„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ტრამპის მხარდაჭერა საქართველოსადმი უპრეცედენტო და რადიკალურია“ // „არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია“ // „განათლების სისტემას მხოლოდ საპირფარეშოების გამო სკოლის დირექტორების მოხსნა ვერ გადაარჩენს“
„კვირის პალიტრა“: მოხდა თუ არა „დიდი გარიგება“ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის?! // „ხალხმა უნდა შეაფასოს, რა ტიპის კონსტიტუციას გვთავაზობს მმართველი გუნდი და ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორედ დამოუკიდებელი კამპანიის ფარგლებში კარგად იცის, რას ფიქრობს ხალხი!“
„კვირის პალიტრა“: ფორსმაჟორი მაჟორიტარებისთვის (თვალსაზრისები)
„კვირის პალიტრა“: ბლიცინტერვიუ თინა ხიდაშელთან: „სულ დანის პირზე დავდივარ“ // „მე ორი შვილის დედა ვარ და, იმავდროულად, ცოლი, ძალიან ბევრი რამეა, რისიც მეშინია ამ კონტექსტში. სხვა კონტექსტში არაფრის არ მეშინია“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ამანდა პოლთან: „მაღალია უმუშევრობა – ასეთ ქვეყანაში დასაბრუნებლად კი არც აფხაზები გამოიქცევიან და არც ოსები“ // „დღეს თუ რიგით ევროპელს ჰკითხავთ, უნდა თუ არა საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ალბათ, „არას“ გეტყვით, რადგან ამჟამად ევროკავშირს ახალი წევრების მიღებისთვის ნაკლებად სცალია“
——-
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ეს არ არის საერთო-სახალხო განხილვა, ეს უფრო ერთი პარტიის კრებას მოგვაგონებს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რაზე გვმართებს დაფიქრება პრეზიდენტის არჩევის წესის გადაწყვეტამდე
——-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მერის არჩევნებზე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „მთავრობიდან პრორუსულ მინისტრებს გაუშვებენ“ // „ვნახოთ, რა მითითებებს ჩამოიტანს გიორგი კვირიკაშვილი ამერიკიდან“ // „ხელისუფლებამ ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლა არ უნდა დაუშვას“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგის ადვოკატობაში ერთი თეთრიც არ ამიღია“ // „გამაფრთხილეს, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი“ // „პროკურატურა საპატრიარქოს საქმეებში აფათურებს ხელს“ // „ციანიდის საქმეზე“ საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებები არა აქვს და სასამართლოს დახურვა ამიტომაც მოითხოვა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ლევან მურუსიძემ ენა გააჩუმოს!“ // „ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ჩვენი საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხებაა”
——-
„რეზონანსი//მთელი კვირა“: საქართველოში მოხუცების რაოდენობამ ახალგაზრდების რაოდენობას გაუსწრო // შობადობა მცირდება, მოსახლეობა „ბერდება“, 30 წელიწადში ქვეყანას, შესაძლოა, გაქრობის საფრთხე დაემუქროს
„რეზონანსი//მთელი კვირა“: დავა მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნის მიზანშეწონილობაზე // საქართველოს მეორე პრეზიდენტის მმართველობისგან დაზარალებულთა ნაწილი საჯარო პროტესტითვსი ემზადება
——————–
„კვირის პალიტრა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ტრამპის მხარდაჭერა საქართველოსადმი უპრეცედენტო და რადიკალურია“ // „არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია“ // „განათლების სისტემას მხოლოდ საპირფარეშოების გამო სკოლის დირექტორების მოხსნა ვერ გადაარჩენს“
ნათია დოლიძე
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით შეზღუდვა დაწესდა აშშ-ის მიერ იმ სახელმწიფოების დაფინანსებაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ხელმოწერილი კანონით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აშშ-ის წარმომადგენლებს აეკრძალათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კი დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს წარუდგინოს რუსეთის საოკუპაციო მოქმედებების შესახებ მოხსენება. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად და ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად დამატებითი დახმარება გამოეყოფათ. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკის უპრეცედენტო მხარდაჭერაა და აღნიშნავენ იმასაც, რომ ამაში საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიის დიდი წვლილიც არის შეტანილი. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება ამერიკა-რუსეთს შორის მზარდი დაპირისპირების ჭრილშია განსახილველი. გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა როგორც თქვა, აშშ-ს არ ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. აშკარაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აიღო გეზი, რომ აშშ გახდეს მსოფლიოს მმართველი. მას ამ პროცესში კონკურენტები არ სჭირდება.
ძალიან მიამიტური იყო პუტინის ადმინისტრაციის ზეიმი, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ბატონი ტრამპი გახდა. დონალდ ტრამპი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამ ინტერესების შესაბამისად, მას სურს, სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდეს ჩვენს რეგიონში, სადაც სომხეთი რუსული გავლენის ქვეშაა, გარშემო კი მუსლიმანური სამყაროა.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე გაჭიმულ უძლიერეს მუსლიმანურ სარტყელს ხლეჩს, თანაც – აზიისა და ევროპის საზღვარზე, საქართველოა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო განხორციელდა თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. ამაზე წერდა ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის არაჩვეულებრივ წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა”…
ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი, თავისი პარტიისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიებით, საქართველოს მხარს უჭერდა. ტრამპი აშკარად უფრო რადიკალური პიროვნებაა და აშკარაა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. ეს საკანონმდებლო აქტი საქართველოს ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგი ვერ იქნება, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, რომ ვრჩებით აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში არაფერი შეცვლილა, თავის როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა კვლავაც გაგრძელდეს, თუმცა მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი, უფრო აშშ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, თუმცა მისი საერთაშორისო მნიშვნელობა დიდია და მხარდაჭერაც ნამდვილად უპრეცედენტოა საქართველოსადმი.
ეს არის ცალსახა და შეუქცევადი თანადგომა და ნამდვილად საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. სავარაუდოდ, რუსეთს ეს გააღიზიანებს და შესაძლოა, ამას გართულებებიც მოჰყვეს. თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობისას არც კარგი და არც ცუდი ნაბიჯებით არაფერი გამოდის…
- რას შეიძლება ველოდოთ კრემლისგან? მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდასაჭერად მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთი აღაშფოთა. მოვისმინეთ განცხადებები, რომ აპირებენ, კარგად დაფიქრდნენ, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით…
- არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია, მწვავე პოლიტიკური განცხადებები აკეთონ და ა.შ. ვფიქრობ, განცხადება ჟენევის ფორმატზე უფრო პოლიტიკური დემარშის ნაწილია, მით უფრო, რომ მათ განცხადებაში ძალიან ბევრი ტყუილი იყო. თურმე, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი არასდროს შედიოდა. არადა, სამხრეთი ოსეთი არც არსებობდა და როდესაც სტალინმა მათ ავტონომიური ოლქი შეუქმნა, ცხინვალში სულ სამი ოსი ცხოვრობდა. არა მგონია, ჟენევის ფორმატზე უარი თქვან, ეს მათთვის წამგებიანი იქნება.
- მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტი უკვე მოამზადა, რომელსაც ბევრი ოპონენტი ჰყავს. კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ქართული ოცნება” ცდება, როდესაც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების სტაბილურობა. ჩემი აზრით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არასტაბილური ხელისუფლება კი არა, ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება იყო.” საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ?
- ბატონ ვახტანგთან ვმეგობრობ, მაგრამ მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. სტაბილური ხელისუფლება ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, როგორ მოიპოვებს ესა თუ ის ძალა ამ სტაბილურ ძალაუფლებას – რევოლუციურად, ხავერდოვანი რევოლუციისა თუ არჩევნების გზით? ის ხმაური, რაც გაუნაწილებელი მანდატების თაობაზეა ატეხილი, ვფიქრობ, ცოტა გაბუქებულია. საქმე ის არის, რომ ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაშიც კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ იქნება მაინცდამაინც ადვილი. ეს გაცილებით იოლად ხერხდებოდა არსებული მაჟორიტარული სისტემის საშუალებით, რაც ცხადად აჩვენებდა, რომ არჩევნების შერეული სისტემა, რომელიც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში, არასწორია…
- შესაბამისად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის მიხედვით, იცვლება საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარული სისტემა უქმდება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ემხრობა, ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა „ქართული ოცნების” არაერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა...
- ჩემთვის ამ ცვლილებებში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაც ყველა პარტიას, ჩვენს დასავლელ მეგობრებსაც მოსწონთ – ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ტრადიციული დემოკრატიის არც ერთ ქვეყანაში ამგვარი სისტემა არ მინახავს. იქ, როგორც წესი, არსებობს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემები. მე მინდა ჩემი ხმა მივცე კონკრეტულ პიროვნებას და არა – პარტიული სიის დიდწილად უსახო მასას, რომლებიც პოლიტიკური თანამებრძოლები იდეოლოგიური მოსაზრებებით კი არ არიან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილით. ბოლო 25 წლის განმავლობაში არაერთი ადამიანი გვინახავს, ვინც ქამელეონივით იცვლიდა იერს, ოღონდ კი ხელისუფლებაში მოხვედრილიყო. ჩემთვის უფრო საინტერესოა იმ ტიპის არჩევნები, როგორიც ტარდება, ვთქვათ, საფრანგეთში. პოლიტიკური პარტიები კანდიდატებს წარადგენენ სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში და შემდეგ მათ ეხმარებიან წარმატების მიღწევაში. არც ერთი ძველი დემოკრატიის სახელმწიფოში მაჟორიტარული სისტემა უგულებელყოფილი არ არის.
- თუ საქართველოს მაგალითებს გადავხედავთ, მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებიც, როგორც წესი, მათი წარმდგენი პარტიების პროპორციულ სიას აგრძელებენ ხოლმე…
- საარჩევნო სისტემა აუცილებლად შესაცვლელია, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ცვლიან. მიმაჩნია, რომ სრულად პროპორციული კი არა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა აჯობებდა. თითოეული მანდატისთვის მარტო პარტია და მისი რამდენიმე ლიდერი კი არ უნდა იბრძოდეს, არამედ უნდა იბრძოდნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც ამა თუ იმ ოლქში დასახელდება. უნდა ვნახოთ, ვინ არის თითოეული მათგანი; მან საკუთარი უნარები უნდა წარმოაჩინოს და ასე დაიმსახუროს მხარდაჭერა. აბა, ახლანდელ პარლამენტს გადახედეთ… თუ ჩვენ ამგვარ კონსტიტუციას მივიღებთ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლა ისევ დადგება დღის წესრიგში. მთავრობა კი აღარ იქნება პარლამენტთან ანგარიშვალდებული, არამედ მთავრობაც და მთელი ხელისუფლებაც ერთი კონკრეტული პარტიის წინაშე იქნებიან პასუხისმგებელნი, რომელიც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვებს და მთავრობას დააკომპლექტებს. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, თანამდებობებზე ხვდებიან არა პროფესიონალები და ამა თუ იმ დარგის კარგი სპეციალისტები, არამედ პოლიტიკური თანამებრძოლები, საბოლოოდ კი ვიღებთ პრაქტიკულად უვიც და არაპროფესიონალ მთავრობას. და ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა. სამწუხაროდ, პროფესიონალიზმის დონე ძალიან დაბალია, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ქვეყანას სწორედ ეს ამუხრუჭებს და ამ ვითარებაში მეათეხარისხოვანია, პრეზიდენტს როგორ ავირჩევთ… დებატებს კონსტიტუციაზე ვმართავთ, მაგრამ საზოგადოებაში უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიდის.
ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში შეიძლება კონსტიტუციამ კი არა, სოციალურმა პრობლემებმა, სიდუხჭირემ გამოიყვანოს… თუ არ შესრულდება ის დანაპირები, რაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა, ამან შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგი მოიტანოს. ის 3 თუ 4%-იანი ზრდა არაფრის მომტანია და, ფაქტობრივად, ლარის ინფლაციის ტოლფასია. მარტო ტურიზმით ფონს ვერ გავალთ. შეხედეთ, რა ემართება პორტუგალიას, საბერძნეთს, იტალიას – ტრადიციულად ტურისტულ ქვეყნებს… თითქოს წარმოების ხელშეწყობის რაღაც პროგრამები მოქმედებს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ტრაგიკულ შეცდომას უშვებს, როდესაც ქვეყანაში წარმოების განვითარებას უფრო დიდ ყურადღებას არ აქცევს. შეუძლებელია ინოვაციური, პოსტინდუსტრიული, თანამედროვე საზოგადოება დანგრეული ეკონომიკის ფუნდამენტზე ჩამოყალიბდეს. საბოლოოდ ბაბილონის გოდოლს მივიღებთ და დაინგრევა ასეთი საზოგადოება.
არ შეიძლება გვქონდეს ევროპული დონის საბანკო სისტემა, ინტერნეტმომსახურება და ამავდროულად, ვერსად ვნახულობდეთ საქართველოში ნაწარმოებ შარვალ-პერანგს. ფართო მოხმარების პროდუქციის 80% უცხოეთიდან კი არ უნდა შემოგვქონდეს, ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს.
- საქართველოში საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩასართავად პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტიც მიიწვია და ისიც დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის ბოლო ხანს მწვავე დაპირისპირება იყო…
- რა საერთო-სახალხო განხილვა? ვინ ესწრება ამ განხილვას?! შეუძლია მრეცხავ ვარდოს ან დალაქ შაქროს მასში მონაწილეობა? ამგვარი ტიპის განხილვები ტიპური პოსტკომუნისტური მიდგომების შედეგია. და მაინც, ვის იწვევენ ამ შეკრებებზე? ძირითადად, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ხალხს, რომელთა ნაწილი საკუთარი სურვილითაც კი არ მიდის… შესაძლოა, ასეთი საერთო-სახალხო განხილვა სოციალური ქსელით მოეწყოს, არსებობდეს კომისია, რომელიც ამ პროცესს მიადევნებს თვალს და მიუკერძოებლად შეარჩევს იმ შენიშვნებს, რომელთა გათვალისწინებაც შეიძლება… საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მთელი საზოგადოების ჩართვა პლებისციტის ჩატარებით ან მართლაც კარდაკარ სიარულით თუა შესაძლებელი. დანარჩენი ყველაფერი ფარსია.
რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ზეპარტიული, დღეს კი რას ვხედავთ? თუ “ქართული ოცნებისა” და მარგველაშვილის პოლიტიკური ინტერესები ერთი მიმართულებით მიდის, მეგობრობას ახერხებენ, თუ არადა, იწყებენ კინკლაობას… მე ამას კამათსაც ვერ დავარქმევ… მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ აირჩევა პრეზიდენტი თუ – არაპირდაპირ. ამას წინათ ვიხუმრე და ახლაც გავიმეორებ: მარგველაშვილმა თუნდაც მემკვიდრეობით გადასცეს საპრეზიდენტო ტახტი, ესეც კი არაფერს შეცვლის. თუ პრეზიდენტის კანდიდატურა სწორად შეირჩევა, როგორ და ვინ აირჩევს, ეს უკვე უმნიშვნელოა.
პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას პირად სიმპათია-ანტიპათიას კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ წარადგენს ის ჩვენს ქვეყანას. ის უნდა იყოს მასშტაბურად მოაზროვნე, განათლებული, საინტერესო წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც შეძლებს, ქვეყანა ღირსეულად წარადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე. დანარჩენ ყველაფერს ჩვენი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი აზრით, ყურადღება ძალიან მწვავე საკითხებიდან უმნიშვნელო საკითხებზე ხელოვნურად არის გადატანილი. იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რუსეთთან როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა, ცხოვრება როგორ გახდეს უფრო მიმზიდველი, როგორ მოვსპოთ უმუშევრობა და ა.შ., ვდგავართ და იმას ვიკვლევთ, პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვინ აირჩევს.
- ბოლო ხანს ისევ ყურადღების ცენტრშია სასამართლო სისტემა. ჯერ იყო და, მოსამართლეებმა კანონის გამკაცრება იმათ მიმართ მოითხოვეს, ვინც მათ შეურაცხყოფას მიაყენებს; შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრად მოსამართლე ლევან მურუსიძეს უვადოდ აირჩევს. ბევრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა არ და ვერ განხორციელდა…
- როგორ უნდა განხორციელებულიყო, ან ვის უნდა გაეტარებინა ეს რეფორმა? ჩვენი სასამართლო რეფორმა უფლებას აძლევს მოსამართლეებს, სამუდამოდ დარჩნენ თანამდებობაზე, არადა, თუნდაც აშშ-ში მოსამართლის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. რატომ არ შეიძლებოდა ასეთი სისტემა შემოღებულიყო საქართველოშიც?! საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ სისტემა, რომლის ავტორიტეტი ძალიან დაბალია და იმიტომ კი არა, რომ ვინმე მათ შეურაცხყოფას აყენებს, არამედ იმიტომ, რომ იქ პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს. მოსამართლეების დიდი ნაწილი არაკვალიფიციურია. ალბათ, მათი ნება რომ იყოს, ამგვარი გამონათქვამის გამო ციხეში ჩამსვამდნენ, არადა, ეს სიმართლეა. გაიძAახიან, არავინ შეგვეხოს, მოსამართლეები ვართო, თითქოს ქართველები და ამ საზოგადოების წევრები არ იყვნენ.
ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რაც საქართველოს მართლმსაჯულებას დამართა და ეს დღესაც გრძელდება. დღესაც ლევან მურუსიძე ირჩევს თავისნაირებს მოსამართლეებად… ვფიქრობ, მოსამართლეების დიდი ნაწილი გასაყრელია და ახლები უნდა შეირჩნენ, თუმცა ჯერ იმ ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს სისტემა, ვინც მათ ირჩევს. რა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ გვაქვს…
- არაერთხელ ახსენეთ განათლების მნიშვნელობა ქვეყნის მართვის საქმეში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა TIMSS-ის საერთაშორისო კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს. ფაქტია, რომ საჯარო სკოლებში სწავლის დონე კვლავაც ვერ უძლებს კრიტიკას…
- ამ პრობლემას ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ და მისი გადაჭრაც იოლია. გია დვალმა სცადა ამის გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი გახლდათ, შეეწინააღმდეგა, ახლა კი ბატონ გიას საქართველოსკენ მოხედვაც აღარ უნდა. იმისთვის, რომ მოწაფემ ცოდნა მიიღოს, მას განათლებულმა ადამიანმა უნდა ასწავლოს; იმისთვის, რომ სკოლაში მასწავლებლად განათლებული ადამიანი წავიდეს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, ჩვენთან კი ყველაზე დაბალი ხელფასი სწორედ სკოლებშია. ვინ მიდის სკოლის მასწავლებლად? მეტწილად ის, ვისი პროფესიული კარიერაც წარუმატებელი იყო. კომუნისტების დროიდან მოდის ეს პრობლემა. მაშინ თითო-ოროლა ვარსკვლავი კი გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ მასწავლებლების უმრავლესობა გაუნათლებელი იყო. ბავშვები განათლებას წლების განმავლობაში იღებდნენ სახლში და რეპეტიტორებთან, თუმცა ეს რეპეტიტორის ინსტიტუტიც ცოდნას კი არ აძლევს ახალგაზრდას, არამედ გამოცდის ჩაბარებაში ეხმარება. ეს მახინჯი, მოჯადოებული წრე სადღაც უნდა გაწყდეს. ეს ვითარება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე არ გავზრდით განათლების სისტემის დაფინანსებას. განათლების სისტემას მხოლოდ საპირფარეშოების გამო სკოლის დირექტორების მოხსნა ვერ გადაარჩენს.
„კვირის პალიტრა“, 08 მაისი, 2017 წელი
მოხდა თუ არა „დიდი გარიგება“ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის?! // „ხალხმა უნდა შეაფასოს, რა ტიპის კონსტიტუციას გვთავაზობს მმართველი გუნდი და ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორედ დამოუკიდებელი კამპანიის ფარგლებში კარგად იცის, რას ფიქრობს ხალხი!“
რუსუდან შელია
მმართველ გუნდთან მწვავე დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო უმრავლესობა საყოველთაო-სახალხო განხილვაში უშუალოდ გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობაზე თანხმდებიან – რა გავლენას მოახდენს მარგველაშვილის ჩართულობა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გვესაუბრება:
- საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩართვა ჩვენი ინიციატივა იყო. ეს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებისას გავახმაურეთ – მაშინ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ, თუმცა მზადყოფნა გამოვთქვით სახალხო განხილვაში ჩართვაზე.
- მაშინ არ გითქვამთ, რომ საყოველთაო განხილვაში უშუალოდ პრეზიდენტი ჩაერთვებოდა. საკუთარი ინიციატივით დამოუკიდებელი კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყეთ და ოთხი თვის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდით მმართველი გუნდის პოზიციასა და დაგეგმილ ცვლილებებს…
- მარტში პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო დამოუკიდებელი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონებსა და თბილისში დისკუსიების ორგანიზებას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კამპანიამ სრულიად საქართველო მოიცვა. თითოეული შეხვედრისას ვაცხადებდით, რომ ჩვენი შეხვედრები დაეხმარებოდა უკვე მმართველი პარტიის დაანონსებულ საყოველთაო განხილვის პროცესს. დიახ, ჩვენი შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ნულოვანი კონსენსუსით დაასრულა, თუმცა ახლა ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის დავალებით, კონსულტაციისთვის შევხვდი უმრავლესობის ლიდერებს და შეთანხმებაც შედგა.
- და რა მოლოდინი გაქვთ, პრეზიდენტის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობა რა გავლენას მოახდენს ცვლილებებზე, რომლებსაც თქვენ, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ნეგატიურად განსაკუთრებით პრეზიდენტის არჩევის წესის ნაწილში აფასებს?
- კონსტიტუციური პროექტის სამუშაო ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს. არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების უმრავლესობაც არ ეთანხმება თუნდაც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას და ამომრჩევლის ხმის 300-კაციანი კოლეგიით ჩანაცვლებას, თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სამუშაო ვერსიის საზოგადოების ჩართულობით განხილვაც მნიშვნელოვანია. ხალხმა უნდა შეაფასოს, რა ტიპის კონსტიტუციას გვთავაზობს მმართველი გუნდი და ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორედ დამოუკიდებელი კამპანიის ფარგლებში კარგად იცის, რას ფიქრობს ხალხი, ახლა დროა, საპარლამენტო უმრავლესობამაც მოისმინოს მისი ამომრჩევლის ხმა.
- ქუთაისში პირველი განხილვა უკვე გაიმართა. თქვენი შეფასებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოების ხმის მოსასმენად მზადაა?
- სამწუხაროდ, ქუთაისში გამართულ განხილვას ვერ დავესწარით. ჩვენთვის ყველაფერი ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც ბათუმსა და ზუგდიდში პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთვება პროცესში და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებასაც გააანალიზებს. ველოდები შინაარსობრივ დისკუსიას ყველა ქალაქში, რომელშიც მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართავს შეხვედრებს.
- ისე, პარადოქსია, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე პირადად თქვენსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კულუარულ გარიგებაზე საუბრობდა…
- დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები…
- და მაინც, გაჩნდა ვერსია, რომ პრეზიდენტის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობა ერთგვარ გარიგებასაც კი უკავშირდება, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა კომპრომისზე წავიდეს მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ და 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არ შეცვალოს…
- შეთქმულების თეორიებზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ.
„კვირის პალიტრა“, 08 მაისი, 2017 წელი
ფორსმაჟორი მაჟორიტარებისთვის
რუსუდან შელია
უნდა შეიცვალოს თუ არა მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით – ამ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის პროექტის შესახებ დავა არ წყდება. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობა – რამდენიმე მოქმედი მაჟორიტარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ერთ-ერთი მათგანი 2016 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატი, დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილია, რომელიც მაჟორიტარებზე ზეწოლაზე საჯაროდ ლაპარაკობს:
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად პროპორციულზე გადავიდეთ, ნეგატიური კამპანია და მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატებზე ზეწოლა დაიწყო. ჩემი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფაც სცადეს – თითქოს მაჟორიტარები მხოლოდ ფინანსურად ძლიერი დეპუტატები არიან, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისგან განსხვავებით, არ გამოირჩევიან აქტივობებით და თურმე ამის გამო მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. ამ უსამართლობას მხარს არასოდეს დავუჭერ. მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს პარლამენტშიც არიან არაკვალიფიციური დეპუტატები, ეს პრობლემა მხოლოდ მაჟორიტარებში არ გვხვდება – ასეთები ხშირად ხვდებოდნენ ჩვენს პარლამენტში ადრეც და ახლაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოდ ქვეყანაში უნდა ამაღლდეს პოლიტიკური კლასი და კვალიფიკაცია. ამ საკითხზე “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა, პირადად ჩემი აზრით კი, ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ზომიერი კონცენტრაცია და სტაბილურობა, რასაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით ვერ მივაღწევთ”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ასევე მაჟორიტარი ზაზა გაბუნია კი ფიქრობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია და ამ ინიციატივის წინააღმდეგი გუნდში მხოლოდ ორი მაჟორიტარია: “ვერ დავეთანხმები აზრს, რომ მაჟორიტარებთან პრინციპული წინააღმდეგობა გვაქვს – მხოლოდ ორმა მაჟორიტარმა არ მოაწერა ხელი ამ სისტემის გაუქმებას, მაშინ, როდესაც უმრავლესობის რიგებში 70-ზე მეტი მაჟორიტარია. “ქართულმა ოცნებამ” გამოამჟღავნა პოლიტიკური ნება – რადგან ოპოზიცია აღიქვამს ამ სისტემას როგორც შესაძლებლობას, უფრო დიდი სახელისუფლებო ბერკეტები გაიჩინოს მაჟორიტარების ხარჯზე, ამ კომპრომისზე წავედით. ამ შეთანხმებას დღეს 108 დეპუტატი აწერს ხელს და მათ შორის, მაჟორიტარებიც არიან”.
——-
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მანკიერებაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც:
“მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ ისტორიულად არ გაამართლა – რატომღაც მიღებულია, რომ მაჟორიტარ კანდიდატად შეძლებული ადამიანი უნდა წარადგინოს პარტიამ არჩევნებზე, რადგან ასეთ კანდიდატს აქვს რესურსი, ამომრჩეველს ერთი ტომარა ფქვილი თუ შაქარი უსახსოვროს. ამასთან, ითვლება, რომ მაჟორიტარები ნაკლებად პოლიტიზებული არიან, არ მონაწილეობენ დებატებში და ყველაზე პასიურ ნაწილს წარმოადგენენ. კიდევ ერთი – როგორც წესი, მაჟორიტარები ხელისუფლებისადმი ლოიალურობით გამოირჩევიან და მარტივად ექვემდებარებიან მათ მითითებებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სჭირდებათ ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერა, რათა რეგიონისთვის ფინანსური რესურსი მოიპოვონ.
- მაჟორიტარების ნაწილი მსგავს შეფასებას აპროტესტებს…
- უამრავი დეპუტატია დღესაც პარლამენტში, რომელთაც საზოგადოება არც კი იცნობს, თუმცა მაჟორიტარებს სხვა პასუხისმგებლობა აქვთ – მათ კონკრეტული რეგიონის ამომრჩეველი ირჩევს, სახელმწიფო კი დამატებით თანხას იხდის მაჟორიტარული ბიუროების დაფინანსებაში. არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ მაჟორიტარების უმრავლესობა არჩევნების შემდეგ ხალხთან კონტაქტს მომავალ არჩევნებამდე ერიდება, არადა, მათი ვალდებულებაა, თითოეულ ზარსა თუ წერილობით შეტყობინებას პასუხი გასცენ…
დღეს ქვეყანაში იმდენად მძიმე ეკონომიკური ფონია, რომ ამომრჩეველი მარტივად ივიწყებს საკუთარი”რჩეულისგან მსგავს დამოკიდებულებას და არჩევნების წინ, მცირე საჩუქრის სანაცვლოდ, რაც ხშირ შემთხვევაში მწირ ფულად დახმარებას თუ ერთ ტომარა ფქვილს გულისხმობს, კიდევ ოთხი წლით უხანგრძლივებს დეპუტატობის მანდატს. სწორედ მსგავსი მანკიერი პრაქტიკის შედეგია, რომ ქვეყანაში ვითარება არ იცვლება და წრეზე სიარული გვიწევს.
————
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მაჟორიტარი დეპუტატების სამართლებრივ დარღვევებზეც მიანიშნებს:
“მარადმწვანე მაჟორიტარები დღესაც მრავლად გვყავს პარლამენტში – გვყავს მაჟორიტარები, რომლებიც ყველა მოწვევის პარლამენტში შესვლას ახერხებენ, თუმცა საკუთარ რეგიონში მძიმე სოციალურ ვითარებას მაინც ვერ ცვლიან. მაჟორიტარები რომ ფეოდალური სექტაა, ეს დიდი ხანია იცის საზოგადოებამ. სამწუხაროდ, ამომრჩეველთა უმრავლესობის ირიბი თუ პირდაპირი მოსყიდვა ფინანსურად ძლიერ მაჟორიტარ კანდიდატს იოლად შეუძლია, ამიტომაც საარჩევნო სისტემა რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს. ხშირად მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ კომპეტენციას სცილდებიან და თვითმმართველობების საქმიანობაში უხეშად ერევიან – მაჟორიტარების მონაწილეობის გარეშე მუნიციპალიტეტები ზოგიერთ თანამდებობაზე პირის დანიშვნასაც კი ვერ ბედავენ. რატომღაც ყველა საკითხი, მათ შორის, უმნიშვნელო დეტალებიც კი, მაჟორიტართან წყდება.
პროპორციული სისტემა მსგავს რისკებს ამცირებს, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგანაც, რომ არსებული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლის შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში კვალიფიციურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ დეპუტაციას ვიხილავთ”.
„კვირის პალიტრა“, 08 მაისი, 2017 წელი
ბლიცინტერვიუ თინა ხიდაშელთან: „სულ დანის პირზე დავდივარ“ // „მე ორი შვილის დედა ვარ და, იმავდროულად, ცოლი, ძალიან ბევრი რამეა, რისიც მეშინია ამ კონტექსტში. სხვა კონტექსტში არაფრის არ მეშინია“
——–
თავისუფლება ჩემთვის არის…
ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად დავდექი არჩევანის წინაშე. მაშინ მამაჩემმა მითხრა, – შენ შეგიძლია გააკეთო ისე, როგორც მე გეტყვი და ვფიქრობ, შეცდომა არ მოგივა. თუმცა ასევე შეგიძლია გააკეთო ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ, მაგრამ შენ უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობაო. იმ დღიდან მოყოლებული ვაკეთებ ისე, როგორც მე ვთვლი საჭიროდ და შესაბამისად, ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას. აი, ეს არის ჩემთვის თავისუფლება.
მოვლენა, რომელმაც შემცვალა…
ჯერჯერობით არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რომ მსოფლმხედველობა შემეცვალოს რამეზე. მყარად ვდგავარ იმ ფუნდამენტზე, რომლითაც გავიზარდე და რისიც სულ მჯეროდა. ადამიანის ჩამოყალიბებაზე, ალბათ, სხვადასხვა მოვლენა ახდენს გავლენას. ასეთი, რა თქმა უნდა, ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა…
დღევანდელი გადასახედიდან და იმ პერიოდიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად გავატარე, ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი, რომ არასწორად წარიმართა ჩემი ცხოვრება, უფრო სწორად, მე თვითონ არ ვმართე ჩემი ცხოვრება სრულად და აბსოლუტურად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი თავი საჯარო ცხოვრებას ვაჩუქე.
ცხოვრებაში მთავარია…
შენ იყო საკუთარი ნების, ქმედების, გადაწყვეტილებების პატრონი. შენ აგებდე მათზე პასუხს, შენვე იღებდე ყველა შედეგს, რომელიც ამ გადაწყვეტილებებით დგება. ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. აქედან იწყება და ამით მთავრდება ყველაფერი, რაც მერე ხდება შენ ირგვლივ, შენ გარშემო, შენს თავს. ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებ, ხანდახან – სწორს, ხანდახან კმაყოფილი ხარ, ხანდახან უკმაყოფილო, მაგრამ ეს კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც შენია. ვერავინ შეგეცილება ამაში და ეს გაძლევს უზარმაზარ, წარმოუდგენელ სიმდიდრეს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება, სულ ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებ მასზე, აგურს აგურზე დებ იმისათვის, რომ უკეთეს ადამიანად იქცე.
ვრისკავ, როცა…
მუდამ… სულ ზღვარზე, სულ დანის პირზე დავდივარ, სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და უაზრობად მეჩვენება.
როცა მაქებენ…
გააჩნია, ვინ მაქებს. თუ ჩემი შვილები მაქებენ, ძალიან მსიამოვნებს. თუ აღმოჩნდება შემთხვევით ასეთი საოცრება და ჩემი მეუღლე იტყვის ჩემზე რამე კარგ სიტყვას, ასევე ძალიან მიხარია. თუმცა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, განსაკუთრებით, როდესაც მინისტრი ვიყავი, ხშირად გიწევს ისეთი ტიპის ქების მოსმენა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ის არ არის, შენ რომ გგონია და რაც შენს ყურს ესმის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო.
მაბრაზებს…
სინამდვილეში, ერთადერთი რამ მაბრაზებს, როდესაც უსამართლოდ… როდესაც ჩაგრავენ ვიღაცას, როდესაც განცდა გაქვს, რომ გამოსავალი არ არის. ასეთი მომენტი, ალბათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ბევრჯერ დამდგარა. ეს არის ერთადერთი მომენტი, როდესაც ისე ვბრაზდები, რომ გონიერ-ცნობიერი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მეკარგება, როცა უსასოობის განცდა გაქვს, როცა იცი, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, მაგრამ წრე ჩაკეტილია და ვერაფერს იზამ.
მეშინია…
მე ორი შვილის დედა ვარ და, იმავდროულად, ცოლი, ძალიან ბევრი რამეა, რისიც მეშინია ამ კონტექსტში. სხვა კონტექსტში არაფრის არ მეშინია.
ყველაზე ხშირად ვფიქრობ…
ყველაზე ხშირად სანდროსა და გიგაზე ვფიქრობ, ოღონდ მხოლოდ ერთ რამეზე – როგორი კაცები იქნებიან. ყველაფერს, რაც აქამდე მიკეთებია – ვიღაცისთვის წარმატებული, ვიღაცისთვის წარუმატებელი – ერთ დღეს ზუსტი სახელი დაერქმევა მხოლოდ იმით, როგორი კაცებიც ისინი იქნებიან.
მწყინს, როცა…
საერთოდ წყენა არ მახასიათებს. ეს, ალბათ, ჩემი თვისებების იმ ნაწილიდან მოდის, რომ არასოდეს ვოცნებობ. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი. არასოდეს არაფერზე მიოცნებია. საერთოდ არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. არაფერს ვნატრობ, არაფერზე ვოცნებობ, ძალიან რაციონალური ადამიანი ვარ. ჩემი ხელებით ვაკეთებ ყველაფერს და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. იმდენს, რამდენიც შემიძლია, იქამდე ვწვდები, სადამდეც შემიძლია. ისეც არაფერი მწყინს… წყენა რას გაძლევს? გეწყინება და რა? ამით არაფერი იცვლება.
დრო ჩემთვის არის…
რაც არასდროს არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არასდროს მქონდა და აწი ვნახოთ, როგორ იქნება. მოხუცი, ალბათ, ვიქნები… საშინელი. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუცი.
ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს…
ამ ქვეყანაში ბევრი რამ ხდებოდა, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი. თუ ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, დიახ, ზუსტად იმავე ცხოვრებას გავივლიდი. თუ სხვა საქართველოში, სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი, შეიძლება სხვა პროფესიის, სხვა საქმიანობის, სხვა ადამიანი ვყოფილიყავი. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, რომ არ შეიცვლებოდა, იქნებოდა ჩემი უზომო სიყვარული დინამიკური, ძალიან აქტიური, მაღალი ტემპით ცხოვრების მიმართ.
„კვირის პალიტრა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ ამანდა პოლთან: „მაღალია უმუშევრობა – ასეთ ქვეყანაში დასაბრუნებლად კი არც აფხაზები გამოიქცევიან და არც ოსები“ // „დღეს თუ რიგით ევროპელს ჰკითხავთ, უნდა თუ არა საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ალბათ, „არას“ გეტყვით, რადგან ამჟამად ევროკავშირს ახალი წევრების მიღებისთვის ნაკლებად სცალია“
ვაჟა თავბერიძე
თბილისში გამართულ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე “კვირის პალიტრა” ცნობილ ევროპელ ანალიტიკოსსა და ჟურნალისტს, ევროპული პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელ ამანდა პოლს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრა:
- მის პოლ, აღმოსავლეთპარტნიორობით დავიწყოთ – ის ჭადრაკის დაფას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ პლატფორმას. ერთი მხრივ, მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდავეთში, მეორე მხრივ, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია. რა იქნება შემდეგ?
- როდესაც აღმოსავლეთპარტნიორობის ფორმატი შეიქმნა, რუსეთი დიდად არ აღფრთოვანებულა. ოფიციალური მოსკოვი ამას მისი გავლენის სფეროებში ევროპისა და დასავლეთის შემოჭრად აღიქვამს და ბრიუსელმა რაც უნდა საპირისპირო ამტკიცოს, კრემლში ამას ასე ხედავენ. ისტორიულად, რუსეთი ყოველთვის აღიქვამდა ამ რეგიონებს როგორც ბუფერულ ზონებს, რომლებიც რუსულ მიწებს გარშემო ერტყა მტრისგან თავის დასაცავად, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ასპექტი – რუსებს ძალიან უნდათ ევროკავშირის აღსასრული ნახონ. რაც შეეხება ევროკავშირის პერსპექტივას, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ ამ ქვეყნების ევროპული მომავლის მხარდაჭერა (ევროპულ მომავალში ვგულისხმობ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას), ქვეყნებისა, რომელთაც სურთ, მიიღონ ევროპული ღირებულებები. ამ სამეულიდან – უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი – საქართველო ყველაზე წინაა რეფორმებისა და ინტეგრაციის პროცესებით. ევროკავშირმა უნდა უთხრას ამ სამ ქვეყანას, რა პერსპექტივა არსებობს მათთვის ახლო და შორეულ მომავალში.
- თქვენი ვარაუდით, რამდენ ხანს მოგვიწევს ამ გაფართოების ლოდინი? ბრიუსელში ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, როგორც ჩანს, ახლო მომავლის პერსპექტივა არ უნდა იყოს...
- ახლა ევროკავშირში ვითარება საკმაოდ სერიოზულია, ბრექსიტის შემდეგ, ნიდერლანდების არჩევნებს, შეიძლება ითქვას, გადავურჩით, ახლა კარზეა მომდგარი საფრანგეთის არჩევნები და იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს, დიდწილად განისაზღვრება კიდეც ევროკავშირის ბედი.
- ხშირად გვესმის უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ რას ფიქრობს რიგითი მოსახლეობა ევროკავშირში? მივაჩნივართ მათ ევროპელებად?
- დიდი ალბათობით, თუ ევროპაში რიგით მოქალაქეს გააჩერებთ და ჰკითხავთ, ჯორჯია რა არისო, პირველად ამერიკის შტატს დაგისახელებთ. დაგუგვლისას, ძებნის ველშიც პირველად სწორედ ჯორჯიის შტატი ამოდის. თუმცა, ვინც იცის, რა და სად არის საქართველო, როგორც წესი, დადებითი წარმოდგენა აქვთ ამ ქვეყანაზე. შეიძლება რუკაზე ვერ გიჩვენოთ, სად არის საქართველო, მაგრამ ეცოდინებათ, რომ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა ხართ. სამაგიეროდ, ბევრი არაფერი იციან, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკაზე ან სოციალურ მდგომარეობაზე. ბევრი, ალბათ, იმასაც წამოიძახებს,”ეს ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირია, რუსეთის შემოგარენიო და ა.შ. ასე რომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ რიგით ევროპელს ჰკითხავთ, უნდა თუ არა საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ალბათ, “არას” გეტყვით, რადგან ამჟამად ევროკავშირს ახალი წევრების მიღებისთვის ყველაზე ნაკლებად სცალია.
- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დავუბრუნდეთ. ცხინვალში გადაწყვიტეს, „ალანია“ დაირქვან და რუსეთთან შეერთებას გეგმავენ, სოხუმში კი რუსეთის ახალი საელჩოს გახსნას ლავროვიც დაესწრო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ამ გადმოსახედიდან, ძალიან ფერმკრთალია…
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ახლო მომავალში არ აღდგება. ეს ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება. ერთადერთი გამოსავალი არის ძლიერი, მოწინავე სახელმწიფოს შექმნა, მდგრადი ეკონომიკით, კანონის უზენაესობითა და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით. ეს ყველაფერი საქართველოს ბევრად მიმზიდველს გახდის, რადგან ახლა რეფორმები სანახევროდაა მომთავრებული – ქვეყანაში კვლავ მაღალია უმუშევრობა, ასეთ ქვეყანაში დასაბრუნებლად კი არც აფხაზები გამოიქცევიან და არც ოსები. კიდევ ერთი გამოწვევაა კრემლის განუწყვეტელი პროპაგანდა. ძნელია ამას დაუპირისპირდე, რადგან ბრიუსელს ადგილობრივ მოსახლეობასთან საკმარისად მჭიდრო კონტაქტი არა აქვს და ვერ უხსნის მათ, რატომ არ შეესაბამება რუსული ვერსია სიმართლეს. ასე რომ, ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია. ამასთან, ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღება, კრემლი ყოველთვის რეაგირებს, როგორც წესი, ასიმეტრიულად, და ცდილობს, საქართველოს მაგრად ჩაავლოს ხელი. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და ევროკავშირს არა აქვთ შემუშავებული ისეთი პოლიტიკა, რომელიც ყველაფერ ამას შეაჩერებს.
- როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ვიზალიბერალიზაციას აფხაზებსა და ოსებზე?
- შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, რადგან ეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოტივაციას გაუჩენს, ქართული პასპორტები აიღონ. არა მგონია, ათასობით ადამიანი მოაწყდეს საქართველოს პასპორტის ასაღებად, მაგრამ გარკვეული ნაწილი მოვა და ეს უკვე კარგია. ეს მათ საშუალებას მისცემს, წავიდნენ ევროპაში და თავი აღარ იგრძნონ იზოლირებულად. რუსეთი ვერ შეედრება ევროკავშირს მიმზიდველი ეკონომიკური პერსპექტივების შექმნაში, ამ კუთხით ბრიუსელს ნამდვილად უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით, წარმატებული და ეკონომიკური რეფორმების შემდგომ საქართველოსთვის.
—————–
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ეს არ არის საერთო-სახალხო განხილვა, ეს უფრო ერთი პარტიის კრებას მოგვაგონებს“
ეკატერინე ბასილაია
“ქართული ოცნების” მიერ სულ უფრო მეტია კოპირება იმ მიუღებელი ქმედებებისა, რაც ხდებოდა “ნაციონალების” პერიოდში. ქუჩაში შეხვედრისას გამარჯობაზე მეტად ისმის შეკითხვა – გვეშველება რამე?! სანამ ამ ფრაზას ვერ ამოიღებ საკუთარი მოსახლეობის ლექსიკონიდან, “ოცნებამ” ზედმეტ სავარძლებზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სარკესთან უნდა დადგნენ და საკუთარი თავი შეარცხვინონ,” – აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. მისივე თქმით, მოსამართლე ევა გოცირიძის ინიციატივა, რომ ჟურნალისტებს გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვა უნდა დაუწესდეთ, საბჭოთადროინდელ ცენზურას ახსენებს.
- კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა დაიწყო, სადაც ვხედავთ “ოცნების” მისამართით ტაშის დაკვრას და დითირამბებს, ოპოზიციის კრიტიკული გამოსვლისას კი – სტვენას. თქვენი აზრით, იქ გამოთქმულ რაიმე კრიტიკულ აზრს გაითვალისწინებს “ოცნება“?
- არანაირი გამჭრიახობა არ სჭირდება იმას, რომ ეს არ არის საერთო-სახალხო განხილვა, არამედ ეს უფრო მოგვაგონებს ერთი პარტიის კრებას და სხვა პოლიტიკური გემოვნების მქონდე პირები მათ მიერ აღიქმება, როგორც მტრები. ამიტომ არცთუ ძნელად პროგნოზირებადია ის შედეგი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის წარსადგენად გააფორმებს. თუმცა ის დრო აღარ არის, როდესაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობის ჩამოყალიბება. როდესაც ჩათავდება გაურკვეველი სიჩქარით დაგეგმილი ასეთი განხილვა და როცა გადავითვლით, რამდენი პროცენტი იყო ამ განხილვაზე “ქართული ოცნების” წევრი, რამდენად აღნიშნულია საბოლოო შედეგში საწინააღმდეგო განწყობა, ვნახავთ, რომ ძალიან პრიმიტიული გამოდგა ხშირად ნათქვამი თემა – საყოველთაო-სახალხო განხილვა.
- ოპოზიცია ამბობს, რომ მანდატების გადანაწილების წესი უსამართლოა და ის ჰგავს მუსოლინის სისტემას, სადაც 25%-ის მქონე ხელისუფლება ინაღდებს მანდატების 2/3-ს. ეთანხმებით ამას?
- რასაკვირველია, ასეა და კიდევ ერთი – ეტყობა, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს სკოლაში არ უყვარდა არითმეტიკის გაკვეთილებზე ჯდომა და რატომღაც 100-ის ფარგლებში რაიმე სიდიდეების დახასიათებისთვის მუდამ იყენებს სიტყვას “მათემატიკა”. უკაცრავად, მაგრამ იქნებ გაიგოს, რომ ამა თუ იმ გადასანაწილებელი სავარძლისთვის პროცენტის გამოყვანა პრიმიტიული არითმეტიკის ნაწილია. ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ, როგორ უთხრის ძირს “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემას და ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს პოტენციური ამომრჩევლები. როგორც ჩანს, “ოცნების” პოლიტიკოსებს, რომლებიც ფსევდომიამიტობით საუბრობენ, რომ გადაუნაწილებელი მანდატები თანაბრად კი არ უნდა გადანაწილდეს, არამედ აუცილებლად თავად მათ უნდა წაიღონ, მოსახლეობა მართლა გონებაჩლუნგი ჰგონიათ.
- ამ დიდი პროტესტის ფონზე “ოცნება” არ შეცვლის მანდატების გადანაწილების წესს?
- არაერთხელ უთქვამთ, რომ ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები სრულად იქნება გათვალისწინებული. უკვე არის საკმარისი მინიშნებები იმაზე, რომ მანდატების იმ სურვილით გადანაწილება, რაც “ქართულ ოცნებას” და მის მამა-მარჩენალს აქვთ, მიუღებელია ევროპისთვის და რაც ეს გახმაურდა, ამის შემდეგ ამოიღეს ხმა მაჟორიტარებმაც. მაჟორიტარები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ისინი პარლამენტში ვერ მოხვდებიან, თუ არ იქნება ისეთი ღორმუცელა გადანაწილება, როგორიც ჩვენი პარლამენტის სპიკერის მთავარი ოცნებაა – რომ ყველაფერი თავისკენ წაიღოს სარდაფში და მერე იმ სიებში შეიყვანოს მისი პარტიისთვის მისაღები ბიზნესმენები და ისინი ამჯერად არა მაჟორიტარებად, არამედ სიით გაიყვანოს. ამდენად, ჩვენი პარლამენტის სპიკერისთვის ახლა მთავარი თავის ტკივილი შიდა საგუნდო ურთიერთობაა.
- სასამართლოს მიმართულებითაც საინტერესო ამბებია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ევა გოცირიძემ წამოაყენა ინიციატივა, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის გარეშე უვადო მოსამართლედ დაინიშნოს ლევან მურუსიძე, რაც კითხვებს და პროტესტს იწვევს. რა მესიჯია ეს იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სასამართლოს გაჯანსაღებას დაგვპირდა?
- 2015 წლის დამლევს ჩვენ გვიბრძანეს, რომ ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ ყოფილიყო ბატონი მურუსიძე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეში ჩადენილი ქმედებების გამო შეაჩვენა. მერე უკვირთ, მურუსიძის მეხოტბე ქალბატონი ევა რატომ ვერ ხვდება ევროპულ სასამართლოში. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს ურჩევნია, ისარგებლოს იმ ადამიანებით, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეწოლის ფორმით საქმიანობდნენ, რადგან მარტივია, მათი ქვეწოლაში შენარჩუნებით მიიღოს ისეთივე ძნელად მისაღები შედეგები, როგორსაც “ნაციონალური მოძრაობა” ახერხებდა.
ეს ხდება ყველგან. ყველა სტრუქტურაში “ოცნების” მხარდაჭერის წყარო ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყვნენ.
სამწუხაროა, “ქართული ოცნების” მიერ სულ უფრო მეტია კოპირება იმ მიუღებელი ქმედებებისა, რაც ხდებოდა “ნაციონალების” პერიოდში. ქუჩაში შეხვედრისას გამარჯობაზე მეტად ისმის შეკითხვა – გვეშველება რამე?! სანამ ამ ფრაზას ვერ ამოიღებ საკუთარი მოსახლეობის ლექსიკონიდან, “ოცნებამ” ზედმეტ სავარძლებზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სარკესთან უნდა დადგნენ და საკუთარი თავი შეარცხვინონ.
- მოსამართლე ევა გოცირიძე უკმაყოფილოა მოსამართლეების ნეგატიურად მოიხსენიების გამო და მოითხოვა, რომ ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი დაედოს. მედიის ცენზურის ამგვარი პირდაპირი სურვილი წინა ხელისუფლების დროსაც არ მოგვისმენია…
- ასე ღიად იძულება თავში არ მოსვლიათ საბჭოთა კავშირის დროსაც. მაშინ რა ქნან მსაჯებმა, რომლებსაც მუშტებს უქნევენ ტრიბუნიდან?! ან ექიმებმა, რომლებსაც არა მარტო ლანძღავენ, საკუთარ კაბინეტებში სცემენ კიდეც?! რას ჰქვია, სასამართლომ შეიქმნას თავისთვის თბილი სივრცე, რომ ხელშეუხებელნი იყვნენ?! ცილისწამება რამდენად მიუღებელია და როგორ პასუხობს ამას სასამართლო, ამაზე საზოგადოებას პასუხი თავად სასამართლოსგან ექნება ძალიან მკაფიო არცთუ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც გავიგებთ, როგორ რეაგირებას მოახდენს ყოფილი კოლეგის, მამუკა ახვლედიანის საჩივარზე და საერთოდ პროკურატურაში დაიბარებს თუ არა სოზარ სუბარს, ბესელიას, თალაკვაძეს და ძიძიგურს, რომლებსაც ახვლედიანი ცილისწამებისთვის უჩივის.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 მაისი, 2017 წელი
რაზე გვმართებს დაფიქრება პრეზიდენტის არჩევის წესის გადაწყვეტამდე
ზურაბ ჯიბღაშვილი, იურისტი
საქართველოს პრეზიდენტის სტატუსისა და შესაბამისი უფლებამოსილების განმსაზღვრელ ნორმებთან ერთად, ახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის საკითხიც წარმოადგინა. საზოგადოდ, მმართველობის სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესს შორის კავშირი არსებითია. ამასთან დაკავშირებით ორი ძირითადი თვალთახედვაა გამოკვეთილი: პირველი – პრეზიდენტის უფლებამოსილების და, შესაბამისად, მმართველობის სისტემის საზომად განიხილება მისი არჩევის წესი; მეორე – არჩევის წესი განისაზღვრება მმართველობის სისტემაში მისი როლისა და უფლებამოსილების პროპორციულად. თუმცა, უდავოა, პრეზიდენტის არჩევის წესი ნამდვილად მისსავე უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით პროპორციულად და შესატყვისად უნდა იქნეს განხილული, რადგანაც ვთვლით, რომ არჩევის წესი ზუსტად უფლებამოსილების განაწილებით მიღებული მმართველობის სისტემიდან წარმოქმნილი ნიშანია და არა თავად განმსაზღვრელი.
ძირითადად წმინდა საპარლამენტო სისტემებში, სადაც ხელისუფლების განშტოებათა შორის უფლებამოსილებათა სადემარკაციო ხაზები მქრქალია, სუსტია პრეზიდენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხიც. შესაბამისად, მკვეთრად დავიწროებულია საკუთრივ პრეზიდენტის უფლებამოსილების არეალი.
ამგვარ მოცემულობაში პრეზიდენტი, ცხადია, თავად პარლამენტის ან მისი დომინანტური მდგომარეობით შექმნილი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ აირჩევა. არჩევის ეს წესი განაპირობებს პრეზიდენტის მჭიდრო კავშირს საკანონმდებლო ორგანოსთან და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს პრეზიდენტის ლიმიტირებულ უფლებამოსილებას სახელმწიფო ხელისუფლების განშტოებებთან ურთიერთობაში. ეს მდგომარეობა კი ობიექტურად არ მოითხოვს პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით ლეგიტიმაციას.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტიპის შერეულ რესპუბლიკაში მკვეთრად იცვლება პრეზიდენტის ფუნქციური დატვირთვა, ვფიქრობთ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი საპარლამენტო და მისკენ მკვეთრად მიდრეკილ შერეულ სისტემებში მაინც ყოველთვის არ არის საუკეთესო არჩევანი.
ამავდროულად, პრეზიდენტის არჩევის წესის გადაწყვეტა მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების განსაზღვრით არ ხდება და ის ობიექტურად მოითხოვს ქვეყნისათვის აქტიური პოლიტიკური ფაქტორების ასახვას. სამართლებრივი პროცედურები კი მექანიზმია ამ არჩევის წესის სამართლიანად რეგულირებისათვის.
ამ თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელ სამართლებრივ-პოლიტიკურ მოცემულობაში არის რამდენიმე მგრძნობიარე ფაქტორი, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და, შესაბამისად, საზოგადოების ერთიანობის ხელყოფა, რისი კვალიც უდავოდ უნდა აისახოს პრეზიდენტის არჩევის დროებითი წესის განსაზღვრაზე.
საზოგადოების ერთიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე გადასვლამდე პრეზიდენტის მანდატის წარმომადგენლობითობის უწყვეტობისათვის, აუცილებელია, შენარჩუნებული იქნეს მისი პირდაპირი არჩევის წესი, რადგანაც პრეზიდენტის ერთპალატიანი პარლამენტის მიერ არჩევა დანაწევრებულ საზოგადოებასა და გაყოფილ სახელმწიფოში ვერ უზრუნველყოფს მის სრულფასოვან წარმომადგენლობითობას.
თუნდაც მხოლოდ დევნილთა საარჩევნო ხმები გამოყოფილად, განსაკუთრებული წესით არ აისახება და, შესაბამისად, ცალკე გავლენას ვერ ჰპოვებს საპრეზიდენტო არჩევნების საერთო ეროვნულ შედეგებზე. ეს კი ვერ შეავსებს მისი წამომადგენლობითობის გენეზისში არსებულ სიცარიელეს. ამ პირობებში, ცხადია, პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ბუნება ვერ იქნება სათანადოდ ნასაზრდოები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების საერთო-სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას.
პრეზიდენტის პირდაპირი წესის შეცვლა პარლამენტის მიერ (თუნდაც სხვა ხმოსნების თანამონაწილეობით) არჩევით არარაციონალურად მიგვაჩნია ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. ერთპალატიანი საპარლამენტო მმართველობა თავისთავად ერთი პარტიის დომინაციის ხელშემწყობია.
საყოველთაო და პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის ერთპალატიან პარლამენტში გადანაცვლება, ერთი მხრივ, იქნება სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლობითობის ხარისხის მკვეთრი დადაბლება, რაც ხელს არ შეუწყობს პრეზიდენტის საზოგადოებრივი ავტორიტეტის ზრდას და მის ეფექტიან გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე; მეორე მხრივ კი, მოსპობს სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში არსებული საპრეზიდენტო შემაკავებელი ზემოქმედების ეფექტის შესაძლებლობას.
ახალგაზრდა დემოკრატიებში, სადაც პარტიული სისტემები არამყარია, მმართველი პარტიის დომინაციაზე მძაფრად აისახა ერთპალატიანი პარლამენტის როლიც. ეს გამოვლინდა როგორც სლოვაკეთში 1993-1998 წ.წ. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ მეჩიარის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში, ისე ალბანეთში.
ცხადია, რომ ერთპალატიან სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტურ მდგომარეობას ამძაფრებს არამყარი პარტიული სისტემაც, როდესაც სუსტდება ოპოზიციური სპექტრი. ქართული საპარლამენტო ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებული მართლაც “ყველაფერს” იგებს და ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას. პარტიული სისტემის დაუხვეწაობის გამო არ არსებობს ურთიერთმონაცვლეობითი პარტიული მმართველობის ტრადიცია, მათ შორის, რიგ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ საკითხებზე, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის გადაწყვეტილებათა ურთიერთშეთანხმებით მიღების ტრადიცია.
ასეთ სისტემაში პრეზიდენტის არჩევნები ვერ იქნება პოლიტიკური ძალების კონსენსუსის ნაყოფი, რაც ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციობაში შეამცირებს მნიშვნელოვან კომპონენტს – პრეზიდენტის არბიტრაჟის ეფექტიანობას. არადა, სწორედ პერზიდენტის საარბიტრაჟო საქმიანობამ უნდა წარმოშვას მმართველი პოლიტიკური ძალის შემაკავებელი ფაქტორების ეფექტიანობა. ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში კი სუსტდება შეკავებისა და გაწონასწორების სხვა პოლიტიკური მექანიზმები და ღინისძიებები და საამისო ერთადერთ ინსტრუმენტად ზუსტად პრეზიდენტის საარბიტრაჟო შესაძლებლობებიღა რჩება. პრეზიდენტის საარბიტრაჟო ფუნქციის ეფექტიანობა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამყარ პარტიულ სისტემებში და პარტიული საპარლამენტო მმართველობის ტრადიციის არქონის პირობებში.
სწორედ ამ გარემოებაში მმართველობის სისტემის სიცოცხლისუნარიანობისათვის პრეზიდენტის ინსტიტუციურად ობიექტური და ინდივიდუალურად სუბიექტური ავტორიტეტი შეიძლება არსებითი აღმოჩნდეს. ამ ფონზე, ლეგიტიმაციის წარმოშობა მყარი უმრავლესობის ერთპალატიანი პარლამენტის ნებაზე კი ასუსტებს როგორც საერთო პოლიტიკურ, ასევე პრეზიდენტის საარბიტრაჟო შემაკავებელ შესაძლებლობებსა და რესურსს; პრეზიდენტს უუნაროს ხდის, იქონიოს გარკვეული ზემოქმედება ერთპალატიან პარლამენტში დომინანტი მმართველი პარტიის პოლიტიკურ და მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის შესაძლო ავტორიტარულ მმართველობაზეც კი.
ერთპალატიანი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის საარბიტრაჟო ფუნქციის პრაქტიკული ნიველირების საფრთხე განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩნდება პრეზიდენტობის პირველი ვადისას, როდესაც იგი იძულებულია, ან მმართველი უმრავლეობის (მით უფრო, თუ საქმე გვაქვს არა კოალიციურ, არამედ ერთი პარტიის მყარ საპარლამენტო მმართველობასთან) პოლიტიკურ “ტყვედ” გადაიქცეს, ან მის წინაშე პოლიტიკურ “ურჩობაზე” სამომავლო პასუხისმგებლობისათვის განეწყოს.
სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ალბანეთში. ზუსტად ამ თვალსაზრისით, მართლაც განსაკუთრებულად გამოვლინდა ერთპალატიან სისტემაში პრეზიდენტის საპარლამენტო წესით არჩევაზე მმართველი პარტიის დომინაციის ნეგატიური როლი. რეჯეფ მეიდანი (1997-2002) პირველი ვადის შემდეგ მისავე ამრჩევმა საპარლამენტო კოალიციამ, ალბანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერობით, 2002 წელს მეორე ვადით აღარ აირჩია და მის კანდიდატურას უკვე ალფრედ მოისიუ არჩია (სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა შიდა პარტიული გადაჯგუფებაც, რამაც პრეზიდენტის არჩევნების თვის – ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრის ცვლილებაც განაპირობა.
ამ შიდა პარტიულმა გადაჯგუფებამაც, რა თქმა უნდა, არსებითი როლი ითამაშა პარტიის საპრეზიდენტო არჩევანზე. იგივე განმეორდა 2007 წლისათვის ალბანეთის დემოკრატიული პარტიის რჩეულ (თუმც თავად უპარტიო) ბამირ ტოპისთან მიმართებითაც, როდესაც 2012 წელს, კვლავ ალბანეთის დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში, პრეზიდენტად უკვე აირჩა არა კვლავ ტოპი, არამედ ამავე პარტიის სხვა წარმომადგენელი – ბუჯარ ნიშანი. ლატვიაშიც მემარცხენე და ლიბერალების კოალიციის მიერ მეორე ვადისათვის უარყოფილ იქნა მანამდე, 2011 წელს, მისივე რჩეული ანდრის ბერზინსი და აირჩა დღეისათვის მოქმედი პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი.
პრეზიდენტის არჩევის წესის უმთავრეს განმსაზღვრელად მხოლოდ მმართველობის სისტემის გამოყენება მოძველებური საზომია. თანამედროვე დემოკრატიებში, უნიტარულ სახელმწიფოებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ნაკლები მიმღებლობაა, რაც ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში კიდევ უფრო თვალში საცემია. უნიტარულ ერთპალატიან სახელმწიფოებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გამონაკლისები თანამედროვე დემოკრატიებში იშვიათობაა, ესენია: ალბანეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, უნგრეთი და ესტონეთი თავისებური ვარიაციით.
უნიტარული ერთპალატიანი რესპუბლიკები სწორედ იმიტომ არიდებენ თავს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს, რომ ერთპალატიანობის ნაკლოვანებები – მმართველი პარტიის დომინაციის შესაძლებლობა, უკიდურესობამდე არ განვითარდეს; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობა იყოს ამ ნაკლოვანებების პრევენცია – მმართველი პარტიის დომინაციაზე რეაგირების ინსტრუმენტი.
ასეთი მაგალითები არა მარტო ნახევრად საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო და მკვეთრად მისკენ მიდრეკილ მოდელებში საკმარისია: ავსტრია, ბულგარეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია.
საპარლამენტო მმართველობისა და უნიტარული წყობილების გამო საპირისპირო მაგალითად იტალიის დასახელება ვერ იქნება წარმატებული მაგალითი, რადგანაც ის, პრაქტიკულად, ფედერაციის ზღვარს მიღწეული – მკვეთრად დეცენტრალიზებული სამდონიანი თვითმმართველობის სისტემაა. სწორედ ამიტომ მისი ოლქები წარმატებით მონაწილეობენ არა მარტო პარლამენტის ზედა პალატის, არამედ საერთოდ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოთა ფორმირებაში. ორპალატიანობის მიუხედავად კი, სწორედ უნიტარული მოწყობის პირობებში, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნებს ამჯობინებს ირლანდიაც.
აღნიშნული რისკების სწორი ევროპული შეფასებების გათვალისწინებითაც, საქართველოში მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენის შემდეგ გვესახება შესაძლებლად პარლამენტის ორპალატიან სისტემაში პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარისხის უზრუნველყოფით მისი არჩევის პირდაპირი წესის კლასიკური მრავალსაფეხურიანი წესით შეცვლა.
პირდაპირი არჩევნების ერთადერთ და, უფრო მეტიც, აუცილებლად სასურველ ალტერნატივად მხოლოდ ერთიან საზოგადოებაში, ორპალატიანი პარლამენტის პირობებში კლასიკური მრავალსაფეხურიანი არჩევნები (როდესაც ორივე პალატას ემატება ადგილობრივი/რეგიონული ნიშნით არჩეული იმავე რაოდენობის ხმოსნები) მიგვაჩნია.
ვთვლით, რომ არასიმბოლური პრეზიდენტის სტატუსის შესატყვისი არჩევის წესი (მით უფრო ქვეყნის საზოგადოებრივი და ტერიტორიული ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის შემდეგ ამომრჩევთა კოლეგიაში წარმომადგენლობათა უდავოდ ასიმეტრიული განაწილებით), რომელშიც შესაძლებელი იქნება მის მიმართ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის მაღალი ხარისხის ხელშემწყობი წარმომადგენლობითი მანდატის ადეკვატური უზრუნველყოფა, არის სწორედ ორპალატიან პარლამენტში მრავალსაფეხურიანი არჩევნები.
საზოგადოების ერთიანობისა და სახელმწიფოს ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფა, არამყარი პარტიული სისტემა და, შესაბამისად, პარტიული საპარლამენტო მმართველობის ტრადიციების არქონა, ერთპალატიანი საპარლამენტო მმართველობა ის მინიმალური წინარე პირობებია, რომელთა არსებითად შეცვლამდე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებამ, შესაძლოა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის სისტემაში სერიოზული დისბალანსი შექმნას და შესაბამისი უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს.
ამასთან მიმართებით ასევე არსებითია ტერიტორიული თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხიც. აღნიშნულ გარემოებაში ობიექტურად მაქსიმალურად გაიზრდება პოლიტიკური მორჩილებით უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუციონალიზაციის რისკი. სუბიექტურად კი ასეთი პრეზიდენტის მიერ ქმედითი არბიტრაჟის განხორციელების ყოველი მცდელობა კიდევ უფრო გაამწვავებს მონოლითური საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ პოლიტიკური პროცესებიდან მისი გარიყვის მისწრაფებას. ამასთან, ყოველი კონსტიტუციური პროცედურა კონსტიტუციით დეკლარირებული უზენაესი პოლიტიკური მიზნის მისაღწევი საშუალებაა და ეს არსენალი არ უნდა გავხარჯოთ მოკლევადიანი პოლიტიკური ზრახვების და არა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
რაც შეეხება საბოლოოდ, შორსმიმავალი ხედვით ამ საკითხის გადაწყვეტას, ვფიქრობთ, ეს ისევ და ისევ უნდა დავუკავშიროთ საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენას, როდესაც საზოგადოების დაბრუნებული ნაწილის (აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო-ის მოსახლეობის) პოზიციასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მის საბოლოო გადაწყვეტაზე. პრეზიდენტის არჩევის წესზე სწორედ ასეთ მოცემულობაში მიღებული გადაწყვეტილება უდავოდ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმების პროდუქტი.
წინამდებარე წერილში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ ჩემი ინდივიდუალური პოზიციაა და ის არ გამოხატავს არანაირ უწყებრივ ინტერესს.
—————–
„ახალი თაობა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მერის არჩევნებზე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება”
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერის არჩევნებზე საუბრობს.
- ბატონო რამაზ, ხშირად ამბობენ, რომ თბილისის მერი მეურნე უნდა იყოს და არა პოლიტიკოსი. იზიარებთ ამ შეხედულებას?
- თბილისი მერი პოლიტიკური ფიგურაც არის, გვინდა ეს თუ არა. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა იყოს, ალბათ – ორივე ერთად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მეურნე უნდა იყოს ანუ უნდა ესმოდეს, რა პრობლემებით ცხოვრობს თბილისი და რამდენად ხედავს მათი გადაჭრის გზებს. ნახევარი საქართველო ლამის თბილისში ცხოვრობს და, ალბათ, შეუძლებელია, რომ პოლიტიკოსიც არ იყოს, ამ თანამდებობას მაინც აქვს პოლიტიკური წონა, მით უფრო, როდესაც პირდაპირი წესით არჩევნებზეა საუბარი. სწორედ ეს განაპირობებს ამ თანამდებობის პოლიტიკურ წონასაც.
- კანდიდატები უკვე სახელდებიან. რამდენად ელოდებით ძლიერ კანდიდატებს?
- ყველა პარტია ეცდება, რომ რაც შეიძლება ძლიერი კანდიდატი გამოიყვანოს…
- ალეკო ელისაშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან მიიღო შეთავაზება, მაგრამ ის უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, თუ გადაწყვეტს, მერის პოსტზე კენჭი იყაროს. რამდენად ძლიერი კანდიდატი შეიძლება იყოს ელისაშვილი?
- ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. ალეკო ელისაშვილი ძლიერი კანდიდატი იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და არის დამოუკიდებელი. ელისაშვილმა კარგად იცის, რა ფასი აქვს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ მან უარი თქვა მიღებულ შემოთავაზებაზე. პარტიები არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ყველა პარტიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ამიტომ უპარტიო კანდიდატს ამ ფონზე უფრო მეტი შანსი აქვს საზოგადოების გულის მოგების თვალსაზრისით. პარტია ბევრისთვის რესურსიც არის, თუმცა, გააჩნია, რომელ პარტიაზეა საუბარი.
- სახელისუფლებო გუნდში გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, რადგან სახელდება კახა კალაძეც და დავით ნარმანიაც…
_ პირდაპირ გეტყვით, ნაკლები შანსი აქვს დავით ნარმანიას, ვიდრე კახა კალაძეს. დავით ნარმანიასადმი პრეტენზიები მთელი ამ ხნის განმავლობაში კი არ მცირდება, მატულობს. გარკვეული რამ გააკეთა, მაგრამ ბევრი პრეტენზიაც არის მის მიმართ.
- ხელისუფლებისთვის დავით ნარმანიას კანდიდატად დაყენება წამგებიანი იქნება?
- მეტ-ნაკლებად წამგებიანი იქნება. თბილისის დიდი ნაწილი გაცემული დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს მას. მაგალითად, საარჩევნო კამპანიის დროს ის პირობას დებდა, რომ „სითი-პარკის“ საკითხს მოაგვარებდა. ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელია. ასევე იყო დაპირება მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ დარგული ხეების ნაწილი გახმა, მეორე ნაწილი არ ვიცით, დაირგა, გაიხარა?! ასევე იყო ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების იდეა, რაც ასევე ჯერჯერობით შეუსრულებელი ჩანს. საცობების თემა კვლავ აქტუალურია. დაპირება იყო, თითქოს სანაგვე მანქანები გვიან ღამე შეასრულებდნენ სამუშაოს, რომ დილით საცობები არ შექმნილიყო ქალაქში, თუმცა ეს პრობლემაც გადაუჭრელია. ამდენად, გაჩნდა შეხედულება, რომ დავით ნარმანია არ არის საუკეთესო ვარიანტი. თბილისის მერობა ძალიან რთულია.
- კახა კალაძე რამდენად არის ოპტიმალური ვარიანტი?
- ახალი ფიგურა, ისეთი, როგორიც კახა კალაძეა, უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მის მიმართ პრეტენზიები ნაკლებია. არის ენერგეტიკის სფეროში კითხვები, მაგრამ აქ მას შეუძლია პასუხების გაცემა. ასევე მას გამოადგება დიდ არჩევნებზე მიღებული საორგანიზაციო გამოცდილებაც, ყველაფერთან ერთად.
- ამ არჩევნებზე ხელისუფლება უალტერნატივოა თუ ოპოზიციიდან გარკვეული კორექტივებია მოსალოდნელი, თუნდაც ერთ კანდიდატზე შეთანხმება?
- ამ არჩევნების მოსაგებად ხელისუფლებამ, წესით, უნდა იბრძოლოს. ბრძოლაში ვგულისხმობ ისეთი კანდიდატის შერჩევას, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას არ გამოიწვევს. ამომრჩეველმა არ უნდა იფიქროს: სახლში დარჩენა სჯობია, ვიდრე დრო დავხარჯო და ვიღაცას მივცე ხმა, მაინც არაფერი შეიცვლება! ეს იდეა არ უნდა გააჩინოს ხალხში ხელისუფლებამ. მეორე, თბილისში არჩევნების მოგებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხოლმე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ხშირად თბილისის არჩევნებს დიდ არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
„ახალი თაობა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „მთავრობიდან პრორუსულ მინისტრებს გაუშვებენ“ // „ვნახოთ, რა მითითებებს ჩამოიტანს გიორგი კვირიკაშვილი ამერიკიდან“ // „ხელისუფლებამ ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლა არ უნდა დაუშვას“
რა რეაქცია ექნება მოსკოვს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რა მიზანს მიაღწია საქართველომ, რატომ უნდა მოერიდოს ხელისუფლება ოპოზიციის გაღიზიანებას, რა გზავნილს ჩამოიტანს ამერიკიდან გიორგი კვირიკაშვილი? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. მისი თქმით, „იმაზე, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, 1990 წლიდან ვოცნებობდით. მართალია, აქამდეც გვქონდა აშშ-ის მხარდაჭერა, მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ და მასთან ერთად კავკასიამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სიმაღლის ფუნქცია შეიძინა“.
- და რა შეიცვლება ამით? რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგაც ღიად ამბობენ, რომ არც აღიარებას წაიღებენ უკან და არც ჯარებს გაიყვანენ ოკუპირებული რეგიონებიდან...
- რუსეთისგან რიტორიკის შეცვლას არც უნდა ველოდოთ, მაგრამ, გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს რუსეთი რამდენიმე მიმართულებით გაიხლართა და კავკასიაზე კონტროლის შენარჩუნება გაუჭირდება.
თავად დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გახლავთ საქართველოს ღია მხარდაჭერა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მზადაა, საქართველოს მხარდასაჭერად ყველა მეთოდი გამოიყენოს. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ყველა ის ქვეყანა, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში ორჭოფობდნენ და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ითვალისწინებდნენ, პოზიციას საქართველოს სასარგებლოდ შეიცვლის.
- რას იზამს რუსეთი? ვიზალიბერალიზაციის შემდეგ სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოვიდნენ. ზემოთ კი თქვით, ოთხი მიმართულებით გაიხლართაო, მაგრამ ვითომ არ შემოგვთავაზებს სიურპრიზებს?
- სიურპრიზები იქნება, მაგრამ, რაც მეტად დაუპირისპირდება რუსეთი დასავლეთს, მით მეტ დანიშნულებას შეიძენს საქართველო და მისი ფასი გაიზრდება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საქართველო ძველ მისიასა და ადგილს დაიბრუნებს, რომელიც მას ყოველთვის ეკავა.
- რა ადგილზე საუბრობთ?
- საქართველო რომ არ ყოფილიყო კავკასიაში და სერბეთი – ევროპაში, ევროპის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალური ისლამის მიმდევარი იქნებოდა. მეექვსიდან მეთვრამეტე საუკუნემდე საქართველო იყო შემაკავებელი იმ რადიკალური ისლამისა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ვერ ერევა. ამას მარტო საქართველო უმკლავდებოდა…
- საეჭვოა, ახლა საქართველო ამას გაუმკლავდეს. ე.წ. საზღვარი ლამის ყოველდღე იწევა, ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ადამიანებს იტაცებენ და ამასაც კი ვერ ვაპროტესტებთ. ჩვენ შევძლებთ რადიკალური ისლამის მორევას ან შეკავებას?
- დღეს ამას ვერ შევძლებთ და მერე ეს ვისი ბრალია? იმ მოღალატე პოლიტიკოსების, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში 1992 წლიდან დღემდე არიან მოკალათებული. ისინი ქვეყანას ყვლეფდნენ და შეგნებულად ასუსტებდნენ. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ დასუსტებულ საქართველოს საფრთხეებისთვის პასუხი ვერ გაეცა. აქამდე კიდევ რაღაც ეჭვები მქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო უბრალო კორუფცია. ეს გახლდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა. დღეიდან ასე აღარ იქნება.
- დარწმუნებული ხართ, რომ რამე შეიცვლება? ამის თქმის საბაბს რაიმე ინფორმაცია გაძლევთ თუ ეს თქვენი სურვილია?
- აუცილებლად შეიცვლება. საქართველოს დასუსტების პოლიტიკის უკან რუსეთი იდგა, ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კი რუსეთისთვის სილის გაწვნა გახლავთ. მოსკოვი ახლა ასე თამამად ვეღარ იმოქმედებს.
- სილის გაწვნაო თქვით და რუსეთიდან ხელის შემობრუნება არ იქნება?
- სურვილი ექნება, მაგრამ თავი – არა. ვლადიმირ პუტინს მეოთხე ფრონტი გაუხსნა კავკასიის სახით დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის შემდეგ. ოთხი მიმართულებით ბრძოლა რუსეთს აღარ შეუძლია. თუ დაიწყებს, ძალიან მალე დამთავრდება. როცა რუსეთზე საუბრობენ, ამ ქვეყნის მოტრფიალე ქართველი პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ამათ ლენინგრადის ბლოკადას გაუძლეს და კიდევ ბევრ რამეს გაუძლებენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არც ტანკების დაქოქვას აპირებს ვინმე და არც ბლოკადის მოწყობას, მაგრამ ეკონომიკური სანქციებით ისეთ დღეში ჩააგდებენ, რომ ძალიან მალე ჩამოიშლება ეს ქვეყანა. ტანკებს საქართველოს წინააღმდეგ არც რუსეთი დაქოქავს. უბრალოდ, კრემლი აქ თავისი სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გაააქტიურებს. პრორუსული ორიენტაციის პარტიები რაღაც პერიოდი ჩრდილში იქნებიან.
- ჩრდილში რატომ იქნებიან?
- მათი გააქტიურება ერთი მარტივი მიზეზის გამო შედეგს ვერ მოიტანს – საქართველოში პრორუსული პარტიები ავტორიტეტით არ სარგებლობენ.
- საქართველოში დიდი ავტორიტეტი არც პროდასავლურ ძალებს აქვთ...
- საერთოდ პოლიტიკოსები არ უყვარს ხალხს. ეს კარგად იციან რუსეთში და მათი აგენტურა საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას შეეცდება. კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ მთელი ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანოს, რის შემდეგაც ამ პროცესში თავის ხალხს გამოიყვანს საქართველოს მხსნელების როლში და შეეცდება, მათი რეიტინგი ასწიოს. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცოტა ფრთხილად იყოს და ოპოზიციასთან ხისტ საუბარს თავი დაანებოს. საქართველოს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქუჩის აქციები.
- 8 მაისს საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იწყება ამერიკაში. თქვენი აზრით, რა რჩევებს ან მითითებებს მიიღებს გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში?
- რჩევებს აუცილებლად მიიღებს, ოღონდ, არა ისე, როგორც რუსებმა იციან ხოლმე. მოსკოვს თითებს ქნევა ახასიათებდა ყოველთვის, აშშ-ში ასე არ არის მიღებული. კვირიკაშვილთან ექნებათ ამ დოკუმენტზე საუბარი. განიხილავენ, როგორ განვითარდება მოვლენები. მისგანაც მოისმენენ, რა სჭირდება საქართველოს გასაძლიერებლად. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში რამდენიმე საკადრო ცვლილებაც მოხდეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობიდან პრორუსული ორიენტაციის ხალხს გაუშვებენ. ეს დიდი ხნის წინაც უნდა გაკეთებულიყო.
- საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის უუნარობას სდებდნენ ბრალად. ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც თქვენ დიდ მიღწევად აფასებთ, არის თუ არა ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი?
- რაღაც დოზით ჩვენმა მთავრობამაც იაქტიურა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის ამერიკული პოლიტიკის შედეგი. ობამასგან განსხვავებით, ტრამპი ძალიან ღიად და მკაფიოდ მოქმედებს, რაც ძალიან კარგია. მოსკოვს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ყველაფერზე. მოსკოვის გარდა, სათანადო პასუხს მიიღებს ყველა ის ქვეყანა, რომლებიც აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ითანამშრომლებენ ან მათ დამოუკიდებლობას აღიარებენ.
- სათანადო პასუხი თურქეთსაც გაეცემა?
- თურქეთი რა შუაშია? მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ.
- აღიარებით არ უღიარებიათ, მაგრამ თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებულ აფხაზეთთან. აფხაზების განცხადებით, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს...
- ამ დოკუმენტის შემდეგ ანკარაც დაფიქრდება. თურქეთს რუსეთთან მყიფე ურთიერთობები აქვს. ევროპა გადაიკიდა და ახლა აფხაზეთის გამო ამერიკას ნამდვილად არ დაუპირისპირდება. დარწმუნებული ვარ, რაღაცებს რუსეთიც გადახედავს. კრემლში, ალბათ, დაფიქრდებიან და გადაწყვეტენ, ღირს თუ არა ამხელა პრობლემების წინაშე დადგომა ვიღაც ბიბილოვისა და ხაჯიმბას მხარდაჭერის გამო. მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვლება და ეს ცვლილებები რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება.
- მოდით, ისევ საქართველოს ხელისუფლებას დავუბრუნდები. თქვენ ადრე არაერთხელ თქვით, რომ ევროპაში ოფიციალურ თბილისს ვირეშმაკულ პოლიტიკაში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ თბილისი რუსეთთან თამაშობს. ამერიკაშიც ასე თვლიან?
- სავარაუდოდ, ამერიკაშიც ასე ფიქრობენ და, ალბათ, ამიტომაც დაჩქარდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გიორგი კვირიკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებიდან ბევრი ვინმე წავა. ქართული პოლიტიკა რუსეთის აგენტურისგან სრულად უნდა გაიწმინდოს.
„ახალი თაობა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგის ადვოკატობაში ერთი თეთრიც არ ამიღია“ // „გამაფრთხილეს, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი“ // „პროკურატურა საპატრიარქოს საქმეებში აფათურებს ხელს“ // „ციანიდის საქმეზე“ საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებები არა აქვს და სასამართლოს დახურვა ამიტომაც მოითხოვა“
რატომ დაიხურა „ციანიდის საქმე“? ვინ სვამდა საეჭვო კითხვებს საპატრიარქოსთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო პროკურატურამ შესაძლო თანამზრახველებზე საუბარი, რა ურთიერთობები აქვს მეუფე პეტრესთან, ვისი რეკომენდაციით გახდა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი? ამის შესახებ „ახალ თაობას“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება.
- 5 მაისს „ციანიდის საქმეზე“ მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. სხდომის დახურვას დაცვის მხარესთან ერთად საპატრიარქოც ეწინააღმდეგებოდა. თქვენი აზრით, რა გახდა სხდომის დახურვის ნამდვილი მიზეზი?
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროკურატურამ ამ საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა. ასეთი შუამდგომლობით პროკურატურა პირველად მაშინ გამოვიდა, როცა გამოძიების ვადის გაგრძელება მოითხოვა. მაშინ შუამდგომლობა სხდომის დახურვაზე იმით ახსნეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება.
- მამა გიორგიმ ხომ თქვა უარი ოჯახის წევრების დაცვაზე?
- დაცვაზე უარი სწორედ იმ მოტივით თქვა, რომ საქმე აღარ დახურულიყო. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მაინც იგივე შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურატურის არგუმენტები ასეთი იყო – მორალი, ზნეობა, საპატრიარქოს იმიჯი. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ მტკიცებულებების განხილვას, შესაძლოა, საპატრიარქოს იმიჯზე ცუდი გავლენა მოეხდინა. არადა, წინასასამართლო სხდომაზე არანაირი მტკიცებულებების განხილვა არ იგეგმებოდა. იყო რაღაც შუამდგომლობები. ადვოკატები ვითხოვდით რაღაც მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას და ა.შ.
პროკურატურის გადაწყვეტილება თავად საპატრიარქოსთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. ამ სხდომას ესწრებოდა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა. მისი თქმით, საპატრიარქოს იმიჯი აქ არაფერ შუაში არ იყო.
- აბა, რატომ დაიხურა სხდომა?
- ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს. საქმის საჯაროდ წარმართვას არ ეწინააღმდეგება საპატრიარქო, მამა გიორგის სურვილიც ის არის, რომ საზოგადოებამ ყველაფერი გაიგოს და ეს სხდომები საჯარო იყოს. ამ ფონზე გვაქვს პროკურატურის მტკიცებულებები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არასრულყოფილია.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მიზეზი მხოლოდ ეს არის?
- იმდენად უსუსურია ეს მტკიცებულებები, რომ არ უნდათ, ხალხმა გაიგოს, რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი მამა გიორგის და რის საფუძველზე ითხოვენ არარსებული დანაშაულის დასაბუთებას. ჩემი აზრით, მხოლოდ ესაა სასამართლოს დახურვის მიზეზი და აქ საპატრიარქოს იმიჯზე ზრუნვა და მისი გაფრთხილება არაფერ შუაშია. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე სასულიერო პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ნებისმიერი სასულიერო პირის სასამართლო ეკლესიის იმიჯზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ პროკურატურას აქამდე არასდროს მოუთხოვია სხდომის დახურვა. ყველა სასამართლო პროცესი ღიად წარიმართა, მათ შორის – გახმაურებული საქმეებიც.
2013 წლის 17 მაისს თბილისში რაღაც მანიფესტაცია გაიმართა, რომელიც სასულიერო პირებმა აღკვეთეს. ამ დროს რაღაც შეხლა-შემოხლაც მოხდა და რამდენიმე სასულიერო პირის მიმართ საქმეც აღიძრა. ეს ამბავი ძალიან გახმაურებული იყო. „ციანიდის საქმის“ მსგავსად, მის მიმართ ძალიან დიდი იყო მედიის ყურადღება, მაგრამ პროკურატურას არსად განუცხადებია, საპატრიარქოს იმიჯს უნდა გავუფრთხილდეთ და ეს პროცესი დავხუროთო. სასამართლო სხდომის დახურვა მხოლოდ ახლა მოითხოვეს. პროკურატურის გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ ჩარჩოებს არის აცდენილი.
- სასამართლოზე მამა გიორგის მეგობრებიც იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ დეკანოზს დაპატიმრებამდე ემუქრებოდნენ. ითქვა ისიც, რომ მამა გიორგისგან ითხოვდნენ, ეს ყველაფერი მეუფე პეტრესთვის დაებრალებინა. თქვენ რა შეგიძლიათ, ამაზე გვითხრათ?
- ამაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მამა გიორგის მეგობრის ეს განცხადება ტელევიზიით მოვისმინე, მაგრამ სხვა საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ. როდესაც მამა გიორგი დააკავეს, მას პროკურატურის წარმომადგენლები ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომელთაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ამის გამო მამა გიორგიმ პროტესტი გამოხატა და კითხვებს არ უპასუხა. ამაზე პროკურატურამ განაცხადა, მამა გიორგი გამოძიებასთან არ თანამშრომლობსო.
- პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ ადვოკატებთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თქვენ მამა გიორგის დაცვას კი არ ცდილობთ, არამედ ყველაფერს აკეთებთ, რომ მან თანამზრახველები არ დაასახელოს. იმის შესახებაც გაკეთდა მინიშნება, რომ თქვენ ხართ მეუფე პეტრეს მეგობარი...
- მეუფესთან მეგობრობა როდიდან არის დანაშაული? დიახაც, ვარ მეუფე პეტრეს მეგობარი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ძალიან კარგად ვიცნობ პატრიარქს, ვიცნობ მეუფე შიოსა და მეუფე იაკობსაც. ასევე გიორგი მარგველაშვილსაც ვიცნობ და შორენასაც. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ.
- მეუფე პეტრე იმიტომ ვახსენე, რომ ამბობენ, თითქოს მან დაგიქირავათ მამა გიორგის ადვოკატად. ამაზე რას იტყვით?
- ამაზეც დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი და ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ ვინ დამიქირავა. დაქირავებასთან დაკავშირებით ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – მე ვერავინ დამიქირავებს. ამის გარდა, ვერავინ მაიძულებს იმის გაკეთებას, რაც არ მინდა, რომ გავაკეთო. მამა გიორგის დაცვა მისი ოჯახის წევრებმა მთხოვეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გამიწია რეკომენდაცია, მთელი თბილისი ჩემზე ლაპარაკობს და ერთი ადამიანი როგორ არ გამიწევდა რეკომენდაციას. არც უცნობი ადვოკატი ვარ. ასე რომ, რეკომენდაციის თემა სალაპარაკო არ არის. როცა დეკანოზის ოჯახმა იურიდიული დახმარება მთხოვა, წავედი მამაოსთან და მოვუსმინე. მანამდე ამ საქმეზე ტელევიზიით ვიცოდი. პროკურატურისგან ვიცოდი, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა. მამაოსთან საუბრის შემდეგ გავიგე, რომ საქმე სულ სხვანაირად იყო და მას შორენას მოკვლას აბრალებდნენ. ჩავერთე და ვარ ამ საქმის ადვოკატი.
რადგან ამ თემამ ასეთი დაინტერესება გამოიწვია, ერთსაც დავამატებ – მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მომსახურება ფასიანია, ამ საქმეზე ერთი თეთრი არ ამიღია. მეტი რა გავაკეთო. ჩემ წინააღმდეგ ამ თვეების განმავლობაში ათასი სიბინძურე თქვეს. ხან საპატრიარქოს წინააღმდეგ შავი პიარის აგორება დამდეს ბრალად, ხან კრიმინალი მეძახეს. ცოტა ხნის წინ მიმანიშნეს, რომ იციან იმის შესახებ, რომ ჩემი შვილი საქართველოშია.
- რას ჰქვია, მიგანიშნეს?
- ჩემი შვილი – ლიზა რამიშვილი – ძალიან ჭკვიანი გოგოა და მას ყველა იცნობს. ის საზღვარგარეთ სწავლობს და ახლახან ჩამოვიდა თბილისში. ერთ-ერთ გადაცემაში ირაკლი მამალაძემ მითხრა, თქვენ ლიზას მამა ხართო. თითქოს აქამდე არ იცოდა, რომ ლიზა ჩემი გოგო იყო. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამაფრთხილეს, იციან, სად არის ჩემი შვილი. ამათ გასაგონად მინდა ვთქვა, ერთი წუთითაც კი არ დაუშვან, რომ ვიღაცას რაღაცის შეეშინდება.
- მოდით, შესაძლო თანამზრახველებზეც ვისაუბროთ. თავიდან პროკურატურა ამაზე არ საუბრობდა. ახლა რა შეიცვალა?
- შესაძლო თანამზრახველებზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. პროკურატურის მტკიცებით, მათ იცოდნენ, რომ მამა გიორგის ბარგში ჰქონდა ციანიდი. ამბობენ, რომ იცოდნენ, ის ციანიდის შეძენას აპირებდა და მასზე მიმდინარეობდა თვალთვალი. ამის მიუხედავად, დღემდე ვერ დაადგინეს, თუ სად შეიძინა მამაომ ეს ნივთიერება. არადა, პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ვისთანაც კი კონტაქტი ჰქონდა, ყველა სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
ციანიდის გამყიდველს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. მამა გიორგის ჩანთაში როგორ აღმოჩნდა ციანიდი, ეს მაგათ უნდა აგვიხსნან. საქმე 3 თვეა მიდის და ახლა ალაპარაკდნენ შესაძლოა თანამზრახველებზე. აქამდე სად იყვნენ? ამ ვერსიაზე თავიდანვე უნდა ემუშავათ. ეჭვი თუ იყო, აქამდე რა ვერ დაადგინეს.
- ეს საქმე ცალკე გამოიყო და იქნებ მართლა რაღაც აქვს პროკურატურას ხელჩასაჭიდი?
- ხელჩასაჭიდი რომ ყოფილიყო რამე, სამი თვის მერე არ დაიწყებდნენ ამ თემაზე საუბარს. საქმე მართლაც ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს, რას გამოყოფონ საქმიდან, რას გადაყოფენ და რას გაყოფენ შუაზე. გამოყვეს? ჰოდა, ეძებონ შესაძლო თანამზრახველები, ერთი ციანიდის გამყიდველია ნაპოვნი და მეორე თანამზრახველებს იპოვიან. პროკურატურა ძალიან ცუდ გზას დაადგა და, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეგენი საპატრიარქოში ძალიან ცუდად აფათურებენ ხელებს.
- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საგამოძიებო უწყება საპატრიარქოში ხელს აფათურებს?
- აბა, რაში აინტერესებს პროკურატურას იმის გარკვევა, თუ რა დაჯგუფებებია საპატრიარქოში.
- თქვენ გამორიცხავთ საპატრიარქოში დაჯგუფებების არსებობას?
- როგორ შეიძლება საპატრიარქოში ასეთი რამე? ეკლესია არის ერთი ოჯახი, სადაც არიან მამები და შვილები. რა დაჯგუფებები, ხალხო? ამ პროკურატურაში მართლმადიდებლები არიან საერთოდ თუ რაღაც სხვა დაჯგუფებაა? შესაძლო თანამზრახველებზე საუბარს სჯობია, ის ახსნან, თუ რატომ უსვამდნენ მამა გიორგის უცნაურ კითხვებს.
- ამას უკვე მეორედ ამბობთ და რა კითხვები დასვა პროკურატურამ?
- ეს კითხვები საქმესთან საერთოდ არ იყო კავშირში. მამა გიორგი სწორად მოიქცა, რომ ამაზე არ უპასუხა. პროკურატურას აინტერესებდა, ვინ ვისთან ახლობლობდა. კიდევ ბევრი რამე აინტერესებდათ, რაც საქმესთან კავშირში არ იყო. ამიტომაც ვთქვი, რომ პროკურატურა საპატრიარქოში ცუდად აფათურებს ხელებს. კიდევ ერთი: პროკურატურამ ისიც უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ დაუმძიმა ბრალი მამა გიორგის და რატომ თვლის, რომ მას შორენა ანგარების მიზნით უნდა მოეკლა. ოფიციალურად შორენა თეთრუაშვილი არაფერს წარმოადგენს. ოფიციალურად მას არავის მოხსნა და დანიშვნა არ შეუძლია.
- ოფიციალურად შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტია, მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ ის საპატრიარქოში ბევრ რამეს წყვეტს...
- ეს არის არაოფიციალური ინფორმაციები. ოფიციალურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შორენა ვერაფერს გადაწყვეტს. პროკურატურა ვალდებულია, ოფიციალურად დაამტკიცოს, რომ თეთრუაშვილს ყველაფერი შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგვიხსნას, რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მამა გიორგი ანგარებით აპირებდა იმ პირის მოშორებას, რომელსაც ოფიციალურად საკადრო გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, დეკანოზი იმიტომ იშორებდა შორენას, რომ მას კარიერული წინსვლის შემაფერხებლად მიიჩნევდა.
———–
ადვოკატისგან განსხვავებით, პროკურატურის მთავარი მოწმე დარწმუნებულია, რომ თანამზრახველები აუცილებლად გამომჟღავნდებიან. ამ თემაზე მამალაძე აქამდე აქტიურად საუბრობდა მედიაში. ამჯერად ის ამ საქმეზე აღარ საუბრობს. „საქმის განხილვა დაიწყო და ჩემი დაკითხვაც მოხდება. დაკითხვამდე ინტერვიუებისგან თავს ვიკავებ“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში ირაკლი მამალაძემ. ციანიდის საქმეზე ჩვენების მიცემა პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილსაც მოუწევს. ის, შესაძლოა, სასამართლოზე არ გამოცხადდეს. დაახლოებით 10 დღის წინ მან საქართველო დატოვა. მისი ახლობლების განმარტებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი გერმანიაშია, სადაც სამსახურის დაწყებას ცდილობს. მათივე თქმით, შესაძლოა, სოსო ოხანაშვილი საქართველოში საერთოდ არ დაბრუნდეს. მისი ქვეყნიდან წასვლას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ის გააპარეს. პროკურატურა ამბობს, რომ სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა.
„ახალი თაობა“, 08 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ლევან მურუსიძემ ენა გააჩუმოს!“ // „ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ჩვენი საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხებაა~
„ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი მოსამართლე, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.
- ბატონო შალვა, ევა გოცირიძის ინიციატივამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციები უნდა დაწესდესო. რატომ მაინცდამაინც მოსამართლის? ხომ არ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია სასამართლოს დისკრედიტაციისთვის?
- საინტერესო კითხვაა. ამ დღეებში ბევრმა დამირეკა, მაგრამ ამ ჭრილში საკითხი არ დაყენებულა – რატომ მაინცდამაინც მოსამართლეები და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. სასამართლო სისტემაში, ნინო გვენეტაძისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა, თითქმის არავინ შეცვლილა, ძველი სახეები დარჩნენ და ძალიან ცუდი მოვლენები განვითარდა.
- ცუდ მოვლენებში რას გულისხმობთ?
- იმას, ლევან მურუსიძე რომ არის დღევანდელი სასამართლოს სახე, ასევე ჩინჩალაძე, ცერცვაძე და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იქ არის ძალიან მცირე ნაწილი მოსამართლეების, რომლებიც იმსახურებენ სისტემაში დარჩენას. დღეს იმდენად უავტორიტეტო შეიქმნა ეს სისტემა, რომ ეს ჯგუფი მიხვდა, აქ თუ რაიმე ღონისძიებები არ გატარდება, საერთოდ ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგავს აზრს. სასამართლო გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ იგი უნდა ემყარებოდეს კანონს, ასევე უნდა ემყარებოდეს ზნეობას და აუცილებელია, მას ჰქონდეს ავტორიტეტი საზოგადოებაში.
- ვის ჰქონდეს ავტორიტეტი, მოსამართლეს?
- როგორც სასამართლო გადაწყვეტილებას, ისე მოსამართლეს. მურუსიძეს ძალით ვერავის შევაყვარებთ. ნაცვლად იმისა, რომ მას ვიღაცამ ურჩიოს, გაჩუმდეს, გამოდის და მჭევრმეტყველებს. ენა მაინც გააჩუმოს! მე რომ არ გამომეტანა გირგვლიანის საქმეზე ეს გადაწყვეტილება, სხვა გამოიტანდაო. რა უბედურებაა ეს, ხალხო?! თურმე არც უნდა გამოხვიდე და ლაზათიანად არ უნდა შეუკურთხო.
- სწორედ ამიტომ ითხოვენ კანონის გამკაცრებას, რომ ვერ შეუკურთხონ?
- ამათ წლების განმავლობაში ამდენ უდანაშაულო ხალხს განაჩენი გამოუტანეს, დამნაშავეები გაამართლეს და დღეს, იმის მაგივრად, რომ შერცხვეს, მე თუ არ ვიქნებოდი, სხვა იქნებოდაო! თურმე მშვიდად უნდა ვუსმინო და ვერც უნდა გავაკრიტიკო! ამნაირი ერთი ხომ არ არის, კოლექტიურ მურუსიძეზეა საუბარი. დღეს უზენაეს სასამართლოში არის ჩინჩალაძე, რომელსაც ოფიციალურად აქვს ნათქვამი სასამართლო პროცესზე, მე დუმილის უფლებას ვიყენებო, როცა მას აზრი ჰკითხეს. ისიც კი არ იცოდა, რომ დუმილის უფლება მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა. ასეთ მოსამართლეებთან გვაქვს საქმე, ესეც არ ვთქვათ?! ამაზეც არ ვილაპარაკოთ?!
- სანქციების გამკაცრება უშველის და გამოასწორებს მათ იმიჯს?
- ეს სირაქლემის პოზაა. ნამდვილად ვერ უშველის. მიხვდნენ, რომ დღეს რთულ სიტუაციაში არიან, ქორწილში წავიდნენ, თითი გაიშვირეს მათკენ, დაკრძალვაზე წავიდნენ, თითი გაიშვირეს, რესტორანში ცინიკურად შეხედეს და უთხრეს: აა, შენ ის მოსამართლე არა ხარ, მოლაშვილი რომ გაასამართლე? შენ ის არა ხარ, გირგვლიანის მკვლელები რომ გაამართლე?! როგორც ჩანს, ეს სიტუაცია აღარ მოეწონათ. ამ ევა გოცირიძეს რა უნდა, რომ გამოდის და ამბრაზურასავით ეფარება? თუ იმდენად ღრმა მეცნიერული განათლება აწუხებს იურისპრუდენციაში, რომ რა უყოს, აღარ იცის?! კი ვიცით, მას რა უნდა.
- მაინც რა უნდა?
- სკამი უნდა! ეწურება ვადა იუსტიციის საბჭოში და, ეტყობა, ეს საკითხი აწუხებს მაგას. თუ ასეა, სხვა საქმეში გამოიჩინოს თავი ამ „კეთილშობილმა და ღრმად განათლებულმა იურისტმა“! თავად აქვს მას კომენტარები გაკეთებული სტრასბურის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიხედვით, პატივისა და ღირსების შესახებ. ძალიან მაინტერესებს, იქ სადმე თუ წერია, რომ მოსამართლეებისთვის ცალკე კანონი არსებობს ამ მიმართულებით?! ხომ მისი გაკეთებულია? თუ უარყოფს იმ ნაშრომს, რომელსაც თავად წერს?! მე ამ ინიციატივის საწინააღმდეგო ინიციატივა გამაჩნია.
- რა სახის?
- შევიკრიბოთ დაინტერესებული პირები, ვიქირაოთ ან იჯარით ავიღოთ შენობა და გავაკეთოთ რეჟიმის მუზეუმი, სადაც გამოვკიდებთ იმ მოსამართლეების „ნამოღვაწარს“, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ეს იდეა სხვებსაც გაუჩნდათ. ყველა მიკავშირდება, ვინც ამ რეჟიმისა და ამ სასამართლოს საშინელება საკუთარ თავზე გამოცადა. გამოვფენთ ყველაფერს, ყველას ისტორიებს, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ და გაეცნონ ჩვენი დროის „გმირებს“! ნიურნბერგის პროცესი გვინდოდა და არ გვაღირსეს. ამაში მაინც რა გვიშლის ხელს. ეს იქნება ჩვენი პასუხი, ჩვენი მსჯელობა მათ ინიციატივაზე! რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ არავინ უნდა შეურაცხყო და, თუ შეურაცხყოფს ვინმე ვინმეს და ეს იქნება კანონდარღვევა, ამისთვის არსებობს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი – პატივისა და ღირსების დაცვა.
- ახალი პუნქტის დამატება სურთ?
- დიახ და ახლა ამ მე-18 მუხლს რატომ უნდა გაუჩნდეს 18 პრიმა მუხლი მოსამართლეებზე, არ მესმის! თუ ეს ერთხელ დავუშვით, შემდეგ გაუჩნდება პოლიციელებზე, საჯარო მოხელეზე და დემოკრატია სიტყვის თავისუფლებაა, მეტი კი არაფერი. ამ მოსამართლეებს უკვე საკუთარი ოჯახის წევრებისაც რცხვენიათ და ამათ ჰგონიათ, ამ აკრძალვებით სირცხვილს ჩამოიწმენდენ? ვერ ჩამოიწმენდენ. ვერც ეს მოსამართლეები ისხდებიან დიდხანს.
- ხელისუფლებამ ხომ იცოდა, რაც ხდებოდა? ისიც ხომ იცოდა, რომ მურუსიძე იყოს წინა რეჟიმის სახე. რატომ დააწინაურა, რატომ დანიშნა ასეთ მაღალ თანამდებობაზე?
- ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი ამ ხელისუფლებამ უნდა გაგვცეს.
- მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ გვენეტაძე ზეწოლას ახდენს მოსამართლეებზე. ასეა?
- ეს მამუკა ახვლედიანის ფანტაზიის ნაყოფია. ნეტავ ნინო გვენეტაძისნაირი მოსამართლე ბევრი ჰყავდეთ. უკაცრავად და თვითონ ახვლედიანი რეჟიმის დროს არ იყო მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე?! თუ ჩამოვუთვალო, რა საშინელი გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი იმავე რუსთავის სასამართლოში, რომ დაჯდება ამ „რუსთავი-2“-ში და დგამს სპექტაკლებს! პირადად მე ამ დღეებში პრესკონფერენციას გავმართავ, რა ხდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ვინ ვის აძლევს დავალებებს.
- და რა ხდება ასეთი?
- გაიგებთ, თუ ვინ იძლევა დავალებებს და რა კატეგორიის საქმეებზე მიდის დავალებების მიცემა. იქ არის დარჩენილი ძველი ხელისუფლების ინტერესი. რაც შეეხება შეზღუდვებს, გამორიცხულია, ეს არ გამოუვათ. დღეს ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ჩვენი საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხებაა. უვადოდ დანიშნო მოსამართლეები, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულეს და ხალხი გაუგონარ სასჯელებზე გაუშვეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მაშინ ეს ქვეყანა ქვეყანა აღარ არის!
———————–
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 მაისი, 2017 წელი
საქართველოში მოხუცების რაოდენობამ ახალგაზრდების რაოდენობას გაუსწრო
შობადობა მცირდება, მოსახლეობა “ბერდება“, 30 წელიწადში ქვეყანას, შესაძლოა, გაქრობის საფრთხე დაემუქროს
თიკო ოსმანოვა
საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას – იზრდება ხანდაზმულთა რაოდენობა, შობადობა კი მცირდება, რაც ქვეყნის ჩქარი დაბერების ტენდენციაზე მიანიშნებს. ორგანიზაცია “ქანთრიმეტერის” ინფორმაციით, რომელიც სამყაროს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, 30 წელიწადში საქართველოს გადაშენება ემუქრება.
„მიუხედავად ბოლო ხანებში დაბადება-გარდაცვალების მცირედით პოზიტიური ბალანსისა, ქვეყნის მოსახლეობა სწრაფი ტემპით მცირდება, რადგან ემიგრაციის კოეფიციენტი ყველა სხვა მონაცემს ერთიორად აჭარბებს. მაგალითისთვის, ამ წელიწადში უკვე 9 256 ადამიანია საქართველოდან ემიგრირებული”, – აღნიშნულია “ქანთრიმეტერის” კვლევაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყნის მოსახლეობის 85.5% 15 წელზე მეტი ასაკისაა, აქედან 16% 64 წელზე მეტისაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ასაკოვანი ადამიანების რიცხვი ახალგაზრდების რიცხვს აჭარბებს, ანუ “საქართველოს ასაკობრივი დიაგრამა რეგრესული, მომაკვდავი ხასიათისაა”. მათივე თქმით, თუ სტატისტიკა ასე გაგრძელდა, 30 წელიწადში ქვეყანა საერთოდ გადაშენდება.
ცნობისთვის: ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, 2016 წელს მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობა შეადგენდა 3 720 4000 ადამიანს. აქედან გასულ წელს დაიბადა 56 569 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 2 680-ით ნაკლებია.
დემოგრაფიის თვალსაზრისით საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ თავად ქართველი დემოგრაფებიც, თუმცა ირწმუნებიან, რომ ქართველ ერს გადაშენება არ ემუქრება და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
„2030 წლისთვის არ გადავშენდებით, მაგრამ დაბერებული მოსახლეობა გვეყოლება, თუ არ მივხედეთ შობადობას და მიგრაციას. ასე რომ, რთული დემოგრაფიული ვითარებაა. ახალგაზრდების რიცხვი შემცირებულია. 2020 წლისთვის ნაკლები ქალი გვეყოლება რეპროდუქციულ ასაკში, რაც იმას ნიშნავს, რომ შობადობა იქნება ნაკლები”, – გვითხრა დემოგრაფმა ავთო სულაბერიძემ.
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით კი, მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ფონდის ხელმძღვანელ თამარ ჩიბურდანიძის თქმით, შობადობა მცირდება, ხანდაზმულთა რაოდენობა კი იზრდება. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა გადაშენების პირას არ აღმოჩნდეს.
„შეიძლება ითქვას, საქართველოში ქართველი ერი ღრმად დაბერებულია. ანუ გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 73 წლამდეა. გასული საუკუნის 60-იან წლებში, კომუნისტების დროს, 10 წლის მანძილზე დაიბადა დაახლოებით მილიონნახევარი ახალშობილი და წელს ისინი შედიან საპენსიო ასაკაში. რა თქმა უნდა, ნაწილი გარდაიცვალა, ნაწილმა დატოვა ქვეყანა, მაგრამ დიდი ნაწილი ცოცხალია და აქ არის. აქედან გამომდინარე, ყოველ წელს დაახლოებით 100 ათასი კაცით გაიზრდება პენსიონერთა რაოდენობა.
საქართველოში შობადობა მცირდება, ამ კუთხით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ქორწინებათა რიცხვიც შემცირებულია, ხოლო მოხუცებულთა რაოდენობა იზრდება მაშინ, როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალშობილთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას დაახლოებით 720 ათასით სჭარბობდა. დღეს ხანდაზმულთა რაოდენობა ახალშობილთა რაოდენობას დაახლოებით 100 ათასით აჭარბებს.
აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ხდება შობადობის კლება და ხანდაზმულთა რიცხვის ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ აკეთებენ ასეთ დასკვნას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. სამწუხაროდ, სიკვდილიანობა მეტია არა ხანდაზმულთა ფენაში, არამედ შუახნის ფენაში – ინსულტით, ავარიით. აქედან გამომდინარე, უნდა გაიზარდოს შობადობა და ამისთვის სახელმწიფო პროგრამა უნდა ამუშავდეს. პრემიერის ხელმძღვანელობით 30-წლიანი ყოველწლიური გეგმა უნდა დაიდოს და ქვეყნის გადაშენების საფრთხე თავიდან უნდა ავიცილოთ”, – გვითხრა თამარ ჩიბურდანიძემ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 მაისი, 2017 წელი
დავა მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნის მიზანშეწონილობაზე
საქართველოს მეორე პრეზიდენტის მმართველობისგან დაზარალებულთა ნაწილი საჯარო პროტესტითვსი ემზადება
თიკო ოსმანოვა
ლანჩხუთში, სოფელ მამათში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იგეგმება. ადგილობრივმა საკრებულომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღო. თუმცა საზოგადოებაში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. შევარდნაძის მმართველობისას დაზარალებულ მოქალაქეთა ნაწილმა კი, შესაძლოა, ამ საკითხზე საკუთარი პროტესტი უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოთქვას.
საკრებულოს წევრებიდან მუზეუმის გახსნის წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი იყო – “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი კახა ასკურავა, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მას მიაჩნია, რომ სოფელს მრავალი პრობლემა აწუხებს და ადგილობრივი მთავრობა ამ საკითხზე არ უნდა ცდებოდეს.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს უკვე სახლ-მუზეუმია და ამას გადაკეთება არ სჭირდებოდა. ვისაც სურვილი ჰქონდა, ისედაც ნახულობდა, თუ სად დაიბადა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვიდრე შევარდნაძის სახლ-მუზეუმზე ფიქრი. აქვე აღვნიშნავ, რომ 2003 წელს აქტიურად ვმონაწილეობდი შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაში და ამით ყველაფერია ნათქვამი”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას კახა ასკურავა.
ცნობისთვის: ლანჩხუთის საკრებულომ ამ საკითხზე დაახლოებით ერთი თვის წინ “რესპუბლიკელი” დეპუტატის – რომან ბიწაძის ინიციატივით იმსჯელა, რასაც შემდეგ ერთხმად დაუჭირეს მხარი. რომან ბიწაძე ამბობს, რომ შევარდნაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების შემდეგ სოფელს ბევრი ტურისტი ესტუმრება, რაც სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა გარდაცვალების შემდეგაც ადამიანს შეუძლია, რაღაც სიკეთე გაუკეთოს ქვეყანას და მის რაიონს.
„ამ საკითხის ინიციატორი თავად გახლდით და შემდეგ დანარჩენმა საკრებულომ მხარი დამიჭირა. შევარდნაძის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ და არც მისი პროკურორი და მეხოტბე ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სახლში უამრავი ექსპონატია და შესაძლებელია სახლის მეზეუმად გადაკეთება. მართალია, მის მოღვაწეობას როგორც დადებითად, ისე უარყოფითად აფასებენ, თუმცა, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძემ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეძლო სასიკეთო საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ოჯახი თუ წინააღმდეგი არ იქნება, სახლი მუზეუმად უნდა გადაკეთდეს. ეს წაადგება სოფელს, გამოაცოცხლებს ინფრასტრქუტურას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება”, – გვითხრა რომან ბიწაძემ. მისი თქმით, ამაში სოფლის გაცოცხლების პერსპექტივა ჩანს და სწორედ ამიტომ უჭერს უმრავლესობა ამ საკითხს მხარს.
„შევარდნაძეს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ძალიან ბევრი საჩუქარი მიუღია და თავისუფლად შეიძლება მათი ექსპონატად გამოყენება. ამას წინათ ლიტვის პარლამენტის წევრი იყო ჩამოსული, რომელიც შევარდნაძის სახლით დაინტერესდა. ამიტომ ვფიქრობ, ამ საკითხს ბოლომდე უნდა მივყვეთ. უმრავლესობა თანახმაა, რადგან სოფლის გაცოცხლების პერსპექტივას ხედავენ. ეს არის ის შემთხვევა, როცა ადამიანს გარდაცვალების შემდეგაც შეუძლია, რაღაც სიკეთე გაუკეთოს ქვეყანას და მის სოფელს”, – აცხადებს რომან ბიწაძე.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი თხელიძის თქმით, ამ ინიციატივას სოფლის მცხოვრებთა თხოვნით დაუჭირეს მხარი. “მოსახლეობამ გამოთქვა დიდი სურვილი, რომ მამათში მოწყობილიყო ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი. შესაბამისად, საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს მხარი დაუჭირა”, – გვითხრა გოგი თხელიძემ.
უმრავლესობის მსგავსად ამ საკითხს მხარდამჭერი გამოუჩნდა “ნაციონალურ მოძრაობაშიც. კახა ასკურავასგან განსხვავებით, მისმა თანაპარტიელმა გია გოგუაძემ “რესპუბლიკელი” დეპუტატის ინიციატივას მწვანე შუქი აუნთო. მისი თქმით, საქართველოს მეორე პრეზიდენტმა თავისი ღვაწლით დაიმსახურა, რომ მის სახლს დამთვალიერებლები სტუმრობდნენ.
„ოთხი წელია, წვალობს საკრებულო ამ მუზეუმის გახსნას და მეც მხარი დავუჭირე. ვთვლი, რომ მისი ღვაწლისთვის ეკუთვნის. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში უამრავი დელეგაცია იყო ჩამოსული, ფილმს იღებდნენ შევარდნაძის სახლში, ამიტომ, ჩემი აზრით, ერთ-ერთ კარგ ობიექტად ტურისტული თვალსაზრისით ეს სახლიც გამოდგება. ყველას აინტერესებს, სად დაიბადა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი. თავად ამ სახლში დაახლოებით 2002 წელს გახლდით. იქ არის გარკვეული ნაწილი ექსპონატებისა, რომლებიც შეიძლება მუზეუმს გამოადგეს”, – უთხრა “მთელ კვირას” გია გოგუაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის გახსნა უკვე გადაწყვეტილია, ამ საკითხზე საზოგადოებაში სრული თანხმობა არ არის. მაგალითად, საქველმოქმედო ფონდ “ღვთისშვილების” თავმჯდომარე გოგიტა მურცხვალაძე შევარდნაძის მუზეუმის გახსნას საძრახის საქმედ მიიჩნევს. “გური ნიუსის” ცნობით, იგი ამ საკითხზე სასაუბროდ ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი თქმით, თუკი მუზეუმის გახსნა გარდაუვალი გახდა, იგი პირადად მოუწოდებს შეკრებისაკენ იმ ადამიანებს, რომლებსაც “შევარდნაძის ოჯახისგან მწარე რამ გადახდენიათ” და ერთად იტყვიან თავიანთ სათქმელს.