globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 6th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „დიახ, ისევ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე წარადგენს საქართველოს ევროპის სასამართლოში…“ // „ქართული ეკლესიის რღვევა ქართული სახელმწიფოს რღვევას ნიშნავს”

კვირის პალიტრა: სტრასბურგული „სიურპრიზი“ // ინტერვიუები ქიბარ ხალვაშთან, დავით დვალთან, ზაალ უდუმაშვილთან და გია ვოლსკისთან

კვირის პალიტრა: ლია მუხაშავრია: „არ გამოვრიცხავ, რომ ევროსასამართლომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენოს“ // „წულუკიანმა ვერ შეძლო საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა“ // „ნონა წოწორია უკვე მერამდენედ ახერხებს, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ომი მოუგოს“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ გიორგი ანდრიაძესთან: „მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა ან ავტოკეფალიის დაკარგვა“ // „თუ ეკლესიაში ქაოსი გაგრძელდა, სხვა ქვეყნის ეკლესიები შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდებიან, თუ ასეთ ვითარებაში ძლიერი პატრიარქი არ გვეყოლება, პროცესი დიდი ალბათობით, ფატალურად დასრულდება“ // ინტერვიუ მეუფე პეტრესთან: „მე ყოველთვის საეკლესიო სამართლის აღსრულების მომხრე ვარ“

კვირის პალიტრა: დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები // ინტერვიუები ადვოკატებთან: „იარაღი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოიღეს­, მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის“ // ინტერვიუ ირაკლი მამალაძესთან: „აბსურდია, მე იარაღთან არასოდეს მქონია შეხება“

—–

რეზონანსი//მთელი კვირა: ულტიმატუმი, როგორც თვითლუსტრაცია // პარლამენტის სპიკერის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადა იმაზეა დამოკიდებული, „გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებებს“

რეზონანსი//მთელი კვირა: როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ულტიმატუმს? (თავალსაზრისები)

რეზონანსი//მთელი კვირა: „რუსთავი-2“-ის საქმე და ვიზალიბერალიზაცია // ევროპარლამენტარი, რომელმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დროებით შეჩერება მოითხოვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატადაა წარდგენილი

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ხელისუფლებამ „რუსთავი-2“-ის საქმეზე დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა“

რეზონანსი//მთელი კვირა: ვისი იქნება „რუსთავი-2“ რვა მარტის შემდეგ // იურისტთა შეფასებით, სტრასბურგის სასამართლო განაჩენის აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობამ უმრავლესობით მოიყვანა ხელისუფლებაში უვიცი და უსაქმური ხალხი“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოპოზიციას ქუჩის აგორება გაუჭირდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ: რას ურჩევს შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს ხელისუფლებას: „რუსთავი-2“-ის საქმე სტრასბურში 15-20 წელი შეიძლება გაიწელოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ავარეთ-კახეთის გზა არ უნდა გაიხსნას“ // „სომხური დერეფანი რუსული პროექტია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თევზაძესთან: „ისრაელი არის მოძმე ქვეყანა და გვიკვირს მათი მხრიდან ასეთი აგდებული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ“

————————

კვირის პალიტრა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „დიახ, ისევ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე წარადგენს საქართველოს ევროპის სასამართლოში…“ //ქართული ეკლესიის რღვევა ქართული სახელმწიფოს რღვევას ნიშნავს

ნათია დოლიძე

დასასრული არ უჩანს “რუსთავი 2″-ის საქმეს. 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებად გამოაცხადა. ეს ვერდიქტი მეორე დღესვე სტრასბურგში გასაჩივრდა, სადაც მყისიერად მიღებული გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეჩერდა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქმის განხილვასა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე აღსრულების შეჩერება ძალაში დარჩეს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, ტელეკომპანიის მოპასუხე საქართველოს მთავრობაა. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

პირველ რიგში, ყველას გილოცავთ, რომ დასრულდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის­ შემოღების პროცედურა… რაც შეეხება “რუსთავი 2″-ის საქმეს, დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი მთლიანად პოლიტიზებულია და ამას უკვე აღარაფერი ეშველება. ეჭვი მეპარება, სტრასბურგის სასამართლოს ასეთი მყისიერი რეაქცია მოეხდინა, რომ არ ემუშავათ იმ ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს.

ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრი იმუშავეს მათმა მეგობრებმა “ევროპის სახალხო პარტიიდან”, რათა დაერწმუნებინათ ევრო­სტრუქტურები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომ ეს ქონებრივი დავა კი არა, თავისუფალი სიტყვის შევიწროება იყო. შეკითხვა, როგორ ვაფასებ ამ დავას, არაერთხელ დაუსვამთ ჩემთვისაც ევროპელ ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებს. რამდენიმე დღის წინ უნგრელ ექსპერტებთან მქონდა შეხვედრა, ისინი ისე ღრმად იყვნენ ამ საკითხში ჩახედული, ნათელი გახდა, რა ინფორმაციული შტურმის ქვეშ იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი კეთილმოსურნეებისგან. სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილება, ძირითადად, ამით აიხსნება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღემდე ევროსასამართლოში მუშაობს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია…

- თუ რატომ მუშაობს, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ, მანამდე კი საინტერესოა, კითხვაზე: ეს სასამართლო გარჩევარუსთავი 2″-სა და ქიბარ ხალვაშს შორის ქონებრივი დავაა თუ პოლიტიკური გავლენით მედიის შეზღუდვა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაქვთ?

- თუ იურიდიული თვალსაზრისით განვიხილავთ, ქონებრივი დავაა, მაგრამ სამართლებრივი მხარე ერთია, თუმცა არსებობს კიდევ მორალური მხარე. თუ ამ თვალსაზრისით განვიხილავთ, ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე ეს ქონება უკანონოდ მიიღო, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ედავებიან პირები, რომელთა ლეგიტიმური მფლობელობა საეჭვოა.

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმაინტერპრესნიუსთანსაუბრისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროსკოლექტიური სააკაშვილიმართავდარუსთავი 2″- და სწორედ ამკოლექტიური სააკაშვილისნაწილი იყო ქიბარ ხალვაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყოაქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ხომ არ ჰქონდა რეალური საფუძველი ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად

- ვერ დაგეთანხმებით, ვიმეორებ, “ნაციონალური მოძრაობის” მეცადინეობით შექმნილი ფონის შედეგად მიიღო სტრასბურგის მოსამართლემ გადაწყვეტილება და არა კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტაციის გამო.

- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ. ჩვენში ბევრს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გავლენით მიღებული გადაწყვეტილებაა

- გაიხსენეთ “ნაციონალური მოძრაობის” მართვის პერიოდი, როდესაც მუდმივად იცვლებოდნენ ტელევიზიის მეპატრონეები. საბოლოო ჯამში ამ სფეროში ისეთი ბაკქანალია გამეფდა, ისეთი მემკვიდრეობა დახვდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამის დალაგება ურთულეს პროცესად იქცა. თუმცა ცხადია ისიც, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამაც ვერ გაუძლო ცდუნებას და წინამორბედივით ძველი გზით სცადა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა. ვიმეორებ, ისეთი ქაოსია ქაღალდზე არსებულ და რეალურ მეპატრონეებს შორის, ძნელია, გაიგო, სად გადის ზღვარი ხელისუფლების სურვილს, გააკონტროლოს მედიის ნაწილი და იურიდიულ მხარეს შორის. სწორედ ამგვარ საკითხებში შედის “რუსთავი 2″-ის თემაც.

- თუმცა ამ პროცესებს სხვაგვარად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გავიხსენოთ, თუ გნებავთ, “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მყისიერი განცხადება. ჩვენ საკმაოდ რთულ ეტაპს გავდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, ველით ვიზალიბერალიზაციას რამდენიმე დღეში. აქედან გამომდინარე, ალბათ, მეტი სიფრთხილეა საჭირო და თუ ვინმე მართლაც ცდილობს მედიის გაკონტროლებას, კარგი იქნებოდა, გაიხსენოს, რომ ეს ქვეყანას, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს...

- გეთანხმებით, რომ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულად სენსიტიურად აღიქვამენ დასავლეთში, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა: რატომღაც წარმოგვიდგენია, რომ დედამიწის ჭიპი ვართ და ყველა პროცესი, რაც ჩვენში მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა იქცეს მსოფლიო პოლიტიკური ელიტის განხილვის თემად. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ძალიან ბევრი, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბავი ხდება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსთან კავშირშიც. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის აუზში ნატოს საზღვაო ძალების განლაგება, მათ შორის, ფოთის აკვატორიაში. შესაბამისად “რუსთავი 2″-ის გამო ასეთი ამბავი ნამდვილად არ ატყდებოდა, რომ არა “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან კარგი მუშაობა დასავლეთში, სადაც კარგ კონტაქტებს დღემდე ინარჩუნებენ და ასე ახერხებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული სტრუქტურები მუდმივად იყვნენ ყურადღების ცენტრში. ასეთი სტრუქტურაა “რუსთავი 2″-იც. ის პარტიული ტელევიზიაა. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტელევიზია, რომელიც დაკომპლექტებულია კომპეტენტური ჟურნალისტებით, პარტიულ ორგანოდ გადაექცია.

- აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ პარტიულ ტელევიზიასაც აქვს არსებობის უფლება...

- რა თქმა უნდა, თუმცა აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი და დამოუკიდებელია. როცა ნიკა გვარამია სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობს, ბრაზი გერევა ადამიანს, რადგან გახსენდება, სად იყო “იმედის” დარბევისას და საერთოდ, რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და იგივე აღარ უნდა გაიმეორონ სხვა ხელისუფლებებმა. მოჰბეზრდა ხალხს ეს გაუთავებელი დაპირისპირებები, ქაოსის შიში, მიტინგები… თან ისეთი სოციალური ფონია შექმნილი, რომ ბევრს არც აინტერესებს, რა ხდება.

სხვათა შორის, ნიკა გვარამიას ბიოგრაფიისა და “რუსთავი 2″-ის ისტორიის გამოა, რომ არსად ჩანს ჟურნალისტური თანადგომა… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან საწყენია, როდესაც გამოდის გვარამია და გაუთავებლად გაიძახის, თავისუფალი სიტყვის ერთადერთი ორგანო “რუსთავი 2″-იაო, თან იმ დროს, როდესაც ეს პარტიული ტელევიზიაა. ეს განცხადებები ორიენტირებულია მხოლოდ მხარდამჭერებსა და დასავლეთზე, მთელ დანარჩენ მედიას კი შეურაცხყოფას აყენებს. შესაძლოა, ბევრს აქვს მართლაც განცდა, რომ შეიზღუდება კრიტიკული აზრი, მაგრამ პროტესტი უჩნდებათ “რუსთავი 2″-ის გუშინდელი საქმიანობის გამო და მათ აქციებზე არ მიდიან. აქვე ვიტყვი ბარემ, რომ მთავრობისთვის აუცილებელია კრიტიკა, აუცილებელია ასეთი ტიპის ტელევიზიების არსებობა, რადგან ამ ხელისუფლებას რომ ვუყურებ, კრიტიკისა და მუდმივი შეძახილის გარეშე შეიძლება ისეთ ვითარებაში ჩააგდოს ქვეყანა, მტერს და ავს.

- აღნიშნეთ, რამდენად კარგად მუშაობსნაციონალური მოძრაობაქვეყნის გარეთ და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?

- არ ვიცი, ამაზე პასუხი არა მაქვს. “ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე უარი თქვა ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობასა და დასავლეთში შესაბამისი სტრუქტურების შექმნაზე. ბოლო დროს უფრო შეიმჩ­ნევა მოძრაობები ამ მიმართულებით ვითარების შესაცვლელად, თუმცა დაგვიანებულია. შესაბამისად, დასავლეთში შექმნილი განწყობების გარღვევა ძალიან ჭირს… თან არ დაგავიწყდეთ, “ნაციონალური მოძრაობა” უცხოეთში მხოლოდ ხათრით და ძმაკაცობით არ მუშაობდა, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავდა, მათ შორის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსების გულის მოსაგებად.

- ნიკა გვარამიამ უკვე დააანონსა აქციები. მისი თქმით, განსაკუთრებით 8 მარტამდე უნდა აგორდეს საპროტესტო ტალღა. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომნაციონალური მოძრაობააუცილებლად ისარგებლებს ამით და შეეცდება რევოლუციური სცენარის დაგეგმვას. არსებობს მოსაზრება, რომ ვითარების გასამწვავებლად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პროვოკაციები უშუალოდრუსთავი 2″-ის თანამშრომლების წინააღმდეგაც ვიხილოთ...

- თუ “რუსთავი 2″-ის აქციებზე პროვოკაციები მართლაც მოხდა, დარწმუნებული ვარ, თვითონვე მოუწყობენ საკუთარ თავს ნიკა გვარამიას ტიპის პირების დავალებით. გვარამია და “რუსთავი 2″ ცდილობენ, ახალი “ვარდების რევოლუცია” ააგორონ. მეეჭვება, ამ დაანონსებულ აქციებს დიდი მასშტაბი ჰქონდეს. მნიშვნელოვან პროცესებს არ ველი. ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დღეს “რუსთავი 2″-ის დასაცავად გამოდიან, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ძალიან დიდი შეცდომა იყო, “რუსთავი 2″-ის ეზოში რომ მოაწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭო. ამით ტელევიზია დააზარალა, რადგან უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეს სწორედ მათი ტელევიზიაა. შეიძლება საზოგადოებას არც “ქართული ოცნება” ეხატება გულზე, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობისა” თუ მისი განაყოფების სრული მიუღებლობა აქვს. დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისა და ტელევიზიის მცირეოდენი ქომაგების გარდა, პარტიული ტელევიზიის დასაცავად ხალხი არ მივა.

- როგორც ცნობილია, სტრასბურგში 8 მარტამდე კოლეგიურად უნდა გადაწყდეს, “რუსთავი 2″-ის საქმეს რა მსვლელობა მიეცემა. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს ხელისუფლება, დაასაბუთოს, რომ ეს ქონებრივი დავაა და არა პოლიტიკური პროცესი?

- თუ მთავრობაა, უნდა მოახერხოს. ქონებრივი დავის ნიშნები სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად ნათელია. ნომინალური მმართველი იყო თუ არა ქიბარ ხალვაში, რეალობა ასეთია – მას ჯერ აყიდვინეს და შემდეგ წაართვეს ტელევიზია.

- როგორც კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდა, ქართული ოცნებისარაერთმა წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ ევროპის სასამართლოში უფლებამოსილებას კვლავაც ნონა წოწორია ასრულებს. არადა, ეს სწორედ ხელისუფლების ბრალია, რომლის წარდგენილი კანდიდატურებიც სტრასბურგში დაიწუნეს...

- ზუსტად ასეთი მოუხეშავი, გაუთვლელი და მოუფიქრებელი ნაბიჯების გამოა, რომ ხელისუფლების იმიჯი მუდმივად ირყევა ჩვენში თუ ქვეყნის გარეთ… ცხადად ჩანს, რომ სამთავრობო სტრუქტურებში პროფესიონალების დიდი დეფიციტია. სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ. წოწორია ახსენეთ და, ჩათვალეთ, რომ სადაც წოწორიაა, იქ ადეიშვილიცაა… დიახ, ისევ ადეიშვილი წარადგენს საქართველოს ევროპის სასამართლოში. როცა წოწორიას შეცვლის შანსს არ გამოიყენებ დროულად, ეს მხოლოდ ხელისუფლების შეცდომებზე მეტყველებს.

- . . ციანიდის საქმისა და ქართული ეკლესიის გარშემო სკანდალი არ ცხრება. ყველა სინოდის სხდომის მოლოდინშია. როგორ შეაფასებთ შექმნილ ვითარებას? შეძლებს კი სინოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ვითარების დალაგებას?

- ჩემი ღრმა რწმენით, ეს კომპლექსური პროცესია, რომელშიც ჩართული არიან: გარე ძალებიც – როგორც რუსეთი, ასევე დასავლეთი; ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ძალებიც და ეკლესიაში მყოფი პირებიც. ეკლესიაში ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა.
ყველა ხელისუფლება ცდილობდა, ეკლესია ან გაეკონტროლებინა, ან ძალიან დაეახლოებინა, რადგან ამ ინსტიტუტს ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კა-გე-ბე ცდილობდა, გაევსო ეკლესია თავისი წარმომადგენლებით, მაინც ყოველთვის ხერხდებოდა ისეთი ადამიანის ეკლესიის სათავეში მოსვლა, რომელიც შექმნილ ვითარებაში დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მაქსიმალურად ახერხებდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაწყდა, რომ კონტროლი ეკლესიაზე ტოტალური ყოფილიყო, რადგან კარგად ხედავდნენ, რაოდენ რეიტინგული ინსტიტუტია, თან კონტროლის დამყარება ძალისმიერი გზებით გადაწყვიტეს. რაც მოხდა გლდანის ეკლესიის დარბევისას, ეს არ იყო მხოლოდ ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, ეს იყო მთელი ეკლესიის დაშინების მცდელობა. თავიდანვე ძალის დემონსტრირებით შეეცადნენ ეკლესიაზე გავლენის მოპოვებას. ხან შანტაჟითა და ზეწოლით, ხანაც მოსყიდვით ცდილობდნენ ეკლესიაში რაც შეიძლება ღრმად შესვლას. თუმცა პატრიარქმა და მისმა გუნდმა მნიშვნელოვანწილად გაანეიტრალეს ეს მცდელობები. თუმცა ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია და “ნაციონალებმა” შეძლეს, ეკლესიის წიაღში ჩამოეყალიბებინათ გარკვეული ჯგუფები, რომლებზეც შეეძლოთ ზემოქმედება ფინანსური თუ სხვა საშუალებებით. ამ კომპლექსურმა პრობლემებმა ერთად იჩინა დღეს თავი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც იყო ამ ამბავში ჩართული.

ქართული ეკლესიის დასუსტება რუსული ეკლესიის ინტერესში რომ არის, ეს ფაქტია; იგივე ინტერესი ზოგიერთ დასავლურ სტრუქტურასაც აქვს და ესეც ცხადად ჩანს… შესაბამისად, ვერაფერს გამოვრიცხავთ.

უბედურებაა, რაც მოხდა, მაგრამ ახლა აუცილებელია მომხდარიდან პოზიტიური დასკვნები იქნეს გამოტანილი და ვინც წასასვლელია ეკლესიიდან, წავიდეს! ეს თუ არ მოხდა, შეიძლება უფრო დიდი უბედურების წინაშე დავდგეთ, იმ უბედურების, რომელიც დაუდგა საბერძნეთის ეკლესიას, რომელიც 4 ნაწილად არის გაყოფილი, არ ჰყავს პატრიარქი და ოთხივე ნაწილი ერთმანეთთან იბრძვის. ამ ცოტა ხნის წინათ კულუარებში ერთ-ერთი ადამიანისგან, რომელიც ეკრანებზე ხშირად ჩანს, მოვისმინე ასეთი რამ: რა მოხდა თუ გაიყო ეკლესია, ადრეულ შუა საუკუნეებში საქართველოში ორი საპატრიარქო იყო, ერთი პატრიარქი მცხეთაში, მეორე კი ბიჭვინთაში იჯდაო… ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

- როდესაც მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ილია II ბოლო პატრიარქი იქნება, თქვენი აზრით, ამგვარი გაყოფის საფრთხეზე ლაპარაკობდა?

- ვფიქრობ, ამას გულისხმობდა. სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, ამის თქმა არ უნდოდა, მეუფე ძალიან დაღლილი იყო და ფრაზა ვერ დაალაგაო… ვერაფერს გეტყვით დარწმუნებით, მაგრამ მისი ფრაზა ძალიან საგულისხმო გზავნილს შეიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დაუდგა ქართულ ეკლესიასაც და ქვეყანასაც, ქართული ეკლესიის რღვევა ქართული სახელმწიფოს რღვევას ნიშნავს. ძალიან რთული და მძიმე პროცესია, ამიტომ სინოდმა დიდი კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, ისეთიც კი, რომელიც, შესაძლოა, მტკივნეული იყო ეკლესიისთვის.

- დაბოლოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის ალტერნატიული გზა განიხილა. ჩვენში ამან დიდი გაუგებრობა წარმოშვა. გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას შეეხებოდა, თუმცა მოგვიანებით სომხეთის პრემიერმა დააზუსტა, რომ ალტერნატიული გზა ამას არ ითვალისწინებს...

- ეს თემაა “რუსთავი 2″-მა გაააქტიურა. რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ამ ტელევიზიის, ის არის, რომ საზოგადოებაზე ზემოქმედების მოსახდენად სრულიად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ იცის ტყუილებით შეფუთული ვითომ სიმართლის ლაპარაკი. ახლაც 2-3 დღე ამბობდნენ, რომ თითქოს ხელისუფლება სომხეთს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მოელაპარაკა. ეს ტყუილია. კარგად იციან ერევანში, რომ ტვირთების გადატანა აფხაზეთის თუ ცხინვალის გავლით მკვდრადშობილი იდეებია და არც ავარეთ-კახეთის გზა განიხილება. ლაპარაკი იყო სულ სხვა რამეზე: 6 წლის წინ შეწყდა ნოვოროსიისკის საბორნე გზით სომხეთისკენ ტვირთების გადაზიდვა, რადგან საქართველოში დაწესებული ტარიფები მაღალი იყო, მოლაპარაკება სწორედ ამ ტარიფების დაწევაზე მიმდინარეობდა, რაც ქართულმა მხარემ უკვე გააიაფა და როგორც ვიცი, პირველი ტვირთებიც ჩავიდა ერევანში. სპეკულაციები ამ თემაზე სრულიად უადგილოა.

კვირის პალიტრა“, 06 მარტი, 2017 წელი

სტრასბურგული სიურპრიზი

ინტერვიუები ქიბარ ხალვაშთან, დავით დვალთან, ზაალ უდუმაშვილთან და გია ვოლსკისთან

რუსუდან შელია

უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2″-ის საქმეზე დახურულ ფორმატში, ზეპირი­ განხილვის გარეშე იმსჯელა და საბოლოოდ, ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამის” სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია: “გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ქიბარ ხალვაში, 40%-ის წილის მესაკუთრედ – შპს “პანორამა”. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს – შპს “ტელეკომპანია “საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილსა და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამის” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5.000 ლარის ანაზღაურება”.

თუმცა მოვლენები ელვისებურად სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტ­ილების შემდეგ განვითარდა. “რუსთავი­ 2″-ის ჯერ კიდევ მოქმედმა მენეჯმენტმა გადაწყვეტილების შეჩერებაზე სტრასბურგში მოთხოვნა გაგზავნა, პასუხმაც არ დააყოვნა – “რუსთავი 2″-ის საქმესთან­ დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის­ სასამართლომ შეაჩერა.­ “2017 წლის 3 მარტს ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებითა და პროცედურის ჯეროვნად წარმართვის მიზნით, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კომპანიის

სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან. გადაწყვეტილება ძალაშია 8 მარტამდე”, – ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებ­აში. ამ ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რამდენიმე საათში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს მორიგე­ მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

მისივე განმარტებით, “რუსთავი 2″-მა სტრასბურგის სასამართლოს სამი მოთხოვნით მიმართა: 1. საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეს არ განიხილავს არსები­თად; 2. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას, დახუროს ან გააადვილოს “რუსთავი 2″-ის დახურვა; 3. საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალოს, შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

——-

როგორ განვითარდება მოვლენები და სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მოითხოვს თუ არა ტელეკომპანიაში შესვლას, კითხვებს ბიზნესმენი ქიბარ­ ხალვაში პასუხობს:

- დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს შემდგომ მოქმედებებს. იმედია, გაერკვევა ვითარებაში და 8 მარტის შემდგომ შეზღუდვა მოიხსნება. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ცალსახად ვაფიქსირებ – მაშინაც კი, როდესაც სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა ნულის ტოლი იყო საქართველოში,­ საკუთარ უფლებებს მხოლოდ სამართლ­ებრივი გზით ვიცავდი. ასე გაგრძელდება­ მომავალშიც. ვფიქრობ, აღსრულების შეჩერების დიდი ხნით გაგრძელებას მცირე პერსპექტივა აქვს. იმედია, რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს შესაძლებლობას, აღვასრულოთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

- საქმე ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოშიც დევს. ფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოს თუნდაც შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ?

- საკონსტიტუციო სასამართლოში­ შეტანილი საჩივრები უსაფუძვლოა და, სავა­რაუდოდ, არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდება. მეორე მხარემ რვა სარჩელი შეიტანა და ყველა იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლებიც მითითებული იყო ჩვენს სარჩელსა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ფაქტობრივად, ლამის ნახევარი სამოქალაქო კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს. რთული წარმოსადგენია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს უსაფუძვლო სარჩელები. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, გვქონდა იმედი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს პერმანენტულ ფსიქოლოგიურ სტრესში ჰყავდა სასამართლო, მან გაუძლო ზეწოლას და მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

- თუმცა მაინც გაჩნდა კითხვები. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თანაც ექვს საათში, ყოველგვარი ზეპირი მოსმენის გარეშე?

- არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქმე თავისი სამართლებრივი ნაწილით არ არის განსაკუთრებული სირთულის. საქართველოს სასამართლოებს აქამდეც მიუღიათ გადაწყვეტილებები მსგავს საქმეებზე და ვფიქრობდით, უზენაეს სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაუშვებლად ეცნო საკასაციო საჩივრები და ძალაში დაეტოვებინა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის ზეწოლისა და იმ რეზონანსის გამო, რაც ამ საქმემ შეიძინა, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ გადაწყვიტა, საქმე დიდი პალატი­სათვის გადაეცა. თუმცა ხაზს ვუსვამ, სამართლებრივი მხარე ამ საქმისა განსაკუთრებულ სირთულეებს არ შეიცავდა. არც არსებითი ნაწილი იყო სქელტანიანი და მრავალტომიანი. ის გადატვირთული იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით აცილებაზე, საქმის წარმოების შეწყვეტაზე, შეჩერებაზე და ა.შ. ამდენად, დიდ პალატას უნდა ემსჯელა მხოლოდ რამდენიმე სამართლებრივი ნორმის განმარტებასა და ამ ნორმების შეფარდების მიზანშეწონილობაზე. შესაბამისად, რამდენად მოახერხა ეს სასამართლომ, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება.

- განაჩენს გამოეხმაურა როგორცფრიდომ ჰაუსი“, ასევე აშშ-ის, საფრანგეთის საელჩოები, რომელთა საერთო კონტექსტი მედიაპლურალიზმისთვის საფრთხის შექმნაზე მიანიშნებს...

- არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება. არ ვაპირებ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და არც ხისტ მოქმედებებს. აუცილებელია, ქვეყანაში იყოს კრიტიკული მედია. პირობას ვდებ, ტელეკომპანიის წილების ჩემს სახელზე რეგისტრაციის შემდგომ, არ შეიზღუდება არც ერთი ჟურნალისტი და მათ პროფესიულ საქმიანობაში არავინ ჩაერევა.

- მაშინ რატომ არ თანხმდებით ნიკა გვარამიას შეთავაზებას, რომრუსთავი 2″-ის თანამშრომლებს გადასცეთ ტელევიზია და ფინანსური ზარალიც აგინაზღაურდეთ?

- ეს იყო არასერიოზული განცხადება,­ მით უფრო, რომ ტელევიზიის კოლექტივი ამ შემთხვევაში იმავე როლის შემსრულებელი იქნებოდა, რასაც ყარამანიშვილები ასრულებენ, ანუ ნომინალური მფლობელები იქნებოდნენ. არა მგონია, ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, რომ არხის რეალური მეპატრონეები ყარამანიშვილები არიან. სასამართლოში საქმის განხილვისას ყარამანიშვილების წარმომადგენელმა ისიც კი ვერ თქვა, რა ფასად ჰქონდათ მათ წილები შეძენილი, მაშინ როცა ამტკიცებდა, თითქოს არაერთხელ ჰქონდა წილების შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტები ძირეულად შესწავლილი. რა თქმა უნდა, ეს “შემოთავაზება” ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ფარსის ნაწილია.

———

დავით დვალი, “რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

- უზენაესი სასამართლოსა და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მე და ქიბარ ხალვაში ერთმანეთს არ შევხვედრივართ. კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონით გვქონდა და შეხვედრაზე შევთანხმდით, თუმცა ამ დრომდე ის არ შემდგარა. სიმართლე გითხრათ, მისი პოზიცია ჩემთვის თითქოს გაურკვეველიც გახდა – ქიბარმა რამდენიმე განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა, ერთხელ განაცხადა, როგორც შევთანხმდით, ყველაფერი ისე იქნება და დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დავუბრუნებ ტელევიზიასო, შემდეგ გადააკეთა და თქვა, რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენო, მოგვიანებით, ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცით და მოვილაპარაკებთ, შესაძლოა მთლიანადაც დავუთმოო. ჩვენ ტელევიზიის 100%-იან წილზე პრეტენზია არ გვაქვს, მხოლოდ ის 60% გვინდა, რომელიც წაგვართვეს და მთელ ამ პროცესში მაშინ ხალვაშიც მონაწილეობდა. თუმცა, როდესაც ხალვაში გამოჩნდა და შემოგვთავაზა, ერთმანეთში კი არ ვიდავოთ, მოვილაპარაკოთო, მხარი დავუჭირეთ. სასამართლოში ჩვენ ვერ ვიდავებდით, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, თუმცა თავდაპირველად, ეფექტურად დაწყებული გამოძიება გარკვეულ ეტაპზე შეჩერდა, გამომძიებელი შეგვიცვალეს და პროკურატურამ საქმეების სასამართლოში გადაგზავნა შეაყოვნა. სწორედ ამ გარემოებამ და ქიბარის მოლაპარაკებებზე მზადყოფნამ გადაგვაწყვეტინა, სამართლებრივი დავისთვის მხარი დაგვეჭირა. სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ მხოლოდ გულშემატკივრის პოზიციაში აღმოვჩნდით, რადგან თუ ქიბარი გაიმარჯვებდა, ეს არ იქნებოდა სამართლიანობის ზეიმი, თუმცა იქნებოდა ერთი დიდი ნაბიჯი ჩვენთვის, რომ წართმეული ტელევიზიის დაბრუნებისთვის ჩვენც გვებრძოლა.

- რა პირობებზე ხართ თქვენ და ქიბარ ხალვაში შეთანხმებული, არხის გენერალურ დირექტორად თქვენ მოიაზრებით?

- ბოლო შეხვედრაზე ქიბარმა მითხრა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა და მმართველობა მთლიანად ჩემი და ჯარჯის ხელში იქნებოდა, თუმცა ჩვენ წილობრივი გარანტიაც მოვითხოვეთ იმისთვის, რომ ერთ დღესაც ქიბარს პოზიციები არ შესცვლოდა და რომელიმე სიუჟეტის დაბლოკვა არ მოეთხოვა. გარკვეულ­წილად, ამ გარანტიებზეც შევთანხმდით, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ დეტალებზე აღარ გვისაუბრია. ათი წლის განმავლობაში “რუსთავი 2″-ის მენეჯმენტში ვიყავი და ვერავინ მეტყვის, რომ ერთი წუთითაც კი ხელისუფლების მხარდასაჭერად ვმუშაობდით. შესაბამისად, თუ ვინმე არხის დირექტორად იმიტომ განმიხილავს, რომ ცენზორი სჭირდება, ამ საქმეში არ გამოვადგები. თუ ისე მოხდა, რომ “რუსთავი 2″ დამიბრუნდა, ის სამთავრობო ტელევიზია არასოდეს გახდება. თუ “რუსთავი 2″-ში კონტროლის მექანიზმი არ მექნება, კომპრომისზე არასოდეს წავალ და არც ასეთი დაბრუნებული ტელევიზია მჭირდება. პირიქით, ჩავთვლი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ დაფუძნებული ტელევიზია ისევ წართმეულია.

——–

ზაალ უდუმაშვილი, “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოადგილე:

- სტრასბურგის სასამართლომ მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც­ გულწრფელად გეტყვით, არ ველოდებოდით. მართალია, საკმაოდ არგუმენტირებული სარჩელი გავგზავნეთ, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ევროპული სასამართლო რეაგირებას რამდენიმე საათში მოახდენდა – ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “რუსთავი 2″-ის პრობლემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამის შესახებ ევროპულ ინსტიტუციებშიც კარგად არიან ინფორმირებული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლო 8 მარტს გააგრძელებს შეჩერების მოთხოვნას,­ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს პროცესი დიდი ალბათობით, დროში გაიწელება და ხელისუფლებას ამასთან შეგუებაც მოუწევს. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცებთ. მის წინააღმდეგ წასვლა კი არა მგონია, ხელისუფლებამ გაბედოს. მაშიIნ, ეს იქნება გზავნილი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახზე უარს ამბობს.

- საპროტესტო აქციები გაგრძელდება?

- სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს, აქციები აუცილებლად გაგრძელდება. ახლა როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია, რომ ხელისუფლებასა და რაც მთავარია, დასავლეთს ჩვენი ხმა მაქსიმალურად გავაგებინოთ.

——–

გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

- სტრასბურგის მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილება “რუსთავი­ 2″-ის განგაშის ზარს ეფუ­ძნებოდა. მათ ევროპულ სასამართლოს დაუხატეს სურათი, თითქოს ადამია­ნის უფლებების დარღვე­ვითა და ძალადობით მიმდინარეობს სამ­ა­რთლებრივი­ დავა, ამიტომაც სტრასბურგ­ის მოსამართლემ პროცესი დროებით შეაჩერა.

- როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, თუ სტრასბურგის სასამართლომრუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშს არ მიაკუთვნა?

- თუ ადრე ვინმეს მაინც ეჭვი ეპარებოდა, რომ “რუსთავი 2″ რეალურად სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ეჭვი საერთოდ გააქარწყლა. პოლიტიკური ლუსტრირება სახეზეა – გია ყარამანიშვილი, “რუსთავი 2″-ის ფორმალური მფლობელი გაქრა და ავანსცენაზე “ნაცმოძრაობა” ღიად გამოვიდა. ახლა არც იმას უარყოფენ, რომ “რუსთავი 2″ პარტიის დაქვემდებარებული მედიასაშუალებაა. მეტიც, მათ აქვთ პოზიცია, თითქოს “ნაცმოძრაობას” არასოდეს არაფერი წაურთმევია, არავინ უწამებია და უსამართლო პროცესებიც არასოდეს გვინახავს. ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს პოზიცია, რასაც სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაურევლობა ჰქვია, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.

- ანუ აშშ-ის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ თუ საფრანგეთის საელჩომ განცხადება ინფორმაციის ნაკლებობის გამო გაავრცელეს?

- ჩვენი მთავრობაც აცხადებს, თავისუფალი გარემო არ უნდა შეიზღუდოსო და ამ მიმართულებით პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეთ. ამაზე მოწმობს წარმატებები – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულება, ნატოსა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და ა.შ. მთელ ამ პროცესში სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო საუბარი მახსენდება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიდი დაპირისპირების ინსპირირება ქუჩებში აუცილებელია და ვფიქრობ, გვარამიამ ეს სცენარი კარგად ჩამოაყალიბა, ახლა მის აღსრულებას ცდილობს.

- 12 მარტს საპროტესტო აქცია ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკვე დაანონსებულია. პროცესების ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში გადაზრდის მოლოდინი გაქვთ?

- გვარამია ვერ შეძლებს, არეულობის მაღალი ხარისხი გამოიწვიოს. სტაბილურობის შერყევის მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ყველა ბრალდებაზე პასუხი უნდა გასცეს.
კვირის პალიტრა“, 06 მარტი, 2017 წელი

ლია მუხაშავრია: არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენოს“ // „თეა წულუკიანმა ვერ შეძლო საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა“ // „ნონა წოწორია უკვე მერამდენედ ახერხებს, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ომი მოუგოს

ნანა ფიცხელაური, რუსუდან შელია

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის­ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე სახალხო დამცველი იქნება.­ ევროსასამართლო მერაბიშვილის საქმის ხელახალ განხილვას იუსტიციის სამინისტროს საჩივრის საფუძველზე იწყებს. წულუკიანის უწყება სტრასბურგში დამატებითი მტკიცებულებების გაგზავნას გეგმავს. “სახალხო დამცველი მხარს უჭერს და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, რბილად რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა”, – აცხადებს თეა წულუკიანი.­

უჩა ნანუაშვილი წულუკიანს რეალური სურათის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მან მერაბიშვილის უცხოელ ადვოკატებს პატიმრის ციხეში მონახულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც მის ანგარიშშიც არის ასახული.

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: “მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო. ნებისმიერი პატიმრის საკნიდან გაყვანა ღამის საათებში და მასზე ზეწოლა ჩვენების მიღების მიზნით კანონს ეწინააღმდეგება და როცა ამ ფაქტებზე პატიმარი ლაპარაკობს, უნდა გამოიძიონ სავარაუდო დანაშაული. ევროსასამართლოს მივაწოდე ინფორმაცია, როგორც პირმა, რომელიც პირადად შეხვდა მერაბიშვილს ციხეში და მოისმინა პატიმრის მონაყოლი. სწორედ იმის გამო, რომ საკნიდან მისი გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ ჩატარებულა, პირადად დამიკავშირდა მერაბიშვილის ინგლისელი ადვოკატი, რომელსაც ინფორმაცია მივაწოდე…”.

ოთარ კახიძე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: - სახალხო დამცველმა არაერთგზის დააფიქსირა, რომ აუცილებელი იყო გამოძიების ჩატარება, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა, ეს საქმე ჩაფარცხეს… სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის ივლისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის სარჩელი და რამდენიმე დარ­ღვევა დაადგინა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს გაასაჩივრა და საქმე დიდ პალატას გადაეცა. ევროსასამართლო 8 მარტს ზეპირი მოსმენით განიხილავს ამ საქმეს.

———-

“კვირის პალიტრას” იურისტი ლია მუხაშ­ავრია ესაუბრა: – რაკი ნანუაშვილმა მოისმინა მერაბიშვილის ნაამბობი,­ ის მოწმედ ჩაითვლება. სახალხო დამცველის მოვალეობაა, გასცნობოდა ამ ფაქტს.

- თეა წულუკიანის თქმით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, თუმცა ახსენა ნანა დევდარიანის შემთხვევაც

- მაშინ არა მარტო ნანა დევდარიანმა, ელენე თევდორაძემაც ითხოვა ჩართვა ჩეჩნების გახმაურებულ საქმეში – “შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ”. ანუ სახალხო დამცველმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ითხოვეს საქმეში მონაწილეობა როგორც მხარემ, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა, ვინაიდან მესამე პირებს არ ცნობს. ამჯერად კი ნანუაშვილი გამოდის როგორც მოწმე… ჩემთვის წულუკიანის რეაქცია და ღვარძლიანი კილოა გაუგებარი, ვინაიდან კარგად იცის, რომ უჩა ნანუაშვილს ორგანული კანონი აძლევს უფლებას და კომპეტენციას, გახდეს ყველას დამცველი. შეიძლება­ ვანო არც უჩა ნანუაშვილს მოსწონს, მაგ­რამ მისი სიმპათია-ანტიპათია არაფერ შუაშია.

- თეა წულუკიანი სტრასბურგში მოსამართლეების სიის ჩავარდნაში სხვებთან ერთად ნანუაშვილსაც ადანაშაულებდა...

- ქალბატონი თეა იყო იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელსაც უნდა შეერჩია­ სამი კანდიდატი, თუმცა ამ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ვინ დაეხმარა, რომ ეს ამბავი ჩაფლავდა, ან ვინ შეუშალა ხელი, არ არის მნიშვნელოვანი.

- რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი ევროსასამართლოში?

- საქართველოს მთავრობას საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მნიშვნელოვანია, რა კუთხით აინტერესებს ეს საქმე დიდ პალატას: ერთი ის, რომ მერაბიშვილი ყოფილი მაღალჩინოსანია და მეორე – იმ დარღვევის სიმძიმის გამო, რომელიც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.­ გამოძიებამ რომ ვერაფერი გამოიძია და საქმე შეწყვიტა, ეს ჩვენს მთავრობას გამარჯვების იმედს არ უტოვებს. არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების­ საკითხი დააყენოს, ვინაიდან იკვეთება, რომ საქართველოს მთავრობა მის მიმართ მიკერძოებულია იმ ლოგიკით, რომ პატიმრის უსაფრთხოება ციხის პირობებშიც კი ვერ არის უზრუნველყოფილი. დიდი პალატა უბრალო საქმეებს ხელს არ ჰკიდებს, შესაძლოა, მისთვის გამოკვეთილი გახდა ის, რაც ჩვენთვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და ისეთი მარტივი საქმის გამოძიებაც არ შეუძლიათ, როგორიცაა პატიმარი საკნიდან გაიყვანეს თუ არა.

- არის თუ არა მართლაც უპრეცედენტო­ “რუსთავი 2″-ის საქმეში სტრასბურგის გადაწყვეტილება?

- საქართველო პრეცედენტების შექმნის კუთხით სტრასბურგის სასამართლოში ჩემპიონად გამოცხადდა – მგონი, მსგავსი უპრეცედენტო ქეისები ევროპის სასამართლოს არასოდეს მიუღია. ფაქტია, წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა. ფაქტია, სტრასბურგის მორიგე მოსამართლეს ჰქონდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან დეტალების შესახებ არაფერი იცოდა.
პროცედურულად თუ ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე საათში ინფორმაციის მიწოდებას ვერც მოახერხებდა, თუმცა ამ ვითარებამდე მთლიანად თეა წულუკიანის არასწორმა პოლიტიკამ მიგვიყვანა.

- რა არასწორი პოლიტიკა ჰქონდა მინისტრს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს?

- წულუკიანი მინისტრად დანიშვნისას ამაყობდა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველო ღირსეულად წარმ­ოჩინდება და ამას პირადად უზრუნველვყოფო, თუმცა ამ მიზნის განხორციელებას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე­ არაადეკვატურად შეუდგა – გაიწელა სასამართლოს რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა სავალალო დღეშია და ეს ყველაფერი სტრასბურგშიც კარგად იციან. მით უმეტეს, რომ იქ საქართველოს ჯერ კიდევ ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის კადრი წარმოადგენს. წოწორია სტრასბურგის სასამართლოში 2008 წელს, ცხრაწლიანი ვადით დაინიშნა. ის ადეიშვილის ფავორიტ მოსამართლედ ითვლებოდა. ნონა წოწორია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ არჩევამდე, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პროკურატურაში ნიკა გვარამია საქმეებს თეთრი ძაფით კერავდა. ვერავინ იტყვის, რომ წოწორია არაპროფესიონალი კადრია, პირიქით, თუმცა, პროფესიონალიზმთან ერთად, “ნაცმოძრაობის” უპირობო მხარდამჭერიც გახლდათ. შესაბამისად, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში სწორედ წინა ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემა თეა წულუკიანის არასწორი პოლიტიკაა, რადგან მან ვერ მოახერხა, ევროსასამართლოსთვის წოწორიას შემცვლელად კვალიფიციური კადრი წარედგინა.

ნონა წოწორიას ცხრაწლიანი ვადა 2017 წლის დასაწყისში ამოეწურა, თუმცა სხვა კანდიდატის არარსებობის გამო, ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში თავის უფლებამოსილებას აგრძელებს. ის ბევრად მეტ გავლენას ახდენს სტრასბურგში არსებულ საქმეებზე, ვიდრე საქართველოდან იუსტიციის სამინისტრო.

თეა წულუკიანი ფიქრობდა, თუ სტრასბურგში წოწორიას შემცვლელად თავის ნდობით აღჭურვილ კანდიდატებს გაგზავნიდა, ყველა პრობლემა ერთბაშად მოუგვარდებოდა და საკუთარი დამარცხებების რეაბილიტაციასაც შეძლებდა, თუმცა დაავიწყდა, რომ სტრასბურგი, საქართველოსგან განსხვავებით, მხოლოდ ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ნაცნობობით მოსამართლეებს არ ნიშნავს­ და არც ცვლის, მთავარი მაინც განათლების ხარისხი და კვალიფიკაციაა. თეა წულუკიანმა კი ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დააზიანა ისეთი კანდიდატების შერჩევით, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვაც კი ვერ მოახერხეს. ნონა წოწორია უკვე მერამდენედ ახერხებს, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ომი მოუგოს.

——

თეა წულუკიანი: არ ვიყავით საქმის კურსში

„სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი, პროცედურა ასეთია, არის უცნობი და ისე, რომ მოპასუხე მხარე, ჩვენ არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა“.

კვირის პალიტრა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ანდრიაძესთან: „მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა ან ავტოკეფალიის დაკარგვა“ // თუ ეკლესიაში ქაოსი გაგრძელდა, სხვა ქვეყნის ეკლესიები შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდებიან, თუ ასეთ ვითარებაში ძლიერი პატრიარქი არ გვეყოლება, პროცესი დიდი ალბათობით, ფატალურად დასრულდება“ // ინტერვიუ მეუფე პეტრესთან: „მე ყოველთვის საეკლესიო სამართლის აღსრულების მომხრე ვარ

რუსუდან სელია

მეუფე პეტრეს განცხადებამ – „ილია II იქნება საქართველოს ბოლო პატრიარქი“ –   საზოგადოებასა და სასულიერო პირებში გაურკვევლობა გამოიწვია. მამა ალექსანდრე გალდავას შეფასებით, ეს “საშინელი სიტყვებია, რადგან თუ უწმინდესის შემდეგ პატრიარქი არ გვეყოლება, სამი ერთმანეთზე უარესი ვარიანტი არსებობს: – პირველი, საქართველოში იქნება სინოდური მმართველობა და გაუქმდება პატრიარქობა, ყველა ეპისკოპოსი იქნება ავტონომიური მმართველი თავისი ეპარქიისა. ასეა, მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში და საშინელი მდგომარეობაა. მეორე – რუსეთი შემოვა და გააუქმებს საქართველოში პატრიარქობას, რაც ასევე საშინელებაა. მესამე – ანტიქრისტე მოვა და ყველას ერთად გვაცხონებს და გვაწამებს.

“კვირის პალიტრასთან” საუბრისას მეუფე პეტრე განმარტავს, რომ მისი სიტყვები სასულიერო პირების ნაწილმა არასწორად შეაფასა:

- მას შემდეგ, რაც სასულიერო პირად აღვიკვეცე, მაქვს რწმენა და განცდა, რომ უწმინდესი საქართველოს ბოლო პატრიარქია. ღმერთმა მაჯისცემა დიდხანს არ მოუშალოს პატრიარქს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მამა ალექსანდრეს მიერ განხილულ სამ ვარიანტს ვგულისხმობდი. არავითარ შემთხვევაში, ეს მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციაა და ღმერთმა მიუტევოს… პატრიარქმა 1977 წელს წმინდა სინოდის ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, როდესაც სრულიად საქართველოს პატრიარქად მაკურთხეს, მაშინაც პატრიარქობის სურვილი ბევრს ჰქონდა, თუმცა ისინი ბევრად მალე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მე კი უფლის ნებით აქ ვარო. მძიმე ცოდვად მიმაჩნია იმაზე ფიქრიც კი, რომ პატრიარქი არ იქნება და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე “ზრუნვა” დაიწყოს. მამა ალექსანდრემ, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს, არაადეკვატურად შეაფასა ჩემი დამოკიდებულება. თუ ეს შეგნებულად გააკეთა, ეს უდიდესი ბოროტებაა.

- მაინც რას გულისხმობთ, როცა ბოლო პატრიარქზე საუბრობთ?

- გული მწყდება, რომ სასულიერო პირების ნაწილს ელემენტარული ანალიზის უნარი არ აღმოაჩნდა. ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს წმინდა სინოდის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი.

- რა საკითხების განხილვა იგეგმება წმინდა სინოდის კრებაზე?

- საკითხები წინასწარ არავის შეუტყობინებია, თუმცა იოლი მისახვედრია, რომ მთავარი განხილვის თემა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, სინოდს ჩემთანაც ჰქონდეს შეკითხვები, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ – აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ, როგორ უნდა გამოვიდეთ ღირსეულად იმ განსაცდელისგან, როგორშიც ყველანი აღმოვჩნდით. ამ შემთხვევაში როგორც საპატრიარქოს, ისე ხელისუფლებასაც ვგულისხმობ. შესაძლოა, ჩემ­ გარდა, სხვა იერარქიის სასულიერო პირებთანაც არსებობდეს კითხვები, თუმცა მე ყოველთვის საეკლესიო სამართლის აღსრულების მომხრე ვარ – ყველაზე მკაცრად მომეთხოვოს მე და დაიწყოს ამ სამართლის აღსრულება ჩემგან. მთავარია, რომ სიმართლე მიკერძოებული ვერასოდეს იქნება.

——-

გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

- მეუფე პეტრემ როგორც უნდა აგვიხსნას, ფაქტია, მან განაცხადა, რომ სურვილი აქვს, ილია II ქვეყნის ბოლო პატრიარქი იყოს. ეს კი ორ ერთმანეთზე უარეს ინფორმაციას გულისხმობს: მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა, ან ქართული ეკლესიის დაშლა და ავტოკეფალიის დაკარგვა დააანონსა. ან მესამე ვარიანტია – უბრალოდ, წამოსცდა ემოციურ ფონზე. არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოსა და სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი ეს პროცესი ერთ მიზანს ემსახურებოდეს – საქართველოს ავტოკეფალიის დაკარგვას, ამის სურვილი კი უამრავ გარე ძალას აქვს და ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მომხრე არაერთი ძალა არსებობს. მათ ინტერესებში ავტოკეფალიის გაუქმებაც შედის. თუ ეკლესიაში ქაოსი გაგრძელდა, სხვა ქვეყნის ეკლესიები შიდა საქმეებში ჩარევას აუცილებლად შეეცდებიან, მით უმეტეს, თუ ასეთ ვითარებაში ძლიერი პატრიარქი არ გვეყოლება, პროცესი დიდი ალბათობით, ფატალურად დასრულდება. მაგალითად, იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში მოხდა, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებში ე.წ. სამშვიდობო მისიით შევიდა.

- არ არსებობს მექანიზმი, რაც ამ შესაძლო სცენარს შეაფერხებს?

- მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია – საქართველოს საპატრიარქოს სახელი სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დიახ, ეს, შესაძლოა, პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს. უფრო კონკრეტულად: თუ ისე მოხდა, რომ საპატრიარქოში მოვლენები უფრო გამწვავდა, სხვადასხვა ეპარქიამ, შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფის ძიება დაიწყოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად, აფხაზეთის თვითმარქვია ეკლესია თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს და, შესაძლოა, მანაც სცადოს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თანამოაზრეების ძიება.

- შესაძლოა, ყველა ეპარქიამ დამოუკიდებელ ინსტიტუტად გამოაცხადოს თავი?

- შესაძლებელია. სწორედ ამიტომ იყო მეუფე პეტრეს განცხადება შემაშფოთებელი გზავნილი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს ვის თავში რა ტიპის გეგმა იხარშება, ძნელი სათქმელია. სწორედ ამიტომ ხშირად მიწევს თქმა – მძიმე განსაცდელში ვართ, რთული პერიოდი გვიდგას და ნებისმიერმა მოქალაქემ, და მით უმეტეს, სასულიერო პირმა, განცხადება მეტი სიფრთხილით უნდა გაახმოვანოს. წმინდა სინოდზე განსახილველი საკითხები ჯერ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებისთვისა და პატრიარქისთვისაა ცნობილი, თუმცა ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ წმინდა სინოდი აუცილებლად იმსჯელებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

- რა კითხვები აქვს წმინდა სინოდს მეუფე პეტრესთან?

- მისმა განცხადებებმა საპატრიარქოში გაურკვევლობა და დაპირისპირება გამოიწვია. ვერავინ იტყვის, მიიღებს თუ არა წმინდა სინოდი მკაცრ გადაწყვეტილებას, მათ შორის, მეუფე პეტრეს თაობაზე.

- ეკლესიიდან განკვეთას გულისხმობთ?

- მათ შორის, ამასაც, თუმცა პატრიარქის შემწყნარებელი ბუნებიდან გამომდინარე, არავინ იცის, რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენები რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, ის საბოლოოდ, აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. მთელ ამ ქაოსს დადებითი მხარეც აქვს – ყველა თავის ადგილს თავად იპოვის.

———–

ვაჟა ვარდიძე, თეოლოგი:

- ძნელი სათქმელია, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს პატრიარქი აღარ ეყოლება, დაუშვებელია. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც საქართველო ავტოკეფალიას კარგავს. მოვლენების ამ სცენარით განვითარება მხოლოდ ოკუპაციის პირობებში ან ეპარქიების დაშლისას ხდება, რაც მეცხრამეტე საუკუნეში უკვე ვიხილეთ. დღეს ასეთი საფუძველი არ არსებობს, ასე რომ, მსგავსი განცხადებების გაჟღერება დაუშვებელია.

კვირის პალიტრა“, 06 მარტი, 2017 წელი

დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები

ინტერვიუები ადვოკატებთან: „იარაღი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოიღეს­, მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის“ // ინტერვიუ ირაკლი მამალაძესთან: „აბსურდია, მე იარაღთან არასოდეს მქონია შეხება

თეა ხურცილავა

გასულ კვირას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მატროსოვის ციხეში 8 საათი გაგრძელდა. დაკავებულ სასულიერო პირს, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. იგი ჩვენების მიცემამდე ძალოვანებს ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს და იმედი აქვს, რომ სამართალდამცავები ამ პრობლემას მოაგვარებენ.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია:

- მამა გიორგი უდანაშაულოა. მამა გიორგიმ 30-გვერდიანი ჩვენება მისცა. თავიდან თხრობით დაიწყო. შემდეგ გაჩნდა დამატებითი შეკითხვები, რომლებიც საქმეს არ უკავშირდებოდა. მაშინ მამა გიორგიმ თქვა, თუ ჩემი ოჯახი და ჩემი უსაფრთხოება იქნება დაცული, მაშინ გავცემ პასუხსო, მაგრამ დღემდე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ არის. მოწმე ირაკლი მამალაძეს კი დაცვა დაჰყვება. მამა გიორგის ოჯახს არ სჭირდება დაცვა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მასზე გავრცელდა, და ირაკლი მამალაძეს სჭირდება?

დღემდე ადვოკატებს არ გვაძლევენ დეტალებზე საუბრის უფლებას, არადა, ხელი რომ არ მოგვეწერა გაუთქმელობაზე, მასალებს არავინ მოგვცემდა. ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე დავდივართ, რადგან, მინიმუმ, შეიძლება საქმეს ჩამოგვაცილონ. 10 დღე მამა გიორგის უთვალთვალებდნენ, მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს, მას ძალოვანებთან შეთანხმებით ხვდებოდა ირაკლი მამალაძე და სასამართლოს ნებართვის აღებამდეც მალულად იწერდა. ბოლო დღეები მის ყველა­ ნაბიჯს აკონტროლებდნენ, მაშინ სად არის ჩანაწერი, რომ მან შეიძინა ციანიდი?

მამა გიორგის არც ციანიდი უყიდია, არც ჰქონია, მას ჩანთაში ჩაუდეს. საქმეში პატარა ჩანაწერია, რაც მის ბრალეულობას არ ადასტურებს.

- ჩანაწერებში ციანიდი არ ფიგურირებს?

- სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ მამა გიორგის დაინტერესება აშკარად არ არის. გაასაჯაროონ ჩანაწერები და საზოგადოება დარწმუნდება მამა გიორგის უდანაშაულობაში, ოღონდ თავიდან ბოლომდე გაასაჯაროონ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი მასალა.

- ჩანაწერებში ისმოდა ფრაზაშორენა მარილზე უნდა წავიდეს“?

- არც ერთი ფრაზა არ არის, რომელიც დაადასტურებს, რომ მამა გიორგი მკვლელობას ამზადებდა.

- მაშინ ის გვითხარით, ვის ინტერესში შედიოდა მამა გიორგის დაკავება?

- ამ დეტალებზე უნდა მამა გიორგის საუბარი და ამიტომ ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას. ბრალი 12 თებერვალს წაუყენეს და 14 თებერვალს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს არ უხსენებია, რა ეწერა ბრალში. უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველანაირად დაარღვიეს, ცალკე მუხლი დაირღვა იმით, რომ საქმის მასალები სხვებს ანახეს. სასაცილოა, ამ საქმეზე ლაპარაკობს ყველა, გარდა საქმის ადვოკატებისა… თუ ერთ მტკიცებულებას მაინც მომიტანენ, რომ მას სურდა შორენა თეთრუაშვილის მოკვლა, ხმას არ ამოვიღებ. მამა გიორგი წნეხში ჰყავთ, სასულიერო პირებს მისი ნახვა აუკრძალეს. როცა ადვოკატები პატრიარქს შევხვდით, მან გვითხრა, მე მისგან ორგულობა არასოდეს გამიგონიაო. მამა გიორგი ამბობს, ჩემთვის მთავარია, ჩემი სჯეროდეს პატრიარქს და მერე ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლადო.

- რას ამბობს ჩვენებაში ირაკლი მამალაძეზე?

- ირაკლი მისი გარე ბიძაშვილია, ირაკლის ძმისშვილიც ჰყავს მონათლული. მისი ჩვენება რომ მივუტანე, წაკითხვა არ უნდოდა, ადამიანურად გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ ეს ახლობელმა გაუკეთა.

- სოსო ოხანაშვილი ფიგურირებს ამ ჩანაწერებში­?

- არ ფიგურირებს, არ ვიცი, რატომ აკავშირებენ ამ საქმესთან.

- მაშინ რატომ ამბობს, რომ შეიძლება დააკავონ?

- ჩვენ ვნახეთ, როგორ დააკავეს უდანაშაულო მამა გიორგი და შეიძლება სხვაც დააკავონ. მთავარია, ვინმეს თვალში არ შეეჩხირო.

- მამა გიორგი მეუფე დიმიტრის ნახვას ითხოვსო, მართალია?

- თავიდან მეუფე ანდრიამ და მეუფე პეტრემ მოინახულეს. მეუფე დიმიტრის ხელში გაზრდილია. ვფიქრობ, მეუფე დიმიტრი მას მოინახულებს.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მამა გიორგი საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ მაქინაციებს ემსხვერპლა. ამაზე ისაუბრა?

- 2015 წლიდან მოყოლებული მამა გიორგიმ არაერთი წერილი გაგზავნა საპატრიარქოში და ითხოვდა, სინოდს განეხილა იქ მოყვანილი ფაქტები. ამბობს, პირადად პატრიარქს ვესაუბრე ამ საკითხებზე. ბოლო წერილში ვწერდი, თუ არ დაინტერესდებით აქ მოყვანილი ფაქტებით, მაშინ მე ამ თანამდებობიდან გადამაყენეთო. Mარაერთხელ შევიტანე განცხადება, მაგრამ არათუ განიხილეს, არამედ სინოდის სხდომაზე განსახილველ საქმეთა სიაშიც კი არასოდეს მოხვედრილაო. მამა გიორგი ერიდება საპატრიარქოს შიდა თემებზე საუბარს, რადგან არ უნდა გასაჯაროება, მაგრამ პროკურატურას მხოლოდ ეს საკითხები აინტერესებდა.

- პროკურატურა ამბობს, რომ მამა გიორგიმ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, რადგან მას კრიტიკული კითხვები დაუსვეს...

- სიცრუეა. იმ დღეს ძალიან ცუდად იყო. არც ადვოკატებს გვინახავს და არც პროკურორებს. ექიმს შევხვდით და მან გვითხრა, ციება აქვს, სიცხე დაუვარდა 35,5-ზე, წნევაც დაბალი აქვს და საკანში აღებინა კიდეც. კანკალებს, ფეხზე რომ დგას, იკეცება და ვერ შეძლებს ჩვენების მიცემასო. მაშინ ვუთხარით, ეს დაეწერა ექიმს, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა, ამას მე ვერ დავაფიქსირებო. ამის მერე ვთხოვეთ, იგივე ეთქვა პროკურორებთან, მაგრამ იქ თქვა, ცუდ­ად არის, მაგრამ ჩაის თუ დალევს, გამოკეთდება და დაჰკითხეთო. ექიმის ამ პასუხზე აღვშფოთდით. გამოვიდნენ პროკურორები და თქვეს, კრიტიკული შეკითხვები რომ დაუსვით, არ უპასუხაო, არადა, მამა გიორგის საერთოდ არ შეხვედრიან.

- სამარტოო საკანშია?

- დიახ, და 24-საათიანი ვიდეო­თვალთვალია. სანამ უფლებას მისცემდნენ, ოჯახს მისთვის ტანსაცმელი შეეგზავნა, ციხის ადმინისტრაციამ მას ტანსაცმელი, ლოცვების წიგნი და სანთლები მისცა.

——–

მიხეილ­ რამიშვილი. ადვოკატი:

- მოვითხოვთ, ეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, თუმცა ჯობს, პროკურატურამ აღიაროს, რომ აბსურდული საქმეა. მამა გიორგიმ მითხრა, ვიბრძოლოთ ბოლომდე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდესო.

- ჩვენებაში თუ თქვა მამა გიორგიმ, იარაღი როგორ აღმოჩნდა მასთან?

- ის იარაღი, რომელიც ამოიღეს­ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო. სწორედ ეს იარაღი ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან. პროკურატურას ნამუსი რომ ჰქონდეს, ცრუ დასმენისთვის ირაკლი მამალაძეს უნდა აგებინოს პასუხი, ამის ნაცვლად ის დაცვით დადის დღეს და უტიფრად გაიძახის, პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდაო.

მამა გიორგი­ კატეგორიულად ამბობს, მითხარით, რა ანგარება უნდა მქონოდა, შორენა რატომ უნდა მომეწამლაო? მას პატრიარქთან ძალიან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა.­

იგი ჩვენებაში ამბობს, რომ გერმანიაში წასვლამდე დღეში რამდენიმეჯერ რეკავდა გერმანიაში, პატრიარქის ჯანმრთელობას კითხულობდა. პროტოკოლით იყო ვალდებული, იქ ყოფილიყო, რადგან კლინიკის დირექტორია. ამაზეც ლაპარაკობს თავის ჩვენებაში…

——–

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ის მძიმე სიტყვებიც წამიკითხა, რომელიც ციხეში მყოფმა დეკანოზმა დაწერა:

- იმ დღეს მომცა ნაწერი და მითხრა, წამეკითხა პროკურორებისთვის და შემდეგ მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან. “ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლი წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირის ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მე მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე ამინ”
ჯვარი ჰქონდა წერილს დასმული. ეს სიტყვები წავუკითხე პროკურორებს და გადაღებულიც აქვს გამოძიებას. იქიდან გამოსულმა პროკურორებმა თქვეს, მამა გიორგიმ დაგვწყევლაო. მამა გიორგიმ ის ხალხი დაწყევლა, ვინც მოუწყო ეს ყველაფერი.

ეს წერილი წმინდა სინოდისთვის უნდა წამეღო, მის აღსრულებას ითხოვდა მამა გიორგი, ანუ ანათემაზე გადაცემას, მაგრამ მოცვივდნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვერ გაიტანთო. მამა გიორგი იქვე იდგა და ისევ მას დავუბრუნე, რადგან გამოტანის უფლება­ არ მომცეს. ამაზე მეტი რა უნდა თქვას ადამიანმა?! რომელი მოძღვარი, თან სამი შვილის მამა დაიწყევლება ამ სიტყვებით, დაწყევლის ოჯახს და შვილებს გაწირავს?!

დაკითხვაზე მამა გიორგის ეკითხებოდნენ, ვინ რომელ დაჯგუფებაშია და ვინ ვის მხარეს არის, რაზეც მან პასუხი არ გასცა. ჩვენებაში ამბობს, რომ შორენასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხანდახან იყო გაუგებრობა, როგორიც, ჩვეულებრივ, ადამიანებს აქვთ ხოლმე. იმ ჩანაწერებში თემატიკა ძალიან აღრეულია: ნათესავები ყველაფერზე ლაპარაკობენ, მათ შორის მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანიც არის ნახსენები, არის საუბარი შორენასა და უამრავ სხვა პირზე. არის კიდევ ასეთი ფრაზა: “მე იმას ზაბარტომ გადავაგდებ”, რას ნიშნავს ეს? ან “მისი მოღვაწეობა და საქმიანობა უნდა გააჩერო”… ვითხოვთ მთლიანად გაასაჯაროონ ჩანაწერები და დავამთავროთ ეს სპექტაკლი.

მაჩვენონ მტკიცებულებები და გპირდებით, მთელ საზოგადოებას ვეტყვი, შევცდი, ბოდიში, რომ მოვლენებს წინ გავუსწარით-მეთქი. ჩემი ვარაუდით, ეტყობა, ვიღაცას არ მოეწონა საპატრიარქოს ფინანსური საკითხების გახმაურება და მამა გიორგის ეს ყველაფერი მოუწყვეს. ეს ჩემი პირადი ვერსიაა, თავის ვერსიას, ალბათ, მამა გიორგი იტყვის მას მერე, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული იქნება…

გარკვეული ძალები ცდილობენ, მეც მომიწყონ პროვოკაცია. მას მერე, რაც ვერ გამაჩუმეს, ისეთი ადამიანები დამიკავშირდნენ, რომლებიც წლებია არ მინახავს. ზოგი სადღაც გაყოლას მთხოვს, ზოგი მეუბნება, რომ ტელეფონში ვერ მეტყვის და სადღაც მიბარებს, მაგრამ ყველას გასაგონად ვამბობ, მე ვერ გამაჩუმებენ. არ წამოვეგები პროვოკაციებს. რომ გამაჩუმონ, მაშინ უნდა გამაგორონ…

მამა გიორგი ზიარებას ითხოვს, სავარაუდოდ, ამ დღეებში მასთან სასულიერო პირები შევლენ და აზიარებენ. რას ეტყვის სასულიერო პირებს აღსარებაში, ეს საიდუმლოდ დარჩება, თუმცა ფაქტია, ეს საქმე ამ კვირაშიც აქტუალური იქნება.

ამონარიდი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებიდან:

“დილის 6 საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში. ვკითხულობდი მიზეზს. საჭესთან ვინც იჯდა, იმან მითხრა, იცი, რისთვის ხარ დაკავებულიო? რისთვის, ამიხსენი-მეთქი, პირდაპირ მომახალა, შენ პატრიარქი უნდა მოგეწამლაო და მაშინ მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის. გაოგნებული ვიყავი. მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე. მკითხა, იცი, რისთვის ხარ დაჭერილიო? ვუთხარი, რომ გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ რაზე მაკავებდნენ. მისგან მივიღე პასუხად იგივე – პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო. ამის მერე შემიყვანეს შენობაში და როცა შევიტყვე, რას მაბრალებდნენ, დუმილის უფლება გამოვიყენე.

დაკავებიდან 6 საათი იქ ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ჩემთან ადვოკატი 6 საათის მერე გამოჩნდა. მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. იქ 6 საათი ყველაფერი შემიზღუდეს, მერე მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, რომ ციანიდი აღმოჩნდა… მერე ბრალი რომ მომიტანეს, მაშინ გავიგე, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამდეს ბრალი. ეს ტყუილია და თავს წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავედ არ ვცნობ”.

———-

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მოწმე­ ირაკლი მამალაძეს, რომელსაც მამა გიორგი ამხელს და ამბობს, რომ იარაღი შესანახად სწორედ მან გადასცა.

- როგორც შევიტყვეთ, მამა გიორგი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგის ბინიდან ამოიღეს, თქვენ გადაეცით ძველით ახალ წელს...

- მითხარით, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომელი წყაროსგან?

- გვაქვს ინფორმაცია, რომ მამა გიორგის ჩვენებაში ასე წერია...

- ჯერ არ დასრულებულა მისი დაკითხვა და თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

- ცნობილია, რომ მამა გიორგიმ გამოძიებას 30-გვერდიანი ჩვენება მისცა, სადაც იარაღის საკითხზეც საუბრობს. ამბობს, რომ შესანახად თქვენ მიეცით...

- გამოძიებას ამის შესახებ არ დავუკითხავვარ და ვერაფერს გეტყვით. ისე, აბსურდია, მე იარაღთან არასოდეს მქონია შეხება.

——————–

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

ულტიმატუმი, როგორც თვითლუსტრაცია

პარლამენტის სპიკერის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადა იმაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებებს

ეკატერინე ბასილაია

„ქოცებისა“ და გიორგი მარგველაშვილის 4-წლიანი „სიტყვიერი ომი“ გასული კვირის ბოლოს უკვე ულტიმატუმსა და შანტაჟში გადავიდა და პარლამენტის სპიკერი დაიმუქრა, რომ თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი გააგრძელებს არაკორექტულ განცხადებებს (რაშიც “ოცნების” მიმართ კრიტიკული შენიშვნები იგულისხმება), შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან დაკანონდეს და ეს იქნება “არაკორექტული” მარგველაშვილის ერთგვარი დასჯაც.

ირაკლი კობახიძის ამ ულტიმატუმს მხარი ლამის სრულიად “ქართულმა ოცნებამაც” აუბა. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა “ოცნების” ისტერიულ კრიტიკას ერთგვარი ირონიით უპასუხა: “ბარემ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ შეიზღუდოს ხასიათის გამოვლენის უფლება საქართველოს პრეზიდენტისთვის”.

პოლიტოლოგების შეფასებით, სამარცხვინო ულტიმატუმია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ბედი იმაზეა ჩამოკიდებული, “ქართული ოცნებას” მოსწონს თუ არა მოქმედი პრეზიდენტის განცხადებები. ისინი “ოცნების” ამ გაღიზიანებას არა მარტო საკონსტიტუციო კომისიის მისამართით მარგველაშვილის კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, ასევე იმასაც, რომ პრეზიდენტმა “რუსთავი 2″-ს ფრთხილად, მაგრამ მაინც გამოუცხადა მხარდაჭერა, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა კი ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა წამოაყენა ინიციატივა (რასაც ნახევრად ხუმრობა უწოდა), რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოხდეს “რუსთავი 2″-ის გამოსყიდვა.

ზუსტად 4 წლის წინ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ “ხასიათი გამოავლინა”, მას “პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა”, რის გამოც პრეზიდენტთან ურთიერთობა გაწყვიტა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ იწყება “ქართული ოცნებიდან” მარგველაშვილის კრიტიკა თითქმის ყველა თემაზე, მათ შორის უცხოეთში ვიზიტების ხელმძღვანელობის ჩათვლით და ამ დაპირისპირებაში ლიდერი მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის პირველ თვეებში თითქოს შენელდა ეს ომი, მაგრამ ამჯერად საკონსტიტუციო კომისიაში “ოცნების” პოზიციამ, რომ პრეზიდენტის დარჩენილი უფლებამოსილება კიდევ უფრო შეიზღუდოს და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები დაკანონდეს, ეს მინელებული დაპირისპირება საკმაოდ მწვავედ გამოაცოცხლა.

ოცნების მუქარა პრეზიდენტს

შაბათს პარლამენტის სპიკერმა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს (პრეზიდენტის) არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ”.

ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მარგველაშვილის წინა დღის განცხადებას მოჰყვა, როდესაც პრეზიდენტმა „რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერად სპეციალური ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა ისიც, რომ “საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან”.

„კონკრეტულ პოლიტიკოსში“, ვისი მიუღებლობის გამოც კონსტიტუცია იცვლება, მარგველაშვილმა საკუთარი თავი იგულისხმა.

პრეზიდენტის ამ პასუხმა გააღიზიანა ირაკლი კობახიძე, რომელმაც განცხადებას “არაკორექტული” უწოდა. თქვა, რომ მარგველაშვილის შეფასება საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობაა და ქვეყნის პირველ პირს დაემუქრა კიდეც, რომ “ოცნება” პოზიციას გადახედავს და შესაძლოა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ მომავალ წელს ჩაატაროს.

ირაკლი კობახიძეს მხარი „ოცნებამ“ მთელი აღტყინებით აუბა და ყველამ პრეზიდენტი დაადანაშაულა არაკორექტულობაში, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და პოლიტიკურ სპეკულაციაში.

ზვიად ძიძიგურის თქმით, პირადად ის ყოველთვის მომხრე იყო, რომ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა სწორედ 2018 წელს მომხდარიყო, თუმცა რასაც ახლა მარგველაშვილი ამბობს, ეს, “რბილად რომ ვთქვათ, გადამეტებაა და ეს არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის”.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ “ცვლილებები მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული, თითქოს მას მესამედ არჩევის შესაძლებლობა ჰქონოდა”.

ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ “მარგველაშვილის განცხადება არა თუ არაადეკვატურია, არამედ კომისიის ყველა წევრის დისკრედიტაციას ემსახურება” და სპეკულაციაა ის, რომ თითქოს მას ებრძვიან.

„ქოცების“ ისტერიულ კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც უპასუხა. ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კობახიძის პასუხად განაცხადა, რომ “თუ კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის?”. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმართებაში მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება და ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას ვერავინ წაართმევს.

კიდევ როგორ დაისჯება პრეზიდენტი

პოლიტოლოგებისა და ოპოზიციის განცხადებით, “ქართული ოცნება” გიორგი მარგველაშვილს ებრძვის და მის დასჯას არა მარტო არაპირდაპირი არჩევნების დაკანონებით ცდილობს, არამედ პრეზიდენტის უფლებამოსილების “გამოშიგვნით” და ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებიდან მომავალში პრეზიდენტობის მსურველს საერთოდ არაფერი დარჩება სახელწოდება “პრეზიდენტის” მეტი.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა და ამის შესაბამისად მოხდება ცვლილებებიც. თუმცა ამტკიცებს, რომ სპეკულაციაა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შეზღუდვის მცდელობაში სდებენ ბრალს ხელისუფლებას და ახლა მხოლოდ მინიმალური კორექტირება ხდება.

ეს “მინიმალური კორექტირება” კი პრეზიდენტის დარჩენილი უფლებამოსილების უდიდეს ნაწილს იწირავს. მაგალითად, “ქართული ოცნების” ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება და პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება, პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება. დღეს მოქმედი კონსტიტუციით კი, პრეზიდენტი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესში პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატურას წარუდგენს, რომელზეც არჩევანს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს. ასევე “ქართული ოცნების” პროექტით, პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად, მაგრამ სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ. ასევე, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას.

პლუს, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოდ გადაკეთდება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ამოქმედდება. ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს კი სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა მიიღებს. პლუს საუბარია, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს წარადგენს პრეზიდენტი ერთპიროვნულად, მას ამისთვის პრემიერის თანხმობა უნდა ჰქონდეს.

შურისძიება რუსთავი-2-ის მხარდაჭერის გამო

ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო თვითლუსტრაცია და იმის დადასტურება, რაც თქვა პრეზიდენტმა.

“პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილების სამიზნე არის მისი პერსონა. ირაკლი კობახიძემ თვითლუსტრაცია მოახდინა და ეს თავისი კომენტარით დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თუ პრეზიდენტი ჭკუით არ იქნება, კონსტიტუციას ასეთს კი არა, ისეთს დავწერ, თითქოს კონსტიტუცია მისი სადიპლომო ნაშრომი იყოს. მან პრეზიდენტის გამონათქვამებთან დააკავშირა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებები. ირაკლი კობახიძე ძალიან ჰგავს გადამწიფებულ თინეიჯერს და სწორედ გადამწიფებული თინეიჯერისთვის დამახასიათებელი სტილია ასეთი არასერიოზული და ანტისახელმწიფოებრივი კომენტარი. შეიძლება პრეზიდენტი რაღაც სიტუაციებში რაღაცას არასწორად ამბობდეს და ამის გამო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება უნდა შეიცვალოს?! ესაა წესი და სახელმწიფოებრივი აზროვნება?!” – აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტის ინსტიტუტს კონკრეტული ადამიანის ჭრილში უყურებენ და ახლა ცდილობენ საერთოდ “გაფცქვნან და გამოშიგნონ ეს ინსტიტუტი, რომ ავირჩიოთ თოჯინა, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება”.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდა, მათ შორის “რუსთავი 2″-ის სასამართლო გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის რეაქცია და ახლა ცდილობს, ეს პრობლემები ვიღაცას გადააბრალოს და ჯავრის ამოყრის მორიგი სამიზნე პრეზიდენტი აღმოჩნდა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, “ოცნების” არაადეკვატური განცხადებების საბაბი იყო პრეზიდენტის პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მაგრამ მიზეზი იყო სხვა. „მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მარგველაშვილის ვერ ატანა, რის გამოც “ოცნება” დიდი ხანია დაპირისპირებულია მარგველაშვილთან. ამას კი დაემატა პრეზიდენტის მხრიდან “რუსთავი 2″-ის მხარდაჭერა და ის, რომ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა აქციაზე. ამის გამო გაღიზიანებაც დაემატა და საბაბად პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების კრიტიკა გამოიყენეს,” – მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ულტიმატუმს?

ნინო ქეთელაური

(შემოკლებით)

როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ულტიმატუმს? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

თემურ ნანეიშვილი  ფიზიოლოგი): “ჩემთვის სრულებით გაუგებარია ეს განცხადება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ პრეზიდენტის ქცევაზე იყოს დამოკიდებული კანონის შინაარსი და ცვლილება.”

ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): “საერთოდ, ის, რაც მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, იყო ძალიან დიდი შეცდომა. ქართველმა ხალხმა ის აირჩია ბიძინა ივანიშვილის გამო და როდესაც საზოგადოება არჩევანს აკეთებს, ეს უნდა გააკეთოს მისი საქმიანობიდან, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და არა სხვა ადამიანის. რაც შეეხება არჩევის წესს, ეს დამოკიდებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე. თუ მას ნომინალური უფლებები ექნება, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს პირდაპირი გზით არჩეული. მაგრამ, თუ პრეზიდენტს სერიოზული უფლებამოსილებები ექნება, მაშინ ის ხალხმა უნდა აირჩიოს.”

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “მსგავსი მუქარები არ მარტო პოლიტიკური მავნებლობა, არამედ ბავშვური ინფანტილური ქცევაა, რაც აბსულუტურად მიუღებელია ზრდასრული პოლიტიკოსისგან. მე არც პრეზიდენტზე ვარ მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის, მაგრამ ამ განცხადებების ფონზე ვთვლი, რომ აბსოლუტურად არაკორექტულ და არასწორ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს.”

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): “ვფიქრობ, არასწორია, მაგრამ პრეზიდენტმაც საკმაოდ არაკორექტული განცხადება გააკეთა. ადამიანები ვართ და პასუხის გაცემისას ალბათ თავი უნდა შეეკავებინა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, შესაძლოა პრინციპულადაც არ შეიკავა თავი, რადგან ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან: „პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ უნდა ერეოდეს

სალომე სარიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის აზრით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მხოლოდ სამართლებრივი დავაა და ამ თემის პოლიტიზება არ შეიძლება. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს, ამ ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტი ცდილობს ვითარება ტრაგიკულად დახატოს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამგვარი ფორმით მიიქციოს, რისი ბერკეტიც მათ გააჩნიათ.

დეპუტატი “მთელ კვირასთან” საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეკვეცასაც შეეხო და თქვა, რომ მოსალოდნელი ცვლილებები მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ მმართველ ძალას სურს სრული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდეს, რაც, მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” გაცხადებული მანამდეც ღიად ჰქონდა.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის თემაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “მთელი კვირა” გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

გუგული მაღრაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება არ გახლავთ რაიმე არაჩვეულებრივი, ეს გახლავთ რამდენიმე დღით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რადგან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სურს ვითარებაში უკეთ გაერკვეს. ამისთვის კი შესაბამის დოკუმენტაციას მოითხოვს.

ვფიქრობ, მთავარი ფაქტორი აქ თავად “რუსთვი 2″-ის საჩივარი იყო, რომელიც მან სტრასბურგს გაუგზავნდა და სადაც წერს, რომ საქართველოში ამის შემდგომ სისხლისღვრა და დაძაბულობაა მოსალოდნელი, რაც სასამართლოსთვის შემაშფოთებელი გახდა.

სამართლებრივი თვალსაზრისით არ მგონია, რომ იქ რაიმე ლაფსუსია, რაც ამ გადაწყვეტილების შეჩერებას გამოიწვევდა. მითუმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ რეკომენდაციაა და იგი რაიმე აქტის განხორციელებას არ მოითხოვს. არ ველოდები, რომ საქართველოში მოვლენები ამის შემდეგ კატასტროფულად გაუარესდება და ამას მოწმობს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. ამდენად, ვინც დღეს „რუსთავი-2“-ის ეზოში დგას, ეს არიან ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა არეულობაში მიიღონ მონაწილეობა. ჯერ ერთი, ეს სამართლებრივი ამბავია, თუმცა „რუსთავი-2“-სთვის ეს თემა გახლდათ ბერკეტი იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიიპყროს.

იმ აზრის მიწებება, რომ „რუსთავი-2“ ერთადერთი კრიტიკული არხია და მის მეტი ქვეყანაში ხმა არ ისმის, უბრალოდ სხვა ტელევიზიების შეურაცხყოფაა. აგერ, პატარა ტელევიზია „კავკასია“ სულ ხელისუფლების ოპოზიციაშია, იგივე “ტვ პირველი” და სხვა. აღარ ვლაპარაკობ „რუსთავი-2“-ის სიცრუესა და ორმაგ სტანდარტებზე, პირადად ჩემ მიმართ ნიკა გვარამია შეურაცხმყოფელი გამოსვლებით გამოირჩევა.

ვფიქრობ, ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება ამჟამინდელი გუნდის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნა. დაარქვან სახელად “ახალი რუსთავი 2″ და იმუშაონ, თუ ასეთი მაგრები არიან. როგორც ჩანს, ფული აქვთ, რადგან თქვეს, რომ ტელევიზიისთვის 4 მილიონს გადაიხდიან.

თუმცა, ჩვენ აქვე ხაზგასმით ვამბობთ, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს. ეს არ არის მიშა სააკაშვილის პერიოდი, როცა მან ერთ დღეს “იმედის” დახურვა და მეორე დღეს “იბერიის” დარბევა მოინდომა. ახლა ყველაფერი სამართლებრივად მიდის.

- საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეკვეცის საკითხზეც მინდა გკითხოთ. თქვენი აზრი როგორია აღნიშნულ ცვლილებებზე?

- საქმე ისაა, რომ ჩვენ უკვე განვაცხადეთ და გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგით იმისკენ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს. ამ მოდელს კი თავისი წესი და კანონი აქვს, რაც ნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფიგურაა. ანუ, მას ეხება ისეთი რამეები, რაც არა მართვასთან, არამედ წარმომადგენლობასთანაა დაკავშირებული. ჩვენთან კი მისი უფლებამოსილება ისეა აღრეული, მავანს ძალიან უჭირს გაარჩიოს რა არის მისი ფუნქცია და რა – პრემიერის. თუ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ და ვაცხადებთ, რომ ეს გვინდა, მაშინ წესები უნდა შევცვალოთ, ხოლო ის, რაც დღეს გვაქვს, მახინჯი ფორმაა, რადგან ეს მოდელი არც საპარლამენტოა და არც საპრეზიდენტო. იგივე მოსამართლეების წარდგენაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, გაგახსენებთ, რომ 2010 წელს ვენეციის კომისიამ ძალიან ნათლად თქვა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება არაა; ასევეა უშიშროების საბჭოს შემთხვევაშიც, როცა საომარი მოქმედებების დროს ოპერატიულ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს.

ამასთან, ჩვენ ვთქვით, რომ 2018 წლამდე პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი გზით იქნება, ხოლო შემდეგ თანდათანობით საზოგადოების მომზადების შესაბამისად ეს წესი შეიცვლება.

- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევნებს შეეხებოდა, თქვა, რომ თუ პრეზიდენტი არაკორექტული განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იფიქროთ იმაზე, რომ მომავალ წელს არაპირდაპირ არჩევნებზე გადავალთ. როგორ აფასებთ მის ამ გამოსვლას?

- ასეთი პიროვნული განცხადებები სასიამოვნო მოსასმენი არასდროსაა, მაგრამ აქ სხვა მიზეზიცაა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მარგველაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და მის მიმართ დადებითი განწყობის გარდა არაფერი მაქვს, მაგრამ შენს თავზე იმაზე მეტი არ უნდა აიღო, ვიდრე ფუნქციურად გეხება. ირაკლი კობახიძის განცხადება კი მის გამოსვლაზე პასუხი იყო.

პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო კომისია. ასე თუ ისე, იქ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს. არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც საკმაოდ ფართო წრეა. გარდა ამისა, ეს პროცესი საკმაოდ გამჭირვალე და ღიაა, ყველამ იცის, კომისიის სხდომებზე რაზე საუბრობენ. ხოლო, თუ კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს და პარლამენტი მას დაამტკიცებს, ყველა მას უნდა დაემორჩილოს. პრეზიდენტს აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ, ჩემი აზრით, არა კარნახის ფორმით.

- და ბოლოს, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ბედის გარკვევამდე ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს. რამდენად ახდენს მსგავსი განცხადებები გავლენას საერთო შეხედულებებზე და ხომ არ არსებობს რაიმე საფრთხე იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია დროებით მაინც შეფერხდეს?

- ეს გახლავთ იმ ჰოლანდიელი დეპუტატის განცხადება, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და “რუსთავი 2″-ის თემაზე წინადადებები შემოიტანა და კომიტეტმა არცერთი არ გაიზიარა. შესაძლოა ცალკეულ დეპუტატებს თავიანთი განსხვავებული აზრი ჰქოდეთ, თუმცა ეს სახელმწიფოების დამოკიდებულებას სულაც არ განაპირობებს.

ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის ყველა ეტაპი გაიარა და ერთ მიკერძოებულ დეპუტატის ვარაუდზე შეფერხებას არ შეგვიქმნის. ეს მოხდება მაშინ, თუ საქართველოს მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციის წესებს გონივრულად არ გამოიყენებს და რეგულაციებს დაარღვევს, სხვა შემთხვევაში ამ პროცესს არანაირი საშიშროება არ ემუქრება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

რუსთავი-2“-ის საქმე და ვიზალიბერალიზაცია

ევროპარლამენტარი, რომელმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დროებით შეჩერება მოითხოვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატადაა წარდგენილი

ნინო ქეთელაური

ვიდრე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ბედი არ გაირკვევა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არ ასრულებს პირობებს და ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი მოტყუებულად იგრძნოს. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს პოლონეთის მთავრობამ ოფიციალურად წარადგინა სარიუშ ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად. ამის პარალელურად სარიუშ-ვოლსკი საკუთარი პარტიიდან “სამოქალაქო პლატფორმა” გარიცხეს, რაც ავტომატურად ნიშნავს მის გარიცხვას ევროპის სახალხო პარტიიდან, რომლის შემადგენლობაშიც შედის “სამოქალაქო პლატფორმა”. მიზეზი ისაა, რომ სახალხო პარტია ტუსკის მეორე ვადით არჩევას უჭერს მხარს.

ქართველი სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ ვიზალიბერალიზაციის დამტკიცების პროცესი უკვე დასრულებულია და მისი შეჩერება ამ მიზეზით ვერ მოხდება, თუ ქვეყანაში პროცესები ესკალაციისკენ არ წავიდა.

როგორც ევროპის სახალხო პარტიის აწ უკვე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, „რუსთავი-2“-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი – „ესაა მკვეთრად არასწორი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილსა და მის მთავრობას”.

“ეს მათ გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ”, – განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას, მისი თქმით, ეს შესაძლებელია და ამისთვის ევროკომისიას წერილობითაც მიმართავს. “თუ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას არ გამოვაქვეყნებთ 8 მარტს, ამ შემთხვევაში ის ძალაში ვერ შევა. მე წერილობით მივმართავ კომისიას, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეაჩეროს”, – აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

როგორც “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესი უკვე დასრულებულია და ამაზე გავლენას ვეღარაფერი მოახდენს და თუ მისი გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო, ამას მხოლოდ ტექნიკური მიზეზი ექნება.

“უბრალოდ, შესაძლოა ტექნიკურად დროში გაიწელოს, თორემ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყველანაირად დასრულებულია. რაც შეეხება 8 მარტს გამოქვეყნებას, კი ითქვა ამაზე, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით მაგ რიცხვში აპირებენ თუ არა. თეორიულად შესაძლებელია, რომ არ გამოქვეყნდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური მიზეზით მოხდება”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდების გამო ევროკომისიამ რამე მექანიზმით ვიზალიბერალიზაციის პროცესი მაინც შეაჩეროს ან გადადოს, ვანო ჩხიკვაძე პასუხობს, რომ ამ მიზეზით ეს ვერ მოხდება. “სიტყვის თავისუფლების მიზეზით ეს ვერ მოხდება, რადგან ეს ორი საკითხი – ვიზები და სიტყვის თავისუფლება – ერთმანეთს არ უკავშირდება”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია განმარტავს, რომ ეს არის ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოსაზრება და ამ თემაზე მთლიანი პარტიის განცხადება არც გაკეთებულა. თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის მართვა ვერ მოახერხა, შესაძლოა, ევროსტრუქტურების მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვეს.

“ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება და არა მთლიანი პარტიის, რაც არ ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. მაგრამ, მთავარია, ამ საკითხს მთლიანობაში როგორ აღიქვამენ ჩვენი პარტნიორები ევროპაში. თუ ეს პრობლემა მოგვარდა და რაღაცნაირად გამოინახა გამოსავალი, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გზა ან სხვა, მაშინ ამას არანაირი გართულება არ მოჰყვება. მაგრამ თუ ეს პროცესი კიდევ უფრო გაიწელა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება კრიზისის თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებს და ამას კიდევ მოჰყვება გარკვეული გართულება ქვეყნის შიგნით, მაშინ შესაძლოა, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის მხრიდან გარკვეული რეაქციაც მოჰყვეს”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ევროსტრუქტრების გარკვეული რეაქცია ნიშნავს თუ არა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას? – კაკაჩია პასუხობს, რომ თუ ქვეყანაში საქმე ესკალაციისკენ არ წავიდა, ეს არ მოხდება. “თუ საქმე ესკალაციისკენ არ წავიდა და რაღაც საოცრება არ მოხდა, არ მგონია, რომ საქმე ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებისკენ წავიდეს. ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეები დასხდნენ და სხვა ალტერნატივა მონახონ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ პროცესი ასე დაიძაბოს. ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს როგორც ხელისუფლებისთვის, ასე ქვეყნისთვის”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ხელისუფლებამ რუსთავი-2-ის საქმეზე დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა

თიკო ოსმანოვა

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, ხელისუფლებამ იმდენი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რომ ევროპელებს ეჭვების გაჩენის მიზეზი მისცა. მისივე თქმით, ინკოგნიტო მოსამართლეს სრული საფუძველი ჰქონდა, რომ, მინიმუმ, შეეჩერებინა განაჩენის აღსრულება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე “მთელი კვირა” სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: “რუსთავი 2″-ის საქმეს არ ვიცნობ, იურისტი არ ვარ, ამიტომ ვერ ვიტყვი, ხალვაშს ეკუთვნის თუ არა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს კერძო საკუთრებას ისე თავისუფლად ექცეოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მტყუან-მართალის გარჩევა ძნელია. თანაც “რუსთავი 2″-მა იმდენი მეპატრონე შეიცვალა, რომ ძალიან მიჭირს ამის გარკვევა. მაგრამ საქართველოში სასამართლოები ისეთი დარღვევით ჩატარდა, მერე ამას დაერთო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნაზღაიძის ძმისთვის მილიონის გადაცემა მაშინ, როდესაც რამდენიმე დაზარალებული დღესაც ღია ცის ქვეშ არის. ასე რომ, საერთოდ არ გამიკვირდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო, ფრიადოსანი, წლების მანძილზე ევროპაში ცხოვრობდა, მაგრამ მაოცებს, ევროპელთა ფსიქოლოგია როგორ ვერ შეისწავლა. რატომ არ გაითვალისწინა, რომ ევროპაში ეჭვს იწვევს ნებისმიერი ასეთი ერთსულოვანი გადაწყვეტილება?!

- მაგრამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მხოლოდ 7-მა მოაწერა ხელი ამ გადაწყვეტილებას…

- ხელისუფლების კომენტარი მოვისმინე, რომ ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებულიო. ასეა თუ ისე, იმ ინკოგნიტო მოსამართლეს, ჩემი აზრით, სრული საფუძველი ჰქონდა, როგორც მინიმუმ თუ მაქსიმუმ, შეეჩერებინა აღსრულება.

- 8 მარტს რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უკვე სტრასბურგის სასამართლოს კოლეგიამ?

- ალბათ იქნება განხილვა, ოღონდ ისე არა, როგორც აქ განიხილა, მაგალითად, ურთმელიძემ, იქნება საფუძვლიანი. ჩემი აზრით, ხანგრძლივი დავა იქნება. ხელისუფლებამ დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. დაელოდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტას და ზუსტად მეორე დღეს დანიშნა თვეებით გაჭიანურებული პროცესი. ევროპაში ამაზე ყურადღება არა მარტო “სახალხო პარტიამ”, არამედ სხვებმაც გაამახვილეს. ამ ინკოგნიტო მოსამართლემაც გადაწყვეტილება მიიღო ეჭვის საფუძველზე. მას არ უთქვამს, რომ ეს ტელევიზია ქიბარს ეკუთვნის ან “რუსთავი 2″-ის მენეჯმენტს, უბრალოდ აღნიშნა, რომ რაღაც-რაღაცები ეჭვს იწვევს და შეაჩერა აღსრულება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბესელიამ განაცხადა, რომ თუ როდის აღსრულდება და რა ფორმებით, ეს მესაკუთრის პრეროგატივა არისო. ეს განცხადება ძალიან ცუდად მენიშნა. ეს შეიძლება ისე აღქმულიყო, რომ ხალვაშს მეორე დღესვე დაეწყო აღსრულება.

- და ახლა, თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება ამ ეჭვების გაქარწყლებას, თუ კიდევ ერთხელ დამარცხდება საერთაშორისო არენაზე?

- ეჭვი მეპარება, რომ ეს ახლა ჩვენთან ადეკვატურად შეფასდეს. არ არის გამორიცხული, ამას ზედმეტი გაღიზიანება მოჰყვეს და კიდევ უფრო განმტკიცება პოზიციის, ვინაიდან არცერთი ჩვენი ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული, დიპლომატიური ელასტიკურობით და მოქმედებებით არ გამოირჩეოდა. არ დაუხევიათ უკან ტაქტიკურად, სადაც საჭიროა, ან პირიქით. ისე, გინდა გაიმარჯვოს, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ძალიან ხშირად უხდება უკვე “ოცნებას” საერთაშორისო არენაზე თავის მართლება, რაც არ მომწონს. ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება აბსოლუტურად მზად არ აღმოჩნდა ევროპაში წარმოსადგენად, ამაზე განგაში უნდა ატეხილიყო ჯერ კიდევ კეზერაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ. მაგრამ იმის შემდეგ ამდენმა წელმა განვლო და “ოცნებას” არაფერი გამოუსწორებია. რაიმე სერიოზული რეფორმაც კი არ გაუტარებიათ.

არცერთი ჩვენი საელჩო უცხოეთში თავის მოვალეობას კარგად არ ასრულებს. ჩაკეტილები არიან. პროფესიონალიზმი არ აქვთ. შეცდომა იყო 3 მარტს თეა წულუკიანის ბრიფინგიც. გამოვიდა, 2 წუთით ილაპარაკა და მერე ისე გაიქცა, ოლიმპიური ჩემპიონი ვერ დაეწეოდა.

- სტარსბურგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის მოვალეობას ჯერ კიდევ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ასრულებს….

- თუ ხალხი ფიქრობს, რომ ევროპაშიც ისეთივე მოსამართლეები არიან, როგორც საქართველოში, მაშინ ევროპაში რა გვინდა?! ჩვენ ევროპა იმიტომ გვინდა, რომ იქ სულ სხვა სასამართლოა და ერთ ადამიანზე ამხელა ამბის ატეხვა, რაც სოციალურ ქსელში ხდება, სისულელეა. იქაური სასამართლო ჩვენს მართლმსაჯულებას არ ჰგავს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

ვისი იქნებარუსთავი-2“ რვა მარტის შემდეგ // იურისტთა შეფასებით, სტრასბურგის სასამართლო განაჩენის აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს

თიკო ოსმანოვა

„რუსთავი-2“ საქართველოს წინააღმდეგ – თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მანამდე კი ხელისუფლებას მოუწევს ევროპელი მოსამართლეების დარწმუნება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და ქუჩაში საპროტესტო აქციები მოსალოდნელი არ არის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტრო შესაბამის მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, საქმეს წარმოებაში მიიღებენ და ამის განხილვას კი უკვე წლები დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. განცხადებაში “რუსთავი 2″-ის მხარე სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ითხოვდა ამ მექანიზმის გამოყენებას, თუმცა მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სტრასბურგის სასამართლომ საქმის გაცნობამდე 5 დღით გამოიყენა შუალედური ღონისძიების უფლება.

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტრასბურგში უკვე 8 მარტს, ამასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს თავად სარჩელის ავტორს, ტელეკომპანიის ადვოკატ თამთა მურადაშვილს.

“ის, რომ აღსრულება გააჩერა დროებით, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ამიტომ პროგნოზის გაკეთება მიჭირს. თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნები გაუჩნდა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვქონდა დასმული. ჩვენ მოთხოვნილი გვქონდა, რომ გაეჩერებინა იმ მომენტამდე, სანამ ჩვენ თვითონ სტრასბურგში არ ვიჩივლებდით და არ მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ ნაწილზე უარი გვეთქვა და მხოლოდ რამდენიმე დღით მოხდა აღსრულების შეჩერება. როგორც ჩანს, დრო სჭირდებათ, რომ საქმეში გაერკვნენ. ხოლო 8 მარტს რას მოიმოქმედებს სასამართლო, არ ვიცი. თუმცა ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას თამტა მურადაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მხარე, ქიბარ ხალვაში ვერ ჩაერთვება, თუმცა მისი უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაბამის დოკუმენტებს წარადგენს და არ მოხდება აღსრულების შეჩერების ვადის გაგრძელება.

„რვა მარტამდე სასამრთლომ უნდა იმსჯელოს არსებითად ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო გაითვალიწინებს ასევე მეორე მხარის, ანუ ჩვენი მხარის ინტერესებსაც, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს; შეაფასებს, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი პოზიცია და აღსრულება მეორე მხარისთვის საზიანო. ალბათ სახელმწიფო წარადგენს თავის პოზიციას იმ განცხადების შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც “რუსთავი 2″-ს აქვს წარდგენილი. სტრაბურგის სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, ორი მხარის არგუმენტების გათვალისწინებით იმსჯელოს, ძალაში დატოვოს თუ არა შეზღუდვა, ანუ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება”, – გვითხრა სალიამ. მისი თქმით, აღსრულების შეჩერების ძალაში დატოვებით მათი დღის წესრიგი არ შეიცვლება და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

“შეზღუდვა ძალაში თუ არ დარჩა, პროცესი გაგრძელდება და მოხდება ქონების ქიბარ ხალვაშზე გადაფორმება. ახლა ვალდებული ვართ დაველოდოთ პროცედურას. ამ ეტაპზე ჩვენს მხარეს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, რომ მონაწილეობა მივიღოთ სასამართლოს განხილვაში, არ გვაქვს. ამიტომ ველოდებით 8 მარტის გადაწყვეტილებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აღსრულების კიდევ გადაწევა, ამით ქიბარ ხალვაშის გეგმები არ შეიცვლება, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს”, – გვითხრა სალიამ. მისივე თქმით, საქართველოში სასამართლო პროცესების დროს მეორე მხარის უფლებები არ დარღვეულა, ამიტომ იგი ამ პროცესს მაინც ოპტიმისტურად უყურებს

“საქართველოში მიმდინარე პროცესების დროს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მათი ყველა მოქმედება, როგორც ჩანს, იყო სიმულაციები იმისთვის, რომ ფონი შეექმნათ, თითქოს ირღვევა სამართლიანობის პირობა. მათ ჰქონდათ ყველა საპროცესო შესაძლებლობების გამოყენების საშუალება”, – უთხრა “რეზონანსს” სალიამ.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლო ორი ტიპის დავებს განიხილავს – სახელმწიფოთა შორისო დავები და ფიზიკური პირის ან კომპანიის დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში აღნიშნული საქმე განიხილება, როგორც „რუსთავი-2“ საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე განმარტავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე წარმოებაში იქნა მიღებული და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლში წერია, რომ ერთი ან მეორე მხარის ინტერესის გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს აღსრულების შეჩერება. უფრო სწორად, ამას ჰქვია წინასწარი ანუ შუალედური ღონისძიება, რათა გარკვიონ ზოგიერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ, რომ შემდგომ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება. ახლა ეს გააკეთა ერთმა მოსამართლემ, რომელიც მერე პალატამ უნდა დაადასტუროს, ან არ დაადასტუროს. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო დადაასტურებენ, შემდეგ გამოაგზავნიან კითხვებს და დავალებებს, რომელსაც მითითების სახე ექნება. 8 მარტს კი შეიკრიბებიან, იმსჯელებენ და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის მხარე, რომელიც პასუხს ელოდა, ამისთვის ადრევე მოემზადა.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ვადა იქამდე გააგრძელონ, სანამ საქმეს წარმოებაში მიიღებენ. თუმცა, ამას ინდივიდუალურად მოსამართლე ვერ გადაწყვეტს, ეს იქნება იმ 7 მოსამართლის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლებიც ქმნიან პალატას”, – უთხრა “მთელ კვირას” მინდია უგრეხელიძემ.

იურისტ ლია მუხაშავრიას აზრით კი, სტრასბურგის სასამართლო აღსრულების შეჩერების მექანიზმს ისევ გააგრძელებს და საქმის არსებით განხილვასაც დაიწყებს.

„8 მარტის შემდეგ შეიძლება გაგარძელდეს 39-ე მუხლით დადგენილი პროცედურა, მხარეებს დაევალოს წარმოადგინონ თავისი პოზიცია და შემდეგ უკვე მოხდეს ჩვეულებრივ საქმის განხილვა. რადგან ეს ღონისძიება გამოიყენა სტრასბურგის სასამართლომ, შესაძლოა ეს ვადა გააგრძელოს და საქმის არსებითი განხილვაც დაიწყოს. ვფიქრობ, რომ შეჩერების მექანიზმის პარალელურად, სასამართლო დაჩქარებული წესით განიხლავს ამ საქმეს. იმიტომ, რომ ხალვაშის საკუთრების უფლება ირღვევა ამ პერიოდში, რომელიც სასამართლომ აღუდგინა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ყოველდღიური კომუნიკაცია გაგრძელდება და კონკრეტულ დოკუმენტებს მოითხოვენ. შენი ინიციატივით რასაც გაგზავნი, საქმეს არ დაერთვება”, – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობამ უმრავლესობით მოიყვანა ხელისუფლებაში უვიცი და უსაქმური ხალხი

გვანცა ღვედაშვილი

“საიდან მოდის ეს ქედმაღლობა ჩვენს მინისტრებში, ცოტა გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს, იგი ერთი სუსტი დემოკრატიის მქონე, ძალიან უსუსური მთავრობის წარმომადგენელია”, – აღნიშნული შეფასება “რესპუბლიკური პარტი” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანზე საუბრისას გააკეთა. მანვე “მთელ კვირასთან” განაცხადა, რომ “რუსთვი 2″-ის საქმესთან დაკავშირებთ გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, სწორედ წულუკიანის კაბინეტში მოხდა. საქართველოს მოსამართლეთა კორპუსმა კი ამ გადაწყვეტილებით თავი შეირცხვინა.

ლევან ბერძენიშვილი: უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ის მთლიანად პოლიტიკურია. როგორც ევროპულმა სასამართლომ აჩვენა, ძალიან უსუსური გადაწყვეტილებაა გამოტანილი, თუ მათთვის საქმის შეჩერება ასეთი იოლი აღმოჩნდა.

საქართველოს მოსამართლეთა კორპუსმა დიდი სირცხვილი ჭამა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და არა იმიტომ, რომ ღრმად ვარ გარკვეული საქმის კურსში, არამედ იმიტომ, რომ არ გაითვალისწინეს ის, თუ რა მდგომარეობაში აყენებდა ეს გადაწყვეტილება ქვეყანას. ანუ, ვიღაცის ინტერესი საკუთარ ქვეყანაზე, ოჯახზე წინ დააყენეს, რაც ძნელი წარმოსადგენია, თუმცა, სამწუხაროდ ხდება ხოლმე.

- როგორ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე უზენაესი სასამართლოსა და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილებები?

- არავის აქვს ილუზია და ყველამ იცის, რა ქვეყანაა საქართველო. ჩვენზე არავინ არ არის მაღალი წარმოდგენის. ამიტომ არ მგონია, რაიმე ცვლილება იყოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. არც აქამდე ჰქონდა ვინმეს იმის ილუზია, რომ საქართველო აყვავებული დემოკრატიის ქვეყანა იყო.

- ყველაფრის მიუხედავად, კავკასიის რეგიონში დემოკრატიის მხრივ მოწინავე ქვეყანად ვითვლებით

- კავკასიის რეგიონში მოწინავეობა არაფერს გვაძლევს, შეიძლება მომავალშიც ვიყოთ მოწინავე, თუმცა ცუდ ქვეყნად ვითვლებოდეთ. ამ რეგიონში ადვილია მოწინავეობა.

საქართველო რომ დემოკრატიის ქვეყანა არ არის, ეს ყველამ იცის და ამიტომ არ უკვირთ. ანუ, ჩვენი ქვეყანა არ იყო აყვავებული დემოკრატიისა და მოსამართლეს ამ გადაწყვეტილებით არ დაუმხია ჩვენი დემოკრატია. როგორი ქვეყანაც არის, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს მოსამართლეებმა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობამ უმრავლესობით მოიყვანა ხელისუფლებაში უვიცი და უსაქმური ხალხი. ასე რომ, არავის არაფერი არ უნდა გაუკვირდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჩვენი შემოქმედებაა, ჩვენმა საზოგადოებამ მოიყვანა ეს ხალხი ხელისუფლებაში და გაათამამა. თანაც იმ დონემდე, რომ ღამით იუსტიციის მინისტრი გამოდის, თავის კოლეგას “მორიგე მოსამართლეს” ეძახის და ვერ ხვდება, რომ თვითონ ღამის 11 საათზე გამოდის და თვითონაც “მორიგე მინისტრი” გამოდის. დამოკიდებულება იყო ისეთი, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში სერიოზულმა ხალხმა არ მიიღო. თვითონ წულუკიანი არის სერიოზული მინისტრი და სტრასბურგის მოსამართლე არ არის ასეთი სერიოზული?!

საიდან მოდის ეს ქედმაღლობა ჩვენს მინისტრებში, ცოტა გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს იგი ერთი სუსტი დემოკრატიის მქონე, ძალიან უსუსური მთავრობის წარმომადგენელია. თვითონაც მუშაობდა სტრასბურგში და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს იქ მუშაობა, მაგრამ საქმემ მოითხოვა, ამ მინისტრობამაც გაათამამა, ეტყობა, დიდი ხანია თანამდებობაზეა და საკუთარი თავით აღფრთოვანებული ვერ მიხვდა, რომ ცოტა სამარცხვინოდ გამოიყურებოდა ამ კონტექსტში. მაგრამ არა უშავს. ეს პირველი არ არის, ჩვენი, მინისტრები გამოირჩევიან თავხედობით, ცინიკურობითა და ქედმაღლობით, მაგრამ რას ეფუძნება ეს ყველაფერი, ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.

ცუდი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მართლაც მის კაბინეტში დაიწერა. მე ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკობენ. იქ არ ვყოფილვარ და ჩემი თვალით არ მინახავს, თუმცა ფაქტია, რომ მას აქვს შეხება ამ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებასთან, რომელსაც სამარცხვინოდ ხელმძღვანელობს ჩემი ყოფილი თანაპარტიელი ნინო გვენეტაძე. იმის მაგივრად, რომ თქვან – რომ გვეშლება ხოლმე, გამოვსწორდებით და ასე შემდეგ – პასუხი არის, რომ ევროპა ვერ ერკვევა ღამე საქმეში, მაგრამ არა უშვს, გათენდება და გაერკვევიან – დაახლოებით ასეთი პათოსის იყო მისი განცხადება, რაც შეურაცხმყოფელია.

ამასთან, სტრასბურგში ძალიან კარგად იცნობენ ამ მთავრობას. უკვე სამჯერ შესთავაზეს მოსამართლეების ყალბი სია და ყელში ამოუვიდათ ეკა ბესელიასა და თეა წულუკიანის ხუმრობები. ამიტომ არის ასეთი პასუხი. აქ გაუგებარი არაფერია. კარგად გაიცნეს საქართველოს ხელისუფლება და აღარ ენდობიან მათ. სწორედ ამიტომ დავაში, რომელიც 2 სუბიექტს შორის მიმდინარეობს, მხარედ საქართველოს ხელისუფლება გამოაცხადეს. ამის შემდეგ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მინისტრი გადადგებოდა.

- ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება რუსთავი-2-ის საქმე?

- ვფიქრობ, ევროპული სასამართლო უფრო ღრმად ჩაიხედავს ამ საკითხში. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება. იმის გარანტია, რომ ევროპა გადაარჩენს სიტუაციას და თავიდან ბოლომდე გამოასწორებს ყველაფერს, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ამის მცდელობა მათაც ექნებათ და ჩვენც.

ჩემი მოსაზრებით, ვინდაიდან ხელისუფლებამ აშკარად მოიჭრა თავი, არჩევნების გზით ის წელსვე უნდა გამოიცვალოს. ანუ, ადგილობრივ არჩევნებში უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვინ არის. არ მგონია, საქართველოში რევოლუციური განწყობა იყოს. ორიენტაცია ოქტომბერზე უნდა ავიღოთ და ადგილობრივ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” არ უნდა გავამარჯვებინოთ. ისტორიულად ის, ვინც ამ არჩევნებს მოიგებს, შემდგომ საპარლამენტოსაც იგებს და საპრეზიდენტოსაც. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენი ხალხი ისევ “ოცნებას” მიანიჭებს უპირატესობას, შემდგომ საყვედური აღარ უნდა გამოთქვან, რომ სასამართლო ამას აკეთებს, ივანიშვილმა ხე გადარგო და ა.შ.

————————

„ახალი თაობა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოპოზიციას ქუჩის აგორება გაუჭირდება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, რუსთავი-2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქციები იგეგმება. როგორ შეიძლება, მოვლენები განვითარდეს?

- ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა შეეცდება, ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ოპოზიცია რომ ამ ფაქტს გააპროტესტებდა, ეს ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა და, იმედი მაქვს, არც ხელისუფლებისთვის არის მოულოდნელი.

- ხალხი გამოვა ქუჩაში?

- ეს არის მნიშვნელოვანი, რამდენად შეძლებს ოპოზიცია დღეს ქუჩის აგორებას. ამ ეტაპზე მასშტაბური აქციების აგორება ვერ მოხერხდება.

- რატომ?

- ამას ორი პირობა აქვს. ერთი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა „რუსთავი-2“-ს აღიქვამს, როგორც „ნაციონალების“ რუპორს, ამიტომ ერთგვაროვანი არ არის მოსახლეობაში განწყობა, თუმცა, ის არის ყურებადი ტელევიზია, მას ხალხი უყურებს და მათი უმრავლესობა სულაც არ არის „ნაციონალების“ მხარდამჭერი. მეორე – ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეცვლილია, მაგრამ არც იმდენად, რომ ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა ოპოზიციამ საპროტესტო მუხტში გადაზარდოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თავად ოპოზიცია არის ჩამოუყალიბებელი. მართალია, რაღაც გაერთიანებები, საბჭოები იქმნება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ამ 25 წლის განმავლობაში ასეთი არაერთი კომიტეტი შექმნილა და დაშლილა.

როდესაც მოსახლეობის განწყობები და ოპოზიციის სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ აქციები ხელისუფლებისთვის დიდი საფრთხის შემცველი ვერ არის. რაც უფრო მეტად იაქტიურებენ ნაციონალური მოძრაობის სახეები, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არცთუ მთლად დადებითია, მით უფრო ნაკლები ექნებათ შანსი, რომ ქუჩა ააგორონ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პროტესტი არ აქვთ, მეტიც, პროტესტი ილექება და, როდის ამოხეთქავს, არავინ იცის.

- თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია არ არის პოპულარული და ამიტომ არ გაჰყვება მას ხალხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ხელისუფლების მიმართ პროტესტი არ აქვს...

- დიახ. ადამიანებს თუ აქვთ შინაგანი პროტესტი, ის დავიწყებას არ მიეცემა და ამიტომ ხელისუფლებას მშვიდად ყოფნის უფლება არ აქვს. ბევრი რამე ხელისუფლების ქმედებაზეა დამოკიდებული. ცუდი რაღაცები ნელ-ნელა ილექება საზოგადოებაში და მოთმინების ფიალაც ნელ-ნელა ივსება. ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რაღაც დროის შემდეგ ამოქმედდება, მაგრამ არა – ნაციონალების დროშის ქვეშ.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების ქმედებაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. რამდენად ჩააბარებს ხელისუფლება ამ ტესტს?

- გააჩნია, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. ჯერჯერობით განცხადებებით შემოიფარგლებიან. გასაგებია, რომ ზოგისთვის მისაღებია ეს განცხადებები, ზოგისთვის _ არა. ესეც ბუნებრივია, თუმცა აქ მაინც გადამწყვეტია, რა ქმედებებს განახორციელებს ხელისუფლება.

- რას გულისხმობთ?

- თუ საპროტესტო აქციები გაიმართება, კარვები დაიდგმება, როგორც აანონსებენ და ხელისუფლება შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით ან პროვოკაციების მოწყობით, როგორც ამას თავის დროზე აკეთებდა წინა ხელისუფლება, პროცესებში ჩაერიოს, მაშინ ეს დამღუპველი შეცდომა იქნება თავად ხელისუფლებისთვის, ტრაგიკული შეცდომა. თუმცა, არა მგონია, ასე ტრაგიკულად განვითარდეს მოვლენები, მე მაინც მგონია, რომ რაციონალიზმი გაიმარჯვებს.

„ახალი თაობა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ: რას ურჩევს შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს ხელისუფლებას: „რუსთავი-2-ის საქმე სტრასბურში 15-20 წელი შეიძლება გაიწელოს

„ახალი თაობის“ კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

- ბატონო შალვა, საკმაოდ ხშირად გაქვთ შეხება სტრასბურის სასამართლოსთან. როგორ შეაფასებდით იმ მოვლენებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ განვითარდა?

- უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მე ვიზიარებ. ქიბარ ხალვაშის მხარე აპელირებდა ამორალურ გარიგებაზე და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ნიკა გვარამია რომ აპელირებს, მსგავსი საქმე უკვე იყო უზენაეს სასამართლოში და უზენაესმა ეს საქმე 20 მაისს გააუქმაო, ეს იყო ჩვენი საქმე.

- რომელი საქმე?

- მე ვიცავდი და დღესაც ვიცავ ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის ინტერესებს, რომელიც ფოთის პორტს ეხება და ჩვენ ეს საქმე მოვუგეთ კეზერაშვილსა და დოლიძეს. პირველ და მეორე ინსტანციაში მოვიგეთ და გამოვიდა გადაწყვეტილება, რომ გარიგება იყო ამორალური, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე დააბრუნა უკან იმ მითითებით, რომ ამორალურ გარიგებას კიდევ უნდა დაემატოს, რომ ეს იყო ნების წინააღმდეგ დადებული გარიგება. ჩვენ გერმანელი მეცნიერის შულემანის დასკვნაც გვაქვს, რომ ასეთი ტიპის გარიგებები არის ამორალური და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. „რუსთავი-2“-ის საქმეზეც ქიბარ ხალვაშიც ანალოგიურს ითხოვდა. ეს არის კანონიერი, ხოლო რაზეც „რუსთავი2“-ის მხარე აპელირებს, ეს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა!

- რას იტყვით სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

- ეს არის სტრასბურის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი და ეს ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ გადაწყვეტილება შეჩერებულ უნდა იქნეს.

- ეს სამოქალაქო საქმესაც ეხება?

- სამოქალაქო საქმეებზეც ყოფილა მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული. ამის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, თორემ ზოგადად ყოფილა სამოქალაქო საქმეებზეც. ანალოგიური გადაწყვეტილება მინდია უგრეხელიძესაც აქვს გამოტანილი ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, რასაკვირველია, სხვა სახელმწიფო მაქვს მხედველობაში და არა – საქართველო. ამ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები.

- რა სახისაა ეს პროცედურები?

- მას შემდეგ, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, უნდა გაიგზავნოს ეს გადაწყვეტილება მხარის მიერ სტრასბურის სასამართლოში, შემდეგ უნდა მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი, შემდეგ უნდა მოხდეს მისი დასაშვებად ცნობა, შემდეგ იწყება კომუნიკაციები, მხარეებს აძლევენ ვადას მათი პოზიციების წარმოსადგენად.

- ეს პროცედურები დარღვეულ იქნა თუ საით მიანიშნებთ?

- ამ შემთხვევაში არ იქნა დარღვეული. როგორც წესი, 39-ე მუხლით როცა შედის განცხადება, სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება, ერთი დღიდან ერთი კვირის ვადაში. ამიტომ, საქმე როცა 39-ე მუხლს ეხება, ფაქსით ხდება კომუნიკაცია. იმდენად სასწრაფოა საქმე, რომ ფაქსით ხდება დოკუმენტაციის გაგზავნა-გამოგზავნა. რა დაინახა აქ სტრასბურმა სასწრაფო და საგანგაშო?! რა წერია დოკუმენტში, რომელიც „რუსთავი-2“-ის მხარემ გააგზავნა? კარგი იქნება, „რუსთავი-2“ თუ გააჟღერებს იმ დოკუმენტს, რომელიც გაუგზავნა სტრასბურის სასამართლოს. მოგვიანებით ეს მაინც გახდება ცნობილი, რადგან იუსტიციის სამინისტროს, როგორც მხარეს, ამ დოკუმენტს მაინც გადასცემენ.

- ასეთი რა უნდა მიეწერა?

- როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, „რუსთავი-2“-ს მიწერილი აქვს, რომ აქ შესაძლოა მოხდეს სისხლისღვრა, არეულობა, ხალხის ქუჩაში გამოსვლა და ასე შემდეგ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ დაამძიმეს სურათი?

- დაზაფრეს სტრასბურგის მოსამართლეები. ამერიკის ელჩს გააკეთებინეს განცხადებები. მოკლედ, მუშაობა არ ეშლებათ. მე ვერც „რუსთავი-2“-ის იურისტებს გავამტყუნებ. იმიტომ ხარ მხარის მიერ დაქირავებული ადვოკატი, რომ დრამატიზება გააკეთო და დაამძიმო სურათი.

- 8 მარტამდე მოხდა შეჩერება. რა იქნება 8 მარტის შემდეგ?

- ჩვენ ამ მიმართულებით არ გვაქვს კარგი გამოცდილება, იმავე კეზერაშვილების, ახალაიებისა და მიხეილ სააკაშვილების საქმეს თუ გავიხსენებთ. იუსტიციის სამინისტრომ ამ პირების ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება სწორედ საერთაშორისო სტრუქტურებს გადააბრალა, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ თავად ვერ იმუშავა კარგად.

- შესაძლოა, ახლაც იგივე გამეორდეს?

_ მე მეშინია, ამ შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს და ვერ გაიგზავნოს სათანადო დოკუმენტები. ეს იუსტიციის სამინისტროს არაკვალიფიციური მუშაობის შედეგი იყო. წესით, იუსტიციის სამინისტროს ეს შაბათ-კვირა არ უნდა დაესვენა და უნდა მოემზადებინა სათანადო დოკუმენტი, რათა სტრასბურის სასამართლომ ვერ შეძლოს შემოდავება. საზოგადოებას ვურჩევდი, შეწყვიტოს სტრასბურის სასამართლოს მოსამართლეების ლანძღვა-გინება. ეს მოსამართლეები თავიანთ ქვეყნებში ნომერ პირველი იურისტები არიან. ეს გადაწყვეტილება იყო დროებითი ღონისძიება და 8 მარტს მოხდება ამ გადაწყვეტილების გადახედვა.

- შესაძლებელია, ეს დროში გაიწელოს?

- თუ დარწმუნდა სტრასბური, რომ ამის აღსრულებით აქ სისხლისღვრა მოხდება, ქვეყანა დაიქცევა, სიტყვის თავისუფლება დასამარდება, ცხადია, სტრასბურის სასამართლო გააგრძელებს ამ ღონისძიებას, ანუ შეჩერებას. თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს სახით, კვალიფიციურად დაასაბუთებს, რომ არანაირად ქვეყანა არ ინგრევა, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, აქ არის საუბარი მხოლოდ მფლობელის შეცვლაზე, მაშინ სტრასბურის სასამართლო ამ დროებით ღონისძიებას გააუქმებს.

- ითქვა, რომ სტრასბურის სასამართლოს არ შეუძლია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რამენაირად შეცვალოს. ასეა?

- უამრავი კომენტარი მოვისმინე და გეტყვით, რომ არასწორი შეფასებები კეთდებოდა. სტრასბურის სასამართლოს ამ საქმისთვის პრიორიტეტი აქვს მინიჭებული. პირადად მე 10 საქმე მაქვს სტრასბურში, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, გადის წლები, მაგრამ მათი განხილვა ჯერ არ დამთავრებულა. სტრასბურის სასამართლოს შეუძლია მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ვერ გააუქმებს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა მხარეს, რომლის სასარგებლოდაც იქნება ეს გადაწყვეტილება გამოტანილი, ვთქვათ, რუსთავი 2-ის, შეუძლია, სტრასბურის გადაწყვეტილებით, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოებით, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაიწყოს საქმის თავიდან განხილვა. ჯერ აპელაცია დასაშვებად უნდა ცნონ, მერე იწყება თავიდან განხილვა. თუ განიხილეს და არ მოგეწონა, მერე შეგიძლია, გაასაჩივრო უზენაესში. თუ წააგე, შეგიძლია, წახვიდე ისევ სტრასბურში.

- ანუ დაუსრულებელი პროცესია?

- ეს არის დაახლოებით 15-20 წლის ამბავი. ამის პარალელურად, შესაძლებელია, რომ არხის მფლობელიც შეიცვალოს და ისე განვითარდეს პროცესები. მე ვურჩევდი დღეს „რუსთავი-2“-ის მართლაც კვალიფიციურ ჟურნალისტებს, ჩამოირეცხონ ეს ლაქა, რომელიც ნაცმოძრაობას უკავშირდება. ხომ ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. საზოგადოებამ იცის თავისუფალი სიტყვის ფასი. გუშინდელი დღის მერე მათი რაღა უნდა ირწმუნო?!

- რას გულისხმობთ?

- ეს რომ მიშა სააკაშვილის ტელევიზიაა, ეს თავად სააკაშვილმა შაბათ საღამოს თავისი გამოხდომით თქვა. მე ახლა ვუკარნახებ ჩვენს ხელისუფლებას, როგორ უნდა მოიქცეს – უნდა ამოჭრას სააკაშვილის გამოსვლა, თარგმნოს, დაადოს ტიტრებად და გააგზავნოს სტრასბურის სასამართლოში და თქვას: აქ სიტყვის თავისუფლებაზე კი არ არის საუბარი, არამედ ეს არის ერთი კერძო, პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიმინალის, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და არის ძებნაში, მის ხელში არსებული პროპაგანდისტული მანქანა! რა დამოუკიდებელ ტელევიზიაზეა საუბარი?! სწორედ თავისი გამოხდომით დაანახა მთელ საქართველოს „რუსთავი-2“-ის დამოუკიდებლობა მიშა სააკაშვილმა! ამაშია საქმე, თორემ ვინ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი.

- ანუ ველოდებით 8 მარტს?

- შესაძლოა, იმ დღესვე არ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ვერ დაინახონ საფრთხეები და გააუქმონ მათივე გადაწყვეტილება ან გააგრძელონ და თქვან, საქმის საბოლოოდ სტრასბურში დამთავრებამდეო. ეს თუ ასე მოხდა, საბოლოო დამთავრებას, შესაძლოა, მრავალი წელი დასჭირდეს.

- და ამ დრომდე არხი რჩებათ ძველ მფლობელებს?

- თუმცა, აქვე განვმარტავ, საქართველოს მხარე არ არის ვალდებული, სტრასბურის ეს დროებითი აღსრულება გაითვალისწინოს. ეს არის სარეკომენდაციო, თუმცა, არის მეორე ფაქტორიც – ამ რეკომენდაციის არგათვალისწინება საქართველოს დემოკრატიულობას ჩრდილს მიაყენებს.

- ქართული მხარე არჩევანის წინაშე დგება?

- ნუ დაიყენებს თავს არჩევანის წინაშე, საპასუხოდ დაამზადოს სრულყოფილი, იურიდიულად გამართული დოკუმენტი და გააგზავნოს სტრასბურში. ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში კი აღარ არის მხარე, მხარეა საქართველოს ხელისუფლება!

„ახალი თაობა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ავარეთ-კახეთის გზა არ უნდა გაიხსნას“ // „სომხური დერეფანი რუსული პროექტია

ვის ინტერესებს ახმოვანებს ოფიციალური ერევანი, რა პრობლემებს შექმნის ავარეთ-კახეთის გზის გახსნა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- სომხეთის ხელისუფლება გამალებით ეძებს ლარსის ალერნატივას. თავიდან იყო საუბარი, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზასა და როკის მიმართულებაზე იყო. სომხური გამოცემის მტკიცებით კი ლარსის ალტერნატივა ავარეთ-კახეთის მშენებარე გზა უნდა გახდეს. ამ გზაზე თქვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადეთ, რომ მისი ამოქმედება სახიფათო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის…

- სომხეთი გასული წელს ალაპარაკდა აქტიურად ლარსის ალტერნატივაზე. ყველამ ჩათვალა, რომ ისინი აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნას ითხოვდნენ. ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ლარსის ალტერნატივა, აფხაზეთის რკინიგზის გარდა, როკის გვირაბი და ავარეთი-კახეთის გზა იქნებოდა. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს საკითხი ასე მარტივად გადაწყდება და ვერც იმას დავიჯერებთ, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. საქართველოსა და სომხეთის მთავრობის მეთაურები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შესაბამისად, არავინ იცის, რა გადაწყვეტილება მიიღო ორმა პრემიერმა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერანაირი დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ.

- შეხვედრის დეტალებს მართლაც არ ახმაურებენ. რა მოხდება, თუ მართლაც დათანხმდა ქართული მხარე ლარსის ალტერნატივას?

- ასე იოლად ვერავინ ვერავის დათანხმდება. ასეთი შეთანხმება თუ მართლაც გაფორმდა, მას განზრახულობათა ოქმი უნდა მოჰყვეს. ამ თემაზე ამის მერე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ჰაერზე ლაპარაკის არც ნერვები გვაქვს და არც დრო.

- როდესაც ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა დაიწყო, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს საქართველოსთვის ხიფათის მომტანი იქნებოდა. ახლაც ამავე აზრზე ხართ?

_ რა თქმა უნდა. გზების მშენებლობა, როგორც ასეთი, ცუდი არ არის. გზები შემოსავლის დამატებითი წყარო გახლავთ და მათი ამოქმედებით საქართველოს ბიუჯეტი ისარგებლებს, მაგრამ, ეკონომიკური სარგებლობის გარდა, ამ გზებს, შესაძლოა, სხვა რამეც მოჰყვეს.

- რა უნდა მოჰყვეს?

- ავარეთ-კახეთის გზის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთს საქართველოსთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი სახმელეთო გზა ექნება, რუსეთი კი ის ქვეყანაა, რომელიც აგრესიას ღიად აფრქვევს და თავის ზრახვებს აღარ მალავს. ოფიციალური მოსკოვი დაუფარავად ცდილობს, საქართველო თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების ქვეშ მოაქციოს. ამ თემაზე საუბარი თუ დაიწყება, ის აუცილებლად საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. მთავრობამ დეტალურად უნდა გვითხრას, რა მატერიალურ და მორალურ სარგებლობას ნახავს ამ გზის ამოქმედებით ქვეყანა. ასევე საუბარი უნდა იყოს მოსალოდნელ საფრთხეებზეც. საფრთხეები კი მართლაც არსებობს.

- რა საფრთხეებზეა საუბარი?

- ამ გზის ამოქმედების შემდეგ ჩვენ, შესაძლოა, სტრატეგიულ პარტნიორებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან – გაგვიფუჭდეს საქმე. ამის გარდა, შესაძლოა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ვეღარ განახორციელოს გეგმა და ვეღარ დაგვეხმაროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში, ნატოს კი, დიდი ალბათობით, ხელი შეეშლება შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ სომხური დერეფნის პროექტიც კი არ არსებობს. შესაბამისად, ამ გზის ამოქმედება დროში გაიწელება. თუ რომელიმე ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას შეეცდება ამ საქმეში, საკადრის პასუხს მიიღებს.

- ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ სომხები სულ დარიალის ხეობით სარგებლობდნენ. რატომ გახდა მათთვის ახლა ეს გზა მიუღებელი?

- სომხეთის პრეტენზიები, მოსაზრებები და ფსევდოპოლიტიკური თამაშები ჩვენ სასაცილოდაც არ გვყოფნის. დღეს ოფიციალური ერევნის პირით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა საუბრობს.

- გამოდის, რომ სომხური დერეფანი რუსეთს უფრო აინტერესებს, ვიდრე ერევანს?

- რა თქმა უნდა. ეს არის რუსული ინტერესი. მისთვის საჭირო რეგიონთან დამაკავშირებელი რაც უფრო მეტი გზა ექნება კრემლს, მით მეტი შანსი აქვს, საჭირო დროს სამხედრო მანევრები განახორციელოს.

- რამე რომ იყოს, დარიალის ხეობიდან ვერ განახორციელებენ სამხედრო მანევრს?

- ხმელეთიდან ვერა. დარიალის ხეობის ჩაკეტვა ძალიან იოლია. ამ წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ჯვრის უღელტეხილი იქნება სერიოზული პრობლემა. ამ უღელტეხილზე ძალიან რთული იქნება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, გადაადგილებისთვის უფრო იოლი გზა გამონახონ. ასეთია ავარეთ-კახეთის გზა, რომლის ამოქმედება, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანსაც შეუქმნის პრობლემებს. ეს გზა გაივლის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებას თუ გავითვალისწინებთ, კრემლი მარჯვნივ საქართველოს გააკონტროლებს, მარცხნივ – აზერბაიჯანს. რუსეთის განზრახვა იოლად ამოსახსნელია, მაგრამ მათ ტყუილად ჰქონიათ, რამე რომ იყოს, ამ გზაზე პრობლემები არ შეექმნებათ.

- რა პრობლემები?

- მათთვის ეს გზა საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იქნება. მოსკოვისთვის ყველაზე მისაღები როკის გვირაბის გავლით აშენებული სომხური დერეფანი იქნება. ამ გზით სომხეთს რუსები სამცხე-ჯავახეთის გავლით დაუკავშირდებიან. ეს ყველაზე მოკლე მანძილია და დაუსახლებელ ადგილებს გაივლის.

„ახალი თაობა“, 06 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი თევზაძესთან: „ისრაელი არის მოძმე ქვეყანა და გვიკვირს მათი მხრიდან ასეთი აგდებული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე „ახალ თაობასთან“ საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, ახლახან პარლამენტის მიერ მიღებულ ფარული მოსმენების შესახებ კანონს ეხმაურება და ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებს?

- საქართველოს ჰყავს ბრძენი, ერზე მზრუნველი პატრიარქი.…საკითხის აჟიტირება შედეგს არ მოგვცემს, რაც, სამწუხაროდ, საერთო ჯამში, ჭორაობას ემსგავსება და ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოსა და ქართულ ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უფრო რთული დღეებიც ჰქონია, მაგრამ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს განუყოფლობის, რწმენისა და ერთიანობის გარანტი.

- საზოგადოება რომ შეშფოთებულია?

- საზოგადოება შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც მხოლოდ გამოძიების კომპეტენციას განეკუთვნება. დაუშვებელია, ამ საკითხზე ვერსიები და განცხადებები კეთდებოდეს პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან თუნდაც საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან.

- რატომ არის დაუშვებელი?

- რაც მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საბაბით ტელეეკრანიდან ისმის, ჭორაობას დაემსგავსა, რაშიც თავისი წვლილი თავიდანვე შეიტანეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც თავიანთი განცხადებებით, რითაც დაირღვა მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციაც.

- საზოგადოება მსჯელობს, რადგან შემაშფოთებელი ინფორმაციები ხმაურდება. გამოსავალი რა არის?

_ ერთადერთ გამოსავალს ამ შემთხვევის ობიექტური გამოძიება და კანონიერი რეაგირება წარმოადგენს. ყველა სხვა სახის მცდელობა საქმეს მხოლოდ დააზიანებს. ვიმედოვნებთ, პატრიარქის მოწოდებისამებრ, სამართალდამცავები სამუშაოებს საპატრიარქოს ჩართულობით განახორციელებენ.

- ზოგს სწორედ ეს არ მოსწონს, რომ მათ მტკიცებულებებს აცნობენ.

- იმედია, საზოგადოება მიიღებს სწორ და დასაბუთებულ ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ და დაცვის მხარესაც თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე მიეცემა საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების საშუალება.

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ ფარული მიყურადებისა და მოსმენების შესახებ ახლახან მიღებულ კანონს, რომელმაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია?

- მოსმენებისა და ფარული მიყურადების კანონის მიღება საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხია. საზოგადოებრივი ინტერესი დიდია ასეთი სახის კანონის მიმართ, რადგან ის თითოეულ ჩვენგანს გვეხება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საზოგადოებაზე, ასევე გაითვალისწინოს სახელმწიფოს უსაფრთხოება, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები დაარღვიოს. ამგვარ ოქროს შუალედს უნდა განაპირობებდეს ბალანსის არსებობა. ოქროს შუალედზე საკონსტიტუციო სასამართლომაც მიანიშნა.

- უმრავლესობა აცხადებს, რომ მოსმენების შესახებ კანონი სწორედ ასეთია.

- კანონის მიღებისას უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა. როგორც მოქმედი, ისე ახალი კანონით მოქალაქეს მოუსმენენ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ან კავშირი აქვს დანაშაულთან. ამ შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოსგან ითხოვს მიყურადების შესახებ მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი ღონისძიებების დროს პროკურორი გამოსცემს დადგენილებას, რომელიც 24 საათში მოსამართლემ უნდა დააკანონოს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სუს-ის მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტი ტექნიკურად უზრუნველყოფს მიყურადებას, თუმცა ამისთვის საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ნებართვაც. ახალი კანონით, მოსამართლის ბრძანებისა თუ პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მიყურადებას იწყებს სუს-ს დაქვემდებარებული სსიპ-ი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა საჭირო არ არის, თუმცა, თუ ინსპექტორმა შეიტყო უკანონო მოსმენის შესახებ, მას აქვს გამორთვის უფლებამოსილება. როგორც ვხედავთ, მიღებული კანონი არ იძლევა საკმარის გარანტიებს და დიდია უკანონო მოსმენების რისკი. ამ რისკს განსაკუთრებით ზრდის სუს-ის ტექნიკური შესაძლებლობა და მის საქმიანობაზე ცუდი კონტროლი.

- ბოლო დროს საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ისრაელში მებაჟეების მხრიდან ქართველების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხზე?

- როგორც უფლებადამცველსა და ადვოკატთა პროფკავშირების თავმჯდომარეს, დაზარალებულმა მოქალაქეებმა ჩამოსვლისთანავე მომმართეს მათი უფლებების დასაცავად. ისინი დეპორტირებულ იქნენ ისრაელიდან. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე მარიამ მენაბდიშვილი. როგორც ქალბატონი მარიამი აღნიშნავს, ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი და არ ჰქონდა არანაირი დარღვევა, საქართველოში აქვს თავისი სამსახური, ჰყავს ოჯახი _ 6 თვის ბავშვი. არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ დაეტოვებინა ჩვენი სახელმწიფო და წასულიყო სხვა სახელმწიფოში სამუშაოს საძებნელად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ეთაკილება თუნდაც დამლაგებლად მუშაობა, უბრალოდ, ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

- რა გითხრათ მარიამ მენაბდიშვილმა?

- ახლავე მოგახსენებთ, რა მითხრა ქალბატონმა მარიამმა: „გამომართვეს საბუთები, გამომართვეს პირადი ნივთები და შემიყვანეს პატარა ოთახში, სადაც ორი ქალი იჯდა. მათ დაუძახეს ერთ კაცს, ვინაიდან ვუთხარი, რომ ინგლისურს ცუდად ვფლობდი და მერჩივნა, რუსულად მესაუბრა, ასევე ვუთხარი, რომ მქონდა უფლება, მომეთხოვა თარჯიმანი, ვინაიდან ივრითი არის ჩემთვის უცხო ენა – არ მესმის და ვერც ვსაუბრობ. მითხრეს, რომ კიდევ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გამოყოფაც ხომ არ მსურდა. სახეზე მონათებული მქონდა პატარა კამერა და მეუბნებოდნენ, რომ თუ რამეს მოვიტყუებოდი, დამაკავებდნენ და 3 წელი მომიწევდა ისრაელში პატიმრობაში ყოფნა. ვუთხარი, რომ თავადაც ვიყავი იურისტი და კანონიერად ვითხოვდი ადვოკატს, ვინც დაიცავდა ჩემს უფლებებს. ვუთხარი, რომ ეს იყო დაკითხვის ფორმა, რასაც ამ ქვეყანაში არ ვსაჭიროებდი, ვინაიდან არ ვარ დამნაშავე და არ გადავსულვარ უკანონოდ ისრაელში. ვიყავი სტუმრად საქმეზე და უკან უნდა დავბრუნებულიყავი – ამის საბუთი მქონდა. მომთხოვეს საფულე და ამოიღეს 10 ცალი 100-დოლარიანი. მქონდა ასევე ქართული ვალუტა, რომელიც ჩემ თვალწინ გადაითვალეს. მკითხეს, რად მინდოდა ამდენი თანხა, რაზეც ვუპასუხე, რომ ვარ მორწმუნე და ისრაელიდან საჩუქრების წაღება მსურდა. ვუთხარი, რომ ყველა ქართველის ოცნებაა, წმინდა მიწაზე ფეხი დაადგას, მაგრამ დღეს ვნანობ ამ ყველაფერს“.

მარიამის თქმით, მას სურდა, მისი ამბავი საქართველოსა და საკუთარი ოჯახისთვის ეცნობებინა, თუმცა არც ამის საშუალება მიეცა.

„დავდექი დილემისა და რეალობის წინაშე, თუ რა მდგომარეობა იყო და როგორი მოტყუებულები ვართ. ვნახე, როგორ გვამცირებენ და სულში გვაფურთხებენ~. როგორც მარიამი ამბობს, რუსულ ენაზე დაკითხეს, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ოთახში, სადაც მის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი იყო – ქალები, კაცები და ხანდაზმულები. მისი თქმით, დამცირების გარდა, იყო მუქარაც, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

„ქუდის ფორმის ელასტიკური ნაჭრით აგვიხვიეს თვალები და გვითხრეს, რომ 5 წუთით უნდა შევჩერებულიყავით. აეროპორტიდან თვალახვეულები გისოსებიანი მანქანით წაგვიყვანეს და უკვე შიშმა შემიპყრო. როგორც მივხვდი, 20-25 წუთის შემდეგ შევედით ეზოში, ჩამოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ სიგარეტი მოგვეწია, ვინაიდან მეტჯერ ვეღარ მოვწევდით. ვთქვი, რომ თამბაქოს მომხმარებელი არ ვარ, რაზეც მიპასუხა: `შენ თუ მოინდომებ, შემიძლია გცემო~. შეგვიყვანეს ოთახში, სადაც ხელმეორედ გაგვჩხრიკეს: გამხადეს ფეხზე, ჩამომართვეს პირადი ნივთები, ამიკრძალეს გარესამყაროსთან ურთიერთობა“.

მარიანი ასევე აღნიშნავს, რომ „წითელი ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით შემოიტანეს ადუღებული წყალი, რომელშიც ქაღალდიან-ძაფიანად ეყარა ფერები და 3 ცალი ჭიქა, რომელიც 15-20 ქართველს უნდა გვეხმარა და დაგველია. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ღორები და მოსამსახურეები – ჩასულები დასარეცხად და ეს ყველაფერი უნდა გვეჭამა, თუ არადა, მოვკვდებოდით შიმშილით. მე მათ მივმართავდი „ძმით“ და უმორჩილესად ვთხოვე, რომ მოეცათ ადუღებული წყალი, რომელსაც ჭიქებში ჩავასხამდით და ისე დავლევდით, ვინაიდან, რაც მოგვიტანეს, ის იყო ბინძური. ერთ-ერთი დამთანხმდა, გაიღო რკინის კარი და გამიყვანეს სატუსაღოდან. შემიყვანეს ოთახში, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული… ამივსო (მესაზღვრემ) ახალი წყლის ჭურჭელი, ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო. რა თქმა უნდა, არ დავლიე და ამივარდა ისტერიკული ტირილი. ვუთხარი, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ და არ შეიძლება ასეთი დამცირება ადამიანის – ეს იყო დანაშაული“. როგორც მარიამ მენაბდიშვილი ამბობს, ისრაელის საბაჟოს თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველას გააგებინებდა, რაც მოხდა.

- სხვა ადამიანები თუ საუბრობენ ამ საკითხის შესახებ?

- მარიამ მენაბდიშვილის გარდა, ისრაელის საზღვარზე მათი უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობენ ხატია ხიზანიშვილი და ელიკო ჯიოშვილიც. მათ იურიდიული დახმარების თხოვნით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს მიმართეს. ეს გადავუგზავნეთ რეაგირებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული განცხადებები შეიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზული ხელყოფის ნიშნებს, რაც საჭიროებს სათანადო და ობიექტურ შესწავლას.

———

გიორგი თევზაძე ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევა ერთეული არ არის და ხშირია მსგავსი უკანონო და უპატივცემულო დამოკიდებულებები.

„ისრაელი არის მოძმე ქვეყანა და გვიკვირს მათი მხრიდან ასეთი აგდებული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ჩინოვნიკების ბრალი, თუმცა, არ არის გამორიცხული პროვოკაციაც, რასაც სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება და ამგვარ ფაქტებს წერტილი უნდა დაესვას. დამეთანხმებით, მეგობრობა უფრო მისაღებია, როცა ორივე მხარე ერთმანეთის მხრიდან გრძნობს მეგობრულ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას“, – გვითხრა გიორგი თევზაძემ.

Comments are closed