globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 6th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „მხოლოდ კონსტიტუციის თემით კრიზისული მდგომარეობა ვერ შეიქმნება“ // „ამჯერად ბიძინა ივანიშვილს ვეღარ წამოაძახებენ, რომ პროცესებს კულუარებიდან მართავს“

ახალი თაობა: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ვლადიმერ პუტინისა და რამზან კადიროვის დაპირისპირება გარდაუვალია“ //  „რუსეთმა გადაწყვიტა, ისლამის თემით ითამაშოს“

პრაიმტაიმი: ილია მეორის შემდეგ ეკლესია სინოდალურ მმართველობაზე გადავა?!

„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ თამაზ ბაკურაძესთან: „მივმართავ პრემიერ-მინისტრს – კონტროლზე აიყვანეთ ყველა ის თურქული ბიზნესი, რაშიც ჩართულები არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები“

——————

ახალი თაობა“, 06 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „მხოლოდ კონსტიტუციის თემით კრიზისული მდგომარეობა ვერ შეიქმნება“ // „ამჯერად ბიძინა ივანიშვილს ვეღარ წამოაძახებენ, რომ პროცესებს კულუარებიდან მართავს

აქტუალურ პრობლემებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს.

- პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობამ მესამე მოსმენითაც გაიტანა და დაამტკიცა კონსტიტუციის შეუთანხმებელი ვარიანტი, ეს კრიზისულ მოვლენებს გამოიწვევს...

- კონსტიტუცია, დიდი ალბათობით, იქნება მიღებული. ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე აუცილებლად კრიზისი ყალიბდება. მხოლოდ კონსტიტუციის თემით კრიზისული მდგომარეობა ვერ შეიქმნება. კონსტიტუცია შეიძლება გახდეს კრიზისის ერთ-ერთი ფაქტორი სხვებთან ერთად. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს სოციალური მდგომარეობა, არჩევნები და სხვა. კონსტიტუცია საჭიროა რეალობას მორგებული დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. დღევანდელი, მოქმედი კონსტიტუცია არ მუშაობს. მისი შეცვლა აუცილებელი იყო. კრიზისული მდგომარეობა 2012 წელს გვქონდა. მაშინ კრიზისი და მოვლენების იმგვარი განვითარება კონსტიტუციას არ გამოუწვევია.

- სხვა ფაქტორებს თუ შეუძლია ხალხის ქუჩაში გამოყვანა?

- ხალხი უკმაყოფილოა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ მიზეზებს, რომელთა გამო ადამიანები მასობრივად გამოვლენ ქუჩაში. კრიზისს თავისი ეტაპები აქვს. პირველ ეტაპზე ჩნდება იმედგაცრუება და უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. ეს სიმპტომი სახეზეა. ჯერ იმდენად დაძაბული არ არის ვითარება, რომ მასობრივი პროტესტი დაიწყოს. ვგულისხმობ ხალხის მასის გამოსვლას და არა პარტიების, ან პარტიათა ჯგუფების აქტივისტებისა და მომხრეების მობილიზებას. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, უკეთესობისკენ შეცვალოს სიტუაცია და პოლიტიკური პროცესები შემოაბრუნოს. ეს შესაძლებელია რეორგანიზაციის გზით. რეორგანიზაცია განსახორციელებელია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტში.

- პროცესები შეიძლება სხვანაირად განვითარდეს?

- თუ არაფერი შეიცვალა, ადრე თუ გვიან, პროცესები გადავა ქუჩაში.

- რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თუ ქართულმა ოცნებამ ამ ფორმით კონსტიტუცია საბოლოოდ დაამტკიცა, ამით შეჩერდება საქართველოს ევროინტეგრაცია...

- ლევანმა რაც თქვა, ეს გამომდინარეობს ვენეციის კომისიის პოზიციიდან. ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნები ამ საკითხზე ცნობილია. ვენეციის კომისია მჭიდროდაა დაკავშირებული ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირთან. ზოგადად, ევროპელი პარტნიორები რადიკალურ განცხადებებს ერიდებიან, მათი შეფასებები ზომიერი და თავშეკავებულია. როცა კრიზისული მდგომარეობა იქმნება, მაშინ უფრო იკვეთება ევროსტრუქტურების პოზიცია. მაგალითად, 2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ რბილი დამოკიდებულება იყო, 2012 წელს კი ეს უკვე მძაფრ კრიტიკაში გადაიზარდა.

- ახლანდელი მდგომარეობა შეიძლება ცუდად მოუბრუნდეს ქართულ ოცნებას?

- ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა, პირველ რიგში, ცუდია საქართველოს ხელისუფლებისათვის. სამწუხაროდ, ბოლო დროს ეჭვის ქვეშ დგება დემოკრატიის მდგომარეობა ქვეყანაში.

- ეს მარტო საკონსტიტუციო თემას არ ეხება?

- რა თქმა უნდა, მარტო საკონსტიტუციო თემას არ ეხება. ეს სხვა საკითხებშიც ჩანს, მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრშია.

- დაბოლოს, ადგილობრივი არჩევნები, წინასაარჩევნო პროცესი, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის აქტიურობის გარეშე. იქონიებს ეს გავლენას `ოცნებისა~ და ნაციონალების შედეგებზე თბილისის მერის არჩევისას?

- ჩემი აზრით, არჩევნების ბედი წინასწარ გადაწყვეტილია. ნაციონალების კანდიდატი უდუმაშვილი ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს. ეს ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა. ამის გამო ის წაგებულ თამაშში არ ერთვება. ამიტომ შეირჩა ნაციონალების კანდიდატად სწორედ ზაალ უდუმაშვილი და არა რომელიმე პარტიული ლიდერი, რომელსაც მერობა უნდა. გამარჯვება, პირველ ტურში ალბათ ვერა, მაგრამ მეორე ტურში ერგება მმართველი პარტიის კანდიდატ კალაძეს.

ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ აფიქსირებს თავის პოზიციას, არ მონაწილეობს პროცესებში. ამჯერად ივანიშვილს ვეღარ წამოაძახებენ, რომ კულუარებიდან მართავს პროცესებს. კალაძის გამარჯვება იქნება თავად მისი, ასევე გუნდისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება. პიარულად ბიძინა ივანიშვილს ამაში წვლილი არ ექნება.

ახალი თაობა“, 06 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ვლადიმერ პუტინისა და რამზან კადიროვის დაპირისპირება გარდაუვალია“ //  „რუსეთმა გადაწყვიტა, ისლამის თემით ითამაშოს“

რამდენიმე დღის წინ მოსკოვსა და გროზნოში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მიანმარში მუსლიმების გენოციდი გააპროტესტეს. გროზნოს აქციის მონაწილეებმა რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე სათანადო რეაგირება მოსთხოვეს. გროზნოს აქციას პუტინის ფავორიტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.

აქციაზე რუსეთის ხელისუფლების კრიტიკაც გაისმა. კადიროველებმა კრემლის სიჩუმე დაგმეს. ქართველი და არა მარტო ქართველი ექსპერტების აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე კადიროვი პუტინს დაუპირისპირდეს.

რამზან კადიროვის პუტინთან დაპირისპირებას არ გამორიცხავს ზაალ კასრელიშვილიც. ამასთან, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ეს აქცია კადიროვის მიერ არ არის მოწყობილი. ის ვარაუდობს, რომ გროზნოსა და მოსკოვში გამართული მიტინგები კრემლს ძალიან ცუდად შეუტრიალდება. რა ჩიხში შევიდა მოსკოვი და რა ელოდება მას მომავალში, ამაზე კასრელიშვილი `ახალ თაობას~ ესაუბრება.

- მოსკოვსა და გროზნოში მიანმარში მუსლიმების გენოციდის გასაპროტესტებლად მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა გროზნოს აქცია. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან მალე კადიროვი პუტინს დაუპირისპირდება. თქვენ ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, უნდა ველოდოთ პატრონისა და ყმის დაპირისპირებას?

- მოსკოვში საპროტესტო აქცია ეთნიკური დაღესტნელების პატრონაჟით ჩატარდა. ამის გაგრძელება იყო გროზნოში გამართული აქცია. ამბობენ, რომ მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ მეეჭვება, ამდენ ადამიანს მიეღო აქციაში მონაწილეობა. ჩეჩნეთის მოსახლეობა სულ 1.200.000 შეადგენს.

მე მესმის ამ ადამიანების. მიანმარში რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ 1994 წლიდან 2001 წლამდე რუსეთმა ჩეჩნეთში 120.000 მუსლიმი გაანადგურა. მათი გენოციდი რატომ არავინ გააპროტესტა? ახლა რაც შეეხება გროზნოს აქციებსა და პროგნოზებს. კავკასიის ხალხთა კონფედერაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები დაგვიკავშირდნენ. ზარები განხორციელდა აღმოსავლეთიდანაც. გროზნოს აქცია მათთან ერთად განვიხილეთ და საინტერესო მოსაზრებამდე მივედით. ამ მოსაზრებას იზიარებენ ჩრდილოკავკასიელი მეგობრებიც. ჩვენი აზრით, ამ აქციით კადიროვი პუტინის წინააღმდეგ არ წასულა. ეს დაპირისპირება გარდაუვალია, თუ იმ დრომდე ჩეჩნეთის მეთაური ცოცხალი დარჩა. ახლო მომავალში მათ შორის დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის. მოსკოვსა და გროზნოში გამართული აქციები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული.

- რაში დასჭირდათ რუსეთის სპეცსამსახურებს ამ აქციების ორგანიზება?

- ეს აქციები რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. პუტინმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა. მათ ვერც თავისი თავის საჭიროება დაუმტკიცა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის საკითხებში. ის დასავლეთს ბირთვული საფრთხეების თავიდან აცილების საქმეში დღემდე სთავაზობს თანამშრომლობას. დასავლეთი მიხვდა, რაშიც იყო საქმე – მოსკოვს შუამავლობა კი არ სურდა, არამედ უნდოდა, რომ ყურადღება მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვა საკითხებზე გადაეტანა. ეს იყო ჩვეულებრივი საბჭოთა ფანდი და მას საერთო არაფერი ჰქონდა დემოკრატიული რუსეთის გადაწყვეტილებასთან.

- დემოკრატიული რუსეთი ბუნებაში არსებობდა?

- როგორ არ იყო, კაცო, აბა, სტოლიპინის რუსეთი რა იყო? მონარქი რომ თავისი ნებით გადადგა, ეს არ იყო დემოკრატია? ამ ქვეყანას აქვს მიდრეკილება დემოკრატიისკენ, მაგრამ იქ დემოკრატია ჩანასახშივე მოკლეს. დღეს რუსეთი სამყაროს დაშანტაჟებას საბჭოური მეთოდებით ცდილობს. კრემლი შეეცადა, წარმოჩენილიყო ისეთ ქვეყნად, რომელიც რადიკალურ ისლამს ებრძოდა. დასავლეთი მიხვდა, რომ ის ისლამურ სახელმწიფოს კი არ უპირისპირდებოდა, არამედ საკუთარ ინტერესებს იცავდა _ რადიკალურ ისლამთან ბრძოლის სანაცვლოდ ცდილობდა, რამდენიმე წითელი დიქტატორი თავის ადგილზე დაეტოვებინა. დასავლეთმა ამ ეტაპზე აღარ დაუთმო. საქართველოშიც უნდოდათ შემოსვლა, მაგრამ ამერიკამ კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ამაზე სათანადო პასუხს მიიღებდა. სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრეს და უკრაინას ლეტალურ იარაღს აძლევენ.

რა რჩება რუსეთს? ის პრაქტიკულად მარტოა, ჩრდილოეთ კორეის იმედად ჩემი მტერი იყოს. რუსეთის ნებიერა კიმ ჩენ ინი ძალიან ცუდად დაამთავრებს და ის იქნება ბოლო დიქტატორი. ჩრდილოეთ კორეა შეუერთდება სამხრეთ კორეას და ეს გახდება წართმეული ტერიტორიების დაბრუნების დასაწყისი _ კრემლს მის მიერ შემოღობილი ტერიტორიების დათმობა მოუწევს.

ახლა ისევ იმას დავუბრუნდები, თუ რა დარჩენია რუსეთს, რომელმაც დასავლეთს თავი ვერ მოაწონა. მათ იძულებით დაყოლიებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამ ეტაპზე კრემლს იდეური მოკავშირე აღარ ჰყავს. თემების შესაქმნელად რესურსები აღარ აქვს და ახლა გადაწყვიტა, ისლამის თემით ითამაშოს.

მოსკოვმა გადაწყვიტა, ისლამის მფარველის როლში წარდგეს მსოფლიოს წინაშე. სწორედ ამას უკავშირდება მოსკოვსა და გროზნოში გამართული აქციები. კრემლს იმედი აქვს, რომ ამით მუსლიმების გულს მოიგებს. ამ მიმართულებით მარტო თურქეთთან პარტნიორობა აღარ აწყობს და გადაწყვიტა, მსოფლიო მასშტაბებზე გავიდეს. პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმების გულის მოგებაც.

- რუსეთში ბევრი მუსლიმი ცხოვრობს?

- რუსეთის მოსახლეობის 33% მუსლიმია. კრემლს ჰგონია, რომ დასავლეთი მას ისევ ანგარიშს გაუწევს, რადგან მუსლიმების მფარველობა გადაწყვიტა. რამდენად აღიდგენს ავტორიტეტს „დაჩაგრული მუსლიმების“ თვალში და რამდენად ივაჭრებს ამ თემით, ეს დროის საკითხია. ამ თემასა და ამ თამაშს შანსი არა აქვს. ერთადერთი სიკეთე, რასაც ნახავს პუტინი, იქნება ის, რომ მომავალ არჩევნებზე რუსეთში მცხოვრები მუსლიმების ხმებს მოიპოვებს, მაგრამ მათი პატრონი ვერასდროს გახდება. მუსლიმურ სამყაროს ჰყავს თავისი სამხედრო და პოლიტიკური ელიტა. ისინი პროცესებს ძალიან კარგად და ადეკვატურად აფასებენ.

ეს თამაშები პუტინის რეჟიმს სერიოზულ ჩიხში შეიყვანს. მინდა მივმართო პრორუსულად განწყობილ ქართველებს, რომლებიც იმით აპელირებენ, რომ რუსეთი მართლმადიდებელია _ ეს ქვეყანა თავის დროზე ისლამის დემონიზაციას ცდილობდა და ამით ბიბლიური ჭეშმარიტების წინააღმდეგ წავიდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში კრემლმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როცა საქართველოს გამოუცხადა ომი. მუსლიმების მფარველად წარმოჩენით კი ის უკვე საბედისწერო შეცდომას უშვებს.

- საბედისწერო შეცდომა რატომ არის?

- საბედისწერო შეცდომა იმიტომ არის, რომ ამ თემით ქრისტიანულ სამყაროს უპირისპირდება. ამ თამაშს თუ გააგრძელებენ, ძალიან ცუდ ჩიხში შევლენ, საიდანაც გამოსავალი პრაქტიკულად არ არის.

- რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯანდაბამდე ჰქონია გზა, მაგრამ, ისე რომ ვთქვათ, რატომ არ უნდა დაეგმოთ რუსეთში ის, რაც მიანმარში მოხდა? 400 ადამიანის მოკვლა არაფერია?

- ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მოხდა მიანმარში? რატომ გამორიცხავთ, რომ ეს კრემლის მიერ იყოს დამახინჯებული და იქ რეალურად სხვა პროცესებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი?!

- რა მნიშვნელობა აქვს, რა პროცესებია, ადამიანები ხომ დახოცეს? რატომ ხდება რომ პარიზში ან ბრიუსელში ერთი ადამიანის მოკვლაც რეზონანსულია, მიანმარისმაგვარ ქვეყნებში დახოცილი ასეულობით ადამიანი კი არავის ანაღვლებს?

- გეთანხმებით, რომ რაც მოხდა, საშინელებაა, რატომ არ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე დასავლეთი, ამაზე მათ უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ ვიცით ის, რა გეგმებიც რუსეთს აქვს და ამიტომაც ვლაპარაკობთ ამაზე. ახლო მომავალში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ამ ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის საკითხს დააყენებს. საუბარია გაეროს უფლებამოსილების გაზრდაზე. გაეროს შესაძლოა სამხედრო ჩარევის უფლებაც კი მიეცეს.

საინტერესო განცხადებებს აკეთებენ ევროპული ქვეყნების ლიდერები. ფრანგები და გერმანელები პრობლემურ მუსლიმანურ ქვეყნებში, საიდანაც ლტოლვილების დენადობა ძალიან დიდია, ადგილზე აპირებენ ბანაკების გახსნას. ამ ბანაკებს გერმანია და საფრანგეთი მოამარაგებენ საკვებითა და მედიკამენტებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, გახსნიან სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. ამის გარდა, ამ ბანაკების უსაფრთხოებასაც დაიცავენ. დასავლეთის გულცივი დამოკიდებულება მიანმარის ტრაგედიის მიმართ ჩემთვის გაუგებარია, თუმცა არც რუსეთში გამართული აქციები შეაჩერებს გენოციდს.

- დასავლეთმა თავის დროზე ჩეჩნების გენოციდსაც წაუყრუა. ის ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, საერთაშორისო ტერორისტებად შერაცხეს მოსკოვთან ერთად...

- კარგი იქნებოდა, მაშინვე დაეგმოთ რუსეთის ქმედებები, მაგრამ არც ახლაა დაგვიანებული მოქმედება. დარწმუნებული ვარ, დასავლეთი მალე ჩრდილოეთ კავკასიისთვისაც მოიცლის. საქართველო 1988 წლიდან იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ტერიტორიები წაგვართვეს, ათეულობით ათასი ადამიანი დაგვეხოცა, საშინელი გაჭირვება გადავიტანეთ და მხოლოდ ახლა გავხდით საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის.

- ისიც იმიტომ, რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს...

- ეს პოლიტიკაა და ნუ გვიკვირს, როგორც ჩვენი წინაპრები ამაგრებდნენ ციხესიმაგრეებს, ახლა ისე ამაგრებს საქართველოს დასავლეთი. ბევრი გაჭირვების მიუხედავად, არ დავიჩოქეთ და დამოუკიდებლობაზე უარი არ ვთქვით. ღმერთმა დაინახა ეს ყველაფერი და მოწყალე თვალით გადმოგვხედა. ახლა ჩვენი დაჩაგვრა რუსეთს ძალიან გაუჭირდება. აქვე მინდა, ის ექსპერტებიც დავამშვიდო, რომლებიც კადიროვისა და პუტინის დაპირისპირებას პროგნოზირებენ _ მოსკოვისა და გროზნოს დაპირისპირება გარდაუვალია. ახლა საკითხავი ისაა, მიაღწევს თუ არა იქამდე კადიროვი ცოცხალი. კრემლი უკვე შეუდგა მის განეიტრალებას.

- ეს რით გამოიხატება?

- ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ძლიერდება. არ გამოვრიცხავთ, რომ ამის უკან ფსბ იდგეს. კრემლი მათი მეშვეობით შეეცდება, გაძლიერებული კადიროვის გავლენები შეასუსტოს. ჭკუით თუ არ მოიქცევა, სხვა მეთოდებსაც გამოიყენებენ.

პრაიმტაიმი, 4-10 სექტემბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/348950

ილია მეორის შემდეგ ეკლესია სინოდალურ მმართველობაზე გადავა?!

ვინ აიღებს ხელში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მართვის სადავეებს ილია მეორის შემდეგ? ეს კითხვა განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ. მით უფრო იმ ფონზე, რომ საზოგადოების ნაწილი ამ სკანდალური საქმის უკან სწორედ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის ნიშნებს ხედავს. ვინ დაიდგამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სკუფიას? ცნობილია, რომ წმინდა სინოდში პატრიარქის ტახტზე ასვლის ამბიცია არაერთ მღვდელმთავარს აქვს, თუმცა თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მოვლენები შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად განვითარდეს და ილია II-ის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში სინოდალური მმართველობა დამყარდეს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ დღეს ეპისკოპატი საკმაოდ ეკლექტურად გამოიყურება და ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთმანეთთან უკვე ღიად დაპირისპირებულმა ჯგუფებმა ერთ კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება მოახერხონ. ის, რომ სინოდალური მმართველობის იდეას მღვდელმთავრებს შორის ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერები, ამას ჯერ კიდევ 2004 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე დაწერილი წერილიც მოწმობს, რომელიც პრესაში ამ დრომდე არ გაჟღერებულა, თუმცა სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამ წერილის შინაარსზე გვესაუბრა. წერილს ხელს აწერს სამი ეპისკოპოსი, ესენი არიან: მეუფე აბრაამი (გარმელია), მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მეუფე ზენონი (იარაჯული), თუმცა სანამ ამ წერილის შესახებ ვისაუბრებთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ერთი უცნაური ფრაზა, რომელიც მან 2017 წლის თებერვალში ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვისას გააჟღერა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენ ვის განიხილავთ მომავალ პატრიარქად? მეუფე პეტრემ უპასუხა: „რაც სასულიერო პირი ვარ,  ჩემი მღვდლობიდან ვამბობ და იცის ჩემმა ყველა ახლობელმა, რომ პატრიარქი არის ბოლო პატრიარქი საქართველოსი“.

მაშინ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ამ ფრაზას განსაკუთრებული ყურადღება არ მიუპყრია, არადა საინტერესოა, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე „ბოლო პატრიარქში“ – აპოკალიფსს? როგორც წესი, სასულიერო პირები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. ბოლო ჟამის ზუსტ თარიღს თვით წმინდა მამების წერილებშიც კი ვერსად ამოიკითხავთ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, მეუფე პეტრეს „ბოლო პატრიარქში“ ქვეყნიერების დასასრული ეგულისხმა. საეკლესიო წრეებში ამბობენ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი უკვე დიდი ხანია ლობირებს საეკლესიო რეფორმას, რომლის თანახმადაც უნდა შესუსტდეს პატრიარქის უფლებამოსილება სინოდის წევრების უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე, რაც ილია მეორის შემდეგ თავისთავად გამოიწვევს ეკლესიაში სინოდალური მმართველობის დამყარებას, სადაც პატრიარქი იქნება მხოლოდ ნომინალური ფიგურა და რეალური ძალაუფლება მღვდელმთავრების ხელში გადავა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა.

როგორც ჩანს, ეს იდეა ეპისკოპატში დიდი ხანია არსებობს, რასაც მოწმობს ჯერ კიდევ 2004 წელს სამი ეპისკოპოსის მიერ დაწერილი წერილი. მაშინ წერილი განიხილეს წმინდა სინოდის სხდომაზეც, შეიქმნა სპეციალური კომისიასაც, რომელსაც მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის დასკვნით, ზემოხსენებული სამი მღვდელმთავრის ინიციატივა ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, საკითხი დაიბლოკა. აი, რა წერია 2004 წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ წმინდა სინოდის სხდომის ოქმში:

„წმიდა სინოდმა მოისმინა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და დმანისის ეპისკოპოს ზენონის მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. წმიდა სინოდმა განაჩინა: ვინაიდან აღნიშნულ მიმართვას არ იცნობდა მღვდელმთავართა უმრავლესობა, მისი განხილვა გადაწყდა შემდგომ სინოდზე“.

სინოდის შემდგომი სხდომა 2005 წლის 27 ივნისს გაიმართა, რომლის ოქმშიც ვკითხულობთ:

„სამი მღვდელმთავრის: მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია), მთავარეპისკოპოს გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) და ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) მიერ  კათოლიკოს-პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილის გამო შეიქმნა კომისია მთავარეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძე), მთავარეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) შემადგენლობით“.

თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მღვდელმთავრების ამ მიმართვას აკადემიურსა და კვალიფიციურს უწოდებს. მისი თქმით, ეს წერილი სინოდის წევრებს გუნდურ აზროვნებაზე გადაწყობის სურვილმა დააწერინა, თუმცა ტიგინაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სინოდალური მმართველობის იდეა და ილია მეორის უფლებამოსილების შეზღუდვა „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსული ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებში ყოფილიყო. ამ ეჭვს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ წერილის ავტორები, გარდა მეუფე ზენონისა, მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები გახდნენ.

გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი:

- წერილი იყო ძალიან საინტერესო, აკადემიური და კვალიფიციური, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ავტორები აცნობიერებდნენ იმ დროისთვის არსებულ გამოწვევებს, წინააღმდეგობებსა და დაბრკოლებებს, რომლისთვისაც ეკლესიას, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს თვალი უნდა გაესწორებინა. საბოლოო ჯამში, პროექტი დაიბლოკა, რადგან ეკლესიაში დამკვიდრებულ რეჟიმს არ აწყობდა ინოვაციური იდეების განხორციელება, რომელიც მოდერნიზაციასა და პროგრესს მოუტანდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და შესაბამისად, მრევლს. მათ საჭიროდ მიიჩნიეს, რომ არ უნდა შეცვლილიყო ტრენდი, იდეოლოგიური ვექტორი და პოლიტიკური პლატფორმა. მიიჩნიეს, რომ არ შეკვეცილიყო აბსოლუტური ერთმმართველის იდეა კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში, რამეთუ საპატრიარქოს მენეჯმენტისთვის აუცილებელი იყო, რომ ის ყოფილიყო შეუვალი, ერთპიროვნული მმართველი და უზენაესი მწყემსმთავარი. ეს დე ფაქტოდ, თორემ დე იურედ ითვლება, რომ პატრიარქი თანასწორთა შორის უპირატესია მხოლოდ პატივით, სხვა მხრივ, ისეთივე ნომინალური ეპისკოპოსია, როგორიც სინოდის სხვა წევრები.

ჩემი აზრით, გუნდურ და კრებსით აზროვნებაზე გადაწყობის სურვილმა დააწერინა ეს წერილი ამ სამ ეპისკოპოსს, რომლებიც სადღეისოდაც უდავოდ ავტორიტეტული სასულიერო პირები არიან. საბოლოო ჯამში, ცნობილი „ტრიუმვირატის“ ხსენებული ინიციატივა დაიბლოკა იმ მოტივით, რომ ეს არ იყო სრულყოფილი, თანადროული, რენტაბელური და საჭიროებდა დახვეწას. შეიქმნა კომისიაც, რომელმაც ამ საკითხზე იმსჯელა და ჩათვალეს, რომ ეს არის არარელევანტური, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 2004-05 წლებში არსებობდა.

- გულისხმობდა თუ არა ეს პროექტი ეკლესიის შიგნით ლიბერალური ფრთის გაძლიერებას?

- ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, იმ გაგებით, რომ ინიციატორი ეპისკოპოსები გარკვეულწილად ასოცირდებოდნენ პროდასავლური ხედვისა და ლიბერალური ღირებულებების ჯგუფთან. მათ არ ჰქონდათ ფანატიკური და ულტრაკონსერვატიული შეხედულებები, რომელიც ამჟამადაც გაბატონებულია საქართველოს ეკლესიაში. სამწუხაროდ, დღესაც უფრო მეტად დაფასებული და მოწინავე რიგებში არიან სწორედ ფუნდამენტალისტი და ექსტრემისტი მღვდელმთავრები.

- შემთხვევითია, რომ ეს ინიციატივა სწორედვარდების რევოლუციისთანავეგაჟღერდა?.. იდგა თუ არა ამ ინიციატივის უკან სააკაშვილის ხელისუფლება ?

- ცხადია, რთულია, დაბეჯითებით იმის თქმა, ჰქონდა თუ არა ამ ინიციატივას ახლად მოსული ხელისუფლების მხარდაჭერა, ან იყო თუ არა რაიმე კონფიდენციალური თუ კონსპირაციული მოლაპარაკებები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შემდგომში, ამ წერილის ავტორები, გარდა მეუფე ზენონისა, გახდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ დაახლოებული პირები და მათი აქტიური მხარდამჭერებიც. ეს ის პერიოდია, როდესაც მთლიანად სახელმწიფო ვექტორი იცვლებოდა და ბუნებრივია, ხელისუფალთა საზომით ამ ცვლილებებისთვის ფეხი უნდა აეწყო ეკლესიასაც, ანუ რუსული ორბიტიდან გადასულიყო დასავლურ მოდელზე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ ინიციატივის უკან პოლიტიკური ინტერესებიც მდგარიყო.

- დღეს კვლავ არიან სინოდში ამ იდეის მხარდამჭერი მღვდელმთავრები? ისევ აქტუალურია ეს საკითხი?

- დღევანდელ ეპისკოპატთან დაკავშირებით მაქვს აბსოლუტური სკეპტიციზმი და უნდობლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვერ ვხედავ მათში ქრისტოცენტრულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომელიც თითოეულ მღვდელმთავარს ავალდებულებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ზნეობრივად, ისე სულიერად და ინტელექტუალურად. დღეს წმინდა სინოდში კვალიფიკაციის, კომპეტენციის, ერუდიციული სიმწიფისა და მორალური წონასწორობის მწვავე დეფიციტია. შესაბამისად, საკმაოდ უიმედოდ მეჩვენება ის აზრი, რომ მათ რაიმე სასიკეთო გარდაქმნის სულისკვეთება ამოძრავებდეთ, ან საკუთარი ხედვების ჯანსაღ მეტამორფოზაზე ფიქრობდნენ. შესაძლოა, ეს იდეა კვლავ აქტუალური იყოს ცალკეული პიროვნებების დონეზე, ვგულისხმობ 4-5 მღვდელმთავარს, მაგრამ ეპისკოპატის დღევანდელი მდგომარეობა არის სირაქლემას პოზაში ყოფნა, რომელიც ქვიშაში თავჩარგული ვერ აცნობიერებს თანამედროვე მოთხოვნებს და მთლიანად ამოვარდნილია დღევანდელი ყოფიერების კონტექსტიდან.

- საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ციანიდის საქმის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეკლესია გადასულიყო სინოდალურ მმართველობაზე, რამდენად საფუძვლიანია?

- ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. მე არ ვიცი, რა გარემოებები არსებობდა ციანიდის საქმეში, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ წმინდა სინოდში არ გვყავს გამოკვეთილი და ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც შეიძლება განგვეხილა ილია მეორის მემკვიდრედ. შესაბამისად, მოქმედ პატრიარქს დღეს ალტერნატივა და ღირსეული მემკვიდრე გაცხადებულად არ ჰყავს. შესაძლოა, ეკლესიამ ილია მეორის შემდეგ ვერც კი აირჩიოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, იმდენად დაპირისპირებული, ეკლექტური და დაქსაქსულია დღეს ეპისკოპატი. ყოველივე ეს აჩენს მოლოდინს, რომ ჩამოყალიბდეს საკათალიკოსო საბჭოს ფორმატი, სადაც მხოლოდ ნომინალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს, რეალური ძალაუფლება კი სინოდმა აიღოს ხელში, ანუ ეს ნიშნავს სინოდალურ მმართველობაზე გადასვლას. პრობლემა ის არის, რომ სახალხო ფიგურების, უბრალო, კეთილშობილი და მლოცველი ეპისკოპოსების დეფიციტი გვაქვს. სამაგიეროდ, გვყავს სადუკევლური ტიპის უსიყვარულო, მატერიალისტი და ეგოისტი მღვდელმთავრები, რომლებსაც არაფერი ეტყობათ ჯვარცმის ტკივილის, აღდგომის სიხარულისა და მარადისობაზე ფიქრის. ფაქტია, რომ საპატრიარქოს შეგირდები საზოგადოების გაბრუება-ანესთეზიას, ამდენი სიცრუითა და სიყალბით ვეღარ მოახერხებენ.

———–

„პრაიმტაიმი“ ამ საკითხზე, ასევე, ესაუბრა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში. მისი თქმით, ეკლესიაში სინოდალური მმართველობის დამყარებით დაინტერესებული იყო წინა ხელისუფლება. კაკაბაძე ამბობს, რომ ციანიდის საქმის მთავარი მიზანიც ის იყო, რომ საპატრიარქოში ძალაუფლება ლიბერალურ დაჯგუფებას აიღო ელში.

„ამ იდეას განიხილავდა გიგა ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი შემადგენლობა. ისინი განიხილავდნენ ამას ეკლესიის დანგრევისა და დასუსტების მიზნით. ზუსტად ამ პროექტის განხორციელებას გეგმავდნენ ახლაც. საბედნიეროდ, ეს სპეცოპერაცია ჩავარდა და საზოგადოებამ, მგონი, ყველაფერი კარგად დაინახა. ეს იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაგალითად, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და ე.წ. ლიბერალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამ პროექტის მიზანი გახლდათ ის, რომ საბოლოოდ ეკლესიაში მიგვეღო ლიბერალური სინოდალური მმართველობა. სწორედ ეს ფრთა უნდა გაძლიერებულიყო საპატრიარქოში. დიახ, წარსულშიც, იყო პერიოდი, როდესაც სინოდალურ მმართველობას ჰქონდა სახელისუფლებო მხარდაჭერა. დღეს ეს თემა აღარ არის მხარდაჭერილი და ის სასულიერო პირები, ვინც ეს თემა წამოჭრეს, უკვე ჩუმად არიან. თავისთავად ის, რომ სინოდში ასეთი ძალები არიან, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნანა კაკაბაძე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მღვდელმთავრების წერილი სინოდალურ მმართველობას არ შეეხებოდა. კაკაბაძეს ამის თქმის საფუძველს წერილზე მეუფე ზენონის ხელმოწერა აძლევს, რომელიც, მისი თქმით, პატრიარქის უფლებამოსილების შეზღუდვას ხელს არასდროს მოაწერდა.

მეუფე ზენონი, ერისკაცობაში იმედა იარაჯული, დმანისის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსია. მისი სასულიერო მოღვაწეობა 1993 წლიდან იწყება. 2003 წლის 30 აგვისტოს კი ეპისკოპოსად პირადად ილია მეორემ აკურთხა. დმანისის ეპარქიაში მის სახელს არაერთი ეკლესიის, მათ შორის ისტორიული ძეგლის აღდგენა უკავშირდება. წერილის სხვა ხელმომწერებისგან განსხვავებით, ის პოლიტიკური აქტივობით არასდროს გამოირჩეოდა.

წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ის 1995 წლიდან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს ამაღლდა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მას ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოიაზრებდნენ. არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა მისი საპროტესტო განცხადებები რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიმართ.

დაბოლოს… სინოდალური მმართველობის მხარდამჭერად მოიაზრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი. ეპისკოპოსად 1996 წელს აკურთხეს.

„მე მესმის, რაოდენ მძიმეა საეპისკოპოსო ჯვარი, რომ ეს არის არა მხოლოდ პატივი, არამედ დიდი სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება და მაინც ვდგავარ აქ მორჩილებით, რადგან მწამს, რომ უფლის გარეშე ყოველივე შეუძლებელ არს, უფლის დახმარებით კი შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, წარმოუდგენელი კი – ადვილად წარმოსადგენი“, – ბრძანა მეუფე გრიგოლმა ეპისკოპოსად კურთხევისას.

მას შემდეგ ის არაერთხელ გაეხვია სკანდალში, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან ფოთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია ქადაგებისას ღიად გააკრიტიკა ერთ-ერთი მღვდელმსახურის მიერ ოფისის კურთხევის გამო. მეუფე გრიგოლი არ მალავდა თავის სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

კვლავაც აქტუალურია თუ არა სინოდალური მმართველობის იდეა? თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება რთულად წარმოსადგენია, თუმცა, როგორც მეუფე გრიგოლი იტყოდა, „წარმოუდგენელიც კი ადვილად წარმოსადგენი ხდება“.

„ასავალ-დასავალი“, 04-10 სექტემბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/348921

ინტერვიუ თამაზ ბაკურაძესთან: „მივმართავ პრემიერ-მინისტრს – კონტროლზე აიყვანეთ ყველა ის თურქული ბიზნესი, რაშიც ჩართულები არიანნაცმოძრაობისლიდერები

„კონტროლზე აიყვანეთ ყველა ის ბიზნესი, გარიგება, წინადადება თუ პროექტი, რომელიც თურქეთიდან მოდის და რაშიც დღემდე ჩართულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები“, – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

როგორც თამაზ ბაკურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, აჭარის ყოფილმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურში თურქ ბიზნესმენს 15-16 ჰექტარი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. მისივე თქმით, ხელვაჩაურში მოქმედი ავეჯის საამქრო, რომლის მეპატრონეც თურქი ბიზნესმენია, 70 ქართველი სამსახურიდან დაითხოვა. უფლებადამცველის ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენი ავეჯის საამქროში დასაქმებულ ქართველებს 600 ლარს იხდის, ხოლო თურქებს 2500 ლარს. სწორედ, ამ ინფორმაციების საფუძველზე მიმართავს თამაზ ბაკურიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„სამწუხაროდ, დღესაც იმ პოლიტიკურ ძალას უკრავენ ტაშს, რომელმაც აჭარა, ფაქტობრივად, თურქეთს ეკონომიკურად აჩუქა. დიახ, ლევან ვარშალომისძის პოლიტიკის წყალობით, დღეს აჭარაში ინვესტიციების 80 პროცენტი თურქეთისაა და 20 ათასამდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. ხვალ ან ზეგ ეს 20 ათასი კაცი თურქეთის ხელისუფლებამ პოლიტიკურ იარაღად რომ აქციოს, აჭარის უმაღლესი საბჭოში პროთურქული ძალა მოვიდეს და ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადონ – თურქეთთან შეერთება გვინდაო, მერე სად მივდივართ?! ხელვაჩაურში, სადაც ადრე ციტრუსების ქარხანა „ნარინჯი“ იყო, დღეს ავეჯის საამქროა. დაახლოებით ერთი წლის წინათ, ქარხნიდან ერთბაშად 70 ადამიანი დაითხოვეს. თურმე თურქი მეპატრონისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. როდესაც მათი უფლებების დასაცავად ადგილზე მივედი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა – შეხედე, რამხელა ტერიტორია უკავიათ, ქარხნისთვის 1 ჰექტარიც კი საკმარისია, მათ კი, დანარჩენი 15-16 ჰექტარი მაინც იყიდესო. აღმოჩნდა, რომ თურქი მეპატრონე ლევან ვარშალომიძესთან დაახლოებული პირი ყოფილა და უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაუცია. თურქების მიერ გახსნილ ფაბრიკებში ქართველებს 600 ლარი აქვთ ხელფასი მაშინ, როდესაც თავიანთ მოქალაქეებს 2500 ლარზე მეტს უხდიან. მრავალმილიონიანი მოგება აჭარის ბიუჯეტში კი არა თურქი ბიზნესმენის ჯიბეში და მათ ბიუჯეტში მიდის. გეკითხებით, ეს დახმარებაა თუ მონობა და დაცინვა?! იმდენად განაგლდნენ, რომ ამასწინათ ბათუმის ცენტრში ყველა ბოძზე თურქეთის სახელმწიფო დროშა ჩამოჰკიდეს“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

Comments are closed