globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 6th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: სამი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის „ოცნების“ განახლებას

რეზონანსი: პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა

რეზონანსი: „ნაცმოძრაობის“ პირველი 10-ეული და პოტენციური წამსვლელები

——

ალია”: „ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნოდ არაფერი დაუთმო

ალია”: როგორ აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში” გიორგი ვაშაძის წასვლას

ალია”: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: ის, რაზეც „ნაცმოძრაობის“ დატოვების შემდეგ მან მხოლოდ „ალიასთან” ისაუბრა

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „უარს ვამბობ სკამისთვის ბრძოლაზე… „ნაცმოძრაობა“ ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გაგრძელებას”

„ახალი თაობა“: მიხეილ სააკაშვილის გუნდს უკრაინაში კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა

——

რეზონანსი: სომხეთი ყარაბაღის აღიარებას ამზადებს, კავკასია დიდი ომის ზღვარზეა

———————

რეზონანსი“, 06 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: სამი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის “ოცნების” განახლებას

ლიკა ამირაშვილი

ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძის წასვლის მიზეზი ისაა, რომ პარტიას განვითარების პოტენციალი აღარ აქვს. როგორც ხუხაშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობა” კრიზისში იმყოფება, მისი დაშლის ილუზია არ არსებობს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობაზე” ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არ არის, ამიტომ მათ საქილიკოდ არ უნდა იცლიდეს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რეალურად ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ორი პოლიტიკური ფიგურა – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მართავს, ამიტომ ერთი რომელიმე “პაიკის” პარტიიდან წასვლა არც რეიტინგს და არც პოლიტიკურ ფონს არ ცვლის.

გია ხუხაშვილი: როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში კონკრეტული მიზეზები, რასაც ასახელებენ, მხოლოდ საბაბია. მიზეზები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკურ ციკლში “ნაციონალურ მოძრაობას” ზრდის პოტენციალი არ აქვს, რასაც ბოლო კვლევაც აჩვენებს. მათ თავისი სტაბილური ელექტორატი ჰყავთ, მაგრამ ზრდის პოტენციალი, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემთ, ასეთი პოტენციალი არ არსებობს. ასეთი ვითარებაში, ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შიგნით გარკვეული დაძაბულობა იწყება. მოგეხსენებათ, სივრცე შეზღუდულია, ფიგურების რაოდენობა კი საკმაოდ ბევრია. ამიტომ ასეთი ტიპის კრიზისულ სიტუაციაში. ასეთი პროცესები ვითარდება ხოლმე. ასე რომ, არაფერი გასაკვირი არ არის. ობიექტური პროცესია, როცა ხვალ შეიძლება სხვა იყოს მის ადგილას. თუმცა იმის ილუზია არ მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამაზე სერიოზული რყევები გადაიტანა და სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა. კრიზისული გამოტყორცნები იქნება, მაგრამ ვფიქრობ, პარტია მაინც არ დაიშლება.

- მიხეილ სააკაშვილი ვაშაძის პარტიიდან წასვლას ბიძინა ივანიშვილის “თამაშებს” უწოდებს.

- ეს უკვე პოლიტიკური განცხადებებია. ვფიქრობ, ამ პროცესს გარედან ჩარევა არ სჭირდებოდა. შიდა მიზეზები სავსებით საკმარისი იყო. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ამიტომ მისი ეს განცხადება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. როდესაც შიდა მიზეზები მომწიფებულია, გარედან ჩარევა არასდეს ეფექტური არ არის ხოლმე. ამ დროს უმჯობესია პრობლემები ყოველთვის შიგნით ეძებო. რასაც უნდა ამბობდნენ – სიებს თუ სხვა რამეს – ეს მხოლოდ საბაბია. რეალური მიზეზი ისაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ზრდის პოტენციალი არ აქვს.

ხელისუფლების გამკვირვებია, როდესაც ისინი მათზე ქილიკობენ. მათი მდგომარეობა “ნაციონალურ მოძრაობაზე” ბევრად უკეთესი ვერ არის. შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობა” კრიზისშია, მაგრამ “ქართული ოცნება” უკეთეს მდგომარეობაში არ არი, იქ თუ ვაშაძე წავიდა, აქ მთელი კოალიცია დაიშალა. “ქართულ ოცნებას” საქილიკოდ საქმე არ აქვს, ყველა პარტიამ თავის პრობლემებს მოუაროს. “ნაციონალურ მოძრაობას” ზრდის პოტენციალი რომ არ აქვს, “ოცნებას” ეს არანაირად არ შველის იმიტომ, რომ თვითონაც სერიოზული პრობლემები აქვს. ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მას არა მარტო ცუდი ოპოზიცია ჰყავს, არამედ ხელისუფლებაც ცუდი ჰყავს. “ქართულმა ოცნებამ” ამ პრობლემაზე უნდა იფიქროს და არა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე.

რეალურად საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რეალური ლიდერის ნიშნით ორი ადამიანი თამაშობს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ამ დროს ფორმალურად არც ერთი პოლიტიკაში ინტეგრირებული არ არის. ამ ქვეყანას ასეთი ბედი ერგო, რომ ასეთი უცნაური პოლიტიკური პროცესი მიდიოდეს, როდესაც მთავარი მოთამაშეების პოლიტიკაში ყოფნა არ დასტურდება.

ასეთია რეალობა. სხვა ყველაფერი – ვინ რას აცხადებს, ვინ რომელ ჯიპში ზის – ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურ ამინდს ვერც ერთი ვერ ქმნის, მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში. ვაშაძის ლიდერობაზე საუბარი არასერიოზულია.

- “ნაციონალური მოძრაობის” კრიზისი “ქართული ოცნების” რეიტინგზე თუ იმოქმედებს?

- ვფიქრობ, “ნაცმოძრაობის კრიზისი” “ოცნების” რეიტინგზე არ იმოქმედებს. “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი იწყება იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია, ისევე როგორც “ქართული ოცნების” რეიტინგი იწყება იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება. რეალურად, მთელი პოლიტიკური პროცესი ამ ორ ადამიანზეა მიბმული და მათთან იდენტიფიცირდება. ამ ორ პარტიაში არც ერთ პოლიტიკურ ფიგურას პოლიტიკური წონა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიპებით დადიან და კაბინეტებშიც სხედან, ეს არაფერს ნიშნავს. რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოთამაშეები არ არიან, ისინი არიან საჭადრაკო დაფაზე პაიკები, რომლებიც თავისით ვერ მოძრაობენ. მათ სხვები ამოძრავებენ და მოძრაობის დიაპაზონიც ძალიან შეზღუდულია. ვერასოდეს ეს პაიკები, ვერც ერთი მათგანი, ისე ვერ განვითარდა, რომ რომელიმე ეს პაიკი სხვა სამოძრაო პოზიციაში გადასულიყო.

- მსგავს შემთხვევას კიდევ თუ უნდა ველოდოთ?

- ეს ყველაფერი დეტალებია და მნიშვნელოვანად არც მიმაჩნია. “ნაციონალურ მოძრაობაში”, რა თქმა უნდა, კრიზისი მიდის, ისევე როგორც “ქართულ ოცნებაში. შეიძლება გათვითცნობიერებული არ ჰქონდეთ, მაგრამ ერთიც და მეორეც კონსოლიდირებული არიან მთავარი მოთამაშეების ირგვლივ. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. “ნაციონალურ მოძრაობამ” ვიღაც თუ ჩამოისხლიტა, ეს სურათს არ ცვლის, მათ შორის არც რეიტინგს.

- “ქართულ ოცნებაში” რა პროცესები მიდის და სიებთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

- “ოცნების” პრობლემა ისაა, რომ არანაირი პროცესი არ მიდის. მას მოძრაობა არც ცუდისკენ და არც კარგისკენ არ შეუძლია, უბრალოდ არ მოძრაობს და მოლოდინის რეჟიმში მუშაობს. სულ გვპირდებიან, რომ გაიღვიძებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის პერსპექტივა ძალიან შეზღუდული აქვთ. რაც შეეხება სიებს, მათი რესურსი სერიოზული განახლების კუთხითაც ძალიან შეზღუდულია, ბევრი მიზეზის გამო.

- რა მიზეზებია ეს?

- ისინი საკუთარი თავის მძევლები არიან. ძველი პოლიტიკური ელიტის ახლით ჩანაცვლება ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მიზეზი გამოა შეუძლებელი.

პირველი – ახალგაზრდა ამბიციური ადამიანებისთვის “ქართული ოცნება” მიზიდულობის ცენტრი არ არის, ამიტომ ეს ადამიანები ამ პარტიაში ინტეგრირებას ერიდებიან. გარდა ამისა, ეს პარტია ხელისუფლებაშია. ხელისუფლებაში შერჩევის პროცესში კარებთან ყოველთვის უფრო ახლოს კარიერისტები და კეთილდღეობის მოყვარული ადამიანები მიდიან, ნორმალური ადამიანი იქ ვერ ხვდება გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მერკანტილური ხიბლი აქვს. ასეთი გაქნილი კარიერისტები ნორმალურ ადამიანებს კარებთან არასოდეს არ მიუშვებენ, მათ სხვა მოტივაცია აქვთ, ბევრად უფრო ძლიერი. მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ რეალურად დღევანდელი ელიტა, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეწინააღმდეგება თავის თავის ჩანაცვლებას და ისინი იბრძოლებენ გადარჩენისთვის. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დიდწილად ამომრჩეველი დაკარგა. ამომრჩევლის შემობრუნება კი ძალიან რთული და პრობლემატური იქნება. ამ მოკლე დროში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის დაბრუნებისთვის მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს და რა პრობლემებიცაა, იმის გადაწყვეტაზე უნდა იფიქროს. ესენია უმუშევრობა, სოციალური პრობლემატიკა და ა.შ.

ეს არ არის ის პრობლემები, რომელიც 4-წლიანი ძილის შემდეგ რამდენიმე თვეში წყდება. აქედან გამომდინარე, ვუსურვებ წარმატებას, რომ რაღაც მაინც გაეკეთებინოთ და ერთი-ორი კაცი მაინც დაებრუნებინოთ დაკარგული ელექტორატიდან.

- პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ხალხში დიდი მოთხოვნაა, რომ მისი ფონდი პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. პარტიად გადაკეთების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე რა შანსი ექნება?

- ამ შემთხვევაში პაატა ბურჭულაძის პარტია პარლამენტში მოხვდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად შეძლებენ ისინი აპათიაში მყოფ ამომრჩეველს ახალი ნათელი იმედი გაუჩინონ. ვფიქრობ, ამ კუთხით ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე კარგი სასტარტო პირობა ბურჭულაძეს აქვს. ამის რეალიზებას რამდენად მოახერხებს – მეორე საკითხია.

- ბოლო კვლევაში ყველაზე მაღალი რეიტინგი ბურჭულაძეს ჰქონდა.

- ეს არის ნაწილობრივ-პოლიტიკური რეიტინგი, სადაც მეტ-ნაკლებად ყველა პოლიტიკოსი თავისი მძიმე ცოდვებით არის დამძიმებული და მათდამი ნდობა დიდწილად გაციებულია. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ კვლევით იზომებოდა და რომელსაც არ ჰქონდა ნეგატიური რეიტინგი, ეს იყო პაატა ბურჭულაძე. როდესაც თქვენ მოგაწვდიან სიას, სადაც რამდენიმე ადამიანია და მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ბუნებრივია, თქვენი სიმპათია მის მიმართ გადაიხრება. შესაბამისად, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მისდამი მაღალი ნდობა იმითაა განპირობებული, რომ ბურჭულაძე აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა. რამდენად პარადოქსული უნდა იყოს, საქართველოს პოლიტიკურ რეიტინგში ყველაზე მაღალი რეიტინგი არაპოლიტიკოსს ექნება.

რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძეს სხვა დადებითი თვისებებიც აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა. ამაში გასაკვირი არაფერია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკაში გადავიდნენ. თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებრივი მოძრაობიდან დაიწყო. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამ გზას გადის.

- ბურჭულაძის ფონდის პარტიად ჩამოყალიბების შემთხვევაში, თუ იქნება ის ძალა, რომელიც თავის დროზე “ქართული ოცნება” იყო?

- ვფიქრობ, ეს რთული იქნება, მაშინ სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იყო. პროცესი ორპოლუსიანი იყო. შესაბამისად, ამოცანა, ერთი შეხედვით, შესაძლოა უფრო სარისკო და სახიფათო ჩანდა, მაგრამ უფრო მარტივი იყო იმიტომ, რომ მხოლოდ თეთრი და შავი იყო. ამ მხრივ ახლა მულტიპარტიული სიტუაცია გვაქვს. კონკურენტული გარემო საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი თუ ნორმალურად წარიმართა და არჩევნებში მაღალი აქტივობა გვექნა, ჩვენ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს, სადაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას გადამწყვეტი უმრავლესობა არ ექნება, რაც მომავალი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის კარგია.

რეზონანსი“, 06 მაისი, 2016 წელი

პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა

თიკო ოსმანოვა

პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდი” პოლიტიკისკენ გეზს იღებს. ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, ხალხში დიდი მოთხოვნაა, რომ ფონდი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. ფონდის ერთ-ერთი წევრის, დავით ჯანდიერის განცხადებით კი, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას გონივრულ ვადაში აცნობებენ.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდა. მათ პრაქტიკულად ყველა რაიონში ოფისიც გახსნეს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აგრძელებენ.

ფონდის წევრის, დავით ჯანდიერის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საზოგადოებას ძალიან ხშირად დაუფიქსირებია თავის პოზიცია, რომ პოლიტიკაში ბურჭულაძის ხილვა სურთ.

“ფონდს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური შეხვედერები აქვს მოსახლეობასთან სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან ძირითადი აქცენტი კეთდება იმ პრობლემებზე, რომელსაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრისას არაერთხელ უთქვამთ ბატონ პაატასთვის, რომ პოლიტიკაში მისი ხილვა სურთ. ფონდის წარმომადგენლებს ამგვარი განწყობის შესახებ გვესმის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. “ამ განწყობაზე და ასევე “აი-რა-ის” კვლევაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რა თქმა უნდა, გუნდში ვიმსჯელებთ და მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას დავით ჯანდიერი.

“რეზონანსის” კითხვაზე, თუ როდის მიიღებს ფონდი ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, დავით ჯანდიერმა გვიპასუხა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე აცნობებენ.

“საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციური გარანტირებული უფლება აქვს, რომ პოლიტიკური აქტიურობა განახორციელოს, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, დიდხანს არ გასტანს და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ზუსტად არ ვიცი, რა პერიოდს მოიცავს, მაგრამ გონივრულ ვადაში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – გვითხრა დავით ჯანდიერმა.

თუმცა სანამ ბურჭულაძე საბოლოოდ პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტს, მანამდე პოლიტოლოგები მის შანსს აფასებენ. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ბურჭულაძე მხოლოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვას შეძლებს.

“ის, რომ ბურჭულაძე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, უკვე ცხადია. და მივდივართ კიდევ პერსონიფიცირებამდე. ბელადომანია – ვერ გამოვედით ამ ჯადოქრული წრიდან. ჯერ იყო გამსახურდია, მერე შევარდანაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი… ბურჭულაძე პოლიტიკოსი არ არის, იგი არის როგორც ივანიშვილი. თუმცა ამ შემთხვევაში მგონია, რომ ბურჭულაძე მხოლოდ ბარიერის გადალახვას შეძლებს და იმასაც მისი ფაქტორის და ეშხის გამო თუ მისცემს ხალხი ხმას. თორემ მისი გუნდის წევრები საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილები არიან. ზოგიერთ მათგანს 3-4 პარტია აქვს მოვლილი. ასე რომ, 5-პროცენტიან ზღვარს გადალახავს. როგორც ჩანს, პარლამენტში იქნება ორი ძლიერი ძალა – “ოცნება”, “ნაციონალები” და 4-5 “წვირლფეხობა”. როგორც ბიძინას გაჰყვა ხალხი, არ მგონია, ასე გაჰყვეს ბურჭულაძესაც. ივანიშვილს ხალხი ფულის გამო გაჰყვა, პაატას კი ფული არ აქვს. თანაც მისი პოლიტიკური კრედო ჯერ არ განუცხადებია. ალბათ ხალხი დაფიქრდება, აწონ-დაწონის. ბურჭულაძე მიატოვებს სცენას თუ ეგეც ივანიშვილივით იქნება – მოვა, გაიმარჯვებს და წავა. აღარ მგონია, საზოგადოება მოტყუვდეს. თუ არა და, მაშინ საზოგადოებაც აღარ გვყოლია”, – გვითხრა სოსო ცინცაძემ.

პაატა ბურჭულაძის შანსზე საუბარი უჭირს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. მისი თქმით, მას საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავს და მისი წარმატება დამოკიდებული იქნება მის პოლიტიკურ აქტიურობაზე და წინასაარჩევნო კამპანიაზე. მისივე თქმით, მხოლოდ ბურჭულაძის ფაქტორი საკმარისი არ იქნება.

“იმხელა კონკურსია ახლა მესამე პოლიტიკურ ძალაზე, რომ ასე ადვილად იმის თქმა, რომ ეს ბურჭულაძეა, რომელიც ქართველმა ხალხმა ბაზალეთის ტბიდან ამოიყვანა, ძნელი იქნება. ამ ადგილზე პრეტენზია აქვს ირმა ინაშვილს, რომელიც საკმაოდ აქტიურია და ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც უზარმზარი პოლიტიკური სტაჟი აქვს. აქტიურობა და პოლიტიკური სტაჟი არის ის ორი კომპონენტი, რომელიც ბურჭულაძესთან არ არის. ეს შეიძლება მოსახლეობამ დადებითად აღიქვას სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს კარგი თვალით არ უყურებენ, ბურჭულაძის საქველმოქმედო მოღვაწეობა კი იციან. შეიძლება პირიქით – პოლიტიკური გამოუცდელობა დაუწუნონ და ეს მინუსად ჩაუთვალონ. ობიექტური სანდო სოციალოგია არ გვეღირსა. ასე რომ, იმის თქმა, რომ შანსი აქვს, ძნელია. კონკურენტები რომ ჰყავს – ფაქტია. ბურჭულაძესთან მიმართებაში ახლა მნიშვნელოვანია აქტიურობა, მოსახლეობასთან ურთიერთობა, შესაბამისი პოლიტიკური განცხადებები და ის, თუ რა გუნდს დააყენებს. მარტო ბურჭულაძის ფაქტორი შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუ იქნება მკეთრი ოპოზიცია, ორივეს მიმართ კრიტიკული, შეიძლება რაღაც შანსი მიეცეს. მაგალითად, ერთ ადამიანს 6% ჰქონდა და არჩევნებში 60% აიღო, რადგან რაღაც მოულოდნელი ნაბიჯები გადადგა. ასეთი მოულოდნელი ნაბიჯების პროგნოზირება რთულია, მაგრამ თუ გააკეთა, საზოგადოების ნდობის მოპოვებას აუცილებლად შეძლებს”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

რეზონანსი“, 06 მაისი, 2016 წელი

ნაცმოძრაობისპირველი 10-ეული და პოტენციური წამსვლელები

სალომე სარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობიდან” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წასვლას გუშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება პარტიაში სიახლეების ნაკლებობით ახსნა, თუმცა “ნაცმოძრაობაში” განაცხადეს, რომ იგი საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვერ მოხვდა, რის გამოც პარტია დატოვა.

პარტიიდან წასვლის შემდეგ, ვაშაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაც დააანონსა, თუმცა არ უთქვამს, ვისთან ერთად აპირებს ახალი გუნდის შექმნას.

გუშინვე ვაშაძის წასვლას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მისი ამგვარი გადაწვეტილების შესაძლო მიზეზებზე ისაუბრეს. პოლიტოლოგების ნაწილის შეფასებით კი, “ნაციონალური მოძრაობიდან” ერთ-ერთი ლიდერის წასვლა პარტიაში დიდი ხნის წინ ძველსა და ახალ სახეებს შორის დაწყებულ უთანხმოებას უკავშირდება.

დღის ბოლოს კი “ნაცმოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი თემაც საარჩევნო სიის ფორმირება იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ვაშაძის წასვლა სწორედ საარჩევნო სიას უკავშირდება. “რეზონანსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სიის პირველ ათეულში “ნაცმოძრაობის” რამდენიმე აქტიური წევრი ვერ მოხვდა.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა, რომ გუშინ სიის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შედგა. პროცესი რეგიონებში გაგრძელდება და დაახლოებით 10 დღის შემდეგ დასრულდება.

რატომ წავიდა გიორგი ვაშაძე

თავად გიორგი ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება პარტიაში ახალი ინიციატივების უქონლობით ახსნა. ისიც თქვა, რომ “ნაცმოძრაობა” დახურულ, კაბინეტურ სისტემად იქცა, რომელსაც კონკრეტული მმართველობა გიგა ბოკერიას, მიშა მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის, გოკა გაბაშვილისა და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძის სახით ჰყავს. მისივე თქმით, ეს დახურული კაბინეტური სისტემა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.

მოგვიანებით ვაშაძის განცხადებას სოციალური ქსელით საპარლამენტო უმცირესობის წევრი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და პარტია სწორედ ამ მიზეზით დატოვა. “არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა (რაზეც ვითომ უარი თქვა). ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”, – ნათქვამია ნადირაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ვაშაძის ამგვარ გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაგუნდელების ნაწილი გასაგებსა და ბუნებრივს უწოდებს. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” წევრის, გოგა ხაჩიძის თქმით, გიორგი ვაშაძემ პარტია დაახლოებით იმავე მიზეზით დატოვა, რა მიზეზითაც გარკვეული პერიოდის წინ “გირჩის” წარმომადგენლებმა. “ვაშაძის წასვლის მიზეზი პარტიის განახლებას უკავშირდება, რაც რეალურად არ ხდება. ფაქტია, რომ მის შემთხვევაშიც იგივე მიზეზი დასახელდა, რაც ჩვენს შემთხვევაში. ალბათ ეს ნიშნავს, რომ პარტიაში რაღაც ისე ვერ არის და ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი და გასაგებია,” – გვითხრა გოგა ხაჩიძემ.

ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის პარტიიდან წასვლა ძველსა და ახალ “ნაციონალებს” შორის კარგა ხნის წინ დაწყებული ბრძოლის ნაწილია. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ ვაშაძეც პარტიაში “მამათა და შვილთა” შორის დაწყებული ომის კიდევ ერთი თანამონაწილე აღმოჩნდა.

სად წავანაცმოძრაობისერთ-ერთი ყოფილი ლიდერი

პარტიდან წასვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს, თუმცა ვისთან ერთად შექმნის ახალ გუნდს, ამაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია. “ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით,” – განაცხადა მან.

პოლიტოლოგების ნაწილს უჭირს ვარაუდი, თუ სად შეიძლება მომავალში გიორგი ვაშაძე ვიხილოთ. სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მან მართლაც შექმნას ახალი პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, ვაშაძე მის ყოფილ თანაგუნდელებთან “გირჩებთან” ერთად აღმოჩნდეს.

ამ ვერსიას არ გამორიცხავს თავად “გირჩის” წარმომადგენელი გოგა ხაჩიძეც, თუმცა ამბობს, რომ ამაზე კონსულტაცია ჯერჯერობით არ ყოფილა. “ვნახოთ, დრო გვაჩვენებს, რა როგორ იქნება. ალბათ თავად ვაშაძესაც დასჭირდება გარკვეული დრო, რომ თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბდეს, გაიაზროს არსებული რეალობა. ჩვენც ჩვენი მხრივ გვაქვს გეგმები, თუმცა ამ ეტაპზე მასთან კონსულტაცია არ ყოფილა. საბოლოოდ, მის ჩვენს რიგებში აღმოჩენას ვერ გამოვრიცხავ, ამიტომ ვნახოთ, რა იქნება,” – უთხრა “რეზონანსს” გოგა ხაჩიძემ.

გიორგი ვაშაძის პარტიიდან წამოსვლას გუშინ არანაკლები რეზონანსი მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებშიც. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ვაშაძის მსგავსად სხვა ლიდერების წამოსვლაც არ გამორიცხა და თქვა, რომ პარტიის შიდა დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი ადრეც იყო.

“ვაშაძე არის ერთ-ერთი იმ წრიდან, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული და ეს საქმე დღესაც ცოცხალია, ამიტომ ყურადღებით შევხედავთ, სად წავა და რას გააკეთებს ის,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მისი ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ორი ფრთაა, რომელიც ერთმანეთს არ ენდობა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “რესპუბლიკელმა” დეპუტატმა განუცხადა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთი ფრთა ორიენტირებულია მიხეილ სააკაშვილზე, ხოლო მეორე – გიგა ბოკერიაზე. “მეგონა, ვაშაძე უფრო სერიოზულ თამაშს თამაშობდა და გაიყოლიებდა ახალგაზრდებს, რომელთაც პოზიცია ჯერ არ გამოუხატავთ. ვგულიხმობ ორ ვარსკვლავს – კანდელაკს და თაქთაქიშვილს, რომლებიც ჩვენ ნერვებს გვიშლიან, მაგრამ ევროპაში კაშკაშებენ და რომელთანაც პრობლემა აქვს ბოკერიას და დანარჩენებს. როგორც გაირკვა, ისინი ახლა დუმილს ინარჩუნებენ, მაგრამ პირველები იყვნენ “გირჩის” წევრების შეფასების დროს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლევან ბერძენიშვილმა.

“თუ ვინმე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ხელი რატომ უნდა ვკრათ?!”, – ასე გამოეხმაურა ვაშაძის პარტიიდან წასვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. მან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და გიორგი ვაშაძეს შორის განსხვავებული ღირებულებები და ხედვაა, კამათის დროს ზოგადად ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო. თუმცა “ნაციონალური” სიხისტე მის გამოსვლებსაც ახასიათებდა. იმედია, ეს სიხისტე არ გამოჰყვება, როცა “ნაციონალებიდან” წამოვა. სხვა მხრივ, თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა,” – განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ თანამშრომლობა ყველა სუბიექტთან, მათ შორის, ძველ პარტნიორებთანაც შესაძლებელია.

ნაცმოძრაობისპირველი ათეული

რაც შეეხება თავად “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას, როგორც “რეზონანსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მათი საარჩევნო სია ჯერჯერობით შედგენილი არაა, ცნობილია მხოლოდ სიის ფორმირების პრინციპები.

“სიაში იქნებიან ახალი სახეები, ვინაიდან პარტია განახლებაზე ზრუნავს. თუ როგორ შეირჩევიან სიაში მოხვედრილი ადამიანები, პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ შემუშავებული, სრულად გააზრებული და მხარდაჭერილია. ხოლო, რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია შესაძლოა დატოვონ სხვა წევრებმა, მათ შორის კანდელაკმა, მინაშვილმა და თაქთაქიშვილმა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი რჩებიან პარტიაში და აგრძელებენ ბრძოლას,” – გვითხრეს “ნაციონალურ მოძრაობაში”.

“რეზონანსის” ინფორმაციით, დეპუტატი გიორგი კანდელაკი “ნაცმოძრაობის” საარჩევნო ათეულშია და შესაბამისად, მისი წასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. რაც შეეხება ახალ სახეებს, ჯერჯერობით არასაბოლოო, თუმცა “ნაცმოძრაობის” პირველ ათეულის სავარაუდო სია, ჩვენი ინფორმაციით, ასე გამოიყურება: 1. დავით ბაქრაძე; 2. რომან გოცირიძე;  3. გიორგი ქადაგიძე; 4. ელენე ხოშტარია. 5. სალომე სამადაშვილი; 6. გიორგი კანდელაკი; 7. ზაზა ბიბილაშვილი; 8. ნიკა მელია; 9. ირაკლი აბესაძე; 10. ოთო კახიძე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საარჩევნო ათეულში გარდა დავით ბაქრაძისა, პრაქტიკულად ყველა ახალი სახეა, ლოგიკურია, რომ ამან შესაძლოა პარტიაში გარკვეული განხეთქილება და უთანხმოება შექმნას. მაგალითისთვის, პირველ ათეულში არ მოიაზრებიან პარტიის ისეთი სახეები, როგორებიც არიან მიხეილ მაჭავარიანი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ირმა ნადირაშვილი.

“რეზონანსის” ინფორმაციით, პირველი ათეულის სიის ფორმირებასთან დაკავშირებით პარტიის ძველსა და ახალ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ახლაც გრძელდება და შესაბისად, გამორიცხული არაა ვაშაძის მსგავსად პარტიიდან წამომსვლელთა რიგებს უკვე “ძველი” “ნაციონალებიც” შეუერთდნენ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ძველსა და ახალ სახეებს შორის ბრძოლა მართლაც არსებობს, მათი რიგებიდან ძველი სახეების წასვლის პროგნოზირება მაინც რთულია.

“განვმეორდები და ვიტყვი, რომ მამათა და შვილთა ომი პარტიაში მართლაც არსებობს, მაგრამ თუკი საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე ახალსა და ძველ სახეებს შორის განხეთქილება მოხდა და ამან ძველი “ნაციონალების” პარტიიდან წასვლა გამოიწვია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ პარტიის ლიდერებში ერთი ჭკვიანი ადამიანიც კი არაა. მათ ერთად ჯოჯოხეთურ 4 წელს გაუძლეს – უამრავ სამართლიან და არასამართლიან ლანძღვა-გინებას, ლიდერების დაკავებას და ა.შ. მაგრამ პარტიამ სიცოცხლე მაინც გააგრძელა. თუკი ახლა ფინიშის სწორზე გასვლისას, მაშინ როცა პარლამენტში მეორე ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ, პარტია დაშალეს, მაშინ მათზე კომენტარიც კი ზედმეტი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარედან მაყურებელი საზოგადოება ვართ, ამიტომ რა მოხდება, ამის პროგნოზირება რთულია,” – დასძენს სოსო ცინცაძე.

———————–

ალია”, 06 მაისი, 2016 წელი

ოცნების ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნოდ არაფერი დაუთმო

გელა ზედელაშვილი

5 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავის სასახლეში დაიბარა, მაგრამ თვითონ არ დახვდა. როგორც მისი პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და ის პროცესებში შემდგომ ეტაპზე ჩაერთვება.

რომელ შემდგომ ეტაპზე?

გამოცხადდება თარიღი და მორჩა, არავითარი ცვლილებები აღარ იქნება საარჩევნო კოდექსში. როგორც ვარაუდობენ, პრეზიდენტი ოპოზიციას იმიტომ არ შეხვდა, რომ არ უნდოდა, არჩევნებთან დაკავშირებით ისეთ რამეს დაპირებოდა, რასაც ვერ შეასრულებდა. ამ დაპირების ლობირება მოუწევდა პრემიერთან და ეს მაშინ, როცა მის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრობის სამი კანდიდატი პარლამენტის უმრავლესობას ჯერაც არ დაუმტკიცებია. მოკლედ, ზედმეტი პრობლემები აიცილაო.

„ქართულმა ოცნებამ~ მშვენივრად მოახერხა და ისინი „გადააგდო“, დაპირებებში დრო გაიყვანა. ამიტომაც, კახა კუკავამ მოწოდება გაავრცელა, ამბიციები მოიშორეთ, გავერთიანდეთ, ორი კორუმპირებული პოლიტიკური ძალა – „ოცნება“ და „ნაციონალები“ მოვიშოროთო. ბლოკში გაერთიანებაზე უარი თქვეს ნინო ბურჯანაძემ და „ლეიბორისტებმა“. დეტალებს არ აკონკრეტებენ, რატომ, მაგრამ ალბათ, იმიტომ, რომ ესენი ისედაც კვალიფიციური პარტიები არიან და რაში აწყობთ, ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში თავიანთ ფინანსებს სხვებს დაახარჯონ? ასევე, უარი თქვეს და საერთოდ არ აპირებს ამ საკითხზე საუბარს „მემარცხენე ალიანსი“, ისინი დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე. ასევე არ შეუერთდება ამ გაერთიანებას ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, დასაწყისში კი იყო რაღაც მოლაპარაკების მსგავსი, მაგრამ ოდიოზური ფიგურების გამო ჩაიშალა.

განხეთქილება უკვე სახეზეა და მაშინ რაღა დარჩენია არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელ კედელს უნდა ახალოს თავი? ან კი რას შესთავაზებს ახალს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც საკითხების განხილვა მრჩევლების დონეზე დაიყვანა და პრემიერ-მინისტრთანაც ვერ არკვევს ვერაფერს?

სხვათა შორის, არასაპარლამენტოებს „ახალი მემარჯვენეები“ თავიდანვე გამოეყო და მამუკა კაციტაძემ თავი შორს მას შემდეგ დაიჭირა, რაც თავის ყოფილ თანაპარტიელ პრემიერმინისტრს შეხვდა (გიორგი კვირიკაშვილი „ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელი გახლავთ, ის თავის დროზე პარლამენტში ამ პარტიის კვოტით მოხვდა) და ძნელი მისახვედრი არ არის, რაზეც ილაპარაკებდნენ. ახლა ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა აჩმახოს და აღმა-დაღმა იაროს, მაინც არაფერი გამოვა, „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლამდე არ გაუქმდება და არც გაუქმდება. იყო დრო, როცა თავად იძახდა, მაჟორიტარები ფეოდალებივით იქცევიან, ეს სისტემა უნდა გაუქმდესო, მაგრამ შემდგომში აზრი შეაცვლევინეს და ახლა ასეა საჭირო, სხვანაირად „ოცნებას“ გაუჭირდება არჩევნების მოგება.

ოპოზიციას ერთი ხავსიღა დარჩა, რომელსაც ეჭიდება, ეს გახლავთ ე.წ. გერმანული მოდელი: მაგალითად, თუ პარტია არჩევნებში აიღებს 40 პროცენტს, ის პარლამენტში შევა არა უმრავლესობით, არამედ დაიკავებს 150 ადგილიდან 40 პროცენტს, ანუ დაახლოებით 60 ადგილს. ამაზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ არ წავა. თუმცა პრეზიდენტის სასახლეში მისული „ნაციონალები“, „მემარჯვენეები“, „თავისუფალი დემოკრატები» და სხვები ფიქრობენ, რომ ამ საკითხს გაიტანენ. ასევე, ფიქრობენ პრეზიდენტის მრჩევლები – ფიქრია ჩიხრაძე, კახა კოჟორიძე და გიორგი აბაშიშვილი. როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ»  ოპოზიცია, ასეთია თუ ისეთი, მაინც მათხოვრის მდგომარეობაში ჩააყენა – დგანან ახლა და იხვეწებიან, თუ მაჟორიტარულ სისტემას არ გააუქმებთ, მაშინ გერმანული მოდელი მაინც დანერგეთო. კი მაგრამ, თუკი გერმანული მოდელი წამგებიანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, უფრო წამგებიანი არ იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ?

როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელი გოჩა ჯოჯუა ამბობს «ალიასთან“ საუბარში, უკვე აზრი დაკარგა ყველაფერმა, რადგან „ქართული ოცნება“ არ მოდის არც ერთ საკითხზე და ამ გერმანული მოდელიდანაც ოპოზიციას არ ექნება არანაირი შეღავათი, თუ იზარალებს ხელისუფლება, ასევე, იზარალებს ოპოზიცია:

„პრეზიდენტის სასახლეში ძირითადად ამ საკითხზე იყო საუბარი და გერმანული მოდელის გარდა, „გირჩის“ მიერ შემოთავაზებული იყო სხვა ვარიანტიც – მაგალითად, თუ სამმანდატიან ოლქში „ოცნებამ“ წაიღო 2 მანდატი, იქნებ ერთი მაინც დარჩეს ოპოზიციას, ანუ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ეს ვარიანტი პალიკო კუბლაშვილმა წარმოადგინა და გასაგებია, რისთვისაც, მეორე ადგილზე, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობა» გავა. გერმანული მოდელი იმიტომ არის წარდგენილი, რომ მმართველმა პარტიამ მაქსიმალური არ აიღოს, მაგრამ ოპოზიციას შეღავათი არ აქვს“.

საერთოდ, ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა, მაშინ რაღა საჭიროა პრეზიდენტის სასახლეში სიარული, უკეთესი არ იქნებოდა, მოლაპარაკებები პარლამენტში გამართულიყო? გოჩა ჯოჯუა ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში შუამავლის როლს ასრულებს და ცდილობს, თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს. თუმცა ამ შეხვედრაზევე დამდგარა უკვე განხეთქილების სუნი: იქ უნდა მისულიყვნენ „რესპუბლიკელები“, „ფორუმის“ წარმომადგენლები, მაგრამ არ მივიდნენ. არასაპარლამენტოები თვლიან, რომ კოალიციიდან გასული პარტიები სიტყვიერად კი უჭერენ მხარს, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, თავი შორს დაიჭირეს. გოჩა ჯოჯუა ვარაუდობს, რომ ამ პარტიების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ვაჭრობენ ხელისუფლებასთან:

„ირაკლი ჩიქოვანს, „თავისუფალი დემოკრატების» წევრს, ვთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ გაიაროს პარლამენტში ეს საკითხი, რათა დავადგინოთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ გვიჭერს მხარს. სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გერმანულ ან სხვა რომელიმე მოდელზე დასთანხმდება. ხელისუფლება არც ერთ ვარიანტს არ იღებს“.

რას აპირებს ოპოზიცია, როდესაც ყველა რესურსი ამოიწურება და საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ «ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აღარ აქვს აზრი?

გოჩა ჯოჯუას თქმით, ისინი უკვე დარწმუნდნენ, რომ არაფერი გამოვა და ახლა ფიქრობენ, როგორ, რა ფორმით გამოხატონ პროტესტი:

„ვნახოთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ დააყენა საკითხი და დავიწყებთ საპროტესტო აქციებს. თუმცა აქაც არის პრობლემა „ნაციონალების“ სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით. მოსახლეობა ფიქრობს, რა უნდათ ამ ადამიანებს, რატომ უნდა გავერთიანდეთ მათთან? ჯერჯერობით ვერ ავუხსენით საზოგადოებას, თუ ყველა ერთად დავდგებით, შეიძლება შევძლოთ ამ ხელისუფლების გაშვება. აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლებაში მოსვლაზე, ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ შევცვალოთ საარჩევნო გარემო. არ ვიცი, თუ ამას გამართლება არ მოეძებნა და ვერ აუხსნეს მოსახლეობას, მაშინ არც ეს გამოვა. ვნახოთ, ამ დღეებში გვაქვს შეხვედრა და საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რას გავაკეთებთ“.

როგორც ხედავთ, ერთია „ქართული ოცნების“ სიჯიუტე, მეორეა – ოპოზიციის უძლურება და უნიათობა. ყველამ იცის, რომ არაფერი გამოვა და მაინც დადიან უიმედო გზებით. ეს ყველაფერი კი მათ სადამდე მიიყვანთ, უკვე ვხედავთ… ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში და ცვლილებებამდე არა!

ალია”, 06 მაისი, 2016 წელი

როგორ აფასებენნაციონალურ მოძრაობაში” გიორგი ვაშაძის წასვლას

მიხეილ სახვაძე

მეხის გავარდნას ჰგავდა ვაშაძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” დატოვებასთან დაკავშირებითო, ალბათ, არც არავინ იტყოდა. უფრო მეტად, „მეხიც მაგათ დასცემიათო“, ჩაილაპარაკებდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია „ნაცების” ტარტაროზული რეჟიმი. ასეთი კი სამწუხაროდ, ძალიან ბევრია.

მოკლედ, გიორგი ვაშაძე წავიდა და ახალი პარტია უნდა შევქმნაო, მიაყოლა. ჰოდა, ყოფილი თანაგუნდელების პრაქტიკას თუ გაითვალისწინებს, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „ქლიავს“ დაარქმევს, ალბათ, ან „ლეღვს“, „ზღმარტლს“ ან რაღაც მსგავსს. ფაქტი კი ის არის, რომ “არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“…

ვისაც ვაშაძის წასვლა დიდად არ გაახარებდა, ალბათ, თავად მოქმედი „ნაცები“ არიან, თუმცა იხტიბარი არც ერთმა არ გაიტეხა და ზოგმა ისაო – გვიღალატაო, ზოგმა – ბიძინას ფულები ჩაიჯიბაო, ზურგში დანა ჩაგვცაო, პანჩური ამოგვარტყაო, თავზე გადაგვიარაო… ეეჰ, „ოცნებას“ რომ შნო ჰქონოდა, პანჩურები კარგა ხნის წინ უნდა მოხვედროდა ზოგიერთს, მაგრამ..

გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის~ დატოვებას პარტიის ერთ-ერთი  წევრი კობა სუბელიანი ასე გამოეხმაურა: „წასულებზე ცუდს არ ლაპარაკობენ“. „დასანანია, როდესაც ადამიანს სურს საარჩევნო სიის ათეულში ყოფნა, გუნდისგან მიიღებს უარს და ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის წისქვილზე დაასხმს წყალს, „ნაციონალური მოძრაობისთვის” საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს“, – აცხადებს კობა სუბელიანი.

ირმა ნადირაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძემ პარტია იმის გამო დატოვა, რომ ადგილისთვის იბრძოდა, მაგრამ უშედეგოდო. „არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა (რაზეც ვითომ უარი თქვა). ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა“, – აცხადებს ნადირაშვილი.

გიორგი ვაშაძის ამბიციურობაზე საუბრობს მიხეილ მაჭავარიანი და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტთან“ აცხადებს: „როგორც ჩანს, ამბიციებმა გადასძლია… პარტია არ არის ის გვარები, რომელიც გაბრაზებულმა ვაშაძემ დაასახელა. არც ბოკერია, არც გაბაშვილი, გოგორიშვილი თუ მაჭავარიანი არ არის „ნაციონალური მოძრაობა”. პარტია არის ის ათასობით ადამიანი, რომლებმაც გვიერთგულა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშინელება გაიარა, როცა დაკითხვებზე ატარებდნენ და ბევრი ლიდერიც უკანონოდ ჩასვეს ციხეში. ეს ხალხი არ გატყდა განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკოსისგან. რთული პერიოდი გავლილია, დღეს უკვე „ქართული ოცნების“ დასრულებისთვის ვიბრძვით. „ნაციონალური მოძრაობა” არის ნომერ პირველი პარტია ყველა საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად. მმართველ პარტიასა და ჩვენს შორის 1 პროცენტიანი განსხვავებაა…“.

გესმით, რას ამბობს მიხეილ მაჭავარიანი? „ბოლო 4 წლის განმავლობაში საშინელება გავიარეთო“ და „საშინელებაში“ დაკითხვებზე დაბარებას გულისხმობს. ჰმ! თქვენ, მიხეილ ბატონო, საშინელება რა არის, გაგებაშიც კი არ ხართ და ახლავე მიგითითებთ:

- საშინელებაა, როცა ცოლშვილის გაუპატიურებით გემუქრებიან, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა!

- საშინელებაა, როცა ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში დახვრეტ, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა!

- საშინელებაა, როცა ციხეში უშვებ ყველას, ვინც გაბედავს და ტაშს არ დაგიკრავს, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა!

- საშინელებაა, როცა პატიმრებს სულში აფურთხებ, ფიზიკურად უსწორდები, აუპატიურებ და ამას დიახ, „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა!

- საშინელებაა, როცა „ქართული ოცნებაა“ ქვეყნის სათავეში, რომელმაც სამართლიანობა ვერ და არ აღადგინა და აძლევთ თავს უფლებას, “საშინელება“ უწოდოთ დაკითხვებზე დაბარებას!!!

ერთ რამეში კობა სუბელიანს კი დაეთანხმება კაცი – წასულებზე ცუდს არ ლაპარაკობენო, მაგრამ არა, „ნაცმოძრაობას“ ზურგში დანის ჩარტყმა რომ გადასარევად ეხერხება?!

მიხეილ მაჭავარიანისგან განსხვავებით, გიორგი ვაშაძის ნაბიჯს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს ნუგზარ წიკლაური. როგორც დეპუტატი აცხადებს, არ არსებობს არც ერთი მიზეზი და არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს. „ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს“, – დაწერა წიკლაურმა სოციალურ ქსელში.

რაღა თქმა უნდა, ვაშაძის წასვლას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს: „მიმაჩნია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა ვერ შეძლო. ამიტომ ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ ხრიკების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს. ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლაინად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს…“.

„მრავალრიცხოვანი მხარდამჭერებიო“, კაცოოო, გესმით?! წიწილებს შემოდგომით ითვლიან ხოლმე, პატივცემულო მიხეილ და ვნახოთ, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ როგორ მოგისვრით პოლიტიკურ სანაგვეზე!!!

ჰო, აქვე ბარემ იმასაც დავამატებთ, რომ როგორც „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ვაშაძის გზას კიდევ რამდენიმე „ნაცი“ დაადგება. კერძოდ, ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკაკი მინაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა დატოვონ. „ამ დაპირისპირების შესახებ ადრეც იყო ცნობილი. რომ გითხრათ, ღამე არ მძინავს მაგის გამო-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესოა თავისთავად. ვაშაძე არის ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთიც კი იმ წრიდან, საიდანაც არის, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული. ის საქმე დღესაც ცოცხალია, ამიტომ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ იმას, რას გააკეთებს და როგორ. ვფიქრობ, რომ იგი მარტო არ არის „ნაცმოძრაობაში“. ნამდვილად ვიცი, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი და აკაკი მინაშვილი, შესაძლოა, ამ შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ალია”, 06 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: ის, რაზეცნაცმოძრაობისდატოვების შემდეგ მან მხოლოდ ალიასთან” ისაუბრა

მაკა დეკანოსიძე

„გირჩელები“, ანდრო ბარნოვი და ახლა უკვე გიორგი ვაშაძე – ეს არასრული ჩამონათვალია ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან გამოქცეულებისა. გემიდან, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ვირთხები გამოიქცნენ თუ კიდევ უფრო დიდი ვირთხები დარჩნენ ბოლომდე ჩაძირვამდე, ამის გარკვევა მხოლოდ დროის ამბავია, მაგრამ მანამდე აქტუალური გახდა კითხვა: ვის თამაშს თამაშობს გიორგი ვაშაძე და არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე რატომ გადაწყვიტა ახალი მოძრაობის ჩამოყალიბება? ეს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტია თუ პოლიტიკური თამაშის ნაწილი?

გიორგი ვაშაძემ პარტიის დატოვების მიზეზად ვაშაძემ შემდეგი რამ დაასახელა: „დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს იმედი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა, ამისთვის კი საჭიროა ივანიშვილის მთავრობის დასრულება. ამის გაკეთება შეუძლია ახალ თაობას. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ახალი ორგანიზმისა ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა,რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირე და ემსახურება პარტიის მცირე ჯგუფის ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე. მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე საარჩევნო სიაში და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში. მე არ მჭირდება სკამი პარლამენტში მე მინდა წარმატებული საქართველო”.

გიორგი ვაშაძის ყოფილი თანაგუნდელები კი პარტიიდან მის წასვლას სიის ათეულში ვერმოხვედრასა და ბიძინა ივანიშვილის თამაშს მიაწერენ. ისე, თუკი მართლა არ ჩასვეს ათეულში და იმიტომ განაწყენდა, ვერც მოედავები, რადგან „ნაციონალებში“ ერთერთი გამორჩეული სახე იყო, რომელთანაც სხვებისგან განსხვავებით ხალხს ნაკლები პრეტენზიები ჰქონდა.

„ალია“ დღის ბოლოს ხმაურიანი სკანდალის ავტორს დაუკავშირდა და შეეცადა, იმ კითხვებზე მიეღო პასუხი, რაზეც, მას დღის მანძილზე არ უსაუბრია:

- ბატონო გიორგი, არა მგონია, გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიგეღოთ, თუმცა მიზეზი, რომელიც ნაცმოძრაობის დატოვებისას დაასახელეთ, არადამაჯერებელია. კაბინეტური ჩაკეტილი მმართველობა ადრე არ იყო? ამაზე ისაუბრა ანდრო ბარნოვმა ნაცმოძრაობის დატოვებისას, იგივე თქვა გირჩმაც. რატომ მაინცდამაინც ახლა, არჩევნებიდან რამდენიმე თვით ადრე გადაწყვიტეთ პარტიიდან წამოსვლა, ათეულში მართლა არ ჩაგსვეს?

- მე, სხვებისგან განსხვავებით, აქტიურად ვიყავი ჩართული „ნაციონალური მოძრაობის” რეფორმირების პროცესში და არასდროს დამიმალავს ჩემი პოზიცია. სანამ ვხედავდი რაიმე შესაძლებლობას, რომ ტრანსფორმაცია მომხდარიყო, ბოლომდე ვიბრძოდი. თუმცა, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველანაირი რესურსი და იმედი გადაწურულია, მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუ თვალს ადევნებდით, სამი წელიწადია ამაზე ვსაუბრობ. ჩემი პოზიცია კარგახანია, ყველამ იცის, ეს არ არის სიურპრიზი და სიახლე ამ გუნდისთვის. რაღაც განცხადება ხომ უნდა გაეკეთებინათ?

- პარტიიდან კიდევ აპირებენ წამოსვლას იგივე პრეტენზიებით?

- მე განვაცხადე, რომ ვიწყებთ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანია, ახალი პოლიტიკური კლასი გაჩნდეს საქართველოში, იმიტომ რომ ამ ძველი პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით დაიღალა ხალხი, აღარ არის რესურსი, რომ ამ ძველი თაობის პოლიტიკოსებმა რაღაც გააკეთონ ქვეყანაში. მორჩა, დამთავრდა.

- „გირჩიც იგივეს ამბობს. ხომ არ აპირებთ მათთან გაერთიანებას ან თანამშრომლობას?

- არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას, ვაკეთებ ახალ მოძრაობას, ეს გადაწყვეტილია. რაც შეეხება თანამშრომლობას, იქ, სადაც არის პროევროპული კურსი, იქ, სადაც არის ინტერესების თანხვედრა ქვეყნის განვითარებისა და გაჭირვების დამარცხების კუთხით, ბუნებრივია, ეს პოლიტიკაა, სადაც თანამშრომლობა ყოველთვის არსებობს და ყოველთვის შესაძლებელია.

- მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ” ივანიშვილის ხელი დაინახა თქვენს წამოსვლაში. რა არის თქვენი პასუხი ამაზე და კიდევ ერთი: ახალი გუნდის შექმნას და არსებობას საკმაო ფინანსები სჭირდება. რითი აპირებთ ახალი მოძრაობის შექმნას?

- ჩემს განცხადებაში ცალსახად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის. მე ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მანამ, სანამ მჯეროდა, რომ ამ პოლიტიკურ მოძრაობას შეეძლო ამ პრობლემების გადაჭრა და დამარცხება. რადგანაც ვერ შეძლო, ამის მთავარ მექანიზმად სწორედ დახურული, კულუარული, კაბინეტური მმართველობა მიმაჩნია, დღეს აბსოლუტურად ცხადად ვხედავ, რომ, რაც ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნას, არის სწორედ ის არასწორი პროცესი, რაც არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. რაც შეეხება უკვე შემდგომ პროცესებსა და ნაბიჯებს, დავიწყებ თავიდან, დავივიწყოთ წარსული, მომავალი გვინდა, პერსპექტივა გვინდა, საქმე გვინდა.

- თუმცა არა მგონია, ხალხი ასე იოლად ივიწყებდეს წარსულს, მით უმეტეს, ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი ცოდვა დაიდო 9 წლის მანძილზე - დარბევები, მკვლელობები, წამება, ტერორი, ქონების წართმევა… და თქვენ ამ ყველაფრის ნაწილი იყავით, ახლა კი ამბობთ, სუფთა, გაუსვრელი ადამიანები უნდა შემოვიკრიბო ირგვლივო. არ მახსოვს, თქვენი ყოფილი გუნდის ქცევა ოდესმე დაგეგმოთ და როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ ხალხი გაუსვრელად მიგიჩნევთ და პასუხს არ მოგკითხავთ?

- მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ, რა განცხადებები და პოზიციაც მქონდა ადრე, ეს ახლა შევცვალო, მე რასაც ვაკეთებდი და ვამბობდი, იმას ვაკეთებ დღესაც. მომკითხონ, არც მაგის პრობლემა არ არის, მომკითხონ! მე თავისუფალი ვარ იმიტომ, რომ ნამდვილად ვფიქრობ, რომ საბედისწერო შეცდომები არ დამიშვია ცხოვრებაში, ამიტომ ძალიან თავისუფალია ჩემი გადაწყვეტილება.

———————-

„ახალი თაობა“,  06 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: უარს ვამბობ სკამისთვის ბრძოლაზე… „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გაგრძელებას ხელს უწყობს

გუშინ, 5 მაისს, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე გიორგი ვაშაძე “ახალ თაობას” ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, თქვენს გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. თქვენი ყოფილი თანაგუნდელები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თქვენ ვერ მოხვდით საარჩევნო სიის ათეულში და სწორედ ამიტომ დატოვეთ პარტია. ასეა?

- ეს ხომ სასაცილოა! ჩემს განცხადებაში ძალიან კარგად არის მითითებული ყველა მიზეზი, რატომ დავტოვე პარტია. ისევ იქ არიან ეს ადამიანები, ისევ სკამებისთვის ბრძოლაში არიან. მე საერთოდ უარს ვამბობ სკამისთვის ბრძოლაზე! მე მინდა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა და მართლა ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი ამოცანაა სრულიად ახალი პოლიტიკური კლასის მოყვანა ქვეყანაში! აი, ეს არის ჩემი უპირველესი ამოცანა!

- ბატონო გიორგი, დაახლოებით ერთი კვირის წინ შედგა ჩვენი ინტერვიუ, სადაც გესაუბრებოდით “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ კრიზისზე, თქვენს შესაძლო წამოსვლაზე პარტიიდან, თუმცა ეს კატეგორიულად უარყავით. რა შეიცვალა ამ ერთ კვირაში?

- მე ერთ კვირაში დავრწმუნდი, რომ კაბინეტურ მმართველობაზე ის ჯგუფი, რომელიც არის პარტიაში, სამწუხაროდ, უარს არ ამბობს. აი, ეს შეიცვალა.

- და არაფერ შუაშია ის, რომ თქვენ ვერ მოხვდით პირველ ათეულში?

- რა თქმა უნდა, არა. რაღაც ათეულში, მეცხრე, მეშვიდე თუ მეთერთმეტე, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ვინმეს ლოგიკურად მიგაჩნიათ ეს განცხადება?! საერთოდ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემს ადგილზე მქონდა პრეტენზია?! მე არაერთხელ, თქვენი გაზეთის საშუალებითაც, მისაუბრია ნაციონალური მოძრაობის განახლებასთან დაკავშირებით. არა ახალ სახეებთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა ახალი ადამიანი იყოს სადღაც ან მე სადღაც ვიყო, კონკრეტულ ადგილას, თანამდებობაზე. მე ვსაუბრობ მექანიზმებზე, რომლებიც უნდა დაინერგოს ნებისმიერ ნორმალურ პოლიტიკურ ძალაში.

- ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო განახლება და ამას ვერც არჩევნებამდე მოახერხებს?

- რა თქმა უნდა! პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გაგრძელებას. „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის უუნარობითა და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი. აბსოლუტურად ყველგან არის უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა მართავს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და იმედი რეალური შესაძლებლობების განვითარებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება.

- თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის თამაშია ყოველივე ეს, სწორედ მისი გეგმის ნაწილია, რომ თქვენ პარტია ასე ხმაურიანად დატოვეთ. ამაზე რას იტყვით?

- მე არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ჩემს განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი საფუძველზე, მიზეზზე, თუ რატომ და რისთვის გავაკეთე. მე მჯერა ამ ქვეყნის მომავლის და ამ მომავლისთვის ვიბრძვი!

- თქვენ აცხადებთ, რომ ახალ მოძრაობას ქმნით. თუ ხართ უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურაზე, რა სახის პარტია იქნება და ვინ იქნებიან მისი სახეები?

- ამას ყველაფერს ნახავთ არცთუ ისე შორეულ მომავალში!

- გაფუჭდება ურთიერთობა თქვენ და მიხეილ სააკაშვილს შორის? ამბობენ, რომ უკრაინაში მისი მარჯვენა ხელი იყავით...

- არ ვიცი, ვნახოთ. დრო ყველაფერს გვიჩვენებს.

- თქვენ და გიგა ბოკერიას შორის არსებულმა დაპირისპირებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენი პარტიიდან წამოსვლის გადაწყვეტილებაში?

- დიახ. ეს უკვე ყველასთვის ცნობილია პარტიაში. თუმცა არა მარტო ბოკერია, მე დანარჩენების სახელები და გვარებიც დავასახელე.

- რა შანსები გაქვთ? გაქვთ წარმატების იმედი?

- აი, ნახავთ, რა კამპანია გვექნება. ზუსტად ეგ არის ჩემი ამოცანა. აქამდეც ბევრი რამ გამიკეთებია. ამისი ძალიან ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ დავაჯერეთ, გავაკეთეთ. იუსტიციის სახლების პრეზენტაცია პირველად რომ გავაკეთე, ბევრი ადამიანი ამბობდა, სულ გაგიჟდაო, რაღაცა სისულელეებს იგონებს, ვერაფერს გააკეთებსო, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ! დამერწმუნეთ! ათიათასობით ადამიანთან ერთად.

- ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გვერდით დადგებიან?

- არ ვაპირებ ახლა სახელებისა და გვარების დასახელებას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საერთოდ ახალი პოლიტიკური ჯგუფი უნდა გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში და ეს არის ჩემი მიზანი. დღეს სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებ, ამას ყველა ძალიან მალე ნახავთ! აქვე დავამატებ, რომ ეს არ იქნება კულუარული მოლაპარაკება ვიღაცასთან, რომ შენ ჩემს პარტიაში წამოდი და ასე შემდეგ. ეს იქნება საჯარო პროცესი, განსხვავებული პროცესი, ვიდრე არის სხვა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობაში.

„ახალი თაობა“,  06 მაისი, 2016 წელი

მიხეილ სააკაშვილის გუნდს უკრაინაში კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა

სააკაშვილის გუნდის საქმიანობაში ახალი დაბრკოლება გაჩნდა. თანამდებობიდან გაუშვეს მისი თანაგუნდელი, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ბოროვიკი. ეს მოხდა ახალი კანონის საფუძველზე. ამ კანონით, სახელმწიფო მოხელეს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა მოქალაქეობა, უკრაინის გარდა. ბოროვიკი, უკრაინის გარდა, ევროკავშირის მოქალაქეა.

ორმაგ მოქალაქეობას უკრაინის კონსტიტუციაც კრძალავს, თუმცა, ამ ნორმის დარღვევა არანაირ სასჯელს არ ითვალისწინებდა.

ალექსანდრ ბოროვიკი ჯერჯერობით ოდესიდან არ მიდის და რჩება სააკაშვილის შტატგარეშე მრჩევლად ინვესტიციების საკითხებში. ის ასევე ოდესის თვითმმართველობის _ ქალაქის საბჭოს დეპუტატია.

გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ბოროვიკმა გააპროტესტა დაბალი ხელფასები, რომლებიც უკრაინაში ჩინოსნებს აქვთ და განაცხადა, რომ ამ სფეროში შემუშავებული სააკაშვილის გუნდის ინიციატივები კიევმა ბევრჯერ დაბლოკა.

„იმის მაგივრად, რომ ჩვენი ინიციატივებისთვის მხარი დაეჭირა, პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაცია ავრცელებდა ხმებს იმის შესახებ, თითქოს სააკაშვილსა და მის გუნდს გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ალექსანდრ ბოროვიკმა. იგი არ გამორიცხავს, რომ უკრაინასაც დატოვებს. ეს მოხდება კონტრრევოლუციური დინამიკის შემთხვევაში.

„თუ პროკურატურა და უშიშროების სამსახური იმუშავებენ არა ჩვენთან ერთად, არამედ ჩვენ წინააღმდეგ, მხოლოდ მე ვერაფერს შევცვლი. თუ დავინახავ კონტრრევოლუციურ დინამიკას, წავალ უკრაინიდან“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის შტატგარეშე მრჩეველი. მისი თქმით, სანამ ოდესაშია, იბრძოლებს ოდესის მერის წინააღმდეგ: „ოდესაში ხალხს ისევ გენადი ტრუხანოვი ხელმძღვანელობს. არის მისი მოხსნის ამოცანა. ტრუხანოვი ყოფილი რეგიონალი, სეპარატისტი და ოფშორების მფლობელია. სანამ ისაა მმართველობაში, ქალაქში რაიმეს შეცვლა შეუძლებელია. ოდესაში ისევ არაა სტაბილურობა. სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ანონიმური ზარის საქმეს. დაუდგენელმა პირმა განაცხადა, რომ დანაღმულია ხიდი ბელკოვსკის ქუჩაზე. მანამდე იყო ზარი სარკინიგზო ხიდის დანაღმვაზე, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა“.

————————

რეზონანსი“, 06 მაისი, 2016 წელი

სომხეთი ყარაბაღის აღიარებას ამზადებს, კავკასია დიდი ომის ზღვარზეა

ეკატერინე ბასილაია

სომხეთმა შეიძლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, რაც ანალიტიკოსების თქმით, პირდაპირ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება დიდი და მასშტაბური ომი დაიწყოს.

“სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას აზერბაიჯანი რა თქმა უნდა, არ შეეგუება და, ბუნებრივია, ეს ნაბიჯი იქნება ომის დაწყების ახალი და უფრო სერიოზული საფუძველი და ეს იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი ომი. როგორც ჩანს, სწორედ ამითაა ეს ინიციატივაც განპირობებული,” – აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

“სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება ორივე მხარეს სურს.

„სომხეთში მიიჩნევა, რომ აპრილის დასაწყისში მომხდარ ამბავში დამნაშავე სერჟ სარგსიანია და აპრილის კონფლიქტით სარგებელი ბაქომ ნახა, რადგან აზერბაიჯანმა მოახერხა და მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა, საიდანაც ნახევარ ყარაბაღს აკონტროლებს. აზერბაიჯანში წარმატების გამო იმედმოცემულები არიან და ბევრია ომის გაგრძელების მომხრე”, – მიიჩნევს არეშიძე.

ორ ქვეყანას შორის ესკალაციის დიდ საფრთხეზე ლაპარაკობენ მოსკოვშიც. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს “დესეთეს” საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს შეუძლია, ერევნის აზრით, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უფრო მეტად გაამყაროს და ამით ოფიციალური ბაქოს მხრიდან მკვეთრი უსიამოვნებები გამოიწვიოს.

“არ მინდა, წინასწარმეტყველურად გამომივიდეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ საზღვარზე ძალადობის ესკალაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც დაუშვებელია”, – აცხადებს სლუცკი.დაამტკიცებს თუ არა ერევანი ამ კანონპროექტს, ეს ჯერ არავინ იცის. მსგავსი ინიციატივით სომხეთში ოპოზიცია 2014 წელსაც გამოვიდა, მაგრამ მაშინ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აქამდე ოფიციალური ერევნის პოზიცია იყო, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება “ეუთოს” მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლიდა. თუმცა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის 5-დღიანი შეტაკებების შემდეგ სომხეთში აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა.

მართალია, დღეს მხარეებს შორის ზავია დადებული, მაგრამ ლოკალური შეტაკებები ზავის დადების შემდეგაც გრძელდება და როგორც ანალატიკოსები ვარაუდობენ, საბრძოლო მოქმედებების გასაღვივებლად მცირე ნაპერწკალიც საკმარისია. ეს ნაპერწკალი კი, შესაძლოა, ყარაბაღის აღიარება გახდეს.

გუშინ სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს და განსახილველად პარლამენტში შეიტანა. პროექტის განხილვა რიგგარეშე სხდომაზე 10 მაისს უნდა მოხდეს.

“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარება განპირობებულია სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის საკითხის განხილვის შედეგებით, რეგიონში არსებული სიტუაციის, მათ შორის გარე ფაქტორებით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ კოჩარიანმა.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სომხეთში ყარაბაღის აღიარებას რადიკალური ჯგუფები წლებია ითხოვენ. ახლა კი სომხეთის ხელმძღვანელობაში უმეტესად ყარაბაღელები არიან და ეს კანონპროექტიც ამიტომ გახდა მხარდაჭერილი. თუმცა არიან ასევე ჯგუფები, რომლებიც ამ საქმიდან სარგებელს ვერ ხედავენ და სიტუაციის გამწვავება არ სურთ. თუმცა აპრილის შემდეგ ეს მეორე ჯგუფი უმცირესობაშია.

“სომხეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას ორი ამოცანის შესრულება უნდა. ერთი ისაა, რომ ეს კანონპროექტი აზერბაიჯანთან მომავალი მოლაპარაკებისას ერთგვარ სავაჭრო თემად აქციოს. ეს მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს, რადგან ოფიციალურ ერევანს მისი დაწყება ულტიმატუმის ენით მინსკის ჯგუფის წევრებმა – რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა მოსთხოვა.

“მეორე ვარიანტი ისაა, რომ გამორიცხული არ არის სომხეთში ვიღაცას ჩაფიქრებული ჰქონდეს, ფაქტის წინაშე დააყენოს რუსეთი – თუ მოკავშირე ხარ, აღიარე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარე და ახლა ეს დამატებითი ვაჭრობის თემა გახდება ერევანსა და მოსკოვს შორის. როგორ წავა ვაჭრობა, ამას ვნახავთ,” – ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, საზღვარზე დღესაც დაძაბულობა და შეტაკებებია, ამიტომაც ამ აღიარებაზე საუბარი, პირველ რიგში, სწორედ მოსკოვის რეაგირებაზეა გათვლილი და ასევე დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება ეს, რადგან ამით საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს.

“სომხური საზოგადოება აპრილის დასაწყისში მომხდარ ამბავში დამნაშავედ სერჟ სარგსიანს თვლის და მიიჩნევა, რომ აპრილის კონფლიქტით სარგებელი ბაქომ ნახა. აზერბაიჯანშიც ომის მომხრე უფრო მეტია, ვიდრე დარეგულირების. მათ წარმატების გემო იგრძნეს და სურთ ეს გაგრძელდეს.

“ბაქომ მოახერხა დაებრუნებინა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლე და სოფელი ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში. სოფელი ხიზული აზერბაიჯანისაა და წლების განმავლობაში მუდმივი დარტყმის ქვეშ იყო, ახლა კი ეს საფრთხე არ არსებობს. აზერბაიჯანის არტილერიისთვის დღეს ყარაბაღის სივრცის ნახევარი გახსნილია, მათ შორის სტეპანაკერტიც,” – აღნიშნავს არეშიძე, რომელიც თვლის, რომ ომის გაგრძელება ორივე მხარე სურს, თუმცა ამბობს, რომ “მთავარი არა ერევნისა და ბაქოს პოზიციები, არამედ გეოპოლიტიკური მსხვილი მოთამაშეების პოზიციებია, რომლებსაც თუ სურთ, ყარაბაღში ომი არ გაჩერდება და ამაშია სიტუაციის პარადოქსულობა”.

ვახტანგ მაისაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი ფაქტობრივად არ სრულდება, რეგიონულ დონეზე ეს ზავი მშვიდობის რაღაც ნაპერწკალს მაინც წარმოაჩენს და თუ ახლა სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აღიარა, ეს ორივე მხრიდან ომის განახლებას გაცილებით უფრო რთულ, ძლიერ და აგრესიულ ფორმაში გამოიწვევს.

“ამან შესაძლოა ომი არა მარტო ყარაბაღის ტერიტრიაზე, არამედ ორ სახელმწიფოს შორის გამოიწვიოს,” – აცხადებს მაისაია.

მისი თქმით, როგორც ჩანს, სომხები მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების ისევ განახლებას პროგნოზირებენ და ეს აღიარება ერთგვარ თავის დაზღვევად მიიჩნევა, რომ ასე უფრო თავისუფლად და მომზადებულად დაიცვან ყარაბაღის უსაფრთხოება.

“ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა. წლევანდელი აპრილის და ასევე გასული წლის აგვისტოს სერიოზულმა შეტაკებებმა, როგორც ჩანს, დააფიქრა სომხური მხარე და ოპტიმალურ გამოსავალად მიიჩნიეს აღიარება, რომ შემდეგ უფრო თავისუფლად დაიცვან ტერიტორია.

“როგორც ჩანს, სომხეთი ნაკლებად ენდობა რუსეთს, როგორც მოკავშირეს და ამ აღიარებით გათვლაა, მოკავშირე რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენონ, რომ მან სამოკავშირეო ვალდებულება აღასრულოს და სომხეთის მიერ აღიარებული ტერიტორიის დასაცავად ჩაერთოს.

“ორივე მხრიდან რამდენიმე რთულ კომბინაციას აქვს ადგილი, მაგრამ სომხეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა აზერბაიჯანისთვის ფაქტობრივად ღია ომის გამოცხადებაა,” – ამბობს მაისაია.

მისი თვალსაზრისით, რთულია იმის თქმა, ვინ რა მოიგო აპრილის სამხედრო მოქმედებებით. თუმცა ამ ომიდან არც აზერბაიჯანის პოლიტიკური მმართველი რეჟიმი დარჩა წაგებაში და არც სომხეთის მმართველი ძალა. ორივემ ეს შიდაპოლიტიკური იმიჯის გაუმჯობესებისათვის გამოიყენა. ორივე ქვეყანაში კარსაა მომდგარი არჩევნები, სომხეთში – საპარლამენტო და აზერბაიჯანში – საპრეზიდენტო და ამ ომმა მათ რეიტინგი მოუმატა.

მიუხედავად ამ შიდაპოლიტიკური საიმიჯო წარმატებისა, მაისაია აცხადებს, რომ ამ კონფრონტაციის საერთო ფონი სარისკოა არა მარტო ამ ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი თვლის, რომ ასევე არიან ძალები, ვისაც ეს ომი ხელს აძლევს.

“თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარებაა და არა მარტო ცივი ომი, ცხელი ომის საფრთხეცაა, ამ ფონზე რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, მათ შორის სამხედრო პოტენციალის გამოყენებით. ასეთ პოტენციალად რუსები ყოველთვის აყენებდნენ სამხედრო ოპერაციების დაწყებას მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რომ ამით ჰქონდათ პირდაპირი ბერკეტი აზერბაიჯანზე გავლენის მოსახდენად.

“ამ ეტაპზე ვის რა აწყობს, მალე გამოჩნდება. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ საქმე აღიარებამდე არ მივა და ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეს ავიცილებთ,” – დასძენს მაისაია.

Comments are closed