globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 8th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „ანტიეკლესიური განცხადებებით პარტიები ამომრჩევლების გულს ვერ მოიგებენ“

ახალი თაობა: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დღეს არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მასობრივ ნდობას გამოიწვევს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ოცნება“ არჩევნების მოგებას მიხეილ სააკაშვილის დახმარებით აპირებს“ // „შს მინისტრი პირველ მეხანძრედ არ უნდა ვაქციოთ“

ახალი თაობა: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ხანძრები ხელოვნურად ჩნდება“

საქართველო და მსოფლიო: ცეცხლთან თამაშის ნაციონალური თავისებურებები

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში, ჩვენ დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო“

საქართველო და მსოფლიო: შენც კახი?! // 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილს ხოტბას ასხამდა!

——————

ახალი თაობა“, 08 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან: „ანტიეკლესიური განცხადებებით პარტიები ამომრჩევლების გულს ვერ მოიგებენ

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ყოფილ დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს.

- ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, თუმცა პარტიების სხვადასხვა აქტივობა იმ თემებს უფრო უკავშირდება, რომლებსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხება არ გააჩნია. რისი ბრალია ეს - ადგილობრივი არჩევნები პრიორიტეტული არ არის თუ ასეთი ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი? პოლიტიკური ძალებისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა კონსტიტუციაა

- ოპოზიცია ყველა თემას სათავისოდ იყენებს, მათ შორის, კონსტიტუციასაც. ოპოზიციურ პარტიებს დიდი ამბავი აქვთ ატეხილი იმაზე, რომ შეთანხმება კონსტიტუციაზე ვერ შედგა. ამაში რომ ბრალი მიუძღვით, ამას არ ახსენებენ. კონსტიტუციის არსებულ პროექტში ბევრი ცვლილება შევიდა, მათ შორის, უმეტესობა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული იყო. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ყველა მოთხოვნასა და ულტიმატუმს ვერ გაითვალისწინებდა. ქვეყნის მართვა ოპოზიციის გუნება-განწყობის მიხედვით ვერ განხორციელდება. ვინც ფიქრობს, რომ ოპოზიციის ყველა ინიციატივა სრულყოფილი და ქვეყნისთვის სასიკეთოა, `ქართულ ოცნებას~ კი ქვეყნისთვის ცუდი კონსტიტუცია უნდა, ძალიან ცდება. ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ამისთვის იბრძვის. ქვეყანაში არსებული დემოკრატიული გარემო ოპოზიციას მოქმედებებისათვის სრულ თავისუფლებასა და ასპარეზს აძლევს. ოპოზიცია არ იზღუდება.

- ოპოზიცია ასე არ თვლის. პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და კონსტიტუციის არსებული პროექტი ზღუდავს ოპოზიციურ პარტიებს და მათ პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას უსპობს...

- ოპოზიციის არსი იმაშია, რომ ყველაფრით უკმაყოფილო იყოს. ახლანდელი მდგომარეობა წინა რეჟიმთან შესადარებელიც არ არის. პარტიების უფლებები დღეს დაცულია. კონსტიტუციის პროექტზე ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები და დიალოგი.

- მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ზოგიერთმა პარტიამ რელიგიის თემასაც კი დაუკავშირა. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსების საკითხი მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც აქტუალურია. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი დაფინანსება გაუმართლებელია...

- მართლაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ უნდა იყოს დაკავშირებული რელიგიურ თემებთან. ეტყობა, პარტიები თემატიკის სიმწირეს განიცდიან, რომ ეს საკითხი ამ დროს დასვეს. როგორც ჩანს, ეს მათთვის არის აქტუალური, თორემ საზოგადოებისთვის არ არის პრობლემა. ხალხი ეკლესიის დაფინანსებას არ ეწინააღმდეგება. ანტიეკლესიური განცხადებებით პარტიები ამომრჩევლების გულს ვერ მოიგებენ. რესპუბლიკელების მხრიდან ეს არასწორად შერჩეული თემაა და ეს მათ შედეგებსა და რეიტინგის დათვლისას გამოჩნდება. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატია გაფორმებული. ხელისუფლება მოქმედებს ამის და არა თავისი სურვილების შესაბამისად. საბჭოთა რეჟიმმა ეკლესიას დიდი ზარალი მიაყენა და სახელმწიფო ამის გამოსწორების მიზნით შეძლებისდაგვარად, ნაწილ-ნაწილ უხდის გარკვეულ კომპენსაციას ეკლესიას. კონკორდატში აღნიშნულია ეკლესიის როლი ქვეყნის ისტორიაში. თუ რესპუბლიკური პარტია კონკორდატის წინააღმდეგია, პარლამენტის უმრავლესობასა და ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინ რატომ არ გამოხატა ეს პოზიცია?

- როცა ერთ კოალიციაში იყავით გაერთიანებული, რესპუბლიკელებს ასეთი პოზიცია არ ჰქონიათ?

- არ ჰქონიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებენ. ასეთი იდეოლოგია თუ ჰქონდათ, მაშინაც ახლანდელი პოზიცია უნდა გამოეხატათ.

- აღნიშნეთ, რომ საზოგადოება რესპუბლიკელებს ამ საკითხში არ ეთანხმება. თქვენი დაკვირვებით, რესპუბლიკელების მსგავსი პოზიციების გაძლიერება ხომ არ შეინიშნება ხალხში?

- არა. უბრალოდ, საზოგადოების მცირე ნაწილში დაისადგურა სკეპტიციზმმა. ის გამოიწვია ბოლო დროს საპატრიარქოში განვითარებულმა მოვლენებმა. ადამიანების ნაწილს არ მოსწონს, რომ ზოგიერთი მეუფე ფუფუნებაში ცხოვრობს და სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი უძვირფასესი ჯიპით დადის. როგორც ვიცი, სახელმწიფოსგან მიღებული ფული ეკლესიაში მიზნობრივად იხარჯება. რესპუბლიკური პარტია ხარჯვის მიზნობრიობაზე კი არ სვამს შეკითხვებს, არამედ, ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის. ამასწინათ გაზეთში წავიკითხე რესპუბლიკური პარტიის ერთი წევრის მოსაზრება. ის გამოთქვამს აზრს, თითქოს ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა. ეს ღვთის გმობაა. ამის უარყოფა არ მომისმენია სხვა რესპუბლიკელებისაგან, რაც თანხმობის ნიშანია.

- ამ არჩევნების წინ ისევ აქტუალურია სააკაშვილის საკითხი...

- მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობს. რაც არ უნდა ბევრი იხმაუროს, სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები და ამის გამო ის არის დევნილი. საქართველოში იგი ვერ ბრუნდება. ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში შეღწევას ცდილობს. სააკაშვილის აქტიურობა ამ მიმართულებით აწყობს ყველას, ვისაც უკრაინაში არეულობა უნდა, მათ შორის, რუსეთს.

- მისი დევნა არჩევნების წინ ძლიერდება...

- სააკაშვილის დევნა არ შეწყვეტილა. ამჟამად იგი თვითონ არის გააქტიურებული და აპელირებს იმ თემებით, რომლებიც ხელს აძლევს. ყოფილ პრეზიდენტს აქტიურობა თითქმის არ შეუჩერებია, თუ არ ჩავთვლით მცირე პაუზას. მაშინ, ეტყობა, თანხებს ვერ მოუყარა თავი. სააკაშვილს დიდი ფული აქვს დაგროვილი. ეს ფული მას ხელზე არ გააჩნია. სააკაშვილის მოლარე და ბანკირი დავით კეზერაშვილია. მის პოლიტიკურ აქტიურობას კეზერაშვილის მიერ მობილიზებული თანხები უზრუნველყოფს.

ახალი თაობა“, 08 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დღეს არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მასობრივ ნდობას გამოიწვევს

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების შანსებს აანალიზებს.

- ბატონო პეტრე, პარტიები უკვე ჩაერთვნენ წინასაარჩევნო მარათონში. თქვენ როგორ აფასებთ მათ შანსებს?

- ამ ეტაპზე შანსი, გარდა მმართველი პარტიისა, არცერთ ჯგუფს არ აქვს. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები.

- ნაციონალებს არ აქვთ შანსი?

- არანაირი.

- აბა, დიდი ზარ-ზეიმით რომ ემზადებიან?

- ამ ეტაპზე ნაცმოძრაობის ბოკერია-უგულავას ფრთა და ნაცების მეორე ფრთა, ერთად აღებული, 7-10%-ს მიიღებს. ბოკერიას დაჯგუფებაც და მეორე ფრთაც ჩემთვის ნაცმოძრაობაა და მეტი არაფერი. ამიტომ ამ ეტაპზე, როდესაც ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი მთლიანად წყვეტს შედეგს, გარდა `ოცნებისა~, არცერთ პარტიას არ აქვს შანსი.

- რა აძლევს ნაცმოძრაობის ცალკეულ წარმომადგენლობებს ძალას, ბნელი წარსულის ფონზე, რომ რიხიანად გამოდიოდნენ და საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ? ფული მათაც არ აკლიათ...

- ნაცმოძრაობის ნარჩენებს უნდათ აჩვენონ, მათ შორის დასავლეთში ძველ კონტაქტებს, რომ ისინი ჯერ კიდევ ძლიერები არიან. მოგეხსენებათ, დასავლეთში ლობირებაზე მილიონებია დახარჯული და პირადი კონტაქტები ნამდვილად აქვთ როგორც ევროპარლამენტში, ისე შეერთებულ შტატებში. ეს არ არის დიდი კონტაქტები, გავლენიანი წრეები, მაგრამ კონტაქტები აქვთ და უნდათ მათ უჩვენონ, რომ რჩებიან პოლიტიკურ და თანაც ერთადერთ პროდასავლურ ძალად.

- მეორე ძალა იქნებიან?

- ასე უნდათ.

- თქვენ აცხადებთ, რომ დღეს გამარჯვების გარანტიაა სახელისუფლებო და ფულადი რესურსი. კალაძეს არ აქვს გამარჯვების შანსი, თუ რესურსებს ჩავხსნით?

- რთული სათქმელია, იმიტომ რომ „ოცნება“ მთლიანად აკონტროლებს ტელევიზიებს, „რუსთავი 2“-ის გარდა.

- ფიქრობთ, რომ ობიექტივსაც აკონტროლებს?

_ „ობიექტივს“ შედარებით ცოტა უყურებს…

- დღეს ძნელია ინფორმაციის დამალვა. ტელევიზიებს თავი რომ დავანებოთ, გაზეთებია, უამრავი სააგენტოა, ფეისბუქია...

- საქმეც ეს არის. რამ განაპირობა სილვიო ბერლუსკონისა და სხვების გამარჯვება? ზღვა ინფორმაციებში ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც არ არიან პოლიტოლოგები (90%-ზე მეტს), ძალიან უჭირთ სწორი ინფორმაციის მიღება. ამ ფონზე ტელევიზიის სურათი დომინირებს.

- გინდათ თქვათ, რომ პიარი ყველაფერს წყვეტს?

- პიარი შველის ჩვეულებრივ ვითარებაში. როცა ხალხის მღელვარება აღწევს უმაღლეს დონეს, მაშინ არავითარი პიარი არ შველის. 2012 წელს საარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილი და ნაცისტები ფლობდნენ ყველაფერს, მთელ ტელევიზიებს, მაგრამ ხალხის გაღიზიანებამ იმ დონეს მიაღწია, რომ სააკაშვილს ვერ უშველა ვერც ტელევიზიამ და ვერც რეპრესიულმა აპარატმა – ვერც მერაბიშვილმა, ვერც ადეიშვილმა, ვერც უშიშროებამ და პროკურატურამ. თუმცა ყველაფერი მის ხელში იყო. განსაკუთრებით ციხის კადრების შემდეგ (ეს იყო გადამწყვეტი) ხალხი გავიდა ქუჩაში. იყო პიროვნება, რომელიც ხალხში მასობრივ ნდობას იწვევდა და საკითხი გადაწყდა.

სილვიო ბერლუსკონის საოცარი ბიოგრაფია ტელემაგნატობითაა განპირობებული. იტალიელი ინტელიგენტები მეუბნებოდნენ, ეს რა ჭირია, რომ ვერ იშორებს ჩვენი საზოგადოება, კარიდან გააგდებ, ფანჯრიდან შემოვა და ისევ პოლიტიკაში რჩებაო. თუმცა, საბოლოოდ დადგა ის მომენტი, როცა უკვე ტელემაგნატობამაც არ უშველა.

„ოცნება“ იმ ფაზაშია, მას რეალური ნდობა და სიმპათია ხალხის მხრიდან აღარ აქვს, გულით ნაკარნახევი ხმებით წააგეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ადმინისტრაციული რესურსითა და ფულით ნაყიდი ხმები ჯერ მუშაობს. ჯერ ხალხის გაღიზიანება ისეთი არ არის, რომ 200 ათასი კაცი ქუჩაში გამოვიდეს თბილისში და კიდევ 200 ათასი რეგიონებიდან დაემატოს.

- დღეს ვინც მონაწილეობს საარჩევნო მარათონში, მათზე რას იტყვით?

- არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ დღეს არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მასობრივად იწვევდეს საქართველოში, მათ შორის, თბილისში, საჭირო ნდობას და იმდენად დამაჯერებელი იყოს, ხალხი ფიქრობდეს ისე, როგორც ფიქრობდა 2012 წელს ივანიშვილზე, როგორც ფიქრობდა 2003-4 წლებში სააკაშვილზე, ამას მივცემთ ხმას, გვეშველება, საქმეს გააკეთებსო. ასეთი ნდობის კლასიკური მაგალითია 2012 წელს მომხდარი ფაქტი, რაზეც უცხოელები მესაუბრნენ. როდესაც სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილი ერთად აკოტრებდნენ ივანიშვილის ბანკ „ქართუს“, უცხოელმა დიპლომატებმა დაინახეს დიდი რიგი ბანკ „ქართუსთან“. ყველას ეგონა, რომ მოსახლეობა მივიდა თავისი დანაზოგის გამოსატანად, ვინაიდან, როცა ბანკი კოტრდება, ასე ხდება მთელ მსოფლიოში. როცა უცხოელებმა აღმოაჩინეს, რომ ხალხი მივიდა იმისათვის, ზოგს თავისი ბოლო 20 ლარი შეეტანა ივანიშვილის ბანკში, ეს იყო ნამდვილი ენთუზიაზმი. როცა კარნახი არ სჭირდება ადამიანს, აგიტაციით ვერ გააჩერებ. მე დღესაც ყველა დონეზე პატივს ვცემ ივანიშვილს. ის ყველაზე დიდი ქველმოქმედია და 2012 წელს გადაგვარჩინა.

ახალი თაობა“, 08 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: ოცნება არჩევნების მოგებას მიხეილ სააკაშვილის დახმარებით აპირებს“ // „შს მინისტრი პირველ მეხანძრედ არ უნდა ვაქციოთ

გარისკავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვინ დგას მის უკან, როგორ დაიბრუნეს ნაციონალებმა ძალაუფლება, რა პროცესები მიმდინარეობს საპატრიარქოში, რაზე უნდა იზრუნოს ეკლესიამ?  ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან გააფრთხილა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები, ვბრუნდები და მოემზადეთო. თქვენი აზრით, ის მართლა დაბრუნდება?

- რისი დამბრუნებელია ან საქართველოში, ან უკრაინაში. ეს ყველაფერი, რაც ხდება, გახლავთ პოლიტიკურად მკვდარი სააკაშვილის რეანიმირების მცდელობა. ამას აკეთებენ მისი იმიჯმეიკერები და რამდენიმე ჭკუასუსტი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომლებსაც ამ საერთაშორისო მაწანწალასთან ბევრი საერთო აქვთ. საქმეში რამდენიმე ევროპელი ჩინოსანიც არის ჩართული. სააკაშვილთან მათაც ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება აკავშირებთ.

ეს კაცი ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო და სამწუხაროა, რომ ის მრავალჯერადი გამოყენების ნომრიან აგენტად იქცა, ხან ვინ იყენებს, ხან _ ვინ. როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა უკრაინამ, ვთქვი, რომ დაივლიდა ევროპის ქვეყნებს და პიარისთვის მიადგებოდა უკრაინის საზღვარს. ასეც მოხდა, ის რამდენიმე დღეში ალბათ მივა უკრაინის საზღვართან და გვერდით ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ეყოლება. ისეთი სურათის დახატვა სურთ, თითქოს ვიღაცა ებრძვის.

სინამდვილეში არავინ ებრძვის და არც ის არავის ებრძვის. კორუფციასთან ბრძოლა თუ უნდოდათ, უკრაინაში არ იყო მთელი თავისი გუნდით? საქმე ვერ გააკეთეს, თავი შეირცხვინეს და იქიდან მელიებივით გაიპარნენ. მე იმ უკრაინელების რა ვთქვი, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ლიდერი სააკაშვილი უნდა იყოს და მან უნდა გაატაროს რეფორმები.

- მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინიდან ის თბილისში ჩამოვა. მან პოროშენკოსთან ერთად ივანიშვილიც გააფრთხილა. ჩვენებური ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნო ფანდია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს...

- სააკაშვილის განცხადებები პოროშენკოსა და ივანიშვილზე არაფერს ნიშნავს. ამით უნდა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მას რუსი ოლიგარქები ებრძვიან. კი მაგრამ, ახლა გახდნენ ეგენი რუსი ოლიგარქები, წლების განმავლობაში მაგათთან არ თანამშრომლობდა? პეტრო პოროშენკოსთან მაგას აქვს სურათები გადაღებული და ეგენი ეძახდნენ ერთმანეთს დიდ რეფორმატორებს.

შევარდნაძის ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ იგორ გიორგაძის თემას ააქტიურებდა. ზურაბ ჟვანია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ სულ გიორგაძის მოსალოდნელ დაბრუნებაზე საუბრობდნენ. შემდეგ ასლან აბაშიძის სახელსაც იყენებდნენ, ხალხს ეუბნებოდნენ, მოქალაქეთა კავშირს თუ არ აირჩევთ, ეგენი დაბრუნდებიანო. ახლაც დაახლოებით ეგეთივე სიტუაციაა, ოღონდ `ქართული ოცნება~ ნაციონალებისა და სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბრობს. აქამდე ეს ხერხი ამართლებდა.

- ამ არჩევნებზე თუ გაამართლებს?

- ისეთ ეფექტს არ გამოიღებს, როგორსაც წინა წლებში, მაგრამ ეს ხერხი თვითმმართველობის არჩევნებშიც იმუშავებს. ხალხს მწარედ ახსოვს სისხლიანი რეჟიმი და ნაციონალების დაბრუნების შიშით მზად არიან, ხმა ისევ უუნარო „ქართულ ოცნებას“ მისცენ. „ოცნება“ ამ არჩევნების მოგებასაც მისი დახმარებით აპირებს. მომდევნო არჩევნებზე ეს მეთოდი აღარ გაამართლებს. საზოგადოება უკვე ამჩნევს, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ისედაც დაბრუნდნენ.

- დაბრუნებაში რას გულისხმობთ?

- პარლამენტში ეგენი არიან, მთავრობაშიც მაგათ ნიშნავენ, ბიზნესსაც ისევ ეგენი აკონტროლებენ და ტელევიზიების დიდ ნაწილსაც. ხელისუფლებაში არიან, აბა, რა არიან. სააკაშვილის გარდა, ფაქტობრივად, ყველა თავის ადგილზეა. თუ ნაციონალების სისხლიან რეჟიმთან ბრძოლის მთავარი მიზანი მისი საქართველოდან განდევნა იყო, თავიდანვე ეთქვათ.

მთელი უბედურება ის არის, რომ `ოცნებას~ მხოლოდ მისი განდევნა სურდა და არა გასამართლება. მის გასასამართლებლად უამრავი მიზეზი არსებობდა, ამ ადამიანს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ესენი 5 პიჯაკსა და 2 პალტოზე არ ჩამოვიდნენ.

მისი ექსტრადირება რომ არ სურთ, ეს უკვე ნათელია. ხელისუფლებისგან ძალიან ბევრი ტყუილი ისმის. ახლაც თქვეს, რომ უკრაინის პროკურატურას მიმართეს, რომ თუ სააკაშვილი იქ დაბრუნდება, მოხდეს საქართველოში მისი ექსტრადირება. რადიო `თავისუფლების~ ცნობით კი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა, საქართველოდან უკრაინაში 2017 წელს არ შესულა არანაირი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ. ამ საკითხზე „ქართული ოცნება“ არც ევროპასთან მუშაობს.

- ევროპიდან უფრო ძნელი არ იქნება მისი ექსტრადირება? იქ მას ბევრი გავლენიანი ნაცნობი ჰყავს...

- მას ევროპაში ის პოლიტიკოსები უჭერენ მხარს, ვისთანაც კუდი აქვს გადაბმული და ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება აკავშირებს. ევროპაში ნაცნობებით თავს მოქმედი ხელისუფლებაც მატრაკვეცობს. პრემიერი ლამის ყველა თავის გამოსვლას ასე იწყებს, ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა…. თქვე დალოცვილებო, თუ ამდენი მეგობარი გყავთ დასავლეთში, როგორ მოხდა, რომ ძებნილმა ადამიანმა მთელი ევროპა და ამერიკა მოიარა, თან ჩუმად, ბიბლიოთეკებში კი არ დადის, რესტორნებსა და დისკოთეკებს არის მოდებული.

ერთხელ მაინც რატომ არ იკითხეს, რომ ძებნილ კაცს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება და ცნობადი სახეა, მეგობარი ქვეყანა რატომ არ აკავებს? იცით, რატომ არ აკავებენ? საქართველოს ხელისუფლება არ ითხოვს. მისი დაკავება არ სჭირდებათ.

- მოთხოვნის შემთხვევაში მოახდენდა რომელიმე მეგობარი ქვეყანა მის ექსტრადირებას?

- ვერ გეტყვით. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ ვინ თქვა, რომ იქ არ არიან გამყიდველი და ტკბილი ცხოვრების მოყვარული ჩინოვნიკები. ასეთები მრავლად არიან. ხუთმაგი სტანდარტები ევროპელი პოლიტიკოსების დამახასიათებელი თვისებაა და ბევრ ჩინოვნიკს გამოუვლენია ის საქართველოს მიმართ.

მათთვის რომ გეკითხათ, დიდად აინტერესებდათ, საქართველოში რამდენად დემოკრატიულად ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების დღეს ეუთოს დამკვირვებელი ქალი ფეხქვეშ გაიგდეს და, რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცეს. ის მაშინვე წავიდა საქართველოდან და ამას დიდი სკანდალი უნდა მოჰყოლოდა. 2 დღეში ეს ქალი საქართველოში დაბრუნდა და იმ ინციდენტზე ხმაც კი არ ამოუღია. ისე იყო ხელისუფლებისგან მოთაფლულ-მოფერებული, სულ იმას გაიძახოდა, ეს რა დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო.

იმ დამოუკიდებელი ქვეყნის რა ვთქვი, რომელსაც მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ტანკების ხრიგინი უხარია. ასევე რა ვთქვი იმ ქვეყნის, რომელსაც კონსტიტუციას რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე უწუნებს და უწონებს. ამ შემთხვევაში ჯანი ბუკიკიო მყავს მხედველობაში.

ეგ ის ბუკიკიო არ არის, სააკაშვილის მიერ მიღებულ არჩევნებსა და კონსტიტუციას რომ იწონებდა? არაფერი შეცვლილა. რაც მაშინ იყო, იგივე ბუკიკიოა ახლაც. მოეფერნენ და გაიტრუნა. ისევ სააკაშვილსა და იმ განცხადებებს ვუბრუნდები, რომ თურმე მის გვერდით ევროპელი პოლიტიკოსები დადგებიან. მის გვერდით დადგებიან გაყიდული ჩინოსნები. ასეთები ევროპაში მრავლად არიან.

ეს ხალხი მართლა დადგება სააკაშვილის გვერდით, მაგრამ ამან ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მას მხარს ევროპა კი არა, ის პოლიტიკოსები უჭერენ, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ძალიან ტკბილად ცხოვრობდა. ევროპის მხარდაჭერაზე მან საკუთარი ბებია და თურქული კოლეჯის ლობისტი დედა მოატყუოს. და კიდევ თავის ორად გახლეჩილ პარტიას მიხედოს, რომლებიც ერთმანეთის გინებაში არიან.

- ამბობენ, რომ პარტიის ორად გახლეჩაც დადგმული სპექტაკლია...

- არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა დილიდან დაღამებამდე ერთმანეთის გინებაში არიან. ნაციონალური მოძრაობისა და `ევროპული საქართველოს~ წევრი ქალები ქალებს აგინებენ, კაცები – კაცებს. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ კაცს საქართველოში კიდევ ვინმე უჭერს მხარს. კაცი 2 ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი და იმისთვის, რომ თანამდებობა მიეღო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, 2008 წელს გორში როგორ ხოხავდა. მოვა დრო და მთელი მსოფლიო დაგვცინებს იმის გამო, რომ ასეთი კაცი ორჯერ ავირჩიეთ პრეზიდენტად. დაცინვაზე მეტი იყო, როცა საზეიმო ვითარებაში დაარიგა ერთ-ერთი ქვეყნის საელჩომ ცეცხლგამძლე ჩექმები. იმის მაგივრად, რომ ცეცხლთან ბრძოლაში დაგვხმარებოდნენ, ჩექმები გვაჩუქეს. ჩვენს ხელისუფლებას ცოტა ღირსეულად რომ დაეჭირა თავი, ამდენს არ გვაკადრებდნენ. მესამეხარისხოვან ქვეყანად რომ გვთვლიან და კოლონიასავით გვექცევიან, ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ როდემდე უნდა დავისვათ ყველა თავზე და როდემდე უნდა გავითახსიროთ თავი.

რადგან ხანძრების თემა ვახსენე, აუცილებლად უნდა შევეხო შინაგან საქმეთა მინისტრსაც. მისი პირველ მეხანძრედ გადაქცევა დაუშვებელია.

- ხანძრების ჩაქრობას ვიღაცამ ხომ უნდა უხელმძღვანელოს?

- მოქმედი შს მინისტრი, თავის სისხლიან წინამორბედებთან შედარებით, სიმპათიურად გამოიყურება და დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, ხანძრების გარდა, საქართველოში სხვა რაღაცებიც ხდება. მივმართავ მღებრიშვილს, ამას მიხედე და მთლად მთავარი მეხანძრე ნუ გახდები. ამით მას ღვაწლსა და თავდადებას კი არ ვუწუნებ, მაგრამ არ შეიძლება, შს მინისტრი ხანძრების ჩასაქრობად დარბოდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სტრუქტურების ფუნქციები არეულია. ორი სამსახურია შექმნილი იმისთვის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში იმოქმედოს. ხვალ სეტყვის საშიშროების წინაშე რომ დავდგეთ, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებთან უნდა დავაყენოთ მღებრიშვილი? ყველაფერზე თუ შს მინისტრმა ირბინა, ყაჩაღებსა და ნარკომოვაჭრეებს ვინ მიხედავს? ქაოსი მეტი კი არაფერია.

არსებულ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ციანიდის სკანდალი. ამ საქმემ ბევრი ცუდი ფაქტი გამოავლინა და, რაც ყველაზე ცუდია, მოხდა ეკლესიის ავტორიტეტის შერყევა. ამაზე ათწლეულები მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ეკლესია თავის ავტორიტეტს ინარჩუნებდა, კომუნისტების დროსაც კი არ შერყეულა მისი სიძლიერე ისე, როგორც ეს ციანიდის სკანდალმა გააკეთა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი `ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ციანიდის სკანდალი დროებითია და ის ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებს...

- რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს ქართული ეკლესიის ავტორიტეტს ვერ დააზიანებს, ციანიდის საქმემ ლახვარი ჩასცა ზურგში ქართულ ეკლესიას. სინოდმა, მთელმა სამღვდელოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული მკვეთრად უარყოფითი განწყობა შეიცვალოს. როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა, ზოგიერთ სასულიერო პირს მინდა შევახსენო, რომ მართლმადიდებლობის პრივატიზების უფლება არავის აქვს.

- ამით რის თქმა გინდათ, ვიღაც ცდილობს მართლმადიდებლობის პრივატიზებას?

- ახლა ფრჩხილების გახსნას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მართლმადიდებლობა არავისი საკუთრება არაა, მათ შორის არც საპატრიარქოსი. ის მის უდიდებულესობა ქართველ ერს ეკუთვნის. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიას ჩირქი არ მოეცხოს.

ახალი თაობა“, 08 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ხანძრები ხელოვნურად ჩნდება»

პარლამენტის ყოფილი წევრი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაცმოძრაობას“ დივერსიის მომწყობს უწოდებს.

- ბატონო დავით, თქვენი შეფასებით, ქვეყანა როგორ ცხოვრობს? როგორი ვითარებაა შექმნილი ბოლო პერიოდში გაჩენილი ხანძრების ფონზე?

- სიმართლე გითხრათ, არაორდინარული სიტუაციაა. მუდმივად ახალ-ახალი ხანძრის კერების წარმოშობა მძიმედ მოქმედებს ქვეყანაზე, მათ შორის, ეკონომიკასა და ბუნებაზე. ასობით ჰექტარი გადამწვარი ტყე სერიოზული დარტყმაა ქვეყნისთვის და არ შეუწყობს ხელს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. ამის გამო ტურისტების მოძრაობა შეფერხდა კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დალაგდება, ხანძრის კერები გაქრება.

ტყეებში გაჩენილი ხანძრები საქართველოსთვის კარგი საჩუქარი არ იყო. პატარა ბავშვი არ ვარ და არ მახსოვს, ოდესმე ასეთი ხანძრები ყოფილიყო. ვფიქრობ, ხანძრები ხელოვნურად ჩნდებოდა. არ გამოვრიცხავ, დივერსიის შემადგენელი ნაწილიც იყოს. საჭიროა, სახელმწიფომ დროულად გამოიძიოს და დროულად გაარკვიოს ყველა საეჭვო ქმედება. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

- დივერსიაში შეიძლება მონაწილეობდნენ შიდა ძალები თუ გარედან ხორციელდებოდეს დივერსიული ქმედებები? გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები ამ მხრივ რუსეთის შესაძლებლობების შესახებ...

- ამ შემთხვევაში არ მინდა დასახელება, ვინ შეიძლება იყოს დივერსიის მომწყობი, მაგრამ ფაქტია, რომ გარე თუ შიდა მტრებს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ.

- შიდა მტრებს?

- დიახ, ასეთი ძალები ბევრნი არიან, მათ შორის, შიგნითაც. მე ვხედავ მათ შეთანხმებულ მოქმედებას.

- თქვენი ინფორმაციით, გამოძიება დივერსიის ვერსიაზე მუშაობს?

- ჩემი ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს დივერსიის ვერსიაზე. ამასთან დაკავშირებით ადამიანები დაკითხულები არიან.

- ეჭვმიტანილები ჰყავთ?

- გამოკითხულები რომ ჰყავთ, ვიცი. გამოკითხულია არაერთი ადამიანი. რამდენად მოხდება მათ მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა, არ ვიცი.

- გამოძიება რომ მივიდეს დასკვნამდე, რომ დივერსია ხორციელდებოდა ჩვენი მტრის, ვთქვათ, რუსეთის მხრიდან, ამის თაობაზე საქართველოს მთავრობა ხმამაღლა განაცხადებს? მითხრეს, ასე რომც იყოს, ხელისუფლება არ განაცხადებსო...

- არავითარ შემთხვევაში, ხელისუფლება არავის ხელს არ დააფარებს, ფიზიკური პირი იქნება თუ სხვა. ხელისუფლებამ ხელი რატომ უნდა დააფაროს, თუკი ის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მზაკვრულ, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. თუკი გამოიკვეთება დამნაშავე, განაცხადებს. წინასწარ, აპრიორი განცხადების გაკეთება საჭირო არ არის. ამ ქვეყანას ბევრი შიდა მტერი ჰყავს. არავითარი ხელის დაფარება საშინაო თუ საგარეო მტერზე არ იქნება.

- საშინაო მტერში ვის გულისხმობთ?

- ე.წ. პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ბოროტების გარდა არაფერი სიკეთე არ გაუკეთებიათ, ახლაც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანით ისევ ხელისუფლებაში მოსვლას.

- ამ სიტუაციაში მათ ხელს აძლევთ ხანძრების გაჩენა და ტყეების გადაწვა?

- მათ ხელს აძლევთ, მომზადდეს მსუყე ნიადაგი მათთვის. ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია, გამოწვევებს გაუმკლავდეს, ხელისუფლება არის უნიათო და უმოქმედო. ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მათი ხსნა არ არის.

- ანუ ისევ ნაცმოძრაობა რომ არჩიოს ამომრჩეველმა, `ოცნებას~ ისევ ნაცმოძრაობა სჯობიაო, რომ თქვას?

- დიახ. დარწმუნებული ვარ, ნაცმოძრაობის ხელისუფლების პირობებში ანალოგიური ფაქტები რომ მომხდარიყო, ასეულობით ადამიანი იქნებოდა დაპატიმრებული დივერსიის მოწყობის ბრალდებით და ციხეებში შეყრილი უდანაშაულოდ, არჩადენილი დანაშაულისთვის, რომ ყველაფერი გადაეფარათ.

-შეიძლება თქვენ მიერ ხსენებული შიდა მტრები და გარე მტრები, ვთქვათ, რუსეთის სახით, ამ საკითხში გაერთიანებული იყვნენ?

- მოდით, ცეცხლის კერებთან დაკავშირებით ნარატივს რუსეთის მიმართ ნუ ვიგულისხმებთ. მე ვლაპარაკობ მტრებზე, მტერი შეიძლება იყოს ნებისმიერი არაკეთილმოსურნე სახელმწიფო. შიგნით კი პოლიტიკურად, ფიზიკურად ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ძალა. შიდა და გარე მტრების ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად მოსალოდნელიაო, არ ვიტყვი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ამდენი ცეცხლი და დავიდარაბა შემთხვევით არ ხდება. სპეციალურად, ხელოვნურად და ადამიანის ჩარევით ჩნდება ხანძრები დივერსიული ჩარევითა და დივერსიული აქტებით. საქართველოს ფლორასა და ფაუნას წვავენ.

- როცა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ძალებზე ლაპარაკობთ და დივერსიას უკავშირებთ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობას გულისხმობთ

- რა თქმა უნდა.

- და მათგან ასეთ დივერსიებს ელოდებით?

- ისინი არ მალავენ, ამბობენ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ, ცხელი ზაფხული იქნებაო. პოლიტიკურმა ძალამ მეტი რა უნდა დაგიანონსოს, გეუბნება, ცხელი ზაფხული იქნება და ჯოჯოხეთს მოგიწყობთო. მათ ეს განაცხადეს. მხოლოდ ისინი არ არიან, ასე ამბობენ მათი განაყოფები და თანამოაზრეები.

საქართველო და მსოფლიო“, 07-12 სექტემბერი, 2017 წელი

ცეცხლთან თამაშის ნაციონალური თავისებურებები

დიმიტრი მონიავა

ბოლო კვირებმა საქართველოში ტყის ხანძართან ბრძოლის და ცეცხლთან თამაშის ნიშნით ჩაიარა. ამ პერიოდში საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ უამრავი პრეტენზია დაუგროვდა, გაჩნდა არაერთი ეჭვი და გამოქვეყნდა სიტუაციის გამოსწორების უამრავი რეცეპტი. ალბათ, სასურველია, ყოველივე ეს გავაანალიზოთ.

დღეს ინტერნეტი აჭრელებულია სახანძრო ავიაციის უზარმაზარი ესკადრილიების შექმნის გეგმებით, მაგრამ ეს და სხვა მსგავსი იდეები შედეგებთან, და არა მიზეზებთან, ბრძოლას ეხება. მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა კი ყველას როდი ახსენდება. საქართველოში ტყის ერთ მცველზე დაახლოებით 4-5 ათასი ჰექტარი გასაკონტროლებელი ტერიტორია მოდის, ხშირ შემთხვევაში კი მეტი, _ ზოგჯერ 10 ათას ჰექტარამდე, მაშინ, როდესაც ის, იდეაში, 2-3-ჯერ ნაკლები უნდა იყოს. თანამშრომლების რიცხვის გაზრდა, როგორც ჩანს, ვერ ხერხდება, მითუმეტეს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო თავის შეზღუდულ რესურსებს ერთობ უცნაურად ანაწილებს. მაგალითად, მისმა უფროსმა თორნიკე გვაზავამ, ქონებრივი დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ, გასულ წელს გაიორმაგა ხელფასი დანამატებისა და პრემიის ხარჯზე. ძალზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ის მაინც მოახერხოს, რომ ხანძარსაშიშ პერიოდში დაიქირავოს დროებითი თანამშრომლები და საპატრულო ჯგუფების რაოდენობა გაზარდოს, რომლებიც დროულად აღმოაჩენენ არა მხოლოდ ხანძრის კერებს, არამედ მათ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან ტყის შუაგულში ცეცხლს აჩენს. პრევენციის კიდევ ერთი პრირიტეტულ მიმართულებად, ალბათ, უნდა ჩაითვალოს პრობლემურ ტერიტორიებზე (ხანძარსაშიშროების I და II კლასი) დამატებითი ბილიკების გაჭრა, ვიდეოკამერების დაყენება და ა.შ.

ცხადია, ყველა ეს ღონისძიება სისტემურ ხასითს უნდა ატარებდეს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია “ტყის ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტის” დამტკიცება, რომლის უზრუნველყოფა, “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის” 2017-20 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურს, სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაევალა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალი “ტყის კოდექსის” მიღებაა. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ ეს ვალდებულებაც აიღო, თუმცა ხელისუფლება არ ჩქარობს, შესაძლოა იმიტომ, რომ კოდექსი ზიანს მიაყენებს ხეტყის ჩრდილოვან ბიზნესსა და მაღალჩინოსნების ინტერესებს. ახალი კოდექსის თანახმად, იმაზე მეტს ვერ მოვჭრით, ვიდრე ბუნებრივი მატება გვაქვს, ამასთანავე, გაუქმდება “სოციალური ჭრის” სისტემა. თავის დროზე, ის განიხილებოდა როგორც გაღატაკებული მოსახლეობის შეშით მომარაგების ერთადერთი საშუალება, მაგრამ დღეს მის ფარგლებში ადგილობრივი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები უამრავ მაქინაციას მიმართავენ. არის სხვა პრობლემური საკითხები, რომელთაც ახალი კოდექსი დაარეგულირებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, კარგად ვერ იმუშავებს თუ არ გამკაცრდება სანქციები ხეტყის უკანონო ჭრისათვის.

სასჯელის გამკაცრებამ შეიძლება შეამციროს პრობლემის მასშტაბი, მაგრამ ვერ მოაგვარებს მას, რადგან ის, არსებითად, სოციალურ-ეკონომიკურია. მარტივად რომ ვთქვათ, ხალხი უნდა დასაქმდეს, მათ შორის ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოებში, იმისთვის, რომ “დრუჟბით” ხელში ტყეში არ დარბოდეს და უკანონო ჭრის კვალის დასაფარად ხანძარს არ აჩენდეს. ახალ კოდექსის პროექტში ხე-ტყის გადამუშავების განვითარება (და სამუშაო ადგილების შექმნა) დასახულია ერთ-ერთ პრიორიტეტად, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ხელისუფლება მის მიღებას არ ჩქარობს.

რაც შეეხება სახანძრო სამსახურს, ბუნებრივია, საჭიროებს გაძლიერებას, მათ შორის საჰაერო კომპონენტში, იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ბედკრული, ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი გვაძლევს. თუმცა არანაკლებად და, ალბათ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია დროული რეაგირება ხანძარზე და სხვადასხვა უწყების მუშაობის კოორდინაცია. სამწუხაროდ, პოლემიკა კრიზისების მართვის საბჭოს გარშემო დღეს იმდენად პოლიტიზებულია, რომ ნეიტრალურ დამკვირვებელს მისი მუშაობის შეფასება გაუჭირდება.

თავის დროზე, 2014 წლის იანვარში, ის შეიქმნა როგორც ერთგვარი “ალტერნატიული უშიშროების საბჭო”, რომელმაც ნაწილობრივ წაართვა როლი და ფუნქციები პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ უშიშროების საბჭოს და დაუყონებლივ მოექცა დაპირისპირების ეპიცენტრში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მეტიც, ვინაიდან ამ ორგანოში კონცენტირებულნი არიან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კადრები, კონფლიქტს მის გარშემო შიდაპარტიული განზომილებაც აქვს. მისი კრიტიკა დღეს უკიდურესად პოლიტიზებულ ხასიათს ატარებს და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კრიზისის საწყის ეტაპზე, როგორც მინიმუმი მოუქნელად მოქმედებდა, საბოლოო ვერდიქტის გამოტანა რთულია.

საინტერესოა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ავანსცენაზე ბორჯომის ხეობის ხანძრის პირველ დღეებში ჩანდა, როდესაც სტიქიის ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა. შემდგომ კი, როდესაც ხანძართან ბრძოლაში გარდატეხა მოხდა, ის თითქოსდა გვერდზე გაწიეს, როგორც დამარცხებული გენერალი, ხოლო “მთავარი მეხანძრის” მოვალეობის შესრულებას პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი შეუდგა _ მთავრობამ სცადა დადებითი ემოციები, რომელიც საზოგადოებაში ხანძრის ლოკალიზების პარალელურად ჩნდებოდა, საკუთარ თავთან დაეკავშირებინა.

ერთნი ნებისმიერი თხოვნის წინააღმდეგნი იყვნენ, მეორენი მძლავრი რუსული სახანძრო ავიაციის არგამოყენების გამო საყვედურობდნენ. მოკლედ, ოპერაცია “მწვადი და შამფური” ხელისუფლებისათვის მორიგი საიმიჯო მარცხით დასრულდა.

ბოლო კვირებში ხანძარი ისე ხშირად ჩნდებოდა, რომ კონსპიროლიგიისგან შორს მდგომი მოქალაქეებიც კი დივერსიასთან დაკავშირებით დაეჭვდნენ, მითუმეტეს რომ ამის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა არ გამორიცხეს. ხანძარი, პრინციპში, შეიძლება არა მხოლოდ დივერსანტმა და ბრაკონიერმა, არამედ მენტალურად არასტაბილურმა პირმაც გააჩინოს _ 2006-ში რეიმონდ ლი ოილერი, “რათა ყურადღება მიექცია და ქაოსი დაეთესა”, კალიფორნიის ტყეებს ცეცხლს უკიდებდა. 2009-ში მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რადგან ამის გამო 5 მეხანძრე დაიღუპა. გასულ კვირას კალიფორნიაში დააკავეს კიდევ ერთი პირი, ჯონ ბალენჯერი, რომელმაც ხანძარი განგებ გააჩინა. მაგრამ საქართველოში 99% შემთხვევაში უფრო რთული, პოლიტიკურად მოტივირებული ვერსიები განიხილება.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საკამათო განცხადება ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით პარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა: “თუკი ეს რუსეთია, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია, რომ არ მიუმართავს მისთვის სტრატეგიულად უფრო ხელმისაწვდომ და ბევრად ეფექტურ ხერხს: ანუ ენერგეტიკულ საბოტაჟს (მილსადენები, ჰესები, მაღალძაბვიანი დენის მავთულები და ასე შემდეგ), იმის მაგივრად რომ ქვეყნის ყველა კუთხეში გაეგზავნა თავისი “აგენტები”, ისე რომ არავის შეემჩნია! ეს ვერსია ასევე ბადებს ერთ მთავარ კითხვას: თუ კი ოცნება პრორუსული ხელისუფლებაა, როგორც ამტკიცებენ სწორედ ამ ვერსიის მომხრეები, რაღა მაინდამაინც რუსეთმა ამ მთავრობის დესტაბილიზაციაზე გადაწყვიტა ემუშავა წინასაარჩევნოდ?

თუკი, როგორც ზოგი ამტკიცებს, ეს თავად “ოცნების” ნამოქმედარია და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მოწყობილია (ხომ ამტკიცებდნენ რომ ბაზრობებს ანადგურებდა “კარფურების” ასაშენებლად!), გაუგებარია, რა უნდა იყოს მიზანი ასეთი დესტრუქციულ სტრატეგიისა: წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შემოტანა და საკუთარ რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა? ხალხში ღელვა და ნეგატიური განწყობის დათესვა?! სხვა გარე ძალების (ეგრეთწოდებული ტერორისტული კვალი) ხელწერას არ ატარებს ჩვენთან ორგანიზებული საბოტაჟი. ლოგიკური ანალიზს მივყევართ შიდა ორგანიზატორებისკენ! ეს ყველაფერი კარგად გათვლილი მავნებლობაა, რომელიც აზარალებს ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ სექტორს _ ტურიზმს, რომელიც ამავე დროს ინიციატორების მოსაზრებით, ალბათ, უნდა ხაზს უსვამდეს ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ “უნიათობას”, რომელიც კარზე მომდგარ არჩევნებს უქმნის დესტაბილიზაციის ფონს…

ამის ორგანიზება შეუძლია მხოლოდ ძალიან შეკრულ გუნდს, რიმელსაც ქვეყნის ბედი ნაკლებად ადარდებს, ვიდრე საკუთარი, რომელსაც არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების ნოლი შანსი გააჩნია, რომელთა შორის შიზოფრენიკი, მანიაკი მავნებლები და წვალებლები არსებობდნენ და არც არსად წასულან…”

ამასთანავე, ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა დახმარებისთვის დასავლეთის საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.

მაგრამ კვირიკაშვილის მთავრობას პრობლემა სხვა მიმართულებით შეექმნა, როდესაც, ტრადიციისამებრ, შეეცადა, არ მწვადი და არც შამფური დაეწვა და საბოლოოდ ორივე დაწვა. მან რუსეთს დახმარება სთხოვა, მაგრამ რაღაც მომენტში შეჩერდა და არ გამოიყენა ის. ამით მან როგორც ანტირუსული, ისე პრორუსული ძალები გააღიზიანა.

ეჭვგარეშეა, რომ არც ჭკუა, არც გონება, არც მორალი ან რაიმე სხვა შემაფერხებელი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილს მსგავს განზრახვაზე ხელს არ ააღებინებს, მაგრამ ამ ვერსიას ფაქტებით გამყარება სჭირდება. აქ უფრო საინტერესოა სხვა რამ _ წინასაარჩევნოდ ცხადი გახდა, რომ ძველი ბიპოლარული მოდელი, რომელიც “ქართული ოცნების” და “ნაცმოძრაობის” ყოვლისმომცველ დაპირისპირებას ეფუძნება, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ნაკლებად აქტუალური გახდა. “ნაცმოძრაობა” დასუსტდა, ნაწილობრივ დაიშალა, ხოლო მისი ლიდერის მენტალური სტაბილურობა უფრო მეტად შეირყა. “ოცნებას” აქვს იმის რესურსი, რომ არჩევნები ძველი საფრთხის აქტუალიზაციის გარეშეც მოიგოს (გაჭირვებით, მაგრამ მაინც), თუმცა, სავარაუდოდ, სააკაშვილის რევანშის ძველი საფრთხობელას დაკარგვის პერსპექტივა არ ხიბლავს, რადგან ის, პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, ფრიად მოსახერხებელი იყო.

რა მოხდება, თუ სამართალდამცავები დააკავებენ ძველ რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ტყეებში ხანძარს აჩენენ? ეს წინასაარჩევნოდ ძველი დაპირისპირების რეანიმირებას მოახდენს და კამპანიის დრამატურგიას შეცვლის, კვლავ წარმოაჩენს “ქართულ ოცნებას” “ნაკლებ ბოროტებად” და ხელს შეუწყობს მისი ამომრჩევლების ემოციურ მობილიზაციას. ეს იქნება საკმაოდ უხეში ტაქტიკა, თუმცა მიზნობრივ აუდიტორიასთან მიმართებაში ის, სავარაუდოდ, იმუშავებს. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რეალურად არსებობენ ჩირაღდენებით აღჭურვილი “ნაცდივერსანტები” თუ “ქართულ ოცნებას” მათი “გამოგონება” დასჭირდება. ასე იქნება თუ ისე, ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა გაფანტოს წარმოდგენები საკუთარი უსუსურობის შესახებ, რომელიც ცეცხლოვან აგვისტო-სექტემბერში ძალიან ფართოდ გავრცელდა.

საქართველო და მსოფლიო“, 07-12 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში, ჩვენ დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო

ჯაბა ჟვანია

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის სწორი მიმართულებით წასაყვანად. ეს მან ქუთაისში, რეგიონულ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი შედეგზე ორიენტირებულობაა და მთავრობამ ეს მოკლე ხანში დაამტკიცა. „შედეგზე ორიენტირებულობა „ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ეს ძალიან მოკლე დროში დავამტკიცეთ… თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალას და ქვეყნის სწრაფი ტემპით წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რამდენად მართებული და ადეკვატურია “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რა მოუტანა მან ქვეყანას ხუთი წლის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ მომავალში? ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

- ბატონო ნიკოლოზ, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პრიორიტეტიშედეგზე ორიენტირებულობაა”. მისი თქმით, “ოცნებამეს ძალიან მოკლე დროში დაამტკიცა. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე: არის კიქართული ოცნებისპოლიტიკა რეალურად შედეგზე ორიენტირებული?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას გულისხმობდა პრემიერი, რომელსაც მე გიორგი ყრუ შევარქვი იმიტომ, რომ მას საქართველოს მოსახლეობის საერთოდ არ ესმის. ან რა შედეგზე ლაპარაკობს, როცა მისი მმართველობის პერიოდში 700 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, საბრალდებო სკამზე მოუწევს ამის გამო დაჯდომა. როცა რაღაც გევალება და საჭიროების შემთხვევაში მოვალეობას არ შეასრულებ, ეს სერიოზული დანაშაულია, მითუმეტეს, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ დანაშაულზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ისეთი სამარცხვინო ხელისუფალი, როგორიც პრემიერი კვირიკაშვილია. მას თავისუფლად შეეძლო, გადაერჩინა საქართველოს ეკოსისტემა, რომ მიეღო დახმარება რუსეთისგან, მაგრამ ეს არ გააკეთა (რატომ და რის გამო, გასაგებია) და საქართველოს ტყეები ცეცხლს მისცა…

- რატომ არ გააკეთა?

- იმიტომ, რომ რეალურად ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. საქართველომ დახმარება რუსეთს სთხოვა, რომელიც მზად იყო ამისათვის, ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამაც დაადასტურა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის კვირიკაშვილს ყური აუწიეს და სწორედ ამის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთისგან დახმარების მიღებაზე და საქართველოს ეკოსისტემა ცეცხლს მისცა. ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება: ვიღაცამ ჩათვალა, ოკუპანტისგან დახმარება არ უნდა მიგვეღო. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: თუ რუსეთი ოკუპანტია, რატომ ვიღებთ მისგან ბუნებრივ აირს, ნავთობს, ტურისტებს?! რატომ გვაქვს ცალმხრივად გახსნილი უვიზო მიმოსვლა?! რატომ ვთანამშრომლობთ რიგ საკითხებში?! ამერიკა, რომელიც სანქციას სანქციაზე უწესებს მოსკოვს, ტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობს მასთან. ჩვენ რა გამოვედით ასეთი?! ან ვინც რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა, ყველა მისი აგენტია?! კვირიკაშვილისა და მისნაირების ლოგიკით, გიორგი ბრწყინვალე მონღოლების აგენტი ყოფილა, დავით აღმაშენებელი – თურქ-სელჩუკების, ერეკლე მეორე – რუსების… ამაზე შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ?! რა წარმატებაზე ლაპარაკობს კვირიკაშვილი, რა გააკეთეს? სოფლის მეურნეობაში გვაქვს წარმატებებიო, – გაიძახიან. სამეგრელოსა და გურიის რეგიონები წელს, ფაქტობრივად, შიმშილისთვისაა განწირული, რადგან დროულად არ შეწამლეს თხილის პლანტაციები…

დავუბრუნდეთ ხანძრის თემას. ვთქვათ, არ გინდა რუსეთის დახმარება და ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სად არის შენი მეგობარი დასავლეთი?! ამერიკული “აბრამსები” რომ ჩამოხრიგინდა ახლა და სიხარულით მეცხრე ცაზე არიან, – ავშენდითო, რომელი უფრო სჭირდება დღეს საქართველოს: ტანკები თუ სახანძრო თვითმფრინავები? თუ ეს ქვეყანა შენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია, დაგეხმაროს, ან შენ სთხოვე დახმარება… თუმცა ვიცი, რომ წერილი გაგზავნილი იყო დახმარების თხოვნით და უარი გვითხრეს. მერე გამოგზავნეს ტანკები. ორი კვირა ცეცხლის ალში რომ ვიყავით გახვეული, ერთი თვითმფრინავის გამოგზავნის ღირსი არ ვიყავით?! ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა?! კიდევ ვიმეორებ: კვირიკაშვილი, ადრე თუ გვიან, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, როგორც დამნაშავე. ამას გააკეთებს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად მოვა.

- ხანძრის გამო ხელისუფლების მიმართ ბევრი ბრალდება გაისმა. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს საკითხი მომავალში სისხლისსამართლებრივი დევნის საბაბი შეიძლება შეიქნას პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ?

- მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს: ვთქვათ, რაღაც ეპიდემია მოედო ქვეყანას, ხალხი იღუპება და ვერავინ გვიწევს დახმარებას, რუსეთის გარდა. რა ვქნათ: გავწიროთ საქართველოს მოსახლეობა? უნიკალური ეკოსისტემა განადგურდა და ასეულობით ჰექტარი ნაცარტუტად იქცა. რომ გამოდიან და ამბობენ, აღვადგენთო, ვინ აღადგენს, რისი აღმდგენები არიან?! თუმცა მაგათ რა ანაღვლებთ: კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში. ჩვენ კი დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, დანაშაულია, როცა რაღაცის გადარჩენა შეგიძლია და არაფერს აკეთებ, როცა შენი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო ნადგურდება ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენი სიმდიდრე ეს უნიკალური ეკოსისტემაა. და, როცა ამ ეკოსისტემას მოღალატეობრივი პოლიტიკით ანადგურებ, ეს უმძიმესი დანაშაულია. ამის გამო პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია…

- მოდი, არჩევნებზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ჩვენი საარჩევნო სისტემა რეალური წინაპირობაა იმისა, რომ 22 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში ძირეული ცვლილებები მოხდეს? აქვს კი ამ პირობებში არჩევნებს აზრი?

- არავითარი აზრი საქართველოში არჩევნებს არ აქვს. რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს პატივს ვცემ, მაგრამ მიკვირს, რატომ მონაწილეობენ ისინი ამ არჩევნებში. ჩვენთან ისეთი სისტემაა, მნიშვნელობა არ აქვს, პეტრე მოვა თუ პავლე, პასუხს მაინც არავინ აგებს. დღეს ხომ ვხედავთ, რომ კვირიკაშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ამიტომ თვითონ ეს მახინჯი სისტემა უნდა მოისპოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებით არანაირი ცვლილება არ მოხდება. ამის ნათელი დადასტურება იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, როდესაც პუტინმა მას მოლაპარაკება შესთავაზა და მან, – ჯერ დასავლეთთან უნდა გავიაროთ კონსულტაციებიო, განაცხადა. აი, ეს არის მთავარი. თუ დაუკვირდებით, აშკარაა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ეს ვითარება ჩიხიდან გამოიყვანოს, მაგრამ, პუტინმა ხვალ რომ გამოგვიცხადოს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გიბრუნებთო, ამ ტვინნაღრძობი ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ, იტყვიან, რუსეთის დაბრუნებული ტერიტორიები არ გვინდაო. მათგან გასაკვირი არაფერია, რადგან საქართველოს მტრები არიან. ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, რადგან მისი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად საქართველო ნადგურდება, ქართველი ერი კი დღითიდღე მცირდება.

- თქვით, არჩევნებს აზრი არ აქვსო, თქვენი აზრით, რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება, არჩევნებს აზრი აზრი რომ მიეცეს?

- უწინარესად, უნდა მოხდეს ყველა საღი პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია, ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული ძალები. ეროვნულ ძალებში ვგულისხმობ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით იმოქმედებენ და არა უცხო ქვეყნის დირექტივებით. დღეს საქართველოს ჰყავს უცხო ქვეყნის აგენტურით დაკომპლექტებული ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ, ფაქტობრივად, სადგისის ფუნქცია გვაკისრია და, როცა დასჭირდება ამერიკას, უჩხვლეტს რუსეთს ამ სადგისს.

„ამბრამსები“ რომ შემოახრიგინეს ახლა, იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრით ღამეები არ სძინავთ, არამედ იმიტომ, რომ მოსკოვს უჩხვლიტონ. ასეთმა ჩხვლეტებმა 2008 წელს კატასტროფამდე მიგვიყვანა და, რამე რომ მოხდეს, იმ “აბრამსებს” ისევ გაგვირჭობენ ერთ ადგილას. მერე ვინ რას გვიშველის, კარგად ვიცით და ეს 2008-შიც ვნახეთ, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: უნდა მოხდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაატაროს ობიექტური არჩევნები და ამ გზით მოვიდეს სათავეში საღი ძალა. ასე მესახება რეალური გამოსავალი და, თუ ეს არ გამოვა, მერე აქვს ხალხს უფლება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. როგორც ჩანს, არც ეს ფორმებია მაინცდამაინც შორს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაყალბებული არჩევნებით დიდხანს იპარპაშებს ქვეყნის სათავეში, ეს წარმოდგენა მისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს…

საქართველო და მსოფლიო“, 07-12 სექტემბერი, 2017 წელი

შენც კახი?!

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილს ხოტბას ასხამდა!

ბესო ბარბაქაძე

ვერ გეტყვით, დაწყევლილია საქართველო თუ სხვა რამ გვჭირს, მაგრამ ფაქტია: 2012 წელს არჩევნები გვქონდა, 2013 წელსაც არჩევნები იყო, 2014-შიც ჩავატარეთ არჩევნები, მერე ერთი წელი ამოვისუნთქეთ და 2016-შიც არჩევნები დაგვიდგა.

ახლა 2017-ია და ისევ საარჩევნო რეჟიმი, გაისადაც არჩევნები გველის და პოლიტიკოსებს კიდევ უკვირთ, რატომ დაიღალა ხალხი არჩევანის გაკეთებით. არადა, რეალურად ხალხი არჩევნებით კი არ დაიღალა, ის ვერ გაუგია, ვის მისცეს ხმა, ვის ენდოს, რატომ ენდოს?! ამომრჩევლის მეხსიერებას პოლიტიკოსები არად აგდებენ და მხოლოდ პარტიულ ნომრებს იცვლიან, პლაკატებზე კი ერთი და იგივე სახე ჩანს.

“მე მაშინ პატარა ბიჭუნა ვიყავი, სამტრედიაში ვიზრდებოდი და ვუყურებდი, როგორი ცუდი იყო ჩვენი ქვეყანა. ახლა კი ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო განვითარება და არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ჩვენ ვეზიზღებით”. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? _ ვის და თბილისის მერობის კანდიდატს, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერ კახა კალაძეს. პატარა ბიჭუნას ისტორია კალაძემ მაშინ გაიხსენა, როცა ნახევარ საქართველოზე მეტი მიხეილ სააკაშვილს უკიჟინებდა გადადგომას, მაგრამ იმხანად კახა მიშას მხარეს იყო, გვმოძღვრავდა, _ სააკაშვილს დავუდგეთ გვერდითო და მის ერთადერთ შეცდომად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა მიაჩნდა. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვიხსენებ და იქნებ თქვენ გამახსენოთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიყვანეს გირგვლიანის საქმის ძიება ბოლომდე და დასაჯეს დამატებით ვინმე თუ დედის რძესავით შეირგო მელნიკოვმაც, ახალაიამაც, დგებუაძემაც და დონაძემაც სანდროს სისხლი? მხოლოდ სანდროსი? ირინა ენუქიძეც წინა რეჟიმის მსხვერპლი რომ არის, ფაქტია. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კახა აღარ იყო სამტრედიელი პატარა ბიჭუნა, პოლიტიკოსი გახდა, პოლიტიკოსი, რომელსაც დაავიწყდა საარჩევნო დაპირებების უმრავლესობა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს. კახას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი ბატონ ბიძინაზე ვთქვათ.

ბილ კლინტონს ამერიკელებმა თავის დროზე მხარი იმიტომ დაუჭირეს, სიმპათიური იყო და ამის გამო აპატიეს მონიკა ლევინსკისთან რომანის გაბმაო. კლინტონისგან განსხვავებით, ივანიშვილი სიმპათიურობის გამო არ აურჩევია ერსა და ბერს, მხოლოდ ივანიშვილისა და მისი სამტრედიელი ბიჭუნას გამო არ წასულა ქართველი ერი სამსხვერპლოზე. ხომ ყველამ იცოდა, რომ, თუ ნავსი არ გატყდებოდა, ნაციონალების შურისძიება იმაზე მკაცრი იქნებოდა, ვიდრე კადაფს მოექცნენ ლიბიაში. ხალხმა გარისკა, დაიჯერა, რომ ათასი საწარმო აშენდებოდა, ენერგოტარიფები განახევრდებოდა; დაიჯერა სოფლის მეურნეობაში ჩადებული მიალირდების და ბოლოს, სულ ბოლოს მიხვდა, რომ “უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია”.

და მაინც, რა იყო 2012 წლის დაპირებების კასკადი _ გაუთვლელი და დაუთვლელი პროექტები თუ ფიქრი იმისა, რომ ბოლომდე გამწარებული, ნაცემ-ნაგვემი, სულში ჩაფურთხებული და გაუპატიურებული ერი ყველა დაპირებას მიიღებდა, ოღონდ კი ნაციონალების უღელი გადაეგდო? გადაეგდო იმისთვის, რომ მეოთხე, საოცარ წელიწადს ახლიდან დაედგა უღელი, ოღონდ სახეშეცვლილი, სახელშეცვლილი და იმავე ადამიანებისგან აეტანა დაცინვა, ცემა, გვემა, სულში ჩაფურთხება… გაუპატიურებამდეც არ არის შორს, გვერწმუნეთ. არ არის შორს, რადგან “ქართული ოცნების” ქურქში გახვეულმა ნაციონალებმა თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე ყოფილი ზონდერები წამოწიეს, ისევ მათ ჩაუგდეს ხელში ძალაუფლება, კანდიდატებად დაასახელეს, “ვლასტი” დაუბრუნეს და ისინიც ჩუმად, ქირქილით იმუქრებიან, _ გვაცადეთ, 2012 წელს ყელში ახლა ამოგადენთო. ხუთი წლის თავზე, სიმბოლურად ხუთი წლის თავზე, ნაციონალებს რევანშის შანსი აქვთ და ამ შანსს ბოლომდე გამოიყენებენ, თავგადადებულებს თავებს დააყრევინებენ და განმკითხავი არავინ იქნება – სამტრედიაში გაზრდილ ბიჭუნას 2012 წლის აქტივისთვის არ სცალია, სოლოლაკელ “კლინტონს” კი…

“დღესვე შეიძლება ენერგოტარიფების განახევრება, დღესვე შეიძლება, ღირსეული საარსებო მინიმუმის დადგენა და ამ მინიმუმზე პენსიის გათანაბრება. პენსია უნდა იყოს, სულ ცოტა, 220 ლარი და ამას დამატებული ყველა ის დანამატი, რომლებიც ნაციონალებმა მოხსნეს. საერთო ჯამში, პენსია 250-დან 300 ლარამდე უნდა იყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – ეს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანივილმა თქვა.

რეალურად კი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია კი არ გაიზარდა, შემცირდა, რადგან 2012 წელს დაბალი პენსიითა და მაშინდელი კურსით 88 დოლარის შეძენა შეიძლებოდა, ახლანდელი გაზრდილი პენსიითა და მიმდინარე კურსით კი მხოლოდ 73 დოლარის შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ერთ–ერთ დაპირებას, ღირსეულ სამსახურსა და ათას (ჰო, ათას!) საწარმოს, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ივანიშვილის გათვლით, თითო მუნიციპალიტეტში დაახლოებით 15 საწარმო უნდა აშენებულიყო, ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე კომუნისტების პერიოდში იყო, და ეს დავიჯერეთ. ჰო, დავიჯერეთ იმიტომ, რომ აღარ შეგვეძლო ძველი რეჟიმის ატანა; აღარ შეგვეძლო ის, რასაც წინა ხელისუფლება ერს უშვრებოდა, მაგრამ, ისევ ის ხალხი რომ ბრუნდება, უფრო სწორად, რომ აბრუნებენ, ვინ არის იმის გარანტი, რომ ანალოგიურს არ ჩაიდენენ? ვინ მოგვცემს ამის პირობას? სამტრედიაში გაზრდილი ბიჭუნა თუ მილიარდერი?

ისევ საარჩევნო რეჟიმში ვართ და ისევ ვისმენთ დაპირებებს. მართალია, ივანიშვილი აღარაფერს გვპირდება (რაც შეიძლებოდა ადამიანის ფანტაზიას გასწვდომოდა, უკვე დაგვპირდა), მაგრამ სხვები გვპირდებიან. ისინი, ვინც ერზე ძალადობდა, დღეს ისევ ხელისუფლებაში არიან და უფრო დაბალი ეშელონები მოჰყავთ, მოჰყავთ დაპირებით, რომ საოცრებებს იზამენ და ეს მაშინ, როცა მათი საოცრებები ნანახი გვაქვს, განცდილიც გვაქვს საკუთარ თავზე და ახლა იძულებულნი ვართ, ისევ ერთად ჩავატაროთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტი, ისევ ერთად მივცეთ ხმა იმას, რაზეც უარი ვთქვით ხუთი (ისევ ხუთი) წლის წინათ და დაველოდოთ, როდის გამოგვიყვანენ წირვას. სამტრედიაში გაზრდილი ბიჭუნა კი სიცოცხლით სავსე ქალაქს გვპირდება და უნდა დავუჯეროთ. უნდა დავუჯეროთ იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ წლების წინათ, როცა ხელისუფლებაში არ იყო, მაგრამ მხარს უჭერდა სააკაშვილს, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის დაკვლა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აწუხებდა თურმე და მერე, როცა “ძლიერი ამა ქვეყნისა” გახდა, აღარ შეაწუხა. არადა, ის ახალგაზრდაც ხომ იმ ქალაქში დადიოდა, ახლა რომ სიცოცხლით სავსე უნდა გახდეს თურმე?!

ამომრჩეველი, არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არა, დაპირებიდან დაპირებამდე ცხოვრობს და პოლიტიკოსებმაც ზუსტად იციან, რომ მათ მოკლე მეხსიერება აქვთ. ზუსტად იციან, რომ აღარ ახსოვთ არც გასული წლები, არც ის, რომ თავის დროზე სწორედ ისინი დასცინოდნენ, სწორედ ისინი ატყუებდნენ, სწორედ ისინი ჰპირდებოდნენ “მთვარეზე კოოპერატივს” და საბოლოოდ პირში ჩალაგამოვლებული ტოვებდნენ. მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში ჩალაც ისე გაძვირდა, ამ საარჩევნოდ მაგასაც აღარ გამოგვავლებენ.

დაიჯერებთ თუ არა ქოცნაცდაპირებებს, თქვენი საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ არც კომუნისტების მმართველობის პერიოდში გაზრდილი ბიჭუნები, არც დამოუკიდებლობის წლებში დაბადებულები და არც ძალიან ადრე დაბადებულები სიმართლეს არ გვეუბნებიან. ისინიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მოკლე მეხსიერება არ აქვთ და ძალიან კარგად ახსოვთ, რაზე წამოეგო ყველაზე კარგად ამომრჩეველი ბოლო წელს და ახალ ანკესზე ისევ ძველ სატყუარას ამაგრებენ.

Comments are closed