globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 6th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ხალხს ტყუილი დაპირებები ყელში ამოუვიდა“ // „ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოიცვალოს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „რეიტინგი ბიძინა ივანიშვილმაც დაკარგა“ // „ოცნებას“ კადრებში უჭირს“

——

„რეზონანსი“: ბიძინა ივანიშვილი რაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის წინააღმდეგ // „ხელისუფლება ოპონენტებს ისევ მოღალატეებად და მტრებად განიხილავს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილი ძალიან აკლია” // „თუ მოსახლეობა ხელისუფლებით კმაყოფილია, ვერცერთი პოლიტიკური ძალა მის დესტაბილიზაციას ვერ მოახერხებს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: „2016 წლის ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილი დამარხა, ანუ მას იგივე დაემართა, რაც მიხეილ სააკაშვილს“

„რეზონანსი“: გადასახადებით თამაში არჩევნების წინ // „ასეთი დამოკიდებულება, ცუდის გარდა, კარგს არაფერს მოიტანს“

„რეზონანსი“:ეროვნული ქონების 45% ქართველი მილიონერების ხელშია // „საქართველოში სიმდიდრე უფრო უსამართლოდაა გადანაწილებული, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“

„რეზონანსი“: განგსტერული ქრონიკების სერიალი დედაქალაქის ცენტრში გრძელდება // „საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და „მაგარი ტიპები“ ისინი არიან, ვისაც იარაღი აქვს“

„რეზონანსი“: რატომ გახშირდა განგსტერული გარჩევები ქუჩაში?

——————-

ახალი თაობა“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ხალხს ტყუილი დაპირებები ყელში ამოუვიდა“ // „ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოიცვალოს

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი შეზღუდული არჩევანი. ასეთ პოზიციას ეთანხმება პარლამენტის წევრი, ქრისტიან-კონსერვატორების ლიდერი შოთა მალაშხია. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იგი საუბრობს იმაზეც, კიდევ რა არ მოსწონს ამომრჩეველს.

შოთა მალაშხია:

- არაერთხელ მითქვამს, რომ ამომრჩეველი კრიტიკულადაა განწყობილი იმის მიმართ, რაც ხდება. მოქალაქეებისათვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია დაპირებები, რომლებიც არასდროს სრულდება. ასეთი ტყუილი დაპირებები „ქართულ ოცნებასაც“ ბევრი ჰქონდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ცრუ შეპირებებს ბოლო არ უჩანს. პოლიტიკური სუბიექტები განსაკუთრებულ აქცენტს პენსიონერებზე აკეთებენ და მათ პენსიების ზრდას ჰპირდებიან. პენსიონერები ორგანიზებული, სტაბილური ფენაა და პოლიტიკური პარტიები ამ არჩევნებისათვისაც მათი გულის მოგებას ცდილობენ. ბევრი პენსიის გაზრდის პირობას დებს, ზოგი ხალხს რუსულ პენსიასაც ჰპირდება.

- ვერ ხერხდება პენსიონერების გულის მოგება?

- პოლიტიკოსები ამ სლოგანებით ამას ვეღარ ახერხებენ. რატომღაც ამ პოლიტიკურ ლიდერებს ჰგონიათ, რომ პენსიონერების მოტყუება იოლია. მათ ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ პენსიონერები უთავმოყვარეო ადამიანები არიან, რომლებსაც არ ანაღვლებთ ქვეყნის ბედი, ტერიტორიული მთლიანობა, შვილებისა და შვილიშვილების განათლება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ამომრჩეველი აუცილებლად გახდება უფრო რეალისტი. მანამდე იქნება კომპრომატების ომი. არჩევნების შემდეგ კი პოლიტიკური სპექტრი შეიძლება საერთოდ გამოიცვალოს.

- მოასწრებს ამომრჩეველი, გახდეს რეალისტი არჩევნებამდე დარჩენილ დროში?

- სრულფასოვან რეალისტად ამომრჩეველი მომავალი არჩევნებისათვის ჩამოყალიბდება. ახლა მას მოუწევს იმ დიდი კრიმინალური გარჩევის ყურება, რაც წინასაარჩევნოდ მიმდინარეობს. ხალხი უკვე კრიტიკულად უყურებს პარტიების არარეალისტურ განცხადებებს, რაც კარგია.

- ვინ დააკომპლექტებს მომავალ პარლამენტს?

- პარლამენტს დააკომპლექტებს ის, ვინც უმრავლესობით მოვა პარლამენტში. ეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამოჩნდება.

- მომავალ პარლამენტში რამდენიმე ძალას აქვს მოხვედრის შანსი?

- შეიძლება ბარიერი კიდევ სამმა ან მეტმა ძალამ გადალახოს. თითო პარტიის 6 ან მეტი წარმომადგენელი პარლამენტში სიტუაციას ვერ შეცვლის. ეს მცირერიცხოვანი დეპუტაცია გადაწყვეტილებებზე ვერ იმოქმედებს.

- არასამთავრობოებმა შექმნეს კოალიცია, რომელიც პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იმუშავებს და რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენს...

- პრორუსული პროპაგანდა ნამდვილად არსებობს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქართულ ოცნებას“. ამ ბოლო დროს ისევ წამოიწია ომის თემამ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ადრეც განუცხადებიათ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ, ქრისტიან-კონსერვატორებს დოკუმენტური ფილმების ციკლი გვაქვს გადაღებული საქართველოს ინტერესების მსოფლიოში გაპიარებისა და რუსეთის იდეოლოგიის გავრცელების საწინააღმდეგოდ. წესით, ამაზე ქვეყნის ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს. `ქართული ოცნებისგან~ ამას არც ველი. არ ვიცი, შედეგის მომტანი იქნება თუ არა სამთავრობო სექტორის აქტიურობა. უბედურება ისაა, რომ პატრიოტიზმზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე არც ერთი პარტია არ საუბრობს.

- ყველა სოციალური დაპირებებითაა დაკავებული?

- ეს ასეა. ეკონომიკური ზრდა თუ 10%-ს მიაღწევს, მაშინ ჩვენ ლიტვას დავეწევით 12 წელიწადში, დანიას – 35 წელიწადში. 2 ან 3 წელიწადში რომ სამოთხეს გვპირდებიან, ისინი იტყუებიან. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეკონომიკის განვითარების საფუძველიცაა. ეს მოიტანს, ჯერ ერთი, დევნილების დაბრუნებას, მეორეც, ინვესტიციებს ამ რეგიონებში. თუ აჭარაში აბანდებენ ფულს, რატომ არ დააბანდებენ აფხაზეთში? ქვეყნის გამთლიანებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია ერთიან ფრონტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შემადგენლობით. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს პრობლემები აუცილებლად გახდება აქტუალური. პოლიტიკური სპექტრი კი, რომელიც ცრუ სლოგანებით იკაფავს გზას, მალე შეიცვლება. ამგვარი რამ რეალურია. ეს განხორციელდა კანადაში, სადაც მთელი პოლიტიკური სპექტრი შეიცვალა. ხალხს ტყუილი დაპირებები ყელში ამოუვიდა.

ახალი თაობა“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „რეიტინგი ბიძინა ივანიშვილმაც დაკარგა“ // „ოცნებას კადრებში უჭირს

ბოლო პერიოდის პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს.

- ბოლო პერიოდია საკმაოდ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილი, რით ხსნით ამას? ოცნებას არ აქვს რეიტინგი და მის გარეშე ეშინიათ? რატომ გახდა საჭირო მისი ფრონტის წინა ხაზზე წამოწევა?

- „ოცნებას“ რეალურად ახალი არაფერი შეუთავაზებია მოსახლეობისთვის. ჯერჯერობით პროგრამაც არ აქვს. არც „ოცნების“ ახალ სახეებს მოუხდენია ამომრჩეველზე დიდი შთაბეჭდილება. ერთადერთი ჯოკერი, რაც აქვთ, ეს არის ივანიშვილი, მაგრამ ჯოკერს გამოყენება უნდა. ან ეს ჯოკერი რამდენად გაამართლებს, ესეც სხვა საქმეა.

- რატომ, მანაც დაკარგა რეიტინგი?

- ბოლოს მის ინტერვიუს ძალიან ცოტამ უყურა. როგორც ჩანს, ხალხმა დაკარგა მის მიმართ ინტერესი. სად ის რეაქცია, რომელიც ჰქონდა ივანიშვილის გამოჩენას თუნდაც ორი წლის წინ და სად ახლა. უზარმაზარი განსხვავებაა.

- აღარ ხიბლავს ხალხს ბიძინა ივანიშვილი?

- მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს და ეს ფაქტია. მაინც იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ ეს კაცი აქტიური პოლიტიკიდან გასული იყო. არაფორმალურად გავლენა სერიოზული ჰქონდა, თუმცა მისმა გასვლამ სერიოზულად იმოქმედა მოსახლეობაზე. ხალხს ივანიშვილი მიავიწყდა. ივანიშვილზე უფრო ხშირად ხალხი ხედავდა „რუსთავი-2“-ზე ივანიშვილის პაროდისტს. ასევე ივანიშვილმა თვითონვე დაკარგა აღქმა რაღაც-რაღაცების. კი ხვდებოდა მინისტრებს და ისმენდა მათგან ანგარიშებს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც თავად ხარ პროცესებში ჩართული. ეს საბოლოო ჯამში აისახა იმაზე, რომ ხალხი დიდი ინტერესით აღარ ელოდება მის გამოჩენას.

- თქვენც ახსენეთ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რაზეც ის ოპონენტებს პასუხობს: როდესაც ჩემს არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ, მე სააკაშვილს უფრო მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და უფრო მეტს ვეხმარებოდი, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებასო...

- მაშინ რა გამოდის, მიხეილ სააკაშვილს ეგ მართავდა?! საინტერესოა. მის ადგილას სააკაშვილის სახელს ასე ხშირად არ ვახსენებდი. როცა „ოცნების“ ზოგიერთი აქტივისტი წამოაძახებს ვინმეს, სად იყავი 9 წელიო, მაშინ იგივე კითხვა ივანიშვილსაც უნდა დაუსვან. ეს ნათქვამი ნამდვილად არ იყო დადებითი, მისთვის კარგს ნამდვილად არ მოიტანს. გამოდის, რომ სააკაშვილი მისი მითითებებით მოქმედებდა. თუ უფრო მართავდა სააკაშვილს, ვიდრე ახლა მართავს კვირიკაშვილს, მაშინ კარგად ყოფილა საქმე!

- ანუ ვერ აცნობიერებს, რომ ეს განცხადებები მისთვის წამგებიანია?

- ის ამოვარდნილია ფორმიდან. იმის გამო, რომ მოწყდა რეალურად პროცესებს. თუ გინდა, რომ პოლიტიკაში იყო, მაშინ 24 საათიან რეჟიმში ჩართული უნდა იყო პროცესებში და არა ის, რომ ნახევარი საათით ხვდები ვიღაცას და ანგარიშებს ისმენ. მისი განცხადებები, მე მგონი, ფორმიდან ამოვარდნის ბრალია.

- არ აქვს სრული ინფორმაციები?

- ვაკუუმში ნამდვილად არ არის. მას ისეთი ინფორმაციები აქვს, რაც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ყველა ცდილობს ასიამოვნოს და მხოლოდ კარგი უთხრას. ეს მოსდის ყველა მმართველს, თუ მმართველი უშუალოდ არ არის ჩაბმული პროცესებში. თუ ასე არ არის, მაშინ ძალიან მარტივია, რომ ის მოატყუოს მისმა გარემოცვამ. ეს ყველაფერი უკვე თავის როლს თამაშობს.

- თქვენ საუბრობთ, რომ ოცნების ახალი სახეებით არ მოხიბლულა საზოგადოება, თუმცა სიის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ გამოქვეყნებულა...

- გვახსოვს ყველას, რომ რამდენიმე ახალი სახე წარგვიდგინეს თვეების წინ. დიდი შთაბეჭდილება ამ ადამიანებს ჩემზე არ მოუხდენიათ. ამას გარდა, რამდენიმე ისეთი სახე ვიხილეთ მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარებად, რომ ჯობდა არ გამოეჩინათ საერთოდ! აშკარაა, რომ კადრებში ძალიან უჭირთ!

- მთავარი ინტრიგა მაინც ის არის, თუ ვინ იქნება ოცნების პირველი ნომერი. ვრცელდება ინფორმაციები, რომ თითქოს ღარიბაშვილი ჩაუდგება სიას სათავეში, ზოგი სერგეენკოს ასახელებს. რას ფიქრობთ თქვენ?

- დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ნომერი პირველი. პირველი არაფორმალურად ივანიშვილია, ეს ყველამ იცის. ჩასვამენ კვირიკაშვილს, ღარიბაშვილს თუ სერგეენკოს, ეს მეორეხარისხოვანია. თუმცა ღარიბაშვილის ჩართვით მოხდება მობილიზება იმ ხალხის, ვისაც ეძახიან ულტრა ქოცებს.

- ეს რა კატეგორიაა?

- ეს არის ხალხი, ვინც ძირითადად ყველაფერზე წივის და კივის და მათი ერთადერთი არგუმენტია ცხრა წელი. ამათ ეძახიან ულტრაქოცებს. იმათი მობილიზება რეალურად უფრო მოხდება ირაკლი ღარიბაშვილით, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილით.

- რატომ, გიორგი კვირიკაშვილი უფრო ნეიტრალური ფიგურაა?

- გიორგი კვირიკაშვილი უფრო კომპრომისული ფიგურაა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული იყო იმით, რომ ავლებდა საზღვრებს და ამით გარკვეული სეგმენტის მობილიზაციას ახდენდა და ამას ნუ დავუკარგავთ.

- ოცნება ოთხი წელია ხელისუფლებაშია და ივანიშვილი მთავარ ოპონენტად კვლავ ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. ცდილობს, ისევ შუა გაიკრიფოს? ისევ ორპოლუსიანი პარლამენტი მივიღოთ?

- რეალურად საფრთხეს ვინც უქმნის „ოცნებას“, ეს მაინც ნაციონალური მოძრაობაა. სხვასთან ყველასთან შეუძლია „ოცნებას“ რაღაცნაირად კოალიციაში შევიდეს, კომპრომისი ყველასთან შეუძლია „ოცნებას“, გარდა ნაცმოძრაობისა. ამიტომაც მთავარ საფრთხეს ხედავს ნაცმოძრაობაში.

- სულ ისმის კითხვა, ვის თამაშს თამაშობს პაატა ბურჭულაძე და მისი გაერთიანება?

- ამ გაერთიანებას არ აქვს მყარი იდეოლოგიური საფუძველი. იმათ, ვინც ნაცმოძრაობისგანაა, აერთიანებთ სერიოზული რაღაცები, ხოლო რაც შეეხება ახლად შექმნილ გაერთიანებას, იგივე ბურჭულაძის, მათ არცთუ ისე ბევრი რამ აერთიანებთ, გარდა იმისა, რომ მოხვდნენ პარლამენტში, ერთმანეთს დაეხმარონ. პარლამენტში რომ მოხვდებიან, შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე ძნელი სათქმელია.

- სწორედ აქ არის ინტრიგა, ვის გუნდში აღმოჩნდებიან პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში?

- ჯერ უნდა ვიკითხოთ, დაიშლებიან თუ შეინარჩუნებენ ერთობას?! აქედან დავიწყოთ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ შეინარჩუნებენ?

- არ ვიცი. ალბათ 50%-ია შანსი, რომ შეინარჩუნონ ერთიანობა. გააჩნია, რა მოხდება, ვინ გავა პირველ ადგილზე, აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

- რამდენად მშვიდად ჩაივლის დარჩენილი ერთი თვე? ვის რა შანსი აქვს? ივანიშვილმა ხაინდრავას ფილმზე გაამახვილა ყურადღება, ყველამ უნდა ნახოს, წარსული გაიხსენონ და სწორი არჩევანი გააკეთონო. ანუ ისევ ამაზე კეთდება აპელირება?

- ამ მთავრობის უბედურება სწორედ ეს არის, რომ მთავარი არგუმენტი მაინც ის 9 წელია. ეს ცუდია. ივანიშვილმა ამ ფილმში ჩადო ფული და რომ არ გაუშვას, ფული ელემენტარულად დაიკარგება. მეორე მხრივ, ისე არ მოხდეს, რომ ამ ფილმმა უარესი შედეგი მოიტანოს.

- რამდენად ელით დაძაბულობას ამ ერთი თვის განმავლობაში?

- დაძაბულობა წამოვა იმ მხარიდან, რომელსაც შეეშინდება, რომ შეიძლება არჩევნები წააგოს დაძაბულობის გარეშე. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მმართველ გუნდს კიდევ აქვს დარჩენილი მოგების შანსი, თუ შეცდომებს არ დაუშვებს. თუ იქნება მშვიდი, კონსტიტუციური გარემო, არჩევნების მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ! თუმცა არეულობას, სამწუხაროდ, მაინც ველოდები და ველოდები მათგან, ვისაც შეეშინდება, რომ არჩევნები წააგოს.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილი რაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის წინააღმდეგ

ხელისუფლება ოპონენტებს ისევ მოღალატეებად და მტრებად განიხილავს

თაკო მათეშვილი

ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან თანაგუნდელების კრიტიკით გამოირჩეოდა. ყოფილმა პრემიერმა მწვავედ გააკრიტიკა თავის მიერ შექმნილი კოალიციის ერთ დროს წამყვანი ორი ძალა – “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები“. თავის მხრივ, ყოფილი გამაერთიანებელი არც ამ პარტიების ლიდერებმა – ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა დაინდეს. საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს და ისიც დასძინეს, რომ ივანიშვილის მოსაზრებები მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ არ დასრულებულა დრო, როცა ხელისუფლება ოპოზიციას მტრად და მოღალატეებად აღიქვამდა. მიიჩნევენ, რომ ამგვარ ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანიები არც პარტიებისათვის იქნება სასარგებლო, არც ამომრჩევლისათვის და არც ქვეყნისათვის.

ბიძინა ივანიშვილის თვალით დანახული ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა “თავისუფალ დემოკრატებსა” და მის ლიდერ ირაკლი ალასანიაზე, რომლებიც კოალიციას პირველები გამოეყვნენ.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ბევრი სიცრუის ტირაჟირება მოახერხეს და ირაკლი ალასანიას განცხადებები, ხშირად თანხვედრაშია გიგა ბოკერიას განცხადებებთან”, – ამგვარად შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” საქმიანობა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი სახე აჩვენა და თან – არცთუ ისე კარგად.

“ისინი იყვნენ კოალიციის წევრები. გავიხსენოთ, როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ, ამბობდნენ, რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა “ქართულმა ოცნებამ”, რამდენიმე კვირის შემდგომ კი ლამის ბოდიშების მოხდა მოუწია, არ გვქონდა ეს მხედველობაშიო – აშკარად ვერ ჰქონდათ დალაგებული და გააზრებული ყველაფერი. მათი ლიდერი მუდამ ამბობდა და ამბობს იმას, რომ ე.წ. “კაბელების საქმეზე” დაკავებული ადამიანები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. მინდა გავიხსენო, რომ მისი მინისტრობის დროს, თავდაცვაზე უამრავი განცხადება იყო, იქ ხალხი იწამლებოდა, ტენდერები არ ჩატარდა. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მას ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი, რომ დალაგებული კიდევ არ ჰქონდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება “თავისუფალი დემოკრატების” გუნდს, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გუნდმა უნდა შეძლოს და ნათესაობა გადალახოს. “ლიდერი ამდენ სიცრუეს საუბრობდეს, კიდევ რამე დაეჯერება? ბოდიშიც არ მოუხდია, გუნდი მიჰყვება ლიდერის დინებას. სხვა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებული არიან და ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი პარტია არ სჭირდება სახელმწიფოს მართვისთვის. ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს”, – აღნიშნა მან.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ჭორებად და ენის მიტან-მოტანად შეაფასა თავად ადრესატმა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ ექს-პრემიერი “ამაზე მეტად ვერ ამაღლდა”. მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” ივანიშვილის ნათქვამზე არ ღელავენ:

„რაც მომხვდა თვალში მის განცხადებებში, არის ის, რომ ამ ადამიანმა ვერ გაიაზრა, რა სამუშაოს ასრულებდა მთავრობაში “თავისუფალი დემოკრატები”, რამხელა წარმატება მოუტანა თავდაცვის სამინისტროს და საგარეო პოლიტიკას ჩვენმა იქ ყოფნამ. ივანიშვილი ვერ ამაღლდა ჭორებსა და ენის მიტან-მოტანაზე მეტად, რაზეც მან ეს ურთიერთობები პრაქტიკულად სასწორზე შეაგდო. ჩვენ ნაკლებად ვღელავთ მის შეფასებებზე. ჩემთვის მთავარია, “თავისუფალი დემოკრატები” ხალხში და საზოგადოებაში ვსარგებლობთ მხარდაჭერით, რადგან ვართ შეკრული გუნდი და ერთმანეთს არ ვტოვებთ გაჭირვების დროს, გამოცდილება გვაქვს ხელისუფლებაში ყოფნის და მესამე, რაც მნიშვნელოვანია: პრინციპების გამო ჩვენ ვთმობთ თანამდებობებს, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვენი ცხოვრების ნორმაა. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სწორედ “თავისუფალ დემოკრატებში” დაინახავს იმ ძალას, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ირაკლი ალასანიასა და გიგა ბოკერიას განცხადებები ერთმანეთს ჰგავს, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის შეფასებით, ასეთი მცდელობები ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა, თუმცა თუნდაც სასამართლო სისტემაში არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. კერძოდ იმაზე, რომ ივანიშვილმა არ შეცვალა ის უსამართლო სისტემა, რაც 2012 წლამდე არსებობდა.

ბიძინა ივანიშვილის თვალით დანახული დავით უსუფაშვილი

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ყოფილ თანაგუნდელსა და პარტიას შეეხო – “რესპუბლიკურ პარტიასა” და დავით უსუფაშვილზე მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მისი შეფასებით, “რესპუბლიკურ პარტიას” გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს და ეს ძალიანაც სწორია.

“ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”. 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება “რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ – “რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება “რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება “რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო, რაც “რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, “რესპუბლიკურ პარტიას” გარკვეული დადებითი თვისებებიც აქვს. მაგალითად ის, რომ იგი ერთადერთია, რომელიც მის დახმარებას არ საჭიროებს, ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, “ელემენტარულ წესებს” იცავენ, რაც პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის აუცილებელია და ძალიან უყვართ პროცედურული დემოკრატია.

ბიძინა ივანიშვილმა არც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართ დაიშურა შეფასებები. მისი თქმით, უსუფაშვილს გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი არც ერთი თვისება არ აქვს. „გიორგი კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის საკუთარი სავარძლის შენარჩუნება. კვირიკაშვილი არის ძალიან დიდი პატრიოტი საკუთარი ქვეყნის, აქვს უამრავი გამოცდილება მართვის. ის არის კარგი ფინანსისტი, კარგი მენეჯერი. მან ძალიან მოკლე დროში აჩვენა, რომ არის ძალიან მაგარი დიპლომატი და მთელ ევროპასა და ამერიკას თავი შეაყვარა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. იგი უპატიოსნესი კაცია. ერთი მანქანით გადაადგილდება ეს კაცი რეგიონებში. საოცრად განიცდის საერთო ფულიდან თითოეული თეთრის დახარჯვას, საოცრად მოწესრიგებული კაცია. უსუფაშვილს არც ერთი მსგავსი თვისება არ აქვს, რაც კვირიკაშვილს აქვს. “ქართულ ოცნებაში”, კოალიციაში ყოფნისას მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილიც. მისი თქმით, სახელმწიფოსთან დაკავშირებული საკითხებისადმი “რესპუბლიკელების” მიდგომაზე უახლოეს მომავალში წერილში ისაუბრებს, ჭორების ნაწილში კი ივანიშვილთან კამათში აყოლას არ აპირებს.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი აღმატებულ ხარისხში საუბრობს მხოლოდ ერთ პარტიაზე და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე მაქვს და ასევე, სხვა პარტიებს აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი როგორც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი და მისი გამარჯვება-წარმატებისთვის მოღვაწე, ამ როლშია ახლა და მე არ მიკვირს, რომ ის სხვებს აკრიტიკებს. მე მიკვირს ერთადერთი რამ ამ კომენტარებში, რომელიც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერთა რაოდენობაზე და ა.შ. ამ თემაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს.  მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი”, – აღმნიშნა უსუფაშვილმა.

ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის განცხადებების გაანალიზებისას ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს ამგვარი გზა აქვს არჩეული ხალხისათვის იმის დასამტკიცებლად, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი მისაღები ძალაა. მისი თქმით, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა და დამფუძნებელი თავის საარჩევნო კამპანიას ნეგატივზე აგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური სათქმელი არაფერი აქვს და მომავალზეც ბევრს ვერაფერს იტყვის. იგი ამბობს, რომ არაა აუცილებელი ხელისუფლებამ სხვა პარტიები აქოს, მაგრამ ნეგატივსა და ურთიერთდაპირსპირებაზე რომ კეთდება აქცენტი, დანარჩენი მიღწევები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

“გამოდის, რომ მისი კოალიციის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წელს თავად შეარჩია, მთლად კარგი ვერ ყოფილა, ისევე როგორც თბილისის მერი და პრეზიდენიტი, რომელიც ხალხმა აირჩია. ახლა როგორღა დაუჯეროს ხალხმა მას, რომ დანარჩენშიც არ ცდება? როგორც ჩანს, ის მთლად სწორ არჩევანს ვერ აკეთებს ვერც პოლიტიკური პარტიებისა და ვერც პერსონების მხრივ”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ამომრჩეველზე და რამდენად უჩნდებათ მათ ნდობა ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ერთ დღეს ერთად არიან, ხოლო მეორე დღეს ერთმანეთს არ ინდობენ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ივანიშვილის ტელეპროექტი “ქართული ოცნებისათვის” დიდი წარმატების მომტანი ვერ იქნება. იგი ეჭვობს, რომ თუკი ყოფილი პრემიერი გამოსვლებს იმავე სტილში გააგრძელებს, ეს “ოცნებას” წარმატებას კი არ მოუტანს, არამედ მის წინააღმდეგ იმუშავებს.

“მმართველი პარტიების მხრიდან სხვების ლანძღვას ხომ უკვე მივეჩვიეთ. ყოველი ხელისუფლება ლანძღავდა ოპოზიციას. ზოგი ამ მოტივით, ზოგი იმ მოტივით, ხან საქართველოს გამყიდველი იყო ოპოზიცია, ხან პრორუსული, ხან მოღალატე და ა.შ. ამ ქვეყანაში ეს აღარ დასრულდა. ვერ ვიგებ, რატომაა აუცილებელი ამ საარჩევნო კამპანიის ნეგატიურ სტილში წარმართვა? ეს ამომრჩეველზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. მე ამას საკმაოდ გულდაწყვეტილი ვამბობ, რადგან მეგონა, რომ ეს ერთი ზღუდე მაინც დავძლიეთ და ხელისუფლება ოპონენტებს მოღალატეებად და მტრებად აღარ განიხილავს. აღმოჩნდა, რომ ისევ აქ დავბრუნდით. თუ ისევ ამ დონეზე ჩამოვედით, შემდეგი ოთხი წელიც ამ სტილში გაგრძელდება. არ მესმის, რაში სჭირდება ეს “ოცნებას”. ქვეყნისთვის რომ კარგი არ იქნება, გასაგებია და ვერც ამომრჩეველს შემოატრიალებს, ეს ტყუილია”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილი ძალიან აკლია” // „თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა მის დესტაბილიზაციას ვერ მოახერხებს

თიკო ოსმანოვა

“მომეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა დავით უსუფაშვილისადმი ნოსტალიგიით იყო განსჭვალული – იმიტომ, რომ მას დავით უსუფაშვილთან მუშაობის კომფორტი ჰქონდა. მას იგი ძალიან აკლია, მაგრამ დავით უსუფაშვილმა პარტია ამჯობინა, როცა დილემის წინაშე დადგა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი განწყობა მის მიმართ ამ ფორმით გამოხატა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებზე, “ქართული ოცნების” ბრალდებებზე “ნაციონალების” მიმართ… ამ და სხვა საკითხებზე “რეზონანსი” გია ხუხაშვილს გაესაუბრა.

გია ხუხაშვილი: ეს ფორმა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პერმანენტული პრესკონფერნციებით, არა მგონია, რომ პოლიტტექნოლოგიურად სწორი იყოს. რაც შეეხება თვითონ განცხადებებს, მისგან თუ რამეს მოელის საზოგადოება, ელოდება პოზიტივს, რა იქნება ქვეყანაში მომავალში, ანუ პოზიტიურ გზავნილებს და კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ნაცვლად ამისა კი, როდესაც მთლიანად ნეგატივზეა მისი ე.წ ჰედლაინები აგებული, რა თქმა უნდა, არ აჩენს სახარბიელო განწყობას მის და “ქართული ოცნების” მიმართ. ილაპარაკო სხვა პარტიების უსუსურობაზე, არასწორია და არა მგონია, საზოგადოებას ეს მოწონებოდა. ამ პარტიებს თავისი უბედურებაც ეყოფა.

- თქვენი აზრით, რატომ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილმა მაინცდამაინც “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები”?

- ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს. მას ამის უფლება აქვს და ის ამას აკეთებს. ჩემი აზრი კი უკვე გამოვთქვი, არ მომწონს, როცა ამ მასშტაბის ადამიანი, რომლის იმედიც ბევრს აქვს, თვლიან ზეპარტიულ ადამიანად, წვრილმანდება და ასეთ პარტიებზე ამბობს, რომ 2% და 3% აქვთ. ამას საზოგადოება კარგი თვალით არ შეხედავს, არ მოეწონება და რატომ აკეთებს, არ ვიცი.

- მან ასევე გააკრიტიკა დავით უსუფაშვილი, რომელსაც თავის დროზე “ქართულ ოცნებაში” გადასვლაც კი შესთავაზა…

- მომეჩვენა, რომ ეს იყო გარკვეული ნოსტალიგიით გამსჭვალული კრიტიკა. იმიტომ, რომ მას უსუფაშვილთან მუშაობის კომფორტი ჰქონდა. მას იგი ძალიან აკლია, მაგრამ უსუფაშვილმა პარტია ამჯობინა, როცა დილემის წინაშე დადგა. შესაბამისად, ივანიშვილმა თავის განწყობა მის მიმართ ამ ფორმით გამოხატა.

- პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სწორად წარმოჩინებას ცდილობს”, – ივანიშვილის ამ ფრაზასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- მანდ იყო ასეთი ფრაზა ნათქვამი, რომ ყველა ხელისუფლებას ებრძვისო და “ნაციონალებს” მხოლოდ ესენი ებრძვიანო. საერთოდ ესეა – ყველა ოპოზიციური პარტია თავის ოპონენტად უნდა განიხილავდეს ხელისუფლებას და მით უმეტეს, რომ ხელისუფლება რეიტინგებით პირველ ადგილზეა. პარტიის, რომელსაც მთავრობაში მოსვლა უნდა, მთავარი სამიზნე ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა იყოს. ოპოზიციურ პარტიებს შორის ბრძოლა პოლიტტექნოლოგიურადაც გაუგებარია. ამიტომ, რატომ უკვირს ივანიშვილს, რომ პარტიები ძირითადად ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არ მესმის. “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ არის და რატომ უნდა აკრიტიკონ, რა აზრი აქვს.

- ქართული ოცნების ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებასა და არეულობის შექმნას გეგმავს. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია წინასაარჩევნოდ ვითარების ესკალაცია?

- ჩუგოშვილისგან გამიკვირდა ასეთი განცხადების გაკეთება. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მინდა ჩუგოშვილსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს ვუთხრა – ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს, იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთი სახის პროტესტს სჭირდება სოციალური ბაზა. თუ ხალხი კმაყოფილია ხელისუფლებით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს ამ ტიპის პროვოკაციას, შესაბამისად, ვერც ვერაფერი მოხდება.

- და გეგმა რამდენად შეიძლება არსებობდეს?

- თუ სოციალური ბაზა არ არსებობს, ჩემი აზრით, რა გეგმაც არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას, მას განხორციელება არ უწერია. შესაბამისად, ხელისუფლებამ ამ გეგმებზე კი არ უნდა ილაპარაკოს, იფიქროს იმაზე, რომ ასეთი გეგმის არსებობის შემთხვევაში, ამ ყველაფერს სოციალური ბაზა გამოაცალოს. იმ ადამიანებზე უნდა ფიქრობდეს, პოტენციურად ვინც შეიძლება ამ ვიღაცის თამაშს აჰყვეს. და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ხალხი არ აჰყვეს ვიღაცის პოლიტიკურ თამაშს. განცხადებები არანაირი შედეგის მომტანი არაა, უბრალოდ, იმ ისტერიულ ფონს, რომელიც დღეს არის, კიდევ უფრო ძაბავს.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: „2016 წლის ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილი დამარხა, ანუ მას იგივე დაემართა, რაც მიხეილ სააკაშვილს

ლიკა გურაბანიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკურ პარტიაზე” კრიტიკულ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ უჭირს და მისი დღევანდელი “ქართული ოცნება” ისეთივე ყოჩაღი გაერთიანება ვეღარ არის, როგორც ეს წარსულში იყო.

როგორც დავით ბერძენიშვილმა “რეზონანსს” განუცხადა, ივანიშვილმა ვერ გადალახა “რესპუბლიკელების” თავისუფლება, რადგან მან პარტიის წევრები ვერ იყიდა და ვერ დაიმონა. დავით ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილს გადაბირებული ხალხი მოსწონს. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი თვლის, რომ რამდენი მანდატითაც ნაკლები ექნება “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის პროგნოზირებადი 100 მანდატიდან, იმდენად შემცირდება მისი კვალიფიციურობა 9 ოქტომბრიდან.

დავით ბერძენიშვილი: სამწუხაროდ, 2016 წლის ივანიშვილმა 2012 წლის ივანიშვილი დამარხა. მას იგივე დაემართა, რაც მიხეილ სააკაშვილს. 2003 წლის სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის სააკავშილმა დამარხა. ეს სამწუხაროა.

- თქვენი აზრით, “რესპუბლიკური პარტიის” მიმართ ბიძინა ივანიშვილი ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს?

- უჭირს და იმიტომ. მისი დღევანდელი “ქართული ოცნება” 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვეღარ არის ისეთი ყოჩაღი გაერთიანება, როგორიც კოალიცია “ქართული ოცნება” იყო, სადაც პირველ პარტნიორად “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” მიგვიწვია. დღეს ამ ორი პარტიის კრიტიკით ივანიშვილმა საკუთარი, შერჩენილი “ქართული ოცნების” წინ წამოწევა დააპირა. ეს ყველაფერი გაჭირვებისაა.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი თქვენი პარტიის მიმართ ასეთი კრიტიკული რატომ გახდა?

- როგორც ჩანს, შიშს დიდი თვალები აქვს, დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ. 8 ოქტომბერს გავესაუბროთ ერთმანეთს. მისი ანალიზის უნარი გამოჩნდება იქ, სადაც შემოწმდება, 1%-ზე რამდენჯერ მეტი ექნება “რესპუბლიკურ პარტიას”. “რესპუბლიკური პარტია” 38 წელია არსებობს და კიდევ მრავალი წელი იარსებებს. “ქართული ოცნება” და ივანიშვილი, ჩემდა სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის “მოქალაქეთა კავშირისა” და “აღორძინების” ტოლი და სწორი აღმოჩნდა. მეტი არაფერი. ეს ერთჯერადი სახელისუფლებო პარტიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიად ვერ გადაიქცევა.

- ივანიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება “რესპუბლიკური პარტია”. რას უპასუხებდით ამ განცხადებაზე ყოფილ პრემიერს?

- ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილის ღრმა შეცდომაა. მან ვერ გადალახა “რესპუბლიკელების” თავისუფლება. მან ვერ გვიყიდა და ვერ დაგვიმონა. ვერ დაიმორჩილა და ვერ გადაიბირა დავით უსუფაშვილი. ბიძინა ივანიშვილს მოსწონს გადაბირებული ხალხი. იქნება ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” აკრაძალული მაჟორიტარები, თუ მათი ძველი და ახალი წევრები. ის ხალხი კარგი ხალხია. ლევან მურუსიძე და მისი სასამართლო კარგია, იმიტომ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს ემსახურება, ხოლო “ნაციონალების” დროს მიხეილ სააკაშვილს ემსახურებოდა. ასეთი მედროვე ხალხი ივანიშვილისთვის სასარგებლოა. თავისუფლებისთვის მებრძოლი “რესპუბლიკელები” მისთვის კარგი ადამიანები აღარ აღმოჩნდნენ.

მე ეს აქამდე არასდროს მითქვამს, მაგრამ ახლა გეტყვით და საჯაროდ პირველად გავაჟღერებ. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მსგავსი განცხადების გამო, პოლიტსაბჭოს ყველა წევრის თანდასწრებით მე მას ძალიან მკვახე და მკაცრი პასუხი გავეცი – ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ჩემი პასუხი მიიღო და გაჩერდა. ასე რომ, არასდროს “რესპუბლიკელებს” არ გვიპატიებია, არ მიგვიღია და არ აგვიტანია ისეთი შეფასება, რომ 1978 წელს ანტისაბჭოთა პირობებში შექმნილი “რესპუბლიკური პარტია” სამშობლოსა და სახელმწიფოზე წინ რამე სხვას აყენებდეს.  მე ამას საჯაროდ პირველად ვაჟღერებ, “რესპუბლიკური პარტიის” სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ხელყოფას ბიძინა ივანიშვილს კი არა, არავის არ ვაპატიებ და არც მიპატიებია არავისთვის, მათ შორის – არც ივანიშვილისთვის.

- როგორც ივანიშვილმა განაცხადა, “რესპუბლიკური პარტია” ერთადერთია პარტიებიდან, რომელიც მის დახმარებას არ საჭიროებს და ამ პარტიას ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია…

- დავით უსუფაშვილი ხშირად იყენებს ფრაზას – პროცედურული დემოკრატია. ივანიშვილისთვის პროცედურული დემოკრატია და განათლებული თავები უარყოფით კონტექსტში მოსახსენიებელი ტერმინია. ადამიანებს განათლებულობასთან დაკავშირებით ხანდახან კომპლექსები აწუხებთ.

- ივანიშვილმა “რესპუბლიკური პარტიის ” გარდა კიდევ რამდენიმე პარტიაზე ისაუბრა…

- კარგია, რომ ივანიშვილს გუშინ ბურჭულაძის კოალიცია ახალ და მთავარ “ნაციონალიურ მოძრაობად” არ უხსენებია, იმიტომ, რომ ეს, როდესაც წინა რეგიონული შეხვედრის დროს შემოგვთავაზა, მკვეთრად გავაკრიტიკე და ვამხილე, რომ ეს მალფუჭებადი ფსევდოპოლიტიკური პროდუქტია და რომ პოლიტიკაში ყველაფერი არ იყიდება. გუშინ მას ამ საკითხზე კრინტი არ დაუძრავს.  კარგია, როდესაც ჩვენ ივანიშვილის მორიგ პოლიტიკურ წიაღსვლებს ვაფასებთ და ის ამას ითვალისწინებს. ყველაფრის მიუხედავად მე მას, როგორც ვუფასებდი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ისევე დავუფასებ.

- როგორი მოლოდინი გაქვთ, თქვენი აზრით, “ოცნება” 100 მანდატის მოპოვებას შეძლებს?

- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კომპეტენციას, ამას ქართველი ხალხი, კონკრეტულად კი “რესპუბლიკური პარტიის” ამომრჩეველი განსაზღვრავს. რამდენი მანდატითაც ნაკლები ექნება “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის პროგნოზირებადი 100 მანდატიდან, იმდენად შემცირდება მისი კვალიფიციურობა 9 ოქტომბრიდან. რამდენჯერაც მეტი ექნება “რესპუბლიკურ პარტიას” პროცენტი, იმდენჯერ შემცირდება ივანიშვილის ანალიტიკოსობა და მისი ეს უნარები. გასაგებია, რომ დღეს მისი პარტნიორი “პატრიოტთა ალიანსია” და არა “რესპუბლიკური პარტია” ან “თავისუფალი დემოკრატები”. ეს არის სახიფათო ტენდენცია და არა ის, თუ რას და როგორ შეაფასებს ივანიშვილი.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

გადასახადებით თამაში არჩევნების წინ

ასეთი დამოკიდებულება, ცუდის გარდა, კარგს არაფერს მოიტანს

ელზა წიკლაური

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის გულის მოგებას გულუხვი დაპირებებითა და “მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული” სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებით ცდილობენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი დაპირებები უტოპიურია.  წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი გამოკვეთილ მემარცხენეებად იქცევიან და მოქალაქეებს თუ ბიზნესს საგადასახდო ტვირთის მკვეთრად შემცირების პირობას აძლევენ. ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა.

გადასახადების შემცირება – ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ. მოძრაობაში “კარ.გე”, რომელიც პოლიტიკური პარტიების პროგრამებს იხილავენ, ამბობენ, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა.  კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე უაზრო დაპირებებით “კვებავს” საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა.

იმის გამო, რომ გადასახადების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, “ბიზნეს-რეზონანსმა” გადაწყვიტა, რომ პარტიების პროგრამებიდან სწორედ ეს დაპირება განეხილა.  აღმოჩნდა, რომ ხალხს გადასახადების შემცირებას “ნაციონალური მოძრაობა” და “პაატა ბურჭულაძის” პარტიები ჰპირდება, “ეროვნული ფორუმი” კი აქცენტს “დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკის” შემოღებაზე აკეთებს.

სამივე პარტიის მიერ გაჟღერებული დაპირება შეუსრულებელი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე უტოპიურია, რამდენადაც, ანალიტიკოსების თქმით, მათი შესრულება ჯერჯერობით ქვეყნის ეკონომიკისთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება.

ნაციონალებისა და ბურჭულაძის ეკონომიკური მსგავსება

დავიწყოთ იმით, თუ რას ჰპირდება გადასახადების შემცირების კუთხით “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მოსახლეობას. პარტიის ეკონომიკურ პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი ხომ სწორედ საგადასახადო ლიბერალიზაციაზეა გამახვილებული. კერძოდ, პარტიის პროგრამის მიხედვით, საშემოსავლო და მოგების გადასახადი უნდა გახდეს 15%; მცირე ბიზნესის გადასახადმა 3%-დან 2%-მდე უნდა დაიკლოს; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, მიკრობიზნესად რეგისტრაციის ზღვარი კი – 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე. ამავე პროგრამის მიხედვით, ქონების გადასახადის ზღვარი 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

როგორც “კარ.გე” წერს, საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირება ნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩება მოსახლეობას დასახარჯად: “ურიგო სვლა არაა, მაგრამ მიზანი? ეს ხომ დიდი სტიმული არაა? გაუგებარია, მოგების გადასახადის შემცირება 15%-მდე რას ნიშნავს. ისედაც ხომ 15%-ია მოგების გადასახადი? თუ იგულისხმება, რომ დივიდენდის 5% გადასახადი აღარ იქნება? დანარჩენი გადასახადების შემცირების ეფექტი იმდენად მცირეა, რომ ლეგიტიმურად ჩნდება აზრი, რომ ეს შემცირებები, ალბათ, მოსახლეობისა და ბიზნესის გულის მოსაგებადაა მოფიქრებული, თუმცა არც იმდენი შეღავათია, რომ ძალიან პოპულისტურად ჩავთვალოთ.

განხორციელების თვალსაზრისით თითქოს რთული არაა, მაგრამ ასეთი “კოსმეტიკური” ცვლილების დაკანონებას ბევრი მხარდამჭერი არ ეყოლება პარლამენტში, შესაბამისად, ეს აზარალებს რეალისტურობას”, – მიაჩნიათ “კარ.გე”-ს ანალიტიკოსებს.

გადასახადების შემცირებაზე აკეთებს აქცენტს “ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიის პროგრამის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 20-დან 10%-მდე უნდა შემცირდეს (2016 წელს რჩება 20%, 2017 წელს მცირდება 15%-მდე, 2018 წელს – 12,5%-მდე, 2019 წელს კი – 10%-მდე).

2017 წლიდან 2019 წლამდე მოგების გადასახადი 15%-დან 10%-მდე დაიკლებს. პროგრამის მიხედვით, 2017 წლიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზი 25%-ით შემცირება, ხოლო ალკოჰოლზე აქციზის საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე ჩამოვა; 2017 წლიდან საპროცენტო შემოსავალზე გადასახადის გაუქმება (5%);

“2017 წელს გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალური ორწლიანი პერიოდი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ექვსთვიანი პერიოდი;

2017 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირებისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების ზღვარის 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე აიწევს (მიკრობიზნესი არ იბეგრება); 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება (დღეს არის 100 000 ბრუნვაზე). თუ ბუღალტერიას აწარმოებს ბრუნვის 3% გადაიხდის, თუ არა, მაშინ 5%”, – აღნიშნულია ნაციონალების პროგრამაში.

ამასთან, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. გარდა ამისა, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი გახდება.

როგორც “კარ.გე” წერს, გადასახადების შემცირება ყოველთვის იყო პოლიტიკური სუბიექტების ერთ-ერთი ეფექტური იარაღი წინასაარჩევნოდ ადამიანთა გულების დასაპყრობად.

“ცხრავე სვლა რეალურად მიზნად ისახავს სახელმწიფოს ხარჯზე მოსახლეობისა და ბიზნესისათვის მეტი ფულის დატოვებას, მთავრობის ხარჯის შემცირებას და კერძო სექტორისათვის ბიძგის მიცემას. ზოგიერთი მათგანი კი ერთი სამიზნე ჯგუფის მეორე ჯგუფთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასაც კი გულისხმობს. გზავნილები, პრაქტიკულად, მოსახლეობის ყველა ფენაზეა გათვლილი, რაც გამოკვეთილ წინასაარჩევნო პოპულიზმზე მიუთითებს.

“კარ.გე”-ს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი სარგებელი მოსახლეობასა და ბიზნესსექტორს რჩება პირველი და მეორე პუნქტებისაგან. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო შენატანი 2016 წლის ბიუჯეტში 2,086 მლრდ ლარია. სხვა თანაბარ პირობებში საშემოსავლოს შემცირება სახელმწიფოს 4 წლის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 3,39 მილიარდ ლარს დააკლებს, რაც წელიწადში საშუალოდ 847 მილიონამდე ლარია.

“მოგების გადასახადის შემცირებით, რომელსაც 2016 წლის ბიუჯეტში 980 მილიონია გაწერილი, სხვა თანაბარ პირობებში 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჯამში დააკლდება დაახლოებით 816 მილიონი, რაც წელიწადში 204 მილიონამდე გამოდის. ჯამში ამ ორი გადასახადის შემცირებით ბიუჯეტს წელიწადში დააკლდება მინიმუმ 1,05 მილიარდი ლარი, რაც სხვა გადასახადების შემცირებით წლიურ დანაკლისთან ერთად (ზუსტად გამოთვლა ვერ მოხდება, ვინაიდან სამოქმედო გეგმაში დაზუსტებული არაა ყველა შემცირება, მაგალითად ალკოჰოლზე აქციზის შემცირება) შეიძლება ავიდეს ჯამში 1,2 მილიარდ ლარამდე წელიწადში”, – აღნიშნულია კვლევაში.

ფორუმელების “დიფერენციაცია”

“ეროვნული ფორუმის” საარჩევნო პროგრამაში დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკის შემოღებაზეა საუბარი, რაც რეგიონებში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის უნდა გაკეთდეს. ამ ინიციატივას “კარ.გე”-ს ჯგუფი და ანალიტიკოსი ტარიელ ზივზივაძე არ ეთანხმება. როგორც პროგრამის ამ პარაგრაფის განხილვაშია საუბარი, “თითქოს ეს ქმედება მიზნად ისახავს რეგიონებში ადამიანების შენარჩუნებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას რეგიონებში, მეტი შემოსავლის ხალხისთვის დატოვებას, სინამდვილეში ეფექტი სწორედ საპირისპიროა, ვინაიდან რაც ხელოვნურია, ის დროებითია და ხანგრძლივ ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოიტანს”, – წერია განხილვაში.

გარდა ამისა, როგორც “კარ.გე”-ს კვლევაში წერია, არც ერთი პირი, ფიზიკური თუ იურიდიული, არ უნდა წახალისდეს საგადასახადო პოლიტიკით მხოლოდ იმიტომ, რომ იგი რომელიმე რეგიონში ცხოვრობს:

“ეს, უბრალოდ, უსამართლობაა სხვა რეგიონში მცხოვრებთა მიმართ; ის რაც ხელოვნურია, დროებითია და მდგრად ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოიტანს. მთავრობისთვის დამახასიათებელი არათანმიმდევრულობის გამო სავსებით შესაძლებელია, ერთ წელს შემოღებული შეღავათები მეორე წელს გაუქმდეს; საგადასახადო შეღავათი სუსტი სტიმულია. ბიზნესისთვის თუ გნებავთ რეალური სტიმული, რომელსაც “ცხოველი” ეფექტი ექნება ეკონომიკურ განვითარებაზე, ბაზარი უნდა შექმნა წარმოებული პროდუქციისათვის, რეალიზაციაში უნდა მიეხმარო. დღეს მიწების დიდი ნაწილი რეგიონებში დაუმუშავებელია არა იმიტომ, რომ სოფლებში ხალხი არაა ან ტრანსპორტი არაა, ან ტექნიკა არაა, არამედ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს მიწის დამუშავებას წმინდა ფინანსური თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკის არაეფექტური სვლაა, ამ იდეას მაინც შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გადასახადებით მანიპულირება “კომფორტული” გამოსავალია”, – წერია “კარ.გე”-ს შეფასებაში.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოპულისტური განცხადებები კეთდება, რაც საკმაოდ საშიშია. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი ისედაც მსუბუქია, მთავარია მისი დაანგარიშების წესი.

“დღეს პარტიები გადასახადების გაუქმების ლოზუნგის წამოყენებაში მასობრივად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ყველა მხარე მემარცხენე გახდა და მემარჯვენე თითქოს აღარავინ არის. მთლიანობაში ყველა პარტია მემარცხენეობაში ეჯიბრება ერთმანეთს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მემარჯვენეობაზე დებდა თავს.  ისედაც რთული ბიუჯეტის მქონე საქართველოსთვის ეს არის ძალიან საშიში და სახიფათო ტენდენცია.

ჩვენ ამ ეტაპზე გადასახადების კიდევ უფრო მეტად შემცირების ან გაუქმების ფუფუნება არ გვაქვს. ჯერ დავარეგულიროთ ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტი 2-3 მილიარდით გავზარდოთ და მერე ვილაპარაკოთ სხვა მიმართულებებზე. მოგების გადასახადთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. დანარჩენი კონკრეტული გათვლის მიხედვით უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადებთან ასეთი თამაში, ცუდის გარდა, კარგს არაფერს მოიტანს”, – ამბობს ემზარ ჯგერენაია.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

ქართველი მილიონერების ხელში ეროვნული ქონების 45%-ია

საქართველოში სიმდიდრე უფრო უსამართლოდ არის გადანაწილებული, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში

ელზა წიკლაური

რუსეთში სიმდიდრე ყველაზე არათანაბრადაა გადანაწილებული. იქ ქონების 88%-ს მილიარდერები და მილიონერები ფლობენ. ყველაზე თანასწორები იაპონელები არიან, სადაც მილიონერები ქვეყნის საერთო სიმდიდრის 22%-ს აკონტროლებენ. საქართველოში კი ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ექსპერტული გათვლებით კი, უკვე გადანაწილებული ქონების მიხედვით, მილიონერები ქონების 40-45%-ს ფლობენ.

ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევის შედეგები საკონსალტინგო კომპანია “ნიუ უორლდ ველსმა” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც კეთილდღეობის უთანაბრობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია. დოკუმენტის მიხედვით, სიმდიდრის 62% რუსეთში მილიონერებს ეკუთვნის, ხოლო 26% – მილიარდერებს. “თუკი მილიონერები ქვეყნის სიმდიდრის 50%-ზე მეტს აკონტროლებენ, სრულფასოვანი საშუალო კლასისთვის ძალიან ცოტა ადგილი რჩება”, – აღნიშნავენ კომპანიის ანალიტიკოსები.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე თანაბრად კეთილდღეობა იაპონიაშია გადანაწილებული, სადაც მილიონერები ქვეყნის საერთო სიმდიდრის მხოლოდ 22%-ს ფლობენ, ხოლო აშშ-ში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1/3-ია.

რაც შეეხება საქართველოს, ის ამ კვლევაში არ მოხვდა, შესაბამისად, როგორ აფასებს “ნიუ უორლდ ველსი” ჩვენთან კეთილდღეობის მაჩვენებელს, უცნობია.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ოფიციალური კვლევა არ წარმოებს. მისი თქმით, როდესაც სიმდიდრესა და კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, იქ ორი კატეგორია უნდა გავარჩიოთ – “ნაკადების” და “მარაგების”. “ნაკადები” – ესაა შემოსავლების ფორმირება და აქ ბევრ ქვეყანას საქართველოსთან ბადალი არ ჰყავს. ჩვენთან საგრძნობლად მაღალია დიფერენცირება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ფულადი ფორმით ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10%-ის საშუალო შემოსავალი, ყველაზე დაბალშემოსავლიან 10%-ის საშუალო მაჩვნებელთან შედარებით, 18-20-ჯერ მეტია.

რაც შეეხება “მარაგებს”, ეს საკმაოდ რთულად საანგარიშო კომპონენტია. საქართველო ოფიციალურად არ ახორციელებს ქვეყნის ეროვნული სიმდიდრისა და მისი ელემენტების სისტემატურ შეფასებას.  ეს 90-იანი წლების ბოლოს გააკეთა სტატისტიკის სამსახურმა, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. გარკვეული გაანგარიშება მკვლევარების მიერ ხდება, თუმცა ერთიანი საერთო კანონიზირებული მაჩვენებელი, თუ რამდენია საქართველოს მთლიანი ეროვნული სიმდიდრე, არ გვაქვს. ბუნებრივია, თუ არ მოგვეპოვება მთლიანი შეფასება, იმის თქმა, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ფლობს სიმდიდრის ამა თუ იმ ნაწილს, საკმაოდ რთულია”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

როგორც წესი, სიმდიდრის მოცულობა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე შემოსავლების. პირობითად, თუ შემოსავალი არის 100 ერთეული, ქონების მოცულობა შეიძლება იყოს 1000-1500 ერთეული და ა.შ: “ამიტომ ქონების გადანაწილების მაჩვენებელი უფრო საინტერესოა, როგორც წმინდა ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით რაიმე კონკრეტული მაჩვენებლის დასახელება რთულია”, – ამბობს არჩვაძე.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილის პრივატიზება დიდი ხნის წინ მოხდა და დღეს ქონების გარკვეული ნაწილი უკვე კერძო საკუთრებაშია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ხელში მაინც საკმაოდ დიდი ქონება რჩება, ეს არის ეროვნული სიმდიდრის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორებიცაა მიწა, ადამიანთა მატერიალური შრომით შექმნილი დოვლათის გარკვეული ნაწილი, რამდენიმე ასეული საწარმო თავისი აქტივებით და ა.შ.

“ამიტომ ის, რაც კერძო საკუთრებაში გადავიდა, არ ასახავს მთლიანად ეროვნულ სიმდიდრეს, ნაწილი ისევ რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და ფორმალურად, მათზე წვდომა საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი აქვს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2003 წლის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახდინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად ან უფასოდ გადაცემა. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. თუ ამ მომენტსაც მივიღებთ მხედველობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალია სიმდიდრის დიფერენცირება და ეს უფრო არასამართლიანია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სოსო არჩვაძემ. მისი გათვლებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი, ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 10% უკვე გადანაწილებული ქონების 40-45%-ს ფლობს.

“რაც შეეხება საშუალო კლასს, ჩვენთან მისი ფორმირების პერსპექტივა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ის სტანდარტი, რასაც დასავლეთი და მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები თვლიან საშუალო კლასისთვის, ჩვენთან საკმაოდ მოკრძალებულია. ამიტომ ვემორჩილებით ჩვენს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და საშუალო ფენას ვაკუთვნებთ იმ სოციალურ ჯგუფის, ვისი შემოსავლებიც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს”, – დასძინა არჩვაძემ.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საარსებო მინიმუმი არის 156,6 ლარი, შესაბამისად, გამოდის, რომ ის ადამიანი, ვისი შემოსავალიც დაახლოებით 570 ლარს შეადგენს, საშუალო ფენას განეკუთვნება. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, მეორე საკითხია, მთავარი ისაა, რომ 570-ლარიანი შემოსავალი საშუალო ფენისთვის საკმაოდ ცოტაა. რაც შეეხება ქართველ მდიდრებს. მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიარდერი და მილიონერი ქართველია, თუმცა მათი სიმდიდრის განაწილება საქართველოს რეალობაში ვერ მოხდება, რამდენადაც ქონება აქ არ აქვთ.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მდიდარი ქართველების სიის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი – 5-7 მლრდ დოლარი (სხვადასხვა მონაცემებით), ტარიელ ვასაძე – 5 მლრდ დოლარი, ნიკოლოზ გოგიტიძე – 4 მლრდ დოლარი, დავით იაკობაშვილი – 2,7 მლრდ დოლარი, თენგიზ ხასაია – 2,5 მლრდ დოლარი, ზურაბ წერეთელი – 2 მლრდ დოლარი და ა.შ.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქმის არც ერთს ქონება საქართველოში არ აქვს ნაშოვნი.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

განგსტერული ქრონიკების სერიალი დედაქალაქის ცენტრში გრძელდება

საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და მაგარი ტიპები ისინი არიან, ვისაც იარაღი აქვს

თიკო ოსმანოვა

მორიგი განსტერული თავდასხმა ვაკეში – კრიმინალური გარჩევა ამჯერად ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა, რასაც პროფილაქტიკის თანამშრომელი შეეწირა. იურისტები კრიმინოგენური მდგომარეობის გაურესებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით – განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაიწყო.

გუშინ, შუადღეს ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცმა “კალაშნიკოვის” ავტომატიდან ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის ხელოსანმა უთხრა, რომ არ ეცალა და რიგში დგომა მოუწევდა. “ჩვენი თანამშრომელი დაჭრეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – განაცხადა პროფილაქტიკის თანამშრომელმა და განმარტა, რომ დაჭრილი ავტომანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მუშაობდა. ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა. მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა, მოუცლელობის მიზეზით, ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა. “უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ეს ადამიანი “მერსედესის” მარკის მანქანით წავიდა და ცოტა ხანში უკან “ბე ემ ვე”-თი დაბრუნდა, ამოიღო ავტომატი და ესროლა. ეს პიროვნება აქამდე არ გვყავს ნანახი, პროფილაქტიკის მუდმივი კლიენტი არ არის”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა.

პროფილაქტიკის თანამშრომელი სავაადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქირურგ კობა თაბაგარის განცხადებით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი რამაზ მჭედლიშვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

ვაკეში მსგავსი თავდასხმა რამდენიმე დღის წინაც მოხდა. 2 სექტემბერს, შუადღის საათებში, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე წითელ შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომობილს, ძვირად ღირებულ “რეინჯ როვერს”, თავზე მაისურგადაფარებული ახალგაზრდა უახლოვდება, რომელიც ავტომობილის წინა მინას ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ კი მარცხნიდან ცეცხლს უხსნის, რამდენიმე გასროლის შემდეგ კი ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით გარბის.

შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალა სოსო ჯოხაძე, რომელზეც ვრცელდება ცნობები, რომ იყო ნასამართლები და გავლენით სარგებლობდა კრიმინალურ წრეებში, ხოლო მის გვერდით მჯდომი თანმხლები პირი, რომელიც თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა, ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. ის სავარაუდოდ, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანლი ბადრი (ბადუკა) ნათობაძე დააკავეს. დაკავებული არის მოდელ მარიშა მაისურაძის ყოფილი მეუღლე, რომლიც გიგი უგულავას მერობის დროს მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.

ბოლო დღეებში კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას “რესპუბლიკური” პარტიის წევრი თამარ კორძაია მღებრიშვილის უწყების ცუდად მუშაობით ხსნის. მისი თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში 90-იანი წლები დაბრუნდა და “მაგარი ტიპები” ისინი არიან, ვისაც იარაღი აქვთ.

“ბოლო დღეებში კრიმინოგენური ვითარების დამძიმება პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადო სიმაღლეზე ვერ არის. უწყება ვითარების დასარეგულირებლად არაფერს არ აკეთებს, შესაბამისად, განცდა იმისა, რომ ვიღაცები დარჩებიან დაუსჯელი, უკვე გაჩნდა საზოგადოებაში. შემაშფოთებელია ის, რაც ხდება. დღეს მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გააჩინა საზოგადოებაში ეს განცდა, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და “მაგარი ტიპები” ისინი არიან, ვისაც იარაღი აქვთ. როგორ შეიძლება ადამიანს დღისით, მზისით ცეცხლსასროლი იარაღი მანქანაში ჰქონდეს?! მით უმეტეს, ავტომატის ტიპის იარაღი”, – განუცხადა “აიპრესს” თამარ კორძაიამ.

“ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია კი გახშირებულ შეიარაღებულ თავდასხმებს სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებელ პროცესს უკავშირებს. ორ წელზე მეტია, რაც ვსაუბრობ – სამართლიანობის აღდგენის პროცესი რადგან არა და არ დაიწყო, დაიწყებოდა პირადი ანგარიშსწორება და შურიძიება, რაც ძალიან საშიშია. ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ეს პროცესია დაწყებული – წინასაარჩევნო პერიოდთან ამას კავშირი არ აქვს. და თუ არაფერი არ გაკეთდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, არჩევნების შემდეგად შეიძლება, ეს უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, იმიტომ, რომ თუ საზოგადოებას ამოეწურა იმედი, რომ რაღაც შეიცვლება და მათი დარღვეული უფლებები არ აღდგება, დაიწყება პირადი შურისძიებები.

“საქართველოში იარაღის შოვნა არ არის დიდი პრობლემა, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ვიღაცას ანგარიში გაუსწოროს, წინ არაფერი აღუდგება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ლია მუხაშავრია. მისი თქმით, ეს არავისგან პროვოცირებული პროცესი არ არის.

“არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად კეთდება და ვინმესგან იყოს პროვოცირებული. ეს პროცესები დიდი ხანია, მზადებოდა და ახლა, უბრალოდ, დაიწყო”, – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

„რეზონანსი“, 06 სექტემბერი, 2016 წელი

რატომ გახშირდა განგსტერული გარჩევები ქუჩაში?

ლიკა გურაბანიძე

(შემოკლებით)

რატომ გახშირდა განგსტერული გარჩევები ქუჩაში?  - ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): “ძნელია რამის თქმა, ალბათ ასეთ შემთხვევებში ყოველთვის დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს. ალბათ, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს ასეთი საშინელი ტრაგედიის დატრიალების უფლებას აძლევენ, აქვთ რაღაც გარანტია, რომ ისინი ნაკლებად დაისჯებიან. ადამიანების თავზეხალაღებულობაა ასეთი საშინელი დანაშაულების ჩადენის დროს.”

ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): “ეს ალბათ უკვე შშს-ს ცუდ მუშაობაზე მეტყველებს. ეკონომიკური სიტუაციაც რთულია და ამის გამო კრიმინალმა მოიმატა, შემდეგ კი თავისთავად გარჩევები ხდება. ეს სოცილაურ-ეკონომიკური ვითარების ბრალია და ამას დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაც ემატება. ამ მკვლელობების შემთხვევაში პირადი სწორების მომენტია და ამას ფსიქოლოგიური ანალიზი სჭირდება.”

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): “ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ალბათ პირდაპირ კავშირშია იმ საოცნებო ამნისტიასთან, რომელიც 2012 წელს განხორციელდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ 2012 წლიდან კრიმინალური სიტუაცია დამძიმებულია. სიტუაცია უარესობისკენ რადიკალურადაა შეცვლილი. კრიმინალი არ ისჯება და ეს ხელს უწყობს ახალი კრიმინალის ჩადენას.”

ნუცა ჯანელიძე (მომღერალი): “რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი ფსიქიკურად აშლილი ხალხის პრობლემაა ან ეს არის ძალის დემონსტრირება. შესაძლოა, მომხდარი შემთხვევები პროვოკაციული გამოხდომებია, რათა ეს ყველაფერი ამ მთავრობას დაბრალდეს. მათ ისედაც აგინებენ ტელევიზორში და ასეთი სადისტური მოქმედებები არ აწყობთ. აქ შესაძლოა გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი.”

ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “არ მგონია, რომ ქუჩაში განგსტერული გარჩევები გახშირდა. სამწუხაროდ, ასეთი ამბები ხდებოდა და შესაძლოა, შემდეგშიც მოხდეს. ეს ფსიქიკური პრობლემებია. ასეთი ტიპის მოვლენები სხვა ქვეყნებშიც ყოველთვის ხდება.”

Comments are closed