globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 6th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის ქრონიკა“: რატომ აკეთებინებს ევროკავშირი ღარიბაშვილის მთავრობასიმას, რაც სააკაშვილის ხელისუფლებასაც კი ვერ გააკეთებინა?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ირაკლი ალასანია სინამდვილეში რუსულ საქმეს აკეთებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რატომ გაიტრუნა ამხანაგი ლავროვი?“

„რეზონანსი“: ინტერვიუ კობა კობალაძესთან: „თავდაცვითი იარაღის შეძენაზე ირაკლი ალასანია თავის შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებს“

„რეზონანსი“: რუსული ეკლესიის “სააღდგომო საჩუქარი” საქართველოს // აფხაზი “დეპუტატები” აცხადებენ, რომ პატრიარქ კირილისაგან აფხაზეთში ეპისკოპოსების ხელდასხმის დაპირება მიიღეს

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ტალიავინის დასკვნის თანაავტორ რაიან გრისტთან:.. სამხრეთ ოსეთისმოგებაუსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა

———————-

„კვირის ქრონიკა“, 6 აპრილი, 2015 წელი

რატომ აკეთებინებს ევროკავშირი ღარიბაშვილის მთავრობასიმას, რაც სააკაშვილის ხელისუფლებასაც კი ვერ გააკეთებინა?

გელა ზედელაშვილი

უცხოური პრესა აქტიურად წერს იმაზე, რისთვის ჩავიდა ამ დღეებში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში და რა გარიგებები შეიძლება შედგეს ევროკავშირთან მესამე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში.

კულუარული ინფორმაციით, უკვე განიხილეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები – სავიზო რეგულაციები უცხოეთის სახელმწიფოებთან, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობის შესახებ. საქართველომ ევროკავშირისგან მორიგი რეკომენდაციები მიიღო, რომელთა შესრულება ქართველ საზოგადოებაში, ალბათ, არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს.

მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობდა და დახურულ კარს მიღმა ხუთი საათი გრძელდებოდა. სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის შესახებ კანონში ლიბერალური ცვლილებების შეტანას ითხოვს. არსებობს ბუნდოვანი ფორმულირება, რომ საქართველოს უკონტროლო ავტონომიების მცხოვრებლებმაც უნდა მიიღონ სიკეთე ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებიდან.

ავი ენების თქმით, უცხოური კომპანიები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის ნებართვის გარეშე დადიან და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, მალე მათი სამართლებრივი დევნა, ანუ თბილისის ოფიციალური ნებართვა აუცილებელი აღარ იქნება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას?

რატომ აკეთებინებს ევროკავშირი ღარიბაშვილის მთავრობას იმას, რაც სააკაშვილის ხელისუფლებასაც კი ვერ გააკეთებინა? ასევე, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის, რაც დღეს ხდება ჩვენს მეზობელ ირანში – როგორც უკვე იცით, გაეროს 6-მა სრულუფლებიანმა წევრმა ირანთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ურანის გამდიდრების შემცირების სანაცვლოდ ამ ქვეყანას მოუხსნიან დიდი ხნის წინ დაწესებულ სანქციებს. ამ საკითხებზე „ქრონიკას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

- ევროპელები ასეთ რამეს ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილს სთავაზობდნენ, მათ ჰქონდათ ასეთი წინადადება: აფხაზეთი რუსეთმა სულ რომ არ შეჭამოს და გადაყლაპოს, ამიტომ იქ ჩვენც უნდა შევიდეთო. მაშინ ძირითადად ლაპარაკი იყო აფხაზეთზე, იქ უნდა შესულიყო ევროპული კაპიტალი, ინვესტიციები და ასე შემდეგ.

- სააკაშვილი ამაზე რატომ არ დათანხმდა?

- ამათ შესთავაზეს, შედით, მაგრამ ყველაფერს ჩვენ გავაკონტროლებთო.აქ ერთი მომენტია, აფხაზეთი კი გაძლიერდება ეკონომიკურად, მაგრამ ამავე დროს რუსეთს შეუმცირდება ტვირთი და ჩვენ მაინც დავრჩებით ხახამშრალი. ახლა რუსეთი მთლიანად აფინანსებს აფხაზეთსა და ცხინვალს, აქ ნაწილობრივ რუსეთს ჩაენაცვლება ევროპა, მაგრამ პოლიტიკური და სამხედრო გავლენა დარჩება ისევ რუსული.

- როგორც ჩანს, ევროკავშირი ისევ ძალადობს და გვეუბნებიან, თქვენ ამ საკითხებში აღარ ჩაერიოთო.

- ჯერ კიდევ ჩერჩილმა თქვა, ყველაზე დიდი ეშმაკი დეტალებშია დამალულიო. თუ ჩვენ ხელები დავიბანეთ, ვუთხარით: კი, ბატონო, მიდით… აქ გასარკვევია, რუსეთი რა პირობებზე დათანხმდება? იცი, პუტინი რას იტყვის? არ არის პრობლემა, შედით აფხაზეთში, მაგრამ შედით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში. იქ გაფორმდება ხელშეკრულებები, ჩაიდება ინვესტიციები, როგორ ჩაიწერება აფხაზეთი, როგორც საქართველოს ნაწილი თუ პირდაპირ აფხაზეთი?

- მთელი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე გვავალებენ. ასოცირების ხელშეკრულებაში აფხაზეთსა და ცხინვალზე საერთოდ არაფერი წერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროკავშირს სურს, თავისი პროდუქციით იქაც შევიდეს. ჩვენ რომ ვასიამოვნოთ ევროკავშირი, არ არის გამორიცხული, დავთანხმდეთ მაქსიმუმზე.

- დიახ, ყველა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომის პაპზე მეტი კათოლიკე იყოს დასავლეთთან ურთიერთობაში, ოღონდ არა პრინციპულ საკითხებში. ჩემთვის დღეს პრინციპული ის არის, რომ აქ დაწესდეს ევროპული ცხოვრების წესი, თუ ცხოვრების დონე არ გვექნება შესაბამისი, წესი მაინც იყოს. უნდა მოისპოს ეს ნეპოტიზმი, ეს ნათესაობა. მაგალითად, საფრანგეთში რომ გასკდეს ის ამბავი, პარლამენტში კაცი შევიდა და ეგრევე მისი ოჯახის წევრებმა იმ დღესვე საჯარო სამსახურებში დაიწყეს მუშაობა, ეგრევე ატყდება დიდი სკანდალი და ასეთ პარლამენტარს გამოაბუნძულებენ. ახლა გავიგე, ჩვენს ეკონომიკის მინისტრს 12 მრჩეველი ჰყოლია. ბიჭო, 12 მრჩეველი რომ გყავს, შენ თვითონ არაფერი არ იცი? ჩვენ რუსეთთან ერთი მეტრი საზღვარი არ გვაქვს დადგენილი, ასევე არ გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. მეტიც, თურქეთის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, რომ აჭარა მათია, მაგრამ დღეს ოკუპირებულია. სხვათა შორის, იგივე ევროპა გვთხოვს, საზღვრები დააზუსტეთო, მაგრამ ამაზე მუშაობა 2008 წელს შეწყდა და ხმას აღარავინ იღებს. თუ აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით დათმობაზე წავა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს უკვე იქნება ამ რეგიონების არაპირდაპირი აღიარება.

- რა ხდება ირანში, რატომ მიდის დასავლეთი ასეთ სერიოზულ დათმობაზე?

- ეს ძალიან სერიოზული საკითხია… რაზეც დღეს დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ეს ჯერ არ არის ხელშეკრულება გაეროს ექვსეულსა და ირანს შორის, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ივნისის ბოლოს. როცა საკითხი დეტალებში წავა, იქ ისეთი ამბები წავა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. უკვე სხვანაირად ლაპარაკობს ობამა, სხვანაირად ლაპარაკობენ ევროპელები და სხვანაირად ლაპარაკობენ ირანში, გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და დაიწყო, ჩვენ ასეთ რაღაცებზე არ შევთანხმებულვართ, ობამა და ევროპელები ტყუიანო. ობამა ამბობს, რომ ორი მესამედით შემცირდება მოქმედი ატომური ცენტრაფუგების რაოდენობა, სადღაც საწყობში ჩაიკეტება და იქნება ზედამხედველობის ქვეშ. ამერიკის კონგრესში შეიკრა ბლოკი, სადაც ამბობენ, რომ ირანს ეს შეზღუდვები ექნება 10-15 წლის განმავლობაში, ამ დროის გასვლის შემდეგ გაუქმდება.

- და ეკონომიკური სანქციებიც მოხსნილი რჩება, ხომ?

_ რა თქმა უნდა, სანქციები რჩება მოხსნილი და ირანს 10 წლის შემდეგ უფლება ეძლევა, გააგრძელოს მუშაობა ბირთვულ იარაღზე. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მეცნიერულ კვლევას და რუსეთთან თანამშრომლობასო. გარდა ამისა, ირანი უკვე ითხოვს, სანქციები დღესვე გამიუქმეთო. ობამა ამბობს, არა, ჩვენ სანქციებს ჩაის კოვზის მეთოდით, ეტაპობრივად გავაუქმებთო. ირანს სხვა რამე აწუხებს, მას აქვს მილიონობით ბარელი ნავთობის მარაგი, ტანკერები სავსეა, მიწისქვეშა საცავები სავსეა, დაახლოებით 50 მილიონი ბარელი ნავთობი აქვს დასაწყობებული და ამისი გაშვება უნდა ბაზარზე. თუ ეს გაუშვეს, ადვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვება ამას. ჩვენთან რომ ყველაფერი უკუღმართად ხდება, სხვაგან არ არის ასე, მთელ მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ფასები მიბმულია ერთმანეთზე, ჩვენთან ცოტა რომ დაიწყო ბენზინის გაიაფება, მაშინვე დაიწყეს ავტოგაზის გაძვირება. ეს ველურობაა, ჩვენთან მოქმედებენ მე-15 საუკუნის წესებით.

- ახლა ირანს ამდენ ნავთობს გააშვებინებენ ბაზარზე?

- თუ სანქციები მოუხსნეს, რასაკვირველია, გააშვებინებენ. ამ პროცესს მოწინააღმდეგეები ჰყავს, მაგრამ მომხრე უფრო მეტია, ეს არის ყველაზე დიდი ჰარაკირი რუსეთისთვის. ამ ყველაფერმა ერთი ქვეყანა უკვე შეიწირა, მაგალითად, ვენესუელაში დღეს საწვავი წყალზე იაფი გახდა და ქვეყანა გაკოტრდა. ეს ამერიკის პოლიტიკაა და ვენესუელა მისი მოწინააღმდეგეა.

- რასაც რუსეთი უძლებს, სხვა რატომ აკეთებინებს ევროკავშირი ღარიბაშვილის მთავრობას იმას, რაც სააკაშვილის ხელისუფლებასაც კი ვერ გააკეთებინა? ქვეყნები ვერ გაუძლებენ.

- რა თქმა უნდა, ვენესუელა უკვე გააკოტრეს და დგება რუსეთის რიგი. თუმცა რუსეთს იმედი აქვს, როცა ირანს სანქციებს მოუხსნიან, ეს ქვეყანა ფულს იშოვის და დაიწყებს იარაღის შესყიდვას. სად შეიძენს ირანი იარაღს? რასაკვირველია, რუსეთში. ამიტომ, რუსეთი ერთი მხრივ აგებს, მეორე მხრივ იგებს. დღეს ამერიკაში არსებობს 106 სიონისტური ორგანიზაცია, რომელიც ლობირებს ისრაელს. აქამდე ყოველთვის იმარჯვებდა ისრაელის პოზიცია, ახლა ნათანიაჰუ ამას მოახერხებს? ირანის მიმართ ასეთ ლოიალობას კონგრესში, წინააღმდეგობას გაუწევს? აქ კიდევ ერთი მომენტია, ამერიკას ირანი დასჭირდა – იემენში მიდის სამოქალაქო ომი, ირანის მომხრეები იბრძვიან თავგამოდებით. გაეროში შეხვედრის ერთ-ერთი საიდუმლო შეთანხმება ისიცაა, რომ ირანი იემენში ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. დღეს ირანი აფინანსებს ახლო აღმოსავლეთში შიიტურ ორგანიზაციებს. აქ ფსონის თამასამ აიწია ძალიან მაღლა, რეგიონში დიდი გავლენა აქვს.

- დავუშვათ, ირანს სანქციები მოუხსნეს, გამდიდრდა, ჩვენ აქედან რამე ხეირს ვნახავთ?

- თუ ირანთან სავიზო რეჟიმს ისევ გავაუქმებთ, გამდიდრებული ირანელები შემოვლენ და ფულს დახარჯავენ. მეორე – შეიძლება იაფი საწვავი შემოვიდეს. სხვათა შორის, როდესაც მიშა სააკაშვილმა ირანთან საზღვარი გახსნა, ეს ამერიკელებს არ მოეწონათ, ამაზე აბუზღუნდნენ. აქ მედლის ორი მხარეა, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ამერიკელებმა ისევ ჩააკეტვინეს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ჩვენს დიპლომატიაზე, რაზეც მე კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს.

„ახალი თაობა“, 6 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ირაკლი ალასანია სინამდვილეში რუსულ საქმეს აკეთებს

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკოლებით)

ვინ მტრობს ქვეყნის უსაფრთხოებას, რამ გაამწარა ალასანია, რა ელოდებათ პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, რატომ ითხოვენ ქართველი მოღალატეების სიის გამოქვეყნებას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ კავკესიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

– ირაკლი ალასანიას არასდროს აკლდა ჩვენი კრიტიკა, როცა მას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. შენიშვნებს არც მოქმედ მინისტრ მინდია ჯანელიძეს ვაკლებთ, ოღონდ ჩვენ პროფესიული კრიტიკის ფარგლებიდან არასდროს გავსულვართ. იმ თემებზე არასდროს ამოგვიღია ხმა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოა. ალასანიას მიერ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერება ძალიან ცუდია. ამით, საქართველოს გარდა, ყველამ იხეირა.

ვინ ყველამ, წესით, ეს რუსეთის მეტს არავის გაახარებდა

– სხვებიც გახარებული არიან. რუსეთის ხელისუფლება სიამოვნებისგან იფშვნეტს ხელებს. ისინი თბილისის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას უკავშირებენ. მოსკოვი აცხადებს,რომ საქართველოს სამხედრო სიძლიერე რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. დასავლეთი ამბობს, თუ ამ სისტემის შეძენა გსურდათ, პროცესი გასამხედროებულ-გასაიდუმლოებულ რეჟიმში უნდა წარგემართათ. ეს მოლაპარაკება ჩაშლილია და დასავლეთი მოგებული დარჩა. მას ისედაც არ სურდა ჩვენ გამო რუსეთთან კონფრონტაცია. ახლა გარიგების აშლას ჩვენს გრძელ ენას აბრალებს. წაგებულები დავრჩით მარტო ჩვენ.

ვინ არის ამაში დამნაშავე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თუ ჯანელიძე-ღარიბაშვილის დუეტი?

– დამნაშავის გამოვლენა მარტივი არ იქნება. ამიტომ მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რაც ძალიან ნათელი და თვალშისაცემია. ალასანია გამწარებულია, გაღიზიანებული და გაბოროტებულია.

(…)

მან მაშინაც მწვავე განცხადება გააკეთა და განაცხადა, საქართველომ დასავლური კურსიდან გადაუხვიაო.

– ეს იყო თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ეს გაბუტული ბავშვის პოზიციას ჰგავდა, რომელიც გატყიპეს და გამოაგდეს. ვიმეორებ, ეროვნული უსაფრთხოების გამო რომ გადამდგარიყო, ის იქნებოდა პირველი. დასავლეთსაც სულ სხვანაირი რეაქცია ექნებოდა. ახლა ეჭვი ჩნდება. ეჭვი იმისა, რომ ამ კაცს, შესაძლოა, პროკურატურამ ხელი სტაცოს.

მის დაჭერას ვარაუდობთ?

– დაჭერას – არა, მაგრამ, შესაძლოა, სრულიად გაკოტრდეს. არ გამოვრიცხავ, სულ მალე ნოღაიდელის დონის პოლიტიკოსად იქცეს.

„ახალი თაობა“, 6 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „რატომ გაიტრუნა ამხანაგი ლავროვი?“

(შემოკლებით)

თავდაცვის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების პაექრობაზე და იმაზე, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, ალასანიას საფრანგეთში ყოფნისას დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა. „ახალ თაობას“ ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

„ჩემთვის ინფორმატიული გახლდათ საფრანგეთის ელჩისა და სამხედრო ატაშეს განცხადებები. დიახ, ზუსტად ისეა საქმე, როგორც ისინი ბრძანებენ, მაგრამ ისისნი არ საუბრობენ რაიმე დოკუმენტის არარსებობაზე. ისინი ამბობეწნ, რომ ქართულ მხარეს რაიმე ვალდებულება არ აუღია და არც ამ პროცესის რაიმე განხილვა მიდისო. სწორედ ასეა – იგივეს ვისმენთ ირაკლი ალასანიასაგანაც, რომ ხელი მოეწერა არა რაიმე სახის კონტრაქტს, არამედ დაფიქსირდა მემორანდუმი – ქართული მხარის სურვილი და ფრანგული მზარის მზადყოფნა ამ სურვილის დაკმაყოფილებისა.

თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, თუ ერთადერთი არა, როდესაც ეს სკანდალი მოხდა, რომელმაც ბრძჯანეთ, რომ ალასანიას დაურეკეს და შეთანხმებაზე ხელმოწერა აუკრძალეს.

– ასე იყო ნამდვილად. ბატონი ალასანია არ იყო ჯერ დაბრუნებული საქართველოში, როცა ჩავთვალე აუცილებლად, რომ ინფორმაცია ჰქონოდა თავად საზოგადოებას, რათა იგი არ გამხდარიყო რაიმე ტიპის სპეკულაციების საგანი, თუმცა გავიდა ხანი და ბატონი ჯანელიძე, ნებსით თუ უნებლიეთ, თავად ალაპარაკდა იმავეზე, რაზეც ვსაუბრობდი. თუმცა თავდაპირველად კატეგორიულაი მიუღებლობა იყო ამ ინფორმაციისა თბილისში დარჩენილ მოქმედ პირთა მხრიდან. ახლა იწყება ახალი ეტაპი ამ თემის გაშუქების და მუდმივად მოხსენიება ამ დოკუმენტის საიდუმლოებასთან დაკავშირებით.

ანუ ეს არ წარმოადგენდა საიდუმლოს?

– სამხედრო საიდუმლოება არის დასაცავი მაშინ, როდესაც ვალდებულება გვაქვს, ჩვენს მტერს არ მიუვიდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ. ეს შემთხვევა უკუღმა აყენებს რეალობას, რადგან ჩვენმა მტერმა ყველაზე ადრე იცოდა ასეთი სურვილის შესახებ და არაერთხელ მკაფიოდ გამოუთქვამს მიუღებლობა, რომ საქართველოს ჰქონოდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

მტერში რუსეთს გულისხმობთ?

– მე არ ვიცი, კიდევ რომელი  მტერი გვყავს და რომელ მტერს სურს ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა. ის, რაც წერია მემორანდუმში, გაჟღერებულია უკვე, როგორც ყოფილა, ასევე დღევანდელი მინისტრის მიერ და ორივენი ბრძანებენ იმას, რომ საქართველოს ასეთი სურვილი გააჩნია. თუმცა ვალდებულება არც ქართული მხრიდან და არც ფრანგული მხრიდან დაფიქსირებული არ არის. არის მხოლოდ სურვილი და მზაობა.

-         მხოლოდ სურვილით შემოიფარგლა ხელისუფლება და საქმე წინ არ წასულა?

- სწორედ ეგაა საქმე, რომ ბატონი ჯანელიძე თავად ბრძანებს, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის და გეგმით სრულდება. უკაცრავად და მაშ რატომ გაიტრუნა ასეთ შემთხვევაში ამხანაგი სერგეი ლავროვი, რომელიც არ თაკილობდა საკმაოდ პროვოკაციულ კითხვების დასმას ტელევიზიით და აინტერესებდა, თუ ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ამ სისტემის გამოყენებას საქართველო?

(…)

„რეზონანსი“, 06 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ კობა კობალაძესთან: „თავდაცვითი იარაღის შეძენაზე ირაკლი ალასანია თავის შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებს“

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ხმაურიან განცხადებას იმის თაობაზე, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობების შეძენაზე ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა მას ხელის მოწერა აუკრძალეს, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი კობა კობალაძე აფასებს და ამბობს, რომ ალასანიას საკუთარი შესაძლებლობების შესახებ გაზვიადებული წარმოდგენა აქვს. მისი თქმით, ამგვარი მნიშვნელობის მქონე საკთხები კონკრეტული მინისტრის ხელის მოწერით არ წყდება და ეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთშეთანხმების საგანია, – წერს რეზონანსი“ (ავტორი

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, როგორიც სახელმწიფოში გარკვეული შეირარაღების განთავსებაა, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღება. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი წვალება სჭირდება ნატოს ნებისმიერ არაწევრ სახელმწიფოს იმისათვის, რომ ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე ისაუბრონ. ასე რომ, ეს ტემაც, ჩემი აზრით, ცოტა გადიდებული ზარების რეკვაა.

(…)

აშკარაა, რომ ირაკლი ალასანია თავის შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებს. ასეთი რამ მარტივად არ ხდება – ვიღაც ჩავიდეს, ხელი მოაწეროს და ჩამოვიდეს. ეს უწყებათაშორისო შეთანხმების საგანია და მხოლოდ ერთი კონკრეტული სამინისტროს დონეზე არ წყდება. საფრანგეთის ელჩიც იმას ამბობს, რომ ალასაინიას განცხადებას საფუძველი არ ჰქონდა.

(…)

„რეზონანსი“, 06 აპრილი, 2015 წელი

რუსული ეკლესიის “სააღდგომო საჩუქარი” საქართველოს

აფხაზი “დეპუტატები” აცხადებენ, რომ პატრიარქ კირილისაგან აფხაზეთში ეპისკოპოსების ხელდასხმის დაპირება მიიღეს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, შესაძლოა, მომავალში აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსები დანიშნოს – ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატები აკეთებენ და აცხადებენ იმას, რომ მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქ კირილისაგან ეს დაპირება ერთი დათქმით მიიღეს – აფხაზეთში არსებული მღვდელმსახურების ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შერიგება უნდა მოხდეს.

საუბარია დოროთეი დბარისა და ბესარიონ აპლიას მომხრეებს შორის არსებულ განხეთქილებაზე, სადაც დბარის ჯგუფი მსოფლიო საპატრიარქოსთან სიახლოვეს ემხრობა და წირვისას პატრიარქ ბართლომეოსს მოიხსენიებს, ხოლო აპლიას დაჯგუფებას რუსეთის საპატრიარქოსთან სიახლოვე და მის იურისდიქციაში შესვლა სურს და წირვისას პატრიარქ კირილს მოიხსენიებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, სრულიად მიუღებელია, საქართველოს პატრიარქის ნებართვის გარეშე მის ეპარქიაში ვინმემ მღვდელმსახურება აღასრულოს და არანაირი კანონიკური საფუძველი არ არსებობს, რომ რუსეთისა თუ მსოფლიო პატრიარქს აფხაზეთის ეპარქიაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს. მისი თქმით, მათთვის ასევე მიუღებელია აფხაზეთის ორივე სამტროდ დაპირისპირებული სასულიერო დაჯგუფების პოზიცია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რომელსაც ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო.

დეკანოზი დავით შარაშენიძე: “სამწუხაროდ, ჩვენ დღეს აფხაზეთში ვერ შევდივართ. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა, რომელიც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა, არაერთხელ სთხოვა რუსეთის საპატრიარქოსა და სახელმწიფოს, რომ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ და მას აფხაზეთში მღვდელმსახურება აღესრულებინა, სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, ეს არ შესრულდა და აფხაზეთში არც ქართველ მღვდლებს მიეცათ შესვლის შესაძლებლობა.

“აფხაზეთის ე.წ. დეპუტატების მოთხოვნა და ეპისკოპოსების ხელდასხმა – ეს კანონიკის ძალიან უხეში დარღვევა და უგულებელყოფაა, ამას არც ერთი ავტოკეფალიური ეკლესია არ მიიღებს.”

დეკანოზის თქმით, საქართველოს პოზიცია რუსეთში იციან, თუმცა, თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, მოსკოვში შეიძლება პირადი წერილიც გაიგზავნოს.

ცნობისათვის: პატრიარქ კირილთან ვიზიტის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტარებმა 3 აპრილს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსკოვში ვიზიტი გაზაფხულის პირველ დღეს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე შედგა და ისინი რუსეთის დედაქალაქში თავისი ინიციატივით კი არ ჩავიდნენ, არამედ დე ფაქტო პარლამენტს სპეციალური მიწვევა მოსკოვიდან მიუვიდა და ამის შემდეგ ეწვია რუსეთის პატრიარქს სამი “დეპუტატი” აფხაზეთიდან – ვიაჩესლავ აგრბა, ბესლან ცხვინარია და იური ზუხბა. ისინი საზეიმო წირვას დაესწრნენ, ტრაპეზის შემდეგ პატრიარქმა კირილმა სოხუმელი სტუმრები სატახტო დარბაზში მიიღო.

აგრბას განცხადებით, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაზრება ეპისკოპოსის ხელდასხმის პერსპექტივის შესახებ. მისი თქმით, პატრიარქი კირილი გაგებით შეხვდა აღნიშნულ საკითხს და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი აფხაზეთის საზოგადოებასა და აფხაზ მღვდელმსახურებზეა დამოკიდებული.

“რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მომავალში შეიძლება მზად იყოს აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსების ხელდასასხმელად”, – აფხაზეთის “პარლამენტარებთან” შეხვედრისას პატრიარქ კირილის ნათქვამი გადასცა ჟურნალისტებს აგრბამ. მისივე თქმით, ამისათვის აუცილებელია აფხაზეთის შიდა საეკლესიო განხეთქილების გადალახვა.

“ახლა აუცილებელია, მღვდელმსახურთა დაპირისპირებული ჯგუფების შერიგების გზა მოვძებნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისკენაა განწყობილი პრეზიდენტიც. როგორც კი ამას მივაღწევთ, შესაძლოა, წარმოიქმნას სრულიად ახალი სიტუაცია და ჩვენი ეკლესიის აღიარების ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდეს,” – განაცხადა “დეპუტატმა”.

(…)

შესაძლებელია თუ არა, აპლია-დბარის დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის თუნდაც ავტოკეფალიის პერსპექტივის გამო შერიგება შედგეს? – ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

ცნობისათვის: 2011 წლის მაისში დოროთეი დბარის ჯგუფმა ახალ ათონში “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია” შექმნა და მას შემდეგ სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის თვითგამოცხადებულ არქიმანდრიტ ბესარიონ აპლიასთან, რომელიც აფხაზეთის ეკლესიის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევა, შეურიგებელი მტრობა აქვს.

“რაც დრო გადის, ამ ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება არა თუ ნელდება, პირიქით, უფრო მძაფრდება და მათი შერიგება გამორიცხულია. რუსეთის მოწინააღმდეგენი დბარს, მომხრეები კი აპლიას უჭერენ მხარს და ეს გაყოფა უკვე ძალიან აშკარაა,” – ამბობს პაპასქირი.

“სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლობას ვერ აღიარებს. ეს ძალიან რთულია, რადგან მსოფლიო საეკლესიო კანონი ასეთ ნორმას არ ცნობს, რომ მარტო ერთმა ეკლესიამ აღიაროს ავტოკეფალია. თუმცა, თუკი რუსეთის საპატრიარქო ამას მაინც გააკეთებს, საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია კონტრ ღონისძიებაზე წავიდეს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რაც ასევე უკანონო იქნება, მაგრამ იქნება პასუხი და ამდენად, მიაჩნია, რომ მოსკოვი ამ ნაბიჯზე არ წავა.

არეშიძე ასევე გამორიცხავს, რომ რუსეთის ეკლესიამ აფხაზეთში ეპისკოპოსების დანიშვნა დაიწყოს და ამას აფხაზების ტყუილს უწოდებს. “ის, რასაც აფხაზები ამბობენ, რომ თითქოს ეპისკოპოსების კურთხევის დაპირება მიიღეს, არარეალურია. პოლიტიკოსებს ახასიათებთ ჩვევა, რომ ამომრჩეველს გულის მოსაგებად ტყუილი უთხრან, თავისი პოლიტიკური მიზნების გასამართლებად. გამორიცხულია, საქართველო რუსეთს დათანხმდეს ეპისკოპოსების თუნდაც დროებით კურთხევაზე,” – დასძენს არეშიძე.

თეოლოგის, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მრჩეველ ლევან აბაშიძის განცხადებით, რუსეთმა ჩვენ გარეშე, ცალმხრივად თუ დაიწყო ეპისკოპოსების ხელდასმა აფხაზეთში, ეს ყველასთვის ცუდი იქნება. “ამ ეპისკოპოსებს არ სცნობს, რუსეთის ეკლესიის გარდა, არავინ და ეს მრავალ პრობლემას წარმოშობს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის,” – ამბობს აბაშიძე და მიიჩნევს, რომ თუ გვინდა, აფხაზეთში პროცესები უკონტროლოდ, ჩვენი ეკლესიისაგან აბსოლუტურად კონტროლს გარეთ არ წარიმართოს, ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისები უნდა გამოიძებნოს.

“რეალურად აფხაზეთში არა თუ ჩვენი პატრიარქი და ეპისკოპოსი, მღვდელიც ვერ შედის. ჩვენი ეკლესიის პოზიცია – თუ მე ვერ შევდივარ, სხვასაც არ შევუშვებ (თუნდაც დროებით), იქნება ეს რუსეთის თუ მსოფლიო პატრიარქის მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსი – არასწორია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ მართლმადიდებლებს კანონიერი მღვდელმსახურების გარეშე დატოვებისათვის ვწირავთ. დღეს რეალურად აფხაზეთში კანონიკურად ხელდასხმული ეპოსკოპოსი არ არის, აფხაზეთში მცხოვრები მართლმადიდებლების ბედი კი ჩვენი ეკლესიის პასუხისმგებლობაა და ჩვენმა ეკლესიამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ აფხაზეთში დროებით მსოფლიო პატრიარქის მიერ ნაკურთხი ეპისკოპოსი შესულიყო, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს ნაბიჯი იმითაცაა დადებითი, რომ ბერძნები დააბალანსებდნენ აფხაზეთში რუსეთის დიდ გავლენას. აფხაზეთის ეკლესიის სტატუსზე კი ყოველგვარი საუბარი ზედმეტია და ჩვენი ეკლესია ამას, რა თქმა უნდა, უარყოფს. აფხაზეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ეპარქია და ჩვენი მხრიდან სტატუსზე ლაპარაკი ამ ეტაპზე არ იქნება”, – ამბობს ლევან აბაშიძე.

(…)

გუშინ ამ საკითხზე საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღების შესახებ, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისთვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ, კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ, მეორენი იგივეს რუსეთის ეკლესიას სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ მისი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება, აფხაზეთში შესვლას ითხოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც, თუმცა, ადგილობრივი “ხელისუფლების” წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება.

„კვირის პალიტრა“, 6 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ ჰაიდი ტალიავინის დასკვნის თანაავტორ რაიან გრისტთან:.. სამხრეთ ოსეთისმოგებაუსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა

“ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, დიპლომატიური მისიების ვეტერანი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსეთის ჯაშუშად შერაცხილი რაიან გრისტი ის ადამიანია, ვისმა სიტყვებმაც განსაზღვრა დასავლეთის შეფასება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. “კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს, ქართული მხარის საპასუხო რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციული იყო”, – განუცხადა 2011 წელს „უოლ სთრით ჯორნელს“ რაიან გრისტმა, რომელიც ომის პერიოდში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

2008 წელს მას ეს სიტყვები და თვითნებური გამგზავრება ცხინვალში ეუთოში სამსახურის ფასად დაუჯდა. თუმცა, 2012 წელს გრისტი საქართველოში დაბრუნდა – ამჯერად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე (რომელიც ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა). “ეს იყო აბსოლუტური კრახი”, – ასე შეაფასა ეუთოს, როგორც დამკვირვებლის, საქმიანობა გრისტმა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან უცხოელთაგან, ვინც დასავლელი დიპლომატების გაკრიტიკებასაც არ მოერიდა. მეტიც, როგორც აღნიშნა, სულ მალე მოგონებების წიგნად გამოცემასაც აპირებს. რაიან გრისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ „კვირის პალიტრას“ მისცა.

გთავაზობთ ამონარიდებს:

“ალბათ, ომის შემდეგ რუსეთზე მეტი ზეწოლა იყო საჭირო. განსაკუთრებით, თუ იმას გავიხსენებთ, რომ რუსეთმა ე.წ. დიპლომატიურ “ბირთვულ ღილაკს” დააჭირა თითი – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც გართულდა ამ კონფლიქტებიდან დიპლომატიური გამოსავლის მოძიება… მინდა ერთი რამ გავიხსენო: 2008 წლამდე, ეუთოს მანდატით ოსებთან მუშაობისას, უმრავლესობას ჰქონდა განცდა, რომ საბოლოოდ რუსეთი მათ გაყიდდა, უკანვე მიჰყიდიდა საქართველოს, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ ნატოში გაწევრების დათმობის სანაცვლოდ. რატომ გავიხსენე ეს? ვფიქრობ, რომ ომამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის “მოგება” უსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა, მაგრამ სააკაშვილს საკუთარი პროექტი ჰქონდა: ალტერნატიული მთავრობით, სანაკოევით. სანაკოევს ბევრჯერ შევხვედრივარ და პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მას არავითარი წონა არ ჰქონდა ოს მოსახლეობაში, აღიქმებოდა, როგორც გარე ძალების მიერ თავს მოხვეული კანდიდატურა. თვითონ პროექტი, იდეაც, ვფიქრობ, არასწორი და დასაწყისშივე წამგებიანი იყო

(…)

“ალტერნატივა იქნებოდა უკეთესი ჩართულობა: ვაჭრობა, გზების გახსნა, კომუნიკაციები, სახალხო დიპლომატია. თუმცა, საქართველოს კონფლიქტები მრავალფენოვანია – დაწყებული ადგილობრივი დე ფაქტოებით და დამთავრებული კრემლითა და ნატოთი. ასეთი კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ყველა ფენასთან ერთდროულად უნდა იმუშაო, რაც ადვილი არ არის. მაგრამ კარგი მთავრობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, ამას უნდა აკეთებდეს. რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ მთავრობას, მგონია, ჯერ აქამდე შორი გზა გაქვთ. თუმცა, შეუძლიათ, გააკეთონ, თუ სათანადო ენერგიასა და ინტელექტუალურ რესურსებს დახარჯავენ. ამასთან, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – საქართველოს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ამას ვერსად გაექცევა. მშვენიერი ქვეყანა გაქვთ, მაგრამ გარშემო მძიმეწონოსანი მეზობლები გახვევიან. ამის ფონზე არსებობა და განვითარება ურთულესია. აი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გყავდეთ ჭკვიანი და მამაცი ხალხი. აქ კარგა ხანია, ამგვარი პოლიტიკური ჭკუისა და სიმამაცის ნაკლებობა იგრძნობა. მაგალითად, 2008 წელს არავის ეგონა, თუ საქმე ასე შორს წავიდოდა და ასეთ შედეგებს მივიღებდით.

(…)

“ვფიქრობ, არავინ ელოდა იმ უგუნურებასა და ნამდვილ სიგიჟეს, რაც საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში სუფევდა. ეს პირადად ვუთხარი იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება… დიახ, სააკაშვილი საკმაოდ გაუწონასწორებელი ტიპია და მისი რეაქციაც სწორედ ასეთი იყო. გეტყვით, რა და როგორ მოხდა: წელს, ზამთარში, სტამბოლის აეროპორტში ვიჯექი და ჩემს ფრენას ველოდებოდი, როდესაც სააკაშვილი ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდას მიუჯდა. ავიხედე და, აჰ, ამას ხომ ვიცნობ-მეთქი! კომპიუტერი დავხურე, გვერდით მივუჯექი და ვუთხარი: „სალამი, პრეზიდენტი სააკაშვილი ხართ, არა?“ ძალიან გაუხარდა, რომ იცნეს. გულწრფელად ვუთხარი, რომ მან და მისმა პარტიამ ბევრი კარგი გააკეთეს საქართველოსთვის, მაგრამ 2008 წლის ომი სრული სიგიჟე იყო. სანამ რამეს მიპასუხებდა, ვუთხარი, ვინც ვიყავი. სახელი წამიერად ეცნო და მერე ჩვენი საუბარი უკვე სხვაგვარად წარიმართა. ძალიან გაღიზიანდა და ჩვეული ეპითეტით შემამკო, რუსეთის ჯაშუში ხარ, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო! მერე უკვე ხმას აუწია და ხალხმა ყურადღება მოგვაქცია. საბედნიეროდ, თემურ იაკობაშვილი გამოჩნდა, სააკაშვილი ადგა და დემონსტრაციულად გავიდა, მე და თემურმა კი, როგორც ძველმა კოლეგებმა, კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ. მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი რამის თქმა ვერ მოვასწარი: იმიტომ მივედი და მივესალმე, რომ ვიმედოვნებდი, მისი პიროვნების ჩემეული აღქმა არასწორი იყო და არსებობდა რაციონალური მიზეზები, რაც ახსნიდა მის საქციელს 2008 წლის ომის დროს, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, უარესი შთაბეჭდილება დატოვა. არადა, ძალიან მინდოდა, მტყუანი აღმოვჩენილიყავი. ჩემი თავისთვის მეთქვა, ნახე, ცდებოდი, ნორმალური ტიპია, გონიერი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. ამიტომ მგონია, რომ ასეთ ადამიანებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მან 2008 წლის ომის დროს მიიღო. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი უცხოელი დიპლომატებიდან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წლის ომში და ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ახალგაზრდა ქართველი მეომრების ცხედრები, რომლებიც ცხინვალში ეყარა. დღემდე ვბრაზობ, ვერ გამიგია, რატომ­ უნდა დაღუპულიყვნენ ეს ახალგაზრდები ვიღაცების ბრიყვული გადაწყვეტილების გამო. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბრაზობენ თამარაშენის, ქურთას მკვიდრნი და კიდევ ბევრი სხვა.

(…)

“უშუალოდ ომის წინ მისიას მე ვხელმძღვანელობდი – ტერი ჰაკალა, თავმჯდომარე, საქართველოში არ იმყოფებოდა. როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ოფისში თათბირი გავმართე: სწორი იქნებოდა თუ არა, ჩვენი ცხინვალის ოფისიდან პერსონალის ევაკუაცია მოგვეხდინა. საბოლოოდ, კომპრომისამდე მივედით: ოფისში დავტოვეთ სამი კაცი, რათა ეუთოს დროშა, ასე ვთქვათ, არ დაშვებულიყო. იმ საღამოს ოფისში გვიანობამდე დავრჩი და ტელევიზორში სააკაშვილის გამოსვლას ვუყურებდი. ამბობდა, ქართველები და ოსები ძმები ვართო და ა.შ. ცოტა დავმშვიდდი. გვიან ღამით კი დამირეკა ცხინვალში დატოვებული სამი სამხედრო დამკვირვებლიდან ერთ-ერთმა, რომ მათ ბომბავენ, რომ ბომბები ჩვენი ოფისის ბაღშიც კი ჩამოვარდა და თავი სარდაფს შეაფარეს. მაშინვე სხვადასხვა საელჩოს გადავურეკე და გავაგებინე, რა ხდებოდა. მეორე დილით სხვა დიპლომატებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმიწვიეს. ჩატარდა ბრიფინგი, სადაც შეგვატყობინეს, რომ ცხინვალში მხოლოდ სამხედრო სამიზნეები დაიბომბა. შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა დიპლომატებმა პირად საუბარში მკითხეს: “აბა, რაიან, რას ფიქრობ? სიმართლეს გვეუბნებიან?” და მე მომიწია, მეთქვა, რომ რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ტყუილი იყო – სამხედრო სამიზნეებია უნივერსიტეტი და საერთაშორისო მისიის ეზო? სააკაშვილის გადაწყვეტილება (დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მის გარეშე არ მიიღებდნენ), ქალაქი ღამით დაებომბა, უზარმაზარი შეცდომა იყო.

(…)

“შენს მოქალაქეებს “გრადის” რაკეტებით ბომბავ? გაუგონარია! და ამას გარდა, იქვე განლაგებული იყო რუსეთის ე.წ. მშვიდობისმყოფელების კონტინგენტი. მშვიდობას “ყოფენ” ისინი თუ მტრობას, სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტი ერთია – რუსეთი იყო და არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და არ შეეგუება საკუთარი მშვიდობისმყოფელების დაბომბვას, აუცილებლად მიაყენებს მასირებულ საპასუხო დარტყმას. იცით, რა? იმავეს იზამდა დიდი ბრიტანეთი, იმავეს იზამდა შეერთებული შტატებიც. გარდაუვალი იყო რუსეთის საპასუხო, უმძიმესი შედეგების მქონე რეაქცია. ვფიქრობ, სააკაშვილი იმედოვნებდა ერთგვარი შოკური თერაპიის ჩატარებას და ყველაფრის მანამდე მომთავრებას, სანამ სხვები გონს მოვიდოდნენ – სურდა ე. წ. პატარა ომის მოგება 24 საათში. მაგრამ, მორალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც ასეთი მიზნები გაქვს, რუსეთს შემოსასვლელი გზები უნდა დაუხშო – დაბლოკე გვირაბები, ააფეთქე ხიდები და ა.შ. მას ასეთი არაფერი გაუკეთებია. არადა, ამისთვის სულაც არ არის საჭირო დიდი სამხედრო სტრატეგობა. როდესაც ბრძოლებს შუა ქალაქში მართავ, მსხვერპლს ვერ აიცილებ თავიდან და შეუძლებელია, ეს ელვისებურად გააკეთო. მერე ქართული ტანკები ცხინვალის ქუჩების “ჭაობებში” ჩაეფლნენ, იმიტომ, რომ არავის მოაფიქრდა ქვეითი რაზმების გაგზავნა, რომლებიც მანევრირებაშეზღუდულ სამხედრო ტექნიკას დაიცავდა…

(…)

“ყველაფერი, რაც მე ვთქვი, ასახულია­ ტალიავინის დასკვნაში. რაც შეეხება იმათ, ვინც ჩემეულ ხედვას არ იზიარებს, რას იზამ, დიპლომატები დიპლომატიურები არიან. ტერი ჰაკალაც ნამდვილი დიპლომატი იყო. შესაძლოა, სურდათ, კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ საქართველოს მთავრობასთან, რაც გასაგებია. მე არავის ვადებ ხელს, მაგრამ მწამს, რომ ჩვენს სამყაროში დიპლომატიას ზოგჯერ სრული უსუსურობის დასაფარავად იყენებენ. ჩემი აზრით, სწორედ მსგავსი ელემენტები იყო 2008 წლის მოვლენების მიმართ ზოგი საერთაშორისო დიპლომატის მიდგომაში. მაგრამ მე ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი თავიდანვე და რაც წერია კიდეც ტალიავინის ანგარიშში: შეიძლება იყო პროვოკაციები, სისულელეების მეტი რა ხდება, მაგრამ გადაწყვეტილება, დაებომბათ ცხინვალი, მიღებულ იქნა უმაღლეს ეშელონებში და ეს გადაწყვეტილება იყო კატასტროფული და უგუნური. ჰაკალასთან შეხვედრის შემდეგ ვფიქრობდი, ახლა რა ვქნა-მეთქი? ეს იყო უზარმაზარი დაპირისპირება დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის. გადავწყვიტე, წავსულიყავი და თავად მენახა ყველაფერი. ვაღიარებ, შეიძლება, ეს არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიმიღია, მაგრამ მაშინ გონივრულად მეჩვენა. დილით ეუთოს მანქანაში ჩავჯექი და ცხინვალისკენ გავეშურე.

(…)

“გადასახვევამდე ისე მივედი, არც ოსები და არც რუსები არსად ჩანდნენ. მერე დავინახე რუსების არმია. რუსული ტანკები ცხინვალისკენ მიდიოდნენ. ტანკებს მივადექი და რუს ოფიცერს ვკითხე: “უკაცრავად, ცხინვალისკენ მივდივარ, შეიძლება გავიარო?” “შეიძლება. უკან გამოგვყევით”, – მითხრა და ასე, რუსების კოლონასთან ერთად შევედი ცხინვალში. პირველი ნაცნობი სახე, რომელიც შემხვდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. მკითხა, რაიან, გაგიჟდიო? მგონი კი-მეთქი, ვუპასუხე. ცხინვალიდან ამერიკელებსა და ფრანგებს დავუკავშირდი, ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით გამოადგათ ჩემი მონაყოლი, რადგან რუსებთან სწორედ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, სწორედ ცხინვალში ვნახე, რა დაჯდა ეს ომი. იყო თუ არა სიგიჟე ცხინვალში წასვლა? შესაძლოა, მაგრამ საჭიროც იყო. იყო თუ არა სახიფათო? მეშინოდა თუ არა? ძალიან. მე არა ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ მახსოვს, ჯვრის მონასტერთან მანქანა გავაჩერე და ჩემი შვილების ფოტოებით ხელში ვილოცე. ვიცოდი თუ არა, რომ ეს წერტილს დაუსვამდა ჩემს კარიერას ეუთოში? ამის მიხვედრა ძნელი არ იყო, რადგან უფლებამოსილებას აშკარად გადავაჭარბე.

(…)

შეკითხვა: თქვენი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მკითხველები ორად გაიყოფიან: ნაწილი დაიჯერებს, რომ გულწრფელი ხართ და საქართველოს ბედი ნამდვილად გადარდებთ, ნაწილი კი უბრალოდ იტყვის, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ომის “რუსულ ვერსიას” ავრცელებს…

რაიან გრისტი: “ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რუსული ვერსიაა. ეს ევროკავშირის დასკვნაა. ტალიავინის ანგარიშიც ამას ამბობს. რაც შეეხება რუსეთის ჯაშუშობას, ეს სააკაშვილმა მიწოდა. მე არ ვამართლებ რუსეთის მოქმედებებს, უბრალოდ, მე ვხედავ მიზეზებს მათ უკან. არასდროს ვყოფილვარ ანტიქართველი ან პრორუსი. აქ უამრავი ძვირფასი მეგობარი მყავს და ჩემს გოგონასაც უმიზეზოდ არ ჰქვია ჯორჯია. ვარ თუ არა ანტიომისტი? დიახ! განსაკუთრებით თუ იმ ბრიყვულ 2008 წლის ომს ეხება საქმე, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, რომელმაც ათასჯერ უფრო გაურთულა საქმე საქართველოს. თქვენ რა, გგონიათ, რუსეთი უცებ იტყვის, უი, შეგვეშალა, არ უნდა გვეღიარებინა ამათი დამოუკიდებლობა, აჰა, უკან წაიღეთო? გამორიცხულია. აუცილებელი იყო ასე მომხდარიყო? არა. ეს იყო სულელური შეცდომა და ეს არ იყო საქართველოს, ქართველი ხალხის შეცდომა. ეს იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის შეცდომა”.

(…)

“როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ეს პოზიცია გამოაცხადეს და ბრიტანეთმა წარმადგინა, დარწმუნებული ვიყავი, არ ამიყვანდნენ სწორედ ჩემი წარსულის გათვალისწინებით. და სიხარულისგან ცას ვეწიე, როდესაც მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დამნიშნეს. ჩამოვედი და სწორედ ეს მედიააურზაური დამხვდა, აკრიტიკებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც თითქოსდა თანხმობა არ უნდა მიეცა ჩემს დანიშვნაზე, მაშინ როცა ეს საკითხი ბრიუსელში წყდება, საქართველოს ჩაურევლად. სამწუხაროდ, ალბათ, სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს, დიპლომატიური აკრედიტაცია გასცეს ჩემს სახელზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბრიუსელშივე მითხრეს, რომ მაინცდამაინც არ გამოვჩენილიყავი და მედიის ყურადღებას მოვრიდებოდი. ასეც მოვიქეცი: ეს ინტერვიუ ერთადერთია, რაც ამ სამი წლის მანძილზე გავეცი. როცა აქ ჩამოვდიოდი, ვფიქრობდი, სათანადოდ გამომიყენებდნენ, მე ბევრ ადამიანს ვიცნობ აფხაზეთსა და ოსეთში და შემიძლია ვთქვა, მათი ნდობა წლების მანძილზე მოვიპოვე, მაგრამ ამის ნაცვლად მითხრეს, რაიან, ნუ გამოჩნდებიო. რას იზამ!”.

Comments are closed