globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 8th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ  სოსო ცინცაძესთან: „უმრავლესობის ნდობის დაკარგვას ბარაკ ობამამ 936 დღე მოანდომა, დონალდ ტრამპმა კი 10“

რეზონანსი: „ოცნების” ექს-დეპუტატები სასათბურე პოსტებზე ინიშნებიან

რეზონანსი: პროკურატურა: მოსამართლეებზე წნეხს უკრაინიდან დავით საყვარელიძე ახდენდა

რეზონანსი: დამაჯარებელია თუ არა პროკურატურის ვერსია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას “ნაცმოძრაობა” ახდენდა? (გამოკითხვა)

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „შეიძლება შემთხვევითი ადამიანებით დაკომპლექტებული ე.წ. მესამე ძალა მივიღოთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დეპუტატ ენძელა მაჭავარიანთან: „ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ემიგრანტები დაბრუნდებიან“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ლარიზაცია ლარს ვერ გაამყარებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ია ანთაძესთან: „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხისტი გადაწყვეტილება თუ არ მივიღეთ, არხი ვერ განვითარდება“

რეზონანსი: ინტერვიუ ია ანთაძესთან: „უნდა გაჩერდეს ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციოსი და გავა ე.წ. მექანიკური პროდუქცია“

„ახალი თაობა“: სამაჩაბლოს ალანიას არქმევენ // ცხინვალი გადაწყვეტილებას 9 აპრილს მიიღებს

რეზონანსი: ე.წ. სამხრეთ ოსეთს, შესაძლოა, „ალანია“ დაერქვას

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ წოწონავასთან: „დევნილების შემწეობებთან დაკავშირებული ინიციატივა დივერსიაა ხელისუფლების წინააღმდეგ“ // „იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ერთიანი სტრატეგია არ არსებობს“

რეზონანსი: ენგურჰესი ორ კვირაზე მეტს ვერ „გაქაჩავს“ // აფხაზეთს დენს რუსეთი და საქართველო სანახევროდ მიაწვდიან, მაგრამ ხარჯი, შესაძლოა, მთლიანად ჩვენი დასაფარი გახდეს

———————

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „უმრავლესობის ნდობის დაკარგვას ბარაკ ობამამ 936 დღე მოანდომა, დონალდ ტრამპმა კი 10“

ია აბულაშვილი

“ის, რომ რვა ნოემბერს არ ჩაცხრებოდა ამერიკაში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ თუ არც გარდამავალი პერიოდი გახდებოდა საამისოდ საკმარისი, ამას უკვე ცოტა თუ ელოდა შტატებშიცა და მის გარეთაც. ახალი საომარი ბრძოლის ყიჟინად ქცეული საინაუგურაციო სიტყვა და პრეზიდენტის პირველივე გადაწყვეტილებები ნაღვერდალზე დასხმულ ნავთად იქცა და კიდევ უფრო დაძაბა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება,” – აცხადებს სოსო ცინცაძე.

რა ხდება მსოფლიოს უძლიერეს და უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში და რამდენად შეიძლება ამ ყველაფრის ანარეკლმა ჩვენამდე მოაღწიოს? ამ საკითხებზე “რეზონანსი” საგარეო პოლიტიკის საკითხთა სფეროს ექსპერტს, პროფესორ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- მართლაც რამდენად საინტერსო უნდა იყოს ჩვენთვის და რამდენად შეიძლება შეგვეხოს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ნოვაციები? და რას უნდა ეყრდნობოდეს, თუნდაც იგივე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ოპტიმისტური პროგნოზი?

- როგორ ფიქრობთ, როდესაც ამერიკას უკვე ტრადიციულად განვიხილავთ სტრატეგიულ მოკავშირედ, შეიძლება ჩვენ მხოლოდ სალონური ინტერესი გაგვაჩნდეს ტრამპის მიერ საგარეო პოლიტიკის სფეროში დაანონსებული ძირეული ხასიათის რეფორმებისადმი? არა, მხოლოდ ინტერესს უნდა ვაფიქსირებდეთ, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვსწავლობდეთ და ვაანალიზებდეთ ახალი ადმინისტრაციის ყოველ საგარეო-პოლიტიკურ ინიციატივას. მის მოსალოდნელ შედეგებს, რომელთა უმრავლესობაც “ზედაპირზე” არ დევს და შეუმჩნეველიცაა პროფესიული კვლევის გარეშე.

რაც შეეხება, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპტიმიზმს, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩინოვნიკები საკუთარ პოზიციებს ასაჯაროებენ ან იცავენ; ეტყობა “უსტანოვკაა” ასეთი, ამიტომ აზრს ვერ ვხედავ ბატონ ზალკალიანთან დისკუსიაში ჩართვაში.

თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ნამდვილად არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ისე კი მაინტერესებს: როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, ევროკავშირის თავმჯდომარე ბატონი ტუსკი სპეციალური წერილით აფრთხილებდა ევროპის ლიდერებს, რომ მის შეშფოთებას იწვევს ამერიკის ახალი პრეზიდენტის საჯარო განცადებები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართფებაში, ჩინეთის თავდაჯერებული პოლიტიკა და საერთაშორისო ტერორიზმი, ვინაიდან ეს ყველაფერი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირისთვისო; “ჩანს, ახალი ადმინისტრაცია ეჭვის ქვეშ აყენებს უკანასკნელი სამოცდააი წლის ამერიკის საგარეო პოლიტიკას” – მიუთითებდა კონკრეტულად ტუსკი. აი, ასეთი რეალობის ფონზე, ბრიუსელისათვის უცნობ, ნეტავ რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა?

- დონალდ ტრამპის ლოზუნგმა – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” – ხომ არ დააფიქრა ევროკავშირი? რუსეთთან მისი სამომავლო ურთიერთობა ჯერ ხომ მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული? მაინც როგორ იკითხება დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო და როგორც სჩანს, არა მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგი, ნახევარი მსოფლიო, რომყურებზე დააყენა“?

- საქმეც ის გახლავთ, რომ ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგი-ბანერი, როგორიცაა “ოცნების” – “სწრაფი განვითარება”, ან როგორიც იყო “საქართველო სიღატაკის გარეშე” თუ “მილიონი სამუშაო ადგილი”. როგორც ჩანს, ტრამპის ლოზუნგი კონკრეტული სამუშაო პროგრამაა და ამან დააფრთხო როგორც ამერიკელი ექსპერტების დიდი ნაწილი, ასევე ევროპელი მოკავშირეები. დიდი ქვეყნიდან მხოლოდ რუსეთი ელის მსუყე დივიდენდებს (პატარიდან, მხოლოდ საქართველოს ჰქონია რაღაცის იმედი).

- თუ დონალდ ტრამპს ამერიკის კიდევ უფრო გაძლიერება და გამდიდრება სურს, რითია ეს ცუდი მისი დიდი თუ პატრა მოკავშირებისათვის? ყველა მათთვის, ვინც ნახევარ საუკუნეზე მეტია ქომაგად მიიჩნევს ვაშინგტონს?

- დონალდ ტრამპს, ისევე როგორც მის ყველა წინამორბედს, ამერიკის გაძლიერება და კიდევ უფრო გამდიდრება სურს. დონალდ ტრამპი, ისევე როგორც დანარჩენი ორმოცდაოთხი პრეზიდენტი ამერიკის უპირობო პატრიოტია, მაგრამ სადაოდ იქცა და უამრავი კითხვა ამ კეთილშობილი მიზნისკენ მიმავავლი მარშრუტის სისწორემ და სავარაუდო შედეგმა გააჩინა: ეკონომიკის მიზნით დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს მკვეთრად შემაციროს უცხო ქვეყნებისადმი დახმარება და გაეროში ამერიკის შენატანი. ამ მიმართულებით ადმინისტრაცია (როგორც ამერიკის პრესა იუწყება), უკვე მუშაობს პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულებებზე. ცნობილია, რომ პრეზიდენტი აპირებს ოცდათხუთმეტიდან თხუთმეტ პროცენტამდე შეამციროს კორპორატიულ კაპიტალზე გადასახადი. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. სპეციალისტებმა კი უკვე დაიანგარიშეს სუპერკალკულატორებზე, რომ გადასახადების შემცირებით სხვაზე მეტად პრეზიდენტისნაირი მდიდრები ისარგებლებენ. გადასახადების შემცირებით ყოველ წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტის ერთ პროცენტს დაკარგავს ქვეყანა და მისი ანაზღაურება უცხო ქვეყნების დახმარების შემცირებით კი არა, მთლად გაუქმებითაც კი შეუძლებელი იქნება: ოცდათვრამეტ მილიარდ დოლარს ხარჯავს ამერიკა წელიწადში ამ დახმარებაზე, რაც ეროვნული შემოსავლის 0,17 პროცენტს შეადგენს, ხოლო უფრო კონკრეტულად კი ეს თანხა, გადასახადების შემცირებით გამოწვეული ოცდათხუთმეტ მილიარდიანი დანაკარგის მხოლოდ ერთი მეხუთედია.

გარდა იმისა, რომ ხსენებული დახმარება აზიისა და აფრიკის ღატაკი ქვეყნების მილიონობით ადამიანს იცავს მალარიის, შიდსისა და სხვა ეპიდემიებისაგან, რაც ამერიკის ინეტერესებშიცაა, ვინაიდან მცირდება ამ დაავადებათა ამერიკაში შეღწევის შანსი. ამ მიმართულებით რესპულიკელი ბუში-უმცროსის ლიდერობით გაძლიერებული ძალისხმევის დადებითი შედეგები მთელი მსოფლიოს მიერაა აღიარებული. ცხადია დახმარების რაღაც ნაწილი ჩვენ და ჩვენნაირ ქვეყნებსაც ხვდება.

სპეციალისტა აზრით, კიდევ უფრო უარყოფითი შედეგებია მოსალოდნელი გაეროს დაფინანსების შემცირებით; დღეს ამერიკას გაეროს ყულაბაში შეაქვს ე.წ. “დადგენილი შესატანი” – ექვსასი მილიონი დოლარი წლიურად, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის (2,7 მილიარდ დოლარის) 22%-ს შეადგენს და ყველაზე დიდი შენატანია. გარდა ამისა, ამერიკას დამატებით, დაახლოებით შვიდი მილიარდი დოლარი უჯდება ყოველწლიურად გაერო ე.წ. “ნებაყოფლობითი შენატანის” სახით. ეს თანხა ხმარდება “იუნისეფს” (ბავშვთა ფონდს), სამშვიდობო ოპერაციებს, საბოლოო ჯამში გლობალურ და თვით ამერიკის უსაფრთხოებასაც. აქედანაც მოდის ჩვენზე რაღაც წილი. ეკონომიის მთელი “ეშხი” კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტსაც არ აღემატება და ვერც ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ვერც მუშათა მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

დასავლელ მეცნიერ-ექსპერტთა საერთო აზრით, დონალდ ტრამპი არარეალისტურად ზრდის ხსენებულ პროექტთა სავარაუდო მოგებას და დიდათ ამცირებს გარდუვალ ხარჯებს. ახლა უკვე გაზეთის მკითხველმა განსაზღვროს, რა კუთხით შეიძლება შეეხოს საქართველოსა და მის მსგავს ქვეყნებს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ნოვაციები.

- გარდა თქვენს მიერ ხსენებული პრობლემებისა, უკანასკნელ დღეებში დასავლეთში ბევრი იწერება მოსალოდნელ ფართომასშტაბიან მსოფლიო სავაჭრო ომზე, მექსიკასთან კედელზე, რუსეთთან, ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობებზე; ახალ იზოლაციონალიზმზე და მსოფლიოსთვის კიდევ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, რომელთა მიმართაც რბილად რომ ვთქვათ, ახლებური მიდგომები აქვს პრეზიდენტს. გეჩვენებათ თუ არა გარდაუვლად სერიოზული შიდა-სამოქალაქო დაპირისპირება ახალ ადმინისტრაციასა და საზოგადოების გავლენიან ნაწილს შორის და თუ ასეთი მოხდა, როგორ შეიძლებ იგი აისახოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე?

- ორგანზომილებიანი შეკითხვაა და პასუხიც ასეთივეა: სერიოზული შიდა-სამოქალაქო დაპირისპირება უკვე ფაქტია და რაც მეტ დროსა და ენერგიას მოანდომებს ადმინისტრაცია “საშინაო გარჩევებს”, მით ნაკლები დრო დარჩება თუნდაც ჩვენთან სტარტეგიული პარტნიორობისათვის. დასავლეთში ბევრს ნიქსონის დროც კი შეახსენა თავისი “ინოვაციებით” მოულოდნელად გაპრეზიდენტებულმა მილიარდელმა. მართლაც განსაკუთრებული “უნარ-ჩვევები” და ტალანტი იყო საჭირო, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების მთავარი გარანტი, ასეთი მუშკეტერული აზარტითა და უკან მოუხედავად ჩაბმულიყო მწვავე კონფლიქტში მასობრივი ინფორმაციის ყველაზე გავლენიან ნაწილთან, სადაზვერვო სტრუქტურებთან (დაგვიანებული ბოდიშებისა და სასიყვარულო კომპლიმენტების ნაკლებად სჯერათ ამერიკელ ჯეიმს ბონდებს), ისტებლიშმენტთან, აკადემიურ და სუნივერსიტეტო წრეებთან და თვით “ამერიკული ოცნების ფაბრიკა” ჰოლივუდთანაც კი.

რაც მთავარია, რიჩარდ ნიქსონისაგან განსხვავებით, ტრამპს სულაც არ ანაღვლებს ასეთი უხვმტრიანობა. პირიქით, იგი საკუთარ სტიქიაში გრძნობს თავს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. მას ეტყობა არც ის აწუხებს, რომ სენატის ერთ-ერთი წამყვანი, იდაზვერვის კომიტეტი მალე სპეციალური “მოსმენების” პროცედურას იწყებს პოტენციურად ისეთ ფეთქებად საკითხზე, როგორიცაა “რუსეთისა და პოლიტიკური კამპანიებით დაკავებულ ადამიანთა კავშირები”. კომიტეტის რესპულიკელმა თამჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოძიება “ორპარტიული” იქნება და საჭიროების შემთხვევაში “უწყებით გამოიძახებენ ადამიანებს ჩვენების მისაცემად”. თუ რა რანგის “ადამიანებს” იძახებენ ჩვენების მისაცემად “უოტერგეიტის” დასკვნით ეტაპზე, ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს ამერიკაში. გარდა ამისა, კომიტეტს გადაწყვეტილი აქვს სრულად შეისწავლოს მთელი ინფორმაცია “რა შედეგიც უნდა მოჰყვეს ამას”. (ამიტომაც ხომ არ გაურბის როგორც ეშმაკი საკმეველს საგამოძიებო კომისიებს ჩვენი ყველა მოწვევის პარლამენტის ყველა მმართველი პარტია?)

დემოკრატი კონგრესმენი მაქსინ უოლტერსი პრესის ფურცლებიდან მოითხოვს: “მოდით გავარკვიოთ, ხომ არ ვანდეთ თავისუფალ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ადამიანს, რომელიც შეიძლება პუტინისა და რუსეთის მძევალი იყოს?”

- რა, იმპიჩმენტითაც ემუქრებია ახალ არჩეულ პრეზიდენტს?

- არა რასაკვირველია; დემოკრატებისა და საერთოდ ტრამპის “მოსისხლეთა” სტრატეგია ჯერ მხოლოდ საამისო მიკიცებულებათა შეგროვებას გულისხმობს. ისინი არც თუ მთლად უსაფუძვლოდ ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში მოუსვენარი და ემოციურად იმპულსური პრეზიდენტი არაერთხელ “გადავა დაუკრეფავში”. მანამდე ჰილარი კლინტონის წიგნიც გამოვა ამერიკის არჩევნებზე, რომელსაც მილიონობით ამერიკელი და არა მხოლოდ ამერიკელი ელის. ადმინისტრაცია თავის მხრივ ღრმად ჩაეფლობა ჩინეთთან, მექსიკასა და ალბათ კანადასთანაც სავაჭრო კონფლიქტში…

- მექსიკისთვის კედელზე უფრო სერიოზულია ვაჭრობა?

- ერთმანეთთანაა დაკავშირებული კედელი და ვაჭრობა; საქმე ისაა, რომ ტრამპს არ სურს საკუთარ ჯიბეში ჩაიყოს ხელი გრანდიოზული კედლის ასაშენებლად და მექსიკისაგან მოითხოვს საამისო ფულს (როგორც ირკვევა, 20-25 მილიარდ დოლარს). მექსიკელები ცხადია, არ აპირებენ ორმაგი დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანას და მათ წინააღმდეგ დაგეგმილი მშენებლობის დაფინანსებას. დონალდ ტრამპთან შედარებით მართლაც, რომ ბრიტანელი ჯენტლმენივით მოიქცა ნიკიტა ხრუშჩოვი, როდესაც აზრადაც არ მოსვლია დასავლეთ ბერლინის ბურგომისტრ ვილი ბრანდტისთვის დაეკისრებინა კედლის დაფინანსება.

სამაგიეროდ, დონალდ ტრამპი მექსიკურ ექსპორტზეც 20%-იანი ბაჟით დაიმუქრა (დღეს მექსიკას უბაჟოდ შეაქვს საკუთარი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე). ასე რომ, კონფლიქტთა მთელი თაიგული გარდაუვალია. შეიძლება ამანაც წაახალისა ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა ზომა, გადასულ სათაურიან სტატიაზე: “ტრამპს მოკლავენ, გადატრიალების შედეგად ჩამოაგდებენ ან უბრალოდ იმპიჩმენტს მოუწყობენ”. არა მგონია, ტრამპს სერიოზულად ემუქრებოდეს ტერორისტული აქტი ან შეთქმულება თუ იმპიჩმენტი, მაგრამ სიცოცხლეს რომ გაუმწარებენ, ეს ცხადია, ისევე როგორც ის, რომ ერთვადიანი პრეზიდენტია.

- ამერიკაში და მის გარეთაც ბევრი მას რეიგანს ამსგავსებს. უკანასკნელმა კი ტრიუმფით განვლო რვა, წლიანი ვადა. თანაც, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მეტყველებს, იგივე კედლისა და მიგრანტების საკითხში მას ამერიკელთა თითქმის ნახევარი, 49%- უჭერს მხარს. ეს არაფერს ნიშნავს?

- რონალდ რეიგანის შეურაცხყოფად მიმაჩნია დონალდ ტრამპთან მისი შედარება. არასტანდარტული გადაწყვეტილებებით, განათლების დონით და ხორკლიანი რეპლიკებით, დიდი სურვილის შემთხვევაში შეიძლება მსგავსების მიგნება, მაგრამ რა იყო რეიგანის მთავარი იარაღი, როცა მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისათვისაც კი თითქმის შეუძლებელს ხდიდა მასთან კონფრონტაციასა და მწვავე დაპირისპირებას? მისი უნივერსალური კომუნიკაბელობა და ასეთივე უნივერსალური კეთილგანწყობილება.

წაკითხული მაქვს რეიგანის რამდენიმე დემოკრატი ოპონენტის მოგონება, სადაც ყველა შეთანხმებულივით ერთხმად აღნიშნავს, რომ “რონი” ვირტუოზულად ახერხებდა რამდენიმე ანეკდოტითა და გარეგნული კეთილგანწყობილებით განეიარაღებინა მისი ნებისმიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომ მისი შეძულება კი არა, მასზე გაბრაზებაც კი შეუძლებელი ხდებოდა.

ჰგავს მას ყველაზე დაბოღმილი და ყველას მლანძღავი დონალდ ტრამპი? აი, სულ უკანასკნელი მაგალითი: დუაიტ ეიზენჰაუერიდან მოყოლებული, თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, თებერვლის პირველ ხუთშაბათს, ყველა პრეზიდენტი ე.წ. “ეროვნული ლოცვის საუზმეზე” პატიჟებს სამი ათას ხუთას სტუმარს (კონგრესმენებს, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, რელიგიურ მოღვაწეებს და სხვებს). ვინაიდან სტუმართა შორის იყო ცნობილი ტელეშოუ “სახელგანთქმული ქარგალის” (მისი წამყვანი 2007-2015 წლებში იყო დონალდ ტრამპი, სანამ მასთან კონტრაქტი არ გაწყვიტეს მექსიკელი მიგრანტების პირდაპირი ეთერიდან შეურაცხყოფისათვის. ამჟამად შოუს წამყვანია არნოლდ შვარცნეგერი) პროდიუსერი, ტრამპმა დრო იხელთა და სტუმრებს მოუწოდა “ელოცათ არნოლდისთვის, რომელმაც პლინტუსამდე დასცა შოუს რეიტინგი”… საპასუხო სარკაზმისათვის არც ყოფილ “ტერმინატორს” დასჭირდა ჯიბეში ხელის ჩაყოფა – “ეი, დონალდ, მშვენიერი იდეა მაქვს. რატომ არ გავცვალოთ ჩვენ ადგილები? შენ უბრუნდები ტელევიზიას, რაკი რეიტინგების ასეთი ექსპერტი ხარ, მე კი შენ სამუშაოს შევასრულებ, რათა ხალხმა კვლავ მშვიდობით ძილი შესძლოს” – მეორე დღესვე მიიღეს ვიდეოპასუხი ოვალურ კაბინეტში.

ახლა რაც შეეხება გამოკითხვებს და ალბათ ამით დავასრულებთ ისედაც გაგრძელებულ საუბარს: რასაკვირველია, ერთი შეხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევრის მხარდაჭერა რეალურ ვითარებაში არ უნდა იყოს ცუდი მაჩვენებელი, თუმცა გელაპის მონაცემებით, ამერიკელთა ნახევარზე მეტს არ მოსწონს ტრამპის პოლიტიკა. ექსპერტებმა ისიც გაიხსენეს, რომ ობამამ მთელი 936 დღე “მოანდომა” ნახევარზე მეტი ამერიკელის ნდობის დაკარგვას, ბუშმა-უმცროსმა, მხოლოდ 1205 დღის შემდეგ “შეძლო” ამერიკელთა უმრავლესობის ნდობის დაკარგვა. ტრამპს სულ 10 დღე “დასჭირდა” საამისოდ.

და კიდევ – ტრამპის მიერ შერისხულ შვიდ ისლამურ სახელმწიფოთა ჩამონათვალში არ მოხვდნენ ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეების სინდისზეცაა ამერიკაში მომხდარი საშინელი ტერორისტული აქტები. ასეთებია საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ლიბანი, ხოლო შავ სიაში მოხვედრილი შვიდი სახელმწიფოს არც ერთ მოქალაქეს არა აქვს ხელები გასვრილი ამერიკელების სისხლში. ასეთი ალოგიზმი კი მარტივად ახსნა ერთ-ერთმა ამერიკულმა ტელეარხმა (აბს-მა): ტრამპს საქმიანი ინტერესები აქვს როგორც საუდის არაბეთში, ასევე ეგვიპტესა და ემირატებში.

ეს მხოლოდ დასაწყისია. ნადირობის სეზონი დგება ამერიკაში, რაც კარგს არაფერს უქადის არც შტატებს, არც ევროპას და არც ვაშინგტონის ჩვენნაირ წვრილფეხა მოკავშირეებს. ცხადია, იქნება გამარჯვებულიც უკრაინის – ყურადღებით დააკვირდით უკანასკნელი დღეების მოვლენებს

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ოცნებისექს-დეპუტატები სასათბურე პოსტებზე ინიშნებიან

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნების” ექსდეპუტატების სასათბურე პოსტებზე დასაქმება გრძელდება. ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში კონსულტანტად დასაქმდა, სოსო ჯაჭვლიანი კი დასაქმებულთა სიაში პირველი იყო და ის თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. კიდევ რამდენიმე ექსდეპუტატი შეპირებული სამსახურის მოლოდინშია. “ოცნების” სხვა ყოფილი დეპუტატებიდან ნაწილს სამინისტროებში მრჩევლობაზე შეთავაზება მიღებული აქვს, ნაწილი კი – დაპირების რიგს ისევ მოთმინებით ელოდება და ამბობს, რომ ხვალ-ზეგ მასაც გამოიძახებენ.

“რეზონანსთან” საუბრისას ექსდეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმდება დიდი ალბათობით, მრჩევლის პოსტზე. ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარის, როსტომ ხალვაშის თქმით კი, ის ერთი კვირის წინ იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრაზე და დიდი ალბათობით, მალე ისიც იშოვის სამსახურს.

“ქართული ოცნების” ექსპარლამენტარები რამდენიმე თვეა ელოდებიან “ოცნების” მმართველების მიერ ერთი წლის წინ დაპირებულ თანამდებობებს და მათგან რაღაც ნაწილმა ფრთხილი საყვედურიც კი გამოთქვა იმაზე, რომ პარტიის მმართველობაში “ცოტას სცოდავენ კიდეც” დასაქმების ამდენი ხნით გაწელვის გამო.

ყოფილმა დეპუტატებმა დასაქმების დაპირება 2016 წლის იანვარში საგურამოში გამართულ კორპორატიულ შეხვედრაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს. შემდეგ, როდესაც წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” პროპორციული და მაჟორიტარული სიები დგებოდა, პარტიის ხელმძღვანელობა იმ დეპუტატებს, ვინც მომდევნო მე-9 მოწვევის პარლამენტს მიღმა რჩებოდნენ, სამინისტროებსა თუ სსიპ-ებში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდა. არჩევნების შემდეგ კი პარტიის ცენტრალურ ოფისში უშუალოდ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან იყო შეკრება, სადაც, დაახლოებით, 15 ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა და სადაც მათ ჰკითხეს კიდეც, სად მოიაზრებდნენ თავს, რომ ამის მიხედვით გადაწყვეტილიყო მათი მომავალი სამუშაო ადგილიც.ჯერჯერობით “ქართულმა ოცნებამ” დაასაქმა “თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსული სამი წევრი – ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრად, ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად და გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად. დასაქმებულია ასევე “ოცნების” სამი ექსდეპუტატი.

ყოფილი პარლამენტარი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დასაქმდა. მან სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის პოზიცია დაიკავა.

თედო ჯაფარიძე გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა.

„ოცნებიდან“ ყველაზე პირველი სასათბურე პოსტი სპორტსმენმა სოსო ჯაჭვლიანმა მიიღო. ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თეთნულდის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ ჯაჭვლიანი ინიშნებოდა. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ის „გამოცდილი სპორტსმენია და ასევე წარმოშობით სვანი“.

ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც დეკემბერში “რეზონანსთან” ერთგვარი საყვედურით ამბობდა, რომ “ოცნების” მმართველობაში ცოტას სცოდავენ კიდეც, ამ საქმის ამდენი ხნით გაჭიანურების გამო, ახლა აცხადებს, რომ შემოთავაზება უკვე მიღებული აქვს და სულ მალე ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმუშავებს.

“მიხარია, რომ ჩვენი თანამებრძოლები საქმდებიან, იმიტომ რომ ერთგული ხალხია, ქვეყანა უყვართ, სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და უანგაროდ ემსახურებიან. მეც ალბათ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვიმუშავებ. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ეს თემა ჩემთვის უცხო არ არის. შემოთავაზება რა თქმა უნდა არის, შეიძლება გარემოს დაცვის კუთხით მრჩეველ-კურატორი ვიყო,” – აღნიშნავს ომარ ნიშნიანიძე.

ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარი როსტომ ხალვაშის თქმით, დღეს უმუშევარია, მაგრამ იცის, რომ დასაქმდება.

“ყოფილი “თავისუფალი დემოკრატები” რომ დასაქმდნენ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს ქვეყანა ყველასია და ჩემზე ადრე რატომ ისინი დასაქმდნენ-მეთქი, ამას როგორ ვიტყვი. მე მოლოდინის რეჟიმში ვარ… ერთი კვირის წინ ვიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შემხვდა და ალბათ, შესაბამის სამსახურს მომიძებნიან. მე ვიცი, რომ დავსაქმდები. გასაუბრებაზე ვიყავი, მაგრამ რა სამსახურში ვიქნები, კონკრეტულად ვერ გეტყვით,” – ამბობს როსტომ ხალვაში.

დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროსგან დასაქმების შემოთავაზება მიიღო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

“დათო ლორთქიფანიძეს რომ შემოთავაზება ექნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კომენტარს მერე გავაკეთებ. ბოლო ხანებში ამ თემაზე არ მქონია საუბარი,” – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

გოგი ქავთარაძის თქმით, მას ხვალ ან ზეგ დაუძახებენ. იგი ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატები, დაახლოებით 15 კაცი არჩევნების შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისში იყვნენ შეხვედრაზე, სადაც ყველას ჰკითხეს, ვინ რა სამსახურში ხედავდა საკუთარ თავს, ამის შემდეგ კი მას არავინ შეხმიანებია, მაგრამ იმედი აქვს.

“იმის მერე ველოდები და ვნახოთ. ალბათ ხვალ ან ზეგ აუცილებლად დამიძახებენ და მეტყვიან. სხვებს შესთავაზეს და მეც შემომთავაზებენ,” – აღნიშნავს გოგი ქავთარაძე.

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

პროკურატურა: მოსამართლეებზე წნეხს უკრაინიდან დავით საყვარელიძე ახდენდა

სალომე სარიშვილი

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის საქმეზე მომუშავე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ახალი, შუალედური მასალები გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ისინი წერილებსა და გზავნილებს ვინმე დ. საყვარელიძისგან იღებდნენ, თანაც უკრაინიდან. მართალია, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის მოქალაქე დავით საყვარელიძეზე პირდაპირ მასალებში საუბარია არაა, ყველასთვის ნათელია ამ საქმეზე პროკურატურის ვერსია.

თავად საყვარელიძემ კი პროკურატურის მასალებს იუმორისტული და ღიმილისმომგვრელი უწოდა და თქვა, რომ იგი გამოძიების შეკითხვებზე პასუხების გასაცემად საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

რა წერია პროკრატურის შუალედურ მასალაში

პროკუატურის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, სადაც მათ გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერი სარგებლის მიღებას ჰპირდებიან.

ამავდროულად, მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათისვე მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც საგამოძიებო უწყების ცნობით, უკრაინაშია რეგისტრირებული. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება. ამასთან, მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლეისთვის – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძისთვის – გაგზავნილი წერილებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამსახველი დოკუმენტებიც ასაჯაროებს.

“თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ,” – ნათქვამია წერილში, რომელშიც, პროკურატურის ცნობით, აღნიშნულმა მოსამართლეებმა “დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს”.

“გვარამიასგან ვიცით, რომ შენ და პაატა ქათამაძე ხართ ჩვენი დასაყრდენი. ასევე ისიც ვიცით, რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და ამათი პარპაში დამთავრდება. მაგათი საქმე წასულია. თქვენც აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი. იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით ჩვენი დაბრუნებისთანავე და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ახლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო.

“ახლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, რომ უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის “ხელოვნურად გახეთქვა” და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ. არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია გამოხვიდეთ საჯაროდ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ და რაც გინდათ, ის თქვით. თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ.

“დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ – აი, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან. სწორედ ეს სჭირდება ამ სიტუაციას. სხვა ყველაფერი უკვე ტექნიკის საქმეა. თქვენთვისაც გაადვილდება საქმე და საბოლოოდ დავანგრევთ მაგათ. მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გვეყოლება საქართველოში,” – ნათქვამია წერილში.

რას ამბობს დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე კი მოსამართლეების საქმეში მის შესაძლო მონაწილეობას ღიმილისმომგვრელსა და იუმორისტულს უწოდებს. “მეტი საქმე არ მაქვს, იმათ დაძახებულზე თვითმფრინავში ჩავჯდე და დაკითხვაზე გამოვცხადდე რაღაც პაროდიულ საქმესთან დაკავშირებით,” – უთხრა საყვარელიძემ “ინტერპრესნიუსს”. მისივე თქმით, წერილს, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არავითარი მაინდეტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.

“განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, იმ პროკურატურის მხრიდან, სადაც არაერთი წუთი გამიტარებია და ყველანაირად ვცდილობდით, რომ ეს ინსტიტუტი დამსგავსებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში მყოფ ინსტიტუტს და არა ერთი ოლიგარქის შეიარაღებაში მყოფ ნოტარიუსების დაწესებულებას, რადაც გადააქციეს.

“უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ უწყებაში არ დარჩა არცერთი ადამიანი, ვგულისხმობ, ხელმძღვანელ პირებს, ვინც ელემენტარულ იურიდიულ ფილტრში მაინც გაატარებს იმ სისულელეებს, რაც სუს-იდან ან შუშის სასახლიდან ჩამოდის ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ასეთი შეთითხნილი საქმეებითა და სასაცილო, მავნებლური სტანდარტებითაა ჩვენი მეგობრების დიდი ნაწილი დღეს ან ციხეში დამწყვდეული ან პასუხისგებაში მიცემული, ან უცხოეთში დევნილობაში მყოფი და ა.შ.,” – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

რაც შეეხება ამ საქმეზე მის შესაძლო დაკითხვას, როგორც მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, პროკურატურას შეუძლია გამომძიებლები მასთან უკრაინაში გააგზავნოს.

პროკურატურის მასალების პოლიტიკური შეფასება

გუშინ ამ თემას დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც მმართველ გუნდში, ისე “ნაციონალურ მოძრაობაში”. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აზრით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადამწყვეტი შეტევა მიაქვთ იმ მოსამართლეებზე, ვისაც გადაწყვეტილება აქვს გამოსატანი “რუსთავის 2″-ის საქმეზე.

“ბატონმა საყვარელიძემ უნდა გვიპასუხოს უფრო მეტი სერიოზულობით. მტრედს გაატანა წერილი და ბორანს გამოატანა კი არა, უფრო მეტი სიდინჯით და სერიოზულობით უნდა გაგვცეს პასუხი, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ასახელებენ მის გვარს.

“ასე რომ, ასე გამარტივება და გაუბრალოება ამ საკითხის არ გამოუვათ, ეს არ არის რიგითი შემთხვევა. აქ საუბარია ყველაზე მაღალი ინსტანციის მოსამართლეების მიერ გაცხადებულ კონკრეტულ ადრესატზე,” – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ელოდა განმარტებებს, თუ რატომ ფიგურირებს ბატონი საყვარელიძის გვარი.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ კი პროკურატურის მიერ გახმაურებულ ინფორმაციას “თეთრი ძაფით ნაკერი” უწოდა და თქვა, რომ ამის “თავად ვახტანგ გომელაურსაც კი არ სჯერა.”

მისივე თქმით, “პროკურატურამ ანუ იგივე ვახტანგ გომელაურმა, ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით დანიშნულმა თანადებობის პირებმა განაცხადეს, რომ თითქოს დავით საყვარელიძემ კიევიდან მოსამართლეებს მადლობის წერილი მისწერა, რაც ხელისუფლების უსუსურობის დასტურია. ხელისუფლება არის უსუსურ მდგომარეობაში და დამოკიდებულია სუს-ზე, მათ ერთგვარ ხრიკებზე, რაც ამჯერად ძალიან ცუდად შეასრულეს,” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს, რომლებიც, კოლეგებთან ერთად, “რუსთავი 2″-ის საქმეს განიხილავენ. სწორედ მათი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება დაუსვამს წერტილს ამ საქმეს.

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

დამაჯარებელია თუ არა პროკურატურის ვერსია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას “ნაცმოძრაობა” ახდენდა?

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

დამაჯარებელია თუ არა პროკურატურის ვერსია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას “ნაცმოძრაობა” ახდენდა? – ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

დიმა ჯაიანი (მსახიობი): დამაჯერებლია იმიტომ, რომ დაკითხეს ორი მოსამართლე და წერილების შინაარსიც გამოაქვეყნეს. როგორც მოსამართლეები აცხადებენ, მანამდე მათზე არანაირი მუქარა და ზეწოლა არ ხორციელდებოდა და ჩვეულებრივ მუშაობდნენ “რუსთავი 2-ის” საქმეზე. რატომ არ უნდა დავიჯერო?! რამდენი საუკუნე უნდა ვიძახოთ ახლა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მართალი და “ოცნება” მტყუანი?! მინდა, რომ შერიგდნენ და წყანარად ვიცხოვროთ, თუმცა მე მგონი ვიღაცეებთან შერიგება არ შეიძლება და ბოლომდე უნდა დაისაჯონ. სხვა გამოსავალი არ არის.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ასე ხელაღებით არც იმის თქმა შემიძლია, რომ მართლები არიან და არც იმის, რომ არ არიან მართლები. თუმცა ზეწოლის თვალსაზრისით და ასეთი ტიპის საცქიელით თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი საკმაოდ გამოიჩინა. და, ახლა ვითომ რა შეუშლიდათ ხელს?! ასე რომ, მე მგონი პროკურატურის ვერსია სარწმუნოა.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ხანდახან მართლა ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა, თუმცა არა იმდენი, რამდენსაც აცხადებენ. არა მგონია ახლა მოსამართლებზე ზეწოლა მიმდინარეობდეს. “რუსთავი 2″ გვარამაის მეთაურობით გამოიყვანეს დიდი მონსტრი, მაგრამ გვარამია ამ შემთხვევაში ძალიან ჭკვიან კაცად გამოჩნდა. ეს ტელეკომპანიაც კარგად ჩანს და მათზე არანაირი ზეწოლა ვერ იმოქმედებს.

რეზო მიშველაძე (მწერალი): “ნაციონალური მოძრაობა” მისადმი წაყენებულ ბრალდებას ხშირად სხვას რომ აბრალებს, ახალი არ არის. მათი მიერ წაყენებულ დანაშაულს ისე შეუბრუნებენ დამბრალებელს, რომ დემაგოგის უმაღლეს გამოვლენას ხედავს საზოგადოება მათ საქციელში. ჯერ იყო და გვარამიას და ყოფილი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც თქვა, რომ დამონტაჟებულიაო. ამ ქვეყანაში, თანამდეროვე საქართველოში, სადაც “ქართული ოცნებას” უმრავლესობა აქვს, სამართალი უნდა სამართლობდეს, რაც არ ხდება. დამნაშავეს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს – არ ვიცი, ამას რა დავარქვა – არაპროფესიონალიზმი თუ სიმართლის მიჩქმალვა.

თუ ასე გაგრძელდა და ჭორაობის დონეზე დარჩა ჩვენი სამართლებრივი პოლიტიკა, მაშინ 4 წელიც ისე გამოგვეცლება ხელიდან, რომ წლის ნაყვას დაარქმევს ისტორია ამ წლებს.

„ახალი თაობა“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „შეიძლება შემთხვევითი ადამიანებით დაკომპლექტებული .. მესამე ძალა მივიღოთ

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, არასაპარლამენტო ოპოზიცია გაზაფხულზე ქუჩაში აპირებს გამოსვლას და გარკვეული საკონსტიტუციო ცვლილებების გაპროტესტებას. რას დაუპირისპირებს ამას ხელისუფლება და თუ ფიქრობთ, ვინაიდან არასაპარლამენტო ოპოზიციას დიდი რეიტინგი არა აქვს, არც არაფერს დაუპირისპირებს?

- ჩვენთან გაზაფხული სწორედ ის დროა, როდესაც პოლიტიკური პროცესები ცოცხლდება. ახლა რაც შეეხება, რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ ოპოზიციის პროტესტს, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის დიდად სადარდებელი არ უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ მათი პროტესტის საგანი, რამდენადაც ვიცი, არის საარჩევნო ბლოკების საკითხი და არა კონკრეტულად სოციალური თემატიკა, რომელიც ადამიანებს პირადად ეხებათ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საფრთხის შემცველი არ იქნება ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის.

- თქვენ ამბობთ, რომ დღეს ქუჩაში ხალხი არ გამოვა?

- დიახ, არ გამოვა ამ თემატიკიდან გამომდინარე. ეს პირდაპირ პარტიული ინტერესით არის განპირობებული. საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ ერთია, ბლოკებად გამოვლენ, ცალ-ცალკე თუ საერთოდ არ გამოვლენ. ამიტომ მეეჭვება, რომ მსგავსმა საკითხებმა, თემებმა ზოგადად დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს საზოგადოებაში.

- ხელისუფლებამ მართვის სტილში უნდა შეიტანოს თუ არა ცვლილებები, რადგან ქუჩაში პროტესტით გამოსულ ადამიანებს ხშირად ვხედავთ?

- წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლების სტილი არ არის ძალადობრივი და ამიტომ ადამიანები თავისუფლად გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ კიდეც. ეს არ არის ცუდი, პირიქით, მაგრამ შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები, ეს არის მნიშვნელოვანი. ვგულისხმობ, ხელისუფლებამ წაუყრუა ამ პროტესტს თუ სადაც შეეძლო, იქ გაითვალისწინა, გამოასწორა და ა.შ. ჩვენ გვახსოვს, ადამიანები თუ გამოვიდოდნენ ქუჩაში პროტესტით, როგორ სრულდებოდა ეს პროტესტი, როგორ გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში ეს ადამიანები. ამ შემთხვევაში მათი პროტესტის გათვალისწინებაზე საუბარი არც კი იყო.

- მაშინ მოქალაქეების პროტესტის ადრესატი საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო იყო...

- გეთანხმებით. თქვენ მართვის სტილი ახსენეთ და ეს ხაზი მინდა გავაგრძელო. წინა ხელისუფლებისგან კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ოპერატიულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელიც წინა ხელისუფლებას უფრო ჰქონდა. დღეს ოპერატიულობა ნაკლებია. ამის გამო შედეგიანობა, ის მოლოდინი, რომელიც აქვს მოსახლეობას, ეფექტს კარგავს. დღეს ნაკლებად ოპერატიულია ხელისუფლების მოქმედება ყველა დონეზე.

- ბოლო არჩევნებზე ამომრჩევლის დაახლოებით 60% არჩევნებზე არ მივიდა პროტესტის ნიშნად და სახლში დარჩა. მათ არც ოპოზიციის სჯერათ და არც ხელისუფლების. სწორედ ამიტომ გკითხეთ, ამის გათვალისწინებით თუ აქვს ხელისუფლებას მართვის სტილში კორექტივები შესატანი?

- სწორი ბმაა, თქვენ გულისხმობთ, რამდენად შეძლებს ეს ხელისუფლება თავისი ამომრჩევლის დაბრუნებას სწორედ მართვის სტილის ცვლილებით, ახალი მიდგომებით, ეს ურთულესი იქნება. მეტიც, თითქმის შეუძლებელიც კი და ეს არ არის განპირობებული მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია ადამიანებში, შეუძლებელია 2012 წლის განმეორება. ისე, ზოგადად, თუ ხელისუფლება გააცნობიერებს, რაშია პრობლემა და მას მოხსნის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება შეიცვლება.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ დღეს ძალაუფლება ქუჩაში გდია, ეთანხმებით?

- ეს ფორმულა, თავის დროზე ბოლშევიკების რევოლუციას სდევდა თან და რა მოჰყვა კარგი ამას?! ძალაუფლება აიღო სწორედ ქუჩაში მყოფმა ძალამ. ქუჩაში დაგდებული ძალაუფლების აღება თუ არის მიზანი, მაშინ მისი ამღები აუცილებლად ავანტიურისტი იქნება.

- ხშირად არის საუბარი .. მესამე ძალაზე, რას იტყვით, შეიძლება გამოჩნდეს, სწორედ იმ 60% გათვალისწინებით?

- ვინაიდან ამდენი ხანი არ გამოჩნდა, მე სულაც არ გამოვრიცხავ ერთგვარ საფრთხეს, რომ შეიძლება სრულიად შემთხვევითი პიროვნებებისგან დაკომპლექტებული თუ შემდგარი მესამე ძალა მოვიდეს. ეს საფრთხე რეალურია.

- რატომ?

- პაატა ბურჭულაძეს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გაგახსენებთ. ის ცნობილი შეცდომები რომ არ მოსვლოდა ბურჭულაძეს და რეიტინგი რომ არ დაეკარგა, ხომ იქნებოდა მესამე ძალა. უდავოდ იქნებოდა მესამე ძალა და პარლამენტშიც იქნებოდა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ხომ მიხვდებოდა ხალხი, ღიად გამოჩნდებოდა, რომ სრულებით არაკომპეტენტურია პოლიტიკაში. შეიძლება ვიღაცას მოსწონს და მიესალმება კიდეც პოლიტიკაში გამოუცდელ, მოქალაქეებისთვის უცნობ ახალ პოლიტიკურ ძალას და მას ერთგვარ გამართლებასაც კი უძებნიდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ ამას ახლავს რისკები და თან სერიოზული რისკები. პოლიტიკა არ არის მარტივი საქმე.

- ბატონო რამაზ, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს, როცა მოვიდა პოლიტიკაში, თითქმის არავინ იცნობდა...

- არავინ არ იცნობდა, როგორც პოლიტიკოსს, იცნობდნენ, როგორც ქველმოქმედს. ისევე, როგორც პაატა ბურჭულაძეს იცნობდნენ, როგორც დიდ ხელოვანს, საოპერო მომღერალს, რამაც განაპირობა კიდეც მისი რეიტინგი, მაგრამ როგორ გაიფლანგა შემდეგ ეს რეიტინგი, ხომ ვნახეთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის გამონაკლისი, შეიძლება ვთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ უამრავი თავსატეხი გასჩენოდა ქვეყანას.

- პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა?

- დიახ, თუმცა, ასე მარტივად არ დგას საკითხი, რთული თემაა. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვინ არიან პოლიტიკოსები?! პოლიტიკა, როგორც ასეთი, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება, კადრები, როგორც ასეთი, არ მზადდება. ეს ცოტა სხვა პროცესია. ჩვენთან, პრაქტიკული პოლიტიკა ხომ ზოგჯერ თავშესაფარიც არის. ეს კარი ღიაა ყველა ტიპის ადამიანისთვის. მოსახლეობაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული, მით უფრო მაშინ, თუ ქუჩაში გდია ძალაუფლება.

„ახალი თაობა“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ დეპუტატ ენძელა მაჭავარიანთან: „ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ემიგრანტები დაბრუნდებიან

„ახალმა თაობამ“ ინტერვიუ ჩამოართვა დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს.

- ბევრს არ ეგონა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ახლა გადაწყდებოდა. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ?

- რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის პროცესს ისეთი წანამძღვრები ჰქონდა, რომ ორი თებერვლის ევროპარლამენტის სხდომაზე მხარდაჭერას აუცილებლად მოვიპოვებდით. მიუხედავად ამისა, როდესაც სხდომას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, მაინც ვღელავდი.

- გერმანელმა დეპუტატმა თქვა, რომ საქართველოს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია კრიმინოგენურ ვითარებას გაართულებს. დასკვნას იქიდან გამომდინარე აკეთებდა, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ქართველები დააპატიმრეს...

- ამ განწყობას ვერ გავიზიარებ. აზრს კრიმინოგენული ვითარების გართულებაზე არ ვიზიარებ, მაგრამ ეს განცხადება ჩემთვის მაინც შეურაცხმყოფელია. „უფალი, სამშობლო და ადამიანი“ – ეს სამი უმნიშვნელოვანესი ფენომენი დაგვისახა ჩვენმა პატრიარქმა ცხოვრების არსად და ჩემთვის ჩემი ხალხი ისეთივე ძვირფასი და საყვარელია, როგორც ჩემი სამშობლო. დამნაშავესა და ტერორისტს კი ეროვნება არ აქვს.

- ერთ-ერთი ევროდეპუტატის გამოსვლაში, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩვენს ვიზალიბერალიზაციას, ამოვიკითხე ნაცმოძრაობის განცხადებების გამოძახილი. მან ახსენა რუსთავი-2, სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. თქვენ როგორ მოისმინეთ მისი გამოსვლა?

- მოდით, ნურც ამ ამბავს ჩავთვლით ტრაგედიად, ცოტა იუმორიც მოვიშველიოთ და დავფიქრდეთ, ვგონებ, ნაცმოძრაობიდან მალე მხოლოდ ეგ გამოძახილები დარჩება. თანაც, თქვენ საუბრობთ დეპუტატზე. დემოკრატიულ გარემოში მას აქვს უფლება, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. დემოკრატიის ყველაზე დიდი მონაპოვარია თავისუფალი მედიის, მედია პლურალიზმის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, მეც არ მომწონს ესა თუ ის ჟურნალისტური პროდუქტი, ნერვებსაც მიშლის ზოგიერთი მედიასაშუალების არაობიექტურობა, ხშირად არც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენების უტიფრობას აქვს საზღვარი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ისევე, როგორც საკუთრების, შრომის და სხვა ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელზეც დგას დემოკრატია.

- რას სიკეთეს მოგვიტანს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია?

- ვიმსჯელოთ. ევროპა, თავისთავად, მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის, ევროპა არის კრებული ღირებულებებისა, რომელზეც თანხმდებიან განსხვავებული იდენტობის მატარებელი ადამიანები. ევროპა არის განსხვავებულთა ერთობა და ჩვენ ევროპისთვის საინტერესონი ვართ სწორედ ჩვენი ტრადიციებით, თვითმყოფადი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ევროპა განსხვავებულთა ერთობაა, მაგრამ თანხმდება ძირითად ღირებულებებზე. ამიტომ შიში იმისა, ხომ არ დავკარგავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს ტრადიციებს, ვფიქრობ, სრულიად უსაფუძვლოა. ამის დადასტურებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი ანბანი, დედა ენა, ქვევრის ღვინო იუნესკომ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად აღიარა.

1981 წელს, როდესაც ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოვიპოვეთ, ევროპაში ფურორი მოვახდინეთ. მსოფლიო ფეხზე იდგა და ქედს იხრიდა ჩვენი ფეხბურთელების წინაშე. წუთით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, როგორი მომავალი ექნებოდა დავით ყიფიანს, ალექსანდრე ჩივაძეს, დარასელიას, გუცაევს, გაბელიას, შენგელიას, სულაქველიძეს, თავაძეს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ყველა მათგანი ვარსკვლავი იყო და საშუალება რომ ჰქონოდათ, მართლაც იბრწყინებდნენ ევროპულ გუნდებში. მინდა, ჩვენი შესვლა ევროპაში, ისეთივე საზეიმო იყოს, როგორც იმ თასის მოპოვება. ქართველ ხალხს ეს შეუძლია და მე ჩემი ხალხის ნამდვილად მჯერა.

- ამბობენ, თუ აქამდე საქართველოს ორი მოქალაქე მიდიოდა, ახლა ოთხი წავაო. გულისხმობენ იმას, რომ ბევრი ქართველი წავა საქართველოდან და აღარ დაბრუნდება...

- გეთანხმებით, ოთხიც წავა და ათიც, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაბრუნდება. ქართველს, განცხრომით სხვაგან ყოფნას, საკუთარ მიწაზე ურჩევნია სიკვდილი. ავიღოთ მარტივი მაგალითი, სადაც კი ადამიანებმა ხის გათლა ისწავლეს, პირველ რიგში, ნავები გამოთალეს და მოგზაურობა დაიწყეს. ქართველებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნავის ნაცვლად საწნახელი გამოთალეს, ღვინო დაწურეს და სტუმარს, ამბის მომტანს, სახლში დაუწყეს ლოდინი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი საკუთარ მიწას საბოლოოდ არ მიატოვებს, შინ აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ასეთ პირობებში წასვლაც ადვილი იქნება და დაბრუნებაც.

„ახალი თაობა“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ლარიზაცია ლარს ვერ გაამყარებს

ნონა ცაბაძე

„ახალი თაობის“ კითხვებს ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი, ეკონომიის ექსპერტი პაატა შეშელიძე პასუხობს.

- ბატონო პაატა, ლარიზაციის გეგმის ჩავარდნაზე უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი. ითქვა ისიც, რომ ძალიან მცირეა რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებმაც სესხები დოლარიდან ლარში გადაიტანეს. რატომ არ გაამართლა გეგმამ, რომელიც ასე ზარ-ზეიმით წარადგინეს?

- მოდით, პრაქტიკულად შევხედოთ საკითხს – უცხოურ ვალუტაში სესხები არის ფიქსირებული. ამიტომ, ვინც აიღო, იმან იცის ზუსტად, თუ რა თანხა უნდა გადაიხადოს იმ ვადაში, რა ვადებშიც ეს სესხი აქვს აღებული. ლარში სესხები არ არის ფიქსირებული. ის დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე.

- იმაზეც, თუ როგორი იქნება ლარის კურსი დოლართან მიმართებით?

- დიახ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც მანამდე ეწერა კონტრაქტებში, ეს არის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, ანუ კურსის ცვლილებას შეიძლება მოჰყოლოდა სესხის განრიგის განაკვეთის ცვლილება, პროცენტს რასაც ეძახიან ხოლმე. ამიტომ ლარში სესხის აღება ყოველთვის რისკიანი იყო, იმიტომ რომ არასოდეს ზუსტად არ იცი, როგორი იქნება გადაწყვეტილება და, შესაბამისად, შესაძლებელია, ბევრად მეტის გადახდა მოგიწიოს, ვიდრე მანამდე ფიქრობდი, რომ უნდა გადაგეხადა.

- ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი ლარის კურსის შესახებ?

- დღეს, ლოგიკურად, არცერთი ბანკი არ გასცემს ისე სესხს, რომ ხელშეკრულებაში არ გაითვალისწინოს ლარის კურსის ცვალებადობა. მაშინ მსესხებლისთვის რა იცვლება, თუ ისედაც ლარის კურსზეა მიბმული სესხის გასტუმრება? ამიტომ დოლარიდან ლარში გადატანა, შესაძლოა, დამატებითი დანახარჯები აღმოჩნდეს. ძალიან ბუნდოვანია, თუ რა შეიძლება იყოს ყოველივე ამის შედეგი.

- თუკი რეალურად არაფერი შეიცვლებოდა, მაშინ რატომ წარადგინეს დიდი ზარ-ზეიმით ლარიზაციის გეგმა?

- მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს დიდი სისულელეა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს იყო სრული სისულელე და წინდაუხედაობა. ჩემი აზრით, აქ მოქალაქეების მხარდაჭერა არც არავის უფიქრია.

- აბა, რისკენ იყო მიმართული ყოველივე ეს?

- ეს იყო ბანკების მხარდაჭერის პროგრამა! ეს დახმარება ბანკებს გაუწიეს და არა კერძო პირებს, მსესხებლებს! ეს არის სუბსიდია ბანკებისთვის, რომლებიც ხელაღებით გასცემდნენ სესხებს, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე. მე მინახავს ბანკის ხელმძღვანელები, რომლებიც შარშანდელ წელზე ამბობდნენ, რომ 8%-იან ზრდას ელოდებიან და იყვნენ აღფრთოვანებულები მთავრობის პოლიტიკით. ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანებისგან რა გვიკვირს?!

- 17 იანვარს დაიწყო ლარიზაციის გეგმის განხორციელება და მათი რიცხვი, ვინც სესხი ლარიდან დოლარში გადაიტანა, 400 ადამიანსაც არ აღემატება. ძალიან ფრთხილობს მოსახლეობა?

- რასაკვირველია, ამას ბევრი არ გარისკავს, მით უმეტეს, როცა გაეცნობოდნენ პირობებს, შეაფასებდნენ, რომ ეს მათთვის ჭკვიანური გამოსავალი არ არის. მე ეს პროცესი ნამდვილად არ მიკვირს. ვისაც უკვირს, მაშინ მან განგვიმარტოს, რას ელოდებოდნენ და საერთოდ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები! როდესაც რაღაცას სთავაზობ მოსახლეობას, პროგნოზებს აკეთებ და ის არ ამართლებს, მაშინ ამაზე პასუხიც უნდა აგო!

- ანუ საუბარი და მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი ლარს გაამყარებს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება არ გამართლდა?

- ლარის გამყარება არანაირად არ არის დაკავშირებული ლარიზაციის გეგმასთან!

- ბოლო დღეებია, ლარი შედარებით გამყარდა დოლართან მიმართებით. ეს რის ხარჯზე მოხდა?

- დიახ, ამ დღეებში ლარის გამყარება ხდება და ეს დაკავშირებულია ერთადერთ მიზეზთან, რომ ლარის მასა მიმოქცევაში ოდნავ შემცირდა. აი, ეს არის შედეგი იმისა, რატომაც ხდება ეს ყველაფერი. არანაირი გალარება ამასთან კავშირში არ არის, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ასეთ სულელურ გადაწყვეტილებას იღებენ, უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. ეს ადამიანები ჩვენ მიერ არიან დაქირავებული. არაკომპეტენტურ ადამიანებს კი ფული არ უნდა ვუხადოთ! არ უნდა ვუხადოთ ცუდი გეგმებისთვის, ცუდი შემოთავაზებებისთვის, ეკონომიკური ვარდნისთვის, რომელიც გვაქვს.

„ახალი თაობა“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ია ანთაძესთან: „საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხისტი გადაწყვეტილება თუ არ მივიღეთ, არხი ვერ განვითარდება

„ახალი თაობის“ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე პასუხობს.

- ქალბატონო ია, ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ახალმა გუნდმა წარმოადგინა, ბევრ ადამიანში კითხვის ნიშანს ტოვებს. გადაცემები არ იხურება, მაგრამ ჩერდებაო. რამდენი ხნით ჩერდება და სად არის გარანტია, რომ ეს შეჩერებული გადაცემები ერთი ან ორი წლის შემდეგ კვლავ გავა ეთერში?

- არც იმაზეა საუბარი, რომ ეს გადაცემები იხურება და არც იმაზე, რომ ჩერდება. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზიის გრძელვადიან განვითარებაზე ვისაუბრებთ, მაშინ აუცილებელია გარკვეული კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა.

- რა შედის ამ კომპლექსურ ნაბიჯებში?

- ამ კომპლექსური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი სწორედ არის ის, რომ ჩვენი წინადადება ბორდის მიმართ არის ასეთი – ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემა შეჩერდეს. ამჯერად, ამ წუთას არაფერი იხურება და არაფერი ჩერდება, რადგან ბორდს, სამეურვეო საბჭოს აქვს განუსაზღვრელი ვადა იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს. მას აქვს წარდგენილი სტრუქტურის ახალი ვერსია, რომელიც პრინციპულად არ განსხვავდება ძველისგან, მაგრამ უფრო შეკუმშული ვარიანტია. ეს სტრუქტურა თვითონ განაპირობებს იმას, თუ რა მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში.

- ანუ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, დაგთანხმდებათ თუ არა...

- დიახ, ჯერჯერობით ამ ეტაპზეა საკითხი, რომ სამეურვეო საბჭომ უნდა მოიწვიოს საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები, მიგვიწვიოს ჩვენც, გამართოს სამუშაო შეხვედრები. ჩვენი სურვილია, ეს წარიმართოს ღია რეჟიმში მედიის თანდასწრებით, კიდევ განვიხილოთ ყველა კითხვა, ყველა პასუხი და შემდეგ სამეურვეო საბჭო ჩამოყალიბდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, ცვლის სტრუქტურას თუ არა. თუ ბორდი შეცვლის სტრუქტურას, რასაც 6 ადამიანის ხმა სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ახალ სტრუქტურაშია ასახული ის ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

- თუ არ შეცვლის?

- თუ არ შეცვლის სტრუქტურას, მაშინ გამოვა, რომ, უბრალოდ, უარს ვამბობთ რეფორმაზე და ამას გარკვეული ნაბიჯები მოჰყვება. ჯერჯერობით დახურვაზე საუბარი ნაადრევია. ეს არის წინადადება ჩვენი მხრიდან და იმის მიხედვით, რას გადაწყვეტს სამეურვეო საბჭო, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, ან გამოჩნდება, რომ საერთოდ არაფერი იცვლება. ასევე შესაძლებელია რაღაც ალტერნატიული ვარიანტი, როდესაც საბჭო მოძებნის გზებს, რომელიც იქნება უფრო რბილი, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ. თუ საბოლოო მიზანს ეს რბილი ნაბიჯები არ დააზიანებს, ამაზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სხვა ვარიანტს ვერ ვხედავთ იმისთვის, რომ 2019 წელს მივიღოთ ის შედეგები, რომლებიც ჩვენს პრეზენტაციაში იყო ჩამოთვლილი.

- თუკი ბორდი დაეთანხმა ხელმძღვანელობის პოზიციას და 2019 წლამდე არხზე შეჩერდა ან თუნდაც დაიხურა ამდენი გადაცემა, წინ ორი არჩევნებია. ეს პერიოდი როგორ უნდა გაიაროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა? რეგიონებში, მთიან რაიონებში არ არის დიდი არჩევანი და ძირითადად ამ არხს უყურებს მოსახლეობა. ეს პროცესი მაყურებელს არ დააზარალებს?

- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვიწყებთ სწორედ რეგიონების გაძლიერებითა და იმ პასუხისმგებლობის აღებით, რომ მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი საშუალებები ამ არჩევნების გასაშუქებლად, ვიდრე გვაქვს დღეს. ეს არის ჩვენი პირველი ამოცანა. მეორე, თუ ჩვენ ამ რეფორმით გათვალისწინებულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, შეიძლება, არათუ არჩევნები ვერ გავაშუქოთ წესიერად, შესაძლოა, საერთოდ ვერაფერი ვერ გავაშუქოთ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უკვე ტექნიკური წუნი მიდის ეთერში, უკვე მაყურებელი გრძნობს, რომ ძალიან ცოტა მანძილია დარჩენილი ტექნიკურ კოლაფსამდე. ნამდვილად არა ვართ დარწმუნებული, რომ ამ ტექნიკით, რაც დღეს გვაქვს, მივაღწევთ ადგილობრივ არჩევნებამდე!

- ითქვა, რომ საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. რატომ დაგხვდათ არხი ამ მდგომარეობაში?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს. მოდით, დავიწყოთ იმით, რომ წლების განმავლობაში მაუწყებელი იგროვებდა ვალებს, მერე წლების განმავლობაში იხდიდა ამ ვალებს. როდესაც ვალების გადახდა დაიწყო, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა სახსრები, რომ ტექნიკა შეეძინა ან რამე სახე მიეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერისთვის. როგორც კი დაიწყო ვალებისგან გათავისუფლება, ამ წუთას არხს არანაირი ვალი აღარ აქვს, ცადეს, შეექმნათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახე, შეექმნათ რეიტინგი იმით, რომ დაიწყეს პირდაპირ გადაცემების ჩაშვება. 2016 წელი პირველი წელი იყო, როდესაც არხს ვალი არ ჰქონდა და მთელი თანხის 60% დაიხარჯა ხელფასებში. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ იპოვა ეს გამოსავალი, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი გადაცემა ჩაშვებულიყო ეთერში.

- ამან არ გაამართლა?

- ეს შენობა, სადაც ეს გადაცემები მზადდებოდა, ძალიან ხარჯიანია. ეს არის შენობა, სადაც 1.200 ადამიანი თბება ე.წ. ელექტროღუმელებით, სადაც ზამთარ-ზაფხულ 24 საათი ყველგან ანთია სინათლე, ყველა დერეფანში, შაბათისა და კვირის ჩათვლით, იმიტომ რომ ძალიან ბნელი დერეფნებია და უნდა განათდეს. ამიტომ ყველა პროდუქტი, რომლებიც აქ მზადდება, კიდევ დამატებით და სერიოზულ ხარჯებს ითხოვს. ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. მათ გამოსავალი ასე გამონახეს და ძალიან ბევრი გადაცემა ჩაუშვეს ეთერში, თუმცა ეს შეცდომა იყო. ეს იყო მოკლევადიანი ხედვა და არავის უფიქრია მაუწყებლის გრძელვადიან განვითარებაზე. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არასოდეს უფიქრიათ იმაზე, რომ ახალი გადაცემები კი არ ჩაეშვათ, არამედ ინვესტიცია ჩაედოთ ისეთ სფეროში, რომელიც მოემსახურებოდა არხის გრძელვადიან განვითარებას.

- იმის თქმა გინდათ, რომ არხზე მძიმე მდგომარეობაა?

- ჩვენ დაგვხვდა ვითარება, როდესაც არც შენობა გვაქვს, არც ტექნიკა, არც რეგიონული ოფისები. არქივი, რომელიც უნდა იყოს კომპიუტერში, ყუთებშია ჩალაგებული და წლიდან წლამდე ფუჭდება. ჩვენამდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ისეთი, რომელიც გრძელვადიან განვითარებას მოემსახურებოდა. დღეს ყველაფერზე ერთბაშად ზრუნვა გვიხდება. შენობა რომ იყოს ნორმალური, მაშინ ვიფიქრებდით, რომ შენობა მაინც გვაქვს და ვიზრუნოთ გადაიარაღებაზე. ტექნიკური გადაიარაღება რომ მაინც მომხდარიყო, მაშინ შენობაზე ვიზრუნებდით. ამ წუთას ისეთი ვითარებაა, რომ ყველა მიმართულებით იწვის სიტუაცია და ყველაფერში ახლა გვჭირდება თანხა იმისთვის, რომ მაუწყებელი განვითარდეს!

- ამიტომ გადაწყდა, რომ გადაცემების დახურვისა თუ შეჩერების ხარჯზე გამოიძებნოს თანხები?

- ეს თანხა არსაიდან არ მოვა, თუ ისევ შიგნით არ დავზოგეთ. ამიტომ ეს ერთადერთი გზა ვიპოვეთ ამ თანხის გამოთავისუფლებისა და გრძელვადიან ინვესტიციაში ჩადებისთვის. თუ საბჭო იპოვის სხვა გზას და შემოგვთავაზებს, კი ბატონო, თუ არადა, ამ გრძელვადიან განვითარებაზე უარს ვერ ვიტყვით!

- ამბობენ, ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები საკმაოდ ხისტიაო...

- ხისტია, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც ჩვენს წინამორბედებს უნდა მიეღოთ და არ მიიღეს, ახლა გახდა ჩვენი მისაღები. პირადად ბატონი ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობა გახდა ეს ყველაფერი. აი, ამიტომ გამოვიდა გადაწყვეტილება ხისტი, თორემ აქ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩადებულიყო თანხები გრძელვადიანი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით.

- შენობაზეც სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ, რომ აქაც არის კონკრეტული პირების ინტერესი, ალტერნატიულ ფართს გთავაზობენ და ასე შემდეგ. ამაზე რას იტყვით?

- მეც მომისმენია, რომ საუბრობდნენ ამ ტელევიზიის სადღაც გადატანაზე, რადგან ეს შენობა ამორტიზებულია და არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ჩვენ ერთ თვეში ვიპოვეთ გამოსავალი, არსად არ მივდივართ ამ შენობიდან, გვინდა, რომ გადავიდეთ გვერდით შენობაში, ე.წ. მესამე კორპუსში, რომელიც აღმოჩნდა აბსოლუტურად ჯანსაღი, რომელსაც აღმოაჩნდა საქართველოში უნიკალური სტუდია და რომელშიც დათვლილია, რომ სრულად ვეტევით. აი, იქ დავფუძნდებით და საერთოდ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სადმე მივდივართ და ამ ტერიტორიას ვტოვებთ. ამისთვის არანაირი არგუმენტი აღარ არსებობს!

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ია ანთაძესთან: „უნდა გაჩერდეს ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციოსი და გავა .. მექანიკური პროდუქცია

ნინო ქეთელაური

“ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა და სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს სრულიად გაპარტახებული ინფრასტრუქტურა და კოლაფსის პირას მყოფი ტექნიკური საშუალებები,” – აცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის მრჩეველი, ჟურნალისტი ია ანთაძე და უმატებს, რომ თუ სამეურვეო საბჭო მათ სამოქმედო გეგმას დაეთანხმება, ერთი წლის განმავლობაში ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება და სხვადასხვა ჟანრის ფილმები გავა.

რა ბედი ელის „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და როგორი იქნება სამოქმედო გეგმა – ამ საკითხებზე “რეზონანსი” ია ანთაძეს ესაუბრა.

ია ანთაძე: ჩვენ ყველა ველოდებით სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება მათთან, სადაც ჩვენ მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას განვიხილავთ. ასევე შეხვედრები იქნება თანამშრომლებთან, არასამთავრობო სექტორთან, სხვა დაინტერესებულ წრეებთან. ასე რომ, დიდი გზა გვაქვს წინ და ალბათ, უახლოესი კვირების განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდება ვერსია იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო. ამიტომ ახლა ნამდვილად არ შემიძლია გიპასუხოთ, თუ რა ბედი ელით თანამშრომლებს. ჯერჯერობით ყველა ჩეულებრივ დადის სამსახურში და აგრძელებს მუშაობას.

- ამ ერთი წლის განმავლობაში რა გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში?

- იგივე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო. შესაძლოა, მათ აქვთ საკუთარი ვერსია, რომელიც იქნება უფრო რბილი, ვიდრე ჩვენია. თუკი ის მიზნამდე მიგვიყვანს, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგნი და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს. თუ ჩვენი ვარიანტი გავა, მაშინ სხვა რეალობა გვექნება. ყველა შემთხვევაში, რამდენიმე კვირა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რაზე ჩამოყალიბდება სამეურვეო საბჭო.

- როგორია თქვენი ვერსია?

- ჩვენი ვერსია და ხედვა არის ასეთი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმა და გადაცემა უნდა შეჩერდეს.

- თქვენივე ვერსიის მიხედვით, ამ 1 წლის განმავლობაში რა გავა ეთერში?

- უნდა გაჩერდეს ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა და გავა ე.წ. მექანიკური პროდუქცია, რომლითაც შევძლებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებები, რაც კანონით გვაქვს განსაზღვრული, შევასრულოთ. ეს იქნება: სერიალები, ფილმები, დოკუმენტური, მხატვრული, ქართული, არაქართული და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, არხის რეორგანიზაცისთვის 1 წელი დიდი დრო ხომ არ არის?

- ყველაფერი დათვლილია. აქ საუბარია, ძალიან დიდ პროცესზე, რომელიც თანხობრივადაც ძალიან მნიშვნელოვანია და დროის მიხედვითაც საკმაოდ ხანგრძლივი. იმიტომ, რომ არ დაგავიწყდეთ, ეს საბიუჯეტო ორგანიზაციაა და თითოეული თეთრი იხარჯება განაკუთრებული წესისი მიხედვით, რაც კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებულია. ამიტომ, ჩვენ ზუსტად დავთვალეთ და ამის შესაბამისი გრაფიკი წარმოვადგინეთ.

- ფინანსებთან დაკავშირებით, საუბარი იყო უყაირათო ხარჯვაზე. დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი?

- იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიხარჯა 410 მილიონი ლარი, თითქმის ნახევარი მილიადრი და სინამდვილეში ჩვენ გვაქვს სრულიად გაპარტახებული ინფასტრუქტურა და კოლაფსის პირას მყოფი ტექნიკური საშუალებები. ცხადია კითხვა ისმის, რატომ მოხდა ასე? ეს იმის ბრალია, რომ თანხის უყაირათოდ ხარჯვა მოხდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვალი გადაიხადა, თუ ეს იყო იმის ბრალი, რომ ტელევიზიის ბიუჯეტი არჩენდა ადამიანებს, რომლებიც არაფერს ქმნიდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რადგან ხარჯებიც კი 2012 წლამდე ელექტრონულად არ არსებობს. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე მარტივი არ არის. ნელ-ნელა გავყვებით ამ თემას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება.

- რა იქნება 1 წლის შემდეგ?

- ჩვენ გვინდა, რომ 2019 წლის ბოლოს ეს იყოს ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ძალიან ღირსეული სამუშაო პირობები თანამშრომლებისთვის, რომელსაც აქვს არქივი კომპიუტერებში და არა ყუთებში, როგორც ეს დღეს არის. რომელსაც აქვს უახლესი ტექნიკა და ტექნოლოგია, საინფორმაციო სამსახური მულტიფუნქციური, მულტიპლატფორმული. რომელსაც 9 რეგიონული ოფისი მოწყობილი აქვს თავიდან ბოლომდე და რომელსაც აქვს ლიდერი პოზიცია მედია ბაზარზე

„ახალი თაობა“, 08 თებერვალი, 2017 წელი

სამაჩაბლოს ალანიას არქმევენ

ცხინვალი გადაწყვეტილებას 9 აპრილს მიიღებს

შორენა მარსაგიშვილი

ცხინვალის მეთაურმა ლეონიდ თიბილოვმა გადაწყვიტა, სამაჩაბლოს საბოლოოდ შეუცვალოს სახელი და ამასთან დაკავშირებით რეფერენდუმი დანიშნა. მისი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 9 აპრილს გაიმართება რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა – უნდათ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის დასახელება ალანიათი შეიცვალოს.

ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს: „თანახმა ხართ თუ არა, კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის სახელმწიფო – სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ინიციატივით ლეონიდ თიბილოვი გასულ წელსაც გამოვიდა. ალანიად ქცევის სურვილი მას ინგუშეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გაუჩინა.

გასულ წელს ინგუშებმა თავიანთი დედაქალაქის – მაგასის შესასვლელში კარიბჭე აღმართეს და მას ალანიის კარი უწოდეს. ინგუში ისტორიკოსების მტკიცებით, ძველი ალანიის სამეფო სწორედ მათი ტერიტორიიდან იწყებოდა და ისინი იყვნენ ალანიის სამეფოს მემკვიდრეები. ლეონიდ თიბილოვმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემყარებინა ალანია და ისტორიული სამაჩაბლოსთვის მოინდომა მისი დარქმევა. მაშინ მის ინიციატივას ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ოფიციალურ თბილისს კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების დონეზეც კი არ გაუპროტესტებია ეს ფაქტი.

ცხინვალში და ჩრდილოეთში გაჩენილი პროტესტის შემდეგ, თიბილოვი დროებით დადუმდა და ეს თემა აქამდე აღარ უხსენებია. მისი მთავარი საზრუნავი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარება იყო. ამ საკითხზე მას რუსეთშიც სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა და ეს თემაც დროებით დაავიწყეს. ადგილობრივი მედია და ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ მისი ინიციატივა საპრეზიდენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული.

ლეონიდ თიბილოვი ამ არჩევნებში თავადაც მონაწილეობს და ხალხის გულის მოგება ამ თემით სურს. რუსეთის მსგავსად, შეერთების იდეა არც ცხინვალელთა დიდმა ნაწილმა მოიწონა. ისინი ამბობენ, რომ დამოუკიდებელ რესპუბლიკად უნდა დარჩნენ. ამ თემაზე თავისებური პიარი გაიკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. მართალია ის კომიკური ფიგურაა, მაგრამ ამ თემის წამოწევით რაღაც ქულები დააგროვა. ის პოლიტიკაში დამოუკიდებლობის დაცვის იდეით დაბრუნდა.

მოქმედმა პრეზიდენტმა კი სხვა გზა გამონახა ხალხის გულის მოსაგებად. მან სახელის შეცვლაზე დანიშნა რეფერენდუმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს დაამთხვია.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ცხინვალში ბევრს აქვს. მათი განმარტებით, ეს რეფერენდუმი პიარის მიზნით დაინიშნა.

ლეონიდ თიბილოვის მტკიცებით კი, მას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სურს. ამბობს, რომ საბოლოო სიტყვა ხალხზე იქნება დამოკიდებული.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივაზე სათანადო რეაგირებას მოახდენს, ისტორიული სამაჩაბლოსთვის ალანიის დარქმევა უკვე მართლაც ნამეტანია. და კიდევ, როგორც ამბობენ, მათ ცხინვალისთვისაც უნდათ სახელის შეცვლა და მისთვის სტალინირის დარქმევას აპირებენ. ეს სახელი ამ ქალაქს წლების წინ ერქვა.

———————

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

.. სამხრეთ ოსეთს, შესაძლოა, „ალანიადაერქვას

ნინო ქეთელაური

“ალანიას თემა საქართველოს წინააღმდეგ ახალი სქემაა, რაც გულისხმობს ჯერ სახელის შეცვლას, მერე უკვე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას,” – ასე აფასებენ ექსპერტები ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტის დანიშვნას, რომელიც 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. აღნიშნული წინადადება ლეონიდ თიბილოვმა ჯერ კიდევ 2015 წელს გააჟღერა, რომ ე.წ. რესპუბლიკას “ისტორიული სახელწოდება – ალანია – დაუბრუნდეს”. დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, “ქვეყანა” უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ინიციტივას სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს, თუმცა ეს საქართველოსთვის მიუღებელია, მათთვის კი მხოლოდ დამატებითი ხარჯის მომტანი.

“მე ვფიქრობ, ამ წინადადებას მთელი მოსახლეობა დაუჭერს მხარს. არა მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს. თუმცა, საზოგადოებაშიც კამათია და მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რომელი ჯობია. ამ წინადადებაში ასეთი იდეაა ჩადებული, რომ რადგან ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთშიც არის ასეთი სახელწოდება – ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია, ამათაც უნდათ, რომ იყოს სახელმწიფო სამხრეთ ოსეთი – ალანია. ამით მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება. მაგრამ ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ჩვენს ტერიტორიაზეა საუბარი. ხალხისთვის კი ხარჯის გარდა არაფერს მოიტანს. იქ უნდა გამოიცვალოს წიგნებიც, კონსტიტუციაც, პასპორტები და ა.შ.,” – ამბობს დიმიტრი სანაკოევი.

რაც შეეხება მანამდე დაანონსებულ, რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფენედუმის ჩატარებას, დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, რომ ამ თემის გააქტიურება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის მოსალოდრენლი.

“ამ რეფერენდუმის ჩატარების მოდერატორი იყო “ედინაია ოსეტია”, რომელსაც ბიბილოვი ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, რომ თიბილოვსა და ბიბილოვს შორის დაპირისპირებაა და თიბილოვმა რეფერენდუმის ჩატარება იმ მიზეზით შეაჩერა, რომ ამის უფლებამოსილება მინიჭებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. რომ მას შეეძლოს მიმართოს რუსეთს თავის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით. ამიტომ, ეს თემა ჯერჯერობით შეჩერებულია. საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და მოსახლეობას ვინ რას შესთავაზებს, არ ვიცი. არჩევნების მერე უკვე შეგვეძლება ამაზე დავფიქრდეთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კურსს აიღებს ახალი პრეზიდენტი,” – აცხადებს დიმიტრი სანაკოევი.

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ სახელწოდება “ალანიას” დარქმევა ორი ოსეთის გაერთიანების მცდელობას ემსახურება.

“ამ საკითხის დაყენების ეს პირველი მცდელობა არ არის და ალბათ, ჩაატარებენ კიდეც. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, ისინი ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ. იმიტომ, რომ შემზადებულია ყველაფერი. შემდგომი ნაბიჯი იქნება ალანიის ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, საუბარია ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთზე. რეფენდუმს ღიად ვერ ატარებენ, რადგან შეერთებასთან დაკავშრებით აფხაზეთში არ აქვთ საქმე მოგვარებული, ამიტომაც ამუშავდა მეორე სქემა, ერთიანი სახელმწიფო ალანიის ჩაოყალიბების,” – აცხადებს პაატა დავითაია.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარება აფხაზეთისგან განსხვავებულია და იქ მოსახლეობა რუსეთთან მიერთების მომხრეა. “აფხაზეთისგან განსხვავებით, ოსეთის ადილობრივი მოსახლეობა მომხრეა, რომ რუსეთს მიუერთდეს. ამ საკითხზე რეფენდუმის ჩატარება თვითონ რუსეთმა შეაჩერა, რადგან აფხაზეთში საქმე არ აქვთ მოგვარებული. ამიტომ, ალანიის თემა საქართევლოს წინააღმდეგ ახალი სქემაა, რაც გულისხმობს ჯერ სახელის შეცვლას, მერე უკვე გაერთიაენებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” – აცხადებს პაატა დავითაია.

„ახალი თაობა“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ანზორ წოწონავასთან: „დევნილების შემწეობებთან დაკავშირებული ინიციატივა არის დივერსია ხელისუფლების წინააღმდეგ“ // „იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ერთიანი სტრატეგია არ არსებობს

„ახალი თაობა“ ესაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავას.

- დევნილთა სამინისტროს ინიციატივას დევნილთა ნაწილისათვის შემწეობების მოხსნის შესახებ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ ინიციატივის უკან წაღებას არ აპირებენ?

- ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ჩვენ ამ საკითხზე პარლამენტშიც გვქონდა შეხვედრები. პირადად მე იქ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ დევნილთა სამინისტროს ეს ინიციატივა არის დივერსია ხელისუფლების წინააღმდეგ. ამით წყალში იყრება ყველა კარგი საქმე, რაც 2012 წლის შემდეგ გაკეთდა. ამ დროიდან მოყოლებული, ბინებით დააკმაყოფილეს 40 000-მდე დევნილი ოჯახი, მაგრამ ერთიანი სტრატეგია იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ისევ არ არსებობს. გია ვოლსკიმ აღიარა, რომ ეს კანონპროექტი მიუღებელია.

- სამინისტრო როგორ განმარტებას იძლევა?

- სამინისტროს არგუმენტაცია თითქმის 100 გვერდს მოიცავს. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ შემწეობა დარჩებათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს.

- დანარჩენებს აღარ მისცემენ შემწეობას?

- ასეა პროექტით. შემწეობას უკავშირებენ ქულებს. არადა, ოჯახის სოციალურ მდგომარეობას სამართლიანად ქულებით ვერ შეაფასებ. ჩვენმა ოჯახმა ნაცნობ ოჯახს ძველი მაცივარი მისცა და მას ამის გამო დახმარება მოუხსნეს.

- რას უკავშირდება ამგვარი ინიციატივა?

- წინა მინისტრის, დარახველიძის დროს უნდოდათ დევნილთა კანონში ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებებით, 45-ლარიანი შემწეობა აღარ უნდა მიეღო იმ დევნილს, რომლის შემოსავალი თვეში, მინიმუმ, 1250 ლარია. ამავდროულად რეგისტრაციაში არ უნდა გაეტარებინათ `შერეული~ ოჯახების შვილები.

- ბოლო ინიციატივით, დახმარება უფრო ბევრს მოეხსნება...

- დიახ. ჯერ ერთი, დევნილთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს. ჩვენთან არც უმუშევრობის კომპენსაცია გაიცემა და არც პენსიები დამსახურების მიხედვით. ამიტომ ეს 45 ლარიც რაღაცას ნიშნავს. მეორეც, ეს პოლიტიკური საკითხია. საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც იძულებით გამოდევნეს. მათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავ-მოძრავი ქონება დატოვეს.

- მათი ქონებრივი უფლებებიც აღსადგენია?

- რასაკვირველია. 2007 წელს პარლამენტმა მიიღო რესტიტუციის კანონი, რომელიც მხოლოდ ცხინვალის რეგიონს ეხება. აფხაზეთზე აქ არაფერია ნათქვამი. ეს კანონიც არ სრულდება. აფხაზეთში დატოვებული ქონება რომ დავიბრუნოთ, ამისთვის უნდა მივიღოთ კანონმდებლობა. ამას გვირჩევენ ევროსტრუქტურები. რესტიტუციის კანონიც მივიწყებულია. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ვიღაცას უნდა, საერთოდ მოიშოროს დევნილები. შემწეობების მოხსნისა და შემცირების იდეა სააკაშვილის დროს არსებობდა. ნაციონალებს უნდოდათ შესაბამისი კანონის მიღება, მაგრამ ვერ გაბედეს. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ დევნილები არ გამდიდრებულან, თუმცა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შემცირდა.

- ქაღალდზე?

- დიახ. სტატისტიკის თანახმად, ადრე 140 000 გაჭირვებული დევნილი იყო, ახლა კი დაახლოებით 47 000-ია. მათ დახმარება მოეხსნათ. დევნილს, რომელიც ბინას იღებს, შემწეობა და კომუნალური შეღავათები უუქმდება. სრული `დომხალია~ იმის გამო, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია დევნილების მიმართ. ის ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. დევნილები არ არიან დაყოფილი კატეგორიებად. არაა აღრიცხული, რომელი ოჯახიდან ვინ იბრძოდა ომში, ვინ დაიღუპა, ვის როგორი პირობები აქვს. ბინებით ყველა არ არის დაკმაყოფილებული. უბინაო დევნილებმა არ იციან, რა ელით. მათ ესმით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. ისინი მზად არიან, დაიცადონ. მთავარია, მათ მკაფიოდ უთხრან, როდის მისცემენ საცხოვრებელ ფართს. ეს ყველაფერი, შემწეობის რეფორმის პრობლემასთან ერთად, სახელმწიფოს საზრუნავი უნდა იყოს, ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

რეზონანსი“, 08 თებერვალი, 2017 წელი

ენგურჰესი ორ კვირაზე მეტს ვერ გაქაჩავს

აფხაზეთს დენს რუსეთი და საქართველო სანახევროდ მიაწვდიან, მაგრამ ხარჯი, შესაძლოა, მთლიანად ჩვენი დასაფარი გახდეს

ნათია ლომიძე

ენგურჰესი მუშაობას ორი კვირით, დაახლოებით, 15 დღეში შეწყვეტს. ამ პერიოდში კი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსულ და ქართულ მხარეს შორის გადანაწილდება. ჯერ კიდევ ბუნდოვანია რამდენად უსასყიდლოდ მიაწოდებს რუსეთი აფხაზეთს დენს და მოუწევს თუ არა ამ “ვალის” დაფარვა ქართულ მხარეს.

ოფიციალური უწყება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალება, აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. ამ დროს აფხაზეთისთვის ელექტოენერგიის მიწოდების შეწყვეტის თარიღი ახლოვდება.

“რეზონანსთან” საუბრისას ენერგეტიკოსები და სპეციალისტები ამბობენ, რომ ენგურის წყალსაცავში წყლის ძალიან მცირე მარაგია. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ გაწეული ხარჯის დაფარვას საქართველო ზაფხულის წყალდიდობის პერიოდში მოახერხებს.

აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხთან დაკავშირებით “რეზონანსი” ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. კითხვაზე – რა მოხდება ენგურჰესის გათიშვის შემდეგ და ვისგან მიეწოდება აფხაზეთს ელექტროენერგია – კონკრეტული პასუხი არ არსებობს. კახა კალაძის უწყებაში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მათთვის არანარი სიახლე ცნობილი არ არის.

“ენგურჰესის” გენერალური დირექტორი ლევან მებონია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, დაახლოებით, 15 დღეში შეწყდება. იგი არ გამორიცხავს, რომ კლიმატური პირობების გამო (სიცივისა და ყინვის შემთხვევაში), მოხმარება გაიზრდება და წყლის რესურსი უფრო მალე ამოიწურება. მებონიას ინფორმაციით, დეფიციტის პერიოდში აფხაზეთს ელექტროენერგიის ნაწილს – საქართველო, ნაწილს კი რუსეთი მიაწვდის.

“ენგურჰესის წყალსაცავში წყალი 420 მეტრზეა, კრიტიკული ზღვარი კი 410 მ-ია. ჰესი მუშაობასა და აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, დაახლოებით, 15 დღე შეძლებს. ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული. მზიანი დღეების შემთხვევაში 17 დღე იმუშავებს, ყინვა თუ დაემთხვა – 13 დღე. იმ პერიოდიში როდესაც ენგურჰესი გაითიშება, აფხაზეთს ელექტროენერგიის ნახევარს – ჩვენ, ხოლო მეორე ნახევარს რუსეთი მიაწოდებს. შემდეგ კი ენგურჰესი დაუბრუნებს ელექტროენერგიას რუსეთს, ზაფხულის წყალდიდობის დროს”, – განაცხადა ლევან მებონიამ.

თუ ვინ მოამარაგებს აფხაზეთს ელექტროენერგიით, ორ მხარეს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ექსპერტთა კლუბის წევრმა ირაკლი ცქიტიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძნელია და სწორედ ეს არის ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან დუმილის მთავარი მიზეზი.

“რთული იქნება რამე პროგნოზის გაკეთება, რადგან არ არის შეთანხმება მიღწეული ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინ გადაიხდის დენის იმ ნაწილის საფასურს, რომელსაც აფხაზები მიიღებენ რუსეთიდან? რამდენადაც ვიცი, სეპარატისტები რუსულ ენერგიას პირდაპირ მიიღებენ 2,5 რუბლად (დაახლოებით 11 თეთრი), რაც იაფია. ვფიქრობ, ქართული მხარე უნდა ესაუბროს რუსეთს, რომ ელექტროენერგიის ნაწილი, რომელიც ქართულმა მხარემ აფხაზებს უნდა მიაწოდოს, გატარდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაახლოებით, იმ ფასში რაც ღირს ენგურჰესის ენერგია აფხაზებისთვის. მათთვის დენი დაახლოებით 1 ცენტი ღირს და იმასაც არ იხდიან. ბოლო მონაცემებით, 35%-ია ელექტროენერგიის საფასურის ამოღება. შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რაც კი არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, გამოწვეულია უსახსრობის გამო.

მარტში ე.წ. რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებია და ვფიქრობ, არჩევნების წინ დენის ტარიფის გაზრდაზე იქ საუბარს არავინ დაიწყებს. შარშან და შარშანწინ მთელ თანხას, რომელიც აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას სჭირდებოდა, ქართული მხარე ფარავდა. ამას საქართველოს მოსახლეობა იხდის, აფხაზებს კი იმ მინიმუმის გადახდაც არ უნდათ, რაც მათ აქვთ დაწესებული. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ცქიტიშვილმა.

ენერგეტიკოსი, პროფესორი გია არაბიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქართულ მხარეს არ გააჩნია ჭარბი ელექტროენერგია, თუმცა ის მაინც მიაწოდებს ენერგიას აფხაზეთს. სპეციალისტი დარჩენილი მეორე ნახევრის მიწოდებაზეც საუბრობს.

“თებერვლის ბოლო დეკადაში ან მარტის პირველი რიცხვებიდან 2-3 კვირით გაჩერდება ენგურჰესი გვირაბში შესვლისა და დათვალიერების (მისი მდგომარეობის შესწავლის) მიზნით. ამ პერიოდში დაახლოებით 120 მლნ კვტ/სთ დასჭირდება აფხაზეთს. მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ არის ასეთი შეთანხმება, რომ ელექტროენერგიის საფასურის ნახევარს, რომელსაც რუსეთიდან მიიღებს აფხაზეთი, რუსული მხარე გადაიხდის, ხოლო მეორე ნახევარს ქართული მხარე აანაზღაურებს. ეს ისეთი პერიოდია, რომ საქართველოსაც არ აქვს ჭარბი ელექტროენერგია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ დენი”, – განცახადა არაბიძემ

Comments are closed