„რეზონანსი“: ორი ეგზიტპოლი, ერთი აქცია და დაძაბული ღამე
„რეზონანსი“: რამდენად დიდია უნდობლობა და პროტესტი ამომრჩეველში // პიარსპეციალისტები და პოლიტოლოგები დღეს ამომრჩევლის დაბალ აქტივობას პროგნოზირებენ
„რეზონანსი“: მეორე ტური, როგორც დემოკრატიის საზომი
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ყველაზე ადრე დუღილის წერტილამდე სამეგრელო მიდის“
„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ძალიან მაფრთხობს ის პრეცედენტები, რაც არჩევნებამდე გორში შეიქმნა“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: „ინციდენტები აუცილებლად იქნება, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც“
——————-
„რეზონანსი“, 08 ოქტომბერი, 2016 წელი
ორი ეგზიტპოლი, ერთი აქცია და დაძაბული ღამე
ეკატერინე ბასილაია
დღეს 20:00 საათზე “ეგზიტპოლების ომი” იწყება – “რუსთავი 2″-ზე კომპანია “ჯიეფკეის” (GFK) კვლევის შედეგები გამოცხადდება, ხოლო 4 სხვა ნაციონალურ არხზე – “ტიენესის” (TNS). სპეციალისტთა უმრავლესობა ამ კომპანიების მიერ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე აცხადებს, რომ ამ ორი ეგზიტპოლის შედეგები განსხვავებული იქნება და, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებულიც – შესაძლოა, მათ ვერსიებში გამარჯვებულიც სხვადასხვა იყოს. ეს კი დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტის საფუძველს ქმნის.
ამ ორივე ეგზიტპოლის გამოცხადებას თბილისში რუსთაველის ძეგლთან შეხვდებიან “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები, პარტიის ლიდერების განცხადებით. აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში, კოლმერუნეობის მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კი გუშინ ღამე ამონტაჟებდნენ შესაბამის კონსტრუქციებს იმისათვის, რომ პარტიის მხარდამჭერებმა იქ ერთად უყურონ როგორც ეგზიტპოლების, ასევე ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებას.ის, რომ ეგზიტპოლები განსხვავებული იქნება, ამაში არც პოლიტიკურ პარტიებს და არც პოლიტოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ. მიზეზი კი ისაა, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორი ურთიერთგამომრიცხავი სოციოლოგიური კვლევა უკვე გამოქვეყნდა “რუსთავი 2″-ზეც და “იმედზეც”, ეგზიტპოლებს კი ისევ იგივე ქართული ორგანიზაციები ატარებენ, რომლებმაც ეს ურთიერთგამომრიცხავი გამოკითხვები ჩაატარეს.
მზადება “ნაცმოძრაობის” სათავო ოფისთან
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” იმ ეგზიტპოლის შედეგებს ენდობა, რომელიც “რუსთავი 2″-ის დაკვეთით ტარდება.
“მე ახლა ვარ ცენტრალურ ოფისში, ქალაქის ცენტრში და ვხედავ, რომ ჩვენს შიდა ეზოში რაღაც კონსტრუქციებს აწყობენ. აქ იქნება დიდი ეკრანი, აქ იქნებიან პარტიის ის ლიდერები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და ჟურნალისტებისთვისაც იქნება შესაძლებლობა, ყველამ ერთად ვუყუროთ ჯერ ეგზიტპოლებს და შემდგომ უკვე ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოცხადებას. დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლები და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს დაემთხვევა და ცესკოში არიან ადამიანები, რომლებიც წითელ ხაზს არ გადალახავენ და არ დაჰყვებიან ხელისუფლების სურვილს არჩევნების შედეგები კორექტირებული და გაყალბებული იყოს,” – ამბობს ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ბოლო სამი არჩევნების დროს ცესკოს შედეგს დაემთხვა “რუსთავი 2″-ზე გამოცხადებული ეგზიტპოლები, მხოლოდ 1-2%-იანი სხვაობა იყო და სწორედ ამიტომაც თვლიან “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ მათთვის საყურადღებო იქნება “რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლი. იგი ამბობს იმასაც, რომ აქ საუბარი არ არის მის მოლოდინს დაემთხვევა თუ არა არჩევნების შედეგები. თუ უხეში დარღვევები დაფიქსირდება და სადამკვირვებლო ორგანიზაციები იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა, “ნაციონალური მოძრაობა” “რუსი ოლიგარქის” წინააღმდეგ პროტესტის ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. უფრო მეტიც, თვლის, რომ შესაძლოა გაყალბების ლოზუნგით გამოსულ “პატრიოტთა ალიანსის” გვერდითაც კი იფიქრონ გაპროტესტებაზე.
“ჩვენს პარტიას პოლიტიკურად არავითარი საერთო არ აქვს “პატრიოტთა ალიანსთან” და ამდენად ძალიან ძნელადაა შესაძლებელი დაიგეგმოს ჩვენი და მათი ერთობლივი აქციები. თუმცა, ამასთანავე ვამბობ, რომ თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ეს პარტიული საკითხი კი არ იქნება, არამედ გამოწვევა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ხმებს გაუყალბებენ და წინა პლანზე პარტიები კი არ იქნებიან, არამედ ამომრჩევლები,” – აღნიშნავს წიკლაური.
“პატრიოტთა ალიანსი” ორივე ეგზიტპოლს უნდობლობას უცხადებს
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის ღამის 8 საათზე ისინი საკუთარი აქტივისტების მობილიზებას იწყებენ, რადგან მათი აზრით, ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს გააყალბოს არჩევნები და მათი პარტია ბარიერს მიღმა დატოვონ. “ჩვენ პრევენციის მიზნით ვიკრიბებით, რომ მერე გვიან არ იყოს. თუ ვნახავთ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ჩვენი გამოსვლები მარტივად არ დასრულდება. თუ ხელისუფლება ნორმალურ და გამჭირვალე არჩევნებს ჩაატარებს, არავის აქვს სურვილი, ქუჩაში იყოს. ვიკრიბებით რუსთაველზე, რომ ხელისუფლებამ ცესკოს დაანებოს თავი და ობიექტური შედეგი დაიდოს და თუ სადმე იქნება გადასანაცვლებელი, ამას შემდეგ დავადგენთ,” – აცხადებს გოჩა თევდორაძე.
8 ოქტომბრის ღამე
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ორი განსხვავებული ეგზიტპოლი დაიდება და რეიტინგების ომი, რაც აქამდე გვქონდა, ახლა ეგზიტპოლების ომში გადავა. ეს გადაიზრდება თუ არა სხვა ომში, ამაზე პროგნოზი უჭირს.
“დაპირსპირებისთვის რომ ეს ეგზიტპოლები გარკვეულ ნიადაგს ქმნის, ფაქტია. თუმცა 8 საათის შემდეგ ააფეთქებენ რამესო რომ ვთქვა, არ ვიქნები სწორი. თუმცა სოციოლოგიას საქართველოში ტყუილად არ აკეთებენ, ეს გამოცდილება გვაქვს და ამ გამოცდილების ფონზე უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეგზიტპოლები იქნება ერთ-ერთი არგუმენტი იმის, რა არის დამაჯერებელი.
“მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსმა” თქვა, თუ არჩევნები გაყალბდება, ჩვენს ხმებს დავიცავთო. არ არის იმის ნიშანი, რომ არჩევნები გაყალბდა? რაღაცით ხომ უნდა იხელმძღვანელონ? ერთ-ერთი არის ის, რომ ეგზიტპოლს არ ემთხვევა მოლოდინი. არის კიდევ სხვა ნიშანი, ინციდენტები დაფიქსირდება თუ არა, პარალელური დათვლა რა შედეგს მოიტანს და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი თვალშისაცემი ეგზიტპოლებია. ასე რომ, ეგზიტპოლები თავის თავშიც შეიცავს რევოლუციურ მუხტს, მაშინ როდესაც რევოლუციის მსურველი პარტიები არსებობენ. “ვიცით, რომ ამგვარ მინიშნებას ხშირად ჰქონდა ადგილი “ნაციონალებთან” დაკავშირებით. საუკეთესო შემთხვევაში, ქუჩაში იქნება მიტინგები. თუ ბევრი ხალხი დაგროვდა, გამორიცხული არ არის, შენობებში შეჭრა გადაწყვიტონ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. თუმცა რევოლუციის მუხტი არ არსებობს და ეს “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ვნახეთ,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ განსხვავებული ეგზიტპოლები არჩევნების შედეგზე არ იმოქმედებს, მაგრამ ის უკმაყოფილებისა და დაძაბულობის მუხტს გაზრდის.
“ყველა ტელევიზია, აქვს რესურსი თუ არა აქვს, აქვს ინტელექტუალური პოტენციალი თუ არ აქვს, ყველა ამ ეგზიტპოლს გვთავაზობს. ეს დამთრგუნველია. ჩემთვის მიუღებელია ერთი ციცქნა ქვეყანაში, სადაც თითზე ჩამოსათვლელია წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი, ყველა კანტორა და დუქანი თავის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს იწყებდეს. ეს არის პროვინციალიზმი,” – ამდენ ეგზიტპოლებს მიუღებლად მიიჩნევს სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ სიტუაცია აჭრილია, ყველა რაღაცას იმუქრება და არ სურს 8 ოქტომბერზე პროგნოზის გაკეთება. მისი თქმით, 4-5 პარტია უკვე ზეიმობს პირველ ადგილს, ალბათ საბანკეტო დარბაზებიც დაჯავშნილი აქვთ და შამპანურის ბოთლებიც მომზადებული და ეს არასოლიდურია. მისივე ვარაუდით, მართალია, ყველა რაღაცას იმუქრება, მაგრამ არაფერი მოხდება.
სოსო ცინცაძე: “ყველა იმუქრება – თუ პირველი არ გავედი, ნახეთ, რას ვიზამო, მაგრამ კონკრეტულად რაიმეს თავი არც ერთს არ აქვს. მათ მუქარაზე ჩემი ახალგაზრდობის ანეკდოტი მახსენდება. მეგრელებთან სტუმრად მისულ რაჭველ კაცს ცხენს პარავენ. მეორე დღეს რაჭველი დგას და იმუქრება: თუ ჩემს ცხენს არ მომიყვანთ, ნახავთ, რას ვიზამ, ნახავთ რას ვიზამ. მეგრელებს შეეშინდებათ და ბოლოს მიუყვანენ ცხენს, თან ეკითხებიან, რომ არ დაგვებრუნებინა, მაინც რას იზამდიო. რას ვიზამდი და ფეხით წავიდოდიო – უპასუხა რაჭველმა. ასეა აქაც – ვინ გამოიყვანს ბარიკადებზე ასასვლელად გინდ 10 ათასს კაცს?! გამორიცხულია. ამის მუხტი, ლიდერი და პოტენციალი არ არსებობს. ამიტომაც არც აჯანყება და არც რევოლუცია არ იქნება. იქნება მხოლოდ მცირე აქციები და გაბრაზებული განცხადებები. მაქსიმალური, რისი გაკეთებაც შეეძლოთ იმათ, ვისაც რაღაც არეულობა უნდოდა, უკვე გააკეთეს. მაქსიმუმი იყო მანქანის აფეთქება, ამის ზევით არაფერი არ მოხდება”.
„რეზონანსი“, 08 ოქტომბერი, 2016 წელი
რამდენად დიდია უნდობლობა და პროტესტი ამომრჩეველში
პიარსპეციალისტები და პოლიტოლოგები დღეს ამომრჩევლის დაბალ აქტივობას პროგნოზირებენ
სალომე სარიშვილი
პიარსპეციალისტებისა და პოლიტოლოგების ნაწილის შეფასებით, წელს არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას უნდა ველოდოთ. ამგვარ შედეგს სპეციალისტები საზოგადოებაში არსებულ ნიჰილისტურ განწყობას უკავშირებენ და მის გამომწვევ მიზეზებებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ამგვარი კატეგორიის ამომრჩევლისთვის საჭიროა გარკვეული მოტივაციისა თუ ბიძგის მიცემა, რაც მათი შეფასებით, წინასაარჩევნოდ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან შესამჩნევი არ ყოფილა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ აპირებს არც ისე ცოტაა. გარდა ამისა, დიდია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომელიც საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბებული არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არაა. სპეციალისტების შეფასებით, სურათი მნიშვნელოვნად არც ახლა შეცვლილა, ვინაიდან საამისოდ არც მმართველ პარტიასა და არც ოპოზიციურ ძალას სწორად არ უმოქმედია.
“არსებობს პუბლიკა, რომელსაც ლატენტურ პუბლიკას უწოდებენ, ანუ, ადამიანები, რომლებიც თავიანთ არჩევანში ჩამოყალიბებული არ არიან. ასეთი კატეგორიის ძირითადი მახასიათებელი კი ისაა, რომ მათი საარჩევნო ყურთთან მიყვანა ძალიან ძნელია, ვინაიდან მათ გარკვეული ბიძგი სჭირდებათ. ეს ბიძგი კი სხვადასხვა ტიპის აქტივობებითა და მოვლენებით განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები უნდა გაბრაზდნენ, რომ რაღაც არჩევანი გააკეთონ,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი.
მისი შეფასებით, ჩამოუყალიბებელი და ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი საქართველოში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში და ამასაც აქვს მისი ლოგიკური ახსნა. პიარსპეციალისტის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე ასეთი კატეგორია ბევრად მეტია, ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ვინდიადნ ამომრჩევლის მოტივაციის შესაქმნელად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უმუშავია.
“ასეთი პუბლიკა მთელს მსოფლიოში არსებობს, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. ჩვენს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რადგან ასეთი კატეგორია ჩვენთან საკმაოდ დიდია. მაგალითად, ბევრად ითვლება ასეთი ამომრჩევლის თუნდაც 7%, თუმცა, ჩვენთან ეს მაჩვენებელი უფრო მეტია და ეს სოციოლოგიურ კვლევებშიც კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში მოიაზრება ის ადამიანები, რომლებიც ჩამოუყალიბებელნი არიან და ამასთან ისინიც, რომლებიც საერთოდ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას. ორივე მათგან სჭირდება გარკვეული ემოციური ბიძგი. მაგალითად, 2012 წელს თუ გავიხსენებთ, ზუსტად ასეთმა ემოციურამ დამოკიდებულებამ დადო საბოლოო შედეგი. რომ არა ციხის კადრები, ამდენი ადამიანი არ გამოვიდოდა და ხმას არ მისცემდა. წლევანდელ არჩევნებზე კი ვიღებთ იმას, რომ არანაირი ემოციური აქტივობები ამომრჩევლის მისამართით არ მომხდარა, არც მმართველი ძალისა და არც ოპოზიციური ძალის მხრიდან. შესაბამისად, არჩევნებზე დაბალი აქტივობა გვექნება,” – მიიჩნევს პიარსპეციალისტი და ყურადღებას პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წარმოწყებულ საარჩევნო კამპანიაზე ამახვილებს, რომელიც მისი თქმით, საზოგადოების ფართო ფენაზე გათვლილი არ ყოფილა.
“ასეთი განწყობის შექმნას ამომრჩეველში ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ ხანგრძლივი კამპანია მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები კი არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გააქტიურდნენ და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტის კამპანიაც ძალიან აკადემიური და ნაკლებად მასობრივი იყო, თუმცა მან ის გააკეთა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. ზოგადად, ასეთ შემთხვევაში საზოგადოების ბევრი ფენა უნდა იყოს ჩართული, მათ შორის, ცნობილი სახეები, რაც ამომრჩევლის მოტივაციაზე მოქმედებს. საბოლოოდ კი ცუდი ისაა, რომ ჩვენ ორპოლუსიან მიმართულებას დასასრული არ უჩანს. თუმცა, ამ გადმოსახედიდან მაინც არ ჩანს, რომ რომელიმე სუბიექტი ხმათა უმრავლესობას მიიღებს, ეს კი საზოგადოების დაბნეულობასა და დაბალ აქტივობაზე მიუთითებს,” – უთხრა “რეზონანსს” ელდარ პირსმისაშვილმა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი ფიქრობს, რომ ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველში მოტივაციას ძირითად შემთხვევაში ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება ქმნის.
“ნიჰილისტურ განწყობას უპირველეს ყოვლისა ის წარსული იწვევს, რასაც ადამიანები თავინთი არჩევანის სანაცვლოდ იღებენ. მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა კი ერთი, რაც აღსანიშნავია, ისაა, რომ სტიმულს ასეთი კატეგორიის ამომრჩეველში ძირითად შემთხვევაში ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება ქმნის. დავუშვათ, როგორიც იყო სააკაშვილისა და შევარდნაძის დროს, როცა მთავარი მოტივატორი მათი ხელისუფლებიდან გაშვება იყო. თუმცა, როცა დღეს არცერთი პოლიტიკური სუბიექტი მმართველი ძალიდან ასეთ განწყობას არ ქმნის, ნიჰილისტური განწყობა ამომრჩეველში სხვა მიზეზის გამო იქმნება. ჩემი აზრით, დღევანდელი რეალობით ნიჰილისტური განწყობის მქონე ამომრჩეველი არც ისე ცოტაა და ამასაც აქვს თავისი ახსნა – იმედგაცრუება, უნდობლობა და ა.შ. თუმცა, მაინც მგონია, რომ ბოლო პერიოდში ამომრჩევლის აქტივობა ცოტათი გაიზარდა და ეს ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” გააქტიურებას მოჰყვა. იმან, რომ საუბარი მოსალოდნელ საშიშროებაზე ისევ და ისევ მათ უკავშირდება”, – განუცხადა “რეზონანსს” არჩილ გამზარდიამ. მისი შეფასებით, ერთადერთი, რასაც შესაძლოა ამომრჩევლის აქტივობა გაეზარდა, ესაა მათი ცნობიერების ამაღლება, თუმცა, გამზარდიას თქმით, ამგვარი ტიპის მუშაობა ამომრჩეველზე ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიქეტების მხრიდან არც თუ ისე ხშირად გვესმოდა.
“რაც შეეხება იმ კამპანიას, რომელიც პრეზიდენტმა საარჩევნოდ წამოიწყო, ვფიქრობ, ამას შესაძლოა მართლაც ემოქმედა ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველზე. პრინციპში, პრეზიდენტმა ყველაზე კარგი როლი მოირგო, რადგან როცა პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს ჭამდნენ, ის ზოგადად პოლიტიკური პროცესის განვითარების ან ამომრჩევლების ვალდებულებების კუთხით ყველაზე სწორ კამპანიას აწარმოებდა. ვფიქრობ, აქტივობა იმაზე უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით, თუმცა საგრძნობლად გაზრდილი ვერ იქნება. ალბათ უფრო 40% მისცემს ხმას,” – აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
პიარსპეციალისტების მსგავსად პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც მიიჩნევს, რომ არჩევნებისადმი საზოგადოებაში გაჩენილი უნდობლობა ისევ და ისევ პოლიტიკურ ძალებსა და სუბიექტებს უკავშირდება. ამბობს, რომ ისინი საზოგადოებას მათთვის სასურველ არჩევანს არ სთავაზობენ, რაც იმედგაცრუებული ამომრჩევლის კატეგორიას კიდევ უფრო ზრდის.
“ზოგადად თუ ვიტყვით, ამომრჩევლის სრული უმრავლესობით ხმის მიცემა პრიმიტიულად ჟღერს და ეს მთელს მსოფლიოში ასე ხდება, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ვითარება ცოტათი სხვანაირია. საერთოდ, ნიჰილიზმისა და აპათიის გამომწვევნი საზოგადოებაში თავად პოლიტიკური პარტიები არიან, რომელიც ამომრჩეველს მისთვის მოსალოდნელ, სასურველ წინადადებას ვერ სთავაზობენ. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ეს პრობლემა ყველაზე მეტად ჭარბობს, ამას კი იმედგაცრუებაც ემატება, რაც საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის დაბალ აქტივობასა და ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანების რაოდენობის ზრდაზე აისახება,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას კორნელი კაკაჩია. მისი შეფასებით, ასეთი კატეგორია დაახლოებით 30% მაინც იქნება, თუმცა, პოლიტოლოგი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჩამოუყალიბებელმა ან სულაც ნიჰილისტურად განწყობილმა ამომრჩეველმა გადაწყვეტილება უკანასკნელ მომენტში შეცვალოს.
“ზოგადად, ჩვენი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ არჩევანს ცუდსა და უარეს შორის ვაკეთებთ, ან საერთოდ არ ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამომჩევლის გარკვეულ კატეგორიას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ბურჭულაძის პარტიის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, რადგან გვახსოვს, რომ სოციოლოგიური კვლევები ამ პარტიას გარკვეულ შედეგს უჩვენებდა. ზუსტად ასეთი კატეგორიის ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი იყო გამოჩენილიყო ახალი ალტერნატივა და ახალი ცენტრი, რომელზეც არჩევანს გააკეთებდა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ამ ტიპის ამომრჩევლის რაოდენობა შეამცირა,” – დაძენს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა მხოლოდ ამომრჩევლის მაღალი ან დაბალი აქტივობით არ განისაზღვრება. იგი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმ გარემოზეც, რა გარემოშიც ხელისუფლება არჩევნებს ჩაატარებს. „ეს აღქმა მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებშიც,” – განუცხადა “რეზონანსს” კაკაჩიამ.
„რეზონანსი“, 08 ოქტომბერი, 2016 წელი
მეორე ტური, როგორც დემოკრატიის საზომი
თაკო მათეშვილი
არჩევნების მეორე ტურის ბევრგან დანიშვნა პოზიტიურ პრეცედენტს შექმნის – ასე აფასებს სპეციალისტების უმეტესობა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის პერსპექტივას და აქვე დასძენენ, რომ ეს დემოკრატიის განვითარებაზე მიუთითებს.
მათი ერთი ნაწილი მეორე ტურს მაჟორიტარული ოლქების 50%-ში ელოდება, მეორე ნაწილის პროგნოზი კი შედარებით მოკრძალებულია და ვარაუდობს, რომ ამომრჩევლის უბნებზე ხელმეორედ მიყვანა მხოლოდ რამდენიმე ადგილას გახდება საჭირო.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურის საჭიროება 73 ოლქიდან დან 33-ზე მეტში დადგება. მისი თქმით, ეს მუნიციპალურ არჩევნებშიც რამდენიმე ადგილას გახდა საჭირო და ახლა მით უმეტეს ბევრგანაა მოსალოდნელი.
“დემოკრატიის განვითარებისათვის მეორე ტური ნამდვილად კარგი იქნება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს დიდი უპირატესობა, რომ ხალხის მხარდამჭერა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე ნაწილდება და ერთი მათგანი არაა დომინანტი. პარლამენტში ერთი რომელიმე პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად არ აისახება”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტური ბევრგან იქნება საჭირო, დღეს ღამის პირველადი მონაცემებით სრული სურათი პარლამენტში ძალთა გადანაწილების შესახებ არ გვექნება, თუმცა პროპორციული არჩევნების შედეგები გარკვეულ კონტურებს მაინც გამოკვეთს. შესაბამისად, რომელი პარტიისკენაც გადაიხრება უპირატესობა დღეის მონაცემებით, ჩიტაძის აზრით, სადავო მაჟორიტარ ოლქებშიც სწორედ მის კანდიდატებს ექნებათ გამარჯვების მეტი შანსი.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მეორე ტური ათობით ოლქში დაინიშნება, პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე არ ეთანხმება. მისი აზრით, ეს საჭირო მხოლოდ რამდენიმე ადგილას გახდება – იქ, სადაც კანდიდატებს თანაბარი შანსი აქვთ. ასეთი ოლქების რაოდენობა კი მისი აზრით, ბევრი არაა.
“მიუხედავად ამისა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ არჩევნები უფრო დემოკრატიულ გარემოში ტარდება. ამის ინდიკატორი ესაა. ბარიერიც 50%-მდე ამიტომ აიწია, რომ ამომრჩევლის ხმა არ დაკარგულიყო და არჩევნები უფრო კონკურენტული ყოფილიყო. 50% უკვე სამართლიანი ბარიერია, განსახვებით 30%-ისაგან, რომელიც წინა არჩევნების დროს იყო და რომელიც არჩეულ მაჟორიტარს საკმარის ლეგიტიმაციას არ აძლევდა. ახლა მას მეტი ლეგიტიმაციაც ექნება. ვფიქრობ, ამ კუთხით დამკვირვებელი ორგანიზაციები არჩევნებს პოზიტიურად შეაფასებენ,” – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
იგი დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ არიან ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, თუმცა არ გადაუწყვეტიათ, თუ ვის მისცემენ ხმას და გადაწყვეტილებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. სწორედ ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძალთა შესაძლო გადანაწილების შესახებ, შეუძლებლად მიაჩნია. ეს, მისი თქმით, დღის ბოლოსთვისაც კი არ გვეცოდინება ზუსტად, ვინაიდან ამის გასაგებად მეორე ტურის შედეგებისათვის დალოდება იქნება საჭირო. თუმცა, მიიჩნევს, რომ დომინანტი პარტია უკვე გვეყოლება.
ამ მოსაზრებას პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავაც ეთანხმება. მისი აზრით, ძირითადი სურათი დღეს, ღამის 12 საათის შემდეგაც უკვე ცნობილი იქნება. მეტიც, კვესელავა მიიჩნევს, რომ აუცილებლად იქნება დომინანტი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და ამ სიტუაციაში მეორე ტურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მეორე ტური დღეს ღამით ნაჩვენებ შედეგებს რადიკალურად ვეღარ შეცვლის. ასე რომ, რომელი პარტია იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რამდენიმე საათში უკვე გვეცოდინება. “მეორე ტური დღევანდელ შედეგებს ვეღარ შეცვლის, მმართველი პარტიის ვინაობა დღეს, პირველივე ტურში გადაწყდება”, – დასძენს იგი. მისივე აზრით, მეორე ტურის გამართვა 10-ზე მეტ ოლქში გახდება საჭირო და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატია განვითარდა. ეს ყველაფერი, კვესელავას თქმით, მხოლოდ იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ მიიღო. ანუ, მოსახლეობის ნაწილი არც ერთ პარტიას არ ენდობა, რაც დადებითი ნამდვილად არაა.
მეორე ტურში კი გამარჯვება, კვესელავას თქმით, გარანტირებული არც ერთ პარტიას არ აქვს, თითოეულ მათგანს საკმაოდ სერიოზული ბრძოლა მოუწევს. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ შესაძლოა თამაშგარე დარჩენილმა პარტიებმა მეორე ტურში მონაწილე რომელიმე ძალას გამოუცხადოს მხარდაჭერა და ამით საკუთარი ამომრჩევლები მის სასარგებლოდ დარაზმოს. ხოლო ვინ ვის დაუჭერს მხარს, ეს ჯერ არავინ იცის და სწორედ ამიტომ, პროგნოზის გაკეთება, კვესელავას თქმითაც, შეუძლებელია.
მოგეხსენებათ, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი იღებს მონაწილეობას.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუკი კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობაც ტოლი აღმოჩნდა, ხელახალი არჩევნები იმართება.
„რეზონანსი“, 08 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ყველაზე ადრე დუღილის წერტილამდე სამეგრელო მიდის“
ლიკა გურაბანიძე
“მხოლოდ ქალაქში არსებული სიმშვიდე ქვეყნის მასშტაბით სიმშვიდეს არ ნიშნავს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა “რეზონანსთან” საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებისას განაცხადა. როგორც ცისკარიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გამძაფრდება თუ არა სიტუაცია მომდევნო დღეებში, ეს დღევანდელ შედეგეზეა დამოკიდებული.
სოსო ცისკარიშვილი: ეს არჩევნები ჩვენი საზოგადოებისვთის სერიოზული გამოცდაა. სწორედ დღეს გამოჩნდება, თუ რამდენად ჩამოყალიბებული ვართ იმისათვის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე ვიოცნებოთ. ფაქტია, რომ არჩევანის გაკეთება თითოეული ამომრჩევლისთვის არც ისე რთული იქნება, რადგან გასული ერთი თვე არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა.
- პროვოკაციებსა და დარღვევებზე რას იტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა საარჩევნო უბნებზე სიტუაციის გამწვავებას?
- რა თქმა უნდა მთავარი თავის სატკივარი უშუალოდ საარჩევნო უბნები იქნება. შფოთის შემომტანი პარტიები პრაქტიკულად დაანონსებულია და მათი პოზიცია სრულიად მკაფიოდაა გამოხატული. თბილისში ხელჩართული დაპირისპირება არ იქნება, რაც შეეხება რეგიონებს, დაძაბულობა იქ მეტადაა მოსალოდნელი. ჯერ-ჯერობით ყველაზე ადრე დუღილის წერტილამდე სამეგრელო მიდის. კორცხელის ინციდენტი იმიტომ არაა გამოძიებული და მასში მონაწილეებიც იმიტომ არ არიან დასჯილები, რომ მისი განმეორებისთვის ნიადაგი დატოვებულია. მსგავსი ფაქტის განმეორება სხვაგან მარტივად შეიძლება, ამას რაიმე სცენარის იმიტირება არ დასჭირდება.
- ზოგადად როგორი სიტუაცია იქნება რეგიონებში?
- მხოლოდ ქალაქში არსებული სიმშვიდე ქვეყნის მასშტაბით სიმშვიდეს არ ნიშნავს, რადგან რეგიონებში დაპირისპირებები შესაძლოა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ ურთიერთმიუღებლობითაც იყოს გამოწვეული. ჩვენ მუშტიკრივის შეფასებისას პირადული და პოლიტიკური დაპირისპირებები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. რეგიონებში ერთმანეთის ყველა დეტალი იციან. არ მგონია ეს საარჩევნო თარიღი შემრიგებლური ხასიათის იყოს.
- როგორ წარიმართება პროცესები არჩევნების შემდგომ პერიოდში?
- სიტუაცია გამძაფრდება თუ არა, ეს არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული. სხვადასხვა პარტიების მიზანი ისევ და ისევ არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება იქნება. თუ გამოაცხადეს, რომ ეს ლეგიტიმური არჩევნები არ იყო, რასაკვირველია დაძაბულობა მომდევნო დღეებში გაგრძელდება და ცესკოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლა გამძაფრდება.
სამართალდამცავ ორგანოებს დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. საზოგადოების ვალდებულებაცაა ის, რომ დღეს სიმშვიდე გარანტირებული იყოს. არ შეიძლება საკუთარ პოლიტიკურ გამოვლინებებს მთელი ქვეყნის ინტერესი დავაჯაბნინოთ.
„რეზონანსი“, 08 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ძალიან მაფრთხობს ის პრეცედენტები, რაც არჩევნებამდე გორში შეიქმნა“
გვანცა ღვედაშვილი
არჩევნების დღეს ინციდენტებს არ გამორიცხავს პილიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, შესაძლოა, არაერთპოლუსიანი პოლიტიკური პროცესების შემსწრენი გავხდეთ, რასაც ხელი პარტიების მიერ შედეგების გამოცხადებამდე დაწყებული ზეიმის ან პროცესების გამწვავების დაწყებამ შეუწყოს. ყველაზე მწვავე საარჩევნო გარემო, ხუხაშვილის შეფასებით, შესაძლოა გორსა და სამეგრელოში იყოს, რისი თქმის საფუძველსაც არჩევნებამდე არსებული პრეცედენტები აძლევს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებს რთული ამოცანა ექნებათ შესასრულებელი.
მიუხედავად აღნიშნულისა, პოლიტოლოგი იმედს იტოვებს, რომ პოლიტიკური სუბიექტები თავიანთი ინტერესების გამო სახელმწიფოებრივ რისკებს არ შექმნიან.
გია ხუხაშვილი: სიმართლე გითხრათ, დღის განმავლობაში განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, მთავარი პრობლემები უკვე შესაძლოა საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განვითარდეს. ამ რეგიონებში შესაძლოა გარკვეული გააქტიურება ვიხილოთ და ვფიქრობ, სამართალდამცავ ორგანოებს საკმაოდ რთული ამოცანაი ექნებათ შესასრულებელი. ამიტომ ვუსურვებდი, რომ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გაართვან.
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად სად უნდა ველოდოთ ინციდენტებს?
- თუ ლოგიკას მივყვებით, ვფიქრობ, ერთ-ერთ ეპიცენტრად შესაძლოა გორი დავასახელოთ. არ გამოვრიცხავ გარკვეულ ექსცესებს სამეგრელოს რეგიონშიც. გეტყვით, რომ რაღაც პროცესების დაწყების კატალიზატორი გახდება ეგზიტპოლები, რომელიც ყველა პროგნოზით შესაძლოა იყოს ძალიან განსხვავებული, იმდენად, რომ 2 საპირისპირო ეგზიტპოლი გამოცხადდეს. მე მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა საღამოს 8 საათიდან ვიღაც ფორმალური საფუძვლის გარეშე, ანუ მანამდე, სანამ ცესკო შედეგებს გამოცხადებს, ზეიმი ან სიტუაციისს გამწვავება დაიწყოს. წინასწარი აღნიშვნა, ჩემი აზრით, მოცემულ ვითარებაში რისკს გაზრდის. ზეიმი თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ მას გარკვეული ფორმალური საფუძველი უნდა ჰქონდეს. თუ ასეთი საფუძველი არ იქნა შექმნილი, ან ორი საპირისპირო მონაცემი გამოცხადა და ორმა დაპირისპირებულმა ბანაკმა ალტერნატიული რეალობა დაიჯერა, ეს გარკვეული კონფრონტაციის რისკს შექმნის. მაგრამ მე, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება.
ახლა ყველაზე ნეგატიურ ვარიანტებზე ვლაპარაკობ. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი სისტემა კარგად იმუშავებს და გარდა ამისა, თავად პოლიტიკოსებსაც ვეტყოდი, რომ ეგზიტპოლი არ არის არჩევნების შედეგის მაჩვენებელი, ეს შედეგი ცესკოს მიერ ქვეყნდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცესკოს მონაცემებს ყველანი მშვიდად უნდა დაველოდოთ. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური წყარო არჩევნების შედეგების გამოცხადებისა და არანარი ეგზიტპოლი და სოციოლოგია არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ესკალაციის საფუძველი.
- ანუ, კენჭისყრის დღეს მწვავე ინციდენტს არ ელოდებით?
- შეიძლება მოხდეს, მე ამას ვერ გამოვრიცხავ. მე ძალიან მაფრთხობს ის პრეცედენტები, რაც არჩევნებამდე გორში შეიქმნა. გარდა ამისა, იქ საკმაოდ მწვავე კონკურენციაა. ამასთან, ჩვენი არჩევნების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, არჩევნების მხრივ ეს საკმაოდ ცხელი წერტილია. ასევე ცალსახა სიტუაცია არ არის სამეგროლოში. მეტნაკლებად კონკურენტული ბრძოლაა და ძნელი სათქმელია, რაში შეიძლება ეს დაპირისპირება გადაიზარდოს.
რაც შეეხება თბილისს, აქ მე უბნების დახურვამდე განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. თუმცა მერე რა მოხდება, – არ ვიცი, რადგან დაპირისპირება მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე “პატრიოტთა ალიანსს” საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ “რკინის სახლთან”, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრა აქვს გამოცხადებული. ამიტომ ჩვენ შეიძლება პოლიტიკური პროცესების არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლუსი მივიღოთ, რისი მენეჯმენტიც საკმაოდ რთული იქნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ თავად პოლიტიკური ძალებიც, რომლებსაც ექნებათ გარკვეული სათქმელი, პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და პოლიტიკურ ინეტერსის გამო სერიოზულ სახელმწიფოებრივ რისკს არ შექმნიან. უფრო კონკრეტულ გეოგრაფიაზე საუბარი გამიჭირდება, ეს ყველაფერი არის მოლოდინი, რაც თუ არ ახდება, მე ძალიან გამიხარდება.
„რეზონანსი“, 08 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: „ინციდენტები აუცილებლად იქნება, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც“
გვანცა ღვედაშვილი
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული რეგიონი სამეგრელო და აჭარა იქნება, სადაც პოლიტიკოსებს საამისო ნიადაგი უკვე მოსინჯული აქვთ. მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებს გარკვეული ინციდენტი ყოველთვის მოჰყვებოდა და ახლა ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. ფილოსოფოსი არც იმას გამორიცხავს, რომ კორცხელის ინციდენტი განმეორდეს. თუმცა, საბოლოოდ, მისი აზრით, კონფლიქტი პოლიტიკოსების წრეში წარმოიშვება და მათსავე წრეში ჩაიკეტება.
ზაზა ფირალიშვილი: ინციდენტები აუცილებლად იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა მაინც. ეს განსაკუთრებით რეგიონებშია მოსალოდნელი, რაც ყველაფრიდან ჩანს. თბილისში ნაკლებად ველოდები მსგავს სიტუაციას.
- კონკრეტულად რომელი რეგიონი იქნება ყველაზე მწვავე?
- ასე თქმა ძნელია, მაგრამ, სავარაუდოდ, სამეგრელოში, სადაც ჩვენმა პოლიტიკოსებმა ნიადაგი უკვე მოსინჯეს. შეიძლება მსგავსი სიტუაცია იყოს აჭარაშიც.
ყველგან, სადაც ტემპერატურის აწევა შეიძლება, ნიადაგს მოსინჯავენ. სად გამოვა, ეს ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალები, რომლებიც, როგორც ჩანს, არჩევნებში დამარცხდებიან, თუმცა კი თავად დიდ იმედებს ამყარებენ, შეეცდებიან ეს არჩევნები გააფორმონ, როგორც არალეგიტიმური.
- არჩევნების დასრულების შემდეგ კონკრეტული პარტიები აქციის გამართვას და მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავენ. როგორ ფიქრობთ, მსგავსი პროცესი მდგომარეობას ხომ არ გაამწვავებს?
- მე არ მახსოვს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც გარკვეული ინციდენტი არ მოჰყოლოდეს. ასე რომ, გასაკვირი ეს არ იქნება. ყოველთვის იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც იფიქრებს, რომ ის უსამართლოდ დაიჩაგრა, არჩევნები არ იყო სამართლიანი და ა.შ. ასე რომ, გასაკვირი არაფერი არის. უფრო მეტად ველი, რომ ამ აქციებს მოსახლეობაში განსაკუთრებული რეზონანსი არ ექნება. მოსახლეობის განწყობა არ არის ასეთი მაღალი ტემპერატურის.
- რამდენად მოსალოდნელია კორცხელის მსგავსი ინფიდენტი?
- შესაძლებელია მოხდეს. ის ძალები, რომლებსაც გამარჯვების იმედი არ აქვთ, აუცილებლად გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს. ეს საქართველოში პირველად ხომ არ ხდება. მეჩვენება, რომ ამაზე კითხვის დასმაც ზედმეტია. ასეთი რამ აუცილებლად მოხდება, მთავარია ამას მოსახლეობა როგორ შეხვდება. კორცხელში რა კონფლიქტიც მოხდა, ეს იყო ორივე მხარის მომხრეებს შორის და არა ამომრჩევლებში. საკითხავია, მოსახლეობა შეხვდება თუ არა ამ დაძაბულობას გაგებით. მე ეჭვი მეპარება. მგონია, რომ კონფლიქტი პოლიტიკოსების წრეში გაჩნდება და მათსავე წრეში ჩაიკეტება და მოსახლეობა ამაში ნაკლებად მიიღებს მონაწილეობას.