globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 9th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: არშემდგარი ვეტო // პრეზიდენტმა შეცვლილი საარჩევნო კოდექსი გააკრიტიკა, თუმცა ცვლილებას ხელი მაინც მოაწერა

რეზონანსი: როგორ შეცვალა “ოცნებამ” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „რით განსხვავდება ახალი პრემიერი ძველისგან? ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი არ ჰქონდა”

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „მინდა, გიორგი კვირიკაშვილი იყოს სპარტაკი, რომელიც საქართველოს წინ წაიყვანს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „გიორგი ქადაგიძე წასვლამდე სიტუაციას აურევს… გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს, რომ მას ამის საშუალება არ მისცეს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ლეონიდ ჩერნოვეცკი კომიკურ ფიგურად უნდა აღვიქვათ”

ახალი თაობა“: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „გუგული მაღრაძე ნაციონალებზე მუშაობს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: ზურაბ ჟვანია გაზპრომის მილსადენის გამო მოკლეს? „მოვლენათა შორის ლოგიკური კავშირი ჩანს“

რეზონანსი: რა იმალება ირანული გაზის კომბინაციის უკან?

რეზონანსი: თამბაქოს გაძვირებამ ბაზარზე ქაოსი გამოიწვია // მომხმარებლები და რეალიზატორები ერთმანეთს უპირისპირდებიან

—————————-

რეზონანსი“, 9 იანვარი, 2016 წელი

არშემდგარი ვეტო

პრეზიდენტმა შეცვლილი საარჩევნო კოდექსი გააკრიტიკა, თუმცა ცვლილებას ხელი მაინც მოაწერა

თაკო მათეშვილი

საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მოწოდებული კონსულტაციები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როგორც ჩანს, არ შედგება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, ოღონდ მთავარ საკითხზე – პროპორციული სისტემის შემოღების 2020 წლამდე გადავადებაზე აზრის შეცვლას არ აპირებენ. ოპოზიცია კი ამგვარი წინაპირობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ “მეასეხარისხოვან” საკითხებზე ლაპარაკში დროს არ დახარჯავენ.

უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებისა და კინკლაობის საგანია. 2015 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ სცნო საარჩევნო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესს შეეხება. შედეგად, პარლამენტში საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის წესი შეიმუშავეს, რომელიც უკვე დამტკიცდა.

73 მაჟორიტარული ოლქიდან ცვლილება 60-ს შეეხო და, შესაბამისად, მათ ახალი საზღვრები აქვთ, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა. ზოგიერთი რაიონი ერთმანეთს მიუერთდა და მათ პარლამენტში საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ზოგი კი პირიქით – დაიყო და 3-4 მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც ოპოზიციის და ასევე პრეზიდენტის მოთხოვნაა, ამასთნ დაკავშირებით უმრავლესობას აზრი არ შეუცვლია – მის შემოღებას ისევ 2020 წლისათვის აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აპროტესტებს და ამბობს, რომ ვერ იგებს რატომ უნდა გადაიდოს ეს სამომავლოდ, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო მაინც არ დაადო და ხელი მოაწერა.

გუშინდელ ბრიფინგზე მარგველაშვილმა ამის მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი.

“ეს არ არის საარჩევნო რეფორმა, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ცვლილებები იქნა წარმოდგენილი, ეს არის ადეკვატური კანონი. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ის, რომ ეს არ არის საარჩევნო რეფორმის კანონი”, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას შორის არის სრული თანხმობა იმაზე, რომ საუკეთესო გამოსავალი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

შესაბამისად, მან პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებისკენ მოუწოდა

“ჩვენ ყველას ერთად გვესმის და ვიცით, რა არის საუკეთესო. რატომ არ დავადგინოთ ეს საუკეთესო დღეს, არამედ მოვითმინოთ კიდევ 4 წელიწადი?.. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, არამედ ეს არის ის აზრი, რომელსაც გვიზიარებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამ განცხადებების გამო, საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის საარჩევნო საკითხებში კომპეტენტურობა ეჭქვეშ დააყენეს. პარლამენტარმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა საარჩევნო კოდექსის ექსპერტობას არ ნიშნავს და რომ მას მეტი ნეიტრალობა მოეთხოვება. აქვე ისიც დასძინა, რომ პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს არდადება და ცვლილებებზე ხელის მოწერა კარგია.

“არის არანაკლებ კომპეტენტური ხალხი, ვისაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვს. არჩევნები პოლიტიკურმა გუნდებმა უნდა განახორციელონ, ამ პროცესში ისინი უნდა იყვნენ ჩართული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. იგი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარული წარმომადგენლობა რეგრესულია და ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული.

“ასე რომ, როცა ვამბობ, რომ პრეზიდენტის მოსაზრება არის სხვა და მასზე არანაკლებ თანამდებობის პირების – პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრება და მიდგომა არის სხვა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მათ შორის შეჯიბრებითობას გავუსვა ხაზი. მე ვამბობ, რომ ამ შეთხვევაში პრეზიდენტის ფუნქცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტად ნეიტრალური და თუკი ვერ მოახერხა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ ძალას ერთი მოსაზრება ჰქონდეს, სულ ცოტა ის მაინც ევალება, რომ არ გამოაცხადოს საერთო სახალხო კონსენსუსის შესახებ, რაც მან რამდენიმე თვის წინ გააკეთა, როცა არასაპარლამენტო პარტიებთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციები გამართა და გამოაცხადა, რომ თითქოს საარჩევნო საკითხზე საერთო სახალხო კონსენსუსი შედგა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ სააჩევნო კოდექსში სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს არ გაუკვირვებია. მეტიც, “თავისუფალი დემოკრატების” თქმით, არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტს “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე ვეტო უნდა დაედო.

პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის თქმით, ვეტოს დადებას მთელი რიგი პროცედურები უნდა მოჰყოლოდა და არც პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე და არც სამართლებრივად არ იქნებოდა გამართლებული, რომ პრეზიდენტს ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა.

“დიდი ხანია ვსაუბრობთ ზუსტად იმაზე, რაც პრეზიდენტმა თქვა – რატომ ვაგვიანებთ რეფორმის განხორციელებას 2020 წლისთვის, როდესაც შეიძლება, 2016-ში ჩაგვეტარებინა?! სამწუხაროდ, კოალიცია “ქართული ოცნება” არ აღმოჩნდა მზად ამ რეფორმის გასატარებლად. მე ნამდვილად გამიჭირდება ამ სისტემას, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, რეფორმა ვუწოდო. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებს, მაგრამ იდეალური იქნებოდა, რომ იმ რეფორმით, რომელზეც გვესაუბრებიან 2020 წელს, არჩევნები 2016 წელს ჩატარებულიყო,” – აღნიშნა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ განვლილი თვეების განმავლობაში, მანამ, სანამ ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობდა, არასაპარლამენტი და საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა ერთმანეთთან, სამოქალაქო სექტორთან, პრეზიდენტთან და სურვილს გამოთქვამდნენ, რომ იგივე ხელისუფლებასთანაც გაეკეთებინათ, თუმცა, მათი თქმით, ხელისუფლება ამით არასოდეს დაინტერესებულა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ მათ შორის არაერთი შეხვედრა შედგა, რომლებიც მართალია კონსენსუსის გარეშე დასრულდა, მაგრამ ეს ფაქტს, რომ კონსულტაციები გაიმართა, არ ცვლის.

კონსულტაციებისათვის მზაობას ახლაც ორივე მხარე გამოთქვამს, თუმცა თავიანთი პირობებით.

“სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, მაგრამ პროპორციული არჩევნების საკითან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენ კვლავ იმ აზრზე ვრჩებით, რომ პროპორციული არჩევნების 2016 წლის შემდეგ უნდა გადაიდოს. ეს საკითხი ცვლილებას არ ექვემდებარება. სისტემასთან დაკავშირებით ვერაფერს დავთმობთ, ამაზე შეთანხმებული ვართ”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი.

გაკეთებულ საქმეს – ოლქების გათანაბრებას იგი ფუნდამენტურ ცვლილებას უწოდებს და დასძენს, რომ ეს მოქალაქეთა თანასწორობას უზრუნველყოფს. ანუ, ქვეყნის ბედის განსაზღვრისას ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი ძალა ექნება.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას რაც შეეხება, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ეს მომავლისთვისაა.

“მე პირადად მგონია, რომ ეს სისტემა იმ ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც პარტიები ძლიერია და საზოგადოებრივ სეგმენტებს მკაფიოდ წარმოადგენენ. ჩვენთან ასეთი პარტიები არაა. იმ პარტიების უმეტესობა, რომლებიც იჩემებენ, რომ მთავარი პოლიტიკური სუბიექტები და ხალხის წარმომადგენლები არიან, სინამდვილეში რამდენიმე კაცისგან შედგებიან. ეს პარტიები საზოგადოებრივი წარმონაქმნები არ არიან. არჩევნები კი პარტიებისათვის კი არა, ხალხისთვის ტარდება. ასე რომ, მიგვაჩნია, მომავალში მართლაც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს პარტიები ფართოსაზოგადოების მონაწილეობით, სადაც წევრების რაოდენობა მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა ამის თაობაზეც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,” – აღნიშნავს დეპუტატი.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია მტკიცეა და დათმობას არ ექვემდებარება, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ “ამ მომავლის სისტემაშიც არის საკითხები, რაც შესათანხმებელია”. მაგალითად ის, თუ როგორი იქნება მრავალმანდატიანი ოლქები და ა.შ. შესაბამისად, კონსულტაციებს, ოღონდ მოგვიანებით, საჭიროდ მიიჩნევს.

“ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. როცა პარლამენტში განხილვა დაიწყება, ცხადია, ყველა გონივრულ მოსაზრებას მოვისმენთ. დღევანდელ მდგომარეობას და 2016 წლის არჩევნებს რაც შეეხება, ამაზე ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია. საარჩევნო პროცესსა და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა საკითხებზე კონსულტაციებისათვის კი მზად ვიყავით და ვართ კიდეც,” – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ამგვარი წინაპირობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა კი არასაპარლამენტო ოპოზიციისათვისაა მიუღებელი. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ “მეასეხარისხოვან საკითხებზე” ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ აპირებენ. მისი თქმით, თუ გვინდა, რომ სარჩევნო გარემო არსებითად შეიცვალოს, მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ.

“მოპარული მანდატებით სარგებლობაზე ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას. თუკი ძირეულ საკითხებზე ლაპარაკი არ ენდიმებათ, რა ფერის კალმით უნდა შემოვხაზოთ ბიულეტენი და როგორი ჯიხურები უნდა იდგას სარჩევნო უბანზე, ეს სერიოზული სალაპარაკო არაა. ამ ხისტი და შეუვალი პოზიციის გამო ხელისუფლებას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს,” – აღნიშნავს კაციტაძე. მისივე თქმით, 4 იანვარს არასაპარლამენტო ოპოზიციამ ახალ პრემიერს შეხვედრის თაობაზე წერილი მისწერა, თუმცა პასუხი ჯერ არც აქედან მიუღიათ. იგი იმედს გამოთქვამს, რომ კვირიკაშვილს ისეთივე ხისტი პოზიცია არ ექნება, როგორიც მის თანაგუნდელებს აქვთ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ბრიფინგს, კაციტაძე ამბობს, რომ მან ძალიან ზუსტი და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა და მართებულად აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რაც პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში განახორციელა, სისტემურ ცვლილებებად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება. ეს, მამუკა კაციტაძის თქმით, მართლაც უფრო ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება და კოალიცია “ქართული ოცნების” ნებას არ წარმოადგენს.

ამბობს, რომ ჯერ კიდევაა დრო საარჩევნმო სისტემის შეცვლისათვის და ხელისუფლება ვალდებულია “დროულად მოუხმოს გონიერებას” თუკი არ უნდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მათთვისაც და ქვეყნისთვისაც სერიოზულ პრობლემად იქცეს. “ბატონი ვოლსკის ნათქვამს რაც შეეხება, თითქოს პრეზიდენტი საარჩევნო სისტემებში კომპეტენტურ პიროვნებას არ წარმოადგენს, უნდა ითქვას, რომ ვოლსკისთან შედარებით პრეზიდენტი ტალეირანია. ის აბსოლუტურად ზუსტ აქცენტებს სვამს, რასაც საერთააშორისო საზოგადოების რეკომენდაციებიც ითვალისწინებს.

“წინა ხელისუფლებებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათ იცოდნენ და ამიტომაც ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. კარჩაკეტილ პოლიტიკას შეეწირნენ და ესენიც იგივეს აკეთებენ. მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ რეიტინგის ვარდნის პირობებში არაკუთვნილი მანდატების მეთვისება და უმრავლესობის მოპოვება შეძლონ. მხოლოდ ესაა პროპორციული არჩევნების გადავადების ერთადერთი მიზეზი,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას მამუკა კაციტაძე.

რეზონანსი“, 9 იანვარი, 2016 წელი

როგორ შეცვალა “ოცნებამ” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი?

ლიკა ამირაშვილი

გარდაბნის რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატად თავდაპირველად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განიხილებოდა, თუმცა “ოცნებამ” საბოლოო არჩევანი გოჩა ჯამარაულზე შეაჩერა. როგორც არეშიძემ “რეზონანსს” უთხრა გარდაბანში არჩევნების მონაწილეობის სანაცვლოდ “ოცნებას” თავისი პირობა შესთავაზა, რაც მომავალში მის მაჟორიტად წარდგენას გულისხმობდა.

გარდაბნის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარსაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს. “ქართული ოცნების” კანდიდატ გოჩა ჯამარაულს “ნაციონალური მოძრაობიდან” კახაბერ კახაბრიშვილი დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გარდაბანში 2012 წელს “ქართული ოცნებას” მამუკა არეშიძე წარმოადგენდა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დამარცხდა.

მამუკა არეშიძის თქმით, შემოთავაზება პარტიის გენერალური მდივნის, კახი კალაძისა და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისგან მიიღო. მისი თქმით, შემოთავაზებას თავისი პირობით დათანხმდა.

“გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ჩემი პირობა ასეთი იყო, რომ შემდეგში მაჟორიტარის კენჭისყრაში მივიღებდი მონაწილეობას. როგორც გაირკვა, ეს პირობა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ჩემთვის გარდაბნის რაიონს მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ 2012 წელს არჩევნები პრაქტიკულად წამაგებინეს. წაგებულ მაჟორიტარებს შორის ყველაზე მაღალი – 43% მე მქონდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი “ქართული ოცნებისა” და კონკრეტულად ჩემი მომხრე იყო. სურვილი მაქვს დავამტკიცო, რომ არჩევნების მოგება შემიძლია. გარდა ამისა, მოსახლეობასთან დღემდე ძალიან თბილი მოგონება და ურთიერთობა მაკავშირებს”, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ მამუკა არეშიძის კანდიდატურა გარდაბნის გამგებლის კანდიდატურად არ განიხილებოდა.

“მამუკა არეშიძის კანდიდატურა რატომღაც მედიამ გაავრცელა. მისი კანდიდატურის შესაძლებლობა არ განხილულა, მე ეგ ინფორმაცია არ მაქვს. არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, რადგან ეს ინფორმაცია არ მაქვს. მამუკა ჩემი მეგობარია, კარგი ექსპერტია და მისი კანდიდატურა რამდენადაც ვიცი, არ განხილულა”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “რეზონანსთან” საუბრისას დაადასტურა, რომ გარდაბნის არჩევნებში “ოცნების” კანდიდატად მამუკა არეშიძესთან ერთად რამდენიმე ადამიანი განიხილებოდა.

“გარდაბნის გამგებლის ადგილას მამუკა არეშიძის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, არჩევანი კი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ბატონ გოჩა ჯამარაულზე შევაჩერეთ. სხვა კანდიდატების შესახებ ვერ ვისაუბრებს, რადგან ჩვენი შიდა სამზარეულოა. მთავარია, ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატი, რომელმაც ძალიან დიდი უპირატესობით უნდა გაიმარჯვოს. ბატონი გოჩა მოსახლეობისთვის ცნობილია, როგორც წარმატებული ფეხბურთელი, რომელიც ასევე გარდაბნელია. შესაბამისად, რაიონში მაღალი ცნობადობა აქვს. ის წარმატებულია სხვადასხვა სფეროში. ესაა ის ძირითადი პიროვნული მახასიათებელები, რის საფუძველზეც არჩევანი მის სასარგებლოდ გავაკეთეთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მაჟორიტარების არჩევნებისთვის პარტიამ კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო. თუმცა, თუ როდის გახდება “ოცნების” მაჟორიტართა სია ცნობილი, კობახიძემ არ დააკონკრეტა.

“ბუნებრივია, მაჟორიტარული არჩევნები გამგებლის არჩევნებისგან დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ. მაჟორიტარი კანდიდატები პარტიის მიერ შეირჩევიან, რაც უკვე დაწყებულია. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და, საბოლოო ჯამში, მაჟორატართა კანდიდატების ის სია შედგება, რომლითაც ჩვენ 2016 წლის არჩევნებში წარვდგებით. რაც შეეხება გამგებლის კანდიდატურას, ჩვენი ამოცანა იყო ისეთი ადამიანი შეგვერჩია, რომელიც დარჩენილი 2 წლის განმავლობაში გარდაბნის პრობლემების მოგვარებაზე და გარდაბნელებზე ზრუნვაზე, იქნებოდა ორიენტირებული, შესაბამისად, არჩევანი ამის მიხედვით გავაკეთეთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რეზონანსი“, 9 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „რით განსხვავდება ახალი პრემიერი ძველისგან? ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი არ ჰქონდა

გვანცა ღვედაშვილი

რა განსხვავებაა ყოფილ და ახალ პრემიერ-მინისტრებს შორის? ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა. გარდა ამისა ამბობს, რომ მას არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური ნება და პოლიტიკაში შემთხვევით იყო მოხვედრილი. რაც შეეხება ახლანდელ პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილს, იგი რადიკალურად განსხვავდება ყოფილი პრემიერისგან და მასთან შედარებით გაცილებით დამოუკიდებელიც იქნება.

- როგორ შეაფასებთ ახალ პრემიერ-მინისტრს, რა მსგავსება და განსხვავებაა ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის?

- ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალბათ სწორედ ეს განსხვავება გახდა ამ ცვლილების საფუძველი. საქმე ისაა, რომ საარჩევნოდ წელს ხელისუფლებას სჭირდება ლიდერი, რომელიც მოახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას, სხვადასხვა საზოგადოებრივ-სოციალურ ჯგუფებთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ნორმალურ ურთიერთობას. ღარიბაშვილს კი მოგეხსენებათ ეს რესურსი მთლიანად ამოწურული ჰქონდა. მან არ დატოვა არავინ, ვისთვისაც შეურაცხყოფა არ მიუყენებია. პირდაპირ გეტყვით, რომ კვირიკაშვილი ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მისი დადანაშაულება არაკორექტულობაში ან აგრესიულ ქმედებებში შეუძლებელია. შესაბამისად, ამ მხრივ ჩასაფრებული ადამიანისთვის ძნელია მისი სისუსტეების პოვნა. ღარიბაშვილს არ ჰქონდა ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი. იგი გარკვეული თვალსაზრისით ქვევრის პრინციპით მუშაობდა – რასაც ჩასძახებდნენ, იმას იღებდა. შემდეგ კი ამ ჩაძახილზე საკმაოდ აგრესიული ამოძახილი ჰქონდა და იმაზე არ ფიქრობდა, რომ მას პოლიტიკაში ასეთი ემოციები არ გამოადგებოდა. ემოცია უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ მართვას, ის ცივი გონებით უნდა იყოს განპირობებული და არა ისე, რომ ყველა ხიდი დაწვა და არ იფიქრო მომავალ კომუნიკაციაზე. ეს განსაკუთრებით ჩანდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით. არა კონკრეტულად პრეზიდენტთან, არამედ ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობაში.

მუდმივად იმის მტკიცებაში, რომ ქვეყანაში მთავარი ის არის. იყო პრეზიდენტის დაკნინების მუდმივი მცდელობა. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ თავად დარჩა თამაშგარედ, პრეზიდენტი კი ისევ გიორგი მარგველაშვილია. მისი მხრიდან ეს ყველაფერი მინიმუმ არ ტოვებდა ინტელექტუალის შთაბეჭდილებას, რომელსაც შეეძლო ცოტა წინ გაეხედა. ის აბსოლუტურად მექანიკურად მოქმედებდა.

- ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ თემაზე კამათი უნდა შეწყდეს და პრეზიდენტი თავის ადგილას იმყოფება, რის შემდეგაც ივანიშვილის საკმაოდ მწვავე განცხადება მოვისმინეთ, რომ არავის მისცემს უფლებას პრეზიდენტის საქმეებიგააპრავოს“. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით კვირიკაშვილმა საზოგადოებას დაანახა, რომ ის თავისუფალია ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან?

- გიორგი კვირიკაშვილი ზუსტად იმით იწვევს საზოგადოებაში სიმპათიას, რომ გვაჩვენებს, მას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს აქვს ამის უფლება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კვირიკაშვილი მთლიანად თავისუფალია ივანიშვილის გავლენისგან. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, მაგრამ თუნდაც ის, რომ გარკვეულ საკითხებზე მას შეუძლია და აქვს იმის საშუალება, რომ განსხვავებული აზრი იქონიოს, ესეც გარკვეული პლუსია. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად სისტემურია, რომ ამას გარკვეული პერიოდის შემდეგ დავინახავთ, იგივე მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედებაში. ერთია, ემოციური განწყობა და პირველი შთაბეჭდილება და მეორეა, თუ როგორ ჩამოყალიბდება ის რეალურ პოლიტიკურ ლიდერად.

- გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნასთან ერთად განიხილებოდა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. როგორ ფიქრობთ, რატომ დარჩა მთავრობაში იგივე შემადგენლობა?

- ამან უკვე გააჩინა გარკვეული კითხვები. ერთია, რომ შენ პრემიერ-მინისტრი ხდები და მეორე – გაქვს თუ არა თავისუფლად მოქმედების საშუალება. რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები, რადგან დაანონსებული იყო, რომ ცვლილებები მოხდებოდა და არ მოხდა. ამას შეიძლება თავისი ლოგიკური ახსნა მოვუძებნოთ, თუმცა, ახლო მომავალში ყველაფერი გაირკვევა. ცვლილებები გარდაუვალია და უახლოეს მომავალში ის აუცილებლად განახორციელებს ამ გადაადგილებებს, საიდანაც დავინახავთ რამდენად თავისუფალია კვირიკაშვილი თავის გადაწყვეტილებებში.

- თქვენი აზრით, კვირიკაშვილის დროს რამდენად აღდგება კომუნიკაცია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის?

- მე ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უყურებენ არა სახელმწიფოებრივი, არამედ პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში. როდესაც პოლიტიკურ ელიტას ერთმანეთში ერევა პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესი და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურს სახელმწიფოებრივზე მაღლა აყენებენ, ეს არის ქვეყნის უბედურება. მე იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ეს აღარ განმეორდება. მთავარი ის კი არ არის, ვინ ვის უყვარს, მოსწონს ან არ მოსწონს, მთავარია ურთიერთპატივისცემა. თუ შენ სახელმწიფობრივად აზროვნებ და არ ხარ დაქვემდებარებული ვიწრო პოლიტიკურ კონექტურაზე, ვალდებული ხარ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა იქონიო. მე იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილი ამ მხრივ პოზიტიურ მაგალითს აჩვენებს და რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილებია. მე მაინც ვვარაუდობ, რომ პოლიტიკური გუნდისა და გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრის მხრიდან იქნება გარკვეული დაბრკოლება, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არ დაუშვან ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება. შევხედოთ, როგორ შეძლებს ის ამის გაძლებას და როგორ გადაიტანს ამ ურთიერთობას ცივილიზებულ რელსებზე.

- ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილთან შედარებით ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაში?

- ბუნებრივია, რადგან ღარიბაშვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკური ფიგურა, რაც გამოჩნდა კიდეც. მას არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური ნება. კვირიკაშვილსაც აქვს მინუსები, ის არის ტექნიკური პრემიერ-მინისტრი, მას შეუძლია მართოს ქვეყნის მეურნეობა, მაგრამ არ აქვს წმინდა პოლიტიკური გამოცდილება. ის არასდროს ყოფილა დაკავებული პარტიული საქმიანობით. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან ბუნდოვანია და მას კიდევ მოუწევს იმის ჩვენება, რომ შეუძლია გახდეს ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკური პარტიის ლიდერიც. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მას აქვს ნორმალური კომუნიკაციის უნარი.

ირაკლი ღარიბაშვილი იყო უფრო აჩრდილი, მას არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური ნება და მისი წასვლით რეალურად არც არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვნახეთ, რომ მისი წასვლიდან რამდენიმე დღეში უკვე აღარავის ახსოვს ღარიბაშვილი და არც მისი ბედი აინტერესებს ვინმეს.

- როგორ ფიქრობთ, მომავალში შესაძლებელია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ვიხილოთ პოლიტიკაში?

- ეს საერთოდ არ არის საინტერესო. ის არის ნორმალური მენეჯერი, აქვს კარგი განათლება. თუმცა პოლიტიკაში შემთხვევით მოხვდა, თავად ამის სურვილი და ამბიცია ნამდვილად არ ჰქონია. პოლიტიკაზე მას არც უოცნებია. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ორი წელი ღარიბაშვილისთვის სიზმარი იყო. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ახლა გაიღვიძა და ფეხი მიწაზე მყარად დადგა. მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მომავალში მის პოლიტიკაში ან საზოგადოებრივ საქმიანობაში გამოჩენას. ასე რომც მოხდეს, მისი წონა მინიმალური იქნება. ის იქნება ერთ-ერთი ათასიდან და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იქნება. ასე რომ, მე ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, რომ ის რაიმე როლს ითამაშებს, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც არ მოინდომებს მის რეაბილიტაციას. მისი რესურსი რაც იყო, ეს მაქსიმალურად იქნა გამოყენებული და ახლა ის თავის რეალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს. ამ ორი წლის განმავლობაში ის იყო სადღაც სხვა განზომილებაში, არარეალურ სამყაროში. ახლა კი დაიბრუნა თავისი ცხოვრება და მგონი მისალოცად აქვს საქმე. რაც უნდა იყოს, მე მას წარმატებებს ვუსურვებ.

ახალი თაობა“, 9 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: `მინდა, გიორგი კვირიკაშვილი იყოს სპარტაკი, რომელიც საქართველოს წინ წაიყვანს~

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციაში რჩებიან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე დავით ზალკალიანის კანდიდატურა ქვეყანას მხოლოდ წაადგება.

„დავით ზალკალიანი მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატია. ის თავისი საქმის პროფესიონალია. დავით ზალკალიანი არის ჩვენი მეგობარი. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროში მის დაბრუნებასა და პირველი მოადგილის პოზიციის შეთავაზებას, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მე ეს მხოლოდ დადებით კონტექსტში შემიძლია შევაფასო“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

- ოფიციალურად დავით ზალკალიანი არის თავისუფალი დემოკრატების წევრი?

- არა, აღარ არის. ის საკმაო ხანია, რაც პარტიულ საქმიანობას არის ჩამოშორებული. უფლებამოსილება შეიჩერა მას შემდეგ, რაც პარტიიდან გავიდა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მასთან ურთიერთობა და მეგობრობა გვქონდა გაწყვეტილი. ჩვენ ადამიანებთან არ ვმეგობრობთ იმ ნიშნით, თუ ვინ არის ოპოზიციაში და ვინ – ხელისუფლებაში. მეგობარს ცოტა სხვა ნიშნით ირჩევენ და ჩემთვის მეგობრობა მარადიული ღირებულებაა.

- ხმები გავრცელდა, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა შესაძლებელია პარტიის სხვა წევრებსაც გაუკეთოს შეთავაზება. თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებაში ბრუნდებით?

- ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ არა ამ ფორმით. ხელისუფლებაში არჩევნების შემდეგ რომ დავბრუნდებით, ამას ნამდვილად ვგრძნობთ და ვხედავთ. ჩვენ ვართ ოპოზიციაში, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ქვეყნის ოპოზიციაში. ჩვენ ვართ იმ მთავრობის ოპოზიციაში, რომელმაც გასცა უამრავი დაპირება, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შესრულდა. მე ვიცი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მუდმივი ოპოზიციონერობა მიაჩნიათ უფრო კომფორტულად.

- თქვენს ძალას არა?

- რა თქმა უნდა, არა.

- ხელისუფლებაში მოსვლის რა შანსები გაქვთ?

- ჩვენი შანსები სავსებით რეალურია.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ გიორგი კვირიკაშვილზე? იქნება მასზე დამოკიდებული, თუ როგორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში?

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნიშანი იმისა, წავა ქართული სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების გზით თუ კვლავ შეჩერდება. ეს არის ძალიან სერიოზული რუბიკონი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის სერიოზული გამოწვევა პირადად გიორგი კვირიკაშვილისთვისაც. იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილი მისი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული პრემიერი იქნება. მისი განწყობა, თუნდაც მისი ლექსიკა, დაპირისპირების აღმოფხვრის სურვილი იძლევა იმის წინაპირობას, რომ ის განსხვავებული პრემიერი იყოს. რასაკვირველია, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას ხელს შეუწყობს. როდესაც კვირიკაშვილს პარლამენტში ამტკიცებდნენ, თქვა, ნუ ვიქნებით გლადიატორები, პოლიტიკურ ცხოვრებას სანახაობად ნუ გადავაქცევთო. მე ამაში მას ვეთანხმები, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გლადიატორი იყო სპარტაკი, რომელმაც დიდი გარდატეხა შეიტანა, პირველ რიგში, საკუთარი თავის გათავისუფლებაში და შემდეგ უამრავი ადამიანიც გაათავისუფლა.

ეს, ცხადია, ალეგორიაა, მაგრამ მე გულწრფელად მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილიც იყოს სპარტაკი, რომელიც ჩვენ ქვეყანას წინ წაიყვანს. 2016 წლის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რასაკვირველია, ისევე, როგორც მთლიანად ამ ხელისუფლებაზე, მასზეც იქნება დამოკიდებული.

ახალი თაობა“, 9 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „გიორგი ქადაგიძე წასვლამდე სიტუაციას აურევს… გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს, რომ მას ამის საშუალება არ მისცეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. გიორგი ქადაგიძეს ვადა თებერვალში ეწურება, ახალი კანდიდატურის წარდგენა კი საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მოარული ხმების თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლა ქვეყანაში გარკვეულ კრიზისს გამოიწვევს. ამ მოსაზრებას ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე არ იზიარებს.

„მე მეჩვენება, რომ, პირიქით, ძალიან კარგი იქნება ეს ცვლილება, თუმცა გააჩნია კანდიდატურას, თუ ვის შეარჩევს პრეზიდენტი. ჩემთვის იდეალური კანდიდატურა იყო თავის დროზე ირაკლი მანაგაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, აი, ასეთი ადამიანები, რომლებიც არიან დიდი პროფესიონალები და საქართველოს პატრიოტები“, – განაცხადა ექსპერტმა „ახალ თაობასთან“ საუბარში.

- დღეს კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილზეც ამბობენ, რომ მისი კანდიდატურაც განიხილება ამ პოსტზე...

- არ ვიცი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არ არის პოლიტიკური თანამდებობა. ამ თანამდებობაზე უაღრესად კარგი, პროფესიონალი ფინანსისტი უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილის განათლება არის საერთაშორისო ურთიერთობები.

- გაქვთ კულუარული ინფორმაციები, ვისი კანდიდატურები განიხილება?

- არავითარი. მე არასოდეს ვუსმენ ასეთ კულუარულ ინფორმაციებს, იმიტომ, რომ ისინი 90%-ში არ მართლდება.

- იმაზეც საუბრობენ, რომ ამ წლის ბოლომდე პრეზიდენტის გარეშე შეიძლება დარჩეს ეროვნული ბანკი. რამ შეიძლება ეს განაპირობოს?

- არა მგონია, ასე მოხდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვის ბოლომდე პრეზიდენტი აუცილებლად წარადგენს კანდიდატურას.

- საარჩევნო წელია და არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ გარკვეულ ექსცესებს ჰქონდეს ადგილი...

- არა მგონია, ეს ეჭვები სწორი იყოს. ერთი მეორესთან კავშირში არ არის. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, დანიშნოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პრეზიდენტის არჩევნები კი ჩვენ წელს არ გვაქვს. ასე რომ, ერთი მეორესთან კავშირში არ არის.

- როგორ აისახება ეს პროცესი ლარის კურსზე? ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება. ეს ბუნებრივად ხდება თუ მიზანმიმართული პროცესია?

- მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ეს არის მიზანმიმართული. მე მგონი, ბოლო გაფართხალებაა ეროვნული ბანკის წინა ადმინისტრაციისა, ლარის კურსზე კი აისახება იმდენად, რამდენადაც ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ლარის კურსის გამყარება კი ნამდვილად შესაძლებელია ძალიან მცირე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების გზით.

- და რა ინსტრუმენტებია ეს?

- ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიურად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მიმოქცევაში მყოფი ლარისა და დოლარის მასებს, ამ მასების შეფარდებით, შესაბამისი ქმედებებით უნდა დაიჭიროს ლარის კურსი.

- პრეზიდენტის შეცვლა პირველ ეტაპზე კიდევ უფრო ხომ არ გააღრმავებს არსებულ კრიზისს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. დანიშვნიდან მეორე დღესვე მან შეიძლება ჩაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომ მნიშვნელოვნად გაამყაროს ლარის კურსი.

- შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი საბჭოს ერთ-ერთი წევრი იყოს?

- არც კი ვიცი, ვინ არიან საბჭოს წევრები. მე მთავრობას დიდი ხანია ვაფრთხილებდი, რომ დიდი ყურადღება მიაქციონ ქადაგიძის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, მისი მოღვაწეობის ბოლო დღეებს.

- რას გულისხმობთ ამ განცხადებაში? ის წასვლამდე რამეს გააფუჭებს?

- ხომ იცით გამონათქვამი  ჩემ შემდეგ წარღვნაც იყოსო. არა მგონია, რამე სერიოზული გაბედოს, რადგან მის წინააღმდეგ ძალიან ხისტი ზომები იქნება მიღებული, თუმცა ხავერდოვნად კიდევ შეიძლება გააფუჭოს საქმე.

- საქმის გაფუჭებაში რას გულისხმობთ, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას?

- დიახ, მას ეს თავისუფლად შეუძლია.

- ანუ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურების საფრთხე არსებობს?

- გააჩნია, მთავრობა, ახალი პრემიერი რა ზომებს მიიღებს. ძალიან ხისტი უნდა იყოს მთავრობის პოზიცია. მე მეჩვენება, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ეს ყველაფერი კარგად აქვს გაცნობიერებული და ამ პროცესს ხელიდან არ გაუშვებს.

- რატომ, ის კარგი სპეციალისტია ეკონომიკურ საკითხებში?

- არა მარტო ეკონომიკურში. ის ფინანსისტი იყო, საკმაოდ დიდი ხანი ბანკში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში მას ბევრჯერ შევხვედრივარ და ის ამ თვალსაზრისით პროფესიონალია. მას შეუძლია გამონახოს ისეთი ბერკეტები, რომ ქადაგიძეს არ მისცეს თარეშის უფლება.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის არჩევანსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, თან ხაზს უსვამენ, რომ ის ხელისუფლებასთან ოპოზიციაშია...

- პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა ისეთი დაძაბული აღარ იქნება. კვირიკაშვილი მოქნილი ადამიანია, არ არის ხისტი ადამიანი. მოაგვარებს ამ ურთიერთობებს. ეს მისი პირველივე განცხადებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბარი უნდა შეწყდეს.

- თუმცა ამან გაანაწყენა ბიძინა ივანიშვილი...

- არა უშავს. ბატონი გიორგი პრემიერ-მინისტრია და ისე უნდა იმოქმედოს, როგორც სჯერა, მიუხედავად იმისა, ვის გაანაწყენებს და ვის – არა.

- და თქვენ გჯერათ, რომ ის დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში?

- მე მჯერა, რომ ის არაფერს გააკეთებს ისეთს, რისიც არ სჯერა.

- წინა პრემიერზე ამბობდნენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი იყო...

- არ მინდა, ჭორებს ავყვე. ბატონი ირაკლი, მიუხედავად მისი ძალიან კარგი თვისებებისა, უდავო ნიჭისა და ჭკუისა, ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო პრემიერობისთვის. ეს რთული საქმეა და აქ, გარდა განათლებისა, საჭიროა სიბრძნე და გამოცდილება. ბატონი გიორგი უფრო დაჯილდოებულია ამ თვისებებით.

- რადგან წინა პრემიერი ახსენეთ, მას რაიმე შეეშალა თუ მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მავრი უნდა წავიდეს?

- დიდი არაფერი შეშლია, მაგრამ მისი გამოსვლები იყო ძალიან ხისტი და ეს ხალხს აბრაზებდა.

- დიპლომატია აკლდა საზოგადოებასთან ურთიერთობაში?

- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ზუსტად ეს მოქნილობა აკლდა, რაც აუცილებელია პრემიერ-მინისტრისთვის. პრემიერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპრომისზე წასვლის უნარი. ბატონ გიორგის ეს გაცილებით მეტად ახასიათებს. ამ მთავრობის ყველაზე ცუდი თვისება იყო ის, რომ საზოგადოებასთან ნორმალური ურთიერთობა ვერ დამყარდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვერ უხსნიდა მოსახლეობას, რატომ იქცეოდა ასე და არა ისე.

- მიგაჩნიათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი გამოასწორებს ამ ურთიერთობებს?

- ასეა. მოსახლეობა სწორედ ასეთ გამოსვლებს ელოდება პრემიერისგან, როგორც ეს კვირიკაშვილმა დაიწყო.

- თუმცა მას, როგორც ეკონომიკის მინისტრს, ბევრი წარმატებულ მინისტრად არ მიიჩნევს…

- ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას შეიძლება დიდი წარმატებები არ ჰქონდა მას, მაგრამ არც ჩავარდნები ჰქონია. ეკონომიკის მინისტრზე არ არის დამოკიდებული, როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას აირჩევს სახელმწიფო. ეს დამოკიდებულია მთლიანად მთავრობასა და პრემიერ-მინისტრზე. ექვსი თვე უნდა ვაცადოთ და მას შემდეგ შევაფასოთ მისი ქმედებები.

- ამასობაში არჩევნებიც მოვა...

- აბა, რა გგონიათ, რატომ დანიშნეს ის პრემიერ-მინისტრად? იმიტომ, რომ არჩევნებისთვის გამოასწოროს სიტუაცია. მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ, არ მაინტერესებს არჩევნების შედეგები. ჩემთვის მთავარია, „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

ახალი თაობა“, 9 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ლეონიდ ჩერნოვეცკი კომიკურ ფიგურად უნდა აღვიქვათ”

„ქართული ოცნების“ კოალიცია, განსაკუთრებით კი პარტია „ქართული ოცნება“, სახეებს ცვლის. პარტიის თავმჯდომარე ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გახდება. მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა სწორედ ახალი სახეების მოზიდვასა და კოალიციაში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

„ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ პარლამენტის უმრავლესობიდან ცოტა დარჩება საარჩევნო სიაში. იცვლება გუნდი. ირაკლი ღარიბაშვილიც შეცვალეს. ამის მიზეზი ასევე გახდა შიდა დაპირისპირება. კოალიციის წევრების ნაწილისთვის ღარიბაშვილი კატეგორიულად მიუღებელი იყო. მას არ ჰქონდა შეხმატკბილებული ურთიერთობა რესპუბლიკელებთან. ამაზე ადრე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერებიც მეტყველებს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი იდეოლოგიით, ეროვნული გამონათქვამებით წინააღმდეგობაში იყო რესპუბლიკური პარტიის შეხედულებებთან. ამიტომ გადაწყდა მისი შეცვლა. ამ გადადგომაში დადებით მომენტებსაც ვხედავ“, – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

- დადებითია ის, რომ ადამიანი დიდ თანამდებობას შეელია?

- სწორედ მაგას ვგულისხმობ. ჩემი თაობა გავიზარდეთ ის ეპოქაში, როცა საბჭოთა ლიდერები ლამის სიკვდილამდე რჩებოდნენ პოსტებზე. ახლა მოწმენი ვართ იმისა, რომ მოკლე ხანში მეორე პრემიერი მიდის უმტკივნეულოდ, გადატრიალებებისა და რევოლუციების გარეშე. ვფიქრობ, ღარიბაშვილის შემთხვევაში კრიზისულმა მომენტებმაც იჩინა თავი, თუმცა ძალიან დიდი კრიზისიც არ ყოფილა.

- კოალიცია ქართული ოცნების განახლება რამდენად მოაბრუნებს ხალხს მისკენ?

- იმისათვის, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ და დაიბრუნოს, ამ კოალიციამ იმ დაპირებების ნაწილი მაინც უნდა შეასრულოს, რომლებიც ხალხს 2012 წელს მისცა, თუნდაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება. დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა კრიტიკას ვერ უძლებს. დეპუტატები ვერ მუშაობენ. მათ არ გააჩნიათ ინიციატივები. არაერთი მიღებული კანონი კი ხალხის საწინააღმდეგოა. ვერც მთავრობამ იმუშავა. ახლა ამ ხელისუფლებამ იმაში მაინც უნდა ივარგოს, რომ ეროვნული ბანკის შემთხვევაში მურუსიძის მაგალითი არ გაიმეოროს. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ღირსეული კაცის კანდიდატურა უნდა წარადგინოს.

- თქვენი ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობით პარლამენტში სხვები მოვლენ?

- ეს გარდაუვალია. „ოცნება“ უფრო მცირე შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. მომავალ პარლამენტში არ არის ნაციონალური მოძრაობის ადგილი. ალბათ, ძველ პარტიებთან ერთად იქნებიან ახალი ძალები, მაგალითად, მარგველაშვილი-ბურჭულაძის გაერთიანება. პარლამენტში აუცილებლად იქნება ნინო ბურჯანაძის პარტია, რომელმაც ორ არჩევნებში 10-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. ჩვენც ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ან რომელიმე მსგავსი იდეოლოგიის პარტიასთან ერთად.

- ნაცმოძრაობა არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადება და დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ მას, როგორც მმართველობის გამოცდილების მქონე ძალას, შეუძლია...

- ამ განცხადებების თვითონ „ნაციონალებს“ არ სჯერათ. პარტია სამ ნაწილად რომ დაიშლება, რას უნდა მიაღწიოს? ესეც ხერხია. ნაცმოძრაობის გარდა, შექმნეს იბერია და გირჩი, თუმცა ამ მეთოდითაც ვერაფერს მიაღწევენ. მმართველობის რა გამოცდილებაც აქვთ, ხალხმა კარგად იცის. ნაციონალებმა დაგვიტოვეს სამ ნაწილად დაშლილი და სხვა მხრივაც დასუსტებული საქართველო. თავის დროზე ისინი სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. 2007 წლის მოვლენების შემდეგ კი სააკაშვილმა გაგვაცურა, დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ ხრიკით გაიგრძელა ხელისუფლებაში ყოფნა. ნაციონალების დრო დამთავრდა.

- კიდევ ერთი ახალი ძალა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ შექმნა...

- ლეონიდ ჩერნოვეცკი ქველმოქმედებას ეწეოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. არჩევნების წინ ხშირად ჩნდებიან ხოლმე ოდიოზური ფიგურები. ჩერნოვეცკი კომიკურ ფიგურად უნდა აღვიქვათ.

ახალი თაობა“, 9 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „გუგული მაღრაძე ნაციონალებზე მუშაობს

რატომ უნდა მიჰყვნენ ღარიბაშვილს სხვა მეოცნებეები, რომელი მეოცნებე ასხამს ნაციონალების წისქვილზე წყალს, რას მოგვიტანს მილიარდერების დაპირისპირება? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალი“ მეგი გოცირიძე ესაუბრება.

„ასეთი მძიმე კრიმინოგენური ვითარება საქართველოში კარგა ხანია აღარ ყოფილა. „ოპელის“ სარკეების მოპარვაც კი დაიწყეს. იმ ბრძენმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი რომ ჰქვია სახელად, რეცეპტით გამოგვიწერა ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ბანკების დაყაჩაღება. ეს მძარცველები რატომღაც მარტო „ქართუ ბანკის“ ფილიალებს ვერ პოულობენ, ბანკომატებს ხომ საერთოდ იღლიაში ამოჩრილებს დაატარებენ. ცოტა ხანში ხალხი თამბაქოს ჯიხურების დაყაჩაღებასაც დაიწყებს. სიგარეტი ისე გაძვირდა, მალე მისი ყიდვა მხოლოდ განვადებით იქნება შესაძლებელი. მასზე ფასის მომატება თავიდან ბოლომდე ივანიშვილის დამსახურებაა“, – ამბობს მეგი გოცირიძე.

-         ბიძინა ივანიშვილის დამსახურება რატომ არის?

- ის ჯერ კიდევ პრემიერობის დროს აცხადებდა, რომ სიგარეტზე მონოპოლია უნდა არსებობდეს და მასზე სახელმწიფო ახორციელებდეს კონტროლს. ამის გაკეთება მან საკუთარ თავზე აიღო. ღვთის წყალობით, არსებობს ვიდეოები, სადაც დაფიქსირებულია ეს განცხადება. სხვა დაპირებებისგან განსხვავებით, ეს დანაპირები აასრულა და სიგარეტი გააძვირა. მოკლედ, მის გარეშე ჩიტი ვერ გადაფრინდება ქვეყანაში და სიგარეტი ვერ გაბოლდება.

- გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ფასის მომატება კარგია, რადგან ხალხი მოწევას თავს დაანებებს...

- ეს ქალი არის აბსოლუტურად არაადეკვატური და რატომ მაძალებთ, რომ მის განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო? სიმართლე თუ გინდათ, ეს ქალი ჩვენზე მუშაობს.

- თქვენზე ანუ ნაციონალებზე?

_ რა თქმა უნდა. მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ქოცების რეიტინგი კი გუგულის სიბრძნეების შემდეგ ეცემა და ეცემა. ეს უნდა მახარებდეს, მაგრამ არ შემიძლია ამ უტიფრობის ატანა. სიგარეტი მავნებელია, კი ბატონო, მაგრამ მანქანის გამონაბოლქვიც საზიანოა და ამაზეც იზრუნოს გუგულიმ. ეგ ქალი და მთელი საქოცეთი ჯიპებით დაქრიან და აბინძურებენ ჰაერს.

-         ნაციონალების მანქანების გამონაბოლქვი არ აბინძურებს ჰაერს?

- „ნაციონალები“ ხომ ბოროტები ვართ, აი, ქოცებს კი ხალხზე ზრუნვაზე აქვთ პრეტენზია. ამიტომაც ვკითხულობ, მათი მანქანის გამონაბოლქვი არ მოქმედებს ხალხის ჯანმრთელობაზე? ხალხის ჯანმრთელობა სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ფასის მომატების გამო სიგარეტის მოწევას თავს არავინ დაანებებს და უარეს შედეგს მივიღებთ.

- უარეს შედეგში რას გულისხმობთ?

- შემოვა კონტრაბანდული სიგარეტი. მწეველი ადამიანი კი შეეცდება, უფრო იაფი სიგარეტი მოსწიოს, რაც უფრო დაბალი ხარისხის იქნება და სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომაც ვერ დავიჯერებ, რომ თამბაქოს ნაწარმზე ფასი ჩვენი ფილტვების გადასარჩენად გაზარდეს. თუ ხალხის ბედი ადარდებთ, მაშინ რატომ დაკეტეს პირველ, ორ და სამ იანვარს უფასო სასადილოები? ასეთი რამე არასდროს მომხდარა. წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მიწევდა მუშაობა და ვიცი, როგორი გაჭირვებულები სარგებლობენ ამ სასადილოებით. ყოველ პირველ იანვარს იქ ვიყავი. იცით, რა საშინელი სანახავია, როცა უყურებ, როგორ დგანან წვნიანისა და ჩაის რიგში ადამიანები? ამ საცოდავ ლუკმასაც რომ წაართმევ გაჭირვებულს ახალი წლის დღეებში, შენ ადამიანი ხარ? თავად მერია და გამგეობები კორპორაციულ საღამოებზე გამოსკდნენ და ეს უმწეო ხალხი მშიერი დატოვეს. ესეც არ იკმარეს და 1.200.000 დაუჯდათ ის უგემოვნო რაღაცა.

- რა რაღაცა?

- ახალი წლის ღამეს რომ მოაწყვეს. მიშა სააკაშვილის დროს საახალწლო ზეიმს უაზრო ტაშ-ფანდურს ეძახდნენ და ახლა მიეცა ამას აზრი? რა გეკონცერტებათ, თქვე უბედურებო, ხალხი შიმშილით იღუპება. აჭარის რეგიონში დედას 1 წლის ბავშვი მოუკვდა იმიტომ, რომ უმწეოთა სიიდან ამოიღეს და უფასო სასადილოთი კვების უფლება ჩამოართვეს. ეს უსირცხვილო დავით ნარმანია კიდევ კუბოებზე აცხადებს ტენდერებს და ამაზე მილიონობით ლარი აქვს გამოყოფილი. კარგად ხვდება, რომ ბევრი მოკვდება შიმშილით. რამდენიმე დღის წინ ე.წ. კარვების ქალაქში 2 ადამიანი დაიღუპა. ცოცხალი ადამიანებისთვის კუბოების შეძენას არ ჯობდა, რომ უსახლკაროებისთვის კორპუსი აეშენებინათ?! ამათ აშენებას როგორ ვთხოვ, ტიპური მნგრეველები არიან. საქართველოში არასდროს ყოფილა, რომ სტადიონები დაენგრიათ. ესენი კი მიადგნენ და ბავშვებს სტადიონებს უნგრევენ.

- მერია აცხადებს, რომ ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა ამაზე ნებართვა გაცემული...

- აჰ, ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა ნებართვა გაცემული? მერე ამათ რატომ არ შეუწყვიტეს?! იქნებ ამიხსნას ვინმემ, როგორ იგებს ყველა ტენდერს „სინათლის ქალაქი“, ეს „სინათლის ქალაქი“ გიგი უგულავასი არ იყო? ან „სითი პარკს“ რატომ არ შეუწყვიტეს ხელშეკრულება, ამ მანქანებს რომ დაარბენინებენ აქეთ-იქით და ხალხს ნერვებს აგლეჯენ?!

- ამბობენ, გიგი უგულავას მიერ ისეთი კაბალური ხელშეკრულებაა დადებული, რომ მისი შეწყვეტის შემთხვევაში დიდი ჯარიმის გადახდა მოგვიწევსო…

- კაბალურები და ჯანდაბები არიან ეგენი. სანამ მოვიდოდნენ, გაჰკიოდნენ, „შანგრილა“ უნდა დავანგრიოთო. მოვიდნენ, სტადიონებს ეტაკნენ და მიწასთან გაასწორეს, მერე უსირცხვილოდ გამოდიან და ამბობენ, ნაციონალები ანგრევდნენო.

- „ნაციონალებიც კარგად ანგრევდით რაღაც-რაღაცებს...

- რა დავანგრიეთ? ჩვენ ვაშენებდით, ნგრევით ესენი ანგრევენ.

- ფერიას მთაზე მშენებარე ეკლესია რომ დაანგრიეს,. მაშინ ვინ იყო ხელისუფლებაში?

- მაშინ „ნაციონალები“ ვიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ფერიას მთაზე ეკლესია არ დაგვინგრევია.

- აბა, რა დაანგრიეთ?

- ის არ იყო ეკლესია. იქ მიდიოდა მშენებლობა, რომელზეც ნებართვა არ იყო გაცემული. ეკლესიის მნგრეველებს რა ნამუსით გვეძახიან, არ მესმის. ჩვენ დროს გაიცა ასობით ეკლესიის აშენებაზე ნებართვა. გადახედეთ თბილისს და ნახავთ, რომ ყველა სკვერსა და სადარბაზოსთან ეკლესიაა აშენებული. არაფრით არ მივიღებ ამაზე შენიშვნას.

- გლდანის ეკლესიის დანგრევაზე რაღას იტყვით?

- იქ ეკლესია არავის დაუნგრევია. ეს იყო ბასილ მკალავიშვილის დაკავების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მრევლი დაარბიეს. ეს მე მაშინაც გავაპროტესტე და ახლაც იმავე აზრზე ვრჩები.

- კარგი, ეკლესიების ნგრევას არ აღიარებთ, მაგრამ ქუთაისში მემორიალი რატომ დაანგრიეთ?

- ცუდები ვიყავით და მაგიტომ, მაგრამ ამათ ხომ ანგელოზობაზე აქვთ პრეტენზიები და რატომ უნგრევენ ბავშვებს სტადიონებს, არ რცხვენიათ? თანაც ყველა ფეხბურთელი, რომლებიც იმ პერიოდში უგუნდოდ დარჩნენ, „ქართულ ოცნებაში“ შევიდნენ. კახა კალაძეს მაინც არ რცხვენია, იმდენი ფული იშოვა, რომ უკვე წვერებზე ჰკიდია მილიონები. იმის მაგივრად, რომ ბავშვებს სტადიონი აუშენოს, ნგრევას მიჰყო ხელი? საკრებულო რომ გადატენა ფეხბურთელებით, იმათ მაინც ამოიღონ ხმა. ის შელიაა თუ ვიღაცა, გლდანის მაჟორიტარი არაა? ამოიღოს ხმა, გლდანშიც რომ მიადგნენ სტადიონს.

- გლდანში სადღა ანგრევენ სტადიონს?

- პირველ მიკრორაიონში არის არაჩვეულებრივი სტადიონი და იმას მიადგნენ. იქაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენონ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ნგრევას აპროტესტებენ. სტადიონების გარდა, ესენი სკვერებსაც მიადგნენ. ჩემი სახლის გვერდით არის არაჩვეულებრივი სკვერი, რომელიც ავლაბარში ერთადერთი სკვერია და კლდეზეა გადაკიდებული. ზუსტად ვიცი, რომ კოლეგიალურობიდან გამომდინარე არ დაწერთ, მაგრამ იქ ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი აშენებს სასტუმროს. იცით, რა მოჰყავს ამის გამართლების არგუმენტად ნარმანიას? ნაციონალების დროს იყო ნებართვა გაცემულიო.

- თუ ნაციონალებმა გასცეს ნებართვა, მართლა რა ქნას დავით ნარმანიამ?

- მერი ტყუილად არის? ადგეს და გააუქმოს ეს ბრძანება. მე ვპირდები მერიას, რომ ავლაბარში სკვერის დანგრევას ვერ ეღირსებიან. მოვუწოდებ თბილისელებს, გამოვიდნენ და ყველამ თავისი სახლის ახლოს მდებარე სკვერი დაიცვას. ამდენი უკანონობა უნდა დასრულდეს. ეს ივანიშვილი ისე გათავხედდა, რომ საკუთარ პანორამას გვირტყამს თავში მთელ ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს გამოვა ხალხი ამ თავხედობის გასაპროტესტებლად ქუჩაში, შედეგს კი არჩევნებზე მიიღებენ. მნგრეველებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ქოცების “სიკეთე“ არ გვაკლდა და ახლა ჩერნოვეცკის სახით ახალი ოლიგარქი გამოგვიხტა, რომელიც 500-ლარიან პენსიას გვპირდება. მისმა გამოჩენამ ივანიშვილი სულ გადარია.

- მისი გადარევა რით გამოიხატა?

- რა წამსაც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გამოაცხადა, ქართულ პოლიტიკაში ვერთვებიო, სოლოლაკელი ოლიგარქი გამოვარდა და თქვა, საარჩევნო პროცესებში ჩავერევიო. ეს ის კაცია, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 2 მილიარდერი ვერ იქნება.

- ლეონიდ ჩერნოვეცკი მთლად მილიარდერი არ არის.

- უფ, საწყალი. მილიარდერია, აბა რაა. ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად არის შეშფოთებული. ამ ორ მილიარდერს კიდევ ერთი მილიარდერი დაემატება პაატა ბურჭულაძის სახით. ჩვენ, ამომრჩევლებმა, პოპკორნი უნდა მოვიმარაგოთ და მილიარდერთა ფულჭიდს ვუყუროთ. ვინ მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ, ქვეყანა რომ წააგებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. მილიარდერი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ისინი ხელისუფლებაში მოდიან იმიტომ, რომ დამატებით იშოვონ ფული. ამის დამადასტურებელ მაგალითებსაც მოგიყვანთ. 2014 წელს „ქართუ ბანკის“ შემოსავალი წინა წელთან შედარებით 17-ჯერ იყო გაზრდილი. ეს ბანკი ვისიცაა, კარგად იცით.

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაა ის ორგანიზაციაც, რომლის ფინანსური მდგომარეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე მკვეთრად გაუმჯობესდა. შპს სადაზღვევო კომპანია „ქართუმ“ პირველი ტენდერი 2014 წელს მოიგო. ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მომდევნო არასრული ერთი წლის განმავლობაში 39 ტენდერი მოეგო. საერთო ჯამში, 1 მილიონზე მეტი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

ბიძინა ივანიშვილი უსირცხვილოდ გამოვიდა და განაცხადა, ღარიბაშვილი წავიდა იმიტომ, რომ წარმატების პიკზე იყოო, მერე დაამატა, ევროპაში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელსაც ჩვენზე მეტი წარმატებები ჰქონდესო. გამოდის რომ მთელი „ოცნება“ წარმატების პიკზე ყოფილა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ ამათ – ქოცებო, რადგან წარმატების პიკზე ხართ, არ გინდათ, რომ თქვენი ნებით მიეწიოთ ღარიბაშვილს? უმჯობესია, ეს საკუთარი სურვილით გააკეთონ, თორემ ხალხი მათ ისედაც გაისტუმრებს. სფერო აღარ დარჩა, სადაც ამათ ხალხი არ გაანაწყენეს. მარჯვენასაჭიანებს თქვენ არ უნდიხართ, პენსიონერებსა და მწეველებს თქვენი დანახვა არ სურთ და ვინ ჯანდაბამ უნდა მოგცეთ ხმა?!

ახალი თაობა“, 9 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: ზურაბ ჟვანია გაზპრომის მილსადენის გამო მოკლეს?მოვლენათა შორის ლოგიკური კავშირი ჩანს

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება 2005 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების პრივატიზაციის მცდელობასა და ამასთან დაკავშირებით რუსეთთან წარმოებულ მოლაპარაკებებს დაუკავშირა. მაშინ მილსადენების პრივატიზაციაზე თანხმობა განაცხადა კახა ბენდუქიძემ, ზურაბ ჟვანია კი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა.

„2005 წლის 21 იანვარს „გაზპრომის“ დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში. მათ მოილაპარაკეს კახა ბენდუქიძესთან მილსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 31 იანვარს განაცხადა, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია ამ მილსადენების პრივატიზაციისა. მიზეზად ასახელებდა შაჰ-დენიზისა და სხვა ევროპული პროექტების განხორციელებისთვის ხელის შეშლას. შემდეგ რა მოხდა? 3 თებერვალს დაიღუპა ზურაბ ჟვანია“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

საქართველოს კუთვნილი გაზსადენები პრივატიზაციისგან იხსნა ამერიკის პოზიციამ, რომელმაც დიდი ფულის ფასად მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ხელი ააღებინა მილსადენების რუსეთისთვის გადაცემაზე.

„ზურაბ ჟვანიას შემდეგ პრემიერ-მინისტრად ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მან განაცხადა, რომ ის მომხრეა ამ გაზსადენის პრივატიზაციისა. შემდეგ ამ პროცესში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები. მაშინ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა „მილენიუმის“ პროგრამა და უზარმაზარი თანხა (თუ არ ვცდები, 200 მილიონი) გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას. ფორმალური მიზეზი გაზსადენების რეაბილიტაცია იყო, თუმცა ხელშეკრულებაში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოს გაზსადენების პრივატიზაციის უფლება არ ჰქონდა“, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

- ბატონო გიორგი, ზურაბ ჟვანიას დაღუპვასა და საქართველოზე გამავალი მილსადენების პრივატიზაციის მცდელობას შორის ლოგიკური ჯაჭვი დაინახეთ?

- ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ერთ-ერთი ვერსია ესეც შეიძლება იყოს. შეიძლება სხვა ვერსიაც არსებობდეს. გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. მილსადენების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარებისა და მიმართულებების თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია ზურაბ ჟვანიას დაღუპვასა და მილსადენების რუსეთისთვის მიყიდვაზე გარიგება შემთხვევითი დამთხვევა არ ყოფილიყო.

- რუსეთს შეიძლებოდა ჩაედინა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა თუ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს?

- მაგის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი ასე ეწყობა – ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო თანახმა. მან აღმატებული ემოციით განაცხადა, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, ეს ხომ „გაზპრომიაო“, თუმცა შემდეგ ჟვანია, როგორც პრემიერ-მინისტრი, გამოდის „იმედში“ და ამბობს, რომ პრივატიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, არ ვაპირებთ მილსადენების პრივატიზებასო. ეს იყო 31 იანვარს და 3 თებერვალს ჟვანია იღუპება გაურკვეველ ვითარებაში. შემდეგ ნოღაიდელი ინიშნება პრემიერ-მინისტრად და თანხმობას აცხადებს მილსადენების რუსეთისთვის მიყიდვაზე. ამერიკა რომ არა, ახლა მილსადენები რუსეთის ხელში იქნებოდა.

- როგორც ჩანს, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ძალიან დაინტერესებული იყვნენ მილსადენების პრივატიზებით…

- მათი უფროსები აძალებდნენ, ალბათ. ზურაბ ჟვანია კი ხელს უშლიდათ.

- როდესაც ზურაბ ჟვანია ესვენა სამების საკათედრო ტაძარში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ასეთი ფრაზა თქვა: ჩვენ ეს დაგეგმილი არ გვქონდაო. ეს განცხადება ხომ არ იყო ერთგვარი ირიბი აღიარება?

- რას არ ვგეგმავდით, ზურაბ ჟვანიას სიკვდილს თუ პრივატიზაციასო?

- მიხეილ სააკაშვილს ასე არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მან ეს სიტყვაში თქვა...

- მე არ მომისმენია, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი სისულელე თუ თქვა. რას ნიშნავს, ჩვენ ეს დაგეგმილი არ გვქონდაო. თავის მართლებას ჰგავს. თუ ასეთი რამ თქვა, ეტყობა, შინაგანად პრობლემები ჰქონდა. ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- გამოძიება ამ ვერსიას განიხილავს?

- არ ვიცი, გამოძიება ამ ვერსიას განიხილავს თუ არა, მაგრამ ამაში ძალიან სერიოზული ლოგიკაა.

- ახლა რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თქვენი ეს განცხადებები ერთგვარი გაფრთხილება ხომ არ არის ქართველი მომლაპარაკებლების მიმართ?

- არა. ახლანდელი მოლაპარაკებები არ ეხება გაზსადენის პრივატიზაციას. ახლა განიხილება გაზის მიწოდების საკითხები, რომელიც პრობლემას არ ქმნის. 2016 წლიდან იწყება გაზსაცავის მშენებლობა საქართველოში, სამგორის საბადოზე, სადაც ნავთობი აღარ არის. დიდი გაზსაცავი კეთდება. როგორი დივერსიაც უნდა მოხდეს ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ შემთხვევაში, 1 წლის განმავლობაში ამ გაზსაცავიდან შესაძლებელი იქნება გაზის გარანტირებული მიწოდება. ასეთი გაზსაცავის არსებობის პირობებში საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ძალიან იზრდება. ირანთან დაკავშირებული საკითხები გაზპრომის გარეშე ვერ გადაწყდება, რადგან სომხეთში არსებული მილსადენები რუსეთის ხელშია.

რეზონანსი“, 9 იანვარი, 2016 წელი

რა იმალება ირანული გაზის კომბინაციის უკან

მაკა ხარაზიშვილი

აზერბაიჯანული და ირანული მედია საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკების გარკვეულ დეტალებზე საუბრობს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ჯერ გარკვეული არაფერია. ექსპერტების განცხადებით, რომ ახლო პერსპექტივაში ირანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა არ არის და აღნიშნულ მოლაპარაკებას სხვა სხვა სარჩული აქვს. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში შეიძლება 3-5 მილიარდი კუბური მეტრი ირანული გაზი 220 დოლარად მივიღოთ.

ირანული მედია, ტფეშწტფდ შკფტშფტ პფთ სწქზფტნ-ს (ტშპს) წარმომადგენლის ალი რეზუ ქემელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფლორმაციას, რომ ირანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

“საქართველოსთან შეთანხმების თანახმად, ჩვენ ბუნებრივი აირი სომხეთის საზღვრამდე უნდა მივაწოდოთ, ხოლო საქართველო მას სომხეთთან თავის საზღვარზე მიიღებს. ამასთან, გარიგების დასადებად, გაზის ექსპორტის გეგმა საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა ირანული კომპანიის წარმომადგენელმა.

მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა დღეში 300-დან 500 მლნ კუბურ ფუტამდე (1 ფუტი – 0,02831 კბ/მ) უნდა იყოს. ეს კი წელიწადში 3-5 მილიარდი კუბური მეტრია. საქართველოს ამ რაოდენობის ბუნებრივი აირი არ სჭირდება. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანამ შარშან 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა. საქართველო 2,195 მლრდ კბ/მ გაზს აზერბაიჯანიდან იღებს (აქედან 500 მლნ კბ/მ შეღავათიანი – 62-დოლარიანი გაზია, ხოლო 212 მლნ კბ/მ, ტრანზიტიდან მიღებული გაზი).

მთავრობა ამბობს, რომ ზამთარში ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდის მიზნით, თბოსადგურების აქტიურ ამუშავებას აპირებს და ირანულ გაზს სწორედ ამისთვის იბევებენ. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ირანიდან აღნიშნული მოცულობის ბუნებრივი აირის მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ექსპერტი გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია როგორ უნდა გაატაროს 700-მილიმეტრიანმა გაზის მილმა აღნიშნული მოცულობის ბუნებრივი აირი.

“ჩემთვის გაუგებარია რა ტექნიკური საშუალებებით შეიძლება ამის განხორციელება. მილი, რომლითაც ირანულ გაზი სომხეთს მიეწოდება, 700-მილიმეტრიანია და მისი წარმადობა არის ზუსტად იმდენი, რამდენიც სჭირდება ერთ თბოელექტროსადგურს. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკის მინისტრმა უნდა გვითხრას, თუ როგორ აპირებს საქართველო ირანული გაზის მიღებას. თუ ეს არის გრძელვადიანი პროექტი, მაშინ მომავალში, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ხოლო დღეს კი ამაზე საუბარი არასერიოზულია”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პარლამენტის ეკონომიკისა და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კი ირანული გაზის საფასურსაც ასახელებს, თუმცა იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ვერსიის დონეზე აქვს.

“დავადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. ირანი თავისთავად საინტერესოა, მაგრამ იქიდან წამოსული გაზი, თუკი ეს შეთანხმება მოხდება, საქართველოს უნდა მიეწოდოს სომხეთის გავლით. სომხეთში ბუნებრივი აირის მაგისტრალი “გაზპრომის” ხელშია. აქედან გამომდინარე, ტრანზიტზე და საერთოდ ყველაფერზე დასალაპარაკებელია. ვერსიის დონეზე ვიცით, რომ 1000 კბ/მ, დაახლოებით, 220 დოლარი ეღირება”, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

თუკი ირანიდან გაზის იმპორტი დაიწყება, ენერგეტიკის სამინისტრომ ტრანზიტთან დაკავშირებით ანგარიშსწორების საკითხი “გაზპრომთან” უნდა შეათანხმობს, ვინაიდან სომხეთში ირანთან დამაკავშირებელი გაზსადენი, სწორედ “გაზპრომის” ბალანსზეა. ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილიც ადასტურებს, რომ თუკი საქართველო ირანიდან გაზს მიიღებს, ფინანსური ვალდებულება მას რუსულ კომპანიასთან ექნება.

“თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა “გაზპრომისთვის” მოგვიწევს. საქართველოს შეუძლია მიიღოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს მოლაპარაკება და გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. ენერგოდამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი, რაც უფრო დივერსიფიცირებულია, მით უკეთესი. სამინისტრო გაძლევთ პირობას, ისეთის არაფერის გაკეთდება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას”, – ირწმუნება ილია ელოშვილი.

როგორც ცნობილია, სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი იმავე მილის საშუალებითაა შესაძლებელი, ანუ მიმართულება უნდა შეიცვალოს. “გაზპრომი” ამ ოპერაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი რაიმე სახის დივიდენდს მიიღებს. მისთვის არსებულ მილში ირანული გაზის გატარება მაშინ იქნება ხელსაყრელი თუ ამ გაზს საკუთარი ინტერესებისთვისაც გამოიყენებს და ევროპაში ირანული გაზის გაყიდვას დაიწყებს.

თუკი “გაზპრომი” საქართველოში საკომპრესორო სადგურებისთვის გარკვეულ თანხას დახარჯავს, არსებული 9 მლრდ კბ/მ-ის გამტარობის გაზსადენმა, შესაძლოა, 18-20 მილიარდი კუბური მეტრიც კი გაატაროს. ამიტომ იყო, რომ 2007 წელს “გაზპრომმა” მხარი დაუჭირა ირანიდან სომხეთში გაზსადენის მშენებლობას. უფრო მეტიც, მან მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის დაფინანსებაში. “გაზპრომიდან” 140 მლნ დოლარის კრედიტით გაზსადენის 120-კილომეტრიანი სომხური მონაკვეთი გაიყვანეს. გაზსადენი 2007 წლის 20 მარტიდან უკვე ფუნქციობს და სომხეთის ქსელით უშუალოდ უკავშირდება საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენს.

რეზონანსი“, 9 იანვარი, 2016 წელი

თამბაქოს გაძვირებამ ბაზარზე ქაოსი გამოიწვია

მომხმარებლები და რეალიზატორები ერთმანეთს უპირისპირდებიან

ნათია ლომიძე

ახალი წლიდან ზოგიერთი სახეობის სიგარეტის მკვეთრად გაძვირებამ მომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან თამბაქოს რეალიზატორები. სიგარეტის ფასის ნახტომისებური მატება სწორედ მათ ბრალდებათ, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ. ცალკე საკითხია ისიც, რომ იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთმა მოიმატა. საბოლოო ჯამში, ბაზარმა დიდ წნეხს ვერ გაუძლო.

როგორც გაირკვა, ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან აქციზის გადასახადის გაზრდას არანაირი კავშირი არ აქვს. ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციით, აქციზმა იანვრიდან მხოლოდ 20 თეთრით მოიმატა და სიგარეტის არაადეკვატური გაძვირება მასთან არაფერ შუაშია.

სავაჭრო ქსელში არსებული დეფიციტი “ფილიპ მორისის” მიერ სადისტრიბუციო კომპანია “ომეგა ჯგუფთან” თანამშრომლობის შეწყვეტამ გამოიწვია. ამას, რასაკვირველია, ბაზარზე მკვეთრი რყევა მოჰყვა და მომხმარებელიც დაფრთხა.

სიგარეტის საბითუმო ჯიხურში მომუშავე მეგი ქადაგიძის თქმით, “ფილიპ მორისის” წარმოების სიგარეტზე ფასის ზრდა, კლიენტების შემცირებაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს.

“მესმის, რომ ყველა დასახელების სიგარეტი არ გაძვირებულა, მაგრამ რომელზეც მოიმატა ფასმა, ეს ძალიან შემაფოთებელია. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მოთხოვნის შემცირება მოჰყვება, რაც ბიზნესისთვის ნადვილად არ არის სახარბიელო. იმედია, რამე შეიცვლება და ფასი დასტაბილურდება, რადგან მოვაჭრეებმა შევძლოთ კლიენტების შენარჩუნება”, – ამბობს მეგი ქადაგიძე.

“ფილიპ მორისსა” და სადიტრიპუციო კომპანია “ომეგას” შორის არსებული უთანხმოების გამო, სავაჭრო ობიექტებში რამდენიმე დასახელების სიგარეტი “დეფიციტში წავიდა”. როგორც სარეალიზაციო ობიექტებში აცხადებენ, უკვე მეორე კვირაა ზოგიერთი სახეობის ფილტრიანი სიგარეტი აღარ მიუღიათ. ამით რამდენიმე მაღაზიამ და საერელიზაციო ობიექტებმა ისარგებლეს და აღნიშნულ საქონელზე ფასი თვითნებურად გაზარდეს. გაორმაგებულია “პარლამენტის”, “მარლბოროს”, “ჩესტერფილდისა” და “ელემის” ფასი.

გაზეთი “რეზონანსი” იმ ჯიხურის მოვაჭრეს გაესაუბრა, სადაც ფასი ზოგიერთ სიგარეტზე 10 ლარსაც კი აღეწევს. ნანა ბურდილაძე ამტკიცებს, რომ ღირებულება თვითნებურად არ გაუზრდიათ და ასეთი საცალო ფასი დისტრიბუციის მიერ მიწოდებული პროდუქციის შემდეგ დადგინდა.

“უკვე რამდენიმე კვირაა “ომეგა ჯგუფს” პროდუქცია არ მოუწოდებია და სწორედ საქონლის დეფიციტია გაძვირების რეალური მიზეზი. მე, უბრალოდ, გამყიდველი ვარ და ფასის კონტროლი ჩემს მოვალეობაში ნამდვილად არ შედის. მაღალფასიანი პროდუქციის მომხმარებელიც გვყავს, მაგრამ მათთვის უსაშველოდ გაძვირებულოი სიგარეტის შეძენა უკვე სირთულეს წარმოადგენს”, – ამბობს თამბაქოს ჯიხურის მოვაჭრე ნანა ბურდილაძე.

თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას დიდი გამოხმაურება და აჟიაოტაჟი მოჰყვა ხალხში. მწეველთა ნაწილმა მოწევაზე უარიც თქვა, მეორე ნაწილმა კი სიგარეტის დასახელება შეცვალა და ისევ აქტიურ მწეველებად დარჩნენ. ისინი ახლა უფრო იაფ პროდუქტს მოიხმარენ. სარეალიზაციო ფასის გაზრდის მიუხედავად, თამბაქოს შეძენას მაინც აგრძელებს ნუგზარ ბლიაძე. მავნე ჩვევისგან გათავისუფლება მან ვერც ამჯერად შეძლო.

“იმის გამო, რომ რამდენიმე დასახელების სიგარეტზე ფასი მკვეთრად გაიზარდა, მოწევას თავს ვერ დავანებებ. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მინდა ეს ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ ამისთვის ნებისყოფა არ მყოფნის. ვიცი, რომ ინტენსიური მოწევა არ არის ორგანიზმისთვის სასარგებლო, მაგრამ ამის კონტროლი ჩემ ძალებს აღემატება.

“მარლბოროს” ვეწეოდი და გაძვირების გამო გადავედი სხვა სიგარეტზე. თავიდან მეგონა ფასის ზრდა თამბაქოს ყველა დასახელებას შეეხებოდა და შევშინდი. რამდენიმე კოლოფი წინასწარ მოვიმარაგე კიდეც. როგორც ვიცი, ფასის გაზრდა მომწოდებლებსა და სადისტრიპუციო კომპანიას შორის წარმოშობილი უთანხმოების ბრალია. იმედია, უახლოეს მომავალში ამ მხრივ რამე შეიცვლება და ფასი დაუბრუნდება ადრინდელ ნიშნულს”, – ამბობს თამბაქოს მომხმრებელი ნუგზარ ბლიაძე.

“ფილიპ მორის საქართველოს” განცხადების მიხედვით, კომპანიას პროდუქცია არ გაუძვირებია და სამომხმარებლო ფასი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგინდა. ამას კატეგორიულად უარყოფენ თამბაქოს ბიზნესით დაკავებული ადამიანები. ისინი აცხადებენ, რომ სარეალიზაციო ფასი არა თვითნებურად, არამედ კომპანიის მიერაა გაზრდილი.

“თქვენი თვალითაც ხედავთ ყველაფერს. გაიზარდა ჩაბარების ფასი და ჩვენც მოვუმატეთ. გარდა ამისა, რამდენიმე დასახელების თამბაქოს მწვავე დეფიციატია ქვეყანაში. შეთანხმდებიან “ფილიპ მორისი” და “ომეგა” და ამის შემდეგ დადგინდება რეალური ფასი. მანამდე კი არ მსურს არანაირ კითხვაზე პასუხის გაცემა”, – განუცხადა “რეზონანსს” ნაძალადევში მდებარე თამბაქოს საბითუმო სავაჭრო ობიექტის მფლობელმა.

მომხმარებლები კი სიგარეტის თვითნებურად გაძვირების აღკვეთას ითხოვენ. ისინი მოუწოდებენ ყველა კომპეტენტურ უწყებას დაარეგულირონ თამბაქოზე გაზრდილი ფასი. ზოგიერთები სოლიდური ჯარიმის დაწესებასაც მოითხოვენ.

“არ შეიძლება, როდესაც კომპანია არ აძვირებს საკუთარ საქონელს, ის ბაზარზე რიგითმა გამყიდველებმა თვითნებურად გააძვირონ. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს. სადაა ამ დროს ის ორგანიზაციები, რომლებსაც მსგავსი კონტროლი ევალებათ? ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კიდევ ასეთი სპეკულაცია რა უბედურებაა! ეს უმსგავსო საქციელია! ფინანსურად არ მაქვს სახარბიელო მდგომარეობა და სიგარეტში 10 ლარის გადახდა ჩემი მხრიდან წარმოუდგენელია. მოწევასაც ვერ ვანებებ თავს, იმ დონემდე ვარ დამოკიდებული თამბაქოზე”, – ამბობს დავით ბიჭიკაშვილი.

Comments are closed