globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 8th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ახალი სახეები ახალ მთავრობაში // „ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი, რამდენიმე სამინისტროს შეეხება“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან: „პარტიას თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ტოვებენ“

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „რჩევნების შედეგი საზოგადოების განწყობას არ ასახავს“ // „საქართველოს ახალი პოლიტიკური ელიტა სჭირდება“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ძალაუფლება გიორგი კვირიკაშვილის ხელში რეალურად უნდა გადავიდეს“ // „ბიძინა ივანიშვილისკენ ხელი აღარავინ უნდა გაიშვიროს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ლევან იზორიამ სწორი ნაბიჯით დაიწყო“ // „ჯარში გაწვევა ადრე თუ გვიან გასაუქმებელი იქნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დენის გაძვირება გარდაუვალია“ // „ტარიფმა თუ არ მოიმატა, დენის გამორთვები დაიწყება“

—–

„რეზონანსი“: სად მიდის მიხეილ სააკაშვილი?! // „არ არის გამორიცხული, ის უკრაინაშივე დაიჭირონ“

—–

თბილისელები: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ აშენებს რუსეთი საქართველოში გადმოსასვლელ ახალ გზებს და რაზე ევაჭრებიან აფხაზები რუსებს

——————-

„რეზონანსი“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ახალი სახეები ახალ მთავრობაში

ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი, რამდენიმე სამინისტროს შეეხება

ეკატერინე ბასილაია

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადაინაწილა, ახლა ჯერი მინისტრთა პორტფელებზეა. პრემიერ-მინისტრმა უკვე დაანონსა, რომ რამდენიმე მინისტრის, დაახლოებით 2-3-ის შეცვლა მოსალოდნელია, მათ შორის ეკონომიკურ გუნდშიც, ძალოვან მინისტრებს კი ცვლილება არ შეეხებათ.

კონკრეტულად ვინ შეიცვლება, ეს კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია. მედიაში კი სხვადასხვა ვერსიები უკვე ფართოდ განიხილება.

ერთადერთი, რაზეც ყველაზე დარწმუნებით არის საუბარი, ისაა, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ოპოზიციისა და ექსპერტების დიდი ნაწილის ამდენწლიანი კრიტიკის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დატოვებს მინისტრთა კაბინეტს. ეს უკვე გადაწყვეტილია და მას ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, კვირიკაშვილის კადრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანააცვლებს. ასევე გადაჭრით სახელდება ის, რომ ეკონიმიკის უწყებას “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ათეულში მოხვედრილი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკური საბჭოს მდივანია.

გიორგი გახარიას გამინისტრებას არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომელიც აცხადებს, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლოს. მისივე თქმით, ახალი მთავრობის შემადგენლობა მაქსიმუმ 14 დღეში გახდება ცნობილი და მას პრემიერ-მინისტრი თავად წარადგენს. “გიორგი გახარია ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, მისი ღირებულება ჩვენი გუნდისთვის არის მაღალი და იქნება იქ, სადაც გამოადგება ქვეყანას. მე არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაინაცვლოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. დაზუსტებული ინფორმაცია 2 კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ცვლილებები არ შეეხებათ ძალოვანი ბლოკის მინისტრებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “კურიერის” ეთერში.

სხვა შესაძლო ცვლილებებზე უკვე მხოლოდ ვარაუდებია. მაგალითად, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მის შემცვლელზე მმართველ გუნდში ვერ თანხმდებიან. მედიაში ასევე ფართოდ განიხილება კულტურის მინისტრის გიორგი გიორგაძის შეცვლაც. სავარაუდო შემცვლელად სახელდება თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია. თავად მაქაცარიამ გუშინ კატეგორიულად უარყო მისი შესაძლო გამინისტრება. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ განიხილებოდა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეცვლა თამარ ჩუგოშვილით, თუმცა კვირას ჩუგოშვილმა პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობა მიიღო და მისი გამინისტრება უკვე საბოლოოდ გამოირიცხა.

ასევე გამოირიცხა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ოთარ დანელიას ისევ მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებაც, რადგან მან აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. უკვე აშკარაა ისიც, რომ მთავრობას დაუბრუნდება “ქართული ოცნების” სიის მეორე ნომერი კახა კალაძე. ეს ინფორმაცია გასულ კვირას თავად კალაძემ ფაქტობრივად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ საკუთარ თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავს. ხოლო საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შემდეგ ეს ნათელიც გახდა, რადგან კალაძე ჯერჯერობით თანამდებობის გარეშეა დარჩენილი. დიდი ალბათობით, კალაძე დაიბრუნებს როგორც ენერგეტიკის მინისტრის, ასევე ვიცე-პრემიერის პოსტსაც. სხვა მინისტრებიდან უკვე პრემიერის მიერ დაანონსებულია, რომ ძალოვანი მინისტრები რჩებიან. შს მინისტრად ისევ გიორგი მღებრიშვილი იქნება და თავდაცვის მინისტრად ისევ – ლევან იზორია.

ქვეყანაში სულ 19 სამინისტროა, მათგან სამი არის სახელმწიფო მინისტრის აპარატიც. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მინისტრთა აპარატები შეიძლება მომიჯნავე სამინისტროებს შეუერთდეს. მაგალითად, ევროინტეგრაციისა და ასევე დიასპორის სამინისტროები – საგარეო უწყებას, შერიგების სამინისტრო კი – დევნილთა სამინისტროს. დიასპორის სამინისტროს გაუქმებაც უკვე გადაწვეტილია. ეს პრემიერმა დაადასტურა, დანარჩენ ორ მინისტრის აპარატის გაუქმებაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა მედიაში საუბარი.

უკვე რამდენიმე კვირაა ასევე აქტიურად განიხილება ის, რომ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრად ინიშნება “თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსული ვიქტორ დოლიძე. შეთავაზების შემთხვევაში დოლიძე მინისტრობაზე თანახმაა, თუმცა ყოველ ამგვარ შეკითხვაზე პასუხობს, რომ მასთან კონსულტაციები არ გამართულა.

რას შეცვლის პრემიერი

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება, მაგრამ ცვლილებები არ შეეხება ძალოვან მინისტრებს. “ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, იგეგმება რამდენიმე ცვლილება და ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ახალი სახეები იქნებიან”, – თქვა კვირიკაშვილმა.

ერთი კვირის წინ კი კვირიკაშვილმა “იმედის” ეთერში ისაუბრა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, სადაც კონკრეტულად უწყებები არ დაასახელა, მაგრამ თქვა, რომ ცვლილება იქნება, მათ შორის ეკონომიკურ გუნდში. ისაუბრა იმაზე, რომ მომავალ მინისტრებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა კიდეც და ჯამში მან 2-3 მინისტრის შეცვლა დააანონსა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ იქნება სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებებიც. “დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თვითონ სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან ეს კონსულტაციები უკვე გამართულია. მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთან წინასწარი საუბარი უკვე გავმართე… ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი, ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. დახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვერ ასრულებს სამუშაოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი ამ გაცხადების შემდეგ დაიწყო კიდეც მედიაში დიდი განხილვა, ვინ შეიძლება შეცვლილიყო მომავალ მთავრობაში. გიორგი კვირიკაშვილი – მთავრობაში იქნებიან ახალი სახეებიც, თუმცა ცვლილება ძალოვან მინისტრებს არ შეეხებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილება ძალოვან მინისტრებს არ შეეხებათ. ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. “რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იქნება. იქნებიან ახალი სახეებიც, თუმცა ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რის გამო უნდა შეიცვალოს მინისტრები

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილის თქმით, კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი ახალი კაბინეტი გარკვეული ტესტი იქნება, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ისევ ნარჩუნდება, თუ კვირიკაშვილი ხდება რეალური პრემიერი და ქვეყანა გადადის ინსტიტუციურ მართვაზე. მისი თქმით, ყველაზე საკვანძო მიმართულებები ძალოვანი სტრუქტურები და ეკონომიკური გუნდია – შსს, თავდაცვის უწყება, ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროები. თუ კვირიკაშვილი შეძლებს ამ ფლანგზე მასთან აფილირებული მინისტრები წარადგინოს, ეს იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ ის არის რეალური ლიდერი.

“პერსონებზე არ არის საუბარი. მთავარია, ჩვენ მთავრობაში ვიხილოთ კვირიკაშვილის გუნდი, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს აღქმა, რომ ეს არის კვირიკაშვილის გუნდი, კვირიკაშვილია ამ ქვეყნის რეალური ძალაუფლების ცენტრი, ის იღებს გადაწყვეტილებებს და ის არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, თუ რამე პრეტენზიები გვექნება ხელისუფლებასთან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პრეტენზიები გვაქვს კვირიკაშვილთან და არ დავრბოდეთ მუდმივად სადღაც სხვაგან, რადგან ეს უსამართლოა, თუნდაც იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველაფერი ბრალდება”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას თქმით, ის, რომ არსებული მინისტრთა კაბინეტი მაინცდამაინც ეფექტური არ არის და შესაცვლელია, უპირველესად ეს ეკონომიკურ გუნდს ეხება, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინვესტიციების ნაკლებობა და ლარის მუდმივი გაუფასურებაა.

“მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვისმენდით მიამიტურ განცხადებებს, არაფერი საგანგაშო ლარის კურსთან დაკავშირებით არ ხდებაო, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება ამ პროცესს ვერ აკონტროლებს. აქიდან გამომდინარე, ეკონომიკური გუნდის ცვლილების საკითხი აქამდეც უნდა დასმულიყო”, – თვლის კორნელი კაკაჩია. მისი თვალსაზრისით, თუ სამინისტროებში ისევ ისეთი ადამიანები დაინიშნებიან, რომლებსაც რამე რეფორმისტული ხედვები ან ახალი შემოთავაზებები არ ექნებათ, ეს იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ ხელისუფლება ისევ ინერციით, ძველი ყაიდით გააგრძელებს საქმიანობას, რაც ძალიან ცუდია და მომავალში დიდ პრობლემებს მოიტანს.

კორნელი კაკაჩია აღნიშნავს იმასაც, რომ შთაბეჭდილება რჩება რამდენიმე სამინისტრო მინისტრების გარეშე მუშაობს, რადგან მინისტრები საკუთარ თავს არ ავლენენ, ახალ ინიციატივებს საერთოდ არ აჟღერებენ.

“ასეთი სამინისტროებია: მაგალითად შს სამინისტრო. არაფერს აშავებს, მაგრამ არც არაფერს აკეთებს; ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ფორმალურად მუშაობს, მაგრამ ხანდახან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მინისტრის პერსონალურ თვისებებს, რომლებიც სამინისტროს გამოაჩენენ. ამ კუთხით ეს ორი სამინისტრო არ ჩანს. პრობლემაა ის, რომ მინისტრების ფუნქციები იკარგება და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ უბრალოდ აქ მუშაობს ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ინერციით აკეთებს ყველაფერს და არ ჩანს მენეჯერი, რომელიც მათ მიმართულებას მისცემდა და ახალ პრიორიტეტებს გამოავლენდა. სხვა სამინისტროებშიცაა ამ კუთხით ბევრი რამ გამოსასწორებელი. იგივე ფინანსთა თუ ეკონომიკის სამინისტროებიც, თითქოს უწყება მინისტრების გარეშეა. არ ჩანს მათი ხედვები და პრიორიტეტები. რას აპირებენ. ხომ შეიძლება მინისტრმა თქვას, რომ ამ და ამ რეფორმის გატარებას ვაპირებ, რომელიც 1 ან 2-წლიანი იქნება და შემდეგ მოხდება გაზომვა. ამგვარ გეგმას ვერ ვხედავთ. ამ მიმართულებით კი მოლოდინები დიდი იყო და დღეს მხოლოდ პრობლემები არსებობს. თუ ხელისუფლებამ ლარის კურსის შეჩერება ვერ მოახერხა, მთლიანად ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობა. ამ მეორე ვადაზე, როდესაც ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, საზოგადოება უფრო მომთხოვნი და კრიტიკული იქნება და ისევ 9 წელზე აპელირება უკვე მიუღებელი გახდება”, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის თქმით, თუკი ეკონომიკურ, ძალოვან და საგარეო ფლანგზე მინისტრები სრულად არ შეიცვლებიან, ეს ნიშნავს, რომ ისევ ინერციით იმუშავებს მომავალი მთავრობა და სამწუხაროდ, მისი პროგნოზით სწორედ ასეც მოხდება. “ჯერჯერობით არ ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” ახალი გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც ისინი უკეთესობისკენ შეცვლას აპირებენ. უფრო ინერციით გააგრძელებენ ისეთივე პოლიტიკას, რაც აქამდე იყო”, – დასძენს კორნელი კაკაჩია.

„რეზონანსი“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ხათუნა სამნიძესთან: „პარტიას თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ტოვებენ

გვანცა ღვედაშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” თავჯდომარე ხათუნა სამნიძე “რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებს თანამდებობების შენარჩუნების სანაცვლოდ პარტიიდან წასვლას სთხოვენ. მისივე თქმით, მართალია ახლა პარტიას ინტენსიურად აღარ ტოვებენ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მსგავსი შემთხვევები ისევ იქნება.

ხათუნა სამნიძე: მე ვთქვი, რომ ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაძლიერებული. თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გავაკეთე მსგავსი განცხადება, როცა ჯერ კიდევ კოალიციის წევრი ვიყავი, რაც საკმაოდ მტკივნეულად იყო აღთქმული. ვთქვი, რომ სუს-ი თვითმმარველობის შიდა პოლიტიკის საქმეებში ერევა, რაც არ არის მისი უფლებამოსილება და ახლა ეს ტენდენცია გრძელდება. არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დაიწყო პარტიიდან ადამიანების გადინება. რა თქმა უნდა, არიან ისეთები, ვინც იმის გამო წავიდნენ, რომ დავით უსუფაშვილმა დატოვა პარტია, მაგრამ რაიონებში მიზეზს ვერ ასახელებენ. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი საკუთარი თანამდებობების შენარჩუნების მიზნით ტოვებენ პარტიას. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აგრძნობინებენ, ეუბნებიან, რომ თუ უნდათ თანამდებობების შენარჩუნება, მაშინ პარტია უნდა დატოვონ. ამას ხარაგაულში შექმნილი ვითარებაც ადასტურებს.

ხარაგაულის საკრებულოს თავჯდომარე, რომელიც “რესპუბლიკელია”, რომელსაც არ დაუტოვებია პარტია და არც აპირებს, თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილების, მიზეზი კი ცნობილი არ არის. ისინი ასახელებენ აბსურდულ პრობლემებს, რომ თავჯდომარეს ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა, არ დადიოდა პანაშვიდებზე თავის კოლეგებთან ერთად და ამ ტიპის არასერიოზულ განცხადებებს.

ვფიქრობ, უნდა დავაკვირდეთ მათ, ვინც ბოლო დროს პარტიიდან მიზეზის გარეშე გავიდა – არიან თანამდებობის პირები საკრებულოებში. ჩვენ საქარველოს მაშტაბით 165 წევრი გვყავს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ვაკვირდებით ამ ტენდენციას და ამ გასვლებმა იმის თქმის საშუალება მომცა, რომ ეს არის მიზანმიმართული სისტემური პროცესი. მაგალითად ვანში, არ ასახელებენ მიზეზს. არიან სკოლის დირექტორები, ფრაქიის თავჯდომარეები, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, რომლებმაც დატოვეს პარტია და მიზეზი არ დაასახელეს, მაგრამ ბუნებრივია ჩანს, რომ თანამდებობების შესანარჩუნებლად სთხოვენ, ან აგრძნობინებენ, რომ პარტია უნდა დატოვონ. ისინი კი, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ზეწოლას ვერ უძლებენ და ურჩევნიათ პარტიასთან 5, 10, 15 წლიანი თანამშრომლობა დათმონ და თანამდებობა შეინარჩუნონ.

- საპარლამენტო არჩევნებმა უკვე ჩაიარა და შედეგებიც ცნობილია. “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობითაა პარლამენტში. ამ ფონზე, ახლა რაში აწყობთ “რესპუბლიკური პარტიის” დასუსტება?

- საპარლამენტი არჩევნების შემდეგ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ. დავიწყეთ ამის გაანალიზება. არჩევნების შემდეგ მყისიერი გასვლები არ დაწყებულა. ზოგადად, ჩვენს პარტიას არ ახასიათებს დამარცხების შემდეგ მსგავსი რამ, რადგან დამარცხებები ჩვენ ადრეც გვქონია, ვგულისხმობ 2008 წელს. მაშინ პარტიიდან არც ლიდერები წასულან და არც სხვა წევრები.

ახლა ადგილობრივ ორგანოებზე ვლაპარაკობთ, რომელთა წევრებიც ახლა გააძლიერებენ თავიან პოზიციებს ადგილებზე და ასე მოვემზადებით თვითმმარველობის არჩევნებისთვის, რაც ბუნებრივია არ აწყობს იმ ძალას, რომელიც ზუსტად ისე აპირებს ამ არჩევნების ჩატარებას, როგორც საპარლამენტო ჩაატარა. ზუსტად ისე მიესალმება აბსოლიტურ უმრავლესობას ადგილებზე, როგორც საკონსტიტუციო უმარვლესობას მიესალამა. ეს ტენდენცია წინა თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ჩანდა, რომ “ქართულო ოცნება” ამ მიმართულებით მიდიოდა და არა მრავალპარტიული დემოკრატიული დისკუსიისა, თუ კონსესუსის გზით. ამიტომაც გაჩნდა ჩვენს პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, დავრჩენილიყავით კოალიციაში, თუ არა.

ბუნებრივია, პარტია აგრძელებს მუშაობას და გაძლიერებას. კი, ძალიან რთულ პროცესებში ვართ და ფეხზე წამოდგომას ვცდილობთ, რომ ძალები აღვიდგინოთ, გადავლახოთ ეს სირთულეები და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში მომზადებულებმა მივიღოთ მონაწილეობა. ასე რომ, ვაგრძელებთ არა მხოლოდ ანალიზს, არამედ იმაზე ფიქრს, თუ როგორ დავდგეთ ფეზე და როგორ გავაძლიეროთ პარტია.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამომრჩეველმა გავლილი გზის გამო ძალიან მკაცრი პასუხი გაგვცა, რიგ შემთხვევაში არაპრინციპულობისა და კომპრომისების გამო. ვიცით, რომ პრობლემები არა მხოლოდ გარეთ, არამედ შიგნით უნდა ვეძებოთ, ჩვენ გვინდა ღიად ვილაპარაკოთ არსებულ პრობლემებზე, რათა პროცესები გამჭვირვალე იყოს. მეტი ველაპარაკოთ ამომრჩეველს იმაზე, თუ რა ხდება პარტიის შიგნით, რასაც ბოლო 4 წლის მანძილზე არ ვაკეთებდით და პარტია საკმაოდ ჩაკეტილი იყო.

- ელოდებით თუ არა, რომ პარტიიდან გადინების პროცესი გაგრძელება?

- წინა პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი ინტენსიურად მიდიოდა, ახლა ჩანს, რომ თითქოს შეჩერდა. თუმცა, ვფიქრობ, რიგი შემთხევები იქნება, რადგან იმდენად მიზანმიმართულია ეს კამპანია, არ მგონია ასე უცებ შეჩერდეს. მთავარია, ჩვენი პარტიის ყოფილი წევრები დარწმუნდნენ, რომ დამარცხების შემდეგ პარტიიდან წასვლის მიზეზი არ აქვთ, პირიქით არგუმენტები აქვთ იმისთვის, რომ პარტია გააძლიერონ და პარტიის პერსპექტივებზე იფიქრონ.

„რეზონანსი“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „რჩევნების შედეგი საზოგადოების განწყობას არ ასახავს“ // „საქართველოს ახალი პოლიტიკური ელიტა სჭირდება

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელში სრული ძალაუფლება ჩაიგდო, მას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, ამიტომაც საზოგადოებაში მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა კვლავ არსებობს. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ველი სრულიად მოსუფთავებულია და ამიტომ ახალი პოლიტიკური ელიტის შექმნაა საჭირო.

გია ხუხაშვილის აზრით, დავით უსუფაშვილს ამ მოსუფთავებული ადგილის დაკავების საშუალება იმ შემთხვვაში ექნება, თუ ის გვერდით ისეთ ქარიზმატულ პარტნიორებს ამოიყენებს, რომლებიც საზოგადოების კონსოლიდაციას შეძლებს და მას, როგორც ავტორიტეტულ პოლიტიკოსს, ელექტორატს გაუჩენს.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული პოლიტიკური რუკა სრულიად შეიცვლა. თქვენ როგორ შეაფასებთ არჩევნების შემდეგ მიღებულ რეალობას და შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტს?

- სახარბიელო სიტუაცია არ არის. ვიცით, რომ ყველა კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის უმრავლესობა მესამე ძალას ეძებდა, თუმცა საარჩევნო კამპანია პოლიტიკურმა ძალებმა ისე ჩაატარეს, რომ ამომრჩეველმა მოთხოვნა ვერ დაიკმაყოფილა და მესამე პოლიტიკური ძალა ვერ შეიქმნა. რის შედეგადაც კვლავ ორპოლუსიანი კონფიგურაცია მივიღეთ. ხოლო ამ არჩევნების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგანაც “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო მეტი კომფორტი შეექმნა და “ქართულმა ოცნებამ” მას ოპოზიციურ ელიტაში მოედანი სულ მოუსუფთავა. კონკურენტი არ დაუტოვა და თავის ერთადერთ ალტერნატივად დატოვა. არჩევნების შედეგი, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობებს არ ასახავს.

ორივე პარტიის შედეგი ჯამურად, 37-38%-ია, ანუ გამოდის რომ 60%-ე მეტი მოსახლეობის არჩევანს არ აკეთებს. საბოლოო ჯამში, სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი მივიღეთ. “ქართულ ოცნებას” მართალია სრული ძალაუფლება აქვს, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია სუსტია. გამოდის, რომ ამომრჩევლის 25%-მა მისცა ხმა. გადატრიალების და გადმოტრიალების შიშმა ხალხს არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვა და ის სურათი მივიღეთ, რაც ახლა გვაქვს. მიღებული სურათი იმ განწყობებს არ ასახავს, რაც ჩვენს საზოგადოებაში სუფევს.

- საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართული ოცნებისთვის” როგორც სიკეთეს, ასევე საფრთხეს წარმოადგენს. თქვენი შეფასებით, რა არის ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გადადგას?

- ერთი კონკრეტული ქმედება არ არსებობს, რომელიც ქვეყანას ან სიკეთეს ან ბოროტებას მოუტანს. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც, როგორ წარიმართება, ამას დრო გვაჩვენებს. აბსოლუტური ძალაუფლება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც “ქართული ოცნებისთვისაც” საფრთხის შემცვლელია. ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში პოზიტიური გამოცდილება არ გვაქვს. ხელისუფლება, რომლიც ასეთ ძალაუფლებას ფლობდა, მას ბოროტად იყენებდა. არ მინდა ახალ ხელისუფლებას ეს ვუწინასწარმეტყველო, მაგრამ ვუსურვებდი, რომ მათ აქცენტი სახელმწიფო ინტერესებზე გააკეთონ და არა ვიწრო პარტიულ შეხედულებებზე, რომელიც მათვე ცუდად დაუბრუნდება. ამხელა ძალაუფლების ქონა დიდი გამოწვევაა და ამ გამოცდას ჩვენს ქვეყანაში ბევრი ვერ აბარებს.

- რას შეიძლება ნიშნავდეს გიგი უგულავას მიერ გამოგზავნილი წერილი და “ნაციონალურ მოძრაობაში” რა ხდება?

- ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. აქ იყო კონცეპტუალური დაჯახება და წინააღმდეგობა, ხოლო ამ ბრძოლაში, როგორც სჩანს ერთმა ჯგუფმა გაიმარჯვა, რასაც ეს პოლემიკა მოჰყვა. მიუხედავად გარკვეული დაპირისპირებისა, პარტიის ლიდერებს შორის პოლემიკა კორექტულად მიდიოდა. ამ ყველაფერს დრამატულობა ადამიანების აგრესიამ შესძინა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პარტიის წევრებიც კი არ არიან. არ მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ პარტია დაშლამდე მიიყვანოს და მოვლენები მწვავედ განვითარდეს. მათ კარგად ესმით, რომ ერთმანეთის გარეშე თავს მაინც ვერ გაიტანენ და ერთობლივ თანაცხოვრებას გააგრძელებენ. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. სააკაშვილმა ახლა უკრაინის საჯარო პოლიტიკაში ფეხი შეაბიჯა და ცოტა ხანს ალბათ უკრაინელებსაც გაამხიარულებს.

- შესაძლებელია, რომ გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ლიდერად ვიხილოთ. მითუმეტეს, ამბობენ, რომ მას შეწყალება შეეხება და აპრილში შესაძლოა ციხე დატოვოს. ეს შეიძლება სააკაშვილის მოშორების ერთგვარი მცდელობა იყოს?

- არ მგონია, რომ თუნდაც იმ ჯგუფმა, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილი ოდიოზურად გამოიყურება, არ იცოდეს, რომ მისი მოშორება თავად მათვე დააზიანებს. სააკაშვილის ლეგენდა ჯერ-ჯერობით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებში კვლავ მძლავრობს და ელექტორალური მხადაჭერა ამ ლეგენდაზეა აგებული. მერე და მერე რა იქნება, ამას პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში, თუ სააკაშვილი ამ ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში რა პოზიციას დაიკავებს. მიუხედავად პრობლემებისა, ამ პარტიას იმხელა პოლიტიკური პრაგმატიზმი გააჩნიათ, რომ იციან, მათი ორად გაყოფა სიკეთეს არ მოუტანთ. ჩემი აზრით, ისინი თანაცხოვრების ფორმულას იპოვნიან, ამიტომ არ მგონია, რომ მათი დაშლა მოხდეს.

- შეძლებს თუ არა დავით უსუფაშვილი ახალი ძალის ფორმირებას და მასთან ერთად ვინ შეიძლება რომ ვიხილოთ?

- დავით უსუფაშვილი, როგორც სახელმწიფო მოხელე, ქართულ პოლიტიკაში საინტერესო ფიგურაა. მას საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, თუმცა მას სისტემური პრობლემა აქვს, რომელიც მის რეიტინგსა და პოპულისტურ მხარეს ეხება. ქართულ პოლიტიკაში აუცილებელია, რომ პოლიტიკოსს ქარიზმა ჰქონდეს, რაც ამომრჩევლის კონსოლიდაციას სჭირდება. შესაბამისად, მას პოლიტიკური პარტნიორი ან პარტნიორები დასჭირდება, რომლებსაც ამომრჩევლის მოზიდვა შეუძლიათ. ავტორიტეტი პლიუს ქარიზმა, ქართულ პოლიტიკაში ასეთი ტანდემი კარგად მუშაობს. მას მარტო საზოგადოების კონსოლოდაცია გაუჭირდება.

- გამოითქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა ალასანია, უსუფაშვილი და შარტავას ალიანსი ვიხილოთ, რომლებიც პრეზიდენტის ირგვლივ გაერთანდებიან. თქვენთვის რამდენად მისაეღებია ასეთი პოლიტიკური ტანდემი?

- ამ ეტაპზე ასეთ პოლიტკურ გაერთიანებას გამოვრიცხავ და ვფიქრობ ამაზე საუბარი საფუძველსმოკლებულია. ირაკლი ალასანიას შემთხვევაში, მან გამოაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაშიდან გადის და პოლიტიკაში არ იქნება, რაც შეეხება მარგველაშვილს, ის პრეზიდენტია და თავის მოვალეობას ასრულებს, ანუ არბიტრია და პოლიტიკურად მიუკერძოებელი პირია, ამიტომაც, მის რამე ალიანსში გაერთიანებას გამოვრიცხავ. თუმცა, ხვალ და ზეგ რა მოხდება, ამის თქმა ძნელია. მინდა, რომ მკვდრის გაცოცხლების ექსპერიმენტების ჩატარებას თავი დავანებოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტკური ოპოზიცია დიდი ხანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მას გაცოცხლების უნარი არა აქვს. ამიტომ აპარატი უნდა გავთიშოთ.

ახლა საქართველოს ახალი პოლიტიკური ელიტა სჭირდება, რომელიც სტარტს ახალი ფურცლიდან დაიწყებს და ამომრჩეველთან მისასვლელ გზებს იპოვის. ძველი სახეები ხალხის ინტერესის ობიექტში ვეღარ მოხვდებიან, რადგანაც ძველი ცოდვებით არიან დამძიმებულები და მუდმივი მარცხით უკვე ძალა აქვთ დაკარგული. ამიტომ, ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლის გადასხმა სჭირდება.

———————-

„ახალი თაობა“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ძალაუფლება გიორგი კვირიკაშვილის ხელში რეალურად უნდა გადავიდეს“ // „ბიძინა ივანიშვილისკენ ხელი აღარავინ უნდა გაიშვიროს

რამდენიმე დღეში მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება. კადრები შერჩეულია, თანამდებობები – გადანაწილებული. ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამ საკითხზე საუბრობს. „მე ძალიან ბევრს არ ვიცნობ, ამიტომ პოზიტიურად ან ნეგატიურად ვერ ვიქნები განწყობილი. შეფასებებიც არასწორი იქნება. თუმცა მთლიანობაში, სისტემურად თუ შევხედავთ, სწორია, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეებად ახალ სახეებს ვხედავთ. ასეთი მოთხოვნილება საზოგადოებაში არსებობდა“, – ამბობს ექსპერტი.

- შიგნით სერიოზული დაპირისპირება იყო სწორედ ძველ და ახალ სახეებს შორის. ვერ ინაწილებდნენ საპარლამენტო თანამდებობებს. არ თმობდნენ ძველები პოზიციებს?

- ვის უნდა რომ დათმობა? ადამიანურად ესეც კი გასაგებია. როგორც წესი, პოზიციის დათმობა არავის უნდა. ყველას მიაჩნია, რომ თვითონ არის ყველაზე კარგი და განუმეორებელი. შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა, უკეთესია თუ არა, ჯერ არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, თეორიული შანსები იმისა, რომ რაღაცა რეალურად შეიცვლება, გაჩნდა. ეს შედეგი არ არის, მაგრამ ოპტიმიზმის და ახალი იმედების საფუძველს ქმნის.

- თუმცა ისმის კრიტიკა, რომ გამოუცდელები არიან. თუნდაც იგივე პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე. ამაზე რას იტყვით?

- დაგეთანხმებით, ეს პრობლემა ნამდვილად არის. მათ ძალიან სწრაფად მოუწევთ ალღოს აღება ძალიან ბევრი რამისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი სწორად წარიმართება. მით უმეტეს, რომ პარლამენტი არ არის ის შტო ძალაუფლების, რომელიც ქვეყნის ყოველდღიურ მენეჯმენტში მონაწილეობას იღებს და შეუძლია ამ კუთხით სახელმწიფო სერიოზულად დააზიანოს. აქედან გამომდინარე, სასწაულების მოხდენის მოთხოვნილებაც საზოგადოების მხრიდან არ არის და მე ამასაც მშვიდად შევხვდი. ჯობდა ყოფილიყო მეტი პროფესიონალიზმი, მაგრამ ეს მოცემულობაა. იმას, რომ იგივე სახეები დარჩენილიყვნენ, ეს ნამდვილად ჯობია!

- ვრცელდება ინფორმაციები, რომ ყველა კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით არის შერჩეული. რამდენად ერევა ივანიშვილი ამ დეტალებში?

- მე კი მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სიის შედგენაშიც კი ნაკლებად ერეოდა. ბიძინა ივანიშვილი სისტემურად უყურებს პროცესს. მისთვის საპარლამენტო სიის დაკომპლექტებასაც მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

- აბა რას ჰქონდა მნიშვნელობა?

- მისთვის მთავარი იყო, რომ მთლიანობაში სურათი დამჯდარიყო ისეთი, რომ კონტროლი ყოფილიყო შენარჩუნებული. კონკრეტული სახელები და გვარები, არა მგონია, რომ მისი ინტერესის სფეროში ყოფილიყო. სისტემურად კი ის ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა.

- არც მთავრობის დაკომპლექტებაში ჩაერევა?

- ეს უფრო ფუნდამენტური და სერიოზული თემაა. ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ გადავედით ინსტიტუციურ მართვაზე. ინსტიტუციური მართვის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტი დემოკრატიული საზოგადოების.

- რისი თქმა გსურთ?

- მე ვგულისხმობ იმას, რომ კვირიკაშვილი თუ იქნება პრემიერ-მინისტრი, ის უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა კაბინეტში და, ხაზს ვუსვამ, პასუხისმგებელიც ის არის ყველა გადაწყვეტილებაზე.

- დღეს ასე არ არის? რატომ უსვამთ ამას ხაზს?

- დღეს ასეა თუ არა, ჩვენ არ ვიცით. პრობლემა გახლავთ ის, თუ როგორი აღქმაა საზოგადოებაში. სამწუხაროდ, დღემდე არის საზოგადოებაში განცდა, რომ ძალაუფლება დევს სადღაც სხვაგან. ეს განცდა უნდა გაქრეს საზოგადოებაში. თუ ეს განცდა არ გაქრა, ჩვენ ვიქნებით მუდმივ პრობლემებში. ეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსამართლობაა.

- რატომ?

- დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა გადაწყვეტილებაში ნამდვილად არ ერევა. ეს არ შედის მისი ინტერესის სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ბრალდება მას. ეს მისთვისაც ცუდია. მე ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების პროცესი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ტესტირება რეალური ვითარების – სად არის დღეს რეალური სახელმწიფო. ინსტიტუტები მართავენ ქართულ სახელმწიფოს, თუ სხვა რაღაცა გვჭირს?! მთავრობის დაკომპლექტების საკითხი ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას მოგვცემს.

- როგორც ითქვა, ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება ორ კვირაში დასრულდება. ცნობილია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება. მინისტრების ცვლილებებზე კი მიდის საუბარი. ვის მოუწევს მინისტრის პოსტის დატოვება?

_ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს იყოს კვირიკაშვილის დაკომპლექტებული მთავრობა. ყველას უნდა გაგვიჩნდეს იმის განცდა, რომ ეს არის მისი გუნდი და ის და მისი გუნდია პასუხისმგებელი ყველა იმ პროცესზე, რაც ქვეყანაში განვითარდება. მთავრობა გახლავთ სოლიდარული პასუხისმგებლობის სისტემა და პრემიერის თავის ტკივილია და მისი პასუხისმგებლობის ზონა უნდა იყოს ამა თუ იმ მინისტრის საკითხი. რაღაც რომ მოხდება და საზოგადოების უკმაყოფილება რომ ჩამოყალიბდეს რომელიმე მიმართულებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა მოვკითხოთ.

სოლოლაკში კი არ უნდა დარბოდნენ, როგორც დარბიან დღეს ვიღაცები პრეტენზიების გამოსახატად, არამედ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი პრეტენზიის ცენტრი არის სახელმწიფო კანცელარია და არსად სხვაგან ძალაუფლება არ დევს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი.

- შეძლებს ამას გიორგი კვირიკაშვილი?

- სიმართლე გითხრათ, არ ვარ ოპტიმისტი ამ მიმართულებით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია როგორც კვირიკაშვილის, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვისაც. ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოახერხოს ის, რომ მისდამი აპელირება შეწყდეს, ხშირ შემთხვევაში უსამართლო. ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ კვირიკაშვილია რეალური ძალაუფლების მფლობელი ამ ქვეყანაში. ქვეყანა ვერ განვითარდება ისე, თუ ჩვენ არ გადავედით ინსტიტუციურ მართვაზე.

- საუბარია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად ახალი თამაში წამოიწყო. ითქვა, რომ ის ახალი ცენტრის შექმნას აპირებს, რადგან მან კარგად იცის, რომ ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქართული ოცნების შანსები შემცირდება. ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებული პროცესები, პარტიების შლა, ახალი პოლიტიკური ცენტრის დაანონსება კავშირშია ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმებთან?

- მე ასე არ ვფიქრობ. არც ის მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ფიქრობდეს. ის არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ასეთ თამაშს ეწევა. „ქართული ოცნება“ არის მისი შვილი და თავის შვილს ოპოზიციას არავინ უქმნის. ამ ეტაპზე ამის ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავ და მგონია, რომ ეს ყველაფერი არის შეთქმულების თეორია. სხვა საკითხია ის პროცესი, რომელიც წავიდა – ეს არ არის ის, რაც მან მიიღო და ქვეყანამ მიიღო, არ არის ის, რა მოლოდინებიც ჰქონდათ და რისთვისაც იბრძოდნენ.

- რას გულისხმობთ?

- იყო მოლოდინი და სურვილი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად დაესუსტებინათ, ან საერთოდ გაეყვანათ თამაშიდან. ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი საარჩევნო კამპანიით და ალბათ ბიძინა ივანიშვილმა, აქ დაუშვეს სერიოზული შეცდომები. ყველაფერი გააკეთეს, რომ არათუ არ გაეყვანათ ნაციონალური მოძრაობა თამაშიდან, არამედ მაქსიმალურად გაემაგრებინათ. ამის ორი ინდიკატორი არსებობს. პირველი ის, რომ ნაცმოძრაობა დარჩა ერთადერთ და განუმეორებელ უმცირესობად საპარლამენტო ცხოვრებაში და მეორე გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად მოუსუფთავა „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ველი. ანუ კონკურენტი აღარ დაუტოვა ოპოზიციაში. ეს ნიშნავს, რომ დანიშნულია დღეს უკვე ნაციონალური მოძრაობა ერთადერთ ალტერნატივად არსებული ხელისუფლების.

- საუბარია, რომ ეს ხელოვნური პროცესი იყო...

- მე არა მგონია, რომ ეს უნდოდათ. უნდოდათ ერთი და გამოუვიდათ ამის საწინააღმდეგო. რაოდენობას უმცირესობისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადრე 40 კაცი იყო და ახლა 27, ეს არაფერს ნიშნავს. 40 რომ იყვნენ, მაშინ ოპოზიციურ ფლანგზე მათ ჰყავდათ კონკურენტები. დღეს კონკურენტები არ ჰყავთ, მთლიანად დაინგრა მთელი პოლიტიკური ელიტა და ნაციონალურ მოძრაობას აქვს მაქსიმალური კომფორტი!

„ახალი თაობა“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ლევან იზორიამ სწორი ნაბიჯით დაიწყო“ // „ჯარში გაწვევა ადრე თუ გვიან გასაუქმებელი იქნება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილება, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენასთან დაკავშირებით, არის სწორი დასაწყისი.

- ბატონო ირაკლი, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მისი წინამორბედის, თინა ხიდაშელის განკარგულება სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გააუქმა. თავის დროზე თქვენ ეწინააღმდეგებოდით ჯარში გაწვევის გაუქმებას. დღეს როგორია თქვენი პოზიცია?

- ეს არის დასაწყისი და ვთვლი, რომ სწორი დასაწყისია. დღესაც ვთვლი, რომ ამ სისტემის რეფორმა იყო საჭირო და არა – მისი სრული გაუქმება. შემდეგში აუცილებლად მოგვიწევს ყველა იმ უწყებასთან ერთად მუშაობა, რომლებიც ასევე იწვევენ წვევამდელებს. გაწვევის სისტემა არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს. ეს არის მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი. წვევამდელები მიდიან სასჯელაღსრულებაში, შს სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ სისტემის რეფორმა იყო საჭირო. რა მიმართულებით იგეგმება რეფორმა?

- პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამისთვის უნდა არსებობდეს ადეკვატური რესურსი. ასევე, ის დისკომფორტი, რაც წვევამდელებს აქვთ, უნდა მოიხსნას. ამისთვის, მაგალითად, შეთავაზებული უქმე დღეები ძალიან სწორი და ნორმალურია. მინისტრმა თქვა, რომ წვევამდელები გაივლიან ზუსტად იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც გადიან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები, რაც მათ სრულფასოვან ჯარისკაცებად აქცევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ დავუბრუნდებით თემას და განვიხილავთ იმ წვევამდელების შესაბამის ადეკვატურ მომზადებას, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს სხვა უწყებებში გადიან და ამით ასევე კომპლექსურად მოხდება რეზერვის სისტემასთან საერთო მიდგომის ჩამოყალიბება.

- ახალი სტრატეგია, ახალი დოკუმენტია შესამუშავებელი?

- დიახ. ეს მოითხოვს შეთანხმებას უწყებებს შორის და ეს მოითხოვს კომპლექსურ ხედვას.

- ოპოზიციაში გაუაზრებელს და ნაჩქარევს უწოდებენ იზორიას ამ გადაწყვეტილებას, ამბობენ, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური საბჭოური სისტემა და უკან დაბრუნებაა. რას უპასუხებთ იმ ადამიანებს, ვინც ასე ფიქრობს?

- ასე ფიქრობდნენ ლიტველებიც, რომლებმაც ეს სისტემა თავის დროზე გააუქმეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ აღადგინეს. ლიტველები მიხვდნენ, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური საჭიროა ქვეყნისთვის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის მაინც. მეც ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ეს სისტემა გასაუქმებელი იქნება, მაგრამ რამდენადაც თავდაცვის უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამხედრო-სარეზერვო სამსახურია, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება ის რესურსი, რომლითაც სამხედრო-სარეზერვო სამსახურს დავაკომპლექტებთ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სამხედრო-სავალდებულო სამსახური ერთ-ერთი კარგი საშუალება იქნება საიმისოდ, რომ სწორედ წვევამდელები, რომლებიც გაივლიან სამხედრო-სავალდებულო სამსახურს, შემდეგ სარეზერვო სამსახურში ჩავრთოთ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი ტიპის სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად შერეული იქნება, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულებაზე იქნება დაფუძნებული, მეორე მხრივ კი სარეზერვო სამხედრო სამსახურის ხასიათი ექნება. უფრო მეტად აქეთკენ უნდა იყოს კონცენტრირებული.

- ლევან იზორია კატეგორიული წინააღმდეგია სამხედრო ფლოტის, რადგან მისი შენახვა კოლოსალურ თანხებს უკავშირდება. თქვენი პოზიცია როგორია, უნდა გვქონდეს თუ არა სამხედრო ფლოტი?

- სამხედრო ფლოტი, რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება. ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ქვეყნის სრულყოფილ უსაფრთხოებას ასევე სჭირდება საჰაერო დაცვა, ავიაცია, სარაკეტო სისტემებიც და ა.შ., მაგრამ რამდენად გვაქვს ადეკვატური რესურსი, შესაძლებლობა, ეს მეორე საკითხია. ჩვენ შესაძლებლობებიდან უნდა გამოვიდეთ ამ შემთხვევაში და არა იქიდან, თუ რა გვინდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიფიქროთ კომპლექსურ თავდაცვისუნარიანობასა და მის განვითარებაზე.

- შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების დაცვის ოპერაციაში, რომელიც ნატოს ეგიდით იქნება, რამდენად სათანადოდ არის საქართველო ჩართული?

- ეს არის რეგიონალური გამოწვევები და მთელ ამ პროცესში საქართველო არის ჩართული. ეს საკითხები თავის დროზე განისაზღვრა, ასევე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნატოს სამიტზე. ეს გამოწვევები უკავშირდება ნატოს, საითკენაც ჩვენ მივისწრაფით. მომავალში ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ნატოს ფარგლებში ჩვენ გვექნება ერთიანი ხედვა ჰაერის, ზღვისა და ხმელეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

- და ბოლოს, ბატონო ირაკლი, ისევ თქვენ უხელმძღვანელებთ მე-9 მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს?

- დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია.

„ახალი თაობა“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დენის გაძვირება გარდაუვალია“ // „ტარიფმა თუ არ მოიმატა, დენის გამორთვები დაიწყება

რის საფუძველზე ითხოვს „თელასი“ დენის ტარიფის გაზრდას, რატომ არის გარდაუვალი ფასის მომატება, რა ობიექტის შესანახად იხდის საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად 300.000 ლარს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

ლევან ხაბეიშვილი:

- თელასის მოთხოვნა ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. როდესაც ბოლოს მოხდა ტარიფის გადახედვა, შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ თუ დოლარის კურსი 2.30 იქნებოდა, აღარ მოხდებოდა საფასურის გაზრდა. ახლა დოლარის კურსმაც მოიმატა და თან ამ ყველაფერს ზამთრის პერიოდი დაემთხვა. თელასიც იძულებული გახდა, ტარიფის გადახედვა მოეთხოვა.

- ზამთარი ტარიფის გაზრდასთან რა კავშირშია?

- ჩვენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის 70%-ს ვყიდულობთ. მხოლოდ 30%-ს გამოიმუშავებენ ჩვენი თბოელექტროსადგურები. ისინი, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან შემოტანილ გაზზე მუშაობენ. გაზსაც დოლარზე ვყიდულობთ. ასე რომ, დენის ტარიფი მთლიანად დოლარის კურსზეა მიბმული და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ახლა უკვე დადგა ის დრო, როცა თელასმა იმპორტირებული დენი უნდა წამოიღოს. ისინი საფასურს დოლარში იხდიან და მათთვისაც გაძვირდა ეს ელექტროენერგია. ამიტომაც მიმართა სემეკს, რომ ტარიფი გადაიხედოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დილარი უკვე კარგა ხანია რაც 2.40-ია, თელასმა კიდევ დააგვიანა, მოეთხოვა ტარიფის გადახედვა. საბოლოო გადაწყვეტილება სემეკზეა, მან უნდა გადაწყვიტოს, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური. მგონია, რომ თელასის მოთხოვნასთან ხელისუფლებაც რაღაც კავშირშია.

- რა კავშირში შეიძლება იყოს ხელისუფლება?

- ხელისუფლებასთან რაღაც კომუნიკაციის გარეშე თელასი ტარიფის გადახედვას არ მოითხოვდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდის მიიღებს სემეკი გადაწყვეტილებას. შესაძლოა დაელოდონ 5 თვის გასვლას, შესაძლოა ახლავე მიიღონ. ამ რეალობაში 1,5_2 თეთრით ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეკონომიკა ვითარდება. 1%-თაც რომ ვითარდება ეკონომიკა, ეს ცალსახად აისახება დენის მოხმარებაზე _ ასეთ დროს გაცილებით მეტი დენი მოიხმარება. რაც მეტს მოიხმარს ქვეყანა დენს, კომპანია მით მეტად წავა ზარალში, რადგან ისინი დოლარზე ყიდულობენ ელექტროენერგიას.

- გამოდის, რომ თელასი მართალია და არც სხვა გამოსავალი ჩანს. ხელისუფლებას შეუძლია რამის შეცვლა?

- ხელისუფლებას ამაზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა. ახლა ხელისუფლების ინტერესებშია, რომ სემეკმა ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.

- ეს რაში აწყობს ხელისუფლებას?

- იმაში აწყობს, რომ ახლა პოსტსაარჩევნო ეიფორიაა. უხარიათ „ქართული ოცნების“ გამარჯვება და დენის ფასის მატებას გაგებით მოეკიდებიან. ანაც ხელისუფლებამ იცის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალი წლისთვის გაიზრდება ტარიფი. ლარის კურსის ვარდნას ბევრი რამის გაძვირება მოჰყვება. ეს ყველაფერი მოსახლეობას დააწვება კისერზე. ხელისუფლება კი არც პრემიებს მოიკლებს და არც – დანამატებს.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სემეკმა თელასის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა?

- თუ არ მოხდა ტარიფის გადახედვა, მაშინ ელექტროენერგიის მოწოდების მხრივ შეიძლება შეიქმნას პრობლემები. ამის გამო თელასს ვერც ვერავინ მოედავება. ხელისუფლებას თავის დროზე უნდა ეზრუნა, რომ ლარი ამ ზომამდე არ დაცემულიყო. რაც დათესეს, იმას იმკიან. რამდენიმე თვის წინ დენის საფასურის გაზრდა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამოძახილი იყო. მინდა იცოდეთ, რომ დენის ტარიფის საფასური მარტო დოლარის გაძვირების გამო არ იზრდება. ხელისუფლებამ დიდი ზარზეიმით გვამცნო გარდაბანში კიდევ ერთი სარეზერვო თბოელექტროსადგურის გახსნის შესახებ. სხვა სადგურების მსგავსად, ისიც აზერბაიჯანული გაზით მუშაობს და მას ჩვენ ვინახავთ. ეს ხარჯი ტარიფშია გათვალისწინებული.

- რა ჯდება ამ ქვესადგურის შენახვა?

- ერთი დღე-ღამის მანძილზე მისი შენახვა გვიჯდება 300.000 ლარი. საჭირო რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, მაგრამ ახლა ტყუილად იყრება ფული. იმის მაგივრად, რომ რომელიმე სადგური ჩაენაცვლებინათ, კიდევ ერთი სარეზერვო თბოსადგური დაამატეს. თუ ტარიფი უცვლელი დარჩა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება გამორთვები. მოხდება რეგიონების გათიშვა, რათა მოხდეს ელექტროენერგიის დაზოგვა.

- წლების მანძილზე თბილისის მერია მოსახლეობას ზამთრის პერიოდში თვეში 20 ლარიან ვაუჩერს აძლევდა. ეს ვაუჩერები გაუქმდა. თქვენი ინფორმაციით, მსგავსი რამე თუ იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში?

- მეეჭვება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული იყოს. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი რამის დაფინანსებას შეწყვეტს მერია. ამ დღეებში დავით ნარმანია გამოვიდა და განაცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი 800 მილიონზე ნაკლები არ იქნებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი შემცირდება. მიმდინარე წელს თბილისის ბიუჯეტი 816 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. სხვათა შორის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით საინტერესო მასალები გვაქვს და მათ მალე გამოვაქვეყნებთ. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ მას შემდეგ, რაც ნარმანია თბილისის მერი გახდა, დედაქალაქის ბიუჯეტი კლებულობს და კლებულობს. მომავალ წელს სრული კატასტროფა იქნება. ეს ყველაფერი ისევ მოსახლეობის კისერზე გადაივლის, მერიის ჩინოვნიკები კი ისევ კარგად იცხოვრებენ.

————————

„რეზონანსი“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

სად მიდის მიხეილ სააკაშვილი?!

არ არის გამორიცხული, ის უკრაინაშივე დაიჭირონ

ნინო ქეთელაური

“უკრაინაში ის სერიოზული ოპოზიციური პროცესებისთვის ემზადება და არ არის გამორიცხული უკრაინაშივე დაიჭირონ”, – ასე აფასებენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ოდესის გუბერნატორის პოსტიდან და თვლიან, რომ მან ის გავლენაც დაკარგა, რაც აქამდე ჰქონდა, ამიტომ, საქართველოში პროცესების მართვა კიდევ უფრო გაუჭირდება.

შეგახსნებთ, რომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გუშინ გადადგა, მიზეზად კი ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება დაასახელა.

“გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის გადადგომა პირდაპირ კავშირშია მის წარუმატებელ მმართველობასთან და თუ “მის ფსიქოტიპს გავიხსენებთ, ძალიან უჭირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება”.

“ოდესაში დიდი ხანია ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საკმაოდ დიდ კორუფციულ პროცესებშია ჩართული, რომ უჭირს ცენტრთან ურთიერთობა, რომ ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა თავისივე ოლქში და ა.შ. ამიტომ, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მისი წარუმატებელი საქმიანობის შედეგი იყო. მას ავიწყდება, რომ საქართველოსგან განსხვავებით (სადაც ის სრული ძალაუფლების მქონდე რეჟიმში იყო) უკრაინაში ის ძალაუფლება არ აქვს და მასზე ზემდგომებიც არსებობენ”, – ამბობს არჩილ გამზარდია, რომელიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი შესაძლოა, 2 მიზეზით იყო განპირობებული. პირველი, თეორიულად შეგვიძლია დავუშვათ, რომ სააკაშვილი ემზადება უკრაინაში სერიოზული ოპოზიციური პროცესებისთვის. გამოდის, რომ პრეზიდენტს უნდა დაუპირისპირდეს და თუ სცენარი ასე განვითარდა, არ არის გამორიცხული ის უკრაინაშივე დაიჭირონ. და მეორე, საქართველოში მისი ჩართულობით პოლიტიკური პროცესების განვითარება, რთულად წარმოსადგენია, რადგან მას გუნდიც მნიშვნელოვნად ეცლება ხელიდან და რის საყრდენზე უნდა იყოს, გაურკვეველია.

პრინციპში, აქ შეიძლება ერთი ყველაზე შეუძლებელი ვერსია დავუშვათ, რომ ის ჩამოვიდეს საქართველოში, თავი დააპატიმრებინოს, ციხეში ჩაჯდეს, გმირის მანტია მოისხას და გარკვეული პროცესები იქიდან მართოს. თუმცა, თუ მის ფსიქოტიპს გავიხსენებთ, მის სიმხდალეს, მისი მხრიდან ასეთი გადაწვეტილების მიღება შეუძლებელი მგონია. იმიტომ, რომ დღეს საქართევლოში მას გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე როდისმე ჰქონია. მე ვფიქრობ, ის ჩიხურ მდგომარეობაშია”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, უკრანიაში პარტიის შექმნით სააკაშვილს საქართველოში პროცესების მართვა დღეს ბევრად გაუჭირდება, რადგან მას იქ არანაირი გავლენა აღარ აქვს.

“როგორც ფაქტებმა აჩვენა, სააკაშვილი არის წარუმატებელი ლიდერი და ის უკრაინაშიც ასეთი აღმოჩნდა. მართალია, ის სხვას აბრალებს, მაგრამ იმას აღიარებს, რომ წარუმტებლობის შედეგად გადადგა. ამიტომ, იქ რომ პარტია შექმნას და საქართევლოში პროცესები მართოს, დღეს მას ბევრად გაუჭირდება, რადგან ძალიან დასუსტებული ოპოზიციის ფონზე, დღეს “ქართული ოცნება” ბევრად ძლიერ ძალაუფალს წარმოადგენს. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, უკრაინაში არსებული გავლენების დაკარგვასაც, აქ პროცესები დისტანციურად როგორ უნდა მართოს, რთულად წარმოსადგენია”, – ამბობს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი ოპოზიციაში წავა, იქაც ნაკლები პერსპექტივა ექნება.

“თუ ის ისევ ოპოზიციაში წავა, ალბათ მაიდნის რეჟიმზე უნდა იფიქროს და ოდესიდან კიევში გადაინაცვლოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში მას ამის პერსპექტივაც კი არ ექნება, რადგან ჯერ ერთი, საერთაშორისო ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტთან ბევრად უფრო მწყობრ კომუნიკაციაში არიან, ვიდრე სააკაშვილთან და მეორეც, ძალიან მარტივად შეძლება, რომ მას აუდიტი ჩაუტარონ და იქვე დააპატიმრონ. საერთო ჯამში რომ ვთქვათ, სააკაშვილს გარკვეული პერსპექტივები გააჩნიაო, ეს ასე არ არის. თუ რა თქმა უნდა, საქმე ფარულ პროცესებთან არ გავქვს, რისი საშუალებითაც შეიძლება სააკაშვილი რაღაცისკენ მიიღწვოდეს. მე ვშიშობ, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან რეალურია”, – ამბობს არჩილ გამზარდია. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი, საკამოდ ლოგიკური დასასრულისკენ მიდის და მას, როგორც ლიდერს, “თავისივე თვისებებმა და დამოკიდებულებებმა შეუქმნა ის პირობები, რითიც შესაძლოა საკუთარი თავის მსხვერპლი გახდეს”.

“2013 წელს, როდესაც სააკაშვილმა საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა, მე ვამბობდი, რომ თუ სააკაშვილს ეყოფოდა უნარი, რომ დამჯდარიყო ჩრდილში, მოღვაწეობა გააგრძელებინა პედაგოგიკაში, კვლევით საქმიანობაში, მოეხდინა სრული ქცევითი რებრენდინგი (ვგულისხმობ, აგრესიულ, პირდაპირ მესიჯებს), და შეეცდებოდა იმიჯი ხელახლიდან შეექმნა, მას გარკვეული პერსპექტივა ჰქონდა, რომ პოცესები გრძელვადიან პერსპექტივაში წაეყვანა. თუმცა, მისი ფსიქოტიპი არ აძლევს ამის საშუალებას. მას არ შეუძლია კამერის გარეშე, არ შეუძლია სიჩუმე, სიტყვების კონტროლი, ის არის პირდაპირი ლიდერი, რაც რეალურად, ლიდერისთვის მომაკვდინებელი თვისებაა. ამიტომ, მე ძალიან მიჭირს უახლოეს წლებში ის დავინახო სადმე მშვიდად და უსაფრთხოდ. მე ვფიქრობ, ის კვლავ დაძაბულობაზე იქნება ორიენტიურებული და მასთან დაკავშირებით ცოტა უარყოფითი პერსპექტივები უფრო მესახება. ის შესაძლოა ან რაღაც იდეას შეეწიროს, ან შესაძლოა გახდეს პატიმარი და საბოლოოდ საქართველოს ციხეში აღმოჩნდეს”, – ამბობს ანალიტიკოსი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გუბერნატორობიდან გადადგომა შესაძლოა სააკაშვილის ინიციატივა სულაც არ იყო და საამისო ქვეტექსტებიც არსებობდა: “საქართველოში მისი საქმინობის გაგრძელების შანსს თითქმის ვერ ვხედავ. ალბათ, ეს მხოლოდ ისევ ტელეეთერით ან ვირტუალური ჩართვით თუ შემოფარგლება. მე ეჭვი მაქვს, რომ გადადგომა მთლად მისი ინიციატივა არ იქნებოდა. როგორც ჩანს, რაღაც ქვეტექსტები იყო და ამჯობინა, გადამდგარიყო, სანამ გადააყენებდნენ. არამგონია, პოსტის დატოვება თავითონ მოესურვებინა. ამ ეტაპზე, ის ალბათ დარჩება უკრაინაში და შეეცდება რაღაც ახალი საქმე წამოიწყოს. მაგალითად, ანტიკორუფციული საქმინობა, მაგრამ ეს არ იქნება სამთავრობო, ეს იქნება არასამთავრობო სექტორში. არც ის არის გამორიცხული, რომ მან უკრაინაში თვისი პოლიტიკური ძალები მოსინჯოს”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდეს, კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ სააკაშვილი ამაზე არ წავა. მე არ მგონია, რომ სააკაშვილი იქ დაიჭირონ. თუ ზედმეტი მოუვიდა, უფრო მგონია, რომ ცივილურ გზებს მოძებნიან და შესაძლოა, უკრაინიდან მოიშორონ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი უკრაინის პერზიდენტთან ასეთ დაპირისპირებაზე არ წავა”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

————————

თბილისელები“, 07 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ აშენებს რუსეთი საქართველოში გადმოსასვლელ ახალ გზებს და რაზე ევაჭრებიან აფხაზები რუსებს

ნინო ხაჩიძე

აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თავის სამწყსოს აუწყა, რომ აფხაზეთი მონაწილეობას იღებს მასშტაბურ პროექტში, რომლის სახელწოდებაცაა: „დიდი აბრეშუმის გზა“, ისეთ მსხვილ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან. ახალი ამბავი ენგურს იქით დიდი სიხარულით მიიღეს, იმდენადაც კი, რომ რუკისთვის არც დაუხედავთ, თუ როგორ უნდა მოხვდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩინეთიდან წამოსული ტვირთები და ან, თუ რუსეთმა და ჩინეთმა თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს, რაში სჭირდება ჩინეთს აფხაზეთი თავისი ტვირთის რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ განცხადებას თავისი მიზანი აქვს, ისევე, როგორც იმას, თუ რატომ არწმუნებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა თავის მოსახლეობას, რომ საქართველოში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს? – ამ ორი უცნაური ოკუპანტურ-სეპარატისტული პოლიტიკურ გზავნილის გაანალიზებას მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით.

რას ეფუძნება გაბნიას განცხადება, რომ აფხაზეთი მონაწილეობას მიიღებს დიდი აბრეშუმის გზის პროექტში და, საერთოდაც, გეოგრაფიას თუ გადავხედავთ, ეს როგორაა შესაძლებელი?

– თუ გავიხსენებთ ისტორიულად არსებულ სავაჭრო გზებს, ასეთი სავაჭრო გზა გადიოდა აფხაზეთის ტერიტორიაზეც, ოღონდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან შედიოდა. მიუხედავად იმისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ვაჭრობდნენ თავის მეზობლებთან, ისტორიულ ჯიქეთსა და დღევანდელი კრასნოდარის ოლქის ტერიტორიას ვგულისხმობ, ის იყო ლოკალური ვაჭრობა და იმ საქარავნო გზასთან, რასაც დიდი არეშუმის გზა ერქვა, არაფერი ჰქონია საერთო. მაგრამ ისტორიას რომ თავი დავანებოთ, დღეს უბრალოდ აფხაზეთის ხელისუფლებასაც უნდა, მონაწილეობა მიიღოს იმ გრანდიოზულ პროექტში, რომელსაც ჰქვია დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი და თავიანთ მოსახლეობას ფსევდო-პროექტს სთავაზობენ. აბა, ხომ უნდა ახსნან, რატომ აგებენ გზას რუსეთიდან აფხაზეთისკენ?! რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უფრო მარტივი გზაც მოიძებნოს მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად ან მის დასარწმუნებლად, რომ ეს გზა აფხაზეთს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება და მასში ჩართულია ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიცაა ჩინეთი.

ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად მიიღებენ ამაში მონაწილეობას, მაგრამ როგორ მოხვდება ეს ტვირთები აფხაზეთში?

– რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. თუ ჩინეთს დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა კავშირის დამყარება რუსეთის მეშვეობით, აფხაზეთი რაში სჭირდება?! აფხზეთს არც ისეთი პორტები აქვს, რომ ინტენსიურად გადაზიდოს ტვითრები და არც რუსეთი დათმობს ასეთ ტკბილ ლუკმას: მით უმეტეს, რომ რუსეთის ამ ნაწილში არსებობს საერთაშორისო მნიშვნელობის უზარმაზარი პორტი, როგორიცაა ნოვოროსიისკი და ვის რაში სჭირდება აფხაზეთის ტერიტორია და მისი პორტები?! მაგრამ ეს მცირე ერის კომპლექსია, უნდათ, იყვნენ ჩართულები დიდ პროექტებში, რომ მნიშვნელოვნად გამოჩნდნენ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

მიზანი მოსახლეობის მოტყუებაა თუ ჩვენთან აპირებენ თანამშრომლობას ამ პროექტის ფარგლებში? ხომ ფაქტია, რომ აფხაზეთზე არაფერი გაივლის.

– მათი მხრიდან არ ჩანს ჩვენთან თანამშრომლობის ნიშანი. ამიტომ ვერაფრით ვხსნი, თუ რატომ დაარქვეს ამ ჩვეულებრივ გზას დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი, გარდა მცირერიცხოვანი ერის კომპლექსებისა. ეს გზა წლების წინათ იყო პრეზენტირებული კრასნოდარის სავაჭრო-ეკონომიკურ გამოფენაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი აპირებდა საქართველოსთან. სულ ასეთი ხუთი გზაა. ეს ისტორიულო გზაა და რუსეთის იმპერიაში ერქვა: სოხუმის სამხედრო გზა. დღეს სოხუმის ხელისულებას ამ გზის აშენება არ უნდა, რომ მან არ გაიაროს კოდოროის ხეობაზე.

რატომ არ უნდა?

– საჯარო ახსნა ასეთია, თუ ეს გზა გაივლის კოდორის ხეობაზე, დაზიანდება კოდორის ტერიტორის ეკოლოგიაო. ჩვენთვის ეს უარი ხელსაყრელია, მაგრამ სინამდვილეში პარადოქსული მიზეზია: აფხაზებს არ უნდათ, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩრდილო კავკასიელებთან. ამის ახსნა, ერთი შეხედვით, რთულია, მაგრამ აფხაზები მიიჩნევენ, რომ დაიწყება ჩრდილო კავკასიელების ექსპანსია აფხაზეთში. ჩერქეზები, მართალია, აფხაზების მონათესავენი არიან, თუმცა საზღვრისპირა რეგიონში ყარაჩაელები ცხოვრობენ. ყარაჩაელები თურქულენოვანი ტომია და აფხაზების ნათესავები არ არიან. აფხაზებს არ უნდათ, რომ ყარაჩაელებს ჰქონდეთ უშუალო გასასვლელი შავი ზღვისკენ.

– მათ ყარაჩაელების მხოლოდ სისხლი სდომებიათ 1992-1993 წლებში.

– ამას გარდა, არის მეორე მიზეზიც: აფხაზებს არ აქვთ იმედი, რომ კოდორს შეინარჩუნებენ. მათ ტვინში ჩაჭედილია, რომ კოდორი არის სვანების. და, თუ გალელებთან დაკავშირებით პროპაგანდა მუშაობს, რომ სამურზაყანოელები არიან გადაკეთებულგვარიანი აფხაზები, სვანების შემთხვევაში იმავეს ვეღარ იმეორებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ გზას, ადრე თუ გვიან, სვანები გადაჭრიან. ასეა თუ ისე, აფხაზები რუსებს სთავაზობენ სხვა მარშრუტით გზის გაჭრას, რომელიც არის არსებული ტრასის, განთიადი-ლესელიძის, პარალელური და მთებში გადის, ოღონდ მკვიდრად აფხაზურ ტერიტორიაზე. თუმცა ძალიან ძვირი დაჯდება ამ გზის მგენებლობა, მაგრამ აფხაზები ჯიუტად მოითხოვენ და ჩინელებს ამ მარშრუტს სთავაზობენ. გზა უნდა გაიყვანოს კერძო ჩინურმა კომპანიამ, რომლებიც, თუ რუსეთის ფედერაცია ფულს გადაუხდის, ააშენებენ ამ გზას, თუ არ გადაუხდის, არ ააშენებენ.

ანუ, რადგან კომპანიაა ჩინური, ამიტომ არის დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი?

– დაახლოებით ასეთია მათი ლოგიკაა: ჩინელები დაინტერესებულები არიან იმიტომ, რომ ეს არის დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი.

რა სხვაობაა იმ და ამ გზას შორის? იქიდან ვერ შემოვლენ ჩრდილო კაკასიელები, რაკი კრასნოდარის მხარეში გადის?

– მეორე გზა გადის კრასნოდარის მხარეში, თუმცა ჩრდილო კავკასიელები ახლაც შემოდიან, მაგრამ გარკვეული ფილტრები დაყენებული, რადგან მაინც კრასნოდარის მხარეა. კოლორზე გამომავალი გზიდან კი ამის შეჩერება წარმოუდგენელია, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი.

რუსეთს რატომ აუტყდა ეს გზები საქართველომდე მოყვანის კონტექსტში?

– ეს არის სტრატეგიული გზები, ეს ხუთივე გზა, მათ შორის სამხედრო სოხუმის გზა. ამ გზების ამუშავება იყო რუსეთის სტრატეგიული ამოცანა, რათა სამხრეთ კავკასიაში შემოღწევა გაუადვილდეს. მოითხოვენ, დავიწყოთ მოლაპარკება ბეთშა-ახალსოფლის გზის მშენებლობაზე, რომელსაც „ავარსკაია დაროგას“ უწოდებენ. როგორც გითხარით, 2006 წლის კრასნოდარის კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილო კავკასიის განვითარების კონტექსტში გაიმართა, წარმოდგენილ იყო გზების პროექტები, რომელიც საქართველოს საზღვარს უნდა მობჯენოდა და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულიყო. პირველ გზად იგულისხმებოდა ყოფილი სოხუმის სამხედრო გზის რეაბილიტაცია, რომელიც კოდორის ხეობაში გადის და მოდის ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან; მეორე – მამისონზე მომავალი გზა, რომელიც რაჭის გავლით უნდა გადმოსულიყო „სამხრეთ ოსეთის“ ტეროტორიაზე, ყოფილი ოსური სამხედრო გზა, მესამე – ავარიის გზა, ბეთშა-ახალსოფელი. ამჟამად რუსეთს სამხრეთ კავკასიისკენ აქვს ორი გზა: როკის გვირაბი და აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი – ადლერიდან გაგრისკენ მიმავალი.

დარიალიც ხომ აქვს, ანუ საქართთველოს სახმდერო გზა?

– აქვს, მაგრამ ითვლება, რომ იმ გზის ჩაკეტვა ერთი ხიდის აფეთქებითაა შესაძლებელი. ამიტომ დარიალის გზა, შეღწევადობის კუთხით, არ არის მისაღები გზა რუსეთისთვის. როკის გვირაბი იმიტომ გააფართოეს და გაარემონტეს, რომ გაიმარტივეს საქმე. მაგრამ არც როკის გვირაბი არ არის მათთვის ბოლომდე ხელსაყრელი, რადგან კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული ამ გზის მუშაობა. იქითა მხარეს ხშირია მეწყრები და ქვათა ცვენა და გზა იკეტება ხოლმე, როდესაც კლიმატურად არახელსაყრელი პირობები იქმნება. ამდენად, სჭირდებათ რამდენიმე გზა, რომელთა დახმარებითაც სამხრეთ კავკასიაში შემოღწევას გაიიოლებენ.

თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, ალბათ?

– რასაკვირველია. ისინი სამხრეთ კავკასიას აღიქვამენ, როგორც წინა აზიაზე შეტევის პლაცდარმს და ამისთვის სჭირდებათ გზები.

აფხაზეთის ტელევიზიის ტერიტორიაზე ვინ აფეთქდა და რა მიზნით?

– დადასტურებით არავინ არაფერი იცის. მე და არა მხოლოდ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის პიროვნება ტერაქტს ამზადებდა და დროზე ადრე აუფეთქდა მოწყობილობა. ალბათ, ნელ-ნელა გაირკვევა. უკევ იციან, ვინ არის.

და, როგორც აფხაზური წყაროები იტყობინება, კონკრეტულ აფხაზ პოლიტიკოსზე აპირებდა თავდასხმას, თუმცა გვარს არ ამბობენ. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში არჩევნებზე გაიმარჯვეს პრორუსმა ძალებმა, რაც არ ეშესაბამება სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი რაღაც მიზნისთვის ავრცელებს ამ ინფორმაციას, ანუ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს. რა მიზანი აქვთ?

– კარგი კითხვაა: ამას აქვს რამდენიმე მიზანი: ერთი ის, რომ ვმუშაობთ და მივიღეთ შედეგი. ჩვენს საზოგადოებას მოყირჭდა უკრაინის ამბების მოსმენა, არადა ამ დროს იქ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება და იქ მიმდინარე პროცესები ექოსავით ისმის საქართველოში. რუსეთს ძალიან სჭირდება, იყოს სამშვიდობო პროცესების ინიციატორი და სულისჩამდგმელი და ასეთად წარმოჩინდეს მსოფლიო საზოგადოების თვალში. დღეს რუსეთი ძალიან აქტიურად მუშაობს კვიპროსის გაერთიანების თემაზე. იცით, რომ თურქული და ბერძნული თემების წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სპეციალისტების გათვლით, წლის ბოლომდე კვიპროსი შეიძლება, გაერთიანდეს. ამ პროცესში ჩართულები არიან საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. იქ რუსეთი ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს და თავის როლს ფუთავს კიდეც პოზიტიურად. მას, ასევე, უნდა, მსოფლიო საზოგადოებას აჩვენოს, რომ საქართაელოში საზოგადოებრივი აზრი შემოატრიალა და, შესაბამისად, ხელისუფლებაც ამგვარი მოვიდა.

მაგრამ ეს ხომ ტყუილია...

– ეს ტყუილია და აბსურდი. რუსულ პრესაში ხაზს არ უსვამენ შემდეგ, ძალიან საინტერესო, ფაქტს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ამერიკული ბაზა და, ფაქტობრივად, ტენდერია გამოცხადებული. იგულისხმება ვაზიანის მიმდებარე ტერიტორია. ეს ის ბაზა კი არ არსი, როგორც ჩვენ გვესმის ბაზის მნიშვნელობა – საწვრთნელი ცენტრია. ჩვენ ვიცით, რომ იქ უნდა გაკეთდეს საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც იქნებიან ამერიკელი ინსტრუქტორები. და ძალიან საინტერესოა, რომ ეს ინფომრაცია გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის უწყების გვერდზე, ანუ რომ ფულს იხდიან ისინი, მაგრამ რუსულ მედიაში ამის შესახებ კრინტსაც არ ძრავენ.

როგორც წესი, რუსული მედია დეზინფორმაციას სავსებით კონკრეტული მიზნებით ავრცელებენ...

– სიტუაციის გამოსწორების მიზნით, რუსულ პრესაში იწერებოდა, რომ ეს იქნებოდა ქართული საწვრთნელი ბაზა, რომლის მუშაობაშიც ამერიკელებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, როგორც ინსტრუქტორები, მაგრამ ახლა ხმას არ იღებენ. ეს არის იმ კულუარული პოლიტიკის შედეგი, რომელიც მთელ მსოფლიოში იწარმოება. აშკარად პოლიტიკას არავინ აკეთებეს. თუმცა, როდის გამოიყენებს ამ თემას რუსეთი ანტიქართული კამპანიის ასაგორებლად, არავინ იცის.

Comments are closed