globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 7th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „რუსთავი-2“ – ერთი დღე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ვერდიქტამდე

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პრემიერის ინიციატივა დასავლეთის და ევროპის გასაჩუმებლად გამოგონილი ხრიკია“ // „მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი თვალის ასახვევად იქნება გამოყენებული“

რეზონანსი: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „რუსთავი-2“-ის საქმე მედიის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, საშიშ ტენდენციას ქმნის“ // „პრემიერის იდეა მედიაომბუდსმენის შესახებ, სასაცილოდ მდგომარეობაში გვაგდებს“

რეზონანსი: რა მოლოდინი გაქვთ სტრასბურგის სასამართლოსგან „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით? (თვალსაზრისები)

„ვერსია“: რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესსა და ინვესტიციებზე უზენაესი სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილება // ლევან ალაფიშვილი: „იურისტებსა და ჟურნალისტებს უნდა ასწავლონ, რომ ეს შეცდომა აღარ გაიმეორონ!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან: „პრემიერი ჩიხიდან გამოსვლაზე ფიქრობს“ // „არ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა არსებულ ვითარებას აკმაყოფილებდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „პრემიერობისთვის ირაკლი რუხაძეს ამზადებენ, თბილისის მერობისთვის – მამუკა ხაზარაძეს“ // „ევროპული საქართველოს“ ლიდერად შესაძლოა გიორგი მარგველაშვილი ვიხილოთ“ // „გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილის „დაკერვას“ ცდილობს“

რეზონანსი: ეჭვები ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით // „ვანო მერაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ისე მოექცა, როგორც ვანო მერაბიშვილი ექცეოდა სხვას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ლტოლვილების მიღებას არ უნდა დავთანხმდეთ“

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთი ლტოლვილტა ბანაკების საქართველოში შესაძლო განთავსებას განიხილავს, როგორც რუსეთ-საქართველოს საზავო პირობების ხელყოფას“ // „ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის იდეა, შესაძლოა, ვიღაცებმა აიტაცონ“

რეზონანსი: ხალხი ევროპაში სამუშაოდ გამგზავრების გეგმებს აწყობს // უამრავი ადამიანი ვიზალიბერალიზაციის გამოყენებას ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად აპირებს

——-

ვერსია: მეხსიერების ბარათი: მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის

——————–

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

რუსთავი-2“ – ერთი დღე ევროსასამართლოს ვერდიქტამდე

თიკო ოსმანოვა

„რუსთავი-2“-ის საქმეზე ყველა სტრასბურგის სასამართლოს 8 მარტის გადაწყვეტილებას ელოდება – გაგრძელდება თუ არა აღსრულების შეჩერების მექანიზმის გამოყენება. მანამდე კი როგორც ხელისუფლებას, ასევე „რუსთავი-2“-ს მოუწევს დასაბუთებული არგუმენეტების გადაგზავნა – ემუქრება თუ არა საფრთხე სიტყვის თავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით გუშინ სტრსაბურგის სასამართლოში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, სასამართლოში შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციების რაოდენობა საქართველოდან, რაც ეს მიანიშნებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა ისაუბრა თუ არა სასამართლოში „რუსთავი-2“-ის საქმეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ საქმეებზე საუბრის. „საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი, ისაუბროს და არც საგარეო საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი, რომ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გუშინ სტრასბურგში ასევე გაემგზავრნენ ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია. „რუსთავი-2“-ის ადვოკატებმა კი დამატებითი დოკუმენტები გადააგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. განცხადებაში „რუსთავი-2“-ის მხარე ევროსასამართლოს საბოლო გადაწყვეტილებამდე ითხოვდა ამ მექანიზმის გამოყენებას, თუმცა მორიგე მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის პოზიცია და საქმის გაცნობამდე 5 დღით გამოიყენა შუალედური ღონისძიების უფლება.

გადაწყვეტილების მოლოდინში

სანამ სტრასბურგის სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე 80-მდე ჟურნალისტი და 25 არასამთავრობო ორგანიზაცია სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ევროპელ მოსამართლეებს „რუსთავი-2“-ის დაცვას სთხოვენ.

„რუსთავი-2“-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა „რუსთავი-2“-ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტური გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად, ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არხი”, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს სხვადასხვა მედიასაშუალების 80-მდე ჟურნალისტი აწერს.

ჟურნალისტების მსგავსად ევროპელ მოსამართლეებს მიმართვა 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც გაუგზავნა.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (არსებითი განხილვის დასრულებამდე), გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.

“ხელმომწერი ორგანიზაციები ვაფასებთ და პატივს ვცემთ საკუთრების უფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ეს საქმე წარმოდგენილი იყო როგორც ორ კერძო პირს შორის ქონებრივი დავა, პროცესებმა დატოვა ცხადი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მთავარ ოპოზიციურ მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, რაც საბოლოოდ საქართველოში მედია პლურალიზმსა და დემოკრატიას დააზარალებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წაშლილი ზღვარი მფლობელსა და მედიაპლურალიზმს შორის?!

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ 3 მარტს მესამე ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს. განცხადებები გაკეთდა როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „რუსთავი-2“-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმა მიადგება ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს. მისი თქმით, თქმით, „რუსთავი-2“-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც პრეზინდეტის აზრით, გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება.

„რუსთავი-2“-ის გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას, ეს ერთი და მეორე, საერთაშორისო იმიჯს. „რუსთავი-2“-მა დააფიქსირა, რომ ისინი არიან პროევროატლანტიკური და პროევროპული არხი და როდესაც ვიღაცა თავისი ინიციატივით ამბობს, რომ მე ვიმუშავებ პროდასავლური ინიციატივით და გარკვეულ დაბალანსებას მოვახდენ რუსული პროპაგანდის, ესეც მნიშვნელოვანი შემადგენელია. საერთაშორისო პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია და აქედან გამომდინარე, სენსიტიურობა „რუსთავი-2“-თან მიმართებაში, დარწმუნებული ვარ, იზრდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის. მთავრობის მეთაურის თქმით, „რუსთავი-2“-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ “რუსთავის 2″-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. „რუსთავი-2“-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა. სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის”, – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანი იყო საუბარი იმ აღქმებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც, მთავრობის მეთაურის აზრით, არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზემედიაომბუდსმენი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

აღნიშნული ინიციატივა პრემიერმა არასამთავრობო სექტორს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისი ინიციატივის მიზანია, უზრუნველყოფირი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ “რუსთავის 2″-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან, მინდა, ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებელია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

„აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.

“ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ქვეყანაში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა, ყველაზე უფრო სწორი, ადეკვატური არის ის, რომ პრობლემის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვთქვათ სიმართლე, რაც უფრო რეალური იქნება პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ მისი განხილვა იქნება თანამშრომლობით კონტექსტში ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პრემიერის ინიციატივა დასავლეთის და ევროპის გასაჩუმებლად გამოგონილი ხრიკია“ // „მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი თვალის ასახვევად იქნება გამოყენებული

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე დასავლეთის და ევროპის გასაჩუმებლად გამოგონილი ხრიკია, რომელიც კვირიკაშვილის ინიციატივა სულაც არ არის. სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლება დასავლეთისგან „რუსთავი-2“-ის საქმის ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟს არ მოელოდა და ახლა ევროპელი პარტნიორების ამ ფანდზე წამოგება გადაწყვიტეს, თუმცა, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამას არავინ გადაყლაპავს.

- „რუსთავი 2-ისთვის ბრძოლამ ვხედავთ, რომ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა და ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიის აღსრულების საკითხი 8 მარტამდე შეაჩერა. ვნახეთ, რომ ამის შემდეგ სტრასბურგში გუშინ ქიბარ ხალვაშიც ჩავიდა. როგორ ფიქრობთ, ტელეკომპანიის ირგვლივ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს?

- ჩემი აზრით, ევროპის და ამერიკის რეაქცია „რუსთავი-2“-ის “მიჯირყვნის” მცდელობაზე, სიამოვნების მომგვრელიც არის და გულის გასახეთქიც. რასაკვირველია, სასიხარულოა, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, დასავლური სასამართლო თუ პოლიტიკა აქტიურია და ჩვენს პრობლემებს განიხილავენ. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ყველაფერს მოველი და მათი მხრიდან ნებისმიერი საქციელი ჩემთვის გასაკვირი არ იქნება. თუნდაც სამარცხვინო დუმილი, რადგანაც საპასუხო მაინც არაფერი აქვთ.

- პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას. უკავშირებთ თუ არა ამასრუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?

- რა თქმა უნდა, რომ პრემიერის ინიციატივა დასავლეთის და ევროპის გასაჩუმებლად გამოგონილი ხრიკია, რომელიც კვირიკაშვილის ინიციატივა სულაც არ მგონია. ვიცით ჩვენ ასეთი აზრების მფრქვეველი ვინც არის. ალბათ, დასავლეთის მხრიდან “რუსთავი 2″-ის ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟს არც მოელოდნენ და ახლა ევროპელი პარტნიორების ამ ფანდზე წამოგება გადაწყვიტეს. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ვინმემ გადაყლაპოს.

გვახსოვს, რამდენიმე წელი როგორ დავკარგეთ, როდესაც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი შევქმენით. არც თუ უსაფუძვლოა ეჭვი, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ერთ-ერთი გამოხამურებაც იყოს, სადაც საქართველოში მედია თავისუფლების შესახებ საკმაოდ მკაცრი შეფასებებია გაკეთებული. მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შემთხვევაში ეს მხოლოდ დარჩება ინსტიტუტად, რომელიც დასავლეთის და ევროპის თვალის ასახვევად იქნება გამოყენებული. ის უბრალოდ სხვა სახის როლს ვერ შესარულებს. როგორც ეს ბიზნესომბუდსმენის შემთხვევაში მოხდა. არცერთი ანგარიში ამ ინსტიტუტის მხრიდან მისი არსებობის მანძილზე არ მოგვისმენია. ის თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს, ფაქტობრივად უფუნქციოაა.

- თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც .. ციანიდის საქმის ირგვლივ კითხვები არ ცხრება. როგორ შეაფასებთ პროკურატურის მუშაობას და ფიქრობთ თუ არა, რომ ამ საქმის ირგვლივ საზოგადოებას გამოძიება ამომწურავ პასუხებს გასცემს?

- რაც უფრო დრო გადის მეც და საზოგადოებასაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა საკუთარი ბრალდებების ლაბირინთში გაეხვია. იმდენი ტყუილ-მართალი იძახა, რომ ბოლოს ძლივს ჩამოყალიბდა დეკანოზ მამალაძეს ბრალად რას სდებდა. აბნეული და ჯიუტად გაყინული პროკურატურა, ვერც რამე ახალს გვეუბნება და ვერც თავისი ბრალდების სიმართლეში გვარწმუნებს. პრაქტიკულად ინფორმაციის წყარო, ბრალდების ერთადერთი პრინციპული ადვოკატია, რომელმაც საკუთარი სიმუნჯის მოთხოვნას ხელი არაფრით მოაწერა. ხოლო მის მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ მას პროკურატურა დღეში რამდენჯერმე უნდა კითხავდეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურამ საქმის ირგვლივ არსებული სიმართლის შესახებ ყველაფერი კარგად იცის, თუმცა მათ სრულიად სხვა საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი და ეს სიმართლე არც არაფერში სჭირდებათ. ამიტომ, მოლოდინი მხოლოდ ის არის, რომ საქმის ირგვლივ სიტუაციას მაინც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეცვლის, სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ.

——————-

გასაიდუმლოებული დაკითხვაციანიდის საქმეზე

ეკატერინე ბასილაია

“ციანიდის საქმეზე” პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილი უკვე დაკითხა, ირკვევა, რომ წინა კვირას, თან რატომღაც გაუხმაურებლად და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პლუს, ასევე გაუხმაურებლად დაიკითხა საპატრიარქოს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი. ამ გასაიდუმლოებული დაკითხვების გამო და გაუთქმელობის ხელწერილის მოშველიებით გაურკვეველია, რა თქვა პროკურატურაში პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, მართლა სთხოვა თუ არა დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი და ამისთვის მას 500 დოლარიც შესთავაზა თუ არა, როგორც ამას დაპატიმრებული დეკანოზი ამტკიცებს.

ასევე გაურკვეველია, დაიკითხა თუ არა ის ორი ადამიანი, რომელნიც პროკურატურის მთავარი მოწმის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძის მიერ ფარულად გაკეთებულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად საუბრობენ შესაძლო დანაშაულზე და ვინ არიან ისინი. ხოლო იმაზე, რომ ფარულ ჩანაწერებში სხვა პირებიც ფიგურირებენ, პროკურატურის მოწმეები, ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილიც საუბრობენ.

პარალელურად, გუშინ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგის სახლში აღმოაჩინეს, ეკუთვნის ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, რომლის განცხადების საფუძველზეა დაპატიმრებული დეკანოზი და ეს პასუხია იმაზე, “ციანიდის” პროვოკაცია როგორ იგეგმებდა.

ირაკლი მამალაძე ამ ბრალდებას ტყუილს უწოდებს და მზადაა გამოძიებას ამ თემაზე უპასუხოს.

ორშაბათს გახდა ცნობილი, რომ საგამოძიებო უწყებამ შორენა თეთრუაშვილი რამდენიმე დღის წინ დაკითხა. ინფორმაცია პროკურატურამაც და საპატრიარქოს იურისტმაც დაადასტურეს.

იურისტ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა წინა კვირას, დღე ზუსტად არ ახსოვს, ან ხუთშაბათი იყო ან პარასკევი და მის გარდა დაიკითხა საპატრიარქოს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი, თუმცა ისინი სასულიერო პირები არ არიან.

“თქვენთვისაც საინტერესოა, რომ მას სამართლებრივად დაზარალებულის სტატუსიც მიენიჭა”, – ამბობს ქარჩავა. დაზარალებულის სტატუსი კი იმას ნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძეს სწორედ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

ადვოკატი არ საუბრობს, მაგალითად რა ისაუბრა თეთრუაშვილმა გამოძიებასთან, რა კაშირი ჰქონდა მას “ციანიდის საქმესთან” და მართლა სთხოვა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი და შესთავაზა თუ არა 500 დოლარი დაკავებულს.

აღსანიშნავია ის, რომ დაკავებულმა დეკანოზმა ჩვენებაში თქვა, რომ მას ციანიდის შოვნა ახლობელი ოქრომჭედლისთვის თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა მან ციანიდი ვერ იშოვა და უკვირს, მის ბარგში ეს შხამიანი ნივთიერება საიდან აღმოჩნდა.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ “ყველა საინტერესო შეკითხვაზე, რაც კი გამოძიებას გაუჩნდა, ქალბატონმა შორენამ ამომწურავი პასუხი გასცა”. ქარჩავას ინფორმაციით, დაიკითხნენ სხვა პირებიც, რომელთანაც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან უშუალოდ შემხებლობა ჰქონდა.

იურისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა ისიც, რომ ორშაბათს პროკურატურამ საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაცია ამოიღო. ბრალდებული დეკანოზის ინტერესების დამცველებისთვის გაუგებარია, რატომ დაიკითხა პატრიარქის მდივან-რეფერენტი ასე გასაიდუმლოებულად.

“როგორც ჩანს შორენა თეთრუაშვილი დაკავებული დეკანოზის საქმეში პრივილეგირებული მოწმეა, რადგან მისი დაკითხვა გასაიდუმლოებულად მოხდა… შორენა თეთრუაშვილი რეალურად რამდენად რიგითი დაზარალებულია? ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მდივან-რეფერენტია და სხვა არანაირი უფლებით არ სარგებლობს, ამის საწინააღმდეგოდ ერთი კონკრეტულია ფაქტი მეტყველებს, ის, თუ როგორ ხდება მისი დაკითხვა, მისი მიბრძანება და როგორ გასაიდუმლოებულად ხდება ეს ყველაფერი. სასაცილოა, როდესაც მამა გიორგი მამალაძე არის ბრალდებული და შორენა – დაზარალებული”, – აღნიშნავს ფანცულაია.

ვის ეკუთვნის დეკანოზის სახლში აღმოჩენილი იარაღი

დეკანოზი გიორგი მამალაძემ გამოძიებას მხოლოდ ერთხელ 27 თებერვალს მისცა ჩვენება და მას შემდეგ უკვე ერთი კვირაზე მეტია პროკურატურისგან ითხოვს მის ოჯახს დაცვა დაენიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ აპირებს გააგრძელოს გამოძიების კითხვებზე პასუხი. დაკითხვის გაგრძელებამდე კი “ციანიდის საქმის” რამდენიმე ფრაგმენტი ხდება ცნობილი.

“კვირის პალიტრა” ავრცელებს დეკანოზის ჩვენების ერთ ფრაგმენტს, სადაც მამა გიორგი მამალაძე ყვება, რომ ის დააკავეს დილის 6 საათზე, ავტობუსში, რომელსაც მგზავრები თვითმფრინავამდე მიჰყავს და მას დაეტაკნენ უკნიდან, პირზე ხელი ააფარეს და ხელბორკილები დაადეს.

4-5 ადამიანი იყო, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მათგან ერთმა მანქანაში უთხრა, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის იყო დაკავებული. პროკურატურაში მიიყვანის, შემდეგ კი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძემ განუცხადა იგივე ოფიციალურად.

დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი დაკავება კი არა, მოტაცება მოხდა. ამბობს, რომ ბრალდებული დაკითხვის მცდელობა იყო მანამ, სანამ მის ჩანთის შემოწმება მოხდებოდა, სანამ არ არსებობდა მტკიცებულება და ჩანთა მასთან 9 საათის შემდეგ მიიტანეს. ამ დარღვევების გამო გამოიყენა დეკანოზმა დუმილის უფლება.

გარდა ამისა, ადვოკატმა რამიშვილმა თქვა, რომ “დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ.ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის”.

“ირაკლი მამალაძემ სასულიერო პირთან იარაღი ძველით ახალ წელს მიიტანა, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი”, – ამის შესახებ რამიშვილმა “კვირის პალიტრას” განუცხადა.

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ირწმუნება, რომ მას იარაღი არასდროს ჰქონია და თუ გამოძიებას კითხვები ექნება, მზად არის პასუხი გასცეს. “თუ იარაღი მე მივიტანე, შორენა თეთრუაშვილს ციანიდი უთხოვია ჩვენ რატომ ვართ გარეთ? სასამართლო არ არსებობს?. ეს მოგონილი თემებია”, – აღნიშნავს მამალაძე. მისი თქმით, მამაოსთან სახლში ერთხელ 2 წუთით არის ნამყოფი, როცა გარკვეული მასალები მიაწოდა გამოსაქვეყნებლად და “მის მიერ სასულიერო პირისთვის იარაღის მიბარებას მტკიცებულება სჭირდება”.

საპატრიარქო დაციანიდის საქმე

დაკავებული დეკანოზი ერთი კვირაა ითხოვს აზიარონ, თუმცა საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, ეს მხოლოდ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. “როცა მსჯავრდებულს წაყენებული აქვს ბრალი, ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ შეიძლება მისი ზიარება. მისი ზიარება მოხერხდება ალბათ უახლოეს ხანში. მისი მღვდელმთავარი, მეუფე დიმიტრი გადაწყვიტავს ამ საკითხს”, – განაცხადა დეკანოზმა თევდორაშვილმა.

ასევე ცნობილია ის, რომ “ციანიდის საქმის” და ამის შემდეგ საპატრიარქოში დაწყებული სკანდალის გამო 9 მარტს 12 საათზე შეიკრიბება წმინდა სინოდი, სადაც “ციანიდის საქმესთან” ერთად ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ საჯაროდ გაკეთებული მამხილებელი განცხადებების გამო მეუფეს საკითხსაც განიხილავენ.

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „რუსთავი-2“-ის საქმე მედიის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, საშიშ ტენდენციას ქმნის“ // „პრემიერის იდეა მედიაომბუდსმენის შესახებ, სასაცილოდ მდგომარეობაში გვაგდებს

სალომე სარიშვილი

„როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, როდესაც „რუსთავი-2“-მა ყველა შიდა ინსტანცია გაიარა, როდესაც მედიაწილები გათამაშებულია და როდესაც გარკვეული გადაცემები დაიხურა, ახლა მედიაომბუდსმენზე საუბარი ძალიან სასაცილოა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გარკვეული ნაწილისთვის „რუსთავი-2“ სიტყვის თავისუფლებასთან სულაც არ ასოცირდებოდეს, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა ეს ნაწილი, არამედ ტელეკომპანიის უფლებებია.

- დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში სამართალდამცველთა მხრიდან უხეშ დარღვევეზე ისაუბრა. რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევთ მედიაში გავრცელებული ჩვენების დეტალებს?

- ახალი ინფორმაციები ძირითადად დაცვის მხარის მიერ ტივტივდება და არა პროკურატურის. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მხარე მოტივირებულია და ეს სრულიად ბუნებრივიცაა, რადგან დაცვის ფუნქციაც სწორედაც რომ დაცვის უზრუნველყოფაა. ამდენად, დაცვის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას, ისევე როგორც ბრალდების მხრიდან, რომელზეც არტეფაქტული მტკიცება არ არსებობს, როგორც ფაქტს ვერ მივიღებ. ვფიქრობ, აქ უფრო საინფორმაციო ომი მიდის, რადგან პროკურატურა დუმს, ხოლო დაცვის მხარ ინფორმაციას ავრცელებს.

- როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო უწყების მხრიდან ამ ფონზე დუმილი რამდენად სწორია?

- რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს საქმე რთულია, თუმცა ჩემთვის პროკურატურის დუმილი არანაირად არ გახლავთ მისაღები. თანაც განსხვავება იმაშია, რომ დაცვის ამოცანა ძალიან კონკრეტული და უბრალოა – მოახდინოს კონკრეტული პირის უდანაშაულობის ან შესაძლო დანაშაულიდან მინიმუმის დამტკიცება, მაგრამ პროკურატურის მიზანი ასეთი ლოკალური არაა, მისი სივრცე უფრო ფართოა, ის ებმება პოლიტიკას, ეკლესიის თემას და ა.შ.

ამ ფონზე, პროკურატურას დღემდე არ განუმარტავს, რა კვალიფიკაცია მისცა ამ პროცესს, ამიტომ დაცვა რა ინფორმაციას გამოიტანს, ეს ინტერპრეტაციის საგანია. თუმცა, ამის საპასუხოდ პროკურატურამ მტკიცებულებები უნდა გაასაჯაროოს, ამის მომხრე თავადაც ვარ. გასაგებია, რომ რთულია და მგრძნობელობაც დიდია, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ამით დაცვის მხარე სარგებლობს, ხოლო პროკურატურას მათთან პაექრობა აქვს. ჩემი აზრით, მათი ტემპი ასეთი ნელი არ უნდა აიყოს და რაღაც დეტალებზე საზოგადოებას წვდომა უნდა ჰქონდეს.

აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა დეკანოზის შესაძლო ზიარების თემას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიტროპოლიტი დიმიტრი, რომელიც ამ საქმეში აქტიურია და საუბარი დაკავებულთან მის შესაძლო შეხვედრაზეა, ეს საკმაოდ საშიშია. ზიარება გარდა საეკლესიო საიდუმლოებისა, კომუნიკაციის პროცესიცაა, რომლის დროსაც ინფორმაციის გაცვლა და შესაძლოა ზეწოლაც ხდება. მაგალითად, მეუფე პეტრესთან შეხვედრის დროს დაკავებულ დეკანოზს დილით სიცხე ჰქონდა და შუადღით გული ცუდად გაუხდა. ჩვენ არ ვიცით, რაზე ისაუბრეს მათ, ამ მიტროპოლიტმა ცაავამ რა ზეწოლა მოახდინა მასზე. ამდენად, როდესაც ეს საფრთხეები არსებობს, არაფრით არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ დაკავებულის შეხვედრა სასულიერო პირთან მოხდეს. ეს მანამ, სანამ გამოძიება დეკანოზთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებს.

- რუსთავი-2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ?

- აქ საქმე ასე მარტივად არ დგას იმის სათქმელად, რომ რომელიღაცა კერძო კომპანიის ყოფილი მფლობელი ახლანდელს საწარმოს ედავება. ეს ჩანს მმართველი პარტიის მხარდამჭერებიდან, რომელებიც აქცენტს არა “რუსთავი 2″-ის სამეწარმეო ნაწილზე, არამედ მის სარედაქციო პოლიტიკაზე აკეთებენ. ხელისუფლებაც საერთო ჯამში, ამ კონტექსტის მონაწილეა.

„რუსთავი-2“-ის საქმე იცით, რას მაგონებს? – წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც ადამიანმა გაგქურდათ და დამნაშავეა, მაგრამ მას “შეეტენოს” სხვა ადამიანის დაზიანება და ამითი დაისაჯოს. ანუ, ორი მოცემულობაა: დამნაშავეა და დაისაჯა, მაგრამ არა იმაში, რაშიც ბრალი მიუძღვის. სამეწარმეო კუთხით, საფუძველი გადაწყვეტილებისა არა ის ძალიან ჩახლართული მფლობელობითი ისტორია გახდა, არამედ აქ ე.წ ამორალური გარიგების თემა, რაც გულისხმობს, რომ ერთმა მფლობელმა ამორალურად დაბალ ფასში შეიძინა და მას არ ეკუთვნის, ამიტომ დაუბრუნონ მას, ვისაც ეკუთვნის.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება პოპულისტობს, როცა მოქალაქეებს ეუბნება – თქვენ „რუსთავი-2“ და “ნაციონალური მოძრაობა” არ გიყვართ, ამიტომ ჩვენ ვართმევთ, მაგრამ რამდენად სწორია ეს სამართლებრივად, ეს სხვა საკითხია.

დაახლოებით ასე მოხდა „რუსთავი-2“-ის თემის გადაწყვეტა. ასეთი პრეცედენტი ურტყამს ბიზნესს, რადგან ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელსაც შესაძლოა ამორალური გარიგების საფუძველი დაედოს. ეს პრეცედენტი კი ძალიან ბევრ ბიზნესმენს აძლევს საშუალებას, წაართვას ამჟამინდელ მფლობელებს ბიზნესი.

- რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის კუთხით არსებულ მოსაზრებებს. ამ კუთხით რას გვეტყვით?

- რაც შეეხება სასამართლოს, თავისთავად ჩანს, რომ მათ მიმართ ნდობა არავის აქვს, გარდა მოტივირებული მხარისა. ასე იყო სააკაშვილის დროსაც, როცა მას სჯეროდა, როგორც მოტივირებულ მხარეს. რაც შეეხება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს პრეცედენტები ქმნის საშიშ ტენდენციას, თორემ აქ საუბარი იმაზე არაა, რომ „რუსთავი-2“ კრიტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი-2“ ჩემთვის სიტყვის თავისუფლებასთან სულაც არ ასოცირდება, აქ ეს მნიშვნელოვანი არაა, აქ მნიშვნელოვანია მისი უფლებები. კრიტიკული მედია ჩვენ გვაქვს ტვ “პირველის”, “იბერიიის”, “კავკასიის” და ა.შ სახით.

საშიში ტენდენცია უპირველეს ყოვლისა მათთვისაა, რადგან თუკი „რუსთავი-2“-ის, როგორც მძლავრი ფინანსური რესურსების მხარის დანგრევა მოხერხდება, თანაც უსამართლოდ, ძალიან გაადვილდება სხვა მედიასაშუალებაზე მოქმედება. ამდენად, ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს.

- ამ ფონზე პრემიერი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეით გამოდის, როგორ აფასებთ ამ ინიციატივას?

- ზუსტად ამ ფონზე, მედიაომბუდსმენის შექმნის იდეა ძალიან სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს, რადგან პრემიერის განცხადებას ვერ ვუწოდებ სხვას ვერაფერს გარდა ერთისა – წარმოიდგინეთ, შოკის დარბაზში მყოფ პაციენტს მკურნალი ექიმის ნაცვლად რეანიმატოლოგი მიუყვანონ. როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, როდესაც “რუსთავი 2″-მა ყველა შიდა ინსტანცია გაიარა, როდესაც მედიაწილები გათამაშებულია და როდესაც გადაცემები დაიხურა, ახლა მედიაომბუდსმენზე საუბარი ძალიან სასაცილოა.

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

რა მოლოდინი გაქვთ სტრასბურგის სასამართლოსგან რუსთავი-2-ის საქმესთან დაკავშირებით?

გვანცა წულაია

(შემოკლებით)

რა მოლოდინი გაქვთ სტრასბურგის სასამართლოსგან “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

ლადო ვარდოსანიძე (არტიტექტორ-ურბანისტი): ევროსასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი მაქვს – ჯერ ფაქტობრივ მასალას და შემდეგ კონტექსტს განიხილავს. ეკონომიკურ თუ სამართლებრივ მხარეს შეისწავლის და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ავთო სულაბერიძე  დემოგრაფი): ჩემი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას არ ეხება – საკუთრების უფლებას ემყარება. საქართველოში დემოკრატია როგორია, სტრასბურგმა რატომ უნდა განიხილოს? უნდა განიხილოს სამართლებრივი მხარე.

გია ბუღაძე  (მხატვარი): მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო შეჩერების მექანიზმს გაახანგრძლივებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში “რუსთავი 2″ გამარჯვებული აღმოჩნდება. აშკარად ჩანს და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების მიერ მართული პოლიტიკური პროცესია.

გრიგოლ გეგელი (ისტორიკოსი): ამ პროცედურებს ზედმიწევნით არ ვიცნობ, მაგრამ არის ვარაუდი, რომ შეიძლება დროებითი შეჩერება გაგრძელდეს, რათა სასამართლომ საქმე უკეთ გაეცნოს. როდესაც, რამდენიმე დღის წინ პირველი გადაწყვეტილება გავიგეთ, რეალურად ბევრი შეხვდა ზედმეტად დრამატიზებულად. უპრეცედენტო იყო და ამასთანავე ძალიან სწრაფად მოხდა. მათ არც საქმის შინაარსზე და არც სწორ ან არასწორ გადაწყვეტილებაზე უთქვამთ რამე. აქ დროებით შეჩერებაზეა საუბარი. საქართველოში ეს გვიკვირს, თუმცა პროცედურულად ეს ნორმალური, რეალური და ჩვეულებრივი პროცესია. არაფერი განსაკუთრებული და დრამატული არ მომხდარა.

მიხეილ ცარაგელი  ასტროლოგი): დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს შიდა საქმეებში სტრასბურგის სასამართლო საერთოდ არ უნდა ერეოდეს. დარწმუნებული ვარ, არცერთი სხვა რესპუბლიკა სტრასბურგის სასამართლოს მათ საქმეში ჩარევის უფლებას არ მისცემდა. ეს ჩვენი შიდა და არა მათი საქმეა. რატომღაც ბევრს ავიწყდება, როდესაც “იმედი” საშინელ დღეში ჩააგდეს. მაშინ სტრასბურგის სასამართლო, უცხოელი დამქაშები, ამერიკის ელჩი, ან თუნდაც “რუსთავი 2″, სად იყვნენ? რას ქადაგებდნენ ისინი? თუ კრიმინალი არ იყო, რაც “იმედთან” დაკავშირებით მოხდა? რატომ არ იხსენებენ “იმედს”? თუ აქ სამართლის პოვნა უნდათ “იმედთან” დაკავშირებით რატომ იყვნენ უსამართლონი?

თუ ჩვენი მთავრობა და პრემიერი რამე გუნდრუკს არ უკმევენ ევროპას და თავის სისუსტეს კიდევ ერთხელ არ გამოავლენს, მაშინ მიმაჩნია, რომ არაფერი არ უნდა შეიცვალოს და როგორც ჩვენმა სასამართლომ გადაწყვიტა, ყველაფერი ისე უნდა დარჩეს.

„ვერსია“, 06 მარტი, 2017 წელი

რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესსა და ინვესტიციებზე უზენაესი სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილება // ლევან ალაფიშვილი: „იურისტებსა და ჟურნალისტებს უნდა ასწავლონ, რომ ეს შეცდომა აღარ გაიმეორონ!“

მაია მიშელაძე

ჩემი ინტერესია, დასრულდეს სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშსა და ,,რუსთავი 2”-ის მფლობელებს შორის. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებ გარკვეული იურიდიული პრეტენზიების გაცხადებას. „რუსთავი-2“-ის საქმეზე დავას საქართველოს სასამართლოებში არ ვაპირებ, პარიზის ან ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავ, თუმცა დავამდე, შეთანხმებასაც არ გამოვრიცხავ“, – ეს თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაა. 2016 წლის შემოდგომაზე, წინასაარჩევნოდ, „რუსთავი-2“-ის საქმეში ახალი დოკუმენტი გაჩნდა: 2010 წლის თებერვალში, ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ბერლინში გაფორმებული ხელშეკრულებარუსთავი-2“-ის ჟურნალისტს წყარომ მიაწოდა, მისი ნამდვილობა კი ოქრუაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა. ამ დოკუმენტით, ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომრუსთავი-2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. ორ მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, „რუსთავი-2“-ის 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს, 40% კი მისსავე კომპანიაპანორამას“ მიაკუთვნა. სამ მარტს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლომ დაჩქარებული წესით, წარმოებაში მიიღორუსთავი-2“-ის ადვოკატების სარჩელი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსახარბიელო პრეცედენტი იქმნება, რაც ადგილობრივ ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტირუსთავი-2“-ის საქმეში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის 100%-იანი წილი გადაეცა ბიზნესმენს, რომელსაც ეს წილი საერთოდ არ ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, 2010 წელს ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაში მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია რუსთავი-2“-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელით შეიძინა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი-2“-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა.

ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ «რუსთავი-2“-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე იმოქმედებდა, ჯარიმის სახით, 7 700 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრებოდა. „მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ რუსთავი-2“-ის 100%-იანი წილიდან 50%-ს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადაუფორმებს, ეს ზუსტად ამ ხელშეკრულების დარღვევაა. კონტრაქტში, რომელიც ჩვენს შორის გაფორმდა, აღნიშნულია, რომ ჩემთან შეუთანხმებელი მოქმედებების გამო, მას 7 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, ჯარიმის გადახდა მოუწევდა“, – განაცხადა 2016 წლის შემოდგომაზე, ტელეკომპანია „პირველის ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა და მიუხედავად იმისა, რომ ქიბარ ხალვაშმა ამგვარი დოკუმენტის არსებობა და მით უმეტეს, მასზე ხელმოწერა კატეგორიულად უარყო, ოქრუაშვილმა დასძინა, რომ დოკუმენტის გრაფოლოგიური ექსპერტიზა პარიზის საუკეთესო ექსპერტებმა ჩაატარეს…

ამ დოკუმენტის ისტორია იმიტომ გავიხსენეთ, რომ სინამდვილეში, რუსთავი-2“-ის 100%-იან წილს, ქიბარ ხალვაშის სახელით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი ფლობდა. ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ექს-მინისტრის წარმომადგენელმა, 2016 წლის 10 ნოემბერს, საჯარო რეესტრს მიმართა და ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია „პანორამას“ დაყადაღება მოითხოვა. ამ მოთხოვნის საფუძველი ოქრუაშვილის სასამართლოში შეტანილი სარჩელი იყო, რომლითაც ხალვაშისგან ვალის დაბრუნება მოითხოვა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გიორგი ზედელაშვილი ადასტურებს, რომ ოქრუაშვილი ამ დავის გაგრძელებას აპირებს.

„ვერსია“ თავის დროზე წერდა, რომ 2004 წელს, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი-2“-ის საკონტროლო პაკეტი ამ ტელეკომპანიის სამი დამფუძნებლისგან – ეროსი კიწმარიშვილისგან, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისგან ქიბარ ხალვაშის სახელით შეიძინა. მოგვიანებით, ეს გარიგება ყოფილმა მფლობელებმა – აქიმიძემ და დვალმა სადავო გახადეს – ისინი სხვადასხვა დროს აცხადებდნენ, რომ საკუთარი წილები, მაშინდელი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, თავდაცვის ექსმინისტრის მეგობარს იძულებით დაუთმეს.

2006 წელს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, რუსთავი-2“-ის მფლობელი შეიცვალა, ქიბარ ხალვაში მილიარდერმა დეპუტატმა, დავით ბეჟუაშვილმა ,,ჩაანაცვლა” და 2011 წლის ბოლომდე, ტელეკომპანიები – „მზე“, „რუსთავი-2“ და „პირველი სტერეო”, სწორედ მისი კუთვნილი კომპანია ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მფლობელის – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრება იყო. 2011 წლის ბოლოს, ამ ტელეკომპანიების წილები დავით ბეჟუაშვილისგან გიორგი და ლევან ყარამანაშვილებმა, ასევე, რუსთავი-2“-ის ყოფილმა დირექტორმა გიორგი გეგეშიძემ შეიძინეს.

ამ ფინანსური ტრანზაქციების შედეგად, მოგვწონს თუ არა, გიორგი და ლევან ყარამანაშვილები, რუსთავი-2“-ის კეთილსინდისიერ მყიდველებად ითვლებიან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი, რომ ამიერიდან, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება პრეტენზია, დაიბრუნოს ქონება, რომელიც წინა წლებში, სხვადასხვა ვითარებაში გაყიდა. რაც მთავარია, საფრთხე ექმნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან ამ პირობებში, ერთ უცხოელ ინვესტორსაც არ მოუნდება ფულის დაბანდება ქვეყანაში, სადაც საკუთრების უფლება დაუცველია.

პრეცედენტული გადაწყვეტილება

ვიდრე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უცნობია, მის სამართლებრივ ასპექტებზე მსჯელობა ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ გადაწყვეტილებას დიდი ხანია ელის და სამართლებრივ დავას ქვეყნის ფარგლებსგარეთ აპირებს. ამასობაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ტელეკომპანიის იურისტების სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამ ფონზე, საინტერესოა, რა პრეცედენტს ქმნის რუსთავი-2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება?

„ვერსიას“ იურისტი, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი ადვოკატი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა.

- ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმებული ხუთპუნქტიანი მემორანდუმი, არსებითად, ორ საკითხს ეხება: ესაა 7-მილიონიანი ვალი და ,,რუსთავი 2”-ის საქმე. საკუთარი უფლებების დასაცავად, ირაკლი ოქრუაშვილი ორივე მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებდა, რაც მოიცავდა, როგორც მოლაპარაკებებს, ასევე, შესაბამის პროცედურებს საქართველოსა და საზღვარგარეთ.

„რუსთავი-2“-თან მიმართებაში ორი საკითხია მნიშვნელოვანი: დეკლარირებული და აღიარებულია, რომ ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაში და მასთან დაკავშირებული კომპანიები, ირაკლი ოქრუაშვილს წარმოადგენდნენ და მეორე, თუ რუსთავი-2“-ის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილთან შეუთანხმებლად, რაიმე პროცესი წარიმართებოდა, ქიბარ ხალვაშს გარკვეული საჯარიმო სანქცია დაეკისრებოდა…

- ბატონო ლევან, სანქციის დაკისრებაში, ჯარიმის სახით, 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა და ამის საფუძველი ქიბარ ხალვაშის დაპირება იყო, რომ დავის დასრულების შემდეგ, 50%-ს რუსთავი-2“-ის ყოფილ მფლობელებს – ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადასცემდა. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ეს საკითხი ხალვაშს მასთან არ შეუთანხმებია, სწორედ ამან განაპირობა მისი საჯარო განცხადება და კონკრეტული პროცედურებიც ამიტომ დაიწყო.

- ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდა, რათა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ საერთაშორისო დავა დაეწყო, არა?

_ ირაკლი ოქრუაშვილის უფლებებიდან გამომდინარე, სასამართლო დავის შედეგი სამ სტრატეგიულ საკითხს განაპირობებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მის შემდგომ ქმედებებზე, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა როცა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვა, საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ თვითონვე ისაუბრებს. სტრატეგიული სამართალწარმოების ნაწილი, რაც ჩემი კომპეტენცია იყო, უკვე ამოწურულია. საქართველოსა და უცხოეთში განსახორციელებელი პროცედურები განსაზღვრულია, რაც მე და ბატონ ირაკლის უკვე გავლილი გვაქვს და კონკრეტული საქმის წარმოება – მოლაპარაკება, სასამართლო დავა თუ არბიტრირება, სხვა იურისტების საშუალებით განხორციელდება.

- უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქართველოს იმიჯს ადგილობრივი ბიზნესმენების თვალშიც დააზარალებს და, ასევე უცხოელი ინვესტორებისაც. საკუთრების უფლების დაცვა სერიოზული საფრთხის წინაშე დგება, რადგან ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ადამიანებმა წლების წინ, საკუთრებაში არსებული და შემდეგ ჩამორთმეული ან აუქციონზე გაყიდული ქონების დაბრუნება მოითხოვონ

- კითხვის პირველ ნაწილზე ვერაფერს გეტყვით, რადგან 2 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ არაფერი ვიცით, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებას გავლენა ექნება სასამართლოს შემდგომ განვითარებასა და ამ ხელისუფლების ადრინდელ დაპირებაზეც სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით! უნდა ვაღიაროთ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება დღის წესრიგის პრიორიტეტებიდან უკვე მოხსნა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დაპირებას ისევ გააცოცხლებს და საზოგადოების უკმაყოფილებასაც წარმოშობს. მეტიც, მხოლოდ ისინი კი არ გააქტიურდებიან, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ქონება დაკარგეს, არამედ ისინიც, რომლებიც შევარდნაძის დროს, მასობრივი პრივატიზაციის პროცესში დაზარალდნენ! გამორიცხული არაა, რომ ამის შედეგად სასამართლო პარალიზებამდეც კი მივიდეს და ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქმეების სიმრავლეს არ ვგულისხმობ. ქვეყნის შიგნით და გარეთ გაჩნდება ეჭვი, მედია და სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან რამდენად თავისუფალია. ეს ერთი მედიასაშუალების კონტექსტში განსახილველი საკითხი არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზიების მიმართულებით, გარკვეული ქმედებები უკვე განხორციელდა, რასაც მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება არ მოჰყოლია.

ამგვარი ტენდენციის გაგრძელება საქართველოსა და ქართული დემოკრატიისთვის არასასარგებლო დასკვნებს ლოგიკურად წარმოშობს. მხედველობაში მაქვს პროცესები, რომლებიც ,,მაესტროდან” დაიწყო, შემდეგ კი GDშ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაგრძელდა. გამიხარდება, თუ ასეთი პრეცედენტები ისტორიასა და სახელმძღვანელოებში დარჩება, რათა მომავალ იურისტებსა და ჟურნალისტებს ასწავლონ, როგორც შეცდომა, რომელიც აღარ უნდა გაიმეორონ! სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სასამართლოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს! 2 მარტის პრეცედენტიდან გამომდინარე, სასამართლოს ამ ხალხის მოთხოვნებზე მსჯელობა მოუწევს და თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ამას ნდობის შემცირება და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია მოჰყვება.

სასამართლო დავის ეპიცენტრი ევროპაში

ამიერიდან, რუსთავი-2-თან დაკავშირებული სასამართლო დავის ეპიცენტრი ევროპა ხდება – ტელეკომპანიის იურისტებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართეს, ამასთან, გიორგი და ლევან ყარამანაშვილები დავის გაგრძელებას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშიც აპირებენ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას ირაკლი ოქრუაშვილიც აპირებს. დაზარალდება თუ არა ყველაფერ ამით საქართველოს იმიჯი და რა საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო სასამართლო პროცესი ქვეყანას?

„ვერსიას“ ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე ესაუბრა:

- ნებისმიერი დავა, რომელიც სასამართლოში გადადის და მხარეები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ასე ცდილობენ, თავისთავად, სწორია. ეს პროცესი ერთგვარი ტესტია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც. საქართველოში დამთავრდა ქონების ღამღამობით გადაფორმების პრაქტიკა და დავები სასამართლოებში მიმდინარეობს, რაც აპრიორი, ძალიან კარგია. ურიგო არც ისაა, რომ დავა ევროპაში გადადის, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი, მათ შორის, დავის სამართლებრივ ჭრილში წარმოების მხრივ. ევროპის სასამართლოებში გადატანილი ეს პროცესი, ორი, აბსოლუტურად განსხვავებული დავაა: პირველი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს უკავშირდება და ესაა დავა, რომელსაც რუსთავი-2-ის იურისტები აწარმოებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან რუსთავი-2-ის ქეისი სტრასბურგში, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის, მედიაპლურალიზმისა და ხელისუფლების მიერ არჩარევის კუთხით იხილება.

რაც შეეხება ყარამანაშვილების გადაწყვეტილებას, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს ისევე მიმართონ, როგორც ოქრუაშვილმა, ეს წმინდა ქონებრივი დავაა. ლონდონში იდავებენ მხარეები, რომლებსაც ერთმანეთთან წილობრივი, წმინდა ეკონომიკური და ფინანსური შეუთანხმებლობა და პრეტენზიები აქვთ. კომპანია რუსთავი-2-ის ყოველთვის საჯილდაო ქვა ანუ წმინდა კომერციული ინტერესი იყო, რომელიც ერთ ადამიანს წაართვეს და მეორეს გადასცეს, თანაც არაერთხელ. შესაბამისად, მხარეები ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, სწორედ ქონებრივი უფლებების დაბრუნებას შეეცდებიან. პრეცედენტის სახით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები, რომლებიც ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, სწორედ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით შეიქმნება. თუ გვინდა, ღია ქვეყანა ვიყოთ, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უპრობლემოდ რეალიზდება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მეწარმეს ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, დაცულობის განცდა უნდა გვქონდეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ თვალსაზრისით, „რუსთავი-2“ და სხვა კომერციული სტრუქტურა, ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ის, რომ თემა მეტად პოლიტიზირებულია, რის გამოც სასამართლო აღსრულება უნდა შეჩერდეს, ჩემთვის მიუღებელია! ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც შესაძლოა, ხვალ რომელიმე მედიასაშუალების დამფუძნებელი გახდეს, ამ ქეისიდან ერთადერთ მესიჯს იღებს _ როდესაც მედიასაშუალებაში ფულს ვდებ, არ ვარ დაზღვეული, რომ ვინმე არ წამართმევს და სამართლიანობასაც ვერ აღვადგენ, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემით სპეკულირებას და ქულების დაწერას შეეცდებიანო. ჩემი მოკრძალებული შეფასებით, სამართლიანობის აღდგენა და სამართლისადმი ნდობა იმაში გამოიხატება, რომ ბიზნესს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პრეფერენციები და „შეღავათები“ არ უნდა ჰქონდეს, რადგან მედიაც ჩვეულებრივი ბიზნესია. ამ თვალსაზრისით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისა და ემოციების გარეშე, პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შედეგად, ქონების დაბრუნებას ის ადამიანებიც ხომ არ მოითხოვენ, რომლებმაც ეს ქონება წინა ხელისუფლების და თუნდაც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაკარგეს, ჩამოართვეს ან თვითონ გაყიდეს?

- გეთანხმებით, სავსებით სწორი შეფასება, მოლოდინია და კარგი იქნება, თუ გარკვეულწილად, რუსთავი-2-ის ქეისი სხვა პროცესების წამახალისებელ საფუძვლად იქცევა. რა თქმა უნდა, ადამიანებმა ქონების დაბრუნება უნდა მოითხოვონ, რაც უფრო მეტი მოითხოვს და მეტი სამართლებრივი დავა წარიმართება, მით უფრო კარგია. შესაძლოა, ტექნიკური პრობლემა დადგეს, რადგან ერთის მხრივ, საქმეები ბევრია და პროკურატურას ტექნიკურად შესრულება გაუჭირდება, მეორეს მხრივ, უშუალოდ სასამართლოშიც დიდხანს გაიწელება ქონებრივი დავების პროცესი და მესამე, წინა ხელისუფლების დროს, ბევრი ქეისი იმდენად კარგად იყო ,,გაპრავებული”, რომ ხშირად დაზარალებულ მეწარმეებს, რომლებსაც ქონება წაართვეს, სამართლებრივი საფუძველიც კი არ დარჩებათ, რათა იდავონ.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, რამდენადაც მახსოვს, ქონებასთან დაკავშირებით, საქართველოში სასამართლო დავა არ უწარმოებია, რაც ძალიან მიკვირს. თუ ჰქონდა პრეტენზია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი უნდა დაეწყო, მაგრამ კარგია, რომ ახლა იდავებს, თუმცა ოქრუაშვილამდე, ,,რუსთავი 2”-ში სხვა ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამ კომპანიის დამფუძნებლები და პოლიტიკურად არაანგაჟირებული პირები არიან, ვგულისხმობ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს.

ის, რომ შესაძლოა, ქიბარ ხალვაშს სამართლებრივი უფლება დაუბრუნდეს, იმას არ ნიშნავს, მისი წინამორბედების – აქიმიძისა და დვალის წინაშეც იგივე განაჩენი არ დადგეს. თუ ისინი იდავებენ და მით უმეტეს, პრეცედენტიც შეიქმნება, რომ სახელმწიფოში არსებობს კეთილი ნება, რათა ჩამორთმეულ ქონებასთან მიმართებაში, სამართლიანობა აღდგეს, სრულიად შესაძლებელია, ეს პროცესი წამახალისებელ ბიძგად იქცეს მათთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებენ, უიმედოდ არიან და ხელი აქვთ ჩაქნეული.
რაც ბევრი საქმე წავა პროკურატურაში და ბევრი სასამართლო ქეისი შეიქმნება, მით მეტია შანსი, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდოს.

- სასამართლო დავის ეპიცენტრის ევროპაში გადატანა საქართველოს იმიჯს არ დააზარალებს?

- არანაირად! პირიქით, ეს კარგი პრეცედენტი იქნება, რომ ადამიანებს სახელმწიფოს ჩარევისა და ძალადობის გარეშე, საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლიათ. მთავარია, სახელმწიფო სტრუქტურები თავის სიმაღლეზე იყვნენ, მხედველობაში მაქვს, როგორც საგამოძიებო, ასევე სასამართლო და სააღსრულებო სტრუქტურები. პრეცედენტი იმისა, რომ ქონებრივი დავა ცივილურ ფორმებში გადადის, ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს პრაქტიკა, რომელიც სამართლიანობის სრულად თუ არა, ნაწილობრივ აღდგენის საშუალებას იძლევა.

„ახალი თაობა“, 07 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან: პრემიერი ჩიხიდან გამოსვლაზე ფიქრობს“ // „არ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა არსებულ ვითარებას აკმაყოფილებდეს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.

- ბატონო ზვიად, პრემიერ-მინისტრის ახალ იდეას როგორ აფასებთ, რომელიც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველების მოწვევას ეხება?

- რატომ გაუჩნდა პრემიერს მოსაზრება, რომ რამე ტიპის ინსტიტუცია შექმნას, რომელიც დღეს საჭირო არის სიტუაციის განსამუხტავად? მე ვფიქრობ, იმიტომ გაუჩნდა, რომ პრემიერი გრძნობს, რომ სწორედ ახლა არის საკმაოდ ჩიხური სიტუაცია და აქედან გამოსავალი უნდა გამოიძებნოს. საქართველოს სასამართლო სისტემამ ბევრ კითხვას პასუხი ვერ გასცა. სამწუხაროდ, ჩვენმა სასამართლო სისტემამ ვერ შეძლო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც არც გამოხატვის თავისუფლებასა და არც საკუთრების უფლებას არ გახდიდა სადავოს, დემოკრატიულ წესრიგს არ დააზიანებდა. საკუთრების უფლება, რასაკვირველია, უნდა აღდგეს, მაგრამ საკუთრების უფლების აღდგენა არ გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას თუ ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება.

- რა კითხვებს გულისხმობთ?

- ფუნდამენტური კითხვა ასეთია: როგორ ასაბუთებს სასამართლო, რომ ქიბარ ხალვაშს, რომელიც აცხადებს, რომ საკუთრება წაართვეს, რეალურად ეს საკუთრება ეკუთვნის?! ანუ რამდენად ეკუთვნის ხალვაშს ეს საკუთრება?! რამდენად ლეგიტიმურად მოიპოვა მან ეს საკუთრება?! სწორედ ეს არის ფუნდამენტური საკითხი და მხარეებს სწორედ ამაზე უნდა ედავათ.

- სტრასბურის გადაწყვეტილება რა გავლენას იქონიებს პროცესზე?

- სტრასბურში მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის შეჩერებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 8 მარტიდან ანუ იმ თარიღიდან, რომელიც დათქვა სტრასბურის სასამართლომ, იმ სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს, რომელიც „რუსთავი-2“-მა შეიტანა. აქ უკვე „რუსთავი-2“ იქნება მოსარჩელე და მოპასუხე იქნება არა ქიბარ ხალვაში, არამედ საქართველოს მთავრობა, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო და ისარგებლა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით „რუსთავი-2“-მა ამ ქვეყანაში? ეს ძალიან რთული პრობლემაა, უფრო რთული პრობლემა, ვიდრე რეალურად წარმოგვიდგენია. იმ ორ უფლებას, რომელიც თითქოსდა კოლიზიაში შევიდა ერთმანეთთან, ვგულისხმობ საკუთრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, დაემატა მესამე _ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვაქვს.

ეს ჩიხური ვითარება გვაქვს ახლა და, ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რადგან ცხადია, რომ ეს ჩიხური ვითარება არ გაჩერდება ჩიხში და ის აუცილებლად გამოიხატება სხვა ფორმის პოლიტიკური კრიზისის ნიშნით. პოლიტიკურ კრიზისზე კი პასუხისმგებელი მთავრობაა.

- ამ ფონზე პრემიერის შეთავაზება რამდენად ადეკვატურია?

- შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი პროაქტიური იყო, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც მან შესთავაზა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ვითარებამ შექმნა. ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად სხვა ქმედება არის საჭირო იმისთვის, რომ ერთი მხრივ მთავრობა ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი ევროპის სასამართლოზე და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება გაიზიაროს. მე ჩემი შეშფოთებაც გავუზიარე პრემიერს, რომ ის განწყობები, რომლებიც საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრშია სტრასბურის სასამართლოს მიმართ, ძალიან სახიფათოა.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმ განწყობებს, რომლებმაც დღეს თავი იჩინა: ვინ ეკითხება ევროპის სასამართლოს, რა მათი საქმეა, სად იყვნენ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც `იმედს~ არბევდნენ?! ასეთი არარელევანტური მოსაზრებები ქვეყანაში ანტიევროპულ განწყობებს ქმნის, რაც ძალიან სახიფათოა. მთავრობას ესეც ეწერება პასივში და ამიტომ ხელისუფლება ამ მიმართულებითაც უნდა იყოს პროაქტიური.

- რატომ გააკეთა აქცენტი პრემიერმა უცხოელ მაღალი დონის მედიაომბუდსმენზე, ის არ ენდობა ადგილობრივ ექსპერტებს?

- ეს მისი და მთავრობის ნებაა. რა თქმა უნდა, როდესაც დღეს პრემიერი აქცენტს ევროპელ, მსოფლიოში აღიარებულ მედია სპეციალისტებსა და ჟურნალისტებზე აკეთებს, ის ამით ცდილობს, რომ მათი რეპუტაციის მეშვეობით აღიწეროს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის გარემო, რათა ეს ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი და დამაჯერებელი იყოს საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ამ ინსტიტუტის შექმნით, პრემიერი დასავლეთს უფრო ელაპარაკება, ვიდრე საკუთარ აუდიტორიას. პრობლემა კი ქვეყნის შიგნით არის და მის მოგვარებას ზედმეტი მედიაომბუდსმენი არ სჭირდება. არ შეიძლება ეჭვი შეიტანო, მაგალითად, სახალხო დამცველის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში, როდესაც ის გამოდის და განცხადებას აკეთებს გამოხატვის თავისუფლების ან სასამართლოს სამართლიანობის საკითხზე.

- ფიქრობთ, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, უფრო ავტორიტეტული იქნება ბი-ბი-სის ღვაწლმოსილი ჟურნალისტის მიერ დადებული კვლევა?

- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო თომას ჰამერბერგი, რომელმაც ძალიან საინტერესო დასკვნა დადო ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. ეს დასკვნა წაიკითხეს ყველგან, სამწუხაროდ, არ წაიკითხეს საქართველოში. ის რისკები, რაზეც ბატონი ჰამერბერგი თავის ანგარიშში წერდა, მთავრობას რომ გაეთვალისწინებინა, ძალიან ბევრი რისკი არ გაჩნდებოდა, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებთან, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობებთან, შრომის უფლებებთან დაკავშირებით და ა.შ. ამ ანგარიშში ასევე იყო მინიშნება მედიასივრცეში კონცენტრაციის პრობლემის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან დინამიკა უკვე შეინიშნებოდა. დღეს ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „მაესტრო“, ტელეკომპანია „ჯიდიესი“ პრაქტიკულად ერთი ჰოლდინგია. ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურად აფილირებული მენეჯმენტი მივიდა. ეს მთლიანობაში პრობლემაა.

- პრემიერის განწყობა როგორი იყო, რომ რუსთავი-2“-ის საქმე არის დავა კერძო საკუთრებაზე თუ საფრთხე შეეხო მედიაპლურალიზმს?

- პრემიერი ამბობს, რომ ორივე საკითხი ჩვენთვის ძვირფასია, საკუთრების უფლების დაცვაც და გამოხატვის თავისუფლებაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მაგრამ თუ საკუთრების უფლების აღდგენა ხდება, მაშინ ასეთმა ფუნდამენტურმა უფლებამ როგორ შეიძლება დააზარალოს მეორე ფუნდამენტური უფლება – გამოხატვის თავისუფლება. თუ ეს ტელეკომპანია ცალსახად, ყველა დოკუმენტით ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, მაშინ ეს ტელეკომპანია უნდა მიიღოს ქიბარ ხალვაშმა, მაგრამ თუ სასამართლო არ სთხოვს, საზოგადოებას წარუდგინოს დოკუმენტი ქიბარ ხალვაშმა, ვისგან იყიდა ეს ტელეკომპანია?

- ამ საკითხებზე ასე კონკრეტულად იყო პრემიერთან საუბარი?

- რა თქმა უნდა, მე დავსვი ეს კითხვები. ვკითხე პრემიერს, თუ იცოდა, ვისგან იყიდა „რუსთავი-2“ ქიბარ ხალვაშმა. მითხრა, ეს სასამართლომ გაარკვიოსო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სასამართლოს ამ საკითხებზე არ უმსჯელია, ამიტომაც შეაჩერა მისი გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურის სასამართლომ.

„ახალი თაობა“, 07 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „პრემიერობისთვის ირაკლი რუხაძეს ამზადებენ, თბილისის მერობისთვის - მამუკა ხაზარაძეს“ // „ევროპული საქართველოს ლიდერად შესაძლოა გიორგი მარგველაშვილი ვიხილოთ“ // „გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილის დაკერვას ცდილობს

ვინ და რაზე უთანხმდება „ევროპულ საქართველოს“, რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში, ვის თამაშს თამაშობს მარგველაშვილი, რატომ უნდა გადადგეს თეა წულუკიანი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- რამდენიმე თვის წინ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ სადღაც მაისის თვისთვის ვანო მერაბიშვილი უკვე თავისუფალი იქნებოდა. საქმე ისე მიდის, ყოფილი შიმაგან საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, უფრო ადრე გამოვიდეს ციხიდან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის ციხიდან, როგორც გმირი, ისე გამოვა. 6 მარტს მასთან ციხეში საეჭვოდ მიიძურწა გიგა ბოკერია. ჩემი აზრით, ის ციხეში ვანო მერაბიშვილის „დასაკერად“ მივიდა.

- გიგა ბოკერიამ რაზე უნდა დაკეროს“ ვანო მერაბიშვილი?

- გავრცელებული ინფორმაციით, ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკიდან აპირებს წასვლას. გიგა ბოკერია ცდილობს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩეს და „ნაციონალებისგან“ გამიჯნულ „ევროპულ საქართველოსთან“ ითანამშრომლოს. ეს იმ დიდი გეგმის ნაწილია, რასაც „ნაციონალების“ ჩაძირვა ჰქვია სახელად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ამ გეგმაში მონაწილეობს. 5 მარტს გადაცემა „იმედის დროში“ საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნება“ ნაცებთან კოაბიტაციაში დაადანაშაულა. ამის გარდა, განაცხადა, არაკომპეტენტური პარლამენტის სპიკერი გვყავსო. ამ კაცს რომ ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის უფრო კაი ტიპია, ვიდრე მთელი „ქართული ოცნება“ ერთად აღებული. რატომ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, ვერ გეტყვით, მაგრამ შთაბეჭდილების მიღმა ძალიან შორსმიმავალ გეგმებს ვხედავ, რომლებიც „რუსთავი-2“-ს და „ნაციონალებისგან“ გამოყოფილ „ევროპულ საქართველოს“ უკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში სწორედ გიორგი მარგველაშვილი ვიხილოთ „ევროპული საქართველოს“ ლიდერად.

- ევროპულ საქართველოში ისედაც ბევრი ლიდერია და რატომ უნდა აირჩიონ თავიანთ ლიდერად გიორგი მარგველაშვილი?

- ბოლო დროს მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ამაზე მიუთითებს. სხვების არ ვიცი, მაგრამ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ბევრი კითხვა გამიჩინა. მან განაცხადა, რომ „რუსთავი-2“-ს ფულად დახმარებას პრეზიდენტის ფონდიდან გაუწევს, რაც, ჩემი აზრით, კანონდარღვევაა. პრეზიდენტის ფონდში მარგველაშვილს ფული აქვს ბიუჯეტიდან. მაინტერესებს, რა უფლებით სთავაზობს ის სახელმწიფოს ფულს კერძო ტელევიზიას. იქნებ არხის ნაციონალიზაციას ახდენენ და მალავენ? მგონია, რომ ეს განცხადება პოპულიზმის დონეზე გაკეთდა, მაგრამ თუ მართლაც მოხდა ასეთი რამე, მაშინ პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. ხელისუფლება ამაზე რეაგირებას თუ არ მოახდენს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რუსთავი-2“ გადავიდა სახელმწიფო დოტაციაზე. გამოდის, რომ ეს არხი სახელმწიფოს ხელში გადავა და არა ქიბარ ხალვაშის, ვის სასარგებლოდაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა.

- ასეთი რამე რამდენად წარმოგიდგენიათ?

- ამ უნიათო ხელისუფლების პირობებში არაფერი აღარ გამიკვირდება. თან მეეჭვება, ამათ ახლა „რუსთავი-2“-სთვის ეცალოთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს ან დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებდა, ან გიორგი გახარია. ახლა „ოცნებასთან“ ძალიან დაახლოებულმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი რუხაძის კანდიდატურა განიხილება. „ქართულ ოცნებაში“ ასევე აქტიურად მიდის თბილისის მერობის კანდიდატურის შერჩევა. ამ პოსტზეც რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მამუკა ხაზარაძეზე შეჩერდა. უნიათო ხელისუფლების ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე მერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე განიხილება.

- ირაკლი რუხაძე პრემიერის პოსტზე მაშინაც განიხილებოდა, როცა ამ თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი ტოვებდა. რამდენად რეალურია მისი გაპრემიერება, ეს ადამიანი პოლიტიკაში არასდროს არ ყოფილა...

- ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან არის დაახლოებული და საზოგადოება მას აქედან იცნობს. ის არასდროს ყოფილა არც პარლამენტის წევრი და არც მთავრობაში უმუშავია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში მისი შემოყვანა იოლი არ უნდა იყოს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი შეუძლებელი არაფერია. გაგახსენებთ ახლო წარსულს – გიორგი მარგველაშვილი არსაიდან ჯერ განათლების მინისტრი გახდა, ხოლო შემდეგ – პრეზიდენტი. იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი კვირიკაშვილზეც, რომელიც არაფრიდან ჯერ მინისტრი გახდა, მერე – პრემიერი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა და არც ირაკლი რუხაძის გაპრემიერება იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა. დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ღრმა კრიზისშია შესული და ის მოკრივის „გრუშას“ არის დამსგავსებული – ვისაც არ ეზარება, ყველა მაგას ურტყამს. მათ შორის არიან ხელისუფლების შიგნით მყოფი სხვადასხვა დაჯგუფებები და დასავლელი პარტნიორები. ამიტომაც არის ქვეყანა „დატორმუზებული“ და მისი განვითარება აღარ ხდება. „დატორმუზებაზე“ სტრასბურის სასამართლოს სამი მარტის გადაწყვეტილება გამახსენდა, რომელმაც უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამით ევროსასამართლომ წულუკიანს ყურებში ძალიან დიდი წკიპურტი ჩაარტყა. წესით, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უკვე უნდა გადამდგარიყო. მართლა ვერ ვხვდები, ეს ქალი როგორ ჩერდება იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, როცა, სადაცაა, ვანო მერაბიშვილი გარეთ გამოვა.

- თეა წულუკიანმა რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში?

- უნდა იმუშაოს. „რუსთავი-2“-ის ორმა იურისტმა, პატარა გოგომ და პატარა ბიჭმა, მთელ სახელმწიფო მანქანას ალიყურები ურტყა. ეს ადვოკატები არიან პროფესიონალები. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თანამდებობებზე პროფესიონალები დაასაქმოს.

- მოდით, ისევ ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე ვისაუბროთ. რა რეაქცია ექნება ხალხს, თუ ის ციხიდან გამოვიდა?

- აქ არავითარ „თუ“-ზე აღარ არის საუბარი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა გარდაუვალია. თავშიც გითხარით, გიგა ბოკერია ისე საეჭვოდ მიიძურწა ვანო მერაბიშვილთან, რომ ეს გარდაუვალია. სავარაუდოდ, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია.

- ვისთან ან რა არის შეთანხმებული?

- ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება დასავლეთთან არის შეთანხმებული. რამდენიმე თვის წინ „ოცნებამ“ გიგი უგულავას გათავისუფლებით გაუგორა დასავლეთს კოჭი, მორიგი კოჭი ვანო იქნება.

- ამ ლოგიკით შემდეგი კოჭი ბაჩო ახალაია უნდა იყოს...

- არა, ბაჩო ახალაიას არავინ თვლის პოლიტპატიმრად. მას ნაციონალებიც კი აღარ ახსენებენ. ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ მაგას შეაწმინდონ ხელები. არადა, ვანო მერაბიშვილს მასზე არანაკლებ ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი. ვინმეს თუ აღარ ახსოვს, მინდა შევახსენო, რომ სწორედ ეს ადამიანია სისხლიანი 7 ნოემბრის და 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის მთავარი შემოქმედი.

- ხელისუფლება როგორ გაიმართლებს ამ შემთხვევაში თავს?

- ისინი თავის მართლებას არც აპირებენ. უკვე ნათელია, რომ ისინი ყოფილ ხელისუფლებასთან არიან გარიგებული და ერთობლივად მოქმედებენ.

- ყოფილი ხელისუფლება ორ ნაწილად არის გაყოფილი და რომელ ფლანგთან არიან გარიგებული?

- ორივე ფლანგთან არის გარიგება, მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ უფრო სწყალობენ. მიშისტ ნაციონალებთან ერთად ძოვა ცოტა უჭირთ.

- რა რეაქცია ექნება ხალხს ვანო მერაბიშვილის გამოსვლაზე?

- ხალხი ისეთ შოკშია, რომ მეეჭვება, რამეზე კიდევ ჰქონდეს რეაქცია. მარტო სანდრო გირგვლიანის მამამ მოახდინა ამაზე რეაგირება და სტრასბურში გააგზავნა წერილი, სადაც წერს, რომ დღის წესრიგში მისი შვილის მკვლელის გათავისუფლება დგება. საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ამ ამბავს ჩვეულებრივად ხვდება. ვანო მერაბიშვილზე როცა ვსაუბრობ, სულ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მახსენდება: იგი ამ ადამიანს სულ დადებითად მოიხსენიებდა და კარგ მინისტრსა და კარგ მენეჯერს უწოდებდა. გავა ცოტა ხანი და აგერ ნახავთ, თუ ზურაბ ადეიშვილიც არ დააბრუნონ საქართველოში. ყოფილ პრემიერს ისიც ძალიან ესიმპათიურება და ამის შესახებ არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული.

- გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილიც შეიძლება გააპრავონ და დააბრუნონ...

- ამათგან არც ესაა გასაკვირი, თუმცა, არა მგონია, ეს მოხდეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიძინა ივანიშვილს მარტო ამ კაცის ჯინი სჭირდა და ჩამოაშორა თუ არა მას თავისი პარტია, „ნაციონალების“ დიდი „გაპრავება“ დაიწყო. არც ის გამორიცხოთ, ერთ მშვენიერ დღეს „ნაციონალები“ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან მაგონებს 2010-2011 წლების პერიოდს, როცა მიხეილ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური ძალა ფაქტიურად გაანადგურა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის დიდი ხანი დარჩებოდა ქვეყანაში, მაგრამ 2011 წელს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა. რატომღაც მგონია, რომ ახლაც რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, რაც ქოცების და ნაცების სიამტკბილობას დაასრულებს.

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

ეჭვები ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით

ვანო მერაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ისე მოექცა, როგორც ვანო მერაბიშვილი ექცეოდა სხვას

გვანცა ღვედაშვილი

რვა მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება. როგორც სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, სტარსბურგის სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლის ნონა წოწორიასა და ადვოკატის ოთარ კახიძის გავლენის ქვეშ მოექცეს. თუმცა, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოზე რამე გავლენის მოხდენა გამორიცხულია.

სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს. ამასთან, ისინი ინფორმაციას აწვდიან საქართველოდან წარგზავნილ მოსამართლე ნონა წოწორიასა და ადვოკატ ოთარ კახიძის შესახებ.

გურამ გირგვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნონა წოწორია 2004-08 წლებში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

რაც შეეხება ადვოკატ ოთარ კახიძეს, გურამ გირგვლიანის თქმით, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა სტარსბურგის სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა მოექცეს საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის გავლენის ქვეშ.

“ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სტრასბურგის დიდი პალატის იმ შემადგენლობას, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ საქართველოდან წარგზავნილი ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვისთვის. ნონა წოწორია არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ის იცავს “ნაციონალური მოძრაობისა” და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, ხომ არ მოხდა საქართველოდან წარგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდება, რადგან წოწორიას 1-ელ თებერვალს გაუვიდა ვადა”, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

როგორც “რეზონანსთან” ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხდა, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროცესის ნაწილის წაგება იუსტიციის სამინისტროს უგუნურობით მოხდა. მისივე თქმით, ადვოკატმა საოცარი საქმე მოიგო, რადგან მერაბიშვილის საქმეს რომ პოლიტიკური ნიშნით მოიგებ, გენიოსი უნდა იყო.

“იუსტიციის სამინისტროს უტვინობით მოხდა ამ პროცესის წაგება. მერაბიშვილს ჰყავდა ძალიან მაგარი ადვოკატი და სამინისტრო აღმოჩნდა უგუნური, თორემ მერაბიშვილი ჩემი შეფასებით, ყველაზე დიდი დამნაშავე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. ადვოკატმა საოცარი საქმე მოიგო. მერაბიშვილის საქმეს რომ პოლიტიკური ნიშნით მოიგებ, გენიოსი უნდა იყო. ამიტომ ვთვლი, რომ ოთო კახიძემ ძალიან კარგად იმუშავა. თუმცა, გული მწყდება, რომ ადამიანს რომელიც ასოცირდებოდა 26 მაისთან და 7 ნოემბერთან, იუსტიციის სამინისტრო, უგნურობის გამო პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს.  რაც შეეხება სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეს, გამორიცხულია, რომ წოწორიას რამე გავლენა ჰქონოდა სტრასბურგის სასამართლოზე. ეს არ არის გვენეტაძის სასამართლო, იქ გადაწყვეტილება პრეცედენტების საფუძველზე გამოდის”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმე ქართული საადვოკატო სკოლის გამარჯვებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთან, იგი იმასაც ამბობს, რომ ეს მთავრობა ისე მოექცა ვანო მერაბიშვილს, როგორც თავად ექცეოდა სხვებს:

„ვამო მერაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ისე მოექცა, როგორც მერაბიშვილი ექცეოდა სხვას. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისთვის დაემტკიცებინა ის, რასაც აკეთებდა. სამაგიეროდ, როცა მერაბიშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი მოქმედება და ჩატარდა ეფექტური გამოძიება, ადვოკატმა ეს საქმე მოიგო. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქართული საადვოკატო სკოლის გამარჯვება. მიხარია, რომ ადვოკატმა ოთარ კახიძემ – ერთმა ადამიანმა მთელ იუსტიციის სამინისტროს მოუგო საქმე. თუმცა, გული მტკივა, რომ მერაბიშვილი, იუსტიციის სამინისტროს უგუნურობის გამო პოლიტპატიმრის სტატუსით არის. ძალიან ბევრს მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალოს. ჩემი ინფორმაციით, მთელი გუნდი არის ჩართული ამ საქმეში, რადგან ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სირცხვილია.

ჩვენ ფაქტობრივად დავდექით იმ სახელმწიფოების გვერდით, რომლებსაც ბანანის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ. თუმცა როცა შენ გყავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყველაფერს უნდა ელოდო. ვფიქრობ, ეს საქმე მერაბიშვილმა კი არ მოიგო, არამედ იუსტიციის სამინისტრომ წააგო ძალიან მაგარ ადვოკატთან ოთარ კახიძესთან”, – გითხრა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მერაბიშვილის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა კითხვებს ბადებდა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანა. აღნიშნული საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე საქართველოს სახალხო დამცველია. მისი თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, სახელმწიფოს ბევრი არგუმენტი აქვს იმისთვის, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ გამოცხადდეს.

“8 მარტს გაიმართება ზეპირი განხილვა დიდ პალატაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, რადგან დიდი პალატის პროცედურა გაცილებით სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი პალატის. თუმცა ჩვენ წერილობითი და მოტივირებული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში, ან თვეში გამოგვიცხადდება”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანის საპასუხოდ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ “ქალბატონი თეა მთლად ზუსტად არ ამბობს და ინტერპრეტაციას ახდენს”, რითაც ინსტიტუტის დისკრედიტაციას ეწევა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უცხოელ ადვოკატებს მათ წერილზე პასუხად მიაწოდა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ციხეში მონახულების თაობაზე. ამ ინფორმაციაში არაფერი წერია იმისგან განსხვავებული, რაც არ ყოფილა მედიაში გავრცელებული და არ წერია სახალხო დამცველის საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშში.

“სახალხო დამცველის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანთა უფლებები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არ არის პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული განცხადების პირველი შემთხვევა სახალხო დამცველის მისამართით.  “მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველზე ვერ მოახდენს გავლენას, აპარატი აგრძელებს მანდატის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას”, – აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალი თაობა“, 07 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ლტოლვილების მიღებას არ უნდა დავთანხმდეთ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების აშენების თაობაზე, ქართველ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომ საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრი გაიხსნას? ქართული მხარე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელია ეს განცხადება. გამოდის, რომ ამ თემაზე საუბარი ან მოლაპარაკება არ ყოფილა?

- მოლაპარაკება ვერანაირად ვერ იქნებოდა. ეს ან სებასტიან კურცის პირადი ინიციატივა იყო, მას მხოლოდ საქართველო არ უთქვამს, მან თქვა, ეგვიპტეშიც და დასავლეთ ბალკანეთშიცო. არც ის არის გამორიცხული, რომ შეგნებულად გახმოვანდა და რეაქციას დაელოდნენ.

- რუსეთის მხრიდან ამას უკვე მოჰყვა რეაქცია...

- დიახ, მოვისმინე შეფასება, რომ ეს იქნება რუსეთისთვის სახიფათო. საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მიუმართავს. ეს ზონდაჟი იყო ერთგვარი. ამიტომაც სებასტიან კურცმა საზოგადოებრივი პასუხი უკვე მიიღო. ზუსტად ასეთივე აგრესია შეხვდა მას ბალკანეთის ქვეყნებიდანაც. საქართველოს თავისი სერიოზული პრობლემები აქვს დევნილების თვალსაზრისით.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენ 1.800-ზე მეტმა დევნილმა მოგვმართა. დაახლოებით 1.000 კაცამდე ისედაც არის საქართველოს ტერიტორიაზე. მარტყოფის ბანაკშიც არიან დევნილები და გაერო ახლა აფართოებს ამ მარტყოფის ბანაკს. პრაქტიკულად მეორე ბანაკს აკეთებს.

- ანუ, ჩვენ ლტოლვილებს ისედაც ვიღებთ?

- ეს პროცედურა საქართველოში გრძელდება, ოღონდ ეს არის ძალიან მცირერიცხოვანი. საბოლოო ჯამში, შეიძლება ეს იყოს 300-400 კაცი. ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ლტოლვილების რიცხვის გაზრდით დემოგრაფიულ სურათს საფრთხე დაემუქროს.

- ეს ინიციატივა იყო ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ? ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ...

- არა, ეს არ იყო ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ. ეგვიპტეზეც არის საუბარი და იქაც ვიზალიბერალიზაციაა? აქ სულ სხვა თემაა. საქართველო დასავლეთის მოკავშირედ მოიაზრება და ეტყობა აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს სურვილი. ეგვიპტე კი დასახელდა იმიტომ, რომ არაბები არიან დევნილები და არაბულ სამყაროში დღეს ეგვიპტე ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და მოშორებული ამ კონფლიქტების ზონას. ასევე აქ მნიშვნელოვანია თურქეთის ფაქტორი.

- რა თვალსაზრისით?

- დასავლეთში დღეს თურქეთი აღარ აღიქმება ისეთი ტიპის მოკავშირედ, როგორიც იყო ადრე. აქედან გამომდინარე ორჭოფობა ამ ქვეყნის მიმართ არსებობს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ლტოლვილთა ბანაკების განთავსება სებასტიან  კურცმა მოინდომა თურქეთის გარშემო მყოფ ქვეყნებში. ანუ თურქეთიდან რეჯეფ ერდოღანის მიერ გამოყრილი დევნილები უნდა განთავსდნენ სწორედ მის გარშემო ქვეყნებში. მე მგონია, რომ სწორედ ეს თემაა, აქ თურქეთის ფაქტორია მთავარი და არა – ვიზალიბერალიზაცია.

- ეს რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის?

- ჩვენ თუ ვნახავთ, რა რაოდენობის დევნილები მიიღო ევროპამ, ეს ციფრი შეგვზარავს. მილიონზე მეტია! ამისი 10% მაინც რომ წამოვიდეს საქართველოში, საქართველო დაიღუპება. საუბრები იმის თაობაზე, რომ ევროპა ამაში ფულს გადაიხდის, ის შეინახავს დევნილებს, საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის! ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა პოლონეთმა, რაც გააკეთა უნგრეთმა, რაც გააკეთა ზოგიერთმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ.

- კერძოდ?

- ძალიან მყარად უნდა დადგეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ ეს იდეა განხორციელდეს. პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და კატეგორიული! უნგრეთის ტერიტორიაზე დღეს ცხოვრობს დაახლოებით 3 ათასამდე დევნილი და უნგრეთი ცდილობს, რომ ეს 3 ათასიც როგორმე თავისი ქვეყნიდან გაიყვანოს. ამ რაოდენობასაც კი ვერ იტანს დღეს უნგრული საზოგადოება. კედლის მშენებლობაც კი დაიწყეს უნგრელებმა სერბეთის საზღვარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. როგორი ზეწოლაც უნდა იყოს დასავლეთიდან, ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ.

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთი ამას განიხილავს, როგორც რუსეთ-საქართველოს საზავო პირობების ხელყოფას“ // „ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის იდეა, შესაძლოა, ვიღაცებმა აიტაცონ

ნინო ქეთელაური

„მთავარია, რომ ინიციატივა დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ეს მოთელვაა და ევროკავშირშიც ელოდებიან, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ის სახელმწიფოები, ვისი მისამართითაც ამ იდეამ გაიჟღერა“, – ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას ლტოლვილთა ცენტრების შესახებ, რომელმაც ერთ-ერთ სავარაუდო ლოკაციად საქართველოც დაასახელა. ვახტანგ მაისაიას თქმით, ევროკავშირი ლტოლვილების მხრივ ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის იდეა ვიღაცებმა აიტაცონ და ამასთანავე, არც “ბილდია” ის გამოცემა, რომელიც ინტერვიუებს შემთხვევით იწერს, მითუმეტეს, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსისგან.

ვახტანგ მაისაია: შემთხვევითი არ იყო, როდესაც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლტოლვილთა ცენტრების იდეა წამოაყენა. მსგავსი გამოცილება გერმანიას ჯერ კიდევ 50-ანი წლებიდან (ცივი ომის პერიოდში) მოყოლებული აქვს. ამ ცენტრებში ხდებოდა იმ გერმანელების დაკვალიანება, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიში გადადიოდნენ და იქ ითხოვდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს. შემდეგ უკვე, 80-იანი წლების ბოლოს, ეს ცენტრები გავრცელდა იმ ქვეყნებზე, სადაც სოციალისტურიდან კაპიტალისტურ ბანაკში გადასვლას აპირებდნენ, მაგალითად: პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. ლტოლვილები ჩადიოდნენ გერმანიაში, რომ მიეღოთ ნორმალური ცხოვრების პირობები, იქ კი დროებით სამსახურს აძლევდნენ და ეხმარებოდნენ. შემდეგ ეს ცენტრები უკვე გავრცელდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

- მსგავსი ცენტრის საქართველოში გაკეთება რა საფრთხეების შემცველია?

- დაახლოებით მსგავსი ცენტრები საქართველოშიც არის, ახალციხეში და თუ არ ვცდები, მარტყოფში, სადაც სირიელი ლტოლვილები არიან. ჩვენ გვაქვს გამოცდლება იგივე ჩეჩნეთის ლტოლვილებთან დაკავშირებითაც, რომ აღარაფერი ვთქვათ შიდა იძულებით გადაადგილებულ პირებზე. რაც შეეხება საფრთხეებს, ჩვენთან არის სპეციფიკური მომენტი, რადგან საომარი მდგომარეობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და როგორც კი ეს იდეა გაჩნდა, კრემლმა საინფორმაციო საომარი კამპანია უკვე დაიწყო – რომ, რუსეთი არ დაუშვებს აქ ლტოლვილთა ბანაკების გაჩენას, რომ ეს ტერორიზმის საფრთხეა, ჩვენ მივიღებთ ზომებს და ა.შ ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ამას განიხილავს, როგორც რუსეთ-საქართველოს მყიფე საზავო პირობების ხელყოფას.

მეორე საფრთხედ შეიძლება განვიხილოთ ის, რომ, როდესაც ლტოლვილთა ნაკადები მიაწყდა ევროკავშირის ქვეყნებს, ამან ტერორიზმის ტალღის გაძლიერება გამოიწვია.

ამ ლტოლვილებში რამდენი ტერორისტია, რთული გამოსარჩევია, რადგან, როგორც იცით, ბევრმა შეიცვალა იერსახე და მოგეხსენებათ ისიც, რომ ისლამურ სახალიფოებში საკმაოდ კარგად ორგანიზებული სპეცსამსახურები მოქმედებს, რომელთაც დოკუმენტაციის გაყალბება შეუძლიათ და შესაბამისად, ეს მომენტიც დიდი რისკის მატარებელია. ამიტომ, ამ ტიპის ბანაკის გაკეთებას სჭირდება საკმაოდ სერიოზული ტექნიკური, ეკონომიკურ-სოციალური მხარდაჭერა. და მესამე, ეს არის სოციალური ტიპის გამოწვევა, რადგან საქართველოს ისედაც საკმაო რაოდენობის შიდა ლტოლვილი ჰყავს და სახელმწიფოს ვალდებულებაა მათზე ზრუნვა.

- მოსალოდნელია თუ არა, რომ ევროკავშირმა მსგავსი ბანაკის გაკეთება საქართველოს მართლაც შესთავაზოს?

- ევროკავშირი ამ მხრივ ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის იდეა ვიღაცებმა აიტაცონ.

- იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც ჩამოთვალეთ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს ექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ ამ შეთავაზებაზე უარი თქვას?

- ეს შეიძლება იყოს საქართველოს კეთილი ნება, თორემ, ევროკავშირის წინაშე ამ ტიპის ვალდებულება არ გაგვაჩნია. პრინციპში ეს ეხება უსაფრთხოების პარამეტრებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ საერთო ევროპული უსაფრთხოების, თავდაცვისა და პოლიტიკის ნაწილი. ეს ეხება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მათთვის შეიძლება იყოს სავალდებულო, როგორც კვოტების დაწესების შემთხვევაში მოხდა. რამდენადაც ვიცი, ასოცირების ხელშეკრულების პირობებში მსგავსი ვალდებულება არ არის გაწერილი. აქ მთავარია, რომ ინიციატივა დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ეს მოთელვაა და ევროკავშირშიც ელოდებიან, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ის სახელმწიფოები, ვისი მისამართითაც ამ იდეამ გაიჟღერა.

რეზონანსი“, 07 მარტი, 2017 წელი

ხალხი ევროპაში სამუშაოდ გამგზავრების გეგმებს აწყობს

უამრავი ადამიანი ვიზალიბერალიზაციის გამოყენებას ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად აპირებს

ნათია ლომიძე

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლისთანავე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყნის დატოვებასა და საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას აპირებს. ამის მთავარ მიზეზად კი სოციალურად მძიმე პირობებს ასახელებენ. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ხალხს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ქვეყნის დატოვება სურს, რაც მათი აზრით ფუჭი მცდელობაა. უკანონოდ სხვა ქვეყანაში წასვლა დროისა და ფინანსების ამაოდ ხარჯვაა.

ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად მატულობს. ამ მხრივ გამონაკლისს არც 2017 წელი წარმოადგენს. უცხოეთში გადაბარგებულთა დიდი ნაწილისთვის მთავარი საზრუნავი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი პაატა აროშიძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მართლაც სურს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში. მისი აზრით, ამ ნაბიჯის გადადგმა ფულისა და დროს კარგვა იქნება.

“ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წამსვლელთა ახალი ტალღა, უვიზო მიმოსვლის თემას ნამდვილად უკავშირდება, თუმცა ხალხმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას. თუ ამ იმედით მიდიან, გამოდის, რომ ფულისა და დროის ხარჯვა შერჩებათ და მეტი არაფერი. მათ შეუძლიათ სამუშაო, რასაც სხვა ქვეყანაში, საკუთარი ოჯახიდან შორს ასრულებენ, აქ შეასრულონ.

ბევრჯერ მსმენია, რომ საქართველოში ამა თუ იმ ადგილას მუშაობა ეთაკილებათ. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი. ამას უკავშირებენ ცნობადობის თემას (ის, რომ ამ ქვეყანაში ყველა ყველას იცნობს და დაბალი კატეგორიის სამუშაოების შესრულება არ სურთ). ვიზალიბერალიზაცია ლეგალურ დასაქმებას არ ითვალისწინებს და ამის იმედი იქ წამსვლელთა კატეგორიას ნურც ექნება”, – აცხადებს პაატა აროშიძე.

ასე სულაც არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც უვიზო მიმოსვლას განსაკუთრებულად ელოდებიან. მარიამ იობიძე “რეზონანსთან” საქართველოში დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ წასვლის ვარიანტებს განიხილავს. მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, კი ფინანსური პრობლემებია, რომლის მოგვარებას საქართველოში ვერ ახერხებს.

“არასდროს გამჩენია ქვეყნიდან წასვლის სურვილი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებოდი. ახლა მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ ნორმალურ ქვეყანაში წავიდეთ, სადაც ისეთი შემოსავალი გვექნება, რომ საქართველოში დაგროვებული ფინანსური პრობლემების მოგვარება არ გაგვიჭირდება.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ჩემი მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩა. თითქმის 5 თვეა უშედეგოდ ეძებს სამსახურს. მართალია რაღაც ვარიანტები გამოჩნდა, მაგრამ სასაცილოდ დაბალი ანაზღაურებით. ჩემი 600 ლარით კი ოჯახის რჩენასა და სხვადასხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ. ვერც იმაზე ვიფიქრებთ, რომ სამომავლოდ შვილებს განათლება მივცეთ. საქართველოში სოციალურად ისეთი მძიმე ფონია, რთულია იფიქრო, რომ მომავალში უკეთესი მდგომარეობა იქნება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” იობიძემ.

თაკო წულაიაც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქვეყნიდან წასვლას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აპირებს. როგორც მან აღნიშნა, საკუთარი ოჯახის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და შვილების განათლებისთვის სულ მცირე 5 წლით აპირებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას.

“სამსახური მეც მაქვს და ჩემ მეუღლესაც, თუმცა იმდენი ხარჯია ყოველთვიურად, რომ შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს ვერ აბალანსებს. ეს ნამდვილად გადაუჭრელი პრობლემაა და კიდევ დიდხანს არ მაქვს მისი მოგვარების იმედი. სწორედ ამის გამო გვინდა სადმე წავიდეთ მინიმუმ 5 წლით მაინც, რომ კრედიტიც დავფაროთ და ჩვენი შვილების განათლებისთვის ცოტაოდენი თანხა დავაგროვოთ. აქ ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ამ ყველაფრის მოგვარება შეძლო.

არსაიდან ჩანს გამოსავალი, რომ ადამიანმა ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ იფიქროს. ჩემ სამეგობროშიც ძალიან ბევრი აპირებს წასვლას. ზოგი რამდენიმე თვის წინ წავიდა, ხოლო უმრავლესობა რამდენიმე წლის წასულია. თითქმის ყველას ერთნაირი პრობლემა გვაქვს. ასე თუ გაგრძელდა, ვინ დარჩება საქართველოში არ ვიცი”, – განაცხადა წულაიამ.

გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა სამომავლოდ ქვეყნიდან გამგზავრებას არ გამორიცხავს, თბილისის მხცოვრები გიორგი პაპიტაშვილი. როგორც მან “ბიზნეს-რეზონანსს” განუცხადა, არის ისეთი საკითხები, რასაც საკუთარი ხელფასით ვერ აგვარებს, ხოლო სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ფიქრობს.

“ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია თუნდაც 5 წლით რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში გადავბარგდე (იქ, სადაც თავადაც არ უჭირთ). ამ წლების განმავლობაში ფინანსურ პრობლემებს მოვიგვარებდი, რომლის გადაჭრაც 1 ან 2 წლით წინ წამწევდა. მთლად უკმაყოფილო არ ვარ. მაქვს სამსახური, მაგრამ ისეთი ხელფასია, გარკვეული ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ, მეორე ხელფასამდე მხოლოდ გზის ფული მრჩება, არადა ოჯახის წევრები, მეგობრები გვყავს რომლებთანაც თვეში ერთხელ მაინც გვინდა სადმე გავიდეთ და დავისვენოთ. საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენი შემოსავალი ამის საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა გიორგი პაპიტაშვილმა.

———————

ვერსია“, 06 მარტი, 2017 წელი

მეხსიერების ბარათი: მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის

დიტო გელოვანი

ასეთი პატიმარი ბევრი იყო. ასეთი ცრუ მოწმეები სასამართლოს დარბაზიდან სასამართლოს დარბაზში გადადიოდნენ, აძლევდნენ ჩვენებას და ადამიანი იყო განწირული – აწამებდნენ ელექტროშოკით, გააუპატიურებდნენ, დაუმსხვრევდნენ ხერხემლის მალებს, წაართმევდნენ მხედველობას, სმენას და თუ მაინც ცოცხალი გამოაღწევდა, ოჯახში მისულს დახვდებოდა ლოგინადჩავარდნილი მშობლები, შეშინებული, ნახევრად შეშლილი მეუღლე და შვილები, რომლებსაც მომავალი აღარ ჰქონდათ. დიდი ალბათობით, ბინაც აღარ დახვდებოდა, იცხოვრებდა ნაქირავები მიწურის ყველაზე ბნელ კუთხეში, ინვალიდის სავარძელში, ნახევრად უსინათლო, სმენადაქვეითებული… და მეტყველების უნარი უკვე თავისთავად წაერთმეოდა.

გარეთ კი, ცხოვრება დუღდა: საქართველო იყო უფრო დემოკრატიული, ვიდრე ბრიტანეთი, თბილისი იყო უფრო ლამაზი, ვიდრე პარიზი, ბათუმი მშვენდებოდა, ვითარცა ნიცა და შედეგი იყო „მაპ“-ზე უკეთესი“. ცოტაც და, მიხეილ სააკაშვილი გახდებოდა უფრო დიდი, ვიდრე ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ერთად აღებული.

ძალიან იოლად ხოცავდნენ ადამიანებს, ძალიან იოლად. სძულდათ და იმიტომ.

მეხუთე პალატის ბინადარი

2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ: „ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც”. დასკვნაში არის დიაგნოზი: „ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი“’. ევროპელმა ფსიქიატრებმა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა:

„რადგან მიხეილ სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან… უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ… მიხეილ სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. ეს კი იწვევს განდიდების მანიას, მანიაკალური სინდრომი და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. რადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან იმდენად არის შეპყრობილი ერთადერთი სურვილით, თავი დაიმკვიდროს, რომ ანგარიშს არ უწევს იმ საზოგადოების შეხედულებებს, რომელმაც ის ერთხელ უკვე არ მიიღო და გარიყა“’

პეტრე მამრაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი, ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში იხსენებდა:

„არ დამავიწყდება, ევროპელი ფსიქიატრების დასკვნა უკვე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომ ერთმა ქართველმა ფსიქიატრმა მითხრა, არავითარი საბუთები არ მჭირდება, საკმარისი იყო, მენახა, საუბრისას მისი ხელის მოძრაობა და თვითმფრინავის ტრაპიდან როგორ ჩამოდის და დიაგნოზი დავსვი – სახეზეა მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლინებაო. უცხოელებისაგან მომისმენია, მიხეილ სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, ნარცისიზმი და მეგალომანია სჭირს, ამის უკან არასრულფასოვნების კომპლექსი იმალებაო. აქედან მოდის თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც მას სურს. მაგალითად, პარლამენტის ქუთაისში გადატანა და მემორიალის აფეთქება სხვა არაფერია, თუ არა სიგიჟე. როდესაც ჯო ბაიდენი საქართველოში ჩამოვიდა, გაოგნდა პრეზიდენტის სასახლის ნახვისას. მაშინაც და ამის მერეც სულ მესმოდა, როგორ უწოდებდნენ უცხოელები პრეზიდენტის რეზიდენციას კალიგულას სასახლეს. მიხეილ სააკაშვილს იგივე დაემართა, რაც ბენიტო მუსოლინის ან ნიკოლაე ჩაუშესკუს. კორტების ადგილზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვა და იუსტიციის სასახლის აშენებაც მიხეილ სააკაშვილის სნეული ფანტაზიის ნაყოფია.

ჩემზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებდა მიხეილ სააკაშვილის ჭამა. ეს ნორმალური ადამიანის კვება კი არა, სხვადასხვა საჭმლის ერთმანეთის მიყოლებით უზომო შთანთქმაა, რაც უცხოელმა დიპლომატებმაც არაერთხელ აღნიშნეს: ანგელა მერკელთან მიხეილ სააკაშვილის პირველი შეხვედრის მერე, გერმანელმა დიპლომატებმა მითხრეს, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ყველაფრის პირში ჩაყრა დაიწყო. საჭმელს „კოკა-კოლას“ აყოლებდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა. ანგელა მერკელმა რომ გააცილა, თვალები დახუჭა და ერთხანს ხელით ეჭირა შუბლი, მერე კი გვითხრა, ახლავე გაშიფრეთ ჩვენი საუბარი, რადგან რასაც მეუბნებოდა მახსოვს, მაგრამ მე რა ვუთხარი, ვეღარ ვიხსენებო.

ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე რომ მიდიოდა, დაინახა ჯიხური, სადაც ჰოთ-დოგი იყიდებოდა. ნერწყვი მოადგა, დაცვას აყიდინა და ისეთი ტემპით დაიწყო მისი შთანთქმა, კეტჩუპი გადაისხა თეთრ პერანგზე. იქ ამბები იყო! პროტოკოლის სამსახური ლამის ენით წმენდდა ჩვენს პრეზიდენტს, რომ ჯორჯ ბუშთან შესულიყო. ჩვენი ექიმებისაგან გამიგია, რომ ბულიმია ჭირს, რაც მძიმე დაავადებაა. გაერო-ში მომუშავე პერსონალისაგან ვიცი, რომ აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაერო-ში, არ მოეწონა მის გამოსვლაზე ცოტა ხალხის დასწრება და დარბაზის რეაქცია. რაკი მსმენელთა შორის მნიშვნელოვანი ქვეყნების პირველი პირები არ იყვნენ და დარბაზმა ცივად მიიღო, იმდენად გაღიზიანდა, რომ დარბაზიდან გამოვარდა და გასასვლელისკენ გაეშურა, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად გაწერილი იყო მისი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. 2008 წელს რუსეთმა სწორედ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეძლო მისი პროვოცირება“.

ფსიქიატრ-კრიმინალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხაილ ვინოგრადოვი ამბობს:

„მიხეილ,სააკაშვილი, თავისი დაავადებების გამო განიცდის სექსუალურ კომპლექსებს. მას სექსუალური აქტის პროცესის წარმართვა არ შეუძლია, მიდის აღგზნებამდე, მაგრამ აქტს ვერ ასრულებს. დაკომპლექსებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობით. სავარაუდოდ, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი სინდრომია. სექსუალურ კომპლექსებს ხშირად გამოდევნის აგრესიის საშუალებით. ცდილობს, გამუდმებით ამტკიცოს, რომ ჭკვიანი სექსუალური ინდივიდია, თვალს აყოლებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მათთან ყოფნის სურვილი კლავს, მაგრამ ეს სურვილი მერე ჟინში გადაუდის, რომლის გამოც ვერც თავად კმაყოფილდება და ვერც საპირისპირო სქესს აკმაყოფილებს. მიხეილ სააკაშვილის ემოციური აგრესია გადამდებია. მიხეილ სააკაშვილის ამბიციები წინ უსწრებს მის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მისი საქციელი არასდროსაა გამოწვეული განსჯისა და დაფიქრების შედეგად, ის ემოციებსა და ახირებებზე აგებს თავის ცხოვრებას“.

2004 წლის გაზაფხულზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო სტაჟი მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლიდა, პრეზიდენტის ესკორტის სამსახურის თანამშრომელმა მის შესახებ მითხრა, წარმოუდგენელი, სრულიად არაპროგნოზირებადი ტიპია. მაგალითად, მივდივართ დასავლეთში, უკვე გორთან ვართ და ამ დროს „ჩილიკას დუქანი“ გაახსენდება, ქაბაბი მოუნდება, კორტეჟს მოატრიალებს და თბილისში ვბრუნდებითო.

ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებიდან:

„…ნიშანი ხალხის მიმართ მისი აგდებული დამოკიდებულების, რისი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თვითმფრინავში ვნახე.
პრეზიდენტი თვითმფრინავის სალონში „შემოქროლდა“ და თითქოს ვერავინ შეამჩნია, ისე, რომ არავის მისალმებია და თავის ადგილზე დაჯდა. კინოში მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი, რომ როცა ზოგადად პრეზიდენტი თვითმფრინავში შედის, მას ხვდება ეკიპაჟი და მისი მეთაური. ის ართმევს სათითაოდ ხელს ყველას, რაც უბრალოდ ადამიანურ ჩვევასთან ერთად ხაზგასმული პატივისცემაა მათ მიმართ, ვისაც იმ მომენტში ქვეყნის პირველი პირის სიცოცხლე აბარია. რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი? ეს საერთოდ ზედ არ უყურებს არც ერთს, ჯდება და იწყება ფრენა.

კარგი, ვთქვათ, ეს თვითმფრინავის მომსახურე პერსონალია, მაგრამ იგი არც ერთ თანამდებობის პირს, რომელიც სალონშია, საერთოდ ზედაც არ უყურებდა. თანამდებობის პირები კი იყვნენ უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, დაზვერვის შეფი გელა ბეჟუაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, მათ გარდა – პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი, ფრიდონ თოდუა და გია ვაშაძე. თუ ვინმესთან ურთიერთობა მოუნდებოდა, ხელით ანიშნებდა ან გადასძახებდა და ესენი ეახლებოდნენ.

თვითმფრინავში სააკაშვილის ერთ-ერთი რიტუალია გაუგებარი, უმდაბლესი ხარისხის ქართული პოპ-მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ყუსასმენების გარეშე. ამიტომ ყველა იძულებულია ამ მუსიკას უსმინოს. თანაც კასეტას თუ დისკს წამდაუწუმ წინ და უკან ახვევს და ყველას გულს უწუხებს. პერიოდულად ემართება ისტერიკა, ითხოვს რაღაც დისკს, რომელიც არასოდეს აუტანია თვითმფრინავში და ყვირის, სად არის ის დისკიო, უყვირის დაცვას, სტიუარდესებს, ეს დაბნეული, საწყალი ხალხი შეშინებული იყურება აქეთ-იქით.
მანამდე კი სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა, ყველასთან ყურადღებიანი ყოფილიყო და ეს მისი ხაზგასმული თვისება იყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა მისი ნიღაბი. ალბათ გახსოვთ მეტროში ჩავარდებოდა და მემანქანიდან დაწყებული ყველას ხელს ართმევდა. სხვადასხვა ოფისებში შედიოდა და ხალხს ხაზგასმულად ზრდილობიანად ესალმებოდა.
მას ეს უკვე აღარ სჭირდებოდა და აღარც ის აღელვებდა, თუ როგორ ელოდა მას დაქოქილი თვითმფრინავი საათობით.

რუსეთში ცალკე ანეკდოტის თემად იქცა მისი გადაფრენები რუსეთის ტერიტორიაზე. წესია, როცა ქვეყნის პირველი პირის თვითმფრინავმა სხვა ქვეყნის ტერიტორიას უნდა გადაუფრინოს, ამის თაობაზე ამ ქვეყნის აერონავიგაციის სამსახურს დიპლომატიური ხაზით ატყობინებენ. მაგალითად, ევროპაში მიფრინავდა, 900-ჯერ ცვლიდა გაფრენის დროს და საკონსულოს თანამშრომლებიც იძულებულები იყვნენ, 900-ჯერ დაკავშირებოდნენ რუსეთის აერონავიგაციის სამსახურს და მუდმივად ეუწყებინათ პრეზიდენტის რეისის ახალი დრო, ხანაც ბოლოს შესაძლოა ეთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფრენა გადაიფიქრა, ხვალ შემოგეხმიანებით. ამის გამო საკონსულოს საწყალი თანამშრომლები გაწამდნენ“.

არადა, სწორედ ამ იმპულსური ხასიათით, უცნაური სიცილით, არანორმალური გაცხარებით, ჯინსებით და ჯინსებიდან ამოჩაჩული პერანგით მოაწონა თავის დროზე ხალხს თავი. ადამიანები თვლიდნენ, რომ იგი იყო უშუალო „ჩვენი ბიჭი“, თუმცა როგორ დაიწყო ამ „ჩვენმა ბიჭმა“, როგორ გააგრძელა და როგორ დაასრულა, ეს უკვე ყველამ კარგად იცის, თუმცა ის, თუ როგორ დაიწყო, უფრო სწორად 2003 წლის წინასაარჩევნო კამპანია დღეს უკვე დავიწყებას არის მიცემული, მაგრამ ეპიზოდების გახსენება ნამდვილად ღირს. მაგალითად, ბოლნისში ამტყდარი ჩხუბი, სადაც მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი არ დაინდეს, გამგებელიც გვარიანად იცემა და გამგებლის მოადგილეებიც თავიანთი უფროს, უმცროს და საშუალო სპეციალისტებითურთ. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, „ნაციონალებმა“ მაშინ კარატეს მრავალთაგან ერთ-ერთი ფედერაციის წარმომადგენლები დაიქირავეს, აჩხუბეს, მაგრამ… ფული არ გადაუხადეს ანუ როგორც იტყვიან, გადააგდეს.

იმავე წლის ოქტომბერში „ნაციონალებმა“ ზუგდიდში იჩხუბეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანამდე, თვითმმართველობის არჩევნების წინ, ზუგდიდის ყოფილმა კომენდანტმა ბადრი ზარანდიამ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში, მაგიდის ქვეშ იმალებოდა, სცემა და დაემუქრა, რომ ზუგდიდში აღარ ჩამოხვიდეო, თუმცა 2003 წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილს ბადრი ზარანდიასი აღარ ეშინოდა – იგი მანამდე ჩაცხრილეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.

ტრაგიკომიკური დეტალი: იმ დღეს, „ნაციონალების“ მიტინგის დროს, სააკაშვილის მომხრეებმა შენიშნეს ავტომობილი, რომელიც ადრე ბადრი ზარანდიას ეკუთვნოდა. შენიშნეს და… ავტომობილზე იძიეს შური.

23 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მართლა მაგრად იცემნენ, ოღონდ ეს ბათუმში მოხდა. სანამ ასლან აბაშიძის მომხრეები კობა დავითაშვილს, გივი თარგამაძეს და დავით ბერძენიშვილს უსწორდებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი კაფეში იჯდა, აჭარულ ხაჭაპურს ნთქავდა და ალბათ, იმაზე ფიქრობდა, როგორ გამოიყენებდა საკუთარი მომხრეების ცემას პიარისთვის და თუ პიარს სერიოზული ეფექტი ექნებოდა, კიდევ სად, რომელ რეგიონში და ვისი ხელით გაილახებოდნენ მისი „ძმადნაფიცები“.

Comments are closed