„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ქართულ ოცნებაში“ პანიკაა!
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ირაკლი ღარიბაშვილი «ქართული ოცნებიდან“ არ წასულა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური პრემიერ-მინისტრია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ნუ მოგვექცევით ველურებივით!… კვირიკაშვილს არ აქვს ის თვისებები, რომლებიც სჭირდება პრემიერ-მინისტრს, მაგრამ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს ყველა სხვა თვისებას გადაფარავს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: «არჩევნებზე მთავარი ბრძოლა ჩვენ და «ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „თინა ხიდაშელი დასავლეთს უკვე აღიზიანებს»
„ალია“: ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან: რა ხდებოდა პატრიარქის იუბილეზე და ვინ არის მესამე ძალა, რომელიც მის დასაცავად ერთიანდება?
—————————-
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ქართულ ოცნებაში“ პანიკაა!
პარტია „ქართული ოცნება“ გაზაფხულზე დაასახელებს პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურას. ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს? ეს საკითხი დღემდე გასაიდუმლოებულია არა იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანი და მის სახელს მალავენ, არამედ მიმდინარეობს კანდიდატურის შერჩევა ამ პოსტზე. ასევე, გაზაფხულზე გადაწყდება, ვინ დასახელდება საარჩევნო სიის პირველ ნომრად.
იურისტი ვალერი გელბახიანი “ალიასთან“ ინტერვიუში ამბობს:
- ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს სიის პირველი ნომერი, თუკი ისპროცესებს გვერდიდან დააკვირდება და ასე გაუწევს პარტიას ლობირებას, ქართველი ხალხი დაინახავს ერთ რამეს, რომ ამ კაცს პოლიტიკაში ყოფნა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უნდა, ხოლო ხალხი ამ ხელისუფლებას ივანიშვილის ხათრით ხმას აღარ მისცემს. ამიტომ, პოლიტიკაში მისი ღიად ჩართვა გარდაუვალია, მან უნდა უთხრას ქართველ ხალხს, – მე ვიქნები სიის პირველი ნომერიც, პარტიის თავმჯდომარეც და მომავალი ხელისუფალიც, ხმა მე მომეცით… თორემ ამ ხალხს, ვინც არ უნდა წარუდგინოს ივანიშვილმა და სთხოვოს, ჩემი ხათრით ხმა მიეცითო, დამერწმუნეთ, ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილს ხათრით აღარ გაჰყვება.
- ხალხი გაღატაკდა და ივანიშვილი აცხადებს, ყველაფერი კარგადააო და ეგ რომ გახდეს პირველი ნომერი, რატომღა დაუჯერებენ?.. თუმცა, მოდით, განვიხილოთ შესაძლო კანდიდატები, ვინ შეიძლება ვიხილოთ სიის პირველი ნომრისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, თუკი ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულ უარს იტყვის პირველ ნომრობაზე?
- კი ბატონო, განვიხილოთ, ვინ ჰყავს მმართველ გუნდს ლიდერები. მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც თავისი იდეებით ქართველ ხალხს ხიბლავს და მას გაჰყვება.
ყველა არის ჩინოვნიკი… მაპატიოს უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, მისი წყენინება ნამდვილად არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე მაღალი პოლიტიკური პოსტი აქვს საპარლამენტო წარმომადგენლობაში, ზვიად კვაჭანტირაძის ლიდერობის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ. ახლა, რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, გია ვოლსკის… კი ბატონო, ის თბილისელი ბიჭია, ასე თუ ისე, პარტიის ფუნქციონირებაში მონაწილეობდა, რაღაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მაგრამ ის არ არის სახე, რომელმაც ქართველი მოსახლეობა უნდა მოხიბლოს. რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, ის ახალგაზრდა კაცია, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ გამოუცდელია. მისი ლიდერობა კი ნამდვილად ზედმეტი ფუფუნებაა და საკუთარი გუნდი არ გაჰყვება.
- რაც შეეხება კახი კალაძეს, რომელიც 2012 წელს იყო საარჩევნო სიის პირველი ნომერი, რას ფიქრობთ მასზე?
- კახი კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომ არ წასულიყო და პარლამენტში დარჩენილიყო, ყველაზე მიზანშეწონილი სწორედ კახი კალაძის ლიდერობა იქნებოდა, მაგრამ კალაძე რაღაცებში გაერია, როგორც ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, საეჭვო ურთიერთობებშია შემჩნეული, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მისი საქმიანობა მრავალ კითხვას ბადებს. თუ კალაძის კანდიდატურა სიის პირველ ნომრად დასახელდება, მერწმუნეთ, რომ მასზე შესაძლებელია სერიოზული შავი პიარკამპანიის აგორება. ისეთი სურათი შეიქმნება, ყურებს არ გაეგონება. ვისაც კახი კალაძის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია აქვს, ყველაზე კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ჩაძირვა და კალაძეზე შავი პიარის აგორება ყველაზე მარტივი იქნება, თუკი ის სიის პირველ ნომრად დასახელდება. მეტსაც გეტყვით, სულაც არ იქნება საჭირო შავი პიარის აგორება მისი ოპონენტების მხრიდან, კონკრეტული თემები და საკითხები გამოვა დღის შუქზე და ეს იმდენ კითხვას წარმოშობს და იმდენ საეჭვო მომენტს გააჩენს, რომ გიმეორებთ, მისი ლიდერობა პარტიას გააშავებს.
- რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ვიდრე პრემიერი ღარიბაშვილი გადაგდებოდა პოსტიდან, გვქონდა ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილით ანაცვლებდნენ ღარიბაშვილს და სიის პირველ ნომრად აპირებდნენ მის დასახელებას, რას ფიქრობთ ამაზე?
- მაშინ კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან უნდა გადადგეს და პარტიას ჩაუდგეს სათავეში; სულ ტყუილად ვმარჩიელობთ. თუ ივანიშვილი არ იქნება სიის სათავეში, მაშინ ჩრდილოვანი ძალაუფლების თემა კვლავ იქნება დღის წესრიგში. არ გამოვრიცხავ, რომ კოალიცია არჩევნებზე ასეთი სახელწოდებით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე – „ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“, მას შეუძლია თქვას, რომ არ უნდა დეპუტატობა, ჩაეხსნას გამარჯვების შემდეგ და დაბრუნდეს… სხვათა შორის, ასე იქცეოდა ასლან აბაშიძე, ის იყო სიის პირველი ნომერი, გამოდიოდა არჩევნებზე და ამბობდა, – მე დამიჭირეთ მხარიო… სამჯერ აირჩიეს ამ წესით, მაგრამ ყოველთვის უარი თქვა დეპუტატობაზე; ამ პოლიტიკური ტექნოლოგიის გამოყენებაც შეუძლია ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ის ამბობს, – კოალიციას გვერდით დავუდგები არჩევნებზე და მე არაფერი არ მინდაო.
ასე არაფერი გამოვა, თუ მოდიხარ, გენდობი, თუ არ მოდიხარ, რატომ უნდა გენდო?! იცით, კიდევ რას ვვარაუდობ? თუ ივანიშვილმა მაინც ასე გადაწყვიტა, რომ სიას არ ჩაუდგება სათავეში, ალბათ, უფრო „რესპუბლიკელები“ წამოიწევენ და არ გამოვრიცხავ, სიის პირველ ნომრად დავით უსუფაშვილი ვიხილოთ. თუკი ეს ორი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“ შეთანხმდება, რომ მომდევნო პარლამენტში ერთად იქნებიან, კონსტრუქციის მიხედვით მაინც ყველაზე მისაღები უსუფაშვილი გახლავთ.
- და რა დივიდენდს მოუტანს სიის პირველი ნომერი „რესპუბლიკელი“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“?
- გასაგებია, რომ ხალხს „რესპუბლიკური პარტია“ აღიზიანებს, მაგრამ ხომ ხედავთ, ფაქტია, ოთხი წელია ეს პარტია ხელისუფლების სათავეშია, ის სამპროცენტიანი პარტია იყო ოდესღაც, რომელსაც ასე წამოაძახებენ ხოლმე: დღეს „რესპუბლიკური პარტია“ სამპროცენტიანი აღარ არის.
- ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დაახმარს საკუთარ რესურსს და მას ურჩია, შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია. რას ფიქრობთ, ღარიბაშვილი შექმნის პარტიას?
- თუ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის სატელიტი იქნება, მას პოლიტიკური წარმატება არ ექნება და ეს პოლიტიკისთვის იქნება აბსოლუტურად გაუგებარი რამ… ირაკლი ღარიბაშვილმა ან უნდა თქვას, რომ წავიდა პრემიერობიდან, რადგან ის იყო, უბრალოდ, მენეჯერი და დამოუკიდებლად პოლიტიკის კეთების საშუალება არ ეძლეოდა, თუ იტყვის სიმართლეს, ხალხი მას გაუგებს და გაჰყვება, მაგრამ ეს სიმართლე იქნება ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ღარიბაშვილი არ გააკეთებს; მე მაინც მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გახდება ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ან მოდის პოლიტიკაში. ის საუბრები, თითქოს მას შეავიწროებენ, საფრთხე ელოდება, მის ნათესავებს დაიჭერენ, ნაკლებ სავარაუდო მგონია, რადგან ეს არის ივანიშვილის გადასაწყვეტი და ვფიქრობ, ის ამას არ გააკეთებს…
- ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილი შეშინებულია კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური აქტიურობით. „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც, სავარაუდოდ, საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდებიან, ჩერნოვეცკისთან მისასვლელ გზებს ჩემი დახმარებით ეძებენო. ამ მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება, ხომ არ იცით?
- ქართული პოლიტიკა დაემსგავსა მე-16 საუკუნისდროინდელ სტამბულის ბაზარს, როცა ადამიანებით ვაჭრობდნენ. თუ იყიდებიან, ჩერნოვეცკის კი არა, ტერორისტებსაც შეიძლება მიეყიდონ. პოლიტიკოსები ვინც იყიდებიან, ბუნებრივია, მათში ერთ-ერთი პირველი ჩერნოვეცკი იქნება, მაგრამ არჩევნებზე რა პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, ამაზეც უნდა დაფიქრდნენ. მე საკმაოდ ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს მმართველ გუნდში და მართალი გითხრათ, ამ დინამიკას ვერ ვამჩნევ, რაზეც მურმან დუმბაძე საუბრობს, და მისი განცხადება ამ შემთხვევაში ცოტა არარეალური მგონია, „ქართულ ოცნებაში“ სულ სხვა საკითხზეა პანიკა, ეს არის შიდა პოლიტიკის ბრალი, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, რომ სიაში 80 პროცენტი აღარ იქნებოდა, საარჩევნო სისტემამ მაჟორიტარი ოლქები გაამსხვილა და შანსები განულდა ბევრი მაჟორიტარის, ამან, ბუნებრივია, გააჩინა პანიკის სერიოზული საფუძველი. ამ მხრივ გაუგებრობაა და უკმაყოფილება ნამდვილად არსებობს „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თითქოს გარბიან უმრავლესობიდან და სხვა პარტიაში თავშესაფარს ეძებენ, არ შემინიშნავს. ივანიშვილი კი აწყნარებს უმრავლესობის წევრებს, რომ ვინც ვერ მოხვდებით საარჩევნო სიაში ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაწილდებიან, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ, ეს პარტია მოვა კიდევ ხელისუფლებაში?!
სხვათა შორის, პანიკის ერთ-ერთი საფუძველი ეგეც არის, რომ ვერ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები, მერე რა გვეშველებაო… იცით, რას ამბობენ, ასეთ დაპირებებს იძლეოდა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა პრემიერი იყო, დეპუტატებს, სამთავრობო ისტებლიშმენტს, კონკრეტულ დაპირებებს აძლევდა, მაგრამ ღარიბაშვილი მოულოდნელად წავიდა და დაპირებებიც მოულოდნელად გაქრა, მაგრამ ახალი დაპირებები დღის წესრიგში არ დამდგარა, ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, რამაც, ბუნებრივია, ძალიან სერიოზული პანიკა გამოიწვია. მაღალი თანამდებობის პირის წასვლა, რა თქმა უნდა, გარემოებებს ცვლის და ხალხი, ვინც ამ დაპირებებზე იყო ჩამოკიდებული, დაბნეულიც კი არ არის, პანიკაში არიან. შეიძლება პირველი პირები, რასაც გეტყვით, ამას არ აღიარებენ, მაგრამ უმრავლესობის შიგნით სერიოზული განხილვებია იმის შესახებ, ვაითუ არჩევნები წავაგოთო; პარტიული არჩევნების მოგებაზე საუბარი არის ძალიან ზედმეტი, მაჟორიტარების იმედად არიან დარჩენილები, მაგრამ ეშინიათ, რომ თბილისი-ქუთაისმა გადაინაწილა საკმაოდ სერიოზული რაოდენობის მანდატები, მაგრამ არ არის გარანტიები, რომ მთავრობას ჰქონდეს კომპლექტაციის გაკეთების საშუალება პარლამენტში, რომ უმრავლესობა მოიპოვოს, ვინც რეალურად აზროვნებს, ის ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნები არ იქნება ისეთი, რაც იყო 2012 წელს და „ქართული ოცნება“ შესაძლოა, უმრავლესობით ვერც მოვიდეს.
„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ირაკლი ღარიბაშვილი «ქართული ოცნებიდან“ არ წასულა“
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლაზე უკვე ბევრი კომენტარი გაკეთდა, თუმცა, საზოგადოებაში მაინც უამრავი კითხვა რჩება. ამ თემაზე „ახალ თაობას» ესაუბრება პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია.
„პირველ რიგში, თქვენს გაზეთს და მის მრავალრიცხოვან მკითხველს ვულოცავ 2016 წელს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ყველა ქვეყანაში იწვევს ინტერესს. მით უმეტეს, ეს უჩვეულო მოვლენაა საქართველოსთვის, სადაც წარმატების პიკზე მყოფი პირების გადადგომა არაა ტრადიციული მოვლენა. ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ მიღწეული წარმატებების ფონზე წავიდა. მას წინ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მაგალითიც. ირაკლი ღარიბაშვილთან, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პირადადაც მქონდა შეხვედრა და უმრავლესობის ფორმატშიც. იგი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი სტიმულის მიმცემია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილის წასვლაზეც», – ამბობს გია ბუკია.
- ანუ, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა წარმატების პიკზე, განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს?
- მე ასე მგონია და ამისი იმედი მაქვს.
- დამაინტრიგებელია ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია თავისი გუნდის შექმნა...
- რა იგულისხმა ამაში ბიძინა ივანიშვილმა, ამაზე ვერ ვილაპარაკებ. ვიტყვი იმას, მე როგორ გავიგე ეს განცხადება. სიტყვები კონტექსტიდან არ უნდა ამოვგლიჯოთ. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს რჩება დიდი რესურსი. მას შეუძლია ის „ქართული ოცნების“ გუნდს მოახმაროს, ან, თუ უნდა, შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას და საკუთარი გუნდი შექმნას.
- თქვენი აზრით, შეუძლია მას დამოუკიდებელი გუნდის შექმნა?
- შეუძლია. ღარიბაშვილს აქვს ის, რაც ფასეულია პოლიტიკოსისათვის. ესაა რეიტინგი, ნდობა და მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილს სამივე თვისება აქვს, რაც, სურვილის შემთხვევაში, მას საკუთარი გუნდის შექმნის საშუალებას მისცემდა.
- ირაკლი ღარიბაშვილის ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ მისი წასვლით „ქართულ ოცნებას“ მოაკლდება მენეჯერი, რომელიც პოლიტიკურ ძალას სჭირდება არჩევნების წინ...
- საქმე ისაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებიდან» არ წასულა. ამიტომ, მის საარჩევნო მენეჯერულ თვისებებზე წარსულ დროში არ უნდა ვილაპარაკოთ. რა მოხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. კოალიციაში ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
- „ქართული ოცნების“ კოალიცია ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა...
- გამოწვევა, მართლაც, ბევრია. მე მთავარ გამოწვევად ეკონომიკური პრობლემები მიმაჩნია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
- ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკაში სრული ჩავარდნა გაქვთ...
- ჩვენი ოპონენტები იმასაც გვაბრალებდნენ, თითქოს საგარეო პოლიტიკაში შეცდომებს შეცდომებზე ვუშვებთ და არ ვიცით, რას ვაკეთებთ. წლის ბოლოს აშკარა გახდა, რომ საგარეო პოლიტიკაში დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. დამტკიცდა, რომ ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობიდან, უსამართლო ბრალდებებს გვიყენებდნენ. ასეა ეკონომიკის შემთხვევაშიც. ნაციონალები ამბობენ, რომ არ ვიცით, რას ვაკეთებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი კურსი ეკონომიკაშიც სწორია. მოსახლეობამ რომ შედეგები სრულად იგრძნოს, ამას დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ გაუმჯობესებას ხალხი უკვე მიმდინარე წელს ნახავს.
- ბოლო დროს თქვენი ოპონენტების გამოსვლებში ეკონომიკური საკითხები სხვა სკანდალმა გადაფარა. მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრები ჩარეული არიან ე.წ. კოკაინის სკანდალში და ერევიან შეწყალების საკითხებში...
- თუ ვინმეს ვინმეზე რაიმე მასალა აქვს, შესაბამის დაწესებულებებს უნდა მიმართოს. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ დასკვნას. მანამდე განცხადებები ამ თემაზე ჭორაობაა და მეტი არაფერი. მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ორი წლის წინ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უჩურჩულა, არასერიოზულია და პოლიტიკურ სიმწიფეზე არ მეტყველებს. ამ ხელისუფლების პირობებში დამნაშავეებს ხელს არ აფარებენ. თუ ვინმეს დანაშაული დაუმტკიცდა, ის პასუხს აგებს.
„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური პრემიერ-მინისტრია“
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან» ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს, რადგან მასზე წონადი ფიგურა `ქართულ ოცნებას~ არ ჰყავს.
„ქართულ ოცნებაში» პირველი ნომერიც პრობლემატური არის და, შეიძლება ითქვას, მე-10 ნომერიც, რადგან მათი სკამი მოკლეა. ე.წ. ორთქლმავლის ფუნქციას, რომლის მხრებზეც დგას „ქართული ოცნება“, კვლავ ბიძინა ივანიშვილი ასრულებს. ფაქტია, რომ კვლავ ის არის გამწევი ძალა, დანარჩენები კი მის ჩრდილქვეშ არიან, რადგან პარტიაში საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი პრაქტიკულად არავის არ აქვს. მე მაინც მგონია, რომ თუ ვინ იქნება სიის სათავეში, თუნდაც პირველი ნომერი, უფრო ტექნიკური საკითხია», – ამბობს გია ხუხაშვილი
- პიარის თვალსაზრისით ამას გარკვეული დატვირთვა?
- რასაკვირველია, აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს პირველი ნომერი რეალურად არის გამწევი ძალა. გამწევი ძალა „ქართულ ოცნებაში“ დღეს ჩრდილშია. ბუნებრივია, რომ გამწევი არის ივანიშვილი, რომლის მხრებზეც დგას მთელი „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებაში“ არ არიან არც პოლიტიკოსები და არც პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ საკმარისი საარჩევნო ლეგიტიმაცია, მათი გამაერთიანებელი მხოლოდ საკუთარი უსუსურობაა.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის გარეშე წონა არა აქვთ. საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი მთელი ამ ხნის მანძილზე ვერავინ ვერ დააგროვა. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ორ დღეში საპნის ბუშტივით გასკდა. ის წავიდა პრემიერის პოსტიდან, პარტიიდან, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეამჩნია, საკუთარ თავზე ვერ იგრძნო. აქედან გამოჩნდა, რომ ის იყო ვირტუალური ფიგურა.
- ბატონო გია, ახალ პრემიერ-მინისტრზე რას იტყვით, შეიძლება ის განსხვავებული პრემიერი იყოს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე? ასევე საინტერესოა, რა ფორმით შეიძლება ის იყოს არჩევნებში ჩართული?
- რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მას აქვს ძალიან ბევრი პლუსი, რაც ძალიან პატივსაცემია. მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა და პოზიტიური განწყობისა, ჩემი აზრით, ის მაინც არის ტექნიკური პრემიერ-მინისტრი. კვირიკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში, პარტიულ და საარჩევნო პოლიტიკაში ძნელად წარმომიდგენია. მას აქვს წმინდა სამეურნეო და არა პოლიტიკური ფუნქციები. კვირიკაშვილს არ აქვს კლასიკური ტიპის პარტიული და საარჩევნო ამბიციები. ის არის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს მეურნეობა ჩაიბარა და ამ მეურნეობას უნდა მოუაროს. ეს, რასაკვირველია, მას არ აკნინებს არანაირად. ის არის მენეჯერი, რომელსაც აქვს კონკრეტული ფუნქციები, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, მაგრამ ის არ არის პოლიტიკური ლიდერი.
- შესაბამისად, საარჩევნო სიის პირველი ნომერი შეიძლება არც იყოს კვირიკაშვილი?
- დიახ, შესაძლებელია, რომ არ იყოს. „ქართული ოცნების“ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა გაზაფხულისთვის გადადეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი პროცესშია. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, გაზაფხულამდე. თეორიულად არც ის არის გამოსარიცხი, რომ თუ კრიზისულად განვითარდა მოვლენები, მაშინ თვითონ ბიძინა ივანიშვილს მოუწიოს ჩართვა უკვე არა კადრს მიღმა, არამედ – ღიად. მე ვფიქრობ, რომ ეს პაუზა, რომელიც მათ აიღეს, სწორედ ამისთვის სჭირდებათ, რომ უკეთესად დაინახონ, საით მიდის პროცესი და რა ტიპის რისკებს უკავშირდება მათი პოლიტიკური მომავალი.
- ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აქტიურად არის საარჩევნო სიის ფორმირებაში ჩართული. მისი განცხადებით, სია გადახალისდება და ყოფილი დეპუტატები პარტიაში დასაქმდებიან. შეძლებენ მკვეთრად გადახალისებას?
- ეს უფრო კეთილი სურვილები მგონია, მაგრამ ჩვენ ამას ვნახავთ. მე ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ განახლების რესურსი მწირი აქვს.
- რატომ?
- მე ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, გარკვეული კატეგორიის ადამიანები, რომელიც მათ უნდათ, მიიზიდონ, მაგრამ ეს რთულად გამოსდით, რაღაცნაირად ეს ადამიანები ამას ერიდებიან. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ელიტისგან, რომლებიც ერთმანეთის მძევლები არიან, მათგან განთავისუფლება ასეთი მარტივი არ იქნება.
თუ დეპუტატს კომპეტენცია არ ჰყოფნის დეპუტატობისთვის, მაშინ აღმასრულებელი თანამდებობისთვის ეყოფა კომპეტენცია? რა გამოვა იმის ხარჯზე, რომ ხარისხი ავწიოთ პარლამენტში, ხარისხი უნდა დავწიოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ეს ხომ არ არის ალტერნატივა. ხელისუფლების ერთი შტოს გაძლიერების ხარჯზე მეორე უნდა დავასუსტოთ? შემდეგი საარჩევნო სია, დღევანდელ სიაზე პრინციპულად უკეთესი არა მგონია იყოს. ძალიან მინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იქნება.
- ივანიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილთან დაკავშირებით. სათადარიგო სკამზე, ჩემთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილიც არისო, მან აქცენტი პარტიის შექმნაზე გააკეთა. რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტია შექმნას ყოფილმა პრემიერმა?
- ეს დახვეწილი იუმორის მაგალითია. პოლიტიკაში პოლიტიკოსები მოდიან იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ღარიბაშვილი იყო პრემიერი და სახელისუფლო პარტიის თავმჯდომარე. ამიტომ ოპოზიციური პარტიის შექმნის შეთავაზება, არ მგონია, რაციონალური იყოს. ფაქტიურად ღარიბაშვილისთვის პოლიტიკა დასრულებულია. ეს ყველაფერი არის სიტუაციიდან ლამაზად გამოსვლის რიტორიკა და სხვა არაფერი. ამ რიტორიკაში შინაარსს ვერ ვხედავ. ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია.
- გამორიცხავთ, რომ ივანიშვილი ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე ზრუნავდეს? გადახედეთ ჩვენს ოპოზიციასო...
- როგორ შეიძლება სახელისუფლო პარტიის თავმჯდომარე ასე ტკბილად და რბილად წავიდეს პოსტიდან და ოპოზიციური პარტია შექმნას, ეს ხომ აბსურდია. ამაში არანაირი ლოგიკა არ არსებობს.
„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ნუ მოგვექცევით ველურებივით!… კვირიკაშვილს არ აქვს ის თვისებები, რომლებიც სჭირდება პრემიერ-მინისტრს, მაგრამ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს ყველა სხვა თვისებას გადაფარავს“
არასაპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერს წერილობით მიმართა. რას მოითხოვს ახალი პრემიერ-მინისტრისგან ოპოზიციური სპექტრი? – ამ და სხვა კითხვებით „ახალმა თაობამ“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას მიმართა.
- ბატონო კახა, რასთან დაკავშირებით შეიკრიბა არასაპარლამენტო ოპოზიცია და რა საკითხებით მიმართეთ პრემიერს?
- მიმართვა შეეხება დიალოგის სურვილს. ჩვენი სურვილია, რომ პრემიერი და ოპოზიცია იყვნენ დიალოგის რეჟიმში. ეს არის ნორმალური მოვლენა ყველა ნორმალურ ქვეყანაში: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში და მხოლოდ ველურების ქვეყნებში ხდება, რომ პრემიერი და მთავრობა, ზოგადად, ოპოზიციას განიხილავს, როგორც ჯაშუშებს, ხოლო ოპოზიცია მთავრობას განიხილავს, როგორც მოღალატეებს.
- იმის თქმა გინდათ, რომ ველურებივით ვცხოვრობთ?
- სწორედაც! დამოუკიდებლობის შემდგომ 25 წელი ჩვენ ვცხოვრობდით, როგორც ველურები და ამისი შედეგები სახეზეა, დანგრეული ქვეყანა, არასტაბილური, გაჩანაგებული ეკონომიკით. ჩვენ წინა ხელისუფლებასაც ვთავაზობდით ყოველთვის დიალოგს, ისინი იქცეოდნენ ველურებივით და გარკვეულწილად ეს ჩვენც გვაიძულებდა, დესტრუქციული ზომები მიგვეღო.
- რას სთავაზობთ გიორგი კვირიკაშვილს?
- ჩვენ ვთავაზობთ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც არის ახალი პრემიერ-მინისტრი და რომელსაც უკეთესი საწყისი მონაცემები აქვს, ვიდრე წინა მთავრობებს, რომ ვიმოქმედოთ, როგორც ცივილიზებულმა ხალხმა, ვიმოქმედოთ, როგორც ევროპელებმა, დიალოგის რეჟიმში გადავწყვიტოთ ის ყველა მწვავე პოლიტიკური საკითხები, რომლებიც, შესაძლოა, გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, ქვეყანას არასტაბილურობით ემუქრებოდეს. ჩვენი მხრიდან ეს სურვილი არსებობს. გიორგი კვირიკაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი.
- ღარიბაშვილთან ეს არ მოხერხდა?
- არ მოხერხდა, იმიტომ რომ ღარიბაშვილი დაკავებული იყო მხოლოდ საკუთარი ბიძაშვილ-მამიდაშვილების დანიშვნით მაღალ თანამდებობებზე, მხოლოდ ტენდერების გაყალბებით, კორუფციით, ნეპოტიზმით და, ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან არ გამოვიდა, სამწუხაროდ, ის დიალოგი, რომლის სურვილიც ჩვენ გვქონდა.
- ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოიშორეს, გაწირეს. რა მოხდა რეალურად?
- ასეც უნდა მომხდარიყო. შექსპირის ცნობილი გამოთქმაა: „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს!“ ის არ ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ის იყო მარიონეტი და ეს დამახასიათებელია მარიონეტებისათვის. სწორედ ისე მოექცნენ მას, როგორც უნდა მოჰქცეოდნენ.
- არჩევნებამდე დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი. თუ სწორედ არჩევნებმა განაპირობა ეს ცვლილებები?
- იქ სხვადასხვა ფაქტორი იყო, დაწყებული იმით, რომ ღარიბაშვილმა საკუთარი გუნდი გადაიმტერა იმის გამო, რომ საკუთარი ინტელექტი არ აძლევდა მეტის საშუალებას, აგრეთვე იმის გამო, რომ ამაში იყო წინასაარჩევნოდ მთავრობის გადახალისების სურვილიც. ასევე საგარეო ფაქტორებმაც ითამაშა გარკვეული როლი.
- ის შიდა დაპირისპირებების მსხვერპლი გახდა თუ გარედან მიღებული რეკომენდაციების?
- ყველაფერი ერთად, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ივანიშვილმა თქვა. ამაზე ორი აზრიც არ არის. დღეს ხომ ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის მფლობელი. გულის ამრევია ის, რასაც აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი და რასაც აკეთებს `ქართული ოცნების~ ზოგიერთი ლიდერი. ყველა სიტყვაზე მადლობა ბატონ ბიძინას, ეს, უბრალოდ, გულის ამრევია!
- როგორი იქნება ახალი პრემიერისა და ივანიშვილის დამოკიდებულება, რომელიც პირველივე დღეებში დისკუსიით დაიწყო?
- ეს დამოკიდებულია გიორგი კვირიკაშვილზე. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ცხოვრება გაძლევს შანსს და ამ შანსს ან იყენებ, ან არ იყენებ. კვირიკაშვილი მოხვდა შემთხვევით პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მას მიეცა ისტორიული შანსი, რომ შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ახალი, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ის ამისთვის რამდენად მზად იქნება, არ ვიცი. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მას ხელი შევუწყოთ.
- რამდენად წამოვა ამაზე კვირიკაშვილი?
- რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენ არ ვიცით. ერთი მხრივ, ის, რასაკვირველია, არის ივანიშვილის გუნდის წევრი და რთული იქნება ივანიშვილთან კონფლიქტში შესვლა, მაგრამ, მეორე მხრივ, გიორგი კვირიკაშვილი, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ცალ-ცალი კალოშით არ მოსულა პოლიტიკაში. განათლებულია ადამიანია, კარგ ოჯახში აღზრდილი, აკადემიური და შეუძლებელია, ის ვერ ხვდებოდეს, რომ მის მოღვაწეობას შეაფასებენ ისტორიკოსები და არა კახა კუკავა ან ბიძინა ივანიშვილი. წესით, ღარიბაშვილის მაგალითმა მასზე სასიკეთოდ უნდა იმოქმედოს.
- რომელმა მაგალითმა?
- ადამიანი, რომელსაც მწვანე კიტრად მოჰქონდა 2-3 წელი თავი და ბოლოს იატაკის ტილოსავით გამოცვალეს. მასზე ყველამ ფეხები შეიწმინდა. თუ გიორგი კვირიკაშვილი გააგრძელებს ღარიბაშვილის გზას და მისთვის მთავარი პოლიტიკური პრინციპი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი ერთგულება, მისი კარიერაც დასრულდება ზუსტად ასე. მასზეც შეიწმენდენ ფეხებს, როგორც იატაკის ტილოზე და ისიც დარჩება, როგორც არარაობა საქართველოს ისტორიაში.
- მარგველაშვილის მაგალითიდან გამომდინარე, რამდენად შეეცდება კვირიკაშვილი, რომ ივანიშვილს განუდგეს?
- აი, ზუსტად კვირკაშვილისთვის ეს არის არჩევანი, რა ურჩევნია, მარგველაშვილი იყოს თუ ღარიბაშვილი. იყოს იატაკის ტილო თუ ურჩევნია, იყოს გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ემატება რეპუტაცია და ყველა ამბობს, რომ ეს პიროვნება ყოფილა. რაც მთავარია, კვირიკაშვილს მარგველაშვილზე მეტი შანსი აქვს.
- ეს რით გამოიხატება?
- მარგველაშვილს არანაირი უფლებამოსილებები არა აქვს და ის, უბრალოდ, ღირსეულად იქცევა. მეტის გაკეთების საშუალება მას არა აქვს, რომ რეალური ცვლილებები განახორციელოს ქვეყანაში. კვირიკაშვილს კი მეტი შანსი აქვს, ის პრემიერ-მინისტრია, მას რეალური უფლებამოსილებები აქვს და შეუძლია, არა უბრალოდ ღირსეული პრემიერი იყოს, მას შეუძლია, წარმატებული პრემიერი იყოს და საქართველოს ისტორიაში დარჩეს, როგორც დიდი რეფორმატორი.
- აქვს კვირიკაშვილს ამის წინაპირობა?
- არა აქვს მას ამ ყველაფრის წინაპირობა, მაგრამ ეს არის ისტორიული დრამა და მედიკოსების მიერაც დამტკიცებულია, რომ ადამიანი ექსტრემალურ ვითარებაში, ავლენს ექსტრემალურ თვისებებს. კვირიკაშვილი შემთხვევით მოხვდა ამ პოსტზე. მას არა აქვს ის თვისებები, რომლებიც სჭირდება პრემიერ-მინისტრს, მაგრამ მას აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება – ეს არის პასუხისმგებლობა და ეს ყველა სხვა თვისებას გადაფარავს. სააკაშვილმა, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა საქართველო დაიკიდეს ფეხებზე. კვირიკაშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ გარედან რაც ჩანს, მგონია, რომ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.
- მოუწევს კვირიკაშვილს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელება?
- აუცილებელი იქნება ეს ცვლილებები. ამბობენ, რომ თებერვალში ის გაატარებს საკადრო ცვლილებებს. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, სამარცხვინო მთავრობა გვყავს. ყველანი შემთხვევით მოხვედრილები არიან თანამდებობებზე. ეს ქვეყნის მართვას ეტყობა კიდეც.
- კვირიკაშვილთან დიალოგის სურვილის ძირითადი სასაუბრო თემა არჩევნებია?
- ორი ცენტრალური საკითხი იქნება ამ დიალოგის ფორმატში. ერთი იქნება საარჩევნო გარემო და მეორე – იუსტიციის საბჭო.
- არჩევნების თემა გასაგებია. იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რა პრეტენზიები გაქვთ?
- თუნდაც ის, რაც მურუსიძის დანიშვნამ გამოავლინა, თუმცა პრობლემა მხოლოდ მურუსიძეში არ არის. ამ საკითხმა კარგად დაგვანახა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია. არანაირი სასამართლო რეფორმა მთავრობას არ გაუტარებია, პირიქით, გააძლიერა და ჩააცემენტა სააკაშვილის დროს არსებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ახალ ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირი დაუჯდება, რადგან სასამართლო ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია, ხოლო როცა სასამართლოში გყავს მურუსიძე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული.
„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: «არჩევნებზე მთავარი ბრძოლა ჩვენ და «ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება“
რატომ დაუტკბნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გიორგი კვირიკაშვილს, ვის აბარებს ანგარიშს ბიძინა ივანიშვილი, რა შანსები ექნებათ არჩევნებზე ახალგამოჩენილ პოლიტიკურ ძალებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ესაუბრება.
- მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღეს ნაციონალური მოძრაობა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ლმობიერი ჩანდა და რაშია საქმე?
- გაგიკვირდებათ და ნაციონალებიც ადამიანები ვართ. კვირიკაშვილს პიროვნული ინტელიგენტობა თავისი წინამორბედისგან აშკარად გამოარჩევს. ოღონდ ეს არის მათ შორის ერთადერთი განმასხვავებელი, სისტემურად არაფერი იცვლება. მთავრობა იგივეა და ის მხოლოდ ივანიშვილის ნებას გამოხატავს. დღევანდელი საქართველოს მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა კი არ ირჩევს. არამედ მას ნიშნავს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში არავისთან პასუხს არ აგებს. ერთადერთი, ვის მიმართაც მას პასუხისმგებლობა აკისრია, ეს არის რუსეთი.
- როდესაც პრემიერი იცვლება, მას, როგორც წესი, რამდენიმე მინისტრი მიჰყვება ხოლმე თან. ამ შემთხვევაში რა მოხდა? ზრდილობის გულისთვის მაინც შეეცვალათ ვინმე.
- როდესაც ქვეყანა ერთი კაცის პიროვნულ ნებაზეა დამოკიდებული, იქ კონსტიტუცია ფიქცია ხდება, რაც უნდა გულში მჯიღი იცეს ვინმემ და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ილაპარაკოს. საქართველოში ცხოვრობს ერთი კაცი, რომელსაც ეს ქვეყანა პრივატიზებული აქვს. ამ დროს მისი პიროვნული ხუშტური რას გადაწყვეტს, ეს არავინ იცის. შესაძლოა ვიღაცას აინტერესებს კიდევაც, რას მოიფიქრებს მისი ფანტაზია, მაგრამ მე ამის გამოცნობა არსებულ ვითარებასთან შედარებით მესამეხარისხოვნად მიმაჩნია. რატომ შეიცვალა მთავრობაში ღარიბაშვილი, ამაზე, ალბათ, მალე ანეკდოტებს დაწერენ.
- რა ანეკდოტებს?
- მაგალითად, ღარიბაშვილმა ივანიშვილს ტკბილი ძილი არ უსურვა და ამიტომაც შეიცვალა. შესაძლოა სხვა რამე სახალისო ისტორიაც მოიგონონ. გავა დრო და ვიღაცებს მემუარების დაწერის სურვილი გაუჩნდებათ. მაშინ, ალბათ, გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში. ქვეყნის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ 21-ე საუკუნეში ასეთ დღეში აღმოჩნდა ქართველი საზოგადოება. ქვეყანას მართავს ფაქტობრივად არავინ, რომლის მთავარი დამსახურება ისაა, რომ რამდენიმე მილიარდი აქვს.
- ის კაცი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, წინასაარჩევნოდ გააქტიურებას აპირებს. თქვენი აზრით, ის ღიად ჩაერევა პროცესებში თუ ისევ ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს?
- მას ძალიან არ უნდა, რომ საზოგადოების წინაშე რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ჰქონდეს. მას უყვარს, რომ ხალხს რაღაცას ამადლიდეს. ამ დამადლებაში კი ტყუილების ბურუსი დგება. გასაგებია, რომ წლების წინ მას ფული აქვს დახარჯული, მაგრამ ისე აქვს დახარჯული, რომ ბევრად მეტი აქვს ნაშოვნი.
- რას გულისხმობთ?
- მას გადასახადები წესიერად რომ ეხადა, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტს დახარჯავდა. ისიც ნათლად ჩანს, ის ფულიც იმიტომ დახარჯა, რომ საკუთარ თავში ჩაედო ინვესტიცია. ცნობად სახეებს ის წლების განმავლობაში უხდიდა ფულს, ისინი კი მას დითირამბებს უმღერდნენ. ახლაც არა მგონია, რომ პირადი პასუხისმგებლობა რამეზე აიღოს. ისევ და ისევ შეეცდება, რაღაცა თანხები გადმოყაროს. საარჩევნო სიას მისდამი კეთილგანწყობილი ადამიანებით დააკომპლექტებს. დიდი იმედი მაქვს, ქართველი საზოგადოება ორჯერ ერთ მდინარეში არ შევა.
- ამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას მისდამი კეთილგანწყობილი ადამიანებით დააკომპლექტებს. თქვენი აზრით, რომელი სფეროს წარმომადგენლები მოხვდებიან იქ? პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ დასავლეთში მიღებული განათლება ძალიან დაფასდება...
- თქვენ მიბიძგებთ, რომ ივანიშვილის ტვინში ჩავჯდე, ამის სურვილი კი მაინცდამაინც არა მაქვს. არა მგონია, რომ მან სიაში ღირსეული ადამიანები შეიყვანოს. ამის სურვილი ივანიშვილს არა აქვს. მას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც მის მიმართ ლოიალურები იქნებიან. დარწმუნებული იყავით, რომ „ქართული ოცნების“ სიაში მოხვედრილებიდან არცერთს არ შეეძლება დამოუკიდებლად აზროვნება. არც იმით შეიცვლება რამე, თუ იქ უცხოეთში განათლებამიღებული ანდა ე.წ. ექსპერტები მოხვდებიან.
- თქვენ, ნაციონალური მოძრაობა, როგორ საარჩევნო სიას დაუპირისპირებთ „ქართულ ოცნებას“? შეუსრულებელი დაპირებების ფონზე უფრო გაგიიოლდებათ მათთან ჭიდილი, მაგრამ, ალბათ, მაინც მოგიწევთ სიის გადახალისება.
- ჩვენ იმ საზოგადოებაში ვიმყოფებით, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული პრობლემით გამოირჩევა. შემაშფოთებელია ის შედეგი, რომელიც კვლევების შედეგად დაიდო. ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლას გამოკითხულთა 30% უჭერს მხარს. მე ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ასე ფიქრობდეს ზრდასრული ადამიანი. ჩვენ პრობლემური საზოგადოება გვყავს და მისი მოტყუება ბევრად იოლი ხდება. როცა ტყუილსა და დემაგოგიას ფულიც ემატება, მაშინ `ქართულ ოცნებასთან~ ბრძოლა მთლად იოლი არ იქნება. ჩვენ არ გვაქვს ფული, მაგრამ გვაქვს არგუმენტები და მათი გამოყენებით ვაპირებთ ბრძოლას.
- ცხრა წელს რას უშვრებით, საარჩევნოდ ეს ისევ აქტუალური გახდება?
- არც ამ ცხრაწლიან მმართველობაზე საუბარს გავექცევით. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეცდომები დავუშვით და როგორ უნდა გაკეთებულიყო. იმედი მაქვს, ხალხი არჩევანს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს.
- ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე ახალი მოთამაშე უკვე გამოჩნდა. არჩევნებამდე, ალბათ, კიდევ გაიბრწყინებს ვინმე. თქვენი აზრით, ისინი შეძლებენ თქვენი ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მოხიბვლას?
- მე მაინც მგონია, რომ არჩევნებზე ძირითადად 2 მოთამაშე იქნება – „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი შეცდომებისა და სრულიად შეუზღუდავი დეზინფორმაციის გამო, როდესაც ლამის ადამიანების ჭამას გვაბრალებდნენ, საზოგადოების ნაწილი, ცხადია, არ წამოვა ჩვენკენ, მაგრამ ისინი არც მილიარდერისკენ წავლენ. ახლადგამოჩენილ ძალებს შეუძლიათ, ასეთ ადამიანებს დაეყრდნონ. მთავარი ბრძოლა, როგორც უკვე აღვნიშნე, „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება. საქართველოში ყოველთვის ორ ძალას შორის მიმდინარეობს ხოლმე ბრძოლა. იყო ზვიადისა და კომუნისტების ბრძოლა, შემდეგ იყო აღორძინება და მოქალაქეთა კავშირი, მერე შევარდნაძისა და სააკაშვილის ბრძოლა იყო. ახლა ივანიშვილი და ნაციონალური მოძრაობა ვებრძვით ერთმანეთს. ოღონდ საბოლოო სურათი უფრო მრავალფეროვანი იქნება.
- მრავალფეროვან სურათში რას გულისხმობთ, მთავარი ბრძოლა თქვენ შორის იქნება, მაგრამ პარლამენტში რამდენიმე პარტია შევა?
- ზუსტად რამდენი პარტია მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში, ძნელი სათქმელია, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მომავალ პარლამენტში ორზე მეტი პარტია მოხვდება.
- ახლადშექმნილი პარტიები თუ მოხვდებიან პარლამენტში?
- ვერ გეტყვით. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ერთმანეთს წაართმევენ ხმებს. ახალი სუბიექტები „ქართული ოცნების“ ხმების წაღებასაც შეძლებენ.
- ნაციონალების ხმებს არ წაიღებენ?
- მეეჭვება, რომ ჩვენი მხარდამჭერები ვინმე წაიყვანოს.
„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „თინა ხიდაშელი დასავლეთს უკვე აღიზიანებს»
ვინ მართავს პარლამენტში პროცესებს, რატომ აღიზიანებს ხიდაშელი უცხოელებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე ესაუბრება.
- ბატონო პეტრე, პარლამენტს, ფაქტობრივად, რესპუბლიკელი ხომ მართავს?
- ვერაფერსაც ვერ მართავს. ვერანაირად ვერ მართავს.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- როგორც ღარიბაშვილი არ იყო რეალური მმართველი, ისე რესპუბლიკელები ვერაფერს მართავენ (ასეთია მანკიერი სისტემა) და უსუფაშვილი ვერ არის პარლამენტის რეალური მმართველი. ყველამ დაინახა, რომ ღარიბაშვილი ცუდად წავიდა.
- რატომ წავიდა ცუდად? წარმატებების ფონზე არ წავიდა? ვიზალიბერალიზაცია, ევროპელების მადლობები ცუდი შედეგია?
- მისი წასვლის ფორმა იყო ცუდი. გამოაშკარავდა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც წავიდა ღარიბაშვილი, ჟურნალისტების მიწვევის გარეშე, ნებისმიერ კითხვაზე ხალისიანი და კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანის პასუხის გაცემის გარეშე, იყო ცუდი.
- ამით ქვეყანა ხომ არ დაზარალდა?
- დიახ, როცა პრემიერი ასე მიდის, ქვეყანა ზარალდება. ეს საინვესტიციო კლიმატს ხელს არ უწყობს. გუნდის წევრები მაინცდამაინც არ საუბრობდნენ იმაზე, ღარიბაშვილი რა კარგი პრემიერი იყოო. იცოდნენ, რომ ივანიშვილს არ მოეწონებოდა, ღარიბაშვილის ქებას თუ შეუდგებოდნენ. ფაქტია, რესპუბლიკელებს კოალიციურ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობები უჭირავთ. რა იქნება მომავალში და რა ადგილს დაუთმობს ბიძინა ივანიშვილი მათ ახალი არჩევნების შემდეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს. რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრი დანიშვნის დღიდან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილს დიდი გამოცდილება არ აქვს დიპლომატიაში, საერთოდ, მოზომილ განცხადებებს აკეთებდა, განსხვავებით სხვა მინისტრებისაგან. მინისტრები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ქვეყანას ვნებს,
- ზაქარეიშვილს გულისხმობთ?
- არა, ხიდაშელს.
- ხიდაშელის რომელ განცხადებას გულისხმობთ, რომელმაც ქვეყანას ავნო?
- გაიხსენეთ მისი განცხადებები მაპსა და ნატოზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ განცხადებაზე, რაც რუსეთში შეურაცხყოფად მიიღეს.
- რუსეთთან დაკავშირებულ განცხადებებთან დასავლელი უცხოელები რა შუაში არიან?
- ხიდაშელის ასეთი განცხადებები, პირველ რიგში, დასავლეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს აღიზიანებთ.
- ამას უცხოელები ამბობენ?
- უცხოელები გვეუბნებიან, რატომ და რისთვის აღიზიანებს ხიდაშელი რუსეთსო.
- დასავლელ დიპლომატებთან თქვენი პირადი კავშირებიდან გამომდინარე საუბრობთ უცხოელების რეაქციაზე?
- დიახ. მათგან მახსოვს ერთი ფრაზა: ეს ქალი ნამდვილად არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობასო.
- ისე რომ ჩანს, თავდაცვის მინისტრი დიდ საქმეს აკეთებს უცხოეთში ვიზიტებით?
- ასე ჩანს, მაგრამ ამ დროს გაღიზიანება ძალიან დიდია. ხიდაშელი უცხოელებთან მიდის და საჯაროდ ჭკუას არიგებს.
- მაპსა და ნატოში მიღებაზე განცხადებებში შეურაცხმყოფელი რა არის?
- ხიდაშელი ნატოსა და დასავლელ ლიდერებს ეუბნება, თქვენ გეშლებათ, სხვანაირად უნდა იმოქმედოთო. ეს მათთვის როგორი მოსასმენია? მიხნიკმა პირდაპირ თქვა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ხარ, ნაპოლეონივით არ უნდა ილაპარაკოო.
„ალია“, 6 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან: რა ხდებოდა პატრიარქის იუბილეზე და ვინ არის მესამე ძალა, რომელიც მის დასაცავად ერთიანდება?
ლევან ჯავახიშვილი
თხ იანვარს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 83 წლის გახდა. მისთვის იუბილეს მისალოცად, საპატრიარქოში პოლიტიკოსების რიგი იდგა. ოფიციალურად გავრცელდა კადრები, რომ პატრიარქს ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ესტუმრნენ.
საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა „ალიას“ განუცხადა, რომ მიღებაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს იმ პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნებიდან“, რომელთაც მასთან მისასვლელი პირი ნამდვილად არ ჰქონდათ. როცა პატრიარქი აცხადებდა, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ არ მიეღო პარლამენტს, რადგან ეს კანონი ქვეყანასა და მართლმადიდებლობას ძირს გამოუთხრიდა, ამ პოლიტიკოსებმა ზურგი შეაქციეს მის უწმინდესობას და ერთსულოვნად მიიღეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, მაგრამ პატრიარქის გვერდით გამოჩენა მათთვის სარფიანი საქმეა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. იმავე დავით უსუფაშვილზე ითქმის ეს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, თავის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, რათა პარლამენტს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მიეღო.
მოკლედ, ფარისევლების დიდი რიგი იდგა საპატრიარქოში. ეს უჯიშოები, ორი დღის წინ ხელზე ემთხვეოდნენ პატრიარქს და როცა მათ რაიმეს მოუწოდებს ქადაგებისას, მის ერთ სიტყვასაც არ იზიარებენ. ამის მაგალითი წარსულიდან უხვად გვაქვს, პატრიარქის უამრავი რჩევა არ გაუთვალისწინებიათ ჩვენს ხელისუფალთ და იმიტომაც ვართ შავ დღეში.
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს ახალ პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება აიძულოს, მსგავსად საბერძნეთისა. ეჭვიც არ მეპარება, დღევანდელი პარლამენტიდან ბევრი იმ ახალ პარლამენტშიც მოხვდება და იმ ამაზრზენ კანონსაც დაუჭერს მხარს, ისევე, როგორც „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“, მერე კი, ან პატრიარქის იუბილე იქნება, ან რაიმე რელიგიური დღესასწაული, მივლენ საპატრიარქოში, ან სამებაში და პატრიარქს კვლავაც ხელზე ეამბორებიან. ამაზრზენი, გულისამრევი პოლიტიკოსების ხელშია დღეს საქართველო და შესაძლოა, მათ თავი კარგა ხანს ვერ დავაღწიოთ.
ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსებითაა გამოტენილი „ქართული ოცნება“ და ზოგადად, ხელისუფლება, ამ დროს პატრიარქთან სიახლოვითა და რელიგიური თემებით სპეკულირებენ, სიტყვით ქართული ეკლესიის დიდ ქომაგებად მოაქვთ თავი, საქმით კი ამ ეკლესიას ძირს უთხრიან.
„ალია“ ამ და სხვა საკითხებზე, პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილსესაუბრა:
- ბატონო თემურ, რას იტყვით იმ პოლიტიკოსებზე, ერთი ხელით ძირს რომ უთხრიან ქართულ ეკლესიას, ებრძვიან ილია მეორის ავტორიტეტს, ორი დღის წინ კი პატრიარქს დიდის ამბით მოულოცეს დაბადების დღე, თითქოს მისი დიდი გულის დამწველები იყვნენ?
_ სამწუხაროდ, ჩვენში გარკვეულმა ძალებმა მოახერხეს რელიგიის პოლიტიზება. როგორც ჩანს, საპატრიარქო ვერ უძლებს ამ შემოტევას. ქართული ეკლესიის პოლიტიზება აწყობთ მასონურ ძალებს მისი დისკრედიტაციისა და სხვა ათასი უბედურებისთვის, რომელსაც მას უპირებენ. ჩვენში, როცა პოლიტიკაში აპირებენ მოსვლას, მერეღა ახსენდებათ ეკლესია და ეს მართლა ამაზრზენია, ეს არის ფარისევლობა. მე მახსენდება გასული საუკუნის 90-იანი წლები, როცა ქუთაისში გელათის აკადემია აღვადგინეთ. 1993 წლიდან მოყოლებული, პატრიარქის აღსაყდრების ან დაბადების დღეს, იქ ყოველწლიურად ჩამობრძანდებოდა ხოლმე პატრიარქი, მაგრამ წამლად რომ გდომებოდათ, ერთი პოლიტიკოსი არ ახლდა.
- არ იყო მაშინ პატრიარქი ესოდენ რეიტინგული, მაშინ მასთან ურთიერთობა პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანდა ჩვენ პოლიტიკოსებს და ამიტომაც არ ეძალებოდნენ პატრიარქს...
- კი, არც ერთი იმ პოლიტიკოსთაგან, დღეს რომ გამუდმებით პატრიარქის გარშემო ტრიალებენ, მაშინ იქ არ მინახავს. მაშინ რელიგია არ იყო პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება, დღეს კი პატრიარქთან გადაღებული ფოტოებით და ვიდეოებით იწონებენ თავს, ქულებს იწერენ ამით, ხალხს ატყუებენ…
- უთქმელობაც არ გამოვა, ბატონო თემურ. ქართული ეკლესიისა და პატრიარქის გარშემო ხშირად ის პოლიტიკოსები ტრიალებენ, რომელნიც დასავლეთის საამებლად ანტიქართულ, მტრულ კანონებს იღებენ.
- კი, მტრები არიან, მათ პირდაპირ დავალება აქვთ მიღებული დასავლეთისგან, რომ ძირი გამოუთხარონ მართლმადიდებლობას. ყველანაირად ცდილობენ პატრიარქთან სიახლოვეს. „დაიახლოვე და მოახრჩვე” – ასეთი აღმოსავლური ანდაზაა და ამ პრინციპით მოქმედებენ. ჩვენი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი სწორედ ბოროტი ზრახვების, ბოროტი გეგმების აღსრულების გამოა ახლოს პატრიარქთან და ამაზე რომ ფიქრობ, ეს რომ იცი, კაცი გადაირევი ჭკუიდან.
- რაღა შორს წავიდეთ და დავით უსუფაშვილი ყველაფერს აკეთებდა, პარლამენტს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ რომ მიეღო, ორი დღის წინ კი, მგონი, პირველი იყო პოლიტიკოსთაგან მისთვის დაბადების დღის მიმლოცველთა შორის...
- დავით უსუფაშვილი თანამდებობის გამო აკეთებს ამას და ღიად ამბობს, რომ ეკლესიური არ არის. ეს უფრო ნაკლები უბედურებაა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებთან შედარებით, პატრიარქისა და ეკლესიის ქომაგებად რომ მოაქვთ თავი და „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ ხმა მისცეს. გახსოვთ, რა გააკეთეს? პატრიარქი გერმანიაში ბრძანდებოდა სამკურნალოდ, დრო იხელთეს და ეს ქვეყნის დამაქცევარი კანონი მიიღეს. მე მრცხვენია მათ მაგიერ, მაგრამ ეგ ხალხი ეგრე ცხოვრობს, ეგრე გააქვთ თავი პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც – ფარისევლურად, სიცრუით, ორსახოვნებით… საერთოდ, როგორ მიდიან ეკლესიაში, ღვთის რისხვის მაინც როგორ არ ეშინიათ?!. მინდა მოვუწოდო ხალხს, რომ არ ენდონ იმ პოლიტიკოსის რელიგიურობას, რომელიც ბავშვობიდან თუ არა, ახალგაზრდობიდან მაინც არ უნახავთ ეკლესიაში სისტემატურად მოსიარულე.
- ბატონო თემურ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა, საბერძნეთის მსგავსად, საქართველოს ახალ პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონებინოს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
- საბერძნეთი ვალებში ჩაითრია ევროკავშირმა, ჩაახრჩო ვალებში და მერე მიაღებინა ეს ბინძური კანონი. ნათქვამია, სახელმწიფო ან იარაღით უნდა დაიპყრო, ან ვალებითო. ჩვენც აქეთკენ მივყავართ, უნდათ, უზარმაზარი ვალები აგვკიდონ და მერე მათი ჩამოწერის საფასურად, ან ახალი ვალების ასაღებად, გვაიძულონ და ერთსქესიანთა ქორწინება დაგვიკანონონ. ამის სიმპტომები უკვე შეინიშნება. ახლად შექმნილი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ საბანკო სფერო და მათ შორის, უცხოური კრედიტები უკონტროლო იყოს. არ მინდა, ბატონო, უცხოური ვალებით აშენებული სახლები, დაგებული გზები და საერთოდ, გაკეთებული საქმე. არ მინდა ვალებით დაკაბალებული საქართველო. დასავლეთი მიხვდა, რომ საქართველოში სააკაშვილი ვერ მობრუნდება, „ნაცმოძრაობის” ამ ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია. ისინი გულმოდგინედ ებრძოდნენ ყველაფერს ქართულს და ტრადიციულს. ამიტომ, ახლა პატარ-პატარა ჯგუფებს ქმნიან და მათი მეშვეობით ებრძვიან ქვეყანას. ჩვენი გადარჩენა ჩვენს ხელთაა. აღარ უნდა ავირჩიოთ დასავლეთის მასონური და რეაქციული ძალების მსახური ხელისუფლება, არ უნდა ავირჩიოთ ერთი კაცის ხელის შემყურე ხელისუფლება, როგორიც დღეს გვყავს.
ღირსეული ხალხი უნდა ავირჩიოთ პარლამენტში და ვერც ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ, მიუხედავად დიდი გავლენისა, და ვერც სხვა უბედურებას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად და ძლიერად დაუპირისპირდება დასავლეთის დამღუპველ პოლიტიკას, ეს ძალა პარლამენტშიც მოვა, ცხადია, და სერიოზული გავლენის მოხდენას შეძლებს პროცესებზე. დღეს საქართველოს გადარჩენა პოლიტიკოსებს აღარ შეუძლიათ, პოლიტიკოსებმა მიიყვანეს ქვეყანა ამ დღემდე. დღეს საქართველოს გადარჩენა შეუძლიათ ქვეყანაზე მზრუნველ კაცებს. მერაბ ბერძენიშვილი, ომარ მხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე… ეს და სხვა დიდებული ადამიანები გყავდეს და ამ სამარცხვინო პოლიტიკოსებს უნდა უსმენდეს, უჯერებდეს ხალხი? ხომ ფაქტია, რომ ამ ხალხს სკამები და თანამდებობები არ აინტერესებთ, მათ ქვეყნის ბედი სტკივათ. აი, ასეთი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ პატრიარქის გარშემო, ისინი უნდა ჩაუდგნენ საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას.
- ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ადამიანები იქნებიან იმ ახალ პოლიტიკურ ძალაში, რომლის გამოჩენასაც გაზაფხულისთვის ელოდებით?
- ეს და სხვა ცნობილი პატრიოტი ადამიანები, ძალიან დაფიქრებულნი არიან იმ სავალალო მდგომარეობით, რომელშიც დღეს საქართველოა, ფიქრობენ, როგორ შეაკავონ დასავლეთის ექსპანსია საქართველოში, როგორ დაიცვან თუნდაც ქართული ეკლესია ათასგვარი ურჯულოს შემოტევისგან..