„რეზონანსი“, 6 დეკემბერი, 2014 წელი
სერგეი ლავროვი: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია
(სოსო ცინცაძის კომენტარი)
როგორც ცნობილია, 5 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გამორიცხული არაა. სტატიაც სწორედ ამ თემას ეხება, მასში გადმოცემულია ქართველ ექსპერტთა კომენტარები (ავტორი – მაია აბაიაძე).
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. „საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით დრო და დრო კეთდება განცხადებები. სერგეი ლავროვის მიერ ამჯერად გაკეთებული განცხადება შეიძლება ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკავშირდებოდეს. ასეთ შეხვედრებს ყოველთვის წინ უსწრებს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა განვაცხადო, რომ არანაირი სერიოზული მუშაობა, თუნდაც მოსამზადებელი, არ მიმდინარეობს, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, თავად იდეაც კი მისასალმებელია და იგნორირებას არ იმსახურებს. „თვითონ იდეა, რასაკვირველია მისასალმებელია და არ იმსახურებს წაყრუებას ან იგნორირებას. ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა მოსალოდნელი შედეგის თვალსაზრისით საქართველოს პირველი პირის შეხვედრა, მაგრამ დასაწყისისთვის, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად – რუსეთთან დარეგულირების პროცესის ჩიხიდან გამოყვანის თვალსაზრისით, ესეც წარმატებულად ჩაითვლება.
„არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ არ შედგეს გარკვევა დიპლომატიური თვალსაზრისით და არც რაიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადებას ველოდები, მაგრამ ის, რომ ორი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდება და დაელაპარაკება, თუკი ასეთი შეხვედრა შედგა, ეს უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. „ამის შემდეგ კი უკვე რეალურ ფორმებს მიიღებს საქართველოს პრემიერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ხვდება გერმანიის, იტალიის, ისრაელის ან სხვა ქვეყნების არა პრეზიდენტებს არამედ პრემიერ-მინისტრებსა და კანცლერებს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სუბორდინაციის ფაქტორს არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
„ახლა უკვე ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ მხარეზე და პოლიტიკურ ნებაზე. ასეთი შეხვედრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს პოლიტიკური დემაგოგიისა და სპეკულაციის თემად, ვინაიდან დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს პროდასავლური კურსის რადიკალურად შეცვლა და საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ დაბალანსებაზე. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი დღეს დაინტერესებულია თავის მეზობლებთან ურთიერთობის დალაგებით. რასაკვირველია, ილუზიები არავის არ უნდა ჰქონდეს და არავინ არ უნდა ელოდოს იმას, რომ პუტინი პირველსავე ასეთ შეხვედრაზე საუბარს დაიწყებს დეოკუპაციისა და საქართველოს აღდგენაზე. ასეთი ღრმა კრიზისიდან გამოსვლა ერთი და ორი შეხვედრით არ ხდება. ეს არის ხანგრძლივი და რთული პროცესი. ამიტომ, რაც ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის“, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
როგორც პეტრე მამრაძე აცხადებს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როცა რუსეთმა აფხაზეთთან ხელშეკრულება გააფორმა, როცა ამ ფაქტმა საერთაშორისო ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ისმის კითხვა, როგორი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ვლადიმერ-პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას? რაზე უნდა ისაუბრონ, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ?
რაც შეეხება შეხვედრის ინტერესს, აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან არავითარი ინტერესი არ არსებობს. მსგავსი შეხვედრისათვის მხარეებს განსახილველი არაფერი აქვთ. საქართველოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაუქმება აინტერესებს, დეოკუპაცია და ბაზების გაყვანა აინტერესებს, რასაც რუსეთი არ გააკეთებს, – აცხადებს პეტრე მამრაძე.