„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ელჩმა გეგეშიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა“
„ალია“: მამუკა არეშიძე: პოლიტიკური ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს
„ვერსია“: „ქისტები სირიაში ფულის გამო არ მიდიან“ // „ჟურნალისტები იმდენს იზამენ, საყოველთაო არეულობას გამოიწვევენ“
„რეზონანსი“: რატომ ასაიდუმლოებენ რუსულ-ქართული შეთანხმების ამოქმედების ტექნიკურ დეტალებს
„რეზონანსი“: ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვას გეგმავს? – რამდენად რეალურია აფხაზური ინტელიგენციის შიში
—————————-
„ახალი თაობა“, 8 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ელჩმა გეგეშიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა“
ნათია ხურცილავა
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და ამის მიღწევას დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა და შრომა დასჭირდა. ამდენად, ამ მონაპოვრის განიავება დაუშვებელი და მიუღებელია.
სოსო ცინცაძე:
- ამერიკელმა ჟურნალისტმა ქართულ დელეგაციას, კონკრეტულად კი, პრეზიდენტს უთხრა, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა. პრეზიდენტიც, რასაკვირველია, დაეთანხმა, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან, რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა თქვა, სიმართლე იყო. ვინც ამერიკულ პრესას თვალყურს ადევნებს, მას შეუძლია დარწმუნდეს, რომ თვეებია, საქართველოზე არაფერი იწერება.
- ასეთი მნიშვნელოვანია ამერიკულ პრესაში მოხვედრა?
- ძალიან მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- რატომ?
- ამერიკულ პრესაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკის ინტერესის სფეროშია. ამერიკის ვერც ერთი პოლიტიკოსი პრესას იგნორირებას ვერ გაუკეთებს. ეს დემოკრატიის ნაწილიც არის, რადგან პრესას უსმენენ და იქ დაბეჭდილი სტატია რეაქციის გარეშე არ ჩაივლის. ეს არ არის წარსულის კუთვნილება, ამერიკაში გუშინდელი გაზეთის ნომერი არ არსებობს. სახელმწიფო დეპარტამენტში ყველა მნიშვნელოვანი სტატიის ანალიზი კეთდება. კონგრესიც და თეთრი სახლიც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს პრესაში დაბეჭდილ სტატიას. ამაშია დემოკრატიის მთელი ეშხი და ინტრიგაც.
სოსო ცინცაძე ამბობს, რომ როდესაც ამერიკელი ჟურნალისტი მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა, ეს ნიშნავს, რომ ინტერესი გაქრა. ამერიკულ საზოგადოებას, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორითა და კონგრესმენით დასრულებული, ინტერესი აღარ აქვს.
- სტრატეგიული პარტნიორი შეიძლება ასე მარტივად აღარ აინტერესებდეთ?
- ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული რეალობა. ნახეთ, რამდენი ცხელი წერტილია, რამდენი პრობლემაა. ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევს, მაგრამ ქართულმა დიპლომატიამ არ უნდა მოახერხოს, რომ ზურგი გვაქციონ და დაგვივიწყონ. დღეს თავს ამერიკისგან მიტოვებულად ვგრძნობთ. რა ელჩები გვყავს დღეს უცხოეთში, ეს უკვე ყველასთვის ცხადზე ცხადია. რა პრინციპების მატარებლები არიან ისინი.
- არ მოგწონთ ქართველი დიპლომატები?
- მე მათ პროფესიონალიზმზე ვსაუბრობ. ელჩი არ უნდა გახდეს საშუალო დონის ჩინოვნიკი, რომელიც ინსტრუქციას მიიღებს ვიღაცისგან და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებს. ელჩისთვის მთავარი და ამოსავალი უნდა იყოს ქვეყანა და მისი სამსახური. სხვაგვარად ელჩის ფუნქცია გაუგებარი რჩება.
- ელჩის პირდაპირი დანიშნულება რა არის?
- სამშობლოს წარმოჩენა უცხო ქვეყანაში და მისი ლობირება ყველა დონეზე. ამისთვის მან არაფერი უნდა დაიშუროს. ელჩმა უნდა იმოქმედოს საკუთარი პრინციპით, გნებავთ ეთიკით და დიპლომატიური კოდექსით დაწერილი თუ დაუწერელი კოდექსით.
სოსო ცინცაძემ აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის, საქციელი ასე შეაფასა:
- ამერიკაში საქართველოს ელჩმა მიატოვა ამერიკის დედაქალაქი და პრემიერს ნიუ იორკში გაჰყვა. ეს არ იყო აუცილებლობა, რადგან გაეროში საქართველოს ჰყავს ისედაც ელჩი. ეს იყო შეურაცხმყოფელი როგორც პრეზიდენტის, ასევე მისი კოლეგის, გაეროში საქართველოს ელჩისთვის.
„ალია“, 8 ოქტომბერი, 2015 წელი
მამუკა არეშიძე: პოლიტიკური ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს
ირაკლი ბათიაშვილის გახმაურებული განცხადებით, რომ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება, გადაცემა „20/30”-იც დაინტერესდა და აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიწვია.
მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ვერსიას არსებობის უფლება აქვს:
- ლიკვიდაციის შემთხვევაში იოლი იქნება რევანშის აღება, რადგან ასეთი შეხედულება არსებობს, შეიძლება არსებობდეს ასეთი აზრიც მათთვის, ვისაც უნდა ხელისუფლება შეცვალოს. ძალაუფლება ისეა გადანაწილებული, რომ ამ ვერსიას ვერ გამორიცხავ, კარგი იქნებოდა, ძალები ხელისუფლებაში ისე იყოს გადანაწილებული, არ იყოს ჩაბღაუჭებული ერთ კაცზე, – ამბობს არეშიძე.
ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ასეთ უამრავ მაგალითს იცნობს და პოლიტიკური ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება, ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს.
„ვერსია“, 8 ოქტომბერი, 2015 წელი
„ქისტები სირიაში ფულის გამო არ მიდიან“
„ჟურნალისტები იმდენს იზამენ, საყოველთაო არეულობას გამოიწვევენ“
ბაჩო ტურაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი (მაჰმადიანთა სულიერი წინამძღოლი, მოძღვარი. იმამი შეიძლება, მაჰმადიანური სახელმწიფოს მეთაურიც იყოს, რომლის ხელშიც მოქცეულია საერო და სასულიერო ხელისუფლება) აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს, პანკისიდან ქისტი ახალგაზრდები სირიაში ისევ მიდიან. ადგილობრივი მოსახლეობა ამ თემაზე მედიასთან საუბარს გაურბის, თუმცა „ვერსიამ“ სირიაში წასულთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოახერხა. მათი თქმით, სირიაში წასულებს ფინანსური მხარე არ ამოძრავებთ…
შვიდი თვეა, სოფელ ომალოს მკვიდრი ლაშა ალხანაშვილი სირიაშია, დედა, ანა ალხანაშვილი ამბობს, რომ მის შვილს არასოდეს ნდომებია, ომში ჩართულიყო. სხვათა შორის, ლაშა ეპილეფსიითაა დაავადებული.
„არ მჯერა, რომ ჩემმა შვილმა სირიაში წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, ამაში უცხო ხალხის ხელი ურევია… ტყუილია, რომ ამბობენ, სირიაში წასული ხალხი ოჯახებს ფულს უგზავნისო. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია და შემწეობის მეტი შემოსავალი არც გვაქვს. ლაშა ხშირად გვეკონტაქტება და მხოლოდ იმას გვეუბნება, კარგად ვარო… დანარჩენს არაფერს ამბობს… მის ცოლსა და 4 მცირეწლოვან შვილს მე ვინახავ. მიზეზს მაინც არ ასახელებს, რატომ წავიდა. დიდი ხანი არც ის ვიცოდით, სად იყო…“.
პანკისელები ადასტურებენ, რომ სირიაში სოფელ დუმასტურის მკვიდრები – ამრან ბორჩაშვილი და მისი ბიძაშვილი ასლან ბორჩაშვილიც წავიდნენ, თუმცა ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები ამ ინფორმაცია უარყოფენ.
„ვინ თქვა, რომ ჩემი შვილი სირიაშია?! ჩემი შვილი თურქეთშია და მუშაობს. ყველაფერი ეს კი მონაჭორია და ჟურნალისტებიც იმდენს იზამენ, საყოველთაო არეულობას გამოიწვევენ. ნუ აყვებით ჭორებს და მსგავს ინფორმაციებს ნუ გაავრცელებთ. მინდა, ჟურნალისტებს მივმართო, ნუ ძაბავენ სიტუაციას“, – განუცხადა „,ვერსიას“ ამრან ბორჩაშვილის მამამ. ასლან ბორჩაშვილის ძმაც ამბობს, რომ ამრან ბორჩაშვილის მსგავსად, მისი ძმა თურქეთში მუშაობს: ,,ჩემი ძმა თურქეთშია სამუშაოდ და არა საბრძოლველად სირიაში. ტყუილია, რასაც ლაპარაკობენ“.
„ვერსია“ სირიაში წასული 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის ნათესავსაც გაესაუბრა, რომლის თქმითაც, რამზანი სირიაში ფულის ინტერესით არ წასულა და მას მხოლოდ სარწმუნოების დაცვა ამოძრავებს: „რამზანის ოჯახს ძალიან უჭირს… სირიაში წასულ მებრძოლებს ხშირად ბრალს სხვადასხვა უკანონი ქმედებაში სდებენ, რაც შესაძლოა, იქაური ხელისუფლებისგან იმართება. პირადად, არ მაქვს სირიაში წასვლის სურვილი და არც წავალ, რადგან საქართველოში მშვიდად ცხოვრება მირჩევნია“.
„რეზონანსი“, 8 ოქტომბერი, 2015 წელი
რატომ ასაიდუმლოებენ რუსულ-ქართული შეთანხმების ამოქმედების ტექნიკურ დეტალებს
თიკო ოსმანოვა
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით, საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ მიღწეული არ არის. სამჯერ გადადების შემდეგ, გასულ კვირას შვეიცარიაში სამმხრივი – რუსულ-ქართულ-შვეიცარიული შეხვედრა გაიმართა, მაგრამ რა გადაწყდა აღნიშნულ შეხვედრაზე – უცნობია. შეხვედრას საქართველოდან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა. სამინისტროში შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აცხადებენ, თუ კონკრეტულად რა საკითხები იქნა განხილული, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები საზღვარზე ნეიტრალური მებაჟეების განთავსების კონკრეტულ ვადებზე და ა.შ. თითქმის ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად, “რეზონანსმა” ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან.
პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ქართული მხარე ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდნენ. ამასთან დაკავშირებით, თებერვალში პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაც გაიმართა, სადაც კარასინმა ტექნიკური დეტალების მოგვარებისთვის 3-თვიანი ვადა ითხოვა. უკვე ივლისში კი გადაწყდა, რომ აგვისტოს ბოლოს შვეიცარიაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართებოდა.
მას შემდეგ შეხვედრის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და საბოლოოდ გასულ კვირას გაიმართა. თუმცა რა გადაწყდა ამ შეხვედრაზე და როდის ჩადგებიან მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები, ისევ უცნობია.
“გაცნობებთ, რომ შვეიცარიის ინიციატივით შედგა ტექნიკური დონის შეხვედრა. მხარეებს შორის მუშაობა გაგრძელდება ხელშეკრულების ტექსტის დეტალების ჩამოყალიბებისა და შეთანხმების მიზნით”, – ფინანსთა სამინისტროში მხოლოდ ეს მწირი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
მოლაპარაკების დეტალებზე ზურაბ აბაშიძე ინფორმირებული არ არის. “აღარ ვარ საქმის კურსში. გადავაბარე საქმე და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეათანხმონ ამ დოკუმენტების ტექნიკური დეტალები. მაგრამ რა არის იქ, რომელი ტექნიკური დეტალია შესათანხმებელი – არ ვიცი. მე რაც მევალებოდა, გავაკეთე”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას აბაშიძე.
აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებას, რომესაც ოფიციალური მოსკოვი 2011 წელს მხოლოდ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ დათანხმდა, წლის ბოლოს ვადა გასდის და რუსულ მხარეს მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მიეცემა.
მოესწრება თუ არა მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლების ჩაყენება, ესეც უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.
“ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა და გადავეცით შვეიცარიულ მხარეს. იგივე უნდა გაეკეთებინა რუსულ მხარეს. შემდეგ ერთობლივად შეთანხმების სამუშაო დოკუმენტზე უნდა მომხდარიყო ხელმოწერა. ყველაფერი დამოკიდებული იყო რუსულ მხარეზე, როგორ დაასრულებდა თავის მხრიდან მუშაობას და გადასცემდა შვეიცარიულ მხარეს. ჩვენ ამას ველოდებოდით და ბატონი ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ერთ-ერთი შეხვედრა ამას მიეძღვნა. ტექნიკური დეტალები არის, თუ როგორ განთავსდება, სად განთავსდება მონიტორინგის საშუალებები. ეს უკვე შვეიცარიულ კომპანიასთან არის შესაჯერებელი, თორემ რუსეთსა და საქართველოს შორის რაც შეჯერდა, ის იყო 2011 წლის ხელშეკრულებაში.
სამწუხაროდ, ამ დოკუმენტს ვადა აქვს. ამიტომ ამ ხელშეკრულების ამოქმდება საქართველოს ინტერესში იყო, რომ ყველაფერი ვადებში მომხდარიყო. ჩვენ დროულად დავამთავრეთ და გადავეცით შევიცარიელ მხარეს. მოესწრება თუ არა ამის ამოქმედება – ეს დეტალები უკვე აღარ ვიცი”, – უთხრა “რეზონანსს” ბერუჩაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებაში, აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ეს ხელშეკრულება აღარ ამოქმედდება და ამაში იგი დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
“ხელშკერულების გაფორმებიდან 3 წელი გავიდა და აქამდე არ ამოქმედებულა. ასე რომ, არ მგონია ახლა მოხდეს მისი იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო რუსეთის ბრალი, საქართველოს ხელისუფლებაც დამნაშავეა, რომ ხელშეკრულება ვერ მიიყვანეს ბოლომდე და ვერ შეიყვანეს ძალაში. ამ ხელისუფლებას ამაზე პასუხისგება მოუწევს და ეს იქნება მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან ფაქტობრივად ხელში გვქონდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც საერთაშორისო ფორმატით შესაძლებელი იქნებოდა. არაფერი შესათანხმებელი არ იყო. ძალიან კარგად მახსოვს, თუ რა სახით დავტოვეთ დოკუმენტი. მხოლოდ ტექნიკური საკითხები იყო გადასაწყვეტი, რომელსაც უნდა დასჭირვებოდა რამდენიმე თვე და არა სამი წელი. რუსეთისთვის ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება სასურველი არ არის. ამიტომ ყველანაირად ეცდება, რომ ეს არ შეასრულოს. წლის ბოლოს რუსეთს ხელშეკრულების გადახედვის უფლება ექნება და ალბათ ეს შეთანხმება აღარც შესრულდება,” – გვითხრა ცოტა ხნის წინ კაპანაძემ. მისივე თქმით, სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა: „ხელშეკრულებაში განსაზღვრულია კონკრეტული კოორდინატები, თუ სად უნდა დადგნენ მონიტორები. მათი განლაგების ადგილი არის – როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ასევე ლარსის ჩრდილოეთით და მდინარე ფსოუს წინ. ეს არის კორიდორის ჩრდილოეთი ნაწილი. რაც შეეხება ქვედა ნაწილებს, ეს არის ზუგდიდთან, გორთან და ლარსის სამხრეთით.
„აფხაზეთი” და “სამხრეთ ოსეთი” ხელშეკრულებაში ნახსენები არ არის. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც არის ამ ხელშეკრულებაში, ისაა, რომ ზოგადად მონიტორინგი ეხება ყველა იმ ტვირთს, რომელიც შედის და გადის ამ კორიდორებიდან. საუბარია ყველა ვაჭრობაზე, რომელიც არის აფხაზეთსა და რუსეთს შორის”, – ამბობს კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია კერძო კომპანია ზემოხსენებული მიზნების განხორციელებისათვის. ეს არის კომპანია “ეს-ჯი-ესი”, რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა.
რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი სწორედ თბილისსა და მოსკოვს უნდა დაედოთ და ის თავის საქმიანობას დაიწყებდა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს, ასევე რუსეთსა და “სამხრეთ ოსეთს” შორის ვაჭრობის კუთხით, თუმცა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
„რეზონანსი“, 8 ოქტომბერი, 2015 წელი
ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვას გეგმავს? – რამდენად რეალურია აფხაზური ინტელიგენციის შიში
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
“სოხუმში უცხოელებისათვის აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის თემის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება და ამ დაპირისპირებაში მთავარი მტრის ადგილი ისევ ქართველებს უჭირავთ. რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით აფხაზმა მეცნიერებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც სწორედ ასეთ შიშზეა საუბარი. რაც ყველაზე საინტერესოა, მათი ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სპეციალური ფონდი, რათა აფხაზეთში უძრავი ქონება მასობრივად შეისყიდოს. დე ფაქტო პარლამენტიე დეპუტატი სერგეი შამბა, რომელიც ადრე პრემიერ-მინისტრი იყო, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავო ქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის მომხრეა და ამ იდეის ბოლომდე გატანისთვის “პარლამენტში” 7-კაციანი ფრაქციაც შექმნა. შამბას თქმით, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის უძრავი ქონების გაყიდვა აუცილებელია და თუკი ამ ქონებას ივანიშვილის რუსეთის მოქალაქე ქართველების სახელით იყიდის, ამაში საშიში არაფერია, რადგან ქართველები ამ ქონებას ვერ გამოიყენებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”.
“მე არ მესმის, ვიღარც ქართველმა აფხაზეთში უძრავი ქონება როგორ უნდა იყიდოს ან ყიდვის შემთხვევაში რა გააკეთებს, რაში გამოიყენებს მას – მოვა და აქ დაისვენებს ან იცხოვრებს? ეს არარეალისტურტია. ქართველებმა იარაღით ხელში ვერ შეძლეს აქ დამკვიდრება და იარაღის გარეშე საცხოვრებლად როგორ მოვლენ?” – აცხადებს სერგეი შამბა აფხაზი ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ, რომ აფხაზ მეცნიერებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრემიერმა ივანიშვილმა აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვის მიზნით სპეციალური ფონდი შექმნა. მისივე თქმით, აფხაზეთი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელების დაშვებით, შესაძლოა რუსეთის მოქალაქე ქართველებმა ისარგებლონ და ამასთან დაკავშირებით სოხუმში შესაბამისი “თავდაცვის” მექანიზმი უნდა შეიმუშაონ. “ჩვენ გვინდა რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ ჩვენთან, ისვენებდნენ და ხარჯავდნენ ფულს. ეს ჩვენთვის მომგებიანია და მოგვწონს. დაე, იყოს უფრო მეტი რუსი. ისინი აფხაზეთის მოქალაქეობას არ იღებენ, მხოლოდ უძრავ ქონებას იყიდიან და დასასვენებლად ჩამოვლენ”, – ამბობს შამბა. თუმცა შამბასა და მისი გუნდის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის აფხაზეთის ინტელიგენცია, რომელმაც სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ბაზრის გახსნა “აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისთვის” ტრაგიკული შედეგის მომტანი იქნება – “ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის შემოსავალი საარსებო მინიმუმს ძლივს აღწევს, უცხო ქვეყნის მოქლაქეებს კონკურენციას ვერ გაუწევს და ეთნო-კულტურული და დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შედეგი აფხაზი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აფხაზეთში რამდენიმე ცნობილი პირი აწერს. თემა აქტიურად განიხილავენ აფხაზურ ინტერნეტ ფორუმებზეც. შამბას პასუხად ბევრი წერს, რომ ისინი უძრავი ქონების გაყიდვის წინააღმდეგი არიან.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ აფხაზებს დემოგრაფიული შიში აქვთ, საჯაროს რუსებზე ვერ ლაპარაკობენ და ამიტომაც მხოლოდ ქართველებისკენ იშვერენ ხელს: “ამ კანონის მიღებას აფხაზებს კრემლი აძალებთ. ძალიან ბევრმა რუსმა შავ ბაზარზე იყიდა უძრავი ქონება, მაგრამ რადგან გაფორმების უფლება არ ჰქონდათ, აფხაზებზე გააფორმეს. აფხაზებმა კი ეს გაყიდული ქონება წაართვეს. ამ საკითხზე ძალიან ბევრი დავა არსებობს. ძალიან ბევრი რუსია “გადაგდებული”. ამიტომაც აძალებენ აფხაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სახლების ყიდვის უფლება მისცენ. ვერ იტყვიან, რომ რუსები არ უნდათ და ბაზრის გახსნის საწინააღმდეგო საბაბად იმას იყენებენ – არ გვინდა ქართველები შემოვიდნენო. მიწებს სხვისი მიწები არ უნდათო, რომ იძახიან, ეს ხომ სულელური არგუმენტია, რუსების ინტერესები ყველამ იცის”, – აცხადებს ლევან კიკნაძე.
“ივანიშვილმა ფონდო რომ შექმნას და რუსეთის მოქალაქე ქართველებმა აფხაზეთში ქონება იყიდონ, ეს რა თქმა უნდა, დადებიტი მოვლენა იქნება, მართალია, ახლა ვერავინ შევა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალში, შესაძლოა მოვიდეს დრო და ახალგაზრდა აფხაზებისთვის მომავალში ქართველი არ იყოს მტრად აღქმული. რადგანაც ამ შესაძლებლობის შიში აქვს აქვს დღეს აფხაზების ნაწილს, შესაძლოა არის რაღაც ტენდენცია და ამიტომაც აპროტესტებენ ამას”, – მიიჩნევს ექს-მინისტრი.