დაასაქმებენ. ჩემი საკითხი კულტურის სფეროა. დასაქმებაზე ბოლო შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ იყო. ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან, მაშინ ის ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო, პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. რამდენიმე კაცი ვიყავით, ალბათ 15-ზე მეტი. დანარჩენებს რა შესთავაზეს, არ ვიცი. ფაქტობრივად, ერთმანეთთან უხერხულიც იყო. ეტყობა, ეს შეხვედრა კონფიდენციალური იყო და ამიტომ არ იყო გახმაურებული”.

ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარის, როსტომ ხალვაშის თქმით, თუკი არაფერს შესთავაზებენ, გული დაწყდება.

როსტომ ხალვაში:ქართული ოცნებისგუნდთან ვარ და რასაც გუნდი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე ასე შემოთავაზება, რომ ვიცოდე რა და როგორ, არ მქონია. მხოლოდ ერთი რამ ვიციცხოვრება ყველას უნდა და როგორც ყველა ადამიანი, ველოდები, თუ რამე იქნება. ახლა დასაქმებული არ ვარ. შეხვედრაზე ერთად ვიყავით ყველა და იმის მერე არაფერი ყოფილა. არაფერი რომ არ შემოგვთავაზონ, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ გული ყველას დაგვწყდება”.

ყოფილი პარლამენტარი ელდარ კურტანიძე სხვა თანაგუნდელებისგან გასხვავებით თავად ეძებს სამსახურს და ამბობს, რომ ის კისერზე არავის დააწვება. “არსად არ არის გადაწყვეტილი. მე თვითონ ვეძებ სამსახურს. როგორც პროფესიონალი, ვეძებ სამსახურს და აუცილებლად ვიპოვი. ალბათ პიროვნებამ თვითონ უნდა იშოვოს სამსახური. მე ვფიქრობ, რომ სწორია, იქ ვიმსახურო, სადაც მიყვარს საქმე და სადაც ჩემი ფასი ვიცი. ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, მაგრამ აუცილებლად გამოიძებნება. საკმარისი გამოცდილება და ცოდნა მაქვს იმის, რომ არ უნდა გამიჭირდეს. უცხოეთიდანაც მაქვს შემოთავაზება და შეიძლება წავიდე. რამდენიმე ვარიანტია. ასე რომ, არავის ტვირთად არ დავაწვები ნამდვილად,” – აცხადებს ელდარ კურტანიძე.

”"„რეზონანსი//მთელი კვირა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: ვინ ათამაშებს ლარს?

თიკო ოსმანოვა

“საზოგადოებამ თუ ვერ დაინახა ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები და ის, რომ “ოცნება” რეალურად ატარებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მომწიფდება სერიოზული სოციალური პროტესტი. ამიტომაც ამ კუთხით ხელისუფლების სიტყვა და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებას აქვს ადაპტაციის პერიოდი ახალ რეალობასთან და იმ გამოწვევებთან, რომელიც “ოცნებას” გამოჰყვა წინა პერიოდიდან. საქმე გვაქვს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც არის დამატებითი გამოწვევა ხელისუფლებისთვის. პოლიტიკური სიტუაცია, მართალია, დაძაბულია, თუმცა, ჯერ არ მიუღწევია ისეთ ნიშნულამდე, რომ სერიოზულ საპროტესტო აქციებში გადაიზარდოს. თუმცა, თუ ეს სიტუაცია არ გამოსწორდა სოციალ-ეკონომიკური კუთხით, თუ არ შედგა დიალოგი ხელისუფლებასა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, შესაძლოა გაზაფხულისთვის ეს დაძაბულობა ბევრად რთულ ვითარებაში გადაიზარდოს.

- და სად გადის ზღვარი ხალხის მოთმინებასა და სოციალურ აფეთქებას შორის?

- სოციალურ აფეთქებას ჯერჯერობით არ ვპროგნოზირებ, მაგრამ შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუკი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდა, ლარის კურსის დასტაბილურება არ მოხდა, ფასებმა მოიმატა და ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეზე და ცხოვრებაზე აისახა.

25 წლის განმავლობაში საზოგადოებას გაცილებით დიდი გაჭირვება გამოუვლია და მაშინ არ მომხდარა სოციალური აფეთქება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, ახლა ისეთ ზღვრამდე მივიდეთ, რომ მასობრივი გაღარიბება დაიწყოს, მაღაზიებიდან პროდუქტები გაქრეს და ა.შ.

სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს მოსახლეობა შეიგრძნობს საკუთარ ჯიბეზე და თუ ადრე უფრო მეტი პროდუქტის და სერვისის ყიდვას ახერხებდა, ახლა შეიძლება ახალი გაზრდილი ფასებით ეს ვეღარ მოახერხოს და ამით, ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ იქნება. საზოგადოებამ თუ ვერ დაინახა ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები და ის, რომ “ოცნება” რეალურად ატარებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მომწიფდება სერიოზული სოციალური პროტესტი. ამიტომაც ამ კუთხით ხელისუფლების სიტყვა და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

- ანუ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოსალოდნელი არ არის?

- საპროტესტო გამოსვლებს სჭირდება წარმმართავი ძალა, ვინც ამ ყოველივეს სათავეში ჩაუდგება და მასების მობილიზებას მოახდენს. ასეთ ოპოზიციურ ძალას კი ჯერჯერობით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ. შეიძლება იყოს ცალკეული სპონტანური გამოსვლები, მაგრამ არა მგონია, ისე გართულდეს ქვეყანაში მდგომარეობა, რომ ამას საზოგადოების მასობრივი სპონტანური პროტესტი მოჰყვეს.

- ახალი წლის შემდეგ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაა დაანონსებული და თუ არსებობს ალბათობა, რომ სწორედ ამ ძალამ მოახდინოს ხალხის მობილიზება?

- არასაპარლამენტო ოპოზიციაში ჯერჯერობით ვერ ვხედავ ისეთ ძალებს ვისაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ახალი ლიდერი გამოჩნდეს. მაგრამ მე პირადად არ მგონია, ჩვენმა ამჟამინდელმა ოპოზიციამ ქვეყანაში რაღაც სერიოზული ძვრების ინიცირება გამოიწვიოს.

- რაც შეეხება ლარის კურსს, რამდენად ხედავთ ამაში სპეკულაციის ნიშნებს და სადამდე შეიძლება ამ პროცესებმა მიგვიყვანოს?

- ნამდვილად ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებზე ჩაღრმავებული კომენტარი გავაკეთო, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლარის უეცარი ვარდნა, რაც ჩვენ ვიხილეთ ორი დღის წინ, გამოწვეული იყო კონკრეტული კომპანიების, ჯგუფების და ადამიანების მიერ, რომლებმაც რატომღაც არ მოინდომეს დოლარის გაყიდვა და ამით ფაქტობრივად ხელი შეუწყვეს ლამის სავალუტო ბაზრის ჩამოშლას.

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, მთავრობამ ამ ადამიანებთან მოახერხა კომუნიკაცია, რის შემდეგადაც მოხდა ლარის დაბრუნება ძველ ნიშნულთან. ახლა მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა და მაინტერესებს – ვინ არიან ეს კონკრეტული კომპანიები და ეს ხალხი, რომლებსაც ასე ერთ დღეში შეუძლიათ სავალუტო ბაზრის შერყევა. გამოდის, რომ ხელისუფლება მათ წინაშე უძლურია.

- თავად ხელისუფლების ეს არგუმენტი რამდენად დამაჯერებელია?

- სწორედ ამას აღვნიშნავ – ეს პირველად არ ხდება. ასეთი რამ მოხდა 1 წლის წინაც – ზუსტად ასე დღენახევრის განმავლობაში ლარი უცბად დაეცა და შემდეგ ასევე გამყარდა. ანუ, ჩემი აზრით, ეს ნაწილობრივ გამოწვეულია დაუსჯელობის სინდრომით ხელისუფლება არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლზე და ამ ადამიანების ჯგუფს არ მოსთხოვა თავის დროზე პასუხი. თუკი ხელისუფლება ამ ადამიანებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მაშინ უნდა მოახდინოს მათი იდენტიფიცირება.

- ზოგიერთი ექსპერტი ამაში ბანკებს – კერძოდ “საქართველოს” და “თიბისი” ბანკებს ადანაშაულებს…

- მე ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოვისმინე ფინანსთა მინისტრის განცხადება, როდესაც მან ისაუბრა კონკრეტულ კომპანიებზე და ჯგუფებზე და მათ პასუხისმგებლობაზე, რაც გასულ კვირას მოხდა. მე ხელისუფლებისგან მაინტერესებს პასუხი კითხვაზე – ვინ არიან ეს ჯგუფები და რატომ მისცეს თავს ამდენის უფლება.

- ანუ თქვენ მათ დასჯას ითხოვთ?

- სანამ ადამიანს დასჯი, ჯერ უნდა დაადგინო, არის თუ არა ის დამნაშავე. უნდა გაირკვეს, რა პრინციპით და მოტივებით მოქმედებდნენ ისინი. თუ ეს არ გაირკვა, არ ვართ დაზღვეულები, რომ ასეთი რამ მომავალშიც არ განმეორდება.

- და მაინც, უახლოეს მომავალში რამდენად ელოდებით ლარის გამყარებას?

- არ გახლავართ ფინანსისტი, ან ეკონომისტი, ამაზე პროფესიული პროგნოზი უნდა გააკეთონ ამ სფეროს სპეციალისტებმა. მიჭირს ამაზე ექსპერტული შეფასების გაკეთება.

- რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკურ გეგმას, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- გაამართლებს თუ არა ეს გეგმა, ამას ჩვენ დავინახავთ მაშინ, როცა ამოქმედდება. დავინახავთ, რამდენად არგუმენტირებულია ხელისუფლების განცხადება, რომ ეს წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. ამის ეკონომიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

- თქვენი აზრით, თუნდაც საწვავზე აქციზის გაზრდა ხომ არ გამოიწვევს ვითარების გაუარესებას?

- ამას არ სჭირდება ეკონომისტობა, რომ აქციზის გაზრდა საწვავზე, სიგარეტზე და ავტომობილებზე გამოიწვევს ამ პროდუქციაზე ფასების ზრდას. მაგრამ რა მასშტაბით მოხდება და რამდენად შეეხება მოსახლეობის ბიუჯეტს, ეს მომავალში გამოჩნდება. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება სათანადო კონსულტაციების შემდეგ მიიღო. როდესაც ამოქმედდება ეს რეგულაციები და გავა დრო, მერე უფრო შეგვეძლება მსჯელობა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი მოიტანა.

- რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, არჩევნების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში შედგა. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს და რას იტყვით იმ გზავნილებზე, რომელიც ევროპელი ლიდერებისგან გაკეთდა?

- ამ ვიზიტს არ მივანიჭებდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას, იმიტომ, რომ რაღაც ახალი და განსაკუთრებული არ თქმულა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ფაქტობრივად გაიმეორა ის, რაც მას და მის წინამორბედებს არაერთხელ უთქვამთ ხელისუფლებისთვის – რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ. ნაშანდობლივი იყო მხოლოდ ერთი განცხადება – პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში ნატოს ეგიდით. თუ ეს ინიციატივა კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდა – საქართველოს ტერიტორია, ბაზები და პორტები თუ დაეთმო ნატოს ძალებს – არ არის გამორიცხული, რომ ამან გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება.

- და რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა?

- რუსეთისგან პრაქტიკულად ყველაფერია მოსალოდნელი. მითუმტეს მოსკოვმა ახალახან საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებში ხაზგასმულია “ძალის ფაქტორის” მნიშვნელობა, ამით კი ყველაფერია ნათქვამი.

- რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც უახლოეს ხანში დაკომპლექტდება, ხომ არაა მოსალოდნელი, ეს საკითხი პრეზიდენტის და პარლამენტის დაპირისპირების საგანი კიდევ ერთხელ გახდეს?

- ალბათ ამ საკითხზე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგება კომუნიკაცია და მოაგვარებენ ამ საკითხს. ვფიქრობ, შეთანხმდებიან, რომ ეს არ გახდეს ახალი პოლიტიკური სკანდალის საფუძველი. ასევე, ჩემი აზრით, ხელისუფლება შეასრულებს დანაპირებს და ახალი კონსტიტუციური მოდელის დამტკიცება მოხდება ფართო კონსენსუსით. თუ ეს არ მოხდა, ეს ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან დამაზიანებელი და შეიძლება გახდეს ახალი პოლიტიკური დაპირისპირების კატალიზატორი და არ მგონია, ეს ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს.

- მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება, თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ყრილობის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა?

- ვფიქრობ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობას წყალი შეუდგა და ეს გამოჩნდა პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, სადაც სააკაშვილის მომხრეებმა მხოლოდ 1 ხმით მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ “ნაციონალებში” სერიოზული დაპირისპირების პროცესია და თუ ვერ მოხერხდა შიგნით კონსენსუსის მიღწევა, დიდი ალბათობით, ამ პარტიისგან მოხდება იმ ჯგუფის გამოყოფა, რომელსაც განსხვავებული ხედვა გააჩნია და მიაჩნია, რომ ამ პარტიას სააკაშვილთან ერთად მომავალი არ აქვს. წმინდა პარტიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, აზრთა სხვადასხვაობას აქვს თავისი ლიმიტი და ის უკვე იწურება.

”"„რეზონანსი//მთელი კვირა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

რუსებმა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დააკავეს, სოხუმში ვითარება იძაბება

ნინო ომანაძე

4 დეკემბერს სოხუმში გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ბლოკის და პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდა. საგანგებო შეხვედრის მიზეზი სოჭში 3 დეკემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ფონდ “აპრას” ხელმძღვანელის ასლან ბჟანიას დაკავება გახდა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ასლან ბჟანია რუსმა სამართალდამცველებმა 3 დეკემბერს საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს და ბრალდებად “რუსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობა” წაუყენეს.

აფხაზური გამოცემა “აფხაზია ინფო” ასლან ბჟანიას თანმხლებ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ასლან ბჟანიას ორი დღის მანძილზე სოჭის პოლიციაში დაკითხვაზე დაატარებდნენ. “ორი დღის მანძილზე ბჟანია არაერთხელ წაიყვანეს სოჭის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის არაერთხელ დაკითხეს. პოლიციელები ეძებდნენ მოგონილ ბრალდებებს მის დასაკავებლად. სამ დეკემბერს რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთისას, საპასპორტო შემოწმების დროს, ის მესაზღვრეებმა დააკავეს, ერთ-ერთმა სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა მას ბრალდებად რუსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა წაუყენა და ცალკე შენობაში გადაიყვანა. მალევე სამართალდამცავების მანქანა მოვიდა და ის სოჭის პოლიციაში წაიყვანეს, სადაც აქამდე იმყოფება”, – აცხადებს ასლან ბჟანიას თანმხლები პირი.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “კიარაზაას” ლიდერები ასლან ბჟანიას დაკავებას დე ფაქტო ხელისუფლებას მიაწერენ და მოუწოდებენ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სასწრაფოდ მიიღოს ზომები და გაათავისუფლოს ასლან ბჟანია:

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება აფხაზეთის ხელისუფლების მონაწილეობით განხორციელდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ გაამწვავებს ისედაც რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას და ყველა ძალა იხმაროს ასლან ბჟანიას გასათავისუფლებლად”.

პარტია “ედინაია აბხაზიას” ლიდერი სერგეი შამბა მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას და ოპოზიციას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დიალოგის გზით შეიმუშაონ კომპრომისული გადაწყვეტილება.

“საზოგადოებაში დაგროვდა ბევრი უკმაყოფილება. ნებისმიერი მასობრივი თავშეყრა შესაძლოა, უმართავი პროცესით დამთავრდეს.

ჩვენს პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტის ვადამდელ გადადგომას, მაგრამ მე ვცდილობ დაპირისპირების გარეშე მივიდეთ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და იქ გადავწყვიტოთ პრობლემები”, – ამბობს შამბა.

“ედინაია აბხაზიას” კიდევ ერთი ლიდერი თეიმურაზ ხიშბა პირდაპირ მოუწოდებს რაულ ხაჯიმბას, დატოვოს პრეზიდენტის სავარძელი და თავიდან აიცილოს სისხლისღვრა.

“თუ პრეზიდენტი არ ეთანხმება კომპრომისებს, მაშინ ჩვენც იძულებული გავხდებით შევუერთდეთ ოპოზიციის მოთხოვნას და მივმართოთ მას, რომ დატოვოს თანამდებობა. ჩვენ ვთვლით, რომ არცერთი სკამი არ ღირს ჩვენი ხალხის სისხლის ერთ წვეთად. რაულ ხაჯიმბას შეუძლია შევიდეს ისტორიაში, როგორც ერის გამაერთიანებელი. მან უნდა შეძლოს შეელიოს საკუთარი და მისი გარემოცვის ინტერესებს და გადადგეს”, – განაცხადა “ეხო აფხაზიასთან” ინტერვიუში თემურ ხიშბამ.

ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ოპოზიციური პარტიების და პარტია “ამცახარას” მიერ გამართულ საგანგებო შეხვედრას გამოეხმაურა და მოუწოდა მათ, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან: “გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ნაჩქარევი განცხადებები საზოგადოების დეზინფორმაციას ახდენს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტია “ამცახარას”, გამოიჩინოს პოლიტიკური თავშეკავებულობა და დაელოდოს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას”.

“ამცახარას” ლიდერი ასლან ბჟანია ჯერ კიდევ 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე აცხადებდა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება “ამცახარას” ლიდერების წინააღმდეგ მოგონილი მუხლებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავდა.

“ამცახარას” ლიდერის დაკავებას ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასლაბ ბჟანია არაფხიზელ მდგომარეობაში, არარეგისტრირებული იარაღით აპირებდა საზღვრის გადაკვეთას.

“შევესწარი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას დაკავების ფაქტს. ასლან ბჟანია და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და აღმოაჩნდათ 2 ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც გაირკვა, ერთი-ერთი იარაღი იყო საეჭვო, არ იყო რეგისტრირებული. ბჟანიას მოსთხოვეს, არ გადაეკვეთა საზღვარი, მაგრამ ის არ დაემორჩილა ბრძანებას, რა დროსაც დააკავეს. ბჟანია, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლებას მოუწოდებს კანონის დაცვისკენ, თვითინ არღვევს ქვეყნის კანონმდებლობას და ამასთანავე ცდილობს მსხვერპლად წარმოგვიდგინოს თავი”, – წერს ვინმე რუსლან ნარტოკოვი.

“მთელ კვირასთან” საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებამ უაღრესად მძიმე შედეგი გამოიღოს.

“ესაა რაულ ხაჯიმბას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგი. ეტყობა ხაჯიმბამ, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, პუტინს შესჩივლა. შესაბამისად, სპეცსამსახურებს მიეცათ ბჟანიას დაკავების ბრძანება. როგორც ვიცით, რაულ ხაჯიმბას ოპოზიციის მხრიდან 15 დეკემბრამდე ჰქონდა ულტიმატუმის ვადა, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი. მახსენდება 2010 წელი, როცა სამხრეთ ოსეთში “არჩევნების” წინ კრემლის ჩარჩოებიდან გასული ოპოზიციონერი ჯამბულატ თედეევი დააკავეს. თვითმფრინავიც კი დასვეს, რომ მისი დაკავება მომხდარიყო. მაშინ ის სასტიკად გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალა კრემლის ფავორიტი კანდიდატისთვის. მაგრამ აფხაზური საზოგადოება სხვა მენტალიტეტისაა. ასლან ბჟანიას დაკავებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს. შეიძლება დაპირისპირებამ სისხლისღვრამდე მიიყვანოს აფხაზები. ამას აუცილებლად მოჰყვება ანტირუსული განწყობის გაზრდა და საზოგადოების ქუჩაში გამოსვლა. არც მინდა წარმოვიდგინო, რა შედეგებამდე მიიყვანს ეს დაპირისპირება აფხაზ ხალხს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

”"„რეზონანსი//მთელი კვირა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

სტრატფორიპოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდას პროგნოზირებს

ვახტანგ შამუგია

კერძო ამერიკული სადაზვერო-ანალიტიკური ორგანიზაცია “სტრატფორის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უახლოეს მომავალში მთელ რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საგარეო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ევროკავშირში და ზოგადად დასავლურ ქვეყნებში არსებული შიდა დაპირისპირებები მოსკოვს საკუთარი პოზიციების გამყარებაში ეხმარება. ეს კი, საბოლოო ჯამში, პროდასავლური ორიენტაციის პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ნეგატიურად ისახება. “სტრატფორელი” ანალიტიკოსები თავიანთ მოსაზრებას სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზე ავითარებენ. ამ უკანასკნელში საპრეზიდენტო არჩევნები პრორუსულად განწყობილმა კანდიდატმა იგორ დოდონმა მოიგო. მან თავისი კონკურენტი, პროდასავლურად განწყობილი მარია სანდუ მეორე ტურში დაამარცხა. დოდონი მოლდოველებს მათი პროდუქციისათვის რუსული ბაზრის გახსნასა და მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას ჰპირდება.

ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, უკრაინის ხელისუფლების მიმართ დასავლეთის შესუსტებული ეკონომიკურ-პოლიტიკური მხარდაჭერა და მოსკოვის მიმართ შერბილებული ტონი კიევსაც აიძულებს უფრო დამყოლი პოლიტიკა გაატაროს. სტატიაში საუბარი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც ეხება. კრემლი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე აზერბაიჯანისათვისაც ცდილობს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევას. ამას ის სხვადასხვა სახის ეკონომიკურ თუ სამხედრო პროექტებში ბაქოს ჩართვით ცდილობს. მხარეებს შორის ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება საქართველოს, ანალიტიკოსთა აზრით, თბილისის პოლიტიკა მოსკოვთან მიმართებით შემრიგებლურ პოზიციაშია გადასული. “საქართველო ნელ-ნელა არბილებს თავის პოზიციას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში. ამასთან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, თბილისი მოსკოვთან ეკონომიკურ ურთიერობებს გაამყარებს და გააღრმავებს”, – წერია სტატიაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენის ზრდის დიდ ალბათობას ეთანხმება ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, კრემლმა ოფიციალური თბილისი სამხედრო თვალსაზრისით მეტად კრიტიკულ და სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენა.

“დღეს საქართველო, ყველაზე ოპტიმისტური თვალსაზრისით რომ ავიღოთ, 1921 წლის 9 თებერვლის მდგომარეობაშია, ანუ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი თავი დაიხსნას რუსული მარწუხებისაგან. პესიმისტურად თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ იმ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორშიც ბალტიის ქვეყნები იყვნენ 1940 წელს, იძულებითი გასაბჭოების წინ.

“რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ რუსეთის ახალ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში ნათლად არის აღნიშნული, რომ კრემლი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირებით, თუმცა, “არსებული რეალობის გათვალისწინებით”. რაღა თქმა უნდა, ამაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას გულისხმობენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, – თქვა მაისაიამ “მთელ კვირასთან” საუბრისას.

მისივე თქმით, არსებულ რეალობას საქართველოსათვის ის გარემოებაც ართულებს, რომ დასავლური სამყარო თავის პოზიციებში უკვე უწინდებურად ჰომოგენური აღარ არის. ამასთან, ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომა ევროპის კონტინენტთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დიდ დარტყმას მიაყენებს.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით კი, ქართულ საზოგადოებაში პრორუსული ორიენტაციის ძალების პოპულარობის ზრდა და საგარეო ვექტორის მკვეთრი ცვლილების ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. “შესაძლებელია მაპ-ის დღემდე ვერ მიღებამ, ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესის გადადებამ და სხვა გარემოებებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პესიმიზმი გააღვივოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პრორუსულად დაიწყებენ აზროვნებას. საამისოდ ბევრი მიზეზია, მთავარი კი ისაა, რომ რუსეთში ისინი ვერ ხედავენ განვითარებისა და პროგრესის წყაროს, განსხვავებით დასავლეთისაგან. ალბათ სწორედ ამიტომ არის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყნის პროდასავლურ კურსს საქართველოს მოქალაქეთა 70 % უჭერს მხარს”, – თქვა ჩიტაძემ “მთელ კვირასთან” საუბრისას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დასავლური სანქციებისაგან ეკონომიკურად დასუსტებულ რუსეთს გაუჭირდება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის თავისი ნების თავს მოხვევა.

თავის მხრივ, ოპტიმისტურად ასრულებენ თავიანთ სტატიას “სტრატფორის” მკვლევარები, მიიჩნევენ რა, რომ დასავლეთი თავისი მოკავშირეების დაცვის საქმეში თავის სიტყვას იტყვის. “მომდევნო წელს რუსეთის ფედერაციას პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზეწოლის გაძლიერების შანსი აქვს. მართალია, ეს არ იქნება ისეთი მძლავრი, როგორც 2010 წლამდე იყო. მიუხედავად ამისა, არ აქვს მნიშვნელობა, შეარბილებს თუ არა დასავლეთი ანტირუსულ სანქციებს, ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ თავიანთი მოკავშირეების მხარდაჭერას რუსეთის მიერ “ახლო საზღვარგარეთად” წოდებულ ტერიტორიაზე”, – ვარაუდობენ ამერიკელი ანალიტიკოსები.

——————–

”"„ახალი თაობა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ახალი საკონსტიტუციო კომისიის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ საჯილდაო ქვა იქნება.

- ბატონო შალვა, არასაპარლამენტო ოპოზიცია აგრძელებს შეხვედრებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. საუბარია ახალ თემატურ ერთობაზე. რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ მიმართულებით გადადგას რეალური ნაბიჯები?

- კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დანაპირები იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა ქვეყანაში. არსებული საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელისუფლებო ძალამ, მიღებული 48%-ის მიუხედავად, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ ეს დაადასტურა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა. აქ სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია და ამას დიდი სპეციალისტობა არ სჭირდება. ჩვენი მუშაობის მიზანი ამ უსამართლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ოპოზიციური, კვალიფიციური პარტიების ფორმატზეა საუბარი, თუმცა ჩვენ სხვა ნებისმიერ პარტიასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით და ეს შეეხება მთლიანად საარჩევნო სისტემას, როგორც ადგილობრივ, საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო საარჩევნო სისტემას. ხელისუფლებასთან გვექნება კომუნიკაცია, თუმცა, რამდენად იქნება იქიდან შემხვედრი ნაბიჯები, ამას რეალობა გვაჩვენებს. ასევე მჭიდრო ურთიერთობა გვექნება არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

- საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იგეგმება. შეიძლება კვლავ ძალაში იყოს ქართული ოცნების განაცხადი, რომ ისინი 2020 წლისთვის შეცვლიან საარჩევნო სისტემას?

- დიახ, ასეთი განაცხადი იყო ხელისუფლების მიერ გაკეთებული, თითქოს 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეს ცვლილებები ვერ ესწრებოდა, არ ფლობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობას იმ პარლამენტში და ამიტომ ითქვა, რომ გადაიდებოდა, მაგრამ დღეს რამდენად გაახსენდებათ ეს დანაპირები, რთული სათქმელია იმ ფონზე, როდესაც ამ მიმართულებით უკვე გაკეთდა არადამაიმედებელი განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ჯერ უცნობია, როგორი პოზიცია ექნება „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, ალბათ, იქნება მსჯელობა საარჩევნო კანონმდებლობაზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად სამართლიანი მოდელისკენ იქნება მიმართული მათი მუშაობა. წინა პარლამენტის პირობებშიც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, მაგრამ, რა შედეგიც დადო ამ კომისიამ, ყველა კარგად ვხედავთ.

- პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ, განაცხადა, რომ სწორედ კონსტიტუციის გადასინჯვა იქნება ახალი პარლამენტის მთავარი გამოწვევა და, მას თუ გააუმჯობესებენ, თორემ ვერაფერს ავნებენ. თქვენ რას ელით?

- იმ კომისიამ, რომელიც იყო შექმნილი, არაფერი გააკეთა. ახალი კომისიის მიმართაც დიდი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს.

- რატომ?

- აქამდე ერთადერთი მკაფიო განაცხადი, რომელიც გაკეთდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეკუთვნოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ ეს დაადასტურა ბატონმა კობახიძემ, ვგულისხმობ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. თუ ამ მიმართულებით აპირებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ერთადერთი მიმართულებით განახორციელებს ცვლილებას, რომ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია. თუ უმრავლესობა დანიშნავს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირ მისი გავლენის ქვეშ მოქცევა და სხვა არაფერი.

- ქართული ოცნების გუნდის შიგნით ამ საკითხზე პოზიცია ერთგვაროვანი არ არის და ისინი საუბრობენ საზოგადოებასთან ფართო კონსენსუსზე, რის შედეგადაც მოხდება გადაწყვეტილების მიღება. თქვენ არ გჯერათ ამ დაპირების?

- ეს, ალბათ, იქნება მოჩვენებითი აზრთა სხვადასხვაობა. თუ ეს ნება არ შეიცვალა ყოფილი პრემიერის მხრიდან, ეს კომისიაც და ეს პარლამენტიც ამ ნების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

”"„ახალი თაობა“, 05 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზვიად კუპრავათან: „მოსკოვი საქართველოში იდეოლოგიურ ომს იწყებს“ // რატომ შემოდის რუსული ბანკი საქართველოში

რატომ შემოდის რუსული ბანკი საქართველოში, რა გეგმები აქვთ ბიძინა ივანიშვილსა და „ეფესბე“-ს, რატომ შეაქვთ ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში, რა გველოდება უახლოეს მომავალში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

- რამდენიმე თვის წინ საქართველოში რუსული კომპანია იანდექს-ტაქსი შემოვიდა. ახლო მომავალში საქართველოში ალფა-ბანკი შემოდის, რომელიც, როგორც ამბობენ, ეფესბესთან არის კავშირში. რუსული კომპანიების გააქტიურების გამო ექსპერტთა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს. თქვენ რას ფიქრობთ?

- ბოლო წლების განმავლობაში რუსულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში ფეხის მოკიდება. შარშან საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა რუსული გაზპრომის შემოყვანას. ეს პროექტი მხოლოდ საზოგადოების ძალისხმევის შედეგად შეჩერდა. არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა 4 წლით გაინაღდა. უახლოეს მომავალში გაზპრომის საკითხი ისევ აქტუალური გახდება. საქართველოში მისი შემოსვლა დაუშვებელია. გაზი და ელექტროენერგია ისეთი თემებია, რომლებზეც მხოლოდ ეკონომიკა არ არის დამოკიდებული. აქ თუ გაზპრომი შემოვა, ჩათვალეთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე რუსეთის მიერ იქნება კონტროლირებადი.

„გაზპრომის“ შემოსვლის ჩაშლის შემდეგ აქ უკვე რუსული იანდექს-ტაქსი შემოვიდა და ახლა რუსეთს ბანკი შემოჰყავს საქართველოში. ამ ბანკის დახმარებით მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

- მაგალითად, რა უნდა გააკეთონ ამ ბანკის დახმარებით?

- ცივილიზებულ სამყაროში ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით ბანკებთან არის დაკავშირებული, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს. მაგალითისათვის გეტყვით, „იანდექს-ტაქსი“ თავისი დაბალი ტარიფით გამოირჩევა. არ არის გამორიცხული, „ალფა-ბანკმა“ მიბაძოს ამ კომპანიას და დაბალი ტარიფებით გასცეს სესხები.

- მერე, რას მოიგებს ამით ალფა-ბანკი?

- „ალფა-ბანკი“ აქ ეკონომიკური მოგებისთვის არ შემოვა. მას სულ სხვა დანიშნულება ექნება. არ არის გამორიცხული, ამ კომპანიების დახმარებით რუსეთმა საქართველოში იდეოლოგიური ომი დაიწყოს – შეიქმნება ილუზია, რომ რუსეთი კარგია. ყველა იტყვის, რომ „იანდექს-ტაქსი“ ქართულ კომპანიებზე ბევრად იაფად ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, რუსული ბანკი, სხვა ბანკებისგან განსხვავებით, იაფ სესხებს გასცემს. ეს თავიდან ბოლომდე ეფესბეს პროექტია და ეს სამსახური ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ რუსეთის სიკარგეში დაგვარწმუნოს. ეს დაბალი ტარიფები დროებითი იქნება. ასე მანამდე გაგრძელდება, სანამ მოსკოვს ილუზიების შექმნა დასჭირდება. როგორც კი საწადელს მიაღწევს საქართველოსთან მიმართებით, ამ კომპანიების დახმარებით თავის კლანჭებს ბოლომდე გამოაჩენს.

- ალფა-ბანკი აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც მოღვაწეობს. როგორც ამბობენ, სწორედ ამას უკავშირდება ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. თქვენ რას ფიქრობთ ამ კანონთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ცვლილებები?

- ამ კანონის გაუქმებაზე საუბარი შემთხვევით არ დაწყებულა. არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსი შევიდა. ეს ბიძინა ივანიშვილისა და ეფესბეს ერთობლივი პროექტია. მე მათ საქართველოს პარლამენტში მინი-დუმას ვეძახი. ისინი პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერებენ რუსეთის ფედერაციის სურვილებს. ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა წინა მოწვევის პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედა. რუსეთის ამ დავალებას ისინი ახლა პატრიოტთა ალიანსის ხელით გააკეთებენ. ახლა ვინმე თუ უსაყვედურებს, რატომ დაიწყეთ ამ საკითხის განხილვაო, თავს გაიმართლებენ – ეს საკითხი საპარლამენტო ოპოზიციამ დააყენა და ჩვენ რა შუაში ვართო.

- მთლად ალიანსისთვის გადაბრალება არ გამოვა. ეს ცვლილებები, პაატა ზაქარეიშვილის თამადობით, 2013 წელს იქნა შემუშავებული...

- 2013 წელს ამაზე მართლაც დაიწყო საუბარი, მაგრამ მას სერიოზული სახე არ მიუღია. თავიდანვე მიხვდნენ, რომ ეს კანონი კრახისთვის იყო განწირული და ამის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცეოდნენ. იმედი მაქვს, არც ამჯერად მოახერხებენ ცვლილებების შეტანას, მაგრამ, როცა საუბარი საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლას ეხება, ბევრი ეჭვი ჩნდება.

- პირადად თქვენ რა ეჭვი გიჩნდებათ?

- ეს ეჭვი აღარაა, აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ცდილობს. მჯერა, ამ პროვოკაციულ ქმედებებს ისევ საზოგადოება დაუპირისპირდება. ოკუპირებული რეგიონებისთვის შეზღუდვები აბსოლუტურად სამართლიანად დაწესდა თავის დროზე და მათი გაუქმება არ შეიძლება, მით უმეტეს ახლა, როცა რუსებმა გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადეს. ამის საპასუხოდ ოკუპაციის შესახებ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ეს ხელისუფლება რომ ნორმალური ყოფილიყო, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა, ოფიციალური თბილისი კი ამ ფაქტს დუმილით შეხვდა. ოფიციალურ დონეზე არცერთი განცხადება არ გაკეთებულა. ეს ფაქტი მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა ვახტანგ ყოლბაიამ გააპროტესტა, მაგრამ ისეთი რამე თქვა, ჯობდა, ხმა არ ამოეღო. მან თქვა, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ვერაფერს მოვახერხებთ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რუსეთისთვის მოკრძალებული საყვედურის თქმააო. გასაგებია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ ამას საკუთარი პირით მაინც ნუ აღიარებენ. `ქართულ ოცნებას~ რომ თავმოყვარეობა ჰქონოდა, ამ განცხადების დასრულებისთანავე გაათავისუფლებდა დაკავებული თანამდებობიდან ვახტანგ ყოლბაიას.

- თუ მართლა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, აქვს აზრი განცხადებების გაკეთებას?

- საქმეც ისაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, უბრალოდ, მონდომებაა საჭირო. გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადება პრემიერსა და პრეზიდენტს უნდა გაეპროტესტებინათ. პარლამენტს უნდა მიეღო მწვავე განცხადება. სათანადო რეაქცია უნდა გამოეხატა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. ჩუმად არც თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი უნდა ყოფილიყვნენ. ამის ნაცვლად ხელისუფლება სირაქლემის პოზაში ჩადგა, თავი სილაში ჩარგო და არაფერს იმჩნევს. ამ დანაშაულის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციის შესახებ კანონში შეაქვს ცვლილებები. ეს არის ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი. ამ მოღალატეებს მხოლოდ საზოგადოების პროტესტი თუ შეაჩერებს. ხალხი ხმას თუ არ ამოიღებს, ივანიშვილი აუცილებლად განახორციელებს იმ მზაკვრულ გეგმას, რომლის განსახორციელებლად 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა.

- მზაკვრულ გეგმაში რას გულისხმობთ?

- იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში. რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას ჩუმად ახორციელებს. ამაში მას ხელს „ქართული ოცნებაც“ უწყობს. 2008 წელს მათ საქართველოს წინააღმდეგ ღია ოკუპაცია განახორციელეს და ამით საბოლოოდ ჩამოიხსნეს სახიდან ნიღაბი. 2008 წლამდე რუსეთი რატომღაც მშვიდობისმყოფელად იყო მიჩნეული, არადა, მაშინაც ახორციელებდა ოკუპაციას. უბრალოდ, მაშინ რამდენიმე ოს და აფხაზ სეპარატისტს ამოეფარნენ და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მათ ჰქონდათ ქართველებთან პრობლემები. 2008 წლიდან რუსეთს მსოფლიო, როგორც ოკუპანტს, ისე მოიხსენიებს. სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ოკუპანტად აღარ მოიხსენიებს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება აღარც მცოცავ ანექსიას აპროტესტებს.

- როგორ არ აპროტესტებს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე საუბრობენ ხოლმე ამ თემაზე...

- ეს არ არის პროტესტი. ისიც გაუგებარია, რა ფორმატია ეს. კარასინი და მისი მეგობარი ხან პრაღაში დასხდებიან ყავის დასალევად და ხან – ჟენევაში. მე არ ვთვლი, რომ ამ შეხვედრებზე აბაშიძე საქართველოს წარმოადგენს. ის არის რუსეთის ისეთივე წარმომადგენელი, როგორიც კარასინი. რუსეთის ორი წარმომადგენელი ყავის ან ჩაის თანხლებით იმაზე საუბრობს, მომავალში რამდენი მეტრით გადმოსწიონ საზღვარი, რომ ეს საქართველოს მოსახლეობამ ნაკლებად შენიშნოს. აი, ეს არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი. იმ პირობებში, როცა გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, საქართველოს ხელისუფლება ყურებზე უნდა დადგეს. მათ ყველა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი უნდა შეაწუხონ, ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენონ ამის გასაპროტესტებლად. ჩვენ თუ ხმას არ ამოვიღებთ, ამ ფაქტს არც ნატო და არც გაერო არ გააპროტესტებენ. ჩვენი ხელისუფლების დუმილი კი ძალიან საეჭვოა.

- ეს დუმილი სადამდე გაგრძელდება, სანამ ევრაზიულ კავშირში არ აღმოვჩნდებით?

- ეს გეგმა ძალაშია. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ასეთი შეთავაზება რამდენჯერმე წამოვიდა. იცოდა რა „ქართულმა ოცნებამ“, რომ საზოგადოებას ამაზე მწვავე რეაქცია ექნებოდა, მოსკოვს უარით უპასუხა. რუსეთი თავისას აგრძელებს და, არ არის გამორიცხული, ევროკავშირის ნაცვლად ერთ დღეს რუსეთის კლანჭებქვეშ გავიღვიძოთ. რუსული კომპანიების შემოსვლაც მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი აქეთ მიდის.

თქვენმა მკითხველმა შეიძლება თქვას, წინა ხელისუფლების დროსაც ხომ შემოდიოდნენ საქართველოში რუსული კომპანიები და მაშინ რატომ არ იყო ეს საშიშიო. მაშინ შეთანხმებაში პირდაპირ იყო ჩადებული, რომ თუ ეს კომპანია საქართველოს ინტერესებს დაარღვევდა, საქართველოს ხელისუფლებას მათთან ცალმხრივად შეეძლო კონტრაქტის გაწყვეტა.

- იქნებ ახლაც დაიდოს ასეთი შეთანხმება?

- იმ დროს, როცა ხელისუფლება გაზპრომის შემოყვანას ცდილობს, როცა ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას გეგმავს, საეჭვოა, ასეთი პუნქტი ჩადოს შეთანხმებაში. როგორც უკვე გითხარით, აქ რუსული კომპანიები დაბალი ტარიფებით შემოდიან, რაც შემდეგ საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტად იქცევა. რუსულ ბანკი აქ ფინანსური მოგებისთვის არ შემოდის, ეფესბეს სულ სხვა მიზნები აქვს.

Comments are closed