globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 6th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: მსოფლიოს ახალი გადანაწილების დასაწყისი – აშშ და რუსეთი მოლაპარაკებას იწყებენ

„რეზონანსი“: გამოიყენეს თუ არა ლარის კურსი შანტაჟისთვის” // „პერმანენტულად იქნება სავალუტო კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე  ვერ დადგება”

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მარტის დასაწყისში ქვეყანაში კრიზისი დაიწყება“

„რეზონანსი“: საახალწლოდ ელოდებით თუ არა ფასების მკვეთრ მომატებას?

„რეზონანსი“: დიდ და მცირე ხელფასიან მოხელეებს ანაზღაურებას ერთნაირად უმცირებენ? // არც ერთ სამთავრობო უწყებაში ამის შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ

„რეზონანსი“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი“ // ხელისუფლებამ კიდევ უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არ ახმოვანებს

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „მომავალ წელს ლარი ძალიან სწრაფად გამყარდება“ // „საქართველოში მილიარდობით დოლარის ინვესტიციები შემოვა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „მოსახლეობას პანიკაში ტყუილად აგდებენ“ // „ჩვენი ხელისუფლების გეგმა უცხოელმა ექსპერტებმაც მოიწონეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „ხელისუფლება ხალხს კომბლების რევოლუციისკენ უბიძგებს“ // „საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „საქართველო იმის ღირსია, რაც მის თავს ხდება“

——————-

„რეზონანსი“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

მსოფლიოს ახალი გადანაწილების დასაწყისი – აშშ და რუსეთი მოლაპარაკებას იწყებენ

ნინო ქეთელაური

ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა – ასე აფასებს ქართველი ექსპერტების ნაწილი რუსეთ-აშშ-ს შორის მოლაპარაკების შესაძლო შედეგებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, ამ კვირაში მოსკოვი და ვაშინგტონი სირიის ქალაქ ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. აღნიშნული მოლაპარაკების შედეგებს ექსპერტები მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს საღამოს, ან ოთხშაბათს დილით, ჟენევაში ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის თაობაზე რუსეთი და აშშ მოლაპარაკებას დაიწყებენ.

სერგეი ლავროვის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ის მეამბოხეები, რომლებიც ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში დარჩებიან, მიჩნეულნი იქნებიან ტერორისტებად და რუსეთი მხარს დაუჭერს სირიის არმიას მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში.

როგორც “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რუსეთი აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთლიანად სამეზობლოში, დათმობაზე უნდა წავიდეს.

“ნებისმიერი ურთიერთობა, რამდენად დაძაბულიც უნდა იყოს, საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებით სრულდება. აქ საკითხი ასე დგას, რა შედეგებს მოიტანს მოლაპარაკებები?! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსეთი რამდენად არის მზად, რომ სირიის საკითხში და ზოგადად თავის სამეზობლოში, სადაც აშკარად გამოხატულ აგრესიას აწარმოებს, დათმობაზე წავიდეს.”ვფიქრობ, ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა, რადგან მის მიმართ სანქციები არა თუ უქმდება, პირიქით, მკაცრდება, რაც ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკისთვის. ბუნებრივია, ეს რამდენიმე დღეში არ იძლევა შედეგს, მაგრამ დაახლოებით 2 წელიწადში ეს მისთვის უკვე სერიოზული ზიანის მომტანი იქნება და რუსეთი იძულებული გახდება, კომპრომისზე წავიდეს”, – ამბობს ირაკლი კიკიანი. როგორც იგი აღნიშნავს, ლიდერების ცვლა ბადებს აზრს, რომ მოლაპარაკებები ახალ სტადიაში გადავა, მაგრამ “იმედი ერთია და რეალური მდგომარეობა – მეორე.”

“აშშ-ში ლიდერების ცვლა არ აიწვევს ხოლმე მისი საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შემობრუნებას. მისი საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში, განისაზღვრება ათწლეულობით წინასწარ და აქედან გამომდინარე, ძირეული ცვლილება წარმოუდგენელია. თუმცა ერთგვარი განგრძობითობა ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესა, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი დათმობებზე არ წავა და არ აღიარებს იმ საერთაშორისო ნორმებს, რომელზე ხელი თავადაც აქვს მოწერილი”, – აღნიშნავს ირაკლი კიკიანი. როგორც იგი განმარტავს, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსული მხარის წინაწარი იმედი დარჩება ცარიელ სიტყვებად, თუ ის რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

“ეს იქნება რუსეთის ფუჭი იმედები, თუ არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორებს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და მოლდოვაში. შეიძლება ითქვას, რომ სირიაც ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევაა, რუსეთის მხრიდან. სამივეგან ერთი ხელწერა – აგრესიული ქმედებით საკუთარი პოლიტიკის განხორციელება”, – ამბობს ირაკლი კიკიანი და მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო დათმობებს ასე განიხილავს: „გასაგებია, რომ დიპლომატია მოლაპარაკებების ხელოვნებაა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამერიკამ დათმოს თავისი ფასეულობები, რის ირგვლივაც მან მთელი მსოფლიო გააერთიანა. ამერიკა სასიცოცხლო ინტერესებს არ დათმობს, რადგან ეს ნიშნავს მთელი მსოფლიოს წესრიგის ჩამოქცევას. ამაზე არა თუ აშშ, არამედ მთლიანად დასავლეთი არ წავა.

“აქ საქმე არ შეეხება კონკრეტულად უკრაინას, ან სირიას, აქ საუბარია სასიცოცხლო ინტერესებზე, რომელსაც ყველა ცივილიზებული ქვეყანა პატივს სცემს. მითუმეტეს, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამა თუ იმ სიტუაციაზე სათანადოდ ვერ რეაგირებენ და ამერიკას თავის თავზე უწევს ამის აღება. რაც შეეხება რუსეთს, ის იძულებული იქნება შეცვალოს თავის რიტორიკა, რადგან რთულია დაუპირისპირიდე ცივილურ სამყაროს. რუსეთი დასავლეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ, მასთან ურთიერთობის დარეგულირება მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – ამბობს ირაკლი კიკიანი.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ალეპოში ვითარება ასადის რეჟიმის სასარგებლოდ ვითარდება და სირიის სამთავრობო ძალები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ მას, გარდა მისი აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეული რაიონებისა.

“ამ ფონზე, როგორც რუსული მხარე, კერძოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, ჯონ ქერისგან ალეპოში სიტუაციის დარეგულირების შემოთავაზება მიიღო. წინადადებები ეხება, ყველა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ალეპოს დატოვების კონკრეტულ ვადებს და მარშრუტებს. რუსებს დანაკარგებიც ჰქონდათ – სარაკეტო შეტევის შედეგად დაიბომბა რუსული ჰოსპიტალი, განადგურდა რამდენიმე კარავი, არის მსხვერპლი. ასევე ავიამზიდ “ადმირალ კუზნეცოვზე” დაფრენის დროს კატასტროფა განიცადა ავიაგამანადგურებელმა “სუ-33″-მა. რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ შეთანხმებას, ამ ეტაპზე, დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ალეპოს საკითხს შეეხება. შემდგომ თანამშრომლობაზე ჯერ ინფორმაციები არ ვრცელდება და აშშ-ის მიერ პოზიციების დათმობის პროგნოზირების საფუძველს, ჯერ არაფერი მაძლევს. გაეროში გადაწყვეტილების პროექტი განიხილება სირიაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელსაც რუსეთი აპროტესტებს”, – ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევისას ყოველთვის არის რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობა და ამ პროცესებს ჩვენ ისევ ვიხილავთ.

“როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა და როგორ შეძლებენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯერებას, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რუსეთმა ბოლო წლებში შეძლო დაბრუნებულიყო მსოფლიო არენაზე, როგორც ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე. თუმცა, არა მგონია, მისი მადა, მიუხედავად არჩეული პრეზიდენტის განცხადებებისა, სრულად იქნას დაკმაყოფილებული. დონალდ ტრამპი მალე მიხვდება, რომ რამდენიც უნდა დათმოს, რუსეთის ახალ ამბიციებს ჩარჩოებში ვერ ჩასვამს და ადრე თუ გვიან ისევ დაპირისპირებამდე მივლენ. მთავარია ამ დაპირისპირების ზოლზე ჩვენ არ აღვმოვჩნდეთ”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

„რეზონანსი“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

გამოიყენეს თუ არა ლარის კურსი შანტაჟისთვის”

პერმანენტულად იქნება სავალუტო კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება”

მარიკა გოგოხია

წინა კვირას ლარის თავბრუდამხვევი მანევრი ერთ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის დღეს ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე საათის განმავლობაში არნახული ნახტომი შეასრულა ჯერ გაუფასურების, ხოლო შემდეგ გამყარების მიმართულებით. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ 1-ელ დეკემბერს მოხდა სპეკულაცია და შანტაჟი ბანკების მხრიდან. პირველ დეკემბერს პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს 3 წევრს – არჩილ მესტვირიშვილს, მურთაზ კიკორიას და რობერტ სინგლეტერს – ამტკიცებდა. ეს ის ხალხია, რომლებიც კომერციული ბანკების ლობისტებად აღიქმებიან. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობის ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი ამ კანდიდატების მიმართ. დიდი ალბათობით, შეიძლებოდა ამ კანდიდატურების ჩავარდნა, რადგან მათ წინააღმდეგ უმრავლესობის წევრებმაც მკაცრად გაილაშქრეს. ბანკებმა თავისი ბრჭყალები გამოაჩინეს და სავალუტო ბაზარზე არნახული მიწისძვრა მოაწყვეს, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ კომერციული ბანკები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში დაადანაშაულა: “ის, რაც მოხდა, არის სირცხვილი. ეს იყო ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც ჩვენ დავინახეთ, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. ეს იყო კრიზისის გათამაშება იმ ბანკების მხრიდან, ვინც თანხას აწვდის სავალუტო ჯიხურებს. სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ მომხდარით, ეს იყო მტაცებლური ნაბიჯი უმსხვილესი მოთამაშეების მხრიდან. თუკი რეგულაცია არ იარსებებს, პროცესი წავა უკუსვლისკენ. ველოდები სახელმწიფოსგან რეაგირებას”, – აღნიშნა მან.

ანალიტიკოსი ნოდარ ჭიჭინაძე ვერ ადასტურებს, რა მოხდა რეალურად, თუმცა აღიარებს, რომ ლარის მიმართ ტიპიური სპეკულაციისა და შანტაჟის მომსწრე გახდა.

“დახურული თემაა, რა მოხდა რეალურად, რიგითი ადამიანებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალური პირებისგანაც დამაჯერებელი ახსნა ვერ მოვისმინე. პრობლემა ისაა, რომ სავალუტო კურსის დადგენის არსებული მექანიზმი იძლევა სპეკულაციური გარიგებების საშუალებას და იგი არაფორმალური გავლენის ძალიან დიდ რისკს შეიცავს. ვგულისხმობ იმას, რომ კურსი დგინდება მხოლოდ და მხოლოდ ბანკებს შორის არსებული გარიგებების საფუძველზე, რაც ცხადია, არ არის ეკონომიკის გამოძახილი. არ მინდა გადაჭარბებულად მივიღო მონაწილეობა ბანკების იმიჯის დაზიანებაში, ისევე, როგორც მათ დაცვაში. თუმცა, იმაში, რაც 1-ელ დეკემბერს მოხდა, კომერციული ბანკების პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად არის. სებ-ი არის ინსტიტუტი, ვინც ვალდებულია სპეკულაციისგან დაიცვას ბაზარი, მაგრამ მან არაფერი გააკეთა, თუ არ ჩავთვლით აბსურდულ განცხადებას, რომელსაც მომხდართან საერთო არაფერი აქვს”, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

შავი ხუთშაბათის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მალევე გააკეთა განმარტება, მაგრამ ისე, რომ ნათქვამს დამაჯერებლობა აშკარად აკლდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქცენტი შექმნილ კვლავ მოსახლეობას დაბრალდა.

“რაც სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი. სამწუხაროდ, ბაზრებს ახასიათებს ასეთი მოვლენა, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. ამიტომ გუშინ განვითარებული მოვლენების შემყურე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შემობრუნებულიყო”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სებ-ის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს. ნოდარ ჭიჭინაძის შეფასებით გასარკვევია, თუ რამდენად სწორია მოქმედი კომერციული ბანკის მაღალჩინოსნის ეროვნულ ბანკში ზარზეიმით გადაბარგება.

“სხვა კანდიდატების მიმართ კითხვის ნიშნები ნაკლებადაა. პროფესიულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მოქმედი კომერციული ბანკის მაღალჩინოსნის სებ-ში გადასვლა სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, კომერციული ბანკის ლობისტის სებ-ში გადასვლა რისკს ნამდვილად შეიცავს და ამას ვერ უარვყოფთ”, – აღნიშნავს ნოდარ ჭიჭინაძე.

ის, რომ სავალუტო რყევა ხელოვნურად ხდება, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავაც ადასტურებს. მისი განცხადებით, მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა საქართველოში, მაგრამ არც ადრე და არც ახლა შეფასდა სათანადოდ.

“ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტირებული მსჯელობა, თუ რატომ ვარდება სავალუტო კურსი ასე მყისიერად და ასევე დაუსაბუთებლად რატომ მყარდება. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში სავალუტო კურსის ფორმირება ატარებს მახინჯ, არასაბაზრო ხასიათს. სებ-მა კურსის ფორმირების ისეთი სისტემა შექმნა, სადაც მისი კონტროლი ნულოვანია და არ შეუძლია გააკონტროლოს კომერციული ბანკების ქმედება კურსთან დაკავშირებით, ანუ არ შეუძლია გამორიცხოს კურსის ხელოვნურად მართვის ფაქტები საბანკო სექტორის მხრიდან. ბანკებს შეუძლიათ სავალუტო კურსის ყიდვა-გაყიდვაზე დადონ ერთმანეთს შორის გარიგებები, არ შეასრულონ, თავად მართონ და მიიღონ კურსი, რაც მათ მოცემულ მომენტში სჭირდებათ”, – აცხადებს ლია ელიავა და დასძენს, რომ აუცილებელია კურსის ფორმირების მეთოდოლოგიის შეცვლა.

რაც 1 დეკემბერს მოხდა, სებ-მაც და კომერციულმა სექტორმაც გარკად იცის, მაგრამ ხმას არც ერთი არ იღებს. სანამ ქეყანაში არ არის სავალუტო ბაზარი და არსებობს მხოლოდ “ბლუმბერგი”, ლარის ბედი ყოველთვის საბანკო სექტორისა და სებ-ის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. სხვანაირად პერმანენტულად იქნება სავალუტო კრიზისი, ლარის ვარდნის პროცესი და ქვეყნის ეკონომიკა ვერ დადგება ფეხზე”, – აცხადებს ლია ელიავა.

დიდ სპეკულაციასთან დაკავშირებით პასუხსიმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. იგი არ გამორიცხავს, რომ რაღაც დოზით ბაზარზე ბანკების მიერ გამოწვეული აჟიოტაჟიც იყო.

“პირველ დეკემბერთან დაკავშირებით, ბევრი ამბობს, რომ სპეკულაციური მომენტი იყო, გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ბანკების კლიენტების აჟიოტაჟიც იყო, რამაც შემდეგში დომინოს ეფექტი მიიღო. ბანკებს თუ აქვთ საშუალება, რომ გააკეთონ ფული რაღაც ოპერაციებით, თუნდაც არაკეთილსინდისიერი იყოს, უკან არ დაიხევენ. აქ უფრო სებ-ის პასუხისმგებლობის მომენტია, უნდა შექმნას საბირჟო სისტემა, რომელიც ბანკებს სპეკულაციის საშუალებას არ მისცემს”, – აცხადებს ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ სებ-მა უნდა მიიღოს ის მექანიზმი, რაც აქამდე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მუშაობდა.

ფაქტია, რაღაც კომბინაცია გათამაშდა. რაც უნდა იყოს, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს ის მექანიზმი, რაც აქამდე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მოქმედებდა და ლარს მკვეთრი რყევებისგან იცავდა. სებ-მა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს მიდგომა. ამას თუ არ გააკეთებს, სულ ასეთ ციებ-ცხელებაში იქნება ლარი”, – დასძინა ვახტანგ ხომიზურაშვილი.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ბოლო დღეებში მომხდარი პროცესების გამო ბიზნესმა ძალიან იზარალა. მისი განცხადებით, მთავრობა დაინტერესებულია, იცოდეს სიმართლე.

“არ ვიცი, რა მოხდა რეალურად, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ იყო მოთხოვნის შოკი, როგორადაც ეს ფაქტი ზოგიერთის მხრიდან შეფასდა. ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ. რეალურად მოხდა მიწოდების დეფიციტი. ბინზესმა და მოსახლეობამაც მტკივნეულად გადაიტანა ეს პროცესი, ჩვენ ძალიან დავზარალდით. მთავრობა დაინტერესებულია, რომ გაირკვეს სიმართლე. მომავალში მმართველი გუნდი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, სწრაფ და მყისიერ რეაგირებას მოახდენს”, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

„რეზონანსი“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მარტის დასაწყისში ქვეყანაში კრიზისი დაიწყება

ელზა პაპოშვილი

ეკონომიკის ექსპერტი და ანალისტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ წამოყენებული ინიციატივები, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს ნაკლებად პასუხობს. მისი თქმით, ეს ღონისძიებები საკმარისი არ იქნება, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორის მოგების გადასახადიდან გათავისუფლება დიდი შეცდომაა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ბანკირების მენტალიტეტზეა მორგებული, რაც ქვეყანას და პრემიერ-მინისტრს კარგს არაფერს მოუტანს.

- როგორ შეაფასებთ მთავრობის ახალ ინიციატივებს და მოახერხებს თუ არა ხელისუფლება “დედოლარიზაციის” გეგმის განხორციელებას, რომლითაც ლარის კურსის ვარდნის შეჩერებას აპირებს?

- რაღაც უკეთესობა ჩანს, თუმცა სისტემურად იმ გამოწვევებს რომ პასუხობდეს, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. არ მგონია, რომ ეს ღონისძიებები საკმარისი იყოს იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება მოხდეს. ქვეყანაში საკმაოდ მაღალი სოციალური რისკები არსებობს და მთავრობის ოპტიმიზმი გადაჭარბებული მგონია. მათი მოქმედებები საკმაოდ ეკლექტურია, თუნდაც მოგების გადასახადის დაწესება, რომელსაც ეკონომიკური აღმავლობის ფუნდამენტურ საკითხად გვთავაზობდნენ. წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ აქციზის მატების სახით, მოსახლეობის ჯიბეებიდან ფული ამოიღეს. ეს კი ირიბად ეკონომიკიდან ფულის ამოღებას ნიშნავს. ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას ისეთი მწყობრი წარმოდგენა არა აქვს, რომლითაც პრობლემები უნდა გადაწყდეს. მეჩვენება, რომ ხელისუფლებას მომავლის შიში აქვს და ჰგონიათ ბიიუჯეტის შევსებას ვერ მოახერხებენ. მოგების გადასახადთან დაკავშირებით კითხვები მიჩნდება, საბანკო სექტორს მოგების გადასახადიდან რატომ ათავისუფლებენ? საბანკო სექტორის რეინვესტირება, ცოტა არ იყოს, უცნაური თემაა, თუ ინვესტიციებში ახალი ოფისების გახსნას აპირებენ, ეს არ ვიცი. საბანკო სექტორი პრაქტიკულად ყველა გადასახადიდან გათავისუფლებულია. მოგების გადასახადიდან მისი გათავისუფლება ახალ კითხვებს აჩენს.

- პირველ დეკემბერს ლარის კურსის ასეთმა მასშტაბურმა და უცაბედმა ვარდნამ, ბანკების მიმართ გარკვეული ბრალდებები გააჩინა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ბანკებს უნდა ეკითხებოდეს ფინანსური პოლიტიკა როგორ მართოს?

- შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ბანკირების მენტალიტეტზეა მორგებულ. გამომდინარე იქიდან, რომ კვირიკაშვილიც და ქუმსიშვილიც ყოფილი ბანკირები არიან. ბანკი ფაქტობრივად არაფერს არ აწარმოებს და ისედაც შეღავათიან პირობებში არიან. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სეგმენტია. მისი მოგების გადასახადიდან გათავისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საბანკო სფეროს, ლობისტური ჯგუფი საკმაოდ კარგად თამაშობს. ისინი დღეს ქვეყნის ეკონომიკაში თამაშის წესებს ამკვიდრებენ, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ სახიფათოა. მეტსაც გეტყვით, ეს თავად ბანკირებისთვისაც საშიში თამაშია. ეს თუ დადასტურდა, ფატალური იქნება, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის.

მართალია, ხელისუფლებას ბანკებთან კოორდინაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ მათ არ უნდა უთანხმებდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის კურსის ვარდნა ბანკების სპეკულაციით იქნა გამოწვეული. სახელმწიფო ფულზე არ იგება. ქვეყანა ეკონომიკის რეალურ სექტორზე იგება. ბანკირები კი, როგორც წესი, ამას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ. ბანკირების გაერთიანება, დღეს ქართულ ეკონომიკას თამაშის წესებს კარნახობს, რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებას შიდა ვალი აქვს, რის გამოც ბანკებთან დაპირისპირება არ სურს…

- ხელისუფლებამ ბანკებთან მეტი რბილი პოლიტიკა რაღა უნდა აწარმოოს, საბანკო სექტორი მოგების გადასახადისგან გაათავისუფლა, მეორე კი იპოთეკარების დახმარების მაგივრად ხელისუფლება მათ ეხმარება. რეალურად, ბანკებს იპოთეკარებთან ახლა სერიოზული პრობლემები აქვს. უძრავი ქონება რომც წამოიღონ, სად უნდა წაიღონ და ფაქტობრივად ამ ფულის ჩარიცხვით, ისევ და ისევ, მათი საქმე კეთდება. ამას ცოტა ხანში ვნახავთ.

- ლარის კურსის ვარდნა და ქვეყანაში ფასების მატება, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების საერთო უკმაყოფილებას და სოცილურ აფეთქებას ხომ არ გამოიწვევს?

- ჩვენ უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, სოცილური რევოლუცია და კრიზისი საქართველოში არ ყოფილა და ამის ტრადიცია არა გვაქვს. ქართველის მენტალობაში, ქუჩაში გამოსასვლელად კუჭი მოტივაცია არ ხდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოცილური მამოძრავებელი ძალა, რომელიმე პოლიტიკურ გართულებას არ მიებმება.

ფართომასშტაბიანი აქციების დროს, 80%-ი სოციალურად უკმაყოფილო ადამიანი იყო. ნებისმიერი კრიზისის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის სოციალური იყო. თუ რამე პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყო, ბუნებრივია, ეს სოცილური რისკის ჯგუფი, ამ აქციებს გაამაგრებს და მასშტაბს შეძენს. თუმცა იმდენი პრობლემები დაგროვდა, რომ ზვავის ეფექტს მივიღებთ. მარტის დასაწყისში ქვეყანაში უკვე კრიზისი დაიწყება. საახალწლო სუფრაზე ხალხი ყველაფერს შეჭამს და ხელისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება. რამდენად მასშტაბური იქნება ეს, ამის თქმა მიჭირს.

„რეზონანსი“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

საახალწლოდ ელოდებით თუ არა ფასების მკვეთრ მომატებას?

თიკო ოსმანოვა

ლარის თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ და აქციზის მომატებამ პროდუქტებზე ფასების გაზრდა უკვე გამოიწვია. გაძვირებულია თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრობა. თუმცა, მიუხედავა ამისა უმრავლესობაში აცხადებენ, ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მისივე თქმით, ახალი წლისთვის ფასების ზრდა შესამჩნევი არ იქნება. როგორც ძიძიგურმა განმარტა, ეს მეცნიერულად არის გათვლილი. “ეს არის გათვლილი მეცნიერულად, ექსპერტულ დონეზე და ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ოთარ კახიძის განცხადებით კი, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პირობები, ათი ათასობით ლარი იხარჯება მერიის თანამშრომლების “დახვეწილობის კურსებზე”. მისივე თქმით, ეს ამორალურია და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რა ხელისუფლებასთან აქვს საქმე.

საახალწლოდ ელოდებით თუ არა ფასების მკვეთრ მომატებას, ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

ირმა სოხაძე (მომღერალი): ფასების მომატებას პრინციპში ველოდები, თუმცა პირდაპირ პროპორციულს არა, რაც ლარს დაემართა. ზოგიერთი რაღაცეები უკვე გაძვირდა და ალბათ კიდევ გაძვირდება. მაგალითად, კოსმეტიკის და პირდადი მოხმარების საგნები გაძვირებულია. საცხი თუ 3 ლარი ღირდა – 4,50ლარი გახდა. ეს არ არის საგანგაშო ფასი, მაგრამ ხომ მოიმატა?! და ველოდები კიდევ გაძვირებას.

გია ბუღაძე (მხატვარი): სამწუხაროდ, ამ მთავრობის ხელში ყველანაირ უბედურებას ველოდები. “ოცნება” მე მგონი ხალხზე აღარ ფიქრობს და მხოლოდ იმ განცხადებას აკეთებენ, რაც მათ უნდათ. მაგალიდათ “ოცნების” წევრმა გააკეთა განცხადება, რომ ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევსო. არადა ნახეთ, ლარის გაუფასიურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამიტომ ამათგან აღარაფერი მიკვირს.

გია ბურჯანაძე (მსახიობი): ყველაფერი უკვე გაძვირდა, ალბათ კიდევ მოიმატებს. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მსოფლიოში ბენზინის ფასი იმატებს, ჩვენთან კიდევ აქციზს ამატებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველაფერი გაძვირდება. ასე რომ, კარგს არაფერს არ ველი.

მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): რა თქმა უნდა, ფასების გაზრდას ველოდები, თან ზოგიერთი რაღაც უკვე გაძვირებულია. ლარის ასეთი დაცემა აუცილებლად გამოიწვევს ფასების მომატებას. ვფიქრობ, მოსახლეობა ამას კარგად იგრძნობს. ხელისუფლება ეცდება ახალ წლამდე როგორმე დაარეგულირონ ფასები, ძალიან არ გააძვირონ, მაგრამ ეს პროცესი ისეთი გზით მიდის, რომ ფასების მომატება გარდაუვალია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეზე ცუდად და უარყოფითად აისახება.

„რეზონანსი“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

დიდ და მცირე ხელფასიან მოხელეებს ანაზღაურებას ერთნაირად უმცირებენ?

არც ერთ სამთავრობო უწყებაში ამის შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ

ნათია ლომიძე

მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს. ეს როგორც სახელმწიფო, ასევე საჯარო სექტორსაც ეხება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯი 10-15%-ით მცირდება. უკვე გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მაღალი და დაბალი რანგის მოხელეებს ანაზღაურება ერთნაირი პროპორციით უმცირდებათ. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ლარის კურსის დასტაბილურებას აპირებს.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მეთოდთან დაკავშირებით მთავრობა საეჭვოდ სდუმს. ასეთი მიდგომა ეჭვის საბაბს არა მარტო საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს, არამედ ეკონომიკის ექსპერტებსაც უჩენს.

ქვეყნის ფისკალური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებითი რესურსების მოძიება. ამიტომაც, შემოსავლების მობილიზების კუთხით, თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში 10-10 პროცენტით იკვეცება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯი. ამ შემცირების შედეგად, 2016 წელთან შედარებით, 100,0 მლნ ლარზე მეტი დაიზოგება. აღსანიშნავია, რომ 2017-20 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთიბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები. კერძოდ, მიმდინარე წელს, ეკონომიკის (ნომინალური მშპ) 26,5% იხარჯება მიმდინარე ხარჯებში. აღნიშნული შეფარდება ყოველწლიურად შემცირდება და ჩამოვალთ მშპ-ს 21,5%-მდე. ამასთან, სოციალური ხარჯი ნომინალურ გამოხატულებაში ყოველწლიურად გაიზრდება.

შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მშპ-ს 5,3%-იდან 2017 წელს მცირდება 4,7%-მდე, ხოლო 2020 წლამდე ჩამოვა 3,9%-მდე. საქონელი და მომსახურების კუთხით გაწეული ხარჯი წლევანდელი 4,3%-დან 2020 წლამდე შემცირდება 3,2%-მდე.

ზოგადი მონაცემების არსებობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური, გაურკვეველი მიზეზის გამო, კომენტარს არ აკეთებს, რა კატეგორიას უმცირდება ანაზღაურება და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის კომპეტენტური. მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.

სამთავრობო უწყებების დუმილი აფიქრებს ბიზნესის სამართლის სპეციალისტს აკაკი ჩარგეიშვილს. იგი კონკრეტული ინფორმაციის ნაკლებობას საეჭვოს უწოდებს.

“დამაფიქრებელია ამ საკითხზე პასუხისგან ისეთი ორგანოებისგან თავის არიდება, რომლებსაც უშუალოდ ეხება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ყველა დეტალის ცოდნა. თუ ისინი თავს იკავებენ მედიასთან ურთიერთობისგან, ეს რასაკვირველია ბადებს გარკვეულ ეჭვს, მიმდინარეობს თუ არა კანონის შესაბამისად სამუშაოები. ადამიანებჰჰ, რომლებსაც ეხება ანაზღაურების შემცირება, აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყვნენ და მოულოდნელად არ უნდა დააკლდეთ ხელფასი. იქნებ არ არის მათთვის მისაღები. რისკი უნდა აირიდონ მაქსიმალურად”, – განუცხადა “რეზონანსს” ჩარგეიშვილმა და იქვე დაამატა, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს მთავრობის დადგენილება, სადაც მოყვანილი იქნება დეტალური მონაცემები, რომელ მოხელეს რამდენი ლარით უმცირდება შემოსავალი.

“უნდა არსებობდეს მთავრობის დადგენილება, სადაც დასაბუთებული იქნება, რომელი თანამდებობის პირს ან უბრალო დაქირავებულ მოხელეს, რამდენი ლარით უმცირდება შემოსავალი. ყველა სფეროში მუშაობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მათი ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს პრიორიტეტების შერჩევა, რადგან ზოგს მინიმალური ხელფასი აქვს. ეს ყველაფერი უნდა ჩანდეს მთავრობის დადგენილებაში.

პარალელურად, დასაბუთებული უნდა იყოს, თუ რა ეფექტს იძლევა შემცირებული ხარჯი, კარგია თუ დეტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. შემოსავლის 15%-ით შემცირება დაბალი რანგის თანამშრომლებისთვის პირდაპირ მიუთითებს შრომის უფლებების დარღვევაზე”, – აცხადებს ჩარგეიშვილი.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას არასერიოზულს უწოდებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მას საჯარო სექტორებში დასაქმებული მოხელეების, მინიმალური ხელფასის 15%-ით შემცირება წარმოუდგენლად მიაჩნია და მთავრობას რეკომენდაციას აძლევს.

“ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არის არასერიოზული ნაბიჯი. საუბარია 2,4 მლრდ ლარზე, რომელიც ხმარდება საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მინიმუმ 320 ათას კაცს. არ შეიძლება ხარჯების ავტომატური შემცირება, როგორც ანაზღაურების ნაწილში, ასევე საშტატო კუთხით. 15%-ის მოკლება ყოველთვიურ შემოსავალზე სასაცილოა იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით როგორ იგეგმება სახელფასო ფონდი. კონკრეტული საჯარო დაწესებულება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავად განსაზღვრავს საჭიროზე მეტ საშტატო ერთეულს. სახელფასო ფონდი კი იანგარიშება არა რეალურ დასაქმებულებზე, არამედ საშტატო ერთეულებზე, რომელიც დიდი ალბათობით შევსებული სულაც არ არის.

მთავრობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს საჯარო რეფორმა რომელიც ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა, შესაბამისად, თუკი ახლა არ გაატარა მნიშვნელობანი ღონისძიება, შემდეგ მოვლენებს ვერ აუწყობს ფეხს. ჩემი რეკომენდაციაა, არა მხოლოდ სახელმწიფო სამსახურების, არამედ სიპ-ების, აიპე-ბის და სხვა მსგავსი უწყებების სისტემური მოწესრიგება”, – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

„რეზონანსი“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი“ // ხელისუფლებამ კიდევ უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არ ახმოვანებს

თაკო მათეშვილი

“გაერთიანებული დემოკრატების” წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ფინანსური პრობლემების მოგვარებას ახალი მთავრობა ერთობ უსამართლო მეთოდით – საჯარო სექტორში შტატების შემცირებით ცდილობს. დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, პროცესი უკვე დაწყებულია და მალე იგი მასიურ სახეს მიიღებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ქვეყანაში უმძიმესი ფონია, რომელიც ყოველდღიურად უფრო მძიმდება და გამოუსწორებლად დიდ ზიანს გვაყენებს. სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელიც “ქართული ოცნების” მთავარი დაპირება იყო, ვერ ხორციელდება.

ქვეყანაში საბანკო-კარტელური დიქტატურა გვაქვს. ამის ხმამაღლა თქმა არ მერიდება – ქვეყანას რეალურად ბანკირები მართავენ, საქართველოში საბანკო დიქტატურაა. ამ ფონზე, საჯარო სექტორში, რომელიც ადამიანების დასაქმების მთავარი წყაროა, სამუშაო ადგილები მცირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი.

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

- გარკვეული ინფორმაციები მომდის, როგორც უფლებადამცველს ხალხი მირეკავს, თავის პროტესტს გამოთქვამს და ა.შ. ახალმა ხელისუფლებამ ძალიან მძიმე რეფორმების განხორციელებაზე აიღო პასუხისმგებლობა. მესმის, რომ არცერთი რეფორმა არაა იოლად გადასატანი და ნებისმიერი შედეგზე ორიენტირებული რეფორმა გარკვეულწილად გაძლებას მოითხოვს, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება იწყებს, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ქვეყანაში ყველაფერი საზოგადოებრივი ცნობიერების საწინააღმდეგოდ ვითარდება. როგორ ლამაზადაც არ უნდა ჟღერდეს დაპირება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, მანამ სანამ ქვეყანაში საფონდო ბირჟა არ იქნება, სანამ სააქციო საზოგადოებების შესახებ კანონი არ გვექნება, სანამ ღია სააქციო საზოგადოებები არ გვეყოლება, სანამ მუნიციპალური ობლიგაციები არ დაიბეჭდება და მუნიციპალიტეტები საკუთარი რეგიონების განვითარებაზე სწორედ ამ გზით არ იზრუნებენ, რომელ სწრაფ განვითარებაზეა საუბარი? ავტომანქანების დაბეგვრა გვიშველის? ეს ყველაფერი კრიზისს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღმრავებს.

დავეთანხმებოდი ჩემ კოლეგას გიგლა ბარამიძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოთქვა პროგნოზი, რომ ასეთი დინამიკის შემთხვევაში ეს ხელისუფლება სამი თვეც ვერ გაძლებს და გაზაფხულზე შეიძლება ჩამოიქცეს კიდეს. ისეთი სოცუალური კრიზისი შეიძლება დაიწყოს, რომ საზოგადოებამ მას ასეთი არასწორი, არასამართლიანი და არაკომპეტენტური მიდგომები არ აპატიოს.

- თქვენი ინფორმაციით, სხვა სამინისტროებიდანაც იგეგმება ხალხის განთავისუფლება? ქამრების შემოჭერა ხელისფლებამ რეალურად ამის ხარჯზე დააანონსა?

- რა თქმა უნდა, სწორად შენიშნეთ. ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე საუბრობს, რამაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ბიუჯეტი, რომლის 44%-იც თანამშრომელთა ხელფასებსა და დანამატებზე იხარჯება, უფრო მეტად სოციალურ პროგრამებზე იყოს ორიენტირებული. თუმცა, ეს შტატების შემცირების გზით არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს. დარწმუნებული იყავით, რომ იმ 1200 ადამიანიდან, რომელსაც მალე თავდაცვის სამინისტროში შეამცირებენ, ყველას სესხები აქვს აღებული და მათთვის განთავისუფლება უბრალოდ კატასტროფის ტოლფასი იქნება. თუმცა, ამას არავინ დაგიდევთ. შემცირებები უკვე დაწყებულია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არ აჟღერებს.

- ამ ყველაფრის ფონზე, თქვენი აზრით, საზოგადოებაში მწიფდება საიმისო პროტესტი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ქუჩის აქციები დაიწყოს?

- რა თქმა უნდა. ვალუტის კურსი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია. ლარის გაუფასურება პირდაპირი მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანა არათუ არ ვითარდება, არამედ ძალიან სერიოზული მიმარულებებით უკან მიდის. თუკი ანტიკრიზისული გეგმა არ შემუშავდა, ამან კატასროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა შეიძლება ანტიკრიზისული გეგმით შეიცვალოს. ხელისუფლება პრობლემებს მალავს და მათ მოგვარებას საჯარო სექტორში შტატების მაქსიმალური შემცირებით გეგმავს. ეს კი ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

- ახალი მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური ინიციატივები რამდენად განმუხტავს სიტუაციას? თუნდაც სესხების გალარების იდეა…

- ჩემი აზრით, საკითხი ფორმალიზებულად იქნება დაყენებული. ადრეც – 90-იან წლებში, როცა კუპონი ლარმა შეცვალა, იყო მცდელობა, რომ გადახდის ერთადერთი საშუალება ლარი ყოფილიყო, მაგრამ ამან მაშინაც არ გაამართლა და დღესაც ასე მოხდება. ეს კი ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის და ლარს კიდევ უფრო არამდგრადად წარმოაჩენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი პოზიციების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ამბობენ, რომ ეს გეგმა ლარის გაუფასურების ერთგვარი ბიძგიც კი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ხელისუფლება პრობლემების მოსაგვარებლად თანმიმდევრულად და მეთოდურად არ მოქმედებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ პირველ დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა დოლარის კურსი 2,7-ზე აწიეს და ფინანსურ ბაზარზე პანიკის პრეცენდენტი შეიქმნა. სამომავლოდ, ასეთი პანიკისა და ლარის გაუფასურების მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს – ამინდის მკვეთრი ცვლილება, გზის გადაკეტვა, ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ. თუკი ლარი ყველაფრის მიმართ ასეთი მგრძნობიარე უნდა იყოს, ჩვენ გაზაფხულამდე ფინანსურ ბაზარზე კიდევ არაერთი ასეთი პანიკის მომსწრე გავხდებით.

——————–

„ახალი თაობა“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „მომავალ წელს ლარი ძალიან სწრაფად გამყარდება“ // „საქართველოში მილიარდობით დოლარის ინვესტიციები შემოვა

პარლამენტის უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე მოითხოვს, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს, სად წაიღეს „ნაციონალებმა“ 2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველოსთვის გამოყოფილი 4 მილიარდნახევარი დოლარი.

- ნაცმოძრაობა ძალიან რომ იჭიმება, 2008 წელს, ომის შემდეგ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს 4,5 მილიარდი დოლარი რომ არ გამოეყოთ, დღეს საქართველო იარსებებდა საერთოდ? ლარის კურსი როგორი იქნებოდა? სად წაიღეს ნაციონალებმა ის 4 მილიარდი, ეს კიდევ საკითხავია. კეთილი ინებოს ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ და შეისწავლოს, სად წავიდა ეს ფული, – ამის შესახებ დეპუტატმა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გაჩეჩილაძე მედიაზე ნაწყენია. ამბობს, რომ ლარის კურსის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის სხდომაზე მის მიერ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადება ვერ გაიგეს. პარლამენტის სხდომაზე მან თქვა, რომ მომავალი წლიდან საქართველოში დიდი ინვესტიციები შემოვა, რაც ლარს ძალიან სწრაფად გაამყარებს. ამის შემდეგ კი მან გიორგი კვირიკაშვილს დაუსვა ის კითხვა, რამაც საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია: „მაინტერესებს, არის თუ არა განსაზღვრული ის მიჯნა, რომლის ქვევით აღარ გამყარდება ლარი და ამ პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერევა.

——-

- ბატონო გიორგი, პარლამენტის სხდომაზე ძალიან დამაიმედებელი განცხადება გააკეთეთ, რომელსაც, ლარის კურსის მკვეთრი დაცემის ფონზე, სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენ რა გაიმედებთ?

- სამწუხაროა, რომ ქართული ელექტრონული მედიის უმეტეს ნაწილში რატომღაც სახელმწიფოებრივად სასარგებლო მოწოდებების მიზანმიმართული დამახინჯება ხდება. არ ვიცი, რატომ მოჰყვა ასეთი რეაქცია. ადამიანებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ეკონომიკურ სფეროსაც და ლარსაც ოპტიმიზმი სჭირდება, რაც უნდა იძახოს ზოგიერთმა ექსპერტმა, ლარის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არსებობსო. რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური მიზეზები, მაგრამ მედიას ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

- რას გულისხმობთ?

- მედიას შეუძლია სრულიად ცარიელ მინდორზე შექმნას პანიკური სიტუაცია არა მარტო ლარის მიმართ, არამედ სხვა საკითხებზეც.

- პირველ დეკემბერსაც პანიკური სიტუაცია ცარიელ მინდორზე შექმნეს?

- არ ვიცი, პირველ დეკემბერს ზუსტად იქ რა მოხდა. სხვადასხვა შეფასებები არსებობს. ობიექტური იყო თუ ბანკების მიერ შექმნილი ისტერიკა, ეს სხვა ამბავია. ამის თაობაზე თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა და გამოქვეყნდება. მთავარია, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ქვეყანა თავზე არ დაგვემხოს, თორემ მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც ერთად ნანგრევების ქვეშ აღმოვჩნდებით ჩვენი შვილებიანად და შვილიშვილებიანად.

- ბატონო გიორგი, იწყება თქვენ მიერ ნახსენები პროექტები და ლარი მართლა გამყარდება?

- ლარის გაუფასურებას ხელს უწყობს ან ლარის დიდი მასა ბრუნვაში, ან დოლარის დეფიციტი. როდესაც ქვეყანაში დოლარის დიდი მასა შემოვა, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას. ამიტომ ამ ვითარებაში მედიის გარკვეული ნაწილი (სანამ რამდენიმესაათიანი შოკური გაუფასურება მოხდებოდა) 24 საათის განმავლობაში ცდილობდა, პირდაპირ ხელი შეეწყო ლარის გაუფასურებისთვის. საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ტერორი ჰქონდათ გამოცხადებული. ბუნებრივია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე, ქვეყანაზე მოფიქრალი პოლიტიკოსი შეეცდებოდა საზოგადოებისთვის ეთქვა ის რეალობა, რომელიც შეიძლება მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს ქვეყანაში.

- კერძოდ, რა იწყება?

- იგულისხმება უდიდესი პროექტები, მილიარდობით დოლარის ინვესტიციები.

- ანუ თქვენ ამ პროექტების განხორციელების დაწყებას ელოდებით...

- რა თქმა უნდა. ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტობანის პროექტი. ყველაზე დიდი წვლილი ექნება საერთაშორისო პროექტებს. უზარმაზარი ინვესტიციები უნდა ჩაიდოს. ასევე იწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელშიც ამერიკის მხარეა ჩართული. ეს არის ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი. უნდა დაიწყოს გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც 200-დან 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას შემოიტანს. გარდა ამისა, დაიწყება ენერგეტიკული პროექტები და ა.შ. მომავალი წლიდან საფუძველი ეყრება უზარმაზარ გეოპოლიტიკურ პროექტებს, უმნიშვნელოვანესს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

- კერძოდ?

- გაზსაცავი და შაჰ-დენიზის გაზსადენის მეორე ეტაპი, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით ევროპას უნდა დაუკავშირდეს. აქედან ველოდებით დიდი ოდენობით ინვესტიციებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ქვეყნის უდიდესი ნაწილის გაზიფიცირება, რაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და გადაარჩენს ჩვენს ტყის მასივებს.

- რა მცირე პროექტებზე საუბრობთ?

- მაგალითად, 500 მეგავატი სიმძლავრის და საშუალო სიმძლავრის ენერგოობიექტები შეიძლება დაემატოს საქართველოს ენერგოობიექტებს, რის გამოც ენერგიის გამომუშავება გაიზრდება. შეიძლება იმ დონეზეც გაიზარდოს, დავეწიოთ საბჭოთა კავშირის დროინდელი გამომუშავების მაქსიმუმს. ელექტროენერგიის გამომუშავების მაქსიმუმი იყო 1990 წელს.

პერსპექტივები ძალიან დიდია, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რადგან არა მარტო ლარის კურსზე იმოქმედებს დადებითად გამყარების თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის დასაქმებასა და მისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. თუ 24 საათის განმავლობაში თავზე ნაცარი ვიყარეთ, სასიკეთო არაფერი გამოვა. გამოვა ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში.

- რა ხდებოდა?

- არეულობა, უბედურება, დესტაბილიზაცია, რაშიც მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი თავის როლს ასრულებდა.

- ზოგიერთმა ექსპერტმა ათპუნქტიან გეგმას, რომელიც მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა პრემიერმა, მოუმზადებელი უწოდა. თქვენ პრემიერის ამ გეგმას ემხრობით?

- რა თქმა უნდა, ვემხრობი. მაგალითად, დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანას. ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ, რამე გაგვიკეთეთო.

- დოლარში გაცემული სესხების ლარში გადაყვანა იმ ადამიანებისთვის შვება იქნება, ვისაც იპოთეკური სესხები აქვთ?

- პირველ რიგში, იპოთეკარებს ეხებათ, რომლებიც წლებია, შველას ითხოვენ. იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც საქართველოს ბიუჯეტს გააჩნია, ეს არის დიდი ჰუმანური ნაბიჯი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლებია, გასაჭირში არიან. როგორი კურსიც უნდა იყოს, 20 პუნქტით ნაკლებად გადაგიხურდავებენ. ეს ეხება მხოლოდ კერძო პირებს, ვისაც კრედიტები აქვს აღებული.

- ზოგიერთ პროდუქტზე აქციზის გაზრდას როგორ აფასებთ?

- სიგარეტზე აქციზს აუცილებლად უნდა მოემატოს. ამით რაღაც პროცენტით მაინც შემცირდება მწეველების რაოდენობა. ჩვენ მწეველთა რაოდენობით ყველაზე მოწინავე ქვეყანა ვართ მსოფლიოში. იმ თანხებს, რომელთაც ამოვიღებთ, ისევ მოსახლეობის საკეთილდღეოდ მივმართავთ. მაგალითად, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.

- ბენზინზე აქციზის გაზრდა ფასების გაზრდას არ გამოიწვევს?

- ნაწილობრივ, ალბათ, გამოიწვევს. ყველაზე ცუდი იქნება საწვავზე ფასების მატება. თუმცა, არის პროგნოზი, რომ ნავთობის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე კლებას დაიწყებს.

- ანუ ბენზინის ფასი შეიძლება არ გაიზარდოს?

- პროგნოზი არსებობს, რომ შეიძლება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდეს. შესაბამისად, შეიძლება არ იყოს ფასის კატასტროფული ზრდა, მათ შორის, საქართველოშიც. კომპლექსურმა ღონისძიებებმა გარემოს გაუმჯობესებასაც უნდა შეუწყოს ხელი. ავტომანქანების იმპორტზე ფასისა და მანქანებზე გადასახადის ზრდასთან ერთად, 2017 წლიდან შემოდის ევრო-5-ის სტანდარტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის ბენზინი უნდა შემოვიდეს საქართველოში და გამოიყენონ ავტომანქანებმა.

- მოკლედ, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და არც ცხოვრება გაძვირდება ისე, რომ ადამიანებს გაუჭირდეთ?

- ჩვენ ახლა გადავდივართ ძალიან სერიოზულ ეტაპზე _ ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და ჩვენი სოციალური კეთილდღეობის განვითარება, რაც ფუნდამენტური საკითხია მისთვის, ვისაც უნდა პრობლემები დაძლიოს, ქვეყანა ფეხზე წამოდგეს. თუ ეს პროექტები არ განხორციელდა, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ ამ ქვეყნიდან, სხვა გამოსავალი არ იქნება. ქვეყნის ფეხზე დადგომაში გარედან ძალიან სერიოზულად გვეხმარებიან.

- ვინ?

- ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ევროკავშირი, აშშ და ნატო, სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა უამრავი მიმართულებით. ეს გაერთიანებები რომ არ ყოფილიყო, დღეს საქართველო არ იარსებებდა. ნაცმოძრაობა ძალიან რომ იჭიმება, 2008 წელს, ომის შემდეგ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს 4,5 მილიარდი დოლარი რომ არ გამოეყოთ, დღეს საქართველო იარსებებდა საერთოდ? ლარის კურსი როგორი იქნებოდა? სად წაიღეს კიდევ ის 4 მილიარდი, საკითხავია. კეთილი ინებოს ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ და შეისწავლოს, სად წავიდა ეს ფული.

- ხელისუფლება ჩინური პროექტებზეც საუბრობდა...

- ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული პროექტები. სხვათა შორის, ამას საფუძველი ჩაეყარა შევარდნაძის პერიოდში, როდესაც ტრასეკას ხელშეკრულება გაფორმდა. ტრასეკა არის ევროკავშირის პროგრამა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარებასთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის გამართვასთან დაკავშირებით. მაგისტრალები სულ ამ პროგრამით გაკეთდა. ახლა აბრეშუმის გზის სატრანსპორტო მიმოსვლები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთში უზარმაზარი ფონდი შეიქმნა, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია, რომელიც უნდა დაიხარჯოს სწორედ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„ახალი თაობა“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „მოსახლეობას პანიკაში ტყუილად აგდებენ“ // „ჩვენი ხელისუფლების გეგმა უცხოელმა ექსპერტებმაც მოიწონეს

საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ პარლამენტის უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიას ესაუბრა.

- თქვენი ოპონენტები საქართველოში სოციალურ აფეთქებას პროგნოზირებენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის განვითარების 10-პუნქტიან გეგმას კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს...

- საქართველოში სოციალური აფეთქება მოსალოდნელი არ არის. დავიწყოთ იმით, რომ პრობლემები, რომლებიც ლარის კურსს შეექმნა, გამომდინარეობს რეგიონსა და საერთაშორისო მასშტაბით შექმნილი მდგომარეობიდან. ხელისუფლებამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად შეიმუშავა კონკრეტული გეგმა. ეს გეგმა მოიწონეს უცხოელმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. აშშ-ის ელჩის განცხადებაც ამას ადასტურებს.

- მოსახლეობისთვის ეს საკმარისია?

- მოსახლეობამ იცის, რომ შექმნილი რეალობა არაა საქართველოს ხელისუფლების ბრალი. მდგომარეობა გამოსწორდება და მოხდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სოციალური აფეთქებები საერთოდ არ არის დამახასიათებელი საქართველოსთვის. სააკაშვილის რეჟიმის დროსაც სხვა საკითხების გამო გამოდიოდა ხალხი ქუჩაში. ადამიანები აპროტესტებდნენ იმას, რომ მაშინდელი ხელისუფლება ადამიანებს რეპრესიებს უწყობდა, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას უსპობდა და ქონებას ართმევდა. ახლა ეს აღარ ხდება. კარგად ვიცი, რომ მოსახლეობას უჭირს, ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ეკონომიკაში მაინც წინსვლაა და მთავრობის პრიორიტეტი ახლა ესაა.

- ოპონენტები ასე არ ფიქრობენ...

- ოპონენტებს არ უნდათ იმის აღიარება, რომ ჩვენ ჩავიბარეთ დაშლილი ეკონომიკა, დაშინებული და განადგურებული ბიზნესი. ამის გამოსასწორებლად ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. თუ აქამდე ყურადღება გადატანილი იყო სასამართლოს გათავისუფლებაზე, ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციაზე და სხვა, ახლა უფრო მეტი დრო დაეთმობა ეკონომიკის განვითარებას.

- გეგმის ერთ-ერთი პუნქტით, ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით მცირდება. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არასაკმარისია...

_ ოპონენტებს ადრეც მოუწოდებიათ ჩვენთვის, საგრძნობლად შეგვემცირებინა ადმინისტრაციული ხარჯები. რომ ვთავაზობდით კონკრეტული მუხლების დასახელებას, თუ რისთვის და ვისთვის უნდა მოგვეკლო ხარჯები, ამაზე ვერ გვპასუხობდნენ. ვერაფრით ვერ შევუმცირებთ ხელფასებს პედაგოგებს, სოფლების რწმუნებულებს, ექიმებსა და პოლიციელებს. ვამცირებთ ხარჯებს მთავრობის ზედა ეშელონებში. ესაა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება. რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მას შემდეგ ბიუჯეტი გამჭვირვალე გახდა. ნაციონალების დროს ბევრი რამ დაფარული იყო. ეს აძლევდა საშუალებას ნაციონალურ მოძრაობას, მილიონები მოეპარა. რომ ამბობენ, მივლინებებში ბევრი იხარჯებაო, ეს არასწორია. პარლამენტისა და მთავრობის დელეგაციებისა და წევრების მივლინებები ქვეყანას სჭირდება. ოჯახის წევრები სახელმწიფოს ხარჯზე წინა ხელისუფლების წევრებს დაჰყავდათ. ახლა ამგვარი რამ აღარ ხდება.

- საკამათო გახდა გეგმის ის პუნქტიც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სესხების კონვერტაციისთვის სუბსიდიების გამოყოფას ითვალისწინებს...

- სახელმწიფო სოციალური თანადგომის გზას დაადგა. ესაა მძიმე ტვირთის შემსუბუქება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სესხები დოლარებში აქვთ აღებული. საყოველთაო ჯანდაცვაც ხომ სოლიდარობაა! აქაც ეს მიდგომაა.

- არ შეიძლება, რომ ნავთობპროდუქტებზე მაინც არ გაიზარდოს აქციზი? ეს ხომ ფასების ზრდას გამოიწვევს?

- მესმის მათი, რომლებსაც ეს აწუხებს. საქმე ისაა, რომ ეს განზრახვა აუცილებლობითაა გამოწვეული. თანაც, ეს არ ნიშნავს ყველაფრის გაძვირებას. თურქეთში, მაგალითად, ძალიან ძვირია საწვავი, მაგრამ იქ კრიზისი არ შეინიშნება და არც დანარჩენი პროდუქციაა გაძვირებული. ნავთობპროდუქტები იმპორტირებული საქონელია, ამიტომ დღის წესრიგში დადგა მისი აქციზის გაზრდა. ეს თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად იმოქმედებს დასაქმებასა და ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ მოგების გადასახადისაგან. ესე იგი, ამ წყაროდან ბიუჯეტს თანხები დააკლდება. ეს თანხა სხვა გზით უნდა შეივსოს. 4 წლის განმავლობაშიც ბევრი გზა დაიგო. ახლაც დიდი გეგმებია ამ თვალსაზრისით. მთლიანობაში გათვალისწინებულია 800 კილომეტრის მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სხვანაირად ვერც ტურისტებს მოვიზიდავთ და საქართველო ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას აბრეშუმის დიდ გზაზე. საუბარია მთლიანად ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე.

- ლარის კურსზე რას იტყვით?

- ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა დედოლარიზაციის პროცესი. ლარის კურსის ვარდნამ დააზარალა ის მოქალაქეები, რომლებსაც კრედიტები დოლარებში აქვთ აღებული. დანარჩენ ხალხს ზარალი არ განუცდია.

ადამიანებს ტყუილად აგდებენ პანიკაში. როცა ადამიანს დოლარში არც შემოსავალი აქვს და არც ხარჯი და ეს პროცესები ფასებზე არ ასახულა, მისთვის კურსს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი პროცესებია თურქეთშიც. ფასებზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება თურქეთშიც არ ასახულა. ჩვენს მოსახლეობას საპანიკო არაფერი აქვს. ხელისუფლების გეგმა ხელს შეუწყობს მდგომარეობის სტაბილიზაციას და ეკონომიკის განვითარებას.

„ახალი თაობა“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „ხელისუფლება ხალხს კომბლების რევოლუციისკენ უბიძგებს“ // „საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს

რატომ უძვირებს ხელისუფლება ხალხს ცხოვრებას, რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი, როდისთვის უნდა ველოდოთ სამთავრობო ცვლილებებს და საით მიექანება ქვეყანა? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

ბესო დანელია:

- დღეს ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, მაგრამ არანაკლებ მძიმე დღეშია მთავრობა. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ შემოგვთავაზა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც თაბახის ფურცლის ნახევარზე ეტევა, ეს უკვე სამარცხვინოა. თავად ეს გეგმა სხვა არაფერია თუ არა ხალხის დაცინვა – ხელისუფლება ხალხის მდგომარეობის გამოსწორებას ხალხის ხარჯზე აპირებს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება, ამათ კი შესაძლოა გასაქცევად გაუხდეთ საქმე. ესენი მგონი იმასაც ვერ აცნობიერებენ, თუ რა მოჰყვება საწვავზე აქციზის გაზრდას. როცა საწვავის ფასი იზრდება, ძვირდება ყველა ის პროდუქცია, რომელიც საწვავთან არის კავშირში. პრობლემის გაანალიზების ნაცვლად ხელისუფლებისგან გვესმის ცინიკური განცხადებები, რომ სიგარეტზე, საწვავსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდა ჩვენს ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედებს.

მათ მიერ შემოთავაზებული გეგმა და ცინიკური განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლა არ ძალუძთ. ისინი არც ხალხზე ფიქრობენ და იმაზე არიან გადასული, რაც შეიძლება კარგად მოიწყონ ცხოვრება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ქუჩაში გავიდეს და ამათ კომბლების რევოლუცია მოუწყონ.

- ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმას, რომ სოციალური ბუნტისკენ მიდის საქმე?

- ვერ ვხვდები, რას აცნობიერებენ და რას არა. პარლამენტის სხდომებზე ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ზოგჯერ მგონია, იუმორისტული გადაცემაა. არადა ქვეყანაში ბავშვები და მოხუცები შიმშილისგან იღუპებიან. ამ დროს გამოდის ერთი დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ზარმაც და ყოჩაღ პენსიონერებს ერთნაირი პენსია არ უნდა ჰქონდეთ. მეორე დეპუტატი გვეუბნება, რომ ივანიშვილის სურათი ყველა ოჯახში უნდა იყოს. ერთ-ერთმა მინისტრმა ქვეყნის გადარჩენის გზად კომბლეს სპაიდერმენით ჩანაცვლება მიიჩნია.

გაჭირვება და ასეთი ცინიკური განცხადებები ხალხს მართლა გამოიყვანს ქუჩაში, რაც ქვეყნისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. უფსკრულის პირას მდგარი ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას ვეღარ გადაიტანს.

- ხალხის ქუჩაში გამოსვლას სახიფათოდ მიიჩნევთ, აბა გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი ზუსტად 2 თვის წინ იყო – 8 ოქტომბრის არჩევნებზე შეიძლებოდა „ოცნების“ შეცვლა და მის ნაცვლად პასუხისმგებლიანი ძალის არჩევა, რომელსაც რეალური ცვლილებების განხორციელების კომპეტენციაც ჰქონდა და უნარიც. სამწუხაროდ, მშიერმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა. გასამარჯვებლად „ოცნებამ“ არც გაყალბებაზე თქვა უარი და დღეს ქვეყანას ერთი ძალა – ნაციონალური ოცნება მართავს. არჩევნების წინ `ოცნება~ გვაშინებდა იმით, რომ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, სააკაშვილი დაბრუნდება. მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ პარლამენტში მათთან ერთად მხოლოდ ნაციონალები მოხვედრილიყვნენ.

თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან ტელედებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ერთადერთი გამონაკლისი ნაცმოძრაობაა, მათთან ერთად სიამოვნებით სხედან და დემაგოგობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიებს ერთმანეთი სჭირდებათ. რომელ დემოკრატიაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეა საუბარი, როცა ერი თურქმენიზაციის გზას დაადგა.

- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ ერი თურქმენიზაციის გზას ადგას?

- ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იღუპებიან, მინისტრები 100.000-იანი ჯიპებით არ უნდა დადიოდნენ. გაჭირვებული ხალხის ხარჯზე გამდიდრება, რბილად რომ ვთქვათ, ამორალურია. ხელისუფლებაზე მიბმულმა პირებმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა ამ დღეებში მილიონობით ლარი იშოვეს.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ, თუ რამდენმა ადამიანმა მოიკლა თავი ონლაინ-სესხების გამო. რამდენიმე წლის წინ მადრიდში ერთ-ერთმა მოქალაქემ თავი იმის გამო მოიკლა, რომ მას ბანკმა სახლი გაუყიდა. ამ თვითმკვლელობის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ მოიწვია ბანკების ხელმძღვანელები. ამ შეხვედრის შემდეგ ბანკებმა ყველა მოქალაქეს 10 წლით გადაუვადეს სესხის გადახდის ვადა. ჩვენთან ასეთი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება. რამდენიმე კვირის წინ გურჯაანში 34 წლის ახალგაზრდამ თავი სწორედ ამ მიზეზით მოიკლა. მან ონლაინ-სესხი ვერ დაფარა და მიკროსაფინანსომ ბინა გაუყიდა. ჩვენი ხელისუფლება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე რომ მოქმედებდეს, ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა.

წინა კვირაში მთავრობამ თითქოს გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი. პრემიერმა განაცხადა, რომ ონლაინ-სესხები აიკრძალებოდა. ჩვენ მივესალმეთ ამ ამბავს, მაგრამ რად გინდა, იმავე დღეს შეცვალეს პოზიცია. გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობა და განაცხადა, რომ არანაირი აკრძალვა არ მოხდებოდა. ამით პირდაპირ გვითხრეს, რომ პრემიერმა იცრუა.

- პრემიერს ამ თემაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია და მის დუმილს რითი ხსნით?

- ვერ გეტყვით. ეს ადამიანი ამ განცხადების გაკეთებისთანავე ევროპაში გაემგზავრა. ფაქტი ისაა, რომ ამათი პოპულიზმი და ცინიზმი უკვე აუტანელია. სადაც არ უნდა გავიდეთ, ყველა ხელისუფლებას ლანძღავს. მათ შორის არიან „ოცნების“ ერთგული მხარდამჭერებიც. ეს უკვე ძალიან სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს.

- ზემოთ თქვენ არაფორმალური მმართველობა ახსენეთ. არაფორმალურ მმართველად მიჩნეული ივანიშვილი ყოველთვის ჩნდებოდა ხოლმე, როცა სიტუაცია რთულდებოდა. ამჯერად ის არ გამოჩენილა და თქვენი აზრით, რა ხდება?

_ ქვეყანაში იმ დონის კრიზისია, რომ „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები უკვე აღიზიანებს ადამიანებს. ისინი ლაპარაკის ნაცვლად საქმეს ითხოვენ, საქმის გაკეთება არავის უნდა. ამიტომაც ერიდება ივანიშვილი გამოჩენას. ლაპარაკს შედეგი არ მოსდევს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ილაპარაკებს – არაფორმალური მმართველი თუ პრემიერი კვირიკაშვილი. ამ უკანასკნელმა მთავრობის სხდომაზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისი გუნდის წევრებმა რამდენიმე საათში უარყვეს.

- ამ ფაქტმა ბევრი ჭორი გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, კვირიკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი...

_ იქიდან გამომდინარე, რომ „ოცნებაში“ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არავინ იღებს, გუნდის შიგნით არანაირი შეთქმულება არ არის. შეთქმულებაც რომ იყოს, ეს არაფერს არ ცვლის, რადგანაც ხელისუფლება ხალხზე წიხლის დაჭერის ხარჯზე ცდილობს რაღაცის გაკეთებას. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ისე გააკეთეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები დაშალეს. რამდენიმე ლიდერი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. ფაქტიურად მარტო „ოცნება“ და ნაციონალები არიან დარჩენილი. ეკონომიკური ვითარება ასეთი კატასტროფული რომ არ იყოს, ხალხი კიდევ დახუჭავდა რაღაცაზე თვალს, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ხალხი ვეღარ გააჩერონ.

- ისე, თქვენ თუ გახსენდებათ ხელისუფლება, რომელმაც არჩევნების დასრულებიდან ლამის მეორე დღესვე ხალხს ასე გაუძვირა ცხოვრება?

- ასეთი რამე ნამდვილად არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და შევარდნაძის დროს უმძიმესი ვითარება იყო. თავად ამ ხელისუფლებაზე რაიმე რომ იყოს დამოკიდებული, აქამდე არ მიიყვანდნენ საქმეს. მათ ქვეყნის მართვა არ იციან, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობა სურთ, გადაწყვეტილებებსაც ერთი კაცი იღებს და ამიტომაც ვართ ამ დღეში. უახლოეს მომავალში თუ რაღაც არ შეიცვალა, თავად ეს ხელისუფლება შეიცვლება.

„ახალი თაობა“, 06 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „საქართველო იმის ღირსია, რაც მის თავს ხდება

ოპოზიციური პარტიები ლარის გაუფასურების და ფასების კატასტროფულად მატების ფონზე, სოციალურ აფეთქებას და ქუჩაში აქციებს აანონსებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.

- ბატონო კახა, როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებს?

- ეკონომიკური რეფორმის გეგმა ივანიშვილის გუნდს არასდროს ჰქონია. მათ ჩამოწერეს ამ ქვეყანაში რაც არის კარგი და მდიდრული ობიექტი, ის რაც წინა ხელისუფლებებს ამა თუ იმ ფორმით გადაურჩა. ბოლნისის ოქრო, ფოთის პორტი, რკინიგზა, სააფთიაქო კომპანიები. მოკლედ ის, სადაც ფული კეთდება. ასეთი 15-20 ადგილია საქართველოში, პლუს კაზინოები.

- ივანიშვილის გუნდიო და ის ხომ აღარ მართავს ხელისუფლებას?

- კარგით, რა, ვის სჯერა ამის! ჩამოწერეს სია და ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაშიც არ იყო მოსული, რომ ამ ადგილებში თავისი ხალხი გაანაწილა – მამაცაშვილები, ჯანყარაშვილები და დაიწყო საქართველოსთვის ამ სტრუქტურებიდან სისხლის წოვა. ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა შევარდნაძის და სააკაშვილის გუნდმა!

- ანუ იგივე სიტუაციაში ვართ?

- აუცილებლად დაწერეთ და არ ამოჭრათ, ღირსია საქართველო და ქართველი ერი იმის, რაც მის თავს ხდება. იმიტომ, რომ შევარდნაძესაც 70% აძლევდა ხმას, სააკაშვილსაც 80 და 90%-იც კი და ამ არჩევნებზე 814 ათასი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“! ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი ღირსია იმ ყველაფრისა, რასაც საკუთარი მთავრობები 25 წლის მანძილზე უშვრებიან!

- ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და კურსის ხშირ ცვალებადობას ექსპერტთა დიდი ნაწილი ხელოვნურ და მიზანმიმართულ პროცესს უწოდებს. რას ფიქრობთ თქვენ?

- ლარის დევალვაცია არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი. დღეს მთავრობა რასაც აკეთებს, ეს არის პირველყოფილი სისულელე, როდესაც ამბობს, რომ ლარის გამყარების გეგმა შეიმუშავეს.

- რატომ არის სისულელე?

- იმიტომ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ასეთი რეფორმა, რა სახის რეფორმები არ გატარებულა, მაგრამ ეროვნული ვალუტის გამყარების რეფორმა, როგორც ასეთი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ რეფორმატორს არ ჩაუტარებია. არსებობს ეკონომიკური რეფორმა, რომელიც თუ წარმატებულია, ბუნებრივად იწვევს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებასაც.

- რა სახის რეფორმები უნდა გაატაროს მთავრობამ?

- ეკონომიკური რეფორმების მთავარი მიმართულებები არის საინვესტიციო კლიმატის შექმნა, პრივატიზაცია, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება, შიდა ბაზრის დაცვა, საგარეო ბაზრების მოპოვება. საქართველოს მთავრობას კი ამ მიმართულებით თითი თითზე არ დაუდია და ისედაც სავალალო მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა, კიდევ უფრო გააუარესა!

- რეფორმები ეკონომიკაში კიდევ ბევრ წელს მოითხოვს...

- ეკონომიკური რეფორმა იწყება პოლიტიკური რეფორმით! ეკონომიკური რეფორმის გატარება იმ ქვეყანაში, სადაც 2016 წელს, 21-ე საუკუნეში, ქვეყანას განაგებს ფეოდალი, ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი, არის წარმოუდგენელი! თუ გვინდა ჯანმრთელი ეკონომიკა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და გასამართლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორუმპირებულ, ავტორიტარულ ქვეყანაში, ვერანაირი ეკონომიკა ვერ განვითარდება.

- ხელისუფლების დემონტაჟზე საუბრობთ და სულ რაღაც ორი თვეა, რაც ეს ხელისუფლება მეორე ვადით ავირჩიეთ. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეს?

- 4 წელშიც რომ გახდეს შესაძლებელი ამ სისტემის დანგრევა, მე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი.

- ოპოზიციური პარტიები აქციებს აანონსებენ, სოციალურ აფეთქებაზე საუბრობენ. სოციალური კრიზისი გამოიყვანს ხალხს ქუჩაში?

- ხალხის ქუჩაში გამოყვანას სჭირდება არა მარტო სოციალური უკმაყოფილება, არამედ პოლიტიკური ალტერნატივაც. თუ ხალხი ვერ ხედავს ძლიერ პოლიტიკურ ალტერნატივას, ის ვერ ხედავს ქუჩაში გამოსვლის აზრს. ამიტომ, დღეს ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა, რომელიც უახლოეს პერიოდშია გადასაწყვეტი, არის ერთიანი ბლოკის შექმნა, რომელსაც საზოგადოება გამოუცხადებს ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში არ გამოვა.

Comments are closed