„რეზონანსი“: საქართველო ევროატლანტიკური კარის გაღებას მტკიცედ ითხოვს // “მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება ნატო და ევროკავშირი – მათაც ვჭირდებით”
„რეზონანსი“: რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესია?
„რეზონანსი“: ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: ჟენევის მოლაპარაკება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, ქართული დიპლომატიური უწყების პრობლემები
„ვერსია“: ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვა, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების საქმიანობა, რუსეთთან ურთიერთობა
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში
„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაციონალებმა“ შეძლეს, რომ აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მოეშორებინათ“
———————-
„რეზონანსი“, 06 ივლისი, 2015 წელი
საქართველო ევროატლანტიკური კარის გაღებას მტკიცედ ითხოვს
“მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება ნატო და ევროკავშირი – მათაც ვჭირდებით”
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
ნატოს მიმართ ხშირად ვისმენთ საყვედურნარევ შენიშვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ რიგებში “თავის დროზე” რომ მიეღო, იქ არ განვითარდებოდა მოვლენები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს – არ დაკარგავდა ყირიმს, არ დაიწყებოდა ომი და ა.შ. ამ მაგალითზე დაყრდნობით საქართველოში ხშირად მსჯელობენ თუ კიდევ რა შეიძლება მოჰყვეს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან გაფართოებაზე თავის შეკავებასა და ინტეგრაციული პროცესების დამუხრუჭებას. განსაკუთრებით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა.
(…)
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხათუნა ლაგაზიძე ამბოს, რომ ნატოსა და ევროკავშირის თავშეკავება რეაქციაა რუსეთის ქმედებაზე, მის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც დასახელებული ქვეყნები უნდა იყვნენ სულ მცირე ნეიტრალური და ბუფერული ზონა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, მაქსიმუმ კი – ევრაზიული კავშირის წევრები. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ ეს თავშეკავება რუსეთის მხრიდან ნატოსა და ევროკავშირის უკან დახევად აღიქმება.
“რუსეთის ლოგიკა ასეთია – ნატოს მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ჯარების განთავსება მისთვის იგივეა, რაც რუსეთის ჯარების განლაგება მექსიკასა და კანადაში. მისთვის ეს ქვეყნები ის წითელი ზღვარია, რომელიც ნატომ და ევროკავშირმა არ უნდა გადაკვეთოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ამ ეტაპზე უკან დახევის რეჟიმში არიან, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ როგორც წესი რუსეთი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერად მიენიჭა ბალტიისპირეთის ქვეყნებს 1991 წელს დამოუკიდებლობა. იყო თუ არა მაშინდელი სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილი, რომ ბალტიის ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს და უფრო შორს – ბალტიისპირეთში მიდის. ალბათ ახსნა არ უნდა იმას, რომ რუსეთში ასეთი რამები შემთხვევით არ ხდება. ამაში რუსეთის მესიჯი დევს – თუ დასავლეთი ამ სამ ქვეყანას არ შეეშვება ის კიდევ უფრო ღრმად შევა ევროპაში. ამ სიტუაციაში ნატო და ევროკავშირი უკვე იმასღა ცდილობენ, რომ წევრ ქვეყნებში მაინც შეინარჩუნონ მშვიდობა”, – ამბოს ლაგაზიძე.
მეორეს მხრივ კი, მისი თქმით ნატო და განსაკუთრებით აშშ “ავი ძაღლივით” იქცევა, რომელიც არც თავად ჭამს და არც სხვას აჭმევს – არც ხელიდან გვიშვებენ და არც გვიახლოვებენ. იმ შემთხვეევაში კი, თუ საქართველოს მოსახლეობა ნატოსგან ჩამოშორებას და რუსეთისკენ სვლას გადაწყვეტს, ალიანსის რეაქცია ძალიან მწვავე იქნება.
(…)
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ზრდად იმედგაცრუებაზეც, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მიმართაა. ამბობს, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი 2016 წელი იქნება, რადგან ამ წელს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები – საქართველო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას ელის და ასევე ნატოს ვარშავის სამიტია გასამართი, სადაც მაპ-ის მონიჭების თემა წყდება.
“აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან სწორი პოზიცია აქვს თავდაცვის ახალ მინისტრს რომელიც მაპ-ს პირდაპირ ითხოვს და ამბობს, რომ საქართველოს 25 – წლიანი მცდელობა ნატოსთან დაახლოებისა როგორც მინიმუმ პასუხს იმსახურებს. ვფიქრობ ასეთი კატეგორიული პოზიცია უფრო მომგებიანია, ვიდრე ნატოსთან და ევროკავშირთან ენის მოჩლექით საუბარი. მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება ნატო და ევროკავშირი, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათაც ვჭირდებით. ამას სომხეთში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ამის პარალელურად დიდი შანსია იმისა, რომ 2016 წლამდე რუსეთმაც მოგვცეს უვიზო მიმოსვლა. თუ იგივეს მიღება ევროკავშირისგან ვერ შევძელით, ეს პროდასავლურ ძალებზე სერიოზული დარტყმა იქნება. მათი პოზიციები ისედაც ისეთი სუსტია, როგორც არასოდეს და ამის გარეშე არჩევნებში სერიოზული შედეგის დადება გაუჭირდებათ. ასე რომ, დასავლეთის მიმართულებით შესაძლოა ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მძიმე პერსპექტივა გაჩნდეს, თუკი იქიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოიდგა”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
(…)
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, აირიდებდა თუ არა უკრაინა თავიდან ომს, ალიანსს იგი ადრე რომ მიეღო და შეგვიძლია თუ არა მისი შემთხვევა ამ ორგანიზაციების თავშეკავებული პოლიტიკის უარყოფით შედეგად მივიჩნიოთ, ლაგაზიძე შემდეგნაირად პასუხობს:
“ნატოს ეს ქვეყნები მაშინ უნდა მიეღო, როცა რუსეთს პასუხის თავი არ ჰქონდა. მაშინ თავი შეიკავეს. ჩემი აზრით არა იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ დემოკრატიის ჩარჩოებში არ ისხდნენ, არამედ იმის გამო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მათი “სათრევი” გახდებოდნენ. მაშინ როცა რუსეთის მოქცევა ალიანსის სარტყელში შეიძლებოდა, ნატომ ამ ქვეყნების შეერთებაზე უარი თქვა. ვფიქრობ მან ხელიდან გაუშვა დრო როცა გაფართოება უმტკივნეულოდ შეეძლო. მას შეეძლო საფრთხეების ძირძველი ევროპისაგან შორს გადაწევა. ასე რომ, არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიგებს, ვინც ფიქრობს რომ ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან გაფართოებაზე უარის თქმა წევრ ქვეყნებში მაინც შეუნარჩუნებს სიმშივდეს”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
რუსეთის მხრიდან ნატოს არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი ელენე ხოშტარია და ამბობს, რომ მას ალიანსის გაფართოებაზე ირიბი ვეტოს უფლება აქვს სწორედ იმით, რომ კონფლიქტებს არ აგვარებს, პირიქით – ამწვავებს. ამით, ხოშტარიას თქმით, რუსეთმა ნატოს გაფართოების, როგორც მინიმუმ შეჩერება მოახერხა. ეს კი, თავისთავად პრობლემაა თავად ორგანიზაციისთვის, რადგან იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება.
ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი თავისი გავლენის სფეროების დამკვიდრებას უფრო თამამად განაგრძობს. თუკი იგი ნახავს, რომ დასავლეთის დაშინება ეფექტურია და ეს მოქმედებს, პროცესებს ყველა ქვეყანაში შესაბამისად წარმართავს. ნატოში შესვლაში ხელის შეშლისათვის ზოგგან შეიძლება ომი დასჭირდეს, ზოგან პოლიტიკური სიტუაციის არევა, ზოგან პროპაგანდა და ა.შ.
რაც შეეხება უკრაინის მაგალითს, ხოშტარია მიიჩნევს, რომ იქ მიმდინარე პროცესების გამო მხოლოდ ნატო არ უნდა “დავადანაშაულოთ”.
“დიდი ხნის განმავლობაში თავად უკრაინა არ გამოთქვამდა სურვილს ნატოში შესვლის თაობაზე. ის ამისათვის მზად არ იყო. შესაბამისად, ეს დღის წესრიგში არ იდგა. თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც უკრაინისთვის მაპი-ს მიცემა რუსეთისთვის სერიოზული სიგნალი იქნებოდა იმისა, რომ მისი ქმედებების მიუხედავად, ნატო გაფართოებას განაგრძობს. გაფართოების ყველაზე კარგი, დადებითი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებაა. პრობლემები იქაც ძალიან ბევრი იყო – კონფლიქტები, გაუყოფელი ტერიტორიები, პრობლემები რუსეთთან, თუმცა ევროკავშირისა და ნატოს ერთდროულმა გაფართოებამ ეს ყველაფერი დაარეგულირა. უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცე შექმნა. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტიც ისაა, რომ გაფართოება არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ რუსეთის გეგმა არ განხორციელდეს და უსაფრთხო სივრცე აქაც ჩამოყალიბდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში ეს უფრო რთულია, იმიტომ რომ ბევრი კონფლიქტი გვაქვს.
ამის გასაღები რუსეთის ხელშია, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა და ამის გამო ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც ბალტიისპირეთის ან ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში, სადაც კონფლიქტი ასევე იყო, მაგრამ მეორე მხარეს ბირთვული სახელმწიფო არ იდგა. ამ ორგანიზაციების გაფართოების გარდა, სხვა გამოსავალი ევროპაში უსაფრთხოების დამკვიდრების არ არსებობს”, – მიიჩნევს ელენე ხოშტარია.
„რეზონანსი“, 06 ივლისი, 2015 წელი
რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესია?
თიკო ოსმანოვა
“რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს”, – ამის შესახებ “დოიჩე ველეს” ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ძალაუფლებას იყენებს მეზობელი ქვეყნების დასაშინებლად. “ჩვენი პასუხი არის თავდაცვითი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეესაბამება. ჩვენ გავზარდეთ სწრაფი რეაგირების ძალები. ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან გავაძლიერეთ სამხედრო წარმომადგენლობა. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გავაძლიერეთ საჰაერო პატრულირება და წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არის თავდაცვის ნაწილი. “ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს. რუსეთის ქმედებები აგრესიულია. ყირიმის ანექსია არის აგრესიული ქმედება. რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების თანამედროვე იარაღით, თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას, და გზავნის იქ სამხედროებს, ესეც აგრესიაა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, რუსეთი კი იყენებს საკუთარ ძალაუფლებას საზღვრების შესაცვლელად და უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამ განცხადების ფონზე, რამდენად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესია? ეს კითხვა “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ არა მგონია, რომ რუსეთმა დღევანდელ პირობებში – იმ დროს, როდესაც უკრაინაში ასეთი პრობლემები აქვს, საქართველო და მოლდოვაც ჩართოს ამ დაპირისპირებაში. რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა დამარცხების ტოლფასია.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ალოგიკურად მიმაჩნია, რადგან ძალის გამოყენებით კიდევ დაიმძიმებს საერთაშორისო მდგომარეობას – რუსეთის მიმართ ძალიან ბევრი სანქციებია. თუმცა სტოლტენბერგი იმდენად გათვითცნობიერებული კაცია, რომ ეტყობა, რაღაც რეალური მონაცემები აქვს და ეს განცხადება, იმიტომ გააკეთა. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება ზეპირად საუბრობდეს. როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციები აქვს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): არა მგონია, რომ ეს რეალური სურათის ამსახველი იყოს კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით. რუსეთი მზად არის აგრესიისთვის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, ნატოს მხრიდან ეს განცხადება გამაფრთხილებელია. ჩვენი მოკავშირეა და მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ, თუმცა არა მგონია უახლოეს ხანში რუსეთს აგრესიული ზრახვები ჰქონდეს საქართველოს მიმართ. ჩვენი ქვეყანა მეტ-ნაკლებად გადადებული თემაა ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთს უწინარესად უკრაინის საკითხი აწუხებს.
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): იმპერიული ქვეყნისგან აგრესია ყოველთვის მოსალოდნელია. ყველა ისტორიულ პერიოდში ნებისმიერი იმპერია ყოველთვის გამოირჩევა აგრესიულობით, ასე რომ, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება გასაკვირი არ არის. რუსეთმა თავის აგრესია ერთხელ უკვე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და ჩამოაჭრა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ისტორიული ძირძველი მიწა-წყალი.
„რეზონანსი“, 06 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: ჟენევის მოლაპარაკება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, ქართული დიპლომატიური უწყების პრობლემები
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუ მისცა გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს იაგო ნაცვლიშვილს, რომელშიც უწყების ყოფილი ხელმზღვანელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრობს.
გთავაზობთ ინტერვიუს ძირითად თემატიკას:
ა) ჟენევის მოლაპარაკება
„ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის პოზიტიური შედეგბის იმედი არ მქონდა, ისწევე როგორც მისი წინა რაუნდებისაგან. ფორმატის სტაბილურობის სენარჩუნება ნომერ პირველ ამოცანად რება. ეს რაუნდიც ამ მხრივ განსხვავებული არ ყოფილა, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს დელეგაციამ ზოგიერთ საკითხზე უფრო პრინციპული პოზიცია უნდა გამოხატოს. მაგალითად, ქვეყნის სუვერენულ არჩევანზე, ლტოლვილთა საკითხებზე და ა.შ. როგორი სიმკაცრითაც არ უნდა დააყენოს საქართველომ საკითხი, აფხაზი და ოსი წარმომადგენლები მაინც ტოვებენ მოლაპარაკების მეორე ჯგუფს და გადადიან პირველში. ამი თავიდან აცილება არანაირად არ გამოდის. შესაბამისად, უფრო მკაცრად უნდა იყოს არტიკულირებული ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ინტერესებშია.
რუსეთი მოწადინებულია, რომ მხარეებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გამოაცხადოს და თვითონ შუამავლის როლი შეასრულოს, მაგრამ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ამიტომ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ ეს არის მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთის შორის და რომ კონფლიქტის მხარეები ვართ ჩვენ და რუსეთი“.
ბ) სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
„რაც შეეხება სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე (2008 წელს ქართველთა მასობრივი დეპორტირების გამო), მე იურისტი არ გახლავართ, თუმცა ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია იმპერატიულად დაავალოს რუსეთს კომპენსაციის გადახდა. თუკი რუსეთიას ამას არ გააკეთებს, მაშინ სასამართლომ სხვადასხვა სანქციები უნდა აამოქმედოს – შეიძლება ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის საკითხი დადგეს“.
ა) ჟენევის მოლაპარაკება
გ) საქართველოს საერთაშორისო იმიჯი
„მე ვფიქრობ, რომ დასავლეთში საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად იმის გამო, რომ ბევრი ქართველი კრიმინალურ ჯგუფებშია გაერთიანებული და დანაშაულის ცამდენია. მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში… გერმნაულ პრესაში ქართველთა ჩადენილი დანაშაულეებების შესახებ ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება, ფილმებიც კი არის გადაღებული და ტელევიზიით აჩვენებენ. ამ საკითხით ქართველი სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, მათ ძალიან მჭიდრო ურთიერეღთობა უნდა ჰქონდეთ გერმანიის, ესპანეთის და ავსტრიის წარმომადგენლებთან, სადაც თავმოყრილია ქართველი კრიმინალები…“.
დ) ქართული დიპლომატიური უწყების პრობლემები
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მთელი ინიციატივა აღებული აქვს ე.წ. „ოდეერს, ის არის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ძალიან სერიოზული ქვედანაყოფი. ეს ალიან არასასიამოვნოა, როცა უსაფრთხოების ინსტიტუტი ასე აქტიურად ერევა სხვადასხვა უწყებების საქმიანობაში. ჩემი მინისტრობის დროს ასე არ ყოფილა. იყო მხოლოდ ერთი წარმომადგებნელი, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი, მაგრამ ეს არ იყოს სტრქუტურული ქვედანაყოფი, დეპარტამენტი და მთელი ქსელი. რამდენადაც ვიცი, დღეს „ოდეერი“ წმინდა დიპლომატიური ხასიათის პროცესებშიცაა ჩართული“.
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვა, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების საქმიანობა, რუსეთთან ურთიერთობა
ნინი ჯაფარიძე
(შემოკლებით)
ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვა - ეს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმაა. სხვა გეგმებიც აქვს, რომლების შესახებაც, ,,ვერსიას” ექსკლუზიურად ესაუბრება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და ქვეყნის საგარეო კურსზეც საუბრობს.
- ქალბატონო სალომე, დღეს რა საქმით ხართ დაკავებული და აქტიურ პოლიტიკაში თუ აპირებთ დაბრუნებას?
- ამჟამად, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაარსებულ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად ვმუშაობ, თუმცა ჩემი საერთაშორისო საქმიანობა, ახლო მომავალში დასრულდება. ვარ ასოცირებული პროფესორი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SCIENCES PO), ვასწავლი საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრატურის სტუდენტებს. ვაპირებ, იქაც დავასრულო 9-წლიანი საქმიანობა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ისევ თავისუფალი ვარ. ვაპირებ კიდეც დაბრუნებას…
(…)
ჩემი გაგებით, პოლიტიკაში ყოფნა შენი ქვეყნის აწყმოსა და მომავალზე ზრუნვა, მისი მაჯისცემის გაგება, მის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე უწყვეტი ფიქრია. ამ გაგებით, პოლიტიკაში ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები! ვერ წარმომიდგენია, უცებ გულგრილი გავხდე საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ და როგორც ზოგს სჩვევია, რაიმე მეწყინოს და საქართველო დავივიწყო. ასე რომ, მათ, ვისაც ჩემი წასვლის, არდაბრუნების, მოშორების, დავიწყების იმედი აქვთ, იმედი უნდა გავუცრუო. მე არ წავსულვარ და არც წავალ არსად! ქვეყნიდან ფიზიკური გასვლა, არ ნიშნავს წასვლას.
პოლიტიკური გეგმებიც მაქვს – დაწყებული მაქვს სერიოზული საქმე, რაც გულისხმობს ემიგრანტების უფლებების აღდგენას. მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის გაძლიერებისთვის და მომავლისთვის არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი თემა. საკითხი _ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა, არასწორადაა წარდგენილი, რადგან იგი, სინამდვილეში, ერთ მოთხოვნას მოიცავს. როცა ჩვენი ქვეყნიდან სხვა და სხვა მიზეზის გამო წასული თანამემამულეები მიიღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, არ უნდა ჩამოერთვათ ქართული პასპორტი და მოქალაქეობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონს არ აღწევს. აქედან კი მესამედი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც ჩვენივე კანონით, თუ არ შეიცვალა, ქართველებად აღარ ითვლებიან. ამის გამო ჩვენ ვკარგავთ ბოლო იურიდიულ არგუმენტს და ჩვენ მოთხოვნებს ვაცლით ლეგიტიმურობას.
(…)
- როგორ აფასებთ საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის საქმიანობას და ხომ არ შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი?
- კონკრეტული მინისტრების საქმიანობას ვერ და არ შევაფასებ, რადგან ეს არ არის კორექტული. მინისტრი პიროვნულ და პირად კრიტერიუმებზე დაყრდნობით კი არა, მისი საქმიანობის მიხედვით უნდა შეფასდეს. ჩვენ არ ვიცით რის გაკეთებას ისახავს მიზნად ესა თუ ის მინისტრი, მისი წინამორბედი რისი არგაკეთებისთვის მოიხსნა… არარსებული პროგრამის შესრულების შემოწმება ძნელია და უაზროც კი… მე არ ვიცი საგარეო ან თავდაცვის პრიორიტეტები… კურსის ცვლილებას ვერ ვხედავ, მაგრამ კურსსაც ვერ ვხედავ. ისმის ლოზუნგები, რომლებიც ამდენი წელია არ იცვლება. ამ ლოზუნგების უკან რა პოლიტიკაა? ეს სააკაშვილის დროს ძნელი გასაგები იყო. მისი რუსული კურსის შესახებ ბევრი სერიოზული ეჭვი არსებობდა (სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის მიყიდვა რუსულ კომპანიებზე, ტერიტორიების დაკარგვა, კოდორის უსიტყვოდ დათმობა). დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ეჭვის საგანიც არ არსებობს, რადგან რომელიმე მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იკვეთება!
- არც საქართველო- რუსეთის ურთიერთობებში იკვეთება რაიმე დადებითი შედეგი?
- ამ კითხვას პასუხი არც სჭირდება. რამე შედეგი რომ იყოს, გამოჩნდებოდა და გამოიწვევდა კრიტიკას ან მოწონებას. დუმილი იმის ნიშანია, რომ არაფერიც არ ხდება!
(…)
- როგორ აფასებდით ნაციონალების საქმიანობას უკრაინაში და მათი იქ ყოფნა, უქმნის თუ არა საფრთხეს ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს?
- როგორ შეიძლება დღეს მათი საქმიანობის შეფასება. ეს ჯერ პროპაგანდაა. შედეგებს ყველანი ვნახავთ.
„კვირის ქრონიკა“, 6 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში
ინტერვიუში პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, „ქრონიკის“ ჟურნალისტ გელა ზედელაშვილთან საუბრისას, მრავალ სხვა საკითხთან ერთად, საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც ეხება და ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა პერიოდებს.
გთავაზობთ ამონარიდს:
- მივესალმები, თუკი დასრულდება კონტრპროდუქტიული მოქმედება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, რაც იყო სააკაშვილის დროს და შემდეგაც გაგრძელდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ მაია ფანჯიკიძე. საქართველომ ნამდვილად უნდა აღადგინოს ურთიერთობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან და დაიცვას ეროვნული ინტერესები.
მე ყველას მინდა შევახსენო ის პერიოდი, როცა სააკაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო გამოაცხადა ევროპის უკანასკნელ დიქტატორად და ისიც კი თქვა, ჩემი მიზანია ამ ადამიანის ჩამოგდებაო. შემდეგ „დესანტი“ მიავლინა ბელორუსში, კანდელაკები და თარგამაძეები. თუ გახსოვთ, გიორგი კანდელაკი დააკავეს კიდეც. ბოლოს რა მოხდა? ამ ტაკიმასხრობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა სააკაშვილი შეშინდა, რუსეთის ზეწოლის შედეგად ლუკაშენკო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებსო, საქვეყნოდ აცხადებს, რომ თურმე იგივე ლუკაშენკო ყველაზე ბრძენი და ძლიერი პრეზიდენტია. უცებ ბათუმში ბელორუსის წარმომადგენელს იღებს დიდი ზარ-ზეიმით და ატარებს მლიქვნელობის დემონსტრირებას.
სააკაშვილს, ასევე, არ ახსოვდა თურქმენეთი, ჩვენი საგარეო ვექტორი მიმართული იყო მხოლოდ ამერიკისკენ. ევროპელ დიპლომატებს არაერთხელ უთქვამთ, ამ ადამიანს საქართველო თვითიზოლაციისკენ მიჰყავსო. მერაბიშვილი საჯაროდ აცხადებდა, ევროპელებს არაფერი არ უნდა ჰკითხო, თუ რამეს გირჩევენ, საპირისპირო უნდა გააკეთოო. თან ამას აცხადებდა რუსულ პრესაში. თურქმენეთთან ურთიერთობაზე საუბარი არ იყო, ერთადერთი აზერბაიჯანი ეხატებოდა გულზე და ალიევიც არაერთხელ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. თუ გახსოვთ, თავიდან ლაპარაკი დაიწყო, აზერბაიჯანთან ერთად ფედერაციას ვქმნითო. მაშინ ყველა გაოგნდა და ალიევმაც უარი თქვა კომენტარზე. 2008 წლის ომის შემდეგ ბაქოში ჩავიდა, იქიდან დაიწყო ავანტიურის მომზადება, ჩვენ და თქვენ ერთი მტერი გვყავს, ქართველები და აზერბაიჯანელები ერთად უნდა ებრძოდნენ რუსებსო. მაშინ აზერბაიჯანის მეჯლისში იყო ასეთი რეაქცია: სააკაშვილი არის ბინძური პროვოკატორი! მე ამდენი იმიტომ გავიხსენე, რომ გაჩვენოთ, როგორი საგარეო პოლიტიკა გვქონდა.
- თუმცა ლუკაშენკოც და ალიევიც სააკაშვილზე დღემდე კარგს ლაპარაკობენ, ამ უკანასკნელმა ბაქოშიც კი მიიღო დიდი ამბით. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან?
- ალიევს აქვს თავისი ინტერესები, აზერბაიჯანული ნავთობსადენი აქ გადის. გარდა იმისა, რომ არსებობს ძველი ურთიერთობები, ალიევი კავკასიური ტრადიციის მიხედვით მოიქცა. სამწუხაროდ, სააკაშვილის იდიოტური პოლიტიკის შემდეგ ამ ხელისუფლებამ ცვლილებები არცთუ სწრაფად განახორციელა, გაცილებით მეტის გაკეთება იყო საჭირო.
მე ისიც მახსოვს, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სააკაშვილი სომხეთის მთავრობას, ეკონომიკის მართვა არ იციანო. ერთხელ სომხეთში ხიდი ჩაინგრა, გზა ჩაიკეტა და ეს სიცილით კვდებოდა, სამსახურებს ვერ ამუშავებენ, ჩვენ ერთ საათში გავაკეთებდით ყველაფერსო. სააკაშვილი ამით ხაზს უსვამდა, ტყუილად მიყრიან ჭორებს, მე სომეხი არ გახლავართო.
„ასავალ-დასავალი“, 06 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაციონალებმა“ შეძლეს, რომ აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მოეშორებინათ
ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს, კერძოდ, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან რიჩარდ ნორლანთან ქართული ელიტის დამოკიდებულებაზე.
მამუკა არეშიძის განცხადებით, „სისულელეა ის ფაქტი, თითქოს თეთრმა სახლმა რიჩარდ ნორლანდს იმიტომ არ გაუგრძელა თბილისში დიპლომატიური მისია, რომ ის „ქართულ ოცნებას“ დაუახლოვდა. მისი თქმით, ნორლანდის წინააღმდეგ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ლობისტები მუშაობდნენ.
„ნაციონალებს ნორლანდი არ მოსწონდათ, არა იმიტომ, რომ იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, არამედ იმიტომ რომ „ნაცმოძრაობას“ არ უჭერდა მხარს. ჩემი აზრით, ნორლანდი ცდილობდა, ელჩის ფუნქციები შეესრულებინა და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ლობისტი არ ყოფილიყო, ხოლო რაც შეეხება ახალ ელჩს, იმედია ისიც არ პრინციპით იმოქმედებს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია – ნაციონალებმა სერიოზულად იმუშავეს და შეძლეს, მოეშორებინათ ნორლანდი, რომელიც მათი მხარდამჭერი არ იყო“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.