„რეზონანსი“: “ოცნების” რეიტინგი დაეცა, ინაშვილისა და ბურჯანაძის მხარდამჭერებმა მოიმატეს // როგორია პოლიტიკურ ძალთა ამჟამინდელი ბალანსი
„რეზონანსი“: რუბლის კრიზისმა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი თვალშისაცემად შეამცირა
———————–
„რეზონანსი“, 07 თებერვალი, 2015 წელი
“ოცნების” რეიტინგი დაეცა, ინაშვილისა და ბურჯანაძის მხარდამჭერებმა მოიმატეს
როგორია პოლიტიკურ ძალთა ამჟამინდელი ბალანსი
ეკატერინე ბასილაია
პარტია “ქართულმა ოცნებამ” რეგიონული პარტიული ორგანიზაციების რევიზიისა და მონიტორინგის გარდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგების გაზომვაც დაიწყო. პარტიის ძალისა და სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით კი, სავარაუდოდ გადაწყდება, რამდენად უღირთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ოქტომბრისათვის.
პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება უკვე აშკარად შეინიშნება, თუმცა ეს ნაბიჯი ხელისუფლების კრიზისსა და კოალიციის სისუსტეს მიანიშნებს.
მომავალ პარლამენტში მოხვედრას კი “ოცნებისა” და “ნაციონალების” გარდა ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებსაც უწინასწარმეტყველებენ. უფრო მეტიც, თავად კოალიციის მიერ შეკვეთილ სოციოლოგიურ კვლევაში “ოცნებისა” და “ნაციონალების” რეიტინგი თვითმმართველობის არჩევნებისას დაფიქსირებულ პროცენტებთან შედარებით ცოტათი შემცირებული ყოფილა, ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიების რეიტინგი კი 11%-13%-მდე გაზრდილი.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას განცხადებით, მათ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები სამი თვის წინ გაზომეს, მაგამ სამი თვე ძალიან დიდი დროა და შეიძლება ბევრი რამ შეცვლილი იყოს.ზურაბ ბიგვავა: “ახლა იწყება კვლევები და რამდენიმე კვლევა დაახლოებით ერთ თვეში დაიდება. იქნება ენ-დი-აისა და აირაის კვლევები, ასევე ჩვენც დავიწყეთ კვლევა და პასუხი ერთ თვეში იქნება.
“ძალიან რთულია იმაზე საუბარი, დღეს რომელ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. კვლევა რამდენიმე თვის წინ ჩატარდა და მონაცემები სწრაფად იცვლება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ “ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა ისევ სხვა პარტიებთან შედარებით, თუმცა ეს აბსოლუტური უმრავლესობა არ ყოფილა, დაახლოებით 50%-ის ფარგლებში იყო. მეორე ადგილზე იყო “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა “ოცნების” გარდა სხვა პარტიების რეიტინგებს შორის რაიმე დიდი სტატისტიკური განსხვავება არ იყო. ახლა ვიღაცები წამოიჩიტნენ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 13% ჰქონდა “ობიექტივის” პარტიას (“პატრიოტთა ალიანსი” – რედ.), ასევე ბურჯანაძის პარტიას ჰქონდა 11%-მდე, “ნაციონალურ მოძრაობას” 20%-ზე ცოტა ნაკლები უჭერდა მხარს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.”
ბიგვავას თქმით, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მხარდამჭერთა რიცხვი მოემატოს. უფრო შესაძლებელია, რომ პროცენტები სხვა პატარ-პატარა პარტიებზე გადანაწილდეს.
ამბობს იმასაც, რომ გამოკითხულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერენ მხარს, თუმცა ეს მაჩვენებელი შემცირებულია, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ გამოკითხვებთან შედარებით.
“ტენდენცია, რომ შუა გაიკრიფა, მართლა მოხდა. არც ისე დიდია იმ ხალხის პროცენტი, რომელიც ხმას არც ერთ პარტიას არ აძლევს. ბოლოს ასე იყო და ახლა რაიმე თუ შეიცვალა, არ ვიცი. გამორიცხული არ არის, რომ ეს მაჩვენებელი მომატებული იყოს. 2012 წლის არჩევნების წინ ძალიან დიდი იყო იმ ადამიანთა რაიდენობა, რომელიც ამბობდა, რომ ხმას არავის აძლევდა ან არ ამბობდა, რომ ვინმეს მისცემდა ხმას. იმ დროს ასეთ რამეებს შიშის ფაქტორი განაპირობებდა. ახლა შიშის ფაქტორი ნამდვილად მოხსნილია. ერთადერთი რაც შემიძლია განსაზღვრულად გითხრათ, ესაა. ამიტომაც ახლანდელი კვლევები ახლოს იქნება იმასთან, რაც არჩევნებზე დაფიქსირდება. გამრუდება არ იქნება,” – უთხრა ბიგვავამ “რეზონანსს”.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიტიკური პარტიების ხმები ასე გადანაწილდა: კოალიცია “ქართული ოცნება” – 50,82%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22,42%; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია – 10,22%; “პატრიოტთა ალიანსი” – 4,72%.
შეიცვალა თუ არა თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პარტიათა პროცენტული მაჩვენებელი, ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი, რადგანაც გაზაფხულზე სამი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრი დადებს პარტიათა რეიტინგებს – მმართველი კოალიციის კვლევის გარდა, ენ-დი-აისა და აი-რა-ის კვლევებიც დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და საჯარო გახდება.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარის, გია ნოდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული ნიშნებით კოალიციის რეიტინგი ეცემა, სხვა პარტიებთან შედარებით “ქართული ოცნება” მაინც ფავორიტად რჩება.
ნოდიას ვარაუდით, პარლამენტში “ოცნებას”, “ნაციონალებსა” და “დემოკრატიულ მოძრაობას” მოხვედრა გარანტირებული აქვთ, ხოლო ინაშვილისა და ალასანიას პარტიები ბარიერის გადალახვა-არგადალახვის მიჯნაზე იქნებიან.
გია ნოდია: “შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ ამისათვის კონსტიტუციურად საპარლამენტო უმრავლესობაში უთანხმოების ერთგვარი ინსცენირება მაინც უნდა მოხდეს. რადგანაც ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, პარლამენტმა უნდობლობა უნდა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტს და ახალი ვერ უნდა აირჩიოს. ეს არ არის ისე მარტივი, რომ, აი, მოუნდათ ბიძინა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. არჩევნების დანიშვნა დღევანდელი ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელი იქნება. ეს იქნება იმის აღიარება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არაქმედუნარიანია და ეს შეიძლება წამგებიანიც იყოს. ისე კი ჩანს, რომ ისინი ამ ვარიანტს განიხილავენ. ვის რა შანსები ექნება, ამის თქმა რთულია, რადგან კვლევები არ ყოფილა. ვნახეთ ადგილობრივი არჩევნების შედეგი, მაგრამ ეს ავტომატურად ვერ გვეტყვის, რა მოხდება ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, რადგან საპალამენტო არჩევნები სხვა ტიპის და მნიშვნელობის არჩევნებია. გარეგნული ნიშნები არის, რომ ხელისუფლების რეიტინგი კლებულობს, მაგრამ კონკრეტულად რამდენად, ამის თქმა კვლევის გარეშე ძნელია. ჯერჯერობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ოცნება” სხვა პარტიებთან შედარებით მაინც ფავორიტად რჩება. შემდეგ კი მეორე ადგილზე ძირითად ოპონენტად ისევ “ნაციონალური მოძრაობაა”. 20% ექნებათ თუ 25%, ამას ვერ ვიტყვი. მესამე ადგილზე გავა ნინო ბურჯანაძის პარტია. ამ სამ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსი ექნება. ინაშვილის პარტიასაც ექნება შანსი და ასევე ალასანიას პარტიასაც შეიძლება შანსი ჰქონდეს. ეს ბოლო ორი პარტია ალბათ ბარიერის გადალახვა-არგადალახვის მიჯნაზე იქნება.”
ნოდიას განცხადებით, მომავალ პარლამენტში პრორუსული ძალების გააქტიურება გარდაუვალია.
“საქართველოში ისე სწრაფად იცვლება მდგომარეობა, რთულია, რა მოხდება ან ამ ოქტომბერს ან 2016 წლის ოქტომბერს. სიტუაცია მაინცდამაინც არ უმჯობესდება, როგორც ჩანს, 2016 წლის არჩევნებში ხელისუფლებას უფრო გაუჭირდება, ვიდრე წელს და თავადაც ასე ფიქრობენ. აშკარად ჩანს, ეშინიათ, რომ 2016 წლამდე რეიტინგი უფრო დაუვარდებათ. ამ ოქტომბრამდე რაც უნდა რთული იყოს მდგომარეობა, ახალი ძალის გამოჩენის შესაძლებლობა არ არსებობს და “ოცნებასაც” უფრო მეტი შანსი აქვს, 2016 წელს კი შეიძლება ვითარება პრინციპულად შეიცვალოს. თუ წელს ჩატარდა არჩევნები, “ნაციონალური მოძრაობის” რაოდენობა პარლამენტში შემცირდება, რადგან პროპორციული სისტემის გარდა არის მაჟორიტარული სისტემა და მაჟორიტარულში მათ გასვლის ნაკლები შანსი ექნებათ. თავისთავად ის, რომ მმართველი ძალა ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდა, იმის საბუთია, რომ 2016 წლისათვის თავადაც აქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკურად გაკოტრდებიან, ეშინიათ, 2016-ში ნაკლებ ხმას აიღებენ, ვიდრე წელს,” – მიიჩნევს ნოდია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მთავრობის პოპულარობა დღითი დღე ეცემა, რადგან სოფლებში ადამიანს ცხოვრების დონე და მომატებული ფასები აღელვებს.
“მთავარი არის ის, რომ სიძვირეა, ლარი უფასურდება, გაზი ძვირდება. არავის სჯერა, რომ გაზი მხოლოდ იურიდიული პირებისთვის გაძვირდება და არა ფიზიკური პირებისთვის. არსებობს უკმაყოფილება და ამიტომაც ჩქარობს “ოცნება” არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებას. თუმცა თუკი “ოცნება” არჩევნებში ამავე კოალიციით გავა – იმ პატარა ბიჭით დაწყებული და საგანელიძით დასრულებული – ეს კატასტროფული შეცდომა იქნება. ოქტომბრამდე ახალი სახეების მიზიდვას და გუნდის შედგენას შეძლებს ივანიშვილი?! დრო ცოტაა და პირადად ვადამდელ არჩევნებს სკეპტიკურად ვუყურებ. ეს იმის აღიარებაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არ მიდის. როგორც ჩანს, მთავრობას არ აქვს იმის იმედი, რომ 2016 წლის ოქტომბრამდე რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება,” – აცხადებს ცინცაძე.
მისი პროგნოზით, თუ ივანიშვილი რისკზე წავიდა და ისევ ამ ეკლექტიკით გავა არჩევნებზე, ეს ავანტიურიზმი იქნება, რადგან იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რაც ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა “ნაციონალების” პირველ ადგილზე გასვლაც გამორიცხულია. ხმებს, დიდი ალბათობით, ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიები გადაინაწილებენ.
“შეიძლება ლეიბორისტებმაც გადალახონ ზღვარი. ასევე ალასანიას პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი ამ ვადამდელ არჩევნებზე აქვს, მაგრამ 2016-ში საეჭვო იქნება. ალასანიას პარტია ორი წლის განმავლობაში შავზე იძახდა, თეთრიაო და პარალამენტში არაპოპულარულ კანონებს უჭერდა მხარს. რაც ოპოზიციაშია, არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომ ხალხის ნდობა მოეპოვებინა. ახლა “ოცნების” ხმები არა “ნაციონალებზე”, არამედ ბურჯანაძეზე, ინაშვილსა და ალასანიაზე გადანაწილდება. თუ ივანიშვილს ობიექტური კვლევები დაუდეს და არა მაამებლური, არ მგონია, არჩევნების დანიშვნაზე წავიდეს. თუმცა ასევე არ არის გამორიცხული, გამოვიდეს და თქვას, მე მენდეთ, მე მომეცით ხმაო და ხალხმა ისევ მას გამოუცხადოს ნდობა. ივანიშვილი თავისი ავტორიტეტით ერთხელ კიდევ შეძლებს “პარავოზის” როლის შესრულებას და ინერციით ხალხი ისევ მას მისცემს ხმას,” – ამბობს ცინცაძე.
„რეზონანსი“, 07 თებერვალი, 2015 წელი
რუბლის კრიზისმა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი თვალშისაცემად შეამცირა
მარი ჩიტაია
(შემოკლებით)
2015 წლის იანვარში, წინაანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის მიმართულებით85%-ით შემცირდა. ღვინის ექსპორტს პრობლემა რუსული რუბლის გაუფასურების გამო შეექმნა. ზოგიერთმა კომპანიამ გადაზიდვა შეაჩერა…
რუსეთის მიმართულებით ღვინის ექსპორტის შემცირებას სოფლის მეურნეობის მინისტრიც ადასტურებს, თუმცა ოთარ დანელია ამბობს, რომ ჩრდილოელი მეზობელის ბაზრებზე ქართული ღვინის გადაზიდვა არ შეჩერებულა: „დიახ, გარკვეულწილად ღვინის ექსპორტი შემცირდა, მაგრამ გადაზიდვა არ შეჩერებულა. ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, დარგს ყველანაირად ვეხმარებით“. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები რუსეთში მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითების გამო იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის მატებასა და მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ. ისინი ელოდნენ, რომ რუსეტში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არ დაიკლებდა, თუმცა აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ.
„ყვერლა ელოდა, რომ რუსეთში მოთხოვნა იქ ნებოდა იმავე მასსტაბით, რაც მანამედე იყო, მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ქართველ მეღვინეებს ახლა აქვთ ზალიან ძვირად ნაყიდი ყურძნისგან დამზადებული ღვინო, მოთხოვნა კი განახევრებულია“, – აცხადებს „თბილღვინოს ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი.
ქართული ღვინისაგან განსხვავებით, რუსეტში ქართული კონიაკის ექსპორტი არ შეჩერებულა, მაგრამ ზოგადად იმანაც იკლო. კონიაკის მწარმოებელები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთში ქართულ კონიაკზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
კომპანია „სარჯიშვილის“მენეჯერი სანდრო საკანდელიძე ამბობს, რომ ექსპორტისათვის 2014 წელი განსაკუთრებით კარგი იყო. იგი იმედოვნებს, რომ პოზიციები შენარჩუნდება, მაგრამ ამისათვის კარგი იქნება, თუ რუსუსლი ვალუტა გამყარდება.
„ჩვენი კონიაკის ექსპორტს რუსეთში დაბრკოლება არ აქვს. რეალიზების კლება რუირული ვალურის გაუფასურებასთან დაკავშირებით მოხდა. ქართულ ალკოჰოლურ სასმელს რუსეთში კარგად იცნობენ და დიდი მოწონებიტაც სარგებლობდა, თუმცა ემბარგოს გამოცხადებამ სიტუაცია შეცვალა. ამიტომაც 2012 წლიდან ხელახლა ზალების მოსინჰჯვა იოლი არ ყოფილა, სანამ კუთვნილ ნიშას მოვიპოვებდით, სიძნელეები ნამდვილად იყო. მახლა ეს პროცესი თანდატან უმჯობესდება და ქართული კონიაკის ცნობადობაც მატულობს. შარშან კარგი წქელი გვქონდა, წელსაც შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაზლებლობები. მტავარია, რუბლი გამყარდეს, სხვა ხელშემშლელ მიზეზს ვერ ვხედავ“, – აცხადებს საკანდელიძე.