globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 7th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორ გიორგი სანიკიძესთან: რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთი თურქეთს?

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: “ქართული ოცნება” მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ვოლსკისთან: “საარჩევნო სიაში პროფესიონალი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან”

ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია ისევ ივანიშვილის გუნდია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ დაბრუნდება… „ოცნების“ საპარლამენტო სია 90%-ით უნდა შეიცვალოს”

ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „მიხეილ სააკაშვილს ნოემბრის ახალი რევოლუცია ჩაუვარდა“

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტებს, ვისთვის აღმოჩნდება ბოლო პარლამენტარობა და ვისი ორგანიზებით ხდება ახალი კადრების შერჩევა?

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ჯონნდი ბაღათურიასთან: რატომ მიდის და ვის შეხვდება მოსკოვში „ქართული დასის“ ლიდერი?

„კვირის ქრონიკა“: პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება საუფლო დღესასწაულებზე მაინც და გასწორდება კართაგენი!

ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ლეონიდ ჩერნოვეცკი ბიძინა ივანიშვილის პროექტია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ სევდია უგრეხელიძესთან: „მერია სადაც ჩვენს რჩევებს არ ითვალისწინებს, იქ ფეხს იმტვრევს”

რეზონანსი“: სოხუმის ხელისუფლება აფხაზურ “არმიაში” ანტირუსული განწყობის ზრდამ შეაშფოთა // “ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია და იმისათვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ქართველები რუსებს ჩაენაცვლებინათ”

—————————-

„კვირის პალიტრა“, 7 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორ გიორგი სანიკიძესთან: რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთი თურქეთს?

ნანა ფიცხელაური

რატომ ეწინააღმდეგება­ რა­დიკალური­ ისლამის იდ­ეოლოგია სხვა რელ­იგიურ იდენტობებს? ვინ როგორ მუშაობს საქარ­თველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად? ამის თაობაზე­ “კვირის პალიტრას” აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი­ გიორგი სანიკიძე ესაუბრა.

- “ისლამური სახელმწიფო” იდეოლოგიური თვალსაზრისით ახალი მოვლენა­ არ არის. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ისლამური სამყაროსთვის პალესტინის საკითხის მოუგვარებლობა განსაკუთრებით შემაწუხებელი გახდა. ბრძოლის რადიკალ­ური ფორმა – ტერორიზმი კი 70-იანი წლებიდან მოდის. ბოლო დრომდე გამორჩე­ული “ალ-ქაიდა” იყო, მაგრამ “ისლამური სახელმწიფოს” შექმნამ ვითარება უფრო დაამძიმა.

“ისლამური სახელმწიფოს” მესვეურების­ ერთი ნაწილი სადამ ჰუსეინის რეჟიმის წარმომადგენლები არიან, დანარჩენები – სხვა რადიკალი ისლამისტები… მათი მიზანია, ჯერ სირიასა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ხელისუფლების დამყარება,­ შემდგომში კი მთელ მსოფლიოში გაბატონება. მათ სურთ წარსულის დაბრუნება – VII საუკუნეში არსებობდა ისლამური სახალიფო, რომელიც შემ­დგომ დაიშალა (ასე თუ ისე, თავი მოიტანა­ 1258 წლამდე). მოგვიანებით ოსმალეთის იმპერია აცხადებდა, რომ ისლამური სახალიფოა. ­რადიკალი ისლამისტების მიზანი სხვა იდენტობების განადგურება და ერთიანი ისლამური იდენტ­ობის შექმნაა, რომელიც დაქვემდებარებული იქნება შარიათზე, ისლამურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათი უპირველესი­ მტერი თანამორწმუნე სუნიტები არიან, რომლებმაც ჭეშმარიტი ისლამის გზას გადაუხვიეს და რჯულს განუდგნენ. ჭეშმარიტი ისლამი, მათი შეხედულებით, არის ის, რაც კლასი­კურ ისლამურ ხანაში, ე.ი. VII საუკუნეში, შუამავალი მოციქული მუჰამედისა და პირველი მართლმორწმუნე ხალიფების დროს არსებობდა. რადიკალი ისლამისტების­ მტრები არიან შიიტებიც… რადიკალი ისლამისტებისთვის მიუღებელია დასავლეთიც მისი რელიგიური მიმდინარეობებითურთ.

- ქართველი მუსლიმების იდეოლოგია როგორია?

- საქართველოში მუსლიმთა სამი თემია: აჭარელი მუსლიმები, პანკისის­ ხეობისა და აზერბაიჯანული დიასპორა. საერთოდ, ისლამი ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივი რეალობიდან გამომდინარე­ სპეციფიკურ ნიშნებს იძენს. მაგალითად, აჭარელ მუსლიმებს შენარჩუნებული აქვთ ისტორიული მეხსიერება,­ რომ მათი წინაპრები ქრისტიანები­ იყვნენ. ეს მათ ქრისტიანებთან თანამეზობლურ ურთიერთობას განაპირობებს. პანკისში უფრო ე.წ. სუფიური ანუ ჩრდილოეთკავკასიური საძმოების ისლამია გავრცელებული. ე.ი. მთის ტრადიციები და ისლამისტური ხედვები შეზავებულია. აზერბაიჯანელი თემი პატივს სცემს იმ ქვეყანას, სადაც ის ცხოვრობს და ასევე იმ ურთიერთობას, რაც აზერბაიჯანს და საქართველოს აქვს. სხვათა შორის, ახლახან აზერბაიჯანში სპეცოპერაცია ჩატარდა – აიყვანეს რადიკალური ისლამის წარმომადგენლები იმ მოტივით, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

აჭარელ მუსლიმებზე თურქეთიდან ცდილობენ გავლენის მოხდენას. საქართველოში რადიკალური ისლამი უფრო ახლო აღმოსავლ­ეთიდან, არაბული ქვეყნებიდან გამოსული რადიკალი ემისრების მეშვეობით შემოდის. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ემისარი თურქიც იყოს და ამ იდეოლოგიას ემსახურებოდეს. ისინი მარჯვედ იყენებენ სოციალურ ქსელს და ეწევიან პროპაგანდას. პანკისის ხეობაში მდგომარეობა სპეციფიკურია. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს აქ შემოვიდა ლტოლვილთა ნაკადი. მართალია, პანკისში ძალიან ბევრი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ დაძაბულობის კერა იქ მაინც არ მოშლილა.

პანკისში სუფიური საძმოების ისლამია გავრცელებული, სადაც მთის ადათი და ისლამური ნორმები შერწ­ყმულია. ეს არის სპეციფიკური ჭრილი, რომელიც რადიკალი ისლამისტებისთვის მიუღებელია და ისლამის გარყვნადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე მუსლიმების უმრავლესობა ქვეყნის ღირსეული მოქალაქეა, აქტიური მორწმუნეები, რომლებიც რაღაც “ისლამურ სახელმწიფოზე” კი არ ფიქრობენ, არამედ მორწმუნეთათვის პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური პრობლემების მოხსნაზე და ა.შ.

- და მაინც, ზოგიერთი ისლამურ სახელმწიფოში მიდის. მათზე გავლენას ვინ ახდენს?

- უფრო თვალში საცემია ახალგაზრდების რადიკალიზაცია, რაც მხოლოდ სოციალურ პრობლემებს არ უნდა დავუკავშიროთ. მათ თვითრეალიზაცია სჭირდებათ, რის საშუალებასაც “ისლამური სახელმწიფო”­ აძლევს, შეუძლიათ, ავა­ნტიურისტული­ სულის გამოვლინება და პოპ­ულარობის მოპოვება, თანაც მათ გადასაბირ­ებლად დიდი ფული ტრიალებს. ცხადია, ამაზე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 15-20 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ფული დაგროვდა, რომელიც რადიკალური ორგანიზაციების ხელში მიდიოდა. ვფიქრობ, ეს ფული ჩვენთანაც მუშაობს. თუმცა, “ისლამურ სახელმწიფოს” ძალიან შეუმცირდა ფინანსები მას შემდეგ, რაც აშშ-მა და საფრანგეთმა ნავთობსარეწების დაბომბვა­ დაიწყეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული,­ საქართველოდან “ისლამურ სახელმწიფოში” წასულები მალე სამშობლოში დაბრუნდნენ…

- თურქეთში ოსმალეთის იმპერიის აღდგ­ენის დაუძლეველ სურვილს რაიმე კავშირი აქვს ჩვენთან მიმდინარე პროცესებთან?

- თურქეთს დიდი ხნის განმავლობაში­ მხოლოდ დასავლეთისკენ ჰქონდა პირი. XXI საუკუნის დასაწყისში კი (ერდოღანის მმართველობის პირობებში) ამ ქვეყანაში პრაქტიკულად, ჩუმი რევოლუცია განხორციელდა – ახლო აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა, სადაც მყარი პოზიციების მოპოვებას ცდილობს. თვალში საცემია ის, რომ თურქეთი ძალიან დაუპირისპირდა ისრ­აელს, რომელიც მისი მტკიცე პარტნიორი იყო. თურქეთში ზომიერად ისლამისტური ხელისუფლებაა, რომელიც სეკულარიზმის (სახელმწიფო მმართველობისა და რელიგიის გამიჯვნა)­ პრინციპებს ჯერჯერობით არ ეხება, მაგრამ ისლამის წინ წამოწევის ტენდენცია იგრძნობა.

- თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გამწვავებას რა შეიძლება მოჰყვეს?

- ვიმედოვნებ, რომ რუსეთს გონიერება ეყოფა და მესამე მსოფლიო ომის დაწყებისგან თავს შეიკავებს… არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ისარგებლოს იმით, რომ თურქ­ეთსა­ და სირიას ტერიტორიული პრობ­ლ­ე­მები აქვთ. ე.წ. ხათაის ოლქი ფრანგული პროტექტორატისას სირიის ტერიტორია იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის წინ (1938 წელს) ფრანგებმა თურქეთს (ამ უკანასკნელის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად) გადასცეს. სირიაში დღესაც გამოდის რუკები, სადაც ხათაი სირიის ნაწილად არის მიჩნ­ეული. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთმა სირიის ტერიტორიად აღიაროს. მას შემდეგ,­ რაც მან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ასეთი­ ავანტიურა აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

- რუსეთი და თურქეთიისლამურ სახელმწიფოსთანნავთობით ვაჭრობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

- რაც უნდა პარადოქსული იყოს, თავად ასადის რეჟიმიც ყიდულობდა ნავთობს “ისლამური სახელმწიფოსგან”, რადგან ეს მისთვის ძალიან იაფი იყო (სხვათა შორის, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერთ-ერთ ელექტროსადგურსაც აკონტროლებენ და ასადის რეჟიმი იძულებულია, მათ ელექტროენერგიის საფასურიც გადაუხადოს). რამდენიმე დღის წინ ისრაელის ერთმა გაზეთმა დაბეჭდა, რომ თვით ისრაელიც კი იყო ამ ნავთობის მყიდველი…

როცა თურქეთის და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთს ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, უნდა ვივარა­უ­დოთ, რომ არგუმენტები ორივე მხარეს გააჩნია.
ფაქტია, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” ამ ნავთობის გაყიდვით დიდი შემოსავალი ჰქონდა. მართალია, მან რაღაც ზარალი მიიღო მას შემდეგ, რაც მის კონტროლქვეშ მყოფ ნავთ­ობსარეწებზე საფრანგეთმა საჰაერო იერიში მიიტანა, მაგრამ დაფინანსების წყარო სრულად გადაკეტილი არ არის. ველოდები, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსები მკვეთრად შეიზღუდება. უკვე ჩანს, რომ დასავლეთმა “ისლამური სახელმწიფოს” სრული განადგურება გადაწყვიტა. ასე რომ, საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც შექმნილ სიტუაციას გააანალიზებენ და ისევ საქართველოში დაბრუნებას ამჯობინებენ. მსგავსი პროცესი მსოფლიოში უკვე დაწყებულია. მაგალითად, ბელგიიდან გასული 130 მებრძოლიდან 85 უკან დაბრუნდა. არადა, სწორედ მათი დიდი ნაწილის მოფიქრებული­ იყო საფრანგეთის ტერაქტი.

- როგორ აფასებთ, სუს-ის მიერ ტერ­ორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავებას?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს…

„კვირის პალიტრა“, 7 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ქართული ოცნებამხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება

ნათია დოლიძე

ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე კვლავაც არ გაეცა პასუხი შეკითხვას: როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი? თუმცა ერთი რამ მაინც გაირკვა – როგორც დასკვნით კომუნიკეში ჩაიწერა, ქვეყანას ნატოში გასაწევრებლად აუცილებლად დასჭირდება გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP). ამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- როგორ შეაფასებდით ნატოს მინისტერიალის შედეგებსა და საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს? მონტენეგროს ალიანსში მიწვევა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ გზავნილად?

- ეს შესაძლოა უფრო კეთილგანწყობის გზავნილად მივიჩნიოთ, ვიდრე ხელშესახებ პრეცედენტად, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოზეც გავრცელდება. არა იმიტომ, რომ დავუშვათ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მონტენეგრო უსწრებს საქართველოს, ან სამხედრო მომზადება უკეთესი აქვს. არა, აქ, სამწუხაროდ, ისევ და ისევ გეოპოლიტიკური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით საქართველო და მონტენეგრო განსხვავებულ ვითარებაში არიან. ამ მინისტერიალზეც გამოჩნდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს ამის განხორციელების ვადა. ვიდრე მსოფლიოში არსებობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, სავარაუდოდ, ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. ბოლო დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი და მესაუბრა იმ პირებთან, რომლებიც ნატოს პოლიტიკის შექმნასა და წარმართვაში მონაწილეობენ. ესენი არიან ჩვენი ბალტიისპირელი და პოლონელი პარტნიორები. მათ გვითხრეს, რომ ნატოს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა სწორედ ალიანსის გაფართოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ხმები, ფაქტობრივად, 50/50-ზე იყოფა. ეს მხოლოდ საქართველოს არ შეეხება.…ბოლო ხანს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი აშშ-ის წინადადებებს მაინცდამაინც ანგარიშს აღარ უწევს, ბევრმა უკვე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. დღეს მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, მიმდინარეობს მისი ახლებურად დალაგების მეტად მტკივნეული პროცესი და ცხადად ჩანს, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება. ამ არეულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღება ყველას უჭირს. მოკლედ, ამ მინისტერიალზეც გვითხრეს, ნატოში გაწევრება გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო.

- სხვა თუ არაფერი, ამ მინისტერიალზე ის მაინც დანამდვილებით გავიგეთ, რომ არც MAP-ზე უკეთესი გვიშველის და არც მის გარეშე მიიწვევს ვინმე საქართველოს ალიანსში

- ეს საკითხი ერთგვარ კურიოზად არის ქცეული. ნატოშიც კარგა ხანია ხვდებიან, რომ საქართველო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ალიანსში ინტეგრაციისთვის და საპასუხოდ ბევრს ვერაფერს იღებს, ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი დაპირებები მოიგონონ ჩვენთვის. ლაპარაკი, რომ მაპ-ზე უკეთესი გვქონდა ან სულაც არ იყოს გაწევრებისთვის მაპ-ი საჭირო, იყო მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების გამოგონილი სატყუარა, რათა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ნიჰილიზმი ნატოს მიმართ. დღევანდელი ხელისუფლებაც ხშირ შემთხვევაში იძულებულია, ასეთი ტიპის დაპირებები გასცეს. თუმცა დღეს უფრო გამჭვირვალეა ეს პროცესი.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს ინტეგრაცია პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთზე და საქართველოსა და რუსეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ჩარევა არ სურს. მათ ურჩევნიათ, რუსეთთან ნელთბილი ურთიერთობა ჰქონდეთ და თავი აარიდონ კონფრონტაციას, ასე ფიქრობენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია… მოკლედ, ბებერი ევროპა, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით.

- თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ თურქეთი არ მოერიდა კონფრონტაციას რუსეთთან. მართალია, მნიშვნელოვნად გაფუჭდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაგრამ თურქეთმა ევროპის მხარდაჭერა მიიღო და რუსეთიც აშკარად ერიდება კონფლიქტის სამხედრო დაპირისპირებამდე მიყვანას...

- ურთიერთბრალდებები ისევ გრძელდება და არავინ იცის, კიდევ რა შეიძლება მოხდეს… ხშირად ამ კონფლიქტის ჭრილში საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფით შედეგებზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ მე მინდა ერთი დადებითი პერსპექტივა აღვნიშნო: შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზება და შევასრულოთ ერთგვარი ბუფერის როლი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოეჩვენოს ეს ვიღაცას, ამის შანსი ნამდვილად გვაქვს. დაპირისპირების დროს ზოგიერთი ქვეყნისთვის მომგებიანიც კია, რომ მესამე ქვეყანამ იშუამავლოს. მაგალითად, ვხედავთ, რომ ევროსტრუქტურებსა და აზერბაიჯანს სერიოზული კონფრონტაცია აქვთ. ორივე მხარე საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველომ იტვირთოს შუამავლობა.

არ ვიცი, ამ შანსს როგორ გამოიყენებს საქართველოს ხელისუფლება. ასეთივე როლი შეიძლება ვიტვირთოთ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში და საქართველოს ხელისუფლებამ დაძაბულობის განელებაში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. თუ არ გაღრმავდა კონფრონტაცია და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების დონეზე დარჩა, მაშინ საქართველომ შეიძლება სერიოზული ეკონომიკური მოგება ნახოს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკურ ბაზად ვიქცეთ. უკვე ვნახე როგორც თურქეთიდან, ასევე რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანები, რომლებიც სიტუაციას ზვერავდნენ.მაგალითად, ლაპარაკია ზოგიერთი თურქული წარმოების საქართველოში გადმოტანაზე, რომლის ნაწარმიც რუსულ ბაზარზე შედიოდა. მათი მიზანია, ეს ბაზარი არ დაკარგონ და უკვე საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია გაიტანონ რუსეთში.

- ამ რამდენიმე დღის წინ თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებასა და ვადაზე ადრე დასრულებაზე შეთანხმდნენ

- რასაკვირველია, ეს გაზსადენი საქართველოსთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, თუმცა მისი დაჩქარება ტექნოლოგიურად ცოტა ძნელად წარმომიდგენია. ეს ერთობლივი განცხადება უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის იყო, რითაც აზერბაიჯანმა და თურქეთმა ურთიერთთანადგომა დაანახეს მსოფლიოს, განსაკუთრებით კი, რუსეთს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს პრობლემები, თუმცა ამ ეტაპზე ეს დაივიწყეს და მეკავშირეობას გაუსვეს ხაზი. ამასთან, ვნახეთ, თურქეთის პრემიერმა როგორ მოუწოდა სომხეთს, გაათავისუფლოს აზერბაიჯანის ტერიტორიები. ესეც პირდაპირი გზავნილი იყო რუსეთისთვის, რომელიც სომხეთის ნომერი პირველი პარტნიორია.

- რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, ჩვენში ბევრი დარწმუნებულია, რომ სავარაუდოდ 15 დეკემბრის შემდეგ საქართველო ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლებას მიიღებს...

- მეც მაქვს განცდა, რომ ეს საკითხი მართლაც დადებითად არის გადაწყვეტილი და ეს უკვე მალე გახმაურდება. ჩვენ კარგა ხანია ვახერხებთ და ვინარჩუნებთ დასავლეთთან პარტნიორობას, თუმცა საკმაოდ ბევრს გავცემთ ამ პარტნიორობის შესანარჩუნებლად. მარტო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა რად ღირს… როგორც უკვე გითხარით, ევროკავშირშიც და ნატოშიც კარგად ხედავენ ამას და ბევრს აწუხებს, რომ საქართველო ამისთვის ბევრს ვერაფერს იღებს ევროსტრუქტურებიდან. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, ვიზა-ლიბერალიზაცია ერთგვარი ბონუსია საქართველოს ძალისხმევაზე პასუხად, თუმცა მოვიჩნევ, რომ ჩვენ ბევრად მეტს ვიმსახურებთ!

- ამ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაისლამურ სახელმწიფოსთანშესაძლო კავშირის გამო ოთხი პირი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. როგორ ფიქრობთ, აუცილებელი იყო ის ცნობილი მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელებულიყო, რომ ჩვენს სამართალდამცავებს ქმედითი ზომები მიეღოთ?

- ხშირად ვამბობდი, რომ ეს პრობლემა მარტო პანკისის ხეობაში არ იყო და არანაკლებ სახიფათო ვითარებაა აჭარასა და გურიის იმ სოფლებში, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ვიცი, ოპერატიული რეაგირება ისედაც იყო დაგეგმილი… ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მავანს და სწორედ ამიტომაც ვნახეთ ის ვიდეოგამოსვლა. ამით შეეცადნენ ყურადღების მიპყრობას. მოკლედ, როგორც ჩანს, დასწრებაზე იყო საქმე. ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედება, რომელთაც მე ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე, ამ ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა. მიმაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტიანად იმუშავეს. იმ ოთხიდან, რომელიც ბოლოს დააკავეს, ერთი, რომლის გვარ-სახელსაც ვერ დავასახელებ, ნამდვილად დასაჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

ჩემთვის ცნობილია, მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი “მოღვაწეობის” შესახებ. ეს, ჩემ გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულმა ბევრმა ადამიანმა იცოდა. ასე რომ, ამ ეტაპზე გასაკეთებელი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს ერთჯერადი კამპანია არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს პერმანენტული პროცესი, რომელშიც მთავარი იქნება პრევენციული ზომების მიღება. რასაც პრევენცია ვერ უშველის, სამართლებრივად უნდა აღმოიფხვრას. სხვა მხრივაც არის სამუშაო. ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული. ეს შესაჩერებელია! თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას: უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს მუსლიმანებს, ტრადიციული ისლამის მიმდევრები უნდა დაიყენოს ხელისუფლებამ გვერდით, ამ ხალხს შეუძლია თვითონ შექმნას ფუნდამენტალისტებისთვის პრაქტიკულად გაუვალი ბარიერი. სახელმწიფოსგან მიტოვებული სოციალური ჯგუფი ყოველთვის ხდება სხვისი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის მტრის ლუკმა. ეს აქსიომაა!

- გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს...

- დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში თუ არა, არა მაქვს, თუმცა ერთ რამეში სრულიად დარწმუნებული ვარ: დღევანდელი გადმოსახედიდან კოალიცია “ქართული ოცნება” მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება.
არ ვიცი, შესაძლოა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მმართველმა კოალიციამ სასწაული მოახდინოს და ეს აღარ დასჭირდეს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ივანიშვილის გარეშე ძალიან გაუჭირდება. იმავდროულად, აუცილებელია ხელისუფლებამ ბევრი იმუშაოს, აღმოფხვრას ბიუროკრატიზმი, დაითხოვონ უპასუხისმგებლო და მშიშარა ჩინოსნები, რომლებიც ზემდგომის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, და გამოჩნდეს ახალი ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

- პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად, უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ისევ არ დაესწრო. თქვენი აზრით, კონფრონტაცია პრეზიდენტთან კოალიციას საარჩევნოდ რამდენად წაადგება?

- რა გითხრათ, ეს ნამდვილად არ არის ნორმალური პროცესი. სამწუხაროდ, პრეზიდენტის როლს მაქსიმალურად აკნინებს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ლოგიკურად რომ მივუდგეთ საკითხს, კოალიციისთვის ამგვარი კონფრონტაცია არ უნდა იყოს ხელსაყრელი. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს პიროვნული დაპირისპირების ხასიათი აქვს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხშირად პრეზიდენტის პოზიციაც მაპროვოცირებელია. საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი იწილო-ბიწილოთი, ყველა, გარდა დაპირისპირების მთავარი პირებისა, ხვდება, რომ ამით ქვეყნის იმიჯი მხოლოდ ზიანდება.

- ბევრი მითქმა-მოთქმაა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. ერთ-ერთი ვარაუდით, მან შესაძლოა ალიანსი ალასანიას პარტიასთან შექმნას და მათ მხარდამჭერად პრეზიდენტი მოგვევლინოს.

- ამაზე ლაპარაკი ადრეა… პაატა ბურჭულაძე ძალიან ფრთხილი ადამიანია. ყველა ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაუდგამს, ყოველთვის განსაკუთრებულად მოზომილი იყო. თუ მან რაიმე გაუთვლელი გადაწყვეტილება მიიღო, ვფიქრობ, ეს უფრო გარემოცვის გავლენის ბრალი იქნება.

- მაინც სად ხედავთ მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში?

- მასთან მილაპარაკია და შემიძლია გითხრათ, რომ აქვს ასეთი მიდგომა – ის არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ არის ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კავშირები და სურს ეს ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბურჭულაძეს წარმოვიდგენ როგორც მედიატორს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ვფიქრობ, მასაც ეს ჩანაფიქრი უნდა ჰქონდეს. რამდენად მოახერხებს მის რეალიზებას, არ ვიცი.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამ ფაქტამდე ცოტა ადრე გავრცელდა გოკა გაბაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ლაპარაკობსნაციონალურ მოძრაობაშიარსებულ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, სააკაშვილი ისევ თავის “”პაზორნიძალოვანებს” – ადეიშვილსა და ახალაიას ეყრდნობა და უგულავა-ბოკერია-გაბაშვილის გუნდისჩაჩოჩებაუნდა“.

- სააკაშვილმა თვითონ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, “ნაციონალურ მოძრაობაში” დალაგებულად რომ ვერ არის საქმე, კარგა ხანია ვიცით. უბრალოდ, გაბაშვილის ნაუბრიდან გამომდინარე, უფრო ღრმად წასულა ამ პარტიის რღვევის პროცესი, ვიდრე მეგონა. როგორც კი ძალაუფლება დაკარგა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაშინვე დაიწყო შიგნით ვნებათაღელვა. ახლა შეიძლება გონს მოეგოს სააკაშვილი და ერთიანობის შენარჩუნება სცადოს, თუმცა მეეჭვება, დაწყებული პროცესის გაჩერება შეძლოს. ჩემი აზრით, არჩევნებამდე კიდევ ბევრი წევრი დატოვებს ამ პარტიას.

- კიევის ყოფილი მერი და ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია ცხოვრობს, პოლიტიკურ პარტიას ქმნის, სახელწოდებით, ,,ბედნიერი საქართველოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს...

- საოცარია პირდაპირ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ და უკრაინა ისე ახლოს ვყოფილვართ ერთმანეთთან, პოლიტიკოსებს ვცვლით უკვე. რა გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია, არ მეგონა, ასეთი გეგმები თუ ჰქონდა ჩერნოვეცკის. საინტერესოა, ვის შემოიკრებს გარშემო და რა თამაშს ითამაშებს? ერთი რამის დანამდვილებით თქმა შეიძლება, მას ნამდვილად აქვს იმის ფინანსები, რომ ამგვარი იდეა რეალურად განახორციელოს. ჩერნოვეცკის უკრაინაში ბევრ კორუფციულ სკანდალში ადანაშაულებდნენ და მაინცდამაინც სუფთა წარსული არა აქვს, თუმცა უკრაინა ისეთი კორუფციული ქვეყანაა, რომ არც არის გასაკვირი, ნამდვილად ყოფილიყო უკანონო გარიგებებში გარეული. როგორც მახსოვს, მას უფრო პოლიტიკური დაპირისპირებების გამო მოუხდა უკრაინის დატოვება. მოკლედ, წინ ბევრი საინტერესო ამბავი­ გველის.

- პრემიერმა პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართა, რომ პატრიარქს მიენიჭოს პატიმრების შეწყალების უფლება

- ჩემი აზრით, შესაძლებელია პატრიარქს მართლაც მიეცეს გარკვეული კატეგორიის პატიმრების შეწყალების უფლება, ვგულისხმობ, მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაიწერება საკონსტიტუციო ნორმაში, მაგრამ ეს სხვა კანონით შეიძლება დარეგულირდეს. მიუღებლად მიმაჩნია, პატრიარქი და ეკლესია დაიტვირთოს მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრების საქმეების შესწავლით. ეს უნდა დარჩეს პრეზიდენტის პრეროგატივად.

„კვირის პალიტრა“, 7 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ვოლსკისთან: საარჩევნო სიაში პროფესიონალი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან

რუსუდან შელია

ვიხილავთ თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში შს მინისტრის მოქმედ მოადგილე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს, ამასთან, გახდება თუ არა ყოფილი პრემიერი მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, “კვირის პალიტრის” კითხვებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი პასუხობს:

- არ გამოვრიცხავ, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძის ან ოთარ აბესაძის კანდიდატურები განიხილებოდეს. საარჩევნო სიაში პროფესიონალი, პატრიოტი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან.

- პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს არ დაუმალავს, რომ გუნდის გასაახლებლად მოლაპარაკებები ინტელექტკლუბის წევრებთანაც მიმდინარეობდა.
- ინტელექტკლუბის წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ გვქონია.

- პარტიის წევრების ნაწილი ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი თავი მომავალ პარლამენტში, მაგალითადრესპუბლიკელებთან“, ვერ წარმოუდგენია

- ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვერავის გავახარებ – მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ შემადგენლობით გავა, ჩვენს რიგებში მსახიობიც იქნება და სპორტსმენიც, ვისაც კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემები კარგად ესმის.

- ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გავრცელდა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერი სიის პირველ ნომრად მოიაზრება, თუ გუნდს მხარს არაოფიციალური სტატუსით დაუჭერს?

- ზვიად ძიძიგურის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და რჩება გუნდის მთავარ წევრად – ის “ქართული ოცნების” ლიდერი ჯერ კიდევ 2011 წლიდანაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციას იმ ფორმატით მართავს, რაზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. ბევრჯერ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია. მართალია, მან აღნიშნა, თუ რამე განსაკუთრებული მოხდა, პოლიტიკაში დავბრუნდებიო, მაგრამ ვითარება საგანგაშო მდგომარეობისგან რადიკალურად განსხვავდება. ნებისმიერ პარამეტრში ქვეყანა წინ მიდის, თუმცა უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.

- ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის შედგენაშიც მიიღებს მონაწილეობას?

- საარჩევნო სიაზე კოალიციასთან ერთად “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოც მუშაობს, რაღაც საკითხებზე გუნდის ლიდერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთანაც ექნება.

ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია ისევ ბიძინა ივანიშვილის გუნდია

ნონა ცაბაძე

მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.

- რა სტატუსით დაბრუნდება? კვლავ პრემიერის სტატუსით?

- მთავარია, რომ ლიდერის სტატუსით იყოს გუნდში, მოიაზრებოდეს, როგორც პირველი ფიგურა, რომელსაც გაჰყვებიან, თუმცა მძიმე არჩევნები ექნება. ბევრს გალანძღავენ, ბევრი ტალახიც მოხვდება. ამისთვისაც მზად არის ივანიშვილი. ის ფაქიზი სულის პატრონი არ არის.

- ამით რისი თქმა გსურთ?

- ძალიან უხეში და ბრძოლისთვის კარგად მომზადებული ადამიანია. მე რასაც ვუყურებ, ერთგვარად მოხიბლული ვარ მისი საბრძოლო თვისებებითა და გათვლებით. ძალიან კარგი გათვლები აქვს, ძალიან ჭკვიანია.

- კონკრეტულად რამ მოგხიბლათ მის ნაბიჯებში? სულ მის ლანძღვაშია ოპოზიცია.

- კი ლანძღავენ, მაგრამ, შეხედეთ, საბოლოო ჯამში, არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს და ვერც ვერავინ შეედავება. ყველაფერი მოცილებული აქვს ადამიანს თავიდან და მაინც მართავს. ეს ძალიან რთულია.

- რატომ არის რთული?

- არ იფიქროთ, რომ როდესაც თანამდებობა არ გიჭირავს, ადვილია მართვა. ეს არის ურთულესი მეცნიერება. ადამიანს თუ არა აქვს კაბინეტი, თუ არ უჭირავს რაღაცა ბერკეტები ხელში, ეს არის ურთულესი, რომ მან მართოს ქვეყანა. კადაფის შეეძლო ამის გაკეთება, სხვა ანალოგი მე არ მახსოვს, რომ არ იყო სახელმწიფო თანამდებობაზე და ასე მართავდე ქვეყანას.

- და ამით ხართ მოხიბლული?

- ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან რთულია. ოლიგარქიას რომ ამბობენ, ოლიგარქია ჯგუფია ადამიანებისა, რომლებიც მართავენ. აქ კიდევ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მართავს აბსოლუტურად მარტო და თან არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

- ამას როგორ ახერხებს?

- ისეთი ერთგულების მომენტი აქვს შექმნილი თავის გუნდში, რომ ეს გასაოცარია. ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ მას პრეზიდენტმა უღალატა.

- გგონიათ, რომ თამაშობენ?

- დიახ, მე მგონია, რომ თამაშობენ.

- რატომ, რამ დაგაეჭვათ ამ სიტუაციაში?

- როდესაც მართლა სჭირდება ივანიშვილს, პრეზიდენტი გვერდში უდგას. ამ წუთას კი მახსენდება ბოლო შემთხვევა, მარგველაშვილმა სააკაშვილს ძალიან მარტივად მოუხსნა მოქალაქეობა.

- მერე, ეს არაკანონიერი იყო?

- კი, ფორმალურად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში მარგველაშვილმა ივანიშვილის თამაში ითამაშა. მარგველაშვილს ხომ შეეძლო ეთქვა, რომ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია. ფორმის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. პრეზიდენტი რომ ხარ, რაღაც კომუნიკაცია აუცილებლად უნდა გქონდეს წინამორბედთან, თუ იდიოტი არა ხარ. აქ კი არის მტრული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას ასე სჭირდება.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ მარგველაშვილი და ივანიშვილი ერთი გუნდია და თვალთმაქცობენ? ეს რაში სჭირდებათ?

- დარწმუნებული ვარ, თამაშობენ. პირველივე დაძახილზე რომ მარგველაშვილი გაიქცევა ივანიშვილთან, ამაში ეჭვი არ მეპარება! აუცილებლად მის თამაშს ითამაშებს საბოლოო ჯამში. ფუჭია ზოგიერთი ოპოზიციონერის იმედი, რომ მარგველაშვილის გამოყენება შეიძლება, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურის. მე ვერც იმას დავიჯერებ, რომ ალასანია ხისტი ოპოზიციონერია.

- ანუ თავისუფალი დემოკრატებიც ივანიშვილის თამაშს თამაშობენ?

- ასეა. თუ მოითხოვს ამას პატივცემული ბიძინა, ისინი კვლავ მასთან აღმოჩნდებიან.

- ანუ ივანიშვილს სჭირდება, რომ სატელიტი ოპოზიცია ჰყავდეს?

- რა თქმა უნდა, სჭირდება ბიძინას და აქვს კიდეც ამის მცდელობა, რომ შექმნას ბევრი ოპოზიციური ცენტრი.

- თქვენი აზრით, ამ ეტაპზე არის ის მოცემულობა, რომ კვლავ ოცნება იქნება უმრავლესობაში?

- იქნება, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია საინტერესო – შეძლებს 51%-ის აღებას თუ მოუწევს ვინმესთან კოალიციაში შესვლა? მე თუ მკითხავთ, ჯობია, ისევ 51%-ის აღება შეძლოს და არ მოუწიოს კოალიციაში შესვლა, ვთქვათ იმავე ინაშვილთან ან სხვა წვრილ პარტიებთან, რომლებსაც მუდმივად კოჭი უნდა უგოროს.

ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ დაბრუნდება…ოცნების საპარლამენტო სია 90%-ით უნდა შეიცვალოს”

ნონა ცაბაძე

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული მუდმივად იყო. „პირველ რიგში, გავარკვიოთ, რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩართულობა. ერთი მხრივ, არის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მიზნით, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება და მეორე: პოლიტიკაში ჩართულობის არაპირდაპირი ფორმები“, – აცხადებს ექსპერტი „ახალ თაობასთან“ საუბარში. მაგალითად, მედია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი არაპირდაპირი ფორმით პოლიტიკაში ჩართული ვართ. ბიძინა ივანიშვილს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრს, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელსა და ორგანიზაციის მფლობელს, პოლიტიკაში ჩართულობა არც შეუწყვეტია. ის საკუთარ შეფასებებს აკეთებს. ხშირად ვხედავთ, რომ მის აზრს ზეგავლენა და დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენებზე. ამიტომ ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია”, – ამბობს არჩილ გამზარდია.

- აქ სულ სხვა ჩართულობაზეა საუბარი...

- გასაგებია, როდესაც საუბრობენ მის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არის მინიმალური. იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ დგას. ამ მხრივ არც ივანიშვილს აქვს მსგავსი სურვილები და ინტერესები.

- მაშინ რაზე საუბრობს მისივე გუნდი?

- მას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ფუნქცია _ ტრანსლატორის ფუნქცია წინასაარჩევნო კამპანიაში, ვიდრე ის იყოს სიის პირველი ნომერი, ან ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ ის პრემიერად ან აღმასრულებლად დაბრუნდეს. ის არის ამ გუნდის ლიდერი და სრული უფლება აქვს, ჩართული იყოს, როგორც ძირითადი რეკომენდატორი. ანუ სხვადასხვა ფორმით იყოს წარმდგენი ამა თუ იმ კანდიდატის, სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციის ან პარტიის. ამ მხრივ სავსებით შესაძლებელია, ის ვიხილოთ გააქტიურებული, მაგრამ ხელისუფლების რომელიმე შტოში დაბრუნების კუთხით, მე არა მგონია, რომ ივანიშვილის დაბრუნება განიხილებოდეს. საარჩევნო კამპანიას ეფექტურად წარმართავს „ქართული ოცნება“ და სიაც ეფექტურად იქნება შემდგარი, შესაბამისად, სრული საშუალება და პირობები აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ კვლავ უმრავლესობაში მოვიდეს.

- „ოცნების რეიტინგის დაცემაზე რომ მიდის აქტიურად საუბარი?

- რეიტინგის დაცემა გადაწყვეტილების მიღებასთან ცოტა ირიბ კავშირშია. შეიძლება, პარტიას დაცემული ჰქონდეს რეიტინგი, მაგრამ სხვადასხვა გავლენის გამო, სხვადასხვა ფაქტორის გამო, გადაწყვეტილება მაინც მის სასარგებლოდ მიიღონ. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა, თუკი ახლა მოხდება ისე, რომ არჩევნებში მონაწილეობა იქნება სავალდებულო მოქალაქეებისათვის…

- ამ შემთხვევაში სხვა სურათს მივიღებთ?

- ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ მრავალფეროვანი და ჭრელი პარლამენტი, სადაც ძალიან ბევრი პარტია შეიძლება შევიდეს.

- დასჭირდება ოცნებას კოალიციის გაფართოება, სხვა პარტიებთან თანამშრომლობა?

- ნომინალურ დონეზე ეს შეიძლება, საჭირო გახდეს, თუმცა, არა მგონია, რთული და ფართო კოალიცია იყოს. პირიქით, ვფიქრობ, რომ კოალიცია ორ-სამ პარტიამდე იქნება ჩამოსული და არ იქნება მასში ბევრი პარტია, როგორც აქამდე იყო.

- რატომ, მრავალპარტიულობამ არ გაამართლა კოალიციაში?

- როდესაც ასეთი ტიპის გაერთიანებაზეა ლაპარაკი, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ, რომ ბევრი პრობლემა იქმნება, როდესაც პარტიები განსხვავებული იდეოლოგიის არიან.

- თქვენი ვარაუდით, მაქსიმალურად შემცირდება კოალიცია?

- კოალიციაში შემავალი პარტიების მხრივ უფრო გონივრული იქნებოდა შემცირება, უფრო ზუსტად, მინიმუმამდე უნდა დავიდეს.

- შავ სიაზეა საუბარი ანუ `ოცნებას~ საკუთარი გუნდის სერიოზული გადახალისება მოუწევს?

- პოლიტიკური საარჩევნო სია მნიშვნელოვანი საკითხია. `ოცნების~ კოალიციის საპარლამენტო ნაწილის 90% შესაცვლელია. დღეს მოთხოვნაა ე.წ. მესამე ძალაზე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ მესამე ძალას ეძებს. თუკი `ქართული ოცნება~ სწორად წარადგენს საარჩევნო სიას, მაშინ სავსებით შესაძლებელია, მან `ოცნების~ რებრენდინგი მოახდინოს და უფრო მეტი შანსი მიიღოს.

- და მაინც როგორი უნდა იყოს ეს სია?

- აქ უნდა იყვნენ აუცილებლად პროფესიულად განვითარებული სპეციალისტები, ასევე საჭიროა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ სცენაზე, ტრიბუნაზე წარმოჩნდებიან. ასევე უნდა იყვნენ ის გამოცდილი და ცნობილი ადამიანები, რომელთა გამოცდილება დადებით ეფექტს მოახდენს კოალიციაში. სრულიად უცხო სახეები საზოგადოებას აბნევს და ისინი ნდობას ვერ მოიპოვებენ. ყველა კომპონენტი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული.

ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „მიხეილ სააკაშვილს ნოემბრის ახალი რევოლუცია ჩაუვარდა

მარიამ მჭედლიშვილი

2016 წლის არჩევნებისათვის ბიძინა ივანიშვილი გააქტიურდება კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი მოქალაქეობაჩამორთმეული სააკაშვილის გარეშე რჩება. ამ ახალ გარემოებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა. „ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში და რეკომენდაციებს აძლევდა „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება სააკაშვილს, მან თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. უკრაინის მოქალაქეობაც თავად აირჩია“, – განუცხადა „ახალ თაობას“ ანზორ აბრალავამ. მისი თქმით, სააკაშვილი ანომალია იყო ქართულ პოლიტიკაში. ბოლოს და ბოლოს, დადგა მისი საქართველოს პოლიტიკიდან ჩამოცილების დრო. მას აუცილებლად ელის სასჯელი. პინოჩეტი და სხვა დამნაშავე მმართველები გვიან გაასამართლეს. ადრე თუ გვიან, სააკაშვილსაც არ ასცდება პასუხისგება იმისთვის, რაც მან საკუთარ ხალხს გაუკეთა.

- სააკაშვილის პარტია ხომ არის პოლიტიკაში?

- ნაციონალურ მოძრაობაში ხრწნის პროცესია. მას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი ჩამოცილება დააჩქარებს. ამ პარტიაში სააკაშვილს ლიდერად აღარ აღიქვამენ. რაც მთავარია, სააკაშვილს ჩაუვარდა ნოემბრის რევოლუცია, რომელსაც ის საქართველოში ცოტა ხნის წინ აპირებდა. 23 ნოემბერი მისთვის ე.წ. ვარდების რევოლუციის დღეა. ის ამ დღისთვის ახალ გადატრიალებას აპირებდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

- ითვლება, რომ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ ხელისუფლება დაამარცხეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეში...

- დარწმუნებული ვარ, რომ აქ ხელისუფლებამ გაიმარჯვა. გამოჩნდა, რომ საქართველოში დემოკრატიაა: „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნაციონალებმა ერთი სასამართლო წააგეს, მეორე მოიგეს. საბოლოოდ, ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა არეულობის მოწყობა ამ თემაზე. არადა, ეს დაგეგმილი ჰქონდა. ეს პარტია ისედაც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, ბოლო დროს კი მათი ახალი გეგმები ბევრჯერ გამჟღავნდა.

- ფარულ ჩანაწერებშიც?

- ფარული ჩანაწერების გარეშეც. ბევრ რამეს ნაცმოძრაობის წევრები ღიად აცხადებდნენ. სააკაშვილის განცხადებებიც ბევრ რამეზე მიანიშნებს. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილს უფლება არა აქვს, იყოს ქართულ პოლიტიკაში.

- ნაცმოძრაობა მონაწილეობს არჩევნებში...

- თუ მომავალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა კიდევ მოხვდება, მაშინ მაზოხისტურ საზოგადოებასთან გვქონია საქმე. საერთოდ, სავლეს პავლედ გადაქცევა შესაძლებელია, მაგრამ ეს შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს. სააკაშვილს ასეთი უნარი არ გააჩნია. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ პოლიტიკოსები ახალი იდეებით, უნდა გამოჩნდეს ახალი თაობა და მუდმივად ნაციონალები არ უნდა იყვნენ.

- რას ნიშნავს ახალი იდეებით მოსვლა?

- თუნდაც საქართველოს განვითარების მკაფიო ხედვის წარმოდგენას. ეს ჩინეთში თავის დროზე შეძლო დენ სიაოპინმა. პოლიტიკაში მრავალი წელიწადია, ვუყურებთ პარტიებს, რომლებიც იყიდებიან. არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარების დოქტრინა. პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ ინტრიგანებად გადაიქცნენ.

ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის ღია მხარდამჭერი იყო გარკვეულ წლებში, ახლა სააკაშვილის მეხოტბე გახდა. ნაცმოძრაობა ასეთ პოლიტიკოსებს კარგად იყენებს. სამწუხაროდ, საქართველოში დასჯადი გახდა პატრიოტიზმი, მორალი და განათლება. ცოტა ხნის წინ ლუქსემბურგში ვიყავი. იქ ავტობუსში მასწავლებელმა უმცროსი კლასის ბავშვები ამოიყვანა. მეც და სხვებმაც მათ ადგილები დავუთმეთ. ასე ხდება ევროპაში. ჩვენს მოზარდებს ტვინს ურევენ და ჩააგონებენ, რომ თუ ტრანსპორტში ბილეთი გაქვს, ადგილი არავის უნდა დაუთმო. ამას ასწავლიან სააკაშვილი-ბოკერია-ლომაიას განათლების რეფორმის თანახმად, თან ამას უწოდებენ პროდასავლურობას. აქაური მარგინალები შეეკვრნენ უცხოელ მარგინალებს და ამახინჯებენ ევროპულ ფასეულობებს. ჩვენ ასეთი დამახინჯებული აზროვნება უნდა შევცვალოთ.

„კვირის ქრონიკა“, 7 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტებს, ვისთვის აღმოჩნდება ბოლო პარლამენტარობა და ვისი ორგანიზებით ხდება ახალი კადრების შერჩევა?

ნინო სამხარაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მერცხლობა შეითავსა და გვაუწყა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი კოალიციის ლიდერი ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება. ზვიად ძიძიგურის საავტორო განცხადება უმრავლესობაში „განხეთქილების ვაშლი“ ხდება, „კონსერვატორების“ ლიდერმა საკუთარ თავზე იმაზე მეტი აიღო, ვიდრე მას, წესით, ეკუთვნის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დამაანონსებლის ფუნქცია პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებს თვალსა და ხელს შუა აახია. ეს კი არ არის კარგი სიგნალი უმრავლესობის ახლად არჩეული ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძისთვის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკისთვის, ეს უკანასკნელი დაბეჯითებით აცხადებს: „პირდაპირ გეუბნებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა არ არის. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა“… თუკი ვოლსკისა და ძიძიგურის განცხადებებს შევადარებთ, სადაც ძიძიგური გარკვეულად ამბობს, რომ „2016 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა გულისხმობს იმ კონფიგურაციას, რა კონფიგურაციითაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, ანუ ლიდერის ადგილს – ეს ბიძინა ივანიშვილის ადგილია“, გამოდის, რომ შესაძლოა, გია ვოლსკისა და ზვიად კვაჭანტირაძის საკითხი გადაიხედოს, რადგან მათ ძლიერნი ამა ქვეყნისანი საქმის კურსში არ აყენებენ და პროცესები, მათ მიღმა მიდის.

იურისტი ვალერი გელბახიანი იყო პირველი, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებდა და აცხადებდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი სწორედ ის გახდებოდა. მმართველ გუნდში დიდი აურზაურია, დღეს მოქმედი ლიდერებიდანაც ბევრი რომ ვეღარ მოხვდება ხელისუფლებაში, ამაზე თავად ბიძინა ივანიშვილი აკეთებს მინიშნებებს. გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა „ოცნების“ მაჟორიტარების სიები იყო, რომელიც მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კომპიუტერიდან 100 სხვადასხვა მეილზე გადაიგზავნა. მაშ ასე, რა მოხდება არჩევნებამდე, რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტებს, ვისთვის აღმოჩნდება ბოლო პარლამენტარობა და ვისი ორგანიზებით ხდება ახალი კადრების შერჩევა? „კვირის ქრონიკის“ კითხვებს ვალერი გელბახიანი პასუხობს:

ზვიად ძიძიგურმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ქართული ოცნებისსიის პირველი ნომერი იქნება, რასაც კატეგორიულად უარყოფს ვოლსკი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კვაჭანტირაძე. როგორ ფიქრობთ, ვიცე-სპიკერი ძიძიგური გაბედავდა, რომ ივანიშვილთან შეუთანხმებლად ასეთ რისკზე წასულიყო?

– ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს, თავად გააკეთოს განცხადება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, იმის დაანონსება, რომ თავად იქნება სიის პირველი ნომერი, ამიტომაც მოჰყვა საპროტესტო ნოტაზე გაკეთებული განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან. თუმცა ის, რაც ბატონმა ზვიად ძიძიგურმა ბრძანა, აბსოლუტური რეალობაა! რადგან ბატონ ივანიშვილს თავად სიტუაცია კარნახობს, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და იძულებულია, პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდეს. თუ მას უნდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას შეინარჩუნოს გავლენა, მაშინ პირველ რიგში უნდა იზრუნოს უმრავლესობაზე, ამავე დროს ისეთი ლიდერების კონფიგურაცია უნდა გააკეთოს, რომელთა აზრსაც საზოგადოება გაითვალისწინებს. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმ დაპირებების შეუსრულებლობით, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გასცა. სარეიტინგო თვალსაზრისით, სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს მმართველ გუნდს და ეს მათთვის შემაშფოთებელი და დასაფიქრებელია. საგარეჯოს არჩევნებმაც დაადასტურა, რომ მთელი კოალიციისა და მთავრობის მობილიზების მიუხედავად, მათ მოკავშირე პარტიასთან გაყალბების მექანიზმების გამოყენების გარეშე არჩევნები ვერ მოიგეს! გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც გაშლილ ფრონტზე მთელ საქართველოში არჩევნები ჩატარდება, სხვადასხვა რაიონებში სურათი იგივე იქნება, რაც საგარეჯოში მოხდა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილისთვის ჭორად მიტანილი ამბავი და მითი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა, საგარეჯოს არჩევნებმა დაამსხვრია და მას დაანახვა, რომ ეს ყველაფერი იყო არასრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც არ ეყრდნობოდა სოციოლოგიურ კვლევებს. მათ ხომ საერთოდ არ სჯერათ სოციოლოგიური კვლევების და ყოველ კვლევაზე ამბობენ, „ნაციონალების“ შეკვეთაა და კვლევები გაყალბებულია, საგარეჯომ კი მათ დაანახვა, მათივე სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან ჰქონდათ გასარკვევი და იქ ვერ გაარკვიეს, ამიტომ როცა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ექნება „ქართულ ოცნებას“ გაშლილ ფრონტზე საქმე, მაშინ მათ ორი გზა დარჩებათ, ან უხეშად უნდა გააყალბონ არჩევნები და ამ გზით მოიპოვონ უმრავლესობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქუჩის დემონსტრაცია და ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება, ამიტომ ეს არის ძალიან უტვინო გზა, ან ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს კვლავ არენაზე, იყოს ელმავალი, გამოიყენოს საკუთარი რესურსები და ქართველი საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კვლავ ხმა მისცენ, სხვა ვარიანტი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის არჩევნები მოიგოს, არ არსებობს!

პარტია ქართული ოცნებისლიდერები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ და უარყოფენ ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე ლოკომოტივად გამოჩენას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ზვიად ძიძიგურის განცხადება იყო თუ არა შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან და თუ ასეა, რა თამაშს აქვს ადგილი, ივანიშვილი საკუთარი გუნდის ლიდერებს არ ენდობა, კონსერვატორირომ აკეთებს ამ განცხადებას?

– მოდით, ასე ვთქვათ, ზვიად ძიძიგური არის „კონსერვატიული“ პარტიის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი და დამოუკიდებელი სუბიექტი ამ კოალიციაში. იმ შემთხვევაში, თუკი მომავალში კოალიცია არსებულ ფორმატს შეინარჩუნებს, ეს ნიშნავს, რომ ზვიად ძიძიგურს კიდევ აქვს გარანტირებული თავისი ადგილი და ის, როგორც პარტიის ლიდერი, დარჩება ლიდერად. რაც შეეხება გია ვოლსკისა და ზვიად კვაჭანტირაძეს, დარჩებიან თუ არა ისინი ლიდერის პოზიციაზე მმართველ უმრავლესობაში, ეს არის ივანიშვილის გადასაწყვეტი, ისინი არ არიან ლიდერები, ისინი არიან ამ პარტიის წარმომადგენლები და როგორ ფორმირებასაც მიიღებს პარტია ახალი ლიდერების თვალსაზრისით, ისე იქნება წარმოდგენელი საბოლოოდ 2016 წლის არჩევნებში. მეტიც, საკითხავია, მომავალ პარლამენტში იქნებიან თუ არა გია ვოლსკი და ზვიად კვაჭანტირაძე. თუკი პარლამენტში მოხვდებიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ლიდერობა ერგოთ. ზვიად კვაჭანტირაძისა და გია ვოლსკისგან განსხვავებით, ზვიად ძიძიგური გადაწყვეტილების მიმღებია თავის პარტიაში, კვაჭანტირაძე და ვოლსკი კი თავის პარტიაში გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ამიტომაც იყო მათი პოზიცია ასეთი, რომ არ ეთანხმებოდნენ ზვიად ძიძიგურს, რადგან ჯერ ივანიშვილს ოფიციალურად თავი არ დაუსახელებია. არც ლიდერთა გუნდი და არც სიაა ცნობილი, მათ ყრილობა აქვთ ჩასატარებელი და იქ უნდა გადაწყდეს ძალიან ბევრი რამ, ამიტომ ვინ დარჩება „ქართულ ოცნებაში“ წამყვან პოლიტიკურ ფიგურად, ეს არის ივანიშვილის გადასაწყვეტი და არა ვოლსკისა და კვაჭანტირაძის.

კულუარებში ქართული ოცნებისსიის ათეულის მონახაზი უკვე ცნობილია, სადაც თითქმის არც ერთი ძველი სახე არ ფიგურირებს, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ გაზაფხულზე სია ცნობილი გახდება, თქვენი ინფორმაციით, როგორ მიდის სელექცია?

– ჯერჯერობით ივანიშვილი არც ერთთან არ გადის კონსულტაციას ამ საკითხზე, ეს ჩვეულებრივი თვისებაა ყველა პირველი პირის, რომ ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავენ ამ ტიპის ინფორმაციას, რომ გუნდში არ მოხდეს დაპირისპირება, შუღლი და ნგრევა, ამიტომ არავის არ აქვს გარანტია არსებული უმრავლესობიდან, რომ იქნება სიაში. ჯერ ისიც კი არ იციან, ვინ წავა მაჟორიტარად, მაჟორიტარების საკითხი საერთოდ გაურკვეველია, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ერთმანეთთან მიმართებაში, ამიტომ ამ თემების წამოწევა ნაადრევად მეჩვენება. ვვარაუდობ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დასრულებას მოჰყვება მთავრობის ცვლილებები და მაშინ ლიდერებს ბუნებრივად გამოკვეთს პროცესი, ვის უფრო დიდ ნდობას უცხადებს ბატონი ივანიშვილი. მე როგორც ვიცი, მუშაობენ სრულიად ახალ სახეებზე, ინგლისურენოვან ახალგაზრდობაზე, ზოგიერთი უკვე ჩამოსულია და მათთან გასაუბრება და კონსულტაციები მიმდინარეობს, ზოგი უცხოეთშია და მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ კანდიდატების შერჩევაში. ბერა და უტა ივანიშვილს დიდი სანაცნობო წრე ჰყავთ, უცხოეთში სწავლობენ და მოღვაწეობენ, მათ ბევრ ქართველთან აქვთ კავშირი და ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ახალი ლიდერების წარმოჩენაში და სიის შემადგენლობაზე.

არიან თუ არა ჩართულები სიის შედგენის პროცესში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე?

– ეჭვი მეპარება, რომ ამ საკითხში ისინი მონაწილეობდნენ, რადგან სხვა განლაგებაა მოსალოდნელი, კერძოდ კი, არ გამოვრიცხავ მთავრობის ცვლას, რაც პიროვნებების შეცვლას გამოიწვევს. არა მგონია, პოსტი შეინარჩუნოს ირაკლი ღარიბაშვილმა, ის პირველი დატოვებს თანამდებობას.

თქვენ ამ სცენარს დიდი ხანია აანონსებთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი, განსაკუთრებით ბოლო დროს, ძალიან აქტიურია. რა მიზეზით დატოვებს პოსტს?

– გეთანხმებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურობს ამ ბოლო დროს, ადრე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, ახლა კი საქმიანი სახე მიიღო. მე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კი არ მაქვს პრეტენზია, ადამიანურად განვიცდი იმას, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გაუჭირდება, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ითხოვს მსხვერპლთშეწირვას, სისხლის გადასხმას… თუ ამ მთავრობით მიდის ივანიშვილი არჩევნებამდე, მაშინ მისი ყველა დაპირება იქნება ამომრჩევლისთვის კვლავ ფოჩიანი კანფეტების დონეზე დაპირება, რომელიც არ ასრულდება. ახალი მთავრობის წარდგენის შემთხვევაში კი იტყვის, რომ ძველმა ვერ გაამართლა, ადამიანებმა ვერ გამიმართლეს, მთავრობის წარუმატებლობა ვიღაცას უნდა გადააბრალოს, თუკი მან ეს არ გააკეთა და ამ მთავრობით წარდგა არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი როგორი ელმავალიც არ უნდა იყოს, მაინც წააგებს.

მთავრობაში წარმატებული მინისტრებიც არიან. მაგალითად, დავით სერგეენკო, რატომ უნდა დატოვოს მან პოსტი გუნდთან ერთად?

– მე არ ვსაუბრობ პერსონალიზაციით, თუ მეკითხებით ჯანდაცვის მინისტრზე, კი ბატონო, გიპასუხებთ. ხომ ითვლება, რომ ჯანდაცვა მუშაობს გამართულად, ადამიანებს უფასოდ უკეთებენ ძვირად ღირებულ ოპერაციებს და ა.შ., მაგრამ მოდით, პოლიტიკურად დავთვალოთ, მაფიასთან ხომ არ გვაქვს საქმე? სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ფინანსდება ყველა ოპერაცია, მაშინ სადაზღვევო კომპანიები რატომ არიან ჩართულები შუამავლებად? რატომ თეთრდება ფული სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით? სად და ვის ჯიბეში ილექება ეს ფული? სისტემა არის მაფიოზური, მაგრამ შედეგი არის აბსოლუტურად სწორი. თუ ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს ყველა ოპერაცია, მაშინ საავადმყოფოს ჩაერიცხოს თანხა, რა საჭიროა შუამავალი კომპანია? ვინმემ დასვა საკითხი, აქ ფული ხომ არ თეთრდება? ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიდის ჯანდაცვაზე, ასე კომუნისტების დროსაც კი არ იყო, აბა, ერთი ექიმებს ჰკითხეთ, არიან თუ არა კმაყოფილები? საქმე ისაა, რომ ერთი ჯგუფი მდიდრდება. ხალხს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ კარგი რეფორმაა, მაგრამ რა გვიჯდება? იმის ნაცვლად რომ ბიუჯეტი რეინვესტიციებს ხმარდებოდეს, ხმარდება ჯანდაცვას. მოდით, ასე ვთქვათ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გადაყრილი ფულია, ხოლო სოციალური თვალსაზრისით, კარგად დახარჯული ფული კი არ არის, არამედ კარგი რეფორმაა შედეგის თვალსაზრისით. მაგრამ ხარჯების ნაწილი არის დასათვლელი, მიდის თუ არა ადგილამდე. ამიტომ კიდევ საკითხავია, კარგი რეფორმაა თუ არა, ეს რეფორმა რომ კეთდებოდეს არასაბიუჯეტო თანხებით, მაშინ ძეგლი უნდა დავუდგათ დავით სერგეენკოს. მაგრამ ბიუჯეტიდან ფულის დახარჯვას რა დიდი ცოდნა უნდა, ამიხსნას ვინემ, რა. გავყვები თემას და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას შეგახსენებთ. როცა მოვიდა, მან თქვა, აქ ფული თეთრდებოდაო. ვისი მთავრობა იყო როცა ფული თეთრდებოდა, იქაც მაფიოზური სისტემა ყოფილა და ჩვენ არ ვიცით, ეს გრძელდება თუ არა, მაგრამ ახლად მოსულმა მინისტრმა ეს ხომ თქვა? ამის გამო კი არავინ დასჯილა, თურმე შეიძლება ამ ქვეყანაში მილიონები მოიპარო და არავინ დაგსჯის, პოლიტიკურად შევხედოთ ამ ყველაფერს. მოვა დრო, როცა პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება, რომელი სამინისტრო რას აკეთებდა. მთავრობას კი უკვირს, ხალხი რატომ არის უკმაყოფილოო, რაც არ უნდა მილიარდები დაიხარჯოს გზებზე, ჯანდაცვაში, დასაქმების პრობლემა მოუგვარებელია, გაძვირებულია ცხოვრება 40 პროცენტით 2012 წლიდან დღემდე და ვინ იქნება კმაყოფილი? 139 საწარმო გავხსენითო, მთავრობა გვეუბნება, გაიარეთ ერთი და იკითხეთ, ვინმეს ჯიბეს ეს დაეტყო? რაც არ უნდა ციფრები გადმომილაგო და მიმტკიცო, რასაც შეგპირდი ნაწილობრივ მაინც ხომ შევასრულეო, ეს ჩვენს ჯიბესა და ცხოვრებას ხომ უნდა დაეტყოს?! პენსიონერს ჰკითხეთ ერთი, 20 ლარით რომ გაუზარდეს პენსია, მსყიდველობითი უნარით მაშინდელი 100 ლარი სჯობდა, თუ ახლა რომ ექნება 170 ლარი? მათმა პენსიამ კი არ მოიმატა, მოიკლო, ისე გაძვირდა ცხოვრება და მე როცა ვამბობ, რომ არჩევნებამდე ივანიშვილი მთავრობას დაითხოვს, ეს ბიძინას მოგონებული კი არ არის, არსებული პოლიტიკური მოვლენები კარნახობს ამ რეალობას. თუკი ის ახალი გუნდით არ წარდგება, ხალხი არ დაუჯერებს, რომ ივანიშვილი რასაც დაჰპირდება, შეასრულებს.

მაჟორიტარების სიას, რომელიც გამოქვეყნდა, მმართველი გუნდი დეზინფორმაციულს უწოდებს, თუმცა კახა კუკავა აცხადებს, რომ სია, მას ირაკლი კობახიძის მეილიდან მიუვიდა. სიიდან ირკვევა, რომ ჩრდილელი, უძილაური, მეჭიაური და ა.შ. მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მმართველი გუნდიდან?

– ეს არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ჯგუფი. როგორც ვიცი, ვასიკო მაღლაფერიძე აქტიურობს მის კარზე, ალბათ, მასაც ექნება რამდენიმე კანდიდატურის სია, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ლიდერობა, რიგითობა და ასე შემდეგ – ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან უკმაყოფილო, რადგან არც ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს პარტიას, რომელიც გაქაჩავს. „ნაციონალებს“ ლიდერი ჰყავთ, ალასანიას პარტიაში ლიდერები არიან, ამათ გამწევი ძალი საერთოდ არ ჰყავთ და ამის გამო ძალიან შეშფოთებულია ივანიშვილი.

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საარჩევნო ცვლილებებზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ 2016 წელს უნდა იყოს სპეცუბნებისგან თავისუფალი საარჩევნო პროცესი, სასაცილო და უტიფარი განცხადება ხომ არ არის მისი მხრიდან?! საგარეჯოს არჩევნებზე სწორედ სპეცუბნების გამოყენებით მოუგო პატრიოტთა ალიანსს“…

– სანამ ოპოზიციაში იყო, მაშინ იძახდა, მაჟორიტარულ არჩევნებში სპეცუბნების გამოყენება არ შეიძლებაო, გახდა მინისტრი და კი ვნახეთ, რაც გააკეთა – კოჯრის ანძა გადაწია, რომ „ობიექტივის“ გადაცემები არ გასულიყო საგარეჯოში, სპეცუბანიც შექმნა და 500 ჯარისკაციც დაარეგისტრირა, დასჭირდა და გააკეთა, ახლა აღარ სჭირდება და ამბობს, რეფორმას გავატარებო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, პირადი ინტერესების თავსმოხვევა სახელმწიფოს ინტერესებზე და ეს არის ზუსტად ის, რომ მორალური სტანდარტი არ არსებობს პოლიტიკაში! ძალიან მალე გაირკვევა „რესპუბლიკელების“ ბედი. ცალკე მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას, თუ კოალიციურ ფორმატში გამოვლენ, ეს ბიძინა ივანიშვილის ნებაზე იქნება დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ დიდ ეჭვებში არიან „რესპუბლიკელები“, დატოვებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი კოალიციაში, ეს აღარ არის ნულოვანი პარტია, სახელისუფლებო რესურსი აქვთ, ხალხი ჰყავთ თანამდებობებზე, საკრებულოებში და ა.შ. არანაირად არ ჩამორჩებიან ალასანიას პარტიას, პირიქით… არავინ თქვას, რომ „რესპუბლიკური“ პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს, მაგრამ, თუკი ისინი გაარკვევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, შესაძლოა, მათ ალასანიასთან ერთად გააკეთონ კოალიცია. „რესპუბლიკელებს“ შიშის ფაქტორი აღარ აქვთ, კოალიციის გარეშეც გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, ეს იფიქრონ სხვა პარტიებმა – ზვიად ძიძიგურმა და „კონსერვატორებმა“, „ფორუმმა“, „სოციალისტებმა“, „მრეწველებმა“… ამიტომ არის, რომ „რესპუბლიკელები“ ვაჭრობენ და ითხოვენ კვოტებს იმიტომ, რომ მათ ეს რესურსი გააჩნიათ.

საინტერესოა, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა? ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალურ მოძრაობაშიძალიან დიდი დაპირისპირებაა, რაც აუდიოჩანაწერებით დასტურდება, გოკა გაბაშვილი სააკაშვილს ხელისუფლების გიჟს ეძახის, ადეიშვილს აგინებს, ნახევარ პარტიას ბოზად მოიხსენიებს… სააკაშვილს 3 კვადრატში გამომწყვდეული გიგი უგულავასი ეშინიაო. მოკლედ, ფლანგები გამოიკვეთა, შეძლებენ ერთიანი ძალით არჩევნებზე გამოსვლას?

– დიახ, ჩანაწერებში იყო უცენზურო სიტყვები, რაც გამაღიზიანებელი იქნება ერთმანეთისთვის, მაგრამ მეორეა, გოკა გაბაშვილს ძმა ეუბნება და სწორადაც, როგორი დიდი კონფლიქტიც არ უნდა გქონდეთ, მაინც უნდა შეთანხმდეთ, დაპირისპირება ხეირს არ მოგიტანთო და ალბათ, ამ გზით წავლენ. ყველამ ვიცოდით, რომ შიგნით იყო ორი ბანაკი, დღეს უკვე ცნობილი ხდება, ვინ სააკაშვილის ბანაკშია, ვინ უგულავას ბანაკში. ეს საუბარი იქნება წყალგამყოფი, ან გაიყოფიან, ან შერიგდებიან. ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება პოლიტიკოსებისთვის პრობლემა არ არის, ჩვენ გვახსოვს ის ჩანაწერი, სადაც ღარიბაშვილი ხიდაშელს აგინებს, მაგრამ დღეს ერთ გუნდში არიან. ვისაც ბევრი რესურსი ექნება, ის იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. ფული აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არც `ნაციონალები~ არიან უფულოდ. ნუ გავიწყდებათ, რომ მათ თავისი ტელევიზიაც აქვთ და ისინი პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

„კვირის ქრონიკა“, 7 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯონნდი ბაღათურიასთან: რატომ მიდის და ვის შეხვდება მოსკოვში „ქართული დასის“ ლიდერი?

გელა ზედელაშვილი

8 დეკემბერს „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათური არუსეთში მიდის. კულუარული ინფორმაციით, ის შეხვედრებს გამართავს სახელისუფლებო წრეებში – დუმის წარმომადგენლებთან, უშიშროების საბჭოს წევრებთან და პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როგორც თავად ჯონდი ბაღათურია ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, სექტემბერში, როცა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, უკვე ნოყიერი ნიადაგი დახვდა იმისთვის, რომ უფრო გამყარდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა:

- ჩვენ გამოვედით ახალი ინიციატივით და უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაზე. ეს შედის ჩვენი ხალხის ინტერესებშიც და რუსი ხალხის ინტერესებშიც. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მიზანი ბოლომდე მივიყვანო. პირდაპირ უნდა ითქვას, რასაც ვაკეთებთ, ამას რუსები ძალიან კარგად აცნობიერებენ. მე მოსკოვში სექტემბერშიც ვიყავი, მაშინ შედგა გარკვეული შეთანხმებები და იმის თაობაზეც მოვილაპარაკეთ, რომ ოქტომბერში კიდევ ჩავიდოდი. თუმცა დამაგვიანდა, ახლა მივდივარ, რადგან ოქტომბერში აქ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ჩავთვალე, რომ ქვეყნიდან გასვლა არ შეიძლებოდა. შეიძლება დღეს ზოგი იოლად უყურებს, მაგრამ მაშინ სააკაშვილმა მართლა გამოაცხადა გადატრიალების დაწყება, ლამის პირდაპირ ეთერში აპირებდა ამის გაკეთებას.

- ჩემი აზრით, ახლა უფრო უპრიანია რუსეთში ჩასვლა, მას შემდეგ, რაც თურქეთს ურთიერთობა აერია, რაღაცებზე ლაპარაკი იოლია, ანუ შესაძლებელია, აქედან ხეირი ვნახოთ.

- დიახ, მართალია, სექტემბერშივე კარგი ნიადაგი დამხვდა, მაგრამ ამას დაემატა სიმწვავეც და რაღაც საკითხებიც. მაგალითად, რუსეთისთვის საქართველოს საჭიროების ხარისხი გაიზარდა, ასევე, გაიზარდა საქართველოსთვის რუსეთის საჭიროების ხარისხიც. ეს უფრო გახდა თვალშისაცემი და გასაგები.

- ჯონდი, რა დონეზე გაქვს შეხვედრები დაგეგმილი?

- მე მექნება შეხვედრები სამოქალაქო სექტორის ლიდერებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც წარმართავენ რუსეთის საგარეო პოლიტიკას. ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვი, რომ ასევე შევხვდები რუსეთის სათათბიროს წევრებს. არის რამდენიმე შეხვედრა, რომელიც არ იქნება საჯარო.

- მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს ხვდები და ასევე ამ საბჭოს ყოფილ მდივანს, იგორ ივანოვს.

- ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, ჯერ მოსკოვში უნდა ჩავიდე და ამის შემდეგ უფრო დაზუსტდება ყველაფერი. უკვე დაზუსტებულია, რომ შევხვდები კალაშნიკოვს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და გონივრული მოსაზრებებიც აქვს.

- კონკრეტულად რაზე უნდა ილაპარაკო რუსეთის ხელისუფლებასთან, როცა არც ხელისუფლების წევრი ხარ და არც პარლამენტარი? ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე პერსპექტივა, გავიტანოთ რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომელსაც თურქეთი გამოეთიშა და რუსეთის მხრიდან შერბილდეს სავიზო რეჟიმი...

- არა, მაგ საკითხებზე საუბარი, ალბათ, არ გვექნება. თუმცა რასაც მეუბნები, ეს ძალიან კარგი და საინტერესო საკითხებია. როდესაც სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო 2008 წელს რუსეთმა ბაზარი ჩაგვიკეტა, მაშინ ჩვენი ადგილი სწორედ თურქეთმა დაიკავა და როგორც მახსოვს, ბოდიში არავის მოუხდია. დღეს კი, როცა ეს სიცარიელე ისევ გაჩნდა და რუსეთიდან წამოვიდა დადებითი იმპულსები, უცებ ჩვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გააკეთა არასერიოზული განცხადება, თურმე ჩვენ არ ვაპირებთ, თურქების უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერება ავაგოთ. ასეთი არასერიოზული და კომიკური განცხადება არასოდეს მომისმენია. ამ ლოგიკით, 2008-ში თურქებს უნდა ეთქვათ, ქართველების უბედურებაზე ჩვენს ბედნიერებას ვერ ავაგებთო. რა არის ახლა ეს, საბავშვო ბაღი თუ დაწყებითი კლასები? აი, ოთარ დანელიას გამონათქვამები მე მაყენებს ხარხარის ხასიათზე, მაგრამ ეს იწვევს ქართველი საზოგადოების აღშფოთებას. ეს არის მტრული განცხადება, პირდაპირ ვამბობ: ეს არის ქვეყნის ღალატი. დანელიას როგორ ჰგონია, ახლა რუსეთის დახლები ცარიელი დარჩება? ხვალ რომ მან რკინიგზის გადაკეტვა მოინდომოს, რუსეთს ბლოკადა უნდა გამოვუცხადოთო, არც ეგ გამიკვირდება. ვინც ასეთი რამ გააკეთა ეროვნული მოძრაობის დროს, დღეს პარლამენტში ზის. ხომ გახსოვს, ზვიად ძიძიგურმა რომ გადაკეტა რკინიგზა სამტრედიაში და სამ დღეში საპონიც კი გაქრა ჩვენს მაღაზიებში?

- ეგეც მახსოვს და ბევრი სხვა რამეც.

- ალბათ, ისიც გემახსოვრება, რომ რუსეთს ამით არაფერი დააკლდა. მოკლედ, მე ამ საკითხებზე არც სექტემბერში მქონია საუბარი და არც ახლა ვგეგმავ. თუ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება, თუ არ გაზარდა წარმოება, ამხელა ქვეყანაში რა უნდა შეიტანო? ჩვენ ვმუშაობთ წმინდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო სექტორის დონეზე. მე ვცდილობ, რუსეთშიც და საქართველოშიც, მოვახდინო სწორი საზოგადოებრივი ფორმირება.

რუსულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მტრები კი არა, მოყვარეები ვართ, მოკავშირეები ვართ და ეს უნდა იცოდეს ქართველმა საზოგადოებამაც. ეს დიდმა ნაწილმა იცის, მაგრამ საქართველოდან მიმდინარეობს ანტირუსული პროპაგანდა, რათა რუსეთი წარმოსახონ მტრად. გარკვეული მედიასაშუალებები უკვე ტოტალურად კონტროლდება ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ. ერთია თავსმოხვეული პროპაგანდა, მეორეა – რეალობა, ანუ ის, რომ ხალხს უნდა რუსეთთან ურთიერთობა. ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ სიმართლე: დღეს რომ საქართველო არსებობს რაღაც ფორმით და ფიზიკურად არ გაანადგურეს თურქეთმა და ირანმა, მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა. აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის დაბრუნება როგორ მოხდა, იქნებ ამიხსნან მედასავლეთეებმა? რასაკვირველია, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლოც, მაგრამ ამათ ჰგონიათ, თუ ისტერიკაში ჩაცვივდებიან და პერიოდულად წამოიკივლებენ, ასე აუცილებლად დავიბრუნებთ. დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საკმაო არგუმენტებია იმისთვის, რომ რუსებს ველაპარაკოთ.

- რა თქმა უნდა, თუ არ დაველაპარაკეთ, დაბრუნების პერსპექტივაც კი გვესპობა, მხოლოდ დასავლეთის აღშფოთება არაფრის მომტანია, ამაში დავრწმუნდით...

- რასაკვირველია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და თან მაშინ, როცა რუსეთის მხრიდანაც არის სურვილი. მე მივდივარ რამდენიმე დღით და სულაც არ მაინტერესებს, რა კუდებს გამოაბამენ ამას ვითომ დასავლური კურსის მომხრეები. სინამდვილეში ეგენი არიან საქართველოს მოღალატეები და მტრები.

„კვირის ქრონიკა“, 7 დეკემბერი, 2015 წელი

პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება საუფლო დღესასწაულებზე მაინც და გასწორდება კართაგენი!

ნინო სამხარაძე

„პატრიარქი პატიმართა შეწყალების უფლებას მოითხოვს და პრემიერი პარლამენტის წინაშე საკითხის დასმას ჰპირდება. კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ოლიგარქი ნიცშეს აკრიტიკებს. გუშინდელი სადისტი დღეს სიტყვის თავისუფლებაზე ღვრის ცრემლებს. ყოფილი პრეზიდენტი კაპიკს კაპიკზე აწებებს და ისე ცხოვრობს, საოპერო მომღერალი… იბიარდი… მოკლედ, თითქოს ვიღაცის კოშმარულ სიზმარში ვართ ჩარჩენილები. გახსოვთ ანეკდოტი, კაცი ორმოში რომ ჩავარდება, ამოსვლას ვერ ახერხებს და თან იძახის, ერთხელაც ვცდი და მერე სახლში წავალო? ეგეთ დღეში ვართ ყველა“, – ამბობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. ძნელია მას არ დაეთანხმო! ოპლა… რადგან ჯერ კიდევ ვცოცხლობთ და ფილოსოფოსს მიაჩნია, რომ ეს კოშმარული სიზმარი, ჩვენი არ არის, გადარჩენის შანსები გვეზრდება და არ დავნებდეთ!

გასული კვირა საზოგადოებისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა, ხელისუფლებამ სახიფათო პოლიტიკური თამაშები წამოიწყო. საქართველო, როგორც სეკულარული სახელმწიფო, სადაც რწმენის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, შესაძლოა, თვისობრივად შეიცვალოს, თუკი კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოს პატრიარქს შეწყალების უფლება მიენიჭება. თუკი კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი გაჩნდება, ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს ნიშანს დავკარგავთ და ირანს დავემსგავსებით.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 110-ე მუხლის თანახმად, ქვეყნის უზენაეს სულიერ წინამძღვარს უფლება აქვს, სასჯელი შეუმსუბუქოს და შეიწყალოს მსჯავრდადებულები, ოღონდ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოში კი საუბარია, რომ ეს უფლება პირდაპირ საქართველოს პატრიარქს გადაეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომლის ერთპიროვნული უფლებაა, შეიწყალოს პატიმრები, ამ უფლებას კარგავს და შევდივართ ჩიხში. ჩვენ დავკარგავთ სეკულარული სახელმწიფოს ნიშნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ნეიტრალური ვეღარ იქნება და ეკლესია გავლენას მოახდენს  პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

როცა პრემიერ-მინისტრი შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდისკენ მიანიშნებს, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ შეწყალების საკითხთა კომისიის წევრი იყო და არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და არანაირი საჭიროება არ არსებობს, პატრიარქმა შეწყალების უფლება წაიღოს.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის ქვეყნის უმაღლეს სასულიერო პირს წარმოადგენს და მისი უფლებაა, შეუნდოს და აპატიოს დამნაშავეს, ჩვენ ყველა მისი სულიერი შვილი ვართ და თუკი ამ ბერკეტს ის ხელში აიღებს, მაშინ ავასრულოთ პატრიარქის ოცნება და დავანგრიოთ ციხეები, რაღა საჭიროა ციხე, თუკი პატრიარქი ისედაც ყველა დამნაშავეს, განსხვავებით დანაშაულის სიმძიმისა, ისედაც იწყალებს და ცოდვებს პატიობს?! და კიდევ, პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება საუფლო დღესასწაულებზე მაინც და გასწორდება კართაგენი.

არ შეიძლება პრეზიდენტის სიძულვილით დაბრმავებულებმა სახელმწიფოს ნიშნები ვანგრიოთ და სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობის ეს ინიციატივა გამოწვეულია იმის შიშით, რომ პრეზიდენტმა უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია არ შეიწყალოს. თუკი პრეზიდენტი ამ სისხლისმსმელებს შეიწყალებს, ყველაზე უკეთ მან იცის, რომ ეს მისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება, ხოლო თუკი პატრიარქი ყველაზე ცოდვილ შვილებს არ შეიწყალებს, გამოდის, რომ ის თავის სულიერ შვილებს ასხვავებს და მისი შემწყნარებლობა ეჭვქვეშ დადგება! ჩვენ გვახსოვს პატრიარქის სიტყვები, მიხეილ სააკაშვილის მისამართით ნათქვამი, რომ მას ყველაზე მეტად ცოდვილი შვილი უყვარს და ეცოდება.

როგორც ჩანს, ეს ინიციატივა მმართველ კოალიციაში განხეთქილების მიზეზი ხდება. „მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს. საქართველოში, რომელიც სეკულარული ქვეყანაა და სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – აცხადებს „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი. ამგვარი ცვლილების წინააღმდეგ რესპუბლიკური პარტია რომ წავიდოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კატეგორიულია და აცხადებს, „არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება, სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს. ვფიქრობ, რომ მცირედ გაუგებრობას აქვს ადგილი: ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან განთავისუფლება და ამ თვალსაზრისით – შეწყალება. არ მახსენდება შემთხვევა, როცა, სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შეწყალება სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთვის გადაცემაზე ან გაყოფაზე. ასეთი კონსტიტუციური მოდელი არც მახსენდება“…

საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება და ეს უკვე ცალსახაა. ერთია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი ხმები არ გააჩნია და მეორეა, რომც ჰქონდეთ, ეს ცვლილება – პრეზიდენტს ჩამოერთვას შეწყალების ბერკეტი და გადაეცეს პატრიარქს, არ განხორციელდება! რადგან პროდასავლური ძალები ამ ინციატივას მხარს არ დაუჭერენ და ეს, დიახაც, არ იქნება სწორი და მართებული.

გახდება თუ არა ეს ინციატივა საბოლოო წყალგამყოფი „რესპუბლიკელებსა” და კოალიციის სხვა სუბიექტებს შორის? ალბათ, გახდება, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ამ საკითხის გატანას პრინციპულად დააყენებს, ისედაც ნონ-სტოპის რეჟიმშია გადართული კოალიცია და რაც უფრო მალე გაირკვევა, საით დადგება ეს ძალა, ყველა მხარისთვის უკეთესია. ლევან ბერძენიშვილი ღიად აცხადებს, რომ კოალიციის რიგ წარმომადგენლებს მასში „რესპუბლიკური პარტიის“ ნაცვლად ირმა ინაშვილის პოლიტიკური გაერთიანების ხილვა სურთ და მას გულშემატკივრობენ. საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას არა მხოლოდ მთელი უმრავლესობის, არამედ ოპოზიციური ფრაქციების წევრთა გარკვეული რაოდენობის ხმები სჭირდება, ამიტომ რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ამ ინიციატივის განხორციელება სრულიად წარმოუდგენელი ჩანს.

საინტერესო მოსაზრება აქვს ამ საკითხზე ცოტნე გამსახურდიას: „ეს ჩვენი მთავრობა რამ გამოაშტერა, რომ თავის ჭკუით ასე გარკვეული კატეგორიის ამომრჩეველს უგორებს კოჭს, ან ჩვენ რამ დაგვაძაბუნა, რომ ვერ ვაგონებთ საკუთარ ხმას?! არა, მორჩა, დამთავრდა, აღარ იქნება აქ ბნელეთი, აღარა აქვს ის ძალა და პოზიციები! და თქვენც, ხელისუფლებავ, გამორიცხულია, რომ სერიოზულად გჯერათ ამ რიტუალური მანტრებისა და გუნდრუკის კმევის, რომელსაც ფეოდალურ-კლერიკალურ ბნელეთს უკმევთ. ვერა, უკვე ვერ მოიპოვებთ ამ გზით პოლიტიკურ ქულებს, შეეშვით თავისა და ჩვენს დაშტერებას! გემს მიხედეთ, სჯობს, და საქმეზე იფიქრეთ… ვანომ ჯიპები აჩუქა ეპისკოპოსებს და ნახევარი სინოდი მაგის ხალხი იყო, თუ მეტი არა; ახალაია ხომ მრავალგზის დალოცვილ-ნაკურთხ-დაჯილდოებული ჰყავს… გადაიხადონ, კაცო, და ეკლესიის აღმშენებლობისთვის რას არ გააკეთებს… ვაჰ, ფანატიკოსების გაპრავებები დამანახა მერე ნეტავ…“

ქართველი მწერალი პაატა ქურდაძე საფრანგეთიდან ეხმაურება ამ ინიციატივას და აი, რას წერს: “ისე მაგრად ვიცინებ კახიშვილი-ბესელიასა და განსაკუთრებით ღარიბაშვილის სახის მიმიკებზე, პატრიარქმა მერაბიშვილი და ახალაია რომ შეიწყალოს პირველები“…

ხელისუფლებას მოუწევს გაითვალისწინოს ხალხის აზრი, რადგან ხალხია ხელისუფლების წყარო და მათ დაკრულზე ცეკვა-თამაში ამ ქვეყანაში დასრულდა!

პატრიარქის ხელში შეწყალების ინსტრუმენტის შესაძლო გადასვლამ, ყველა თემა გადახურა, მათ შორის ნაციონალების აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება საიდანაც კიდევ ერთხელ ვიგებთ, რომ სააკაშვილს გუნდში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, გოკა გაბაშვილის საუბარი ძმასთან სწორედ ამის დასტურია, მას ხელისუფლების გიჟს უწოდებენ, რომელსაც პარტიაში მონები სჭირდება, სათვალიან ვირთხას, იგივე ზურაბ ადეიშვილს რეკორდულად აგინებენ და პარტიაში ლიდერებს ბოზებად მოიხსენიებენ, რაც მთავარია, დადასტურდა, რომ 3 კვადრატულ მეტრ ფართში გამომწყვდეული გიგი უგულავასი ეშინია ჩვენს მაღალს, რაზეც „კვირის ქრონიკა“ ჯერ კიდევ წლების წინათ წერდა, რომ მიშა უგულავას „ჩორტავდა“, ლიდერის ფუნქცია რომ არ „აეხია“ და ციხეში მყოფი უგულავაც კი მისთვის საფრთხეა, თუმცა „ნაციონალებმა“ეს საქმე ჩაფარცხეს.

რა მოხდა მერე, გაუგებრობა იყო და დავლაგდითო, ამბობენ. საიქიოდან მკვდრები ვერ ბრუნდებიან და ასეა „ნაციონალების“ საქმე, ისინი ვეღარ დაბრუნდებიან იმ პოზიციაზეც კი, რასაც ჰქვია მთავარი ოპოზიციური პარტია.

როგორც იქნა, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ ყრილობა ჩაატარა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, რა ფორმატში გამოვიდოდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დამოუკიდებლად თუ კოალიციურ ფორმატში. სუპერამბიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კოალიციას შეახსენა: „რომ არა „რესპუბლიკური პარტია“, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა, მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ემოციებით, არამედ ცოდნით. რა ფორმით მიიღებს „რესპუბლიკური პარტია“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე გადაწყვეტილებას პარტიის ეროვნული კომიტეტი ძალიან მალე მიიღებს და არა არჩევნებამდე სამი თვით ადრე… ჩვენ ვართ რეგიონში დასავლელი პარტნიორების დასაყრდენი და არა სიურპრიზების შემქმნელი“…

„რესპუბლიკური პარტია“ თავისი არსით რომ არასასურველი სიურპრიზია ქართველი ამომრჩევლისთვის, ეს დავით უსუფაშვილმა ამომრჩეველზე უკეთ იცის და ამიტომაც დარჩებიან თუ გავლენ კოალიციიდან, არც ერთი ვარიანტი ქართველი საზოგადოებისთვის სიურპრიზი არ იქნება!

და კიდევ, ერთი მხიარული ამბავი მოხდა გასულ კვირას.

უკრაინელმა აფერისტმა, კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომლის კორუმპირებულობაზეც ლეგენდები დადის, მის დაპირებებზე კი ანეკდოტებს ყვებიან, განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის. უკრაინა-საქართველო აფერისტების ექსპორტიმპორტზე მუშაობს. სააკაშვილში ეს თაღლითი გაგვიცვალეს, ამ ტიპზე, რომელიც ძალიან მარიაჟობს და ქართული ტელევიზია დაიპყრო, ძალიან მალე დამანგრეველ კომპრომატებს გამოაქვეყნებენ, ვინ არის, რა უნდა, რა ბრალდებებს უყენებენ კიევში და კიევის მერობის დროს რა ივაჟკაცა. ქართული პოლიტიკა უკვე ღადაობა გახდა. პოლიტიკა ფულის გათეთრების ვარიანტში აქვთ მილიარდერებს, პოლიტიკაში დიდ ფულსა და წარსულს რეცხავენ.

მოკლედ, ბატონმა ლეონიდმა ქართველი ჟურნალისტები ქობულეთში, ჭყონიას ძვირად ღირებულ სასტუმროში ჩაიყვანა იმის სათქმელად, რომ პარტიას ქმნის და დაყარა ლოზუნგები: ვინც მეგის ქარდავას იპოვის და ჩააბარებს პოლიციას, პირადად ჩემგან გადაეცემა 150 000 დოლარიო, ავოეე… ლეონიდ, შენც რა მაგრად გაჟრიალებს, მეგისა ქარდავას თავის ცოლი ვერ პოულობს, ეგ ნაციონალებს უნდა უთხრა, მაგალითად, გოკა გაბაშვილს, ახლა ისეთ დღეშია და ისე უჭირს, რომ 50 000 დოლარადაც ჩამოგიყვანს მეგისა ქარდავას, თანაც გაბანტულს. ამ კაცის პარტიას ერქმევა „ბედნიერი საქართველო“, პენსიონერებს 500-ლარიან პენსიას ჰპირდება და… მოკლედ, ნაცნობი ოპერიდანაა ეს პარტია, ბატონო ლეონიდ, რა ყველას ამ ქვეყანაში გინდებათ ექსპერიმენტები, ისე კი, ერთს გირჩევ, ლეონიდ, საქართველოს მოქალაქეობა კი მიიღეთ, მაგრამ ეგებ ქართული ენა გესწავლათ, კაცი ამდენი წელი ქართველის სიძე იყავით და ახლა პოლიტიკაში მოდიხართ, შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ? უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკოსი ვალდებულია, უკრაინულად საუბრობდეს და თქვენ ოკუპანტის ენაზე რომ გვესაუბრებით რა, ბნელა?!

ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ლეონიდ ჩერნოვეცკი ბიძინა ივანიშვილის პროექტია

შორენა მარსაგიშვილი

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქართულ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი კიდევ ერთმა მილიარდერმა გამოთქვა. საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მიზნით პოლიტიკური პარტიის შექმნა ამჯერად კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გადაწყვიტა.

ფართო საზოგადოებამ მის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერის მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი სკანდალის შემდეგ შეიტყო. „მას ქობულეთში გახსნილი აქვს პანსიონი, სადაც 50-მდე ბავშვს აცხოვრებს. საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო ამ ადამიანს პრობლემები შეუქმნეს, ჯარიმაც დააკისრეს და პანსიონის გაჩერებას აპირებდნენ. საქმეში ჩავერიე და ეს პრობლემა რაღაცნაირად მოვაგვარე“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე. მისი თქმით, კიევის ყოფილი მერი ამის გამო მისი მადლიერი იყო, თუმცა ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

- ამ ადამიანს არც ადრე ვიცნობდი და არც ახლა ვიცნობ, მართალია, პანსიონის საქმეში ჩავერიე, მაგრამ მას პირადად არც კი შევხვედრივარ. ურთიერთობა მის მარჯვენა ხელთან, გიორგი ქვრივიშვილთან მქონდა. მან ჩერნოვეცკის სახელით მადლობაც გადამიხადა. სახლშიც მიმიწვიეს, მაგრამ ჩვენი შეხვედრა არ შედგა, – აღნიშნავს დეპუტატი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ექსმერის პოლიტიკურ ვნებებს დიდი აღფრთოვანებით არ უყურებს და ამბობს, რომ არჩევნებში წარმატების მისაღწევად მარტო პარტიის შექმნა და ბევრი ფული საკმარისი არ არის: „პოლიტიკური აქტივობა ნაკლებად პერსპექტიულია. პარტია არ გახლავთ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი წესდება, მას უამრავი ადამიანური რესურსი სჭირდება. ამის გაკეთება ყველა ქვეყანაში ძნელია, საქართველოში – მით უმეტეს. ჩვენს ქვეყანაში უამრავი პოლიტიკური პარტიაა. ასეთ ორგანიზაციას როცა ქმნი, ქვეყნის მოსახლეობას ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდე“, – ამბობს ბათუმის მაჟორიტარი და ამ ეტაპზე ის ჩერნოვეცკის პარტიას დიდ წარმატებებს არ უწინასწარმეტყველებს.

- როგორც გავიგეთ, მან პარტია, სახელად „ბედნიერი საქართველო“ დააფუძნა, კარგია, ვიღაცას რომ საქართველოს გაბედნიერება უნდა, მაგრამ ამით წარმატებას ვერ მიაღწევ. თუ ის მხოლოდ პარტიის დამფინანსებელი იქნა და არა – ლიდერი, მაშინ კიდევ შეიძლება წარმატებაზე იფიქროს. პარლამენტში მოხვედრა თუ უნდა, პარტიის ლიდერობა საქართველოს მოქალაქეს უნდა ანდოს, – მიიჩნევს მურმან დუმბაძე. მისივე თქმით, პარლამენტში მოსახვედრად ჩერნოვეცკის სხვა შანსიც აქვს და ამ შანსს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. „თუ მას ბიძინა ივანიშვილი მეურვეობს და მასთან ერთად კოალიციაში შევა, ცხადია, მოხვდება პარლამენტში“, – აღნიშნავს ვიცესპიკერი.

ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში „“ნაციონალების“ მმართველობის ხანაში დასახლდა. ნაციონალებს უკრაინასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ კიევის ყოფილმა მერმა, შესაძლოა, მათთან ითანამშრომლოს.

მურმან დუმბაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყოფილი მერის ნაციონალებთან ერთად ყოფნა წარმოუდგენლად მიაჩნია. „შესაძლებელია, ვცდები, მაგრამ თუ ამ ადამიანმა მართლაც შექმნა პოლიტიკური პარტია, ის მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შევა. არა მგონია, მან ოპოზიციასთან ითანამშრომლოს. ჩერნოვეცკი ჭკვიანი ადამიანია და ხვდება, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან. აქედან გამომდინარე, მათთან ღიად თანამშრომლობას არ გარისკავს“, – მიიჩნევს მურმან დუმბაძე. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გაურკვეველ მდგომარეობაშია.

- ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები და კარგად ვიცი მათი განწყობა. ხალხს არსებული ხელისუფლება არ მოსწონს და არც ოპოზიციურ ძალებზე აქვს აქცენტი გადატანილი. ხალხი ახალი ძალის გამოჩენას ელოდება. საქართველო ლიდერების ქვეყანაა, აქ პიროვნებებს უფრო მეტ პატივს ვცემთ, ვიდრე საარჩევნო პროგრამას. თუ ვინმე გამოჩნდება, მისკენ წავლენ. ოღონდ ის სხვა არც წინა ხელისუფლებასთან უნდა იყოს კავშირში და არც – მოქმედთან, – ამბობს დეპუტატი.

ლეონიდჩერნოვეცკი არც ერთთან ყოფილა და არც მეორესთან და მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ მან პაატა ბურჭულაძესთან შექმნას კავშირი. „პაატა ბურჭულაძე ხალხის დიდი სიმპათიით სარგებლობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი პირადად მას ენდობა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხალხს დაიყენებს გვერდით. თუ ის და ჩერნოვეცკი გაერთიანდნენ, ჩათვალეთ, რომ ბურჭულაძეც „ოცნებასთან“ მისულა, იმიტომ, რომ კიევის ყოფილი მერი ივანიშვილის პროექტია“, – მიაჩნია მურმან დუმბაძეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კიევის ყოფილ მერს გულშემატკივრობს, მაგრამ მისი პოლიტიკოსობა არ სურს. „ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ქველმოქმედებას ეწევა. ქობულეთში პანსიონის გახსნით რამდენიმე ათეულ ბავშვს გაულამაზა ცხოვრება. ამ ბავშვებს ახლა არც შიათ, არც სცივათ და სწავლაც შეუძლიათ. ვისურვებდი, რომ მან ეს საქმიანობა გააგრძელოს“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

ახალი თაობა“, 07 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სევდია უგრეხელიძესთან: მერია სადაც ჩვენს რჩევებს არ ითვალისწინებს, იქ ფეხს იმტვრევს

ნათია ხურცილავა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სევდია უგრეხელიძე, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი პირადი ინტერესების გამო გააბრუნეს უკან.

სევდია უგრეხელიძე:

- ექვს თვეში უკვე ნათელი იყო, რომ ჩვენს დედაქალაქში სამუშაოები ჩავარდებოდა და სასურველი ტემპით ვეღარ გაგრძელდებოდა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ეს სულაც არ მიხარია, რადგან მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ. რამდენი ვიცემერი გამოიცვალა, ოდიოზური მარგიშვილი გაუშვეს, კეთილმოწყობის სამსახურისა და სხვა სამსახურების უფროსები შეიცვალნენ, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. დღეს მერიაში კორუფციაა გამეფებული, ნარმანიას ბრალი ის არის, რომ ამ კორუფციას ვერ ებრძვის.

- როგორც ჩანს, გუნდის შიგნითაც არის დაპირისპირება და ამაზე ღიად ისაუბრა თეა წულუკიანმა...

- მათ გუნდში რა ხდება, ნაკლებად მაინტერესებს. დღეს ჩვენს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ყოველდღიურად აქვს, გნებავთ ტრანსპორტის კუთხით, რა მდგომარეობაშია ავტობუსები, რა მდგომარეობაშია გზები, საცობებით არის გადატვირთული ქუჩები. რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში, გადატვირთულია ჯგუფები. სტიქიის შედეგად დაზარალებულები ჯერ ბოლომდე არ არიან დაკმაყოფილებული.

- სწორედ ამიტომ საკრებულომ ბიუჯეტი დაუბრუნა მთავრობას კორექტირებისთვის. ეს პრობლემები იქნება ასახული ბიუჯეტის ახალ ვარიანტში?

- ბიუჯეტის უკან დაბრუნება ნორმალურია, ბიუჯეტი კორექტირებას ყოველთვის საჭიროებს. ახლა თვითონ “ოცნებაც“ კი არ იყო ამ ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილი, მაგრამ მე არ მაქვს იმის განცდა, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრები უკმაყოფილონი ობიექტურობიდან გამომდინარე იყვნენ.

- აბა, რა იყო მათი უკმაყოფილების მიზეზი?

- ეჭვი და ინფორმაციაც მაქვს, რომ მათ სურდათ, ეს ბიუჯეტი თავიანთი რაიონებისთვის მოერგოთ, ეს უნდოდათ განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს.

- და ეს ცუდია?

- საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს კენჭისყრა უნდათ საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარული ოლქებიდან და ამიტომაც უნდათ ამ ბიუჯეტის მათი რაიონებისთვის მორგება. ეს არის წინასაარჩევნოდ, რომ მოხდეს ხალხის მოზიდვა. ჩვენ კი ობიექტური საჭიროებებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ და ვეუბნებით დედაქალაქის მთავრობას, რა არის პირველ რიგში გასათვალისწინებელი ამ ბიუჯეტში. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, ის გადასასვლელი ხიდები და სხვა ჩვენი შეთავაზებები არის არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომლებიც განტვირთავს ქალაქს და არა ის სულელური ინიციატივა, რომელიც მარჯვენასაჭიან მანქანებს ეხება.

- არ მოგწონთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა?

- ეს გამოიწვევს ამ ბიზნესის ჩაგდებას, ადამიანები რაღაც ორ კაპიკს შოულობენ ამ ბიზნესით. ამ შემთხვევაში ეს იდეა სრულიად მიუღებელია. ჩვენ სწორ მიმართულებას ვთავაზობთ, მაგრამ არ ითვალისწინებენ, როგორც ჩანს, რცხვენიათ, ფიქრობენ, როგორ გავითვალისწინოთო, მაგრამ, რასაც არ ითვალისწინებენ, იქ ყველგან ფეხს იმტვრევენ.

- მაგალითად, რას სთავაზობთ?

- დღეს ისეთი დანჯღრეული ავტობუსები დადის, რომ ჩვენ ვეუბნებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ამ ავტობუსებით მგზავრობა უფასო იყოს. თუ ახალ, ხარისხიან ავტობუსებს შემოიყვანენ, მერე იფიქრონ სხვა მიდგომებზე, შეღავათებზე, გადასახადებზე და ა.შ. ელექტროენერგიის ვაუჩერი აღადგინეს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ, რომ ამბობდნენ, ყველას არ სჭირდებაო, დამსხდარიყვნენ და განესაზღვრათ, ვის სჭირდება და ვის – არა. მე ნამდვილად არ მჭირდება ეს ვაუჩერი. ამ გაჭირვების ფონზე დანამატი დაარქვეს და უსაზღვროდ იჯიბავენ, 7 მილიონ ლარზე მეტს უმატებენ სახელფასო პუნქტს მერიაში.

- პრობლემები იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც. მაშინაც არ იყო ხალხი კმაყოფილი…

- თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნებისმიერი გამოსვლა ან დებატი, რაც არ იყო მისაღები და საზოგადოებას პროტესტი გააჩნდა, მე ეს გამემართლებინოს. შეიძლება, გუნდში იყოს საკითხები, რაც მათ არ მოსწონთ, მაგრამ ამას არ ამბობენ, ყველას უნდა, ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნოს. საკრებულოს სხდომაზე ბიძინას სახელი ვახსენე და ტყემალაძემ მიკროფონი გამომირთო. არადა. კარგ კონტექსტში უნდა მეხსენებინა.

- რა კონტექსტში?

- მე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის სხდომებსაც დავსწრებივარ და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომებსაც და უნდა მეთქვა, რომ ივანიშვილის მიერ გამართული სხდომები ბევრად უფრო ადეკვატური და ნორმალური იყო კომენტარებისა და რეაქციის თვალსაზრისით. ეს იმიტომ ვახსენე, რომ შიში აქვთ, ვაითუ, როგორ ვახსენებ ივანიშვილს, ამიტომ შფოთავენ და წინასწარ იჭერენ თადარიგს.

რეზონანსი“, 07 დეკემბერი, 2015 წელი

სოხუმის ხელისუფლება აფხაზურარმიაშიანტირუსული განწყობის ზრდამ შეაშფოთა // ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია და იმისათვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ქართველები რუსებს ჩაენაცვლებინათ

ვახტანგ შამუგია

30 ნოემბერს სოხუმში რუსეთის წარმომადგენლებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა “დოკუმენტს”, რომლის თანახმადაც აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა იგეგმება. მის შემადგენლობაში აფხაზური “არმიისა” და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის არმიის ნაწილები შევლენ.

ეს პროცესი, რომელიც პრაქტიკულად სეპარატისტთა არმიის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შერწყმას ნიშნავს, საბოლოოდ 2018 წლისათვის დასრულდება. იდეის ავტორთა მტკიცებით, ეს ყველაფერი ერთიათად აამაღლებს არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას და “ნებისმიერ აგრესორს აგრესიული ქმედებების სურვილს მოუსპობს”.

“ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია, თუმცა, ეს დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს. ნებისმიერი საუბარი იმაზე, თითქოს ჩვენ ჩვენი ძალებით შეგვიძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფუძვლოა. ის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, მოძველებული და ამორტიზებულია. ეს ხელშეკრულება კი მოაგვარებს ისეთ საკითხს, როგორიცაა ჩვენი არმიის მოდერნიზაცია-გადაიარაღება, დაფინანსება და ა.შ.” – განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ სულისკვეთებას არ იზიარებს აფხაზური საზოგადოების, მათ შორის სამხედრო ელიტის ნაწილი, რომელიც საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა დაფიქსირებას არ მოერიდა. მათ სოციალურ ქსელებში ამ ხელშეკრულების შესახებ ნეგატიური განცხადებები გამოაქვეყნეს და მას “თითქმის ოკუპაცია”, “აფხაზური არმიის დასასრული”, “სუვერენიტეტის შემლახავი” უწოდეს.

“ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია და იმისათვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ქართველები რუსებს ჩაენაცვლებინათ. არმია არის სახელმწიფოს არსებობის მთავარი ნიშანი და გარანტი. თუ ის აითქვიფა რუსულ სამხედრო სტრუქტურაში, გამოვა, რომ აფხაზეთი არის არა ქვეყანა, არამედ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სუბიექტი. ჩემი ძმა ამის გულისთვის არ დაღუპულა მდინარე გუმისთის ნაპირებზე 1993 წელს…” – წერს სოციალურ ქსელ “ვ კონტაქტე”-ს საკუთარ გვერდზე აფხაზური არმიის ოფიცერი, ინალ თხაიცუკი.

საგულისხმოა, რომ მსგავსი პოსტების დიდი ნაწილი რუსულმა სპეცსამსახურებმა წაშალეს, ავტორებს კი ადგილობრივი ჟურნალისტები “დიდ პრობლემებს” უწინასწარმეტყველებენ. ამაზე სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის მინისტრის, მერაბ ქიშმარიას განცხადებაც ნათლად მეტყველებს.

“მათ არ აქვთ არანაირი უფლება, მსგავსი განცხადებები აკეთონ და მითუმეტეს, სოციალურ ქსელებში ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები საჯაროდ წერონ. როგორც ჩანს, მათ არც უომიათ და არც ჯარში არ უმსახურიათ.”ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამ კატეგორიის ხალხს არაფერი ესაქმება. მათ არც შსს უნდათ, არც თავდაცვა, არც უსაფრთოება, არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი. მათ უნდათ ანარქიისა და კრიმინალის ბოგინი. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ისხდნენ თავიანთ კომპიუტერებთან და მსგავსი სისულელეები ბეჭდონ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ არანაირი ცოდნა არ აქვთ”, – განაცხადა “მინისტრმა”.

მერაბ ქიშმარიას ბრძანებით, დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. ქიშმარიამ არ გამორიცხა, რომ ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში კრიტიკული პოსტების ავტორებს სეპარატისტთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვენ.

რა არის აფხაზური საზოგადოების ნაწილში მსგავსი განწყობის მიზეზი – ამის შესახებ “მთელ კვირას” სოხუმში მცხოვრები პირი ესაუბრა, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებთ.

“აფხაზები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ რუსეთი, მართალია, უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან ბევრ რამეს, ანუ ყველაფერს ითხოვს. აფხაზეთი დღეს ეშმაკისთვის სულმიყიდულ ადამიანს ჰგავს, ეშმაკი კი თავის გასამრჯელოს ითხოვს…” – თქვა მან “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი თქმით, აფხაზური საზოგადოება თავის არმიას დიდი მოწიწებით ეპყრობა, რადგანაც ის მათთვის გამარჯვების სიმბოლოა, ამ ხელშეკრულებით კი აფხაზები არმიის მართვის სადავეებს ფორმალურადაც კი კარგავენ და მათი მცირერიცხოვანი ჯარი ძალიან მალე გაითქვიფება და გაქრება დე ფაქტო რესპუბლიკაში განლაგებულ რუსულ შენაერთებში.

“მართალია, აფხაზებში ანტირუსული დამოკიდებულება დიდი ხანია, რაც არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოსკოვი აშკარა ექსპანსიურ პოლიტიკას აწარმოებს, ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თანაც, მოსახლეობისათვის დაპირებული მასობრივი აღმშენებლობა-აყვავება და მატერიალური კეთილდღეობის შესახებ დადებული დაპირებებიც შეუსრულებელია, რაც ხალხში გაღიზიანებისა და ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი ქსენოფობიაში გამოიხატება. ძალიან ცუდია დამოკიდებულება ტურისტ თუ აქ მცხოვრებ რუს, სომეხ მოქალაქეებთან, შუა აზიიდან ჩამოსულ გასტარბაიტერებთან და ა.შ. თუმცა, ეს ისე არ უნდა გაიგოთ, რომ ქართველებისკენ აპირებენ პირის შებრუნებას. ეს არარეალურია. ისინი საქართველოს ადანაშაულებენ ყველა თავიანთ უბედურებასა და პრობლემაში”, – თქვა მან “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისივე განცხადებით, მსგავს განწყობას სეპარატისტული ხელისუფლება პროპაგანდისტული მეთოდებით აქტიურად ებრძვის და ნებისმიერ კრიტიკაზე შაბლონური პასუხი აქვს – “ქართული აგრესიის” საფრთხე.

საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზურ “არმიაში” 2 200 სამხედრო პირი მსახურობს. ის სამი მოტორიზებული ბრიგადისაგან, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან შედგება.

შედარებისთვის: გუდაუთაში დისლოცირებულ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე 4 000 რუსი სამხედრო მსახურობს. აფხაზეთის ე.წ. “სახელმწიფო საზღვრის” მონაკვეთს მდინარე ენგურის გასწვრივ უკვე წლებია, რაც თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.

Comments are closed