globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 7th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радiо Свобода» (აშშ): სიუზან რაისი: რუსეთს 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა გაუვიდა, მაგრამ ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია აღარ გაუვა

«ТВ 24» (უკრაინა): მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის არმიას მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია

«Российская газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის ხელისუფლების მთავარი მრჩეველი // მზადება ევრომაიდანის ქართული ვარიანტისათვის

———————-

«Радiо Свобода» (აშშ), 7 თებერვალი, 2015 წელი

http://www.radiosvoboda.org/content/article/26834342.html

სიუზან რაისი: რუსეთს 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა გაუვიდა, მაგრამ ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია აღარ გაუვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორთა კოალიცია შექმნეს იმ მიზნით, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის სანაცვლოდ, მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი გადაიხადოს, საქართველოზე 2008 წელს განხორციელებული თავდასხმისაგან განსხვავებით, როცა მოსკოვი დაუსჯელი დარჩა, – ასეთი განცხადება გააკეთ გუშინ საღამოს სიუზან რაისმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია – ესაა საზიზღარი და სასიკვდილო გამოწვევა, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის ძირგამოსათხრელად“, – ხაზი გაუსვა მან ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში გამოსვლისას.

სიუზან რაისის თქმით, ჯერ კიდევ 2010 წელს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთის მიმართ უფრო ოპტიმისტური მიდგომები იყო, თანამშრომლობის პერსპექტივას მეტი ყურადღება ექცეოდა“, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. „არავის არ შეეპაროს ეჭვი ჩვენ ძალისხმევაში რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან აგრესიულად და გამომწვევად იქცევა“, – აღნიშნა სიუზან რაისმა.

როგორც ცნობილია, უფრო ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს ჯერ ყირიმის ანექსიის, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესეს. 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოსკოვის მიმართ მხოლოდ პოლიტიკური ზომები იქნა მიღებული, რომლებიც მალევე გაუქმდა.

«ТВ 24» (უკრაინა), 6 თებერვალი, 2014 წელი

http://24tv.ua/news/showNews.do?ukrainskaja_armija_smozhet_zahvatit_vsju_rossiju__saakashvili&objectId=540717&lang=ru

მიხო სააკაშვილი: უკრაინის არმიას მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია

უკრაინის ტელევარსკვლავი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 6 თებერვლის საღამოს (22.00) კიევის ტელეკომპანია „24“-ის ეთერით გამოვიდა და როგორც ყოველთვის, უკრაინის ხელისუფლებას საშინაო და საგარეო პოლიტიკური რჩევა-დარიგებანი მისცა.

გთავაზობთ „ნებაყოფლობით დევნილის“ (ასე უწოდა სააკაშვილმა თავის თავს „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში)  ტელეგამოსვლის შინაარსს:

საქართველო ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს უკრაინა რეფორმებს იოლად განახორციელებს: „უკრაინაში რეფორმების განხორციელება უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოში – იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კადრია, აქ არის უდიდესი ადამიანური რესურსები, პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული რესურსები, თქვენ კი მხოლოდ ხუთ პროცენტს იყენებთ. საქართველოს ასეთი რესურსები არ ჰქონდა. გარდა ამისა, უკრაინაში საზოგადოება მზადაა რეფორმებისათვის“, – დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას გააფართოვებს: „ამერიკელებმა დაინახეს, თუ როგორ იბრძვის უკრაინა. მათ დაინახეს, რომ უკრაინელები მზად არიან დაიცვან დემოკრატიული ფასეულობები და ეს ამერიკელებისათვის მთავარი ფაქტორია“.

საქართველოს ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობასაც მისცა რჩევა და აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი აქვს, აუცილებელია მისი უახლესით შეცვლა. „იარაღს ამერიკა მოგცემთ და როცა პირველივე ბრძოლაში 50 რუსულ ტანკს ააფეთქებთ, საქმე უკეთესად იქნება. ამერიკელები მზად არიან უპილოტო თვითმფრინავებისა და არტილერიის გადმოსაცემად. ჩვენი ქართველი ოფიცრები, რომლებიც თავის დროზე ამერიკელებმა მოამზადეს, ახლა თქვენს სამხედროებს ამზადებენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელთა საბრძოლო სული მთელს მსოფლიოში უმაღლესია და თუ მათ იარაღს მისცემენ, საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიან, მათ შესაძლებლობა ექნებათ მთელი რუსეთი დაიპყრონ“, – დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ იგი შესაძლოა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნოს. „მე ვიცი, რომ კორუფციასთან ბრძოლა – ეს უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე მზად ვარ ყველა ვარიანტი განვიხილო მათ შორის ჩემი პიროვნული მონაწილეობის საკითხიც ამ ბრძოლაში. ამასთან, ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკური შეკვეთები არ უნდა მიიღოს: უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო სხვა სტრუქტურებიდან დისტანცირებული უნდა იყოს“, – ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა.

«Российская газета» (რუსეთი), 7 თებერვალი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/02/06/saakashvili-site.html

მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის ხელისუფლების მთავარი მრჩეველი

მზადება ევრომაიდანის ქართული ვარიანტისათვის

მაქსიმ მაკარიჩევი

(შემოკლებით)

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთში იმყოფება, თავის სამშობლოში ჩასვლას ვერ ბედავს, რადგან იგი ბრალდებულია სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში – ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ოპონენტების მკვლელობასა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ამასთან, აღასანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო ხშირად ჩანს და მონაწილეობს უკრაინის ამბებში.

ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ვაშინგტონ-ბრიუსელის აზრით, უკვე „არასაკმარისად ასრულებს“ თავის ევროატლანტიკურ ვალდებულებებს. რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებშიც თბილისი დასავლეთის მხარდამხარ არ მოქმედებს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ანტირუსული რიტორიკა შეასუსტა. ამ ფონზე დასავლეთმა უკვე გამოხატა „სურვილი“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე, რადგან მან უკვე დაამტკიცა თავისი ვასალური დამოკიდებულება ვაშინგტონისა და ბრიუსელის წინაშე. თვითონ „ნებაყოფლობით დევნილმა“ მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც რამდენიმე თვე გაყუჩებული იყო და ხმას არ იღებდა, უკრაინის მოვლენების დაწყებისას „ცვლილებების ქარი“ იგრძნო და კვლავ ემოციურად დაიწყო მოქმედება – იგი აღარ მალავს საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებული სახით დაბრუნებას, „სამშობლოს მსხნელის“ ერთგვარ როლში. მას ჰგონია, რომ ამისთვის კარგი წინამძღვრები აქვს: აშშ-ისა და ევროპის პოლიტწრეების გავლენიანი წარმომადგენლები „მიესალმებიან და მხარს უჭერენ მის განზრახვებს“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „პრეზიდენტის სასახლეში“ დაბრუნება თავისებური გზით გადაწყვიტა – უკრაინის გავლით. კიევის გავლით, სადაც იგი ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე სწავლობდა და საიდანაც იგი გარკვეული დროით გარიცხული იყო.

ახლა ეს ვაი-პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ ხალხს უამრავი უბედურება დაატეხა, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინულ მაიდანს პირველივე დღეებიდან, დღეს უკრაინის ხელისუფლების მთავარი უცხოელი მრჩეველია და კიევის მთავრობას რჩევა-დარიგებებს აძლევს. მაშ ვინ უნდა ასწავლოს რუსეთისადმი სიძულვილი ტურჩინოვსა და იაცენიუკს, თუ არა სააკაშვილმა? რასაკვირველია, ამ საქმეში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მართლაც დიდი სპეციალისტია…

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ერთობ ორიგინალური წესით მოქმედებს: მან იმით დაიწყო, რომ უკრაინის სამინისტროებში თავისი გუნდის წევრები ჩანერგა (ჯანდაცვაში – ალექსანდრე კვიტაშვილი, შინაგან საქმეთა უწყებაში – ეკა ზღულაძე, იუსტიციაში -გია გეწაძე…). პროცესი, როგორც ამბობენ ხოლმე, დაიწყო და ხუთშაბათს თავის აპოგეას მიაღწია.

ხუთშაბათს, 5 თებერვალს უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე უკვე თვით მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ იგი მზადაა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელოს…

ვაი, ისედაც ცარიელო და საწყალო უკრაინის ხაზინავ…

პოსტმაიდანური უკრაინა ერთგვარ დაუსრულებელ აბსურდის თეატრს ისედაც ჰგავს სისხლიანი შეფერილობით, ახლა კი სურათს კიდევ ერთი მსხვილი ხაზი ემატება: ყველაზე მდიდარ და ყველაზე პერსპექტიულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ახლა უფსკრულში მიექანება, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი შეიძლება გახდეს ვაი-პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარ სამშობლოში მრავალრიცხოვანი ფინანსური და სხვა სახის დანაშაულშია ბრალდებული!

როგორც არ უნდა მოისურვონ კიევმა და დასავლეთმა, როგორც არ უნდა შეეცადნონ,  მათთვის მაინც ძნელი იქნება შეალამაზონ და რეტუში გაუკეთონ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ იმიჯს, რომელიც საქართველოს პროკურატურამ კარგად დახატა: 2008 წლის შემდეგ დასავლეთის მიერ საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად და დევნილთა დასახმარებლად გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხაზინიდან მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეთა ჯიბეში გადაინაცვლა. თანაც ბოლო დრომდე ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში იყვნენ და მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ: ახლა უკვე ყოფილი მინისტრები მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია… მართლაცდა შესაქებია პრემიერ-მიმისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მტკიცე ნებისყოფა გამოიჩინა და ზემოხსენებული პოლიტიკოსები თავიდან მოიშორა.

სამაგიეროდ, ექს-პრეზიდენტს და მის ძმაკაცებს კიევი ხელგაშლილად ხვდება. ასევე ხვევნა-კოცნით და დიდი პატივით ღებულობენ „მიხეილ სააკაშვილის ბუდის ბარტყებს“ უკრაინის არმიის სადამსჯელო ბატალიონები…

„როსიისკაია გაზეტასათვის“ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ბრძოლებში მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთოს „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებიც მონაწილეობენ. ამ ორგანიზაციას პირადად ექს-პრეზიდენტი კურირებს და „მიზნობრივი გრანტების“ სახით დიდძალ ფულს აძლევს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით. „თავისუფალი ზონის“ წევრები კიევში გასულ წელს მაიდნის მოვლენებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინელ ნაციონალისტებთან ერთად… და აი, ახლა დაქირავებულთა პირველი რაზმი 400 კაცის რაოდენობით თბილისიდან კვლავ კიევს გაემგზავრა, დონბასში მებრძოლ უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად.

ქართველ „ბოევიკებს“ უშუალოდ ეპატიჟება და ქირაობს „ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანთა კავშირის“ თავმჯდომარე ი.კვარაცხელია. რეკრტებად ძირითადად ისინი არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და ახლა უსაქმოდ დარჩნენ. ასეთები უამრავია. ისინი მომზადებას გადიან, როგორც ამბობენ, მეოტხე ქვეითთა ბრიგადის ბაზაზე, ვაზიანში, ანუ საქართველოს ხელისუფლების გვერდით, რომელიც ჯერ-ჯერობით ამგვარი მოქმედებისაგან გამოწვეულ საფრთხეს ვერ გრძნობს.

ექსპერტების თქმით, ახალგაზრდა „ნაციონალების“ ასეთი „საბრძოლო გამოცდა“ პერსპექტივაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისათვის მნიშვნელოვანი რესურსი იქნება საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის ასაფეთქებლად და დასავლეთის მიერ სემუშავებული, კარგად აპრობირებული გეგმის სარეალიზაციოდ, რომელიც კანონიერად არჩეული მთავრობების დამხობას ითვალისწინებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველ „ნაციონალებს“ და უკრაინელ რადიკალებს რუსეთის სიძულვილში ერთმანეთთან იდეოლოგიური სიახლოვე აქვთ და მათ მსგავსი დასავლური სტრუქტურები აფინანსებთ, მაშინ გამორიცხული არაა საქართველოში ევრომაიდანის გეგმის რეალიზება.. შემთხვევითი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ხმა ამოიღო“ და თავის თანამოაზრეებს მოუწოდებს „გადადგან ნაბიჯები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციის შესასუსტებლად და 2015 წლისათვის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად“.

Comments are closed