globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 6th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: “მთავრობა “ივენთების” ვნებით არ უნდა იყოს შეპყრობილი!” // “ბიძინა ივანიშვილის წერილში მოვისაკლისე იმის აღნიშვნა, რაც ვერ გაკეთდა,  თვითკრიტიკა… მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ აღდგა სამა­რთლიანობა”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეა” // “არ გამოვრიცხავ, რომ მმართველობისთვის ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიდიოდეს”

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ვინც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ორგანიზება გაუკეთა, ჯოხითაა გასაგდები”

რეზონანსი//მთელი კვირა: როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს? (გამოკითხვა)

რეზონანსი//მთელი კვირა: „ოცნება” “ნაცმოძრაობისგან” ისევ “ბუას ქმნის” // რატომ აგებენ პარტიები თავის საარჩევნო კამპანიებს სხვის ნეგატივზე და არა – საკუთარ პოზიტივზე

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: “ოცნება” “სხვანაირად მოაზროვნეებს” სამსახურიდან გაყრით ემუქრება

ყოველკვირეული ალია”: ვინ უერთდება პარტიას „თამაზ მეჭიაური – თავისუფალი საქართველოსთვის“?!

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან: „ბავშვის მკვლელს 5 წელი დავუკელი, მაგრამ ამაზე არავინ მეკითხება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლისთანავე უნდა დააკავონ“ // „ნაციონალებმა ისტერიკა გააძლიერეს”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ხელისუფლება ცდილობს, ევროპას ჩვენზე უარი ათქმევინოს” // „აშშ-ის ელჩმა ამაზე მეტი რაღა უნდა გვითხრას”

„ახალი თაობა“: ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება // ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი ვიზალიბერალიზაციას წინ წასწევს”

———————

„კვირის პალიტრა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: მთავრობაივენთებისვნებით არ უნდა იყოს შეპყრობილი!” // ბიძინა ივანიშვილის წერილში მოვისაკლისე იმის აღნიშვნა, რაც ვერ გაკეთდა, ერთგვარი თვითკრიტიკამაგალითად, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს ის, რომ ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ აღდგა სამა­რთლიანობა

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

ისევე როგორც 2011 წელს, პირველი პოლიტიკური განცხადებებისას, ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” 4-წლიანი­ მმართველობის შეფასებაც წერილობით გადაწყვიტა. თუმცა, მისი პოლიტიკური კარ­იერის გარიჟრაჟისგან განსხვავებით, დღეს ის სხვა გავლენითა და პასუხისმგებლობით­ არის აღჭურვილი, შესაბამისად, მის წერი­ლს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მო­ჰყვა.­ ამ წერილზე­ სასაუბროდ პოეტ დავით­ მაღრაძეს შევეხმიანეთ:

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ბიძინამ სწორედ წერილით მიმართა მოსახლეობას. მგონი, ის ერთადერთია როგორც ქართველ პოლიტიკოსთა, ასევე პოლიტიკურად გავლენიან ადამიანებს შორის, ვისაც შეუძლია წერილობითი ტექსტით მიმართოს საზოგადოებას. ამის სხვა მაგალითი არ მახსენდება, ეტყობა, დანარჩენები ამ უნარს ვერ ფლობენ.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ივანიშვილის ქებით ან ლანძღვით ცდილობს საზოგადოებაში ადგილის პოვნას. ვფიქრობ, მე ეს საშიშროება არ მემუქრება, რადგან ივანიშვილით არ შემიქმნია გვარ-სახელი, არც ივანიშვილის ქებით ან ლანძღვით ვეძებ­ საზოგადოებაში ან შემოქმედებაში ადგილს. ჩემი აზრით, წერილის მთავარი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს გზა არის ევროინტეგრაციის გზა, ოღონდ რუსეთთან ომის გარეშე. წინა ხელისუფლება სინგაპურიზაციის გზას დაადგა,­ რუსეთთან ომის ფონზე, სწორედ ამის საპირწონედ გამოაცხადა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების გზად ევროინტეგრაცია ომის გარეშე,­ რაც, ჩემი აზრით, სწორია. ივანიშვილი პოლიტიკოსების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ვინც იცის, რა უნდა. რუსეთთან ომი არ არის შემთხვევითი დაძაბულობა მეზო­ბელთან ან შეხლა-შემოხლის ფრაგმენტული გაელვება, თუ რა მძიმე შედეგებით მთავრდება ეს, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. რუსეთ­თან ომში დავკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალი, შემდეგ უკვე ახალგორი, კოდორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები. და იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ მიწა-წყალი­ დავკარგეთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ოდესის საბაჟო… სადმე თუ გინახავთ,­ რომ ერთ ქვეყანაში გაბითურებული და არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლება წაეყვანოთ და მეორე ქვეყანაში, არჩევნების გარეშე, დაესვათ ხელისუფლებაში?

“ნაციონალთა” ეს აგრესიული, საომარი და სიმამაცით შემკული რიტორიკა არის მხოლ­ოდ იმის მაჩვენებელი, თუ როგორ ხდება­ ხშირად პატრიოტიზმი ფარისეველთა უკანასკნელი თავშესაფარი. პატრიოტიზმი მაგ­ათი­ გაგებით ის არის, რომ ჩააბარო შენი მიწა-წყალი რუსეთს. ახლაც ცდილობენ, დასავლეთში გარკვეული გავლენიანი პოლიტიკური წრეები დაარწმუნონ და მათი დახმარებით კიდევ მობრუნდნენ ხელისუფლებაში, რათა უფრო მეტი მიწა-წყალი ჩააბარონ მტერს. სწორედ ქვეყნის გარეთ ეძებენ ამაში დახმარებას, რადგან მშვენივრად იციან, რომ ქვეყანაში მათ არანაირი შანსი არა აქვთ…

სამშობლოს განცდა სჭირდება და არა ბრაგაბრუგი. მაგათ ნება რომ მისცე, ქუთაისს ნიკოფსიას დაარქმევენ, წყალტუბოს – დარუბანდს და იტყვიან, მოგვილოცეთ, გადავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიით დარუბანდამდეო… ორად ორ ადამიანს ვერ ეწეოდა საქართველოს ისტორიაში დაცვა, ესენი არიან: ერეკლე მეორე და მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ერეკლე მეორეს ვერ ეწეოდა დაცვა, როდესაც მტერს უტევდა, და სააკაშვილს ვერ ეწეოდა, როცა მტრისგან ზურგშექცეული გამორბოდა.

ადამიანების წამებაში მხილებულ პოლიტ­იკურ ძალას არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არა აქვს…  ბიძინა ივანიშვილის წერილში მოვისაკლისე იმის აღნიშვნა, რაც ვერ გაკეთდა, ერთგვარი თვითკრიტიკა… მაგალითად, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს ის, რომ ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ აღდგა სამა­რთლიანობა. ამაზე წერილში საერთოდ არ არის გამახვილებული ყურადღება. ეს, ერთი შეხედვით, პოზიტიური კოაბიტაცია, რომელიც ოპონენტების შეთანხმებას ნიშნავს, დამნაშავეთა თავშესაფარი გახდა. თუ რომ­ელიმე პოლიტიკური პარტიის წევრმა ჩაიდინა დანაშაული და ამის გამო პასუხი მოსთხოვეს, ეს პოლიტიკურ დევნად ინათლება,­ მით უფრო, თუ ის ვიღაც ოპოზიციური პარტიის წევრია. პოლიტიკა არ უნდა იყოს დამნაშავეების თავშესაფარი! საზოგადოებამ იცის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი დანაშაულია ჩადენილი და არ არის ადეკვატ­ური რეაგირება.­ არ ვიცი, რატომ არ გაამახვილა ამაზე ყურადღება ივანიშვილმა. მთავრობის კიდევ ერთი შეცდომა საარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილება მგონია – 30 მილიონამდე ლარი ბიუჯეტიდან­ კონცერტებში დაიხარჯა, 30 მილიონი რობი უილიამსის უკანალის სანახავად, ამის ფუფუ­ნება აქვს ჩვენს ქვეყანას?! ის ცნობილი­ მომღერალია, მაგრამ ამ საკონცერტო “ივენთების” (როგორც თვითონ ამბობენ) ვნებით­ არ უნდა იყოს მთავრობა შეპყრობილი. შოუბიზნესი არის ბიზნესი და, როგორც წესი, ბიზნესი კვებავს ბიუჯეტს და არა პირ­იქით! შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ბიუჯეტი კვებავდეს ბიზნესს. ეს არა ერთი სამინისტროს, არამედ მთელი მთავრობის დიდი შეცდომაა.

- ბრძანებთ, რომნაციონალურ მოძრა­ობასარა აქვს შანსი ხელისუფლებაში მობრუ­ნებისა, თუმცა თავის წერილში საკმაოდ დიდი ადგილი ბიძინა ივანიშვილმა ამ ძალას დაუთმო. “წარსულში დაბრუნების საფრთხე” – ასეთია წერილის ერთ-ერთი ქვესათაური, რომელშიც ივანიშვილი წერს: “აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემ­ობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ სად­ისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად­ არ გადააქციონ“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანი­შვილი პოლიტიკურ ასპარ­ეზზე მხოლოდ­ ორ ძალას, “ქართულ ოცნებასადანაციონალურ­ მოძრაობასხედავს

- მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. ჩემი აზრით, მას სურდა, ხაზი გაესვა, თუ საიდან, რა რეჟიმიდან გამოვედით და ამიტომ გაამახვილა ყურადღება “ნაციონალურ მოძრაობაზე”. მოქალაქეთა ნაწილი დღევანდელ ხელ­ისუფლებას ისეთ მოთხოვნებს უყენებს, თითქოს ამ ხელისუფლებას შვეიცარია ჩააბარეს და ამათ საქართველოდ აქციეს.
“ნაციონალური მოძრაობა” მთავარ მოთ­ამაშედ არც მოსახლეობაში განიხილება, მათი ავტორიტეტი არის ზერო და არ გამიკვირდება, ბარიერის გადალახვა რომ გაუჭირდეთ. შეუძლებელია, ხალხს დაავიწყდეს ის სიმწარე, რაც მოუტანა “ნაცმოძრაობის” აგრესიამ.

- ისე ჩანს, რომქართული ოცნებასაარჩევნოდ სწორედ იმით ეცდება ფონს გასვლას, რომნაციონალურ მოძრაობაზეუკეთესია. ეს საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის?

- სწორედაც იმათთან შედარებით არიან უკეთესები, აბა, “ქართული ოცნება” იდეალური ნამდვილად არ არის. მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ეს ძალა არ არის მოსახლეობაზე გადამტერებული, არა აქვს ვნებები, რომ ადამიანს ფასი დაუკარგოს და გააცამტვეროს. მთავარი მონაპოვარი კი ის მგონია, რომ დღეს ადამიანებს არ ეშინიათ ხელისუფლების. ეს ფაქტია, რაც კარგად ჩანს იმითაც, რომ დღეს ისეთი უსუსური ხალხი ალაპარაკდა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში შიშისგან ხმა არ გაუღიათ, ახლა კი გაქაფულები ერთდროულად ლაპარაკობენ ყველა არხზე, რაც ნიშანია იმისა, რომ არ ეშინიათ ხელისუფლების!

- მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანასამ წერილმა ეს მოსაზრება ხომ არ განამტკიცა?

- ივანიშვილი არის ამ ხელისუფლების­ გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რადგან სწორედ მისი მემკვიდრეა ეს ხელისუ­ფლება. ივანიშვილი ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობს, გაერიდა ამ საქმეს. ამის დასტური მგონია ის, რომ არც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი შევსების და არც განათლების ახალი მინისტრის დანიშვნის ინიციატორი, ჩემი აზრით, ივანიშვილი არ ყოფილა. თუ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ივანიშვილს მოუსმენენ და ჭკვიანი კაცის აზრს გაითვალისწინებენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ის არ არის ჭკვიანი, როგორც ამის წარმოჩენას “ნაციონალები” ცდილობენ, მაშ, რას წარმოადგენენ თვითონ, როდესაც ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” თუ “უძრაობა” მთელი თავისი შლეიფით ბეჭზე ისე სამარცხვინოდ დასცა…

ორიოდე სიტყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ინტერვიუზეც უნდა ვთქვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ინტერვიუ კი არა, მხარეებს შორის დებატი იყო. ალბათ, კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიწვეულ სტუმარს უმასპინძლებს სწორედ ამ არხის და არა რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი. მესმის, რომ ეს ერთობლივი პროექტია და ამგვარი მემორანდუმის გაფორმების უფლება არხს აქვს, მაგრამ იქნებ არხზე მყოფი ჟურნალისტებისთვის მეტი ასპარეზი მიეცათ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ვფიქრობ, ის არ გრძნობს არაკეთილგანწყობილ გარემოში თავს ცუდად და როგორც ვიცი, “რუსთავი 2″-შიც აპირებს მისვლას, მაგრამ კარგი იქნება, წინასწარ იცოდეს, ვინ იქნება ამა თუ იმ ფორმატისას მისი მასპინძელი.

- “რუსთავი 2″-ის საქმის სასამართლო განხილვა ამჯერად სააპელაციო სასამართლოში­ ხმაურით მიმდინარეობს. “ნაციონალური მოძრ­აობადა არხის ხელმძღვანელობა პროცესს პოლიტიკურად ანგაჟირებულად აცხადებენ და პირდაპირ ხელისუფლებას უკავშირებენ, მეტიც, ლამის რევოლუციურ განცხადებებს ვისმენთ

- კი, აშკარაა, “ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, “რუსთავი 2″-ის გამოყენებით რევოლუცია ააგოროს, რისი განხორციელებაც წარმოუდგენელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია “რუსთავი 2″ სრულიად უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი საკუთრებაა. გვარამიას და მაგათ რომ ვუსმინოთ, თურმე ამ მტაცებლის ხელში ტელევიზიის დარჩენა ყოფილა დემოკრატიის ზეიმი და კანონიერი მეპატრონეების მოთხოვნა და საჩივარი, როგორმე დაიბრუნონ წართმეული ქონება, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა!..

(…)

„კვირის პალიტრა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეა// არ გამოვრიცხავ, რომ მმართველობისთვის ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიდიოდეს

ნათია დოლიძე

როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ღია წერილს, რომელშიც მიმოხილულია როგორც “ქართული იცნების” ხელისუფლებაში მოსვლის წინა პირობა, ასევე განვლილი 4 წელი, ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობას აპირებს, თუმცა ხელისუფლებაში დაბრუნებას არ გეგმავს. ბევრი ელოდა, რომ წერილში მიმოხილული იქნებოდა მმართველი კოალიციის დაშლის მიზეზები, თუმცა ივანიშვილი ამ საკითხს არ შეეხო. ილაპარაკა მიღწევებზე, ეკონომიკურ წარმატებებზე, რაც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად იქცა. ექსპერტ გია ხუხაშვილთან საუბარი სწო­რედ ამ სა­კით­ხით და­ვიწ­ყეთ:

- ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში მოცემულ ისტორიულ მიმოხილვას თუ არსებული ვითარების ანალიზს დიდწილად ვიზიარებ. მის ფაქტობრივ ნაწილს, ვფიქრობ, ნამდვილად აქვს ისტორიული ღირებულება, მაგრამ წერილს წმინდა პოლიტიკური კუთხით თუ შევაფასებთ, მაშინ ბევრ ლაფსუსს დავინახავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ძველებურად მთლიანად გაჟღენთილია “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაპირისპირების პათოსით, ის უფრო წარსულის გამოძახილია და არ არის ორიენტირებული მომავალზე. ისე ჩანს, რომ ივანიშვილი პირდაპირ აჯიბრებს დღევანდელ ხელისუფლებას “ნაციონალურ მოძრაობას”. თუნდაც ეკონომიკის ეს შედარებითი ანალიზი ავიღოთ, რაც ჩემთვის უფრო გუშინდელი დღეა. დღეს რეალობა სხვაა და სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება, რასაც წერილი ნაკლებად პასუხობს. რელურად ჩვენ მოწმე ვართ, რომ ეს ორი ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” – მხარდამჭერებს პერმანენტულად კარგავს. “ქართულ ოცნებას” ეს პრობლემა დაუდგა იმის გამო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი იმედგაცრუებულია. საზოგადოების ამ ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს. ამ წერილის მიზანი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ ეს დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად იმედგაცრუებული ადამიანები უკან მოებრუნებინა. ამისთვის საჭირო იყო სულ ორი საკითხის ჩაწერა წერილში.
პირველი – აუცილებელი იყო, მოჰფერებოდა ამ ადამიანებს და კარგად აეხსნა მათთვის, თუ რატომ ვერ მოხერხდა რიგი დაპირებების შესრულება და მათი მოლოდინის გამართლება. თუნდაც ეთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოლოდინი გადაჭარბებული იყო; მეორე – ამ ოთხი წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. ამ ორი რაღაცის წერილში ჩაწერით, ვფიქრობ, რაღაც საფუძველს მაინც შექმნიდა ამ ადამიანებში ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობის აღსადგენად.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ წერილის ეკონომიკურ ნაწილს?

- მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ციფრები და სტატისტიკა სწორია, ეს მაინც არადამაჯერებელი ჩანს. საქმე ის არის, რომ ჩვენში ციფრები და სტატისტიკა ყოველთვის მანიპულაციის საგანი იყო და წარმოადგენდა ვირტუალური კეთილდღეობის დახატვის ხერხს­. ამაში განსაკუთრებულად ძლიერი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. ესეც რომ არ იყოს, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ქაღალდზე დაწერილი მშრალი ციფრებით ადამიანებთან ლაპარაკი ვერ არის ქმედითი.

ადამიანის კეთილდღეობის მთავარ ინდიკატორად რჩებოდა და რჩება კვლავაც ის, კაცი მაცივარს რომ გამოაღებს, იქ რა ხვდება. ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურ სარჩოს ძლივს შოულობს, ეს ციფრები არაფერს ნიშნავს. მით უფრო, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა ისე წარემართა საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომ გაკეთებული საქმე სრულფასოვნად წარმოეჩინა. ეს იყო და რჩება ამ ხელისუფლების ნაკლად. ერთია ციფრები და მეორე – საქმე, რომელიც რიგ შემთხვევაში ვერ კეთდება ან თუ კეთდება, ამაზე, ვიწრო წრის გარდა, არავინ არაფერი იცის. გარდა ამისა, წერილში ისე ჩანს, რომ ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელთაგან ერთი კეთილია, მეორე – ბოროტი. ივანიშვილის წერილში ორპოლუსიანობაზე აქცენტი ისევ შუას გაკრეფის მცდელობას მაგონებს, რაც, შესაძლოა, პოლიტტექნოლოგიურად სწორი, მაგრამ სახელმწიფოებრივად არასწორია. დღეს ეს საჭირო აღარ არის, რადგან აშკარაა, საზოგადოება ფიქრობს, რომ ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ჰყავს, ამიტომ ეძებს მესამე ძალას. გარდა ამისა, მომეჩვენა, რომ წერილი სხვადასხვა ჯგუფის მიერ იყო მომზადებული, შედეგად კი, ხელოვნური კომპილაცია მივიღეთ. ეს მაფიქრებინა წერილის იმ ფრაგმენტებმა, რომლებიც რიგ შემთხვევაში მშრალია და მხოლოდ სტატისტიკაზე აგებული, სხვაგან კი ლირიკული გადახვევები გვხვდება.

- გამოდის, თქვენც იზიარებთეროვნული ფორუმისერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, მოსაზრებას. ამგვარი ეჭვი სწორედ მან გამოთქვა...

- კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ ფორმას, როგორც გუბაზ სანიკიძემ გამოხატა აზრი. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი გავაკრიტიკოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რაც არ უნდა გადავკვეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი, მისდამი ვინარჩუნებ პატივისცემას და ვაღიარებ მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე. წესით, გუბაზ სანიკიძესაც ეს კარგად უნდა ესმოდეს. გუბაზ სანიკიძემ გამოიყენა ისეთი სიტყვები, რაც პირადი შეურაცხყოფის ზღვარზე გადის და ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

- 2012 წელსქართული ოცნებისმთავარი მამოძრავებელი ძალა და რესურსი ბიძინა ივანიშვილი იყო. ის დღესაც აცხადებს­, რომ საზოგადოების ნდობით სარგებლობს. რამდენად დიდია ეს ნდობა და იქნება თუ არა ესქართული ოცნებისწარმატების საწინდარი კვლავაც?

- გააჩნია, ნდობაში რას გულისხმობს.ქართველ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალის ცენტრად ის ნამდვილად აღიარებულია, რაც აძლევს მას უპირატესობას. სხვა საკითხია, ეს რამდენად ნეგატიურად ან პოზიტიურად აღიქმება. 2012 წელს ეს ძალა იყო მხოლოდ პოზიტიური, უჩრდილო, დღეს მან უკვე ნელ-ნელა ნეგატიური რეიტინგი აკრიფა.

- დიდი ხმაური მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც, ფაქტობრივად, ჩაიშალამაყურებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. შედეგად, ვინ რესპონდენტს აკრიტიკებს, ვინჟურნალისტს...

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს შეხვდნენ მხარეები, რომელთაგან ერთი ითხოვდა, რომ ეთამაშათ ფეხბურთი და მეორეს კალათბურთის თამაში სურდა, ამ დროს კი მოედანზე რაგბის ბურთი იყო. ისე დამთავრდა პროცესი, რომ ვერ გადაწყვიტეს, რა ეთამაშათ. შედეგად, ყველა უკმაყოფილო დარჩა, მათ შორის, მაყურებელი. როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი მისული იყო პოზიტივზე სალაპარაკოდ, ხოლო იქ დახვდა სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტმა თავისი თამაშის წესები შესთავაზა, რაც ივანიშვილმა არ მიიღო­ და შედეგად, ორივე მხარე “აიჭრა”. ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა, თუმცა, ჩემი აზრით, მომხდარით ბიძინა ივანიშვილი უფრო დაზარალდა. ვფიქრობ, რაც უნდა არაკომფორტული ყოფილიყო, ის უნდა გაჰყოლოდა ჟურნალისტს და გაეცა თუნდაც ძალიან ტენდენციურ და არაობიექტურ კითხვებზე პასუხი. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამო დასასჯელია ივანიშვილის პრესცენტრი, რომელმაც არასწორად დაგეგმა ინტერვიუ. თუ ბიძინა ივანიშვილს სურდა, პოზიტივზე ელაპარაკა და არ იყო მზად კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, შესაბამისად, უნდა შერჩეულიყო პლატფორმა და გადაცემა. ამ ყველაფერს ივანიშვილი ვერ დაგეგმავდა, ეს პრესცენტრის საქმე იყო.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ივანიშვილის განცხადებამ მურუსიძესთან დაკავშირებით

- ჩვენი ომის დასაწყისი სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო. 2012 წელს ერთი ბრძოლა მოვიგეთ, ომი კი 2005 წელს სანდროს დაღუპვის დღიდან დაიწყო. ჩვენი ბრძოლის დროშაზე სწორედ სანდრო გირგვლიანი იყო გამოსახული. ცხადია, მურუსიძე იმ ტრაგედიის მთავარი დამნაშავე არ ყოფილა, მაგრამ იყო ერთ-ერთი თანამონაწილე, სისტემის სიმბოლო, რომლის უსამართლობა მარტო სანდროს სიკვდილის კი არა, მთელი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. მურუსიძის მსხვერპლად წარმოჩენა ჩემთვის და, ალბათ, ბევრისთვის, ძნელი მოსასმენია. სწორედ კოლექტიური მურუსიძე გვცემდა და გვასამართლებდა, მსხვერპლი ჩვენ ვიყავით, მურუსიძე კი არა! ივანიშვილმა განაცხადა, შევუთანხმდი მურუსიძეს, რომ გათავისუფლდებოდა ყოფილი ხელისუფლების გავლენისგანო. თუ ვინმეს სჯერა, რომ ერთი საუბრით შესაძლებელია გათავისუფლება და შარავანდედით შემოსვა, მაშინ ეს ძალიან მიამიტი დამოკიდებულებაა.

დღეს მურუსიძე არის სიმპტომი იმ საფრთხისა, რომ სააკაშვილის დროინდელი სისტემა დღესაც არსებობს და ხვალ და ზეგ, შესაძლოა, დაიბრუნოს დაკარგული ძალა. არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი რეჟიმის კი არა, სისტემის დამარცხებაა! სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ეს სისტემა თავისთან შემოუშვა და დაიწყო მასთან თანამშრომლობა. სწორედ ამან მიგვიყვანა კორცხელთან, ხვალ-ზეგ კიდევ რა უბედურებასთან მიგვიყვანს, არავინ იცის. ამ ურჩხულის მართვა არ არის ადვილი. მურუსიძემ ამ ორიოდე დღის წინ თქვა, საქართველოში ისეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასოდეს ყოფილა, როგორიც დღეს არისო. მე ამას ვიზიარებ, მაგრამ მურუსიძის ბაგეთაგან ეს ისე ისმის, მაფია ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილაო; ანუ სასამართლო რომ მაფიით ჩავანაცვლოთ, მურუსიძისგან ეს უფრო დამაჯერებელი იქნება.

- “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, ტრადიციულად, ხმაურით მიმდინარეობს...

- ამ საქმის სამართლებრივ ასპექტებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, ვფიქრობ, “რუსთავი-2″-ს, მას შემდეგ, რაც ის დვალსა და აქიმიძეს წაართვეს, მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს. ჩემთვის მისი მფლობელი არ შეცვლილა, ეს მიხეილ სააკაშვილია, უბრალოდ, ნომინალურად ფორმდებოდა სხვადასხვა პირზე. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ტელევიზია გადაუფორმეს, ქიბარ ხალვაში იყო. მას სულ არ აინტერესებდა მედიაბიზნესი, როგორც თვითონ ამბობს, სააკაშვილმა აიძულა ამ ტელევიზიის ყიდვა. შესაბამისად, მას ნამდვილად მივიჩნევ დაზარალებულად სხვა ბიზნესების წართმევის საქმეებში, მაგრამ არა “რუსთავი-2″-თან დაკავშირებით. მან პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ტელევიზიაში შესვლით. გარდა ამისა, მახსოვს, მისი მფლობელობისას როგორ მუშაობდა “რუსთავი-2″ თავისუფალი, კრიტიკული სიტყვის ჩასახშობად. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რასთან გვაქვს საქმე სამართლებრივად, პოლიტიკურად როგორც მიდის პროცესი (განსაკუთრებით სააარჩევნო თემატიკის გათვალისწინებით), ვფიქრობ, ეს აძლიერებს “ნაციონალურ მოძრაობას” თუ ხელისუფლების ოპონენტებს და მაქსიმალურად აზარალებს ხელისუფლებას. ეს არის ამ პროცესის ფაქტობრივი შედეგი და, ჩემი აზრით, ეს თემა თუ არჩევნებამდე მუდმივად იტრიალებს, მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყანასაც. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაც ამაში მონაწილეობს, ის ვიღაც არის კლასიკური პროვოკატორი, რომელიც შიგნიდან აფეთქებს ხელისუფლებას. ამაზე დიდი უგუნურება, რომ ხელისუფლებაში ვიღაცას სურდეს, “რუსთავი 2″-მა პროცესი არჩევნებამდე წააგოს, ვერც წარმომიდგენია. ჩვენ ვიცით, რომ როგორც “რუსთავი 2″, ისე “ნაციონალური მოძრაობა”, ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, ქვეყნის ინტერესების დაზარალებაზე, და ვინც ამაში მას ხელს შეუწყობს, ის მათზე უარესია. არ მჯერა, რომ ხელისუფლება ასეთი უგუნურია.
გაისმის რევოლუციის მუქარა, მეეჭვება, “ნაციონალურ მოძრაობას” ამის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ მე ამ ხელისუფლების მდგრადობა მცირე, ლოკალური კრიზისის დროსაც კი მაეჭვებს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ყველაზე მეტ ზიანს ბიძინა ივანიშვილს აყენებს. თუ შეთქმულების თეორიას გამოვიყენებთ, არ გამოვრიცხავ, რომ ისიც იყოს ამ ყველაფრის სამიზნე. მინდა ერთი რჩევა მივცე, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეა. თავი დავანებოთ იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველა უბედურებას მას აბრალებს, მისი გაკრიტიკების წინააღმდეგი სხვებიც არ არიან, მათ შორის, “ქართულ ოცნებაში”. ამ ბოლო დროს საკმაოდ უარყოფითი მესიჯები მოდის დასავლეთიდან, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი ინსტრუმენტი აქვს გავლენის მოსახდენად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გზავნილები არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და დასავლური სტანდარტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, თუ ივანიშვილი აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას, მას ძალიან ძლიერი იმუნიტეტი სჭირდება. მისთვის ამის მიმცემი კი არის მხოლოდ ხელისუფლებაში რეალურად ყოფნა, კონკრეტული თანამდებობა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის… მან უნდა მოახდინოს საკუთარი სტატუსის ფორმალიზება, სხვა მხრივ ძალიან გაუჭირდება.

- თითქოს დალაგდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მართალია, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებკანონში შესატან ცვლილებებს მარგველაშვილმა ვეტო დაადო, მაგრამ მისი შენიშვნები არ აღმოჩნდა მიუღებელი და პარლამენტმა გაიზიარა, თუმცა ამის პარალელურად ვნახეთ პრეზიდენტის გამოთქმული ეჭვი, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში არსებობდეს მოძველბიჭოდ მოაზროვნეთა ჯგუფი...

- დღეის მდგომარეობით, სახელისუფლებო ძალა კვლავაც ძალიან ეკლექტიკურია და არ გამოვრიცხავ, რომ მმართველობისთვის ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიდიოდეს. კი, ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა მოახერხეს ერთმანეთთან მოლაპარაკება, ორივე წავიდა კომპრომისზე, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ამის პარალელურად არიან ჯგუფები, რომლებიც სისტემურ დანაშაულებზე ხელს აწერენ. არ მინდა, ვინმე გავაბრაზო, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ის მოჭიდავეები კორცხელში შემთხვევით ჩავიდნენ? სწორედ ასეთი მოჭიდავეები გვირტყამდნენ თავში წინა ხელისუფლების დროს. დღევანდელ ხელისუფლებას არ ეკადრება ასეთი მეთოდებით მოქმედება. ამაში კვირიკაშვილის ხელი რომ არ ურევია, ესეც ცალსახად ჩანს. ამიტომ პრეზიდენტმა ხელისუფლებაში არსებულ გარკვეულ ჯგუფზე მიგვანიშნა, რომელმაც ზიანი მიაყენა პარტიის ლიდერს. ყველაფერთან ერთად, არჩევნებიც წააგეს, მოკლედ, კორცხელში ორი ავტოგოლი გაიტანეს.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ვინც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ორგანიზება გაუკეთა, ჯოხითაა გასაგდები”

სალომე სარიშვილი

პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ინფორმაციული თვალსაზრისით არაფრის მომცემი იყო, ვინაიდან, მხარეებს შორის შეუთანხმებლობის გამო, ჯამში, ინტერვიუ ვერ შედგა. გია ხუხაშვილს არც ივანიშვილის ვრცელი წერილის შინაარსობრივი ნაწილი ხიბლავს და ამბობს, რომ საზოგადოება მისგან არა “ნაცმოძრაობის” მემკვიდრეობაზე საუბარს, არამედ რაღაც სიახლესა და მომავლის გეგმების გაცნობას ელოდა.

ანალიტიკოსი “მთელ კვირასთან” ინტერვიუში “რუსთავი 2″-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა დაჟინებული მტკიცებისა, თითქოს ეს სამართლებრივი პროცესია, მან უკვე პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, რაც ისევ და ისევ ხელისუფლებას აზიანებს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი არჩევანი ამ საქმის არჩევნებამდე დაკონსერვებაა.

ექსპრემიერის სკანდალურ ინტერვიუზე, მის ვრცელ წერილსა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე “მთელი კვირა” გია ხუხაშვილს გაესაუბრა.

გია ხუხაშვილი: ივანიშვილის წერილის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაპირისპირებაზეა ჩაკეტილი. ეს დაპირიპირება იყო წარსულში, არის აწმყოშიც და რაღაც უცნაური ფორმით მომავალშიც იქნება. ფაქტობრივად, ამ წერილით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მთელი სამყარო ამ ორი ძალისგან შედგება, ანუ კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლაა. ეკონომიკურ ნაწილშიც კი, როდესაც ოპტიმისტური სტატისტიკა მოჰყავს, შედარებითი ანალიზი მთლიანად “ნაცმოძრაობასთან” კეთდება. ფაქტობრივად, არ დატოვა სივრცე იმისათვის, რომ მიემართა ადამიანებისთვის, რომელთაც პირადად მისი და “ქართული ოცნების” მიმართ გარვეული იმედგაცრუება აქვთ. თუკი ამ წერილის ამოცანა ანგარიშის ჩაბარება და ამომრჩევლის მობრუნებაა, მაშინ ამისათვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაედგა.

ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ, ობიექტურად თუ სუბიექტურად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილმა ამ ადამიანებს უნდა მიმართოს, “ნაცმოძრაობასთან” დაპირისპირებაზე კი არ უნდა ილაპარაკოს. პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ამ ადამიანებს უნდა მოეფეროს და მათი სატკივარის თანაზიარი გახდეს, ანუ აჩვენოს ხალხს ადამიანური დამოკიდებულება. მეორე კი არის ის, რომ თუკი რაიმე რაღაც მიზეზების გამო ვერ შესრულდა, ამისთვის ბოდიში მოიხადოს და თქვას, რომ ამის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდაო.

თუ გინდა, რომ იმედგაცრუებული ამომრჩეველი მოაბრუნო, ზუსტად ეს უნდა მოახერხო და მისი ემოციების თანაზიარი გახდე. ბიძინა ივანიშვილს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია, წერილით ამ ადამიანებს არ ესაუბრება, სამყაროს ისევ “ნაცმოძრაობითა” და “ოცნებით” ავსებს, რაც აბსოლუტურად არასწორია.

- თუმცა, წერილის ამგვარი ფორმულირება ექსპრემიერმა მოგვიანებით სატელევიზიო ინტერვიუში იმით ახსნა, რომ სურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენოს, როგორი მემკვიდრეობა ხვდა წილად და რა შეიცვალა ამის შემდგომ…

- სტატისტიკასთან დაკავშირებით – კი, ბატონო, ამაში გარკეული ლოგიკა არის, მან შედარებითი ანალიზი მოიყვანა, მაგრამ 4 წელი გავიდა და დღეს ამაზე ლაპარაკი აღარაა კარგი. ჩვენ კარგად ვიცით, რა ჰქონდა “ნაცმოძრაობას” კარგი და რა ცუდი, ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება მომავალში, რა პრობლემები აქვს ხელისუფლებას და როგორ აპირებს მის გადაწყვეტას. ეკონომიკურ ნაწილში შეიძლება ეს გამართლებული იყოს, მაგრამ როცა მთელ ისტორიას იხსენებს და სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, საზოგადოებამ ეს მასზე ნაკლებად არ იცის, რადგან ამ რეჟიმმა ზუსტად ამ საზოგადოების ზურგზე გადაიარა. მუდმივად ამ ისტორიის შეხსენება და პოლიტიკის ამ ნაწილზე აგება ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება არაა. აღარ გვაინტერსებს, “ნაცმოძრაობას” ხომ გამოვუტანეთ უკვე ვერდიქტი, დავანებოთ მათ თავი, მათ თავიანთი სახდელი მისჯილი აქვთ.

როცა ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ თუნდაც ციფრებით ვირტუალური კეთილდღეობის სურათი შეგვიქმნას, ესეც არასწორი ტექნოლოგიაა. ეს მიშამ ბევრად უკეთ იცოდა და ჩვენ გვახსოვს, ამას როგორ აკეთებდა. თუმცა, ივანიშვილი ამას სააკაშვილზე კარგად ვერ გააკეთებს, ეს ერთი. მეორე – კონკრეტული ადამიანისთვის კეთილდღეობის ინდიკატორი არა ქაღალდზე დაწერილი ციფრები, არამედ მაცივარია, რომელშიც ან დახვდება რამე, ან – არა. ყველა მისი ფრაზა “ნაცმოძრაობითაა” გაჟღენთილი, ყველა პუნქტში აპელირება მათზე ხდებოდა, ეს ძალიან დამთრგუნველია. დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი რაღაც ახალს ელოდება და ამ ორპოლუსიან მარაზმში ჩარჩენა აღარ სურს. ამ მხრივ მან საზოგადოებას ახალი არაფერი მისცა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვუფასებთ იმ დამსახურებას, რაც მას ბრძოლაში ეკუთნის, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ ეს ყოველ წუთში უნდა შეგვახსენოს, გაუგებარია. მასზე ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანიც კი მადლიერია იმისთვის, რა თავგანწირვაც აჩვენა, მაგრამ მადლიერება მუდმივად შეხსენებას არ ნიშნავს. საბოლოო ჯამში დაყვედრებასავით გამოდის. კი, ბატონო, მადლობა, მაგრამ ახლა წინ უნდა გავიხედოთ.

- ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილის გამოქვეყნებას მისი სატელევიზიო ინტერვიუც მოჰყვა. თქვენ როგორ აფასებთ ამ ინტერვიუს?

- ინტერვიუს კომენტირება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ის არ შედგა. პრაქტიკულად, ეს ინტერვიუ არ იყო, რადგან მხარეები თამაშის წესებზე თავიდანვე ვერ შეთანხმდნენ. ანუ, ივანიშვილი მისული იყო მის წერილზე სალაპარაკოდ, მეორე მხარე კი ეუბნებოდა – მოდი, ვითამაშოთ ფეხბურთი, მაგრამ აქ კალთბურთის მოედანიაო. შესაბამისად, ამ ინტერვიუს პოლემიკისა და ინფორმატიულობის დატვირთვა არ ჰქონია.

ინფორმაციულად ჩვენ იქიდან ვერაფერი გავიგეთ გარდა იმისა, რომ თურმე მურუსიძე სისტემის მსხვერპლი ყოფილა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე რომ საუბრობს, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს იყო დიდი ომი, რომელიც სანდრო გირგვლიანის ტრაგედიით დაიწყო. გირგლიანი მრავალწლიანი ომის სიმბოლო გახდა, ამ დროშასთან კი მურუსიძეს ნეგატური შეხება ჰქონდა. შესაბამისად, ის მსხვერპლი კი არა, იმ სისტემის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც სანდრო გირგვლიანი მოკლა, ხოლო შემდეგ მისი მკვლელები შეიწყალა. ამ ყველაფერში მურუსიძის ხელი ერია. შეიძლება, იგი სასამართლოსთვის ყველაზე უარესი არაა, მაგრამ ის ანტიგმირი გახდა. რატომღაც ივანიშვილს ეს არ ესმის.

როგორც კი ინტერვიუ ჩაიწერა, გამოვარდა ლევან მურუსიძე და კიდევ კამერებთან მაზოხიზმის უკიდურესი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი დაიწყო. მისი პირიდან ეს როგორ ისმის იცით? – რომ არა სასამართლოს, არამედ მაფიის დამოუკიდებლობაზე საუბრობს. საუბედუროდ, ივანიშვილს ამის გაგონება არ უნდა.

- გაგება არ სურს, თუ არასწორ ინფორმაციას ფლობს? ჩვენ ხშირად გვესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი თავის გარემოცვას შეცდომაში შეჰყავს.

- აი, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. ვინც ამ ინტერვიუს ორგანიზება გაუკეთა, ჯოხითაა გასაგდები. თუკი ივანიშვილს იმაზე უნდოდა საუბარი, რაზეც ფაქტობრივად ჟურნალისტს პირველივე შეკითხვიდან მოყოლებული საყვედურობდა, მაშინ რატომ ვერ მოხერხდა ამის ორგანიზება? რატომ არ იყო ეს ყველაფერი უფრო კონკრეტულად შეთანხმებული? ვინც ამის ორგანიზება გააკეთა, მან ივანიშვილს პროვოკაცია მოუწყო. სალომე ასათიანმა, პირველმა არხმა ან “რადიო თავისუფლებამ” კი არ გააკეთა ეს, მისმა ორგანიზატორმა მოუწყო და შესაბამისად, პრობლემა მასში უნდა ეძიოს. ფაქტია, რომ მას სხვა რამ უნდოდა და რეალურად სულ სხვა რამ გამოვიდა.

- თუმცა, მიუხედავად ამისა, ინტერვიუში ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა. მაგალითად ის, რომ ექს-პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომაში ნაწილობრივ მონაწილეობა მიიღო, ან თუნდაც ის, რომ დროდადრო მასთან კონსულტაციები მოქმედ პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს აქვთ…

- ეს უხერხული გზავნილი იყო არა ივანიშვილისთვის, არამედ თავად ირაკლი ღარიბაშვილისთვის. სიმართლე გითხრათ, მაღალი აზრის მისდამი არც მანამდე ვიყავი, მაგრამ ამის შემდეგ წარმოვიდგინე ადამიანი, ქვეყნის პირველი პირი და ლიდერი, რომელიც მიდის და ეკითხება – წასვლის დრო ხომ არააო. ეს ნიშნავს, რომ მას ერთგულებას ეფიცება, სხვა მოტივი ხომ არ ჩანს? ჩვენ ვიცით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობა ძალიან უნდოდა და ამას თავისი ნებით არასდროს გააკეთებდა, რადგან სამი დღით ადრე ძალიან ამაყად და თავაწევით წარმატებებზე გველაპარაკებოდა.

საერთოდ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი ვიღაცის ხელით მართვისკენაა მიდრეკილი. ჩემი აზრით, ის მზადაა, გასცეს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება, თუკი ადამიანები ამის უნარს გამოიჩენენ, მაგრამ ასე ვერ ხდება, ლიდერს ვერ შექმნი. ივანიშვილის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანისგან ლიდერის გამოძერწვა შესაძლებლად მიაჩნია. თუ ადამიანი ლიდერის თვისებებს არ ატარებს, თუ ძალაუფლება არ ესმის, პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და ძალიან მყარი ფასეულობითი სისტემა არ აქვს, ის ლიდერი ვერ გახდება. ეს ადამიანები შემდგომ თვითონვე იწყებენ ივანიშვილის ავტორიტეტის ექსპლუატირებას.

- რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა მოტივი ამ გადაწყვეტილებისა არ აუხსნია. ამასთან, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თამარ სანიკიძე კვლავ გუნდში რჩება. თქვენ რას ფიქრობთ ამგვარ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე?

- დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი მართლაც გასაშვები იყო და ამაზე აზრი მას შემდეგ გამიმყარდა, რაც გადადგომის შემდეგ თამარ სანიკიძემ განცხადება გააკეთა. ძალიან უცნაური განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ძალიან გონივრული და დროული გადაწყვეტილება იყო. ეს ხომ ნიშნავს, რა დღეშიც ვართ? როდესაც ადამიანი საკუთარ გადაყენებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს, ის მინისტრობისთვის შესაფერისი ისედაც არ იყო. ან აქამდე როგორ შეძლო ეს, კიდევ საკითხავია.

სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ ეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ მის გადაყენებაში ლოგიკა არის. იმიტომ, რომ მას არანაირი რეფორმები არ გაუტარებია, როგორც კრიზისმენეჯერი, ძალიან სუსტი აღმოჩნდა, რადგან ლოკალური პრობლემები დროდადრო განათლების სისტემაში ახლაც ჩნდება, ამის პიკი უნივერსიტეტში ჯერაც არ დამთავრებულა. სანიკიძემ ფაქტობრივად ვერაფერი მოახერხა, რადგან იგი ავტორიტეტი არაა. მხოლოდ ავტორიტეტს შეუძლია ასეთი კრიზისების გადალახვა. ცუდი კრიზისმენეჯერის, ადმინისტრატორისა და არარეფორმისტის მინისტრობაში ლოგიკა ისედაც არ იყო.

- “რუსთავი 2″-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბოლო პერიოდში დიდი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა. გარდა ამისა, მთავრობის წარმომადგენლებსა და ტელევიზიის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?

- “რუსთავი 2″-ის თემა მართლაც რთული თემაა. სამწუხაროდ, სამართლებრივი ნაწილი დისკრედიტირებულია. ვინ, რა, როგორ და რანაირად – ამ თემაში არ შევდივარ, მაგრამ როდესაც გსურს სამართლებრივი საკითხი სწორად წაიყვანო, უნდა მოახერხო ამ პროცესის პოლიტიკიდან გამიჯვნა. ფაქტია, რომ ეს ვერ ხერხდება.

გუჯაბიძის პრეცედენტი პირადად ჩემთვის ძალიან სკანდალურია. მიუხედავად იმისა, აქ კრიმინალს ადგილი ჰქონდა თუ არა, მოსამართლე ძალიან მაღალი მორალური ავტორიტეტი უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ამ ფაქტის უარყოფა ვერ ხერხდება და მან სახელწიფოს ხარჯზე ბინა იქირავა. მორალური თვალსაზრისით, ეს ამ საქმეს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დავის ნაწილში ვერ შევალ, მაგრამ სახელმწიფოებრივად ერთადერთი სწორი გზა ამ საქმის არჩევნებამდე დაკონსერვებაა.

ამ ვითარებაში, ამ საქმის წარმოება მხოლოდ “რუსთავი 2″-ს “ნაციონალურ მოძრაობასა” და ხელისუფლების ოპონენტებს აძლიერებს. ეს საქმე სერიზოულ ზიანს აყენებს პირადად გიორგი კვირიკაშვილსაც. არ გამოვრციხავ, ეს აქტივიზაცია პრემიერის პირადი გასვრისთვისაც იყოს მიმართული, რადგან მისდამი საზოგადოებაში პოზიტიური მუხტი წამოვიდა, ეს კი შესაძლოა, თუნდაც ხელისუფლებაში ვიღაცას ძალიან არ მოსწონდეს. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმე ხელისუფლებიდან მეორე მხარეს ლობირებს და ამ საქმესთან რაიმე კავშირი აქვს, მაშინ ისაა პროვოკატორი და ხელისუფლების პირველი მტერი. იმედი მაქვს, ასე არაა.

- აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ თუკი ამ პროცესის შედეგად ტელევიზიის მენეჯმენტი და მფლობელები შეიცვალნენ, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ. ელჩის განცხადებას როგორ აფასებთ?

- ნუ, რა გითხრათ, ასეთია სამყარო და ასეთია შეერთებული შტატები, მას ფასეულობათა დონეზე ქვეყანაში ძალიან დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული და შესაბამისად, ისინი თავს უფლებამოსილად მიიჩნევენ, ასეთი მკაცრი გაფრთხილება მოახდინონ. ეს უშედეგო არ იქნება, უნდა გვესმოდეს, რომ ელჩის განცხადება ვიღაცის განცხადება არაა. ფაქტობრივად, ჩვენი უსაფრთხოება და ძალიან ბევრი სხვა თემა აშშ-ის კეთილგანწყობაზეა ჩამოკიდებული. “რუსთავი 2″-ის თემასთან დაკავშირებით კი ისინი ცალსახად გვეუბნებიან, რომ კეთილგანწყობას დავკარგავთ, თუკი არჩევნებამდე რაიმე რადიკალური მოხდა. ყველაფერი იქით მიდის და განა ვის აწყობს ეს? ხელისუფლების გარდა ყველას.

უბრალოდ ვერ ვიგებ, ამას როგორ ვერ ხვდებიან. გამოსავალი ერთი მარტივი რამაა – რამდენიც არ უნდა იძახოს უმრავლესობამ, რომ ეს მხოლოდ სამართლებრივი თემაა, ეს ასე არაა, ბატონებო, თავს ნუ იტყუებთ. “რუსთავი 2″-ის თემა პოლიტიკური პროცესია, რომელმაც შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს, შესაბამისად, რამენაირად ამ საქმის არჩევნებამდე დაკონსერვება უნდა მოხდეს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 ივნისი, 2016 წელი

როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს?

ლიკა ამირაშვილი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერიუს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა. ინტერვიუ ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის კამათისა და კონფრონტაციის ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი სალომე ასათიანი ინტერვიუსთვის მოუმზადებელი იყო, მეორე ნაწილი კი ექსპრემიერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კრიტიკულმა კითხვებმა მისი გაღიზიანება გამოიწვია.

როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): “მგონია, რომ ინტერვიუ ვერ შედგა. ბატონ ბიძინას ალბათ აკადემიურობა, დამაჯერებლობა დააკლდა, რაღაც მომენტებში ნერვებმაც უმტყუნა, მაგრამ სალომე ასათიანმაც რაღაც მომენტებში თითქოს ეთიკის ნორმები დაარღვია. “საერთოდ, ქარველ ჟურნალისტებს მეტი სიდინჯე მართებთ. აქეთა მხრიდანაც მეტი აკადემიურობაა საჭირო. ორივე მხრიდან რაღაც ხარვეზები დავინახე, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბატონ ბიძინას მეტი სიმშვიდე და დამაჯერებლობა მართებდა.”

ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): “ის განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება და კრიტიკულ შეკითხვებს თავს არიდებს. როდესაც ქალბატონი სალომე ასათიანი მას კითხვებს უსვამდა, ის ღიზიანდებოდა. აშკარად გამოჩნდა, რომ განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემს. ხაზს უსვამდა წერილს, რომელიც გამოქვეყნებული იყო, სადაც არ ჩანდა არანაირი კრიტიკა, მხოლოდ მიღწევებზე საუბრობდა, რომელიც შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, გაღიზიანება ქალბატონის მიმართ აშკარად ჩანდა. ამ დროს სოციალურ ქსელში ივანიშვილის მხარდაჭერები ჟურნალისტის ნაკლზე მიუთითებდნენ, ვის რა უფლება აქვს, მის ფიზიკურ ნაკლზე მიუთითოს?! ეს აბსოლუტურად მიუღებელია.”

გიგა ნასარიძე  (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “შემიძლია გითხრათ, რომ მისი პირველი ინტერვიუს შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ტელევიზიაში მისი პირველი გამოჩენის დროსაც ზუსტად ისეთივე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომფორტული ჟურნალისტი შეხვდა. ნებისმიერი მისი ასეთი შეხვედრისას, ჟურნალისტებთან იქნება თუ სხვაგან, ის არ არის შეჩვეული, რომ მას არ აქებენ. ახლაც არაფერი არ შეცვლილა. არაფერი არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა.”

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): “ივანიშვილმა “პირველი არხის” ჟურნალისტს მოუგო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ინტერვიუს დროს მომზადებული უნდა მივიდეს და ფაქტების ძებნა იქ არ დაიწყოს. ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებულიყო. ეს ივანიშვილის ის გამოსვლაა, რომელმაც გამარჯვება უნდა მოუტანოს, რაც ოქტომბერში გამოჩნდება. მისი გამარჯვების შემთხვევაში, წინასაარჩევნო ეს კამპანია გამართლებული იქნება.”

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ოცნება” “ნაცმოძრაობისგანისევბუას ქმნის

რატომ აგებენ პარტიები თავის საარჩევნო კამპანიებს სხვის ნეგატივზე და არასაკუთარ პოზიტივზე

თაკო მათეშვილი

“ოცნება” “მოკლე პოლიტიკური მეხსიერების” მქონე მოქალაქეებისათვის წინასაარჩევნოდ იმის შეხსენებას ცდილობს, თუ რას აკეთებდა “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს და უგზავნის მესიჯს, რომ თუკი მხარს მათ არ დაუჭერენ, კვლავ ისინი დაბრუნდებიან – ასე აფასებენ პოლიტოლოგები, პიარ-სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები “ოცნების” მიერ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ სამუშაოების ფართოდ გაშლას. ისინი დარწმუნებული არიან, რომ “ოცნების” მთელი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება და იგი ნეგატივზე, “ნაცმოძრაობის” ძაგებასა და კრიტიკაზე იქნება აგებული, რითიც შეეცდებიან, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ მათი ხელისუფლებაში მობრუნება არ უნდა დაუშვან.

მათივე აზრით, “ოცნება” “ნაცმოძრაობის” მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენას ხელს უწყობს, რადგან ეს აწყობთ – “ნაციონალურ მოძრაობასთან” პაექრობა ბევრად უფრო ადვილია. თავად “ოცნებაში” კი ნეგატივზე აგებულ წინასაარჩევნო კამპანიას იმით ამართლებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მათ სხვა გზას არ უტოვებს.

ფართოდ გაშლილი ანტიპიარი

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში რომ შედის და ეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” “ცოდვების გახსენებით” რომ დაიწყო, ამაზე არაერთი ფაქტი მიანიშნებს. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის გახმაურებული წერილი, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა და რომლის დიდი ნაწილიც სწორედ წინა ხელისუფლების კრიტიკას, მათი შეცდომებისა და დანაშაულების აღწერას შეეხო.

ასევე, 1-ლი ივნისიდან, ტელეკომპანია “ჯიდიესის” ეთერში, ყოველდღე, გადაცემა “2030″-ის დაწყებამდე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოკლე, 10 წუთიანი, ვიდეოდაიჯესტების ჩვენება დაიწყეს. არხი საზოგადოებას 2012 წლის პირველი ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე განვითარებული მოვლენების გახსენებას სთავაზობს – რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და რა თემები მოხვდა მაშინდელი ტელევიზიების ყურადღების ცენტრში.

უკვე დაიწყო გოგა ხაინდრავას სერიალ “9 პლუს 1-ის” დახურული ჩვენებებიც და მალე მას ფართო საზოგადოებაც იხილავს. გარდა ამისა, რამდენიმე დღი წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის თაობაზე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა. მასში წინა ხელისუფლების დროს მომხდარი გახმაურებული თუ გაუხმაურებელი ფაქტები მოხვდა. დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, რომელშიც შედიოდნენ პარლამენტარები, პროკურატურის თანამშრომლები და ა.შ.

სამუშაო ჯგუფმა კომიტეტში შესული 6000-ზე მეტი განცხადების სისტემატიზაციის შემდეგ გამოყო ის განცხადებები, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შესწავლილი მასალებიდან გამოიკვეთა, რომ 400-ზე მეტი განცხადება წამების, არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებს შეიცავდა, 340-ზე მეტ განცხადებაში კი განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ გახდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.

რატომ დასჭირდა წამების ანგარიშის მომზადებას 4 წელი

წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი – ასე აფასებენ პოლიტოლოგები და ოპოზიციის წარმომადგენლები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის თაობაზე ანგარიშის წარდგენას და აცხადებენ, რომ იგი საარჩევნო კამპანიის დაწყებას უნებურად არ დამთხვევია. რატომ მაინცდამაინც ახლა? – ამ კითხვას თითოეული ჩვენი რესპონდენტი სვამს. დარწმუნებული არიან, რომ სურვილის შემთხვევაში ანგარიშის მომზადებაცა და გამომზეურებაც ბევრად ადრეც შეიძლებოდა და რაც არ უნდა დიდი მასშტაბის ყოფილიყო სამუშაოები, ამას 4 წელი არ დასჭირდებოდა.

პარლამენტარი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამის წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებას პიარის დატვირთვა არ უნდა ჰქონოდა. მისი თქმით, ეს საქმიანობა მართლაც სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო გასაკეთებელი. “ეს ყველაფერი, რა ქმა უნდა, არა უსამართლობის აღმოფხვრას, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და წინასაარჩევნო პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილია,” – აცხადებს შალვა შავგულიძე.

პრეზენტაციის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 5 დღით ადრე ჩატარებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ქართული ოცნების” დანაშაულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს სპეციალურად იყო გამიზნული. მისი აზრით, ამ ყველაფრის მოსწრება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა გასული 4 წლის განმავლობაში თავისუფლად შეიძლებოდა. ახლა კი ვერ იგებს, თუ რატომ არ აღიძრა საქმე აქამდე და რატომ არაა ანგარიშში მოხსენიებული ხალხი ციხეში.

“სადაა კანონის უზენაესობა? კომპრომატებს მარტო იმიტომ აგროვებენ, რომ სახელი გაუტეხონ? დანაშაულს სასჯელი უნდა მოსდევდეს და არა პიარი. დროზე გაეკეთებინათ ეს და ის ხალხი გაესამართლებინათ. ყველამ კარგად იცის, რაც ხდებოდა, ამას ამდენი კვლევა რად უნდოდა?! დანაშაული პრეზენტაციის კი არა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია. პრეზენტაცია გამიგია წიგნის, წინასაარჩევნო კამპანიის, პროექტის, მაგრამ დანაშაულის პრეზენტაცია მსოფლიო იურიდულ სისტემაში არ არსებობს. დანაშაულს პროკურორი და სასამართლო უნდა და არა ტელევიზიებით გაპიარება. ეს ყელაფერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას რომ ემთხვევა, ეჭვს იწვევს. ამიტომაცაა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ ვიზალიბერალიზაციაზე კატეგორიული უარი თქვეს. ევროპასაც აღარ სჯერა ჩვენი და ესაა შედეგი,” – აცხადებს სოსო ცინცაძე.

როგორი იქნებაოცნებისწინასაარჩევნო კამპანია

ამ ანგარიშის, ბიძინა ივანიშვილის წერილისა და წარსულის ფაქტების ტელევიზიების მეშვეობით აქტიური გაშუქების გათვალისწინებით, ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ “ოცნების” მთელი წინასაარჩევნო კამპანია ასეთივე იქნება – კომპრომატების გამოქვეყნებით, “ნაცმოძრაობის” მანკიერი მხარის საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ დანახვებითა და ნეგატივით გაჯერებული, სადაც ყურადღება ნაკლებად გამახვილდება იმაზე, თუ რა გააკეთა “ოცნებამ”. სამაგიეროდ, უხვად მოგვაწვდიან ინფორმაციას, თუ რა გააფუჭა “ნაცმოძრაობამ”.

“უნდათ “ნაციონალური მოძრაობისგან” ბუა შემქნან და ხალხს უთხრან – თუ “ქართულ ოცნებას” არ მისცემთ ხმას, “ნაცმოძრაობა” დაბრუნდება, რომელიც ხალხს აწამებდა და ამდენ დანაშაულს სჩადიოდაო,” – მიიჩნევს შალვა შავგულიძე.

იმავე მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძეც და ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს. იგი ელოდება, რომ საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ “ნაცმოძრაობის” 9 – წლიანი პერიოდი უფრო დეტალურად იქნება წარმოდგენილი. მისი აზრით, “ქართული ოცნების” საარჩევნო გეგმის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი იმაზე მსჯელობა იქნება, თუ როგორი იყო “ნაციონალური მოძრაობა” და რას აკეთებდნენ. “ეს შეხსენება მათთვის იქნება, ვისაც მოკლე პოლიტიკური მეხსიერება აქვს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ თემის გაძლიერებას ველი. ხაინდრავას ფილმების წარმოდგენაც დაანონსდა და ესეც იგივე ციკლიდანაა, რაზედაც ორიოდ დღის წინ პრეზენტაცია გაიმართა. ნელ-ნელა ეს ყველაფერი უფრო სისტემურ ხასიათს მიიღებს. მთავარია, “ქართული ოცნება” მხოლოდ ამ ნეგატივს არ დაეყრდნოს და ამომრჩეველს პოზიტივიც შესთავაზოს,” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ნეგატივზე აგებული კამპანიის ეფექტი

“ქართულ ოცნებაში” არ უარყოფენ, რომ მათი საარჩევნო კამპანიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდის დაწვრილებით გახსენება და მასსა და “ოცნებას” შორის პარალელების გავლება იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ეს აუცილებელია. მისი აზრით, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა გაეკეთებინა სერიოზული ანალიზი იმისა, თუ რა ჩაიბარეს – ადამიანის უფლებებითა და ციხეებში არსებული მდგომარეობით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული. მაღრაძის თქმით, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოითხოვდნენ.

“ამ პირობებში “ნაცმოძრაობა” იმაზე აგებს თავის საარჩევნო კამპანიას და იმაში გვაკრიტიკებს, რაშიც ხმის ამოღების უფლება არ აქვს. ამიტომ, ჩვენ იძულებული ვართ, საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წინ გარკვეული მომენტები გავახსენოთ. სხვათა შორის, ვამბობდით, რომ ჩვენი სტრატეგია მხოლოდ იმ დროსთან შედარება აღარ იქნება და იგი პოზიტივზე აიგებოდა, მაგრამ პოზიტივის ჩვენებისათვის იმის ჩვენება გვჭირდება, თუ სად ვიყავით და სად ვართ. შედარება საჭიროა. გერმანიისა და საფრანგეთისნაირი გამართული ქვეყანა რომ ჩაგვებარებინა, მაშინ გაკეთებულით თავს ვერ მოვიწონებდით, მაგრამ რაც ჩავიბარეთ, იმის ფონზე 4 წელიწადში სერიოზული წინსვლა გვაქვს. რატომღაც გვერიდება ხმამაღლა ვთქვათ, თუ რას მივაღწიეთ. მორიდებულად ვამბობთ ხოლმე. ეს კარგიცაა, რადგან იმას ნიშნავს, რომ ჩვენს თავს საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ. ამ დროს, როცა “ნაცმოძრაობა” თავისი წინასაარჩევნო კამპანიით იმაზე “გვაწვება”, რომ არაფერი გაგვიკეთებია, იძულებული ვხდებით, მათაც და საქართველოს მოსახლეობასაც გავახსენოთ, თუ რა იყო და დღეს რა გვაქვს,” – ამბობ “მთელ კვირასთან” საუბრისას გუგული მაღრაძე.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ამგვარი კამპანია ეფექტურად, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ისინი ტყუილს არაფერს ამბობენ, უბრალოდ, ხალხს ყველაფერს კიდევ ერთხელ ახსენებენ. მისი თქმით, ადამიანებს არჩევნების წინ ანალიზისათვის ინფორმაცია სჭირდებათ და გადაწყვეტილების მისაღებად რაღაცების გახსენება, შედარება აუცილებელია.

ამ ტიპის საარჩევნო კამპანიაზე არჩევანის შეჩერება პიარსპეციალისტებს არ უკვირთ. ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ რაკი ამგვარმა მიდგომამ ერთხელ უკვე გაამართლა, “ოცნებამ” ახლაც იგივე გზა აირჩია. თუმცა, მისივე თქმით, ამ მეთოდმა მაშინ იმუშავა, როცა “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში იყო. ახლა კი ფიქრობს, რომ ეს ნაკლებად გაამართლებს, რადგან დღეს საზოგადოება კონსოლიდირებულია. “ნაციონალებს” თავისი მხარდამჭერები ჰყავთ და მათი “ოცნების” მხარეს გადმოსვლა ძალიან რთული იქნება.

“ამგვარი კამპანია იმ საზოგადოებაზეა გათვლილი, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუ ვის მისცეს ხმა. შესაბამისად, მათზე მუშაობენ არა მხოლოდ “ოცნებიდან”, არამედ ბევრი სხვა პარტიიდანაც. ე.წ. ლატენტური საზოგადოების რაიმე გზით გადმობირება უნდათ. ასეთი საზოგადოება უფრო ემოციურია და ნაკლებად ლოგიკური. შესაბამისად, ისეთი ტიპის მიდგომები, როგორებიც მაგალითად შეშინება და ემოციებზე თამაშია, მათზე მოქმედებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სწორედ ამას ემსახურება,” – ამბობს სპეციალისტი. თუმცა, მისივე თქმით, ნეგატიური კამპანია არაა ერთადერთი, რითიც “ოცნება” მხარდამჭერების გულის მოგებას უნდა ცდილობდეს. ამბობს, რომ საზოგადოება რამდენიმე კატეგორიად იყოფა და თითოეულ კატეგორიას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მაგალითად, მისი თქმით, აუცილებლად იქნება კატეგორია, რომელიც ყურადღებას არა ამგვარ პიარ-ხრიკებს, არამედ პრემიერის მიერ წარდგენილ ინიციატივებსა თუ პარტიის საარჩევნო პროგრამას მიაქცევს. ასევე არსებობს კატეგორია, რომელზეც გოგა ხაინდრავას ფილმის ჩვენება და სხვა ასეთი ტიპის მეთოდები უფრო იმოქმედებს. ამგვარ ადამიანებს, მისი თქმით, ბიძგი სჭირდებათ და ამ ბიძგად პროგრამის წარდგენა ვერ გამოდგება. ამისათვის რაღაცით უნდა შეაშინო ან მის ემოციებზე იმოქმედო. “ეს მანკიერი პრაქტიკაა, მაგრამ გამოსადეგი და ყველა მთავრობა მიმართავს. საზოგადოებაც შეეჩვია უკვე. ამას თავისი ეფექტი ნამდვილად აქვს,” – დასძენს ელდარ პირმისაშვილი.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: “ოცნება” “სხვანაირად მოაზროვნეებს” სამსახურიდან გაყრით ემუქრება

ელზა პაპოშვილი

“ეროვნული ფორმუმის” წევრი და დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ გარკვეულ რეგიონებსა და რაიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც მათი მომხრეები არ არიან, ზეწოლას ახორციელებენ. მისი თქმით, “ოცნების” წარმომადგენლები თანამშრომლებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან, თუ ისინი მათ მხარეს არ გადავლენ. მიროტაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ასეთი საქციელისგან თავი შეიკავონ, რადგანაც თუ ასეთი სახის ზეწოლები გაგრძელდება, ის მათ სახელებსა და გვარებს დაასახელებს.

- როდის წარუდგენთ საზოგადოებას საარჩევნო სიებს?

- საარჩევნო სიებზე უფრო ადრე, საზოგადოებას პარტიის სამოქმედო პროგრამას ეტაპობრივად შევთავაზებთ. ეს იქნება ძალიან ახლო მომავალში, თუმცა, კონკრეტული დღე ჯერ არ არის გადაწყვეტილი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, უმეტესობა უკვე შერჩეულია, მაგრამ ზოგ მათგანთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდონარეობს. ვინაიდან ისევ კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით, გამიჭირდება გითხრათ კონკრეტული დღე, როდესაც სიის პრეზენტაცია გვექნება. თუმცა, გეტყვით, რომ იმაზე მეტი ადამიანი არის დაინტერესებული ჩვენთან ერთად არჩევნებში იბრძოლოს, ვიდრე ამას ჩვენ მოველოდით. საზოგადოებას ვპირდებით, რომ “ეროვნული ფორუმი” უახლოეს დღებში ამომრჩევლებს ძალიან ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

- სად გეყოლებათ მაჟორიტარი კანდიდატები და სად – არა?

- ძალიან ბევრ ადგილას გვეყოლება. კონკრეტულად რაიონების ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ დიდი ალბათობით ყველგან გვეყოლება. ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი, რა თქმა უნდა, რომ წარმოდგენილები იქნებიან. კახა შარტავა, ცხადია, სიის პირველი ნომერი იქნება, თუმცა, არ მგონია, რომ კონკრეტული ოლქის მაჟორიტარად დადგეს, რადგანაც ის მაინც საერთო პროცესის ლიდერი იქნება, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობა შეძლოს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მაინც მიღებული არ გვაქვს.

- ვინ იქნებიან თქვენი პარტიის ახალი სახეები? შესაძლოა თქვენს რიგებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ვიხილოთ?

- კონკრეტულ ახალ სახეებთან დაკავშირებით პარტიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა, “ეროვნული ფორუმი” ამ ხალხის გაცნობას საზოგადოებისთვის მაინც პრეზენტაციის სახით აპირებს. ამიტომაც მედიასთან კონკრეტულ სახელებს ჯერ არ ვასახელებთ. რა თქმა უნდა, პირეველ რიგში ჩვენი კანდიდატი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი უნდა იყოს, ასევე – თავისი საქმის პროფესიონალი, წესიერი და სამართლიანი პიროვნება. მას შემდეგ, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად ვაპირებთ, ჩვენი პარტიის რიგები ძალიან სწრაფად იზრდება.

- როგორ საარჩევნო გარემოს მოელით?

- მინდა ჩვენი ხელისუფლება თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაფრთხილო. რამდენიმე რეგიონიდან და რაიონიდან უკვე მოგვივიდა ხმები, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც სახელისუფლო გუნდის მხარდამჭერები არ არიან, როგორც თბილისის, ისე რაიონის მასშტაბით მათზე ზეწოლას ცდილობენ. იმ ხალხს, ვინც ასეთ უმსგავსო საქციელს სჩადის და უკვე ადამიანების შანტაჟს იწყებენ, მინდა ვუთხრა, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და ეს მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ეს არის იშვიათი შემთხვევები, თუმცა, მაინც არის. ამიტომაც, რადგან ჯერ ასეთ ზეწოლებს სისტემატიური ხასიათი არ აქვს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ, რომ კონკრეტულად ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო, თუმცა, თუ კვლავ გაგრძელდა, მე ცალსახად ვამბობ, რომ ამ ხალხის სახელსა და გვარებს უკვე ღიად დავაფიქსირებ და საზოგადოებას ამის დამამტკიცებელ ფაქტებს წარვუდგენ.

- რა სახის ზეწოლაზეა საუბარი და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ასეთი ფაქტები კონკრეტულად რომელ რეგიონებში ხდება?

- ეს არის ე.წ. გადაბირების და ზეწოლის ხერხი, რომლის გამოყენებასაც, როგორც ჩანს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აპირებს. შანტაჟი ძირითადად მუნიციპალიტეტებსა და საჯარო სამსახურებში ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც მათი მომხრეები არ არიან, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ პოლიტიკურ შეხედულებას არ შეიცვლიან. ჯერ-ჯერობით რეგიონებსა და რაიონებს არ დავასახელებ, მაგრამ თუ ეს კვლავ გაგრძელდება, ყველას სახელსა და გვარს ვიტყვი.

- რა მოლოდინი გაქვთ, მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე? იქნება თუ არა დაძაბული სიტუაცია, მით უმეტეს კორცხელის ინციდენტს თუ გავითვალისწინებთ?

- არ ვიცი, კორცხელის ინციდენტის შემდეგ ყველაფერია მოსალოდნელი. როგორც ჩანს, “ნაციონალები” და “ოცნება” ერთმანეთს უკვე ქვების სროლასა და ცემაში ეჯიბრება. საქმე ისაა, რომ 2012 წელს ვინც ასეთ ქმედებას ახორციელებდა, ის დამარცხდა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უფრო გონივრულად მოიქცევა და არჩევნებზე “ნაციონალების” მეთოდებს არ გამოიყენებს.

ყოველკვირეული ალია”, 06 ივნისი, 2016 წელი

ვინ უერთდება პარტიასთამაზ მეჭიაური - თავისუფალი საქართველოსთვის?!

გელა ზედელაშვილი

„ქართული ოცნების~ ყოფილმა დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა „თავი მოაბა“ ახალი პარტიის შექმნას. მისი პარტიის სახელწოდება გახლავთ: „თამაზ მეჭიაური – თავისუფალი საქართველოსთვის“. უკვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, ანუ პოლიტსაბჭო, რომლის წევრებიც, ასევე, იქნებიან საარჩევნო სიის ხუთეულში – რასაკვირველია, თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი იქნება თავად თამაზ მეჭიაური, ხოლო შემდეგ მოდიან: ლალი მოროშკინა, სანდრო ბრეგაძე, დავით ფაცაცია („ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ხელმძღვანელი), ჯემალ სეფიაშვილი (კომპოზიტორი). აი, ეს გახლავთ ის ხუთეული, რომელიც წარუძღვება პარტიას ნათელი მომავლისკენ.

„ალიასთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯერჯერობით საუბრები მიდის საკრებულოს წევრის, სოსო მანჯავიძისა და ადვოკატ ალვა ხაჭაპურიძის თაობაზე. არ არის გამორიცხული, ეს ორი ადამიანი, განსხვავებული მოსაზრებების გამო, მეჭიაურის პარტიაში ვერ მოხვდეს. იგივე მეჭიაურთან მოლაპარაკებებს მართავს „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, რომელიც, სავარაუდოდ, შეუერთდება ახალ პარტიას. ეს იქნება ბლოკი თუ პიროვნული შეერთება, ჯერ გადასაწყვეტია.

ამავე პარტიაში შესვლა უნდათ ლევან მამალაძეს, ემზარ კვიციანს და სულხან მოლაშვილს. თუმცა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ბოლომდე არც კი მივა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი – ეს პიროვნებები აქამდე „პატრიოტთა ალიანსთან“ იყვნენ დაახლოებულნი, ახლა კი „პლასტინკა“ გადაატრიალეს და თამაზ მეჭიაურთან დაძმაკაცება გადაწყვიტეს…

„ახალი თაობა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან: „ბავშვის მკვლელს 5 წელი დავუკელი, მაგრამ ამაზე არავინ მეკითხება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლო სისტემა არც ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის, არც ოპოზიციური პარტიების და არც ლევან მურუსიძის.

- ბატონო ლევან, სასამართლო სისტემის რეფორმირების მესამე ტალღა, არასამთავრობო სექტორის თქმით, ყოვნდება. რა არის მისი შეფერხების რეალური მიზეზი?

- ყოვნდება თუ არ ყოვნდება, აქ მურუსიძის როლი რაში მდგომარეობს? პარლამენტის, პატივცემული დეპუტატების გადასაწყვეტია, როდის რას მიიღებენ. არის სტრატეგია, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და დავსახოთ ისეთი გეგმები, რომლებიც საქართველოში მართლმსაჯულების გაძლიერებასა და დამოუკიდებლობას წაადგება. ამისთვის უკვე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, დაკომპლექტდება კომისიები და გამოჩნდება, რა შედეგს მივიღებთ.

- გასულ კვირას კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა თქვენი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფაქტი. როდის იყო ეს შეხვედრა და ამ შეხვედრაზე კონკრეტულად რაზე იყო საუბარი?

- ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ იმ დროს იყო შეხვედრა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო. მე დავაყენე მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით საუბარი ეხებოდა მოსამართლეთა დაბალ სახელფასო ანაზღაურებას. მაშინ მოვითხოვე და განვაცხადე, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი კომპონენტია ის, რომ მოსამართლეთა კორპუსი იყოს უზრუნველყოფილი. მთელ რიგ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას შეეხებოდა. ზოგადად, ამ შეხვედრიდან ის შედეგი მივიღეთ, რომ მოსამართლეთა კორპუსს ანაზღაურება მოემატა.

- თქვენ რა სტატუსით შეხვდით?

- მე ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც არჩეული ვიყავი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. როდესაც მე სტატუსი არ მქონია, არავისთან ოფიციალური შეხვედრა არ მქონია. ეს შეხვედრა არ ყოფილა დამალული. ეს იყო ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ტელევიზიით გაშუქდა.

- ამ შეხვედრიდან უფრო საინტერესოა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რა გარანტიები მიიღეთ, როგორი იყო ივანიშვილის პოზიცია...

- მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ დღეს სასამართლო არ არის არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციური პარტიების გავლენის ქვეშ. სასამართლო დღეს არ არის, როგორც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აცხადებს, მურუსიძის გავლენის ქვეშ.

- ვისი გავლენის ქვეშ არის?

- სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. შეიძლება ჩვენს მუშაობაში არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები არ არის განპირობებული იმით, რომ სასამართლოზე ვინმე ზეგავლენას ახდენს. რაც შეეხება ხარვეზებს, მაგალითად, საქმეების დროულ განხილვას, გადაწყვეტილების უფრო მეტ დასაბუთებას, ამ საკითხებზე სამუშაო გვაქვს, მაგრამ ამას კავშირი არ აქვს დამოუკიდებლობასთან. დღეს არსებობს კარგი ტენდენცია, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ ახლა ჩვენ წინაშე დგას მთავარი ამოცანა, რომ ეს გადავაქციოთ ტრადიციად. საქართველოს არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, რის დასამკვიდრებლადაც უნდა ვიზრუნოთ.

- არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენებზე მიუთითებენ. ამაზე რა არგუმენტი გაქვთ?

- მე არ ვამბობ, რომ სასამართლო დღეს იდეალურია და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს, ევროპული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს შეესაბამება. ვინაიდან ეს დამოუკიდებლობა ამჟამად მყიფეა, შესაძლებელია, ეს პროცესი შეტრიალდეს. ამიტომ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ის კარგი ტენდენციები, რომლებიც მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ის სასამართლო კორპუსი და ის მოსამართლეები, რომლებიც დღეს მართლმსაჯულებას აღასრულებენ, ღირსეული ადამიანები არიან. მჯერა, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს. საზოგადოებას ვპირდები, რომ ამ მოსამართლეთა კონტინგენტით საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მიიღებს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.

- წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლო სისტემის მუშაობაში რა სახის ჩარევა იყო?

- გეტყვით. ეს იყო პირდაპირ განხორციელებული საკანონმდებლო შტურმი. მაგალითად, მოსამართლეს უფლება ჰქონდა, საპროცესო შეთანხმების დროს სასჯელი დაეკლო ბრალდებულისთვის. შემდეგ, როდესაც არ მოეწონათ, რომ მოსამართლეები სასჯელს ცვლიდნენ და უკლებდნენ, კანონში ცვლილება შეიტანეს და განაცხადეს, რომ საპროცესო შეთანხმების დროს სასჯელის მოკლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამაზე პროკურორთან მოხდება შეთანხმება.

- კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით რა ხდებოდა?

- არ არსებობს ქვეყანა, სადაც სასამართლო სისტემა 5 წუთში, თუნდაც 1 წელიწადში აშენდება. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის პროცესი. თავის დროზე იყო პრობლემები, მაგრამ ბევრი პრობლემა მოგვარდა.

- თქვენ რას აკეთებდით ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ღიად ამბობდით ამის შესახებ?

- მე რიგითი მოსამართლე ვიყავი და სასამართლოს პრობლემებზე ოფიციალურ დონეზე შეხვედრები დავიწყე მხოლოდ მაშინ, როდესაც კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩეული გავხდი. დღევანდელი სასამართლო გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო სტატისტიკითაც და ყველაფრითაც.

- ბატონო ლევან, გირგვლიანის საქმეზე გქონდათ საუბარი ივანიშვილთან?

- არა. გირგვლიანის საქმეზე მთელ საზოგადოებას ვეუბნები, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული. 6 თვის დაკლებაზეა საუბარი. მქონია შემთხვევა, როდესაც მკვლელებისთვის, რომელთაც ანგარებით მოუკლავთ დედა და მცირეწლოვანი ბავშვი, 5 წელიც მომიკლია, მაგრამ არავინ დაინტერესებულა, რატომ მოვუკელი 8 წლის ბავშვის მკვლელებს 5 წელი! მორალურად შეიძლება არ უნდა დაჰკლებოდათ, მაგრამ კანონი ამას მავალდებულებდა. პატარა ბავშვის მკვლელს დავუკელი 5 წელი. მე ვარ მოსამართლე, შეიძლება, ჩემი გადაწყვეტილებები არ ეთანხმებოდეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აზრს, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დარწმუნებული ვიყავი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე აღნიშნულ საქმეზე, ერთადერთი კანონიერი და სწორი გადაწყვეტილება იყო, არა სამართლიანი, მაგრამ _ კანონიერი.

- მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ? რამდენად კანონიერად იქცეოდა მოსამართლე?

- მე ვარ შეზღუდული კანონის თანახმად. სადისციპლინო წარმოება არის ისეთი წარმოება, რომლის გაჟღერების უფლება არ მაქვს. საბჭომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არის ის, რომ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.

- ბინა ჰქონდა და მაინც იღებდა სახელმწიფოსგან ბინის ქირას?

- ვერაფერს გეტყვით.

- ბატონო ლევან, ეს გარემოება საქმიდან აცილების საფუძველი შეიძლება იყოს?

- საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს და ეს თემა მე საერთოდ არ მეხება, ამ პროცესში საერთოდ არ ვერევი.

„ახალი თაობა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლისთანავე უნდა დააკავონ“ // „ნაციონალებმა ისტერიკა გააძლიერეს”

ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდა. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობა სერიოზულ კრიზისშია. მისივე აზრით, გასატარებელია ზომები ნაცმოძრაობის რეჟიმის იმ წარმომადგენლების დასაკავებლად, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ვერ ვამჩნევ. ნაციონალებმა გააძლიერეს ისტერიკა, რომელშიც ისინი დიდი ხანია იმყოფებიან. ისინი თავიანთ სასარგებლოდ ვერც კორცხელის ამბებს გამოიყენებენ. იქ არასასიამოვნო მოვლენები მოხდა. ერთი რამ გამკვირვებია – თუ ბოკერიას აქვს კორცხელში შუალედური არჩევნების დროს ჩასვლის უფლება, ამას რომელიმე სპორტსმენს რატომ უკრძალავენ? ისე, რა პირით ჩადის ბოკერია სამეგრელოში? 1992 წელს იქ ცნობილმა ფორმირებებმა 27 სახლი გადაწვეს და სხვა ბევრი სისასტიკე ჩაიდინეს. გიგა ბოკერია და გოკა გაბაშვილი მაშინ სწორედ ამ ფორმირებებთან იყვნენ. საერთოდ, ბოკერიას, გაბაშვილისა და სხვა ნაციონალების ხალხში გამოჩენა იგივეა, რომ ხარს წითელი ქსოვილი აუფრიალო“, – ამბობს ანზორ აბრალავა.

- ითვლება, რომ ნაცმოძრაობას სამეგრელოში მხარდაჭერა აქვს...

- ეს არის სიცრუე. ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელსაც ამ კუთხესთან კავშირი აქვს. შეიძლება რომელიმე პატარა უბანზე აქვს მცირე უპირატესობა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ მთლიანად სამეგრელოში ასეთი მხარდაჭერა გამორიცხულია. არანაირი ნდობა სააკაშვილის პარტიას არ გააჩნია.

- კორცხელის ინციდენტს ნაციონალები მაინც იყენებენ...

- ვერაფერსაც ვერ იყენებენ! ხალხს როგორ მოატყუებენ? საერთოდ, ნაციონალები ყველა თემას იყენებენ რევოლუციის მოსამზადებლად. ნოემბერში არ გამოუვიდათ რევოლუცია. ამის შემდეგ ახალი მცდელობები აქვთ. ამ ყველაფრის სცენარისტია სააკაშვილი. მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და შესაბამისი პროტესტი უკვე ნაცმოძრაობის მხრიდან ბევრჯერაა დაანონსებული. მათი პრობლემაა ის, რომ ხალხი ვერ გამოჰყავთ. ნაციონალების კიდევ ერთი მიზანია თავიანთი მრავალრიცხოვანი სასტიკი და არაადამიანური დანაშაულების გადაფარვა.

- გადაფარვა აუცილებელი გახდებოდა მაშინ, რომ ვინმე აპირებდეს პასუხის მოთხოვნას ამ დანაშაულებზე...

- არც ასეა საქმე. ამ სამიოდე დღის წინ დავესწარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მოხსენების პრეზენტაციას. ეს იყო სააკაშვილის მმართველობის წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ნაშრომი. ის რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. სამწუხაროა, რომ ტელევიზიებმა არ გააშუქეს ეს მოვლენა. ეს ან არაპროფესიონალიზმის ბრალია, ან ვიღაცები შეგნებულად ჩქმალავენ ამ საკითხს.

- ნაცმოძრაობა აქტიურობს რუსთავი 2-ის საკითხშიც და აცხადებს, რომ ხელისუფლებას უნდა ამ ტელევიზიის ხელში ჩაგდება...

- 21-ე საუკუნეში სიტყვის თავისუფლებას ვერ ჩაახშობ. იზოლირება წარმოუდგენელია. თუ დახურავ ან გადააკეთებ ერთ არხს, ინფორმაცია სხვა საშუალებებიდან გავრცელდება. ხელისუფლებას ეს არ სჭირდება. იმაზე რატომ არ არის ხმაური ატეხილი, რომ „რუსთავი 2“ ნაცმოძრაობის იდეოლოგიური მანქანაა? მისი დირექტორი ნიკა გვარამია საერთოდ არაადეკვატურად იქცევა.

- კერძოდ?

- ის ძალიან გამომწვევად მოქმედებს და ადამიანებს გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებს. გვარამიას უნიჭო გამოხდომები საზოგადოებაში აჩენს კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

- იქნებ სცენარი ითვალისწინებს გამომწვევ მოქმედებებს?

- სააკაშვილი ათასნაირ სცენარს ამუშავებს, მაგრამ გვარამია ისე იქცევა, საეჭვოა, საღ გონებაზე იყოს. ის ახლა სიბრალულის ღირსია. ისე, ყოფილ პროკურორ ნიკა გვარამიას სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი. კანონის საფუძველზე მისთვის აქამდე უნდა მოეთხოვათ პასუხი. რუსთავი 2 ტრიბუნას უთმობს ირინა სარიშვილს, რომელიც 2006 წელს და სხვა დროსაც ღიად ცდილობდა რუსეთის ინტერესების გატარებას. დღეს სარიშვილი, ისევე, როგორც ბაჩუკი ქარდავა, ნაციონალებთან არის. სარიშვილი ქირქილებს `ქართული ოცნების~ ახალ წევრ მამუკა მდინარაძეზე და ამტკიცებს, თითქოს მისი პოლიტიკური კარიერა ერთ დღეში დამთავრდა, იმიტომ რომ დებატი წააგო. სინამდვილეში, ესაა ნიჭიერი და წესიერი იურისტი. მას არაფერი წაუგია. ასეთები `ქართულმა ოცნებამ~ კიდევ უნდა მოიზიდოს.

- განახლებული სია გამოაქვეყნა ნაცმოძრაობამაც...

- რაში მდგომარეობს სიის განახლება? პირველ ნომრად ჩასვეს კაცი, რომელიც ადამიანებს მოუწოდებდა, დანა-ჩანგლით შეებრძოლეთ რუსეთის არმიასო. ათეულში ჩასმული ჰყავთ ქვეყნის ეკონომიკის ალ კუპონე, დისკრედიტებული რომან გოცირიძე. ნაცმოძრაობა განახლებული კი არა, “განაგლებულია“. სააკაშვილიც გვემუქრება, ჩამოვალო. უკრაინაში ის არავის სჭირდება. როგორც კი აქ ფეხს ჩამოადგამს, ის უნდა დააკავონ. მის საწინააღმდეგოდ, ისევე, როგორც სააკაშვილის გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ, სერიოზული სამხილები და დოკუმენტები არსებობს. დროა, ხელისუფლებამ სამართალი აღასრულოს და გადამჭრელ ზომებს მიმართოს. არ შეიძლება, გარკვეულ პირებს დანაშაული ეპატიოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. მაშინ, გამოუშვათ ციხეებიდან პატიმრები! მათ დიდ უმრავლესობას იმაზე ბევრად ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმს. ნაციონალების ჯალათების არაადამიანურ ქმედებებთან შედარებით, კორცხელის ინციდენტიც არაფერია. საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა ვიცი. ისე ნუ იზამენ, რომ ხალხმა რევოლუცია მოუწყოს ნაცმოძრაობას! ხელისუფლებას ყურადღება მართებს. სარწმუნო წყაროებით, საქართველოში სააკაშვილმა შეიარაღებული ჯგუფები გამოაგზავნა. ისინი არეულობების მოწყობას ნაციონალებთან ერთად შეეცდებიან.

„ახალი თაობა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ხელისუფლება ცდილობს, ევროპას ჩვენზე უარი ათქმევინოს” // „აშშ-ის ელჩმა ამაზე მეტი რაღა უნდა გვითხრას”

ერევა თუ არა აშშ-ის ელჩი საქართველოს საშინაო საქმეებში, ვისი დავალებით იცვლება საგარეო კურსი, რა ფორმებით უნდა მოხდეს თავისუფალი მედიის დაცვა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

- აშშ-ის ელჩმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა. საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა, მეორე ნაწილი დადებითად შეხვდა. თქვენ როგორ აფასებთ ელჩის განცხადებას?

- ელჩის განცხადება არც ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა ყოფილა და არც მოწოდება რევოლუციისკენ. ეს არის სუფთა რუსული პროპაგანდა, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ეწევიან. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ რიგებში არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი სატელიტები. მათი განცხადებით, ელჩის საქმე არ არის, თუ რა ხდება ქვეყანაში.

- ამ მოსაზრებას ძალიან ბევრი იზიარებს საქართველოში...

- გაზიარებით ნამდვილად იზიარებენ, მაგრამ, მოდით, ისიც ვთქვათ, რას მოჰყვა ასეთი მკვეთრი განცხადება. თავისუფალ მედიასთან ბრძოლა რუსთავი 2-ით არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა რამდენიმე პოლიტიკური ტოკშოუ. ინგა გრიგოლიამ და ეკა მიშველაძემ პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს. ამას დაამატეთ მაესტროს ამბები. ეს ყველაფერი სერიოზულ ეჭვს აჩენს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს სხვადასხვა მედიასაშუალების სარედაქციო ნაწილში. ამას დაამატეთ რუსთავი 2-ც და სახეზეა ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

- “ქართული ოცნება რუსთავი 2-ს თავისუფალ მედიად არ მიიჩნევს და ყოფილი ხელისუფლების რუპორად მოიხსენიებს...

- ასეა, ამტკიცვბენ, რომ ეს მედიასაშუალება ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლდება.

- თქვენი აზრით, ასე არ არის?

- მოდით, გულწრფელად ვთქვათ, სულ მთლად თავისუფალი მედია ბუნებაში არ არსებობს. ყველას ჰყავს თავისი მეპატრონე. მათ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა ექნებათ. ჩემთვის თავისუფალი მედია, იცით, რას ნიშნავს? როცა ხელისუფლება ვერ ერევა მის სარედაქციო საქმიანობაში. ამ მხრივ რუსთავი 2 ნამდვილად თავისუფალი მედიაა.

მედიის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით წინა ხელისუფლებამაც ბევრი შეცდომა დაუშვა. ეს შეცდომები იყო მათი შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი. სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მათ შეცდომებზე ვერ ისწავლა და მედიის მიმართულებით უკიდურესად რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. ეს ნაბიჯები შეუმჩნეველი არ დარჩენია ამერიკის ელჩს და მისი განცხადება ადეკვატურია. ეს არ არის არც მოწოდება რევოლუციისკენ და არც საშინაო საქმეებში ჩარევა, მაგრამ მის განცხადებაში არის კონკრეტული მინიშნება.

- რა მინიშნებაზე საუბრობთ?

- დიპლომატები ერიდებიან პოზიციის მკვეთრად დაფიქსირებას. იან კელი იძულებული გახდა, მკვეთრად დაეფიქსირებინა პოზიცია, რითიც მიგვანიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ევროპისგან ვიზალიბერალიზაციას ველოდებით. ამ ვითარებაში აშშ-ის ასეთმა მკვეთრმა განცხადებამ შესაძლოა საქართველო დააზარალოს. ამის მიუხედავად, მისი განცხადება არის მეგობრული რჩევა, რადგან, ევროპაში შესვლა თუ გვინდა, თავისუფალ მედიას ხელი არ უნდა შევუშალოთ. „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებს და სწორედ ამიტომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად დააშავონ, რომ ევროპამ თავად თქვას უარი საქართველოზე. ამ ხელისუფლების შემხედვარეს, სხვა განცდა, უბრალოდ, არ მიჩნდება.

- დარწმუნებული ხართ, რომ მართლაც სურთ, ევროპამ ჩვენზე უარი თქვას?

- აბა, სხვანაირად რითი ავხსნათ მათი განცხადებები? „ქართულ ოცნებაში“ ბევრია არაკომპეტენტური, მაგრამ ისეთი სულელებიც არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ განცხადებებს. როცა აშშ-ის ელჩის განცხადებაზე ვოლსკის ტიპის პოლიტიკოსები გამოვლენ და ამბობენ, ეს არის ჩვენს საქმეებში ჩარევაო, კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ასეთ განცხადებებს კვლავაც გააგრძელებენ, რადგან მათ არ სურთ ევროპაში ინტეგრაცია.

- ქართულ ოცნებას” დეკლარაციის დონეზე უწერია, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა...

- ეგ არის მხოლოდ დეკლარაცია, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ნაწილი იზიარებს. მათ შორის არის ხალხი, რომელიც საქართველოს მომავალს ევრაზიულ კავშირში ხედავს. გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და თამაზ მეჭიაური ამაზე ღიად საუბრობენ. დანარჩენები სიტყვით ევროპულ არჩევანს უჭერენ მხარს, საქმით კი სულ სხვა რამეს აკეთებენ. „რუსთავი 2“-ისა და საერთოდ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის შესაძლოა ცუდად დასრულდეს. ამიტომაც ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფასად დავიცვათ „რუსთავი 2“. შესაძლოა, ვიღაცას აღიზიანებდეს ამ ტელეკომპანიის პოზიცია, მაგრამ ის არის თავისუფალი მედია, რადგან მის სარედაქციო პოლიტიკას ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

- სხვა მედიასაშუალებების დასაცავად თუ გამოხვალთ ქუჩაში?

- რა თქმა უნდა. ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება თუ გვინდა, მაშინ აქ სიტყვის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს. პირადად მე ძალიან არ მომწონს ირმა ინაშვილის ტელევიზია „ობიექტივი“. ეს ტელეკომპანიაც კონკრეტული პარტიის ინტერესებს ატარებს, მაგრამ ისიც უნდა დავიცვათ, რადგან ისიც თავისუფალი მედიაა. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ხელისუფლება ვერც მის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა. ნამდვილად გავაპროტესტებ, თუ ვინმე მის დახურვას მოინდომებს.

- ბიძინა ივანიშვილმა წინა კვირას სიამაყით აღნიშნა, ამდენი ტელევიზია, რამდენიც ახლა გაიხსნა, საქართველოში არასდროს ყოფილაო...

- ეს არც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და არც – „ქართული ოცნების“. 21-ე საუკუნეა და ამ ეპოქაში ძალიან მარტივია სიხშირის დაჭერა და ტელევიზიის შექმნა. მოსწონს ვინმეს თუ არა, დღეს ყველაზე რეიტინგულია რუსთავი 2 და ამიტომაც ხორციელდება მასზე შეტევა. რაც შეეხება ბიძინას დროს გახსნილ უამრავ ტელევიზიას, არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა, მაგრამ ბევრ მათგანს საკუთარი მეპატრონეებიც კი არ უყურებენ. ისინი ვერანაირ ამინდს ვერ შექმნიან. უტევენ იმათ, ვინც ყურებადი და რეიტინგულია.

ნაციონალურ მოძრაობას ამ მიმართულებით ჰქონდა პრობლემები და ცუდად დაამთავრა. ეჭვი მაქვს, არც ესენი დაამთავრებენ კარგად. მათი ერთადერთი შანსი ახლა სახის შენარჩუნებაა და ჯობია, მედიასთან ბრძოლას საერთოდ შეეშვან. ამან შესაძლოა საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააკარგვინოს. ბიძინა ივანიშვილს არ სურს ევროინტეგრაცია და მისი გუნდიც მუშაობს ამაზე. ვიზალიბერალიზაციის მიღებაში სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის 22 მაისს ზუგდიდის რაიონში მომხდარი ინციდენტი. ეს არჩევნები არავისთვის ყოფილა არც საინტერესო და არც მნიშვნელოვანი. მას ინტერესი „ოცნების“ 40-მა კუნთმაგარმა შესძინა. მათი თავგამოდების წყალობით, ეს საკითხი დღეს ყველგან განხილვის საგანია. კითხვის ქვეშ დადგა საპარლამენტო არჩევნების ბედიც. ჩვენ არ ვიცით, შეძლებს კი ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების ჩატარებას. რამდენიმე უბანზე თუ ასეთი შედეგი მიიღეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა მთელ ქვეყანაში იქნება არჩევნები. ამაზე ეჭვები გაუჩნდა ევროპასაც. ვისაც სირაქლემის პოზიციაში ყოფნა სურს, ღმერთმა გაუმარჯოს და თავი ჩაყოს სილაში, მაგრამ ამ ინციდენტსაც თავისი მიზანი ჰქონდა. ცხადია, რომ არეულობა სურდათ, თორემ მოჭიდავეების ნაცვლად კორცხელში მოჭადრაკეებს წაიყვანდნენ.

- საინტერესოა, რას იზამდნენ მოჭადრაკეები?

_ ცემა-ტყეპას ნამდვილად არ ატეხდნენ. წაიყვანეს ის ხალხი, ვინც იჩხუბებდა. ამ ბიჭებთან ყველაზე ნაკლებად მაქვს პრეტენზიები. პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც ყოველივე ამას ორგანიზება გაუკეთა. ამის ორგანიზატორი კი კახი კალაძე გახლავთ. ევროპისთვის ესეც გარკვეული სიგნალი იყო. იქ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ აქ საპარლამენტო არჩევნები თავ-პირის ლეწვის ფონზე წავა. იან კელის განცხადება ამ ინციდენტსაც უკავშირდება და მან ყოველგვარი ცერემონიების გარეშე გაგვაფრთხილა, რომ თუ ევროპა გვინდა, მაშინ გონს უნდა მოვეგოთ.

- თქვენი აზრით, მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას? ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა თავს იკავებს...

- „ქართულმა ოცნებამ” ასე თუ გააგრძელა, ცხადია, არ მივიღებთ. ამ კოალიციაში ერთადერთი შედარებით პროდასავლური ძალა იყო რესპუბლიკური პარტია და ისიც წავიდა.

- შედარებით პროდასავლურები რატომ არიან?

- ეგრეა. მათ ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი. ამის მიუხედავად, ისინი, სხვებთან შედარებით, ოდნავ პროდასავლურები იყვნენ. შესაბამისად, სახიფათოა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საგარეო კურსთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ აქ მთავარია ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთმა თავად გვითხრას უარი. მერე გამოვლენ და იტყვიან, ამერიკას ვინ ეკითხება, ევროპელები ქართველობას გვართმევენო. იგონებენ მითებს იმის შესახებ, რომ ევროპა რაღაცებს გვაძალებს. პროპაგანდისტული მანქანა უკვე მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ევროპამ თავად გვითხრას უარი.

„ახალი თაობა“, 06 ივნისი, 2016 წელი

ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება // ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი ვიზალიბერალიზაციას წინ წასწევს”

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც ტერორისტული საფრთხეებია შეფასებული. ანგარიშში 2015 წლის მდგომარეობაა მიმოხილული.

დოკუმენტში ცალკე თავი საქართველოს ეძღვნება. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს. დოკუმენტში ასევე საუბარია იმის თაობაზე, რომ 2015 წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა მიიღო და ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებების სერია განხორციელდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, აჭარასა და პანკისის ხეობიდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად 50-დან 100-მდე მოქალაქე გაემგზავრა. ანგარიშში იმაზეცაა საუბარი, რომ გასულ წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა გააძლიერა და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით სერიოზული ბაზა შექმნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულ დანაყოფებს და აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ისინი წამყვან როლს ასრულებენ და კარგად გაწვრთნილნი და ეკიპირებულნი არიან.

„საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენის, აღკვეთისა და მათზე რეაგირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაყოფის შემდეგ არსებობს პრობლემები თანამშრომლობის, კოოპერაციისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ საზღვრების უსაფრთხოება გააუმჯობესა, რაც ნაწილობრივ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების მიზანს უკავშირდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის მნიშვნელოვანი დახმარებით საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური უკეთესად არის აღჭურვილი ქვეყნის საზღვაო საზღვრების პატრულირებისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსი.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის 115 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ტერორიზმის ფინანსირებას აქტიურად ებრძვის, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებები განახორციელა და საერთაშორისო რეკომენდაციები შეასრულა. „აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთქმედების პარალელურად, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ ფორმატში“, _ ნათქვამია ანგარიშში.

———-

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში დადებითად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას და მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტში ორი რამ არის მნიშვნელოვანი: „ერთი, რომ აშშ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც პარტნიორის მნიშვნელობას და მეორეა ის, რომ დადებითად აფასებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემების მუშაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა და კარგია, რომ ასეთი შედეგია მიღებული“, – ამბობს იგი.

- ოპონენტების მხრიდან გაჩნდა კითხვებიც, რამდენად დამსახურებულია ეს შეფასებები...

- ძირითად ნაწილში შეფასება არის დამსახურებული. მართლაც შეიცვალა სიტუაცია და უსაფრთხოების სისტემები ბევრად უფრო გაიზარდა საქართველოში. ვგულისხმობ პირველ რიგში პოლიტიკური ისლამის საფრთხეს.

- დასკვნაში საზღვრების დაცვის გაუმჯობესებაზეა საუბარი და ამას თქვენ იზიარებთ?

- მეც სწორედ მანდ ვარ. ბუნებრივია, ბევრი რამე განპირობებული იყო ევროკავშირთან ხელმოწერილი დოკუმენტის გამო. ტაქტიკური მუშაობა საქართველოს მთავრობამ და უსაფრთხოების სისტემებმა წარმართეს ევროკავშირთან ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, ასევე – მომავალი ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, შედეგიც შესაბამისი იყო, მართლაც კარგი შედეგი მივიღეთ. სასტარტო მდგომარეობა კარგია.

- ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ საქართველო ამ საზღვრებს ვერ აკონტროლებს. ამ კუთხით რა დაბრკოლებები იქმნება?

- ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი, რასაკვირველია, არ ხერხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს აქვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და, აქედან გამომდინარე, საფრთხის პრევენციის საშუალება, ყოველ შემთხვევაში, მაღალი ხარისხით.

- თუმცა ვნახეთ, რაც მოხდა ხურჩაში...

- ასეთ შემთხვევებს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ტერაქტის პრევენციის საშუალება მაღალი ხარისხით უნდა ჰქონდეთ საქართველოს სპეცსამსახურებს. ასევე მათ შეუძლიათ რისკებისა და გამოწვევების პრევენცია. საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობაში არის გარკვეული ხარვეზებიც.

- რა სახის და რითია ეს გამოწვეული?

- ეს განპირობებულია ბევრი ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ წინა ხელისუფლებამ ეს სამსახურები პოლიტიკურ პოლიციად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული აქტივობები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც იყო, ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. უსაფრთხოების სამსახური და განსაკუთრებით ის დანაყოფები, რომელთაც ეხება ანტიტერორისტული საქმიანობა, უნდა იყოს მთლიანად კონცენტრირებული ამ საქმეზე და არ უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული. გარდა ამისა, პროფესიონალი კადრების სიმცირე ყოველთვის იგრძნობოდა სპეცსამსახურებში და ამ პროფესიული კადრებით გაძლიერებაა საჭირო ამ სპეცსამსახურებისა.

- კონკრეტულად რა იგულისხმება პროფესიულ კადრებში? რა კუთხით უნდა გამახვილდეს ყურადღება?

- პროფესიულ კადრებში ვგულისხმობ, პირველ რიგში, ანალიტიკოსებს, რეგიონის მცოდნეებსა და ასე შემდეგ.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს შეფასებები რამდენად წაადგება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით? ვხედავთ, რომ საკითხი კიდევ ერთხელ გაჭიანურდა. არც იმას გამორიცხავენ, რომ შემოდგომისთვის გადაიდოს. წაგვადგება რამეში ამ კუთხით?

- რასაკვირველია, საქმეს წინ წასწევს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ბიუროკრატიული აპარატები, მაქსიმალურად ცდილობენ, ანგარიში გაუწიონ რუსეთის ინტერესებს. როდესაც ლაპარაკია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციამ შეიძლება გარკვეული საფრთხეები შექმნას და როდესაც ევროპელები ამას ლაპარაკობენ, ეს არის თვალთმაქცობა.

- რატომ არის თვალთმაქცობა?

- იმიტომ, რომ საქართველო უკრაინა არ არის, მე ამ შემთხვევაში ხალხის რაოდენობას ვგულისხმობ. ევროპა ისედაც მოცული აქვს აფრიკიდან და აზიიდან ჩასულ უამრავ მიგრანტს და სამი მილიონი ქართველი, სულ ერთ დღეს რომ წავიდეს ყველა, მაინც ვერ შექმნის მთელი ევროპის მასშტაბით ისეთ საფრთხეს, რომელსაც მიზეზად იშველიებს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი.

- მაშინ რა ხდება?

- ეს არის რუსეთის ინტერესებისთვის კოჭის გაგორება. რუსეთს ძალიან სერიოზული ლობისტური ჯგუფები ჰყავს ევროპულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და სწორედ იქიდან გამომდინარეა ეს ამბავი. აქედან ასეთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია: აშშ-ის დეპარტამენტის მიერ შექმნილი დოკუმენტი კარგი და დამატებითი არგუმენტია ქართული მხარისთვის, მაგრამ გადამწყვეტი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მიუხედავად ამერიკელების დიდი ძალისხმევისა, ვერც ნატოსთან დაკავშირებულმა თემამ წაიწია წინ და ვერც ევროკავშირთან დაკავშირებულმა თემამ. ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით მით უმეტეს პრობლემები იქნება.

- ანუ რუსეთის როლი აქ გადამწყვეტია?

- რასაკვირველია, გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის, რუსეთს საქართველო არ აინტერესებსო, ეს ასე არ არის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მისთვის უმნიშვნელოვანესია სამხრეთ კავკასია და მისი საკვანძო ქვეყანა – საქართველო. ამიტომ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ რუსული კონტროლი იყოს მაქსიმალური.

- ამ კუთხით რამდენად დაიძლევა პრობლემა, რომელსაც რუსეთი ჰქვია?

- ვერ გეტყვით, დაიძლევა თუ არა. ქართული დიპლომატიის მუშაობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე შესაბამისი ევროპული სტრუქტურები შვებულებაში წავიდოდნენ. იქ ტიტანური სამუშაოა. ვნახოთ, რა გამოვა ამ ამბიდან.

Comments are closed