globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 6th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ემირ კუსტურიცასათვის თბილისში საკანია გამზადებული // ვალერი გერგიევისთვისაც, მაგრამ კომფორტის გარეშე

«Region Plus» (აზერბაიჯანი): ოპერაცია „სააკაშვილი“ // უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მტრებიც ერთიანდებიან და მეგობრებიც?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მიხეილ სააკაშვილის უკრაინული თავგადასავალი გრძელდება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კატალონიურ-ქართული მსგავსება და განსხვავებები

——————–

«Независимая газета» (რუსეთი), 06 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-10-06/5_7089_georgia.html
ემირ კუსტურიცასათვის თბილისში საკანია გამზადებული, ასევე ვალერი გერგიევისთვისაც, მაგრამ კომფორტის გარეშე

სტატიაში განხილულია მსოფლიოში ცნობილი ადამიანების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების – სერბეთის მოქალაქის, რეჟისორისა და მომღერლის ემირ კუსტურიცასა და რუსეთის მოქალაქის, ეროვნებით ოსი დირიჟორის ვალერი გერგიევის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლის თაობაზე. როგორ მოექცევიან მათ ქართველი სამართალდამცველები? ერთიც და მეორეც სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფნი, ანუ საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ქართული კანონმდებლობის, კერძოდ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, სამხრეთ ოსეთში ყოფნით მათ დანაშაული ჩაიდინეს და სასჯელი ელოდებათ. „როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სამართალდამცველები კანონის თანახმად იმოქმედებენ და არავის მიმართ გამონაკლისს არ გააკეთებენ. მერე რა, რომ ისინი ცნობილი ადამიანები არიან, უნდა დაფიქრებულიყვნენ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

როგორც ჩანს, გამოჩენილი რეჟისორის ემირ კუსტურიცას საქართველოში ვიზიტი, სადაც იგი ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში უნდა ჩასულიყო, უბრალოდ არ შედგება.

„ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ჟამს „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ მიღებულ საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ სხვადასხვანაირი თვალსაზრისები არსებობს. თვით საქართველოს ხელისუფლებაში თავის დროზე ამ სამართლებრივ აქტს მოწინააღმდეგეები ჰყავდა. მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ კანონი ხელს უშლის აფხაზებთან ოსებთან შერიგების, მათთან კონტაქტების დამყარების პროცესსო. მოგვიანებით დაიწყეს კანონის ცალკეული დებულებების შეცვლაზე ფიქრი, მათი სიმკაცრის შერბილების მიზნით. ანუ ის პირები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდოდა, მას იმდენად პატიმრობა კი არ ემუქრებოდა, რამდენადაც ადმინისტრაციული ჯარიმა. ბოლო დროს კანონდამრღვევების მიმართ ქართველი სამართალდამცველები ძირითადად  საჯარიმო სანქციებს იყენებდნენ.

ემირ კუსტურიცას ჯგუფის The No Smoking Orchestra-ს კონცერტი თბილისში 8 დეკემბერს იყო დაგეგმილი. მანამდე საქართველოს დედაქალაქში დიდი ანშლაგით ჩატრადა ბალკანელი ვარსკვლავის გორან ბრეგოვიჩის კონცერტიც, რომელმაც ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისათვის („ბოშათა დროს“, „ანდერგრაუნდი“, „შავი კატა“) საუნდთრეკები შექმნა. ემირ კუსტურიცას კონცერტისათვის უკვე ბილეთების გაყიდვა დაიწყებული იყო, რომ ვიღაცას გაახსენდა – „მოიცა, ეგ ტიპი ხომ ის არის, რომელიც ცხინვალში იყო და იქ ოსებს შეხვდა? ესე იგი, პუტინის კაცია, მაგის ფეხი არ იყოს თბილისშიო“ და თუ მაინც ჩამოვა, ციხეში საკანი გაუმზადეთ მაგ კანონდამრღვევსო.

ისე, კაცმა რომ თქვას, ემირ კუსტურიცამ ცხინვალში ყოფნისას მართლაც გააკეთა ანტიქართული განცხადებები, ასევე ოსებს დაპირდა ფილმის გადაღებას, რომელშიც მათი თავისუფლებისაკენ სწრაფვა იქნებოდა გადმოცემული. ამ ხმაურიანი დაპირების შემდეგ ქართველმა „სასახლის რეჟისორებმა“ კოლექტიური წერილი გაუგზავნეს ემირ კუსტურიცას, აუხსნეს, რომ საქართველოს ისტორიაში სუვერენული სამხრეთ ოსეთი არასოდეს არსებობდა და სთხოვეს, რომ ხელი აეღო თავის განზრახვაზე. არავინ იცის, წერილმა იმოქმედა თუ სხვა რაიმე ფაქტორმა, მაგრამ ემირ კუსტურიცას ფილმი არ გადაუღია.

როცა სერბმა რეჟისორმა გაიგო, რომ თბილისში მას „თბილ“ დახვედრას უმზადებდნენ განაცხადა, რომ ყოველთვის აინტერესებდა ქართული კინემატოგრაფია, ქართული ხელოვნება და ძალიან უნდოდა საქართველოს სწვეოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა, თუ ხელისუფლება უარს იტყვის მის წინააღმდეგ წაყენებულ პრეტენზიებზე.

პრეტენზიები კი საქართველოს ხელისუფლებას უკან არ მიაქვს, ანუ მას თბილისში ჩასვლისას აუცილებლად დაიჭერენ. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ემირ კუსტურიცა ხელბორკილებში ვნახოთ. ცხინვალში ანტიამერიკანისტი მემარცხენე რეჟისორის მიერ წლების წინ გაკეთებული განცხადებები იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამაც უბრალო ტრაბახად მიიჩნია. როგორც ჩანს, ემირ კუსტურიცას კონცერტის გაუქმებით ოფიციალურ თბილისი კიდევ ერთხელ ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი.

რაც შეეხება ვალერი გერგიევს, არავინ იცის, თუ საიდან გაჩნდა ინფორმაცია მისი თბილისში ჩასვლის განზრახვაზე. ყოველ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოს დედაქალაქში გამოჩნდება, ემირ კუსტურიცასაგან განსხვავებით, მას მაქსიმალურად მკაცრად დასჯიან. ყველას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ  ვალერი გერგიევის დირიჟორობით ორკესტრის მიერ ჩატარებული კონცერტი ცხინვალში – იმ ადგილთან ახლოს, სადაც ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ თავმოყრილი. იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ მისი მოქმედება დაცინვად და აბუჩად აგდებად მიიჩნია. ცხადია, იმის მიუხედავად, რომ ვალერი გერგიევი ცნობილი დირიჟორია, თბილისი მას წყენას არაფერს აპატიებს’, – ნათქვამია სტატიაში.

«Region Plus» (აზერბაიჯანი), 347, 05 ოქტომბერი, 2017 წელი

http://regionplus.az/ru/articles/view/6335

ოპერაცია „სააკაშვილი“

უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მტრებიც ერთიანდებიან და მეგობრებიც?

„უკრაინის საშინაოპოლიტიკური ცხოვრება გასულ თვეში კიდევ ერთი უნიკალური მოვლენით გამდიდრდა. მთავარ ნიუსმეიკერად საზოგადოებას, უკვე მერამდენედ, ისევ მიხეილ სააკაშვილი წარუდგა – საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტის ექს-მრჩეველი, რეფორმების საბჭოს ექს-თავმჯდომარე და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი. არაა გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ვიღაც-ვიღაცეები უფრო დიდი რაღაც მასშტაბური მოვლენის შესანიღბავად იყენებენ, რომელიც უკრაინას ელოდება“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის ყოველკვირეულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ირინა ხალტურინა).

საერთოდ, წლების წინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამოჩენის მიზეზები დღემდე ბურუსითაა მოცული. რატომ ჩავიდა კიევში ამერიკიდან „მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ, ვინ დაავალა, რატომ მიიღეს ხელგაშლით, მოქალაქეობა მიანიჭეს, თანამდებობაზე დანიშნეს  და შემდეგ აითვალწუნეს, გადადგა (თუ გადააყენეს) გუბერნატორობიდან, მოქალაქეობა ჩამოართვეს და როგორ დადიოდა იგი ძალადაკარგული პასპორტით ევროპაში და ბოლოს, როგორ და რატომ დაბრუნდა ისევ უკრაინაში?

დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის „მეორედ მოსვლა“ ქვეყანას ცვლილებებს უმზადებს და არანაირად არ შეიძლება სპონტანურად ჩაითვალოს: ჯერ ერთი, რომ როცა ადამიანს პასპორტი არ აქვს, გარე ძალების დახმარებით ამერიკიდან პოლონეთში ჩასვლა უბრალოდ შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მას ამერიკელი პოლიტიკოსები დაეხმარნენ; მეორე – ვისტან ერთად გამოჩნდა ლვოვში მიხეილ სააკაშვილი? იულია ტიმოშენკოსთან, რომელსაც ძალიან სურს პეტრო პოროშენკოს დამხობა, ამ მიზნისთვის კი მიხო ბულდოზერის, ავანგარდის როლს შეასრულებს. თვითონ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობა არ უწერია (კონსტიტუცია ამის უფლებას არ აძლევს), იულია ტიმოშენკოს კი სრული შესაძლებლობა აქვს“, – წერს ავტორი.

პუბლიკაციაში ფართოდაა განხილული უკრაინის პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა, ხელისუფლებაში არსებული ფარული დაპირისპირებები („ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ ვის ბანაკში აღმოჩნდება გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი, რომელიც ფარულად უპირისპირდება პეტრო პოროშენკოს, საშინლად სძულს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ახლო ურთიერთობები აქვს მის „დობილ“ იულია ტიმოშენკოსთან და „ძმობილ“ იგორ კოლომოისკისთან“). სტატიაში მოხსენიებულია აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის მიერ გაჟღერებული ვერსია ამერიკულ „ცეერუ“-სთან მიხეილ სააკაშვილის კავშირების თაობაზე.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/saakashvili-seeks-for-acsylum/4057996.html

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული თავგადასავალი გრძელდება

ნანა საჯაია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრიანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

უკრაინის მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის თავზე, სააკაშვილს მოქალაქეობა უკრაინამ გასულ ივლისს ჩამოართვა. მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, სააკაშილი უკრაინაში გასულ თვეს, ასობით მხარდამჭერის და დაცვის თანხლებით პოლონეთის საზღვრიდან შევიდა. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის ქალაქ ლვოვის სასამართლომ ის, დაახლოებით, 130 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაბრუნებას “კრიმინალს” უწოდებს მისი ყოფილი მოკავშირე და წარსულში თანამებრძოლი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც სამართალდამცავებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთისას კანონი არ დაურღვევია და უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრებს მოქალაქეობის საკითხს.

სამშაბათს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა სააკაშვილის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა “რაც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, შეაჩერებს მის [საქარველოში] ექსტრადიციას,” განაცხადა ლუცენკომ. მისი თქმით, სააკაშვილის მოთხოვნას შესაბამისი უწყება შეისწავლის, რასაც “რამდენიმე კვირა დაჭირდება.”

საქართველოს და უკრაინის საკითხებზე ვაშინგტონში მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის არსებულ დაძაბულობას უკრაინის პრობლემებიდან ყურადღება ამ დაპირისპირებაზე გადააქვს:

“ეს პიროვნული პრობლემები, მოვლენების სერიალის მსგავსად განვითარება არ ადგება არც საქართველოს და არც უკრაინას. ამ ხმაურს, რაც სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტ პოროშენკოსთან მის ურთიერთობას მოჰყვა, ყურადღება გადააქვს. ეს არ არის საკითხი, რაზეც უკრაინა ან საქართველო უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი,” ამბობს ეველინ ფარკასი, “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი და თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილი ასისტენტი.

ფარკასის თქმით, შექმნილი ვითარება არც ერთი ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის: “არ მგონია დიდი, საჯარო საპნის ოპერები სასარგებლო იყოს. ახლა უკრაინას შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დინამიკაში ფხიზელი და ფოკუსირებული მიდგომა სჭირდება, უნდა ფოკუსირდეს კორუფციასთან ბრძოლაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, კანონის უზენაესობაზე, საშუალო უკრაინელების კეთილდღეობაზე.”

ფარკასის შეფასებას იზიარებს დევიდ კრემერი, “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.

“ჩემი აზრით, უკრაინელების უმრავლესობას არ სურს ამ საკითხზე დროის დახარჯვა. როგორც ჩანს, ეს არის პრობლემა სააკაშვილს და პოროშენკოს შორის, რაც უკრაინელებს, ქვეყანას და მთავრობას აცდენს პრიორიტეტული საკითხებიდან. ვფიქრობ არ იყო აუცილებელი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოროშენკოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ მათთვის, ყველასთვის, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რაზეც უნდა მუშაობდნენ,” ამბობს კრემერი.

ის იმედოვნებს, რომ ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება შეძლებენ ქვეყნის მთავარ პრობლემებზე ფოკუსირებას, როგორიცაა სუვერენიტეტის დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური განვითარება. ამ საქმეში კრემერს ურკაინის სამოქალაქო საზოგადოების იმედი აქვს, “სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს უკრაინის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ მთავარ ძალას,” დასძენს ის.

სანამ სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უკრაინის პასუხს მიიღებს, ის 17 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება. კიევში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ის ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნას, პარლამენტარებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას და ახალი საარაჩევნო კანონმდებლობის შექმნას მოითხოვს. მხარდამჭერებს მან “ეშმაკის დასამარცხებლად” დახმარება სთხოვა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/catalonia-georgia-differences-and-similarities/4058101.html

კატალონიურ-ქართული მსგავსება და განსხვავებები

ნინო დალაქიშვილი


სეპარატიზმი – ასე უწოდებენ კატალონიელების სურვილს შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. დაძაბულობა ესპანეთში იზრდება, მადრიდს არ სურს კატალონიის გარეშე ცხოვრება. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კატალონია, ესპანეთისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრი ვერ იქნება და შესაბამისად, ვერ ისარგებლებს იმ ბენეფიტებით, რასაც ეს გაერთიანება სთავაზობს წევრებს. საქართველომ სეპარატიზმის პრობლემა ვერ გადაიტანა. დაღი, რაც თავის დროზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითნებურად განცალკევებამ ქვეყანას დაასვა, დღემდე მკვეთრი და საგრძნობია. როდესაც სეპარატიზმზეა საუბარი, იქ ყოველთვის არსებობს შიში, რომ ამგვარი პრობლემის წინაშე, შესაძლოა, თავადაც მარტივად აღმოჩნდეს სხვა ქვეყანაში სეპარატიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო, ამიტომ სიმპატიის დაფიქსირებაც კი რთულია მსგავს შემთხვევაში. მეორეს მხრივ, თვითგამორკვევის უფლება ყველა ერს აქვს და მისი უგულვებელყოფა დაუშვებელია.

რა საერთო ძაფი შეიძლება დავინახოთ აფხაზურ, ოსურ და კატალონიურ სეპარატიზმს შორის და რაა განსხვავება, ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება ჩავწერეთ.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პროფესორი დავით დარჩიაშვილი, უსაფრთხოების კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ამბობს: „პარალელები კაცობრიობის ისტორიაში ბევრი შეიძლება მოიძებნოს. პარალელებია ის, რომ ადამიანებს ახასიათებთ ბედნიერებისკენ სწრაფვა, გამრავლების უნარი… ნაციონალიზმის ფაქტორი იყო საქართველოში და არის კატალონიაშიც. ესეც პარალელია, მაგრამ ამ ზოგადი, ფუნდამენტური მახასიათებლების მიღმა, სპეციფიკა არის სერიოზული და განსხვავებული. იქ არის ევროპული ნაციების დემოკრატიულ, ლიბერალურ ერთეულებს შორის გარკვეულ ფუნქცია – უფლებამოსილებებს შორის კონფლიქტი. აქ ჩვენ გვქონდა ეთნიკური წმენდა. სისხლით, სპეცსამსახურების აქტივობით პირდაპირი წაგლეჯვა ტერიტორიებისა. სეპარატიზმის მაქსიმალური წახალისება გარე ძალის მიერ, რამაც მიგვიყვანა, სადამდეც მიგვიყვანა. შეადარეთ, რა არის კატალონია და რა ცხინვალის რეგიონი, ან თუნდაც აფხაზეთი. მთავარი მაინც ისაა, რომ ცივილიზაციური განსხვავებაა ძალიან დიდი.“

სამართალდამცავთა მხრიდან დამოკიდებულებას დემონსტრანტების მიმართ კატალონიაში უარყოფითად აფასებს დავით დარჩიაშვილი, თუმცა იმედს იტოვებს, რომ კატალონიის საკითხის პოლიტიკური დისკუსიის გზით მოგვარება შესაძლებელია. „რაც შეეხება ესპანეთში მომხდარ ამბებს, ეს პრობლემაა, თავის ტკივილია მთელი ევროკავშირისთვის, მით უმეტეს ესპანეთისთვის. სახელმწიფოს ერთიანობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მაქსიმალურად ცივილიზებულად და ცივი გონებით უნდა ამ საკითხს გადაწყვეტა. არა ისე, რის ნიშნებიც დავინახეთ ჩვენ ბარსელონაში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც პოლიციელები არც თუ მაინცდამაინც სასიამოვნოდ და ევროპულად ეპყრობოდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება შემცდარებად ჩათვალო, ან არ ჩათვალო შემცდარებად. ამ პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა, მე მგონი, არ არსებობს. საქმე გვაქვს ევროპასთან, მილიონიან ერებთან და ვფიქრობ, გამოსავალი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც პოულობს ხოლმე ბრიტანეთი. პრობლემა ძველია და ეს უნდა იყოს პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ხელების გადაგრეხვას, რაც ახლა ხდება“.

გიორგი კანაშვილი კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ოსეთის შემთხვევაში ზედმეტია საუბარი თვითგამორკვევაზე. მათ სურთ გამოეყონ ერთ ქვეყანას და მიუერთდნენ მეორეს. ისინი იმთავითვე საუბრობდნენ რუსეთთან მიერთებაზე. შესაბამისად, ცხინვალის შემთხვევა უფრო ირიდენტისტული იყო, ვიდრე სეპარატისტული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების სამხედრო ფაზა დაკავშირებული იყო ერთი დიდი წარმონაქმნის დაშლასთან და ახალი ერის დაწყებასთან, პოსტ–საბჭოთა პერიოდთან, მაშინ, როდესაც კატალონიის გამოყოფა არ არის ევროკავშირის დაშლასთან მიბმული. ეს პროცესები უნიკალურია და ერთადერთი, რაც შეიძლება დავინახოთ საერთო, ის გახლავთ, რომ ზოგადად ერებს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში უჩნდებათ საიდანღაც გამოყოფის ან ვინმესთან მიერთების სურვილი.“

კატალონია და ესპანეთი ისტორიის რთულ პერიოდს გადის. მას აფხაზეთისა და ოსეთის შემთხვევას თუ შევადარებთ, პირველსა და მკვეთრად თვალშისაცემს მენტალობის თვალსაზრისით არსებულ განსხვავებას დავინახავთ. კატალონიელების არჩევანი დღეს გააზრებული და აწონილ–დაწონილია, რაც განსხვავდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ერების/ხალხების მიერ თავისუფლების არსის გააზრებისგან.

Comments are closed