„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან და რამაზ საყვარელიძესთან: „კახი კალაძეს თბილისის მერობის ყველაზე მეტი შანსი აქვს“ // „ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს და ზაალ უდუმაშვილს შანსები არ აქვთ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ირაკლი კობახიძის გადადგომაზე ლაპარაკი სპექტაკლია“ // „ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სურს“
„ახალი თაობა“: აზერბაიჯანელი უფლებადამცველები საქართველოს ახალ ბრალდებებს უყენებენ // „ექიმი ფარმან ჯეირანლიც საქართველოში დააკავეს“ // აზერბაიჯანში ამჟამად 165 პოლიტიკური პატიმარია რეგისტრირებული
———————
„ახალი თაობა“, 08 ივნისი, 2017 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან და რამაზ საყვარელიძესთან: „კახი კალაძეს თბილისის მერობის ყველაზე მეტი შანსი აქვს“ // „ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს და ზაალ უდუმაშვილს შანსები არ აქვთ“
პარტიებმა აქტიურად დაიწყეს თბილისის მერობის კანდიდატების დასახელება. „ოცნებაში“ აღარ მალავენ, რომ მათი კანდიდატი კახი კალაძე იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილის წამოყენებას აპირებს. ცნობილია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი – ელენე ხოშტარია. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ალეკო ელისაშვილიც.
მერობის კანდიდატების შანსებს „ახალ თაობასთან“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და ფსიქოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აფასებენ.
———-
- ბატონო თორნიკე, ვის რა შანსი აქვს?
- ნამდვილად საინტერესოა ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. ის ტელეწამყვანია, „რუსთავი-2“-ის სახე და მას ყველა იცნობს. ნაცმოძრაობას, სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, გარანტირებული რეიტინგი აქვს და ამ რეიტინგს წესით უნდა დაემატოს ზაალ უდუმაშვილის პირადი რეიტინგი. გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა მაინც საინტერესო კანდიდატურაა.
- ალეკო ელისაშვილის კანდიდატურაც საინტერესოა?
- არჩევნებში ძალიან ბევრს წყვეტს ფული. ამიტომაც ალეკო ელისაშვილის შანსებს პირადად მე დიდად არ შევაფასებდი. მას ჰქონდა თავის დროზე მშვენიერი რეიტინგი, მაგრამ მას შემდეგ, რაც თვითონვე წამოიწყო ეს გაუგებრობა, ვგულისხმობ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, კომიკურად დასრულდა ეს ყველაფერი და ამით ელისაშვილის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა. ასე რომ, ალეკო ელისაშვილს გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს! გაცილებით მეტი შანსი აქვს ზაალ უდუმაშვილს. ალეკო ელისაშვილი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელენე ხოშტარიას და მეტი არაფერი.
- რას იტყვით კახა კალაძის კანდიდატურის შესახებ?
- ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ კახა კალაძე თავისთავად საინტერესო კანდიდატურაა, იმიტომ, რომ კახა კალაძე არის „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი ფიგურა, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ არის ბიძინა ივანიშვილის შემოქმედება, ის დამოუკიდებელი ფიგურაა. კიდევ უფრო გაძლიერდება მისი გავლენა, როცა თბილისის მერი იქნება. საკითხავი აქ ერთი რამ არის.
- კონკრეტულად?
- თავად კახა კალაძის ინტერესებში რამდენად შედის თბილისის მერობა? ეს ხომ არ არის მისთვის ტრამპლინი, რომ შემდეგ უფრო მეტი მოინდომოს.
- საუბარია იმაზეც, რომ მის კანდიდატურაზე გუნდში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. დაუჭერს გუნდი მის კანდიდატურას მხარს? თუ ბოლო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზეა?
- მთავარი სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება. ჩვენ ვლაპარაკობთ გუნდზე, მაგრამ რეალურად ვგულისხმობთ ერთ კაცს. ეს გუნდი ამ კაცმა შექმნა თავიდან ბოლომდე. ამიტომ ეს არის ყველაზე საინტერესო, რას იზამს თავად ბიძინა ივანიშვილი? საბოლოო ჯამში მისცემს თუ არა კახა კალაძეს მერობის შანსს?
- შესაძლოა, არ მისცეს?
- დღეს ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლოა სახიფათო იყოს.
- რა თვალსაზრისით?
- არ ვიცით, რამდენად აწყობს ივანიშვილს კალაძის გაძლიერება. ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ჭკვიანურად თამაშობს პოლიტიკაში, ასე რომ, თუკი კალაძეს მისცემს შანსს, ამის უკან აუცილებლად რაღაც გათვლა იქნება. ივანიშვილი არ დაუშვებს იმას, რომ ასეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდეს. ასე რომ, ივანიშვილისთვის კალაძის მერობა სულ სხვა რამეზე შეიძლება იყოს გათვლილი.
- რა გათვლა უნდა ჰქონდეს ივანიშვილს? გააფუჭოს როგორც პერსპექტიული პოლიტიკოსი?
- გაფუჭება საკმაოდ იოლია, იმიტომ, რომ თბილისელებს დღეს ძალიან არ მოსწონთ ის სიტუაცია, რაც მერიაშია შექმნილი. ამას აბრალებენ ნარმანიას, ამ პრობლემების მოგვარება უკვე ძალიან რთულია და კალაძემ თუ ეს ვერ მოახერხა, მერე მასზე გაბრაზდება მთელი თბილისი. პლუს ამას კალაძეც არ არის თბილისელი და ეს ოდესღაც თბილისელებს გაახსენდებათ, რომ ბოლოს და ბოლოს თბილისელი მერი უნდათ. არ არის გამორიცხული, ჯოხი გადატყდეს კალაძეზე.
- თუკი „ოცნების“ კანდიდატი კალაძე იქნება, ოპოზიციას შანსი არა აქვს? ან რატომ არ წამოაყენეს ერთიანი კანდიდატი? ყველა არჩევნების წინ საუბრობენ ამის შესახებ.
_ ერთიანი კანდიდატი რომც წამოაყენონ, შანსი მაინც არ აქვთ. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალების“ შერიგების არანაირი შანსი არაა.
- მივა საქმე მეორე ტურამდე?
- დღევანდელი ვითარებით, არ უნდა მივიდეს, მაგრამ თუ კიდევ გაგრძელდა ისეთი სისტემური კრიზისი, როგორიც უკვე გამოიხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში, ოთარ ფარცხალაძის საქმეში და ასე შემდეგ, მერე უკვე არაა გამორიცხული, რომ „ოცნებას“ გაუჭირდეს. დღევანდელი მოცემულობით კალაძემ პირველივე ტურში უნდა მოიგოს.
_ დღესაც სერიოზული პრობლემებია „ოცნებაში», გადალახავენ ამ კრიზისს?
_ ჯერჯერობით ეს დაპირისპირება სერიოზულად გარეთ არ გამოსულა. კრიზისი არის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს მაჟორიტარული წესის გაუქმებას და ეს თემა ძალიან ბევრს არ მოსწონს. სწორედ ამით არის კრიზისი გამოწვეული, როგორც კი მაჟორიტარები გარანტიებს მიიღებენ, ისინი ჩამოეხსნებიან `ოცნებას~ და კრიზისიც აღარ იქნება.
———
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის თქმით, მას ჯერ არ შეხვედრია ადამიანი, რომელსაც არ ესიმპათიურებოდეს ისეთი ახალგაზრდა, ენერგიული და გონიერი ქალი, როგორიც ელენე ხოშტარიაა, მაგრამ მან თავის უბანშიც წააგო.
- ანუ მერობის შანსი ნაკლებად აქვს?
- იცით, რა იყო არსებითი ამ მარცხში? მისი პიროვნული თვისებები ნამდვილად არ იყო. საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო ის პარტია, რომელსაც ის წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ წააგო.
- დღეს ხომ გაიყო ეს პარტია და ელენე ხოშტარია მეორე მხარესაა?
- მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ გაყოფის მიუხედავად, „ევროპულ საქართველოსაც“ „ნაციონალებად“ აღიქვამენ. ისეთი სპეციფიკური ფიგურებია იქ, როგორიც გიგა ბოკერიაა და სხვანი. ამიტომ ეს დამოკიდებულება, რაც ხალხს ნაციონალების მიმართ აქვს, მათდამიც ექნება. ამიტომ ამ კანდიდატებს, რომლებიც წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობიდან და „ევროპული საქართველოდან“, მეეჭვება, მერად გასვლის შანსი ჰქონდეთ.
- როგორი პოპულარული სახეებიც უნდა იყვნენ?
- დიახ. მერის პორტფელის აღება ბევრს მატებს ყველა იმ პარტიას, რომელიც ამას მოახერხებს, პოლიტიკური ძალის თვალსაზრისით. ნახევარი საქართველო დღეს თბილისშია და, შესაბამისად, ამ ნახევარი საქართველოს კონტროლი ბარდება მერს. დანარჩენ ფიგურებს შორის გამოვყოფდი ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ძალიან დიდი პლუსი აქვს ის, რომ ჯერჯერობით პარტიების ფონის გარეშე ფიგურირებს მისი სახელი, მაგრამ, მეორე მხრივ, პარტია ეხმარება ხოლმე თავის კანდიდატს ორგანიზაციულად, პროპაგანდისტულად. ასეთი დახმარება ალეკო ელისაშვილს არ ექნება, რაც მას ბევრ რამეს დააკლებს. სამაგიეროდ, ანალოგიური დახმარება ექნება კახი კალაძეს. ამასთანავე, მას აქვს მოსახლეობასთან დიალოგის უნარი. ეს ყველაფერი კახი კალაძეს ანიჭებს უპირატესობას ამ ოთხთა ბრძოლაში.
- ხედავთ მეორე ტურის ალბათობას?
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. სავარაუდოა, რომ „ოცნება“ დიდი უპირატესობით მოიგებს. თუმცა მე მეორე ტურს ვისურვებდი იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ორთაბრძოლის სახე ექნება ამას, თუკი მეორე ტურში გადავა თემა.
- ვისმენთ შეფასებებს, რომ ვისი კანდიდატურაც არ უნდა წამოაყენოს „ოცნებამ“, ის მაინც მოიგებს ამ არჩევნებს. ასეა?
- მათ უზარმაზარი რესურსი აქვთ, თუმცა კახა კალაძის კანდიდატურას თავისთავად უკვე ბევრი პლუსი გააჩნია.
- კახა კალაძის მერობა „ქართულ ოცნებას“ იმიჯს გამოუსწორებს?
- მაგ დამოკიდებულებაში ალბათ არის საღი მარცვალი, რადგანაც „ქართული ოცნების“ იმიჯში ყველაზე მძიმე არის ის, რომ მას მიეკერა უნიათობის იარლიყი. ვერ ახორციელებს იმასაც კი, რაც აწყობს და რაც განზრახული აქვს. ასეთი უნიათობის იარლიყით „ოცნება» კიდევ უფრო „გააძლიერა“ დავით ნარმანიამ, რომელიც არ არის ორგანიზატორი. კახა კალაძე კი გაცილებით ენერგიულია. კახა კალაძის ენერგიულობა შეიძლება გახდეს „ოცნების“ ამ ხარვეზის გადამფარავი და მისმა შემხედვარე ადამიანებმა აღარ თქვან, უნიათოა ეს პარტიაო.
„ახალი თაობა“, 08 ივნისი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ირაკლი კობახიძის გადადგომაზე ლაპარაკი სპექტაკლია“ // „ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სურს“
რას ემსახურება ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი, რაზე ევაჭრება ხელისუფლება ოპოზიციას, რატომ დაუპირისპირდა „ოცნების“ დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრს, ვისგან უნდა გაიწმინდოს პოლიტიკა? ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
- პარლამენტის სპიკერი გადადგომით დაიმუქრა, თუკი საკანონმდებლო ორგანო მხარს არ დაუჭერს არჩევნების ჩატარების წესის შეცვლას. კობახიძის ეს განცხადება ბევრმა სასაცილოდ მიიჩნია, თქვენ რას ფიქრობთ, ასე ძალიან უნდა კობახიძეს, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდეს?
- არჩევნების წესთან დაკავშირებით „ოცნებაში“ სიტუაცია სერიოზულად დაეძაბათ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში სერიოზული პრობლემები დაინახეს. ამიტომ რაღაც ზომების მიღება გადაწყვიტეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მართვის სადავეები ხელიდან გაექცევათ.
ანალოგიური ვითარებაა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. ჯერ თქვეს, პრეზიდენტის არაპირდაპირო წესით არჩევა 2023 წლის არჩევნებამდე არ მოხდებაო. ახლა უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ეს ცვლილება 2018 წლის არჩევნებისთვის უნდა შევიდეს ძალაში. აშკარაა, რომ „ოცნებაში“ ძალიან ეშინიათ არჩევნების. ამიტომაც გაუუქმეს 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები მერის არჩევა მოხდება. პრეზიდენტსაც თავად დაგვინიშნავენ. დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარულ სისტემასაც არ შეელევიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებენ 48%-ით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.
- პროპორციული სისტემით თუ ჩატარდა, მაშინ არ ექნებათ ამის შანსები?
- პროპორციულ სისტემაზე თუ გადავალთ, მაშინ ოპოზიციისთვის შედარებით უკეთესად გადანაწილდება ხმები. ამათ ესეც არ უნდათ და ყველაფერს აკეთებენ მაჟორიტარული ოლქების შესანარჩუნებლად. მაჟორიტარული ოლქების არგაუქმება გაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც 35%-იანი მხარდაჭერით იყო საკონსტიტუციო უმრავლესობაში. ეს სისტემა თავის დროზე მაჭავარიანმა და გოგორიშვილმა მოიფიქრეს. ამ მემკვიდრეობას ისინი ვერ ელევიან. არაა გამორიცხული, რომ 2020 წელსაც არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდეს.
- „ოცნებამ“ საჯაროდ დადო პირობა, რომ 2020 წლისთვის მაჟორიტარული არჩევნები აღარ იქნებოდა...
- მაგათთვის რომ დაგვეჯერებინა, 2016 წლისთვის უკვე გაუქმებული უნდა ყოფილიყო ეს სისტემა, მაგრამ 2020 წლისთვისაც ვერ ელევიან. მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იმის ფუფუნებაა, რომ მინიმალური მხარდაჭერით მიიღოს მაქსიმალური მანდატები.
- აბა ირაკლი კობახიძეს რა დაემართა, გუნდს დაუპირისპირდა?
- მისი ეს განცხადება სასაცილოა. შეუძლია ბავშვივით გაიბუტოს და კუთხეში დადგეს. ვის რაში აინტერესებს, იქნება თუ არა ეგ პარლამენტის თავმჯდომარე. აქ მთავარია ივანიშვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ მაჟორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.
- მაშინ გამოდის, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება...
- არავისაც არ უპირისპირდება. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი. თამაშობენ დემოკრატიულობას, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე ისეა მოწადინებული პროპორციული სისტემის შემოღებით, რომ მზადაა, გადადგეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდ ვაჭრობას გამართავს.
- ვაჭრობა ოპოზიციასთან გაიმართება?
- ოპოზიციასთანაც, არასამთავრობოებთანაც და დასავლეთთანაც. იტყვიან, რომ გუნდში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა და საკითხი დემოკრატიულად გადაწყდა. არის კიდევ ასეთი ვარიანტი, რომ პროპორციული სისტემის შემოღების სანაცვლოდ რაღაც ისეთ პირობებს შესთავაზებენ ოპოზიციას, რომ სათავეში სულ თავად იქნებიან. ოპოზიციაც დათანხმდება, ბიძინა ივანიშვილი კი 2050 წლამდე იქნება ამ ქვეყნის სათავეში.
- ოპოზიცია რატომ უნდა დათანხმდეს ასეთ შეთავაზებას?
- სად არის ოპოზიცია? ამ მიმართულებით ხელისუფლება თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როცა შენი ოპონენტები ინაშვილი და ბოკერია არიან. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდეს. ამაში მათ მაჟორიტარებიც დაეხმარებიან, რომლებიც სინამდვილეში მინიგარქებს წარმოადგენენ. აბა გავიხსენოთ, ვინ დაიწყო იმაზე ყვირილი, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს. ეს განცხადება პირველმა მინიგარქმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა, რომელიც ამ სტატუსის დასაცავად თავგამოდებით იბრძვის. ახლა მას სხვა სადარდებელიც გამოუჩნდა.
- რა სადარდებელი?
- ამ დღეებში ჯანდაცვის მინისტრმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა. მან მონოპოლიების წინააღმდეგ გაილაშქრა. მისი თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს საავადმყოფოების მართვის უფლება აღარ უნდა ჰქონდეთ. კახა ოქრიაშვილი აქამდე პარლამენტში მდუმარედ იჯდა, მაგრამ როგორც კი მინისტრის ინიციატივა მის ჯიბეს შეეხო, ეგრევე გამოვარდა და აყვირდა, სერგეენკოს ვინ ეკითხებაო.
- მისი თქმით, ეს მინისტრის მხრიდან ბიზნესში ჩარევაა...
- არანაირი ბიზნესში ჩარევა არ არის. ეს არის მონოპოლიების წინააღმდეგ გალაშქრება, კახა ოქრიაშვილი კი მონოპოლისტია. აბა ერთი ჩადით და ნახეთ, რა ხდება დმანისში. მთელი დმანისი იყიდა. ამას ასე მარტივად არ დათმობს. ჩვენი პარტია აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმაში. იქ წამლები 2-3-ჯერ იაფია საქართველოსთან შედარებით. აქ ფარმაცევტულ ბაზარს რამდენიმე კომპანია ჰყავს დაპატრონებული და, როგორც უნდათ, ისე ზრდიან ფასებს. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მინისტრი უკან არ დაიხევს. მონოპოლიები უნდა დაიშალოს, ასეთი მინიგარქები კი პარლამენტში ვეღარ უნდა მოხვდნენ. მისნაირ ტიპებს მონიშნული აქვთ ტერიტორიები და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველასთან ნახულობენ საერთო ენას.
- კახა ოქრიაშვილის და დავით სერგეენკოს დაპირისპირება ახსენეთ. დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. კახა ოქრიაშვილს ვინ მფარველობს, რომ მას დაუპირისპირდა?
- კახა ოქრიაშვილს საკუთარი მილიონები მფარველობს. ეს კაცი ჩვენს ხარჯზე რომ შოულობს მილიონებს, პარტიასაც ახმარს. ის საკმაოდ კარგად აფინანსებდა „ოცნებას“. რამდენიმე მილიონი მიუტანა და ახლა ეუბნება, ჩემს ბიზნესს ნუ ეხები, ძმაოო. იგივე შემიძლია ვთქვა მაკრახიძეზე. რა უნდა ამ კაცს საერთოდ პარლამენტში. „ოცნების“ დამფინანსებელია და ამიტომაც გაუფორმა მას სახელმწიფომ 98 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები. ასეთი ხალხი, ბუნებრივია, შეეცდება, რომ მაჟორიტარული სისტემა შეინარჩუნონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს `ოცნებასაც~ აწყობს, ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად.
- თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან ამ თემაზე ივაჭრებს. ისიც თქვით, რომ გიგა ბოკერიას და ირმა ინაშვილის ოპოზიციაში ყოფნა ხელისუფლებისთვის კომფორტია. არასაპარლამენტო ოპოზიციაც ივაჭრებს ამაზე?
_ სამწუხაროდ, ივაჭრებს. ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ისედაც კარგად ვაჭრობს ამ ხელისუფლებასთან. ისინი ევაჭრებოდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას და ევაჭრებიან „ოცნებასაც“.
- ვისზე საუბრობთ?
- მათ ახლა არ დავასახელებ, მაგრამ მკითხველი წესით უნდა მიხვდეს, ვინც ვაჭრობს. ეს ხალხი წლებია, ასე ცხოვრობს. მათი გაკეთებული პოლიტიკა სუფთა ვერასდროს იქნება. აბა, კარგად დააკვირდით, კონკრეტული ოპოზიციონერები დასხდებიან ტელევიზიებში და რაღაც საკითხს ამოიჩემებენ. მერე მათთან მივა სუსი, მუსი თუ ვიღაც სხვა, ფულს გადაუხდიან და ისინიც გაჩერდებიან. აი, ესაა, სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკა და ამიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში.
ოპოზიციაში ყოფნა მარტივი არ არის და აქაც შეიძლება საქმის კეთება. მხოლოდ საუბარი და ხმამაღალი განცხადებები შედეგს არ მოიტანს. თუ მოინდომებ და სათანადო არგუმენტებიც გექნება, შედეგსაც მიაღწევ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სოციალურად დაუცველთა კუთხით. უფასო სასადილოებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დროის მანძილზე ვახორციელებდით მონიტორინგს. აღმოჩენილი დარღვევები პროკურატურას გადავეცით, პროკურატურამ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს 4 თვის მანძილზე დახმარებას უწყვეტენ, თუ ოჯახის წევრი გარდაიცვალა ან ახალი დაიბადა. ამ თემაზე თვეების მანძილზე ვედავებოდით ჯანდაცვის სამინისტროს. ამ დღეებში სამინისტრომ ჩვენი პოზიცია გაიზიარა და სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის დაბადების ან გარდაცვალების გამო დახმარებას აღარ შეუწყვეტენ.
- ამით იმის თქმა გინდათ, რომ თუ ოპოზიცია მოინდომებს, შედეგსაც მიიღებს?
- ფაქტი სახეზეა. თუ არ ივაჭრებ, სათანადო არგუმენტებს წარადგენ და გამოსავალსაც შესთავაზებ, შედეგს მიიღებ.
- ყველა სფეროში შესაძლებელია შედეგის მიღება?
- გააჩნია, როგორ მოინდომებს ოპოზიცია.
- შედეგის მისაღწევად ალბათ ოპოზიციის გაერთიანებაა საჭირო. თქვენი პარტია ხშირად საუბრობს ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე...
- ამაზე ადრე ხშირად ვსაუბრობდით, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც თქვა, რომ ჯობდა, ამ არჩევნებზე ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი დაესახელებინა თბილისის მერად.
- ჯობდაო თქვით და ახლა ასე აღარ ფიქრობთ?
_ ერთიანი კანდიდატურა თუ არ იქნება, „ოცნება“ მოიგებს, მაგრამ შესაძლოა უკეთესიც კი იყოს, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ ჰყავდეს. ამ თემაზე დიდი ვაჭრობა დაიწყება და ამაში მონაწილეობა არ ღირს. შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე ძალასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შევქმენით. სულ მეგონა, რომ ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანი იყო. ბლოკში ყოფნის დროს ბევრი ისეთი რამე ვნახე, რომ რაღაც გაერთიანებაში შესვლის სურვილი აღარ მაქვს.
- რა ნახეთ ასეთი?
- რაღაცების დაკონკრეტება არ მინდა. სიაში ადგილებზე დიდი ვაჭრობა მიდიოდა, რაც ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, პოლიტიკა ჩვეულებრივ ვაჭრობად გადაიქცა. მე კორუფციულ გარიგებებზე ხშირად გამომიქვეყნებია კვლევები. კორუფციაში გარეულებს ჩემთვის ხშირად შემოუთავაზებიათ ფული. მათი შემოთავაზება რომ მიმეღო, დღემდე ნაქირავებში არ ვიცხოვრებდი. მსგავს შეთავაზებას არც არასდროს მივიღებ. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური თუ მას სუფთა ადამიანები გააკეთებენ. საქართველოში ასეთი ხალხი არის. ახლა მთავარია, პოლიტიკა ბინძური ხალხისგან გაიწმინდოს.
„ახალი თაობა“, 08 ივნისი, 2017 წელი
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები საქართველოს ახალ ბრალდებებს უყენებენ // „ექიმი ფარმან ჯეირანლიც საქართველოში დააკავეს“ // აზერბაიჯანში ამჟამად 165 პოლიტპატიმარია რეგისტრირებული
ქართველი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ საპროტესტო აქციებს თბილისიდან გაუჩინარებული, აზერბაიჯანში დაკავებული აფგან მუხთარლის მიმართ სოლიდარობის გამო. გამოძიებას ჯერჯერობით არ გაუცია პასუხები ამ საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
ამასობაში აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ბაქოში საუბრობენ სხვა პოლიტდევნილებსა და პოლიტპატიმრებზე და მათ საქართველოსთან აკავშირებენ.
ამ დღეებში აზერბაიჯანში წინასწარი დაკავების საკანში გარდაცვლილი ნახეს აზერბაიჯანის ხელისუფლების აქტიური ოპონენტი მეხმან გალანდაროვი. გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამის გამო იზოლატორის ორი თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან. თვითმკვლელობის ვერსიის ყველას არ სჯერა. თვითმკვლელობის შემთხვევაშიც და მაშინაც, თუ ის მოკლეს, ალიევის პოლიტპატიმრების დამცველები ამაში საქართველოს კვალს ხედავენ.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, ელშან ჰასანოვის განცხადებით, მეხმან გალანდაროვი იდევნებოდა. მან თავშესაფარი ითხოვა საქართველოში, რაზეც უარი მიიღო. გალანდაროვი იძულებული იყო, დაბრუნებულიყო აზერბაიჯანში, სადაც დააპატიმრეს. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გატაცებამდე“ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე გეზლალ ბაირამლი. იგი ბაქოში დაბრუნებისთანავე დააკავეს.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები საქართველოში აზერბაიჯანელ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე ზეწოლას სპეციალურ ანგარიშს მიუძღვნიან.
ელშან ჰასანოვის თქმით, მეხმან გალანდაროვის, აფგან მუხთარლის, გეზლალ ბაირამლის ისტორიების გარდა, საქართველოში სხვა საგანგაშო ფაქტებიც მოხდა. იგი ამ კონტექსტში ახსენებს კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელ ფარმან ჯეირანლისაც:
„საქართველოში არის სხვა საგანგაშო ფაქტებიც. საქართველოში ცხოვრების ნებართვა გაუუქმეს აქტივისტ დაშგინ აგალაროვს, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს აქტივისტ ვიდადი ისკენდეროვს, დაპატიმრებულია ექიმი ფარმან ჯეირანოვი“.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრმა შესწორება შეიტანა პოლიტპატიმართა სიაში. არსებულ ნუსხას დაემატა 4 ახლად დაპატიმრებული და გამოაკლდა წინასწარი დაკავების იზოლატორში დაღუპული მეხმან გალანდაროვი. ამჟამად აზერბაიჯანში 165 პოლიტპატიმარია აღრიცხული.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრი 27 იანვარს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა. ამ ცენტრში გაერთიანებული ალიანსის „აზერბაიჯანი პოლიტპატიმრების გარეშე“ ხელმძღვანელი ოგტაი გიულალიევი აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის გაძლიერება ორი თვის წინ დაიწყო. ამ პერიოდს უკავშირდება ასევე ბაქოში ინტერნეტტელევიზია „კანალ-13“-ის დამფუძნებლის, აზიზ ორუჯევის დაკავება, ასევე დაბა ნარდარანში ნატიგ შახბაზოვის აყვანა. შახბაზოვი ოჯახის მეოთხე წევრია, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიეკუთვნა. დანარჩენები 2015 წლის ნოემბერში ნარდარანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
„ამ ადამიანთა სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივები ეჭვს არ იწვევს. ისინი შეესაბამება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ პოლიტპატიმრის ცნების კრიტერიუმებს“, – აცხადებენ აზერბაიჯანელი უფლებადამცველები.