„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რიჩარდ ნორლანდი ნაციონალებმა მოიშორეს“ // რა ინფორმაციას აწვდიან თეთრ სახლს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ბერძნული კრიზისის” პირველი მსხვერპლი შეიძლება საქართველო იყოს… // “ევროკავშირი ამის შემდეგ გაათკეცებული სიფრთხილით მოეკიდება გაფართოების სტრატეგიას”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “შესაძლოა, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხონ და ანგარიშებიდან თანხაც ჩამოაჭრან” // რა სანქცია დაეკისრება რუსეთს, თუ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდის
„საქართველო და მსოფლიო“: ამერიკული იმპერიალიზმის დედაც!“
„საქართველო და მსოფლიო“: ემხრობიან თუ არა პარლამენტარები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში
———————-
„ახალი თაობა“, 8 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რიჩარდ ნორლანდი ნაციონალებმა მოიშორეს“
რა ინფორმაციას აწვდიან თეთრ სახლს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები
შორენა მარსაგიშვილი
(შემოკლებით)
რა ინტრიგებს ხლართავენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრ სახლში, რატომ პასიურობს „ქართული ოცნება“, რა შედეგს მოიმკიან არჩევნებზე, რატომ არ დატოვეს რიჩარდ ნორლანდი მეორე ვადით ელჩად საქართველოში? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრება.
- თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოდან რიჩარდ ნორლანდის გაწვევაში მნიშვნელოვანი როლი ნაციონალებმა შეასრულეს. რის საფუძველზე ამბობთ ამას, ნორლანდს ხომ ვადა ამოეწურა.
- ნორლანდს საქართველოში ელჩობის ვადა მართლაც ამოეწურა, მაგრამ ელჩის მეორე ვადით დატოვებაც ხდება ხოლმე. ასეთი რამე პრაქტიკაში არსებობს, რაც ნორლანდის შემთხვევაში არ მოხდა. მას კულუარულ საუბრებში არაერთხელ აქვს ნათქვამი, ვაშინგტონში ჩემს წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ძალები მუშაობენო.
- რა ძალებზე საუბრობდა?
- იმ ხალხზე, ვინც ნაციონალებს მფარველობს. ყოფილმა ხელისუფლებამ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ნორლანდი მოეშორებინა.
- რატომ უნდოდათ მისი მოშორება, `ქართული ოცნების~ მხარდამჭერად მიიჩნევდნენ?
- ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ყოფილა. ნორლანდი იყო ელჩი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას არ უჭერდა მხარს. ის თავისი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა. მის ქვეყანას კი ის სიტუაცია აწყობდა, რომელიც დღეს საქართველოშია. აშშ-ს ინტერესებით მოქმედებდა, როცა ზუგდიდში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერ მიტინგზე ჩავიდა. 2012 წლის 2 ოქტომბერს ის პირადად აღუდგა წინ სახელმწიფო გადატრიალებას. ამ ფაქტებს რომ გადახედავ, გაჩნდება ეჭვი, რომ ის `ქართული ოცნების~ ინტერესებს იცავდა. რაც, როგორც გითხარით, ასე არ არის. ნაციონალებს ისეთი ელჩი უნდათ, რომელიც მხოლოდ მათ ინტერესებს გაატარებს. ისეთი ელჩი სურთ, როგორიც რიჩარდ მაილსი იყო. ამ მიზნის მისაღწევად ყველა რესურსი გამოიყენეს.
- აშშ-ს ახალი ელჩი იან კელი იქნება ყოფილი ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატურა?
- იმედს ვიტოვებ, რომ იან კელი, ნორლანდის მსგავსად, თავისი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი იქნება და პოლიტიკური ნომენკლატურის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიციური პარტია.
- რადგან ნაციონალებმა, როგორც თქვენ ამბობთ, არასასურველი ელჩის მოცილება შეძლეს, გამოდის, რომ მათ თეთრ სახლში დიდი გავლენა აქვთ.
- მათ ამერიკასა და ევროპაში სერიოზული ლობი ჰყავთ. პოლიტიკური ავანტიურის თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილზე ნიჭიერი ადამიანი მსოფლიოში არ არის. მას ამაში მხოლოდ პუტინი თუ გაუტოლდება. მისგან განსხვავებით, საქართველოს ექსპრეზიდენტს პიარ-ქარიზმა აქვს, რითიც რუსეთის პირველი პირი ნამდვილად არ გამოირჩევა. სააკაშვილი საკუთარ თავს მაგარ პიარს უკეთებს. ნაციონალებთან ერთად მან აშშ-სა და ევროპაში გავლენიანი ჯგუფები ჩამოაყალიბა. ისინი, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ლობისტებს დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არსებულ ხელისუფლებას საგარეო ფრონტზე პრობლემები შეექმნება?
- საგარეო ფრონტზე ხელისუფლებას უკვე აქვს პრობლემები. ამის დასტურია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დასკვნის მოსამზადებლად თავად არ ჩამოსულან საქართველოში. ისინი ინფორმაციას ადგილიდან, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ, რომლებსაც ანგარიშს უწევენ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ჰუმან რაით ვოთჩი. ინფორმაციას თეთრი სახლი სახალხო დამცველის აპარატიდანაც ღებულობს. ვაშინგტონში ინფორმაცია ოპოზიციური პარტიებისგანაც მიდის. საქართველოში არსებულ ვითარებაზე თავის ანგარიშს წერს აშშ-ს საელჩოც. ამ ანგარიშებზე დაყრდნობით დებს სახელმწიფო დეპარტამენტი დასკვნას. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება არ აქტიურობს და მისთვის სასარგებლო ინფორმაციას თეთრ სახლს არ აწვდის. მათი პასიურობის ფონზე ძალიან აქტიურობენ ნაციონალების მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები. ზღვა მასალაში, როგორც წესი, ობიექტური ინფორმაცია იკარგება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ თეთრი სახლის დასკვნა, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მძიმეა. აქ ნახსენები ვართ, როგორ ტერორისტების მფარველი და მათი სატრანზიტო ქვეყანა.
- მებრძოლები საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად სააკაშვილის მმართველობის დროსაც იყენებდნენ. ამის ნათელი დადასტურებაა 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის სისხლიანი ოპერაცია. მაშინ რატომ არ დებდა ასეთ დასკვნას სახელმწიფო დეპარტამენტი?
- „ნაციონალების“ დროს როგორ არ ხდებოდა მსგავსი რამეები, მაგრამ ვაშინგტონში შელამაზებული ინფორმაცია მიდიოდა. ყველაფერს მალავდნენ. ერთადერთხელ არ დაიმალა შუბი ხალთაში. ციხის კადრები ვერაფრით შეალამაზეს და ამაზე ვაშინგტონს ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა. სწორედ ამან შეიწირა 2012 წელს ნაცმოძრაობა. მათ არჩევნების გაყალბების შანსი აღარ დარჩათ. ამის შანსი მათ ამერიკამ არ მისცა.
- სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა საქართველოსთვის ძალიან მძიმეაო ამბობთ. ეს იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
- პირდაპირ გავლენას არ იქონიებს. საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთში ნეგატიური განწყობა ყოველდღიურად იზრდება. `ქართული ოცნება~ თუ არ გაინძრა, არჩევნებისთვის ნეგატივი კიდევ უფრო გაიზრდება.
- ამერიკაში ნაციონალების გავლენაზე საუბრობდით ზემოთ და ამის დამსახურებაა, რომ უკრაინაში სააკაშვილსა და მის გუნდს აშშ დააფინანსებს?
- ამერიკა უკრაინის ხელისუფლებას ცალსახად უჭერს მხარს. პლუს ამას ვაშინგტონი ამ ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენელს უჭერს მხარს და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ამის გარდა, თეთრი სახლი მას, როგორც გამოცდილ ადმინისტრატორს, ენდობა. ვაშინგტონში თვლიან, რომ მას ოდესაში კარგი შედეგის დადება შეუძლია თუ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ექნება. ამიტომაც აფინანსებენ მას.
(…)
- სააკაშვილი თავის ყველა მიმართვაში ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ მას ამერიკა უჭერს მხარს, მოახერხებს საქართველოში დაბრუნებას?
- ეს განცხადება ხალხის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ფიზიკურად დაბრუნება დიდი პრობლემა არაა. ჩაჯდება თვითმფრინავში და ჩამოვა თბილისში. დღეს ის უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელია. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ის საქართველოსთან მიმართებაში ხმას არ უნდა იღებდეს.
- რატომ არ უნდა იღებდეს ხმას, სხვა თუ არაფერი, ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
- დღეს ის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, მინიმუმ, არაკორექტულია. ეს იგივეა, უკრაინის შს მინისტრმა, წარმოშობით სომეხმა არსენ ავაკოვმა სომხეთის ხელისუფლება გააკრიტიკოს. ისინი უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენენ და მათი მხრიდან საქართველოს ან სომხეთის კრიტიკა, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა. საქართველოში ძალიან არ მოსწონთ ხოლმე, როცა საქართველოს საქმეებში რუსეთის მოქალაქე ქართველები ერევიან. ასევეა სააკაშვილთან მიმართებაშიც. ის უკრაინელი ჩინოვნიკია და მისი ჩართვა ქართულ პოლიტიკაში უარყოფითად იქნება შეფასებული. ეს მანაც ძალიან კარგად იცის.
- თუ იცის, რატომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში. უკრაინაში ნაცმოძრაობის წევრები პოლიტიკაზე სასაუბროდ არ ჩაიყვანა?
- ფარულად და ირიბად პოლიტიკურ პროცესებში, ბუნებრივია, ღებულობს მონაწილეობას. ღიად ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს. შეეცდება იყოს მოზომილი. დიდი თავშეკავებით არ გამოირჩევა და რაღაცას მაინც მოიმოქმედებს. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოდესაში. თუ ოდესაში ყველაფერი კარგად წარიმართა, ბუნებრივია, ის იქაურობას არ დატოვებს და თბილისში არ გამოიქცევა. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მთლად ასეთი გადარეულიც კი არ არის. თანაც მას დიდი მიზნები აქვს – მას უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი სურს. ამ თანამდებობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ოდესაში ყველაფერი კარგად გამოუვა. თუ არაფერი გამოვა, მაშინ ისე დატოვებს თანამდებობას, რომ წარუმატებლობას უკრაინის ხელისუფლებას დააბრალებს.
- ალექსანდრე კვიტაშვილის კრახი სააკაშვილის და მისი გუნდის მუშაობაზე ცუდად ხომ არ აისახება? ასეთ ვარაუდს ბევრი ექსპერტი გამოთქვამს.
- ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ და ვერ ვიტყვი, რომ კვიტაშვილმა კრახი განიცადა. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ და ვიცი, რისი გაკეთებაც შეუძლია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის დროს მან შეცდომები დაუშვა. კლინიკების გაყიდვა შეცდომა კი არა, დანაშაული იყო, მაგრამ ეს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო. კარგად ვიცი, რა პრობლემებიც შეუქმნეს მას უკრაინაში. დიდი ამბები ატყდა კიევის ცენტრალურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. კიევის ცენტრში არის 16 ჰექტარზე გადაჭიმული პარკი და ამ პარკში დგას ცენტრალური საავადმყოფო. ვიღაცას მოუნდა ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება. საავადმყოფოს ადგილზე ელიტარული საცხოვრებელი სახლების აშენება უნდათ. ამაზე კიევში იანუკოვიჩის დროიდან მოყოლებული, ნამდვილი ომი მიმდინარეობს. ახლა თითქმის გადაწყვეტილი იყო საავადმყოფოს გაყიდვა, რასაც კვიტაშვილმა ვეტო დაადო.
- ამას შეეწირა მისი თანამდებობა?
- ნაწილობრივ ამ ამბავს შეეწირა. მერე იყო და წამლების მონოპოლიასთან ბრძოლა გამართა. ამ ბრძოლაში შეცდომებიც დაუშვა. ობიექტურმა რეალობამ და შეცდომებმა განაპირობა, რომ მისი მდგომარეობა შეირყა. ასეც რომ არ ყოფილიყო, კვიტაშვილი მაინც დატოვებდა მინისტრის პოსტს. მას თავად სურდა იქიდან წამოსვლა.
- რატომ? საქმის კეთების საშუალებას არ აძლევდნენ?
- ცოტა ხნის წინ მას მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ დედამისი თბილისში მარტო დარჩა. კვიტაშვილის მეუღლე ნოე ჟორდანიას შვილიშვილია, ის ამერიკის მოქალაქეა და შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. კვიტაშვილს ვიწრო წრეში ნათქვამი აქვს, დედას მარტოს ვერ დავტოვებ და თბილისში დავბრუნდებიო.
(…)
- 6 ივლისს დავით საყვარელიძემ უკრაინის პროკურატურაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ჟურნალისტი ბოიკო წერს, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?
- დავით საყვარელიძე ამ ოპერაციას მაღალჩინოსნებთან შეთანხმების გარეშე არ ჩაატარებდა. ის ან პრეზიდენტ პოროშენკოსთან იქნებოდა შეთანხმებული, ან ვინმე სხვასთან.
- შეთანხმებული თუ იყო, რატომ უნდა აღიძრას მის წინააღმდეგ საქმე?
- უკრაინაში განსხვავებული სიტუაციაა. ეს სიტუაცია სააკაშვილის დროინდელ და არც დღევანდელ საქართველოს არ შეედრება. იქ ოლიგარქიულ-კორუფციული გავლენები ძალიან დიდია. ადეიშვილს და საყვარელიძეს თბილისში იოლად გამოსდიოდათ ოპერაციების ჩატარება, უკრაინაში ასე მარტივი არ იქნება.
- ამ ამბავს ხომ არ შეეწირება საყვარელიძე?
- არ არის გამორიცხული, რომ შეეწიროს, მაგრამ ამაზე დიდი ბრძოლა გაიმართება, სადაც სააკაშვილთან ერთად ამერიკელებიც იქნებიან ჩართული.
„რეზონანსი“, 08 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ბერძნული კრიზისის” პირველი მსხვერპლი შეიძლება საქართველო იყოს… “ევროკავშირი ამის შემდეგ გაათკეცებული სიფრთხილით მოეკიდება გაფართოების სტრატეგიას”
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ აისახება საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე, “რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
- ბევრი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის კრიზისი ევროპულ ერთიანებას შეარყევს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- რაც სეეხება ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის შედეგს, რასაკვირველია, ეს საჩუქარი ვერ იქნება ევროპისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთიც მსგვასი რეფერენდუმით იმუქრება. მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი როგორმე გადაიტანს ბერძნების უსინდისობამდე მისულ შატაჟს და ბრიტანეთის კაპრიზებსაც.
(…)
- თქვენი აზრით, როგორ აისახება საბერზნეთის კრიზისი საქართველოს მიმართ და ევროკავშირის პოლიტიკაზე?
- საბერძნეთის მოვლენები, პირველ რიგში, გაკვეთილი უნდა იყოს ევროკავშირისა და საქართველოსათვის. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი ამის შემდეგ გაათკეცებული სიფრთხილით მოეკიდება ტოტალური გაფართოების სტრატეგიას… აქედან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო ნოსტრადამუსობა იმის სავარაუდოდ, რომ ევროკავშირის „სიფრთხილის“ პირველი „მსხვერპლი“ შეიძლება საქართველო გახდეს, აგრეთვე უკრაინა და მოლდოვა. კიევისა და კიშინიოვის მომავალზე ფიქრი იმ ქვეყნების ხელისუფალთ მივანდოთ, ჩვენ კი საკუთარ ბედზე ვიფიქროთ.
- და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ?
- პირველ რიგში, მეტი სიმართლე უთხრას საკუთარ ხალხს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით.
- ქართველი ექსპერტები იმის შესახებაც აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყანაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს. თქვენ რა ს ურჩევდით მთავრობას?
- თუ ხელისუფლებას მართლაც გადაწყვეტილი აქვს ქამრების შემოჭერა, მაშინ პირველ რიგში ეს ბიუჯერტს და ჩინოვნიკთა ხელფას-პრემია-დანამტებს უნდა შეეტყოს. ხარჯების შემცირება ორიოდე რბილი სკამისა და ავეჯის არყიდვით მითებია. ალბათ, დარგის სპეციალისტებს სხვა რეკომედაციები ექნებათ, მაგრამ მე მივუთითე ის მომენტი, რომელიც ზედაპირზეა და შეუიარარებელი თავლითაც კარგად ჩანს.
„რეზონანსი“, 08 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “შესაძლოა, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხონ და ანგარიშებიდან თანხაც ჩამოაჭრან”
რა სანქცია დაეკისრება რუსეთს, თუ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდის
იაგო ნაცვლიშვილი
(შემოკლებით)
როგორც ცნობილია, გასული წლის 3 ივლისს, ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და დაადგინა, რომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან გამოძევების დროს მოსკოვმა ევროპული კონვენციის მთელი რიგი დებულებები დაარღვია. შესაბამისად, სასამართლომ რუსეთს, საქართველოს სასარგებლოდ, ერთი წლის განმავლობაში კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა თანხის ოდენობა არ დაუდგენია. ეს საკითხი მხარეთა შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო. რადგანაც რუსული მხარე ამ ერთი წლის განმავლობაში, ანუ 3 ივლისამდე საქართველოსთ ანალოგიურ უწყებასთან კონტაქტზე არ წამოსულა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თანხის ოდენობა ცალმხრივად დაადგინა და რუსეთს კომპენსაციის სახით 70 მილიონი ევრო მოსთხოვა. ამის სესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაიგზავნა.
„როგორც შეგვატყობინეს, სტრასბურგის ადამიანთა უფლელელები სასამართლომ, თავის მხრივ, ჩვენი მოთხოვნები რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა გადაუგზავნოს და მას არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს მოსთხოვს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი ლია მუხაშავრია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, საქართველოს პოზიცია სწორია და საყვედურები იმის თაობაზე, თითქოსდა საქართველომ მოთხოვნის გაგზავნა დააგვიანაო, არასწორია. საერთოდ, ამ საკითხთან მიმართებით რაიმე მკაფიო საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს და რაც მოხდა, სრულიად ჯდება რეალურ კონტექტსში: „ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს, კონტაქტი არ ყოფილა, ამიტომაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მოქმედება მოიწონა“.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, რომ რუსულ მხარესთან კავშირი ჰქონოდა?
- ცხადია, უნდა მიეწერათ, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე სეხვედრა აუცილებელია და უნდა დავილაპარაკოთო, მაგრამ, როგორც ჩანს, მხარეებს შორის კომუნიკაცია ვერ დამყარდა
- იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საკომპენსაციო თანხის გადახდაზე უარს იტყვის, რა იძულებითი ღონისძიების გატარება შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს?
- როგორც ცნობილია, რუსეთს ევროპის საბჭოში ხმის მიცემის უიფლება ისედაც შეჩერებული აქვს და თუ ახლა მოსკოვი ჩვენს მიმართ კომპენსაციის გადახდაზეც უარს უტყვის, მაშინ ევროსაბჭოში შეიძლება რუსეთის გარიცხვის საკითხი დადგეს. უარის თქმა ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება რუსეთის მხრიდან
- მხოლოდ ეს ბერკეტი არსებობს? სხვა მექანიზმი არ არის, რომ რუსეთს თანხა იძულებით გადაახდევინონ?
- სხვა პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდი არ არსებობს, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რუსეთს თანხა საერთაშორისო ანგარიშებიდან ჩამოაჭრან. რუსეთის თავხედობას ევროპამ რაღაცით უნდა უპასუხოს. ევროპის საბჭოსათვის ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ რუსეთის არაცივილიზებული ქცევა აღკვეთოს.
„საქართველო და მსოფლიო“, 8 ივლისი, 2015 წელი
ამერიკული იმპერიალიზმის დედაც!“
ნანა დევდარიანი
საბერძნეთის რეფერენდუმმა ევროსკეპტიკოსები და ოპტიმისტები კვლავ დააშორა ერთმანეთს. ერთნი მხარს უჭერენ ერთმორწმუნე ქვეყანას, მეორენი სრულ გაკოტრებას უქადიან. ერთმორწმუნეობის გარდა, საქართველოსთვის საბერძნეთის მდგომარეობა იმიტომაც არ არის სულერთი, რომ ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით რუსეთის შემდეგ სწორედ საბერძნეთი ლიდერობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ქვეყნის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს, გასაგებია, რომ საბერძნეთის მოვლენები ჩვენთვის ერთობ საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
61:39 – ასეთია რეფერენდუმის შედეგი კრედიტორების წინადადების მიმართ “არას” სასარგებლოდ. ათენში, სინტაგმას მოედანზე, ათასობით ადამიანი ტაშით შეეგება შედეგის გამოცხადებას. “სქაი ნიუსის” ჟურნალისტთან საუბარში ერთმა ათენელმა ქალბატონმა ხაზგასმით მიუთითა: – ბერძნებმა დაამტიცეს, რომ ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და არა – მონები.
რეფერენდუმის შედეგებით ფრთაშესხმულმა პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ერს მიმართა და მადლობა გადაუხადა “მამაცი არჩევანისთვის”. მან განაცხადა, რომ დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო რეფერენდუმის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ ათენი აუცილებლად დატოვებს ევროზონას. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებზე პრიორიტეტი საბანკო სისტემის აღდგენა და ვალების რესტრუქტურიზაცია იქნება.
ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, განაგრძონ მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რათა განიხილონ კრიზისიდან გამოსვლის გზები, თუმცა, არც მათ შორის არის ერთსულოვნება. მაგალითად, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოკავშირე დეპუტატები აცხადებენ, რომ საბერძნეთმა ევროზონა უნდა დატოვოს. კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის _ კლაუს-პიტერ ვილშის თქმით, რეფერენდუმის შედეგები იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთი ევროზონაში ვეღარ დარჩება.
“ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაკოტრებული საბერძნეთის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის პროცედურები უნდა დაიწყონ. საბერძნეთს შეუძლია, დარჩეს ევროკავშირში, თუმცა ევროზონაში მას მომავალი არ აქვს. მათ ჩვენი დაშანტაჟება სცადეს. ისინი სხვა ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მძევლად აყვანას ცდილობენ”, – აცხადებს ვილში.
საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვს საფრანგეთის პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერ მარინ ლე პენს: “ევროზონა უკვე არასიცოცხლისუნარიანია. ევროკავშირი გახდა დიქტატორული სექტა, რომელიც დაკავებულია ტვინის გამორეცხვითა და შანტაჟით. შეუძლია თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხალხს, კიდევ დიდხანს ითმინოს ეს ყველაფერი? საბერძნეთის რეფერენდუმმა აჩვენა, რომ არა”!
“სექტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი განაცხადა: “ვფიქრობ, დღეიდან საბერძნეთს არა ფინანსური, არამედ ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მოგვიწევს, ევროზონის სამიტზე განვიხილოთ საბერძნეთის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავადმყოფები, პენსიონერები და ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ დრამატული ვითარების გამო, რომელიც ციპრასის ხელისუფლებამ თავს მოახვია ბერძენ ხალხს”, _ განაცხადა მარტინ შულცმა.
საინტერესოა, რომ ყურისძირში, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შულცს არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ომია და ადამიანები, მათ შორის ბავშვები იღუპებიან, მოსახლეობა შიმშილობს და სამედიცინო დახმარებას არის მოკლებული.
რას ითხოვენ კრედიტორები საბერძნეთისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ?
მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შემცირებას, რაზეც საბერძნეთის ახალი მემარცხენე მთავრობა ვერ წავა, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებებს. ბერძნები, საბედნიეროდ, ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკას არ იცნობენ, როცა ყველა დაპირება დასავლეთიდან მოსულ რეკომენდაციებსა თუ მითითებებს ეწირება. ციპრასმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად “უფროს ძმებს” უნდა უსმინოს და არა საკუთარ ხალხს, თუმცა არც ბერძნები არიან ის ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციებზე “ფოთლის არჩამოვარდნით” ამაყობს და სულ ცოტაც ჰყოფნის, რომ მთავრობას გასაგებ ენაზე აუხსნას, რას ელის მისგან!
დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთს ებმის და ისევე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემთხვევაში, აქაც ევროპამ იზარალა; საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ევროს კურსი დოლარისა და იენის მიმართ დაეცა.
საბერძნეთი ევროკავშირს 1981 წელს შეუერთდა. ქვეყანა (ჩვენსავით) ფინანსურ პრეფერენციებს ელოდა საკუთარი წარმოებისა და ვაჭრობის გასავითარებლად, ასევე _ პოლიტიკურ დივიდენდებს ამ გავლენიან ერთობასთან ასოცირებით. სინამდვილეში ათენი ევროზონის პერიფერიად იქცა, დაწინაურების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ევროზე გადასვლის შემდეგ მეტალურგია 30%-ით დაეცა, სოფლის მეურნეობაში კვოტები დაუწესეს ხორცპროდუქტებსა და ხილეულზე, მომსახურების სფერო წამგებიანი გახდა, საგარეო ვალმა კი მშპ-ს სერიოზულად გადააჭარბა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყანამ ბევრი ვერაფერი მოიგო _ მის აზრს ევროპის წამყვანი ქვეყნები არასოდეს ითვალისწინებდნენ. ექსპერტთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საბერძნეთის კრიზისს ანალოგიური პროცესების გამოწვევა შეუძლია იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთშიც კი. ამ ქვეყნების საგარეო ვალი, საბერძნეთის 320 მილარდთან შედარებით, შემზარავად გამოიყურება და უკვე 5 ტრილიონ ევროს აჭარბებს.
სხვათა შორის, 62 წლის წინათ საბერძნეთის მსგავს ვითარებაში იყო ომწაგებული გერმანია. 1953 წელს ლონდონის კონფერენციაზე სწორედ მისი ვალების შესახებ მსჯელობდნენ. თავის დროზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანიას, ვერსალის შეთანხმებით, 16 მილიარდი მარკის გადახდა დაეკისრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბანკების სასარგებლოდ. ერთი ამდენი კიდევ ის კრედიტები იყო, რომლებიც გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად აიღო იმავე ქვეყნებისგან.
მოლაპარაკება თებერვლიდან აგვისტომდე გაგრძელდა და გერმანიას ვალის (არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ კერძო ინვესტორებისაც) ნახევარი ჩამოაწერეს. ვალის ჩამოწერას, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, საბერძნეთიც დაეთანხმა. “გერმანული სასწაულის” ფორმულა სწორედ ეს იყო და არა გერმანელების უნიკალურ შრომისმოყვარეობა. კრედიტორებმა ვალის გადახდა 30 წელზე გაწერეს, გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ ვალების უკანასკნელი გადახდა კი გერმანიამ ახლახან, 2010 წელს დაასრულა, როცა დარჩენილი თანხა _ 69,9 მილიონი ევრო გადაუხადა კრედიტორებს. ალექსის ციპრასმა სწორედ ამ მაგალითზე დაყრდნობით სთხოვა კრედიტორებს ვალის რესტრუქტურიზაცია და ნახევრის მიტევება. პარადოქსია, მაგრამ სწორედ გერმანიამ გაუწია ამას წინააღმდეგობა.
რატომ გამწვავდა ასე საბერძნეთის ვალების საკითხი?
რეფერენდუმის ჩატარებისთანავე საფრანგეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 320-მილიარდიანი დახმარებიდან საბერძნეთამდე 10%-იც არ ჩასულა – ყველაფერი გერმანულ კრედიტორ ბანკებს გადაერიცხათ. “ევროკავშირი ბერძნებს კი არ უნდა ლანძღავდეს, გამოძიებას უნდა იწყებდეს გერმანული ბანკების წინააღმდეგ”, _ განაცხადა მან.
იმავეს ამბობდა ჯერ კიდევ რეფერენდუმამდე ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი: “მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი განუხრელად ასრულებდა კრედიტორთა რეკომენდაციებს, რეცესია არ შეჩერებულა, ხოლო უმუშევრობამ ახალგაზრდებში 60%-ს მიაღწია… “სამეულის” (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მიერ 5 წლის წინათ საბერძნეთისთვის თავს მოხვეულმა ეკონომიკურმა პროგრამამ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტი 25%-ით შეამცირა… ფული, რომელსაც ევროპა გამოყოფს, საბერძნეთის ეკონომიკამდე არ მიდის. პრაქტიკულად, ყველაფერი ბანკების კრედიტების დაფარვას ხმარდება. ამგვარად, ბერძნებისთვის ფულის გამოყოფით ევროკავშირი, პირველ რიგში, საკუთარ საბანკო სისტემაზე ზრუნავს… ევროზონის პროექტი კი არასდროს ყოფილა დემოკრატიული. ევროპაში ბევრს არ მოსწონს ციპრასის მემარცხენე მთავრობა და მისი დამხობა სურთ, მიხედავად იმისა, რომ იგი დემოკრატიულად არის არჩეული… რეფერენდუმზე “არას” თქმა ძლიერი დემოკრატიული ტრადიციების მქონე საბერძნეთს აძლევს შანსს, რომ საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს”.
ყველაფერს ისიც ემატება, რომ საბერძნეთი ნატოს წევრიცაა, რომელიც მან ერთხელ უკვე დატოვა 1974 წელს. ევროზონიდან მისი გაძევება ნატოშიც გამოიწვევს რყევებს. ამიტომაც არის, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ევროკავშირისა და საბერძნეთის ლიდერებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის _ ჯოშ ერნესტის განცხადებით, “ათენი და ბრიუსელი უნდა მივიდნენ შეთანხმებამდე რეფორმების პროგრამისა და დაფინანსების შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს საბერძნეთს, ვალის ეკონომიკური მისაღებობის, შემდეგ კი ეკონომიკის ზრდის გზაზე გავიდეს. მხარეებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს”.
საყურადღებოა, რომ ამ განცხადებას იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი აკეთებს, რომლის საგარეო ვალიც დღეს 15 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა რა ქნას ამერიკამაც – საკუთარ თავს ხომ არ დასჯის?! ნათქვამია, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის _ კაკალიც არაო. ზუსტად ასე დაემართა საბერძნეთს _ მისი 320-მილიარდი ვალი აშშ-ის 15-ტრილიონ ვალზე უფრო მეტად “აჩხრიალდა”!
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა გადადგომამდე განაცხადა, რომ ევროპელი კრედიტორების ულტიმატუმი მიზნად საბერძნეთის დასჯას ისახავდა: “მათ თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი ჩვენი ბანკების დახურვა, რათა ორ ფრონტზე დავემარცხებინეთ. ჩვენი დასჯა უნდათ იმისთვის, რომ ვაკრიტიკებდით მათ პროგრამებს. ეს იყო მათ მიერ 25 მაისს გამოცხადებული ულტიმატუმის მიზანი. ჩვენ გავუწვდით თანამშრომლობის ხელს პარტნიორებს, რათა გამოვნახოთ მათთან საერთო ენა. მივესალმები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ საბერძნეთის ვალები რესტრუქტურიზაციას საჭიროებს”.
რეფერენდუმის შედეგებით გაცეცხლებული ანგელა მერკელი სასწრაფოდ გაფრინდა პარიზში და ფრანსუა ოლანდთან ერთად მოუწოდა საბერძნეთის მთავრობას, წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები. არადა, მისი წინადადება უკვე ცნობილია _ ვალების ნახევრის ჩამოწერა და რესტრუქტურიზაცია! სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკია, იქ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც პირველ ადგილზეა და, თუ გერმანელმა კრედიტორებმა იხეირეს საბერძნეთზე, მოგებას არც ისინი შეელევიან. ევროპა იძულებულია, ამერიკული ინტერესები გაატაროს და ეს ინტერესები, სხვასთან ერთად, ევროკავშირის შენარჩუნება, პოლიტიკური პროცესისა და ფინანსური ნაკადების კონტროლია. ამ კონტროლს სულ უფრო ხშირად აპროტესტებენ არა მხოლოდ ბერძნები, არამედ ფრანგებიც და გერმანელებიც.
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი გერმანელი პოლიტიკოსი ოსკარ ლაფონტენი ახლახან ისე გამოვიდა წყობიდან, რომ პირდაპირ და მოურიდებლად დაესხა თავს ამერიკელ პარტნიორებს: “აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამხედრო მინისტრი, ბერლინში იმყოფება. მან ევროპას მოუწოდა, წინ აღუდგეს რუსეთის “აგრესიას”. სინამდვილეში კი ევროპა ამერიკულ აგრესიას უნდა შეეწინააღმდეგოს.
ამერიკული დიპლომატიის გროსმაისტერმა ჯორჯ კენანმა ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდ შეცდომად შეაფასა, რადგან ეს იყო გზა ახალი “ცივი ომისკენ”.
ამერიკელმა დიპლომატმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, ჩვენ 5 მილიარდი ევრო დავხარჯეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვისო. მათ ცეცხლზე ნავთი დაასხეს და ევროპა ამის საფასურს ვაჭრობის შემცირებითა და სამუშაო ადგილების დაკარგვით იხდის. ნულანდი ამბობს: “ევროკავშირის დედაც!”, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც ომის გამჩაღებელ ამერიკულ იმპერიალიზმს შეაჩერებს.
ამერიკული იმპერიალიზმის დედაც!”
ამ ისტორიიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, მოახერხებს თუ არა საქართველოს რომელიმე მთავრობა, ისწავლოს “არას” თქმა? ჯერჯერობით მხოლოდ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებაზე ვთანხმდებით, თუმცა, ვიდრე ოპოზიციად “ნაციონალური მოძრაობა” იწოდება, ღარიბაშვილის ამ შესწორებას პარლამენტში დამტკიცება არ “ემუქრება”. მით უფრო, რომ ერთი სქესის პირთა ქორწინების “პატივისმცემლები” საპარლამენტო უმრავლესობაშიც არიან. იმედია _ თუ საქართველოს თავრობა ვერ ისწავლის “არას” თქმას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ხალხს მოუწევს თქვას – “არა”!
„საქართველო და მსოფლიო“, 8 ივლისი, 2015 წელი
ემხრობიან თუ არა პარლამენტარები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში
შორენა ცივქარიშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს ქვეყნის ყველა შტატში შეუძლიათ ოფიციალურად იქორწინონ. აშშ 21-ე ქვეყანაა, სადაც ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ; პირველი ქვეყანა, რომელშიც 2001 წელს ერთსქესიანებმა პირველად იქორწინეს, ჰოლანდია იყო. არადა, 1990 წლამდე ჰომოსექსუალიზმი მსოფლიოში დაავადებად იყო აღიარებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის დაავადებების სიიდან ამოიღო, დაიწყო ჰომოსექსუალიზმის, როგორც ჩვეულებრივი მოვლენის, მსოფლიოს მასშტაბით პროპაგანდა, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირებისთვის ქორწინებისა და ბავშვების აყვანის უფლების მინიჭებით დასრულდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განაცხადებით, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება სხვა ქვეყნებმაც უნდა მისცენ. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ფრანს ტიმერანსის თქმით კი, გეიქორწინებები სრულიად ევროპაში უნდა იყოს ლეგალიზებული. მეტიც, ის სირცხვილს უწოდებს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას ჯერ კიდევ არ დაუკანონებია მსგავსი ქორწინება. “ევროკომისია უნდა ეცადოს, ევროპაში გეიქორწინებების უპირობო დაკანონებას მიაღწიოს”, -_ განაცხადა ტიმერანსმა.
საყურადღებოა, რომ, მოსახლეობის საპროტესტო აქციების მიუხედავად, ევროპის რიგ ქვეყნებში ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინება და შვილის აყვანის უფლება მაინც დაუკანონეს. მართალია, კანონმდებლობით საქართველოში ქორწინება ჯერ კიდევ ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი), მაგრამ, თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გავაანალიზებთ და საქართველოზე აშშ-ისა და ევროკავშირის ზეგავლენასაც გავითვალისწინებთ, ,ალბათ, შორს აღარ არის დღე, როდესაც საქართველოც დადგება გადაწყვეტილების მიღების წინაშე _ მისცეს თუ არა ერთი სქესის ქარმომადგენლებს ქორწინებისა და შვილების აყვანის უფლება და ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება სწორედ ქართველ კანონმდებლებს ექნებათ.
პირველი, ვინც მწვავე პოზიცია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოხატა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე იყო. “სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალი და ა.შ. ჩემზე უფრო ზნეობრივები და მორალურები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე… დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა ფაცებოოკ-ი, ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ “სიხარულს”, მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ, აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რომელიც მაინც მრჩება, როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებააა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას და, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!”, – წერს მანანა კობახიძე.
მკაფიო პოზიცია საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოხატეს. საქართველოს პატრიარქმა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. თუმცა პოლიტიკოსებს შორის ჰომოსექსუალთა ქორწინების მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ. მაგალითად, პარლამენტარმა თამარ კორძაიამ ლგბტ პირების ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისი განცხადებით, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის არგუმენტები, რომლებიც სასამართლომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რათა ეს პრაქტიკა საქართველოს მსგავს ქვეყნებში სათანადოდ გაიაზრონ”.
შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქართველი პარლამენტარები და დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოში ერთსქესიან წყვილებს შორის ქორწინებას. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია, თუმცა რამდენიმე მათგანმა, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, პირდაპირ პასუხს, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოში ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას, თავი აარიდა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო გაცილებით დიდი პრობლემების წინაშეა.
“საქართველო და მსოფლიო” საქართველოს პარლამენტის წევრებს ესაუბრა.
სოსო ჯაჭვლიანი:
- ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალებს შორის ქორწინების დაკანონება ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იქნება. ისე, საინტერესოა, როდესაც ეს უფლებადამცველები ლგბტ პირების უფლებებზე საუბრობენ, ბავშვების უფლებები რატომ ავიწყდებათ. იმ ბავშვის უფლებებზე რატომ არავინ ფიქრობს, ეს წყვილები რომ იშვილებენ? ბავშვის უფლებები არ ირღვევა, დედას რომ ჯემალი ჰქვია და მამას მანანა?! ასე რომ, როდესაც საკუთარ უფლებებს იცავ, სხვისი უფლება არ უნდა დაარღვიო. ეს ადამიანები უკვე ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებებს არღვევენ, რადგან იმის მიღებას მაიძულებენ, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე ხომ არავის ვაძალებ, რომ გინდა თუ არა, უნდა გიყვარდე და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც მე ვიქცევი-მეთქი და მე რატომ მაძალებენ?!
ამას გარდა, როდესაც ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში ჰომოსექსუალები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მათ არავინ ჩაგრავდა და არაფერს უშავებდა. უამრავ მაგალითს ჩამოგითვლით, ხელოვნების თუ სხვა სფეროში წარმატებული ასეთი ადამიანებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თავს მშვენივრად გრძნობდნენ. მხოლოდ სერგო ფარაჯანოვისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავის _ ვახტანგ ჭაბუკიანის მაგალითი იქნება საკმარისი. ფარაჯანოვი, როდესაც ის ციხიდან გაათავისუფლეს, არც ერთმა იმ ქვეყანამ არ მიიღო, ახლა ნოტაციებს რომ გვიკითხავს, ხოლო რეზო ჩხეიძემ საქართველოში ჩამოიყვანა და ფილმები გადააღებინა. ქვეყანაში, ახლა რომ ჰომოსექსუალთა ქორწინებას აკანონებს და ჭკუას გვასწავლის, ავტობუსში ფერადკანიანების გვერდით დღემდე არ სხდებიან, საფრანგეთში 70-80-იან წლებამდე გილიოტინაზე კვეთდნენ თავს, დღემდე აშშ-ის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯის კანონი არ გაუქმებულა და ახლა ჩვენ გვასწავლიან, რომ თურმე ტოლერანტულები უნდა ვიყოთ!
ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებას ასე ვეტყოდი: ხომ არ სჯობდა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სიკვდილით დასჯა გაგეუქმებინათ? ქართველი ერი ნებისმიერი რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის მიმართ ტოლერანტულია. ასე რომ, მშვიდობაში მოახმაროს მსოფლიოს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ საქართველოში თუ საკითხი წამოიჭრა კი არა, უბრალოდ, საუბარიც დაიწყო ამ თემაზე, ჩემი განწყობა, რა თქმა უნდა, უარყოფითი იქნება.
გიორგი ცაგარეიშვილი:
- ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
- თუ ეს საკითხი საქართველოს არ ეხება, როგორ ფიქრობთ, რატომ შეშფოთდა საქართველოს მოსახლეობა?
- ეს შეშფოთება და აღშფოთებაც ბუნებრივია, რადგან ამგვარი ცხოვრების წესი ჩვენთვის მიუღებელია, ეს ჩვენში არ არის დამკვიდრებული და ღმერთმა არ ქნას, ოდესმე დამკვიდრდეს. აქედან გამომდინარე, მე მესმის ხალხის აღშფოთება. ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მას დიდი ზეგავლენა აქვს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მსოფლიოზე და, მით უმეტეს, საქართველოზე, ამიტომ ვნებათაღელვა ამანაც გამოიწვია. ბუნებრივია, ვშფოთავთ, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყანა ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აშშ-ს აქვს უფლება, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, ისე მოიქცეს, ისევე, როგორც საქართველოს აქვს უფლება, ამგვარი ღირებულებები არ გაიზიაროს, ვინაიდან ეს ჩვენს მენტალობას, ხასიათს, მორალს, ცხოვრების წესს არ შეესაბამება. არ მინდა, ვინმეს მორალი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ან უარყოფითად შევაფასო, მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველო შორს არის ქცევის ასეთი წესისგან და ეს საზოგადოებას ხელოვნურად არ უნდა მოახვიო თავს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები მომწიფდა ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და, ღმერთმა არ ქნას, საქართველო ოდესმე ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ქართული ხასიათისთვის ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა. ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის უარყოფითი იქნება.
- თუმცა თქვით, რომ აშშ-ის დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. როგორ შეძლებს საქართველო, ამ ყველაფერს წინ აღუდგეს?
- შემიძლია, უახლოესი წარსულიდან ხორვატიის მაგალითი გავიხსენო, რომელმაც ევროკავშირში მიღების წინ რეფერენდუმი ჩაატარა და ხორვატიის კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია. ასე რომ, თუ მტკიცედ დავდგებით, ვიტყვით, რომ ამგვარი ქცევა შეუსაბამოა ჩვენი ცხოვრების წესისთვის, თავს ძალით ვერაფერს მოგვახვევენ. ვთქვათ მტკიცედ, რომ ის, რაც აშშ-სა თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, საქართველოში არ მოხდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, ჩემი ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები უნდა დავარღვიოთ, ვცემოთ და შეურაცხვყოთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ოჯახში არავინ არავის არ უნდა შეეჭრას.
ვიქტორ დოლიძე:
- “თავისუფალმა დემოკრატებმა” ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პირები ავადმყოფები არ არიან და მათი დისკრიმინაცია ყოვლად მიუღებელია, სწორედ ამიტომ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც მხარი დავუჭირეთ, მაგრამ, რაც შეეხება ქორწინების საკითხს, ვფიქრობთ, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის შესაძლებელი.
- აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, აშშ-ს მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა მიბაძოს და ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება ყველგან უნდა ჰქონდეთ…
- თუ კაცები დაქორწინდებიან, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კომბლებით დავედევნებით, მაგრამ ქორწინება მისაღებია მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის.
- და მაინც, უახლოეს მომავალში, საქართველოში რომ წამოიჭრას ეს საკითხი, დაუჭერთ მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას?
- მე მხარს არ დავუჭერ. ეს არ არის არც ირაკლი ალასანიას, არც ჩვენი პარტიის განცხადება, ეს ჩემი პირადი პოზიციაა. ჩემთვის ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია.
მიხეილ მაჭავარიანი:
- ჩვენ ეს პრობლემა დღეს არ გვაქვს და აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება რატომ უნდა შევაფასო? ვფიქრობ, ჩემი შესაფასებელი არ არის.
- თუ ეს საკითხი არ ეხება საქართველოს, როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ჩვენი საზოგადოების შეშფოთება?
- ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ დღეს ეს პრობლემა გვაქვს. აშშ-ში რას იზამენ, მათი გადასაწყვეტია და იქაც არის ზოგიერთი შტატი, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ იზიარებს და არ მიმაჩნია, რომ ახლა ეს ის პრობლემაა, რომელზეც მე უნდა ვისაუბრო.
- საქართველოში დღის წესრიგში რომ დადგეს ეს საკითხი, თქვენ მხარს დაუჭერთ ერთსქესიანთა ქორწინებას?
- ახლა არ დგას ეს საკითხი საქართველოს წინაშე. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლამ შეუქმნა ქვეყნის მოქალაქეებს. ქვეყანაში უმუშევრობაა, კრიმინალი, მაღალი ფასები, ეს საკითხები უფრო მაღელვებს.
- ამ საკითხებსაც ვაშუქებთ, მაგრამ, თუ მოვლენებს გავაანალიზებთ, შესაძლოა, შორს აღარ იყოს ის დღე, როცა საქართველოც დადგება არჩევანის წინაშე. ამ საკითხზე პოზიცია ხომ გაქვთ?
- არა, საქართველოში ეს საკითხი ნამდვილად არ წამოიჭრება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში ამას ვერ ვხედავ. ჩვენს ქვეყანაში მთავრობის უნიათობა და არაეფექტიანობა უფრო პრობლემაა, ვიდრე ის, აშშ-ში რა გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნული საკითხი აშშ-ის შიდა პოლიტიკური პრობლემაა და არ მიმაჩნია, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო.
ზურაბ აბაშიძე:
- სხვა სახელმწიფო რას გადაწყვეტს ან როგორ მოიქცევა, ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის არის შესაძლებელი.
- საქართველოც რომ აღმოჩნდეს არჩევანის წინაშე, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- მჯერა, რომ ქორწინება მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ.
გოგი თოფაძე:
- ქართველებს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა გვაქვს და პრემიერმინისტრმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია. ორი მამაკაცისთვის ქორწინების უფლების მინიჭება დაანგრევს მართლმადიდებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. წარმოუდგენელია, ეს საქართველოში მოხდეს. სხვათა შორის, როგორც ვიცი, სწორედ აშშ-ის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გამო, ტეხატის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გასვლით იმუქრება. ევროპის იმ ქვეყნებში კი, რომლებშიც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, ხალხი ძალიან აღშფოთებულია. მე ნამდვილად წინააღმდეგი ვიქნები, საქართველოში ჰომოსექსუალებმა იქორწინონ. არ შეიძლება, ჩვენი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ეს დაკანონდეს. მე და ჩემი თანაგუნდებელი უარს ვიტყვით.
- ამერიკაც და ევროპაც ჩვენი პარტნიორები არიან და არ ფიქრობთ, რომ ხვალ და ზეგ ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს?
- არა მგონია. თუ ევროკავშირისკენ გვაქვს გეზი აღებული, ცხოვრების ამგვარი წესი ევროპაშიც ბევრისთვის არის მიუღებელი და ბევრმა ქვეყანამ თავადაც არ მიანიჭა ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება. აშშ დღეს, ფაქტობრივად, მსოფლიო პოლიტიკას წარმართავს, მაგრამ საქართველოსთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება.
ზურაბ ტყემალაძე:
- ამერიკის შეერთებული შტატები თავის ქვეყანაში გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, თავად იღებს, მაგრამ საქართველოში მსგავსი ცხოვრების წესის დაკანონება ყოვლად მიუღებელია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ერთი სქესის პირებს შორის ქორწინების თაობაზე მე მხარს არ დავუჭერ. არც მგონია, ეს საკითხი წარმოიჭრას, მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ჩვენ ამას კატეგორიულად არ დავუშვებთ. ეს დალოცვილები რომ გაიძახიან, გენდერი დაიცავითო, მაინცდამაინც ცოლ-ქმარს შორის არ უნდათ გენდერის დაცვა? ან რომ აცხადებენ, კვოტები დავაწესოთ და მინისტრების ნახევარი ქალები იყვნენო _ ეს არ არის მამაკაცების უფლებების შეზღუდვა?! ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?!
კარლო კოპალიანი:
- ამ საკითხის მიმართ ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების მქონე ერი და, ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, ჩვენთან მსგავსი ქორწინება არ დაკანონდება. ეს გენეტიკაში გვაქვს. რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
- თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება.
- არ მაინტერესებს, რა განაცხადა ჯონ კერიმ, მაინტერესებს, რა თქვა ჩვენმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვეთანხმები მის მოსაზრებას, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის კავშირი. შეიძლება გამონაკლისიც იყოს, ვისაც ადამიანის თავისუფლება სხვაგვარად ესმის, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ გარყვნილება თავისუფლებაა. ღმერთმა ქალი და კაცი გააჩინა და, თუ ღმერთს უარვყოფთ, არ ვიცი. მართალია, ევროპის ბევრ ქვეყანაში მიანიჭეს ლგბტ პირებს ქორწინების უფლებება, მაგრამ, ვინაიდან აშშ დომინანტი ქვეყანაა, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ რეზონანსი გამოიწვია.
დავით დარჩიაშვილი:
- მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ადამიანებს ქორწინების უფლება კი არ მიანიჭა, არამედ მიიჩნია, რომ მათთვის ამის აკრძალვა აშშ-ის კონსტიტუციის შესაფერისი არ იყო.
- თუმცა ფაქტია, ჰომოსექსუალ წყვილებს ოფიციალური ქორწინება აქამდე აკრძალული ჰქონდათ…
- მათ ჩათვალეს, რომ აშშ-ის კონსტიტუციიდან გამომდინარე, ასეთი აკრძალვა არ არის მათი კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისი.
- როგორია თქვენი პოზიცია - ეთანხმებით ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას?
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქორწინება არ არის მართებული სიტყვა. აქ საუბარია სამოქალაქო რეგისტრაციაზე და, ვისაც როგორ უნდა, ისე დარეგისტრირდეს.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება ყველა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ. საქართველოც რომ დადგეს არჩევანის წინაშე, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- დღეს ჩემთვის მთავარი საკითხი, რომელიც ქვეყანაში დგას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა და, ერთსქესიანთა ქორწინებაზე აქცენტირება მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.
- მაგრამ, ბატონო დავით, ახლა ამ კონკრეტულ საკითხზე ვსაუბრობთ. თქვენ თუ დაუჭერდით მხარს ამ გადაწყვეტილებას?
- კიდევ ვიმეორებ, რომ აქცენტი იმ საკითხებზე, რომლებიც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, არ არის მიზანშეწონილი. უბედურება სწორედ რუსეთიდან მოდის, რომელიც მართლმადიდებლობით მანიპულირებს.
- თუმცა ჩვენმა პატრიარქმაც შეცდომა უწოდა ამ გადაწყვეტილებას…
- მგონი, გასაგებად გიპასუხეთ, რომ, ჩემი აზრით, საქართველოსთვის საფრთხე რუსეთიდან მოდის და არა – დასავლეთიდან. ჩემი პირადი არჩევანია, ადამიანის უფლებები… ისე, ნათქვამია: “ვის მღვდელი მოსწონს და ვის – მღვდლის ცოლიო”.
შოთა ხაბარელი:
- ჩვენ ცხოვრების ასეთი წესის დასაკანონებლად ჯერ მზად არ ვართ და მე, პირადად უარყოფითად ვაფასებ აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
- არ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში, საქართველოშიც შეიძლება დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში?
- ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დადგება და, თუ მაინც ასე მოხდა, ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას მხარს არ დავუჭერ.
- რა საფრთხეს ხედავთ, თუ საქართველოში ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინება დაკანონდება?
- რას ჰქვია, რა საფრთხეს ვხედავ, ეს ყველა მიმართულებით ძალიან დიდი საფრთხეა! როგორ შეიძლება, ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა ადამიანმა, მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ბავშვის აყვანის უფლება როგორ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს?! როგორ შეიძლება, ბავშვს მამა ქალი ჰყავდეს, ხოლო დედა – კაცი?! ეს ხომ ბავშვის უფლებების დარღვევაა!