globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 7th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: “ჩემი მოსკოვში ჩასვლით რუსეთში ძალიან გავლენიანი ხალხია დაინტერესებული”

რეზონანსი//მთელი კვირა: რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა?

რეზონანსი//მთელი კვირა: „აღმოსვლეთის პარტნიორობიდან” სომხეთსა და ბელორუსს ამოიღებენ // ჟან ასელბორნი: „ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში იპოვოს უფრო მსუბუქი ვარიანტი, ნაკლებად მომთხოვნი და უფრო ფუნდამენტური”

კვირის პალიტრა: ნატოს ცენტრი: საფრთხიდან – უსაფრთხოებამდე

კვირის პალიტრა: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას უმიზნებს”

კვირის პალიტრა: ინტერვიუ იციკ მოშესთან: “ელჩმა უნდა იცოდეს, როგორ “შეფუთოს” თავისი ქვეყანა”

———————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 07 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: “ჩემი მოსკოვში ჩასვლით რუსეთში ძალიან გავლენიანი ხალხია დაინტერესებული”

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, მოსკოვში გამგზავრების წინ, “მთელ კვირასთან” ესაუბრება. იგი აცხადებს, რომ მოწვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან მიიღო, თუმცა არც მოწვევის ავტორების ვინაობას ასახელებს და არც იმ რუსი პოლიტიკოსებისას, ვისაც რუსეთის დედაქალაქში უნდა შეხვდეს. „ეს არის საქმიანი მოგზაურობა. ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენს ქვეყანას დახმარება გაუწიონ. ვხვდები ხალხს, რომლებსაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ და ამ შეხვედრას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენებ“, ამბობს „ქართული დასის“ ლიდერი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რა თემებზე გექნებათ საუბარი?

- შეხვედრისას საუბარი თითქმის ყველა თემაზე იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. შევხვდები ქართველ ბიზნესმენებსაც, სადაც გავარკვევ, იქაური ქართველი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისგან თავს რატომ იკავებენ. საუბარი იქნება პოლიტიკურ თემებზეც. შევხვდები ქართველ ემიგრანტებსაც. ძირითადად უფრო რუსეთის მთავრობის წარმომადგენელებს შევხვდები და არა ოპოზიციას. ორი მიზეზის გამო წინასწარ საქმეზე საუბარი არ მინდა. რადგანაც აქ, საქართველოში არის ხალხი, რომლებიც ჩასაფრებული არიან და შეიძლება წინასწარ საქმე გამიფუჭონ. რა თქმა უნდა, მექნება გავლენიან პოლიტიკოსებთან შეხვედრა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დახმარება შეუძლიათ, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ისეთ გადაწყვეტილებებში, რასაც რუსულ-ქართული ურთიერთობის დარეგულირება ჰქვია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ეცდება ამ ურთიერთობის გაფუჭებას. როდესაც უკან დავბრუნდები, დაწვრილებით ამაზე მაშინ ვისაუბრებ.

- თუმცა თქვენი სტუმრობა იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ბუნებრივად გახდება განსჯის საგანი…

- რაც შეეხება კრიტიკას, ეს ჩემთვის სიახლე არ არის და ყოველთვის გაგებით ვეკიდები, როგორიც უნდა იყოს ეს კრიტიკა. მაგრამ დღეს ახლა ყველა მხოლოდ კრიტიკით არის დაკავებული. ჩვენთან ორი რეალობაა შექმნილი. ერთია მედიაში შექმნილი რეალობა, რომელიც აცდენილია ქართული საზოგადოების ნამდვილ ყოფასა და განწყობას. ეს არის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მედია აშუქებს ასე, რომ რაც ამ ქვეყანას ეხება, ყველაფერი ცუდია და ვინც მათთან რაღაცაზე სასაუბროდ მიდის, ისიც ცუდი ადამიანია.

ვინც ენას ატლიკინებს და ამით ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და ჩვენს სამშობლოს განვითარების საშუალება წაართვა, ის არის კარგი. რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ მედიაში, მიუხედავად სხვადასხვა მფლობელისა, ამ ნაწილს მაინც ერთიდა იგივე ხალხი აკონტროლებს. თუმცა ჩვენ ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხმა თავისი სურვილი თვითონ გამოთქვას – ვინ და რა უნდათ.

მოსახლეობის 99% მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. ჩვენ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. ისინი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე ხალხია. ის, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხდება, ეს გარედან მოხვეული ამბავია.

- დღეს რუსეთი რომ საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას ახორციელებს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი მამულებიდან იტაცებენ, ამასაც გარედან თავს მოხვეულ ამბად მიიჩნევთ? ამ თემაზე თუ აპირებთ საუბარს…

- ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის იმ მცოცავი ანექსიასაც. სწორედ ამ ანომალიურმა ურთიერთობამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ეს მიზეზები უნდა აღმოვფხვრათ, რათა შედეგები აღმოიფხვრას. ვინც ყველაზე მეტს საუბრობს ამ თემაზე, დამიჯერეთ, იმას ყველაზე ნაკლებად ადარდებს ჩევენი ქვეყნის ბედი. დამერწმუნეთ, ამ ხალხის ანატომიას კარგად ვიცნობ. 2008 წლის ომისას რომელი რომელ სოროში იმალებოდა, კაცმა არ იცის. ყველაზე დიდი სოროები მათ ჰქონდათ გათხრილი. ამიტომ მაგათ საუბარს როდესაც ვისმენ, ვცდილობ მათგანაც რაღაც გამოვიყენო. მაგრამ ის, რომ ჩვენ რუსეთში არ უნდა ჩავიდეთ, ეს სტერეოტიპი უნდა დავარღვიოთ, რადგანაც რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას მათთან დიალოგის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენია. რაც ყველაზე მთავარია, რუს ხალხს უნდა ჩავუტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი და ვუთხრათ, რომ ჩვენ მტრები არ ვართ. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი გახდეს. თუმცა რუსებმა კარგად იციან, რომ თუ საქართველოდან ხელშეწყობა არ იქნება, შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება.

- არსებობს ექსპერტების მოსაზრება, რომ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთი საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერებას შეეცდება. როგორ ფიქრობთ, თქვენი მიწვევა ამას ხომ არ უკავშირდება?

- ეს ექსპეტები დასავლური გრანტებით მოსყიდული ხალხია, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით არ გამოირჩევიან. ამიტომაც ასეთ სისულელეებზე კომენტარი ნამდვილად გამიჭირდება. არც სურვილი მაქვს, რომ მათ უაზრო განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო.

- რუსეთიდან წინასაარჩევნოდ დაფინანსებას ხომ არ ელოდებით?

- სისულელეა, ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?! ამის უფლებას არც ჩვენი კანონმდებლობა იძლევა – უცხო ქვეყნისგან პოლიტიკოსის დაფინანსება იკრძალება, რასაც მივესალმები და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში ძალიანაც სწორი აკრძალვაა. ეს კითხვები საზოგადოებას კი არა, ამერიკისგან მოსყიდულ ექსპერტებს აწუხებთ, რომელთა საქმე სწორედაც რომ ის არის, საქართველოს სახელმწიფოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების უფლება არ მისცენ. ამიტომ ამაზე არ ვისაუბრებ.

- რას ელით ამ შეხვედრებისგან?

- ჩემი მოსკოვში ჩასვლით რუსეთში ძალიან გავლენიანი ხალხია დაინტერესებული. ისინი ჩვენი პარტიის კონცეფციამ დააინტერესა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ამ ურთიერთობის მოგვარების სტრატეგიას შეეხება. ეს ძალიან საინტერესოა რუსეთისთვის. ამიტომაც ალბათ ეს იქნება ჩვენი საკვანძო მოკავშირეებად გადაქცევის მიზეზი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მთავარია, ისინი ჩვენგან ქართველი ხალხის გზავნილს მიიღებენ და ჩვენც მათგან დადებით პასუხებს მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემები ერთი ჩასვლითა და ერთ დღეში არ წყდება, თუმცა ეს არის დასაწყისი. წლების განმავლობაში მე რუსეთში არ ვყოფილვარ. ამიტომაც ეს იქნება ნიადაგის მოსინჯვა.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს ჩემით დაინტერესება კი არ არის, ეს არის ქვეყანასთან ურთიერეთობის აღდგენით დაინტერესება. სწორედ ამან გამოიწვია ჩემთან ასეთი სამუშაო დიალოგის გამართვის სურვილი. მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავისუფლები იყოთ რაღაც შაბლონებისგან და სიტუაცია ობიექტურად გააშუქოთ. ევროპისა და დასავლეთის მომხრეებს მინდა ვთხოვო, გადახედონ სტატისტიკას, ჩვენს ქვეყანაში რა რაოდენობის ინვესტიცია ჩადეს. მათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხელიც კი არ გაუტოკებიათ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 07 სექტემბერი, 2015 წელი

რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა?

საქრთველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთ გზად მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას მიიჩნევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამბასადორიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც თითქმის იგივე განუცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმ პრაგმატული მიდგომისა, რომელიც აქვს ხელისუფლებას.

“რუსეთთან მიმართებაში ორი ფორმატია შესანარჩუნებელი. ერთია, ჟენევის ფორმატი, რომელიც პოლიტიკური დიალოგისთვის იქნება წამყვანი და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ძალის არგამოყენების შესახებ გარანტიის მიღება რუსეთის მხრიდან. ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აბაშიძე-კარასინის დიალოგი. მნიშვნელოვანია, ის ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში იხილება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბუღაძე: (ფერმწერი): ხაზგასმით ვამბობ აბსულიტურად მიუღებელია ჩემთვის თავის დახრისა და დათმობის პოლიტიკა, მე ამას ანტიპოლიტიკას დავარქმევდი. მოგონილი ურთიერთობების დათბობა მხოლოდ რუსეთის იმპერიულ და კაკებეშნიკურ ამოცანებს ემსახურება. რუსეთი ძალიან მომგებიან სიტუაციაშია იმ გაურკვეველი პოზიციის გამო, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. ხელისუფლებამ უნდა იხმაუროს, მუდმივ პრობლემად წარმოუდგინოს ევროპას ჩვენი და რუსეთის კონფლიქტი. ჩვენ უნდა ვიყოთ პრობლემა. თუ დასავლეთს პრობლემად არ დავუსახეთ ჩვენი თავი, არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. ჩუმად ყოფნით ვერაფერს გავაკეთებთ და ვერ მივაღწევთ.”

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): “ხელისუფლების მიერ გადადგმული პატარა ნაბიჯები, რომლებიც გადადგეს რუსეთთან ურთიერთობისთვის, არასაკმარისია. არ შეიძლება არ გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს. “მგონი, ჯერ კიდევ ვერ გამოდიან წინა ხელისუფლების გავლენისგან. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის დათმობაც, მოლაპარაკებაც და კომპრომისიც და ყველაფერი. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება დათმობა.”

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ვერც ერთი ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს უკეთეს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. თქვენ ხედავთ წინა ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ რა შედეგი მოგვიტანა. ამ ხელისუფლების პოლიტიკა უფრო თავშეკავებული და პრაგმატულია. უკრაინას შევხედოთ, რომელსაც მხარდაჭერა გარკვეული ზღვარს იქით აღარ აქვს. ასე რომ, იმ მხარდაჭერის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთიდან, ამაზე უფრო ეფექტურ გზას ვერ აირჩევს ხელისუფლება.”

რეზონანსი//მთელი კვირა“, 07 სექტემბერი, 2015 წელი

აღმოსვლეთის პარტნიორობიდან” სომხეთსა და ბელორუსს ამოიღებენ

ჟან ასელბორნი: “ყველა მზადაა, ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში იპოვოს უფრო მსუბუქი ვარიანტი, ნაკლებად მომთხოვნი და უფრო ფუნდამენტური”

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების სამეულში მოხვდა. ევროკავშირის ახალი შეთანხმების მიხედვით, 6 ყოფილ საბჭოთა ქვეყანას სომხეთი და ბელორუსი ცალკე გამოეყოფა და მათ ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ გეგმას შესთავაზებს, რომელიც ევროკავშირთან უფრო ნაკლებად დააკავშირებს, ვიდრე ასოციაციის შესახებ ხელშეკრულება.

ევროკავშიის წევრი ქვეყნის – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის განცხადებით, ევროკავშიირის ამ საკითხზე მუშაობს და ვპროგრამის დეტალებს მოგვიანებით გაახმოვანებს. „ჩვენ ვეძებთ სისტემას, რომლის დროსაც ყველა ხიფდი ჩანგრეული არ იქნება. ჩვენ გვესმის, რომ ასოცირების შეთანხმების დადება ბელარუსთან და სომხეთთან შეუძლებელია. ყველა მზადაა ამ ორი ქვეყნის დამოკიდებულებაში იპოვოს უფრო მსუბუქი ვარიანტი, რომელიც ნაკლებად მომთხოვნია და უფრო ფუნდამენტური.

(…)

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის  გუგული მაღრაძის თქმით, ამით საქართველო განიხილება როგორც უფრო წარმატებული ქვეყანა და ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოსაყენებელია: „ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო დადებითად შეფასდეს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, რომ ისინი საერთო რაღაცაში არ იყოს მოქცეული და რომ საქართველოს უფრო ინვიდიალური ურთიერთობის პაკეტი რომ ჰქონდეს, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ“. ასე რომ, ეს ჩვენთვის, პირიქით, უკეთესია. საქაქრთველო განიხილება, როგორც უფრო წარმატებული ქვეყანა“, – ამბობს დეპუტატი „მთელ კვირასთან“ საუბარში. მისივე თქმით, ევროპამ გააცნობიერა, რომ საქართველოს მისგან განსაკუთრებული დამოკიდებულება სჭირდება: „ჩვენ თანმიმდებრულად ვასრულებთ ყველა მოთხოვნას, რაც არის ევროპული სტრუქტურებიდან. ახლა უკვე ევროპამაც გააცნობიერა, რომ მისგან საქართველოს განსაკუტრებული დამოკიდებულება ჭირდება და ამას შეიძლება მოჰყვეს უფრო მაღალი მოთხოვნაც და ეს უფრო ნდაგვაახლოევებ, დააჩქარებს იმ რეალობასთან, რასაც ევროპა ჰქვია, – გვითხრა დეპუტატმა.

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროექტში სერიოზულად ჩაერთვება“, – ამბობს ფონდ „ღია საზოგადოება – საქქართველო“ ევროპული მიმართულები8ს მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იმედს გამოხატავს, რომ ბელორუსია და სომხეთი თამაშგარე მდგომარეობაში მაინც არ აღმოჩნდებიან, „ჩვენ მათთან ვაჭრობის ორმხრივი შეთანხმებები გვაქვს დადებული. ალბათ, ისინი ევრაზიული კავშირის ორბიტაზე დიდხანს არ დარჩებიან და შეეცდებიან ევროპიდანაც რაიმე სარგებელი მიიღონ… ვფქირობ, რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნება“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ევროკავშირის ახალ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, საქართველოს შრომა გარკვეულწილად შრომა დაუფასდა. „ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ევროკავშირის ლიდერები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ამ ჯგუფის ქვეყნებთან ურთიერთობის გარღმავება დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რა შედეგს მიაღწევდნენ ეს ქვეყნები რეფორმების გატარებისას ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით. ეგრეთ წოდებული სამეული თუ შედგება, ევროკავშირი ამ ქვეყნებთან, ალბათ, გააგრძელებს უფრო მეტ ინტეგრაციას. ერთი მხრივ, ეს ჩვენთვის კარგიც არის იმ გაგებით, შრომა უნდა დაგვიფასდეს“, – განუცხადა „მთელ კვირას“ კორნელი კაკაჩიამ.

კვირის პალიტრა“, 7 სექტმებერი, 2015 წელი

ნატოს ცენტრი: საფრთხიდან – უსაფრთხოებამდე

ხათუნა ლაგაზიძე

(შემოკოლებით)

ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის: თუნდაც ის, რომ ჩრდილო კავკასიაში შესაძლო ფართომასშტაბიანი არეულობის შემთხვევაში, რომელიც ძალზე რეალური გახდება, თუ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული რუსეთი ჩრდილო კავკასიაში უზარმაზარი ფინანსების გადასროლას ვეღარ მოახერხებს, ეს ცენტრი შესაძლოა საქართველოსთვის უსაფრთხოების ბერკეტად იქცეს. თუმცა, იქნება თუ არა ეს ნატოსთან დამაახლოებელი მორიგი ნაბიჯი, ძნელი სათქმელია. თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, ასევე თავდაცვის სამინისტროს ნატოსთან ურთიერთობის ძალიან აქტიურ პოზიციას ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ, ნათელია, რომ დასავლეთმა საქართველოსადმი ინტერესი არ დაკარგა, რაზეც ძალიან წუხდნენ საქართველოს პროდასავლელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი.

ცენტრის გახსნამდე ბევრს ეშინოდა რუსეთის შესაძლო რეაქციის. გვახსოვს რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებები, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რეგიონში უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის. არანაკლებ მწვავე იყო გახსნის შემდგომი განცხადებები, მაგრამ, საბედნიეროდ, რუსეთს აღარ გააჩნია საკმარისი რესურსები კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შერკინებაში გამოიწვიოს მსოფლიო. მისი შესაძლო ხისტი ნაბიჯები, შესაძლოა, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელ მაგისტრალზე კონტროლის დამყარება ყოფილიყო. ეს დასავლეთისთვის უფრო მწარე სილის გაწვნა იქნებოდა, ვიდრე ყირიმის ანექსიაა. რუსეთი, რომელიც პენსიებსა და ხელფასებსაც კი ვერ არიგებს აფხაზეთში, ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს.

დღეს საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი დროის მოგების ტაქტიკაა. ფაქტია, რომ ნატოს არ აწყობს ჩვენი ღია კონფრონტაცია რუსეთთან და მეორე ფრონტის გახსნა. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ მაპ-ი აუცილებელი ეტაპი აღარაა ნატოში შესასვლელად, გვაფიქრებინებს, რომ მაპ-ი დღის წესრიგში კვლავ არ დგას. ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული სტატუს კვო დღეს დასავლეთსა და საქართველოს თანაბრად აწყობთ.

(…)

საგარეო პოლიტიკა: დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე

გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს, გაძლიერდება ქართული დიპლომატიის “აღმოსავლური” ფლანგი და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოხდება, რაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მყარი საძირკველი გახდეს: რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის ინტერესი ჩაიდება საქართველოში, მით მეტი ქვეყანა იქნება დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით და მით უფრო მყარი იქნება საქართველოს უსაფრთხოება -ეს არის ფორმულა, რომლის ამოქმედებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა შეეცადოს. საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთსა (ირანი, ჩინეთი და ა.შ.) და დასავლეთს შორის დიდი ფინანსური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ა.შ. ნაკადების მოძრაობის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად საქართველოს თავზე დაკიდებული საფრთხეების მინიმალიზაციას მოახდენს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო გაცილებით კომფორტული პარტნიორი გახდება დასავლეთისთვისაც -თუ საქართველო მონახავს ისეთ ბერკეტებს, რომლებიც მის უსაფრთხოებას გაზრდის, სასურველი მოკავშირე გახდება, როგორც ნაკლები რისკის მატარებელი ქვეყანა.

პირობითად რომ ვთქვათ: თუკი აღმოსავლეთი და დასავლეთი შეთანხმდებიან, რომ საქართველო უნდა იყოს სტაბილური, რუსეთს გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება საქართველოს დესტაბილიზაციის გზაზე, ვიდრე ჰყავს დღემდე. თუ საქართველოს დესტაბილიზაცია არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ პირობითად, რუსეთის დღევანდელი პარტნიორების, ჩინეთისა თუ ირანის, ინტერესების შელახვაც იქნება, რუსეთი უფრო მეტად დაფიქრდება, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ ხისტი ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს.
თუკი მთელი მსოფლიო დღეს აღმოსავლეთისკენ იყურება, რაღა ჩვენ უნდა ვიაროთ დინების საწინააღმდეგოდ? მით უფრო, რომ გვაქვს რეალური შანსი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაცხოველებული ეკონომიკური ინტერესის შუაგულში აღმოვჩნდეთ. როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს და როგორ გადავლახავთ დამაბრკოლებელ ფაქტორებს, ეს კარგა ხნით განსაზღვრავს საქართველოს მომავალს.

კვირის პალიტრა“, 7 სექტმებერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას უმიზნებს”

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

დადგა შემოდგომა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პოლიტიკური სეზონი, სამთავრობო ცვლილებებით, გახსნილად გამოაცხადა. მედიაში თითქმის ორკვირიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი მართლაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, მისი თანამდებობა კი თბილისის ექსვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. ჯერჯერობით გაურკვეველია თამარ ბერუჩაშვილის ბედი. მისი მომავალი პრემიერმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მიანდო, რითაც ზოგიერთ ექსპერტთა კრიტიკაც დაიმსახურა. ქვეყანა მართლაც უამრავი, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს ახლანდელი ცვლილებები? – ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

- ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ქვეყნის პირველი დიპლომატის სავარძელში გიორგი კვირიკაშვილის გადანაცვლება პრემიერმა ღარიბაშვილმა ეკონომიკაზე ორიენტირებული დიპლომატიის აუცილებლობით ახსნა

- ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკაზე ორიენტირებული დიპლომატიის განვითარება. იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ისეთივე მაღალი დონის დიპლომატად ჩამოყალიბდება, როგორი დონის ეკონომისტიც არის, მაგრამ არის ერთი პრობლემა – ამას დრო სჭირდება, რისი ფუფუნებაც საქართველოს არა აქვს. თუმცა, თუ მან მოკლე ხანში პირველ მოადგილედ სწორედ ქალბატონი ბერუჩაშვილი შეარჩია, მაშინ მართლაც ძლიერ ტანდემს მივიღებთ, რაც აუცილებლად გამოადგება ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსაც და ეკონომიკასაც. სიმართლე გითხრათ, ამ ცვლილებების მთავარი შინაარსი სულ სხვა მგონია, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, აქ კი მხოლოდ ერთს ვიკითხავ: ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა იქცეს ქმედით თანამდებობად ვიცე-პრემიერის პოსტი?! მიმაჩნია, რომ საგარეო ურთიერთობებში ეკონომიკური მიმართულების გაძლიერება შეიძლებოდა ბერუჩაშვილის მინისტრობის შემთხვევაშიც, თუ ამ სფეროს კურირებას ვიცე-პრემიერი კვირიკაშვილი გაუწევდა, თუმცა, ამ საკითხზე ახლა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია, რადგან ცვლილებები უკვე განხორციელებულია.

- მოვისმინე ვარაუდიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვირიკაშვილისთვის დროებითი თანამდებობაა და მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ

- კარგად გვქონია საქმე, თუ საქართველოს ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ისეთი ხელწამოსაკრავი ჰგონიათ, რომ შეიძლება ვიღაცამ ეს პოსტი მხოლოდ ტრამპლინად გამოიყენოს. მეეჭვება, ასე იყოს, მით უფრო, რომ კვირიკაშვილს, ალბათ, გაუჭირდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კონკურენცია გაუწიოს ისეთ “ძლიერ ფინანსისტს”, როგორიც ამხანაგი მეჭიაურია. ხომ ცხადია, რომ ეს ბატონი ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს იმ ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში თანამდებობების გამნაწილებელი ჰგონია. ამას ნახევრად ხუმრობით კი ვამბობ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტარი მეჭიაური სწორედ ამ თანამდებობას უმიზნებს და მისი ფრაზეოლოგიაც ბოლო ხანს ასეთი “გამორჩეული” იმიტომ გახდა.

- ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილის ბედი გიორგი კვირიკაშვილს გადააბარა. ბევრმა ეს განცხადება არაკორექტულად მიიჩნია

- ძალიან კარგი, თუ ახალ მინისტრს მიეცემა საშუალება, თვითონ შეარჩიოს თავისი მოადგილეები და ამაში აღარავინ ჩაერევა, როგორც აქამდე ხდებოდა. ისე კი,
ვერა და ვერ ვეღირსეთ საკადრო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება, რომელ თანამდებობაზე რა პრინციპით უნდა შეირჩნენ ადამიანები…
ხელისუფლება ვერ ახერხებს, ისე წარმართოს პოლიტიკური პროცესები, რომ მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, ამიტომ ასე ცდილობს პოლიტიკური სივრცის გამოღვიძებას. ამ სამთავრობო ცვლილებებით ხელისუფლება თავსაც ირწმუნებს და მოსახლეობასაც, რომ ქმედითია და რაღაცის შეცვლა შეუძლია. მან პიარტექნოლოგიაზეც უარი თქვა; ანუ ერთი პრობლემაა, რომ ხელისუფლება ხშირად უმოქმედოა, მეორე კი ის, რომ თუ ახერხებს და რამეს აკეთებს, ამას საზოგადოება ვერ იგებს.

(…)

- უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ, სააკაშვილი კი მოქმედ პრემიერ იაცენიუკს დაუპირისპირდა. რას იტყვით, თუ ექსპრეზიდენტი მართლაც დაინიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრად, ის ქართულ პოლიტიკურ პროცესს საბოლოოდ გაემიჯნება? ან რას მოუტანს მისი პრემიერობა უკრაინას, ქვეყანას, რომელიც, ფაქტობრივად, ომობს რუსეთთან?

- მეეჭვება, სააკაშვილმა თუნდაც უკრაინის პრემიერობის შემთხვევაში აიღოს ხელი საკუთარ მიზანზე – დაბრუნდეს ადეიშვილ-მერაბიშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მისი ოცნებაა. იმედია, “ქართული ოცნება” ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს, რომ სააკაშვილს ოცნება აუხდინოს…

თუმცა, ხომ ფაქტია, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ძველი ხელისუფლებიდან უამრავი ხალხი გადაბარგდა. ეს შეეხება როგორც რეგიონებს, ასევე ცენტრალურ რგოლებსაც, მაგალითად, პროკურატურას, სადაც კვლავაც ადეიშვილის კადრები წყვეტენ ბევრ რამეს. გავიხსენებ ერთ ფაქტს: სააკაშვილის მმართველობისას, ადეიშვილის”წყალობით, იმჟამინდელი პარლამენტის ერთ-ერთი წევრი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მან სიკვდილის წინ დატოვა წერილი, რომელშიც დაწვრილებით ჰყვებოდა, ვინ, როგორ და როდის აიძულებდა ქონების დათმობას, როგორ გააკოტრეს და ვალებში ჩააგდეს… კარგა ხანია, ეს წერილი პროკურატურაშია, მაგრამ გამოძიებას საშველი არ დაადგა.რაც შეეხება მათ, ვინც სააკაშვილის პრემიერობას ითხოვს, თუ სააკაშვილი გააპრემიერეს, მაშინ ჩვენს მოძმე უკრაინელებს ვურჩევ, საკუთარ გერბზე ერთი ქართული ანდაზა მიაწერონ: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!..”

- მსოფლიო შეძრა ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი მიგრანტი ბიჭუნას სიკვდილმა. სირიიდან და აფრიკის ჩრდილოეთ ქვეყნებიდან სამხედრო კონფლიქტებს გამოქცეული ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ევროპაში ჩაღწევას. (…) ბოლო ხანს ჩვენთანაც გამოჩნდნენ სირიელი ლტოლვილები. რა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ პროცესში?

- ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ლტოლვილთა დიდი ნაკადის მიღება გაგვიჭირდება, მით უფრო, რომ ჩვენ ჩვენი დევნილებიც გვყავს, თუმცა, ჰუმანიტარულ პროცესში აუცილებლად უნდა ჩავერთოთ, ოღონდ – ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით. შეიძლება თავშესაფარი ვერ მივცეთ, მაგრამ დახმარება აღმოვუჩინოთ იქ, სადაც ჩადიან, დავეხმაროთ მედიკამენტებით, პროდუქტით, ჩამოვიყვანოთ ბავშვები აქ სასწავლებლად, სამკურნალოდ, თუმცა, ალბათ, სირიელ ლტოლვილთა გარკვეული ჯგუფის მიღებას ნამდვილად შევძლებთ.

- უკვე გაჩნდა მოწოდებები, რომ სირიასა და ერაყში შექმნილი უმძიმესი ვითარების მოსაგვარებლად მსოფლიომ ქმედითი ზომები მიიღოს. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ დადგა დრო, აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უფრო აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყონ.

- ერთ-ერთი, ვინც ამგვარი ერთიანი ფრონტით მოქმედების ინიციატივით გამოდის, რუსეთია, რომელიც სათავისოდაც ფიქრობს და ამგვარად ცდილობს რეაბილიტაციას დასავლეთის თვალში. აქ იმდენი ინტერესია ჩახლართული, ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ფაქტია, პროცესი ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ეს საქართველოს ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად შეეხება.

კვირის პალიტრა“, 7 სექტმებერი, 2015 წელი

ინტერვიუ იციკ მოშესთან: “ელჩმა უნდა იცოდეს, როგორშეფუთოსთავისი ქვეყანა

რუსუდან შელია

“საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ეროვნული ვალუტის – ლარის სიმყარის შენარჩუნებისთვის ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა აუცილებელია, ამ საქმეში კი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ”, – განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი რეკომენდაციებით მიმართა. კვირის პალიტრისკითხვებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე უპასუხებს:

- რამდენიმე დღის წინ მთავრობას ურჩიეთ, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირის დასამყარებლად, პირველ რიგში, თავიანთ ელჩებთან იმუშაონ. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც ინვესტიციებზე უცხოელი ელჩების დონეზე საუბრობს?

- ეს შეცდომა კი არა, მცდარი მენტალიტეტია, რომელიც ახასიათებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უცხოურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობისას. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი ობიექტურობაა, ვინაიდან მხოლოდ ობიექტურობა უძლებს დროს და უზრუნველყოფს წარმატებულ კავშირებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ცალმხრივ ინტერესებზე ზრუნვა კი საელჩოებს ევალება. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ორმხრივ კავშირებზე, სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს ვინმეს გაკრიტიკება ან გალანძღვა.

მაგალითისათვის ავიღოთ ასეთი სიტუაცია: მთავრობა ხვდება აჭარაში უცხოელ დიპლომატებს და აჩვენებს მათ საინვესტიციო პროექტებს. თუ ელჩებს მოსწონთ ეს პროექტი, ვის უნდა გაუგზავნონ ინფორმაცია? რას ველოდებით შედეგად?

თუ ელჩები ამის შესახებ აცნობებენ საკუთარ ხელმძღვანელობას – საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ მოხსნიან თანამდებობიდან. თუ პირდაპირ ბიზნესსფეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან, მათ დაიჭერენ, რადგან ეკრძალებათ ყველანაირი კავშირი ბიზნესთან და აქვთ პირდაპირი დავალება, რომ არ გაიტანონ ქვეყნიდან 1 დოლარის ინვესტიციაც კი. უცხო ქვეყნის ელჩებთან შეხვედრების ორგანიზება ნიშნავს კონტაქტის დამყარებას ექსპორტიორებთან, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, დაინტერესებული არიან, შენს ქვეყანაში გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, უარეს შემთხვევაში კი, ისინი არ არიან მოწოდებული, შენს ინტერესებზე იზრუნონ. სწორედ ამიტომ უნდა ესაუბრო საკუთარ ელჩებს, მათ ყველაზე უკეთ იციან თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

- ფიქრობთ, საელჩოები პოტენციურ ინვესტორებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ?

- ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ არ დაბადებულა არც ერთი ბიზნესმენი, რომელიც უარს იტყვის ასეთ სატელეფონო შეთავაზებაზე: “მოგესალმებით, მე ვარ X-ის ელჩი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს/პრემიერს სურს თქვენთან შეხვედრა”. თუკი ამას თითოეული ელჩი თვეში ერთ საათს დაუთმობს, ყოველწლიურად საქართველო უცხოეთში მყოფი წარმომადგენლობებიდან მიიღებს მინიმუმ 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას. შეიძლება ეს მეთოდი არ არის მიღებული დასავლეთის ძლიერ, განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ საქართველო განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც შეუძლია თავს მსგავსი არასტანდარტული ქმედების უფლება მისცეს.

- ისრაელში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის განცხადებით, ინვესტორებთან მუშაობა საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.

- არ მინდა შევეხო ისრაელის საკითხს, რადგან ზუსტად ერთი თვის წინ გვქონდა საკმაოდ წარმატებული პრეცედენტი: ბიზნესფორუმი ისრაელში საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის შედეგადაც წლის ბოლომდე საქართველოში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვა. საქართველოში მე ვიყავი პირველი საერთაშორისო წარმომადგენელი და როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, რომელსაც კარგად ესმის ბიზნესდიპლომატიის სპეციფიკა, საჭიროდ ჩავთვალე ჩემი გამოცდილების გაზიარება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ორმხრივ კავშირზე მუშაობს და ჩვენი ფორმატი ინვესტორების მოზიდვის მსგავს სქემასაც ითვალისწინებს.

- ფიქრობთ, თვეში ერთი ინვესტორის მოძებნა ელჩებისთვის ადვილად შესასრულებელი დავალებაა?

- მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტიციები შეჩერებულია, იერუსალიმში ჩატარებულმა ბიზნესფორუმმა უკვე გამოიღო ნაყოფი, მას 100 ბიზნესმენი ესწრებოდა და მასზე დაგეგმილი სამი პროექტის განხორციელება თბილისში უკვე 8 სექტემბერს დაიწყება.

არ არსებობს ქვეყანა, საიდანაც ვერ მოიზიდავ ინვესტიციას. თუკი რომელიმე ელჩი იტყვის, რომ წარმოუდგენლად ესახება მისი სამყოფელი ქვეყნიდან ინვესტორის ჩამოყვანა, მზად ვართ, მას კონსულტაცია გავუწიოთ. ელჩი უფრო პრიორიტეტული თანამდებობაა, ვიდრე მინისტრი. შეუძლებელია უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა შენზე უკეთესად იცოდეს შენი ინტერესები. როდესაც უცხო ქვეყნის ელჩს ანდობ ინვესტიციის მოზიდვას, ნაკლებსავარაუდოა, რომ დადებითი შედეგი მიიღო. სანამ ის ქვეყნის სპეციფიკას გაეცნობა, ეწურება მუშაობის პერიოდი და ქვეყნიდან წასვლა უწევს. ამიტომ ვამბობ, რომ ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების გასაღები ქართველი ელჩების ხელშია.

- თქვენი ინფორმაციით, რა გარემო ხვდება საქართველოში უცხოელ ინვესტორს?

- ბიზნესმენისთვის ყველაზე კარგი გარემო იქ იქნება, სადაც ფულს აჩუქებენ. ელჩმა უნდა იცო­დეს, როგორ გაყიდოს, “შეფუთოს” საკუთარი ქვეყანა. ელჩის საქმიანობაში გადამწყვეტია, თუ რამდენად უყვარს ქვეყანა; რამდენად სწორ დირექტივებს აძლევენ; რამდენად იცი მეორე მხარის საჭიროებები და ა.შ. ელჩის მუშაობა ამ მიმართულებით და პოლიტიკური ნების გარეშე წარმოუდგენელია.

Comments are closed