„რეზონანსი“: რატომ შეცვალა „ოცნებამ“ თავისი მაჟორიტარების უმრავლესობა
„რეზონანსი“: „ოცნებისა“ და „კონსერვატორების“ შეთანხმება შეიცვალა – მმართველი პარტია “კონსერვატორებს” პირდაპირ თავის მაჟორიტარებად წარადგენს ან თავის სიაში ჩასვამს
„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: ლინჩის წესი და არჩევნები საქართველოში
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ოცნება“ ხალხს ახალს ვერაფერს შესთავაზებს“ // „ეკონომიკას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში ეშველება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მეგი გოფოცირიძესთან: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პარტია დააფუძნა // „ხელისუფლება სიტუაციის დაძაბვას რუსი ტურისტების დახმარებით აპირებს“
—-
„რეზონანსი“: მშპ-ს ზრდის პროგნოზით, საქართველო რეგიონში საუკეთესოა / ამ ეტაპზე ლიდერი სომხეთია, თუმცა მალე ვითარება შეიცვლება
——————-
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
რატომ შეცვალა „ოცნებამ“ თავისი მაჟორიტარების უმრავლესობა
სალომე სარიშვილი
რამდენიმე თვის წინ მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ საარჩევნოდ მათი მაჟორიტართა შემადგენლობა და პარტიული სია დაახლოებით მესამედით განახლდებოდა, თუმცა მაჟორიტარების შემთხვევაში განახლება გაცილებით მასშტაბურია.
“ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს და უკვე გამოიკვეთა, რომ საარჩევნო ოლქების დიდი უმრავლესობაში მმართველმა პარტიამ თავისი მაჟორიტარები ან საერთოდ სხვა კანდიდატებით შეცვალა, ან მათ უკვე სხვა ოლქებში წარადგენს კანდიდატებად.
ცნობისთვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებზე პარტია “ქართულ ოცნებას” სხვადასხვა რაიონში სულ 32 მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰყავდა. დღეის მდგომარეობით იმავე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მხოლოდ 4-ია წარდგენილი: დიმიტრი ხუნდაძე (მცხეთის საარჩევნო ოლქი), თემურ ჭკუასელი (ჩოხატაური), ვალერი გელაშვილი (ხაშური) და ზაქარია ქუცნაშვილი (თიანეთი).
საპარლამენტო უმრავლესობაში ამას ახალი ამოცანებით ხსნიან და ამბობენ, რომ წლევანდელ არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი რაიონების მოსახლეობაში მაღალი მხარდაჭერის მქონე კანდიდატებზე შეაჩერა. ექპერტები კი ფიქრობენ, რომ ამ ცვლილების არსი სწორედაც რომ ძველ მაჟორიტარებში მდგომარეობს, რომელთაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს.
“ოცნების” განმარტებები
აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრმა ლექსო თამაზაშვილმა “ქართული ოცნების” რიგებიდან სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრაზე უარი განაცხადა. როგორც ლექსო თამაზაშვილი “ფეისბუქში” წერს, სურს, რომ მისი კუთხე უკეთესმა კანდიდატებმა წარმოადგინოს.”საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელთა კრიტიკა სამართლიანია და მისაღები… მე რომ მათ ადგილას ვიყო, როგორ პარლამენტარს ვისურვებდი?! უკეთესს, ვიდრე მე ვარ. შესაბამისად მსურს, რომ ჩემი კუთხე უკეთესმა წარმოადგინოს საკანონმდებლო ორგანოში”, – წერს ლექსო თამაზაშვილი.
მმართველ პარტიაში კი აღნიშნულ ცვლილებებს ახალ ამოცანებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია სხვა გამოწვევების წინაშეა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ პარტიამ სხვადასხვა რაიონში შიდა მოკვლევა ჩაატარა და შესაბამისად, მაჟორიტარებად ის კანდიდატები დააყენა, რომელთაც მოსახლეობაში მაღალი მხარდაჭერა აჩვენეს.
გუგული მაღრაძის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძველმა მაჟორიტარებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი სათანადოდ ვერ გაართვეს. “აქ ერთი მთავარი პრინციპია – 2012 წელს ჩვენ სხვა ამოცანები გვქონდა. გარდა ამისა, იყვნენ ადამაინები, ვინც “ოცნებასთან” ერთად ბრძოლის სურვილს გამოთქვამდა და გარკვეულ წრეს ქმნიდა. მაშინ თავისუფლადაც ვერავინ ამბობდა, რომ კენჭს მაჟორიტარად პარტია “ქართული ოცნებიდან” იყრიდა, ვინაიდან წინ გარკვეული საშიშროება ჰქონდა. ახლა ეს წნეხი მოხსნილია, რაც საშუალებას გვაძლევს შიდა რაიონებში მოკვლევა ჩავატაროთ და ვისაც მეტი შანსი აქვს, ისეთი ადამიანები შევარჩიოთ. რაც მთავარია, ისეთი ადამიანები დავაყენოთ, რომლებიც კონკრეტულ რაიონებთან არიან დაკავშირებული, რადგან მათ უნდა შეძლონ რაიონების ინტერესების წინ წამოწევა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გუგული მაღარძე.
დეპუტატის თქმით, გარდა ამისა, წელს პარტიამ მეტი ყურადღება ახალი კანდიდატების კვალიფიკაციაზეც გაამახვილა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ პარლამენტში მუშაობა უნდა შეძლონ.
“2012 წლისგან განსხვავებით, წელს სხვა ვითარებაა – ჩვენ გვაქვს მეტი არჩევანის თავისუფლება და სივრცე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძველმა მაჟორიტარებმა ვერ გაამართლეს. ისინი “ოცნების” გვერდით თავის დროზე ვაჟკაცურად დადგნენ და საკუთარი ფუნქცია დადებითად შეასრულეს. გარკვეულწილად რაიონები წარმოადგინეს, რამდენადაც შეეძლოთ პოზიტიურად იმუშავეს, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ახლა სხვა ამოცანები და სწრაფი განვითარების გეგმები გვაკისრია. პარლამენტმა კი განვითარების ხელმშემწყობი კანონების მიღება უნდა შეძლოს და შესაბამისად, აქცენტი ახლა ამაზე მეტია. აღსანიშნავია, რომ პარტიამ რაიონებში შიდა გამოკვლევები ჩაატარა და შესაბამისად, მაჟორიტარებად ისეთი კანდიდატები დავაყენეთ, ვისაც მხარდაჭერის მეტი შანსი ჰქონდა. მათ შორის, რამდენიმე ძველი პარლამენტარიც დავტოვეთ, ვინაიდან მათ რაიონებში მაღალი მხარდაჭერებს ჰქონდათ. დასახელებულთან კი რაიონებში ფაქტობრივად ყველას კარგად იცნობენ. გარდა ამისა, რამდენიმე რაიონი გაერთიანდა და ამანაც თავისი გავლენა იქონია. ყველა ზემოჩამოთვლილი ნიუანსის გათვლისწინებით, ჩვენ გამსვლელი ფიგურები შევარჩიეთ და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. რაც შეეხება ძველ მაჟორიტარებს, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ისინი “ოცნების” გვერდით ძალიან სარისკო დროს დადგნენ, რასაც ცხადია, პარტიაცა და საზოგადოებაც დაუფასებს,” – განუცხადა “რეზონანსს” გუგული მაღრაძემ.
“ქართული პარლამენტარიზმის ქრონიკული ჭირი“
ექსპერტთა ნაწილი მაჟორიტარების უმრავლესობის ცვლილებას ძველი კანდიდატების სისუსტეს უკავშირებს და ამბობს, რომ მათ რაიონის მოსახლეობისთვის პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებიათ. პოლიტილოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ პრობლემა სწორედ ძველ მაჟორიტარებშია, რომელთაც მოსახლეობის 80% არ იცნობდა. თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა არა მხოლოდ “ოცნებისთვისაა” დამახასიათებელი, არამედ ეს “ქართული პარლამენტარიზმის ქრონიკული ჭირია”, ვინაიდან პოლიტიკაში შემთხვევითი ხალხი მოდის.
“ამ ცვლილებას მაღალი კონკურენციით ვერ ავხსნიდი, აქ უფრო კარგი ცხოვრების მსურველების მომრავლება შეიძლება იყოს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მაღალი მარგი ქმედების კონკურენციის უნარის მქონე მაჟორიტარები მომრავლდნენ, ეს ასე არაა. აქ საქმე მარტივადაა – რაიონებში პრაქტიკულად ვერც ერთმა მაჟორიტარმა ვერ გაამართლა. ჩემს მაგალითზე გეტყვით, ძალიან ხშირად დავდივარ რაიონებში და, ბუნებრივია, ვკითხულობ, მოსახლეობა მაჟორიტარს თუ იცნობს, კაციშვილს თვალით არ ენახა მისი მაჟორიტარი. “80% მაჟორიტარებისა მოსახლეობას მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ეს კატასტროფაა. თუმცა ეს მხოლოდ “ოცნებისთვის” დამახასიათებელი არაა, ეს ქართული პარლამენტარიზმის ქრონიკული ჭირია, ვინაიდან პოლიტიკაში შემთხვევითი ხალხი მოდის,” – ამბობს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის თქმით, პირადი კეთილდღეობის გამო, დეპუატატებს ხშირად ავიწყდებათ ის ვალდებულება, რაც პარლამენტთანაა დაკავშირებული. ამიტომ ცინცაძე მიიჩნევს, საბოლოოდ პრობლემა სისტემაშია და ის ცვლილებას საჭიროებს.
“კეთილდღეობის გამო მერე იმ ვალდებულების გაგონებაც კი არ უნდათ, რაც თან ამ სტატუსს ახლავს, ამიტომ აქ სისტემური ცვლილებებია საჭიროა. ჯერ ერთი, პარლამენტარმა რომც მოინდომოს, დიდი არაფერი შეუძლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც სურვილი აქვთ. გარდა ამისა, არ შეიძლება პირადი თხოვნა და პროტექცია საქმეს შეუთავსო. ხომ არ შეიძლება რამდენიმე მინისტრს ერთდროულად სთხოვდე – აი, ჩემი ვაჟი და ბიძაშვილი დაასაქმე და მერე კიდევ უთხრა – ჩემს რაიონს ცოტა მეტი ფული გამოუყავიო?! აქ კი ყველა პირადულს არჩევს და სულ ესაა. ზოგადად მაჟორიტარების გამოსვლა ისედაც უკანასკნელი გამოსვლაა სცენაზე, რადგან მალე ისინი სულ არ იქნებიან,” – გვითხრა სოსო ცინცაძემ.
“დამოუკიდებელ ექსპეტრთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი კი ფიქრობს, რომ პრობლემა ძველ მაჟორიტარებში იყო, რომელიც “ოცნებამ” მხოლოდ და მხოლოდ დამსახურების მიზნით შეარჩია და რაიონის მოსახლეობის აზრი არაფრად ჩააგდო. მისი თქმით, ახლა პარტია სწორედ მაჟორიტარების შემოწმებაზე გადავიდა, რამაც “ოცნება” აღნიშნული ცვლილებების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
“ყველა მაჟორიტარის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ამ თემაზე სიღრმისეულად საუბარი გამიჭირდება. მაინც მგონია, მაჟორიტარებს თავიანთი მიდგომა აქვთ შერჩეული, ისევე როგორც წლების განმავლობაში მთავრობებს აქვთ მათდამი კონკრეტული მიდგომა. როგორც ჩანს, ძველმა მაჟორიტარებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს და შესაბამისად, “ოცნება” მათ ცვლილებაზე გადავიდა. თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებმაც “ოცნების” ფრთებქვეშ საკუთარი თავი შეინარჩუნეს. ჩემი აზრით, საუბარი იმაზე, რომ თუნდაც 14 რაიონში მათ წარმატებული მაჟორიტარის ისტორია დახვდათ, საფუძველს მოკლებულია. ვფიქრობ, ასეთი ცვლილები განპირობებულია იმით, რომ აი, თურმე მაჟორიტარების შემოწმებაა საჭირო და მხოლოდ მათი დამსახურება როდი კმარა. უწინ კი მოსახლეობის აზრი არაფრად ჩააგდეს, “ოცნებაც” ამ გზას დაადგა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ყველაზე საინტერესოა შეცვლილი მაჟორიტარების აზრი მოვისმინოთ.
თუკი მათ გამბედაობა ეყოფათ და დაგვარწმუნებენ, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა, ეს ძალიან კარგი იქნება. რეალურად რა იყო ამ ცვლილების წინაპირობა, ამას ალბათ წლის ბოლომდე მარტივად გავაცნობიერებთ,” – უთხრა “რეზონანსს” სოსო ცისკარიშვილმა.
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
„ოცნებისა“ და „კონსერვატორების“ შეთანხმება შეიცვალა
მმართველი პარტია “კონსერვატორებს” პირდაპირ თავის მაჟორიტარებად წარადგენს ან თავის სიაში ჩასვამს
თიკო ოსმანოვა
“ქართულმა ოცნებამ” რუსთავში, 29-ე და 30-ე ოლქებში თავის მაჟორიტარობის კანდიდატებად პაატა მხეიძის და გიორგი ბრეგაძის კანდიდატები წარადგინა. არადა, როგორც ცნობილია, არსებული შეთანხმების თანახმად, მმართველი პარტია რუსთავის ერთ-ერთი ოლქის “დათმობას” თანამოაზრე “კონსერვატორებისათვის” აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებში რუსთავში “ოცნების” კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი “კონსერვატრთა” ლიდერი ზვიად ძიძიგური იყო. რამდენიმე თვის წინ, კოალიციის დაშლის შემდეგ კი “ქართულმა ოცნებამ” “კონსერვატორების” დახმარება გადაწყვიტა. არსებული შეთანხმებით, სადაც “კონსერვატორი” მაჟორიტარობის კანდიდატები იყრიან კენჭს, “ქართული ოცნება” დეპუტატობის საკუთარ კანდიდატურას ან არ დაუპირისპირებს, ან ისეთ კანდიდატურას შეარჩევს, რომლის წარდგენას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება.
პირველ რიგში, საუბარი იყო სწორედ ზვიად ძიძიგურისათვის რუსთავის ერთ-ერთი ოლქის “დათმობაზე”. თუმცა გასულ კვირას მმართველმა პარტიამ რუსთავში თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ამან კი “ოცნებასა” და “კონსერვატორებს” შორის არსებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა.
“კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი წევრის, გიგა ბუკიას განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და “კონსერვატორებს” შორის არსებული შეთანხმება ძალაშია. “პროცესი მიდის ჩვეულებრივად. წინ გვაქვს ყველა პროცესი, არაფერი ჩაშლილა. სამუშაო რეჟიმში სხვადასხვა კანდიდატებს განვიხილავთ. თუმცა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ეს პრემიერის სათქმელია. მაჟორიტარები ნელ-ნელა დასახელდებიან, მათ შორის “კონსერვატორებისაც”. მესმის ინტერესი, თუმცა, როცა დასახელდება – ყველაფერს გაიგებთ”, – გვითხრა გიგა ბუკიამ.
“რეზონანსის” კითხვაზე, მისი კანდიდატურა დასახელდება თუ არა რომელიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ბუკიამ გვიპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. “რაც შემეხება კონკრეტულად მე, ჩემს საქმეს პარტიასთან ერთად გადავწყვეტ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ის ჩემთვის მისაღები იქნება”, – გვითხრა გიგა ბუკიამ.
შეთანხმება რომ ძალაშია, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ “კონსერვატორთა” ერთ-ერთი წევრი პაატა კვიჟინაძე საჩხერეში “ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ორ პარტიას შორის შეთანხმება შეიცვალა – “კონსერვატორებს” “ოცნება” პირდაპირ თავის კანდიდატებად წარადგენს და მათთვის შესაბამის ოლქებს სავარაუდოდ თვითონვე შეარჩევს.
ეს “რეზონანსთან” საუბრაში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამაც დაადასტურა, რომლის თქმითაც “კონსერვატორთა” რამდენიმე წევრი შესაძლოა “ოცნების” პარტიის სიაშიც მოხვდეს. “არსებობს შეთანხმება და ეს დაცული იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი მტკიცებით, ზვიად ძიძიგური მათ თანაგუნდელად რჩება.
“არსებობს ეს შეთანხმება და იქნება დაცული. კონსერვატორიდან რამდენიმე პირი წარმოდგენილი იქნება მაჟორატარულ ოლქებში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი მაგთანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშიც მოხდეს.
“კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს პრემიერის პრეროგატივაა და ნუ დავასწრებთ მოვლენებს. ჩვენთან ერთად იქნება ძიძიგური. სად იქნება კონკრეტულად – ამაზე მოგვიანებით”, – დასძინა ეკა ბესელიამ.
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: ლინჩის წესი და არჩევნები საქართველოში
ეკატერინე ბასილაია
“ისეთი აღფრთოვანებული რეაქცია აქვს ზოგიერთს ძალადობაზე, განსაკუთრებით კორცხელის ინციდენტზე, როდესაც კონკრეტული ადამიანები გაილახნენ, რომ არ მგონია, ეს “ოცნებას” დიდად ვნებდეს. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, ეს ლინჩის წესის ნაწილია”, – აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც თვლის, რომ წინაარჩევნო პროცესი ლინჩის წესის გამოყენებისკენ უფრო მიდის, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირების დროს ამტყდარი ჩხუბისკენ და მისი შეჩერება რთულია.
- როგორი წინასაარჩევნო დღეები გველოდება დარჩენილ 2 თვეში, ხუთშაბათს ბათუმში სააკაშვილის ფიტული დაწვეს და “ნაციონალური მოძრობის” აკრძალვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს “ოცნების” მომხრეებმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამგვარი “ანტინაციონალური” აქციები კიდევ ბევრი გველოდება წინ?
- ამ ინციდენტის ლოგიკას რომ ჩავუღრმავდეთ, ამგვარი აქციები კიდევ იქნება. იგივე გია კორკოტაშვილი პირველად არ იძახის იმას, რომ “ეს პარტია უნდა აიკრძალოს, უნდა ვებრძოლოთ მის წინსვლას” და ამდენად, ეს პროგნოზირებადი მოვლენა იყო და ასეთი ჯგუფები საქართველოში არსებობენ. ისიც გასაცნობიერებელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებიან არა იმიტომ, რომ მის პოლიტიკას არ იზიარებენ, არამედ იმიტომ, რომ მათ კრიმინალურ წარსულს ებრძვიან. ეს უფრო არის ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის, რადგან ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და არა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოგიკურად გამართული არ მგონია იმიტომ, რომ ეს ადამიანები ადრეც ითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას და შემდეგ ხელი ჩაიქნიეს და თქვეს – ჩვენ თავად აღვადგენთ სამართლიანობასო. ეს ინციდენტიც ლინჩის წესის გამოხატულება იყო და ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ხელისუფლების ყულაბაში კიდევ ერთი ყვითელი ბარათი ჩავარდა. ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეები კონტაქტში ვერ შესულიყვნენ.
- ამგვარი დაპირისპირებები ვნებს “ქართულ ოცნებას”, თუ პირიქით – მხარდამჭერებს უმატებს?
- ისეთი აღფრთოვანებული რეაქცია აქვს ზოგიერთს ძალადობაზე, განსაკუთრებით კორცხელის ინციდენტზე, როდესაც კონკრეტული ადამიანები გაილახნენ, რომ არ მგონია, ეს “ოცნებას” დიდად ვნებდეს. ვიმეორებ – ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, ეს ლინჩის წესის ნაწილია.
- რაც უნდა დავარქვათ, ის მაინც პოლიტიკური ბრძოლის ნაწილადაა გამოყენებული. რაღაც საბაბის მოძიება კი ყოველთვის შეიძლება, ისე როგორც 2012 წელს კალაძის მიმართ ქვების სროლასაც ჰქონდა საბაბი – რუსეთი მტერია და ივანიშვილი კი რუსეთის მოგზავნილიო.
- 2012 წელს არგუმენტი პოლიტიკური იყო, ამდენად, ბრძოლაც პოლიტიკური მოტივებით იყო. ახლა სამართლებრივი მოტივია. ახლა ერთი ადამიანი მეორეს უპირისპირდება იმიტომ, რომ ახლობელი დაუჭირა, ქონება წაართვა და ა.შ. ეს პოლიტიკური მოტივი არ არის და მათი შეკავება უფრო ძნელია. ბოლოს და ბოლოს დადგება და კუთხიდან ქვას ესვრის პირადი ბოღმის, გამწარების გამო. ამ ტიპის პროცესი უფრო ლინჩის წესისკენ მიდის, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირების დროს ამტყდარი ჩხუბისკენ.
- თუმცა უფრო ლოგიკური არ იქნება სამართლიანობის ვერ აღდგენა ამ ხალხმა უპირველესად ხელისუფლებას რომ მოჰკითხოს და პროტესტი “ოცნების” წინააღმდეგაც იყოს?
- რა თქმა უნდა. ვიმეორებ, ლინჩის წესი თანამედროვე საზოგადოებაში დაუშვებელია და ხედისუფლება თითქმის ერთნაირადაა პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისი ის თავადაა ინიციატორი, თუ მისი დაუდევრობისა და პასიურობის გამო სხვა იჩენს ამ ინიციატივას.
- დაუსჯელობის სინდრომის არსებობა არ აღვივებს უმეტესად ამ ძალადობას?
- დაუსჯელობა ცეცხლზე ნავთს უდავოდ ასხამს და, რა თქმა უნდა, ამიტომ იძახდა ყველა, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ. თუ არ დასჯიან, გამოდის ხელისუფლება საკუთარ ნათქვამს ღალატობს და აქ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.
თქვენ ახსენეთ კალაძის ჯგუფზე თავდასხმა. იმ თავდასხმამ შედეგი არ მოიტანა. ანალოგიური ფიზიკური ანგარიშსწორება გულის ფხანას უფრო უახლოვდება, ვიდრე შედეგის მომტან აქციას. 2012 წელს, როდესაც პროცესს ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ფიზიკურ ძალადობაზე უარი თქვეს, ამით მორალური უპირატესობა მოიპოვეს და არ წაუგიათ. ფიზიკური ძალა პოლიტიკაში წამგებიანია. ის მომგებიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პოლიტიკოსი დიქტატურისკენ მიდის. ასეთს კი დღეს ვერ ვხედავ.
- თელავშიც ვნახეთ დაპირისპირება, სადაც აშკარად პრორუსულმა ჯგუფმა დაიწყო აგრესია. ოქტომბრამდე პრორუსული ჯგუფების უფრო და უფრო გააქტიურებაც მოხდება?
- ალბათ დარბაზს გადაავლეთ თვალი, სადაც ჭაღარათმიანები, ნოსტალგიური ასაკის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ჩართულად მიიჩნევენ თავს, მაგრამ მისი სპეციფიკა ნაკლებად ესმით. ასე რომ, ეს ნუ გაგვიკვირდება. საბედნიეროდ, ასეთი განწყობის მატარებლები ახალგაზრდები არ არიან, არც ბევრნი არიან. სხვა მხრივ კი განსხვავებული აზრების, თუნდაც ასეთი ოდიოზურის გამოხატვა ძალადობით რომ არ ითრგუნება, მისასალმებელია. მათი შეკრებების სიხშირემ შესაძლოა ცოტათი მოიმატოს, მაგრამ დიდად – არა.
- პარტიათა ივლისის შემოწირულობები გამოქვეყნდა, სადაც 2 მილიონზე მეტი შემოწირულობა აქვს “ოცნებას” და ის მეორე ადგილზე გასულ ბურჭულაძის ნახევარ მილიონს დიდად აღემატება. თანაც, “ნაციონალებს” მხოლოდ 9 ათასი აქვთ მიღებული. რატომ ხდება ისე, რომ მუდმივად სახელისუფლებო გუნდს აფინანსებს ქართველი ამომორჩეველი, ისევ შიშის გამო?
- იმიტომ კი არა, რომ ძალადობაა სახელისუფლებო ძალის მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ უნდათ ნასიამოვნები ჰყავდეთ ხელისუფლება.
- „ქართულმა ოცნებამ“ არა და არ დაასახელა პარტიის პირველი ათეული. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი – შიდა დაპირისპირება?
- ლოგიკა არის იმაში, რომ დაპირისპირება იყოს და არაერთ ექსპერტსაც უთქვამს, რომ ახალი სახეების შემოყვანა დაპირისპირებას გაზრდისო. ამიტომ გასაკვირი დაპირისპირების არქონა იქნებოდა. მაგრამ გასაკვირი ისაა, თუ რით ვეღარ მოაბა ხელისუფლებამ თავი იმას, რომ დაპირისპირებისთვის მოეღო ბოლო და პოზიცია საბოლოოდ დაეფიქსირებინა. ეს სიმტკიცე ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც აკლია და იგივე სიმტკიცეს ნაკლებობა სიის შედგენის დროსაც უვლინდება. შესაძლოა ეს იმის ბრალიცაა, რომ “ქართულ ოცნებაში” თანაბარი ძალის რამდენიმე ფიგურაა და იერარქია ერთ ფიგურაზე აწყობილი არ არის მიუხედავად იმისა, რომ, ოპოზიციის მტკიცებით, ივანიშვილია ყველაფრის გადამწყვეტი. ერთი ადამიანი რომ წყვეტდეს ყველაფერს, აქამდე ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა, ისე როგორც სააკაშვილის დროს, როდესაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას და ამიტომ ხდებოდა ყველაფერი სწრაფად, კამათის გარეშე.
- „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარების თითქმის 90% გამოცვალა. ეს განახლებას ნიშნავს და კარგია, თუ პირიქით – ძველმა მაჟორიტარებმა ვერ გაამართლეს, მათ მხარდაჭერა აღარ აქვთ და ახლა ახალი სატყუარის შეთავაზება ხდება?
- შესაძლოა ვერ გაამართლეს, მაგრამ გამორიცხული არ არის ახალი სახეებისთვის უნდათ საბრძოლო ასპარეზის დათმობა. სიით შემოყვანილი ახალი სახეები ინკუბატორულ პირობებში შემოყვანილი სახეებია და ვისურვებდი, რომ პოლიტიკაში ყველამ მაჟორიტარობით ბრძოლა გამოიაროს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, ისე როგორც აშშ-ია, უფრო გაზრდის პოლიტიკურ კულტურას საქართველოში, ვიდრე პროპორციული სისტემა, როცა ერთ ორთქმავალში ჩაბმული პოლიტიკოსები ვაგონებივით სრიალ-სრიალით შედიან პარლამენტში. ახალი სახეების მაჟორიტარებში გადასროლა მგონი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გამოჩნდეს ისინი რისი მაქნისები არიან.
- თუმცა ამ მაჟორიტარებში კვირიკაშვილის მიერ გაპიარებული ახალი სახეები არ დასახელებულან. პირიქით, მათ შორის პორტირებული “ნაციონალებიც” არიან და ეს დადებითი მოვლენაა? კადრების პრობლემაზე ხომ არ მიანიშნებს?
რ.ს.: მაგალითად, გოდერძი ბუკია ყველა ხელისუფლებაში იყო და სულ დეპუტატი იყო, ეს კიდევ ცალკე ფენომენია – მუდმივი დეპუტატების კასტა და ეს ბევრ ქვეყანაში არსებობს. არც ის გამიკვირდება, რომ “ქართულ ოცნებას” უჭირდეს კადრები. პრობლემა უფრო ისაა, მერე ვინ როგორ მოიქცევა, იქნება თუ არა მომავალშიც “ოცნების” ინტერესის გამგრძელებელი.
- თქვენი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, რასთან არის ასოცირებული დასახელებული კანდიდატი საზოგადოებაში, მაგალითად, კობა ნარჩემაშვილის მინისტრობისას პოლიცია ყველაზე კორუმპირებულ სისტემად მიიჩნეოდა და მისი დასახელებით რა მესიჯი კეთდება?
- რეგიონებში ძველი კადრების ავტორიტეტი მოქმედებს. რეგიონალური შეფასება და ჟურნალისტური თუ ექსპერტული შეფასება სხვადასხვა რამ არის. ბუკია რეგიონის შეფასების ხარჯზეა ყოველთვის დეპუტატი, რაიონის მოსახლეობა მისი კარგი ახსოვს და მხარს უჭერს, დანარჩენი კი, რომელ პარტიაში იყო, არ აინტერესებთ. ასეა სხვებზეც. გადამწყვეტი პიროვნული ავტორიტეტია. ნარჩემაშვილზეც პიროვნული ავტორიტეტია გადამწყვეტი და ბევრგან ის უფრო ახსოვთ, მან როგორც პიროვნებამ რომ არ უღალატა შევარდნაძეს და ამავე დროს სისხლიც არ დაღვარა. ანუ, ოქროს ზღვარზე გავლა მოახერხა. პოლიციის კორუმპირებულობა კი საბჭოთა პერიოდიდან ტრადიციულად მოდიოდა და ის მაინცდამაინც ნარჩემაშვილს არ მიეწერა.
- დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის და “ახლების” გაერთიანებით და როგორც თავად აცხადებენ, პროდასავლურობისა და მემარჯვენეობის ნიშნით გაერთიანდნენ. რამდენად შეძლებენ ისინი წარმატების მიღწევას და ზოგადად, პროდასავლურ ფლანგზე ყველაზე მეტი შანსი რომელ ძალას აქვს?
- ჩვენი მდგომარეობა ბევრი რამითაა სპეციფიკური. ერთ-ერთი ისაა, რომ პარტიებს თავ-თავიანთი რეიტინგი საკმარისი არ აქვთ და პარტიების გამსხვილება ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია. მეორე სპეციფიკა ისაა, რომ პარტიების კლასიფიკაცია გეოპოლიტიკური ნიშნით ხდება. ამ ახალ გაერთიანებას პროევროპულობის ნიშნის გარდა მემარჯვენე ორიენტაციაც აქვთ და ეს ახალი ნიშა საინტერესოა. მოახერხებენ თუ არა ამომრჩევლის მოზიდვას, ეს ძნელი სათქმელია. მოგეხსენებათ, ამ გუნდებს სხვადასხვა წარსული აქვთ, რომელსაც ამომრჩეველი ანგარიშს უწევს. რიტორიკით და მოსახლეობასთან დიალოგის ფორმულებით ვნახავთ, რამდენად შეძლებენ მხარდაჭერის მოპოვებას.
პროდასავლური ორიენტაციისაა ასევე “ქართული ოცნებაც”, მაგრამ მემარცხენე ცენტრისტულია. ასევე პროდასავლურია და მემარჯვენე ორიენტაციაზე აცხადებს პრეტენზიას “რესპუბლიკური პარტიაც” და შეიძლება მემარჯვენე-მემარცხენეობის თაობაზე დისკუსიის გაღვივება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს.
საქართველოში პროდასავლური ორიენტაციისაა პარტიების აბსოლუტური უმეტესობა და ამ ნიშნით განსხვავების დანახვას ამომრჩეველი დიდად არ დაიწყებს. ახლა გადამწყვეტ როლს ბევრი ფაქტორი ითამაშებს.
ამას წინათ პაატა ბურჭულაძესთან მყოფი ჩემი ახლობლები გამინაწყენდნენ, მაგრამ პაატა ბურჭულაძის განცხადებებიდან “ნაციონალების” მიმართ უფრო მეტი ლოიალობა გამოსჭვივის, ვიდრე “ქართული ოცნების” მიმართ. იმდენად მკვეთრი იყო ეს გამოვლენა, რომ ყრილობის შემდეგ მიშა მაჭავარიანმა ისიც კი განაცხადა, ჩვენ ამ პარტიასთან ბლოკის ჩამოყალიბებაზეც თანახმა ვართო. ვთვლი, რომ “ნაციონალებთან” სიახლოვე იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ამომრჩევლისთვის, როგორც პაატა ბურჭულაძის, ისე ამ ახალი ბლოკის შემთხვევაში და ეს გავლენას მოახდენს.
სხვა ფაქტორების მხრივ რა გითხრათ. მემარცხენეობის ხაზი შეიძლება წამოწიოს “პატრიოტთა ალიასნმა” და იქ ეს მემარცხენეობა აღმოჩნდეს გადამწყვეტი. თუმცა, შეიძლება მოსახლეობისთვის საინტერესო იყოს ის პოზიცია, რომელსაც ეს ძალა რუსეთთან დაკავშირებით ახმოვანებს.
- „პატრიოტთა ალიანსის” ბლოკს ამომრჩეველი უფრო მემარცხენეობის გამო დაუჭერს მხარს, თუ ანტიდასავლურობის და პატრიოტული მოტივების წინ წამოწევის გამო?
- დასავლურობა პატრიოტიზმს არ გამორიცხავს, არც რუსეთთან კარგი ურთიერთობაა ანტიდასავლურობა. ეს დასახელება – “პროდასავლური პარტიები” და “ანტიდასავლურები” ცოტა ხელოვნურად მეჩვენება. არც იმის თქმა, “ნატო არ გვინდა, რადგან ამით რუსეთი არ გავაღიზიანოთო” – ესეც არ არის ანტიდასავლურობა. ხოლო არ უნდა ნატო, იმიტომ რომ არ მოსწონს ნატო, როგორც ინსტიტუტი და კულტურული მოვლენა – ეს არის ანტიდასავლურობა. ფინეთი თავის დროზე ნატო-ში არ გაერთიანდა, იმიტომ, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ და ახლა განა ანტიდასავლური ორიენტაცია აქვს ფინეთს?! ამიტომ ამ იარლიყს ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
საკმარისია მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე ერთი თვე რომ ვიყოთ, ახლა შეიძლება გავძლოთ, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული შიმშილით ამოგვხდებოდა სული, რომ მერე შეიძლება დაფიქრდეს, რას ნიშნავს დასავლეთი საქართველოსთვის. ვისურვებდი, რომ ვინც საკუთარ თავს პროდასავლურს ეძახის და ვინც ამ თემაზე კამათში შედის, მათ ეს მხარე უფრო მკაფიოდ წარმოეჩინათ და საზოგადოებისთვის დასავლეთი მარტო ჰომოსექსუალობის მქადაგებელ კულტურად, ამ სისულელედ არ წარმოესახეა. აქედან გამომდინარე, პატრიოტი ვარ და მშიერი იყოს ქვეყანაო – მე მგონი ამას “პატრიოტთა ალიანსიც” არ იტყვის.
- და მაინც, “ოცნებისა” და “ნაციონალების” გარდა ვის აქვს შანსი პარლამენტში შეღწევის?
- სოციოლოგია არის ხოლმე ამ დროს გადამწყვეტი და კიდევ მედიით პროგნოზი. სოციოლოგიით მოდის “პატრიოტთა ალიანსი” და ბურჭულაძის პარტია. “პატრიოტთა ალიანსი” მედიაში უფრო აქტიურობს, სხვები, ვთვლი, რომ პასიურობენ და მარტო სარეკლამო რგოლების გაშვება მედიაში აქტიურობად არ ჩაითვლება, სხვა ტიპის ნაბიჯებიც საჭიროა. ვნახოთ.
„ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდება“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიების შანსებზე საუბრობს.
- ბატონო სოსო, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ბლოკი უკვე შეიქმნა. რამდენად იყო მოსალოდნელი ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და მამუკა კაციტაძის საარჩევნო ერთობა?
- გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის ეს კავშირი უფრო მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახალი მემარჯვენეებისთვის. პოლიტიკური წარსული „ახლებს“ უფრო ნორმალური აქვთ. მათ მიმართ საზოგადოებაში არ არის პრეტენზიები და მწვავე კითხვები, რასაც ვერ ვიტყვი ჯაფარიძისა თუ ვაშაძის მიმართ. გიორგი ვაშაძემ მეტ-ნაკლებად ქულები, როგორც კარგმა მენეჯერმა, ჩაიწერა, რადგან მის სახელს უკავშირდება იუსტიციის სახლები, მაგრამ, როდესაც საჯარო პოლიტიკაში გამოჩნდა, იქ უკვე გაფერმკრთალდა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ყველას კარგად გვახსოვს მისი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ როგორი თავგამოდებით იცავდა ნაციონალურ მოძრაობას, შემდეგ ის პარლამენტში აღმოჩნდა. ჯაფარიძესა და „გირჩის“ სხვა წევრებს ბიძინა ივანიშვილმა ვაჟკაცები კი უწოდა, მაგრამ ჩაძირვისთვის გამზადებული ხომალდიდან გადმოხტომა მთლად ვაჟკაცური საქციელი არ არის.
- მსგავსი საარჩევნო ბლოკები კიდევ არის მოსალოდნელი?
- ჩატარებულ გამოკითხვებს პრაქტიკულად არავინ ენდობა, არც ისინი, ვისაც ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები აქვს. ვის რამდენი პროცენტი აქვს, მართალია, ამის გარკვევა რთულია, მაგრამ ეს პარტიები გრძნობენ, რა რეიტინგით სარგებლობენ მოსახლეობაში. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა „თავისუფალი დემოკრატების“, რესპუბლიკელებისა და პაატა ბურჭულაძის პარტიის, ამ ფლანგის გარკვეული საარჩევნო ბლოკი, ისევე, როგორც ნინო ბურჯანაძისა და პატრიოტთა ალიანსის.
- „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ისინი არავისთან გაერთიანდებიან. რესპუბლიკელებიც საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად არავისთან ადასტურებენ მოლაპარაკებას...
- გასაგებია, რომ ისინი არ ადასტურებენ, მაგრამ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. როდესაც პარტიები, თანაც ასეთი პოლიტიკურად გამოცდილი პარტიები, რომელთაც არაერთი არჩევნები გამოუვლიათ, თუ იგრძნობენ, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედონ, მაშინ არაფერი არ არის გამორიცხული. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არავისთან გაერთიანდება, ფაქტია. „ოცნება“ ვისთანაც იყო გაერთიანებული, მათ ხელებითა და ფეხებით ყრის, მაგრამ ძველი კოალიციის რუდიმენტებისაგან ბოლომდე მაინც ვერ გათავისუფლდა.
- როგორ აფასებთ იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს და ამ წარდგენას ბევრი ხალხიც ესწრება?
- მმართველ პარტიას ხალხის გამოყვანა ყოველთვის შეუძლია. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსი გადამწყვეტია, რაც შეეხება ოპოზიციის შემთხვევას, იქ სხვა ფაქტორებია გადამწყვეტი. დღეს კვირიკაშვილი მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიაზეა გადართული. ამით კანონი არ ირღვევა, მაგრამ საქმეს აკლდება. მე, სიმართლე გითხრათ, პრემიერის დრო მენანება. თუმცა, კვირიკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს, წინასაარჩევნოდ პარტიული ინტერესები მოდის წინა პლანზე.
- თუ გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგის გადანაწილება ხდება მთელ „ქართულ ოცნებაზე“?
- ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი ნორმალური პიროვნება, რომლის მოსასმენადაც ხალხი გამოვა, არის გიორგი კვირიკაშვილი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ გამოსვლებში ის გამოდის, როგორც პრემიერ-მინისტრი და არა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერის ხელში ძალზე დიდი ადმინისტრაციული რესურსია. ეს ფაქტორიც არის.
- ბიძინა ივანიშვილმა თავიდან განაცხადა, რომ ის არჩევნების პროცესში აქტიურად ჩაერთვებოდა, მაგრამ დღეს ის არსად არ ჩანს. რატომ?
- მე ვიტყოდი – ჯერჯერობით არ ჩანს. ახლა აგვისტოა, საკმაოდ ცხელა და მიტინგებზე სიარულის აუცილებლობას, ჩემი აზრით, ის ვერ ხედავს. ვინაიდან დღეს ყველა პირობაა შექმნილი, ზოგი ბუნებრივად, ზოგი ხელოვნურად, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 8 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვოს. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სექტემბერში ივანიშვილი აქტიურად გამოჩნდება და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არა ისეთი აქტიურობით, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე იყო. უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ცოტა იმედგაცრუებაც, გულაცრუებაც ნახა. შიგნიდან ნახა, თუ ვის რა ფასი აქვს ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და არ გამოვა და არ იტყვის, ეს რა ხალხი შევყარე პარლამენტშიო. მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება: რატომ დაგვტოვე ამ ხალხის პირისპირ ეს ოთხი წელი?! ბიძინა ივანიშვილი აღფრთოვანებული რომ არ არის თავისი ე.წ. გუნდით, ამას უკვე ბრმაც ხედავს და ყრუსაც ესმის. მიუხედავად ამისა, ის თუ შეატყობს სექტემბერში, რომ პარტიას უჭირს, გამოვა და ყველაფერს გააკეთებს, რომ გადაარჩინოს.
„ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ოცნება“ ხალხს ახალს ვერაფერს შესთავაზებს“ // „ეკონომიკას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში ეშველება“
წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის უმცირესობის წევრს, ქრისტიან-კონსერვატორების ლიდერ შოთა მალაშხიას
- თელავში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლები და „გირჩის“ წევრები. რითი აიხსნება ეს კონფლიქტი?
- ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედებს თავისუფლების ქარტია, რომელიც კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას. ამ კანონის საფუძველზე შეიძლებოდა ექსცესების თავიდან აცილება.
- ხელისუფლება ეცადა კიდეც კონფლიქტის აცილებას...
- ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძველ დროში, 90-იან წლებში დაგვაბრუნოს. ირონიულად თუ ვიტყვით, ის გვიბრუნებს სამართლიანობასა და ღირსებას. „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გამტარებელია. სწორედ ამ ხელისუფლების ბრალია, რომ თელავში თუ სხვაგან გამოდიან პარტიები და აცხადებენ, რომ საქართველოში უნდა იდგეს რუსეთის ბაზები. იგულისხმება ვაზიანი, ახალქალაქი, ბათუმი.
„ქართულ ოცნებას“ 2012 წელს საარჩევნო სიაში ჰყავდა შეყვანილი შალვა ხაჭაპურიძე, კაცი, რომელიც საკუთარ ქვეყანას უჩიოდა. 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო მარტო შალვა ხაჭაპურიძეს არ დაუდანაშაულებია. ამასვე ამბობდა ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ფსბ-ს კადრებით ციხეების შესახებ და გურჯაანში არჩევნების წინა დღეს ბავშვის გარდაცვალების ისტორიით. არჩევნების წინა დღეს ბარბარა რაფალიანცის დაღუპვა უსინდისოდ დააბრალეს გიორგი ღვინიაშვილს. ცილისმწამებელი მანანა ბერიკაშვილი დღესაც კულტურის მინისტრის მოადგილეა. „ქართული ოცნებისთვის“ გმირები არიან ლადო ბედუკაძე და ტრისტან წითელაშვილი.
- თელავის კონფლიქტს დავუბრუნდეთ. საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანებიც ხომ არსებობენ?
- არსებობენ. მათი რაოდენობა მცირეა. ასეთები ჩეხეთსა და პოლონეთშიც არიან, მაგრამ სხვაგან ვერავინ გაბედავს იმას, რასაც აქ ვაკვირდებით. თუ ჩეხეთში საბჭოთა ჯარი ადრე შეიჭრა, ჩვენთან ოკუპაცია და ეთნოწმენდა ახლაც გრძელდება. საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და ადამიანების გატაცება ხშირია. ამ დროს გამოდიან ჩვენივე მოქალაქეები და ოკუპანტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ეს გაუგონარია.
- დაახლოებით ერთი კვირის წინ ენდიაიმ კვლევების მორიგი შედეგები გაასაჯაროვა. შეიძლება აქედან რაიმე დასკვნების გამოტანა?
- წინა კვლევებსაც თუ გავიხსენებთ, შეიძლება იმის თქმა, რომ `ქართული ოცნება~ და ნაციონალური მოძრაობა თითქმის თანაზომადი ძალებია. იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხულთა 57-მა%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, ამ ორი ძალის რეიტინგებიც არაფერს ნიშნავს. ეს იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკური მინდორი თავისუფალია.
- ვინ შეძლებს ადგილის დამკვიდრებას ამ თავისუფალ მინდორზე?
- ის, ვინც ზნეობრივ და სამართლებრივ წესებს შემოიტანს და ამ წესებით ითამაშებს, ოღონდ ეს უნდა იყოს ის ძალა, რომელსაც აქამდე რაღაც გაუკეთებია.
- ანუ სრულიად ახალი სახეები ამ ამოცანას ვერ დაძლევენ?
- ახალი არაპოლიტიკური სახეები ვერ მიაღწევენ წარმატებას. ადრეც მითქვამს, რომ პაატა ბურჭულაძეს თავიდან ემოციურ ფონზე ექნება მხარდაჭერა, მაგრამ ეს დროებითი იქნება. ხალხმა თავიდან პაატა ბურჭულაძეს ნდობა გამოუცხადა, მაგრამ მერე მოსთხოვა მკაფიო პასუხი იმაზე, თუ რას აპირებს ის პოლიტიკურად. საზოგადოებამ პასუხი ვერ მიიღო. ამიტომ ბურჭულაძის რეიტინგმაც იკლო.
- „გირჩი“ ვაშაძის პარტიასთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთიანდება. მანამდე საარჩევნო ბლოკი შექმნა პატრიოტთა ალიანსმა…
_ თუ კავშირები დროებითია და წინასაარჩევნო, ამის წინააღმდეგი ვარ. ასეთი დროებითი კავშირები არ ამართლებს. ამის ნათელი მაგალითია უკვე დაშლილი კოალიცია „ქართული ოცნება“. ეს იყო იდეურ-პოლიტიკურ-ზნეობრივი ანომალია. გაერთიანება უნდა მოხდეს იდეურ საფუძველზე და ის მყარი უნდა იყოს. სიმტკიცის გარკვეული მაგალითია ლეიბორისტული პარტია. მას აქვს მემარცხენე ნიშა. ეს პარტია არავისთან ერთიანდება. რეიტინგის ცვლილების მიუხედავად, მას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. სხვა საქმეა, მოგვწონს თუ არა ეს პარტია და გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ლეიბორისტებთან. ამ დასახელებული გაერთიანებებიდან მყარი არცერთი არ უნდა იყოს.
- „ქართული ოცნება“ ნაწილ-ნაწილ ასახელებს თავის კანდიდატებს...
- „ქართული ოცნება“სიახლეებზეც საუბრობს. სინამდვილეში, ის ხალხს ვერაფერ ახალს ვერ შესთავაზებს. საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილებებს ისევ ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი იღებს. საარჩევნო სისტემა ძველია. არც ივანიშვილს შეუცვლია თავისი აზრები. მან შეიძლება შეცვალოს ცალკეული ელემენტები, მაგრამ მთლიანობაში არაფერი შეიცვლება. ეს ელემენტები თავისით ვერაფერს გააკეთებენ.
- ქრისტიან-კონსერვატორები აპირებთ ვინმესთან გაერთიანებას?
- კონსულტაციები მიმდინარეობს. საუბარია მემარჯვენე-ცენტრისტული კონსერვატიული დასავლური იდეოლოგიის მქონე ძალებზე. საერთო იდეოლოგია აუცილებელია. გაერთიანებას ასევე სჭირდება შეთანხმება.
- ენდიაის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ამომრჩეველს იდეოლოგია არ აინტერესებს...
- იდეოლოგია რომ არ აინტერესებდეს, მაშინ დაახლოებით 30% არ დაასახელებდა ტერიტორიულ მთლიანობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ეს ხდება იმ პირობებში, როცა ადამიანებს უამრავი სოციალური გასაჭირი აქვთ, ხელისუფლება კი სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლითა და სხვა მოქმედებებით ხელს უშლის იმას, რომ მოქალაქეებს სახელმწიფოებრივი ამოცანები ჰქონდეთ. არადა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეკონომიკასაც გააძლიერებს. ეკონომიკას მხოლოდ ასე ეშველება.
- კერძოდ?
- დევნილების დაბრუნება შეცვლის სიტუაციას. ისინი საკუთარ კუთხეებში დასაქმდებიან. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს ანექსირებულია, შევა ინვესტიციები. გარდა ამისა, ჩვენ გვეკუთვნის კომპენსაცია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. საქართველო რუსეთისაგან დაზარალებული სახელმწიფოა. ეკონომიკის ფეხზე დადგომა შექმნის პენსიების ზრდის შესაძლებლობას. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინისა და მოლდოვის სახით სერიოზული მოკავშირეები გვყავს. რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი უნდა შევქმნათ. სხვათა შორის, ჩემი დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომელსაც ახლა საქართველოში აჩვენებენ და რომელიც ოკუპაციასაც ეხება, უკრაინულ ტვ5-ზე გავიდა. ამ ციკლმა ნახვადობით რეკორდი მოხსნა. ერთ-ერთ ფილმში საუბარია ფინეთზე. სანამ იქ რუსეთი შეიჭრებოდა, ფინელები ერთმანეთს ხოცავდნენ, მაგრამ მერე საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ეს ჩვენც შეგვიძლია.
„ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მეგი გოფოცირიძესთან: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პარტია დააფუძნა // „ხელისუფლება სიტუაციის დაძაბვას რუსი ტურისტების დახმარებით აპირებს“
რატომ არა აქვთ რესპუბლიკელებს ხმის ამოღების უფლება, რატომ ვერ აუკრძალავენ სააკაშვილს პოლიტიკაში ჩართვას, რომელ პარტიას აფინანსებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.
„საქართველოში, სადაც ყოველდღე ვალერი კვარაცხელიას ულვაშების ცმაცუნია და ეს კაცი ხელისუფლებას ნამგლითა და უროთი თავის გახეთქვას ჰპირდება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სააკაშვილზე ატეხა ერთი ამბავი. იმდენად უსირცხვილოები არიან, რომ დევნილ პრეზიდენტზე იძახიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეაო“, – ამბობს მეგი გოცირიძე.
- ტყუილს რას ამბობენ, მართლა უცხო ქვეყნის მოქალაქეა. არც უკრაინაა საქართველოს ნაწილი და არც პირიქით...
- ეგ გასაგებია, მაგრამ ჯერ ის გაარკვიოს მაგ საიამ, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ის საქართველოდან გააძევეს და საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს. საიამ ამაზე იმსჯელოს. გვითხრან ისიც, სად იყვნენ მაშინ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი 2011-2012 წლებში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. აქ რომ დაბრუნდა, არც ედუარდ შევარდნაძე ყოფილა საქართველოს მოქალაქე. მითხრან მაშინ, სად იყვნენ ან ახლა რატომ დუმან, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ვლადიმირ პუტინი ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა. იგი ჩვენს შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ერევა. მისი ჩარევა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება. ის ძალიან უხეშად აფათურებს აქ ხელებს, ხარჯავს დიდი რაოდენობით ფულს. ამ ყველაფერზე მე საიასგან არანაირი შეფასება არ მსმენია.
სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილზე აკეთებენ განცხადებებს და ამაში ანა დოლიძეც აიყოლიეს, რომელიც განდევნილი პრეზიდენტისაგან კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერიოო. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამას ითხოვს ქალი, რომელიც ე.წ. პრეზიდენტმა ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი საკუთარ მოადგილედ გაამწესა.
- ამის გამო არა აქვს მას მიხეილ სააკაშვილზე ხმის ამოღების უფლება?
- ამის გამო არა. ანა დოლიძე ის ქალია, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან 2008 წლის ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ რუსულ ორგანიზაციას. ამ საქმეში მთავარი ის არის რომ ორგანიზაციამ აგვისტოს ომზე კვლევა დადო. თავისთავად რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ცუდი არ არის, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ ამ ორგანიზაციამ ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სარჩელი შეიტანა. ისინი საქართველოს სახელმწიფოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამ ორგანიზაციამ ჰააგის ტრიბუნალსაც მიმართა და ითხოვს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სარჩელების გამოძიებას. ანა დოლიძე ერთადერთი არაა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მათთან აქტიურად თანამშრომლობდა საიას იმჟამინდელი თავმჯდომარე და ამჟამინდელი დეპუტატი თამარ ხიდაშელი. საგანგაშოა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ემსახურება ჩვენი მტრის რუსეთის ინტერესებს და ეხმარება იმ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უჩივის.
- ამბობთ, ანა დოლიძე და თამარ ხიდაშელი რუსულ ორგანიზაციას ეხმარებოდნენო. ამის შესახებ აქამდე რატომ არ ატეხეთ ხმაური?
- ვინ არ ატეხა ხმაური? სულ იმაზე ვსაუბრობთ, რომ რესპუბლიკელები რუსებთან თანამშრომლობენ.
- რუსებთან თანამშრომლობენო, ამტკიცებთ და მაშინ რატომ ითვლება ეს პარტია პროდასავლურად?
- ვინ თვლის მერე მაგათ პროდასავლურად? ჩემგან მსგავსი რამე ოდესმე გსმენიათ? პარტიაში პაატა ზაქარეიშვილი რომ გეყოლება, გაქანებული რუსეთუმე ხარ, აბა, რა ხარ. ძალიან მიხარია, რომ ამ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია საბოლოოდ ჩაირეცხება.
- დარწმუნებული ხართ, რომ საბოლოოდ ჩაირეცხება? წლებია, ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ ისინი ისევ კარგად გრძნობენ თავს...
_ აქამდე იმიტომ გრძნობდნენ თავს კარგად, რომ ივანიშვილს მიეტმასნნენ და მან შეიყვანა პარლამენტში. 2003 წელს მიშას მიეწებნენ. შუალედში დამოუკიდებლად იყარეს კენჭი და 3% ძლივს აიღეს. ახლა მაგასაც ვერ ეღირსებიან. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ეს პარტია დამთავრდება და მას თან ალასანია და მისი თავისუფალი დემოკრატებიც მიჰყვებიან, რაც ასევე სასიხარულოა ქართული პოლიტიკისთვის.
- სასიხარულო რატომ არის?
- ირაკლი ალასანიას ჩარეცხვა როგორ არ უნდა გამიხარდეს, როცა მან იარაღის სამალავები გახსნა? უკანონო სამალავები რომ ყოფილიყო, კიდევ რაღაცას იფიქრებდა კაცი, მაგრამ ეს სამალავები სახელმწიფოსთვის საჭირო იყო. ამ ყველაფერზე არსებობდა დოკუმენტაცია, რომელიც თავდაცვის სამინისტროში დახვდა, სადაც დეტალურად იყო მითითებული, რომელ სამალავში რა ტიპის და რა რაოდენობის იარაღი ინახებოდა.
- მოდით, ისევ მიხეილ სააკაშვილის თემას დავუბრუნდეთ. საია მის დაჯარიმებას ითხოვს. თქვენი აზრით, დაჯარიმების შემდეგ სააკაშვილი აღარ ჩაერევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში?
- მიშა ამათ როგორ უნდა გააჩერონ? ეს გამორიცხულია. რაც შეეხება ჯარიმას, ჯარიმის გადახდა „ქართულ ოცნებას“ მოუწევს.
- რა ჯარიმის?
- იმ ჯარიმის რომელსაც მათ 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოუწერს. მართლა უნამუსობაა, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქართული სახელმწიფო შექმნა, ჯარიმა დააკისრო მხოლოდ იმის გამო, რომ მან სკაიპით მიმართა თავის მომხრეებს. მიშა როგორ უნდა გაჩერდეს, როცა მის მიერ შექმნილი სახელმწიფო იქცევა. კანონის დამცველებად გამომივიდნენ და იმაზე საერთოდ არ იღებენ ხმას, სერგეი შოიგუმ პარტია რომ დააფუძნა საქართველოში. არ მითხრას ვინმემ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს მოქალაქეა და მას აქვს უფლება, აქაურ პოლიტიკაში ჩაერიოს.
- რომელი პარტია დააფუძნა სერგეი შოიგუმ?
- ცენტრისტები. თემურ ხაჩიშვილისა და ლადო ბედუკაძის პარტია რუსეთის თავდაცვის მინისტრის დაფუძნებულია. სერგეი შოიგუ ღიად ამბობს, ჩემს პარტიას მიეცით ხმა და 500 ლარი გექნებათ პენსიაო.
- სერგეი შოიგუს რომ აქ თავისი ინტერესები ექნება, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ, ისე გაუჭირდა, რომ ხაჩიშვილისა და ბედუკაძის მეტი ვერავინ მონახა?
- მეტი ვინღა უნდა მოენახა? გაიხედეთ გარშემო, ეს პრორუსულები ყველა ფეხის ნაბიჯზე არიან – მარაოსავით გაიშალნენ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რუსი ტურისტებით რომ გადატენილია ქვეყანა.
- მოდით, ობიექტურები ვიყოთ და რუს ტურისტებს თქვენ გაუხსენით გზა. 2012 წლის თებერვალში სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
- ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და რუსი ტურისტების მიმართაც არანაირი პრეტენზია არა მაქვს.
- აბა, რატომ ჩივით, აქაურობა რუსი ტურისტებით გაივსოო?
- იმიტომ, რომ ეგენი ე.წ. ტურისტები არიან. ლალი მოროშკინამ ღიად თქვა, აჭარაში ყველა სასტუმრო წინასწარ არის დაჯავშნილი და რუსი ტურისტები არჩევნებამდე იქნებიან აქო.
- 8 ოქტომბრამდე ზღვაში ბანაობა სავსებით შესაძლებელია...
- სულ ზღვაში საბანაოდ არიან ეგენი აქ. სხვა მიზნები და სხვა გეგმებია. უკრაინაში იყვნენ ეგრე რუსი ტურისტები, მერე მწვანე კაცუნებად რომ გადაიქცნენ.
- ამით რისი თქმა გინდათ?
- იმის, რომ მათი დახმარებით შეეცდებიან სიტუაციის არევას. აქ კი არიან პრორუსულად განწყობილები, მაგრამ მათგან 500 კაცი თუ გაბედავს პროდასავლურ ძალებთან ღიად დაპირისპირებას. ეს ე.წ. ტურისტები კი ყველაფერზე წავლენ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი ბიძინა ივანიშვილს აღარ ენდობა და შეეცდება, აქ უშუალოდ თავის ხალხს გააკეთებინოს საქმე.
- რატომ აღარ ენდობა პუტინი ივანიშვილს?
- იმიტომ, რომ დავალება ვერ შეუსრულა.
- რა დავალება?
- ის აქ იმიტომ მოავლინეს, რომ სააკაშვილი დაეჭირა და საქართველო ევრაზიულ კავშირში შეეყვანა. ვერცერთი დავალება ვერ შეასრულა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის შეძლეს ძირის გამოთხრა, მაგრამ მიშამ ეს ყველაფერი ისე მაგრად გააკეთა, რომ 4 წელია ებრძვიან და ვერ ჩამოშალეს. სამაგიეროდ, თვითონ ჩამოიშალნენ.
- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოიშალა?
- ჩამოშლილები არიან, აბა, რა არიან? ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან ჩვენთან მოდის ინფორმაციები. ამ უბედურებს შიდა სამზარეულო არა აქვთ. ისიც კი ვიცით, რას გაიფიქრებენ. ქვეყანაში შექმნილ ვითარებას რომ შეხედავ, ვერ გაიგებ, ვინ არის ხელისუფლება და ვინ – ოპოზიცია. „ქართული ოცნება“ დღემდე ჩვენს ოპოზიციად რჩება და ჩვენი შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებენ. ჩამოშლილები არიან, აბა, რა არიან, თან იმდენად ჩამოშლილები არიან, რომ სხვებს სთხოვენ დახმარებას.
- რა დახმარებას?
- რამდენიმე დღის წინ მათი დავალებით ნაცმოძრაობის ოფისებთან სააკაშვილის ფიტულები დაწვეს. აქამდე საღებავებს გვესროდნენ, ახლა ფიტულების დაწვა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც სადღობელაშვილი გავშიფრეთ, კორკოტა და `ჩვენი სამშობლო~ გამონახეს.
- დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლების დავალებით დაწვეს სააკაშვილის ფიტულები?
- აბა, ვისი დავალებით უნდა დაეწვათ? ეს დუქნის ლომი კორკოტა ბათუმში სიტუაციის დაძაბვასაც კი შეეცადა, მაგრამ მერე მიიმალა. ასეთი მეთოდებით ჩვენ ვერც შეგვაშინებენ და ვერც გაგვაჩერებენ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, წითელაშვილმა და ან დოლიძემ რომ გაგვაჩერონ. რაც მთავარია, მოსახლეობა დგას ჩვენ გვერდით და ამას ყველა დაინახავთ ოქტომბერში. პუტინის მონებს საქართველოდან 9 ოქტომბერს გავისტუმრებთ და თან ნამგალსა და უროს გავაყოლებთ. არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ საქართველო ახლა დანის პირზე გადის. ყველაფერს გააკეთებენ სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს და ოფისებში მოვარდნის ფაქტი ამიტომ დავტოვეთ რეაგირების გარეშე. მათი მიზანიც ეგაა, რომ დაპირისპირებაში ჩაგვითრიონ.
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
მშპ-ს ზრდის პროგნოზით, საქართველო რეგიონში საუკეთესოა
ამ ეტაპზე ლიდერი სომხეთია, თუმცა მალე ვითარება შეიცვლება
ელზა წიკლაური
საქართველოს ეკონომიკა წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პარალელურად, საპროგნოზო მაჩვენებელს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც ცვლის. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. სებ-ის პროგნოზით კი, წელს მშპ 3.5%-ით მოიმატებს. მეორე კვარტლის საშუალო ზრდამ 2,9% შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე მეტად – 4,8%-ით – მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ისევ ვარდნაა.
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყველაზე დამაიმედებელი პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით კეთდება. მათი გათვლით, ჩვენი ეკონომიკა წელს 3,4%-ით გაიზრდება, სომხეთის – 2,5%-ით, რუსეთისა და აზერბაიჯანის, შესაბამისად, 0,7%-ით და 3%-ით შემცირდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 3,1%-ს მიაღწია, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 2,9%-იან მაჩვენებელს მაინც ვერ გასცდა. წელს მშპ-ს ყველაზე “შთამბეჭდავი” მატება აპრილში გვქონდა – 4,3%, მაისში – 2,1%, ივნისში – 2,9%. წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკური “აღმავლობა” 2,6%-ის დონეზე იყო.
მთავრობაში ამბობენ, რომ წლევანდელი მატება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3%-ს გადააჭარბებს. ამის თქმის საფუძველს ის მაჩვენებლები იძლევა, რომლებიც უკვე არის.
ეკონომიკის ზრდის საპრონოზო მაჩვენებელი შეცვალა ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ის პროგნოზით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება, რაშიც ფისკალური სტიმულისა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, პოზიტიურ წვლილს შეიტანს მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა. უარყოფითი წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს, რაც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარების უარყოფით გავლენას ასახავს. კერძოდ, 2016 წელს სუსტი იქნება საქონლის ექსპორტის ზრდა და ფულადი გზავნილების შემოდინება, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის აგვისტოს ანგარიშში.
დამაიმედებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ვარაუდიც. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4%-მდე აამაღლა. 2015 წლის ნოემბერში გაკეთებული წინა ანალიზის თანახმად, ევრობანკი მიიჩნევდა, რომ წლეულს ეკონომიკური ზრდა 2,6% იქნებოდა.
“2017 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში გაგრძელდება და 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედება”, – ნათქვამია კვლევაში.
“იმ დროს, როცა საგარეო გარემო რთული რჩება, მათ შორის შემცირებულია ფულადი გადარიცხვები და ექსპორტი, რუსეთში მიმდინარე რეცესიისა და საქართველოს რეგიონულ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სიტუაციის გაუარესების გათვალისწინებით, საქართველო ელოდება შემოსავლების ზრდას კარგი ტურისტული სეზონიდან”, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ყოველთვის, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. სსფ-თ გათვლით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5%-ს ვერ გასცდება. 2017 წელს ზრდის ტემპი დაჩქარდება და მშპ-ს მაჩვენებელი 4.5%-ს გაუტოდება. არადა, სავალუტო ფონდი თავდაპირველი პროგნოზით ქართულ ეკონომიკას 2016-17 წლებში 3% და 5%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებდა. სსფ-ში აღნიშნეს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება რეგიონში გაუარესებულმა მოლოდინმა გამოიწვია.
სამეზობლოში კი სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო, ჯერჯერობით სომხეთის გარდა, ეკონომიკური ზრდით ვერც რუსეთი და ვერც აზერბაიჯანი დაიტრაბახებს. თურქეთში, ტურისტების შემცირებისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, ქვეყნის ეკონომიკამ უკან სერიოზული ნაბიჯი გადადგა. ბოლო მონაცემებით, თურქეთის ეკონომიკის ზარალმა 100 მლრდ დოლარსაც კი გადააჭარბა.
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, წელს სომხეთის ეკონომიკა 2-2,5%-ით გაიზრდება, მთავრობა კი 3,2%-იან მატებას ვარაუდობს. ამ ეტაპზე, უფრო ზუსტად კი 2 კვარტალში, სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ უკვე 4,8% შეადგინა.
რუსეთის ეკონომიკა კვლავ ვარდნას განაგრძობს. პირველ კვარტალში კლებამ 1,2% შეადგინა, მეორე კვარტალში კი 0,2-0,4% შეადგინა. რუსეთი ცენტრალურ ბანკში ვარაუდობენ, რომ წლეულს მშპ 0,3-0,7%-მდე შემცირდება. ანალოგიურ პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “ფიჩი”. ორგანიზაციის გათვლით, წელს ჩირდილოელი მეზობლის მშპ 0,7%-ით შემცირდება, 2017 წლიდან კი რუსეთში ეკონომიკა უკვე 1,3%-ით გაიზრდება.
ვითარება უარესდება აზერბაიჯანშიც. იანვარ-აპრილში მშპ-ს კლებამ 4,5% შეადგინა. პესიმისტურია წლის პროგნოზიც. ევრობანკის ანგარიშით, წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, 2017 წელს კი ზრდა დაიწყება, თუმცა მშპ-ს ტემპი მხოლოდ 1%-იან მაჩვენებელზე გავა. უფრო პესიმისტურ პროგნოზთ აკეთებს “სტანდარტ ენდ ფური”, რომლის მიხედვით წელს აზერბაჯანული ეკონომიკა 3%-ით დაეცემა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს სიტუაცია გაუარესდება რუსეთისა და აზერბაიჯანშიც, რაც საქართველოზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. კერძოდ, ფონდის ანალიტიკოსების გათვლით, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა 1.8%-ით დაეცემა, აზერბაიჯანის – 3%-ით, ბელარუსის – 2.7%-ით. ყაზახეთს მხოლოდ 0.8%-იანი ზრდა ექნება, სომხეთის ეკონომიკა – 1.8%-ით მოიმატებს, უკრაინისა კი – 1.5%-ით.
ეკონომისტი გიორგი ღაღანიძის შეფასებით, 3%-იანი ან ცოტა მეტი ზრდა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კარგი არ არის: “თუ როგორ გაიზრდება ეკონომიკა, ამის გამოთვლა ამ ეტაპზე რთულია. რაც შეეხება დასახელებულ 3%-ს ან 3,5%-ს, ასეთი ზრდა განვითარებული ქვეყნისთვის ძალიან კარგია, ჩვენთვის კი არის მიუღებელი. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ, განვითარებულ ქვეყნებს ვერ დავეწევით. გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომ ელემენტარულად რაღაც პრობლემები გადავჭრათ”, – განაცხადა ღაღანიძემ.