„რეზონანსი“: გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში: ყველაზე მოკლე და ყველაზე კრიტიკული გამოსვლა
„რეზონანსი“: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? (თვალსაზრისები)
„რეზონანსი“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „გიორგი მარგველაშვილს აქვს შანსი, რომ საკუთარი რეიტინგით გახდეს პრეზიდენტი და არა „ნასესხებით“
„ვერსია“: „ბატონო პრეზიდენტო, ხელფასი რამდენი გაქვთ და რაში იღებთ?!“ // რა კითხვები აქვთ მოქალაქეებს გიორგი მარგველაშვილთან
„ვერსია“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „როცა შენი ქვეყნის კეთილ-დღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“ // რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს ცხოვრების დონე ევროპულს რომ მიუახლოვდეს
„ვერსია“: ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან
„რეზონანსი“: თბილისი მერის არჩევნები და „ოცნების“ სამი კანდიდატი
„რეზონანსი“: ინციდენტი სარფში, რომელიც კინაღამ ანტითურქულ გამოსვლებში გადაიზარდა
„რეზონანსი“: ინტერვიუ პაატა კოღუაშვილთან: „აგრარული პროდუქტების იმპორტი ერთბაშად გაიზარდა“ // „თუ სოფელი დაცარიელდა, ადგილობრივ წარმოებას ვინ განავითარებს?“
„რეზონანსი“: ბანკები საკომისიო მომსახურებიდან დღეში 1 მლნ ლარს იჯიბავენ // „ეროვნულმა ბანკმა ზომები უნდა მიიღოს. გაზრდილი გადასახადი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს“
—–
„რეზონანსი“: რატომ არ ხვდებიან დეკანოზ მამალაძეს პატრიარქი და სინოდის წევრები // „თუ რამე აქვს სათქმელი და მოსაყოლი, სრული სიმართლე მოუყვეს პროკურატურას“
„რეზონანსი“: ადვოკატი: „ციანიდის საქმეში“ რამდენიმე მოწმემ ჩვენება შეცვალა“
——————–
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში: ყველაზე მოკლე და ყველაზე კრიტიკული გამოსვლა
თიკო ოსმანოვა
გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში შედარებით მოკლე და ლაკონური იყო. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, იგი წინა გამოსვლებთან შედარებით უფრო აკადემიური ტონითაც გამოირჩეოდა. თუმცა, კრიტიკა ამ გამოსლვში საკმაოდ იყო. პრეზიდენტმა გააკრიტიკა მმართველი პარტია და სასამართლო სისტემა. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ თავის თავში ჩაიკეტა, სასამართლოში კი კრიზისია. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი ასევე კრიტიკულად შეეხო სკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლას.
ოპოზიციას კი გიორგი მარგველაშვილმა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რასაც პოლიტოლოგთა ნაწილი გაუმართლებლად მიიჩნევს. მათი აზრით, ამით პრეზიდენტი ნეიტრალური არბიტრის როლიდან გამოვიდა.
ქვეყნის პირველი პირის სიტყვას გუშინ ქუთაისში 99 დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უსმენდნენ. საბოლოოდ, პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა როგორც მმართველი გუნდი, ისე საპარლამენტო ოპოზიცია. „ოცნებამ“ გიორგი მარგველაშვილი არაობიექტურობაში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კი – ხელისუფლების არასაკმარის კრიტიკაში.
გიორგი მარგველაშვილის მთავარი მესიჯები
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის შიდა სოციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.
„ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა. იგივეს ადგენს, გასული წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მივესალმები რეზოლუციის სულისკვეთებასა და მიზნებს. ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება და რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განცხადებით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მარგველაშვილმა ასევე გაამახვილა პრეზიდენტის არჩევის წესზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, ხალხს არ უნდა ჩამოერთვას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება. გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მისი მუდმივი ზრუნვის საგანი ქართული მართლმსაჯულებაა.
„ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა და სათათბირო ოთახში. ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას სრული დუმილით შემოიფარგლება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია. მისივე თქმით, მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მმართველი პარტიაც გააკრიტიკა. მისი თქმით, “ოცნებამ” უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. „გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე – თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ. მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და ოპოზიციას და ადგილობრივი არჩევნების წინ გაერთიანებისაკენ მოუწოდა. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს – ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გამოსვლის ბოლოს კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი უერთდება ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ სარჩელს და საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
„ოცნების“ საპასუხო კრიტიკა
მცდარი, ცალმხრივი და არაობიექტური – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” წევრებმა პრეზიდენტის ყოველ წლიური მოხსენება და ქვეყნის პირველი პირი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. „მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური”, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის სგავსად, პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმაც გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მწვავე იყო დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა: „თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, ნელ-ნელა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქეცით“, – განაცხადა დებატებისას სალომე ზურაბიშვილმა, რასაც უმრავლესობის წევრების მხრიდან ტაში მოჰყვა.
პრეზიდენტი ასევე გააკრიტიკა პარალმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სასამართლოს კრიზისზე საუბარი არის ძალიან მძიმე დარტყმა იმ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. „ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და ვფიქრობ, ეს სურათი სინამდვილეს არ ასახავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, მან ღიად დაადანაშაულა პრეზიდენტი დესტრუქციულ ქმედებებში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ არასამთავრობოებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მართავდნენ კონსულტაციებს და მათ კომისიის დატოვებისაკენ მოუწოდებდნენ.
დებატების დასასრულს პრეზიდენტმა განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა და, როგორც მან აღნიშნა, მისი ბევრი კრიტიკის მიუხედავად, მაინც მოხარულია, რომ დებატები შედგა. მისი თქმით, იგი ყველას პრეზიდენტია.
პოლიტოლოგთა შეფასებები
უმრავლესობისგან განსხავებით, პრეზიდენტის რიგით მეოთხე ყოველწლიური გამოსვლა დადებითად შეაფასეს პოლიტოლოგებმა.
გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები დასვა და საკმაოდ საგნობრივად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. „გამოსვლა იყო საკმაოდ კომპაქტური და საგნობრივი. იყო დაბალანსებული, ობიექტური ხაზსგასმა გარკვეულ პოზიტივზე და იყო კრიტიკაც. პრიორიტეტებიც სწორად იყო დალაგებული, პრობლემების აქტუალურობიდან გამომდინარე. საერთო ჯამში, ჩემი აზრით, კარგი გამოსვლა იყო. ის რომ ამ გამოსვლით ოპოზიცია და უმარვლესობაც უკმაყოფილო დარჩა, ეს კანონზომიერია. ხელისუფლება მარგველაშვილის გამოსვლის დროს ითხოვს მეტ პოზიტივს, ოპოზიცია კი – მეტ კრიტიკას. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ზუსტად ეს განწყობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არ ზის არანაირ პოლიტიკურ კონიუქტურაში და ცდილობს ნეიტრალური პოზიციიდან უყუროს პროცესებს”, – განუცხადა “რეზონანსს” გია ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი პრეზიდენტის გამოსვლაში ხარვეზებსაც გამოყოფს. „პრეზიდენტის გამოსვლა იყო ზოგადი და ძირითადად წარმოჩენილი იყო პლიუსები და მინუსები. მაგრამ ასევე იყო თემები, რომელიც უფრო მეტ დაზუსტებას და დაკონკრეტებას მოითხოვდა. მაგალითად, მან ისაუბრა ხელისუფლების ჩაკეტილობაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა იგულისხმა ამაში. თუ ლაპარაკია საკონსტიტუციო კომისიაზე, არა მგონი, რომ ეს სწორი შეფასება იყოს. თუ სხვა რამეს გულისხმობდა, მაშინ უნდა ეთქვა. საზოგადოებასთან ურთიერთობა ზოგადად პოლიტიკოსებს აქვს უფრო საარჩევნო პერიოდებში. ხელისუფლება თვლის, რომ პრეზიდენტი არაობიექტურია და რაღაც საკითხებზე ყურადღება არ გაამახვილა, ოპოზიციას კი ხელისუფლების ნაკლები კრიტიკა არ ესიამოვნა. საერთო ჯამში ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საშუალო სიმაღლე არჩია და სწორედაც რომ ასეთი რეაქცია უნდა მოყოლოდა მის გამოსვლას. ეს გამოსვლა წინა გამოსვლისგან განსხავდებოდა იმით, რომ იყო ნაკლებად ემოციური და უფრო აკადემიური, ვიდრე წინა გამოსვლა და საკმაოდ გამართული პოლიტიკურადაც”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ, თუმცა, იგი პრეზიდენტის გამოსვლაში ხარვეზებსაც ხედავს.
„პრეზიდენტის გამოსვლაში ერთადერთი, რაც მეხამუშა და არ მესმიამოვნა, იყო ის, როდესაც ლაპარაკობდა დემოკრატიაზე და ოპოზიციაზე – როცა თქვა, რომ საჭიროა გაერთიანება. ეს შეიძლება სწორია, მაგრამ პარალმენტის ტრიბუნიდან და პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული იგულისხმება, როგორც ოპოზიციის მოწოდება ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ აქ ცოტა სიფრთხილე იყო საჭირო“, – განუცხადა “რეზონანსს” ვახტანგ ძაბირაძემ.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში?
გვანცა წულაია
(შემოკლებით)
გუშინ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური საანგარიშო მოსმენით წარსდგა. მისი გამოსვლა მეტწილად ხელისუფლებისადმი კრიტიკული იყო. (…)
როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): “ვფიქრობ, სიღრმისეული გამოსვლა არ იყო. ცოტა ზედაპირული, ინფორმაციული და აქედან გამომდინარე, შედარებით მოკლე გამოსვლა იყო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ასრებულ სიტოაციის შეესაბამება. როგორც ყოველთვის, ოპოზიცია და უმრავლესობის ნაწილი ერთმანეთს ებრძვიან. თუმცა, ყველაზე მთავარი სხვა პრობლემაა. მთავარი სიმართლე და საბოლოო ჯამში ზუსტი დასკვნების გამოტანაა. შეფასება იმისა, რაც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გაკეთდა, გაცილებით უფრო კარგად არის გასააზრებელი. გარკვეული წინსვლა არის, თუმცა, ყველაფერი იმის შესრულებას, რაც დანაპირებში იყო, ქონდეს შედეგი, გარკვეული დრო სჭირდება.
გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “პრეზიდენტის გამოსვლა აქტუალურ საკითხებსაც ეხებოდა. ვისურვებდი, რომ მისი გამოსვლები, კონსტიტუციური და უფრო საქმისკენ მიმართული იყოს. მმართველი ძალის განცხადებებს შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ შიშით გამოწვეულია. მმართველი ძალის წარმომადგენლებმა აბსოლიტურად არაკონსტიტუციური განცხადებები გააკეთეს.”
ქეთი ბექაური (იურისტი): “ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე მიუთითებს, რომ ყველა საკითხი გაშუქებული და ყურადღება მიქცეული არ იქნა. თავად მისი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანიოში დადებითად და პოზიტურად შესაფასებელია. თუმცა, პარლემენტში მყოფი პირების და საზოგადოების ინტერესები რამდენად დაკმაყოფილდა, არ ვიცი. ვფიქრობ, საზოგადოებას გარკვეული შეკითხები დარჩა.”
გივი სიხარულიძე (მსახიობი): “ჩემთვის დღევანდელი პარლამენტი და პრეზიდენტის გამოსვლა კომედიას უფრო ჰგავდა. თუმცა, უბრალოდ კომედია რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. დღევადელი დღე ტრაგიკომედიაა. აშკარად გამოიხატა სხვადასხვა პარტიებს ერთმანეთი როგორ სძულთ. ის ქვეყანა, რომელშიც ყველაფერი სიცრუეზეა აგებული, ვერ შედგება.”
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „გიორგი მარგველაშვილს აქვს შანსი, რომ საკუთარი რეიტინგით გახდეს პრეზიდენტი და არა „ნასესხებით“
ნინო ქეთელაური
„თუ პრეზიდენტი რაღაცნაირად მონახავს საერთოს დანარჩენ ლიდერებთან, მაგალითად, დათო უსუფაშვილთან, ასევე დავით ბაქრაძესთან და ის ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის რჩეული გახდება, მას აქვს შანსი, რომ საკუთარი რეიტინგით გახდეს პრეზიდენტი და არა „ნასესხებით“, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველიიყო ისევ თავის პოზიციას დაუბრუნდა და კვლავ მოლოდინშია, რომ მომავალი არჩევნების დროს მაინც მონახავს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც მისთვის მისაღები იქნება.
კორნელი კაკაჩია: სიმართლე გითხართ, საზოგადოებრივი კვლევების შედეგებში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. საზოგადოების განწყობები ასეთი რომ იქნებოდა, ეს მეტ-ნაკლებად ისედაც ჩანს იმ მდგომარეობიდან, რაც არჩევნების მერე ჩამოყალიბდა. ასევე ბუნებრვია ის შედეგები, რაც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. იმიტომ, რომ, როგორც წესი, არჩვნების მერე პარტიების რეიტინგი იკლებს ხოლმე. პარტიები არჩევნების პერიოდში მაქსიმუმს აკეთებენ და ზოჯგერ ნეიტრალური ამომრჩევლის თავისკენ გადაბირებასაც ახერხებენ. თუმცა, თუ ნეიტრალურმა ამომრჩეველმა ცუდსა და უარესს შორის გააკეთა არჩევანი, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივ კვლევებში ისევ იმ პარტიას მისცემს ხმას. ის, ვინც გადაუწყვეტელი იყო, ისევ თავის პოზიციას დაუბრუნდა და კვლავ მოლოდინშია, რომ მომავალი არჩევნების დროს მაინც მონახავს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც მისთვის მისაღები იქნება.
- ამ შედეგების გათვალისწინებით, მოსალოდენლია თუ არა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა ძალამ გაცილებით ცოტა ხმა მიიღოს, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
- ამის წინასწრ განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ამ მხრივ საგანგაშო არაფერი აქვთ, თუ რაღაც სერიოზული შეცდომა არ დაუშვეს, ან რაღაც კრიზისმა არ მოუწრო. აქ ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროგრამა, რომელიც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებისთვის დასჭირდებათ. ის უნდა იყოს რეალობას მორგებული და ასახავდეს ამომრჩევლის ინტერესებს. თუ მათ ეს ყველაფრი მოახერხეს, არ მგონია, რომ ხმების მხრივ პრობლემები შეექმნათ, მაგრამ თუ ამ კომპონენტებიდან რომელიმეს უგულებელყოფა მოხდა, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ მათ ისეთივე შედეგი ვერ მიიღონ, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული რისკიც არსებობს. თუკი ჩვენს “ტრადიციას” გადავხედავთ, როგორც წესი, ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან ჭირს ხოლმე ამომრჩევლის მოყვანა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის.
- „აირაი“-ს კვლევის თანახმად, 53% რუსეთთან დიალოგის მომხრეა, კატეგორიული წინააღმდეგი – მხოლოდ 10%. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროატლანტიკურ სწრაფვას აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს და „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასაც ნეგატიურად აფასებს. როგორ შეიძლება ეს აიხსნას?
- ეს არის ერთგვარი ამოცანა ქართველი ამომრჩევლის, რომელსაც უნდა, რომ ორი შეურიგებელი რამ მოხდეს. სურს, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში იხილოს (ეს მათი გულწრფელი სურვილია), მაგრამ ამავე დროს უნდა, რომ რუსეთთან ურთიერთობაც შეინარჩუნოს. თუმცა, პოლიტიკური რელობები, რომელიც ჩვენ რეგიონში გვაქვს, მითუმეტეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს არც საქართველოს ხელისუფლების სურვილებზეა დამოკიდებული. ამის მზეზი ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ორივე შესაძებლობას ერთად არ განიხილავს. კრემლის პოზიციაა, რომ ან ჩვენთან უნდა იყოთ და ჩვენ გვეკუთვნოდეთ, ან ჩვენი მტერი იყოთ. ქართველ ამომრჩეველს კი უნდა, რომ იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, მაგრამ ამავე დროს ჰქონდეს ეკონომიკური და სოციალური კავშირები რუსეთთან. გასაგებია საქართველოს მოსახლეობის სურვილები, მაგრამ რეალობა მეორეა, რომელთანაც პრობლემებს ვაწყდებით.
დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საგარეო პოლიტიკა, როგორსაც საზოგადოება ითხოვს. ჩვენ თან დავუახლოვდით ევროკავშირს, წინ მდივართ და ამავე დროს, რუსეთთან ვითომ დავალაგეთ ეკონომიკური თუ სოცალური პოლიტიკა. თუმცა, როგორც ვხედათ, ამას შედეგები არ მოაქვს. ამაში განსაკუთრებით ბოლო სამი დღის განმავლობაში დავრწმუნდით, რადგან რუსეთი არ ცვლის საკუთარ სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, თუ იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებთან დაიდო. ამიტომ, სრულიად მესმის საზოგადოების განწყობა და ვიცი, საიდანაც მომდინარეობს. გარკვეულწილად ეს შეიძლება იმითაც არის გამოწვეული, რომ ამ ხალხს არ უნდა ომი და რუსეთთან დაპირისპირება, ამიტომ ურჩევნია იყოს დიალოგი.
- ის ფაქტი, რომ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი პრეზიდენტია, რაზე მეტყველებს?
- ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება რაღაც ალტერნატიული ძალის ძიებაშია და ამ კუთხით ძალიან საინტერესოა პრეზიდენტის ფიგურა. მან, სხვა პოლიტიკური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მოახერხა ის, რომ გახდა მიზიდულობის ცენტრი იმ ხალხისთვის, რომელიც არ ეთანხმება ხელისუფლებას და სჯერა, რომ საქართველოში უნდა იყოს ისეთი პოლიტიკურ ინსტიტუტები, რომლისგანაც ხელისუფლება გამიჯნული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ მარგველაშვილი “ქართული ოცნებიდან” აირჩია, ის პირველივე წუთებიდან დაუპირისპირდა თავის გუნდს და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია, რომელსაც დღემდე ატარებს. როგორც ჩანს, ამან გაამართლა და საზოგადოებას რეალურად სურს, რომ ყველა შტო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იყოს. მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებაც, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ჯერ ვერ მივაღწიეთ. საზოგადოება ხედავს, რომ დაანარჩენი ინტიტუტების დამოუკიდებლობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია და ერთადერთი, ვინც ამას მეტ-ნაკლებად ახერხებს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტია. თუმცა, ასევე ხედავს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტებიდან გამომდინარე, ის საფრთხის წინაშეა, რადგან არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა იყოს არჩეული. საზოგადოების გაწყობებზე ამანაც გარკვეულწილად იმოქმედა.
- „ოცნებისა“ და პრეზიდენტის მუდმივი დაპირისპირების ფონზე, რამდენად შესაძლებელია, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად მეორე ვადით ვიხილოთ?
- ჯერ უნდა ვიცოდეთ, ის აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას. მაგრამ თეორიულად, თუ ის რაღაცნაირად მონახავს საერთოს დანარჩენ ლიდერებთან, მაგალითად, დათო უსუფაშვილთან, დავით ბაქრაძესთან (რომლებსაც აგრეთვე მაღალი რეიტინგი აქვთ) და ის გახდება ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის რჩეული, მას აქვს შანსი, რომ საკუთარი რეიტინგით გახდეს პრეზიდენტი და არა ნასესხებით, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა, როდესაც ის ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილმა და “ოცნებამ” გაიყვანა კანდიდატადად. თუმცა, აქ ასევე მნიშვნელოვანია, ვის დააყენებს ხელისუფლება კანდიდატად და იმ პერიოდისთვის როგორი იქნება საზოგადოებრივი განწყობები.
„ვერსია“, 07-10 აპრილი, 2017 წელი
„ბატონო პრეზიდენტო, ხელფასი რამდენი გაქვთ და რაში იღებთ?!“
რა კითხვები აქვთ მოქალაქეებს გიორგი მარგველაშვილთან
თათია გოჩაძე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლასტან დაკავშირებით „ვერსია“ დაინტერესდა, რა კითხვები აქვთ პრეზიდენტთან რიგით მოქალაქეებს? სწორედ ამიტომ, ქუჩაში გამვლელებს ვკითხეთ – „პარლამენტარი რომ იყოთ, პრეზიდენტს რა კითხვას დაუსვამდით?“.
გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის მიმართ სკეპტიკური აღმოჩნდა, ზოგს კი ინფორმაცია არ აქვს, რომ მისი უფლებები დღეს შეზღუდულია და ისეთი პრობლემების მოგვარებას ითხოვს, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის:
სალომე, 26 წლის: „პრეზიდენტობის პერიოდში რა გააკეთა ხელისუფლებამ უმუშევრობის დონის დასაწევად და თავად როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზებს. ასევე, თუ ფლობს ინფორმაციას, რა ბედი ეწევა გარემოვაჭრეებს, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ აუკრძალეს საქმიანობა. სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ამას?“
ნათელა, 57 წლის: „მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში თუ მიიღებს მონაწილეობას და თუ ამის ამბიცია აქვს, რატომ? ბევრი რამე გააკეთა, რაც პრეზიდენტია?“.
დიმიტრი, 39 წლის: „ბატონო პრეზიდენტო, ფული მხოლოდ საზღვარგარეთ კი არა, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისასაც რომ დახარჯოთ, არ გინდათ?! თუ ხალხი მხოლოდ იმისთვის გჭირდებათ, აგირჩიონ?!“.
ნატო, 30 წლის: „რატომ არ გამოეხმაურეთ რუსეთში მომხდარ ტერაქტს?“
მაია, 43 წლის: „პარლამენტის დეპუტატმა პრეზიდენტს კითხვა რომ დაუსვას ან ერთი უნდა არსებობდეს, ან მეორე. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს!“
ნინო, 27 წლის: „ვკითხავდი, რატომ სურს მარიონეტის როლში ყოფნა?“
მამუკა, 60 წლის: „იმდენად მეცოდება, რომ ვერაფერს ვკითხავდი“.
ასმათი, 58 წლის: „გარემოვაჭრეები რომ აყარეს, ხმა რატომ არ ამოიღო?! ხალხი გაღატაკებული რომაა, ყურს რატომ არ იბერტყავს? გამოვიდეს და თქვას, რომ ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ, ვის აინტერესებს მაგის არჩევის წესი!“
გიო, 20 წლის: „ვა, პრეზიდენტიც გვყავს?“ (იცინის)
ნატა, 23 წლის: „კიდევ ქსოვს ხოლმე?“
გოგი, 59 წლის: „საქართველოს პარლამენტი ხროვაა, იქამდე მიგვიყვანენ, ქუჩაში გამოვალთ და ადგილს მივუჩენთ სათითაოდ! ჩვენი ფულით რა უფლებით იწერენ პრემიებს?! რას აკეთებენ ამის ფასს? _ არაფერს! ამ პრეზიდნეტთან კიდე რა უნდათ, საწყალი, რა დღეში ჩააგდეს! ერთი განათლებული კაცია, არ დააცადეს არაფრის გაკეთება! პარლამენტის წევრებს სათითაოდ გამოვყრიდი პარლამენტიდან!“
გაგა, 18 წლის: „მაინტერესებს, „მოსაწევის“ ლეგალიზებაზე რას ფიქრობს?“
ნუკრი, 72 წლის: „რატომ ცხოვრობს პრეზიდენტის სასახლეში?“
ანი, 21 წლის: „ბატონო პრეზიდენტო, ხელფასი რამდენი გაქვთ და რაში იღებთ?“
დიმა, 35 წლის: „ძალიან კარგი პრეზიდენტი გყვავს, ხელისუფლება არ ვარგა და ცდილობს აგრესია მარგველაშვილისკენ მიმართოს“.
„ვერსია“, 07-10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“ // რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს ცხოვრების დონე ევროპულს რომ მიუახლოვდეს
მაია მიშელაძე
საქართველოში ყველა პირობაა, რომ სამთო კურორტები ოთხივე სეზონზე განვითარდეს. თუმცა ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, სააკაშვილს ნუ დაემსგავსებიან. მისი თქმით, ტურიზმის განვითარების ნაწილში, „ოცნებასაც“ იგივე რიტორიკა აქვს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამას ბევრად ხარისხიანად, თანაც დიდი ტაშ-ფანდურით აკეთებდა და ამ მოედანზე, მას ვერ აჯობებენ. გია ხუხაშვილი ტურიზმის განვითარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს დარგი ეკონომიკის ხერხემალი ვერ იქნება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკის რეალური სექტორი უნდა განავითაროს, რათა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრას. სხვათა შორის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI – „აირაი“) კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევრობას უმთავრეს პრობლემად ასახელებს. „ვერსიასთან“ ინტერვიუში, ექსპერტი გია ხუხაშვილი სწორედ ამ კვლევის შედეგებს აფასებს, თუმცა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებული სკანდალით დავიწყეთ – 5 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ექსპერტი პრეზიდენტ მარგველაშვილს, პარლამენტში გამოსვლის ტექსტებს უწერს, რადგან ბოლო დროს, გია ხუხაშვილის და გიორგი მარგველაშვილის აზრები ერთმანეთს ემთხვევა.
- ბატონო გია, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტებს მართლა თქვენ წერთ?
- ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია, რადგან სრული პარანოიაა! ჯერ ერთი, ასე არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს რა სალაპარაკოა, არ მესმის! სინამდვილეში, მხოლოდ ვივარაუდე, რომ პრეზიდენტი იმ ძირითად პრობლემებს შეეხება, რაც დღესაა ქვეყანაში. ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, ადამიანის უფლებებს… ამ კომენტარით, ლევან კობერიძემ თავისი პოლიტიკური „კვალიფიკაცია“ აჩვენა. სხვათა შორის, მისგან განსხვავებით, „ოცნების“ ვალდებულებებსა და დაპირებებზე საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მზამზარეულზე მოსული ადამიანებისგან ასეთი საუბარი არასერიოზულია! დღეს რომ კობერიძე პარლამენტში ზის, ეს გარკვეულწილად, ჩემი დამსახურებაა და ამგვარ სისულელეს თავი დაანებოს! ამ კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში მარგველაშვილი ლიდერობს და მის რეიტინგთან დაკავშირებით, სრული ისტერიკაა, ამიტომ დეპუტატების ასეთი ეგზოტიკური გამოსვლები, სწორედ მათ განწყობას ასახავს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც ქართულ პოლიტიკაში არავის უკვირს და საერთოდ არ ვფიქრობ, ლევან კობერიძის კომენტარი ამდენ ამბად ღირდეს. ჩვენზე საუბრის უფლების მისაღებად, მას გრძელი გზა აქვს გასავლელი.
- IRI-ს კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 56%, უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რაც ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გადაჭრა...
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო, საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გართულდა. ისედაც არ იყო დალხენილი, მაგრამ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, ცხოვრება გაძვირდა, შემოსავლები არ გაზრდილა და შესაბამისად, სოციალური წნეხიც დამძიმდა. თანაც, დასაქმების მაჩვენებელი იკლებს. ხელისუფლება ეკონომიკის ზრდაზე კი გვესაუბრება, მაგრამ ეს ინტენსიური კი არა, ე.წ. ექსტენსიური ზრდაა და რეალურად, სამუშაო ადგილების მატებას არ უკავშირდება. დასაქმებული ადამიანების სოციალური მდგომარეობაც გართულდა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ორიოდე წლის წინ, 1 000-ლარიანი ხელფასი ნორმალურად ითვლებოდა, დღეს კი ასე აღარაა, რადგან სამომხმარებლო კალათაც დამძიმდა. უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა და პრეზიდენტი ვალდებულია, შესაბამისი რეკომენდაციებიც შესთავაზოს მთავრობას. ვვარაუდობ, მის გამოსვლაში ამ საკითხებს ცენტრალური ადგილი დაეთმობა.
- გამოკითხულთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 42%, საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, რუსეთს კი მხოლოდ 16% მიიჩნევს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად...
- კვლევის ეს შედეგი ლოგიკურია, რადგან ერთადერთი მიმართულება, სადაც ქვეყანა წინ მიიწევს, ევროპული მიმართულებაა და ვიზალიბერალიზაცია ამის მაჩვენებელია. სხვა მიმართულებებით, ასეთი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს, შესაბამისად, სკეპტიციზმი იგრძნობა. რუსეთთან მიმართებაშიც საგრძნობლად გაცივდა მოსახლეობის განწყობა… მაღალი მაჩვენებელი რუსეთთან თანამშრომლობის საკითხზე მაშინ იყო, როცა ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ ასე არ არის და ახლა ამ მხრივ ვარდნა გვაქვს.
- სკეპტიციზმი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც იგრძნობა - ზოგს მიაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლით ისევ ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც ევროპაში აქამდეც უპრობლემოდ მოგზაურობდნენ...
- რა თქმა უნდა, ამ სიკეთით დაახლოებით იგივე სეგმენტი ისარგებლებს. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შედეგს ვერ ნახავს, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობის დონე არ გაიზრდება და ადამიანებს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა არ გაუჩნდებათ. არის მეორე ვარიანტიც – იმდენად გაუჭირდებათ, რომ არალეგალური მიგრაცია დაიწყება, რაც არასასურველი სცენარია. ეს შეიძლება სერიოზულ სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცეს. ზიარჭურჭლის პრინციპით ვითარდება აქ ყველაფერი, ლამაზი ცოლი რომ მოიყვანო, პირი ხომ მაინც უნდა დაიბანო? როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, ბუნებრივია, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია. დასაქმების პრობლემა უნდა გადაიჭრას და სოციალური რისკები შემცირდეს, რის გარეშეც ევროინტეგრაცია ბუნებრივი არ იქნება.
- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსახლეობა სხვა ქვეყანაში ლეგალურად დასაქმდეს, შესაძლებელია, ევროკავშირის ქვეყნებთან ისეთი ხელშეკრულების შემუშავება, რაც ლეგალურად დასაქმებას ხელს შეუწყობს?
- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია და ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი სამუშაო გვაქვს. მაგალითად, აზერბაიჯანს ვიზალიბერალიზაცია არ მიუღია და მაინც და მაინც არც ევროკავშირისკენ მიილტვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ევროკავშირში სამუშაო კვოტები აქვს. ვფიქრობ, საქართველოს დიდი სამუშაო ველი აქვს, რომ როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირშიც, მაქსიმალური სამუშაო კვოტები მიიღოს. შესაძლებელია, სამუშაო კვოტები გარკვეული მიმართულებებითა და პროფესიების მიხედვით გამოიყოს. თუ ქვეყნიდან კადრების გადინება არ გვინდა, ისინი აქ უნდა დავასაქმოთ. ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში, ხალხი კვალიფიკაციას აიმაღლებს და როცა საქართველოში სამუშაო ადგილები გაჩნდება, სიხარულით დაბრუნდება.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა არც ისე შორეული პერსპექტივაა, მაგრამ დაპირებებში ხუთი წელი გავიდა. რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს ცხოვრების დონე ევროპულს მიუახლოვდეს?
- სტაბილური ეკონომიკის შესაქმნელად, ეკონომიკის რეალური, მწარმოებელი სექტორი უნდა განვავითაროთ. მხოლოდ ეკონომიკის მწარმოებელ სექტორში იქმნება დამატებითი ღირებულება, რაც თავისთავად, სამუშაო ადგილებს ქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, იმპორტ-ექსპორტის სალდო ისეთია, ფაქტობრივად, საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა. ეს ნიშნავს, რომ მუშახელს იმ ქვეყნებში ვასაქმებთ, საიდანაც იმპორტირებულ პროდუქტს მოვიხმართ. ეკონომიკის რეალური სექტორის განსავითარებლად, საკმაოდ მკაცრი, ხისტი და პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. მესმის, ლიბერალური რიტორიკა სასიამოვნო და მომგებიანია, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ ეტაპს გავივლით და საკუთარ მწარმოებლურ, კონკურენტულ სექტორს შევქმნით. დღეს თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯები თუ არ გადავდგით, რათა საკუთარი, კონკურენტუნარიანი საწარმოო სექტორი შევქმნათ, სისტემურად არასდროს არაფერი გამოსწორდება.
- არაპოპულარულ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიდა ბაზრის დაცვას. სამი ან ხუთი წელი ადგილობრივ, გნებავთ უცხოელ ინვესტორებს, საშუალება უნდა მივცეთ, ინვესტიციები რეალურ სექტორში განახორციელონ. ეკონომიკური საზღვარი კი ისე დავიცვათ, რომ პირველ ეტაპზე, გარანტირებული შიდაბაზარი ჰქონდეთ. როცა კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქცია გვექნება, იმპორტი სახიფათო აღარ იქნება. მარტივი სქემაა და ასე იმოქმედა ყველა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკის შესაქმნელად. უმუშევრობის პრობლემა მხოლოდ ამ გზით მოგვარდება, რადგან დასაქმება მხოლოდ რეალურ სექტორშია შესაძლებელი.
- რატომ ვერ დგამს ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯს დღეს, რა უშლის ხელს?
- პასუხისმგებლობას ვერ იღებს და იმიტომ! ხელისუფლებას სხვადასხვა ვალდებულებებთან დაკავშირებით, იგივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) მიმართ, გარკვეული შიში აქვს. ყველას უნდა ამ კომფორტში ცხოვრება და ლიბერალური რიტორიკითაც ამიტომ გვკვებავენ, თუმცა ჩვენ დღესაც კი შეგვიძლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების გზით, შევთანხმდეთ, რომ გარკვეული პერიოდი, ხისტი პოლიტიკა გავატაროთ. ასე მოიქცა ბევრი ქვეყანა, იყო პოლემიკა და პრობლემებიც ამ ინსტიტუტებთან, მაგრამ პრობლემები გადაილახა და ამის გამო, მსო-დან არავინ გაურიცხავთ. ჩვენ ახლა ნაციონალურ ინტერესებზე ვსაუბრობთ, რასაც სერიოზული პოლემიკა და რისკი მოყვება, მაგრამ პოლიტიკაც ესაა.
„ვერსია“, 07-10 აპრილი, 2017 წელი
ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან
ნინო ლურსმანაშვილი
რა საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება პროფესიულ განათლებაში? როგორ უნდა იქცეს სკოლა მოსწავლეების საყვარელ ადგილად, მასწავლებელი კი, მოსწავლის გულშემატკივრად? რა იცვლება სასწავლო გეგმაში? დაურიგებენ თუ არა პირველკლასელებს კომპიუტერებს? მიიღებენ თუ არა სკოლაში 5 წლის ბავშვებს? ყველა კითხვას, რომელიც ბოლო დროს მოქალაქეებს უჩნდებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ,,ვერსიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხობს.
- ბატონო ალექსანდრე, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, პრემიერსა და სტუდენტებთან ერთად ევროპის ქვეყნებს ეწვიეთ. ვიზალიბერალიზაცია სტუდენტებს ბევრ სიკეთეს სთავაზობს, მაგრამ საინტერესოა, საქართველოში როდის იქნება შესაძლებლობა, ჭეშმარიტად ევროპული განათლება მიიღო?
- ვიზალიბერალიზაცია ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი წარმატებაა. ვოცნებობ, მაგალითად, საქართველოში მაღაზიის მფლობელი წავიდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში და იქაური მაღაზია დაათვალიეროს. ანუ, ეს მარტო სწავლის კი არა, იმის შესაძლებლობაა, მიხვდე და გაითავისო, რეალურად სად მივდივართ. ბედნიერებაა, თუ უფროსკლასელებს მშობლები დამოუკიდებლად უშვებდნენ, მაგალითად ბათუმში, ამიერიდან გაუშვებენ ბუდაპეშტში.
- გაუშვებენ, ფინანსური შესაძლებლობა თუ ექნებათ...
- ჩვენი ხელმომჭირნე ხალხი, ერთხელ იქნება თუ ორჯერ, გაუშვებს. მგონია, ბევრი ადამიანი შეეცდება, შვილებს ამ შესაძლებლობით ასარგებლოს და სახელმწიფოც ხელს შეუწყობს. რაც შეეხება ევროპულ განათლებას, ამგვარად გიპასუხებთ: საბჭოთა კავშირში, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, რიგ სფეროში მესამე-მეოთხე, ზოგში პირველ-მეორე ადგილს იკავებდა. მსოფლიოში საბჭოთა განათლების სისტემა მაღალრეიტინგული იყო. ზოგიერთ სპეციალობაზე კონკურენტული ხარისხი გვაქვს. დღეს საქართველოში, 20-მდე პროგრამაზე, საერთაშორისო დიპლომი გაიცემა, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროპულ თუ ამერიკულ ხარისხს. მომდევნო რამდენიმე წელში, ვფიქრობთ, ამ პროგრამების რაოდენობაც გაიზრდება და მათზე რიცხული სტუდენტებისაც. საქართველოში ევროპული განათლება უკვე არის და გასარკვევი მხოლოდ, უფრო მასობრივი როდის იქნება. მგონია, ეს რამდენიმე წელში მოხდება. 13 აპრილს დუბაიში დიდი საგანმანათლებლო გამოფენა იხსნება, სადაც ჩვენი სამინისტრო, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს სიამაყით წარადგენს. ასე რომ, უმაღლეს განათლებაში ძალიან ნათელი პერსპექტივა გვაქვს.
- იგივეს თქმა თუ შეგიძლიათ პროფესიულ განათლებაზე და რეალისტურია თქვენი სურვილი, სამომავლოდ, პროფსასწავლებელში მეტი ახალგაზრდა წავიდეს, ვიდრე უმაღლესში?
- სკოლაში ევროპული სტანდარტებისგან ცოტა შორს ვართ და აქ მეტია სამუშაო, თორემ პროფესიული განათლებაც სწრაფად ვითარება. ადრე გვეუბნებოდნენ, ცუდად თუ მოიქცევი, პროფში გაგგზავნითო… ეს სასჯელის მსგავსი იყო, არადა შრომის ბაზარზე, 60% მაინც, სხვადასხვა პროფესიაზე, ხელობაზეა მოთხოვნა. პროფსასწავლებლების პოპულარობა იზრდება და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: სწავლა უფასოა, პროფესიების რაოდენობა იზრდება და წელს უკვე 150-ს აჭარბებს, გვაქვს დუალური მიდგომა – თან მუშაობ, თან ,,ნათლდები” და სასწავლებლების უმეტესობა ტექნიკურად, უმაღლესებზე უკეთაა აღჭურვილი. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ახალგაზრდა 5 და მეტი წელი არ უნდა ელოდოს პროფესიაში შესვლას – სწავლა 2-წლიანია, ერთი წლის შემდეგ კი ყველა დასაქმებულია. ანუ, ეუბნები შვილს, შეგიძლია პროფესიას მოკლე დროში დაეუფლო და ერთ წელში იმუშაო.
- ეს თქვენ შვილსაც ურჩიეთ, თურმე. მიიღო უკვე გადაწყვეტილება?
- ჯერ არა, დაფიქრდა. სამაგიეროდ, უფროსი შვილი ამბობს, ნეტა ჩემ დროს ყოფილიყო ასეთი შესაძლებლობებიო. ბევრი ახალგაზრდა, უმაღლესის პარალელურად სწავლობს პროფსასწავლებელში. თუკი გაინტერესებს, რატომ არ უნდა დაეუფლო უფასოდ ფოტოგრაფიას, მკერავის პროფესიას…
- უფასო სწავლებას უარყოფითი მხარეც ხომ აქვს - აქ ნაკლებად დაინტერესებული სტუდენტები შეიძლება მოხვდნენ?
- პროფსასწავლებლებში იმდენად პრაქტიკული სამუშაოა, თუ არ გაინტერესებს, არ გაჩერდები. მევენახეობას რომ სწავლობს ადამიანი, სულ ვენახშია და თუ არ აინტერესებს, ვინ დააკავებს იქ? უმაღლესის უფასო ფაკულტეტებზე უფრო ნახავთ დემოტივირებულ ხალხს, ვიდრე პროფსასწავლებლებში, სადაც ჩქეფს ცხოვრება. იზრდება პროფსასწავლებელში სწავლის მსურველთა რაოდენობაც – შარშანწინ 7,5 ათასი ადამიანი ჩაირიცხა, შარშან 10 ათასი, წელს კი გაზაფხულის ნაკადის რეგისტრაცია 8 აპრილს მთავრდება და მოთხოვნა იმდენად დიდია, ჩვენი ვარაუდით, 12-15 ათასამდე ავა. სოფლის მეურნეობასთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები, ტრაქტორისტი, ამწის ოპერატორი, მდივან-რეფერენტი, მკერავი, პროგრამისტი, ბარმენი, შემდუღებელი, ფილის დამგები… ყველაზე მოთხოვნადია, რადგან მათზე მოთხოვნა ბაზარზეცაა, რაც პრაქტიკულად, ასპროცენტიან დასაქმებას ნიშნავს. ტესტირებაც იმდენად მარტივია, რეპეტიტორი არ გჭირდება. ე.წ. კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოზეც გადავდივართ – დიპლომში იწერება რომელი დონის კვალიფიკაცია აქვს, რაც ევროპელი დამსაქმებლისთვის, ადვილად მისახვედრია. ანუ, პირობითად, საფრანგეთში დამსაქმებელი ადვილად მიხვდება, რა შეუძლია საქართველოში დახელოვნებულ, მეოთხე, მესამე ან პირველი დონის მზარეულს, ტორტის მცხობელს, ფოტოგრაფს…
- ამ სიახლეების გარდა, კიდევ რა ინციატივებია შესაბამის კანონპროექტში?
- სრულიად ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, ევროპელ მეგობრებთან ერთად შევიმუშავეთ. უმთავრესი სიახლეა სკოლისა და პროფსასწავლებლის თავსებადობა. აქამდე თუ ბავშვი მე-9 კლასიდან წავიდოდა პროფესიულ განათლებაში, უმაღლესში ვეღარ ჩააბარებდა. ჩვენ ვამბობთ, შეუძლია ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელში, ოღონდ სკოლაც დაამთავროს. მგონია, პროფსასწავლებლები გახდება სპეციალიზებული სკოლები. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე არაფორმალური განათლების აღიარება. ძველი კანონით, მაგალითად ფოტორეპორტიორის დიპლომის აღება რომ მოგენდომებინათ, თუნდაც გამოცდილება გქონოდათ, თქვენს ცოდნას ვერანაირი მეთოდით შეამოწმებდნენ და ელემენტარულიდან უნდა დაგეწყოთ სწავლა. ასე აღარ იქნება და სამომავლოდ, ნასწავლ საგნებს ჩაგითვლით. პარალელურად, შესაძლებელი ხდება, პროფსასწავლებელში ნასწავლი საგანი უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაგეთვალოთ. უამრავი რამ იცვლება კრედიტების დათვლის სისტემაში, დიპლომებთან დაკავშირებით… კანონის საჯარო განხილვები უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობთ, წელს დამტკიცდება.
- ბრძანეთ, უფასო ფაკულტეტები ისეთ ხალხის ნავსაყუდელი არ უნდა იყოს, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდნენო. როგორ მოახერხებთ ამას?
- უფასო ფაკულტეტებზე იპოვი მოტივირებულ ბევრ სტუდენტს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სხვაგან ვერ მოხვდა და ქუჩაში დარჩენას, აქ სწავლა ამჯობინა. ეს უნდა მოწესრიგდეს. უნდა შემოწმდეს, რომ ბავშვი ნამდვილად სწავლობს და შედეგს აღწევს. მეტი უფასო ფაკულტეტი უნდა გვქონდეს, ოღონდ ნაკლები ადგილით. თანაც, ამ ადგილებზე, მაღალქულიან აბიტურიენტებზე იყოს მოთხოვნა და არა ისეთებზე, ვინც სხვაგან ვერ ჩაირიცხა.
- იმას როგორ და რა ვადაში აპირებთ, სკოლაში მოსწავლეები სიხარულით წავიდნენ?
- ზოგად განათლებაში რამდენიმე სიახლეა. მაგალითად, შესაფერისი სასწავლო პროგრამა. შუა კლასები (მე-6-9) განიტვირთება, საინტერესო და სახალისო გახდება. მე-10-მე-12 კლასების პროგრამა კი – დატვირთული. პარალელურად, გვინდა, მასწავლებელი გადაიქცეს გულშემატკივრად. დღეს პედაგოგს ბევრი ე.წ. ბიუროკრატიული ვალდებულება აქვს, რაც უნდა შევცვალოთ – ბავშვთან ურთიერთობის მეტი დრო და ხალისი უნდა ჰქონდეს, კარგ ხასიათზე და ბედნიერი იყოს. პატრიარქმა მითხრა ერთხელ, როცა ამ რეფორმით დაინტერესდა, ქიმია არ მიყვარდა, რადგან მასწავლებელი არ მიყვარდა. შეიცვალა მასწავლებელი და შემიყვარდა საგანიცო. თუ მასწავლებელი შეშინებული და დაძაბულია, ბედნიერი ვერ იქნება. ჩემთვის პრინციპული საკითხია, მასწავლებლებმა თქვან, აგაშენა ღმერთმა, დავისვენეთ, დავმშვიდდითო და მოესიყვარულონ ბავშვებს. ხელფასითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ, ამიტომ, როგორც ვგეგმავდით, საბაზო ხელფასი, დანამატები გაიზრდება.
ყველა პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ამიტომ ვახსენებ ხშირად, მაგალითად საპირფარეშოებს, თორემ კი არ მეხალისება. ინფრასტრუქტურა თუ არ გაქვს, სამინისტროდან მუშტებს თუ უქნევ, ხელფასი არ არის კარგი და წიგნი და ტექნოლოგია, მასწავლებელს რას სთხოვ? თუ ასეთ პირობებში ვინმე მაინც მაგარ გაკვეთილებს ატარებს, დიმიტრი ყოფილა, გელოვანი. ასეთი გელოვანი ათასობით გვყავს და მათზე უნდა ვილოცოთ, მაგრამ გავაუმჯობესოთ პირობები, რათა მათი რაოდენობა გაათმაგდეს. სხვათა შორის, მუქარა რომ გავაქრეთ და ვთქვით, პრაქტიკოს მასწავლებელს გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში სკოლიდან აღარავინ გააგდებსო, გვეუბნებოდნენ, ასე გამოცდის ჩაბარებას აღარავინ ისურვებსო და იცით, რა მოხდა? გაორმაგებულია გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა იმიტომ, რომ პედაგოგი აღარ ნერვიულობს, ჩაჭრის აღარ ეშინია, სამაგიეროდ, წინსვლა უნდა. სხვათა შორის, ვცვლით მიდგომას ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც – ალბათ არცოდნის გამო ვამბობდით, რომ ტექნოლოგიები ჯერ პედაგოგმა უნდა ისწავლოს კარგად და ასწავლოს ბავშვს. ეს თეორიულადაა შეუძლებელი, რადგან 6 წლის ნუცამ უკეთ იცის აიპოდიც, კომპიუტერიც და ტელეფონიც, ვიდრე 60 წლის ნათელა მასწავლებელმა. იმის კვალიფიკაცია, ინტერნეტი გამოიყენონ, ფილმი აჩვენონ მოსწავლეებს… ჩვენს პედაგოგებს აქვთ. პოვერ პოინტისა და სხვა პროგრამის ზედმიწევნით ცოდნა კი აუცილებელი არაა.
- თქვენი ერთ-ერთი იდეა იყო ძირითადი თანხების პატარა სკოლებისკენ მიმართვა. დიდი სკოლების დირექტორები ამ გადაწყვეტილებას არ აპროტესტებენ?
- არა. არ დავიჯერებდი, მაგრამ 2100 სკოლიდან, 1400 აღმოჩნდა ისეთი, სადაც 200 ან ნაკლები ბავშვი სწავლობს. ვაპირებ, ეს სკოლები გახდნენ მოწინავე ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში გარღვევას მოვახდენთ. ვოცნებობ, ნებისმიერ სოფელში იყოს სკოლა, სადაც შეხვალ და გული გაგინათდება. სამწუხაროდ, სოფლები დაცარიელდა. შენობები დიდია და ცოტა მოსწავლე დადის. არის საშუალება, სკოლა სოფლის ცენტრად იქცეს. საბავშვო ბაღიც იქვე იყოს, სპორტული დარბაზიც მთელი სოფლისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ბიბლიოთეკაც.
- თუ მოგვარდა სახელმძღვანელოების პრობლემა და წელს თუ მოესწრება ახალი წიგნების დაბეჭდვა?
- სახელმძღვანელოების პრობლემა არც მოგვარდება იმ გაგებით, რომ ჩვენ დროში სანამ ამთავრებ მის წერას, უკვე მოძველებულია. უნდა მოვახერხოთ, რომ ყოველ წელს ჩნდებოდეს ახალი სახელმძღვანელოები. გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოსაზრება მქონდა, სახელმძღვანელოები დარჩება უფასო და მათ გამომცემლები დაამზადებენ. ფასთან დაკავშირებით კონკურენცია აუცილებელია, რადგან ბიუჯეტის თანხებს ვხარჯავთ და ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ მიდის, თუმცა პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, წელს 1-6 კლასებში ახალი სახელმძღვანელოები გვექნება. სიახლეა, რომ ტექსტი გვექნება გამზადებული, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ყველა გაეცნობა. უფროს კლასებში, როგორც მოგახსენეთ, სასწავლო გეგმაა შესაცვლელი, რაზეც სპეციალისტები თავდაუზოგავად მუშაობენ. წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოებიც, რაც ძალიან კარგი სიახლეა.
- სიახლეს ხომ არ უნდა ველოდეთ „ბუქებთან“ დაკავშირებით და 5 წლის ბავშვებს ხომ არ მიიღებენ სკოლაში?
- არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს 5 წლის ბავშვები ისევ შევლენ სკოლაში. საბჭოთა გადმონაშთია, თითქოს ბავშვმა უნდა მოასწროს სკოლის დამთავრება და ჩაბარება, ჯარის ასაკამდე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, აუცილებლად უნდა წავიდნენ საქართველოს ჯარში, რომელიც უფრო მოკლევადიანი გახდა. ჯარი ახალგაზრდებისთვის, მათი ფიზიკური მომზადებისთვის, დისციპლინისთვის, დამოუკიდებლობისთვისაა სასარგებლო. რაც შეეხება კომპიუტერებს, სხვა მოსაზრება მქონდა, მაგრამ დამარწმუნეს, რომ სამწუხაროდ, ეს ბევრ ოჯახში, პირველი კომპიუტერია, ამიტომ აუცილებლად გადავცემთ. ასევე გვსურს, იყოს შეღავათიანი განვადება, მაგალითად სმარტფონებზე, რათა ნებისმიერი მოსწავლე იყოს ტექნიკით აღჭურვილი.
- ბევრ მშობელს აქვს პრეტენზია, პირველკლასელთა რეგისტრაციისას საცხოვრებელი ადგილი პრივილეგიად რომ არ ითვლება. ეთანხმებით?
- ზოგ სკოლაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სკოლას საცხოვრებლის მიხედვით კი არა (ასე რომ იყოს, პრობლემა არ შეიქმნებოდა), იმიჯის, სახელის მიხედვით ირჩევენ. გამოდის, ,,ცუდი” სკოლების რაოდენობა უნდა შევამციროთ. ამ მიზნით გვინდა, პოპულარულ სკოლებს ახლომდებარე, ნაკლებპოპულარული სკოლები ,,მივუერთოთ”. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი, ერთ ქსელში, ბრენდული სკოლის პარტნიორები იქნებიან. თუმცა სკოლა, რომელიც ლიდერთა სიაში არაა, დამოუკიდებლად რჩება, იგივე დირექტორით და მასწავლებლებით. მათ უნდა განავითარონ ერთმანეთი. ასევე გვინდა მოვსინჯოთ კერძო და საჯარო სკოლების პარტნიორობა, რაც ვფიქრობ, დადებით შედეგს გამოიღებს.
- დადებითი შედეგი თუ გამოიღო ვიცე-პრემიერად თქვენმა დანიშვნამ. რა დამსახურებისთვის დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე და ნიშნავს თუ არა თქვენი ფუნქცია იმას, რომ პიარი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სუსტი რგოლია?
- ჩვენ დროში თანამდებობებით აღარ აჯილდოებენ. ვიცე-პრემიერს მინისტრზე მეტი ხელფასი არ აქვს. ადრე თუ 10 საათამდე ვმუშაობდი, ახლა 12-მდე ვმუშაობ, ერთი კაპიკი ზედმეტი არ ამიღია და ორჯერ მეტი საქმე მაქვს. ასე რომ, ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკას, რომელსაც ვკურირებ, სუსტი რგოლი არაა, მაგრამ გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საქმეს კი არა, პიარს აკეთებდა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც საქმეს აკეთებს და გვინდა, პიარიც გავაკეთოთ ჯეროვნად. ეს სფერო მაინტერესებს, გამოცდილებაც მაქვს და მგონია, თავს კარგად გავართმევ.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
თბილისი მერის არჩევნები და „ოცნების“ სამი კანდიდატი
გვანცა ღვედაშვილი
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი სახელდება თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებიც. როგორც „რეზონანსისთვის“ ცნობილი გახდა, „ქართული ოცნება“ თბილისის მერის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს – მოქმედ პარლამენტარ გრიგოლ ლილუაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და ფინანსთან მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატურების განხილვა პარტიაში ჯერ დაწყებული არ არის. თუმცა, არ უარყოფენ, რომ მოქმედი მერი დავით ნარმანია წლევანდელ არჩევნებში სავარაუდოდ აღარ იყრის კენჭს.
„მერობის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის შესახებ ახლა გავიგე და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. საინფორმაციო წყაროები კახი კალაძესა და დიმიტრი ქუმსიშვილს ასახელებენ. თავად გრიგოლ ლილუაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე. საკმაოდ კომპეტენური ადამიანი, რომელიც თავიდ დროზე მერიაშიც მუშაობდა. თუმცა, მისი მერობის კანდიდატად განხილვის თაობაზე არაფერი მსმენია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ვერსია, რომელიც სადღაც გაჟღერდა, თუმცა, უმრავლესობაში ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
უმრავლესობის მიერ მერობის სავარაუდო კანდიდატებზე მსჯელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავჯდომარე გულიკო ზუმბაძე, თუმცა, მერობის კანდიდატად გრიგოლ ლილუაშვილს დასახელებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ლილუაშვილი წინდახედული, შორსმხედველი და გაწონასწორებული ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ მერიაში მცირე ხანი დაყო, თავი კარგად დაამახსოვრა.
„მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და არ მაქვს ინფორმაცია, ვინ სახელდება კანდიდატებად. შესაბამისად, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. თუმცა, გრიგოლ ლულუაშვილი კარგი კანდიდატურა იქნებოდა. იმ პერიოდში, როცა ის მერიაში მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმადო მცირე ხანი იყო, ეტყობოდა წინდახედულობა და შორსმხედველობა. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღებას და მსჯელობის დროს საკმაოდ გაწონასწორებული იყო. ზოგადადაც ისეთი თვისებები ჰქონდა, რომ კარგად დამამახსოვრდა“, – გვეუბნება გულიკო ზუმბაძე.
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობაზე წარდგენილი სავრაუდო კანდიდატების შანსები “რეზონანსთან” ანლიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ შეაფასა. მისი თქმით თვითმმართველობის არჩევნებში მმართველ გუნდს კარგი შანსები აქვს. ამ სამ კანდიდატურას შორის კი, მისი აზრით, ყველაზე პერსპექტიული კახი კალაძეა.
„დიმიტრი ქუმსიშვილის პერსპექტივას მე პირადად ვერ ვხედავ, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ახლანდელი მაჟორიტარებიდან საკმაოდ ბევრი, ასევე დღევანდელი მერი და პრეზიდენტიც, შედიოდნენ იმ კანდიდატთა რიცხვში, რომლებსაც შანსები ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული გარემოებების შედეგად არჩევნებში გაიმარჯვეს. ამ გარემოებაში კი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა იგულისხმება, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე პარტიული და ადმინისტრაციულით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ლოგიკით ყველას შეიძლება ჰქონდეს გასვლის შანსი. მაგრამ, თუკი თითოეულ მათგანს ტიპურ კანდიდატებად განვიხილავთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან დაბალია. მისდამი დამოკიდებულება ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, იგი მერის ყოფილი მოადგილეა, მაგრამ, თუ მას არ ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ან მმართველი გუნდისგან, მისი შანსები ძალიან მცირეა.
განსხვავებულია კახი კალაძის შანსები, რადგან, ჯერ ერთი, ის ძალიან გონივრულად მოქმედებს; მეორეც – თუ წარმოვიდგენთ პროცესს წინა საარჩევნო პერიოდის კონტექსტით, როგორ იყო წარმოჩენილი დებატებში და შეხვედრებისას, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური შეიძლება კალაძე იყოს.
„ბოლო რამდენიმე წელიწადში კახი კალაძე, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ძალიან დაიხვეწა. მას აქვს უნარი საკმაოდ კვალიფიციურად ჩაატაროს დებატები და არაერთი შემთხვევა მახსენდება, როცა საკომიტეტო მოსმენებზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” საკმაოდ ეფეტურად იყო წარმოდგენილი. ამასთან, მას აქვს ფინანსები და მხარდამჭერების საკმაოდ დიდი არმია საზოგადოების სხვადასხვა სივრცეებში. თუ კალაძე მოინდომებს მერობას და მისთვის ეს საინტერესო პოზიცია იქნება, ვფიქრობ მისი პერსპექტივება საკმაოზე მაღალიცაა. კახა კალაძის კანიდატურის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მერის არჩევნების შედეგი გადაწყვეტილად ჩაითვალოს“, – გვითხრა არჩილ გამზარდიამ.
ცნობისთვის: გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარია, ამასთან, 2016 წელს იკავებდა მერის მოადგილის თანამდებობას. მანამდე, 2015-2016 წლებში “ქართუ-ბანკის“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2014-2016 წლებში კი “ქართუ” ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრიას პოზციასას იკავებს. 2016 წლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2015 წელს, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება კახი კალაძეს, იგი ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს. 2012 წლის არჩევნებში წარდგენილი იყო სამტრედიის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად. პოლიტიკური საქმიანობა კი 2011 წლიდან “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრად გახდომის შემდეგ დაიწყო.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
ინციდენტი სარფში, რომელიც კინაღამ ანტითურქულ გამოსვლებში გადაიზარდა
ნინო ქეთელაური
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურადა გაუსწორდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ამ მოქალაქის ახლობლები ავრცელებენ. დაზარალებული ქართველი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მკურნალობს და მას პოლიცია იცავს, რადგან იგი თურქ მებაჟეებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო აქტიურადაა ამ საქმეში ჩართული. ჯერჯერობით კი მიმდინარეობს გამოძიება.
სარფის საბაჟოსთან კი გუშინ დილით ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. საზღვართან შეგროვილი ორასამდე საქართველოს მოქალაქე იქმე მყოფი თურქ მძღოლებზე საპასუხო ანგარიშსწორებასაც გეგმავდა, თუმცა, ვითარება მალე განიმუხტა. ვითარებაში გასარკვევად საქართველოს მოსაზღვრე პროვინციის გუბერნატორიც იყო გადმოსული სარფში და დახარალებულის ოჯახის წევრებს ესაუბრა.
სარფში შექმნილ სიტუაციაზე „რეზონანსს“ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.
„დილის ცხრა საათი ხდებოდა, სარფის საბაჟოდან რომ დამირეკეს. მთხოვეს გავსულიყავი, რადგან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთ-საქართველოს საზღვრის თურქეთის მონაკვეთზე გადასვლისას შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ შორის ერთი მოქალაქე – როინ ლეონიძე იყო ნაცემი, მაგრამ მოსახლეობას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. გავცრელდა ინფორმაცია, რომ ის იყო გარდაცვლილი, მაგრამ მოგვიანებით ეს არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ ის სასტიკად ნაცემი იყო. საბაჟოსთან დაახლოებით, 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი და საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, აქციაზე სიტუაცია უმართავი გახდა. „ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მხარეზე მდგომი თურქი მძღოლების და მოქალაქეებისთვის მიეყენებინათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გაჩნდა აზრიც, რომ მათი მანქანები დაეწვათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ მოქალაქის გარდაცვალება არ დადასტურდა, დაშოშმინდნენ“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, თურქეთის საბაჟოზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულის სიდედრმა გაავრცელა, რომელიც ინციდენტისას მასთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ უკან გამობრუნდა.
„დაშავებულს ახლა დედა და ცოლი ახლავს თან. სიდედრი და კიდევ რამდენიმე პირი, რომელებიც ასევე მასთან ერთად იმყოფებოდნენ, უკან გადმოვიდნენ. ეს ინფორმაციაც სწორედ მათ გაავრცელეს. როგორც ისინი ამბობენ, გადასვლისას საქართველოს მოქალაქისთვის თურქ მებაჟეს მანქანის მინაზე დაუკაკუნებია – უკან მობრუნდიო. მან ვერ გაიგო მესაზღვრემ ვის უთხრა და გზა გააგრძელა, რასაც მოჰყვა ეს ქმედება და მას 4-5 თურქი პოლიციელი გაუსწორდა“, – ჰყვება თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და თურქი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეების მიმართ ხშირად ავლენენ აგრესიას.
„როგორც ირკვევა, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება. საქართველოს მოქალაქეების უპრობლემოდ გადასვლა-გადმოსვლა დამოკიდებულია თურქი მებაჟეების და პოლიციელების განწყობაზე. თუ რამე არ მოეწონებათ, ქართველებს თურქეთში გადასვლის უფლებას არ აძლევენ და ეს ხდება ყველანაირი ახსნა განმარტების და მიზეზის გარეშე. საქართველოს მოქალაქების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას უკვე სისტემატიური სახე აქვს“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით თურქეთის მხარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს:
„სრულიად აბსურდულია და არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს ის იყო ნასვამი და ეს მოხდა 6 საათზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მისი გადასვლა მოხდა 8 საათის შემდეგ. ამასთანავე, ის ვერ იქნებოდა ნასვამი, რადგან გულით დაავადებულია (გულში სპეციალური აპარატი აქვს ჩადგმული) და მისთვის დალევა საერთოდ არ შეიძლება. ამიტომ, თუ ახლა ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქე გამოიყვანოს დამნაშავე, რომ თითქოს მან 5-6 პოლიციელი სცემა, ეს არის აბსურდი და უპასუხისმგებლო განცხადება. ამ კონკრეტულ შემთხვევას რომ თავი დავანებოთ, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ყოველდღიურად ხდება მსგავსი შეურაცხყოფები და როგორც მე მომიყვნენ, ამასწინათ ორსული ქალიც კი სცემეს. გარდა ამისა, როდესაც საზღვართან ბევრი მანქანაა, თურქეთის მესაზღვრეები ეძახიან თურქეთის მოქალაქეებს, მათ ვინც თურქეთის სანომრე ნიშნებით მართავს მანქანას და საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან გზა დაუთმეთო, ჯერ იმათ ატარებენ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებში უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება. გაჩნდა ასეთი აზრიც, რომ რადგან ჩვენ იმათ იქ ვერ ვწვდებით, აქ მოვუაროთო. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება და ჩვენმა ხელისუფლებამ თურქეთისას უთხრას, რომ კეთილი ინებონ და ისევე სცენ პატივი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც პატივსაც ჩვენ ვცემთ, როდესაც თურქეთის მოქალაქეები გადმოდიან”, – ამბობს თამაზ ბაკურიძე. მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტით თურქეთის პროკურატურა დაინტერესდა. „ამ ფაქტის შემდეგ, გუბერნატორიც გადმოვიდა საქართველოს მხარეს და ოჯახის ახლობლებს ესაუბრა. მან პირობა დადო, რომ აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად გადავამოწმებთ და თუ თურქეთის მესაზღვრე ან პოლიცია დამნაშავეა, დაისჯებაო. გუბერნატორმა ბოდიშიც კი მოიხადა”, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
დაზარალებული მოქალაქე, რომელიც თურქეთში, ქალაქ ხოფაში ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგნელმა ციალა ქათამაძემ მოინახულა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.
„ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქეს შეხვდა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. გასაუბრება მხოლოდ რამდენიმე წუთით შეძლო, რადგან თურქმა სამართალდამცავებმა სთხოვეს, საუბარი აღარ გაეგრძელებინა, ვინაიდან აღნიშნული პირი დაკავებულია. საქართველოს მოქალაქეს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც ის აცხადებს, საბაჟოზე მებაჟეებმა სცემეს. თურქეთში საქართველოს გენერალურ კონსულთან კონტაქტი გვაქვს და მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას ვიღებთ. სხვა დამატებითი დეტალების დაზუსტება ვერ მოხდა, რადგან დრო შეზღუდული გვქონდა”, – აღნიშნა ციალა ქათამიძემ.
საქართველოს საგარეო უწყებაში „რეზონანსს“ განუმარტეს, რომ სარფის საბაჟოსთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს თურქული მხარისგან მიღებული აქვს საკმარისი ინფორმაცია და რომ გამოძიება მიმდინარეობს.
„ჩვენი საკონსულო ამ საქმეში ჩართულია, რათა ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს უზრუნვეყოფილი. ამასთანავე, საკონსულო თანამშრომლობს თურქულ მხარესთან. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დედატალები გაირკვევა“, – აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება თურქი მებაჟეების მხრიდან აგრესიის გამოვლენის გახშირებულ შემთხვევებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ და თუ მსგავსი ფაქტი საკონსულოს ეცნობება, ის ყოველთვის ახდენს რეაგირებას. „ვერ გეყვით ეს რამდენად ხშირია, მაგრამ თუ რომელიმე ფაქტის შესახებ ცობილი გახდა საკონსულოსთვის, ყოველთვის ხდება რეაგირება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
“რეზონანსი” გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ამ ინციდენტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად თურქეთის საკონსულოსთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ პაატა კოღუაშვილთან: „აგრარული პროდუქტების იმპორტი ერთბაშად გაიზარდა“ // „თუ სოფელი დაცარიელდა, ადგილობრივ წარმოებას ვინ განავითარებს?“
ნათია ლომიძე
აგრარულ სექტორში იმპორტზე დამოკიდებულება მატულობს. ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგი ლამის 2 კვარტალში იწურება და წლის დანარჩენ პერიოდში ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული ხდება. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ზამთრის თვეებში. ამ მხრივ გამორჩეული იყო წლევანდელი იანვარ-მარტი, როდესაც იმპორტირებულ ხილ-ბოსტნეულზე დამოკიდებულება თვალშისაცემად გაიზარდა.
უცხოური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოძალებაზე საუბრობს აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. მისი თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ადგილობრივი წარმოება უფრო მეტად განავითაროს და იმპორტის რაოდენობა შეამციროს, საჭიროა აგრარული სექტორის გაძლიერება და ამ დარგში ფინანსური რესურსის ჩადება.
- როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ზამთრის თვეებში იმპორტის მაჩვენებელი?
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი თვალშისაცემად გაიზარდა, რადგან შემცირდა ადგილობრივი წარმოება. იანვარ-თებერვალში აგრარულ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის მატულობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი დღესასწაულებია. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლიურ ჭრილში იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რთულ თვეს. რაც მოგვყავს, ის რამდენიმე თვეში იწურება და შემდეგ უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული.
- პრობლემის გადაჭრის რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა?
- იმისათვის, რომ პრობლემის მოგვარება შევძლოთ, საჭიროა ამაღლდეს სოფლად მცხოვრები გლეხის ავტორიტეტი. მიწაზე მუშაობა პრესტიჟული უნდა გახდეს. აუცილებელია სოფლის მეურნეობის ბიუჯეტირება ჯერ 5%-დან, შემდეგ წლებში კი, რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს დაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი. აუცილებელია სოფლებში კოოპერაციული მიმართულების გაძლიერება. უნდა შევაჩეროთ მიგრაცია და ხელი შევუწყოთ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებას. შეიძლება თქვან ეს იმპორტთან რა შუაშიაო, მაგრამ სწორედ ესაა მთავარი. არსებითად მნიშვნელოვანია სოფლებში ქალაქთან მიახლოებული გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუშლის რეგიონებიდან ხალხის მიგრაციას. თუ სოფელი დაცარიელდა, ადგილობრივ წარმოებას ვინ განავითარებს? როდესაც სოფელი ძლიერია, ქალაქიც ძლიერია!
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება და რა შედეგს გამოიღებს ის?
- როდესაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე გვექნება, იმპორტირებულ პროდუქტს აღარ ჩამოვეკიდებით. ეს არის ჯაჭვური პროცესი, რომლის ერთი რგოლის გაწყვეტა მთლიან სისტემას არღვევს. დღეს სოფელს სჭირდება სტატუსი, რადგან ქართული სოფელი, როგორც ტერიტორიული ერთეული, არ არსებობს. ის, უბრალოდ, დასახლებაა, რომელიც მხოლოდ რუკაზეა აღნიშნული და მეტი არაფერი. სოფელმა აგრარული ფუნქცია უნდა დაიბრუნოს. მთავარია მონდომება, თორემ ჩემ მიერ მომზადებული პროექტების განხორციელებას წინ არაფერი უდგას. ამის შედეგს ქვეყანა ძალიან მალე ნახავს.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
ბანკები საკომისიო მომსახურებიდან დღეში 1 მლნ ლარს იჯიბავენ
„ეროვნულმა ბანკმა ზომები უნდა მიიღოს. გაზრდილი გადასახადი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს“
მარიკა გოგოხია
კომერციულ ბანკებს საკომისიოებიდან ყოველდღიურად 1 მლნ ლარამდე შესდით. ზოგ შემთხვევაში მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხას საკომისიოს სახით 10% ეჭრება. საბანკო სექტორი ამითაც არ კმაყოფილდება და სატარიფო პოლიტიკას ცვლის. რამდენიმე დღეში “თიბისი” კომუნალურ გადახდებზე დაწესებულ საკომისიოს გააორმაგებს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2016 წლის კომერციულმა ბანკებში საკომისიო მომსახურებიდან 338,367 მილიონი ლარი შევიდა, 2015 წელს კი – 279,552 მილიონი ლარი. დიდი ალბათობით, საბანკო სექტორი შარშანდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რადგან მიმდინარე წლის ორ თვეში კომერციული ბანკების მოგება 48,578 მილიონი ლარია. ეს მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკებმა საკომისიოებიდან 41,433 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
„თიბისი ბანკი” ჯერჯერობით პირველია, რომელმაც კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოს გაძვირების შესახებ დააანონსა. სხვა ბანკებში მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით არ საუბრობენ. სწრაფი გადასახადების აპარატების მფლობელთა განცხადებით კი, ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. სპეციალისტები რეაგირებას ეროვნული ბანკისგან ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ კომერციული ბანკების გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის საზიანოა. სებ-ი ერთადერთი უწყებაა ქვეყანაში, რომელსაც მომხმარებელთა უფლებების დაცვას კანონი ავალდებულებს.
„თიბისი ბანკი“ ინტერნეტით და “მობაილბანკით” კომუნალურ გადახდებზე საკომისიოს აორმაგებს. როგორც “კომერსანტი” აღნიშნავს, ამის თაობაზე ინფორმაცია ბანკის მომხმარებლებმა ინტერნეტ-ბანკის საშუალებით მიიღეს.
„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 18 აპრილიდან, ინტერნეტ და “მობაილბანკით” შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე, რომელთა საკომისიო დღეს 0,5 ლარია, საკომისიო გახდება 1 ლარი. ცვლილება ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს“, – აღნიშნულია “თიბისი ბანკის” შეტყობინებაში.
უცნობია, იგეგმება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოების ზრდა სხვა ბანკებში, რადგან ამ საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ საუბრობენ. თუმცა, არ არის გამორიცხული, ინიციატივა გადამდები აღმოჩნდეს და კომუნალურ გადასახადებსზე საკომისიო მოსახლეობას მასობრივად გაუძვირდეს.
რაც შეეხება სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელ კომპანიებს, ისინი სამომავლო ცვლილებებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ მომენტში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
კომპანია “ნოვა ტექნოლოჯის” დირექტორის ლევან კირვალიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, წინასწარ საუბარი ამ ეტაპზე რთულია.
„ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე პერიოდში მსგავსი არაფერი იგეგმება. მომავალში არ ვიცი, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის უცნობია, კონკრეტული ბანკის გადაწყვეტილება რას ეფუძნება. ყველა კომპანიას ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს, ალბათ, ასე მიიჩნიეს სწორად. “ნოვა ტექნოლოჯი” ამ საკითხს არ განილიხილავს. მომხმარებლის აქტიურობას არ ვუჩივით, მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც წინა პერიოდში იყო, არსებითად არაფერი შეცვლილა”, – ამბობს ლევან კირვალიძე.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აისახება და მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება სხვა ბანკის ან კომპანიის სასარგებლოდ. ძნელად სარწმუნოა, რომ მომსახურება სხვა კომპანიებმაც არ გააძვირონ.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საკომისიო ტარიფის გაზრდა ბევრი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, ხოლო ბანკები ამით ზემოგებაზე გავლენ, რაც ისედაც არ აკლიათ.
„მოსახლეობას არჩევანის უფლებაც აქვს, შეუძლია, უარი თქვას “თიბისის” მომსახურებაზე და სხვა კომპანიებს მიმართოს, თუმცა ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მომსახურება მასობრივად ყველგან არ გაძვირდება. ძალიან ცუდი ტენდენციაა. მოქმედი კანონმდებლობით მომხმარებლების უფლებების დამცველი არის ეროვნული ბანკი და ეს სწორედ ამ უწყების პრობლემაა. სებ-მა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. ცვლილება აშკარად ხალხის საზიანოდაა მიმართული, რადგან ყოველი გაზრდილი გადასახადი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს. შეიძლება ცალკე 50 თეთრი ან 1 ლარი ისეთი არაფერია, მაგრამ მთლიანობაში ეს საბანკო სექტორისთვის მილიონობით ლარს უტოლდება. ბანკები გათავხედნენ, ამას პირდაპირ ვამბობ. მაგალითისთვის, სამონადირეო გადასახადი არის 10 ლარი და საკომისიოს იღებენ 1 ლარს, ეს არის 10%. როგორ შეიძლება, ბანკები ამხელა მოგებაზე მუშაობდნენ? რა გასაკვირია, ექნებათ დიდი სარგებელი – ასეულობით მილიონი ლარის მოგება, როცა უპრეცედენტოდ მაღალ გადასახადებს აწესებენ. მსგავსი ფაქტების არსებობა ეროვნული ბანკების პრობლემაა და ვალდებულია, მიხედოს ამ საკითხს”, – აცხადებს ვაჟა კაპანაძე.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
რატომ არ ხვდებიან დეკანოზ მამალაძეს პატრიარქი და სინოდის წევრები
„თუ რამე აქვს სათქმელი და მოსაყოლი, სრული სიმართლე მოუყვეს პროკურატურას“
გვანცა ღვედაშვილი
ადვოკატების ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს, მანამდე კი შიმშილობას აცხადებს. თუმცა, შიმშილობის ფაქტს საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს არა შიმშილობა, არამედ გაძლიერებული მარხვაა. ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძე დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა.
„მე ვფიქრობ, რომ ის მკაცრად მარხულობს, ვიდრე შიმშილობს. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს. ელემენტარული ეკლესიური სწავლებაა, როცა ადამიანი განსაცდელშია, ის მკაცრად მარხულობს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა და აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესვლის მიზანი, მისთვის ხარების დღესასწაულის მილოცვა და სულიერი ნუგეში იყო.
დაკავებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ დეკანოზი შიმშილობს და ამ ფაქტის მარხვასთან გაიგივება შეცდომაა. „ეტყობა, საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის ეს არის მძიმე მარხვა, მაგრამ მამა გიორგისთვის არის უმძიმესი მდგომარეობა. ეჭვის ნუ შეიტანს ნურავინ ჩემს საუბარში. საპატიმრომ დოკუმენტალურად დაადასტურა, რომ მამა გიორგი შიმშილობს, საკვებს არ ღებულობს უკვე მესამე დღეა. მძიმე მარხვის დროს ადამიანი გარკვეულ საკვებს ღებულობს. მამა გიორგი მხოლოდ წყალს ღებულობს, ისიც მცირე რაოდენობით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, შეხვდებიან თუ არა მამა გიორგის სინოდის წევრები და პატრიარქი, ამაზე საპატრიარქოს პოზიცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა გაახმოვანა. მისი ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას პატრიარქი და სინოდის წევრები არ აპირებენ და თუ დაკავებულს რაიმე აქვს მოსაყოლი, პროკურატურას უნდა მოუყვეს.
„სინოდი და პატრიარქი მოუწოდებს მას, რომ არ არის აუცილებელი მათთან შეხვედრა. თუ რამე აქვს სათქმელი და მოსაყოლი, სრული სიმართლე მოუყვეს პროკურატურას, ითანამშრომლოს მასთან, რათა ეს საქმე მალე დასრულდეს“, – აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა.
„რეზონანსი“, 08 აპრილი, 2017 წელი
ადვოკატი: „ციანიდის საქმეში“ რამდენიმე მოწმემ ჩვენება შეცვალა“
გვანცა ღვედაშვილი
ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა. მათი ახალი ჩვენებები კი თავდაპირველისგან განსხვავდება და გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობაშიც მოდის.
როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე ახალი მოწმეების ჩვენებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნული ჩვენებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.
„დეტალებზე რომ ვისუბრო, მაშინ მათი გვარებიც უნდა ვთქვა და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. არის გარკვეული შეუსაბამობები, თუმცა, ამას თავისი დრო აქვს და მხარეები შესაფერისად ვიმსჯელებთ. ამ შემთხვევაში პროკურატურაც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე დეტალურად წინასწარ, გამოძიების პროცესში ვერ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
კითხვაზე, იცვლება თუ არა საქმის მთლიანი სურათი ახალი ჩვენებებიდან გამომდინარე, დეკანოზის ადვოკატი გვპასუხობს, რომ ის დიდი ხანია შეცვლილია. „სურათი დიდი ხანია შეცვლილა და გარკვეულწილად, ეს ჩვენებებიც ამას ამყარებს. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ეს არის გაურკვეველი, არაპროფესიონალურად დადგმული სცენარი. თავიდანვე მიცემული ჩვენებებიდანაც და შემდგომაც ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.