globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 8th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „თინას მინისტრობის გამო თვალს არაფერზე დავხუჭავ

„კვირის პალიტრა“: ნტერვიუ გია ხუხაშვილთან: რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს

რეზონანსი//მთელი კვირა: საქართველო-უკრაინა // რუსები პირველ იერიშს, სავარაუდოდ, “ქართულ ბატალიონზე” მიიტანენ

რეზონანსი//მთელი კვირა: საქართველო-რუსეთი // ტვერის ოლქში რუსული “ქინძმარაულის” ჩამოსხმა დაიწყეს

რეზონანსი//მთელი კვირა: რუსეთი დეპორტირებული ქართველებისათვის კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რუსეთი საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას ამზადებს

———————-

„კვირის პალიტრა“, 8 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „თინას მინისტრობის გამო თვალს არაფერზე დავხუჭავ

ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საშიანაოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საგარეოპოლიტიკურსაც ეხება.

გთავაზობთ ამონარიდს:

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. რატომ ვერ გადაწყდა რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი და კარგავს თუ არა ქვეყანა დასავლეთში პოზიციებს?

- ობიექტური რეალობა ასეთია – ომი რეგიონში, რუსეთის აგრესია უკრაინაში­ და ამით გამოწვეული მსოფლიო კრიზისი. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მსოფლიო კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი გეგმა და მიმართულება კორექტირდა. თუ ვინმეს უნდა, რომ ოზურგეთში ან თელავში წამო­გორდეს და შორიდან იძახოს – კი მაგრამ, რატომ არ გვიღებენ ევროპაში, ვიზა რატომ გაგვიჭიმეს,­ არ გვაინტერესებს, რა ხდება სხვაგან, მე ჩემი მომეციო, არაფერი გამოვა. გვინდოდა,­ რომ ვიზა-ლიბერალიზაცია მაისში მიგვეღო, მაგრამ დეკემბრამდე გადადეს, თუმცა არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა დააკლო, უბრალოდ, მსოფლიო კრიზისული ვითარების გათვალისწინებით მოქმედებს. ჩემი აზრით, მსგავსი ნიჰილიზმი რუსეთიდან მოდის და ღია თუ ფარული პროპაგანდის ნაწილია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„კვირის პალიტრა“, 8 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს

ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხება საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებს და პარალელურად საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის ფაქრის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს:

გია ხუხაშვილი: „ის, რომ სააკაშვილს ცალი თვალი ნამდვილად უჭირავს საქართველოსკენ, ცხადზე ცხადია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაიმეს ამზადებს საქართველოში. ვფიქრობ, მას ის ინტერვიუ იმისთვის დასჭირდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადაეფარა ის უარყოფითი რეზონანსი, რაც მის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას მოჰყვა. იმაზე ლაპარაკით, რომ საქართველოში კიდევ რაღაცას აპირებს, სცადა, დაემტკიცებინა, რომ არავისთვის უღალატია და კვლავ საქართველოს პატრიოტად რჩება, თუმცა, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას საქართველოსთან არც არასდროს ახდენდა. სააკაშვილი აშენებდა სახელმწიფოს, რომლის უკანაც ვერ ხედავდა კონკრეტულ ქართველს. საქართველო მისთვის იყო ამბიციების რეალიზების პოლიგონი, ისევე, როგორც შემდგომ კიევი და ამჯერად კი ოდესა… გარდა ამისა, სააკაშვილისთვის პირად მტრად იქცა ბიძინა ივანიშვილი. მას შეიძლება საქართველო არც აინტერესებს ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილზე შურისძიება სწყურია.

(…)

რაც შეეხება უკრაინას, სამწუხაროდ, პროგნოზი, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იყო სამხედრო მოქმედებების განახლება, გამართლდა. უკრაინაში მიმდინარე პროცესები კარგა ხანია გასცდა ამ ქვეყნის მასშტაბს და დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების არეალში მოექცა. როგორც ჩანს, ამ არეალის გეოპოლიტიკურმა მოთამაშეებმა ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება. ჩემი აზრით, ვიღაც ძალიან არის დაინტერესებული, რომ საომარი მოქმედებები გასცდეს უკრაინის საზღვრებს და ამაში ევროპა, რომელიც დიდ სიფრთხილეს იჩენს, ჩათრეული აღმოჩნდეს. ამ კონტექსტით მე ძალიან სახიფათოდ მეჩვენება სააკაშვილის ოდესაში გამწესება. საქმე ის არის, რომ კონფლიქტის გაფართოების თვალსაზრისით ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს დნესტრისპირეთი წარმოადგენს. თუ ამ მიმართულებით რუსეთმა პროვოკაციები დაგეგმა, შესაძლოა, სწორედ ოდესა და სააკაშვილი გამოიყენონ, არ გამოვრიცხავ, რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდნენ მოლდავეთი, რუმინეთი და მათ მერე დანარჩენი ევროპა. მოკლედ, ძალიან სახიფათო ვითარებაა“.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 ივნისი, 2015 წელი

საქართველო-უკრაინა

რუსები პირველ იერიშს, სავარაუდოდ, “ქართულ ბატალიონზემიიტანენ

თიკო ოსმანოვა

უკრაინაში ვითარება კიდევ დაიძაბა. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის თქმით, მიმდინარეობს რუსული სამხედრო ტექნიკისა და რეგულარული არმიის მობილიზება და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინშია. მამულაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის რეგულარული არმია პირველ რიგში თავდასხმას ქართულ ლეგიონზე განახორციელებს.

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და იქ მებრძოლ ქართველებზე “მთელი კვირა” ქართველთა ლეგიონის ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.

მამუკა მამულაშვილი: უკრაინაში ვითარება დღითიდღე მძიმდება. რუსეთმა უკვე ძალიან დიდი ძალა შემოიყვანა ოკუპირებულ რეგიონში და კიდევ თანდათან ზრდის. ხდება სარაკეტო დანადგარების შემოყვანა. ვფიქრობ, რუსეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივებას აპირებს.

მთელი კვირა“: უკრაინის არმია თუ არის ამისთვის მზად?

მამუკა მამულაშვილი: ამ ეტაპზე უკრაინის არმია ბევრად უფრო კარგადაა მომზადებული. კარგად მარაგდებიან და მზად არიან შეეგებონ რუსეთის აგრესიას. ასე რომ, ველოდებით. ჩვენც გვაქვს ჩვენი მონაკვეთი, რასაც აკონტროლებს ქართული ლეგიონი და სავარაუდოდ, პირველი დარტყმა ჩვენს სექტორზე განხორციელდება.

მთელი კვირა“: ექსპერტების აზრით, რუსეთი მთავარ შეტევას მარიუპოლზე განახორციელებს ყირიმთან სახმელეთო გზის გაჭრისთვის…

მამუკა მამულაშვილი: იყო ლაპარაკი, რომ ეს იქნება მარიუპოლი, მაგრამ სავარაუდოდ ასე არ იქნება და რუსეთი ისეთ მიმართულებას აირჩევს, რომელსაც არ ელოდებიან. მაგრამ პრინციპში უკრაინის ჯარები ფრონტის ხაზზე ყველგან არიან მობილიზებული. ამ დრომდე უკრაინის მხარე არ არღვევს მოლაპარაკებებს და არ იყენებს მძიმე არტილერიას.

მთელი კვირა“: ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა დასავლეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაზე საუბარი. თქვენთვის თუ არის რამე ცნობილი ამის შესახებ?

მამუკა მამულაშვილი: ამაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება და როგორც გავიგე, არა ჭორის დონეზე, არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში აშშ უკრაინას მოაწვდის ლეტალურ იარაღს, ჰაერსაწინაღმდეგო დანადგარებს, არ დაგიკონკრეტებთ რას, და ასევე საუბარია, ტანკსააწინააღმდეგო სისტემების გადმოცემაზე.

მთელი კვირა“: სხვა ქვეყნებისგანაც ხომ არ ელოდება უკრაინა მსგავსი სახის დახმარებას?

მამუკა მამულაშვილი: ვერ გეტყვით, ძნელია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნები თავს არიდებდნენ კონფლიქტს და ცდილობდნენ არ დაენახათ რეალური ვითარება და დღესაც მიმდინარეობს ასეთი პოლიტიკა.

მთელი კვირა“: რაც შეეხება, ქართველ მებრძოლებს, ამჟამად რამდენი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინის მხარეს?

მამუკა მამულაშვილი: ადგილობრივი ქართველები, ვინც იქ ცხოვრობდენ, იბრძვიან სეპარატისტების მხარეს, თუმცა, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ 8 კაცია. სამწუხაროა, რომ ისინი მოღალატეები არიან.

მთელი კვირა“: და უკრაინის მხარეს რამდენი ქართველი იბრძვის?

მამუკა მამულაშვილი: ვერ დაგიკონკრეტებთ, იმიტომ, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა, ბევრად მეტია, ვიდრე სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველები.

მთელი კვირა“: საქართველოდან ჩასვლას კიდევ ხომ არ აპირებენ მოხალისეები?

მამუკა მამულაშვილი: მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ შევაჩერო, შეწყდეს ჩამოსვლა. ვცდილობ გავუფრთხილდე იმ რესურსს, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველო. ამიტომ ვცდილობ, რომ არ ჩამოვიყვანო, თორემ ისე, რა თქმა უნდა, ეს არის ფრონტის ხაზი, რომელზედაც გადის საქართველოს ინტერესებიც. უკრაინის რადამ პირველ მოსმენაზე მიიღო კანონი უცხოელი მოხალისეების შესახებ და ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, რომელმაც რეზოლუცია უნდა დაადოს და მერე შევა ეს კანონი ძალაში. მაგრამ პრინციპში უკვე ძალიან გაადვილებულია თანამშრომლობა და კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებთან.

მთელი კვირა“: საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ ხვდებით ხოლმე?

მამუკა მამულაშვილი: ყველას აქვს აზრი, რომ თითქოს ჩვენ ახლოს ვართ მიხეილ სააკაშვილთან ან რომელიმე სხვა ჯგუფთან. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს. არ მინდა ვინმე შევიდეს შეცდომაში და ეგონოს, რომ წარმოვადგენთ სააკაშვილის, ან რომელიმე პარტიის გუნდს. ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით საქართველოსთვის და სიმართლისთვის. ვართ იქ, სადაც სჭირდება საქართველოს. საერთოდ არ გვაქვს შეხვედრები პოლიტიკოსებთან, არც სააკაშვილთან და არც ადგილობრივებთან. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთიანობის იდეას.

მთელი კვირა“: ქართველების გარდა უკრაინაში კიდევ, რომელი ქვეყნის მოხალისეები იბრძვიან?

მამუკა მამულაშვილი: არიან ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები – ჩეჩნური შენაერთი, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, რომელიც ჩვენი მოძმე ბატალიონია და ვმოქმედებთ კორდინირებულად. ასევე არიან შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან საკმაოდ მრავალნაციონალური შენაერთები.

მთელი კვირა“: თუმცა, ქართველები ყველაზე მეტნი არიან, როგორც ვიცი…

მამუკა მამულაშვილი: კი, ბატონო, ქართველები მეტნი არიან, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ინტერესს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ მოახერხოს თუნდაც ერთი ნაბიჯის წინ გადმოდგმა.

რაც შეეხება უცხოელ მოხალისეებს, ახლა 4-მა იტალიელმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლონ. მათი ინტეგრაცია ახლა ხდება ჩვენს რიგებში. ასევე არიან ფრანგები, რომლებიც მალე შემოგვიერთდებიან. ქართველების ცალკე შენაერთია, რომელიც ვთანამშრომლობთ უკრაინულ ბატალიონთან, თუმცა, ცალკე ხელმძღვანელი მე გახლავართ და გადაწყვეტილებებს ვიღებ ჩემი ბიჭების მოქმედებების შესახებ.

მთელი კვირა“: და მაინც, ხომ არ ფიქრობთ უახლოეს მომავალში ქვეყანაში დაბრუნებაზე?

მამუკა მამულაშვილი: ჩვენ გვქონდა შემოთავაზება, რომ უკრაინის მოქალაქეობა მიგვეღო, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. აქ სხვა რამეს არ ვემსახურებით – ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით ვართ შეპყრობილი. ასე რომ, ჯერჯერობით ვერ ჩამოვალთ, იმიტომ, რომ ახლა ვითარება რთულდება. ვემზადებით და იმის საშუალება, რომ ახლა ჩამოვიდეთ საქართველოში, არ გვექნება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 ივნისი, 2015 წელი

საქართველო-რუსეთი-ეკონომიკა

ტვერის ოლქში რუსულიქინძმარაულისჩამოსხმა დაიწყეს

ღვინის ეროვნული სააგენტო რუსი ფალსიფიკატორების წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს ჩივილს

სალომე სარიშვილი

ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში ქართული სამარკო ღვინის – “ქინძმარაულისშესაძლო ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში რუსეთში ჩამოსხმული ქართული ღვინის ეტიკეტის ფოტოც გაჩნდა, სადაც მითითებულია, რომქინძმარაულირუსეთში, კერძოდ კი ტვერის ოლქშია ჩამოსხმული.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ექსპორტირებული ღვინის ხარისხზე სხვადასხვა ქვეყნებში შეძლებისდაგვარად ზრუნავენ, თუმცა, რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად ინფორმაციაზე უშუალო წვდომა არ აქვთ.

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ჭავჭანიძე “მთელ კვირასთან” ამ საკითხისადმი რუსული მხარის დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, სააგენტოს რუსეთში ქართული ღვინის ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით უშუალო ინფორმაცია გარკვეულ მიზეზთა გამო არ გააჩნია.

ჭავჭანიძის თქმით, ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ. ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, რაც საშუალებას იძლევა ამ თემის ირგვლივ მეტი ინფორმაცია გვქონდეს.

“რუსული მხარე მოწადინებულია საიმისოდ, რომ მის ბაზარზე კონტროლი მოქმედებდეს. ამაზე ფაქტები მეტყველებს, ვინაიდან რუსეთიდან სანიტარულ-ჰიგიენურ შემოწმებაზე შესაბამისი დელეგაცია უკვე სამჯერ ჩამოვიდა. მათ შეამოწმეს როგორც ქართული ღვინის, ისე მინერალური წყლისა და კონსერვების მწარმოებელი კომპანიები, შემდგომი მიღების ვიზები კი სწორედ ამ შემოწმების შედეგად გასცეს.

“ქვეყნებს შორის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უშუალოდ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა სამწუხაროდ არ გვაქვს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სიგნალები, თითქოს რუსეთში ქართული ღვინის დიდი რაოდენობით ფალსიფიცირება ხდება, არ მოდის.

“მიუხედავად ამისა, გამორიცხული მაინც არაფერია. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, პრევენციის მიზნით ყველა ორგანოა ჩართული – იქნება ეს ინსპექტირება თუ სხვა, ყველა ინფორმაციას ვფლობთ. მაგალითად, რომელმა კომპანიამ რა დასახელების, რაოდენობისა და შინაარსის ყურძენი და შემდგომში რა შინაარსის ღვინო მიიღო. ამავდროულად ტვირთის რუსულ ბაზარზე გადაგზავნისას ჩვენი პროდუქტი კონტროლდება,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ჭავჭანიძე და დასძენს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ საკითხს სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთის ბაზარზე მოხვედრილ ღვინოს.

“ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით არა მარტო რუსეთის ბაზარზე მოხვედრილ ქართული ღვინის სიჯანსაღეს, არამედ ყველა ქვეყნის მიმართულებით ასე ხდება. თუკი იმპორტიორ ქვეყანაში რაიმე გზებით ქართული ღვინის ფალსიფიკაცია და კუსტარული სახით მისი დამზადება ხდება, ეს უკვე მათი ქვეყნის საკონტროლოა, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ამაზე უშუალო წვდომა არ გვაქვს.

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რაც “ქინძმარაულთან” დაკავშირებით ხდება, სამწუხაროდ ამაზე ინფორმაციას აქამდე არ ვფლობდით.

“ქინძმარაული” ადგილწარმოშობის კატეგორიის ღვინოა. ამ ტიპის ღვინოები საქართველოს 18 დასახელების აქვს. ეს გახლავთ დაცული ღვინო, რომელზეც კონტროლი სხვადასხვა ქვეყნებთან შეთანხმებთ ხდება.

“მაგალითად, საფერავი შესაძლოა ბულგარეთში, რუსეთში ან მოლდოვაში გააშენონ, ჩამოასხან და “საფერავი” დაარქვან, კანონი ამას არ ზღუდავს, ისევე როგორც ქართველებს შეუძლიათ ფრანგული ჯიშის “შარდონესა” და “კაბერნეს” ჩამოსხმა. მაგრამ რაც შეეხება “ქინძმარაულს”, ესაა ადგილწარმოშობის დასახელება. თუკი ტვერის ოლქში “ქინძმარაულს” ასხამენ და ამის დეკლარირებას ახდენენ, მაშინ ეს უკვე დანაშაულია, რაზეც ჩვენ აუცილებლად მოვიძიებთ ინფორმაციას და შემდგომ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,” – აღნიშნავს ჭავჭანიძე. მისივე თქმით, სააგენტოს ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევბი წარსულში ჰქონია, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნებთან სასამართლო დავაც კი მოუგიათ. ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დავამ სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლოს, რადგან საქმე ქვეყნის პრესტიჟსა და ქართული ღვინოს ეხება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 08 ივნისი, 2015 წელი

რუსეთი დეპორტირებული ქართველებისათვის კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებული 4 600-მდე ქართველი რუსეთის ხელისუფლებისაგან კუთვნილ კომპენსაციას კიდევ რამდენიმე წელი ვერ მიიღებს – წინასწარი ინფორმაციით, გადასახდელი კომპენსაციის რაოდენობის დადგენა და უშუალოდ გადახდა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

არც ისაა გამორიცხული, რომ წლების შემდეგ რუსეთმა შეიძლება თვით სტრასბურგის მიერ განსაზღვრული კომპენსაციაც არ გადაიხადოს.

ეს ყველაფერი კი 2006 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა საქართველოში ჯაშუშობისათვის რამდენიმე რუსი ოფიცერი დააკავეს, საპასუხოდ კი რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო – 2006 წლის ბოლომდე რუსეთიდან 4600 ქართველი გამოაძევეს.

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2007 წელს შეიტანა. სასამართლომ სარჩელის განხილვა დასაშვებად ორი წლის შემდეგ ცნო, საბოლოო განაჩენი კი შარშან 3 ივლისს გამოიტანა. თუკი ახლა რუსეთი უარს იტყვის კომპენსაციის შესახებ შეთანხმებაზე და დიდი ალბათობით, ალბათ ასე იქნება, ახალ განაჩენამდე შეიძლება კიდევ 7-წლიანი ლოდინი დაგვჭირდეს.

ვინაიდან დღეს საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტები არ აქვს, ამ თემაზე რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთან კონტაქტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატსბურგის მეშვეობით უწევს, თუმცა რა რაოდენობის კომპენსაცია იყო საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის მოთხოვნილი და რა იყო რუსეთის პასუხი – ამ თემაზე იუსტიციის სამინისტრო ღიად არ პასუხობს და როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ეს კონფიდენციალური მოლაპარაკების თემაა.

„რა თანხას დააკისრებს სტრასბურგი რუსეთს, ამის გამოცნობა იურისტებისათვის შეუძლებელია. ამისთვის არც პრეცედენტები არ გამოდგება. ეს საქმე ინდივიდუალურია და არავინ იცის, რომელ შემთხვევაში რამდენს დააკისრებს“, – ამბობს არასამტავრობო ორგანიზაცია „ადამიანის პრიორიტეტების“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ აბაზაძე ამბობს, რომ ერთადერთი პრეცედენტი თურქეთთან მომხდარი ფაქტია და ჩვენს შემთხვევაშიც, ალბათ, იგივე მოხდება: თურქეთი და რუსეთი ორივე ე.წ. ურჩ სახელმწიფოტა სიაში შედიან. ცხადია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა, მაგრამ ცნობილია, რომ რუსეთი არცთუ ისე მოხარულია ხოლმე სტრასბურგის გადაწყვეტილებები არასრულოს. შემდეგ ერთცება მთელი რიგი ბერკეტები – სანქციები, პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ეკონომიჯკური ზეწოლა, მაგრამ ეს პროცესი დროში ძალიან ჭიანურდება“, – ამბობს თამარ აბაზაძე.

„ახალი თაობა“, 8 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რუსეთი საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას ამზადებს

„ახალი თაობის“ ჟურნალისტს შორენა მარსაგიშვილს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

გთავაზობთ შემოკლებით ინტერვიუს:

ზაალ კასრელიშვილი: საქართველოში სერიოზულად დადგა პრორუსული ძალების გაძლიერების პრობლემა ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და რამდენიმე თვეში დიდი წინააღმდეგობას წავაწყდებით. ვეთანხმები თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას – „თუკი საქართველო ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს ვერ მიიღებს, ეს საქართველოს პროდასავლური ზალებისათვის ზალიან სერიოზული დარტყმა იქნებაო. სამწუხაროდ, ჩვენ „მაპ“-ს არ მოგვცემენ, პრორუსულ ძალებს კი ხელ-ფეხი გაეხსნებათ სამოქმედოდ.

- რატომ გგონიათ, რომ „მაპ“-ს არ მოგვცემენ?

- დავიწყოთ იმით, რომ ამის წინაპირობნები არ ცანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს ვერ მიიღებს

- განა არ გაითვალისწინებენ ჩვენი თავდაცვის მინისტრის განცხადებას/ განა დასავლეთს აწყობს საქართველოში რუსეთუმე ძალების გააქტიურება-გაძლიერება?

- ვერც თინა ხიდაშრელის განცხადება, ვერც მიხეილ სააკაშვილის რეაქციული განცხადებები, ვერც მისი ავანტიურისტული ქმედებები პროცესებს ვერ აჩქარებს და გადაწყვწეტილებებს ვერ ცვლის.

- რამდენი ხანი უნდა ველოდოთ?

- ჩვენი ევროპელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ უახლოეს 5-10 წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. სწორედ მათგან გვაქვს ინფორმაცია, რომ „მაპს“-ს ვერ მივიღებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი და მათ შორის გაურკვევლობაა. გარდა ამისა, მოსაგვარებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

- ოფიციალურად რატომ არ აკეთებენ ამ განცხადებას. საჯაროდ ყოველთვის ამბობენ, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ყოველთვის ღიაა…

- ოფიციალურად ასეთი განცხადებები გაკეთება არ შეიძლება. ამ თემებზე მხოლოდ პირად საუბრებში ლაპარაკობენ, იქვე დასძენენ, რომ ამგვარი მიდგომები სწორია. ისინი გვთხოვენ, რომ ჩვენ რამენაირად ავუხსნათ ეს მოსახლეობას და გაგებით მოეკიდნონ ამ სიტუაციას.

- გაგებით რას უნდა მოვეკიდოთ – როგორ „შფოთავს“ ევროპა ჩვენს გამო და როგორ იკავებს რუსეთი ახალ-ახალ ტერიტორიებს?

- ამას. ცხადია, გაგებით ვერ მოვეკიდებით. მართალია, „მაპ“-ს არ მოგვცემენ, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. არც ზედმეტი ისტერიკაა საჭირო…

- რამდენად დიდია საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლა?

- საბედნიეროდ, საქართვლოში საჯარო და ხალხისთვის მისარები სახეები არც პრორუსულ ძალებშია და არც პროდასავლურში. ამ მხრივ პრორუსულები კიდევ უფრო დაბაკლ დონეზე დგანან. კიონტინგენტი, რომელიც ამ ველში ტრიალებს, მოქალაქეებს საბჭოთა კავშირს ახსენებს. თუმცა, რასაკვირველია, ისინი არჩევნების დროს ხელისუფლებაში რათაც დოზით, 15%-ით მოვლენ.

- ვინ შეიძლება გახდეს კრემლის დასაყრდენი საქართველოში?

- ამას მალე გავიგებთ, პროცესი უკვე დაწყებულია. სწორედ ახლა მინდა მივმართო საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას – ჩვენი ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას. უნდათ, რომ საქართველო უახლოეს ხანში დააყენონ არჩევანის წინაშე – ეკონომიკური კეთილდღეობა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. რუსეთი დაგვიყენებს ამ პირობას და არც ის კეთილდღეობა გვექნება, რომელსაც მოსახლეობას დაპირდებიან. დღეს საქართველოს ისე უყურებენ, როგორც გაღატაკებულ, გაკოტრებულ ქვეყანას. არავინ ამ ქვეყანაში დიდ კაპიტალს არ ჩადებს.

Comments are closed