globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 7th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ინტერპრესნიუსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მიკვირს ჩვენი ხელისუფლებისა – მხედველობაში მაქვს ის, თუ რატომ ჩაერთვნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ საეჭვო ისტორიაში“

ვერსია: კახა კალაძის პროგრამის 7 ძირითადი მიმართულება

ვერსია: პატრიოტთა ალიანსის აქციები წინასაარჩევნოდ // დესტაბილიზაციის მცდელობა თუ საარჩევნო კამპანიის ნაწილი?

ვერსია: მიხეილ სააკაშვილმა „ფე-ეს-ბე“-სთან თანამშრომლობა აღიარა? // ექს-პრეზიდენტის უკრაინული ავანტიურა  ვა-ბანკი თუ ბრძოლა გადარჩენისთვის?

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი ჩიტაურთან: „წყლის ტარიფის გაორმაგება იგეგმება“ // „მალე კომუნალურების გადახდა განვადებით მოგვიწევს“

ახალი თაობა: ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან: „ციანიდის საქმეზე“ ხელისუფლების განცხადებებმა გავლენა მოახდინა“ // „სასამართლო პროცესის დახურვას აზრი არ ჰქონდა“

——————

ინტერპრესნიუსი“, 06 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ჩვენი ხელისუფლების მიკვირსმხედველობაში მაქვს ის, თუ რატომ ჩაერთვნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ საეჭვო ისტორიაში

კობა ბენდელიანი

(შემოკლებით)

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, სოსო სინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ თბილისმა უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა, ექს-პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ იგი კვლავაც აპირებს 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას. თუ კიევსა და თბილისს სურდათ მიხეილ სააკაშვილის შეშინება, ფაქტია, რომ მუქარამ არ გაჭრა. თუ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, ამით არც უკრაინის ხელისუფლება მოიგებს და არც საქართველოსი. გია ხუხაშვილის აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ ოფიციალური კიევი და თბილისი სააკაშვილის გეგმებში ჩაეწერნენ. თქვენც ასე ფიქრობთ? და კიდევ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- როგორც უმრავლეს შემთხვევაში, ბატონი გია ამჯერადაც სწორია. მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი გეგმა, ის აიძულებს თავის მოწინააღმდეგეებს შეცდომების დაშვებას. როდესაც სააკაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, დადიოდა სახურავებზე, ტყეების ჭრას აპროტესტებდა, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სულ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, მისი რეპუტაცია სულ ყოფილიყო სათანადო სიმაღლეზე, მისი პოლიტიკური ოპონენტები სულ იმით ყოფილიყვნენ დაკავებული, როგორ გაენეიტრალებინათ მისი სვლები, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ.

ამჯერად მე ჩვენი ხელისუფლების მიკვირს – მხედველობაში მაქვს ის, თუ რატომ ჩაერთვნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ საეჭვო ისტორიაში. შედეგით საეჭვო ისტორიაში. რასაკვირველია, პოროშენკოსათვის უკრაინაში სააკაშვილის ჩასვლა დივანში ლურსმნის არსებობაა. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლებისათვის სააკაშვილის დაკავება, გადმოცემა და თბილისში სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში მომგებიანი ვერანაირად ვერ იქნება. სააკაშვილის პროცესი ”ციანიდის საქმესავით” დახურული ვერანაირად ვერ იქნება – 21-ე საუკუნეში კი არა, სტალინსაც კი არ ჰქონია. სწორედ მის დროს იმართებოდა მოსკოვის სვეტებიან დარბაზში ღია პროცესები.

ვფიქრობ, თბილისმა, კიევმა და თავად მიშამაც იცის, რომ უკრაინაში არ შეუშვებენ. ყველაზე ნაკლები იმიჯური დანაკარგი პორიშენკოსათვის იქნება თუ სააკაშვილს არ შეუშვებს უკრაინაში. მაგრამ, არც ეს არის გამოსავალი, ვინაიდან სააკაშვილი არსენა მარაბდელივით მარტო არ მიდის. მას მიჰყვებიან პოლიტიკოსები, პრესა, მთელი ევროპის ტელევიზიები, ალბათ საქართველოსიც, აჩვენებენ სცენებს თუ როგორ არ შეუშვეს კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი უკრაინაში. სააკაშვილის აქტივი ის არის, რომ იგი ყოველთვის ახერხებდა მომგებიანი, მიმზიდველი და პოპულარული თემების პოვნას როგორც ევროპისთვის, ისე პირველ რიგში ამერიკისათვის. ის იმეორებს იმას, რასაც თბილისში აკეთებდა. დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მომგებიანი თემა, როგორც კორუფციასთან ბრძოლაა. ამის საბაბს შევარდნაძის ხელისუფლებაც იძლეოდა და პოროშენკოს ხელისუფლებაც იძლევა. შევადნაძე ოლიგარქი არ იყო, უკრაინას ახლა ოლიგარქია მართავს. ამიტომ, ვფიქრობ, მთელი ეს ისტორია დამთავრდება იმით, რომ სააკაშვილს არ შეუშვებენ უკრაინაში და იგი დასავლეთის გარკვეულ წრეებში კიდევ უფრო პოპულარული გახდება. და ეს მაშინ, როცა ვაშინგტონი და ევროპა პოროშენკოსგან კორუფციასთან ბრძოლას და ქვეყანაში რეფორმების გატარებას მოითხოვენ. სააკაშვილმა მოახერხა აზრის დამკვიდრება, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ პირველი მებრძოლი სწორედ ისაა.

- კრემლი დონბასში გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელების შეყვანის იდეით გამოვიდა. თუ ჩვენ გასული საუკუნის 90-იან წლებს, ჩვენს კონფლიქტებსა და მასში რუსეთის მონაწილეობას და მოქმედებას გავიხსენებთ იოლად დავასკვნით, რომ კრემლს მის მიერვე გაღვივებულ კონფლიქტებში თავისი მოქმედების სცენარში კორექტივებიც კი არ შეაქვს. მოსკოვის წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა კიევმა და კვლავ ასევე კატეგორიულად მოითხოვს რუსეთ-უკრაინის 400 კილომეტრიან საზღვარზე უკრაინის კონტროლის აღდგენას. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებში მოსკოვი მოქმედების სქემას არ ცვლის? თქვენი აზრით, ამჯერად რამდენად დამყოლი შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთი დონბასთან დაკავშირებით კრემლისსამშვიდობოგეგმებთან მიმართებაში?

- არა მგონია, რომ დონბასთან დაკავშირებულ საკითხებში დასავლეთი რუსეთის დამყოლი აღმოჩნდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პუტინმა დიდი ხანია დასავლეთის მიერ დადგენილი ყველა წითელი ხაზი გადალახა. რაც შეეხება მშვიდობისმყოფელებს. ჩვენ ამ თვალსაზრისით ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. სადაც გინდ რუსი და გინდა სხვა ქვეყნის, თუნდაც გაეროს მშვიდობისმყოფელები შევიდნენ, ყველგან სტატუს-კვო დამყარდა. გაეროს მშვიდობისმყოფელები დგანან კვიპროსზე და ეს ქვეყანა 50 წელია გაყოფილია. პოროშეკომ იცის, დონბასში როგორც კი შევლენ მშვიდობისმყოფელები, გინდ რუსეთის, გინდ გაეროს, პუტინი ყოველთვის მოახერხებს დონბასში ისეთი ფეთქებადი სიტუაცია იყოს, რომ იქიდან გაერო თავის ”ცისფერჩაფხუტიანებს” არასოდეს გამოიყვანს.

თავის დროზე, გასული საუკუნის 50-წლების მიწურულსა და 60-იან წლებში [ეგვიპტის პრეზიდენტმა] გამალ აბდელ ნასერმა სუეციდან გაეროს გააყვანინა მშვიდობისმყოფელები, მაგრამ ამით ეგვიპტემ ვერაფერი მოიგო, პრაქტიკულად ნახევარი ტერიტორიები დაკარგა. გამორიცხულია, რომ კიევის თანხმობით დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელები შევიდნენ. ასე რომ მოხდეს, კიევისთვის ეს ამ რეგიონის დაკარგვის ტოლფასი იქნება. ედუარდ შევარდნაძის შეცდომა ის იყო, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დათანხმდა რუსებისათვის მშვიდობისმყოფელის სტატუსის მინიჭებას. პრაქტიკულად, ეს კაპიტულაცია გახლდათ.

- მახსოვს, ”იმელის პარლამენტშიამას ყველაზე დიდი შემართებით ბატონი ნოდარ ნათაძე აპროტესტებდა. მისი არგუმენტი ასეთი იყოგაეროს წესდება იძლევა საშუალებას, მშვიდობისმყოფელის სტატუსი არ მიენიჭოს მეზობელ ქვეყანას, ვინაიდან მას შესაძლოა, თავისი ინტერესები ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული

- მახსოვს ჩვენს მაშინდელ პარლამენტში ამ თემაზე ცხარე კამათი. მშვიდობისმყოფელი გინდა მეზობელი ქვეყნის იყოს გინდა არა, მაინც წამგებიანია იმ ქვეყნისთვის, სადაც კონფლიქტია გაჩაღებული. გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონაში შესვლა იმ ქვეყნის მოთხოვნით უნდა მოხდეს, სდაც კონფლიქტია. ამ შემთხვევაში უკრაინის. კიევი კი ამას გაეროსაგან არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვს.

რასაც მე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდები, იქ ალბათ შემოდგომაზე უფრო მოსალოდნელია ის, რასაც უკრაინის მიერ აშშ-საგან იარაღის მიღება ჰქვია და რასაც კიევი კარგა ხანია ვაშინგტონისგან ითხოვს. საუბარია ამერიკელების მიერ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ”ჯაველინის” გადაცემაზე. მაგრამ, იმავდროულად, ვაშინგტონი პოროშენკოსაგან მოითხოვს კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმების გატარებას. აქ უკვე მიხეილ სააკაშვილი არ აძლევს მას იმის თქმის საშუალებას, რომ იგი კორუფციას ებრძვის, თან ეფექტურად.

- ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის საკონტინეტთაშორისო ბომბის გამოცდით ყველა გააკვირვა. ჯერ იყო ტრამპმა მერკელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგმოქმედების ყველა სცენარს განიხილავს”. მაგრამ, გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილებოდა, ჩინეთის წარმომადგენელმა განაცხადა – ”პეკინი არავის მისცემს უფლებას კორეაში ომი დაიწყოსო”. გასაგებია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში აშშ- სეფე სიტყვა კი ეკუთვნის, მაგრამ ამავე საკითხებში პასუხიმგებლობა პეკინსა და მოსკოვსაც ეკისებათ. როგორც ვნახეთ, მათი პოზიცია საფხენიანო უფროა. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში?

- ლოგიკის მიხედვით, ერთი შედეგი ეს არის ჩრდილოეთ კორეაზე სამხედრო დარტყმა, რასაც იგივე ვაშინგტონის ჩუმი თანხმობით ყოველთვის იყენებდა ისრაელი. ისრაელმა ოთხი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაარღვია როცა ერაყის ბირთვული რეაქტორები დაბომბა და საფრანგეთის პორტებიდან მოიპარა უკვე ნაყიდი ბირთვული რეაქტორები. არავინ, მათ შორის არც ამერიკაში არ ელოდა ბირთვული იარაღის წარმოების საქმეში ჩრდილოეთ კორეის ასეთ სწრაფ წარმატებას. ჩრდილოეთ კორეის მიერ რიგით მეექვსე აფეთქების გამოცდა საკმაოდ სერიოზული იყო. საუბრობენ იმაზე, რომ უკანასკნელი აფეთქება სამჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თავის დროზე ხიროსიმასზე განხორციელებული აფეთქება.

ამერიკელებმა როგორც იქნა მოინელეს რუსეთის სტრატეგიული რაკეტები, ვინაიდან ჯერ სსრკ და შემდეგ რუსეთი თამაშის წესებს აღიარებდა. ფხენიანი უნიკალური შემთხვევაა იმ თვალსაზრისით, რომ იგი არანაირ თამაშის წესებს არ ცნობს და არ აღიარებს.

- ყველა თანხმდება, რომ ფხენიანის წარმატებები ბირთვული იარაღის შექმნაში საკმაოდ შთამბეჭდავია. იგი ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდაან პეკინი დაეხმარა ან მოსკოვი. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სწორედ მოსკოვს აწყობს ჩრდილოეთ კორეის კრიზისში ვაშინგტონის იმ დოზით ჩართვა, როგორც თავის დროზე ვიეტნამში ჩაება ომში ამერიკა. თუ ჩრდილოეთ კორეის საკითხში პეკინის პოზიციას გავითვალისწუნებთ, ტრამპმა კიდეც რომ გადაწყვიტოს ფხენიანზე დარტყმის განხორციელება, არა მხოლოდ მსოფლიოს ამ რეგიონში საკმაოზე მეტად დაიძაბება ვითარება

- თუ ფხენიანმა ვაშინგტონს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, მაშინ ტრამპს სხვა გზა არ ექნება. პეკინს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სხვა ”კუჭის ტკივილი” აქვს. პეკინს კიმ ჩენ ინი მხოლოდ ერთ განზომილებაში ადარდებს. ვითარების გამწვავების შემთხვევაში მილიონობით ლტოლვილი მიაწყდება ჩინეთს.

რუსეთი თან გმობს ფხენიანის მოქმედებას, თან ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ დიპლომატია ჩაერთოს. კრემლმა მშვენივრად იცის, რომ კიმ ჩე ინთან დიპლომატია უძლურია და არ ჭრის. კიმ ჩე ინი კი ამბობს, თქვენ უნდა შემინახოთ მე – არც მეტი, არც ნაკლები. ტრამპის ბოლო განცხადება იყო საინტერესო – ჩვენ ყოველგვარ ვაჭრობას ჩრდილოეთ კორეასთან გამოვრიცხავთ. ყადაღას დავადებთ იმ ქვეყნებს, ვინც არაპირდაპირ ეხმარება ფხენიანს. აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ დაბალია. აქ იგულისხმება ის, რომ 200 თუ 300 ათასი კორეელი მუშაობს რუსეთში და ფულს აგზავნის ჩრდილოეთ კორეაში.

მაგრამ, ჩინეთ-ამერიკის ვაჭრობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ტრამპი წავა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მკვეთრად შემცირებაზე თუ დაინახა, რომ პეკინი ჩრდილოეთ კორეას რამე ფორმით ეხმარება. ამერიკაში ჩინური პროდუქცია ბევრი იყიდება, ისევე როგორც ჩინეთში ამერიკული. საქმე ისაა, რომ ამერიკას სხვა ბაზრების ათვისება შეუძლია, ამ მხრივ ჩინეთს ასეთი შანსები არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩინეთს არ უხარია კიდევ ერთი ბირთვული ქვეყნის გაჩენა, ეს არც რუსეთს უხარია. ყველას უნდა რომ ბირთვული იარაღი რაც შეიძლება ცოტას ჰქონდეს. (…)

- ახლა კი საშინაო პოლიტიკას დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ახლა ჩვენთან საარჩევნო პერიოდია და თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
- შიდა პოლიტიკაში შეიმჩნევა გარკვეული დაბნეულობა. ”ქართული ოცნება” ვერ გამოვიდა პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლით გამოწვეული შოკიდან. ოფიციალურად წასვლას ვგულისხმობ, თორემ იგი არაოფიციალურად არსად არ წასულა. როგორც ჩანს, ივანიშვილს რამდენიმე, 2-3 სამინისტრო აინტერესებს.

ეს ნათლად გამოჩნდა ხანძრებისას, საერთოდ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შოკიდან ”ოცნება” ვერ გამოვიდა, ეს კლასიკაა და გასაკვირი არაა. მაო რომ გარდაიცვალა, კიდევ კარგი ჩინელებს დენსიაოპინი ჰყავდათ, თორემ ჩინეთში რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. ბიძინა ივანიშვილმა ყველა მიაჩვია ასეთ დამოკიდებულებას – თქვენ ფიქრი არ გინდათ არაფერზე, თქვენს მაგივრად ყველაფერზე მე ვფიქრობ. თქვენ კი იცხოვრეთ, მე ფულს გაძლევთ, სახლები გიყიდეთ, ხელფასები დაგინიშნეთ, იყავით და რასაც გეტყვით, ის აკეთეთ.

როგორც ჩანს, გიორგი კვირიკაშვილი ვერ გამოდგა ძლიერი პიროვნება. თანაც შეცდომები მოსდის. ევროპაში რომ მომხდარიყო ის, რაც ”ციანიდის საქმეთან” მოხდა, მას საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხების გაცემა. ”ციანიდის საქმეთან” დაკავშირებით სასამართლომ თქვა- არავითარი ანგარება, დეკანოზი მამალაძე შურისძიების გამო მოქმედებდაო. და ეს მაშინ, როცა პრემიერმა კვირიკაშვილმა ოთხი დღე გვატირა – აქაოდა ქვეყანა ტრაგედიას გადავურჩა, პატრიარქს კლავდნენო. პრემიერი ხომ ვიღაცა არაა, რომ ყალბი ინფორმაცია მიაწოდოს.

რაც შეეხება არჩევნებს. რასაკვირველია, კახა კალაძე ”ქართული ოცნების” არანაირი გუნდის მერობის კანდიდატი არ ყოფილა. კალაძე გახლავთ კალაძის კანდიდატი. რაც სიამოვნებით მიიღო იგივე პრემიერმა, ვინაიდან, მას სულაც არ აწყობდა მის გვერდით გავლენიანი ვიცე-პრემიერი. ვუსმინე კალაძეს ენერგეტიკის სფეროში მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე. ეტყობა, კალაძეს პირში არავინ ეუბნება, რომ დიასახლისი ქსენია და მევენახე მიხო იმას კი არ იტყვიან, რამდენი დიდი თუ პატარა ჰესი აშენდა ქვეყანაში, არამედ იმას, შემცირდა თუ არა და რამდენით ელექტროენერგიაზე გადასახადი. გარდა ამისა, ეს არჩევნები საინტერესოა იმით, რომ პირველად გამოჩნდა რეალურად თავისუფალი მოთამაშე, ”მოხეტიალე ფორვარდი” ელისაშვილის სახით. მას ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს, ის კი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ბევრი რამ, რაც დღეს ცუდადაა, გამოსწორდება.

სხვათა შორის, ირანის პრეზიდენტი მანამდე თეირანის მერი იყო. იგი უცხო იყო ყველასთვის – თეირანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის არაფრით გამორჩეული ლექტორი იყო. სწორედ ის ამბობდა – მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთნი, არავის წინაშე ვალდებული არ ვარ და იგი ჯერ მერი გახდა, შემდეგ პრეზიდენტი. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ არჩევნების წინ ჩვენში შიდაპოლიტიკური ვითარება აჭრილია და საკმაოდ ფინთადაც. კალაძის აქილევსის ქუსლი იცით რაა? – ნარმანია. როცა მას ნარმანიაზე ეკითხებიან, იგი მასზე ცუდს ვერაფერს ამბობს. ვერც იმას იტყვის, ნარმანია რომ აკეთებდა, იმაზე უკეთესად გააკეთებს. ასეა იმიტომ, რომ კალაძემ იცის, რომ ”ოცნებას” ნარმანია გამზადებული ჰყავთ თანამდებობაზე დასანიშნად.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ შიდა პოლიტიკაში პრორუსული ფლანგის აღზევება მიმდინარეობს. თქვენც ასე ფიქრობთ? თუკი, ეს რაში გამოიხატება?

- ჩემი აზრით, საქართველოში პრორუსულ მიმართულებას პერსპექტივა არც ერთ ვარიანტში არ აქვს. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოების მარგინალიზაცია კი ხდება, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რუსეთი დღეს საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად არაფერს თმობს და არც აპირებს. ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრე მეცა ვარ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები არ მინდა იყოს ქუჩა, რომელზეც მხოლოდ ერთი მიმართულებითაა მოძრაობა. სამკუთხედი თბილისი-მოსკოვი-ვაშინგტონი ორიგინალური იდეა არაა. თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, ამ იდეას ლობირებდა აწ განსვენებული ვახტანგ რჩეულიშვილი. მე მთხოვდა ამ თემაზე მემუშავა. მაშინ ვცემდი ჟურნალს ”პოლიტიკა” და იმ ჟურნალში ორი სტატიაც კი დამაწერინა. ეს იდეა როგორც მაშინ იყო მკვდრადშობილი თემა, იგი დღსაც ასეთივე მკვდრადშობილ თემად რჩება. მეც ვარ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე, მაგრამ მოლაპარაკებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მოლაპარაკებას აწარმოებენ პირველი პირები და ორივე მხარე მზადაა გარკვეულ კომპრომისებზე. სხვანაირად ეს მოლაპარაკებები ძლიერი მხარის ულტიმატუმებზე საუბარი იქნება. ნაპოლეონიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ავსტრიასთან, პრუსიასთან, იტალიასთან, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ ამარცხებდა, მათთან მიჰქონდა დოკუმენტი, თავზე გადაახევდა, მაგრამ გამოდიოდა თითქოს მოლაპარაკებების შედეგად დაიდო შეთანხმება.

როდესაც რუსეთი გვეუბნება, სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობაა და ჩვენ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. დღეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს. სანამ რუსეთი მზად არ არის საქართველოსთან რაღაც დათმოს, რაც მას სხვათა შორის, უკანონოდ, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით აქვს მიღებული, ასეთ სიტუაციაში მასთან არც მოლაპარაკებას აქვს აზრი და არც დელეგაციების გაგზავნას. დიპლომატიაში ყალბ გზავნილებზე უარესი არც არაფერია.

ვერსია“, 06-08 სექტემბერი, 2018 წელი

კახა კალაძის პროგრამის 7 ძირითადი მიმართულება

,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას საკუთარი პროგრამა წარუდგინა. პრეზენტაცია 4 სექტემბერს, ,,ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ვერანდაზე გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარლამენტარები ესწრებოდნენ.

,,თბილისი, სიცოცხლის ქალაქი” – ეს ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის პროგრამაა, რომელიც შვიდ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიის, სოციალური, ეკონომიკური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე მართვის პოლიტიკა ის პრიორიტეტებია, რასაც ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის პროგრამა ეფუძნება.

ურბანული განვითარების პოლიტიკა

კახა კალაძის განმარტებით, ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის, მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფცია არ არსებობს. თუმცა ამ მიმართულებით თბილისის მერია უკვე მუშაობს _ შეიმუშავა გენერალური გეგმა, რომლის განხილვაც ექსპერტთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად მიმდინარეობს:

,,ალბათ, შენიშვნები იქნება. განხილვის დროს ამ შენიშვნებს გავითვალისწინებთ და სულ მალე თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმას დავამტკიცებთ. ეს საბოლოოდ მოაწესრიგებს ქალაქის ქაოტური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემას. ჩვენს ქალაქში უსახური შენობები მომრავლდა, ამიტომ ფასადებისთვის სტანდარტები დაწესდება. შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია. ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად, ქალაქის იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის სათანადო დაცვას”.

კახა კალაძის განმარტებით, პრობლემური თემაა ავარიული შენობები ანუ ,,ხრუშჩოვკები”, თუმცა მერიას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა რაოდენობის ფართზეა საუბარი, ამიტომ აუცილებელია ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაცია და ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს მათი გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმა. მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია ,,ქართული ოცნების” გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მშენებლობის ზედამხედველობისას კი განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტური იერსახის შენარჩუნებას დაეთმობა.

,,ჩვენ ვიმუშავებთ დედაქალაქის რაიონებისა და უბნების თანაბარ განვითარებაზე. განვითარების კონცეფციის შესაბამისად, უზრუნველვყოფთ თბილისის თითოეული უბნის თანაბარ განვითარებას. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზეც მერია კერძო სექტორთან ერთად იზრუნებს. მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგების სისტემა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრას ყველა უბანში. ჩვენ ვიცით, რომ წყალმომარაგება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. უახლოეს დღეებში, ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობას შევხვდები და ამის შემდეგ გაგაცნობთ, კონკრეტულად რა პროექტების განხორციელებას აპირებს კომპანია. შესაძლოა, ეს პირდაპირ მერიის კომპეტენცია არ იყოს, მაგრამ ვინაიდან ეს პრობლემა აწუხებს მოსახლეობას, ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით”.

სატრანსპორტო პოლიტიკა

კახა კალაძის გუნდი ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიას შექმნის, რომელიც თბილისის ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. ამ სტრატეგიის მიხედვით, ახალი სატრანსპორტო დერეფნები განისაზღვრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა გაფართოვდება:

,,მნიშვნელოვანია, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული კი არა, პოპულარულიც უნდა გავხადოთ. განვახორციელებთ მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს, არსებული მეტროსადგურების რეკონსტრუქციას, დავგეგმავთ მეტროს ახალი ხაზების განვითარებას, განვაახლებთ თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკს, რასაც თანამედროვე ტიპის კომფორტული ავტობუსებით ჩავანაცვლებთ. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ, რათა ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება საქართველოშივე მოვახერხოთ”.

,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საცობებისა და ცენტრალური უბნების გადატვირთვის თემასაც შეეხო. საცობების განტვირთვის მიზნით, სპეციალური პროგრამა შემუშავდება, რომლითაც თბილისის ქუჩების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში განხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს გადატვირთული წერტილების გამოვლენასა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვას. კალაძემ აღნიშნა, რომ საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მასშტაბური, საგზაო, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, მოწესრიგდება პარკირების სისტემა, მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურა, ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა.

ეკოლოგიური პოლიტიკა

სამწუხაროდ, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტით, გამონაბოლქვით, მშენებლობებისა და გრუნტის მტვრით. კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაუჭერს მხარს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას. რაც მთავარია, მშენებლობების ეკოლოგიური სტანდარტი გამკაცრდება და უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით:

,,ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზე, დაბინძურების პრევენციის ეფექტური მექანიზმები განისაზღვრება. ამუშავდება უბნებში პარკების გაშენების მთლიანი სქემა და ამაში იგულისხმება, მაგალითად, ზოოპარკის ტერიტორიის, ასევე ,,მზიურის” განახლების გეგმა, ვაკის პარკის, მუშტაიდის ბაღისა და სხვა მწვანე სკვერების სრული რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, რომ თბილისში, დაახლოებით, 1 400-მდე პარკი და სკვერი გვაქვს, რასაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. გარწმუნებთ, რომ თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, ნებისმიერი დროს სასიამოვნოდ გაატარებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ესაა ტერიტორია, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარეობს და დაახლოებით, 200 ჰა-ზეა გადაჭიმული. მართალია, იქ ახლა არც ისე სახარბიელო სიტუაციაა, მაგრამ გპირდებით, მალე, თბილისისა და თბილისელებისთვის, ეს დასვენების ერთ-ერთი, საუკეთესო ადგილი იქნება”.

სოციალური პოლიტიკა

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მმართველობა გაჭირვებულ და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამისად, მმართველი გუნდის ძალისხმევაც სწორედ ამისკენ იქნება მიმართული: ,,აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმ პირებისთვის. შესაბამისი ღონისძიებებს განვახორციელებთ, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, სადაც ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვადასხვა ობიექტი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული”.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა

ამ მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემაა საბავშვო ბაღები. 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ბაღებში ბავშვების რაოდენობა იზრდება. Uგასული წლების განმავლობაში განხორციელდა 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება. კალაძის თქმით, თბილისის რაიონებში აშენდება ახალგაზრდობის ცენტრები, სადაც მათ ექნებათ შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა რაიონში. ახლებურად დაიგეგმება ,,თბილისობა” და სხვა კულტურული ღონისძიებები.

ეკონომიკური პოლიტიკა

კახა კალაძის განმარტებით, სამწუხაროდ, თბილისს ერთიანი ეკონომიკური ხედვის პოლიტიკა არ აქვს. თუმცა პირველი, რასაც მერად არჩევის შემდეგ კახა კალაძე გააკეთებს, მუნიციპალური განვითარების გეგმაა, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას დაედება საფუძვლად. კალაძის განცხადებით, განხორციელდება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია, რადგან არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია, რა ქონებას ფლობს მერია.

,,როდესაც ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ,,ღამის ეკონომიკა” განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ. ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ბევრ ევროპულ ქალაქშია სიახლე და ამ მხრივ, არც თბილისი იქნება გამონაკლისი. ,,ღამის ეკონომიკის” განვითარება შესაძლებლობას მოგვცემს, რათა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ჩამოვაყალიბებთ და განვახორციელებთ ,,ღამის ეკონომიკის” კონცეფციას, რაც უბნების განვითარებას, ასევე ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს. ღამის კულტურული ცხოვრების განხორციელება წაახალისებს ახალ სტარტაპებს და გაზრდის ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს”.

მართვის პოლიტიკა

კახა კალაძის პროგრამის უმთავრესი მიმართულება მართვის პოლიტიკაა, რაც მერიის უკვე არსებული სტრუქტურის ანალიზს გულისხმობს:

,,შევისწავლით მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვავლენთ არსებულ ნაკლოვანებებსა და მათი აღმოფხვრის გეგმასაც დავსახავთ. მართვის პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან თბილისი მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ან კონკრეტულად რომელიმე ჩვენგანის ქალაქი კი არა, ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ქალაქია. ამიტომ მათი ჩართულობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მუნიციპალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თბილისელების მონაწილეობის ინოვაციურ მოდელს დავგეგმავთ, რის საფუძველზეც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს მათი უბნები. დედაქალაქელებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი კონკრეტული პროექტია მათი უბნისთვის პრიორიტეტული. ჩვენი მიზანია, განვითარება თბილისის თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს, რათა დედაქალაქის ყველა უბანი სიცოცხლით სავსე იყოს”.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შვიდივე მიმართულებაში ასახული მიზნების მისაღწევად, თბილისის უკვე არსებული ბიუჯეტი საკმარისი არ იქნება, ამიტომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, თბილისის ბიუჯეტი გაიზრდება, რათა მომავალი ოთხი წლის მანძილზე, ყველა ეს პროექტი განხორციელდეს.

ვერსია“, 06-08 სექტემბერი, 2018 წელი

პატრიოტთა ალიანსის აქციები წინასაარჩევნოდ

დესტაბილიზაციის მცდელობა თუ საარჩევნო კამპანიის ნაწილი?

თათია გოჩაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ოპოზიციის გაერთიანების იდეა ვერ განხორციელდა და პარტიები კანდიდატებს დამოუკიდებლად ასახელებენ. არჩევნების წინ ვერ შედგა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაც, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო. სხვათა შორის, ეს საკითხი ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ იმ აქციებისა, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი დიდი ხანია სექტემბერ-ოქტომბრისთვის აანონსებს.

საპარლამენტო ოპოზიცია პერმანენტული აქციებისთვის ემზადება და ხელისუფლების გადაყენებას ითხოვს. ,,ვერსია” დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს ,,პატრიოტებმა” აქციების მოწყობა სწორედ არჩევნების წინ? ხალხის ქუჩაში გამოყვანა მათი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ხომ არაა? იქნება თუ არა წინასაარჩევნო აქციები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და მასშტაბური ხანძრების ფონზე, როცა დივერსიის რეალური ნიშნები ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს პოლიტიკური მოვლენების ცხელ რეჟიმში გადაყვანის მცდელობა?

ამ კითხვებით პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს, გოჩა თევდორაძეს მივმართეთ, რომელმაც განმარტა, რომ მათ მიერ აქციების დაანონსების მიზეზი ხელისუფლების ქმედებები გახდა: ,,ხელისუფლებას არ ესმის არც ოპოზიციის, არც ვენეციის კომისიის, არც ევროსტრუქტურებისა და საკონსტიტუციო პროექტს ერთპარტიულ რეჟიმში იღებს. მათ სურთ, მანდატებიც მიიტაცონ და პროპორციულ სისტემაზეც არ გადავიდეთ. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევის წესიც. ტენდენციურად შერჩეული საკრებულოებისა და პარლამენტის წევრების მეშვეობით სურთ პრეზიდენტის არჩევა, რომელიც ერთპარტიული პრეზიდენტი იქნება, ვერც დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებს და ვერც დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს”.

გოჩა თევდორაძე მიწის გასხვისების საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ მის პარტიას სურს, სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდეს: „ხელისუფლებამ თითქოს გამოაცხადა, რომ ამას აკეთებს, მაგრამ რეალურად ტოვებს შანსს, ორგანული კანონით დარეგულირდეს გამონაკლისი შემთხვევები და ეს პირადი შეხედულების შესაბამისად მოხდეს”.

პატრიოტთა ალიანსის მდივნის განმარტებით, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხითაც მძიმე მდგომარეობაა: ,,დღეს ეს პასუხისმგებლობა მოიხსნა და იმიტომ გვაქვს დანგრეული საყდრისი, რომელზეც არავის სთხოვენ პასუხს. ასეთი კიდევ უამრავი ნიუანსია, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ან გონს უნდა მოეგოს მმართველი ძალა, ან – წავიდეს!”.

გოჩა თევდორაძის განმარტებით, აქციების დაანონსებას ხელი მმართველი ძალის იმ ბოლო გადაწყვეტილებამაც შეუწყო, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგზე უარს ნიშნავდა.
ჩვენს კითხვას, არის თუ არა აქციები პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, თევდორაძე პასუხობს, რომ აქციები საარჩევნო კამპანიამდე დაანონსდა, მაგრამ თავისთავად, ისეთ პერიოდში გაიმართება, ცხადია, გარკვეულწილად, მათი საარჩევნო კამპანიის ნაწილი გამოდის.

რაც შეეხება დესტაბილიზაციას, გოჩა თევდორაძე აღნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებისგან კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ: ,,ხელისუფლებას თუ არ უნდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის აღება, თავისთავად ცხადია, პატრიოტთა ალიანსი კი არა, მმართველი ძალაა დესტაბილიზაციის ბიძგისმიმცემი. ჩვენი მოთხოვნა – ხელისუფლების გადადგომა – სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევნები ვერ ჩატარდეს. არჩევნებს ატარებს ცესკო და მთავრობა დროებითი იქნება თუ მუდმივი, მის ჩატარებას ხელს არ შეუშლის. ისე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება არჩევნებამდე გადადგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არჩევნებში ჩარევა, ფაქტობრივად, ლეგალიზებულია”.

,,ვერსია” ასევე დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა სწორედ არჩევნების წინ? ამ კითხვაზე თევდორაძე გვპასუხობს, რომ აქამდე პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციურ სპექტრთან ერთად მუშაობდა საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე და ამოწურეს ყველა სამართლებრივი გზა ხელისუფლებასთან დიალოგისა, ამიტომ იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა მაინც გამოაღვიძებს: ,,ოპოზიცია ვითხოვთ საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე გადასვლას და ხელისუფლება ამბობს, ვერ გავიგეთ, ოპოზიციას რა სურსო. როცა ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, იქნებ მაშინ მაინც გაიგონ!!!”

პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ აქციებს მასშტაბური სახე ექნება, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია, სხვა პარტიები შეუერთდებიან თუ არა. თუმცა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დივერსიის რეალური ნიშნები ჩანს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ხანძრებით გარეძალები გვებრძვიან, ხალხის ქუჩაში გამოსვლა უფრო ხომ არ დაამძიმებს ვითარებას და ამით ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს?

გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსთაველზე ხანძრის გაჩენას არ აპირებს და განმარტავს: ,,თუ დივერსიის ვერსია რეალურია, ხელისუფლება რაღაც დასკვნას მაინც უნდა აკეთებდეს. ბორჯომის ხანძრიდან დიდი ხანი გავიდა და იმის თქმა მაინც შეიძლება, დივერსიაა თუ ბუნებრივი მიზეზით გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რადგან უნიათოა. დღეს ხანძარია, ხვალ წყალდიდობა იქნება, ზეგ ეკონომიკა ჩავარდება… ხელისუფლებას სულ ექნება საბაბი _ აქცია არ მომიწყოთ, ამის დრო არ არისო… მაგრამ ქვეყანა აქამდე ხომ სწორედ ხელისუფლებამ და მისმა არასწორმა პოლიტიკამ მიიყვანა?!”

ვერსია“, 06-08 სექტემბერი, 2018 წელი

მიხეილ სააკაშვილმაფე-ეს-ბე“-სთან თანამშრომლობა აღიარა?

ექს-პრეზიდენტის უკრაინული ავანტიურა ვა-ბანკი თუ ბრძოლა გადარჩენისთვის?

ნინო დოლიძე

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. Aმის შესახებ ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვი ავრცელებს და აცხადებს: ,,უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის”.

10 სექტემბერს ცეცხლის ახალი კერა გაჩნდება – ეს შესაძლოა, ხატოვანი ნათქვამია, მაგრამ ის, რასაც ამ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გეგმავს, აშკარად პოლიტიკური ხანძრის ტოლფასია! საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს ინტრიგები და ავანტიურები უყვარს, რაც მისი განვლილი ცხოვრებითაც დასტურდება. დიახ, მიშა მაშინაც ავანტიურისტი იყო, როცა ქართულ პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა და სრულიად უცნობმა მთელი ჩვენებური პოლიტიკური ბაზრის ნარატივი შეცვალა.

ასე იყო თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ავანტიურისტად ჩამოყალიბდა და ინტრიგებისთვის თავი არც მას შემდეგ დაუნებებია, რაც პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოწურა. დიახ, იმაზე დიდი ინტრიგა რაღა უნდა ყოფილიყო, რომ ექს-პრეზიდენტმა არათუ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, არამედ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც მოგვევლინა. პოლიტიკურ კულუარებში თავიდანვე ითქვა, რომ მიშა „უკრაინელი ჩინოვნიკის მანტიისგან“ მალევე განიძარცვებოდა და, პრაქტიკულად, ასეც მოხდა – ჯერ იყო და, უკრაინის შს მინისტრს დაუპირისპირდა, მერე კი თავი გამოიდო, აქაოდა, პეტრო პოროშენკოზე დიდი უკრაინელი ვარო და ამ სლავიანური ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ოპოზიციური ფლანგიდან შეუდგა.

„ვერსიის“ წყაროების მონაცემებით, პოროშენკოსა და სააკაშვილის უთანხმოების მიზეზი ბიზნესწილები გახდა. შესაძლოა, არც უამისობა იყო, თუმცა ამ „მტრობის“ ფესვები, ალბათ, უფრო შორსაც მიდის ანუ კონფიდენციალური ვერსიით, სააკაშვილს პატრონებმა ახალი „როლი“ მისცეს და პოროშენკოსაც ამიტომ დაუპირისპირდა. „ვერსიის“ ზოგიერთი წყარო ზემოხსენებულ „შეთქმულების თეორიას“ ემიჯნება და ამბობს, რომ სააკაშვილი საკუთარი თავის გადასარჩენად „ავტონომიურ რეჟიმში“ მოქმედებს.

„ზოგადად, ხალხს წამებულები უყვარს. მიშამ, რომელიც მასების ფსიქოლოგიას კარგად იცნობს, ეს ზედმიწევნით იცის და ახლა „ჩალიჩობს“, რომ წამებულად მოგვევლინოს. აბა, სხვა რა შეიძლება დავარქვა მის ახირებას – 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარს გადავკვეთო? შეიძლება, ცუდი პრეზიდენტი იყო, მაგრამ სააკაშვილს იურიდიული განათლება აქვს და იცის, რომ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა, რომლის მოქალაქეც არაა და უფრო მეტიც, რომელ ქვეყანაშიც გარკვეული პრობლემები აქვს, მინიმუმ, ადმინისტრაციული წესით ისჯება.

მიუხედავად ამისა, ყოფილი პრეზიდენტი ვა-ბანკზე მიდის. ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ უნდა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა დააკავონ და, როგორც ძებნილი, საქართველოს გადმოსცენ“, – ამბობს „ვერსიასთან“ საუბრისას კონფიდენციალური წყარო, რომელიც პიარტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ თამაშებში კარგად ერკვევა.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებას არც მისი თანაპარტიელები გამორიცხავენ. ასე, მაგალითად, ოლგა გალაბალამ, რომელიც მიხეილის უკრაინული პარტიის – „ახალი ძალების მოძრაობა“ წევრია, განაცხადა: „სააკაშვილის დაბრუნების დღეს, უკრაინის ხელისუფლებისგან საზღვარზე პროვოკაციებს ველით ანუ ვუშვებთ, რომ დახურული იქნება გამშვები პუნქტი „კრაკოვეცი“, რომლითაც უკრაინაში დაბრუნებას აპირებს მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, ინფორმაციასაც ვფლობ იმის თაობაზე, რომ პროვოკატორთა ჯგუფი მზადდება, რათა საზღვარზე ჩხუბი მოხდეს, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი შეკრება გვექნება და საზღვარზე შეჭრას ადგილი არ ექნება. არავინ ჩაიდენს უკანონო ქმედებებს“.

შესაძლო პროვოკაციაზე აქცენტს თავად სააკაშვილიც აკეთებს. მისი პოლიტფანტაზია უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა, „ფე-ეს-ბე”-ს გენერლად ან, სულაც, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამოაცხადოს.

„ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ… უკრაინის ხელისუფლება მემუქრება და პოლონეთის ხელისუფლებაზეც წნეხს ახდენს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა, მომცენ შესაძლებლობა, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო“, – ასე დამოძღვრა სააკაშვილმა საკუთარი „ფანები“.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი დაპატიმრებაზე ოცნებობს. ახლა იმის დაშვება, რომ პატიმარი სააკაშვილი საქართველოში შესაძლოა რევოლუციის საბაბი გახდეს, ჩვეულებრივი ფანტაზიაა, მაგრამ არჩევნების წინ მიშას „გამატროსოვება“ პოლიტიკურ ტემპერატურას უდავოდ ასწევს – ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნაციონალებსა და ასევე, ნაციონალებისგან გაქცეულ ბოკერიას ფრთას სალაპარაკო მიეცემა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ოპონენტებზე პოლიტიკურ შურისძიებას აგრძელებს.

ამ „მესიჯმა“ დასავლეთს გარკვეული კითხვის ნიშნები შესაძლოა, მართლაც გაუჩინოს, რის გამოც ადგილობრივი არჩევნებისადმი დამოკიდებულებაც მეტ-ნაკლებად შეიცვლება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ მახვილის „ფე-ეს-ბეს” აგენტობაზე დასმას, ფროიდს თუ მოვიშველიებთ, ადამიანი, რომელიც რაღაც ნაკლის დამალვას ცდილობს, ამ ნაკლის ირიბ აფიშირებას ახდენს. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ყოფილ პრეზიდენტს რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირი თუ არა, ირიბი შეხება მაინც აქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, წლებია, დადის ხმა, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, კრემლის პროექტია. ამ ეჭვის გასამყარებლად ზოგი იმ არგუმენტს იშველიებს, რომ იგივე „ვარდების რევოლუციის“ დროს თბილისს იმხანად გავლენიანი რუსი ჩინოვნიკი, პრიმაკოვი ესტუმრა. ეს კი არადა, ვიდრე მიშა პარლამენტში შევარდებოდა და ცხონებული შევარდნაძის მწვანე ჩაის გადაყლურწავდა, მოსკოვში სააკაშვილის თანაგუნდელი, კოტე კემულარია გაემგზავრა. ერთი სიტყვით, საკმარისზე მეტი ფაქტი არსებობს საიმისოდ, რომ მიშას დაგეგმილი ავანტიურა გაიშიფროს, თუმცა პოლიტიკა ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ. შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყველაფერი ბოლო წუთს შეიცვალოს და იგივე 10 სექტემბერს სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლა გადაიფიქროს.

ზოგადად, სააკაშვილს ცრუ დაპირებებიც სჩვევია. ასე, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გულზე ხელებს იბრახუნებდა, საქართველოში ზღვით შემოვალო. მართალია, ანალიტიკოსები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს განცხადება წმინდა წყლის ბლეფი იყო, მაგრამ ამ „მუქარით“ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, საკუთარი მრევლი შეაგულიანა. ამ იაღლიშის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, 10 სექტემბრის აქციაც ჩვეულებრივი ბაქიბუქი იყოს. ისე, ისინი, ვინც ექსპრეზიდენტს კარგად იცნობენ, აღნიშნავენ, მიშა ისეთი გულადიც არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო:

„დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: თუ ისე მოხდა, რომ დაიჭირეს, სააკაშვილი საკანში ერთ დღესაც ვერ გაძლებს და ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც თავის დროზე მისი ძმაკაცი, ირაკლი ოქრუაშვილი – ყველაფერს დაფქვავს და სხვებს დააბრალებს, ანუ იტყვის, მე არაფერი ვიცოდი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვები ჩემს ზურგს მოქმედებდნენ და მაგათ დამღუპესო. ასე რომ, მიშა ხაფანგშია და მისი ბაქიბუქის არავის ეშინია“.
ახალი თაობა“, 07 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ჩიტაურთან: „წყლის ტარიფის გაორმაგება იგეგმება“ // „მალე კომუნალურების გადახდა განვადებით მოგვიწევს

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, თბილისში წყლის ტარიფის გაზრდა იგეგმება. მათი თქმით, წყლის მომარაგების კომპანიამ სემეკში შეიტანა განაცხადი და ითხოვს წყლის ტარიფის გაორმაგებას. პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ, 6 სექტემბერს, ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც გამართეს. თუ ტარიფი გაიზრდება, ისინი ხელისუფლებას მშიერი ხალხის ბუნტს ჰპირდებიან.

რატომ არის დამნაშავე მოსახლეობა ტარიფების გაზრდაში, რატომ უფასურდება ლარი, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი ჩიტაური ესაუბრება.

„ჩვენმა პარტიამ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში ივარაუდა, რომ გაზის და დენის ტარიფების შემდეგ, წყლის ტარიფის გაზრდაც მოხდებოდა. ეს ხელისუფლება რომ უნამუსო იყო, ვიცოდით, მაგრამ ასეთი უნამუსო და ღორმუცელა თუ იყო, არ მეგონა. წყლის მომარაგების კომპანია წყალზე ტარიფის გაორმაგებას ითხოვს. ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ რა მოხდება, წყლის ტარიფი რომ გაორმაგდეს. მოსახლეობას ამჟამინდელი ტარიფის გადახდაც უჭირს და გაძვირების შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება. როგორც ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს. მალე ალბათ კრედიტით და პროცენტებით მოგვიწევს წყლის ტარიფის გადახდა, სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა დარჩება ამ სასიცოცხლო რესურსის გარეშე», – ამბობს გიორგი ჩიტაური.

- თქვენი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ბეჟან ნათელაშვილმა ხუმრობით ივარაუდა, რომ წყლის ტარიფის გაზრდა ხანძრებს უკავშირდება. ვარაუდობს, რომ ხანძრების ჩაქრობისას წყლის გადახარჯვა მოუვიდათ და ტარიფის გაზრდა ამიტომ უნდათ...

- ბეჟანი მაგარი კაცია, მაგრამ მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ წყლის გადახარჯვასთან გვაქვს ადგილი. ეგენი ისეთი წუწურაქები არიან, იანვარში თოვლს არ მოგცემენ და ამ თაკარა ზაფხულში წყალს გაიმეტებენ? წყალი რომ არ გაიმეტეს, ამიტომაც წალეკა ხანძრებმა. წყალს რომ ვერ იმეტებენ, ამაზე თუშეთის მაგალითიც მეტყველებს. იქაურები იხვეწებიან, წყალს თუ მოგვაშველებთ, ხანძრის ჩაქრობას შევძლებთო და ესენი წყალს არ აწვდიან. ტარიფები იმიტომ იზრდება, რომ ამათი მადა ვერაფრით დაკმაყოფილდა. ხალხი ამას თუ გაატარებს, მალე კიდევ უფრო გააძვირებენ. და საერთოდ, ეს გაძვირებები მოსახლეობის ბრალია.

- მოსახლეობა რა შუაშია?

- შუაში არ არის, თავშია. წამოწოლილები არიან სახლში და სამზარეულოში აპროტესტებენ კომუნალურების გაძვირებას. ხელისუფლებამ კარგად შეისწავლა ხალხის ბუნება. იციან, რომ სოციალური მოთხოვნებით არავინ გამოვა და ამით სარგებელს ნახულობენ. ვთქვათ, მოსახლეობას აქციის ორგანიზების გაკეთება უჭირს, მაგრამ ჩვენმა პარტიამ 5 სექტემბერს დააანონსა აქცია. 6 სექტემბერს გამართულ აქციაზე არავინ არ მოვიდა. არადა მთელი თბილისი თუ არა, ნახევარი მაინც უნდა გამოსულიყო ამ აქციაზე.

ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ, რომ წყლის ტარიფის გაორმაგებაზე დაეწყოთ საუბარი ლონდონში ან პარიზში. იქაურობას გადაატრიალებდნენ. ჩვენთან კიდევ სახლებში სხედან. გარეთ თუ არ გამოვლენ, უარეს შედეგს მიიღებენ. მერე მართლა მოგვიწევს კომუნალურების გადახდა კრედიტით. 6 სექტემბერს აქციაზე რამდენიმე ათასი კაცი მაინც რომ გამოსულიყო, ესენი თავიანთ მოთხოვნას უკან წაიღებდნენ.

- დარწმუნებული ხართ, რომ ასე იქნებოდა? საქართველოში აქციებს სერიოზულად აღარც კი აღიქვამენ...

- ხშირად ისეთ თემებზე ატარებენ აქციებს, რომ შეუძლებელია მათი სერიოზულად აღქმა. სოციალური მოთხოვნებით გამართული აქცია ხელისუფლებას შეაფუცხუნებდა და ცოტა ხნით მადასაც დაუკარგავდა. ხალხი მხართეძოზეა წამოწოლილი, მაგრამ ქვითრები რომ მიუვათ და საჭმლისთვის ფული აღარ დარჩებათ, მერე გამოვლენ გარეთ. საქართველოში მშიერი ადამიანების ბუნტი გარდაუვალია. აქ აღარაფერი აღარ გაიაფდება, ყველაფერი გაძვირებისკენ მიდის. კომუნალურებზე ტარიფების მატება ყველაფერს გააძვირებს. მცირე და საშუალო ბიზნესი მთლიანად ჩაკვდება. ამას ლარის გაუფასურებაც ემატება. ხალხი შიმშილობისთვის არის განწირული. პენსიონერებმა შეიძლება ცარიელი პურიც ვერ იყიდონ. სამაგიეროდ, ხელისუფლებაა ყელამდე გამაძღარი, პრემია-დანამატებს არ იკლებენ.

- იქნება იმიტომ იწერენ ამდენ პრემია-დანამატებს, რომ კუთვნილი ჯამაგირი არ ჰყოფნით საწყლებს...

- ეგენი რომ მიუშვა, მთელი ბიუჯეტი არ ეყოფათ, პრინციპში, არც ჰყოფნით და ხალხის გაძარცვაზეც გადავიდნენ. ლარის კურსიც შეგნებულად გააქციეს. უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ. ისე დარბის ეს ლარის კურსი, დაძინების მეშინია.

- დაძინების რატომ გეშინიათ?

- დაიძინებ, 2.45-ია ლარის კურსი, გაიღვიძებ – 2.49. მერე ჩათვლემ, გაიღვიძებ და კურსი უკვე 2.54-ია. რაღაც პერიოდის შემდეგ ლარის კურსს ისევ გაამყარებენ. ახლა იმიტომ სჭირდებათ ეს ინფლაცია, რომ არჩევნები მოდის.

- არჩევნების წინ ინფლაცია მოსახლეობას მათ წინააღმდეგ არ განაწყობს?

- არჩევნებისთვის დაარეგულირებენ. ინფლაციით ამოღებულ ფულს კი ამომრჩევლის მოსასყიდად გამოიყენებენ. თავისი სურვილით ამ ხელისუფლებას ბევრი არ აირჩევს. ამომრჩევლის მოსასყიდად დიდი ფულია საჭირო. საქართველოს რეგიონებს ხშირად ვსტუმრობ და ვხედავ, რა მძიმე ვითარებაა. ზოგს ისე უჭირს, მზადაა, 5 და 10 ლარად გაყიდოს ხმა. ხელისუფლებამ იცის ეს და ყიდულობს. ამათ 10 და 5 ლარს აძლევენ, თავად კი მილიონები არ ჰყოფნით.

ახალი თაობა“, 07 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან: „ციანიდის საქმეზე ხელისუფლების განცხადებებმა გავლენა მოახდინა“ // „სასამართლო პროცესის დახურვას აზრი არ ჰქონდა

ციანიდის საქმეზე სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, რომლის ოფისიც საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა.

- რას იტყვით სასამართლო გადაწყვეტილებაზე?

- სამწუხაროდ, ბოლო სასამართლო განხილვა დახურული იყო და მონიტორინგის საშუალება არ მოგვეცა. როდესაც განაჩენს სრულად ვნახავთ, მაშინ შევაფასებთ, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოსამართლე. ფაქტია, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა, ამ პროცესუალურ დარღვევებზე ამჟამად მხოლოდ განცხადებას გავავრცელებთ.

- რატომ დაიხურა სასამართლო პროცესი?

- ვერ გეტყვით, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საქმეში არსებული მასალების მოცულობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესის დახურვას აზრი არ ჰქონდა.

- რა სახის დარღვევებზე ლაპარაკობთ?

- დაველოდოთ სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, მაგრამ ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ამ დარღვევებმა აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პროცესის სამართლიან მიმდინარეობას. თუნდაც ის, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაცვის მხარეს არ მისცეს უფლება მოეპოვებინათ თბილისის აეროპორტში ბარგს ამოღების და დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა, მაშინ როდესაც ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ეს ვიდეოკადრების ჩანაწერები არ მოუთხოვია არც ბრალდების მხარეს, მათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებები დააფიქსირეს.

- ბრალის მტკიცებულებებზე რას იტყვით?

- შეიძლება ითქვას, რომ არაერთი შეუსაბამობა გამოიკვეთა აეროპორტში მყოფი პირების ჩვენებებს შორის. ასევე, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. უცნობია ის პირი, ვისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა, მართლაც საშინელი დარღვევებია.

- უმაღლეს სასამართლოში დეკანოზს გაამართლებენ, თუ სტრასბურში წავა ეს საქმე?

- ვნახოთ, მოსამართლე რას ითვალისწინებს და რას არა.

- თქვენ ყველა მასალა ნანახი გაქვთ, რა ეწერა იმ ასეულ ტომში, რომელსაც ერთმა ადვოკატმა მაკულატურა უწოდა?

- უამრავი შეუსაბამობაა მოწმეთა ჩვენებებში, ბევრი ირიბი მოწმეა, რომელთა უმეტესობა კონკრეტიკის გარეშე საუბრობს.

- ეს საქმე ხომ სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რატომ გამოიყენეს ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ხელწერილი? მხოლოდ ახლა მოხდა ეს თუ ადრეც იყო ასეთი პრაქტიკა?

- რა თქმა უნდა, საქმე საიდუმლო არ არის. არ მახსენდება, ადრე გაუთქმელობაზე ვინმეს მოეწეროს ხელი. ამ ფორმას ალბათ ძალიან იშვიათად იყენებენ. თუმცა ამგვარი პროცესის დახურვაც ჩვენ პრაქტიკაში არასოდეს გვქონია.

- ვის აწყობდა ეს დუმილი და საზოგადოების ინტერესის დაძაბვა?

- არ ვიცი, ფაქტია, რომ დიდი შიდა ომები მიმდინარეობს.

- საპატრიარქოს გულისხმობთ?

- მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, დაველოდები განაჩენს როდის გადმომიგზავნიან და მერე უფრო დეტალურად განვიხილოთ.

- როგორ ფიქრობთ, ეს საქმე მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შიდა დაპირისპირების საჯაროზე გამოტანაა თუ საზოგადოებაში ამ ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება?

- ცოტა ხანში უფრო ნათლად გამოჩნდება, რაც ხდება. საინტერესოა, რომ საპატრიარქოც ითხოვდა სასამართლო პროცესის გასაჯაროებას და ეს არ გაითვალისწინეს.

- თავიდან პრემიერის განცხადებამ, რომ ერი უბედურებას გადარჩა, ხომ არ განაპირობა მომდევნო პროცესები განაჩენის ჩათვლით?

- ჩემი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა ამ პროცესზე გავლენა მოახდინა.

- უმაღლეს სასამართლოში ეს ფაქტორი გავლენას ვერ მოახდენს?

- არ ვიცი, მართლა ვერაფერს გეტყვით.

Comments are closed