„რეზონანსი“: თედო ჯაფარიძე: “რიგაში მივიღებთ ზუსტად იმას, რაც იგეგმებოდა!” // როდის ამბობდა ხელისუფლება, რომ რიგაში უვიზო მიმოსვლას მივიღებდით?!
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „საქართველოზე გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. რუსეთიც და ამერიკაც თავ-თავისი ინტერესების გატარებას ცდილობენ“
———————-
„რეზონანსი“, 07 მაისი, 2015 წელი
თედო ჯაფარიძე: “რიგაში მივიღებთ ზუსტად იმას, რაც იგეგმებოდა!”
როდის ამბობდა ხელისუფლება, რომ რიგაში უვიზო მიმოსვლას მივიღებდით?!
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ხელისუფლება არ შეპირებია და რიგაში ეს ვერ მოხდება.
თედო ჯაფარიძე: „რიგაში ჩვენი წარმატებებისა და პროგრესის ტექნიკური შეფასება მოხდება ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ. ამის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური სეფასებები, რომელიც რიგის სამიტის შემდეგ ცალ-ცალკე უნდა გააკეთონ ევროკავშირში შემავალმა ქვეყნებმა. რიგაში ჩვენ გავიგებთ ყველაფერ იმას, რაც იყო დაგეგმილი და ამის ტაობაზე ილაპარაკა გერმანიის საგარეო საქმეტა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ სტაინმაიერმა. დარწმუნებული ვართ, ჩვენ რიგაში მივიღებთ იმ ვარიანტს, რისი მიღებაც მანამდე იყო დაგეგ მილი. შეიძლება უფრო მეტი მივიღოთ“.
თედო ჯაფარიძის თქმით, „ვიზა-ლიბერალიზების“ მიღება მოხდება მკხოლოდ პოლიტიკური შეფასებების შემდეგ, რომელსაც წევრი სახელმწიფოები გააკეთებენ.
„უვიზო რეჟიმის] მიღება რიგაში ვერ მოხდებოდა. რიგაში დაფიქსირდება იმ დიდი პროგრესისი ტექნიკური სეფასება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ამ მიღწევაზე საუბრობს ყველა – ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოები, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეიძლება მაია ფანჯიკიძე მთავრობაში ყოფნისას იძახდა, „ვიზალიბერალიზებას“ მივიღებთო, თუმცა ახლა სხვას იძახის. არ ვიცი, ვინ რას იძახდა, ეს სხვა თემაა. მე პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვარ. მე გეუბნებით იმას, რაც გითხარით. დაველოდოთ რიგის სამიტს და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. როდის ამბობდა ხელისუფლება, რომ რიგაში უვიზო მიმოსვლის უფლებას მიიღებთო? მე არ ვიცი, ეს ვისგან მოისმინეთ. რიგაში მივიღებთ ზუსტად იმას, რაზედაც ეს ხელისუფლება საუბრობდა“, – დასძენს თედო ჯაფარიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ზალკალიანი თედო ჯაფარიძის პასუხად ამბობს, რომ რიგის სამიტზე ველოდით და და ველით საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, როგორც ეს მოლდოვამ მიიღო ვილნიუსის სამიტზე და ხუთი თვის შემდეგ მოლდოვასთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
„როდესაც ივნისში ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და შემდეგ უკვე 2014 წლის ნოემბერში იმპლემენტაციის ფაზაზე გადავედით, შეგვიძლია ხელისუფლების დამოკიდებულება და ნოემბერ-დეკემბერში გაკეთებული შეფასებები ვნახოთ ბიმაზე, თუ რა მოლოდინი არსებობდა რიგის სამიტთან დაკავშირებით და ეს მოლოდინი სწორედ ვიზა-ლიბერალიზაციაზე პოლიოტიკური გადაწყვეტილების მიღებას ეხებოდა.
რა ტქმა უნდა, რიგის სამიტი არ ირებს გადაწყვეტილებას იმაზე, რომ მეორე დღიდან, ანუ 22 მაისიდან საქართველოს თავისუფალ სავიზო მიმოსვლას მიიღებს. ამის მოლოდინი არავის ჰქონია. რიგის სამიტს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო უვიზო რეჟიმის თაობაზე, როგორც ეს მოლდოვას გაუკეთა ვილნიუსის სამიტზე. ეს იყო ჩვენი მოლოდინი. ამ შედეგს ველოდით და ვფიქრობ, არასწორია დღეს იმის თქმა, რომ ჩვენ რიგის სამიტიდან თავისუფალ სავიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებაზე მოლოდინი არ გვქონდა. ეს უკვე თავის მართლება მგონია“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
იგი ამბობს, რომ მისი, როგორც რიგითი მოქალაქის სურვილია, სამიტიდან საქართველოს დელეგაცია მაქსიმალური შედეგით დაბრუნდეს. ამაში კი გულისხმობს: სავიზო ლიბერალიზაციას, ანუ თავისუფალი სავიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას; ასევე იმასაც, რომ პოლიტიკურ დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მესამე – 2008 წლის ომისა და ოკუპაციის ადეკვატურად შეფასება.
„თუმცა, სამწუხაროდ, ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ და სამიტის დეკლარაციის პროექტი, რომელზე მუშაობა საბოლოო სტადიაშია შესული, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. არაოპტიმისტურია ჩვენი ევროპელი პარტნიმორების განცხადებებიც და ყველაფერი ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ სამივე მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ გვექნება. რიგის სამიტამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მინიმსტრები დღეს ევროპულ დედაქალაქებში იმყოფებიან, მაგრამ ვფიქრობ, ეს რეაქცია ცოტა დზაგვიანებულია. მსგავსი ხასიათის ვიზიტები ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ევროპელი პატნიორებისათვის არანაირი საბაბი არ უნდა მიგვეცა, თუნდაც ტექნიკურ დეტალებზე მოეხდინათ აპელირება და ეს გამოეყენებინათ საბაბად, რომ საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლა არ მიეცათ. მხედველობაში მაქვს შემფასებელი მისიის ანგარიში, რომელიც ევროკავშირში, სავარაუდოდ, ამ დღეებში განიხილება. შემფასებელი მისია იმყოფებოდა საქართველოში და ვფიქრობ, მისი დასკვნაც არც თუ ისე ხელსაყრელი იყო საქართველოსთვის. ამიტომაც არ აისახა დეკლარაციის დრაფში ეს პროგრესი და ეს იმის ვარაუდის საფუძველს მაძლევს, რომ საქართველო ხელშესახებ შედეგს ვერ მიიღებს“ – დასძენს ზალკალიანი.
„ახალი თაობა“, 7 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „საქართველოზე გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. რუსეთიც და ამერიკაც თავ-თავისი ინტერესების გატარებას ცდილობენ“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ არიან აღშფოთებული კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ემზადება თუ არა ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნებისთვის, ვინ და რატომ ახორციელებს საქართველოზე ზეწოლას, რისთვის ემზადება პარლამენტი?, – ამის შესახებ „ახალ თაობას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
(ამონარიდი)
– ყველაფერი, რაც დღეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება, საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება. მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ლუკაშენკო აქ მეგობრობაზე სასაუბროდ არ ჩამოსულა. მან ჩამოიტანა კონკრეტული წინადადებები, რასაც ამხელა ცვლილებები მოჰყვა.
– საკადრო ცვლილებებთან რა კავშირი აქვს ლუკაშენკოს ვიზიტს? ან რა წინადადებები ჩამოიტანა, ასეთი ამბები რომ დატრიალდა?
– რა წინადადებები ჩამოიტანა, ამას დროთა განმავლობაშიგავიგებთ. ფაქტები ის არის, რომ მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში იცვლება თავდაცვის მინისტრი და საქართველოში იწყება სამხედრო წვრთნები. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ამ ცვლილებების უკან ამერიკა დგას. სწორედ მისი მოთხოვნით შეიცვალა თავდაცვის მინისტრი. ასევე ლუკაშენკოს ვიზიტის გამოძახილია სომხეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი. ანატოლი ბიბილოვი იქ სომხებს თავისი ნებით არ მიუწვევიათ.
– აბა, თავი მიაწვევინა?
– ამ ვიზიტის უკან რუსეთი დგას. ბიბილოვის ვიზიტი თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დასახელებას დაემთხვა. ეს უბრალო შემთხვევითობა არაა. აშკარაა, რომ საქართველოზე გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. რუსეთიც და ამერიკაც თავ-თავისი ინტერესების გატარებას ცდილობენ.
– საქართველო რას აკეთებს ამ დროს?
– სხვისი მითითებებით მოქმედებს. თავდაცვის მინისტრის შეცვლა მოგვთხოვეს და შევუსრულეთ. ამ თანამდებობაზე ისეთი კადრი დანიშნეს, როგორსაც ამერიკაში არანაირი შანსი არ ექნებოდა. მხედველობაში თინა ხიდაშელის და მისი მეუღლის მიერ გაკეთებული განცხადებები მაქვს.
– რომელი განცხადებები?
– 2001 წელს თინა ხიდაშელმა აფხაზებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავდა. თავიდან ამას უარყოფდა, მაგრამ ახლა დაადასტურა. ამტკიცებს, რომ ასეთი განცხადება აფხაზების დიალოგზე დასათანხმებლად გააკეთა.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იმ ხალხს საქართველო უყვარდა. ამის მიუხედავად, ისინი ფსევდოპატრიოტულ განცხადებებს მაინც აკეთებდნენ. ესენი კი საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩევიან. საქართველო მათთვის მთავარი რომ არ არის, ეს ხიდაშელის კიდევ ერთი განცხადებიდან ჩანს. ამ ადამიანმა განაცხადა, საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ნატოში შესვლააო.
– რითია ცუდი, თუ საქართველო ნატოში შევა?
– ნატოსთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არა მაქვს და არც ალიანსისკენ სწრაფვის გამო ვსაყვედურობ ვინმეს. უბრალოდ, თავდაცვის მინისტრისთვის ეს არ უნდა იყოს მთავარი ამოცანა. თავდაცვის მინისტრის უპირველესი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ხიდაშელის ყველა წინამორბედი, მათ შორის მინდია ჯანელიძეც, ასე ფიქრობდნენ. ეს უკანასკნელი ცუდი მინისტრი რომ არ იყო, ამას ხიდაშელიც ადასტურებს.
– თუ კარგი მინისტრი იყო, რატომ მოითხოვეს მისი შეცვლა?
– გარკვეულ ძალებს დასჭირდათ ამის გაკეთება. ლუკაშენკოს ვიზიტი რომ არა, მთავრობაში ასეთი ცვლილებები არ მოხდებოდა. აშშ-ს დაზვერვა კარგად მუშაობს. რაღაც შეიტყვეს და მოქმედებაზე გადავიდნენ.
– გავრცელებული ინფორაციით, ბიძინა ივანიშვილი მზად იყო კრიზისის გასაღრმავებლად და სიტუაცია რიგგარეშე არჩევნებისკენ მიჰყავდა. ამის გაკეთება მას აშშ-ს ელჩმა გადააფიქრებინაო. თქვენ გჯერათ ამისი?
– ქართულ პოლიტიკაში არაფერს არ გამოვრიცხავ. არც ამერიკისგან შეიძლება რამის გამორიცხვა. ეს ქვეყანა ჩვენს შინაურ საქმეებში აქტიურად ერევა. შესაძლოა, სწორედ რიჩარდ ნორლანდს გადააფიქრებინა ამის გაკეთება ივანიშვილს. შესაძლოა, არც გადაუფიქრებია.
„საქართველო და მსოფლიო“, 6-7 მაისი, 2015 წელი
ქართულ-რუსული საექსპერტო კონფერენცია თბილისში
ნატა ხორავა
22-23 აპრილს თბილისში, სასტუმრო “კოპალაში”, გლობალური კვლევების ცენტრისა და რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობის” ორგანიზებით ქართველი და რუსი ექსპერტების კონფერენცია გაიმართა.
იგი 2014 წელს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული რუსულ-ქართული საექსპერტო შეხვედრის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა. იმხანად ქართველ ექსპერტებს საშუალება მიეცათ, გარდა რუსი კოლეგებისა, შეხვედროდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს _ გრიგორი კარასინს, რომლისგანაც უშუალოდ მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები: პროფესორი იოსებ არჩვაძე, პოლიტოლოგი, პროფესორი სოსო ცინცაძე, პროფესორი დავით იაკობიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი დავით თევზაძე, კავკასიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, უსაფრთხოების ექსპერტი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, სოციოლოგი და პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე, მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, აკადემიური დოქტორი ზურაბ გარაყანიძე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი მამუკა ჩხეიძე, ანალიტიკოსები ვასო კაპანაძე და სიმონ კილაძე.
რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ “კავკასიური თანამშრომლობის” დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის უნივერსიტეტის კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე დიმიტრი სუსლოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარების სექტორის ხელმძღვანელი ელენა კუზმინა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის გამოყენებითი ანალიზის კათედრის დოცენტები ირინა ბოლგოვა და ანდრეი სუშენცოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ახმეტ იარლიკაპოვი, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი კონსტანტინე ტასიცი, სააგენტო “საგარეო პოლიტიკის” ანალიტიკოსი ტატიანა ტუკაევა.
ორდღიანი კონფერენციის დღის წესრიგი ფართო აღმოჩნდა:
1. ქართულ-რუსული ურთიერთობები: შედეგები და ნორმალიზაციის პერსპექტივები;
2. უსაფრთხოების გამოწვევები – რუსეთი და დასავლეთი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი – ხედვა მოსკოვიდან და თბილისიდან;
3. რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყირიმის შემდეგ: რას მოიტანს “შებრუნება აღმოსავლეთისკენ”?
4. ინტეგრაციული პროექტები სამხრეთ კავკასიაში: კონკურენცია თუ კომპლემენტარულობა?
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ვითარდება იმ პოლიტიკურ ჩარჩოში, რომელიც ამ ეტაპზე მხარეებისთვის მისაღებია. ქართული და რუსული დიპლომატიის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ურთიერთობა “ცხელი” ფაზიდან ერთგვარ რუტინულ კალაპოტში გადავიდა. უდავო პოზიტივია ისიც, რომ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა დაძაბვამ ამ პროცესზე ნეგატიური ზეგავლენა ვერ მოახდინა. ურთიერთობათა პერსპექტივაზე საუბარი ნაკლებად ემოციურია, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინათ იყო. ამასთანავე, რეგიონი რთულ მდგომარეობაშია, რაც წინანდელი მიდგომების ხელახალ გააზრებას მოითხოვს.
კრიზისი უკრაინაში რუსეთს, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობათა ხანგრძლივი და ღრმა დაძაბულობის ათვლის წერტილად იქცა. თუმცა ეს გამწვავება, ცივი ომისგან განსხვავებით, ტოტალურში არ გადაიზრდება, რადგან, გარკვეულ რეგიონებში მეტოქეობის მიუხედავად, სხვა მიმართულებით რუსეთისა და დასავლეთის თანამშრომლობა გრძელდება. თვითონ დასავლეთშიც გრძელდება დისკუსია რუსეთთან ურთიერთქმედების გზების ძიების შესახებ. ამასთანავე, უკრაინის კრიზისმა თვალნათელი გახადა, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზებისადმი მიდგომები მოძველდა. და მიუხედავად იმისა, რომ ნატო ერთგვარ რენესანსს განიცდის, მისი ლიდერები აცნობიერებენ საკუთარი სიმძლავრის ჩარჩოებს და გაფართოების შესაძლებლობის შეზღუდულობას.
ახლო აღმოსავლეთში ახალმა და, როგორც ჩანს, ხანგრძლივმა გამწვავებამ “ჯიჰადიზმისა” საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეები კვლავ გაააქტიურა. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წარმატებები “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაპირისპირებაში ერთობ მოკრძალებულია იმ დროს, როცა “ისლამური სახელმწიფო” მრავალ ქვეყანას ემუქრება, რუსეთისა და საქართველოს ჩათვლით.
კარგა ხნის წინათ დაწყებული მსჯელობა “აღმოსავლეთისკენ შებრუნების” შესახებ უკრაინის კრიზისმა დააჩქარა და რუსეთის საგარეო პოლიტიკამ რეალურად დაიწყო ამ ვექტორზე მუშაობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. ამასთანავე, ევრაზიაში რუსული და ჩინური ინტეგრაციული პროექტების ურთიერთქმედების მომავალი ფორმები სწორედ ახლა მუშავდება, რამაც, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები მისცეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.
რუსეთისა და თურქეთის პარტნიორობამ ახალი იმპულსი შეიძინა უკრაინის ალტერნატივის _ “თურქული ნაკადის” გაზსადენის პროექტის წყალობით. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის _ ნინო ბურჯანაძის ინიციატივის მიუხედავად, შავი ზღვის ფსკერზე გატარების ნაცვლად, გაზსადენს საქართველოს ტერიტორიაზე გაევლო, საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს დაინტერესება ამ პროექტით, რომელიც უთუოდ სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის. ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია, შეცვალოს შავი ზღვა _კავკასიის რეგიონის ჩვეული გეოპოლიტიკა და დაასრულოს ენერგომატარებლების მარშრუტების კონკურენცია.
ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთში გამოძახილი ჰპოვა სამხრეთ კავკასიაშიც. საქართველოს ხელისუფლებას პოზიტივში უნდა ჩაეთვალოს, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს არ მიუერთდა. ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ვითარებაში მოხერხდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, აბაშიძე-კარასინის ფორმატის დიპლომატიურ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ამ მხრივ გასაფართოებელია სექტორთა ნუსხა, რომლებსაც ეს თანამშრომლობა შეეხება. ცხადია, სარკინიგზო მაგისტრალის ცალკე აღებულ აფხაზეთის მონაკვეთზე მსჯელობა რთულია, რადგან ამას პოლიტიკურ საკითხთა მოუგვარებლობა უშლის ხელს, მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება შექმნის შესაძლებლობას, ახლო მომავალში პოლიტიკური პრობლემების დაძლევისკენ ვიაროთ.
უახლოეს პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ვერ მოიტანს იმ ეკონომიკურ ეფექტს, რომელსაც ასე მოელის ჩვენი ხალხი. ამისთვის ჩვენ უამრავი რეფორმა და ინსტიტუციური მშენებლობა გვჭირდება. ამასთანავე, უახლოეს მეზობლებთან ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება უაღესად მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები სხვადასხვა ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობენ და ამ ვითარებაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ეს ფაქტორი არა დაპირისპირების, არამედ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის გამოვიყენოთ.
ორი ქვეყნის ურთიერთობებში ყველაზე მძიმე პრობლემად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ხშირად ისმის, რომ რუსეთი ამ აღიარებას უკან ვერ წაიღებს, რაც ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართ სკეფსისს აღრმავებს. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომ აუცელებელია აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყება, სათანადო ინტერესი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია. ასევე, უყურადღებოდ დარჩა პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომ არ არსებობს გადაუჭრელი საკითხები ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
თუმცა, თუ გავიხსენებთ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ გამოთქმულ პოზიციას საქართველოს პოზიტიური როლის შესახებ ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნათელი ხდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ორივე ქვეყნის სამსახურები გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობენ.
ასეთივე უნდა იყოს თანამშრომლობა “ისლამური სახელმწიფოსა” და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების გასანეიტრალებლად, ვინაიდან არც ერთ ქვეყანას დამოუკიდებლად ამ საფრთხეების დაძლევა არ შეუძლია, ხოლო რუსეთის გამოცდილება, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ფასეულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის სახელმწიფოებისთვისაც.
მსგავსი საექსპერტო კონფერენციების იშვიათობა დაღს ასვამს ორი ქვეყნის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ ხედვების ჩამოყალიბებას. ერთმანეთისგან იზოლირებული მხარეები ვერასოდეს შეიმუშავებენ საერთო მიდგომებს, რომელთა გარეშეც ურთიერთობის ნორმალიზაცია და კონფლიქტების მოგვარება უაღრესად გართულდება. კონფერენციის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საექსპერტო შეხვედრები და კონფერენციები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.