„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „არჩევნებში სერიოზული შანსი ექნებათ მარგველაშვილისა და ბურჭულაძის გაერთიანებას“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სერგო რატიანთან: „ქართულმა ოცნებამ“ 8 მილიარდი დაკარგა… ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობდა ჩვენი რეიტინგებიდან გაქრობას და გაქრა თვითონ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „დასავლეთი გრანტებს პატრიარქის ლანძღვისთვის არიგებს?“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „ბიძინა ივანიშვილს ხალხი სააკაშვილივით შეიძულებს… აგვიხსენით ბატონო ბიძინა, რატომ იყავით ნაციონალებთან შეხმატკბილებული?“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ დონდუასთან: „ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა კრედიტების პროცენტი უნდა შეამციროს»
—————————-
„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „არჩევნებში სერიოზული შანსი ექნებათ მარგველაშვილისა და ბურჭულაძის გაერთიანებას“
ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი პრემიერ-მინისტრის შეცვლას საგარეო ურთიერთობების სტაბილიზაციის სურვილით ხსნის. მისი აზრით, ღარიბაშვილი უცხოეთში სტაბილურობის განცდას არ ტოვებდა. „საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველოს ახალგაზრდა პრემიერს არ აქვს სტაბილურობის ხელშემწყობი იდეოლოგია“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ვალერი გელბახიანმა.
- რის საფუძველზე ჩამოყალიბდა უცხოეთში ასეთი აზრი?
- მათ ჩათვალეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხელს არ უწყობდა სახელმწიფო ინსტიტუტების ჰარმონიზაციას. მართლაც, მან რამდენჯერმე ჩაშალა უშიშროების საბჭოს სხდომა. გარდა ამისა, იგი აბრკოლებდა პრეზიდენტის მონაწილეობას იმ საერთაშორისო ფორუმებში, სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი. ასეთ პირობებში პრემიერი ვერ იქნებოდა კონსტიტუციური სტაბილურობის გარანტი. დადგა მისი შეცვლის საჭიროება. ღარიბაშვილი შეიცვალა კვირიკაშვილით, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ის გაწონასწორებული ადამიანია.
- მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატიც იყო, მას პოლიტიკაში არ უაქტიურია. ახლა კი მას ტექნიკურ პრემიერ-მინისტრს უწოდებენ...
- ასეთი შეფასებები მართლაც კეთდება. ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილიც ვერ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ძალიან მაღალი თანამდებობა უკავია. ქვეყანაში ყველაფერს მართავს პირი, რომელიც არ არის ხელისუფლებაში და გარედან მიჰყავს პროცესები.
- ანუ, ამ ცვლილებით „ქართული ოცნება“ საკუთარ მოსახლეობას იმედს ვერ გაუჩენს?
- მოსახლეობა რომ მოაბრუნონ, ამისთვის კვირიკაშვილს სერიოზული ანალიტიკური სამუშაოს გაწევა მოუწევს. ბიუჯეტი უკვე მიღებულია. სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე ხედვა რომ წარმოადგინოს, ამის განხორციელება არჩევნების შემდეგ მოუწევს. რა პროგრამაც არ უნდა წარმოადგინოს, ეს იქნება დაპირება. «ოცნების» დაპირებების მიმართ კი ხალხს უკვე ჩამოუყალიბდა დამოკიდებულება.
- მიუხედავად ამისა, «ქართული ოცნება“ მთავარ პოლიტიკურ ძალად რჩება.
- სანამ ახალი კონსტრუქციები არ დალაგებულა, უპირატესობა ივანიშვილის მხარესაა, თუმცა, ნდობა ძალიან შეუმცირდა. ახალი გაერთიანებების შექმნის შემდეგ ივანიშვილის კოალიციის შანსები შემცირდება.
- რომელ გაერთიანებებს გულისხმობთ?
- ძალიან სერიოზული იქნება გაერთიანება, რომელსაც პრეზიდენტი დაუჭერს მხარს და გაუერთიანდება. ვგულისხმობ იმ პარტიას, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება სათავეში. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს «ქართულ ოცნებას“. გამოდის, რომ იგი მხარს დაუჭერს სხვა ძალას. თუ მარგველაშვილ-ბურჭულაძის გვერდით კიდევ რომელიმე ძალა დადგა, მაშინ მათი შანსები ისე ძლიერდება, რომ შეიძლება არჩევნები უპირატესობით მოიგონ.
- სხვა ბლოკებიც ხომ შეიქმნება?
- ბუნებრივია. ვფიქრობ, რომ ჩერნოვეცკი თავის რესურსებს კოალიციას მოახმარს. შესაძლოა, ის გაერთიანდეს ბურჯანაძესთან. მმართველი კოალიციიდან მოსალოდნელია ეროვნული ფორუმის გამოსვლა. არაა გამორიცხული, რომ ფორუმი ჩერნოვეცკი-ბურჯანაძესთან გაერთიანდეს.
- არიან სხვა ძალებიც...
- რა თქმა უნდა. საარჩევნოდ სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ ნაცმოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, პატრიოტთა ალიანსი. 2016 წლის არჩევნებისათვის ბრძოლა დაახლოებით 7-სუბიექტიან კონკურენტულ გარემოში წარიმართება.
„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე «ახალ თაობასთან» ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოუწევს ხისტი პოზიციის შეცვლა და პოლიტიკური ოპოზიციის იგნორირების პოლიტიკის დასრულება.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გარემო უკვე იმდენად არასანდოა, რომ ხელისუფლებას სერიოზული ძალისხმევა მოუწევს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ან სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა. ჩვენ, არასაპარლამენტო ოპოზიციამ სურვილი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს უმოკლეს დროში შევხვდეთ. ის არის სამი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან ერთ-ერთი, ვისაც გვინდა ვესაუბროთ საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ გარემოზე, მათ შორის, საკანონმდებლო ბაზაზე“, – ამბობს მამუკა კაციტაძე.
- რა პოზიციას ელით პრემიერისგან?
- ჩვენ გვაინტერესებს მისი პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გვაქვს. ზოგადად მისი ხედვა გვაინტერესებს. ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, რომ კიდევ უფრო არ მოხდეს პროცესების ესკალაცია, საარჩევნო გარემოს დაძაბვა.
- რა არის თქვენი სათქმელი?
- ამას შეხვედრაზე ვეტყვით პრემიერს და ჩვენს ინიციატივებსაც გავაცნობთ და კონკრეტულ გამოსავლებსაც იქ შევთავაზებთ. ევროსაბჭოს რეკომენდაციები შეუსრულებელი და იგნორირებულია. ამაზეც იქნება საუბარი. ჩვენი პოზიცია გვექნება ასევე გარდაბნის გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებით. 2016 წლის ოქტომბრამდე ხელისუფლება ნამდვილად არ მოიწყენს.
- რას გულისხმობთ?
- სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას საარჩევნო წინადადებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. სერიოზული დისკომფორტი შეექმნებათ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც შეუვალი, ხისტი და იგნორირებადი პოლიტიკის გამო. ეს პოლიტიკა მან უნდა დაასრულოს.
- პოლიტიკურ ფასში რას გულისხმობთ?
- როდესაც ასე ემიჯნება ხელისუფლება პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და საკუთარ მოქალაქეებს, თუნდაც იმ 200 ათას მოქალაქეს, რომელთაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, მაშინ ძვირ ფასს იხდის, პოლიტიკურ ფასს და ხშირ შემთხვევაში შორდება ხელისუფლებასაც. ამის მაგალითები უახლეს პოლიტიკურ ისტორიას ბევრი ახსოვს. 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერები შევა პარლამენტში 20 იანვრის შემდეგ და დაიწყება საკანონმდებლო პროცესი. აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილების მოსწრებადობის საკითხი ჯერ კიდევ არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი და მისი განხორციელება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. რასაკვირველია, თუკი ამის გაკეთება უნდა ხელისუფლებას. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადებები, რომელთათვისაც არ არის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, ამის გაკეთება საარჩევნო კოდექსში ცვლილების განხორციელებით არის შესაძლებელი. ამისთვის კი წინ არის საგაზაფხულო სესია.
- თუ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე უარი თქვა ხელისუფლებამ?
- თუ ამ ყველაფერზე უარი თქვა ხელისუფლებამ, მაშინ ძალიან ცხელი საარჩევნო კამპანიის ჩატარება მოუწევს მას. ამას დაემატება უმნიშვნელოვანესი რამ, თავად არჩევნების პოლიტიკური ლეგიტიმაციის საფრთხე დადგება.
- ეს როგორ?
- სამართლებრივი კუთხითაც იქნება ეს საფრთხე, რადგან 73 ერთმანდატიან ოლქად დაჩეხილი საქართველო მაინც არ ჯდება საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებაში, რომელსაც თითქოს შეუსაბამა ახალი ოლქების საზღვრების დადგენა.
- თუ ისე არ განვითარდა მოვლენები, როგორ თქვენ სთავაზობთ ხელისუფლებას, პროტესტი გარდაუვალია?
- თუ ხელისუფლება ამ ყველაფრის იგნორირებას მოახდენს და ის ხისტ პოლიტიკას გააგრძელებს, რომ როგორმე მიისაკუთროს ძალაუფლება 2016 წლის არჩევნებზე და ამას დაემატება მედიაზეწოლა, მურუსიძისა და მისნაირების წახალისება და დანიშვნა, მაშინ ამაში სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მას. ეს რა ფონით მოხდება, საპროტესტო აქციებითა თუ მწვავე ვნებებით, ამას დრო გამოაჩენს. ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხიც არის, ყველაფერთან ერთად.
„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ სერგო რატიანთან: „ქართულმა ოცნებამ“ 8 მილიარდი დაკარგა… ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობდა ჩვენი რეიტინგებიდან გაქრობას და გაქრა თვითონ“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი „ოცნებაში“ განხორციელებულ ცვლილებებს არჩევნებს უკავშირებს.
„პრობლემა ძალიან მარტივია, მოახლოვდა არჩევნები, ღარიბაშვილი კი არის წარუმატებლობის სიმბოლო. ფაქტობრივადაც იყო, მაგრამ მავანის სურვილია, რომ კიდევ უფრო გახადოს, როგორც სიმბოლო და როგორც წარსული, – აცხადებს სერგო რატიანი «ახალ თაობასთან“ საუბრის დროს.
- ეს რისთვის დასჭირდათ?
- ფაქტია, რომ ქვეყანა იმყოფება მძიმე ეკონომიკურ, ინსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისში. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ არა მარტო ვერ შეასრულა დანაპირები, არამედ უკან წაიყვანა ქვეყანა. დღეს ჩვენ უნდა ვყოფილიყავით 8 მილიარდით უფრო მდიდრები. 8 მილიარდი დაკარგა `ოცნებამ~ და ასეთი პრემიერით არჩევნებზე გამოსვლა იქნებოდა ფრიად წამგებიანი.
- შეიცვალა ღარიბაშვილი, რა იცვლება ამ ვითარებით?
- სწორედ ეს უნდა შევაფასოთ ჩვენ. პირველ რიგში, ღარიბაშვილი იყო აგრესიული, იყო უცოდინარი და იყო უუნარო. ეს მთავრობა ამით ხასიათდება. კვირიკაშვილი არ არის უცოდინარი, პოლიტიკურ საკითხებში მაინც, არც აგრესიული, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული უკუსვლა და ამ სიტუაციაში მისი პასუხისმგებლობა არის სრულიად ცალსახა. ეკონომიკურ საკითხებში კვირიკაშვილი ივანიშვილის კარზე გაცილებით მეტ ავტორიტეტს წარმოადგენდა, ვიდრე ყოფილი პრემიერი. მხოლოდ ყოფილ პრემიერზე გადაბრალება ეკონომიკური ვითარებისა არ არის სწორი. ამაში პასუხისმგებლობა ეკისრება ახალ პრემიერსაც და გაცილებით მეტი, ვიდრე ძველს, რადგან თუ ივანიშვილი ვინმეს საერთოდ უსმენს, ამ მიმართულებით გაცილებით მეტი ავტორიტეტით სარგებლობდა კვირიკაშვილი.
- იმის თქმა გინდათ, რომ არაფერი შეიცვლება?
- ფაქტობრივად, არაფერი იცვლება. რეალურად არის ერთი კაცის მმართველობა. ფორმალურად შეიცვალა შემსრულებელი. კვირიკაშვილს არ ჰქონია ეკონომიკაში გარღვევები და ახალი წინადადებები. არც იმ ცუდი პოლიტიკის წინააღმდეგ აღმოაჩნდა ნება, რაიმე შეეცვალა.
- მაშინ რითია წინამორბედზე უკეთესი?
- ის არ არის აგრესიული. ბიძინა ივანიშვილს უნდა არჩევნების წინ სიტუაციის ნორმალიზება. როგორც წესი, ეს არის ძალიან მარტივი თამაში, რასაც უწოდებენ კარგი და ცუდი პოლიციელის თამაშს. ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილმა ღარიბაშვილის ხელით გააფუჭა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეეძლო და ახლა მას სჭირდება კარგი პოლიციელი, რომელიც მეთოდით განსხვავდება და არა _ მიზნებით.
- და რას ისახავს მიზნად ეს მეთოდი?
- კეთილი პოლიციელის მიზანია, ნებით დაგათმობინოს ის, რაც ცუდმა ძალით ვერ დაგათმობინა. ერთადერთი, რაც წასართმევი დარჩა ივანიშვილს, არის ხალხის არჩევანი და ხალხის ნება. როგორც ჩანს, მან აირჩია ეს ტაქტიკა. ჩვენ არ ვიცით, რას იზამს კვირიკაშვილი. არ ვიცით, როგორი იქნება რეპრესიული მანქანა კვირიკაშვილის ხელში.
- გამოდის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა განტევების ვაცი?
- გარკვეულწილად ასეა. ივანიშვილმა გადაწყვიტა, წარსულს ჩააბაროს ეს სამი წარუმატებელი წელიწადი. ღარიბაშვილი იყო ფიგურა, რომელიც დიდ აგრესიას ისრუტავდა.
- თუმცა ივანიშვილმა მის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზეც გააკეთა მინიშნებები და ეს როგორ უნდა გავიგოთ?
- ივანიშვილის სვლები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უცნაურია. ჩვენ არ ვიცით, რისთვის ამზადებს ან არ ამზადებს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი არის ის პაიკი, ის თოჯინა, რომელიც ბოსის ნებისმიერ დავალებას შეასრულებს.
- ანუ, არის შესაძლებლობა, რაიმე ახალი სვლა შემოგვთავაზოს?
- მე არ ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს ამას. ძალიან გაცვეთილი პაიკი და თოჯინაა იმისთვის, რომ ამ ეტაპზე რაღაც ფუნქცია შეასრულოს.
- ცვლილებები იგეგმება მინისტრთა კაბინეტშიც. არჩევნების წინ ნაციონალებსაც კარგი მეთოდი გქონდათ კარუსელის და ოცნებამ ეს თქვენგან აითვისა?
- აქ კარუსელი არაფერ შუაშია. თუ უნდოდათ, რომ თუნდაც ღარიბაშვილის ცვლილება ქმედითი ყოფილიყო, ეს უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე. ჩვენ სულ ვამბობდით და საზოგადოებისთვისაც ცალსახაა, რომ ღარიბაშვილმა და მისმა კაბინეტმა ამოწურეს თავი. ფინანსთა მინისტრი უნდა წასულიყო წელიწადნახევრის წინ, ერთი წლის წინ უნდა წასულიყო ეს მთავრობა. დღეს ადეკვატური იქნებოდა, რომ უკვე ვყოფილიყავით რიგგარეშე არჩევნების რეჟიმში. ეს იმიტომ, რომ დღეს პარლამენტმა ამოწურა თავისი თავი და ცალსახაა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მთლიანად ამოწურა თავისი თავი.
- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ცვლილებები დაგვიანებულია?
- მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია. ჩვენნაირ ქვეყანაში მინისტრების სწრაფი ცვლილება უფრო ადეკვატურია. იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ამოწურავენ ხოლმე ისინი საკუთარ თავს.
- წინ არჩევნებია, გააქტიურდება ივანიშვილი და კვლავ შემოვა აქტიურ პოლიტიკაში?
- დღეს ივანიშვილს საკმაოდ ისტერიული რეჟიმი აქვს, რადგან ბოლო ორი გამოკვლევის მიხედვით, მისი პარტიის რეიტინგი მერყეობს 14-დან 18%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლება ხელისუფლების ხელში აღარ არის, ის არის ქუჩაში და ამის შემობრუნება ერთი წლის განმავლობაში არის თითქმის შეუძლებელი.
- ნაციონალურ მოძრაობას რა შანსები აქვს? იმ ფონზე, როდესაც ამდენი ახალი მოძრაობა და გაერთიანება იქმნება?
- ჩვენ შევამცირეთ და ამოვწურეთ ის 50%-იანი სხვაობა, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ და სამი წლის თავზე ჩვენ დავფიქსირდით, როგორც მთავარი ალტერნატივა. სხვა ალტერნატივა, სხვა პოლიტიკური ძალა უბრალოდ არ არის და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს.
- რა ახსნა?
- ყველაზე სერიოზული პრობლემა დღეს არის ეკონომიკური პრობლემა და სხვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს გამოცდილება, გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, უბრალოდ არ არის.
- იმის თქმა გინდათ, რომ კვლავაც შეინარჩუნებთ მთავარი ალტერნატივის მქონე ძალის პოზიციას?
- დიახ, ეს სრულიად ცალსახაა. საზოგადოებას შეუძლია შევიდეს კიდევ ერთ ექსპერიმენტში _ ოცნება-2, ან იავნანა, ეს ძალიან საინტერესოა ოცნების შემდეგ. თუმცა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გამოცდილება სხვა პოლიტიკურ პარტიას, უბრალოდ, არ აქვს.
- იავნანა ახსენეთ, თუმცა აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძე თქვენი კადრია..
- ამ შემთხვევაში სიმბოლურად ვახსენე და არა _ ლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე.
- მე ასოციაცია გამიჩნდა ბურჭულაძის იავნანასთან და ალბათ მკითხველსაც. რამდენად არის ბურჭულაძე თქვენი კადრი?
- აბა რა გითხრათ. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვარ და, მართალი გითხრათ, მას არც ვიცნობ.
- რამდენად გენდობათ ამომრჩეველი იმ 9 წლიანი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე?
- ძალიან მარტივ კითხვას დავსვამდი _ ყველაზე უფრო მწარე ვისთვის იყო ეს გამოცდილება, ის შეცდომები, რომლებიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას? რასაკვირველია, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე მეტად ეს არ განიცადა არავინ და ჩვენზე მეტად ეს არ სტკენია არავის.
- ამან რა გასწავლათ?
- მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილებაც, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური, დაგროვდა ნაციონალურ მოძრაობაში. ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა სტანდარტი სახელმწიფო მშენებლობის და მან ნათლად შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოს ინსტიტუციური საფუძვლები. ასევე ჩვენ გვყავს სრულიად მყარი ამომრჩეველი. ჩვენ დავამკვიდრეთ დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიის სტანდარტი.
-ამაში რა იგულისხმება?
- როდესაც მას ჰყავს სრულიად მყარი ამომრჩეველი. მსგავსი ტიპის ამომრჩეველი არც ერთ პარტიას არ ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს თანამოაზრეთა დიდი სივრცე.
- თუმცა არც ისე დიდია თქვენი მხარდამჭერთა რიცხვი...
- თქვენ უბრალოდ ვერ დამისახელებთ დასავლეთშიც კი პარტიას, რომელსაც ოპოზიციაში აქვს ესოდენ დიდი რეიტინგი. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ ეს 15-20% მხარდაჭერისა არ იცვლება, თუმცა სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, როცა ამხელა რეპრესიული მანქანა მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ, პროცენტი უცვლელია. გახსოვთ, რომ წინა პრემიერი ვარაუდობდა ჩვენი რეიტინგებიდან გაქრობას და გაქრა თვითონ. ფაქტობრივად, მთლიანად ჩამოიშალა `ქართული ოცნების~ რეიტინგი და ამ ფონზე ჩვენი რეიტინგი სტაბილურად უცვლელია. ეს მოგების დიდ საფუძველს იძლევა.
„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „დასავლეთი გრანტებს პატრიარქის ლანძღვისთვის არიგებს?“
რატომ არ ხდება დასჯადი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რატომ არ რეაგირებს მართლმადიდებელი მრევლის შეურაცხყოფაზე სახალხო დამცველი, რატომ უნდა აიკრძალოს უცხოეთიდან არასამთავრობოების დაფინანსება, ვინ იძლევა გრანტებს პატრიარქის ლანძღვაში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
ნიკოლოზ მჟავანაძე:
- პატრიარქზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ამჯერად ამ საქმეში ვაიპოეტებიც ჩაერთვნენ. რატი ამაღლობელის მიერ დაწერილი ე.წ. ლექსი არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმების შეურაცხყოფაცაა. ჩვენს უწმინდესს მუსლიმებიც დიდ პატივს სცემენ და ამის შესახებ მათ არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება.
რამდენიმე დღის წინ თბილისში მოხდა უბედურება და ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ეს ლიბერასტები კი ამტკიცებენ, რომ ის ადამიანი გაიყინა და ამაში პატრიარქს ადანაშაულებენ. მაინტერესებს, რა შუაშია ამ ტრაგედიასთან უწმინდესი? პატრიარქი არ არის მთავრობის მეთაური, რომ ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. ეს მთავრობის მოვალეობაა. პატრიარქს ახლა საერო საქმეების მოგვარებას რომ ავალებენ, ესენი არ იყვნენ, რამდენიმე კვირის წინ ერთი ამბავი რომ ატეხეს? ესენი არ ყვიროდნენ, როგორ გაბედა ილია მეორემ და როგორ თქვა, ნეტა შეწყალების უფლება მქონდესო. როცა გჭირდებათ, მაშინ უნდა ჩაერიოს პატრიარქი საერო საქმეებში და როცა არ გჭირდებათ, მაშინ არა? ამ ლიბერასტების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა მონასტრებში ასეულობით მოქალაქე ღებულობს საკვებს და ტანსაცმელს. მთელ რიგ ეკლესიებში უპოვართათვის სასადილოები აქვთ გახსნილი. რამდენი მღვდელი ვიცი, რომლებიც თავიანთ მწირ შემოსავალს სხვებს უწილადებენ. მაინტერესებს, ესენი თუ ეხმარებიან გაჭირვებულებს იმ გრანტებით, რომლებსაც პატრიარქის ლანძღვაში ღებულობენ?!
- გინდათ თქვათ, რომ გრანტი პატრიარქის ლანძღვისთვის გაიცემა?
- ისეთი შეტევა მიდის პატრიარქსა და ეკლესიაზე, ისეთი თემებისგან აგორებენ სკანდალს, რომ ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ ამიტომ ღებულობს ფულს. ამათ ახლა ეს რატი ამაღლობელიც დაემატა, რომელსაც ჩვენ, მართლმადიდებლები, ვუხდით ფულს. მას საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაღაც გადაცემა მიჰყავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ბიუჯეტიდან ანუ ჩვენ მიერ გადახდილი ფულით ფინანსდება. მე, როგორც მართლმადიდებელს, არ მინდა, რომ უწმინდესის მგმობელს ჩემი ჯიბიდან გადავუხადო ხელფასი. რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იმიტომ გაუშვეს საზმაუწყებლიდან, რომ მისი ქმარი პოლიტიკოსი იყო. წესით, აღარც ამაღლობელი უნდა გააჩერონ იქ, რომელიც ჩვენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფას აყენებს.
- თქვენი აღშფოთება გასაგებია, მაგრამ რატი ამაღლობელის ლექსის გამო ღირს ამდენი ხმაურის ატეხა?
- აბა რა ვქნათ, გავჩუმდეთ და ვუყუროთ, როგორ ლანძღავს პატრიარქს? სხვების მსგავსად, მასაც არ შეუძლია რაიმე ღირებული ნაწარმოების შექმნა და ასეთი სულმდაბლური ლექსებით უნდა თავის დამკვიდრება. მერე მიხვდა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა უწმინდესს და თავის მართლება დაიწყო, ეს მხოლოდ ლექსიაო. რა ლექსი და რა პოემა, გაყინული პატრიარქია ლექსი, შე უბედურო? პატრიარქი კი არ გაიყინა, რატი ამაღლობელს აქვს გაყინული ტვინი და გული.
ადამიანს მართლა გაყინული უნდა გქონდეს გული, რომ 83 წლის პატრიარქს თავის დაბადების დღეზე ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო. ამდენს რომ ლაპარაკობენ, წარმოდგენა აქვთ მის ღვაწლზე საერთოდ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის შაბათ-კვირას თავად აღავლენს წირვა-ლოცვას. არადა, მას ჯანმრთელობა სერიოზულად აქვს შერყეული. ლიბერასტებს შევახსენებ, რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებში პატრიარქები თავად წირვას ძირითადად არ ატარებენ. ასეთი რამ მხოლოდ დღესასწაულებში ხდება.
ასეთ განცხადებებზე, დიახაც, უნდა გვქონდეს რეაქცია. ეს ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ჩვენს წინაპრებს ასე რომ ეფიქრათ, 100.000 მოწამე არ გვეყოლებოდა. ისინიც იტყოდნენ, გადავაბიჯებთ ღვთისმშობლის ხატს და ამით ხომ არაფერი დაშავდებაო. ეს ლიბერასტები ხატებსაც გადაუვლიდნენ და ეკლესიებსაც დაარბევდნენ.
- რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ახსენეთ, სახალხო დამცველი რატომ არ რეაგირებს ამაზე, თუ არ თვლის, რომ პატრიარქის ლანძღვა მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა?
- უჩა ნანუაშვილი ხომ საერთოდ ცალკე თემაა. მას ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართე, მაგრამ რეაქცია არ არის. მას მართლმადიდებლების უფლებები გამოკვეთილად არ აინტერესებს. მისი მიზანი სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დაცვაა. შარშან მეჩეთთან გოჭის თავი დაკიდეს და ერთი ამბავი ატეხა, ეს მუსლიმების შეურაცხყოფააო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ ხმა რატომ არ ამოიღო, ილიას უნივერსიტეტში თვითმკვლელი ღვთისმშობლის სურათი რომ გამოფინეს?! ამაზე ნანუაშვილმა თქვა, ეს გამოხატვის თავისუფლებააო. მაშინ გოჭის თავის დაკიდებაც გამოხატვის თავისუფლებაა. მისი ასეთი პოზიცია ბევრ ეჭვს იწვევს. კეთილი ინებოს და საჯაროდ გვითხრას, რატომ არ იცავს მართლმადიდებლების უფლებებს. აგვიხსნას, რატომ არ დაუჭირა მან მხარი იმას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გამხდარიყო. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო არასამთავრობოებიც ერთ ამბებს ტეხენ, მაგრამ სწორედ რამდენიმე არასამთავრობოს აქტიურობით არ გახდა დასჯადი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
- დასჯადი რომ გამხდარიყო, ეს გამოიღებდა რაიმე შედეგს?
- როგორ არ გამოიღებდა შედეგს? ადამიანებს რომ ეცოდინებოდათ, რომ ეს ქმედება დასჯადია, არც მეჩეთზე დაკიდებდა ვინმე ღორის თავს და არც პატრიარქს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ხანდახან მგონია, რომ შიზოფრენიის მესამე სტადიაა საქართველოში. მთელი ქვეყანა 200 კაცის ჭკუაზე დადის. ეს ტვინგადაბრუნებული არასამთავრობოები სულ რაღაც 200 იქნებიან. სამაგიეროდ, იმხელა დაფინანსება აქვთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას, ერთად აღებულს, არც კი დაესიზმრება. თუ დასავლეთის ქვეყნები და ფონდები ფულს ეკლესიის ლანძღვაში იძლევიან, მაშინ ეს პირდაპირ თქვან. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი და მათი დაფინანსება უნდა ავკრძალოთ.
- მერე ამაზე ატყდება ერთი ამბავი...
- ატეხონ და იყვნენ. პოლონეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც უცხოეთიდან არასამთავრობოების დაფინანსება აკრძალულია. ეს ჩვენც უნდა ავკრძალოთ. ამ გულგაყინულებს სახეზე ნიღაბი აქვთ აფარებული, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და ამ ეგიდით ქვეყანას ებრძვიან. საქართველოში ბოლო ხანებში ჩამოყალიბდა ერთგვარი სტერეოტიპი, რომ ვინც ეკლესიას და პატრიარქს იცავს, ის შავბნელი ადამიანია. არჩევნების წინ ყველა პარტიამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა იგეგმება ამ მიმართულებით.
- რას გულისხმობთ?
- უნდა გვითხრან, გახდება თუ არა დასჯადი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს ქმედება დასჯადი თუ არ გახდა, ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა და პატრიარქი გაგვიხდებოდა დასაცავი. ჩვენი არასამთავრობოები ორმაგ სტანდარტებს ყველა მიმართულებით ავლენენ. ყველამ ვიცით, რომ საია-მაიები, გენდერ-მენდერ-შმენდერები ქალების უფლებების დაცვაზე ყვირიან. ალეკო ელისაშვილი გამოდის და ყოველდღე ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს შეურაცხყოფას აყენებს. მათ შეურაცხყოფაზე ხმა არავის ამოუღია.
- შესაძლოა, იმიტომ არ იღებენ ხმას, რომ დეპუტატები არიან და ფიქრობენ, რომ თავს თავადაც დაიცავენ?
- რას ჰქვია დეპუტატები არიან? დეპუტატი ქალი არ არის? მარიამ საჯაიაც დეპუტატი იყო, ერთი ამბავი ატეხეს. ზვიად კვაჭანტირაძე კინაღამ ჩაქოლეს, რომელიც დაინტერესდა, რა ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდა, 21 წლის ასაკში პარლამენტში რომ მოხვდა.
„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „ბიძინა ივანიშვილს ხალხი სააკაშვილივით შეიძულებს… აგვიხსენით ბატონო ბიძინა, რატომ იყავით ნაციონალებთან შეხმატკბილებული?“
რა პრეტენზიები აქვს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს ბიძინა ივანიშვილთან, რას ამადლიან მას „ქართულ ოცნებასთან» დაახლოებული პირები, ვინ და რატომ გაიზიარებს სააკაშვილის ბედს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
- არა ვარ უმადური კაცი და არ მავიწყდება, რომ ივანიშვილმა საქართველოს ისეთი ჭირი მოაშორა, როგორიც სააკაშვილია. სწორედ ამიტომ ვითმენდი ამდენს და ვიკავებდი თავს ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან. სათქმელი კი ბევრი დამიგროვდა. სათქმელის გარდა, ივანიშვილთანაც მაქვს კითხვები და იმედია, ამაზე პასუხს გამცემს. მე უკვე მივმართე მას ამ კითხვებით და თუ „ახალი თაობა“ წინააღმდეგი არ იქნება, „ახალი თაობიდანაც“ დავსვამ რამდენიმე კითხვას. ბატონმა ბიძინამ ალბათ იცის, რომ 1992 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩაბმული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სამსახურში, ჯერ ინდივიდუალურად, შემდგომ კი – ბატალიონი „მონადირეთი““. შემდეგ გავხდი ამ მიმართულების სარდალი და ერთადერთი ვარ, რომელმაც მოწინააღმდეგესთან ომი არ წავაგე. ტერიტორიების 30% შევუნარჩუნე ჩვენს ქვეყანას.
ომს მოჰყვება თავისი უბედურებები და ადამიანების ბუნებას ააშკარავებს. ჩვენ, კოდორელებს, 1992 წლიდან 2006 წლამდე გვიჭირდა ეკონომიურად, გვიჭირდა გზა და საერთოდ გვიჭირდა. შესაძლოა, ბევრს ეწყინოს, მაგრამ ივანიშვილს ერთი კითხვა უნდა დავუსვა.
- რა უნდა ჰკითხოთ ამისთანა?
- იმ პერიოდისთვის ივანიშვილი, უკვე ოფიციალური მილიარდერი, ქველმოქმედებდა. სამწუხაროდ, მას არც ერთხელ არ უფიქრია, რომ ჩვენ, მის თანამემამულეებს, გვჭირდებოდა მისი მხარდაჭერა. მაინტერესებს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიების შენარჩუნებაში.
- რა ფორმით უნდა მიეღო მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში მონაწილეობა?
- იმ საშუალებებით, რომლებიც მას გააჩნდა. ამ კითხვას მხოლოდ იმიტომ ვსვამ, რომ მისგანაც ბევრჯერ მომისმენია სამშობლოს სიყვარულზე გემრიელად ნათქვამი სიტყვები. ასევე ხშირად ახსენებენ სამშობლოს მისი მომხრეებიც, რომლებიც მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ ჩვენი, კოდორელების, მხარდაჭერით. ივანიშვილი მათ ჩვენი ქვეყნის მხსნელად გამოჰყავთ. პიარ-კამპანია მუშაობს მთელი სიმძლავრით და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ პიარი უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, თორემ ტყუილებზე აწყობილი პიარი დაღუპავს ადამიანს. ამას თუ არ მოეშვებიან, საბოლოოდ სააკაშვილივით შეიძულებს ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობა. მე უმადური კაცი არა ვარ და ვაღიარებ, რომ მას ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. უბრალოდ აშკარაა, რომ მას გამორჩეული ჰყავს ხალხი.
- რას ნიშნავს, გამორჩეული ჰყავს ხალხი?
- ის საზოგადოების ნაწილს გვერდში უდგას, ნაწილს კი აიგნორებს. 2006 წელს გავიხსენებ, მაშინ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ოქრუაშვილი და ნაცბანდა გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და უხეშად დაესხა თავს კოდორის ხეობას. უცხოეთის სპეცსამსახურებიც კი გამოიყენეს, რათა შემდეგში მოწინააღმდეგისთვის გადაეცათ ჩვენ მიერ 14 წლის ნაცოდვილარ-ნასისხლარ-წვალებით შენარჩუნებული ტერიტორიები. კითხვა მაქვს ისევ უხერხული ბატონ ბიძინასთან. მაინტერესებს, რატომ ხმა არ ამოიღო მაშინ ჩვენ დასაცავად და რატომ გააგრძელა ნაცებთან თანამშრომლობა კიდევ 5 წელი? კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა მაქვს მასთან და მეტს აღარც მას შევაწუხებ და აღარც – თქვენს მკითხველს. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს ივანიშვილის მომხრეები ხშირად ამადლიან საქართველოს მოსახლეობას.
- რას ნიშნავს, ამადლიან?
- ამადლიან, აბა რა არის, გაიძახიან, თავისუფლება მოგიტანეთო. თავისუფლება საქართველომ გაცილებით ადრე მოიპოვა, 2012 წელს მან სააკაშვილი კი მოგვაშორა, მაგრამ მის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ბრძოლა. ისიც მინდა გავახსენო ივანიშვილს, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ის ჩემს დაიკოს, ნორას, სააკაშვილის ტყვედ მიიჩნევდა. მაინტერესებს. რატომ დატოვეს ის `ქართული ოცნების~ მოსვლის შემდეგ კიდევ 2 თვე პატიმრობაში. ან მე რატომ ვყავდი წელიწადი და 7 თვე დევნილობაში. ხოლო როდესაც მოვახერხე და თავი დავაღწიე რუსეთს, ჩამოვედი და მისმა სასამართლომ 18 წლით გამამწესა საპყრობილეში. რატომ მოხდა ასე, `ოცნებამ~ ხომ თავისუფლება მოგვიტანა? მე და ჩემი და სულ ტყუილად ვისხედით ციხეში. ჩვენ გავმართლდით და შეგვეძლო სახელმწიფოსთვის გვეჩივლა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაციონალების გამო ჩვენს სამშობლოს დავუპირისპირდეთ. ჩვენ გვჯეროდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში დავიბრუნებდით წართმეულ სახლს და სხვა ქონებას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. გამოდის, რომ სააკაშვილთან ერთად ივანიშვილმაც ჩამოგვართვა ქონება.
- ბიძინა ივანიშვილმა რატომ?
- მისი ხელისუფლების პირობებში ვერ მოვახერხეთ სამართლის პოვნა. ვერც იმას მივაღწიეთ, რომ კოდორის ჩაბარების საქმე გამოძიებულიყო. მე მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ მან ამის სურვილი არ გამოთქვა.
„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მიხეილ დონდუასთან: „ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა კრედიტების პროცენტი უნდა შეამციროს»
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისა და ახალი პრეზიდენტის კანდიდატურების შერჩევა დაიწყო. შერჩევის პროცესში მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.
ორგანიზაცია „20/30“-ის წევრ მიხეილ დონდუას განცხადებით, პრეზიდენტმა კონსულტაციები პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობასთან უნდა გამართოს. „პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად შერჩეულ პირებთან დაკავშირებით შეიძლება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან, რომ უკვე შეთანხმებულ კანდიდატებზე დააფიქსირონ თავისი აზრი და კიდევ უფრო უკეთესები შეირჩნენ. პროცესი სწორად უნდა წარიმართოს“, – აცხადებს მიხეილ დონდუა „ახალ თაობასთან» საუბარში.
- ბატონო მიხეილ, თქვენ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისა და ახალი პრეზიდენტის კანდიდატურებს პრეზიდენტი მესამე ძალასთან ათანხმებს და პროცესი სწორად არ მიმდინარეობს?
- არა, მე ვსაუბრობ პროცედურულ მხარეზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი. კარგია, რომ პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება, მაგრამ პარლამენტთან კონსულტაციით უნდა დაიწყოს. როცა პარლამენტი და პრეზიდენტი სავარაუდო კანდიდატებზე შეთანხმდებიან, შერჩეულ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დისკუსია არასამთავრობო სექტორთანაც.
- თუ პრეზიდენტი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეარჩევს კანდიდატურებს?
- თუ კანდიდატურების წინასწარი შერჩევის პროცესში პარლამენტს გამოვრიცხავთ, ეს სწორი პროცესი არ იქნება. პასუხისმგებელი პირი, ვინც ხმა უნდა მისცეს და დაამტკიცოს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები, საქართველოს პარლამენტია.
- ახლა მხოლოდ საბჭოს წევრების შერჩევის საკითხი დგას, თუ მათთან ერთად შეირჩევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი?
- ახლა საბჭოს წევრების შერჩევის საკითხი დგას, რომელიც საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესში გადაიზრდება.
- როდესაც ღარიბაშვილი გადადგა, მაშინ ითქვა, რომ შესაძლოა ის გვეხილა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. ახლა რაიმე მსგავსი ხდება?
- ამასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმაც არ გამიგია. თავდაპირველად ერთი-ორი ფრაზა ითქვა, მაგრამ შემდეგ არც ღარიბაშვილს გაუკეთებია რაიმე განცხადება და არც უმრავლესობას და არც არავის. ეს საკითხი არც არსად განუხილავთ.
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ხელისუფლებას თავისი კანდიდატურა ჰყავს?
- არ ვიცი. ეს, ალბათ, დიალოგის პროცესში გამოჩნდება. რადგან პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად, პრეზიდენტმა უნდა გამართოს დისკუსია.
- პრეზიდენტს კანდიდატურები ვინ უნდა წარუდგინოს, თვითონ უნდა შეარჩიოს?
- პრეზიდენტი კანდიდატურებს თვითონ არჩევს. ოღონდ, კანდიდატურების შერჩევის დროს პირველი რიგის კონსულტანტი პარლამენტი უნდა იყოს.
- საერთოდ, ვინ წარმოგიდგენიათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე?
- კანდიდატებზე ვერაფერს გეტყვით. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ კორესპონდენცია, თუ რა პრინციპებს უნდა იზიარებდეს კანდიდატი, რომ იყოს მხარდაჭერილი. როდესაც ვმართავთ დიალოგს კანდიდატურებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საჭიროა წარიმართოს დიალოგი იმ ხედვასთან დაკავშირებით, რაც უნდა განახორციელონ ეროვნულმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა მომდევნო წლებში, რაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭომ და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
- ახლა ამ საკითხებზე არ საუბრობენ?
- არა. როდესაც ამ საკითხებზე არ მიმდინარეობს სჯა-ბაასი, პრეზიდენტი იმ საკითხებზე არ მართავს დიალოგს, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა 2016 და შემდგომ წლებში, რა უნდა გაკეთდეს, ამ ნიშნებით არ ხდება კანდიდატურების შერჩევა, ვინ იზიარებს და ვინ არა ამ პრინციპებს, სწორი და სრული პროცესი არ არის.
- როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტი?
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა დაიცვას სავალუტო ფონდის ის რეკომენდაციები, რომლებიც მოუწოდებს, გააჯანსაღოს ფულად-საკრედიტო საკითხები, რომელიც ეხება, მაგალითად, დაკრედიტების არსებულ მავნე პრაქტიკას.
- კონკრეტულად, რა მავნე პრაქტიკაზე საუბრობთ?
- მოსახლეობის ერთ მესამედს თავისი შემოსავლების დიდი ნაწილის სესხების მომსახურებაზე დახარჯვა უწევს. სავალუტო ფონდი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, ისეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაატაროს, რომ მოსახლეობას თავისი შემოსავლის უმცირესი ნაწილის გადახდა მოუწიოს ვალის მომსახურებაზე. ეს ეკონომიკის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს და მოსახლეობასაც პრობლემას მოუხსნის. ვინც ამ რეკომენდაციებს გაიზიარებს და პასუხისმგებლობას აიღებს, ის უნდა იქნას არჩეული ეროვნული ბანკის საბჭოში და პრეზიდენტად.
- ეროვნული ბანკის ახლანდელმა პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა დააზარალა?
- დიახ, დააზარალა.
- რამდენად დააზარალა? გამოსწორება შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია პოლიტიკის შეცვლით. პირველ რიგში, მაქსიმალური სტიმული უნდა მიეცეს ადგილობრივი ეკონომიკის დაკრედიტებას და მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ისეთი სამომხმარებლო სესხები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებას განაპირობებს, ლარის კურსს საფრთხეს უქმნის, ეკონომიკას კი არაფერს მატებს.
- ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობა მოუწევს?
- რა თქმა უნდა. მას უნდა ჰქონდეს სისტემური ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთება უნდა. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა მიიღოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, მოიწონოს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი. ხომ უნდა ვიცოდეთ, რა აქვს გუნებაში იმ პირს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოხვდება? ამიტომაც კანდიდატების შერჩევა ფეისკონტროლით კი არ უნდა მოხდეს, არამედ მათი ხედვების საფუძველზე, რაც უნდა გახდეს პოლემიკისა და დიალოგის საგანი.
- ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა დღის წესრიგში ისევ იდგება?
- საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მოქმედება შეაჩერა, საკითხი განხილვის პროცესშია. სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ან მისი უფლებამოსილების გაგრძელებაზე, ან შეჩერებაზე.
- ძირითადად ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ნორმალური კომუნიკაცია ქადაგიძესთან. თუკი ქადაგიძე წავა და პრობლემაც აღარ იქნება, მაშინ რატომღა იქნება საჭირო ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა?
- ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა გადაწყვეტილი საკითხია. ისეთი საკანონმდებლო ნორმებია მიღებული, რომ ქვეყნის ეკონომიკას არანაირ პრობლემას არ შეუქმნის. პირიქით, ანგარიშვალდებულება არის გაზრდილი საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე. უფრო მეტი გამჭვირვალობის, ძალიან მაღალი კონტროლისა და მონიტორინგის საშუალება იქნება.