globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 6th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.


„ალია“: ევროზონიდან საბერძნეთი გარბის და ჩვენ რატომ ვეტენებით?


„თბილისელები“: რა ზიანს მიაყენებს საქართველოს რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენი?

————————


„ალია“, 06 იანვარი, 2015 წელი
ევროზონიდან საბერძნეთი გარბის და ჩვენ რატომ ვეტენებით?
ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კომენტარს უკეთებს ინფორმაციას საბერძნეთის მიერ ევროზონიდან შესაძლო გასვლის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით თავის თვალსაზრისს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებაც გამოხატავს (ესაუბრება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი):
სოსო ცინცაძე: საერთოდ, ბევრს ჰგონია, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით კარგი ცხოვრება გვექნება, მაგრამ ამ დოკუმენტებით ისეთი გარიგებები უნდა მოხდეს, რომ ჩვენი ისედაც სუსტი ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტდება… კიდევ კარგი, ძლიერი მრეწეველობა არ გვაქვს, თორემ მერე უნდა გენახა [ქართული ეკონომიკის] განადგურება…
საბოლოო ჯამში, ჩვენთან ადგილობრივი წარმოება აქტიურად ვერ განვითარდება, უფრო ხარისხიანი და უფრო იაფი პროდუქცია ევროკავშირის სახელმწიფოებიდან შემოვა. აბა, ამის სემდეგ საქართველოში რომელი ინვეტორი დააბანდებს თავის კაპიტალს და ქარხანას ააშენებს? იმან ხომ კონკურენცია ევროპულ საქონელს უნდა გაუწიოს. ევროკავშირს ორი მხარე აქვს… ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ევროკავშირისა და ევროზონის წევრები, მაგრამ გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები…
საბერძნეთს რაც შეეხება, ბერძნებმა ბოლო ოც წელიწადში ევროკავშირის ბიუჯეტზე გვარიანად იცხოვრეს, უზრუნველი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ იმავე ბიუჯეტში თვითონ ცოტა შეჰქონდათ და ვალები დაუგროვდათ… ვალებს გასტუმრება უნდა… ჰოდა, სამი წლის წინ დაწყებული ფინანსური კრიზისიდან ჯერაც ვერ გამოსულა, მოსახლეობა ცუდ დღეში ჩავარდა და თუ მიმდინარე თვეში დანიშნულ არჩევნებში მემარცხენე პარტიები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა. ევროკავშირის ყველაზე განვითარებული სახელმწიფო გერმანია ადრე საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის წინააღმდეგი იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, ანგელა მერკელმა აზრი შეიცვლა…
ბერძნების მაგალითი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხითაც, რადგან ამ ხალხთან ბევრი რამ გვაკავშირებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც მათ მსგავსად ფულს საკმაოდ უყაირათოდ ვხარჯავთ…“.

„თბილისელები“, №52, 30 დეკემბერი, 2014 წელი
რა ზიანს მიაყენებს საქართველოს რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენი და რატომ უდრის ერთი მილსადენი 100 000-იან არმიას
ნინო ხაჩიძე
(შემოკლებით)
რეგიონში ვითარება იძაბება – დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის გამო რუსეთმა მოკავშირედ თურქეთი შეიგულა, რაც, თავის მხრივ, დასავლეთთან არცთუ ჰარმონიული დამოკიდებულების მქონე თურქეთისთვისაც მომგებიანია. რადგან, როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თურქეთმა გადაწყვიტა, თავისი ამბიციები გამოამჟღავნოს და ლიდერის ადგილი დაიკავოს, რათა პოლიტიკურ გადანაწილებაში თამაშგარეთ არ დარჩეს. ამ ფონზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უარყოფილი პუტინის ვიზიტი თურქ კოლეგასთან. პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ის რუსული გაზი, რომელიც მოსკოვს „სამხრეთის ნაკადით“ უნდა მიეწოდებინა, ევროპაში თურქეთის გავლით მოხვდება. მცირე ხანში თურქეთის მთავრობამ თითქოს უარყო ეს შეთანხმება და განაცხადეს, რომ მათთვის პრიორიტეტული ევროპისთვის არა რუსული, არამედ აზიური გაზის მიწოდებაა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მხარეები პოლიტიკურ თამაშში ჩაერთნენ, რომლის მიზანსა და მოტივებზე სოსო ცინცაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
(…)
სოსო ცინცაძე: კონიუნქტურა ისეთია, რომ ანკარას და მოსკოვს – ორივეს ერთმანეთი სჭირდება. რუსეთს თურქეთი სჭირდება, რადგან პუტინი კარგავს დასავლეთს. მან ერთი დიდი სტრატეგიული ჩამნაცვლებელი თითქოს მოძებნა – ჩინეთი, მაგრამ ჩინეთი უნდა დაბალანსდეს, იმიტომ რომ, ჩინეთი ორლესური მახვილია. ჩინელებმა თავაზიანი ღიმილით ნახევარი ციმბირი უკვე აითვისეს… ამიტომაც რუსეთს სჭირდება ჩინეთის გაწონასწორება თურქეთით. თავის მხრივ, თურქეთსაც სჭირდება რუსეთი, ვინაიდან ევროპა მაინც ეჭვით უყურებს თურქეთს. მოკლედ რომ ვთქვა: თურქებს არ მიიჩნევენ ევროპელებად, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთსა და თურქეთს შორის ეროვნული ინტერესების ისტორიული კონფლიქტია. მე არ მგონია, მსოფლიოში კიდევ იყოს ორი ქვეყანა, რომლებსაც ამდენი ეომათ ერთმანეთთან. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა: მსოფლიოში თანდათანობით წინა პლანზე გამოდის დიპლომატიის ახალი განშტოება – ენერგოდიპლომატია, რაც გასულ საუკუნეშიც კი არ ყოფილა, არათუ უფრო ადრე. დღეს ერთ სტრატეგიულ გაზსადენს იმდენი ძალა აქვს, რამდენიც ასიათასიან არმიას. პუტინს კარგი ცხოვრების გამო არ უთქვამს უარი „სამხრეთის ნაკადზე“. იძულებული იყო. მიხვდა, რომ ევროპა ამას არ დაუშვებდა.
(…)
რუსეთისთვის „სამხრეთის ნაკადის“ მთელი ეშხი ის იყო, რომ მიეღო ევროპის გაზგამანაწილებელი სისტემა. მაგრამ ევროკავშირმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომ არ შეიძლება, ერთი ქვეყანა იყოს გაზის მიმწოდებელიც და გამანაწილებელიც. ეს გამიჯვნა რუსეთისთვის წამგებიანი იყო და პუტინი იძულებული გახდა, უარი ეთქვა. მაგრამ არის მეორე ვარიანტი – თურქეთის გავლით მიწოდება, ამ გაზსადენის მთელი ეშხი ისაა, რომ რუსეთი გვერდს აუვლის უკრაინას. მართალია, პუტინი ბაქიბუქობს, რომ უკრაინას გავაქრობო, მაგრამ იცის, რომ უკრაინა უკრაინად დარჩება და ის რუსეთისადმი მეგობრული აღარასდროს იქნება, ამიტომ უკრაინაზე გამავალი გაზსადენი რუსეთისთვის მუდმივი საფრთხეა და აქ ერდოღანს ხელში ჩაუვარდა გაუჭრელი კოზირი რუსეთთან ურთიერთობაში. ახლა უკვე ერდოღანი კარნახობს პირობებს ორივეს: რუსეთსაც და ევროპასაც.
(…)
ოტომანთა იმპერია რატომ გადარჩა? იმიტომ რომ, თურქული დიპლომატია ეს არის თამაში წინააღმდეგობებზე. თურქეთი მუდამ თამაშობდა ინგლისისა და რუსეთის, საფრანგეთისა და რუსეთის, გერმანიისა და რუსეთის წინააღმდეგობებზე და ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთი თურქეთს ამარცხებდა ომებში, მაგრამ ზავი იდებოდა ინგლისელებისა და ფრანგების კარნახით. რუსეთმა ვერ ისარგებლა ვერც ერთი გამარჯვებით. დღესაც ასეა. კლასიკაა, თუ როგორ თამაშობს დღეს თურქეთი ევროპისა და რუსეთის წინააღმდეგობებზე, თუმცა სხვა საქმეა, სადამდე მივლენ.
(…)
რუსეთი და თურქეთი არ ენდობიან ერთმანეთს და არიან კონკურენტები. მათი საკონკურენციო არეალია სამხრეთი კავკასია, კერძოდ, საქართველო და აზერბაიჯანი, რადგან სომხეთი უკვე რუსეთის ჯიბეშია.
(…)
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა დაცულობას ჩვენ მოგვცემს მაშინ, თუ ჩვენი ქართული დიპლომატია იქნება ძალიან მოქნილი, კრეატიული და მდიდარი ინტელექტით, მაგრამ იქიდან, რაც ჩამოვთვალე, დღეს ქართულ დიპლომატიას არაფერი გააჩნია. ქართული დიპლომატია ორივე ხელით უნდა ჩაბღაუჭებოდა პუტინის შემოთავაზებას, დავსხდეთ, ვილაპარაკოთო. მაგრამ, ეტყობა, არ აქვს საკუთარ თავის იმედი, რომ შეძლებს დიალოგის დაწყებას პუტინთან და ამავე დროს არ გაანაწყენებს ევროპელ პარტნიორებს და ევროპულ კურსსაც შეინარჩუნებს. ამიტომ, როგორც რუსები იტყვიან, „პოდალშე ოტ გრეხა“, უარი თქვეს. რუსეთთან ავიღეთ სულელური კურსი: ყველაფერი ან არაფერი. ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზეო. მეორე მხრივ, ვნახოთ, რა ხდება ბათუმში: იქ თურქები ისე ვერ გრძნობენ თავს, როგორ სხვა ქვეყანაში და არ აქვთ განცდა, რომ უნდა დაემორჩილონ ადგილობრივ კანონმდებლობას. არადა, ჩვენ ხომ არ ვართ ამერიკა? ამერიკა იტანს ჩინურ, ინდურ, მექსიკურ თუ სხვა უბნებს, რომლებიც თავ-თავიანთი წესებით ცხოვრობენ. ამერიკა გიგანტია, ჩვენ კი ერთი მუჭა ვართ. ასე რომ, მე არ ვიცი, სად არის ჩვენი ადგილი ამ გიგანტების მეგობრობა-ჭიდაობაში. მე არ მინახავს არც ერთი სემინარი თუ კონფერენცია არც აკადემიურ და არც საუნივერსიტეტო წრეებში, სადაც ამ პრობლემებზე იმსჯელებდნენ. ასე რომ, არ ვიცით, სად არის საქართველოს ადგილი დიდი კავკასიის ამ გეოპოლიტიკურ პა-სეანსში. ვხედავთ, რომ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის მოსკოვსა და ანკარას შორის და გამორიცხულია, ეს რიკოშეტით მაინც არ შეეხოს საქართველოს.

Comments are closed