„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: “ამ პირობებში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესება კონტრპროდუქტიულია”
“ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: `რუსეთთან მოლაპარაკებები არ შეიძლება“
“ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ერთსქესიანთა ქორწინების თემას პუტინი კარგად იყენებს… საქართველოში რუსეთის აგრესიის მიმართ სათანადო პროტესტი არ არის“
“ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. სამაგიეროდ, ზურაბ აბაშიძე გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ნატოში არ არის“
“ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩაირეცხება.. მათ აქვთ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ აქვთ ფული…
———————
„რეზონანსი“, 7 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: “ამ პირობებში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესება კონტრპროდუქტიულია”
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
ანტირუსული სანქციების გამო, რუსეთი საქართველოს და ევროპის რამედნიმე ქვეყანას ემბარგოთი ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას საპასუხო ზომების შემოღების თაობაზე ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ვიდრე კრემლში ემბარგოს დაწესების გეგმა მზადდება, რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა წინმსწრებად ქართველი მეღვინეები ტექნოლოგიების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო მაკონტროლებელი ორგანიზაციები – უმოქმედობაში.
რუსეთის მიერ შესაძლო ემბარგოს დაწესების შესახებ და იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სანქციებით გამოწვეული გართულებების ფონზე, „რეზონანსი“ ექსპერტ პეტრე მამრძეს ესაუბრება.
- საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში ჩაერთოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში…
- ამ შემთხვევაში მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას. საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის რაიმე სანქციების დაწესება იმ პირობებში, როცა დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არსებობს, სამაგიეროდ კი მძლავრი ბაზებია განლაგებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მიხეილ სააკაშვილის შვიდი წლის წინანდელი ღალატის შედეგად), არის კონტრპროდუქტიული, ანუ დამატებით ზიანს მოუტანს საქართველოს და ქართველ ხალხს, ვლადიმირ პუტინის რეჟიმისათვის კი სასარგებლო იქნებოდა, რადგან მტრის ხატის შექმნა მას ნამდვილად სჭირდება.
(…)
რუსეთის ხელისუფლებამ ისედაც შესანიშნავად იცის, რომ საქართველო არ შეერთებია სანქციებს, მაგრამ მასმედიაში ატეხილი ხმაურის გამო იგი იძულებულია რეაგირება მოახდინოს. თუ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ამაზე რეაგირებას არ მოახდენს, მოსახლეობა ამას სისუსტედ ჩაუთვლის. აი, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს უსაფუძვლო ფიარი რეალურ პოლიტიკაზე.
ჩვენი ურთიერთობა იმდენად ღრმა ჩიხშია შესული მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების გამ,ო, რომ ამ ეტაპზე არსებით ძვრას არ უნდა ველოდოთ. ასეთ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს ე.წ. ჟენევის პროცესი და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრათა ფორმატი.
- თუმცა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრათა ფორმატზე ბევრი ამბობს, რომ ის უკვე მოძველდა, თავისი თავი ამოწუარა და მის გაგრძელებას აზრი არარ აქვსო…
- ეს ფორმატი ჩვენ გვჭირდება, ქართველებს. მას რუსეთის ხელისუფლებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამ ფორმატის წყალობით გავიდა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. რასაკვირველია, ჩვენი პროდუქცია რუსეთისათვის ზღვაში წვეთია, ჩვენთვის კი საარსებო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ფორმატის შედეგებით უნდა შეწყდეს ამ ფსევდოემბარგოთი გამოწვეული გართულებები და სრული მასშტაბით უნდა აღდგეს პროდუქციის გატანა რუსეთში.
- ის, რომ რუსეთიდან საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, საქართველოს ეკონომიკსათვის სასარგებლოა. აბაშიძე-კარასინის ფორმატს ამ სფეროშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამრიგად, ამ ფორმატის გაუქმებით ზიანს ისევ საკუთარ თავს მივაყენებთ, უკვე მერამდენედ.
- თვით ბრიუსელიდან ახლადდაბრუნებულ დავით უსუფაშვილსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა საქართველოს ნატოს დააშორებს. ასევე იგივეს აცხადებს ნატოს გენმდივანი, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით არის უდიდესი ნაბიჯი ნატოსაკენ მიმავალ გზაზე. საქმე ისაა, რომ დასავლეთს და კერძოდ ნატოს არ სურთ დამატებითი თავის ტკივილი და მჭიდრო ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთთან კონფრონტაციაში იმყოფებიან.
“ახალი თაობა“, 7 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: `რუსეთთან მოლაპარაკებები არ შეიძლება~
შესაძლებელია თუ არა რუსეთთანა მოლაპარაკებები? – ამის შესახებ „ახალი თაობა“ საქართველოს პარლამენტის წევრსა და მწვანეთა პარტიის ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რუსეთთან მოლაპარაკებებზე რა აზრის ხართ?
- მოლაპარაკებები რუსეთთან?
- დიახ. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ძალები მუდმივად საუბრობენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე უმაღლეს დონეზე. როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკება?
- რა მოლაპარაკებები? ამაზე ვინ ლაპარაკობს? ამას ამბობენ მე-5 კოლონის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ არავითარ მოლაპარაკებებს რუსეთთან აზრი არ აქვს. საქმე ისაა, რომ უამრავი ფორმატი არსებობს, სადაც შეიძლება ამაზე ლაპარაკი. თუ ვინმეს რამე ინტერესი აქვს მოლაპარაკების, შეიძლება, არსებულ ფორმატებში მომზადდეს მოლაპარაკებებისთვის წინაპირობები. გაიძახიან, რუსეთს მოელაპარაკეთ, რატომ არ ელაპარაკებითო. ასე როგორ შეიძლება?!
- ბატონო გიორგი, საუბარია პირველი პირების დონეზე მოლაპარაკების წარმოებაზე.
- პირველი პირების უმაღლეს დონეზე შეხვედრა ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვედა რგოლებში მომზადებულია საკითხი. ასე პირდაპირ შეხვედრა არ ხდება. ვთქვათ წავიდნენ მარგველაშვილი ან ღარიბაშვილი პუტინთან და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. რაზე უნდა ილაპარაკონ? წინასწარ მომზადებული თემა ხომ უნდა არსებობდეს? ასეთ დროს დოკუმენტიც კი მომზადებულია ხოლმე ხელმოსაწერად. ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.
- მოლაპარაკებების იდეის ავტორები აცხადებენ, რომ რუსეთისაგან დროდადრო იგზავნება მესიჯები საქართველოსთან მოლაპარაკებების სურვილის თაობაზე, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ყურადღებას არ აქცევენ.
- თუ რუსეთს აქვს ინტერესი, მშვიდობიანი, პარტნიორული დიალოგი აწარმოოს საქართველოსთან, ამისთვის არსებობს, ერთი, ჟენევის ფორმატი, სადაც შეხვედრები ხდება; მეორე – კარასინი-აბაშიძის ფორმატი; მესამე – შვეიცარიის საელჩო, რომელიც შუამავალია; მეოთხე – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს, ევროპარლამენტის დელეგაციების შეხვედრები. შესაძლებელია, ერთი სიგნალი გამოუშვას, რომ მას სურს საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოება და შეიძლება ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაო, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ მომხდარა.
- საიდან გამოაქვთ დასკვნები რიგ პოლიტიკოსებს, რომ რუსეთთან დალაპარაკება, მოლაპარაკება, უმაღლეს დონეზე შეხვედრა და ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებზე შეთანხმება შესაძლებელია?
- ვინც რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს, ის ცდილობს, საზოგადოება გააბრიყვოს. სურთ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება ოჯახური ურთიერთობების მსგავსია. ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგება რომ ხდება, ისე უნდა წარმოადგინოს დიდი პოლიტიკური პროცესი. გაიძახიან, წადი, რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოეო! წადი, რუსებს დაილაპარაკეო! რა მოხდა, რატომ არ მიდიხარ? რას ჰქვია, წადი, დაელაპარაკე?!
“ახალი თაობა“, 7 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ერთსქესიანთა ქორწინების თემას პუტინი კარგად იყენებს… საქართველოში რუსეთის აგრესიის მიმართ სათანადო პროტესტი არ არის“
რომელი პოლიტიკური ძალები განსაზღვრავენ დღეს ამინდს ქართულ პოლიტიკაში? რას აკეთებენ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები? რა ხეირი აქვს რუსეთს ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებისგან? როგორ რეაგირებენ ხელისუფლება და საზოგადოება მცოცავ ოკუპაციაზე? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძეს ესაუბრა.
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
- დღეს, ფინანსებითა და გავლენით, ცენტრალური სუბიექტები ისევ „ქართული ოცნების“ კოალიცია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არიან?
- რა თქმა უნდა, ამ ორ სუბიექტს აქვს დიდი რესურსები და ბერკეტები. აქედან ერთი ანუ „ქართული ოცნება“ რუსეთის მითითებების შემსრულებელია. არის კიდევ ორი აქტიური მოთამაშე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“. ორივე მათგანი პრორუსული ძალაა. საერთოდ, აშკარად იგრძნობა, რომ რუსეთი აქტიურდება საქართველოში და თავის ინფრასტრუქტურას ქმნის ყველა სფეროში. რუსეთი აყალიბებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აძლიერებს თავის მედიას და პარტიებს. ფეისბუქით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში ანუ აგვისტოს ომის დღეებში აქციების გამართვას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს აშკარად რუსეთიდან მართული ჯგუფებია. ისინი, ფაქტობრივად, აპირებენ, 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულონ საქართველო. საქართველო აგრესიის მსხვერპლია, მაგრამ ისინი მსხვერპლს უყენებენ ბრალდებებს. ამასთან, ამას სააკაშვილის მიმართ კრიტიკით ფარავენ.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში – სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვები. საქართველო დაზარალებულია. მსხვერპლი აგრესორი ვერ იქნება. ასეთი გამოსვლები რუსეთის ინტერესებშია. რუსეთს დიდი სურვილი აქვს, საქართველოს ხელისუფლებაშიც თავისი მომხრეები ჰყავდეს და ოპოზიციაშიაც. „ქართული ოცნებაც“ რუსეთის ინტერესებს ატარებს, ოღონდ ის პროდასავლური კურსით ინიღბება და მოჩვენებითად პროდასავლურია. შესაძლებელია, ხელისუფლებაში ღიად რუსეთის მხარდამჭერები მოვიდნენ. რუსეთისა და პრორუსული ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია, რომ ოპოზიცია მკვეთრად და რადიკალურად პრორუსული ჰყავდეს.
- გახშირდა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი რუსეთისაკენ გადაიხარა. საზოგადოებაში უფრო დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმი შეინიშნება, ვიდრე რუსეთუმეობა..
- ნიჰილიზმი, სკეპტიკური განწყობა დასავლეთის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საუბედუროდ, ჩვენს საზოგადოებაში სხვა შემაშფოთებელი აზრებიც არის ფეხმოკიდებული. ხალხის ნაწილს სათანადოდ არა აქვს შეგნებული, რომ რუსეთს ჩვენი მიწები აქვს მიტაცებული. ამით ვლინდება დაბალი პოლიტიკური მენტალიტეტი. (…) რუსეთი ავითარებს ერთ თეორიას. ამ თეორიის თანახმად, დასავლეთს უნდა ჩვენი და სხვა ხალხების კულტურისა და იდენტობის ამოძირკვა. ეს არის ყალბი თეორია და თითიდან გამოწოვილი პრობლემა. დასავლეთს არავისი გადაგვარება არ უნდა. თუ ვინმე თვითონ მოინდომებს იდენტობის დაკარგვას, შეიძლება, ეს ვინმემ გამოიყენოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მთლიანობაში დასავლეთს დააბრალო ასეთი რამ.
- მთლიანად დასავლეთის მიმართ არა, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ გაჩნდა უკმაყოფილება მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინებები, ხოლო ამერიკის მაღალჩინოსნებმა ამისაკენ დანარჩენ მსოფლიოსაც მოუწოდეს.
- ეს მართლაც ისეთი რამაა, რაც მიმართულია თვითონ დასავლეთის წინააღმდეგ და პირდაპირ ზედგამოჭრილია პუტინისთვის. ეს იყო წყლის დასხმა რუსეთის ხელისუფლების წისქვილზე. პუტინმა ერთსქესიანთა ქორწინებების თემა კარგად გამოიყენა.
- ანუ, ნებსით თუ უნებლიეთ, აშშ-ის სასამართლომ გააძლიერა პუტინი?
- რა თქმა უნდა. ეს გადაწყვეტილება მიმართულია მთლიანად დასავლეთის, ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგ. ის ერთი ხმის სხვაობით გავიდა. დოკუმენტები და მტკიცებულებები არ გამაჩნია, თუმცა, აქ ეჭვი იბადება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული ძალების მუშაობის შედეგად მოხდა. რუსეთი აქტიურია, დესტრუქციული ძალები კი მთელ მსოფლიოში არიან. დავას არ იწვევს ის, რომ ნებისმიერი უმცირესობები, მათ შორის, სექსუალური, დაცული უნდა იყვნენ. ისინი არ უნდა იდევნებოდნენ. მსოფლიოს უდიდეს ნაწილში მათი დევნა ისედაც არ ხდება. მთელ მსოფლიოში გავრცელდა სხვა ტენდენცია _ იდევნებიან ის ადამიანები, რომლებიც ქება-დიდებას არ ასხამენ სექსუალურ უმცირესობებს.
- ეს საქართველოშიც თვალსაჩინოა.
- თითქმის ყველგან ასე ხდება. ეს კეთდება ლიბერალიზმის სახელით. სინამდვილეში, ლიბერალიზმი ისაა, რომ ტოლერანტული იყო ყველას მიმართ. არ შეიძლება, შუასაუკუნეობრივი დოგმები გამოიყენო და შეავიწროო ისინი, ვინც ტაშს არ უკრავს სექსუალურ უმცირესობებს. მოწონება ძალადობით არ შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და აზრობრივი ტერორი შეიცვლება და წარსულს ჩაბარდება. ჰომოფობია და სექსუალური უმცირესობების დევნა უნდა გამოირიცხოს, მაგრამ არც იმ ადამიანების ტერორი შეიძლება, რომლებიც ტრადიციულად ცხოვრობენ და უმცირესობების ცხოვრების წესით აღფრთოვანებული არ არიან. რუსეთი ამ თემას კარგად იყენებს და დასავლეთს გარყვნილების პროპაგანდაში ადანაშაულებს. ჰომოსექსუალიზმი არასდროს იყო დასავლური სამყაროსთვის დამახასიათებელი. რუსეთს კი საამაყო არაფერი აქვს. რუსეთთან, რუსეთის დიპლომატიასთან ერთ-ერთი პირველი შეხებით საქართველო საშინელებებს წააწყდა. თამარ მეფის პირველი მეუღლე, გიორგი რუსი ისეთ რამეებში იყო შემჩნეული, რომ ჰომოსექსუალიზმი იმასთან შედარებით კანფეტია.
- რუსეთის მიერ საქართველოს მიწების მიტაცება ახსენეთ. რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს.
- ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს. მთავრობის ზოგიერთი წევრის მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები ძალიან უცნაურია. მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც პროდასავლურ ფიგურად ითვლება, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდეგ განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ კი საერთოდ უნიკალური რამ თქვა _ თუ საოკუპაციო ზოლი გადმოიწევს, მილსადენსაც გადმოვწევთო. ისე გამოვიდა, რომ კალაძე ეპატიჟება კიდეც რუსეთს. თავიდან ხმაური საზოგადოებამ და ოპოზიციამ ატეხეს. ამის მერე იყო ხელისუფლების ერთი წამოკნავლება ამ თემაზე. სათანადო პროტესტი არც საზოგადოების მხრიდან ყოფილა. იმ ჯგუფების აქციები, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ჩავიდნენ, არასაკმარისია. როცა მიწას იტაცებენ, ქვეყანაში ზოგადქართული განწყობა უნდა იყოს. ტერიტორიული მთლიანობა ის საკითხია, რომელშიც მთელი საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს.
“ახალი თაობა“, 7 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. სამაგიეროდ, ზურაბ აბაშიძე გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ნატოში არ არის“
რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, რა მოხდება შემოდგომაზე? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ესაუბრება.
- რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ნიშნავს თუ არა საქართველოსთვის ემბარგოს დაწესებას? ხელისუფლების მტკიცებით, მსგავსი არაფერია მოსალოდნელი...
- რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის ემბარგოსაც დააწესებს, საზღვარსაც გადმოსწევს, თუ დასჭირდა, ივანიშვილს გააგდებს და მის ადგილზე ბურჯანაძეს დასვამს. რუსეთთან ურთიერთობას საქართველოსთვის სიკეთე არასდროს მოუტანია და მომავალშიც ასე იქნება, თუ თავად რუსეთს არ დაემართა რამე.
- ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით, დათბობის გარდა, დათმობასაც გულისხმობს. რუსეთს რისი მიღწევა უნდა კიდევ, რატომ დგამს ასეთ ნაბიჯებს?
- რუსეთის პოლიტიკა მთლად რაციონალური არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელიც არც თვითონ არ ჭამს და არც სხვას აძლევს ჭამის საშუალებას. არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა: „ძაღლი თივაზე“. ძაღლი თავად თივას ვერ ჭამს, მაგრამ თივასთან არც სხვებს უშვებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ხმატკბილობას ახერხებენ. ეს ყველაფერი ჩვენი ეკონომიკისა და მომავალი თაობების განვითარების პერსპექტივების განვითარების ხარჯზე ხდება. ცოტა ფილოსოფიურად გპასუხობთ, მაგრამ კონკრეტული კომენტარებისგან დავიღალე. დავიღალე იმის ძახილით, რომ რუსულ ეკონომიკაზე ჩვენი ეკონომიკის მიბმა არ შეიძლება. ვერაფრით გაიგეს, რომ რუსეთში მთავარი ღირებულება ქურდული გაგებაა. საქართველოშიც მოსწონს ვიღაცას ეს ღირებულებები და ამიტომაც ურჩევნიათ რუსეთთან ყოფნა. მერე ეს ურთიერთობა გადადის ღვინოში და ა.შ.
- თუ მაინც დაწესდა ემბარგო, რა ეშველებათ ჩვენს მეღვინეებს? მოძიებული აქვს ხელისუფლებას ალტერნატიული ბაზრები ქართული ღვინის გასატანად?
- ხელისუფლებას ქვეყნისთვის დადებითი იმიჯის შექმნის უნარი არა აქვს. არც ის შეუძლია, რომ ქართული ეკონომიკით მსოფლიო დააინტერესოს. ეს არ არის ადვილი ამოცანა. 200 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაკარგული ჰქონდა და რუსეთის პროვინციად იყო ქცეული. მხოლოდ ხინკლითა და ტაშ-ფანდურით ინვესტორს ვერ მოხიბლავ. გასული საუკუნის 90-იან წლებში შევარდნაძის ხელისუფლება იმავე პოტენციალისა და შეგნების იყო. მაგალითისთვის, პრემიერი იყო ოთარ ფაცაცია, სოფლის მეურნეობას ბაკურ გულუა ხელმძღვანელობდა. სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში პირველი ნაბიჯები იდგმებოდა და ამ ხალხს კომუნისტური გამოცდილება მაინც ჰქონდა. ახლა ისეთი ხალხი მოვიდა, რომლებსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არა აქვთ და მხოლოდ ოპონენტების მიმართ გამოხატავენ ბოღმას. ამ ბოღმით ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპები 2%-მდე შეამცირეს, რაც საქართველოსთვის კატასტროფაა.
(…)
- ეკონომიკის ზრდის შემცირებაში ხელისუფლებას ადანაშაულებთ. ამაში გარე ფაქტორებმა არანაირი წვლილი არ შეიტანა? ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა.
- გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. საერთოდ კი, გარე ფაქტორებს, სირთულეების გარდა, ახალი შესაძლებლობებიც მოაქვს. როცა მთელ რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარებაა, გეძლევა შანსი, შენი წონა მეტად წარმოაჩინო. ამ ხელისუფლებას ეს ხედვები არ გააჩნია და ჩვენ რა ვქნათ? ისინი მხოლოდ იმის იმედზე არიან, როგორ მოთაფლავს კარასინს აბაშიძე. ძალიან უბედურია ჩვენი ქვეყანა, როდესაც რისკებით სავსე გარემოში ასეთი გარემოცვა ჰყავს.
- რისკებზე ჩამოვარდა საუბარი და რამდენად ვართ დაცული ისლამური სახელმწიფოსგან, რომელიც უკვე ჩვენს საზღვრებს მოუახლოვდა?
- საფრთხეები გვექმნება, მაგრამ ჩვენი მთავარი საფრთხე „ისლამური ხალიფატი“ არ არის. ეს სახელმწიფო რომ არსებობს, ამაში პუტინისა და რუსეთის სპეცსამსახურების ამბიციების დიდი წვლილია. მოსკოვი დასავლეთთან გულწრფელად არ თანამშრომლობს არაფერში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთია მეზობელი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა ძალიან დაასუსტა. თუ გვინდა, რომ დასავლეთისთვის უფრო ფასეული გავხდეთ, ამ რუსეთს უნდა მოვწყდეთ, რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს.
- ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ მისი კურსი არის პროდასავლური და საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავენ.
- განცხადებები ნამდვილად კეთდება, მაგალითად, თინა ხიდაშელი სულ ამბობს, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. სამაგიეროდ, ზურაბ აბაშიძე გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ნატოში არ არის. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამას რუსეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს. ბიძინა ივანიშვილისთვის ხიდაშელზე მეტი წონა აქვს აბაშიძეს. ქვეყანას დღეს, ფაქტობრივად, ექსპრემიერი მართავს. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლება რუსეთზე იქნება მიწებებული. რუსეთში კრიზისი მწვავდება და, თუ მას არ მოვწყდებით, ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. (…) შემოდგომისთვის დაგეგმილ აქციაზე ჩვენ საზოგადოებას ვეტყვით, რომ ქვეყნის მართვა უნიათობითა და ტყუილებით არ შეიძლება. ისეთი ტყუილები იკადრეს, როგორსაც ადამიანი არ იკადრებს. (…) დღემდე ამტკიცებენ, რომ ჩვენ ციხეებში ხალხს ცოცხებით ვაუპატიურებდით, რომ ზურაბ ჟვანია მოვკალით და 9 თვის ბავშვი ქვევრში დავახრჩვეთ.
იოზეფ გებელსის ნათქვამია, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს დააბრალებ მოწინააღმდეგეს, საზოგადოების აყოლიების მეტი შანსი გაქვს. ეს ფსიქოლოგიური ფორმულა აქაც გათამაშდა და 2012 წელს საზოგადოება აიყოლიეს. ტყუილი დიდხანს ვერ გასტანს. როდემდე აპირებენ ცოცხების თემით საზოგადოების გამოკვებას?! ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. ეკონომიკა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, ამას საკუთარ თავსა და ჯიბეზე გრძნობს მოსახლეობა.
“ახალი თაობა“, 7 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩაირეცხება.. მათ აქვთ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ აქვთ ფული…
ინტერვიუ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან:
- ბატონა კახა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ „ოცნების“ შიგნით არ არის კარგი სიტუაცია და სერიოზული წმენდა იგეგმება. არჩევნებისთვის იწყებენ მზადებას თუ ცდილობენ, საზოგადოების უკმაყოფილება თავიდან აიცილონ?
- მეც გეთანხმებით სიტყვის კონტექსტში. ერთადერთი, რასაც დავამატებ, არის ის, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და, არა მგონია, იმ ტიპის ცვლილებებმა, რომლებიც ახლა ოცნებაში მიმდინარეობს, რაიმე შეცვალოს. მაგალითისთვის მოგიყვანთ კახა კახიშვილის დანიშვნას სასჯელაღსრულების მინისტრად. იგი ნამდვილად კარგი კადრია, თუმცა გასაგებია, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრისთვის გადახდილი ხარკი, იმიტომ რომ საზოგადოება სიმპათიურადაა განწყობილი ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ, ჯერ ერთი, ის დაინიშნა ძალიან გვიან და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მას ძალიან დიდი ხნის მანძილზე ეჭირა მისთვის აშკარად შეუფერებელი მინისტრის მოადგილის თანამდებობა. მაშინ, როდესაც უდიპლომო წულუკიანი და კიდევ ძალიან ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ძალიან წამყვან პოსტებზეა. მეორეც, ძალიან აშკარად ჩანს, რომ მთავრობას კახა კახიშვილი იმიტომ კი არ სჭირდება, რომ საქმე აკეთოს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას დაანახოს.
სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი სულაც არ არის ის პოსტი, საიდანაც შეიძლება, ქვეყნის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანონ. კახა კახიშვილს თუ პატივს სცემენ და თუ რაიმე ცვლილებებს აკეთებენ, მაშინ პროკურორად დანიშნონ, იუსტიციის მინისტრად დანიშნონ! რა შუაშია კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან?! ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლება კი ხვდება, რომ კრიზისშია, მაგრამ ამისი აღიარება არ უნდა და ცდილობს, კოსმეტიკური ცვლილებებით გამოასწოროს ვითარება, რაც შეუძლებელია. ეს ხელისუფლება განწირულია დაღუპვისათვის, იმიტომ, რომ ის სერიოზული რეფორმისა და ცვლილებებისთვის მზად არ არის.
- რა გველოდება შემოდგომაზე? სხვების მსგავსად, თქვენც ფიქრობთ, რომ იქნება სერიოზული გამოსვლები მოსახლეობის მხრიდან?
- სოციალური გამოსვლები რომ იქნება, ამას წყალი არ გაუვა და ალაგ_ ალაგ ისედაც ჩანს ამის ნიშნები, მაგრამ, იქნება თუ არა პოლიტიკური გამოსვლები, ეს დამოკიდებულია სხვა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებზე. ეს არც „ოცნებაზე“ არ არის დამოკიდებული… საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და პოლიტიკური პროცესები ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას მწვანე შუქს აუნთებენ ხოლმე ან მოსკოვში ან ვაშინგტონში. ახლა ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა. მთავარია, რომ ამისთვის წინა პირობები მომზადებულია. დღეს რომ გამოჩნდეს ისეთი ტიპის ლიდერი, რომელიც თვითონ ივანიშვილი იყო თავის დროზე ან სააკაშვილი, ანუ ცოტა ფულიანიც და ცოტა საგარეო მხარდაჭერის მქონე, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებას“ პირწმინდად მოუგებს არჩევნებს. სააკაშვილისგან განსხვავებით, ისინი იმ 40%-საც ვერ აიღებენ, ძალიან კატასტროფული შედეგი ექნებათ ანუ დღეს არის ვითარება შექმნილი, როდესაც ხელისუფლება გაკოტრებულია, „ძალაუფლება ქუჩაში აგდია“ და ჯერჯერობით არ ჩანს ის ძალა, რომელიც ამ ძალაუფლებას ხელში აიღებს.
(…)
- საიდან გამოჩნდება შემცვლელი პოლიტიკური ძალა?
- ეს დეტალებში რთული სათქმელია, თუმცა ჩვენ ვიცით ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორიიდან გამომდინარე, რა ატრიბუტებთან არის დაკავშირებული ასეთი პოლიტიკური ძალა, ეს არის ფინანსები და მოსკოვის ან ვაშინგტონის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოში ასე იცვლება ხელისუფლებები და არა ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად.
- მოიაზრებთ ვინმეს, ვისაც ექნება ეს ატრიბუტები?
- ასეთი ტიპის ფიგურებს ჩვენ ვერ მოვიაზრებთ, ისევე, როგორც ივანიშვილის ასპარეზზე გამოსვლა არავინ იცოდა. ვიღაცამ უთხრა, რომ შენ ხვალ წახვალ და საქართველოში დააფუძნებ პოლიტიკურ პარტიას. ვერცერთი ექსპერტი ამას ორი თვით ადრეც კი ვერ გამოიცნობდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას, იმიტომ რომ ეს თვითონაც არ იცოდა ივანიშვილმა. ასეთი ტიპის მავრი უამრავია. შესაძლოა, ეს იყოს დასავლეთში მოღვაწე რომელიმე ქართველი ექსპერტი ან რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი.
- თქვენ ამბობთ, რომ მოსკოვის ან ვაშინგტონის მხარდაჭერაა საჭირო. აწყობს დღეს ან ერთ, ან მეორე ქვეყანას ამ ხელისუფლების ცვლილება?
- საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არც მოსკოვისთვის და არც ვაშინგტონისთვის არ არის ცალკე აღებული თემა. საქართველო არის ცალკე ფული, რომელიც რაღაც კონტექსტში განიხილება. აქედან გამომდინარე, ისიც კი არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ხელისუფლების ცვლილებას გარეთ გადაწყვეტენ თუ არა. ვხედავთ, როგორი მზარდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს უკრაინაში დასავლეთის მხრიდან და სრულიად შესაძლებელია, რომ მისი პოზიციები საქართველოშიც გამყარდეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იცით, რომ შეწყდა კეზერაშვილისა და სააკაშვილის მიმართ ინტერპოლით გამოცხადებული დევნა. ნინო ბურჯანაძე გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად უკრაინაში. ეს ყველაფერი იმის მიმანიშნებელია, რომ დასავლეთის მხრიდან ნაციონალურ მოძრაობას ექმნება მყარი და გრძელვადიანი მხარდაჭერა ანუ ეს ძალა არ ჩაირეცხება…. მათ აქვთ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ აქვთ ფული… რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელსაც მათი რესურსების ნახევარი ექნებოდა, ასეთი პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანს. იგივე „ქართული ოცნება“. თქვენ ხედავთ მათი დეპუტაცია როგორ უმწეოდ გამოიყურება „ნაციონალების“ ფონზე ნებისმიერი საპარლამენტო ან სატელევიზიო დებატების დროს.
- რატომ ვერ ელევა დასავლეთი „ნაციონალურ მოძრაობას“? რა არის მასში ასეთი?
- ის არის კარგი შემსრულებელი, მათი საქმეებისა და არა მარტო საქართველოში… უკრაინის საქმეებს ახლა ჩვენ ცოტა აგდებულად ვუყურებთ და ნაციონალური მოძრაობა გახდა რეფორმების ერთგვარი საერთაშორისო ბრენდი. მათ უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნების მანდატი მიიღეს. იცით, რომ ძალიან სერიოზულად განიხილება სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხი უკრაინაში. ნაციონალური მოძრაობა ამერიკული პროექტების ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება. სხვა ქვეყნებშიც მოიყვანეს თავიანთი ხალხი ფერადი რევოლუციების შედეგად, მაგრამ საქართველო გამოდგა ყველაზე წარმატებული და ისინი ამ პროექტს ბოლომდე დაიცავენ. ამაში არ არის პრობლემა, გასაგებია დასავლეთის სურვილები. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში საპირწონე ვერ ჩამოყალიბდა და საპირწონე ვერ შეიქმნა ნაციონალური მოძრაობისა. როცა ამერიკის მიერ გამოზრდილ და გამოწვრთნილ პოლიტიკოსს წვერებიან მოჭიდავეს დაუსვამ გვერდით, რასაკვირველია, ეს უკვე გაყენებს წამგებიან სიტუაციაში. „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აუტსაიდერის როლში გამოდის.
2016-ში შესაძლებელია, იყოს კოალიციური მთავრობა. რადგან ჯერ არ არის მიღებული ხელისუფლების ცვლილების გლობალური გადაწყვეტილება, შეიძლება, ეს ცვლილება 2015-შიც მოხდეს და 2016-ში. ერთში დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება და ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფული. მე ვარწმუნებ „ქართულ ოცნებას“, რომ რა დღეშიც დღეს ნაციონალები არიან, ზუსტად იმ დღეში იქნებიან. ნაწილს დაიჭერენ, ნაწილი გაიქცევა და ნაწილსაც სირცხვილის დერეფნებში მოუწევთ სიარული. ეს ჩანს, რომ ასე იქნება. უბრალოდ, იმდენად დაუბრმავა სიხარბემ თვალები, ამას ვერ ამჩნევენ და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებენ.