globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 7th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რა საარჩევნო ბლოკები გვექნება შემოდგომაზე // “შესაძლებელია, ბლოკში გაერთიანებულ ორ პარტიას ცალ-ცალკე 4-4% ჰქონდეს, მაგრამ ბლოკად გაერთიანებაში ამან 8% არ მოგვცეს”

რეზონანსი: «ოცნების” პირველი სამეული და საარჩევნო სიის რამდენიმე ახალი სახე

რეზონანსი: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: “ოცნებას” ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, მაგრამ არ ველი, რომ უმრავლესობას შექმნის”

რეზონანსი: ინტერვიუ კახაბერ ჯაყელთან: “ოცნებამ” ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს საკუთარი მესიჯების რეალობაში

რეზონანსი: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: “რესპუბლიკელები” ისე თვლიან საჭიროდ, ჩვენ კი – ასე“

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “რესპუბლიკელ” მინისტრებთან დაკავშირებით ცხადია, გარკვეული რისკები არსებობს“

რეზონანსი: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: რატომ შექმნეს “ნაცმოძრაობამ” და “ახალმა მემარჯვენეებმა” ერთობლივი ფრაქცია?

რეზონანსი: გამართლებულია თუ არა არჩევნების თარიღის არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე გამოცხადება?

რეზონანსი: ფული და მიწა – ორი ძირითადი “კოზირი” არჩევნების მოსაგებად // თუ ლარის კურსსა და სესხით დამძიმებულ ადამიანებს არ ეშველათ, ხელისუფლებას გაუჭირდება

———-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „არჩევნების რვა ოქტომბერს დანიშვნა მოულოდნელი იყო“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: რა გარიგება შედგა გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის // „მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციას ვეღარ გაიმეორებს»

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: `წინასაარჩევნოდ პრემიერის შეცვლა დესტაბილიზაციის წყარო იქნება~

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს ვერ გაიყვანს… „ოცნებისა“ და რესპუბლიკელების ჭიდაობით არცერთ მათგანს არაფერი შეემატება»

————————-

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

რა საარჩევნო ბლოკები გვექნება შემოდგომაზე

“შესაძლებელია, ბლოკში გაერთიანებულ ორ პარტიას ცალ-ცალკე 4-4% ჰქონდეს, მაგრამ ბლოკად გაერთიანებაში ამან 8% არ მოგვცეს”

ეკატერინე ბასილაია

საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე დასახელდა – 8 ოქტომბერი და შესაბამისად, ის პარტიები, რომლებსაც პარლამენტში შესვლისათვის 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი გარანტირებულად არ აქვთ, საარჩევნო ბლოკებზე კულუარულ მოლაპარაკებებს უკვე აქტიურად დაიწყებენ.

ცესკო-ს ცნობით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და პარტიებს ვადა 1-ელ აგვისტომდე აქვს. მეტიც, არჩევნებისათვის ერთი პარტია ცესკო-ში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა – პარტია “სახალხო თავისუფლება”.

სპეციალისტთა შეფასებით, პარლამენტში მანდატების მოპოვება დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული – “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. დანარჩენი პარტიების ბედი ჯერ გაურკვეველია და ამდენად, როგორც წესი, პარლამენტში შესვლისთვის ყველაზე კარგ მეთოდად საარჩევნო კოალიციის შექმნაა.

პარტიების დაჯგუფების პრინციპად პოლიტოლოგები ყველაზე მეტად ერთიან საგარეო ორიენტაციას მიიჩნევენ და პოლიტიკური ძალებიც შესაბამისად ორ ნაწილად იყოფიან – ე.წ. პროდასავლურად და ე.წ. პრორუსულად. აცხადებენ, რომ ასეთ ბლოკებად გაერთიანების შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, პარტიებმა მანდატების მოპოვება შეძლონ, ვიდრე ცალ-ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში. თუმცა, ყველა პროდასავლური პარტიის ერთ ბლოკად გაერთიანებას ყველა გამორიცხავს, რადგან პროდასავლურად მიიჩნევა “ნაციონალური მოძრაობაც”, რომელსაც საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, ბარიერის გადალახვის საფრთხეც არ აქვს და თან, მაგალითად, ასევე პროდასავლურად მიჩნეულ “რესპუბლიკელებსა” და “თავისუფალ დემოკრატებთან” დაპირისპირებულია.

პოლიტოლოგების ნაწილი “დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” გაერთიანების შემთხვევაში მათ ბარიერის თავისუფლად გადალახვას კი უწინასწარმეტყველებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს დიდი ალბათობით არ მოხდება, რადგან “თავისუფალმა დემოკრატებმა” ბევრჯერ გაკეთეს განცხადება არჩევნებში ყველანაირი ბლოკის გარეშე, დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ. პოლიტოლოგები ე.წ. პრორუსული ძალების გაერთიანებას უფრო მეტად ელოდებიან, თუმცა ნაწილი აღნიშნავს იმას, ამ ფლანგის ორი ძირითადი პარტია – “დემოკრატიული მოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი” ცალ-ცალკეც შეძლებენ ბარიერის გადალახვას.

დაშლილი სამთავრობო კოალიციის ნაწილებიდან ძალიან ცუდად აქვთ საქმე “კონსერვატორებს” და რადგანაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ პარტია კენჭის ყრას ცალკე აპირებს, ვარაუდია, რომ “კონსერვატორების” ლიდერი ან შესაძლოა პარტიის კიდევ ორიოდე წევრი პარტია “ქართული ოცნების” სიით გავიდეს არჩევნებზე. შესაძლოა, იგივე მოხდეს “მრეწველების” შემთხვევაშიც. თუმცა, ისიც არ გამოირიცხება, რომ “მრეწველები” “პატრიოტთა ალიანსთან” გაწევრიანდეს ბლოკში, თუკი ამგვარი ბლოკი შედგება.

“პროდასავლური” პარტიების გაერთიანების ალბათობა

პოლიტოლოგების ნაწილი პროდასავლურ ფლანგზე რამდენიმე პარტიის გაერთიანებას მიესალმებოდა, თუმცა, რაიმე სერიოზული ბლოკის შექმნას არ პროგნოზირებენ.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, პროდასავლური ორიენტაციის პარტიების ფლანგზე ერთმანეთის კონკურენტები არიან “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”. მათ მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე სეგმენტის ამომრჩევლები ჰყავთ. ორივე ლიბერალური ფრთის პარტიაა, ორივე დასავლური კურსის მომხრე პოლიტიკური ძალაა, ამიტომაც პოლიტოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ მათი ერთ ბლოკად გაერთიანება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

ერთ ბლოკად ისინი ბარიერს უპრობლემოდ გადალახავდნენ, ცალ-ცალკე კი ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სანერვიულო მეტი ექნებათ. თუმცა, მისივე ვარაუდით, ეს გაერთიანება ნაკლებად რეალურია, რადგან “თავისუფალმა დემოკრატებმა” არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათ ვინმესთან გაერთიანება არ სურთ.

კაკაჩიას პროგნოზით, არც “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხელს ბლოკში შესვლა. ამბობს, რომ პარტია იმაზე ნაკლებ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში, ვიდრე ახლა ჰყავს.

ხოლო თუ რომელიმე სხვა ძალასთან ბლოკს შექმნიან, არც ეს ასწევს მათ რეიტინგს დიდად. პირიქით, ბლოკმა შესაძლოა “ნაცმოძრაობაში” პრობლემები შექმნას. რადგან მათ ძალიან ბევრი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ და ბლოკის შემთხვევაში, თუკი მანდატებს სხვებს გადაუნაწილებენ, შესაძლოა, ცნობილი სახეები მანდატების გარეშე დარჩეთ და ამან არჩევნების შემდეგ პარტიის შიგნით გარკვეული რყევები გამოიწვიოს.

“მათ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჰყავთ საკუთარი იდეოლოგიური ამომრჩეველი. ისეთი, რომლებიც ცუდი ამინდი იქნება თუ მზიანი, არჩევნებზე მივლენ და ხმას მისცემენ,” – ამბობს კაკაჩია.

მისი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხმებს არავინ ართმევს. ერთადერთი შესაძლოა ეს იყოს “გირჩი”, თუმცა მათაც, როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე პარტიის გაყვანა არ აქვთ გეგმაში და აქცენტს უფრო მაჟორიტარული კვოტით რამდენიმე დეპუტატის გაყვანაზე გააკეთებენ.

არასაპარლამენტო პარტიების ერთიანობის შანსი

“დემოკრატიული მოძრაობა” და “ქრისტიან დემოკრატები” ერთ ბლოკში უკვე რამდენი წელია არიან და ეს ბლოკი ისედაც შენარჩუნდება. ახლა საუბარია იმაზე, რომ კახა კუკავას “თავისუფალი საქართველო” და ჯონდი ბაღათურიას “ქართული დასი” ან ირმა ინაშვილთან ან ნინო ბურჯანაძესთან გაერთიანებას გეგმავს.

“ბაღათურიამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა კიდეც, რომ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანების მომხრეა, თუმცა რამდენად იზიარებენ მის ამ სურვილს ბურჯანაძე და ინაშვილი, ეს ცნობილი არ არის. ისიც გაურკვეველია, პროდასავლურად მიჩნეული “ახლები” ისურვებენ თუ არა პრორუსულად მონათლულ ძალებთან ერთიანობას.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელ გია ხუხაშვილის თქმით, დღეს ერთიან ფასეულობათა სისტემის ირგვლივ ბლოკების შეკვრას, საარჩევნო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ან გარკვეული სინერგიის გაჩენის თვალსაზრისით მაინცდამაინც დიდი აზრი არ აქვს და ასეთი ალიანსები არ ჩანს. მისი თქმით, ბლოკებში ერთი გამოკვეთილი ძალა უნდა იყოს, მაგრამ დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ყველა ერთმანეთზე სუსტია და გამოდის, რომ მკვდარი მკვდარს ეკიდება და ამიტომაც ვერც ერთი შესაძლო ბლოკი დიდ ეფექტს ვერ მიიღებს. ამბობს, რომ ერთი და იმავე ფასეულობების პარტიებს შორისაც კი სისტემური წინააღმდეგობებია.

“ერთადერთი შანსია, რომ ე.წ. პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. აქაც დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ, ერთადერთი იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ახალი შემაკავშირებელი ელემენტი გამოჩნდება. ვგულისხმობ “პატრიოტთა ალიანსს”, ბურჯანაძეს, სხვა წვრილ-წვრილი ვიღაცებიც არიან. ამ გაერთიანებაშიც დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუ რამე ახალი ძალა არ დაემატა, ისე მარილი აკლიათ,” – ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ამგვარი ბლოკის რეიტინგი ცალკე აღებული ბურჯანაძის ან ინაშვილის პარტიების რეიტინგზე ბევრად დიდი არ იქნება.

“არ მგონია, რომ მათ ბლოკი რამეს მოუმატებს. ერთადერთი პრევენცია მოხდება და გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ პარლამენტში ყველა მოხვდება. თუმცა, ინაშვილისა და ბურჯანაძის პარტიები საარჩევნო პოტენციალის პარტიებია და თუკი ისინი დაინახავენ, რომ ცალკე ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ, ბლოკზე ლაპარაკს არ დაიწყებენ,” – თვლის ხუხაშვილი და დასძენს, რომ ამ ორ ძალას შორის პოსტსაარჩევნო კოალიციები უფროა მოსალოდნელი, რაც სახელმწიფოებრივად ძალიან კარგი იქნება.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ე.წ. პრორუსული პარტიები ერთად გაერთიანებულიყვნენ. იგივე “პატრიოტთა ალიანსი”, ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა”, ასევე კახა კუკავასა და ჯონდი ბაღათურიას პარტიები. ასევე ლოგიკურად შესაძლოა მათთან აღმოჩნდეს კიდეც “მრეწველების” პარტია.

“თუ ეს ძალები ერთად მოგროვდებიან, შესაძლებელია საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობით შევიდნენ პარლამენტში. ბურჯანაძე მკვეთრად გამოკვეთილი პრორუსული პარტიაა. ირმა ინაშვილთანაც დაახლოებით იგივე სეგმენტი იკვეთება. შესაძლოა ის პრორუსული არ იყოს, მაგრამ ნეიტრალიტეტზე საუბრობს, რაც ფაქტობრივად იგივეა და მეტ-ნაკლებად ერთად არიან. პირობითად, ლევან ვასაძემ რომ გადაწყვიტოს პოლიტიკაში შემოსვლა, მაშინ ამ ძალას ძალიან სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში,” – აღნიშნავს კაკაჩია.

პოლიტოლოგის ვარაუდით, ამ ე.წ. პრორუსულ პარტიებს ერთად უფრო მეტი ხმის მოგროვება შეუძლიათ, რადგან როგორც “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” ხმები იყოფა არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლისას, ისეა ბურჯანაძისა და ინაშვილის შემთხვევაშიც.

კაკაჩია მიიჩნევს, რომ ძალან ცუდად აქვთ საქმე “ახლებს” და “ლეიბორისტულ პარტიას”.

“ლეიბორისტულ პარტიას” დაახლოებით 4%-იანი რეიტინგი აქვს ხოლმე და თუკი რომელიმე ბლოკში მოახერხებს გაერთიანებას, მანდატებს მოიპოვებს. “ნაციონალებთან” ერთად მათი გაერთიანება კი, ბოლოდროინდელი დაახლოების მიუხედავად, წარმოუდგენლად მიაჩნია იდეოლოგიური თვალსაზრისით.

“უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ “ნაციონალები” ნათელაშვილს “ოცნების” წინააღმდეგ იყენებენ და ამიტომაც უთმობენ, მაგალითად, “რუსთავი 2″-ის ეთერს. რეალურად იმედი აქვთ, რომ ის “ოცნებას” გარკვეულ ხმებს წაართმევს. “ახლები” რომ “ნაციონალებს” გაუერთიანდნენ, საარჩევნოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით შესაძლებელია, მაგრამ ეს “ნაციონალებს” არაფერს შემატებს,” – აღნიშნავს კაკაჩია.

იგი “ახლების” ადგილს ვერც “რესპუბლიკებთან” ხედავს იგივე მიზეზით, რომ ახლებს რეიტინგი არ აქვთ და “რესპუბლიკელები” მათ მანდატს არ გაუყოფენ.

მმართველი კოალიციის წევრთა მომავალი

ყველა თანხმდება, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ახალ კოალიციას არ შექმნის და არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ, თუ ვინმესთან ბლოკის სახით, ეს მათ დიდად არც არაფერს შეუცვლიდა.

კორნელი კაკაჩია თვლის, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის შემდეგ დარჩენილ პარტიებს – “მრეწველებს”, “ფორუმსა” და “კონსერვატორებს”, შანსი არ აქვთ ერთად ბლოკი რომც შექმნან მაინც.

კაკაჩიას განცხადებით, ხშირად შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულ ორ პარტიას ცალ-ცალკე 4-4% ჰქონდეს, მაგრამ ბლოკად გაერთიანებაში ამან 8% არ მოგვცეს. შესაძლოა იყოს 8%-ზე ნაკლებიც, ან ორჯერ მეტიც კი. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ამომრჩეველზე ხდება ბლოკის მორგება.

“ამას სოციოლოგები აანალიზებენ ხოლმე და თუ კვლევების შემდეგ დადასტურდება, რომ ბლოკის შექმნა პროცენტებს დიდად არ უმატებს, მაშინ ასეთ გაერთიანებას აზრი არ აქვს და ბლოკები არც იქმნება”, – ამბობს კაკაჩია.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” კოალიციიდან გასული პარტიებიდან რაღაც შანსები აქვთ “ეროვნულ ფორუმსა” და “მრეწველებს”, მისი აზრით, უფრო მეტიც კი, ვიდრე “რესპუბლიკელებს”.

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ “კონსერვატორებმა”, როგორც პარტიამ კენჭი არ იყაროს და პიროვნულად ნახონ ადგილი “ქართული ოცნების” სიაში, როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს გია ჟორჟოლიანმა და გია გაჩეჩილაძემ.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ოცნებისპირველი სამეული და საარჩევნო სიის რამდენიმე ახალი სახე

თიკო ოსმანოვა

დიმიტრი ცქიტიშვილი, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე და “20/30″-ის ეკონომიკის ექსპერტები – “რეზონანსის” ინფორმაციით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მოხვდებიან. სიის სრული ვერსია კი 14 მაისს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი. ახალი სახე არ არის, თუმცა სიაში ერთ-ერთ ნომრად, სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მოგვევლინება. რაც შეეხება სიის სამეულს, კულუარული ინფორმაციით, ის მოქმედი მინისტრებით დაკომპლექტდება. გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძე – ეს არის ის სამი მინისტრი, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო სიისთვის “ოქროს სამეულად” მიიჩნევა. სიაში მათი ყოფნა კი, ჩვენი ინფორმაციით, კადრების ნაკლებობის გამოა გადაწყვეტილი.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი არც სიაში იქნება და არც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, თავად საუბრობდა არჩევნებში აქტიურ ჩართვაზე, თუმცა რა ფორმით მოხდება ჩართვა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი ივანიშვილი არ იქნება და მან ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება საერთოდ გამორიცხა: “ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი”.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კი ივანიშვილი საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, რადგან ეს თავად ექსპრემიერმა განაცხადა. “ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული. ამაზე, ბუნებრივია, გუნდში იქნება მსჯელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სიის ფორმირებას, ჯერჯერობით არც ერთი მათგანი ღიად არ საუბრობს. თუმცა, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ სიაში, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “საზოგადოება 20/30″-ის ექსპერტებიც. მისი თქმით, პარტიის ახალი სახეები საზოგადოების წინაშე თანდათანობით გამოჩნდებიან.

“რეზონანსის” ინფორმაციით, კი “ოცნების” სიის ათეულში არიან საიას ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პარტიულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს და “20/30″-ის ეკონომიკის ექსპერტებს – მიხელ დუნდუას და ლევან კალანდაძეს, სიაში მათი ზუსტი ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ქართული ოცნების” რიგებში მათი ყოფნა გადაწყვეტილია. თუმცა, თავად მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძე ამას არ ადასტურებენ.

“შემოთავაზება არ ყოფილა. ნებისმიერ შემოთავაზებაზე კი მაშინ დავფიქრდები, როცა შემომთავაზებენ.”, – გვითხრა მიხეილ დუნდუამ.

ლევან კალანდაძეც ამბობს, რომ მსგავსი შეთავაზება არ ჰქონია: “არ ვიცი მიდის თუ არა ჩემი კანდიდატურის განხილვა. ჯერჯერობით სიებთან დაკავშირებით ჩემთან კონსულტაცია არ ყოფილა. დაველოდოთ. ყველა პარტიას ბევრი საკითხი აქვს გასავლელი როგორც უშუალოდ სიებთან დაკავშირებით, ისე ტექნიკური საკითხები, საარჩევნო სტრატეგია და ა.შ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის კონკრეტულ გვარებზე ჩამოყალიბებული რომ არ არიან. ოქტომბრამდე საკმაო დრო აქვთ იმისთვის, რომ გარკვეული თემები შეაჯერონ, შიგნით მოიხარშოს ეს თემები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ კონკრეტული კონსულტაციები კონკრეტულ პირებთან”, – აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” 47 დეპუტატიდან, ნახევარი სიაში ადგილებს შეინარჩუნებს, მეორე ნახევარი – არა. თუმცა, კონკრეტულად ვინ დარჩება სიაში და ვინ – სიის მიღმა, ამას საზოგადობაც და პარტიის წევრებიც ყრილობის მერე შეიტყობენ. ამ ეტაპზე საჯაროდ მხოლოდ ის არის გაცხადებული, რომ სიაში სპორტსმენები, ხელოვნების მუშაკები და ინგლისურის არმცოდნეები არ მოხვდებიან.

“არსებული სიჭარბით მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

ასევე, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, რამდენიმე დეპუტატს თავად აღარ სურს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა კონკრეტულად ვის – უცნობია.

უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიაძემ არ იცის მოხვდება თუ არა “ქართული ოცნების” სიაში, თუმცა ამბობს, რომ ქუთაისში მაჟორიტარად კენჭის ყრის სურვილი აქვს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ახალ სახეებს, ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა პროექტის “რა? სად? როდის?” წამყვან გიორგი მოსიძესა და იურისტ სოფიო ხორგუანთან.

“სოფიო ხურგუნთან და გიორგი მოსიძესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ როგორ გადაწყდა – არ ვიცი. თქვეს, რომ პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და ალბათ ყველაფერს მალე გამოაცხადებენ. აპრილის ბოლომდე თუ არ გვეტყვიან, გამოდის, რომ ცაიტნოტში ვრჩებით. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, რადგან ყრილობა კიდევ ერთხელ გადადეს და ახლა როგორც ამბობენ, 14 მაისს გაიმართებაო. ჩემი აზრით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე “ქართული ოცნების” დამრტყმელი ძალები არიან და ალბათ იქნებიან სიაში მიუხედავად იმ სკანდალისა, რომელიც მათ წინააღმდეგ აგორდა. ისინი თუ მოვიცილეთ, ეჭვი მეპარაბება სამაგიეროდ უკეთესები მივიღოთ. ვფიქრობ, ამ ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ სურვილი დარჩენენ პარლამენტში. რაც შემეხება მე, სურვილი მაქვს, თუმცა, ვნახოთ რა იქნება. ქუთაისს ის სოფელი შემოურთეს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ მინდა ჩემს რაიონს მივხედო”, – გვითხრა ომარ ნიშნიანიძემ.

დეპუტატ ელისო ჩაფიძეს კი მომავალ წელს ან პარლამენტში მაჟორიტარული კვოტით ვიხილავთ, ან კიდევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. “ვფქირობ მაჟორიტარობასთან დაკავშირებით, ასევე მაქვს სხვა ტიპის შემოთავაზებები. გავივლი კონსულტაციებს და გადავწყვეტ ყველაფერს – ვიქნები ან პარლამენტში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ელისო ჩაფიძე.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: “ოცნებას” ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, მაგრამ არ ველი, რომ უმრავლესობას შექმნის”

თაკო მათეშვილი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, ეს საქართველოს მრავალმხრივ დააზარალებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ამ სიტუაციას თავი ისე გაართვას, რომ კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე არ გაანაწყენოს, რადგან აზერბაიჯანიცა და სომხეთიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყნები.

“რეზონანსთან” ინტერვიუში ანჯაფარიძე შიდა პოლიტიკასა და მმართველ კოალიციაში განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო და პარტიების გადაწყვეტილებას არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგენასთან დაკავშირებით ლოგიკური და მოსალოდნელი უწოდა.

ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. ვინც კოალიციის შიგნით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებდა, ალბათ მასაც ასეთი მოლოდინი ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დაწმენდას შეუწყობს ხელს. ასევე, ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი რესურსების გაძლიერებაზე მეტი იფიქრონ და ვიღაც ძლიერი პარტიის ან პიროვნების მხრებზე არ იყვნენ წამომსხდარი. ამ მანკიერ ტრადიციას კოალიციის დაშლა აღმოფხვრის. ყველა პარტია დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე და საკუთარი პროგრამით, საკუთარი ლიდერებით წარდგება ამომრჩევლის წინაშე. ბუნებრივი გადარჩევის პროცესი დაიწყება. ამომრჩეველს საშუალება ექნება პარტიების პროგრამები და ლიდერები შეადაროს ერთმანეთს. მრავალპარტიულ დემოკრატიას ხელშეწყობა სჭირდება და ამით ჩვენ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების სტანდარტებს დავუახლოვდებით.

არსებობს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაალაგებენ ურთიერთობას ერთმანეთთან კოალიციის წევრები. ჯერჯერობით მყიფე ბალანსსა და მყიფე მშვიდობას ინარჩუნებენ, მაგრამ მომდევნო თვეებში რა იქნება, არ ვიცი.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება პარტიების შანსები არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლით? მოახერხებს თუ არა რომელიმე მათგანი უმრავლესობის მოგროვებას და ბარიერის გადალახვას რამდენი შეძლებს?

- ამის განჭვრეტა ძალიან რთულია, რადგან ჯერ ახალი სოციოლოგიური გამოკითხვები და პარტიების რეიტინგი არ გამოქვეყნებულა. წინა რეიტინგების გამოქვეყნებიდან კი საკმაოდ დიდი დრო გავიდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და ამიტომ ახლა დაზუსტებით თქმა რთულია. შემიძლია ვივარაუდო, რომ “ქართულ ოცნებას”, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ბარიერის გადალახვა ნამდვილად არ გაუჭირდება, მაგრამ რამდენ პროცენტს აიღებს არჩევნებში და შექმნის თუ არა უმრავლესობას, ამის ვარაუდი ამ ეტაპზე მიჭირს. ჯერჯერობით ამას არ ველი. არჩევნებისთვის თუ რამე შეიცვლება და “ქართული ოცნება” დრამატულ გარღვევას მოახდენს, თავისი ქმედებებით მოსახლეობის გულს მოიგებს, შეიძლება მხარდამჭერების რაოდენობა მოემატოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ასე არ არის.

- რაც შეეხება ოპოზიციას…

- ბარიერს სავარაუდოდ გადალახავს “ნაციონალური მოძრაობაც”. არის მოლოდინი, რომ ეს ალასანიას “თავისუფალმა დემოკრატებმაც” მოახერხონ. ისევ და ისევ წინა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამის შანსი “პატრიოტთა ალიანსს” და ნინო ბურჯანაძის პარტიასაც აქვს. სწორედ ეს პარტიები არიან ბარიერის გადალახვის კანდიდატები. სიას პირობითად შეიძლება “ლეიბორისტული პარტიაც” მივამატოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე ვეყრდნობი იმ სოციოლოგიურ გამოკვლევებს, რომლებიც ადრე გამოქვეყნდა. უფრო დაზუსტებით საუბარი კი მაშინ შეგვეძლება, როცა მორიგი გამოკვლევა ჩატარდება.

- როგორც ჩანს, მომავალი პარლამენტი უფრო მრვალფეროვანი იქნება, ვიდრე დღევანდელი. თქვენი აზრით, საკითხების გატანა ხომ არ გაჭირდება?

- რა თქმა უნდა, როცა პარლამენტში ბევრი პარტია იქნება წარმოდგენილი, იქ პრინციპული საკითხების გატანას მეტი დრო, ძალისხმევა და მოლაპარაკებები დასჭირდება. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური გარემოა და გადაწყვეტილებები დებატების, შეთანხმების და კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. სწორედ ესაა იმის დასტური, რომ ჩვენ ნელ-ნელა ევროპული დემოკრატიული ცხოვრების სტანდარტებს ვუახლოვდებით.

- ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს მეზობლად ვითარება ძალიან დაიძაბა. თქვენი აზრით, ყარაბაღის კონფლიქტი როგორ, რა კუთხით და რა დოზით შეიძლება შეეხოს საქართველოს?

- შეიძლება საკმაოდ სერიოზულად შეეხოს. თუკი ეს კონფლიქტი განახლდა, ყარაბაღის ტერიტორიას გასცდა და სომხეთ-აზერბაიჯანის ომში გადაიზარდა. ჰუნამიტარიული სირთულეები შეიძლება შეიქმნას, დევნილების ნაკადის მოზღვავება და ა.შ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ საქართველოს საკმაოდ დიდი აზერბაიჯანული და სომხური დიასპორა ჰყავს და არც ისაა გამორიცხული აქაც დაიწყო გარკვეული რყევები, მათ შორის ლოკალური კონფლიქტები.

ამას რუსეთის საფრთხეც ემატება, რადგან თუკი ეს ომი გაგრძელდა და სომხეთის ტერიტორიას საფრთხე დაემუქრა, რუსეთს სომხეთთან დადებული სტრატეგიული სამხედრო სამოკავშირო შეთანხმება სამხედრო დახმარების გაწევას ავალდებულებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რუსეთმა თავისი სამხედრო როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ძალების გატარება საქართველოს გავლით მოისურვოს. ამან კი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი მხრიდან მორიგი აგრესიული ქმედება გამოიწვიოს. გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული ამ კონფლიქტში თურქეთიც ჩაებას. ეს მე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, მაგრამ გამოსარიცხი არ არის. ამანაც შეიძლება საქართველოზე ზეგავლენა იქონიოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, მაღალი რისკის ზონაში ვართ მოხვედრილი. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი აქტიურობა სიტუაციის ადეკვატური უნდა იყოს. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის მხარეებს თბილისი შეხვედრისა და მოლაპარაკების ადგილად შესთავაზა, რაც სწორ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ ამ კუთხით გადაჭარბებული აქტიურობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

- როგორ უნდა მოახერხოს ორ ცეცხლს შუა მყოფმა საქართველომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება?

- ჩვენ მიუმხრობლობის პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ორივე ქვეყანასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება აზერბაიჯანთან უფრო სტრატეგიული კავშირი გვაქვს, მაგრამ სომხეთთანაც კარგი ურთიერთობა გვინდა და საქართველოს, აზერბაიჯანულთან ერთად, ძალიან დიდი სომხური დიასპორაც ჰყავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ამ კონფლიქტში ისე გაიაროს, რომ ვერც ერთმა მხარემ მეორე მხარისაკენ გადახრაში ვერ დაადანაშაულოს. აქ ძალიან დახვეწილი დოპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაა საჭირო, რათა ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ კახაბერ ჯაყელთან: “ოცნებამ” ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს საკუთარი მესიჯების რეალობაში

ია აბულაშვილი

პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით რა სიახლეებია ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე და როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალები? – ამ საკითხებზე “რეზონანსი” პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტს, პროფესორ კახაბერ ჯაყელს გაესაუბრა.

- პოლიტტექნოლოგიის ენაზე, როგორ იკითხება ის მოცემულობა, რომელიც არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე შეიქმნა, ანუ მმართველ კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას, მაგრამ არჩევნებამდე რჩება მმართველ გუნდში…

- პოლიტიკური მარკეტინგი ვერ იტანს გაურკვევლობას. თუ პოლიტიკური პარტია ფასეულობებით ვერ თანხმდება იმ დიდ პოლიტიკურ ალიანსთან, რომელთან ერთად იგი ახორციელებდა პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაშინ იგი კარდინალურად უნდა გამოეყოს ამ პოლიტიკურ ძალას და დადგეს საკუთარ “საომარ ბილიკზე” – ეს გახლავთ პოლიტიკური ბრენდინგის ერთადერთი მნიშვნელოვანი გზა.

- თქვენი აზრით, რამდენად დააზარალებს პოლიტიკურ გარემოს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები? მხედველობაში მაქვს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება.

- პოლიტიკის სამყაროს მწვერვალზე საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო უნარიანი და სანდო ადამიანები უნდა იდგნენ. ასეა ყველა ქვეყანაში; მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკაში ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა გააჩნია და, შესაბამისად, უსინდისო და ვიგინდარა ადამიანს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. პოლიტიკა მაშინ ქმნის თავის საბოლოო პროდუქტს, როცა მას მორალური პრინციპებით აღჭურვილი ადამიანები ახორციელებენ.

ალბათ ყველა პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე დამეთანხმება, რომ საქართველოში განხორციელებული დაშანტაჟების მცდელობები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება გახლავთ ქართული პოლიტიკის დასამარების მცდელობა.

მასობრივი შანტაჟის მცდელობა ერთი მხრივ ყოვლად უსინდისო ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის წინაპირობას წააგავს, მაგრამ თუ მთლიან სურათს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს არის საქართველოს დანგრევის ერთ-ერთი სცენარი და ამ სცენარის თანახმად ფაქტობრივად საქართველოში პოლიტიკოსები აღარ იქნებიან. მათი გავლენა მოსახლეობაზე ნელ-ნელა დაიწევს და გაუჩინარდება. საზოგადოების თვალში პოლიტიკოსები უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენენ სამომავალოდ, ვიდრე ჯიბის ქურდი.

ადამიანის გონებაში მკაცრად იწერება, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდო ეროვნულ პოლიტიკას და როდესაც ეს მრავალი პარტია ერთმანეთს ებრძვის, ხოლო ვიღაც ვიგინდარა ყველა ამ პარტიის დაშანტაჟებას მისდევს, იმავე პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით, ჩნდება უბრალოდ განცდა იმისა, რომ პოლიტიკური პროდუქტი ქვეყნაში აღარ იქმნება.

- ამ ფონზე, რამდენად შეძლებენ მოქმედი პარტიები სრულყოფილად აწარმოონ საარჩევნო კამპანია და დაიკავონ ის ნიშა, რომლისკენაც მიისწრაფიან?

- პოლიტიკური მარკეტინგის პრინციპებიდან გამომდინარე, პირადად მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ საქართველოში პროდასავლური სეგმენტისთვის ბრძოლა მალე დაიწყებოდა სწორედ “რესპულიკელთა” თაოსნობით. საქართველოს პოლიტიკური სცენიდან მსხვილი მოთამაშეების გაქრობის ან ჩაძინების შემთხვევაში, “რესპულიკელებს” ხელი არ შეეშლებოდათ განეხორციელებინათ თავიანთი ოცნება, დაეკავებინათ ის პროდასავლური ნიშა საქართველოს პოლიტიკურ ბაზარზე, რომელიც ადრე ხელში ჰქონდათ მაგრად ჩაჭერილი “ნაციონალებს” სააკაშვილისა და სხვა ლიდერების მეშვეობით.

მე მიმაჩნია, რომ “რესპუბლიკელებმა” დრო დაკარგეს. მათ ადრევე უნდა გადაედგათ დამოუკიდებელი ნაბიჯები. ქართველი ამომრჩეველი ძალიან დაოსტატდა შეფასებებში. ის ხედავს, რომ პოლიტიკოსი მანამ არ ჩამოსცილდა კოალიციას, სანამ იგი თავად კოალიციამ არ გამოაგდო და შესაბამისად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები – უკვე რობინ ჰუდი გავხდიო – დამაჯერებლად აღარ გამოიყურება.

როგორც ჩანს, “ოცნების” შიგნით ძლიერი ტენდენციური ძალები მუდამ ცდილობდნენ “რესპულიკელების” ერთობიდან გაგდებას და თავად “რესპულიკელებიც” გრძნობდნენ ამას და ფიქრობდნენ, შეძლებდნენ თუ არა დამოუკიდებლად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას.

ბოლო პერიოდში უამრავი ყრუ დარტყმას გაუძლეს, აიტანეს, მოითმინეს, მაგრამ როდესაც უკვე აღარ დარჩათ გასაქანი, მაშინ ისინი იძულებული გახდნენ უკვე დამოუკიდებლად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაზე ეფიქრათ. მათ 2 წელი დაკარგეს და თავიანთი პოლიტიკური ბრენდი საკმაოდ დააზიანეს. მომავალი არჩევნებისთვის “რესპუბლიკურ პარტიას” ძალიან მცირე დრო აქვს დარჩენილი იმისათვის, რომ გამოკვეთოს საკუთარი პოლიტიკური ბრენდი, შეაყვაროს თავი ამომრჩეველს. დიდ წარმატებებს და დიდ მიღწევებს მათი მხრიდან მომავალი არჩევნებიდან არ უნდა ველოდეთ. სწორედ იგივე შეცდომა დაუშვა ირაკლი ალასანიას გუნდმაც. მათ დიდი ხნით ადრე უნდა დაეწყოთ თავიანთი აქტიური პოლიტიკური კამპანია არსებული მმართველი კოალიციის წინააღმდეგ.

- სხვა პოლიტიკურ ძალებს რა შანსები აქვთ?

- საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე სწრაფად ვითარდება “პატრიოტთა ალიანსი”, როგორც პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეიძლება ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ სრულიად დიფერენცირებული პოლიტიკური ფასეულობები და მრწამსი გააჩნია.

ოპოზიციურ პარტიებში ისევ ძლიერი იქნება “ნაციონალური მოძრაობა”. მათ კარგად იციან სტატისტიკა, ეკონომიკა, ქვეყნის პრობლემები და ამ ფაქტებს მათი ლიდერები თუ ექსპერტები ყოველთვის დასაბუთებულად იყნებენ, რასაც ვერ ახერხებენ თუ არ ახერხებენ მმართველი გუნდის “ოცნების” პირამიდის სათავეში მყოფი ლიდერები. ქართველი მომხმარებელი კი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს თოქ-შოუებს” და ხედავს, რომ “ოცნების” წარმომადგენლები მოუმზადებელები მიდიან, “ნაცები” კი – როგორც ბეჯითი მოწაფეები. მიუხედავად იმისა, რომ “ნაცების” მიმართ განწყობა საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიურია, არსებულ ვითარებაში შეიძლება ეს განწყობა უფრო შემცირდეს, რაც მნიშვნელოვნად წასწევს წინ მათ მომავალ არჩევნებში და შეიძლება 15%-იც კი აიღონ ამ არჩევნებზე.

- “ოცნების” პოლიტიკური ბრენდი როგორ გამოიყურება?

- “ოცნების” პოლიტიკური ბრენდი გარკვეულწილად დაზარალებულად გამოიყურება. ამ პოლიტიკურ ძალას თუ უნდა, რომ გადარჩეს და კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელოს არსებობა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, ხალხს უნდა დაუმტკიცოს არჩევნებში დარჩენილ პერიოდში როგორ ზრუნავს ის თავის “მანათობელ ბარიერებზე”, რომელიც ყველაზე მეტად სჩანს და ღრმად იჭრება მომხმარებლთა აღქმაში. ანუ, გაანადგუროს ნეპოტიზმი მის შიგნით თუ მის გარეთ; გამოავლინოს კორუმპირებული ჩინოვნიკები; დაანახვოს ხალხს მისი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაძლებლობები. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” დაამარცხებს მის ბანაკში შეპარულ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც მის პოლიტიკურ პროდუქტს შიგნიდან ხრავენ და ანადგურებენ.

ასევე “ოცნებამ” უნდა შემოიკრიბოს პროფესიონალები და მოახდინოს პროფესიონალიზმის დაცვა ქვეყანაში. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ფუნდამენტური ფასეულობების დაცვას, ქვეყნის გადარჩენის სტრატეგიას და ამ არჩევნებში ქვეყანა მიიყვანოს იმ მოტივით, რომ საქართველო გადარჩება მსოფლიო ომებს და დიდ კონფლიქტებს. თუ “ოცნება” ამ მესიჯების რეალობაში დაარწმუნებს ხალხს, მაშინ მინგრეულ-მონგრეული, ჩამოშლილი პარტიების ფონზე მას სერიოზული პოლიტიკური მომავალი გააჩნია.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: “რესპუბლიკელები” ისე თვლიან საჭიროდ, ჩვენ კი – ასე

ელზა პაპოშვილი

“ეროვნული ფორუმის” წევრი და პარლამენტის დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ მათ პარტიას კოალიციიდან შესაძლო გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება რამოდენიმე თვით ადრე უკვე მიღებული ჰქონდა. მისი თქმით, პარტიამ უმრავლესობა იმიტომ დატოვა, რომ არჩევნებისთვის მოსამზადებელი დრო და რესურსი სჭირდება. ანი მიროტაძე ამბობს, რომ ისინი საზოგადოებას უახლოეს მომავალში საარჩევნო პროგრამას წარუდგენენ, სადაც ამომრჩევლებს ასევე აუხსნიან უმრავლესობაში ყოფნის დროს რიგი ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების განხორციელება რატომ ვერ შეძლეს.

- როგორ ფიქრობთ, კოალიცია ასე სწრაფად რატომ დაიშალა და თქვენი პარტია რამდენად ელოდა მოვლენების მსგავს განვითარებას?

- არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება პარტიამ 2 თვის წინ გამართულ ყრილობაზე მიიღო. მანამდე კი კონფერენცია ჩავატარეთ, სადაც ჩვენმა დელეგატებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც რამოდენიმე დღის წინ გავახმაურეთ. შესაბამისად, კოალიციის დაშლა-არდაშლის მიუხედავად, პარტიას არჩევნებში მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენზე ზეგავლენა არც სხვა პარტიების გადაწყვეტილებას არ მოუხდენია.

- თქვენგან განსხვავებთ “რესპუბლიკელებმა” უმრავლესობა არ დატოვეს. “ფორუმმა” რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?

- იმიტომ, რომ არჩევნებისთვის მომზადებაა საჭირო. პარტია უნდა გადაეწყოს და საარჩევნო პროგრამისთვის უკეთესად მოემზადოს. ამიტომ უმრავლესობა უნდა დაგვეტოვებინა. 8 ოქტომბრამდე უმრავლესობაში ვყოფილიყავით და შემდეგ გვეთქვა, რომ დამოუკიდებელი პარტია ვართო, ასე არ გამოვიდოდა. მოსახლეობის თვალში კარგად არ გამოვჩნდებოდით. ამიტომაც დამოუკიდებლად ყოფნა “ფორუმისთვის” უფრო მომგებიანი იქნება. “რესპუბლიკელებმა” თუ უმრავლესობაში ყოფნა ისურვეს, კი, ბატონო, მათ ალბათ თავისი დღის წესრიგი აქვთ, რომლითაც ხელმძღვანელობენ. ისინი ისე თვლიან საჭიროდ, ჩვენ კი – ასე.

- წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს შეხვდებით. როგორ ფიქრობთ, მათ კითხვა არ გაუჩნდებათ – როდესაც თქვენ 4 წელი სახელისუფლო გუნდს წარმოადგენდით და მათ გარკვეული დაპირებები ვერ შეუსრულეთ, ხმა კვლავ რატომ უნდა მისცენ თქვენს პარტიას? როგორი იქნება თქვენი პასუხი ამაზე?

- ჩვენ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არჩევნებში გავიმარჯვეთ და კოალიცია 2016 წლის 3 აპრილს დავტოვეთ. ამ პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა დადებით თუ უარყოფით გადაწყვეტიელბას ვიზიარებთ და მასზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. არც ერთ შემთხვევში არანაირ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.

ყველა კითხვას, რომელიც დასმული იქნება, პასუხს გავცემთ და საზოგადოებას ავუსხსნით, რატომ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა მათთვის მიცემული დაპირებები. რასაკვირველია, არაფერს არ გავემიჯნებით. ვფიქრობ, რომ გვქონდა ბევრი ხარვეზი და ასევე გვქონდა ბევრი წარმატებაც, რაზეც პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებასთან” ერთად ვიღებთ. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოვეს მომავალში წარვუდგენთ. ეს იქნება ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე მუშაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. უშუალოდ ვიტყვით მიზეზებს, რისი გაკეთება შეგვეძლო და რატომ ვერ გავაკეთეთ. ჩვენ ვიყავით კოალიციის რეჟიმში და ბევრ რაღაცაზე შესაძლოა პასუხისმგებლობა ბოლომდე ვერ ავიღეთ. განსხვავებული პოზიციის ქონა პრობლემას ვერ აგვარებდა, რადგანაც უმრავლესობის აზრს უნდა დავთანხმებოდით. ვგულისხმობ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანაშია.

- უმრავლესობის ახლა დატოვება ხომ არ შეიძლება ამომრჩეველმა ისე აღიქვას, რომ თქვენ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იმისთვის გამოიყენეთ, რათა პოლიტიკაში თქვენი პოზიციები გაგემყარებინათ?

- რაც შეეხება გამოყენებას, მე პირადად არ მიყვარს ხოლმე ჩვენი პარტიის შესაძლებლობებზე საუბარი, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნის დროს ერთ-ერთი ძლიერი პარტია “ფორუმი” იყო. ასე რომ, მაშველი რგოლი ნამდვილად არ გვჭირდებოდა. იმ პერიოდში საშინელი მონსტრის დასამარცხებლად, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწოდებოდა, ერთმანეთი ამ ბრძოლის მოსაგებად ნამდვილად გამოვიყენეთ. ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გარეშე და ხალხი ივანიშვილის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. შესაბამისად, ამ კონტექსტში ყველას ერთმანეთი ნამდვილად გვჭირდებოდა.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “რესპუბლიკელ” მინისტრებთან დაკავშირებით ცხადია, გარკვეული რისკები არსებობს

თიკო ოსმანოვა

იქნება თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები და გადადგებიან თუ არა “რესპუბლიკელი” მინისტრები – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამის აუცილებლობა შესაძლოა, ბუნებრივად დადგეს. თუმცა, ამ ეტაპზე ამ თემის განხილვას იგი არაეთიკურად მიიჩნევს. რაც შეეხება საუბრებს კონკრეტულად თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შესაძლო გადადგომაზე, სესიაშვილის თქმით, ამაზე გაუთავებელმა საუბარმა შესაძლოა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და თავად სამინისტროს სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

ირაკლი სესიაშვილი: კოალიაციის დაშლა არის პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. ამ პროცესში მხარეები შეიძლება გაიყარონ ჩხუბით ან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ვთქვით, რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე გავდივართ, არ გვითქვამს, რომ ხელი უნდა შევუშალოთ ქვეყნის ფუნქციონირებას. “რესპუბლიკელებმაც” და “ეროვნულმა ფორუმმაც” თქვეს, რომ აღებული აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, რომელსაც შეასრულებენ, თუმცა, ექნებათ შესაბამისი პოლიტიკური პოზიციებიც. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა როგორც საქმის, ისევე ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება მინისტრებს, ცხადია, გარკვეული რისკები არსებობს, იმიტომ, რომ ძნელია წინასაარჩევნო პერიოდში არ მოგვიწიოს დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა, ან რაღაც საკითხებზე სხვადასხვა ხედვის დაფიქსირება. ამიტომ ამ ფონზე თავისთავად ცხადია, შეიძლება ბუნებრივად მოვიდეს მომენტი, რომ ვერ შევძლოთ ერთად მუშაობა, თუმცა, პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ვფიქრობ, რაიმე კატასტროფასთან, კატაკლიზმებთან არ გვაქვს საქმე. სიტუაციის მიხედვით, როგორც საქმე დაგვანახვებს, ისე იქნება.

- თავდაცვა ძალიან სპეციფიკური სფეროა. აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, უნდა გადადგეს თუ არა თინა ხიდაშელი?

- მართლაც სპეციფიკურია, თუმცა ოპოზიციაში ყოფნა პირდაპირ არ გულისხმობს ქვეყნის ოპოზიციაში ყოფნას. ვფიქრობ, ქალბატონ თინათინს კარგად აქვს გააზრებული რა უწყებას ხელმძღვანელობს, რა არის სახელმწიფო ინტერესები და ამ პროცესში ის მუშაობს მთავრობასთან ერთად. ვფიქრობ, თავისი პოლიტიკური განსხვავებული პოზიციების გამო სამინისტროს ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის. მეტიც, მას აქვს გარკვეული ვალდებულებებიც – ვარშავის სამიტს ვგულისხმობ. ამ პროცესში ხიდაშელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მთლიანად საქმეშია ჩართული. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თუ პრემიერმა დაინახა, რომ არის რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები, ან პოლიტიკური რისკები, თავად შეაფასებს ჩემზე უკეთესად და მიიღებს გადაწყვეტილებას.

- კულუარული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრის გადაყენებას პრემიერი უახლოეს მომავალში გეგმავს, მათ შორის საუბრია თინა ხიდაშელზეც…

- მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ მედიაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ზოგი მართლდება და ზოგი – არა. მეორე – მე პირადად არაეთიკურად მიმაჩნია, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში ასეთი ჭორების გავრცელება. ნამდვილად არ წაადგება ეს ამ უწყების სტაბილურობას. ჯარისკაცი, ოფიცერი ისმენს ამ ინფორმაციას და უჩნდება არასტაბილურობის განცდა.

- მედიაში ხიდაშელის გადადგომის შემთხვევაში მის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად თქვენ გასახელებენ…

- მედიაში ათასნაირი ინფორმაცია ვრცელდება. ყველაფერს რომ დავეყრდნოთ, შორს ვერ წავალთ. თავდაცვის მინისტრი არის თინა ხიდაშელი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს და ამ ეტაპზე არასწორად მიმაჩნია გაუთავებელი საუბარი გადააყენებენ თუ არა ხიდაშელს. ეს საფრთხეს უქმნის უწყების სტაბილურობას, ამიტომ ასეთ ჭორაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- და მაინც, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდებით თუ არა ამ პოსტს?

- აქ არ არის მხოლოდ ჩემზე საუბარი, ზოგადად ჩვენი გუნდის მიდგომაა – თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცია და თუ ქვეყანას, საქმეს, პოლიტიკურ ერთობას დასჭირდება ამა თუ იმ სფეროში ჩვენი მოღვაწეობა, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: რატომ შექმნეს “ნაცმოძრაობამ” და “ახალმა მემარჯვენეებმა” ერთობლივი ფრაქცია?

ლიკა ამირაშვილი

თელავის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარდა ახალი ფრაქცია “ძლიერი თელავი”, რომელიც “ახალი მემარჯვენეებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან შედგება. ახალ ფრაქციას დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, ახალ ფრაქციაში მხოლოდ ერთი დეპუტატია, რომლის სახელიც ასე თუ ისე უკავშირდება “ახალ მემარჯვენეებს” – ფრაქციის თავმჯდომარე ვარდოშვილი, რომელიც, კაციტაძის თქმით, თავის დროზე “ახალი მემარჯვენეების” წევრი იყო და დიდი ხანია დატოვა პარტია. შესაბამისად, კაციტაძის თქმით, თელავის ამ ფრაქციის შექმნის პრეცედენტად განხილვა და შესაბამისი დასკვნის გაკეთება არასწორი იქნება. მისი თქმით, “მემარჯვენეები” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბლოკურად აპირებს, თუმცა მათი პარტნიორი არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლება არ იქნება.

მამუკა კაციტაძე: ეს გაერთიანება ნამდვილად არაფერს ნიშნავს. საქმე ისაა, რომ ქალაქ თელავის საკრებულოში “ახალი მემარჯვენეების” პარტიული სიით გასული ნიკოლოზ ვარდოშვილი დიდი ხანია უკვე, რაც “ახალი მემარჯვენეების” წევრი აღარ არის. ეს გაერთიანება ყოფილი “ახალი მემარჯვენე” ვარდოშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ შექმნილი ფრაქციაა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს “ახალი მემარჯვენეების” და “ნაციონალური მოძრაობის” ახლანდელ ან ახლო პერსპექტივაში ერთობლივ საქმიანობასთან, მით უმეტეს კოალიციის შექმნასთან.

ცნობისათვის, მოქმედი პრემიერ-მინისტრიც ყოფილი “მემარჯვენეა”. ამიტომ ყოფილი წევრების მომავალთან ასოცირება მაინცდამაინც რელევანტური არ არის.

- საპარლამენტო არჩევნებისთვის “ახალი მემარჯვენეები” რომელიმე სხვა პარტიასთან თუ განიხილავთ ბლოკის შექმნის შესაძლებლობას?

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალი მემარჯვენეები” მონაწილეობას ბლოკურად ვაპირებთ. მთელი რიგი პარტიები, დღეს რომ აცხადებენ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მარტო ვაპირებთო, დარწმუნებული ვარ ბოლოს კოალიციაში ან ბლოკში აღმოჩნდებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება იდეოლოგიურ და ღირებულებით საფუძველზე იყოს დაფუძნებული. ამიტომ, გარდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობისა, ნამდვილად არ ვაკლებთ მცდელობას და ჯან-ღონეს, რომ ამ მიმართულებით პოზიტივი მივიღოთ და ამისთვის ყველა შესაძლებლობას მივმართავთ.

პარალელურად ძლიერი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე ვმუშაობთ, რომელიც მომავალ პარლამენტში სერიოზული გავლენის მატარებელი იქნება. ბუნებრივია, მასთან ერთად პარტია “ახალი მემარჯვენეებიც” იქნება. ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებას პარტნიორებად რთულად მოვიაზრებთ, უფრო სწორად ვერც მოვიაზრებთ, იმიტომ, რომ ამ პასუხისმგებლობაში შესვლა ახლანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას გულისხმობს. სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით არა თუ არ ვმუშაობთ, არც ვფიქრობთ.

- რომელ პარტიას თვლით თქვენს პოტენციურ პარტნიორად და ვისთან გაქვთ მოლაპარაკებები?

- ყველა შეიძლება იყოს, ვისთანაც მსოფლმხედველური თანხვედრა გვაქვს, მათ შორის საგარეო პოლიტიკური ვექტორის გათვალისწინების აუცილებლობით.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვინც ერკვევა, მე მგონი მარტივად მიხვდება, რომელი პარტიები არიან ერთის მხრივ მემარჯვენე იდეოლოგიის და მეორეს მხრივ დასავლური ანუ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები. ეს პროცესი რადგან ჯერჯერობით არ დასრულებულა, კონკრეტული პარტიების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან პოლიტიკურად არაკორექტული იქნებოდა, თუმცა მიმხვედრი მიხვდება.

ახლანდელ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებზე ამ ტიპის კოალიციური თანამშრომლობა რთულად მაქვს წარმოდგენილი, ფაქტობრივად ვერ მაქვს წარმოდგენილი.

დანარჩენი ვინც არის მემარჯვენე, ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგიურის მიმდევარი პოლიტიკური ორგანიზაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ყველა პარტია შესაძლოა განვიხილოთ, როგორც მომავალი პარტნიორი 2016 წლის არჩევნებისათვის, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო, როგორც გარკვეული ისტორიის მქონე, ასევე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციებისა. ბლოკში რამდენი პარტია იქნება მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო ეფექტური იქნება, რაც უფრო მაღალ შედეგზე ორიენტირებული იქნება ეს პოლიტიკური ერთობა, მით უკეთესი.

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

გამართლებულია თუ არა არჩევნების თარიღის არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე გამოცხადება?

ნინო ქეთელაური

პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ნაწილი კი თვლის, რომ არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებით, არანაირი კანონი არ დარღვეულა.

აღნიშნულ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ წინასაარჩევნო პროცესისი 8 აგვისტოს დაწყებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტებები გააკეთონ.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 108-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება კალენდარული წლის ოქტომბერში, ხოლო არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

“პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” ოფიციალურ განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა, ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ქვეყნდება, რა დროიდანაც იწყება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესი.

აღნიშნულ საკითხს მალევე პრეზინდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა, სადაც განმარტეს, რომ არჩევნების 6 თვით ადრე გამოცხადება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკური გარემო უფრო ადრე ყოფილიყო პროგნოზირებადი და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის უკეთ დაეგეგმვის საშუალება ჰქონოდათ. ადმინისტრაციის განცხადებითვე, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.

გამართლებულია თუ არა არჩევნების თარიღის არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოცხადება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბურჯანაძე (მსახიობი): “კონსტუტუციას თუ არ არღვევს, მაშინ მისაღებია. ყველამ ვიცოდით, რომ არჩვენები ოქტომბერში უნდა ყოფილიყო და ეს იურიდიული კაზუისტიკა უფროა. ამაზე მეტად ის მაწუხებს, რომ საერთოდ არაფერი შეცვალეს – არც საარჩევნო გარემო და არც საარჩენო კანონმდებლობა. ეს არის მთავარი და არა ის, რამდენი ხნით ადრე გამოცხადდება თარიღი.”

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): “ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა, ამას რა დაანონსება სჭირდებოდა?! მე თუ მკითხავთ, კადრებით დააანონსეს არჩევნების მოახლოება. დიდი ხანია უკვე საარჩევნო რეჟიმი დაიწყო და არჩევნებს როდიდან გამოაცხადებენ, დიდი ნიშვნელობა აღარ აქვს. “თარიღის გამოცხადებაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხდევავ. ტრაგიკულს ვხედავ ფორმებში. ამაზე უარესი, რაც მოხდა – ინტელექტუალური სიმდაბლე – რაღა უნდა მოხდეს?! “კარგი ის არის, რომ როგორც არასდროს ისეთი სიფრთხილით მივა ამომჩეველი ყუთებთან და ამ ჯერზე არავინ არავის გულისთვის ხმას არ მისცემს. იმიტომ, რომ ამ გუნდს ერთი კაცის გულისთვის მივეცით ხმა და სწორედ ამ გუნდმა არ გაამართლა.”

გოგი თორაძე  რეჟისორი): “ასე ადრე როგორ შეიძლება არჩევნების თარიღის გამოცხადება, მე არ ვიცი. რა საჭიროა ამხელა წინასაარჩევნო პერიოდი?! ახლა ყველა ამ საკითხზე გადაერთვება და პრობლემები დარჩება ისევ ისე. წარმოიდგინეთ, ნახევარი წელი მხოლოდ ეს თემა იტრიალებს ყველგან – ეს არის საშინელება.”

სერგო ვარდოსანიზე (ისტორიკოსი): “ისეთი პატარა ქყვეყნის, როგორიც ჩვენ ვართ, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრის კულტურულად გადმოცემის უნარი, 6 თვით ადრე ამ რეჟიმზე გადაყვანა საშინელება იქნება. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების თუ საინფორმაციო სივრცის წარმომადგენლები, სენსაციები რომ მიაწოდონ საზოგადოებას, მხოლოდ ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული და ხშირად ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს იღებს.”

რეზონანსი”, 07 აპრილი, 2016 წელი

ფული და მიწაორი ძირითადიკოზირიარჩევნების მოსაგებად

თუ ლარის კურსსა და სესხით დამძიმებულ ადამიანებს არ ეშველათ, ხელისუფლებას გაუჭირდება

მაკა ხარაზიშვილი

წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” დაპირებებს რამდენიმეთვიანი ინტერვალით შეასრულებს. პირველ აპრილს პედაგოგების ხელფასები გაიზარდა, ივლისში პენსია მოიმატებს, სექტემბერში “მთის კანონში” გაწერილი რამდენიმე შეღავათი ამოქმედდება. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კოზირი კი ლარის კურსი იქნება.

პედაგოგების ანაზღაურებამ უკვე მოიმატა. მინიმალური კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლის ხელფასი 405 ლარია. კვალიფიკაციის მატებასთან ერთად დანამატიც იზრდება და მაქსიმუმ 1000 ლარს აღწევს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს განათლების სისტემაში 15,3 ათასამდე უფროსი მასწავლებელია, რომლებიც 160-ლარიან სასერტიფიკაციო დანამატს იღებენ. ე.წ. წამყვანი მასწავლებელი მხოლოდ 151-ია, მათი დანამატი 260 ლარია. დანარჩენი 45,4 ათასი მასწავლებელი მხოლოდ საბაზისო ხელფასს იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგთა აბსოლუტურ უმრავლესობას ისევ დაბალი ანაზღაურება ექნება, თუკი ისინი ახალი სქემით დაწესებულ ზედა დონეზე არ გადავლენ. სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში პედაგოგთა უმრავლესობა საბაზისო ხელფასის ამარა იქნება.

2016 წლის 1-ლი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება. “ქართულ ოცნების” წევრებმა ამომრჩეველს არაერთხელ შეახსენეს, რომ 2012 წლის შემდეგ პენსია 64%-ით გაიზარდა. ივლისიდან, პენსიის დონე, დაპირებისამებრ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს გაუსწრებს, რომელიც ამ დროისთვის 163 ლარია. მეორე საკითხია ის, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვა არ მომხდარა. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტს პენსიების კიდევ უფრო გაზრდა არ შეუძლია, კერძო საპენსიო რეფორმა კი იგვიანებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “მთის კანონით” განსაზღვრული სოციალური შეღავათების მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებამდე ერთი თვით, პირველი სექტებრისთვის ამოქმედდება. მაგალითად, ამ პროგრამაში მოხვედრილი სოფლების პედაგოგები 35%-იან სახელფასო დანამატს სექტემბრიდან მიიღებენ. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც 1 ან 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, საშემოსავლო გადასახადი უნახევრდებათ, ხოლო ისინი, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან.

სექტემბრიდან სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი. იმავე პერიოდში, მიიღებენ დაპირებულ დანამატს ექიმები და ექთნები. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლებს, კანონის მიხედვით, ელექტროენერგიის ხარჯის 50% 2017 წლის იანვრიდან აუნაზღაურდებათ.

“ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური ქულების მიმცემი იქნება მიწის რეგისტრაციის შესახებ სწორად გაწერილი კანონი, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 75%-მდე დაურეგისტრირებულია. მიწების საჯარო რეესტრში დაკანონება გლეხებს, წვალებასთან ერთად, საკმაოდ დიდი თანხაც უჯდებათ. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება. აღნიშნული პროექტი ზაფხულამდე უნდა დამტკიცდეს და მაშინვე ძალაში შევა. ხელისუფლება ამ 75%-დან გარკვეული ნაწილის კეთილგანწყობას მაინც მიიღებს.

თუკი ლარი 2-2,05-ის ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ფარგლებში მერყეობს.

საარჩევნოდ, მთავრობას განსაკუთრებულ ტვირთად ლარის კურსი, იპოთეკარების პრობლემა და ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი რჩება.

იპოთეკით დაზარალებულთა სხვადასხვა გაერთიანება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურდება. “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენელის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა იპოთეკარების პრობლემების მოგვარებაზე მზადყოფნა გამოთქვა, ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაა.

“პრობლემის მოგვარების გზა არის ის, რომ მოგვცენ გრძელვადიანი სესხები, სახელმწიფო ჩაგვიდგეს გარანტად და ინდივიდუალურად მოხდეს კონკრეტული პრობლემის შესწავლა. თუ პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩვენ მივაწვდით თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად”, – განაცხადა კობაიძემ.

იპოთეკარები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში გამოცხადდეს ფორსმაჟორული სიტუაცია, შეწყდეს ყველანაირი გამოსახლება, ამოქმედდეს სრულყოფილი კანონი, რომელიც დაიცავს ხალხის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

ბიძინა ივანიშვილი იპოთეკარებს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას ქობულეთში დაჰპირდა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება შეეცდებოდა პრობლემა ისე მოეგვარებინა, რომ არც ადამიანები დარჩენილიყვნენ ქუჩაში და არც ბანკები დაზარალებულიყვნენ. საბოლოოდ, “ქართული ოცნებისთვის” ამ დაპირების შესრულება ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი ლარის კურსია. ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ 45%-იანი დევალვაცია განიცადა. მსოფლიოში სურსათისა და ნავთობპროდუქტების გაიაფების გამო, საქართველოში ინფლაცია საგანგაშო მაჩვენებლამდე არ მისულა, მაგრამ პრობლემა სხვა მხრივ გაჩნდა. მსესხებელთა 65%-ს კრედიტი დოლარში აქვს აღებული და ამიტომაც მოსახლეობისთვის მყარი ლარი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი იქნება საარჩევნო კაბინაში გადაწყვეტილების მისაღებად.

ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული ელექტროენერგიის ტარიფიც, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაიაფების ნაცვლად, უფრო გაძვირდა. თუკი ლარი დოლარის მიმართ 2-2,05 ნიშნულის დონემდე გამყარდება, არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ დენი ისევ გაიაფდეს.

პიარტექნოლოგ ელდარ პირმისაშვილის აზრით, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებში კი მოლოდინი მეტი იყო. ამ დროს მათთვის ბევრი რამ გაუგებარია. საერთოდ, ნაკლები აფიშირება ხდება იმ პროექტებისა, რომლებსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს.

“პრემიერის ცვლილებამ ახალი ხედვა მოიტანა. ფაქტობრივად, ისინი ცდილობენ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე სხვადასხვაგვარად იმოქმედონ. მაგალითად, დაიწყო პროფესიული მიმართულებით განვითარება, სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული პროგრამები. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი გზავნილი უნდა იყოს და მას კამპანიური ხასიათი უნდა ჰქონდეს. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი გაფანტულია. პრობლემა აქ არის ის, რომ ეს აქტივობა ერთიანი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს”, – ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

სპეციალისტების აზრით, “ქართულ ოცნებას” არსებული პროექტებითა და პიარკამპანიით ამომრჩეველთა ფართო მასის გულის მოგება გაუჭირდება.

——————————-

„ახალი თაობა“, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: `არჩევნების რვა ოქტომბერს დანიშვნა მოულოდნელი იყო~

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღის 15 აპრილამდე განსაზღვრით ხელისუფლებამ მიგვანიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეალური ცვლილებისთვის მზად არ არის.

_ ბატონო ბაჩუკი, პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები ადრე დაინიშნა, ნაწილი კი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პრეზიდენტს პარტიებთან უნდა გაემართა კონსულტაციები. თქვენი პოზიცია როგორია?

_ საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნით პრეზიდენტს არც კონსტიტუცია და არც კანონი არ დაურღვევია, თუმცა, საარჩევნო ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ასევე ქართული რეალობის გათვალისწინებით, ზოგადად, ზაფხული, აგვისტო არ არის პოლიტიკურად ცხელი სეზონი. არჩევნების ადრე დანიშვნა მომგებიან პოზიციაში აყენებს ხელისუფლებას და არასახარბიელო პირობებს უქმნის ოპოზიციას, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. აჯობებდა, ორი კვირით გვიან დანიშნულიყო არჩევნები. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ თარიღი სულაც არ არის პრობლემა, პრობლემა საარჩევნო რეფორმებია.

_ ამ პერიოდში ვერ მოესწრება მისი განხორციელება?

_ იმ 5-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც ინტერპარტიულმა ჯგუფმა ხელისუფლებას გადასცა, პასუხი არ ისმის. ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების რეჟიმში იყო. ამ არჩევნების დანიშვნით, ისე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ პასუხი არ ისმის, ხელისუფლებამ მიგვანიშნა, რომ ძირეულ ცვლილებებზე არ არის წამსვლელი. ალბათ, 15 აპრილამდე მაინც სასურველი იყო, რომ თარიღი არ გამოცხადებულიყო, რადგან ამ დროში მოხერხდებოდა კონსულტაციების საბოლოო დასრულება აღნიშნულ საკითხზე, ასევე შეიძლებოდა ხელისუფლებასთან ერთად მთელი პოლიტიკური სპექტრი შევთანხმებულიყავით თარიღზეც. ეს ბევრად მისაღები ვარიანტი იქნებოდა.

_ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ირგვლივ ხელისუფლებამ პროცესი დაასრულა?

_ ზუსტად ისეთი განცდა მაქვს, როგორი კითხვაც ახლა თქვენ დამისვით. თუმცა 15 აპრილამდე მაინც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან სწორედ ამ დროს ჩვენ გვეცოდინება ოფიციალური პასუხი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზული რეფორმის გატარებას აპირებს ამ მიმართულებით, უკვე აღარ მაქვს.

_ თუ ცვლილებები არ იქნა მიღწეული, მოქმედი კანონმდებლობით გახვალთ არჩევნებზე?

_ ყველა სავარაუდო ვარიანტზე, თუ რას გვეტყვის ხელისუფლება, ჩვენ ჩვენი შემხვედრი ნაბიჯების მომზადება დაწყებული გვაქვს. ინტერპარტიული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც აუცილებლად ვიმოქმედებთ.

_ რა არის თქვენი დღის წესრიგი?

_ 13 პოლიტიკური ორგანიზაციაა შეკრებილი, მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება, ვყალიბდებით და ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები.

_ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია არჩევნებზე გადის?

_ დიახ, ბუნებრივია.

_ ექსპერტების განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია თუ იდეოლოგიის, პოლიტიკური პლატფორმის ირგვლივ მოახერხებს საარჩევნო ბლოკის შექმნას, მაშინ მისი შანსები იზრდება. ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციაში?

_ არა მგონია, ამ შემთხვევაში ჩვენ სასარგებლოდ იყოს იდეოლოგია და საერთო მახასიათებლები, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელთა ირგვლივაც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს საკითხები გვაერთიანებს. ამას ნამდვილად არ დაგიმალავთ. ჩვენ გვექნება საერთო გამოსვლა და პოზიციის დაფიქსირება.

_ თუ საერთო იდეოლოგიას ვერ ხედავთ ამ პარტიებთან, მაშინ რა საკითხის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეთ?

_ მაგალითად, შეიძლება გავერთიანდეთ ისევ საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნის ირგვლივ. თუ ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე იქნება ცივი უარი, მაშინ ჩვენ საერთო პოლიტიკური აქტივობა გვექნება. ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს შორის იქნება კოორდინაცია. ერთგვარი შეთანხმება იქნება მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთს არ დავუპირისპირებთ კონკურენტ კანდიდატს, ჩვენი კანდიდატი მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატის კონკურენტი იქნება. ვნახოთ, რაზე შევჯერდებით და როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია.

_ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. ეთანხმებით?

_ თუ არ იქნება ტოტალური გაყალბება, მაშინ სერიოზული ბრძოლა იქნება და მეორე ტური ბევრ მაჟორიტარულ რაიონში დაინიშნება. დღეს არავის აქვს იმის წინაპირობა, რომ 50-პროცენტიანი ბარიერი მარტივად გადალახოს.

„ახალი თაობა“, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: რა გარიგება შედგა გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის // `მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციას ვეღარ გაიმეორებს~

რატომ დაუტკბნენ ერთმანეთს პრეზიდენტი და `ქართული ოცნება~, რატომ გააღიზიანა ოპოზიცია არჩევნების თარიღის დანიშვნამ, მოსალოდნელია თუ არა მეორე ვარდების რევოლუცია? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ `დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

„პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრით პოლიტიკური ხელცქვიტობისა და პოლიტიკური მუცლითმეზღაპრეობის კვირეული დაგვირგვინდა. კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა და რაღაც დასკვნებს გამოიტანენ. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა საკადრო გადაადგილებებს ეხებოდა“, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

_ თავად თქვეს, რომ ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

_ თუ არ უსაუბრიათ, ამასაც მალე ვნახავთ. საკადრო გადაადგილებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო არჩევნების თარიღის გამოცხადება. ყველამ ვიცოდით, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ასე რომ, ზოგიერთები გულზე მჯიღს ნუ იბაგუნებენ, რომ რაღაცა დაირღვა.

_ თქვენ დანამდვილებით ამბობთ, რომ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე იყო საუბარი. ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ თუ გონივრული ეჭვი გაქვთ?

_ აქამდე რა მოსაზრებაც გამოვთქვით, ყველა გამართლდა. სამთავრობო ცვლილებები რომ გარდაუვალია, ამას ყველა ხვდება. შეხედეთ, რა ხდება კოალიციაში, ზოგი პარტია თან გამოვიდა იქიდან, თან არ უნდა წამოსვლა. ელიავას ბაზრობის დონეზე მიდის ვაჭრობა. ამ ადამიანებს სურთ, რომ რამენაირად არჩევნებამდე შეინარჩუნონ მინისტრის სავარძლები, მაგრამ მათ ადრე მოუწევთ წასვლა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სადღაც 1,5 თვეში მოხდება ცვლილებები. მათ ან პრემიერი გაუშვებს პოსტებიდან, ან თავად ამ მინისტრებს გაუჩენენ წასვლის სურვილს და ისინი საკუთარი ხელით დაწერენ განცხადებებს. ვერ ვიტყვი, რომ ჩიტმა ამბავი მომიტანა, მაგრამ, ვითარებიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ამ საკითხზე გაიარა მოთელვა. აქამდე მთავრობა პრეზიდენტს დიდად არ სწყალობდა, ახლა თავზე ჩამოემხოთ კოალიცია და იძულებული შეიქნენ, კონსტრუქციულები გამხდარიყვნენ. სულ ცოტა ხანში უმრავლესობაც დაეშლებათ და დასჭირდათ პრეზიდენტი, რომელიღაცა მხრიდან ზურგი ხომ უნდა გაიმაგრონ.

_ იმის თქმა გინდათ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის რაღაც გარიგება შედგა?

_ ამას უფრო მოთელვას დავარქმევდი. კვირიკაშვილმა, ალბათ, გაარკვია, რამდენად ექნება მინისტრების შეცვლის საკითხში პრეზიდენტის მხარდაჭერა.

_ მარგველაშვილს რაღაში სჭირდება თავზე კოალიციაჩამომხობილი მთავრობა?

_ რაში სჭირდება და მთელი ხელისუფლება ევროპელობასა და დემოკრატიულობას თამაშობს. ვიღაცებისთვის თავის მოსაწონებლად პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაშიც კი მივიდა. ადრე ასეთი რამეები არ ხდებოდა. ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კვირიკაშვილმა და მარგველაშვილმა სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს შეეხებოდა. პოლიტიკური იაღლიშები დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამათგან აღარაფერი მიკვირს. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე.

_ ზემოთ თქვით, `ქართულ ოცნებას~ საპარლამენტო უმრავლესობაც დაეშლებაო. ასე თუ მოხდა, როგორ შეძლებენ განახლებული მთავრობის დამტკიცებას?

_ პრემიერს რამდენიმე მინისტრის შეცვლა პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე შეუძლია. იმდენი მინისტრი შეიცვლება, რომ მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება არ დადგება დღის წესრიგში. ბოლო ერთი კვირაა, სულ რესპუბლიკელების ხსენებაში ვარ და აღარ მინდოდა მათზე საუბარი, მაგრამ დაუკვირდით ამ პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს _ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მინისტრის პოსტების დატოვებას შეგუებული არიან. ყველა კომენტარში ამბობენ, რომ მათი გაშვების საკითხი კვირიკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. როგორც ჩანს, მათ იციან, რომ პრემიერი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და რესპუბლიკელ მინისტრებს სახლში გაუშვებენ.

_ ამ ყველაფერში რა როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილი? ის ღიად არ გამოჩენილა, არადა, ამბობდა, თებერვლიდან აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკურ პროცესებშიო...

_ ამ პროცესების ალფა და ომეგა ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ოფიციალურად არსად ჩნდება, მაგრამ მისი ხელი ყველგან იგრძნობა, კარგი ტაქტიკოსის, გათვლილ ნაბიჯებს დგამს. მისთვის არ იყო მარტივი საქმე, ამ 4 წლის განმავლობაში ეს ძალად აკიდებული პარტიები შეენახა. აღარ სჭირდება ისინი და ნელ-ნელა, მოგუდვით იცილებს. `ქართული ოცნება~ რაღაც პროცენტით მოხვდება პარლამენტში და ბიძინა ივანიშვილი უკვე იქ შექმნის ახალ კოალიციას.

ხელისუფლების პირველი პირები ივანიშვილის ღიად გამოჩენაზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. თავადაც ვერ გაურკვევიათ, ჩაერთვება თუ არა ის კაცი პროცესებში ღიად. ჩვენ ეს ამბავი დიდად არ გვაინტერესებს, რადგანაც `ოცნების~ ლიდერის ხელწერა ისედაც იგრძნობა. მეტი არაა ჩემი მტერი, ახალმა პრემიერმა რაიმე გლობალური ნაბიჯი მის გარეშე გადადგას. ვინმეს თავის მოტყუება თუ უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ივანიშვილის ნაფიქრზეა აგებული. ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ, ნუ ხუნტრუცობენ და ნუ უარყოფენ ამას. დემოკრატიისთვის ეს კარგი არ არის, მაგრამ რეალობა ასეთია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

_ არჩევნების თარიღის გამოცხადებას ოპოზიციაში უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიზეზი რა არის, ვერ ასწრებენ მომზადებას თუ ეწყინათ, მათთან რომ არ გაიარა ხელისუფლებამ კონსულტაცია?

_ თუ პრეტენზია გვაქვს ევროპულ დემოკრატიაზე, მაშინ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები სხვა პარტიებთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. ცუდი არ იქნებოდა, რაღაც კონსულტაციები მაინც გამართულიყო.

_ კონსულტაციები რას შეცვლიდა, სხვა დროს დაინიშნებოდა არჩევნები?

_ არჩევნებს მაინც მათთვის სასურველ დროს დანიშნავდნენ, მაგრამ ოპოზიციასთან ამ თემაზე საუბარი თავად კარგი ჟესტი იქნებოდა. ხელისუფლების მიმართ საოცარი უნდობლობაა და ამიტომაც არის, რომ მის ყველა გადაწყვეტილებას თუ განცხადებას ასე უარყოფითად ხვდება როგორც საზოგადოება, ისე ოპოზიცია.

_ არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი. საკმარისი იქნება ეს დრო არჩევნებისთვის მოსამზადებლად? არც დემოკრატიულ მოძრაობას და არც სხვა ოპოზიციურ ძალებს საარჩევნო კამპანია ჯერ დაწყებულიც კი არ გაქვთ.

_ სხვა ოპოზიციური ძალებით ნაკლებად ვინტერესდები და არ ვიცი, რა ხდება მათთან. რაც შეგვეხება დემოკრატიულ მოძრაობას, ჩვენ ყველაფერს მოვასწრებთ. საარჩევნო კამპანია მხოლოდ ხალხში გასვლას არ ნიშნავს. ეს უმთავრესია, მაგრამ სხვა ბევრი საქმეა გასაკეთებელი. შიდაპარტიული სამუშაოები უცხო თვალისთვის დაფარული უნდა იყოს და არ არის აუცილებელი, მედიამ მასზე ილაპარაკოს. ახლა ყველა პარტიის საზრუნავი საარჩევნო კოდექსის შეცვლა უნდა იყოს. მოვუწოდებ ყველას, არჩევნების თარიღის გამო შეშფოთება შეწყვიტონ და ამ მახინჯი სისტემის შეცვლაზე ვიფიქროთ. ნაციონალების მიერ შექმნილი კოდექსი `ქართულმა ოცნებამ~ ძალიან კარგად მოირგო ტანზე და მის გახდას არ აპირებს.

_ საარჩევნო სიის დაკომპლექტების რაიმე ორიგინალური წესი თუ გაქვთ? ნაციონალები აპირებენ, რომ სიის ნახევარი ქალებით იყოს დაკომპლექტებული. `ქართულ ოცნებაში~ მოსახვედრად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა...

_ ასეთი მიდგომები საბჭოთა გეგმებსა და ხუთწლედებს მაგონებს. განსაკუთრებით გაუგებარია, გენდერული ბალანსის დაცვაზე რომ დაიწყო საუბარი. ამ ხალხს ხომ არ ავიწყდება, რომ საქართველო თამარ მეფისა და კრავაი ჯაყელის სამშობლოა? აქ ქალები არასოდეს ყოფილან შეზღუდული, ამიტომაც გენდერული რაღაცების დაწესება ცოტა სასაცილოდ მიმაჩნია. გენდერულ თანასწორობას სწორედ ეს მოთხოვნა არღვევს. ქალი და მამაკაცი თუ თანასწორი არიან, მაშინ რატომ უნდა იყოს სიაში ყოველი მესამე ქალი? სიაში პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეიყვანო ხალხი და არა _ სქესის. ირონიით არ ვამბობ, მაგრამ მოვა დრო და დაწესდება, რომ სიაში ყოველი მეხუთე ლგბტ თემის წარმომადგენელი უნდა იყოს. მერე სად ვეძებოთ ამ თემის წარმომადგენლები? არ შეიძლება ასე გამოყოფა. ასეთი გეგმების დაწესება მეუხერხულება, თუმცა იყოს სიაში ყოველი მესამე ქალი, პრობლემა არ არის.

რაც შეეხება უცხო ენის ცოდნის აუცილებლობას, კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, აქამდე ასეთი ხალხი არ უნდა გყოლოდათ? რად უნდოდა ამის მიხვედრას 21-ე საუკუნის პირველი ნახევრის დადგომა. დეპუტატი თუ ხარ, ენაც უნდა იცოდე. აქამდე ხალხი იმ ნიშნით შეჰყავდათ, ვინც მეტი პრემიის გამოწერას შეძლებდა. ახლა შექმნილმა გარემოებამ დაანახათ, რომ დეპუტატმა უცხო ენა უნდა იცოდეს.

_ რა გარემოებამ დაარწმუნა იმაში, რომ უცხო ენის ცოდნა აუცილებელია?

_ ნაციონალების ერთმა ბიჭმა გიორგი კანდელაკმა `ქართულ ოცნებას~ ევროპულ სტრუქტურებში 10:0 მოუგო, თავზე ჩამოამხო ყველაფერი. ამათ იფიქრეს, უიმე, ამან ენა იცის და ამით გვაჯობაო. ამიტომ აპირებენ ახლა სიაში უცხო ენის მცოდნეების ჩასმას. ასეთ პრიმიტიულ საკითხებზე რომ ვერ ფიქრობენ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მოაგვარებენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. მეეჭვება, ამათ მოსკოვთან ან ვაშინგტონთან შეძლონ მოლაპარაკება.

_ თქვენ არ გითქვამთ, რა პრინციპით აპირებთ სიაში შესაყვანი ხალხის შერჩევას...

_ ჩვენთვის ადამიანურ თვისებებს, ინტელექტსა და პროფესიონალიზმს აქვს დიდი მნიშვნელობა. ინტელექტი თავისთავად გულისხმობს რომელიმე უცხო ენის ცოდნას. იმის შიშიც არ უნდა გვქონდეს, თუ რომელიმე ჩვენიანი თანამდებობას მიიღებს, საზღვარგარეთ ყოფნისას სასტუმროში კარს რომ მიიკეტავს, რაიმე ისეთს გააკეთებს, რაც ყველასთვის სალაპარაკო გახდება.

_ ზემოთ აღნიშნეთ, მხოლოდ იმაზე ვოცნებობთ, არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთო. ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნაციონალები მაიდანის მოწყობას აპირებენ. არის ამის საშიშროება?

_ საშუალება რომ ჰქონდეს მიშიკო სააკაშვილს, მაიდანს აქამდეც მოაწყობდა. კაცმა რომ ჰკითხოს, საქართველოზე გიჟდება, ამ დროს ძალიან მარტივად დათმო ქვეყნის მოქალაქეობა. მისმა ამ ქმედებამ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ მაილსიც კი გააოცა. მაილსი გაოცებული ამბობს, არსად გამიგია, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას, სხვაგან რომ გამხდარიყო ჩინოვნიკიო. ეს სამარცხვინო რამაა. მაგრამ ჩვენ, ქართველები, ისე შევეჩვიეთ ამ სამარცხვინო ქმედებებს, რომ აღარაფერი გვიკვირს. ყველა სიბინძურეზე იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. მიშიკოს უკრაინაში აღარ დაედგომება და ყველანაირად შეეცდება, აქ დაბრუნდეს. საშუალება თუ მიეცემა, ყველა მეთოდს გამოიყენებს..

_ მაიდანი იქნება?

_ მეტი არაა ჩემი მტერი, მაგათ მაიდანი მოაწყონ, აქციის გასამართად ხალხს ვერ კრებენ. იმდენს კი მოახერხებენ, რომ სიტუაცია დაძაბონ. ჰგონიათ, რომ დაძაბულობით თავისიანებს გააძვრენენ და მერე თავადაც დაბრუნდებიან. მათგან მაიდანი არ გვემუქრება, მაგრამ არის მეორე საშიშროება: ეკონომიკური ვითარება თუ არ გამოსწორდა, ეთნოკონფლიქტების თავიდან აცილებაზე თუ არ ვიზრუნეთ, ერთი ნაპერწკალი და შეიძლება დიდი ხანძარი გაჩნდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს არჩევნებამდე მოხდება, მაგრამ ეს ნაპერწკალი ოდესღაც იფეთქებს. ხალხის გაღატაკება თუ არ შეწყდა, უმართავი პროცესები დაიწყება და ხალხი აღარ დაგიდევს, ვინ ჩაუდგება მათ პროტესტს სათავეში.

_ არის ასეთი მოსაზრებაც, რომ თუ არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ნაციონალები მეორე ვარდების რევოლუციას მოაწყობენ. ამაზე რას იტყვით?

_ ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად დაეცა, მაგრამ კრიტიკულ ზღვრამდე ჯერ არ დასულა. ასე რომ, სააკაშვილი ვარდების რევოლუციას ვეღარ გაიმეორებს. 2003 წელს სულ სხვა ვითარება იყო. ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ, იმ დონემდე არ მისულან, რომ ექსპრეზიდენტის გარშემო გაერთიანდნენ.

„ახალი თაობა“, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “წინასაარჩევნოდ პრემიერის შეცვლა დესტაბილიზაციის წყარო იქნება”

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე განიხილავს.

_ ბატონო რამაზ, ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ კოდექსი გიორგი კვირიკაშვილს მოარგო. როგორია თქვენი შეფასებები ამ საკითხზე?

_ რა თქმა უნდა, ეგ აზრი გაჩნდა, როგორც კი ითქვა ამ ცვლილების თაობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ანალოგიური ცვლილება მოხდებოდა ყველა შემთხვევაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში.

_ თუნდაც ის ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს ამას აპროტესტებენ?

_ მათ შორის ოპოზიციაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის გაკეთებულია ეს პროექტი და მასში არ არის მითითებული, პრემიერი უნდა გადადგეს თუ არა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კანონის ამ ვარიანტზე მუშაობისას სააკაშვილი უკვე პრემიერობისკენ მიდიოდა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს არ არის მითითებული.

_ ანუ მათაც ეს განზრახვა ჰქონდათ?

_ განზრახვაც არ ითქმის. თვითონ საპარლამენტო რესპუბლიკის ლოგიკაშია ჩადებული, რომ პარტიის ლიდერი ხდება პრემიერი. ახალი არჩევნებისთვის იგივე ლიდერი გჭირდება. რა გამოსავალი უნდა ნახოს პარტიამ?!

_ გამოსავალი არ არსებობს?

_ ახალი არჩევნებისთვის მთელი კაბინეტის შეცვლა ყველა სახელმწიფოში დესტაბილიზაციის წყარო იქნება. ასე რომ, ამ ნაბიჯის ლოგიკა თვითონ წყობაში, საპარლამენტო რესპუბლიკის ლოგიკაში დევს. პარტიული ლიდერი 9 ნაწილად ვერ გაიჭრება. პარტიული ლიდერი უნდა შეინარჩუნო, როგორც საარჩევნოდ მომგებიანი ფიგურა. ნაციონალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყო იგივე ალასანიას პარტია, რომელმაც გამოთქვა ეს შენიშვნა, მათაც ხომ იგივე ამოცანა დაუდგებოდათ?! ალასანია რომ ყოფილიყო პრემიერი, არჩევნების დროს ალასანიას ფიგურა ხომ დასჭირდებოდა პარტიას, რამდენადაც ძლიერი ფიგურაა. სავარაუდოდ, ისინიც იმავე ლოგიკით გადაწყვეტდნენ, რითაც დღეს იმოქმედა `ქართულმა ოცნებამ~.

_ ანუ ეს თქვენთვის მისაღებია?

_ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური ლოგიკაა, მაგრამ ეს ხარვეზები დევს საპარლამენტო რესპუბლიკაში და სწორედ ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკა ბევრი ხარვეზისა და სირთულის შემცველია.

_ იმის თქმა გსურთ, რომ კატასტროფა არ მომხდარა და კანონი არ დარღვეულა?

_ კანონში არც იყო რაიმე ნათქვამი. იქ სიტყვა პრემიერ-მინისტრი ნახსენები არ არის. რატომ? იმიტომ, რომ კანონმდებელმა იგრძნო, რომ ეს სირთულეა. თუკი პრემიერს ადგილს მოუნაცვლებ, იქ ან სახელმწიფო უნდა დაინგრეს, ან პარტია! ამიტომ მოიძებნა ასეთი გზა იმისთვის, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური.

_ თუკი `ქართული ოცნება~ გაიმარჯვებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი კვლავაც პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს?

_ სავარაუდოდ, `ქართული ოცნების~ განზრახვებში ისეთი გეგმებია, რომ კვირიკაშვილი იყოს ამ თანამდებობაზე გამწესებული პარტიის მიერ.

_ არც მესამე სექტორი წასულა ამ ცვლილების წინააღმდეგ ანუ ეს ყველასთვის მისაღებია?

_ მოწინააღმდეგეები აქაც არიან, მაგრამ არგუმენტაციას ყველა მხარე მოძებნის, როცა კანონი ხარვეზიანია. ალბათ, დროთა განმავლობაში ეს დამუშავდება, უცხოური გამოცდილებაც იქნება გათვალისწინებული და, ალბათ, ის გზაც მოიძებნება, რომელიც მეტ-ნაკლებად შეამცირებს ამ სირთულეებს.

_ მინისტრებს რაც შეეხება, ამბობენ, რომ ისინიც შეინარჩუნებენ პოსტებს და თან სიაში მოხვდებიან. ოპონენტები კი საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსი იქნება გამოყენებული. ამაზე რას იტყვით?

_ თუკი მინისტრები უნდა გადადგნენ, რომ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, მაშინ ანალოგიური ითქმის პრემიერ-მინისტრზეც, ეს ბუნებრივია. კანონში არის ხარვეზები. ის დასახვეწი და ბუნდოვანია. ეს საკითხები ღიად არის დატოვებული.

_ სულ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვებოდა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა სიის პირველი ნომერი კვირიკაშვილი იქნება. რამდენად სწორი სტრატეგიაა?

_ ალბათ, სოციოლოგიური გამოკვლევებით ხელმძღვანელობენ `ქართულ ოცნებაში~.

_ ცნობილია თქვენთვის ეს სოციოლოგიური მონაცემები?

_ სამწუხაროდ, სოციოლოგიური მონაცემები ჩვენთვის დახურულია. ეს არ ქვეყნდება.

_ დღეს კვირიკაშვილს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ივანიშვილს? საზოგადოების თვალში ის უფრო პოპულარულია?

_ შეიძლება კვირიკაშვილი სარგებლობს იმ პოპულარობით, რომლისთვისაც დახმარება ივანიშვილის მხრიდან საჭირო აღარ არის. რომელი რომლით სარგებლობს, ეგ უკვე სხვა თემაა და ძნელია ლაპარაკი. ივანიშვილს რამდენიმეჯერ აქვს ნათქვამი, თუ აუცილებელი არ გახდა, პოლიტიკაში ღიად არ შემოვალო. ის ღიად არ შემოვიდა, მაგრამ…

_ მაგრამ რა?

_ ფარულად შემოვიდა. ბევრი ცვლილება, რომლებიც ბოლო ხანებში მოხდა, მათ შორის საარჩევნო ბლოკის საკითხის მოხსნისა, რომ ისინი ბლოკად აღარ გავლენ, ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა.

_ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო? დაიშალა კოალიცია, იშლება უმრავლესობა...

_ დაიშალა ბლოკი. საპარლამენტო კოალიცია დარჩა ანუ ეს პარტიები, რომლებიც ერთად იყვნენ, ახლაც მეტ-ნაკლები თანმიმდევრულობით ამბობენ, რომ უმრავლესობის ინტერესებს დაიცავენ. თუკი უმრავლესობის ინტერესებს დაიცავენ, კოალიცია მეტი რა არის? დაიშალა მომავალი საარჩევნო ბლოკი.

_ რა დევს ამ ინიციატივაში?

_ ის, რომ `ქართული ოცნებისთვის~ რთული გახდა განსხვავებული პოზიციების თავმოყრა და გამართლება. გადაწყვიტეს, რომ ერთი პოზიციის ხალხი დარჩეს ერთად, დანარჩენებმა თავიანთ რეიტინგზე იზრუნონ. ოჯახები იშლება, შვილები მიდიან ცალკე და რა გასაკვირია, ამხელა კოალიცია დაიშალოს.

_ დიდი დრო აღარ დარჩა არჩევნებამდე, უკვე თარიღიც გამოაცხადეს. რა შანსები აქვთ ამ პარტიებს, რომ დამოუკიდებლად შეძლონ მხარდაჭერის მოპოვება? თუ განწირულები არიან?

_ არა მგონია, რომ განწირულები იყვნენ. ჩვენც გვქონია ისეთი მაგალითები, როდესაც პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პარტიას ერთ დღეში აუწევია რეიტინგი, იმიტომ, რომ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯი გადაუდგამს.

_ რატომ აგვიანებენ პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას?

_ პარტიების დიდი ნაწილი არხეინად იყო. თვლიდნენ, რომ სხედან იმ მატარებელში, რომელიც მათ შეიყვანს აღთქმულ ქვეყანაში. დღეს უნდა გამოფხიზლდნენ და უფრო გააქტიურდნენ.

_ პარტიების დაფინანსების შესახებ რას იტყვით? ამბობენ, რომ ამ დროისთვის გირჩებს აქვთ ყველაზე დიდი დაფინანსება და შემდეგ _ პატრიოტთა ალიანსს. საიდან?

_ სახელმწიფო კონტროლი ამ თემაზეც აუცილებელია. ვის როგორი დაფინანსება აქვს და საიდან?! ყველა ქვეყანაშია ასეთი კონტროლი. ყველა ქვეყანაში თვლიან, რომ დამფინანსებლის წინაშე ვალდებულად იგრძნობს თავს პოლიტიკური პარტია და იმის მიხედვით, ვინ არის დამფინანსებელი, შეიძლება პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ სულ სხვა გავლენების ქვეშ აღმოჩნდეს ეს პარტია, ვიდრე ეს სახელმწიფოს აწყობს.

თუ კრიმინალების მიერაა დაფინანსებული, მაშინ კრიმინალიზაციის ხარისხი გაიზრდება. უცხო ქვეყნების დაფინანსებული თუა, უცხო ქვეყნების გავლენა გაიზრდება და ასე შემდეგ. ამ შემოწმებების უკან არ უნდა ვეძებოთ პოლიტიკური ბრძოლის მოტივი. აქ სახელმწიფოებრივი ინტერესი დგას.

„ახალი თაობა“, 07 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: `ქართული ოცნება~ მაჟორიტარებს ვერ გაიყვანს `ოცნებისა~ და რესპუბლიკელების ჭიდაობით არცერთ მათგანს არაფერი შეემატება~

ოთხი მინისტრის მოსალოდნელი შეცვლა ისევ განსახილველი თემაა. აქედან სამი რესპუბლიკური პარტიის წევრია. პარლამენტის უმცირესობის წევრი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია `ქართული ოცნება~ ისევ იაქტიურებს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობიდან წავიდნენ, რესპუბლიკური პარტია კი ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ პოსტები შეინარჩუნონ.

„პროგნოზები კოალიცია `ქართული ოცნების~ დაშლის თაობაზე გამართლდა. ამას დიდი ხნის წინ ვვარაუდობდი. ქვეყანაში მოშლილია ყველა სტრუქტურა, უმძიმეს მდგომარეობაშია ეკონომიკა, ხალხის სოციალური მდგომარეობა უარესდება. ამ სიტუაციაში ყველა, ვინც შედიოდა ამ კოალიციაში, თავის გადარჩენას ცდილობს. რესპუბლიკელების საქციელი მაინც ყველაზე უზნეოდ გამოიყურება – ისინი კოალიციიდან თან გადიან და თან არ გადიან“, – ამბობს შოთა მალაშხია..

- რესპუბლიკელ მინისტრებს გადააყენებენ?

- შეიძლება გადააყენონ. რესპუბლიკელები და პარტია `ქართული ოცნება~ კარგა ხანს იჭიდავებენ. რესპუბლიკური პარტია შეეცდება თანამდებობების შენარჩუნებას, `ქართული ოცნება~ ყველაფერს იღონებს მათ მოსაშორებლად. მთავარია, რომ ამით არც რესპუბლიკელებს შეემატებათ რაიმე და არც _ `ქართულ ოცნებას~. შედეგები იქნება ოქტომბრის არჩევნებზე.

- `ოცნება~ უიმედოდ არ არის...

- სიტუაცია `ქართულ ოცნებასაც~ გაურთულდა. მისი რეიტინგი დაცემულია. გარდა ამისა, კოალიციის ყოფილი პარტიები ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. პარტია `ქართული ოცნების~ რეიტინგი 12-დან 15%-მდეა. მას მაჟორიტარების გაყვანის პრობლემა დაუდგება. მაჟორიტარს მოსაგებად ესაჭიროება 50%+1 ხმა. საჩხერის გარდა, `ქართულ ოცნებას~ მაჟორიტარული არჩევნების მოგება ყველგან გაუჭირდება. აუცილებელი იქნება მეორე ტური, რომელსაც ივანიშვილის პარტია წააგებს.

_ ეს პარტია მმართველი ძალაა. საქართველოში მაჟორიტარული ოლქების მოგების ყველაზე მეტი შანსი ყოველთვის ხელისუფლებას აქვს. რატომ წააგებს `ქართული ოცნება~ ამ არჩევნებს?

_ `ქართული ოცნების~ რეიტინგი ძალიან დაეცა. არჩევნებამდე უფრო უარესი დაემართება. როცა პარტიას ასეთი მცირე მხარდაჭერა აქვს, ის მაჟორიტარულ არჩევნებსაც აგებს. ბევრგან გაიმართება მეორე ტური, რომლის მოგებასაც `ქართული ოცნება~ ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ მანამდე პროპორციული სისტემით ცუდ შედეგს აჩვენებს.

_ `ოცნება~ და რესპუბლიკელები ერთნაირად მოიხსენიეთ. რეიტინგის მხრივ რესპუბლიკელების საქმე უფრო ცუდად უნდა იყოს...

_ `ქართული ოცნების~ მდგომარეობა უარესდება. პარტიები ერთმანეთს ხმებს ართმევენ. მოსალოდნელია, რომ არჩევნების წინ ყოფილი კოალიციის წევრები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდონ. ამ ომში კომპრომატებსაც ჩართავენ.

_ არსებობს აზრი, რომ ეს პარტიები `ქართული ოცნების~ ნამდვილი ოპონენტები ვერ გახდებიან...

_ ოპონენტები ვერ გახდებიან, თუ ივანიშვილი მათ კიდევ ერთხელ იყიდის არჩევნების შემდეგ. ახლა მათ შორის დიდი კონკურენციაა. ამ პარტიებს ერთი და იგივე ამომრჩეველი ჰყავთ. ყველა თავისას ცდილობს. ივანიშვილს არც არჩევნების შემდეგ ექნება ვინმეს ყიდვის ფუფუნება. `ქართული ოცნება~ ვეღარ გახდება მიზიდულობის ცენტრი.

_ რესპუბლიკელების გასვლის გამო დასავლეთში ხომ არ შეიქმნება ისეთი აზრი, რომ `ქართულმა ოცნებამ~ პროდასავლურ კურსს გადაუხვია?

_ არა. დასავლეთში არც `ქართული ოცნებისა~ სჯერათ და არც _ რესპუბლიკური პარტიის. ისინი ელოდებიან ახალ პოლიტიკურ რეალობას შემოდგომიდან. კოალიცია `ქართული ოცნების~ ანტიდასავლურ ნაბიჯებზე ბევრჯერ მისაუბრია. ძალიან სახიფათო იყო მცდელობები, აღედგინათ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. ამის გამო იყო საშიშროება, საქართველო რუსეთს პლაცდარმად ექცია. ამის საფრთხე ამ დღეებშიც გაჩნდა. არანაირი პროდასავლელები არ არიან რესპუბლიკელებიც. მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის უამრავი განცხადება ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ახლა გაპანღურებული რესპუბლიკელები კარში არიან გაჭედილი. ეტყობა, პანჩურს კიდევ მიიღებენ. მათზე დასავლეთში არავინ ამყარებს იმედებს. ფარული კადრების გავრცელებაც, რაც საქართველოში გახშირდა, რუსული სპეცსამსახურების მეთოდია. ასე მოექცნენ ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერ კასიანოვს.

_ ფარულ კადრებს სააკაშვილის ხელისუფლება იღებდა...

_ დიახ, მაშინაც იღებდნენ კადრებს. ამიტომ, ვინც ამ დანაშაულშია გარეული, ყველა უნდა დაისაჯოს. ამ ხელისუფლებამ არავინ დასაჯა. პირიქით, ასეთი კადრები ამ ხელისუფლებამ საკუთარი სისტემის ნაწილად აქცია, მაგალითად, ლადო ბედუკაძე არ დააპატიმრა. არადა, მწამებელი დაუსჯელი არ უნდა იყოს. კაცი, რომელმაც ფარული კადრების საჯარო ჩვენებები მოაწყო, გურიის გუბერნატორად დააწინაურეს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებული მოადგილე ხვედელიძე მხილებულია ჟურნალისტ ფარესიშვილის პირადი კადრებით დაშანტაჟებაში, თანაც, კადრების გავრცელება მიმდინარეობს ამ ხელისუფლების პირობებში. არჩევნების წინ, ალბათ, სხვა ჩანაწერებიც გამოქვეყნდება.

_ `ქართულ ოცნებას~ ცუდი მომავალი უწინასწარმეტყველეთ, მაგრამ პარტია საარჩევნო სიის სერიოზულ განახლებას აპირებს...

_ ძირფესვიანი განახლება გამორიცხულია. სიახლე იქნება ის, რომ რამდენიმე მოქმედ მინისტრს ჩაწერენ სიაში. ბევრი ცნობილი ადამიანი უარს ამბობს `ქართულ ოცნებასთან~ თანამშრომლობაზე.

Comments are closed