globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 7th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში: „მალე აშშ-დან იარაღს გამარტივებულად შევისყიდით“ (ქართველი სამხედრო ექსპერტების კომენტარები)

რეზონანსი“: „რვა ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის.“: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჯონ კერიმ ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა?

რეზონანსი“: „ზოგიერთი განცხადება, რომელიც არჩილ გეგეშიძის კვალიფიკაციის თაობაზე გაისმა, უპასუხისმგებლოა“

რეზონანსი“: სოფლებში ხალხი გაღატაკების პირასაა // „გლეხები წლის მოსავლით ვალს ისტუმრებენ, მაგრამ ფული აღარ რჩებათ და სესხს ისევ თავიდან იღებენ“

——–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ხელისუფლებამ დამნაშავე ნაციონალები გააპარა“ // „აუდიტის სამსახურის თანამშრომლების 99% სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: „სოხუმსა და ცხინვალში ეუთოს მისიის დაბრუნება შესაძლებელია“ // „რუსეთთან ურთიერთობის საპარლამენტო ფორმატი შეიძლება არანაკლებ საინტერესო იყოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ წოწონავასთან: „რაულ ხაჯიმბამ კრემლის მოლოდინი ვერ გაამართლა“ // „საქართველოს კონსტიტუცია სერიოზულადაა გადასახედი“

——————-

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2016 წელი

ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში: „მალე აშშ-დან იარაღს გამარტივებულად შევისყიდით

(ქართველი სამხედრო ექსპერტების კომენტარები)

ეკატერინე ბასილაია

ამერიკული სამხედრო წვრთნების შემდეგ საქართველო ვაშინგტონისგან მალე იარაღის გადმოცემასაც ელოდება. გუშინ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვის თემებს მოიცავს. დოკუმენტს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს და ის უკვე შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი მიღწევა აშშ-საქართველოს 25-წლიანი პარტნიორობაში.

თბილისში ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მთავარ ხელშესახებ შედეგად სწორედ ეს მემორანდუმი დასახელდა და, ექსპერტების თქმით, ეს დოკუმენტი ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

უდიდეს მიღწევაზე შეფასებები გააკეთეს მთავრობის წევრებმა და ყურადღება ძირითადად იარაღის შესყიდვის შესაძლებლობაზე მახვილდებოდა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დოკუმენტი საქართველოსა და აშშ-ს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა და ის საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, თავდაცვითი იარაღი შეისყიდოს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება. მემორანდუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნას პარტნიორებთან და საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ დღეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როცა პირველად, 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ხელი მოაწერა შეთანხმებას ტერიტორიული თავდაცვის სფეროში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ და ამ დოკუმენტის გაფორმების შემდეგ მალე საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზეც იქნება საუბარი.”საუბარია საქართველოს ტერიტორიული დაცვის ამოცანების გადაწყვეტაზე და სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ ასე თქვა, ჰაერში, წყალსა და მიწაზე. საუბარია ყველაფერზე, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას შეკავების მთავარი პოლიტიკის განხორციელებისთვის თავდაცვაში, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანაა. ყველაზე მთავარი გზავნილი ამ მემორანდუმის არის ის, რომ ეს აღარ არის “საქართველო საერთაშორისო მისიებში” ხელშეკრულება, რაც იყო აქამდე. ეს არის საქართველო საქართველოსთვის, თავდაცვის უნარიანობის გამყარებისთვის,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მან აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დაწესებული ჰქონდა ემბარგო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით დახმარება იქნება პირველი რიგის ამოცანა. “ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჩანიშნულია 18-20 ივლისს აშშ-ში, სადაც უკვე გაიწერება კონკრეტული გეგმა, რითაც დავიწყებთ გეგმის განხორციელებას,” – დასძინა მინისტრმა.

სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, ამ მემორანდუმით თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემების გარდა გათვალისწინებულია დამხმარე განათლება, წვრთნები და ტრენინგები. ასევე, აქ იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური პირადი შემადგენლობის გაცვლა. “აქ შესულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის დაცვის თემები და ასევე, ინფორმაციის გაზიარების პროცესები და სხვა, რომლებიც გაამყარებს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით,” – განაცხადა ჯონ კერიმ.

გაფორმებული მემორანდუმი მალევე გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით აპირებს, გააფართოვოს დახმარების არსებული მექანიზმები და რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში ყურადღების გამახვილება იგეგმება სამ სფეროზე. ესენია: საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა, თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ინფორმაციის გაცვლა.

———–

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს არის ის დახმარების პაკეტი, რაც უპირველესად რუსული აგრესიის გამო საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის 3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას და ამ ფორმატში თავდაცვის რეფორმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

“აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დახმარების დოკუმენტი და ახლა ამ პროგრამის ფორმატში გარდაქმნა. ეს გამომდინარეობს 2009 წელს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან – აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. აშშ გამოყოფს თანხას, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ. აქამდე ასეთი დიდი დახმარების ფორმატი არ არსებობდა,” – აღნიშნავს მაისაია. იგი ამბობს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია გულისხმობდა ამგვარ მჭიდრო ურთიერთობას, თუმცა სააკაშვილსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამიტომაც არ მოჰყვა მას არაფერი ხელშესახები. შემდეგ კი, მისივე თქმით, აშშ ახალ ხელისუფლებას აკვირდებოდა.

დღეს კი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, ყირიმის ანექსიის და ასევე რუსეთ-აშშ-ს შორის ახალი ცივი ომის განვითარების გამო, რომელიც 2015 წელს დაიწყო, აშშ-მა მოკავშირეების უსაფრთხოებაზე ყურადღების მეტად მიქცევა დაიწყო. ამას ემატება აღმოსავლეთში “ისლამური ხალიფატიდან” წამოსული საფრთხეც, რაც ბოლო პერიოდში თვალსაჩინო გახდა. ამ გეოპოლიტიკური ვითარების გამო დაიწყეს ამერიკელებმა ასეთი ტიპის მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთან, უკრაინასა და მოლდავეთთან, გამოყოფილი თანხიდან ჩვენ შეიძლება სერიოზული ტიპის შეიარაღება შევიძინოთ. შანსი გვეძლევა და ამის საშუალება არის, რომ თავდაცვითი შეიარაღების მოდერნიზაცია მოხდეს,” – მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ, როგორც მემორანდუმიდან ჩანს, საქართველოს მიმართ მეტი ნდობაა გამოცხადებული და შეიარაღების შესყიდვაზე ან გადმოცემაზე ლიცენზიის მოპოვება გამარტივდება.

“პირველ რიგში ეს არის მხარდაჭერის დემონსტრირება და ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვან რესურსს დებს უსაფრთხოებისა და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში. ეს არის ჩარჩო, რომლის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ უწყებებს შეუძლიათ, მოქნილად დაკავდნენ კონკრეტული ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში. ამერიკის ადმინისტრაციას ახლა უფრო მოქნილად შეუძლია მაგალითად გამოყოს რესურსი საქართველოს ქვედანაყოფების გაწვრთნისთვის, ასევე აშშ-ში მათთვის მოიძიოს აღჭურვილობა და შეიარაღება. როგორც მემორანდუმიდან ჩანს, საქართველოს მიმართ მეტი ნდობაა გამოცხადებული და შეიარაღების შესყიდვაზე ან გადმოცემაზე ლიცენზიის მოპოვება გაძნელებული არ იქნება,” – მიიჩნევს გიორგი თავდგირიძე. მისი თქმით, ამ მემორანდუმიდან გამომდინარე ცოტა ხანში გაჟღერდება მასშტაბური პროექტი, თუმცა არ იტყვის კონკრეტულად, რა. ამბობს, რომ ამაზე განცხადებას თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს – ძირითადად ქვედანაყოფების გაწვრთნასა და გარკვეული სისტემების ათვისებაზე იქნება საუბარი.

“ნატო-ს ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ყოველწლიურად ტარდება და ახლა ამ წვრთნების მოცულობა და სიღრმეები კიდევ უფრო გაიზრდება,” – აღნიშნავს გიორგი თავდგირიძე.

რა თავდაცვითი შეიარაღება შეიძლება შეისყიდოს აშშ-დან საქართველომ, ჯერ ესეც არ კონკრეტდება. გიორგი თავდგირიძის თქმით, მაგალითად, საჰაერო სისტემების შესყიდვა არ იგეგემება, ჩვენ საფრანგეთთან ძალიან კარგი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ შესაძლებლობებს, რისი ათვისების უნარიც ამ ეტაპზე გვაქვს.

“მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ. ეს არის ძალიან კარგი ჩარჩო შესაძლებლობა, სადაც ქართულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, თამამად დააყენოს თავისი მოთხოვნები იმაზე, რა სჭირდება. ასევე ამერიკულ მხარესაც შეუძლია, საქართველოს შესთავაზოს, რით დაეხმარება – ეს იქნება ტექნიკის გადმოცემა თუ ამ ტექნიკის ათვისება. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია მოვიძიოთ ფული და რაღაც ვიყიდოთ, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია მისი ათვისება და საბრძოლოდ გამოყენებისთვის მომზადება. ამდენად, აშშ-ის ნებისმიერი პროექტი უზრუნველყოფილია როგორც ტექნიკით, ასევ მისი ათვისების მხარდაჭერით. მაგალითად “იროკეზები”, რომლებიც არცთუ ისე ძვირია და რომლებიც 2000-იან წლებში გადმოეცა საქართველოს, გადმოცემაზე მეტად პერსონალის მომზადება იყო. ასეა სხვა ტექნიკის შემთხვევაშიც,” – ამბობს გიორგი თავდგირიძე.

რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან “მეტი ნდობა” და რა არის ამგვარი დაახლოების მიზეზი, გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ აშშ-ს პარტნიორები სჭირდება.

“მსოფლიო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას და აშშ-ს პარტნიორები და მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება. უამრავი გამოწვევა არსებობს, იგივე ავღანეთსა და ერაყში ანტიტერორისტულ მისიებში აშშ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს. იგივე, არსებობს რუსული საფრთხე. ინტერესთან თანხვედრა ორმხრივია და ეს ურთიერთობის გაღრმავებას იწვევს. გარდა ამისა, საქართველო ნამდვილად არის დემოკრატიული ქვეყანა, რეფორმები სწორ გზაზე მიდის და ერთ-ერთი წარმატებული პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა წარსულისა და საბჭოთა პრობლემების დაძლევა მნიშვნელოვნად შეძლო და ქართული საზოგადოება დასავლური ღირებულებებისკენ მიისწრაფვის და ეს თავისთავად იქცევს გარკვეულ სიმპათიებს,” – აცხადებს გიორგი თავდგირიძე. მისი თქმით, ეს მოსკოვისთვის სიგნალი უნდა იყოს იმაზე, რომ საქართველო ერთი პატარა ქვეყანა არ არის, რომელიც შეიძლება, დაჩაგროს.

“ეს პროექტები რუსეთისთვის წითელი ნაჭრის ასაფრიალებლად არ კეთდება, არამედ იმისთვის, რომ რუსეთმა პატივი სცეს თავის მეზობელ ქვეყანას – საქართველოს, რომელიც მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს, არ აქვს რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა, მაგრამ არც მის აგრესიას დანებდება. ამ მემორანდუმის შემდეგ ჩვენი სამხედროები გაცილებით კარგად შეძლებენ ქვეყნის დაცვას, ვიდრე შეეძლოთ გუშინ. უკეთესადაც იქნებიან აღჭურვილი და გაწვრთნილი და უფრო და უფრო მაღალი ნდობა უნდა გაჩნდეს. საერთოდ, ხალხს უჭირს წარმოიდგინოს, რომ საქართველოს სამხედრო სისტემას რუსეთის აგრესიისგან ქვეყნის დაცვა შეუძლია. ეს ნდობა უნდა წარმოიშვას, თუ მხოლოდ ტერიტორიის სიმცირეს შევაფასებთ, მაშინ არც ისრაელის არმიას არ უნდა შეეძლოს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, თუმცა მას სერიოზული შეიარაღებული ძალა ჰყავს და მას ყველა პატივს სცემს. საქართველოშიც უნდა გაჩნდეს ამგვარი ნდობა და ნდობის გაჩენაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, შედგება თუ არა ქართული სახელმწიფო,” – დასძენს გიორგი თავდგირიძე.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2016 წელი

„რვა ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის.“: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჯონ კერიმ ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა?

გვანცა ღვედაშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის.

“ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის,” – აღნიშნა ჯონ კერიმ.

ეს განცხადება ოპოზიციამ ერთგვარ გაფრთხილებად მიიჩნია ხელისუფლების მისამართით, თუმცა მთავრობაში ასე არ ფიქრობენ. “ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში გაფრთხილება. ეს იყო სწორედ იმის დადასტურება, რომ ყველას აქვს მოლოდინი – საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, რომელიც იქნება სამაგალითო ნებისმიერი ქვეყნისთვის,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჯონ კერიმ ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა? – ამ კითხვით, “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

თედო დონდუა  (ისტორიკოსი): არ მგონია, ეს გაფრთხილება იყოს. ჩემი აზრით, ეს სტანდარტული ფრაზაა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებს მიმართავენ. ამას ყველგან ამბობენ, აბა, თქვენ იცით, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდესო. გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამას ხელის დაქნევად ჩათვლის, თუმცა მე არ მგონია, ასე იყოს. ამ ფრაზას ყველაგან იძახიან, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ მკვიდრდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ ამ მხრივ ჯონ კერის ნათქვამს.

ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): დემოკრატია არ არის ბოლო ეტაპამდე მიყვანილი. აბსოლუტურად დემოკრატიული სახელმწიფო საქართველო არ არის. ხომ უნდა ეთქვა რაიმე არჩენებისთვისაც. ეს არის მეგობრული რჩევა. გაფრთხილება შეიძლება გარკვეულწილად იყოს იმ მხრივ, რომ სიტუაცია არ გართულდეს იმ მდგომარეობამდე, რაც მოხდა კორცხელში. თუმცა რეალურად წინასაარჩენო პერიოდი გაცილებით სამართლიანია, ვიდრე 4 წლის წინ იყო.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): რა თქმა უნდა, გაფრთხილებაა, რათა ძალიან გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდეს ეს არჩევნები. უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც მიეჩვია ობიეტური არჩევნების ჩატარებას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს არჩევნები წესისამებრ ჩატარდეს, რათა მქონდეს განცდა, რომ იმ ხელისუფლების ჩამოყალიბებაში, რომელიც გვეყოლება, მონაწილეობა მეც მივიღე.

ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ეს განცხადება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, არამედ საზოგადოებისთვისაცაა, რომელმაც უნდა გააკეთოს ზუსტი და შეძლებისდაგვარად შეუცდომელი არჩევანი. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ვის და რატომ ირჩევს.

გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): არ მგონია ეს განცხადება გაფრთხილება იყოს, თუ ასეა, მაშინ ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის უნდა იყოს გაფრთხილება. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება არჩევნები, სადაც ხალხის აზრი ფიქსირდება და საერთო ნების გამოხატვა ხდება. არ მგონია, ეს ხელისუფლების მიმართ ეჭვის გამოხატვა იყოს.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2016 წელი

ზოგიერთი განცხადება, რომელიც არჩილ გეგეშიძის კვალიფიკაციის თაობაზე გაისმა, უპასუხისმგებლოა

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგები ამერიკაში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულად აფასებენ და ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაუყოვნებლივი გამოძახება უსაფუძვლო იყო. სისინი იმედოვნებენ, რომ საკითხი პირველივე შეხვედრისთანავე ამოიწურება და ამას გაგრძელება, მით უმეტეს კი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოჰყვება. თუ მოვლენები მაინც ასეთი სცენარით განვითარდა, მათი აზრით, ეს ბევრ კითხვას გააჩენს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ დიპლომატიურ წრეებშიც.

პოლიტოლოგებთან შედარებით ბევრად ხისტი განცხადებები კეთდება ხელისუფლებაში. ისინი გეგეშიძის სკანდალურად ქცეულ ნათქვამს უპასუხისმგებლოსა და არაკვალიფიციურს უწოდებენ.

მოგეხსენებათ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. ამაზე არჩილ გეგეშიძემ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“გასაგებია მათი (პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების) არსებობა (ხელისუფლებაში). ეს იმას ნიშნავს რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა,” – თქვა გამოცემასთან საუბრის დროს არჩილ გეგეშიძემ. მის ნათქვამს საქართველოში გამოხმაურება მალევე მოჰყვა – საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე არაკვალიფიციურია, ხოლო მისი განცხადება პრორუსულ ძალებთან დაკავშირებით არაკომპეტენტური. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და, პრეზიდენტის აზრით, არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა,” – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ელჩის განცხადებაზე მოსაზრებები არც დეპუტატებმა დაიშურეს. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლკის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, “პოლიტიკური რომანტიზმის” გამომხატველი იყო.

არჩილ გეგეშიძის კომპეტენციაში ეჭვი არ შეუტანია პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელს თედო ჯაფარიძეს. მისი თქმით, არჩილ გეგეშიძე კომპეტენტური, მაღალი რანგის პროფესიონალია, რომელმაც აშშ-ში “ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა”.

დეპუტატის შეფასებით, მის მიერ მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მმართველ გუნდში პრორუსული ძალების არსებობას ეხება, “შესაძლოა, საჩოთიროა, ყურში სხვანაირად ხვდება”, მაგრამ იმის მიზეზს, რომ ხელისუფლებამ ამის გამო მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს, ვერ ხედავს.

“ვერ გეტყვით, რომ ეს არის საგანგაშო განცხადება, რომლის შემდეგაც საკადრო საკითხი უნდა დადგეს. ანუ ელჩის გამოძახება, დასჯა, გათავისუფლება და ასე შემდეგ. ამგვარი რაღაცები ხდება. მე, როგორც ყოფილი დიპლომატი, მათ შორის – საქართველოს ელჩი აშშ-ში, ელჩებსაც უფრო ფაქიზად მოვეკიდებოდი,” – აღნიშნავს თედო ჯაფარიძე.

თუმცა, არჩილ გეგეშიძე სამშობლოში უკვე გამოიძახეს. როგორც მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განმარტა, ელჩთან საუბარი ექნებათ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. მან არ უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, გახდება თუ არა განცხადება გეეგშიძის გათავისუფლების მიზეზი. არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა, თუმცა აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა.

პოლიტოლოგები, რომელთაც “რეზონანსი” ესაუბრა, სიტუაციის ამგვარად განვითარების მიზეზს ვერ ხედავენ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ელჩის თანამდებობაზე მყოფ პირს ყოველთვის უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე თუნდაც რიგით პოლიტიკოსს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ხმაური, რომელიც ამ თემაზე ატყდა, მას არა მხოლოდ გადაჭარბებული, არამედ უსაფუძვლოც ჰგონია. “ხოლო ზოგიერთი განცხადება, რომელიც ბატონი არჩილის კვალიფიკაციის თაობაზე გაისმა, მე თუ მკითხავთ, უპასუხისმგებლოცაა. საერთოდ, ელჩების ავტორიტეტს გაფრთხუილება სჭირდება და თუ სახელმწიფო ამაზე საკმარისად მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად არ ზრუნავს, დიპლომატიური კორპუსის მუშაობის ეფექტურობა, უბრალოდ, ძნელია, წარმატებული იყოს,” – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

სოსო ცისკარიშვილი კი ვერ ხვდება, რატომ დაიწუნეს ელჩის განცხადება მაშინ, როცა თემა, რომელზეც მან ისაუბრა, ქვეყანაში ბოლო წლებია, მეტად აქტუალურია. იგი გამორიცხავს, რომ ელჩს რაიმე წამოცდენოდა ან შეცდომა დაეშვა და აცხადებს, რომ “ასეთი სკრუპულოზური ჩაფიქრების უნარის მქონე ადამიანი” რაიმე მიუღებელ შეცდომას ნამდვილად არ დაუშვებდა. თუმცა, მისი აზრით, შეიძლება გეგეშიძის ჩანაფიქრი განსხვავდებოდა საზოგადოების აღქმისგან, რადგან ელჩს, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, არ ხელეწიფება, რეალობა დეტალებში აღწეროს და სახელები დაასახელოს.

“ვფიქრობ, ეს თემა პირველივე საუბრით ამოიწურება. უნდა იცნობდეთ ბატონ გეგეშიძეს, რომ მას რაიმე მიამიტი შეცდომა მივაწეროთ,” – დასძენს იგი.

რაც შეეხება ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გეგეშიძის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც კი გახდეს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუკი ასე მოხდება, ეს ხელისუფლებას კარგ შედეგს არც ერთ ასპარეზზე არ მოუტანს.

“მაშინ საზოგადოებას დააინტერესებს, რა გვარია ის კაცი, ვინც ასე ახლოს მიიტანა გულთან ფაქტი, რომელიც საქართველოში არავის აკვირვებს. თუ ის თემა, რაც ვაშინგტონში გაჟღერდა, ვიღაცისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ხელისუფლებას ისეთ უხეშ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ეს შემდგომში არაერთი უკმაყოფილების საგანი გახდება არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ქართულ-ამერიკულ დიპლომატიურ ურთიერთობაშიც. იმედია, ეს თემა დროზე დაიხურება,” – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2016 წელი

გიორგი ვაშაძეგირჩსა და კიდევ რამდენიმე პარტიასთან კოალიციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

გვანცა ღვედაშვილი

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, წინასაარჩევნოდ მოლაპარაკებები 4-5 პარტიასთან მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი “გირჩია”. სხვა პარტიების დასახელებისგან კი თავს იკავებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები კოალიციის შექმნაზე მიმდინარეობს.

“გაერთიანებასთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ საუბარი მიდის და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაძლოა, ეს იყოს საარჩევნოდ კოალიციური გაერთიანება ან არჩევნების დროს ხმების დათვლასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ა.შ. მოლაპარაკება 4-5 პარტიასთან მიმდინარეობს, თუმცა სხვა პარტიებს ვერ დავასახელებ, რადაგან ჯერჯერობით ასეთი შეთანხმება გვაქვს. შესაძლოა, გავერთიანდეთ, შესაძლოა, სხვა მხრივ ვითანამშრომლოთ. რთულია იმაზე საუბარი, როდის მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა უახლოეს პერიოდში გადავწვეტთ, რა ფორმით ვითანამშრომლებთ სხვა პარტიებთან.

“წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული გვაქვს, ვხვდებით რეგიონებში საზოგადოებას, ამ თვიდან კი კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში და თანაც საკმაო რაოდენობით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2016 წელი

სოფლებში ხალხი გაღატაკების პირასაა

გლეხები წლის მოსავლით ვალს ისტუმრებენ, მაგრამ ფული აღარ რჩებათ და სესხს ისევ თავიდან იღებენ

მაკა ხარაზიშვილი

საქართველოს მოსახლეობას მძიმე შემოდგომა ელის. ამ სიტყვებში მხოლოდ პოლიტიკა და არჩევნები არ იგულისხმება. საქმე ისაა, რომ რეგიონებში სიდუხჭირესა თუ გაზრდილ ფასებზე სულ უფრო მეტი ადამიანი წუწუნებს. ახლა ზაფხულია, სოფელში ხილ-ბოსტნეული ბევრია და ხალხი ასე თუ ისე ახერხებს თავის გატანას. შემოდგომას ეს პროდუქტი თანდათანობით მოილევა, ადამიანები ზამთარს პრობლემებით დამძიმებულნი შეხვდებიან.

“რეზონანსის” ჟურნალისტებმა საქართველოს რამდენიმე რაიონი მოინახულეს, მოსახლეობის ცხოვრების პირობებითა და მათი განწყობით დაინტერესდნენ. ხელისუფლიბისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს ხშირად უკვირთ ხოლმე, მოსახლეობა რატომ წუხს ლარის კურსზე, თუკი ქვეყანაში ინფლაცია არც ისე მაღალია, ანუ პროდუქტზე ფასი დიდად არ შეცვლილა. სინამდვილეში, ხალხის უდიდესი ნაწილის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია ეროვნული ვალუტის კურსი.

რაჭის მაღალმთიან სოფელში, გორისუბანში, მცხოვრები გივი მდივნიშვილიც კი იმას ამბობს, რომ მისი შემოსავლი ლარივით გაუფასურდა. იგი 65 წლისაა და დედაქალაქი 15 წლის წინ მიატოვა. ახლა მშობლიურ რაჭაში საქმიანობს, მიწას ამუშავებს, პირუტყვს ინახავს და თბილისში შვილებს ეხმარება. ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა და ყოველთვე მედიკამენტები სჭირდება.

“ცხოვრება თანდათან უფრო გაჭირდა. ახლა ზაფხულია, რაჭაში მალე კიტრი და პომიდორი შემოვა, სხვა სახის ბოსტნეულიც მითესია. შემოდგომიდან კი ჩემი შემოსავალი ყოველთვიური ხარჯისთვის საკმარისი აღარ იქნება. ლარის გაუფასურების გამო ყველაფერი გაძვირდა, ზეთი, შაქარი, ბურღულეული.

გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და თვეში 40 ლარის წამალი მჭირდება. აფთიაქებში იმის მიხედვით ცვლიან ფასს, თუ როგორია ლარის კურსი. პენსია გაზარდეს, მაგრამ მისი მსყიდველუნარიანობა ძალიან დაეცა”, – ამბობს გივი მდივნიშვილი.

ხაშურში მცხოვრები გელა ნოზაძე მრავალი წელია, ახალი ხორცით ვაჭრობს. იგი ამტკიცებს, რომ რეალიზაცია ასე შემცირებული არასდროს ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ფული აღარ აქვს. გაყიდვის მოცულობის შემცირებამ მათი შემოსავალიც შეამცირა.

“სოფლებში დავდივართ, პირუტყვი მიგვყავს სასაკლაოზე და ყოველ დილით ახალი ხორცი შემოგვაქვს. რამდენიმე თვის წინ ღორის ხორცს 10 ლარად ვყიდდით, საქონლის ხორცს – 11-12 ლარად. ახლა ვაჭრობა ისე ჩავარდა, რომ პროდუქტი მაქსიმალურად გავაიაფეთ: ღორის ხორცი 8 ლარი ღირს, საქონლის – 10 ლარი. ხალხს ისე გაუჭირდა, რომ მაინც ვერ ყიდულობს. ზაფხულში სეზონურად რეალიზაცია ისედაც იკლებს ხოლმე, მაგრამ ასეთი გასაჭირი მე არ მახსოვს”, – ამბობს გელა ნოზაძე და სხვა ვაჭრების ამბავსაც გვიყვება. ყველას ვალი აქვს, ზოგს ლარში, ზოგს დოლარში. რეალიზაციამ ყველგან იკლო, ოჯახის ხარჯიც იზრდება და მათი სოციალური მდგომარეობა უფრო მძიმდება.

“აბსოლუტურად ყველას ვალი აქვს. ათასნაირი ორგანიზაცია გაიხსნა, ისე მარტივად გასცემენ სესხს. გგონია, ამ ფულით ცხოვრებას ააწყობ და უარეს გასაჭირში ვარდები. ვისაც სესხი დოლარში აქვს, ლარის გაუფასურების გამო, მძიმე დღეში ჩავარდა. კრედიტებს ვეღარ იხდიან და მოვალეებს ემალებიან.

ვისაც ლარში აქვს სესხი, იმისთვისაც გაჭირდა ცხოვრება, ვინაიდან რეალიზაციამ იკლო და შემოსავალი აღარც მათ აქვთ. საერთოდ, ძალიან გართულდა ცხოვრება. იმედია, ხელისუფლება ეკონომიკურ მდგომარეობას ცოტათი მაინც გააუმჯობესებს და ამ ლარსაც ეშველება რამე”, – ამბობს გელა ნოზაძე.

ცხოვრებით ასე თუ ისე კმაყოფილია თერჯოლაში მცხოვრები გია ქავთარაძე. რამდენიმე წლის წინ მისი ოჯახის წევრები სამსახურს უიმედოდ ეძებდნენ, ახლა კი ყველა დასაქმდა და შემოსავალიც უცბად გაეზარდათ.

“პირადად მე ამ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. ვმუშაობ თერჯოლაში, ჩემი მეუღლე და შვილი კი ქუთაისში მუშაობენ. შემოსავალი უფრო მეტად გამეზარდა და შესაბამისად, ჩემი ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა”, – ამბობს გია ქავთარაძე.

ომარ კაჭიური მცხეთაში ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავს, სამივე უმუშევარია. თავად პენსიონერია, დიაბეტით დაავადებული. ისიც ცხოვრებაზე წუწუნებს, წუხს, რომ მისმა შვილებმა სამსახური ვერ იშოვეს. ოჯახის ზრდასთან ერთად, ხარჯიც ეზრდება, უკეთესობის პერსპექტივა კი არსაიდან ჩანს.

“რა გითხრათ, ბოლო წლებში ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდომარეობა ნამდვილად შეიცვალა, ოღონდ უარესობისკენ. არადა, როგორი იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნებოდა. სამი შვილი მყავს, სამივე უმუშევარი, ვალებით. ერთი თბილისში ცხოვრობს, ქალიშვილი კი მცხეთაშია, ბიჭი სოფელში, მცხეთის რაიონში. რამდენი ხანია, სამსახურს ეძებენ და ვერაფერი იშოვეს. ხანდახან მუშის სამუშაოს თუ იშოვიან, დღიური მცირე შემოსავლით.

მე პენსიონერი ვარ, მაგრამ ჩემი პენსია მეც კი არ მყოფნის. დიაბეტით ვარ დაავადებული, მედიკამენტები და განსაკუთრებული კვება მჭირდება, მაგრამ წამლები ისე გაძვირდა, ყველაფერს თავი დავანებე. რაც იქნება, იქნება”, – ამბობს ომარ კაჭიური.

სამწუხაროდ, “რეზონანსის” გამოკითხვამ დაადსტურა, რომ რაიონებში ძალიან ცოტაა ოჯახები, რომელთა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ადამიანთა უმეტესობსთვის ყველაფერი ძველებურადაა, ნაწილის ცხოვრება კი გაუარესდა.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ დიდი ფულის ძირითადი მასა დედაქალაქში ბრუნავს და ძალიან ნაკლები თანხა გაედინება რეგიონებში. ეს ფაქტი სტატისტიკამაც დაადასტურა. სოფლის მოსახლეობას 1,5-ჯერ ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე ქალაქის მოსახლეობას. გაცილებით დიდია ეს სხვაობა დედაქალაქსა და დანარჩენ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ამ დროს, სოფლად უმუშევრობის დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე ქალაქში.

“ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რადგან სოფელში უმუშევრობა დაბალია, შემოსავალი მაღალი უნდა იყოს, თუმცა საქმე ისაა, რომ დასაქმებულად ითვლება ის ოჯახი, რომელსაც მიწის მცირე ნაკვეთი აქვს. ეს თანაფარდობა წლიდან წლამდე არ იცვლება”, – ამბობს სოსო არჩვაძე და ხაზს უსვამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

განსაკუთრებით რეგიონებში ხალხს ვალების მიმართ “დამოკიდებულება გაუჩნდა”. “როდესაც გლეხები წლის მოსავლით ვალს ისტუმრებენ, ფული აღარ რჩებათ და სესხს ისევ თავიდან იღებენ. დავთვალე და ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, მოსახლეობას საბანკო-სამომხმარებლო კრედიტისთვის 360 მილიონი ლარით მეტის გადახდა უწევს, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. დაახლოებით ერთი საარჩევნო ციკლის პერიოდში, ვალის ტვირთი 360 მილიონი ლარით გაიზარდა. გამოდის, რომ ხალხმა ერთი თვის შემოსავალი მთლიანად საბანკო მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს. ეს ამძიმებს შინამეურნეობების მდგომარეობას”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, მიგრაცია შემცირების ნაცვლად იზრდება.

„ახალი თაობა“, 07 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ხელისუფლებამ დამნაშავე ნაციონალები გააპარა“ // „აუდიტის სამსახურის თანამშრომლების 99% სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობს

თქვა თუ არა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენაზე უარი, რა გარიგება არსებობს ხელისუფლებასა და ნაციონალებს შორის. რას უნდა აქცევდეს ყურადღებას აშშ-ში საქართველოს ელჩი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

„რამდენიმე დღის წინ მიწას მივაბარეთ სულხან მოლაშვილი, მისი გარდაცვალება ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მხილების დასაწყისი იქნება. ნაციონალებმა ის მოკლეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა დამნაშავეების დასასჯელად. დასჯას ვინ ჩივის, დამნაშავეები დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ. ამ ტრაგიკულმა ფაქტმა ყველას დაანახა, თუ რამხელა უფსკრული ყოფილა ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წელს ვთხოვდით ხელისუფლებას, არ დათანხმებულიყო კოაბიტაციას და მიეღო დოკუმენტი, სადაც დადასტურებული იქნებოდა ნაციონალების სისტემური დანაშაული. ეს მათი გასამართლების იურიდიულ საფუძველს მოამზადებდა“, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

- ბოლოს მაინც ხომ მიიღეს მსგავსი დოკუმენტი?

- ეს დოკუმენტი ახლახან მიიღეს, მაგრამ ეს აღარაფერს შეცვლის. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ არ მიუღიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა სურთ. უბრალოდ, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, სოფელ-სოფელ დაიწყებენ ხეტიალს და იქ თავის მართლება დასჭირდებათ. ამ ყველა სიკეთესთან ერთად იმდენად უსუსურები და ჩაჩნები არიან, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კინაღამ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენელი გიგი წერეთელი აირჩიეს.

- ამ ამბავში ქართული ოცნების დანაშაული რა არის? წერეთელი პრეზიდენტის პოსტზე ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა...

- საქმეც ისაა, რომ თავიანთი უმოქმედობით იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ამ პოსტზე დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენელი იქნა წარდგენილი. აქ პირადად გიგი წერეთელზე არ არის საუბარი. საუბარია, რომ რეჟიმის წევრების კანდიდატურებს ასახელებენ მაღალ პოსტებზე.

- თუმცა ითქვა, რომ რაკი ქართველი იყო, ქართულ დელეგაციას მხარი უნდა დაეჭირა მისი კანდიდატურისთვის, თანაც ის სისხლიან ამბებში არასდროს ყოფილა გარეული...

- თავად არავინ უწამებია, მაგრამ რეჟიმის წარმომადგენელი იყო და დღემდე იქ არის. მის ქართველობაზე ნაციონალები აპელირებდნენ და ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა. რა შუაშია აქ ქართველი, თურქი თუ ამერიკელი? საუბარია ეუთოზე, რომლისთვისაც მთავარი ადამიანის უფლებებია.

გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენამ „ქართული ოცნების“ უმოქმედობის გარდა, კიდევ ერთი ფაქტი გამოამზეურა. ნაციონალები და მათი სატელიტები ხშირად იშვერენ ჩვენსკენ ხელს და პრორუსულებს გვეძახიან. ამაზე ყოველთვის გვეცინებოდა და ვამბობდით, თუკი ვინმემ რუსულ აგრესიულ წრეებს საშვილიშვილო სამსახური გაუწია, ეს იყო ყოფილი ხელისუფლება. ალბათ ამიტომ იყო, რომ ვარდების რევოლუციის დროს იგორ ივანოვი აქ ჩამოქანდა და ნაციონალებს დაუჭირა მხარი. არც ის იყო შემთხვევითი, რომ გიგი წერეთლის კანდიდატურას რუსული დელეგაცია აქტიურად და ღიად უჭერდა მხარს.

ახლა აქეთ ვსვამ კითხვას, გიგი წერეთლის ადგილზე სხვა პარტიის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო და რუსებს მისთვის დაეჭირათ მხარი, რა მოხდებოდა? ის მოხდებოდა, რომ ერთ ამბავს ატეხდნენ ნაცმოძრაობა, მათ მიერ დაპურებული საშოვარზე გამოსული არასამთავრობოები და სატელიტი პარტიები.

- სამართლიანობის აღდგენაზე საუბრისას დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სრულად ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამას 15 მილიარდი სჭირდება და ბიუჯეტს ამის ფუფუნება არა აქვს...

- ახლა აჭიკჭიკდნენ ბიუჯეტის ამბებზე, როცა კაბინეტებიდან მოუწევთ გამოსვლა? ტყუილად ნუ იბრახუნებენ გულში მჯიღებს, მათ რიგებში არ არის პიროვნება იმ ერთი მილიარდერის გარდა, რომელსაც ხალხში ავტორიტეტი აქვს. მისი ხათრით რაღაც პროცენტს ნამდვილად მიიღებენ, მაგრამ უმრავლესობით ვეღარ მოვლენ. შარშანწინ, შარშან, ამ წლის დასაწყისშიც იძახდნენ, რომ დამნაშავეებიც დაისჯებოდნენ, წართმეული ქონებაც დაბრუნდებოდა და დაზარალებულები კომპენსაციებსაც მიიღებდნენ. ახლა რა მოხდა? არჩევნები მოახლოვდა და პოლიტიკურ კედელთან აღმოჩნდნენ მიმწყვდეულები? თავიანთი უსუსურობის გამართლებას ნუ ცდილობენ, დაზარალებულებისთვის კომპენსაციების დასარიგებლად უამრავი წყარო არსებობს.

მათი მიზანი თუ სიმართლის დადგენა იყო, მაშინ ნაციონალებისთვის არ გაეტანებინათ ქონებები. ადეიშვილმა, კეზერაშვილმა და მათმა გარემოცვამ ეს უპრობლემოდ მოახერხეს. ფული დამნაშავეებს გაატანეს, ახლა ბიუჯეტს აბრალებენ, ამდენს ვერ გაუძლებსო. რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს, არნახულად დიდი ხელფასები და დანამატები დაინიშნეთ. დაგითვალოთ, სასტუმროებში რამდენ თანხებს ხარჯავთ და რამდენჯერ იცვლით წელიწადში მანქანებს? წურბელებივით დააჯექით ბიუჯეტს, პირადი ცხოვრება მოიწყვეთ და ხალხისთვის ფული როგორ დაგრჩებოდათ? სააკაშვილმა მილიარდები რომ წაიღო, მაშინ სად იყავით? ან იქნებ ისიც არ იცით, ძებნილი რამდენ კომპანიას აკონტროლებს საქართველოში? იგივეს თქმა შეიძლება ციხეში მყოფ მერაბიშვილსა და უგულავაზე.

- ქართული ოცნების და ნაციონალების მიერ ჩატარებული კვლევები თითქმის ერთნაირია და ამით რა დასკვნის გაკეთება შეიძლება, ხალხს ხომ არ აგუებენ წინასწარ იმ შედეგებს, რომელიც მათთვის არის მისაღები?

- „ოცნებას“ და ნაციონალებს პლუს-მინუსივით სჭირდებათ ერთმანეთი. ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში, როცა უსუფაშვილმა თქვა, ქართული დემოკრატიის უმთავრესი მიზანი ნაცმოძრაობის შენარჩუნებააო. ეს დანაპირები შეასრულეს და თანაც წარმატებით. ლევან ვარშალომიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხმა არ ამოუღია, სულ მუმუ მეგონა. ახლა დაბრუნდა საქართველოში და ამ უმაქნისების ფონზე იოანე ოქროპირად მოგვევლინა ლამის. მის დაბრუნებას „ქართული ოცნება“ სათავისოდ გამოიყენებს. მათ გეგმებში კარგად ჩაეწერა გააქტიურებული სანდრა რულოვსი. ხალხს ეტყვიან, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, აგერ ნაციონალები როგორი აქტიურები არიან და ეგენი დაბრუნდებიანო. ამ მკვდრების ხელში დაბრუნდებიან, აბა რას იზამენ. არაფერზე არ რეაგირებენ, იმაზეც დახუჭული აქვთ თვალები, ნაციონალები ხალხისთვის წართმეული ფულით სატელიტებს რომ აძლიერებენ და მათ პარლამენტში შეთრევას ცდილობენ. გადაალახინებენ ბარიერს და მერე მათთან ერთად შექმნიან უმრავლესობას.

- ამ საფრთხეს ქართული ოცნება ვერ აცნობიერებს?

- მთლად აქამდე არ მიიყვანენ საქმეს, ასე არ გააძლიერებენ, მაგრამ ნაცმოძრაობა რომ მათ ჰაერივით სჭირდება, ეს უდავოა. ეს კვლევებიც ამის დადასტურებაა. მინდა იმედი გავუცრუო ამ ადამიანებს და ვუთხრა, რომ პარლამენტში სულ სხვა ძალები შევალთ და ქვეყანაშიც სხვანაირად წავა საქმე. ხალხის მიერ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაგზავნილი ნაცმოძრაობა მართლა ისტორიას ჩაბარდება. ეს 4 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ისინი გადაარჩინა და დღეს ისინი აქტიურად თანამშრომლობენ.

- არსებობს მათი თანამშრომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი თუ ვარაუდის დონეზე საუბრობთ?

- ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და მეგობრობა დღემდე არ გაუწყვეტიათ. გადახედეთ მმართველ გუნდს და თანამშრომლობის ფაქტი სახეზეა. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს პირწავარდნილი ნაცები შეადგენენ, რომლებიც წლების მანძილზე რეჟიმის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. სახელმწიფო სტრუქტურები სულ ნაციონალებით არის დაკომპლექტებული.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ეს სამსახურები?

- ამის ნათელი მაგალითი აუდიტის სამსახურია. მისი თავმჯდომარე თავგადაკლული ნაციონალია. თანამშრომლების 99% დღემდე მისტირის ნაციონალებს და მათ დაბრუნებაზე ოცნებობს. ხალხს ემუქრებიან, დაბრუნდება სააკაშვილი და ნახავთ, რასაც გიზამთო. ნაციონალებით არის სავსე შსს და პროკურატურაც. ამაზე მეტყველებს ათასობით გამოუძიებელი საქმე.

- აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არიან პრორუსული ორიენტაციის ადამიანები. ამაზე რას იტყვით და კიდევ რამდენად ადეკვატური იყო ამ განცხადებაზე ხელისუფლების რეაქცია. მათი თქმით, პოლიტიკა ელჩის საქმე არ არის...

- არჩილ გეგეშიძეს კარგად ვიცნობ. კარგი ბიჭი და მაღალი დონის დიპლომატია. მისი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არის დიდი შეცდომა. პოლიტიკა და დიპლომატია ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული. სასურველი იქნება, თუ ის თავისი მიმართულებით იმუშავებს აქტიურად. ხოლო თუ ასე ძალიან უნდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, მაშინ ის გაგვირკვიოს, რა თანხებს ხარჯავენ ამერიკაში ჩასული ნაციონალები სხვადასხვა შეხვედრებზე. ძალიან საინტერესო იქნება იმის გარკვევაც, რას წარმოადგენენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები. მათი წარმომავლობა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და გავიგებთ, ვინ დგას ამ კომპანიების უკან, რუსული თუ ამერიკული სპეცსამსახურები.

- პრორუსულები არიან ხელისუფლებაში?

- დღეს მსოფლიოში მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ ასეთი პრო-ებით. ძალიან საინტერესოა, რითი იზომება ვინმეს პროობა. სხვებს პრორუსულობას დააბრალებენ, თავად პროდასავლურობის იარლიყს იწებებენ. ასეთი თვითმარქვიობა და პროვინციალიზმი აღარ უნდა დასრულდეს? ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე უნდა მოვიქცეთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ნორმალური ქვეყნები იქცევიან. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვთავაზობთ უბლოკო სტატუსს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ იქნება მიმართული.

„ახალი თაობა“, 07 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: სოხუმსა და ცხინვალში ეუთოს მისიის დაბრუნება შესაძლებელია“ // „რუსეთთან ურთიერთობის საპარლამენტო ფორმატი შეიძლება არანაკლებ საინტერესო იყოს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტსა და საქართველოში ცოტა ხნის წინ რუსული დელეგაციის ჩამოსვლაზე საუბრობს.

- ბატონო თედო, საქართველოში ვიზიტით იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე და რაზე გამახვილდა მასთან მოლაპარაკებებში ყურადღება?

- ამ ვიზიტის მთავარი დატვირთვა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა არის მთავარი ლაიტმოტივი, რომელიც ამ შეხვედრებს გასდევდა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო მომავალ საერთაშორისო ფორუმებს, უმთავრესი ყურადღება დაეთმო ნატოს ვარშავის სამიტს, სადაც აშშ-ის პოზიცია მთავარია.

- თბილისში ცოტა ხნის წინ რუსული დელეგაცია იმყოფებოდა. მართალია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, მაგრამ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რუსული დელეგაცია საქართველოში პირველად ჩამოვიდა. თქვენ, როგორც დიპლომატი, რუსეთის ამ ნაბიჯს აფასებთ, როგორც დიპლომატიურ ნაბიჯს?

- არა, ნამდვილად არა. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ისინი ჩამოვიდნენ ეუთოს ფორმატში. ასევე ჩავიდოდნენ რომელიმე სხვა დედაქალაქშიც, იქ რომ ჩატარებულიყო საპარლამენტო ასამბლეა. შეიძლება ეს მომხდარიყო მონღოლეთშიც და საქართველოშიც, როგორც მოხდა კიდეც.

- ანუ თქვენ ამას განსაკუთრებულ დატვირთვას არ აძლევთ?

- არამც და არამც. ეუთოს წევრი ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავიდეს სადაც არ უნდა იყოს ის და ასევე წევრი სახელმწიფო, რომელიც მასპინძელი იქნება, ვალდებულია, მიიღოს ნებისმიერი წევრი ქვეყანა და მას სამუშაო პირობები შეუქმნას. ეს არის და ეს. რუსეთის დელეგაციის საქართველოში ყოფნას ნამდვილად ჰქონდა პოლიტიკური ელფერი, მაგრამ ეს არ მომხდარა განსაკუთრებული გზებით, ასე ნამდვილად არ არის. თქვენ, მოგეხსენებათ, რომ რუსეთს ხმა არ მიუცია იმ დეკლარაციისთვის, რომელშიც სწორედ ოკუპირებულ რეგიონებზეა საუბარი.

- ამ ფორმატის გარეთ საუბარი რუსულ დელეგაციასთან იყო?

- არა. ჩვენ ჩვენი საქმით ვიყავით დაკავებული, ისინი _ თავიანთი საქმით.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ გარკვეული ურთიერთობები დაიწყოს რუსეთთან?

- დღეს ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.

- მაგალითად, მინისტრების დონეზე, ლავროვისა და ჯანელიძის შესაძლო შეხვედრაზე იყო პრესაში საუბარი...

- მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მოხდება თუ არ მოხდება ეს შეხვედრა, არ ვიცი, მაგრამ არის გარკვეული ფორმატები რუსეთთან ურთიერთობაში. ვგულისხმობ ჟენევის ფორმატს და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს. მე, როგორც იდეას, ახლა თქვენ გიზიარებთ _ შეიძლება ამას დაემატოს საპარლამენტო დონეზე გარკვეული საუბრები, თუმცა რამდენად შეისხამს ხორცს ეს იდეა, ვერ გეტყვით. რუს დეპუტატებთან დიალოგი შეიძლება არანაკლებ საინტერესო იყოს, მე ამას არ გამოვრიცხავ.

- ცარიელი ფურცლიდან თუ არსებული წითელი ხაზების გათვალისწინებით?

- ცხადია, წითელი ხაზების სრული დაცვითა და გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებშია, დარჩება და შეიძლება სწორედ ამაზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ, როგორც პარლამენტარებმა, ვისაუბროთ ისე, როგორც ვერ ახერხებენ ამას სახელმწიფო მოღვაწეები. სახელმწიფო მოღვაწეებს აქვთ შეზღუდვები, ინსტრუქციები, რომლის იქით გადაბიჯება დაუშვებელია. დეპუტატები მაინც უფრო თავისუფლები არიან მსგავსი შეზღუდვებისგან. ჩვენ უფრო თავისუფალი ხალხი ვართ.

- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა, მაგრამ ის არის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რა დოკუმენტია ეს?

- საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც. მნიშვნელოვანი იყო იმ დოკუმენტის მიღება, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ეს დოკუმენტი პოლიტიკური მნიშვნელობის არის. ჩვენი ქვეყნისთვის ის დებულებებია ჩადებული, რომლებიც სასარგებლოა. მართალია, მას არ გააჩნია იურიდიული ძალა, მაგრამ ყველა დოკუმენტი, რომელიც მიიღება ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტრიბუნაზე, ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვაც აქვს. ახლა საჭიროა ამ დოკუმენტის რეალიზება, ამიტომ არანაკლებ მნიშვნელოვანია დიპლომატების, პარლამენტარების, მთავრობების საქმიანობა მის შესასრულებლად, რომ ქაღალდზე არ დარჩეს.

- რამდენად არის ქმედითი?

- ეს არის საერთაშორისო ბერკეტი, ამით ხდება საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაცია ჩვენი ქვეყნის, მისი პრობლემების. მაღალი დონის დიპლომატია არის პოლიტიკის ნაწილი და მას აუცილებლად მოაქვს შედეგები, შეიძლება დღესვე არა, მაგრამ აუცილებლად მოიტანს.

- ბატონო თედო, ეუთოს მისიის დაბრუნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენად არის შესაძლებელი?

- იმ დოკუმენტში, რომელზეც ახლა მოგახსენებდით, სწორედ ამაზეა საუბარი. ცხადია, ჩვენ, ვითხოვთ ეუთოს მისიის დაბრუნებას ოკუპირებულ რეგიონებში. სწორედ ამასთან დაკავშირებით დოკუმენტში გაწერილია პუნქტები, რომლებიც მოგვცემს სწორედ იმ შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად დავაყენოთ ჩვენი პრობლემები და რეალური გზები ვეძიოთ მათ გადასაჭრელად.

- ეუთოს მისიის დაბრუნება შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. საუბარია არა მხოლოდ მისიის დაბრუნებაზე, არამედ უფრო აქტიურ და ქმედით დაბრუნებაზე.

„ახალი თაობა“, 07 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ანზორ წოწონავასთან: „რაულ ხაჯიმბამ კრემლის მოლოდინი ვერ გაამართლა“ // „საქართველოს კონსტიტუცია სერიოზულადაა გადასახედი

აფხაზეთში დაძაბულობა ახლა არ დაწყებულა. ამისთვის პირობები შექმნა მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ, აცხადებს `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.

ანზორ წოწონავა:

_ ის, რაც ახლა ანექსირებულ აფხაზეთში ხდება, მარტო პოლიტიკას არ უკავშირდება. ბოლო დროს იქ ძალიან გაუარესდა სოციალური მდგომარეობა. ამის გამო პროცესებში ჩაერთნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ადრე არ აქტიურობდნენ.

_ ადრე აღნიშნეთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არ გაამართლა მოსკოვის იმედები..

_ ეს ასეა. ხაჯიმბა პუტინის გენერალია, მაგრამ მან კრემლის მოლოდინი ბოლომდე არ გაამართლა. ის იქცა პუტინის კომპრომატად. ვფიქრობ, რომ ახლა მისი წასვლის დრო დგება. მოსალოდნელია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

_ ანუ დღის წესრიგში დგება არა რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, არამედ პირდაპირ არჩევნები?

_ დიახ.

_ ამ ყველაფერში რუსეთი მონაწილეობს?

_ რუსეთის სპეცსამსახურებს რომ უნდოდეთ დაძაბულობის ჩაქრობა, ამას ადვილად მოახერხებდნენ. ისინი ამას არ აკეთებენ. საერთოდ, ბევრი რამ იცვლება. მოვლენები სწრაფად ვითარდება. თუ ცოტა ხნის წინ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ახლა მათ შორის შერიგება-მორიგებაა. რუსეთმა რამდენიმე თვის წინ მოითხოვა, რომ აფხაზეთს კავშირი გაეწყვიტა თურქეთთან, არ შეეშვა იქ თურქული პროდუქცია. ამან კიდევ უფრო გააუარესა აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა. მანამდე თავად რუსეთმაც შეუმცირა დახმარება აფხაზეთს ეკონომიკური კრიზისის გამო.

_ ახლა მოსალოდნელია, რომ თურქეთი აფხაზეთში ისევ შევიდეს?

_ ნაწილობრივ. ზოგიერთმა ბიზნესმენმა, რომელიც აფხაზეთში საქმიანობდა, სხვაგან გადაიტანა თავისი ბიზნესი.

_ ფიქრობთ, რომ აფხაზეთში ვადამდელი არჩევნები იქნება?

_ ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე რეგიონში. არამარტო რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებზე. ერთმანეთთან კონფლიქტში არიან აზერბაიჯანი და სომხეთი. ორივე მათგანს იარაღს რუსეთი აწვდის. აფხაზეთიც რეგიონის ნაწილია.

_ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯა თუ მოხერხდება?

_ ზუსტად არაფრის თქმა არ შეიძლება. გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ პროცესები დააჩქარა. ამ საზარელმა მკვლელობამ აღაშფოთა აფხაზეთის უბრალო მოქალაქეები, რომლებიც სამკურნალოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ეს დანაშაული ამ ტერიტორიაზე მოხდა და წესით, მკვლელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გასამართლდეს.

უბედურება ისაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლებას ღიად ებრძვიან პოლიტიკური ძალები. ამ ვითარებაში ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს ვერ დგამს. მათ შორის, ამ საკითხშიც. შარზე მყოფი ეს ვითომ პოლიტიკოსები ყველაფერზე ტეხენ ხმაურს. მაჟორიტარებზეც გაუგებარი აჟიოტაჟი იყო.

_ რატომ იყო გაუგებარი აჟიოტაჟი?

_ იმიტომ, რომ მაჟორიტარებს ორპალატიანი პარლამენტი ითვალისწინებს. ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში არსებობს. თუ გაუქმებაა, მაშინ ჯერ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ. თანაც, ხალხს ხშირად ვხვდები და მოქალაქეებისგან არ მომისმენია მაჟორიტარების გაუქმების მოთხოვნა. ეს არაა მოსახლეობის დაკვეთა. კანონმდებლობაში სხვა საკითხებიც მოსაგვარებელია.

_ მაგალითად?

_ რესტიტუციის და დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ კანონი. ასეთი კანონი 2007 წელს პარლამენტმა რატომღაც მარტო ცხინვალის რეგიონის მიმართ მიიღო. აფხაზეთთან მიმართებაში ის მისაღებია. კანონმა უნდა მოაგვაროს ისიც, რომ დევნილების პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მმართველობებიც.

კიდევ ერთი პრობლემაა აფხაზეთიდან დევნილთა ის კატეგორია, რომელსაც დახმარებაც ესაჭიროება, საცხოვრებელი ფართიც. ეს ადამიანები ვერ მიდიან დევნილთა სამინისტრომდე. ჩვენ მათთვის დახმარების გაწევას ვცდილობთ.

Comments are closed