globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 7th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „ნაცმოძრაობა” რევოლუციური სცენარისთვის ემზადება“

რეზონანსი: საქართველოს შავი ზღვისპირეთში – ნატო რუსეთის წინააღმდეგ // „ახალი ცივი ომის საზღვარი საქართველოზე გადის“

რეზონანსი: ნატოს ვარშავის სამიტი: „რაღაც ახალი” მაპ-ის სანაცვლოდ საქართველოსთვის“

რეზონანსი: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ ფერხდება… იმედი მაქვს, რომ ალიანსის ვარშავის სამიტზე დაფიქსირდება ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება და აღინიშნება, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში”

——–

„ვერსია“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ამ ლპობის ნაწილი ვერ ვიქნები“ // რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა და რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილის პარტიის დაშლასთან ნინო ბურჯანაძეს

———

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „გაუგებარია, რატომ მოდის პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე… ვაშაძის წასვლა პარტიისათვის დიდი დანაკლისია… სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება პროდასავლურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კონტროლი გიგა ბოკერიამ დაამყარა.. გიორგი ვაშაძე ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას შეეწირა… პორტირებული ნაცების მფარველი ანგელოზი კახა კალაძეა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: “გიორგი ვაშაძემ თავისი გამოუცდელობის გამო გვიგანა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი ვაშაძეს პოლიტიკაში შანსი აქვს… „ნაციონალებს“ ის არ უნდა დაეკარგათ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: “ნაციონალების“ სია ნამდვილი ანეკდოტია… ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ სააკაშვილს ახალაიები უნდა დაეპატიმრებინა და პრემიერი მერაბიშვილი მოეხსნა“

———————

რეზონანსი“, 07 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: ნაცმოძრაობა” რევოლუციური სცენარისთვის ემზადება

ელზა პაპოშვილი

უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ნებისმიერი შედეგის არალეგიტიმურად გამოცხადებას აპირებს და რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ემზადება. ამის დასტურად კი ტვშ-ის და შკშ-ის კვლევები მოჰყავს. მისი თქმით, პარტია კვლევას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურად იყენებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოების განწყობა ამ სცენარისთვის შეამზადონ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ შესაძლებელია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მართლაც დაბრუნდეს, თუმცა გააჩნია რა ფორმით. რას გულისხმობთ?

- მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შემდეგ რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და ამისთვის ყველა ხერს გამოიყენებენ. მათ იციან, რომ სხვაგვარად ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაცია მათ ამის წინაპირობას უქმნიან. ბოლო დროს ვნახეთ, რომტვშ-ის და შკშ-ის კვლევებით, ისინი “ქართული ოცნების” შემდეგ გამოკითხვებით მეორე ადგილას არიან. ლოგიკური ეჭვი მაქვს, რომ ეს შეთანხმებული მოქმედებაა, რაც საზოგადოების განწყობაზე ზეგავლენის მოსახდენად სჭირდებათ.

- რა სახის რევოლუციური სცენარი შეიძლება მზადდებოდეს?

- ამით ისინი ფონს ქმნიან, რომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვების შანსი არა აქვს და არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, რომელიც მათთვის სასურველი არ იქნება, აჟიოტაჟს ატეხენ და არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვისქვეშ დააყენებენ. შემდეგ კი დასავლეთს მოუწოდებენ, რომ არჩეულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირონ. ამიტომაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომ ის, როცა დრო მოვა, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდება. “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არეულობის დაწყება უნდა.

- ბოლო დროს თქვენსა და “რესპუბლიკელებს” შორის არსებულ დაპირისპირებას მინდა შევეხო. როგორ ფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების” ლენინელ და სტალინელ წევრებს შორის ვინ იგულისხმა და მიიღეთ თუ არა ეს თქვენს თავზე?

- არ ვიცი, მე მიგულისხმა თუ არა და თუ მიგულისხმა, მე ჩემ თავზე ვერ მივიღებ, რადგანაც ის განცხადებები, რომელიც ჩემი მხრიდან ნატოს შესახებ კეთდება, უცნაური და გასაკვირი არ არის. აქ რა არის ლენინური და სტალინური, ვერ გეტყვით.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ევროპაში თქვენ მიერ ნატოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პრობლემად არ აღიქვამენ და ეს მხოლოდ უსუფაშვილის პირადი პოზიციაა?

- ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ მსგავს განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც აკეთებენ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში დღეს და ხვალ არ მოხდება. შესაბამისად მე ვამბობ რეალურს და საზოგადოებას ფუჭ მოლოდინს არ ვუქმნი. არ გამოვრიცხავ, რომ უსუფაშვილს ამ განცხადების შედეგად მცდელობა ჰქონდა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეფერხებინა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთას ასრულებდა. მისი და ამ პარტიის წევრების განცხადებები ბოლო დროს ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.

- რას ფიქრობთ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ მოვლენებზე. თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილისთვის ტერიტორია უნდა გაეცვალა თუ არა და ფაქტია, რომ აუქციონზე გამოტანილი 29 ჰექტარი ფართობიც ივანიშვილის კომპანიამ იყიდა…

- ხალხი, რომელიც ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებს, აბსოლუტურად დუმდა მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, ამაზე დიდი ქონება 1 ლარად ყოველგვარი გარანტიების საფუძველზე სხვისდებოდა. ახლა არა ჩუქებასთან, არამედ სოლიდური თანხის გადახდასთან გვაქვს საქმე, სადაც ინვესტიციების ჩადების შემდეგ უკან დაბრუნების პერსპექტივაც არსებობს, ახლა ამას აპროტესტებენ? ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რათა ივანიშვილმა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე არ გააკეთოს. ეს “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნოდ დაწყებული კამპანიაა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურად იყენებენ.

რეზონანსი“, 07 მაისი, 2016 წელი

საქართველოს შავი ზღვისპირეთშინატო რუსეთის წინააღმდეგ

ახალი ცივი ომის საზღვარი საქართველოზე გადის

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

ნატოცა და რუსეთიც ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას მაქსიმალურად ამაგრებენ, რათა თავიანთი გავლენის არეალი სათანადოდ ჰქონდეთ დაცული. სწორედ ამას ემსახურება, სპეციალისტების აზრით, ნაბიჯები, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად დგამენ – ამაგრებენ საზღვრებს სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო ძალებისა და შეიარაღების მობილიზებით. ეს საზღვარი კი, მათი თქმით, საქართველოზე გადის.

სწორედ ამის დადასტურებაა, მათი განცხადებით, ისიც, რომ ნატოსათვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთი დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქებში ახალ დივიზიებს ჩამოაყალიბებს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს თქმით, დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია განლაგდება.

(…)

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნატო-საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული სასიკეთო სიახლეები და წინსვლაა, რის შესახებაც “რეზონანსის” მკითხველი ყოველთვის ინფორმირებულია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის პორტი მალე შესაძლოა ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ადგილი გახდეს. სწორედ ამაზე მეტყველებს სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცის ჩამოსვლა და განცხადება, რომ მათ აინტერესებთ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ბათუმში თავიანთი ტექნიკის გადმოსხმა.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით ხუთი ქვეყნის: რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოსა და უკრაინის პორტებში ნატო კოალიციური ძალების საჰაერო-საზღვაო მუდმივმოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს განათავსებს.

გარდა ამისა, ქართულ-ამერიკულ სწავლება “#წიდუ ზფკეტუკ 2016″-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა 2 დღის წინ ვაზიანში ჩამოვიდა – 8 ერთეული ქ1ფ2 ტიპის ტანკი “აბრამსი”, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ბრედლი”, სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, “ჰამერის” ტიპის ჯიპები და სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.

ქართულ-ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (ტკა) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

წელს “ღირსეული პარტნიორი” ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.

პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ქ1ფ2 ტიპის ამერიკულ ტანკებს “აბრამსებს” გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება ს-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

ეს ყველაფერი, სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატოს პასუხია რუსეთის იმ ნაბიჯზე, რომელიც საზოგადოებისათვის ახლახან გახდა ცნობილი, თუმცა იგი ბევრად ადრე ჩაიფიქრეს. შესაბამისად, სწორედ ნატოს ქმედება შეიძლება აღვიქვათ პასუხად, მათ შორის, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის მუდმივად განთავსების გეგმა და ა.შ.

(…)

ამ ყველაფრის შედეგად, როგორც მაისაია ამბობს, ივლება ერთგვარი საზღვარი იმ ტერიტორიებს შორის, რომლებზეც ნატოსა და რუსეთის გავლენა ვრცელდება და ეს საზღვარი სწორედ საქართველოზე გადის. “ახალი რკინის ფარდა არა მარტო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთელ საქართველოზე ეშვება. ახალი ცივი ომის საზღვარი საქართველოზე გადის. საქართველო და უკრაინა ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი კერა გახდა. შავი ზღვისპირეთი გახდა არეალი, სადაც ნატო და რუსეთი ერთმანეთს უპირისპირდებიან”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

რეზონანსი“, 07 მაისი, 2016 წელი

ნატოს ვარშავის სამიტი: რაღაც ახალიმაპ-ის სანაცვლოდ საქართველოსთვის

ეკატერინე ბასილაია

საქართველო ივლისში ვარშავის სამიტზე მაპ-ს ვერ მიიღებს და ამერიკულმა მხარემ ეს ოფიციალურ თბილისს წინასწარ უკვე განუცხადა. წინასწარი ინფორმაციით, ნატო “რაღაც ახალს” მოიფიქრებს, რომელსაც დიდი ალბათობით ქართველი პოლიტიკოსები შეაფასებენ, როგორც “მაპ-ზე უკეთესს”, რაც ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან ბევრჯერ გაკეთებულა.

საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მომავალზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერიმ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მაპ-ი არ იქნება, მაგრამ ეცდებიან დაეხმარონ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაში, თუმცა კონკრეტულად რაში, ამას დიდი ალბათობით სამიტის შემდეგ გავიგებთ.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებდა, ჩვენ ვარშავაში მაპ-ს არ ვითხოვთ, რადგან გასულ წლის დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო წინ წაწეული, ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენო, ქართველი პოლიტოლოგების თქმით, ნატოში გაწევრიანების აუცილებელ პირობად მაპ-ი ისევ ძალაში რჩება და ეს ამერიკელი მხარის ამ განცხადებიდანაც კიდევ ერთხელ დადასტურდა.

“ყველა სერიოზული დასავლელი მაღალჩინოსანი და სპეციალისტი, სამწუხაროდ, ყოველთვის მკაფიოდ ამბობდნენ, რომ მაპ-ი გაწევრიანების აუცილებელი კრიტერიუმია, თუმცა საქართველოში პოლიტიკანების განცხადებები უფრო ფასობდა, ვიდრე გავლენიანი პირების. კარპენტერის განცხადებით კი ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დადასტურდა”, – აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიას თქმით, რაც უნდა მოგვცენ ვარშავაში, ეს არასდროს არ იქნება მაპ-ზე უკეთესი და პოლიტიკოსების მიერ გამოყენებულ ამ ფორმულას უკვე ყავლი გაუვიდა. “დიდი ალბათობით, გაიზრდება სამხედრო წვრთნების ინტენსივობა და დახმარებები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით, თუმცა ეს არ არის ის, რაც გვსურს და საქართველო მაინც ნატოს კარებს გარეთ რჩება, რაც უნდა პატარ-პატარა შემოთავაზებებით შეიფუთოს ეს”, – ამბობს კაკაჩია.

(…)

რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის სამიტიდან და რა შეიძლება იყოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველი პაკეტი? კორნელი კაკაჩა ამბობს, რომ შემოგვთავაზებენ რაღაცას, მაგრამ უმნიშვნელოს. ჩვენ გვინდა – არ გვინდა, ისევ უკრაინასთან ერთად განვიხილებით და ნატოს პოზიციაა, რადგანაც გაწევრიანებას ვერ გვთავაზობენ, მაქსიმუმი რაც შეიძლება მოგვცენ ისაა, რომ დაგვეხმარონ წვრთნებით, დაახლოებით ისეთით, რაც 11 მაისს უნდა დაიწყოს.

“ვაზიანში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებას “მაღალი დონის პარტნიორობას” და მსგავს წვრთნებს ვგულისხმობ. სურთ, რუსეთს ამით მაინც დაანახონ, რომ თუ მათ მეზობლების მიმართ აგრესიის სურვილი ისევ გაუჩნდებათ, ეს უპასუხოდ არ დარჩება. 100%-იანი მხარდაჭერის გარანტია არც ერთ ქვეყანას არ ექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის მცდელობა ამ ქვეყნების სამხედრო პოტენციალი ამაღლდეს და ის ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გახდეს. ეს მიდგომა ჩანს კარპენტერის განცხადებიდანაც”, – აღნიშნავს კაკაჩია. მისი თქმით, “ჩვენ ვრჩებით პარტნიორად, პარტნიორობასა და მოკავშირეობას შორის დიდი განსხვავებაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ნატოს კარს მიღმა ვართ”.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ჩვენ “ყოვლისმომცველი პაკეტი” ჯერ კიდევ შარშან უელსის სამიტისას მივიღეთ და ახალი რა შეიძლება შეემატოს მას, ამის პროგნოზირება რთულია. თუმცა აღნიშნავს იმას, რომ მცირე, მაგრამ რაღაც ახალი შემოთავაზება აუცილებლად იქნება – “რუსეთთან დაპირისპირების ფონზე ახალ რამეს აუცილებლად მოიფიქრებენ”.

“შეიძლება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და დახმარების პირობებზე იყოს საუბარი. თავად დეკლარაციაში რა ჩაიწერება, ამის თქმა რთულია, თუმცა ქმედებების დონეზე შესაძლოა 4 მიმართულება გამოიყოს. მოხდეს სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოყვანა; ასევე უშუალოდ ნატოს ცენტრი გაიხსნას საქართველოში; კიბერუსაფრთხოების კუთხით მოხდეს ჩვენი დახმარება. ეს ძალიან აქტუალურია ჩვენთვის და უახლოეს პერიოდში დახმარება იქნება კიდევაც და ასევე ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით იქნება სამხედრო დახმარების აღმოჩენა. ვარშავის სამიტზე ჩვენი ყველაზე საგულისხმო მიღწევა იქნებოდა მაპ-ი, თუმცა ჩამოთვლილი 4 მიმართულებაც არ არის უმნიშვნელო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით”, – მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუმინეთის ინიციატივაა, ნატოს შავი ზღვის მუდმივმოქმედი ფლოტი შეიქმნას და “ალიანსის ფლოტში” ალიანსის არაწევრი ქვეყნები, უკრაინა და საქართველოც ჩაერთოს. ვარშავას დიდი იმედი აქვს, რომ მისი ეს გეგმა ვარშავის სამიტზე დამტკიცდება.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ფლოტის იდეის საკითხი სამიტზე განიხილება, თუმცა საქართველოს ფლოტი არ ჰყავს და თანამშრომლობა რთულად წარმოსადგენია, დიდი ალბათობით, შეიძლება ნატოს ამ ჯგუფების ხომალდები წვრთნების ფარგლებში შემოვიდნენ ჩვენს პორტებში.

კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რუსეთის ფაქტორის გამო ვარშავაში სწორედ ნატოს შავი ზღვის ძლიერი ფლოტის შექმნის მიმართულებით იქნება აქცენტები გაკეთებული. ამის მინიშნებებიც გაკეთდა და ალბათ, ნატოს მხრიდან სავარაუდო ქმედებები ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ.

“თუმცა პრობლემა ისაა, რომ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. “ალიანსის ფლოტისთვის” შესათავაზებელი არაფერი არ აქვს, გარდა პორტებისა და კეთილი ნებისა. მაქსიმალური, რაც შეგვიძლია ისაა, რომ დავუთმოთ პორტები და ინტერაქციაში ვიყოთ. აქიდან გამომდინარე ეს ჩვენთვის დიდი არაფერი იქნება, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ჩვენ საპორტო ქალაქებში ნატოს სამხედრო გემები ინტენსიურად შეიძლება შემოვიდნენ, ეს მნიშვნელოვანია. თუკი რუსეთი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, ის შავ ზღვაში შექმნილი მთელ ამ კომპლექსს შეეჯახება”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

რეზონანსი“, 06 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ ფერხდება… იმედი მაქვს, რომ ალიანსის ვარშავის სამიტზე დაფიქსირდება ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება და აღინიშნება, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში”

თიკო ოსმანოვა

“შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – შავი ზღვის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.

ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და მოახლოებულ ვარშავის სამიტზე “რეზონანსი” ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.

ვიქტორ დოლიძე: არანაირი საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ფერხდება, არავითარ შემთხვევაში. პროცედურულად ახლა ე.წ ვიბერი – სამოქალაქო თავისუფლების და სამართლის კომიტეტი საბოლო მხარედაჭერას გამოგვიცხადებს. შემდეგ გადავა უკვე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე და შემდეგ ევროკომისია განიხილავს. საფრანგეთთან დაკავშირებით არის რაღაც კითხვები, მაგრამ რომ გითხრათ, გაიწელება ან გადაიდება, რამე ამდგვარი ჯერჯერობით არ ჩანს.

- ევროპა სავიზო რეჟიმის გაუქმებას თურქეთთანაც აპირებს. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველო, თურქეთი, უკრაინა და კოსოვო ერთ პაკეტში გააერთიანონ და ისე განიხილონ?

- შეიძლება ერთდროულად გაგვიუქმონ, მაგრამ ერთ პაკეტში არ განიხილება და ვერ განიხილება იმიტომ, რომ თურქეთი კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ ასოცირებილი. კოსოვოს კიდევ ინდივიდუალური თანამშრომლობა აკავშირებს, ამიტომ ერთ პაკეტში ნამდვილად ვერ განიხილება. უკრაინასთან მეტ-ნაკლებად ახლოს ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენთან დაკავშირებით ევროკომისიამ საბოლოო ანგარიში დადო, უკრაინაზე არ მიგვაბეს იმიტომ, რომ მას თავისი დავალებები ჰქონდა.

- ანუ ზაფხულში გვექნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა?

- კი. ვფიქრობ, ზაფხულში იქნება. ადრეც გითხრით, რომ ივნისში ან ივლისში ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს და იმედი მაქვს, არანაირ სიურპიზს ადგილი არ ექნება.

- რა მოლოდინი გაქვთ ვარშავის სამიტთან დაკავშირებით?

- არ მინდა განსაკუთრებული მოლოდინის ამაღლება არავისთვის იმიტომ, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება და არც მაპი. მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ დაფიქსირდეს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება და აღინიშნოს, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში. ასევე მინდა, რომ იქნებ თავდაცვითი შესაძლობის გაძლიერების კუთხით გადაიდგას ნაბიჯები. და ნატოს მიერ მოცემული პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

- არსებული ინფორმაციით, ნატომ, შესაძლოა, საქართველოს და უკრაინას, ახალი ფორმატი – ასოცირებული პარტნიორობა შესთავაზოს, რაც ნატოს შავის ზღვის ფლოტის შექმნას და მასში ამ ქვეყნების ჩართვასაც გულისხმობს…

- შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები. ჩვენ მზად ვართ, ეს შემოთავაზება განვიხილოთ. ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ არ ვიცი, ზუსტად რაზეა საუბარი და საქართველო როგორ შეიძლება ჩაერთოს ამ პროცესში, ვფიქრობ, ეს დეტალები განხილვის საგანი იქნება. ამასთან დაკავშირებით ადრე იყო საუბარი, თუმცა შავი ზღვის კომპონენტის გაძლიერება აქამდე ვერ მოხერხდა და იმედი მაქვს, ახლა მაინც შევძლებთ ამის გაკეთებას.

რუსეთმა სერიოზულად გააძლიერა შავი ზღვის ფლოტი, სევასტოპოლი აიღო და მიადგა ყირიმს. ცნობისთვის, მანდ მოქმედებს შავი ზღვის სამაშველო ძალები. ამაში შავი ზღვის 6 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, მაგრამ განსაკუთრებულ აქტიურობას ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, მას შემდეგ, რაც ამის შექმნას ჩვენი ხელი მოვაწერეთ. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვიცოდეთ, რომ შავი ზღვის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის.

———————–

„ვერსია“, 06 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: ამ ლპობის ნაწილი ვერ ვიქნები

რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა და რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილის პარტიის დაშლასთან ნინო ბურჯანაძეს

ნინო კომახიძე

ნაციონალური მოძრაობის დაშლა გრძელდება. ამჯერად, პარტია გიორგი ვაშაძემ დატოვა, ყოფილი ხელისუფლების სხვა ყოფილი წევრები კი, მათ შორის ,,გირჩისწარმომადგენლები პარტიიდან გადინებას ხუმრობით ასე აანონსებენ - გაგრძელება იქნებაო.

იქნება თუ არა გაგრძელება, ამის შესახებ ,,ვერსიამთავად გიორგი ვაშაძეს ჰკითხა, რომელმაც პარლამენტში ჩატარებულ ბრიფინგზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

,,ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას შეუძლიამსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდა ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებსა და ინიციატივებს, მაგრამ ეს არ მოხდა! ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმისა, მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავადაა ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირე და მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. ამ კაბინეტურ მმართველობას სახელები და გვარები აქვს: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე! მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიული სიით და ვიწყებ ახალ მოძრაობას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებით. დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის, – ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც თითქმის ყველა ყოფილი თანაპარტიელი გამოეხმაურა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით. ქვეყნის ყოფილი პირველი პირი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაშლა და პარტიაში არსებული ვითარების დრამატულად წარმოჩენა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ვაშაძის ყოფილი თანაპარტიელები კი ამბობენ, დეპუტატმა პარტია იმიტომ დატოვა, რომ ადგილი ვერ დაიმკვიდრა საპარლამენტო საარჩევნო სიაში. ამ და სხვა ბრალდებებს ,,ვერსიაში” გიორგი ვაშაძემ უპასუხა:

- აბსოლუტურად ღიად ვამბობ და მართლა ასე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებული მმართველობის სტილი ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას. მე ამის ნაწილი ვერ ვიქნები და უნდა დავიწყო სრულიად ახალი მოძრაობა; მეორე მნიშვნელოვანი თემა ისაა, რომ საქართველოს სჭირდება სრულიად ახალი პოლიტიკური კლასი და მე მივდივარ ამ რისკზე, პერსონალურად, რათა ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც საქართველოს სრულიად სხვა პერსპექტივას მოუტანს, ქვეყანაში გაჩნდეს.

- არის პრეცედენტები, როგორ დატოვეს ცნობილმა ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობა, უკვე არსებობს ,,გირჩი”, ყოფილი ნაციონალების სხვა გაერთიანებები. პრაგმატულად თუ უყურებთ ამ ვითარებას, თქვენ რა შანსები გაქვთ?

- ჩემი შანსები რეალურია და ვფიქრობ, ჩემს მიერ ნაციონალების დატოვებასაც ძალიან კონკრეტული ახსნა აქვს. მე პირდაპირ ვამბობ, რატომ დავტოვე პარტია და რისი იმედი მაქვს _ დიახ, მე მივდივარ რისკზე და ვფიქრობ, ეს რისკი გამართლებულია ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. არ მაინტერესებს თბილი სავარძელი პარლამენტში.

- თუმცა ემზადებით არჩევნებისთვის და მალე პარტიასაც დააფუძნებთ.

- რა თქმა უნდა… დავაფუძნებ პარტიას და ეს საკმაოდ ახლო მომავალში მოხდება.

- უკვე ხომ არ იცით, ვისთან ერთად აპირებთ ბრძოლას და თუ გაგრძელდება გადინება ნაციონალური მოძრაობიდან?

- არ ვიცი, ვნახოთ, დავაკვირდეთ პროცესებს. ვერ გეტყვით, ვინ მოდის, ვინ – არა. ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა პარტიაში საუბარი ამ თემაზე და დრო ყველაფერს გვიჩვენებს. მთავარია ახალი პოლიტიკური კლასი შეიქმნას ქვეყანაში.

- ირმა ნადირაშვილმა კი უკვე თქვა, რომ რეალურად, თქვენ იბრძოდით ადგილისთვის სიაში, რომელიც ვერ მიიღეთ და ამიტომაც წამოხვედით პარტიიდან

- მეტი რა უნდა თქვან ამ ვითარებაში? თქვენც ხომ გესმით, ეს განცხადება სასაცილოა. შეხედეთ სოციალურ ქსელებს, იქაც ჩანს, მათ შორის, თავად ნაციონალების მხარდამჭერებში, რომ ეს აბსურდული განცხადებაა და ამის არავის სჯერა. ამ განცხადებითაც ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ იქაა დარჩენილი! ჩემთვის სკამი და ადგილი გადამწყვეტი არ არის. ჩვენ ან ვართ ღია და გახსნილი პლატფორმა და ცოცხალი ორგანიზმი, ან ვკვდებით. მე ამ ლპობის ნაწილი ვერ ვიქნები.

- ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე მაინცდამაინც ახლა რატომ ალაპარაკდით?

- არაერთხელ განმიცხადებია ჩემი აზრი განახლებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ვიბრძოდი ამისთვის. ჩემი განწყობა ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, ვიდრე არსებობდა ნაციონალების ტრანსფორმირების შესაძლებლობა, იქ ვიყავი, დღეს კი ჩემი პოზიცია ისაა, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი მოძრაობის დაწყებაა.

- უკვე მოვისმინეთ შეფასებებიც, რომ თქვენი ხმაურიანი წასვლა პარტიიდან ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია. თქვენს ამ გადაწყვეტილებასთან ექსპრემიერს რამე აკავშირებს?

- მე ეს ჩემს განცხადებაშიც ვთქვი, რომ თუ ვინმე უწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, ეს სწორედ კაბინეტური, კულუარული მმართველობაა ნაციონალურ მოძრაობაში. იმასაც გეტყვით, რომ ამას აწარმოებს არა თავად ნაციონალური მოძრაობა, არამედ ბურჯანაძე-დემოკრატების ნაწილი. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს განცხადებები ჩემგან საკმარისია.
———————-

„ახალი თაობა“,  07 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „გაუგებარია, რატომ მოდის პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძეგიორგი ვაშაძის წასვლა პარტიისათვის დიდი დანაკლისიასალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება პროდასავლურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს

ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. საარჩევნო პროცესებში მოსალოდნელი ჩართვის შესახებ განცხადებები გააკეთეს ჯერჯერობით არაპოლიტიკოსმა საზოგადო მოღვაწემ პაატა ბურჭულაძემ, ასევე პოლიტიკოსმა და ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ მათი გამოჩენა არსებით ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. სიტუაციაში გარდატეხა შეიძლება გაუთვალისწინებელ მოვლენებს მოჰყვეს. „გიორგი ვაშაძის წასვლა ნაციონალური მოძრაობიდან პარტიისათვის დიდი დანაკლისია. ესაა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრის გაკეთება მოახერხა. ეფექტურად მომუშავე იუსტიციის სახლები მისი შექმნილია. მისი ეს ნაბიჯი მეწყინა“, – ამბობს თამარ ჩხეიძე.

- რა შეიძლება იყოს ამის ნამდვილი მიზეზი?

- შესაძლოა, ამაზე ხელისუფლებამაც იმუშავა. ისიც არაა გამორიცხული, რომ იგი პარტიაში სათანადოდ არ დააფასეს და საარჩევნო სიაშიც შეუქმნეს პრობლემები. დიდი ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია ნაცმოძრაობაში არსებული დაპირისპირების შესახებ.

- გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის...

- მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე ნიჭიერი ადამიანი და პოლიტიკოსია, მის მოძრაობას ძალიან გაუჭირდება საარჩევნო ბარიერის გადალახვა. კულუარებში რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მას პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვს. ვაშაძის გამოყოფა ვერ იმოქმედებს სავარაუდო შედეგებზე არჩევნებში. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მას არ შეუძლია რადიკალური გავლენის მოხდენა სიტუაციაზე.

- პაატა ბურჭულაძეს?

- სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ მოდის პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე, ვინ უწყობს ამას ხელს და ვინ დგას მის უკან. არსებულ ვითარებას ვერც ის გარდატეხს.

- არჩევნებში ერთვება სალომე ზურაბიშვილიც...

- სალომე ზურაბიშვილს პირველად ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შევხვდი. აქტიურ პოლიტიკაში ის ბოლო წლებში ჩაერთო. მისი ბევრი განცხადება გაუგებარია, მაგალითად, 2008 წლის ომთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს განცხადებები არ ჰგავს პროდასავლელი დემოკრატი პოლიტიკოსის ხედვებს. მისი გამოჩენაც არაფერს შეცვლის.

- აირაი“-ს კვლევაში პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ რეიტინგებში ლიდერობს.

- ესეც გაუგებარია. ის პოლიტიკაში ჯერ არ შემოსულა. შესაძლოა, ადამიანები, რომლებსაც არც „ქართული ოცნება” უნდათ და არც ნაციონალური მოძრაობა, მესამე ძალის მოლოდინში არიან, იმედს ბურჭულაძეზე ამყარებენ და ეს მხარდაჭერა ამის მაჩვენებელია. პირადად ჩემთვის ბურჭულაძის ფენომენი აუხსნელია. როცა ივანიშვილი მოდიოდა პოლიტიკაში, ყველაფერი ნათელი იყო. გასაგები იყო მისი მიზნებიც და ისიც, ვინ იდგა მის უკან. ივანიშვილის რუსეთთან კავშირი ცხადია. ამ შემთხვევაში არაფერი გარკვეული არ არის.

- არ არის გამორიცხული, საარჩევნო ბლოკი შექმნან იმ პარტიებმა, რომლებიც ადრე საარჩევნო საკითხებზე თანამშრომლობდნენ, ახლა კი საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანდნენ...

- ეს გაუმართლებელია, იმიტომ რომ პროდასავლური პარტიები ერთიანდებიან ისეთ პრორუსულ ძალასთან, როგორიცაა პატრიოტთა ალიანსი.

- თავად პატრიოტთა ალიანსი უარყოფს პრორუსულობას...

- შეიძლება ამ ძალის პრორუსულობა არ გამოიხატოს პარტიის ოფიციალურ განცხადებებში, მაგრამ ეს ორიენტაცია იკვეთება იმ ტელევიზიის მიმართულებებსა და მთავარ ნაკადში, რომელიც ამ პარტიასთან ასოცირდება. მოწვეული სტუმარი შეიძლება სხვადასხვა შეხედულების იყოს, მაგრამ მე ვსაუბრობ მთლიანად ამ ტელევიზიის მიმართულებაზე. როცა ეს ტელევიზია შეიქმნა, მაშინ მის ეთერში ხშირად იყვნენ ანტირუსულად და ეროვნულად განწყობილი ადამიანები. ახლა ასეთი ადამიანები თითქმის აღარ არიან. პარტიებმა შეიძლება ბევრ საკითხზე ითანამშრომლონ, მაგრამ როცა რუსეთი მტერია, პრორუსულ ძალასთან თანამშრომლობა არცერთ თემაზე არ შეიძლება. თუ საკოორდინაციო საბჭოს პარტიები საარჩევნო ბლოკს შექმნიან, ისინი არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

- ანუ მთავარი მოთამაშე ისევ ორი ძალაა?

- ჯერჯერობით ასეა. სიტუაციის გარდატეხა მხოლოდ გაუთვალისწინებელ მოვლენებს შეუძლია. „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ გააჩნიათ დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ისინი სხვებზე ქმედებაუნარიანნი არიან. „ოცნებას“ სახელისუფლებო ბერკეტებიც აქვს. ამ ბერკეტებს ის გამოიყენებს, იმიტომ რომ ძალიან დაუვარდა რეიტინგი. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დაბალი რეიტინგი „ოცნების“ შიდა კვლევებმაც დაადასტურა.

- ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი თუ ჩამოყალიბდება?

- ამ ადამიანების უმეტესობა გააკეთებს არჩევანს. პარტიებს მათი მოზიდვა შეუძლიათ.

„ახალი თაობა“,  07 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ნაცმოძრაობაზეკონტროლი გიგა ბოკერიამ დაამყარა.. გიორგი ვაშაძე ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას შეეწირაპორტირებული ნაცების მფარველი ანგელოზი კახა კალაძეა

როდიდან დაიწყო ნაცმოძრაობაში განხეთქილება, ვინ მფარველობდა გიორგი ვაშაძეს, სად გადაბარგდებიან ნაცმოძრაობიდან გაქცეულები? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

„ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მე ვარ პირველი, ვინც ნაციონალებიდან გიორგი ვაშაძის წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამ განხეთქილებაზე 2014 წელს დავიწყე საუბარი. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნები გახლდათ. ერთ მშვენიერ დღეს ვაშაძეს გაუჩნდა ამბიცია, რომ თბილისის ,მერის პოსტზე უნდა ეყარა კენჭი. „ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე გუნდად არის დაყოფილი. ვაშაძე ადეიშვილის კლანის წარმომადგენელი იყო. ის რაღაც დროის მანძილზე ადეიშვილის მოადგილედ მუშაობდა. ნაციონალებმა ვაშაძე, როგორც ინოვატორი ლიდერი, ისე წარმოაჩინეს. ამან მას ამბიციები გაუჩინა და როგორც უკვე გითხარით, მერობაც მოინდომა.

მისი ამბიციები პარტიაში სხვა ლიდერების გაღიზიანებას იწვევდა. ამ ამბიციების გამო ვაშაძე არაერთხელ „გაიტისკა“. ამის მიუხედავად, მას პარტიაში გავლენა მაინც ჰქონდა. შექმნილი ჰქონდა და დღესაც აქვს ახალგაზრდობის ჯგუფი, რომლებიც, სხვა ნაციონალებისგან განსხვავებით, აგრესიულები არ არიან. ამ ჯგუფს ვაშაძის ახალგაზრდებს უწოდებენ. ამ ბავშვებზე თავის დროზე გოკა გაბაშვილიც საუბრობდა. საუბარია იმ აუდიო-ჩანაწერზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. უზრდელმა გაბაშვილმა ახალგაზრდები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. მაშინაც ეტყობოდათ, რომ ძალიან დაძაბულები იყვნენ“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი.

- თუმცა მაშინ თქვეს, რომ ეს პრობლემა მოაგვარეს და ყველაფერი თავიდან დაიწყეს...

- როგორც მოაგვარეს ეს პრობლემა, რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. სიის ფორმირების პროცესში მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა პარტია დატოვა. ნაციონალებს მისთვის მიცემული პირობა რომ შეესრულებინათ, ეს არ მოხდებოდა.

- რა პირობაზე საუბრობთ?

- როდესაც მერის პოსტზე ნიკა მელია წარადგინეს, ვაშაძე ძალიან გაბრაზდა. ის პარტიიდან წასვლას აპირებდა. ნაციონალები დაპირდნენ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ათეულში ჩასვამდნენ. ეს პირობა არ შესრულდა და ნოვატორი ლიდერიც წავიდა.

- თქვენ ამბობთ, დაპირება არ შეუსრულესო, ნაციონალების მტკიცებით კი, გიორგი ვაშაძის წასვლა ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია...

- ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის. რამდენიმე ლიდერს რომ დაეტოვებინა პარტია, მაშინ მეც გამიჩნდებოდა ეჭვი. ახლა კი ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ვაშაძე ათეულში არ ჩაწერეს. მისი ათეულის მიღმა დარჩენაც ძალიან საინტერესო ამბავია. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილმა ოდესა დატოვა. იქაური მედიის ცნობით, მას სააკაშვილთან დაეძაბა ურთიერთობები. ცოტა ხანში კი პარტიაში მისი კადრი – გიორგი ვაშაძე „გაიტისკა“. მფარველი ანგელოზის გარეშე დარჩენილი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ეს ახალგაზრდა იმდენად ამბიციურია, რომ გაიძახის, ჩემი მოძრაობა უნდა ჩამოვაყალიბოო.

- ამ მოძრაობას იმ ახალგაზრდებთან ერთად შექმნის, რომლებიც ზემოთ ახსენეთ?

- ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის უფრო ალასანიასკენ წავა. ვაშაძე თავისუფალ დემოკრატებთან გადაბარგებას 2 წლის წინაც გეგმავდა, მაგრამ მაშინ შეაჩერეს. ახლა წავიდა და უფრო მარტივად შეძლებს ალასანიასთან ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნას.

- ირაკლი ალასანიას რაში სჭირდება ვაშაძე?

- საქმეც ის გახლავთ, რომ სჭირდება. „ენდიაი“-ს და „აირაი“-ს კი უნდათ, რომ ალასანია მესამე ძალად წამოგვიჭიმონ, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. თავისუფალ დემოკრატებს კადრების მწვავე დეფიციტი აქვთ. ამ დეფიციტის შევსებას გირჩებით, ციყვებით და ვაშაძეებით აპირებენ. ირაკლი ალასანია დასავლეთის ერთ-ერთი პროექტია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პარტია ფეისებით გააძლიერონ. თავისუფალ დემოკრატებში მალე ბევრ გამოსწორებულ ნაციონალს ვიხილავთ. ეს სამუშაო სერიოზულ ფაზაშია შესული და ახლა ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებმა განსაკუთრებულად უნდა იმუშაონ.

- რა მიმართულებით უნდა იმუშაონ?

- არჩევნებში საგრძნობი გამარჯვება თუ სურთ, ასეთი ბლოკების შექმნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან.

- ხელი როგორ უნდა შეუშალონ?

- საამისოდ უამრავი კანონიერი გზა არსებობს, მოიფიქრონ რამე. ვისაც მართლა უნდა, რომ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, ის ასეთი ბლოკების შექმნას არ დაუშვებს. დამიჯერეთ, ასეთი ბლოკები არჩევნებზე მმართველ პარტიას უსიამოვნო სიურპრიზებს შესთავაზებს. დიდი ფინანსები თუ ჩაერია, ეს ბლოკები არ შეიქმნება. ხოლო თუ ყველამ ფეხზე დაიკიდა საქართველოს მომავალი, არ გამოვრიცხავ, რომ გარდაქმნილი ნაციონალები ხელისუფლების სათავეში მოევლინონ ქვეყანას.

- რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ნაცმოძრაობას კიდევ 3 ლიდერი - გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი და აკო მინაშვილი დატოვებს. ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ?

- ლევან ბერძენიშვილი ისეთ სიბინძურეებს ხლართავს, რომ რამსები აერია. მის მიერ დასახელებული პირები ნაციონალურ მოძრაობას არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ. შეიძლება რაღაცაზე განაწყენდნენ, მაგრამ არ წამოვლენ.

- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ არ წამოვლენ?

- ამაში მათი წარსული და აღმზრდელი მარწმუნებს. მინაშვილი, ჩიორაც და კანდელაკიც არიან კმარაგამოვლილი ხალხი ანუ გიგა ბოკერიას აღსაზრდელები. ერთი პერიოდი ბოკერია ჩააჩოჩეს, ახლა პარტიაში მას მიჰყავს პარადი და ეს გიორგი ვაშაძემაც დაადასტურა. დღეს პარტიაში სააკაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენით სწორედ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი სარგებლობს და არა მგონია, რომ მას მისმა გაზრდილებმა უღალატონ. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უღალატებს კანდელაკი თავის გამზრდელს, ეს ბიჭი პარლამენტში გიგა ბოკერიას რუპორია. კანდელაკს რომ ვუყურებ ხოლმე, გული მისკდება, ისე ბაძავს ბოკერიას, ინტონაციაც კი მისი აქვს აღებული.

- ზემოთ „ქართული ოცნება“ ახსენეთ და მათ ახალი ბლოკების ჩაშლისკენ მოუწოდეთ. ერთ კვირაში იმართება მათი ყრილობა და იქაც დიდ განხეთქილებებს ვარაუდობენ, შეძლებენ ესენი ვინმესთვის ხელის შეშლას? თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?

_ არ ჩაშლიან ბლოკების შექმნას და თავის თავს დააბრალონ. საარჩევნო სიის ფორმირებას “ქართულ ოცნებაშიც“ მოჰყვება დაპირისპირება, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება. 14 მაისს, პარტიის ყრილობაზე, საარჩევნო სიას არავინ წარმოადგენს. “ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებამდე 40 დღით ადრე გამოქვეყნდება, რაც კონკურენტებისთვის საკმაოდ სერიოზული სიურპრიზი იქნება. 14 მაისს პარტიის თავმჯდომარის არჩევა იქნება და საორგანიზაციო საკითხებს გადაწყვეტენ მხოლოდ. ამ ყრილობაზე ერთადერთი რამე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი _ რომელიმე მინისტრს შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს. რომელიმე მათგანი თუ დასახელდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, მას თანამდებობის დატოვება შეიძლება მოუწიოს. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება კახა კალაძე.

- ასეთი მაგარია კახა კალაძე არჩევნებში?

- არჩევნებში კი არ არის მაგარი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა მისთვის იქნება დაქვეითება.

- მისი ასე დაქვეითება ასეთი მნიშვნელოვანია?

- მნიშვნელოვანი როგორ არ არის, გადაჭამა ამ კაცმა მთელი ქვეყანა. ფულის ამოღების გარდა, მან ნაციონალების მფარველი ანგელოზის მისიაც იკისრა.

- რას ნიშნავს, ნაციონალების მფარველის მისია აკისრია?

- იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მაგან გაავსო ნაციონალებით. მისი წარდგინებით მოხვდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მმართველ გუნდში. ასეთი სამარცხვინო კაცი არ უნდა იყოს ამ პარტიის ლიდერი. ახლა მათი გადასაწყვეტია. რაც უნდა ის უქნიათ, მათი ბედი არც მაინტერესებს.

- არ მაინტერესებსო და ცოტა ხნის წინ მათ არ უჭერდით მხარს?

- „ქართულ ოცნებას“ მაშინ ვუჭერდი მხარს, როდესაც ისინი ნაციონალებს მართლა ებრძოდნენ.

- ეს ხდებოდა ოდესმე? მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, ეგრევე კოაბიტაციურ რეჟიმზე გადავიდნენ...

- ნაციონალებს მაშინ გამოუცხადეს ომი, როცა პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ადამიანს მართლა სურდა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ამ პარტიას ერთი რამე უნდა ვურჩიო – სასწრაფოდ დააბრუნონ ირაკლი ღარიბაშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ რაიმე სერიოზული შედეგის მიღწევა გაუჭირდებათ.

- პარტიაში მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილის გარეშეც შეუძლიათ წარმატების მიღწევა...

- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ნაციონალების რეიტინგი მკვეთრად დავარდა. მისი წასვლის შემდეგ კი “ქართული ოცნების“ რეიტინგი დავარდა. ჩემი თუ არ გჯერათ, აირაის და ენდიაის კვლევებს გადახედეთ.

- ბევრი ამ კვლევებს არ ენდობა, თქვენ ენდობით?

- არც მე ვენდობი, მაგრამ ტენდენცია სახეზეა. მათი კვლევების გარეშეც ნათელია, რომ ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად დავარდა. ყოფილმა პრემიერმა ნაციონალებს სტრატეგიაც კი შეაცვლევინა. ყოფილი ხელისუფლება კარგად მიხვდა, რომ მას რეიტინგი ირაკლი ღარიბაშვილმა დაუგდო. ამის შემდეგ ისინი შეეშვნენ საკუთარი რეიტინგის მატებაზე ფიქრს და „ქართულ ოცნებას“ დაუგდეს რეიტინგი. ღარიბაშვილი რომ არ წასულიყო, „ოცნების“ რეიტინგი ასე არ დავარდებოდა. ორივე პარტია ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა. „ქართული ოცნება“ და ნაციონალები ერთმანეთს ასულიერებენ და სატოპკეებსაც უწევენ. ეს ამბავი კარგად არ დასრულდება.

„ახალი თაობა“,  07 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: “გიორგი ვაშაძემ თავისი გამოუცდელობის გამო გვიგანა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, პარტიის მიერ გამართულ შეკრებაზე რა საკითხებზე იყო საუბარი, რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ამ შეკრებაზე ძირითადად საარჩევნო სიაზე იყო საუბარი. სიის ფორმირება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში ამომრჩეველი გაიგებს, ვინ არის ამ სიაში წარმოდგენილი. შიდა დემოკრატიის მეშვეობით ხდება სიის ფორმირება. არსებობს სამდივნო, სადაც წარმოდგენილი არიან პარტიის მდივნები სხვადასხვა პოზიციიდან და მათ მიერ ხდება სიის წარმოდგენა, ასევე _ რეგიონები. მათ შორის თბილისის მიერ ხდება სიის წარმოდგენა და ა.შ. ამ პრინციპით ხდება ნაციონალურ მოძრაობაში საარჩევნო სიის ფორმირება.

- ძირითადად ვისზე კეთდება აქცენტი? ესენი არიან ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს თუ პოლიტიკაში გამოუცდელ ხელოვანებზე?

- რას ნიშნავს ყოფილი პოლიტიკოსი? ადამიანი არის პოლიტიკაში და მას იცნობს საზოგადოება, თუ ის არის ყოფილი დეპუტატი, ის მაინც რჩება, როგორც პოლიტიკოსი და ერკვევა პოლიტიკურ პროცესში. სიაში იქნებიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არიან ცნობილი, შეიძლება პოლიტიკური წარსულით – არა, მაგრამ თავიანთი საქმიანობით. მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საერთოდ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები იყვნენ სიაში წარმოდგენილი.

- თქვენ კი ისაუბრეთ შიდა დემოკრატიაზე, მაგრამ მაინც ვინ ახდენს სიის ფორმირებას? ეს ხდება კონსენსუსის გზით თუ როგორ?

- კონსენსუსი ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება, კონსენსუსი არ იყოს მიღწეული. კონკურენციის რეჟიმია როგორც გარეთ, ისე შიგნით პარტიებში. დანარჩენი გითხარით, თუ როგორ ხდება. ძირითადად სამდივნოების მიერ ხდება სიის წარმოდგენა.

- სამდივნოში რას გულისხმობთ?

- მაგალითად, სერგო რატიანი არის ერთ-ერთი მდივანი, ასევე სხვები არიან მდივნები და მათ მიერ ხდება წარმოდგენა. პარტიაში არის ლეგიტიმური ორგანოები და აქ ხდება შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღება.

- თუ ასეა, რა არ მოეწონა გიორგი ვაშაძეს, თქვენი პარტიის უკვე ყოფილ წევრს?

- დიახ, ის უკვე ყოფილი წევრია. თუ რა არ მოეწონა, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- ის კაბინეტურ მმართველობაზე აკეთებს აქცენტს, მიუთითებს ძველ სახეებზე, პირდაპირ ასახელებს რამდენიმე გვარს: მაჭავარიანს, გოგორიშვილს, გაბაშვილს, ბარამიძეს, რომლებიც აფერხებენ პარტიის განვითარებას, განახლებას.

- რა ვიცი, მე არაფერი შემიმჩნევია ამ ადამიანებისთვის იმის მსგავსი, რომ პარტიის განვითარება შეეფერხებინოთ. თვითონ იყო ერთ-ერთ პოზიციაზე და შეეძლო გაეკეთებინა უფრო მეტი, თუ უნდოდა. მე ერთადერთი სიტყვა მესმოდა ვაშაძისგან – „ინოვაცია“, მაგრამ ვერაფერი მეტი ინოვაციური ვეღარ დავინახე მისგან. ის საუბრობდა იუსტიციის სახლებზე.

- და მას თავის მიღწევად მიიჩნევს...

- ეს არ არის მისი მიღწევა, ეს არის საერთო გამარჯვება. უმთავრესი მიღწევა და გამარჯვება იყო კორუფციის დამარცხება, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. გიორგი ვაშაძე გამოუცდელია პოლიტიკაში, ის პოლიტიკურ პროცესებში 2012 წელს ჩაერთო, მაშინ მოვიდა, მანამდე 6 წელი იმ სტრუქტურაში მუშაობდა. პოლიტიკაში როდესაც გამოუცდელი ხარ, მაშინ იღებ ასეთ გადაწყვეტილებებს. ვაშაძემ გამოუცდელობის გამო გვიგანა.

- ვაშაძის პარტიიდან წასვლა არ არის პირველი შემთხვევა. კიდევ ელოდებით, რომ ვინმე გაჰყვეს ვაშაძის გზას? კანდელაკზე, თაქთაქიშვილზეც იყო საუბარი...

- მე რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები არსად აპირებენ წასვლას.

- ხშირად გვესმოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მონოლითურია. პარტია მყიფეა თუ შეკრულია?

- ნაციონალური მოძრაობა როდესაც ხელისუფლებაში იყო, მაშინაც მიდიოდნენ ვიღაცები პარტიიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტია ერთიანი და კონსოლიდირებული არ არის. ვინც წავიდნენ, მათ თავიანთი არჩევანი და გზა აქვთ.

- გიორგი ვაშაძე ამ ყველაფერზე პარტიაში, შიგნით საუბრობდა თუ პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო საუბარი?

- მისგან მხოლოდ ერთადერთი რამ მესმოდა, „ინოვაცია“, მეტი არაფერი.

- პარტიის შიგნით კონფლიქტი იყო?

- არ ვიცი, რას ეძახით კონფლიქტს, მაგრამ კონფლიქტი ადამიანური თვისებაა, როდესაც სხვადასხვა პოზიციაზე ხართ.

- სააკაშვილის ჩაჩოჩებასა და გიგა ბოკერიასთვის მისი ადგილის შეთავაზებაზეა საუბარი. ამაზე ვაშაძემაც მიანიშნა. რამდენად რეალურია, რომ მოვლენები ასე განვითარდეს?

- მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინაში, ის საქართველოს მოქალაქე არ არის და როგორ შეიძლება, მისი ადგილი გიგა ბოკერიამ დაიკავოს, მაშინ როდესაც პარტიის თავმჯდომარე არის დავით ბაქრაძე. პარტიის ლიდერი კი – მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით იმაზე, თუ რა ელანდება ვაშაძეს.

„ახალი თაობა“,  07 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი ვაშაძეს პოლიტიკაში შანსი აქვს… „ნაციონალებს ის არ უნდა დაეკარგათ

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- ბატონო რამაზ, ნაციონალები დაიშალნენ თუ გაიშალნენ?

- მეეჭვება, რომ გაშლა მომგებიანი სტრატეგია იყოს ნაციონალებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ახლა ეს სქემა ჰქონდეს „ოცნებას“. ნაციონალებს ზოგადად გაუჭირდებათ 15-20%-ზე მეტის მოგროვება, ამიტომ მათთვის გაშლის სტრატეგია არ უნდა იყოს მომგებიანი. თავი იჩინა ნაციონალების ზედა ეშელონის არაელასტიურობამ, მოუხეშაობამ. შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებში, როგორც ჩანს, ძალადობის ის პრინციპი, რაც სხვებთან ურთიერთობებში ჰქონდათ, შიგნითაც იყო. ზოგი იტანს ამ ტიპის პოლიტიკურ ძალადობას და ზოგი ვერ იტანს. ეს უნდა გაზომოს პოლიტიკურმა ელიტამ, ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს ეს ადამიანები. მე მგონი, უნდა უნდოდეს, რადგან არც გირჩის ფიგურები და არც ვაშაძე არ არის უცხო ხილი საზოგადოებისთვის.

- ვაშაძის წამოსვლით ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი დაკარგა?

- დღეს ყველა პარტია ნადირობს ცნობად სახეებზე და მინიმუმ ცნობადი სახე დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ელიტის აგრესიული, უხეში და დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგია, რაც სააკაშვილის განცხადებაში გამოჩნდა კიდეც.

- ვაშაძის ყოფილმა თანაგუნდელებმა სულ სხვა ვერსიაზე ისაუბრეს, რომ ის ვერ მოხვდა პირველ ათეულში და ამან გაანაწყენა. ამას კატეგორიულად უარყოფს თავად ვაშაძე. ენდობით ამ ვერსიას?

- შეიძლება მიზეზი უფრო აბსტრაქტული იყოს. თუ ვერ მოხვდა ათეულში ვაშაძე, მაგას უნდა მიხვედრილიყო ხელმძღვანელი ჯგუფი, რომ ვაშაძე ჰყოლოდა ათეულში. ის რომ ათეულში ვერ მოხვდა, ეს არ არის ვაშაძის მინუსი, ეს ნაციონალების მინუსია.

- არ იყო დასაკარგი ფიგურა?

- ვაშაძეს ჩემი ორიენტაციის ადამიანი ბევრ რამეში არ დაეთანხმება, მაგრამ ის, რომ აქტიური ფიგურაა და თავის პოზიციას აქტიურად იცავს და კონფორმული არ არის სიტუაციის მიმართ, ეს პოლიტიკური გუნდისთვის მომგებიანია. მებრძოლი ფიგურის დაკარგვა წამგებიანია. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ვაშაძემ ყველა იმ ნაბიჯს, იმ პროცესს მოაწერა ხელი, რასაც სული ჩაუდგა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე რომ, ვაშაძე პასუხისმგებელი არის იმ ხარვეზებზე, რაც ნაციონალებს ჰქონდათ. ეს სასურველია, რომ ყოველთვის იყოს წინ წამოწეული, რომ პოლიტიკოსებს არ ჰქონდეთ თავიანთი ბიოგრაფიის ადვილად განახლების ილუზია.

- ბევრს საუბრობდნენ ვაშაძის და სააკაშვილის კარგ ურთიერთობებზე, თუმცა ყველამ ვნახეთ მიშას პოზიცია, წამით არ დაფიქრებულა, ისე გადაუსვა ხაზი...

- დიახ და გამოაცხადა გამყიდველად, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ეს, იმედია, დანარჩენებისთვისაც მაგალითი იქნება, რომ ამ გუნდში დანდობა არ იციან და არც ერთგულების დაფასება. შეიძლება გუნდმა იცის, მაგრამ სააკაშვილმა არ იცის.

- ვაშაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ ნაციონალების ამ გუნდს თავად სააკაშვილის ჩამოცილებაც უნდოდა...

- დიახ, არის ეგ ვერსია, მაგრამ სააკაშვილის ჩამოცილების მსურველი გუნდი, ამავე დროს, სააკაშვილის ნების გამომხატველად გვევლინება დღეს, ცოტა გაუგებარი სიტუაციაა. მე არ გამოვრიცხავ, რომ შიგნით იყო საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი ამ პარტიისთვის მძიმე ფიგურაა, მაგრამ თუ წევრები ისეთივე სტილს გააგრძელებენ, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რა განსხვავებაა, სააკაშვილი იქნება თუ არა.

- რა შანსები აქვს ცნობადი სახეების გარეშე დარჩენილ ნაციონალურ მოძრაობას?

- ნაციონალური მოძრაობა ისევე, როგორც „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ სიები სავსე იქნება ახალი სახეებით. ახალი სახეები ღიმილის მომგვრელი განცხადებაა ორივეს მხრიდან.

- რა არის მასში ღიმილის მომგვრელი?

- ის, რომ თუ ახალ სახეს რეიტინგი არა აქვს, მარტო სახის სიახლე არჩევნებისთვის არაფრის მომცემი არ იქნება. დარჩენილ დროში კი ახალი სახე ვერ მოასწრებს, რომ რეიტინგი მიიღოს, რაც უნდა ნიჭიერი და კარგი პოლიტიკური პოტენციალის მქონე ფიგურა იყოს. ამიტომ ახალ სახეებზე ორიენტაცია წამგებიანი იქნება.

- ვაშაძე აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის. რა შანსები აქვთ ასეთ ახალ-ახალ მოძრაობებს?

- გააჩნია, რას დაარქმევს. თუ წიწვი დაარქვა, შეიძლება ალიანსში აღმოჩნდეს გირჩთან. ხუმრობა იქით იყოს და ვაშაძეს შეიძლება უფრო ჰქონდეს შანსი, ვიდრე სხვა ფიგურებს, თუნდაც იგივე „გირჩს“. ის უფრო ენერგიულია, ვიდრე „გირჩი“. ხოლო პოლიტიკაში ენერგიას დიდი შანსი აქვს. ვაშაძე ორიენტაციის აღებას აპირებს ახალგაზრდებზე. ეს ნიშნავს, რომ ის ეცდება ახალგაზრდების ხმების მიზიდვას. ეს ნიშნავს, რომ ის თავის გუნდს აკრეფს ახალგაზრდული ლიდერებიდან.

„ახალი თაობა“,  07 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: “ნაციონალების სია ნამდვილი ანეკდოტიაციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ სააკაშვილს ახალაიები უნდა დაეპატიმრებინა და პრემიერი მერაბიშვილი მოეხსნა

პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ნაცმოძრაობაში მიმდინარე დაშლის პროცესი გაგრძელდება. არც ერთად აღებულნი და არც დაშლილ მდგომარეობაში, ცალ-ცალკე პარტიების სახით, ნაციონალები არჩევნებში რეალურ საშიშროებას არ წარმოადგენენ,

- ბატონო პეტრე, როგორ უყურებთ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს? არჩევნებამდე კონსოლიდირებულად მისვლას შეძლებენ? წინ რა პროცესები გველოდება?

- ნაცმოძრაობის დაშლის პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 2012 წელს. ჩვენ გვახსოვს გადაჯგუფებები პარლამენტში.

- თუმცა, დღემდე გვაჩვენებენ თავს, თითქოს შეკრული პარტიაა და ასე ერთიანად, ხელისუფლებაში დაბრუნებას კვლავ შეძლებენ...

- ისინი ყოველთვის ამას იტყვიან. ნაწილობრივ კი სიმართლეს შეესაბამება. კერძოდ, ჩვენ გვახსოვს იგივე მარიკა ვერულაშვილის გასვლა შესაბამისი განცხადებით, რომ ვანო მერაბიშვილისნაირი ადამიანების გვერდით დგომა სირცხვილია. გვახსოვს გირჩის შექმნა, რომელთა შორის არიან ცნობილი სახეები კუბლაშვილი, ჯაფარიძე, ხაჩიძე. ისინი გავიდნენ შესაბამისი განცხადებით. ორი დღის წინ ნაცები ვაშაძემ დატოვა, განაცხადა, რომ შეიქმნა კაბინეტური მმართველობა, გვარები ჩამოთვალა – ბოკერია, გოგორიშვილი, მაჭავარიანი და ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე. მიუხედავად ამისა, არასწორია ფიქრი იმაზე, რომ მთლიანად დაიშლებიან, პარტია აღარ იარსებებს და არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

- ზოგი ფიქრობს, რომ ნაცების დაშლა და გაშლა პოლიტიკურ სპექტრში, მათი მრავალ სუბიექტად წარმოდგენა საშიშ ვითარებას შექმნის პოლიტიკურ ბაზარზე...

- არც ერთად აღებულნი და არც დაშლილ მდგომარეობაში, ცალ-ცალკე პარტიების სახით არჩევნებში რეალურ საშიშროებას არ წარმოადგენენ, ვინაიდან მათ არ შეემატებათ ახალი სახეები. მათ მოუწევთ დანაწევრება, რაც ძალიან წამგებიანია. წარმოუდგენელია, ისეთმა სახემ, როგორიც არის ვაშაძე, შეიძინოს ახალი სახის სტატუსი და მოიპოვოს რაღაც პოპულარობა.

- ამას ისინი ვერ აანალიზებენ?

- ნაცმოძრაობაში პროცესები ყოველგვარ ანალიზს მიღმაა. კერძოდ, ბრძოლაა კარგი ადგილებისთვის. ნაცმოძრაობა არის დანაშაულებრივი დაჯგუფება, სადაც ადამიანები თავიდანვე შეკრულები იყვნენ ერთად ჩადენილი დანაშაულით _ ძალადობით, ტყუილით და სიძულვილით.

- ეშინიათ, თუ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, იმუნიტეტი აღარ ექნებათ და შეიძლება გისოსებს მიღმა მოხვდნენ?

- მაშინ საქმე აქამდე იქნებოდა აღძრული. ვიცით, ქოცები როგორ გარიგებაზე წავიდნენ ნაცებთან. არსებითია ანდრო ბარნოვის განცხადება, რომელიც გახლდათ რწმუნებული. ეს შედარებით ახალგაზრდა კაცი, რომელიც არ იყო პარლამენტის წევრი, მაგრამ იყო აქტიური ნაცმოძრაობაში, გახდა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, პირდაპირ დაწერა, რომ მოიარა მთელი საქართველო, იბრძოლა (მავთულხლართებთან მიდიოდა) და შეეჯახა კედელს. რას ნიშნავს ეს? იმ კაბინეტური მმართველობის ბირთვს, სადაც ყოფილი ჟვანიას გუნდი დომინირებს.

- დიახ, მეც მივაქციე ყურადღება..

- მათ სადავეების ხელიდან გაშვება არ უნდათ. ეს ნიშნავს ნაცმოძრაობის საბოლოოდ ჩაძირვას არჩევნებზე. აბა, წარმოიდგინეთ, როცა ქართველმა ხალხმა იცის, რომ ისევ ბოკერია, ისევ გოგორიშვილი, ისევ მიშა მაჭავარიანი, ისევ გოკა გაბაშვილი განაგებენ ყველაფერს, რომლებიც ხალხმა შეიძულა. “ოცნების“ რეიტინგი ძალიან დაეცა, მაგრამ მათი სიძულვილის გამო, ხმების გადადინება ნაცების მხარეს არ ხდება.

- ანუ ცალ-ცალკე უფრო ჩაიძირებიან თუ ერთად?

- ერთადაც და ისედაც. ესენი ამბობენ, ვაშაძე წავიდა იმის გამო, რომ სხვებმა თავისი ნებით უარი თქვეს პირველ ათეულში ყოფნაზე იმის გამო, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოვიდნენ, ახალი სისხლი. ამ ფონზე ვაშაძემ თქვა, მეც უნდა ვიყო იმ ახალ სისხლშიო. დანარჩენები კი ისეთი თავდადებული ადამიანები არიან, თავის თავს არ ზოგავენ. გეკითხებით, ვინ არიან ის ახალგაზრდები, ახალი სახეები, საზოგადოებისთვის ცნობილი, რომლებიც დათანხმდებიან ნაცების სიის პირველ ათეულში ყოფნას.

- მართლაც საინტერესოა, ვინ არიან ის პირები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ ნაცმოძრაობის ტვირთს?

- პოზიტიური გაგებით ასეთი სახეები არ არსებობს. სულ მალე გამოაცხადებენ მათ ვინაობას და იქნება ნამდვილი ანეკდოტი.

- ანუ თქვენ ნაცების სიაში წონიან ფიგურებს არ ელოდებით?

- წონიან ფიგურებს ნამდვილად არ ველოდები, გამორიცხულია. ვიღაცები, ფასადური ბაქრაძის ჩათვლით, შეიძლება ჩასვან.

- ვინ შეიძლება დათანხმდეს ნაცებთან მისვლას?

- მათი სია პრესაში ვრცელდება პირდაპირ ნომრებით _ დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ქადაგიძე, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია, ირაკლი აბესაძე და ოთო კახიძე.

- ესენი ხომ კარგად შესწავლილი და ნაცნობი სახეებია. რა არის მათში ახალი?

- მათში ახალი არის მხოლოდ ის, რომ პარტიულ ელიტაში არ მოიაზრებოდნენ. მაგალითად, რომან გოცირიძე ცნობილი იყო, როგორც ფინანსისტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

- რომან გოცირიძე ხომ ყოველთვის ასოცირდებოდა ნაცმოძრაობასთან, პარლამენტში საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის კიდევ ბევრ პროცესთან იგივდება, რომლებიც დადებითად ნამდვილად არ აღიქმება...

- ამას გეუბნებით. მათ თუ ჰგონიათ, რომ ეს გვარები ხალხში პოპულარულია, ნაცმოძრაობის იმ ტვირთს არ ინაწილებენ და მათზე არ გადადის ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის რეჟიმს აქვს, ძალიან ცდებიან. გიორგი ქადაგიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, რომელსაც ლუკაშენკოს ხელისუფლების დასამხობად უშვებდა სააკაშვილი. ნიკა მელიას სახე ახალი და პოზიტიურია? ამიტომ ეს იქნება პოლიტიკური ანეკდოტი.

- ქადაგიძის როლიც ხომ აშკარად გამოჩნდა, თუნდაც ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, რომელმაც მისი წასვლის შემდეგ მკვეთრი დასტაბილურება დაიწყო. რატომ უნდა მისცეს ხალხმა ხმა კონკრეტულად ქადაგიძეს?

- ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შერჩეული იყო ადეიშვილის მიერ პროკურატურის წიაღიდან. სრულიად ახალგაზრდა კაცს ისეთი სახელი ჰქონდა, რომ სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის დავალებით ბანკებს უკანონოდ აკოტრებდა. ამ საკითხში რომ გამოიჩინა თავი, დასვეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიოს ისტორიაში. მახსოვს, უცხოელები გიჟდებოდნენ, 29 წლის ბიჭი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად აირჩიეთო?!

- სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი შესაძლებელია...

- არ ვფიქრობ, რომ პრესაში გამოჩენილი სია მაინცდამაინც ასე დარჩება, შეიძლება ზოგიერთი შევიდეს, ზოგიერთი არა, მაგრამ დონე, მიდგომა იგივეა, ანუ ეს არის სრულიად უიმედო ავანტიურა, აფიორა ნაცმოძრაობისა, როცა აცხადებს, რომ თურმე ახალ, პოლიტიკურად გაუსვრელ, ხალხში პოპულარულ სახეებს წარმოადგენს.

- ის პროცესი, რაც მიდის ნაცმოძრაობაში, სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს თუ იქ რაღაც ქვედინებები არსებობს და პროცესებს სააკაშვილი მართავს?

- სააკაშვილი პროცესში მონაწილეობს. ამას ღიად ამბობენ, სკაიპით გვიკავშირდებაო. სხვა საქმეა, რამდენად აქვს სააკაშვილს დღეს წონა და გავლენა.

- სააკაშვილს ნაცებში წონა და გავლენა აღარ აქვს?

- სააკაშვილს გავლენა, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ არის განხეთქილება. ეს პირდაპირ უთქვამთ ბოკერიას და სხვებს. მაგალითად, სააკაშვილმა რომ უთხრა გვარამიას, რკინის კონსტრუქციები ააშენე და რუსთავი 2 გადაფარეო. ბოევიკებზეც იყო საუბარი.

- სისხლისღვრაზეც საუბრობდნენ...

- ესენი ამბობენ, ჩვენ აქ დანის წვერზე დავდივართ, ნებისმიერ დღეს შეიძლება დაგვიჭირონ, შენ კი კიევში ხარ, უკრაინის მოქალაქე და იქიდან ასეთ დავალებებს რომ იძლევი, ასე არ შეიძლებაო. სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია. იქვე იყო ბოკერიას კომენტარი, არავითარი კონსტრუქციები არ იქნებაო.

- ასეთი განცხადებებით სააკაშვილი აქ მყოფ ნაციონალებს წირავს?

- დიახ. სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს აქ გავლენა, მაგრამ ფული გატანილია. ფული სააკაშვილ-კეზერაშვილის ხელშია და დიდ როლს ასრულებს. ეს სააკაშვილმა თავისი წერილით დაადასტურა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართა და სთხოვა, კეზერაშვილი გაეთავისუფლებინა, ვინაიდან ის არის ჩვენი პარტიის ყველაზე დიდი სპონსორიო. ნაცებს მხარდამჭერთა რამდენი პროცენტიც ჰქონდათ, ის შერჩათ. მათი დაქსაქსვა არ მოიტანს კარგ შედეგს მათთვის. გამორიცხულია, ვაშაძემ გადალახოს 5%-იანი ბარიერი პარლამენტში შესასვლელად.

- მაშინ რის იმედი აქვს?

- ეს არის არაადეკვატურობა. თუ იმის გამო მიდის, რომ თავისი ღირსება დაამტკიცოს, ეს არ არის სერიოზული.

- რატომ გაწირა ვაშაძე სააკაშვილმა?

- სააკაშვილმა თავისი განცხადებით დაგმო ვაშაძის ქმედება. თან გვარებსაც არ ახსენებს. უბრალოდ ამბობს, რომ ყველაფერი ივანიშვილის ბრალია, რაც ძალიან კომიკურია. სააკაშვილმა, რატიანმა და სხვებმა დააბრალეს ივანიშვილს, თითქოს ფულით და თავისი გავლენებით ცალკეულ პიროვნებებზე ზეგავლენას ახდენს და შედეგად გარკვეული პიროვნებები გადიან ნაცმოძრაობიდან.

- ზოგადად, ნაცმოძრაობამ მტრის ხატი შეიქმნა ივანიშვილის სახით...

- აქეთ კიდევ ვაშაძემ განაცხადა, დახურული, კაბინეტური მმართველობა თავისი ბუნებით ივანიშვილს ემსახურებაო, ანუ ყველაფერი მაინც ივანიშვილს დააბრალეს, რომ ივანიშვილის ხრიკებია. ბოკერია, მაჭავარიანი, გოგორიშვილი, გაბაშვილი ემსახურებიან ივანიშვილს, უნდათ თუ არა, შეგნებულად თუ შეუგნებლად. ეს ასეც არის. ამ მხრივ, ვაშაძე მართალია.

- რა საფუძველი აქვს?

- საფუძველი ისაა, რომ ეს ადამიანები ჩაეჭიდნენ თავიანთ სტატუსებს და ამ წლების განმავლობაში არ მოინდომეს ჩაჩოჩება და თავის დროზე ადამიანებმა შეიძულეს ისინი. ყველამ მადლობა ვუთხრათ გოკა გაბაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, აკაკი ბობოხიძეს, მიშა მაჭავარიანს, აკო მინაშვილს, ისინი თავისი გამოსვლებით ხალხმა შეიძულა. დღესაც ამბობენ, აღარ შეგვიძლია მათი ატანა, რომ გამოდიანო. კარგ საქმეს აკეთებენ, ჩიორასაც მადლობა უნდა ვუთხრათ, აკოსაც, გოკასაც და სხვებსაც, რომ ახსენებენ მოსახლეობას, აგერ ვართ ყველანი, რა ბინძურებიც ვიყავით, ისევ დავრჩითო. მართლა რომ სდომებოდათ ნაცმოძრაობის გადარჩენა, ციხის კადრების გამოქვეყნებისთანავე უნდა ემოქმედათ.

- ახალი სახეებიც რომ მისულიყვნენ, ნაცმოძრაობა, როგორც ბრენდი, ხომ დისკრედიტირებულია, რას უშველიდა ახალი სახეები, თან იმ ეტაპზე, როცა ციხის კადრები გამოქვეყნდა?

- ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ სწორი მოქმედება იქნებოდა, ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, სააკაშვილს თავისი ბრძანებით ახალაიები რომ დაეპატიმრებინა, იმ დღესვე მოეხსნა პრემიერი მერაბიშვილი და დაეგმო.

Comments are closed