globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 9th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: „ნაცპირველობის“ საფინიშო რბოლა… ანუ დიდი რღვევა // ინტერვიუ გიგი უგულავასთან, ელენე ხოშტარიასა და გია ხუხაშვილის კომენტარებით

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაცმოძრაობის” ლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!..“ // „თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს: ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ტერიტორიები წაართვა, ახლა მათ დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ“ // „არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა…“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „თუ პრეზიდენტმა მოინდომა, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება“ // „მმართველ გუნდს შეუძლია კონსტიტუციაში დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანოს და განმეორებითი­ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს“

—–

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ნაცმოძრაობის“ გაყოფა ოფიციალურად დაიწყო // დღეს პარტიის საპარლამენტო ფრაქცია გაიყოფა, 20 იანვარს – თავად პარტია

„რეზონანსი//მთელი კვირა“: გიგი უგულავა – ნაწილისთვის ლიდერი და ნაწილისთვის – პროვოკატორი

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რა ელოდება დავით ბაქრაძე – გიგა ბოკერიას გუნდს „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ

„რეზონანსი//მთელი კვირა“: იყო თუ არა ხელისუფლების ჩარევა – სკანდალური არჩევნები საზოგადოებრივ მაუწყებელში? // „ვასილ მაღლაფერაძე არის სახელისუფლებო კანდიდატი. რაც უნდა ილაპარაკონ და უარყონ, საზოგადოება მაინც არ დაიჯერებს“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ვასილ მაღლაფერიძესთან: „ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებები იქნება“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „გიგი უგულავას ლიდერობისთვის პატიმრობა პლუსი უფროა, ვიდრე მინუსი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ნაციონალთა“ დაშლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან: „გიგა ბოკერიას ფრთა ძალიან უღირსად მომექცა“ // „ნამდვილი ბოლშევიკური წმენდა ჩაატარეს“

„ახალი თაობა“: ვინ იქნება „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი – ლევან გაჩეჩილაძე, მამუკა ხაზარაძე თუ კახა კალაძე?

—–

კვირის პალიტრა: რას გვიქადის ახალი ეკონომიკური წელიწადი

———————–

კვირის პალიტრა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ნაცპირველობის საფინიშო რბოლაანუ დიდი რღვევა

ინტერვიუ გიგი უგულავასთან, ელენე ხოშტარიასა და გია ხუხაშვილის კომენტარებით

რუსუდან შელია

ორწელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიგი უგულავა თავისუფალია – ციხე თბილისის ყოფილმა მერმა ექვს იანვარს, საღამოს შვიდი საათისთვის დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის ყოფილი მერის გაშვება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვიტა, რომელმაც მსჯავრდადებულს “თბილსერვისის” საქმეზე წაყენებული მუხლი გადაუკვალიფიცირა და ოთხწელიწადნახევ­რიანი სასჯელი გაუნახევრა… გიგი უგულავამ პოლიტიკური განცხადებები ციხიდან გამოსვლისთანავე გააკეთა:

გიგი უგულავა: პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებ ყველა პატიმარს. ჩვენი ერთიანი ამოცანაა, პოლიტპატიმრები საბოლოოდ გათავისუფლდნენ, იმის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან თუ სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.­ თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისი იქნება, ბედნიერი ვიქნები, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი მუშაობა მოგვიწევს – ყველამ უნდა გააცნობიეროს, სანამ ქვეყანას პოლიტპატიმრები ეყოლება,­ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებაც­ უკიდურესად რადიკალური და მწვავე იქნება, რაზეც პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მთავრობაა. თუ გვინდა ეკონომიკური­ თუ სხვა ტიპის პრობლემები მოვაგვაროთ, პოლიტპატიმრები უნდა გავათავისუფლოთ. თუ ხელისუფლება ამ ვაჟკაცურ ნაბიჯს გადადგამს და პოლიტიკურ ამნისტიას გამო­აცხადებს, გაჩნდება შესაძლებლობა, ფურცელი გადავშალოთ და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსოლიდირებულად განვაგრძოთ ქვეყანაზე ზრუნვა. თუ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს მაინც არ გადადგამს, მაშინ პროცესში პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს – მისი კონსტიტუციური მოვალეობაა, გამოასწოროს ის ნაკლოვანებები, რასაც მთავრობა თუ სასამართლო ქმნის. დადგა დრო, როცა სამართალზე მნიშვნელოვანი მოწყალებაა და პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს გული და ახლა უკვე დაპირისპირებით ხალხსა და სახელმწიფოს ვაზიანებთ – დროს ვკარგავთ და ერთ წრეზე ვტრიალებთ.

- საქმის განხილვა დაჩქარებულად წარიმართა. ელოდით მოსამართლისგან მსგავს­ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ თქვენი გუნდი მუდმივად­ აპელირებდა სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე?

- ჩემთვის წაყენებული 182-ე მუხლი თავიდანვე პროპაგანდისტული იყო და ის საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვას ითვალისწინებს. ამ მუხლის წაყენებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – ჩემი რეპუტაციის შებღალვა! იგივე ხდება ე.წ. კაბელების საქმისთვის დაკავებულების შემთხვევაშიც. მიხარია, რომ ეს მუხლი ჩამომშორდა­ – 2013 წელს, როდესაც ჩემს წინააღმდეგ ძიება დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ 600-700 კაცი “თბილსერვისში” ჩემი თანხმობით დასაქმდა. ამიტომ უზნეო უნდა ვიყო, რომ ჩემი მოადგილეებისკენ ხელი გავიშვირო – მე ვიღებ პასუხისმგებლობას ცუდსა და კარგ გადაწყვეტილებებზეც. თავიდან ნამდვილად არ მქონია განზრახვა, ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეღო, თუმცა დღეს სირაქლემას პოზიციაში ვერ ჩავდგები და ვერ ვიტყვი, რომ “თბილსერვისში” ჩემი მიზანი პოლიტიკურად არ გადაკვალიფიცირდა.

- სწორედ ეს პოზიცია და თქვენი­ განცხადება, რომ პროკურატურის ნარა­ტი­ვს­ ერთ ნაწილში იზიარებთ, საზოგადოებისა­ და თანაგუნდელების ნაწილმა აღიარებად შეაფასა...

- დიახ, ამ ყველაფერს არასწორი ინტერ­­პრეტაცია მიეცა – მე მხოლოდ იმ ნაწილ­ზე ვისაუბრე, რაც ცუდი იყო, თუმცა ეს ბრალის აღიარებას სულაც არ ნიშნავს. ბრალის აღიარება საპროცედურო მოქმედებაა და პატიმრობის მესამე წელს ამას არავინ აკეთებს. ვწუხვარ, რომ ასეთ სისულელეს ისეთი ადამიანებიც აჰყვნენ, რომლებიც ჩვენს მომხრეებად ითვლებიან.

- ბატონო გიგი, შეცდომებზე საუბარი ახლა დაიწყეთ?

- დიახ, შეცდომა იყო, რომ არ მივადევნე თვალყური, რა მიმართულებით ხდებოდა ადამიანების დასაქმების ტრანსფორმირება – ეს ადამიანური რესურსი მერიას ნამდვილად სჭირდებოდა, მაგრამ უნდა მიმექცია ყურადღება მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

- ფაქტია, რომნაციონალურ მოძრაო­ბაშიდაპირისპირება გამწვავდა. თქვენი გათავისუფლება რას შეცვლის პარტიაში?

- მეგობრებისა და შვილების შემდეგ რაც გამაჩნდა, სწორედ ეს პარტია იყო – სხვა პარტიაში არც არასდროს ვყოფილვარ. გულსატკენია, რაც ახლა პარტიაში ხდება, ბოლოს და ბოლოს, ციხეში ორწელიწად-ნახევარი ამ პარტიის გამო ვიჯექი.­ კონფლიქტის მოსაგვარებლად ვაპირებ, შევხვდე­ სააკაშვილს. გავესაუბრები სხვებსაც­ – ბიბლიოთეკის უკლონისტები იქნებიან თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები. თუ ერთი პროცენტით მაინც არსებობს პოზიციების შეჯერების შანსი, აუცილებლად გამოვიყენებ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი სამარცხვინო ფორმით არ დასრუ­ლდეს. შესაძლოა, ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგეს და ეს ლოგიკურიცაა, რადგან დრო თავისთავად ცვლის ბევრ საკითხს, მაგრამ თუ საერთო პლატფორმას გამოვნახავთ, გაუცხოების დაძლევა რეალური მგონია – მთავარია, ერთმანეთთან გულღია საუბარი შევძლოთ. რასაც მე გვერდიდან ვაკვირდებოდი, ამის ერთი პროცენტი არსებობს, მაგრამ მაინც ვალდებულად ვთვლი თავს, ეს ნაბიჯი გადავდგა. მინდა მიშას შევხვდე, ჩვენ ერთად ბევრი საქმე გვიკეთებია.

- თქვენი თანაგუნდელების ნაწილი მიიჩ­ნევს, რომ პარტიაში დაპირისპირება თქვენი საჯარო წერილით დაიწყო...

- არ ვფიქრობ, რომ განხეთქილება ჩემმა წერილმა გამოიწვია. პარტიაში ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს.

———-

გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მხოლოდ ე.წ. ბოკერიას ფლანგის­ წევრები ელოდებოდნენ – სააკაშვილის მხარდამჭერები არ გამოჩენილან. ყოფილ მერს არც “ნაცმოძრაობის” ოფისში შეხვდნენ და ცალკე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სააკაშვილისა და­ მისი­ მხარდამჭერების დამოკიდებულება­ უგუ­ლავას­ მიმართ უახლოეს დღეებში გამოჩნდება:

- გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ყრილობამდე მათ შორის შეთანხმების რეალური შანსი არსებობს?

- როდესაც ადამიანი, რომელმაც მძიმე პოლიტიკური ტვირთი აიღო და წლები ციხეში გაატარა, ამბობს, რომ შეთანხმების მისაღწევად ცდას არ დაიშურებს, ვფიქრობ, მეორე მხრიდანაც ადეკვატური პასუხი უნდა მივიღოთ. სააკაშვილს ვუსურვებ, ასეთივე დამოკიდებულებით მიუდგეს საკითხს.

- 20 იანვარს სააკაშვილიც ითხოვს საქართველოში ჩამოსვლის უფლებას. რა მოხდება, თუ უგულავასა და სააკაშვილს შორის შეთანხმება ვერ შედგება, გახვალთნაცმოძრაობიდანგიგი უგულავას ლიდერობით?

- მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტდევ­ნილს უნდა მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, 20 იანვრის სცენარს კი ყრილობაზე ვიხილავთ. პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ პროგნოზის გაკეთება ძნელია. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებას და თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.

————–

…და მაინც, დამთხვევაა, რომ გიგი უგულავა საპატიმროდან ყრილობამდე ორი კვირით ადრე თავისუფლდება? შეძლებს თუ არა ის სააკაშვილის გარიყვასა და ლიდერის სტატუსის მოპოვებას, “კვირის პალიტრას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:

- გიგი უგულავას გათავისუფლებაში პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება – ამას “ქართულ ოცნებასთან” გარიგებას ვერ დავარქმევ,­ თუმცა ეს პოლიტიკური ნაბიჯი ნამდვილად იყო. მივყვეთ პროცესს, როგორ დაიწყო “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირება­ – სააკაშ­ვილმა ფორსირებული, რევოლუციური გზა აირჩია, გიგა ბოკერიამ უფრო ცივილიზებული გათვლა გააკეთა და პოლიტიკური სწორება 2020 წელზე აიღო, თუმცა პირველ ეტაპზე ამ კონცეპტუალურ დაპირისპირებას მიხეილ სააკაშვილის მრევლის აგრესია მოჰყვა. სააკაშვილმა იეჭვ­იანა და პარტიაზე კონტროლის დაკარგვის საფრთხე იგრძნო, საბოლოოდ კი ერთმანეთს პარტიის ინტელექტუალური ელიტა და ე.წ. პარტიული კუნთები დაუპირისპირდნენ.

მიხეილ სააკაშვილის მხარეს პოლიტიკური ინტელექტის ნატამალი აღარ დარჩა, მის გვერდით მხოლოდ ის მრევლია, რომელიც სწორებას მხოლოდ ბელადზე აკეთებს. სწორედ ამ ფონზე უგულავას გათავისუფლება ბოკერიას ფლანგს აძლევს შანსს, უპირობო ლიდერი ჰყავდეს. სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ უგულავამ საპატიმროში ყოფნისას ბევრი რამ გადააფასა და დღეს ადამიანურადაც უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როდესაც რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს ხელისუფლების ინტერესშია, დაპირისპირებამ პარტია რაც შეიძლება მეტად დააზარალოს, თუმცა არა მგონია, ამ გარიგებაში ჩართვა ხელისუფლებას აწყობდეს. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ “ნაცმოძრაობა” მისი მთავარი პოლიტიკური მტერია, მაშინ ღრმა ინტელექტუალურ დეფიციტთან გვაქვს საქმე.

დღეს მმართველი გუნდის ინტერესია, ორივე დაპირისპირებული ძალა მარტივი კომბინაციით გააძლიეროს პრინციპით – არაფერი არ უნდა დალაგდეს, რადგან ეს პარტია სწორედ ხელისუფლებისთვის წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ მკვებავს – ძლიერი “ნაციონალური მოძრაობა” ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ველში მესამე და რეალური პოლიტიკური ძალა არასოდეს გამოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გამოჩნდება ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” პრობლემებს შეუქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში კრიზისი სულ უფრო მწვავდება.

- და გიგი უგულავას გათავისუფლება­ ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებს თუ პირიქით, მიხეილ სააკაშვილ-გიგა ბოკერიას ფლანგი პოლიტიკურად საბოლოოდ გაიყოფა?

- თანაცხოვრება დღეს „ნაცმოძრაობის ორივე დაპირისპირებულ მხარეს სჭირდება – ინტელექტუალური რესურსი და ე.წ. პოლიტიკური კუნთების ერთობლიობა პოლიტიკაში აუცილებელია. თუმცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგება ნაკლებად წარმოსადგე­ნია იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების რიტორიკაში შეფარულად იკითხება, რომ უგულავას გათავისუფლება ხელისუფლებასთან გარიგებას ნიშნავს. თუ უგულავამ მოახერხა სააკაშვილის პარანოიდული ამბიციების დაოკება, ის პარტიის უპირობო ლიდერი გახდება, რაც სააკაშვილისთვის შესაძლოა მორიგი პოლიტიკური ეჭვიანობის საფუძველი გახდეს. სხვათა შორის, უგულავასთან ერთად სააკაშვილის დაშოშმინებისა და რაციონალურ მოქმედებაში გადაყვანის შანსი კეზერაშვილსაც აქვს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც სააკაშვილზეა.

- .. გიგა ბოკერიას ფლანგს გიგი უგულავას ლიდერობით რა შანსი აქვს პერსპექტიულ­ ძალად იქცეს?

- “ნაცმოძრაობაში” მორიგდებიან თუ არა, მაინც არაფერი იცვლება – ერთიანად თუ ცალ-ცალკე ვერც ერთი ნაწილი ვერ იქცევა ამომრჩევლისთვის მისაღებ ძალად, ეს “გირჩისა” და გიორგი ვაშაძის მაგალითზეც გამოჩნდა – საზოგადოება არ არის მზად, “ნაცმოძრაობის” ნამსხვრევები მიიღოს და მათი რომელიმე განაყოფისკენ შებრუნდეს. მართალია, უგულავამ სამართლებრივად სასჯელი მოიხადა, მაგრამ პოლიტიკური სასჯელი მას ამომრჩევლის წინაშე ჯერ კიდევ მოსახდელი აქვს. უგულავას ამ ტვირთის ტარება მოუწევს.

კვირის პალიტრა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაცმოძრაობისლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!..“ // „თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, – გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ“ // „არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა

ნათია დოლიძე

ახალი წლის პირველივე დღეებში საქართველოს ამერიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი სტუმრობდნენ. სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებით, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა არ შეიცვლება. “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდგებით, ვლადიმირ პუტინის აგრესია გაგრძელდება”, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

იმ დროს, როდესაც თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია რამდენიმე დღეში შეუდგება მუშაობას, თანაც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს – უფრო კარჩაკეტილი და შიდა პრობლემებზე ორიენტირებული გახდეს, რას ნიშნავდა ეს ვიზიტი და რუსეთთან ხისტი მიდგომით გამორჩეული ჯონ მაკკეინის განცხადებები? – სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი:

- ვიდრე ამ ვიზიტს გავაანალიზებდეთ, ორიოდე სიტყვით უნდა გავიხსენოთ, რა პოლიტიკური ვითარებაა დღეს აშშ-ში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არა მხოლოდ აშშ-ის ისტებლიშმენტში, არამედ თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც კი სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთის დასწრებაზე მუშაობს. ჩვენ ვიცით ტრამპის საჯაროდ გახმაურებული პოზიცია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას გეგმავს, თუმცა კონგრესის პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. ვიცით ისიც, რომ კონგრესმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ტრამპის გეგმების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, რუსეთს გაუმკაცრა სანქციები. მართალია, ეს ობამას ინიცირებული იყო, მაგრამ მას მხარი დაუჭირა კონგრესმა, მათ შორის მისმა რესპუბლიკელმა წევრებმაც… ვფიქრობ, ტრამპის გეგმებს არ უნდა ემსახურებოდეს მაკკეინის და კიდევ ორი სენატორის საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში ვიზიტი. ეს, ერთი მხრივ, არის დემონსტრაციული, მეორე მხრივ კი დამამშვიდებელი ნაბიჯი, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. როგორც ვიცი, შეხვედრებისას ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, ერთია, რას ამბობს ტრამპი და მეორე, რას ფიქრობს აშშ-ის პოლიტიკური ელიტაო.

რაც შეეხება საქართველოს, ზუსტად არ ვიცი, რაზე იყო ოფიციალურ შეხვედრებზე ლაპარაკი, მაგრამ გამამხნევებელი განცხადებების გარდა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები გაიმართა ზოგიერთ თემაზე და ამის შედეგია უგულავას გათავისუფლება.

- ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი ისევ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობას დავუბრუნდეთ. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნების პარტნიორობას თეთრი სახლის უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებში? იქნება კი ეს თანამშრომლობა მაკკეინის განცხადებების შესაბამისი?

- კარგი კითხვაა. როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო.სამწუხაროდ, ჩვენი საელჩო თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებდა, რაც ძალიან ცუდია. ეს დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს უკვე მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია შეუდგება მუშაობას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ არასწორი იყო თავის დროზე ლობისტურ ჯგუფებთან მუშაობაზე უარის თქმა. დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებთან მუშაობა ასეთი ჯგუფების გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შეფერხდა მუშაობა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, კონგრესთან და ა.შ. ამის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუ რამდენად იაქტიურებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ამისთვის მზადყოფნა აშშ-ში არის და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრისთვის რესურსი საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რესურსია აშშ-ის ქართულ ემიგრაციაში, რასაც გამოყენება უნდა. ჩვენი ემიგრაციის არაერთი წარმომადგენელი დაახლოებულია აშშ-ის პოლიტიკურ ელიტასთან, მეტსაც გეტყვით, ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც იმათ შორისაა, ვისითაც დაკომპლექტდა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია. ამ რესურსის გამოყენება და ბევრად აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებაა საჭირო. იქ ჩვენი ახალი ელჩი ახლახან შეუდგა საქმეს, იმედია, დავით ბაქრაძეს აქვს შესაძლებლობა, ვითარება შეცვალოს, ვუსურვებდი მას, უფრო მეტად ენერგიული იყოს.

- თუ მართლაც ჯონ მაკკეინის ვიზიტისას გადაწყდა უგულავას გათავისუფლება, რა გათვლა შეიძლება ჰქონდეთ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში უგულავასთან დაკავშირებით?

- არა მგონია, ჯონ მაკკეინმა მაინცდამაინც გიგი უგულავას საკითხი დააყენა. “ნაციონალური მოძრაობა”, მისი ხელმძღვანელობა მიიჩნევა არა მხოლოდ მოკავშირედ იმ ნეოკონსერვატორებისა, რომელთაც ჯონ მაკკეინი წარმოადგენს, არამედ პირად მეგობრადაც. ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა კულუარული მოლაპარაკებებისას. სენატორი ჯონ
მაკკეინი ისეთი ბრიყვი არ არის, არ იცოდეს, რაში ედება ბრალი გიგი უგულავას და რომ ის პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა არაოფიციალური შეხვედრებისას სწორედ ასე დააყენებდა საკითხს, ოღონდ კრებსითად და არა მხოლოდ უგულავას თემას წამოსწევდა.

- გიგი უგულავა ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიური პოლიტიკური ლიდერი იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პირველივე განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას აპირებს

- გავიხსენოთ ბოლო ხანს უგულავას მიერ ციხიდან გაკეთებული განცხადებები. მან ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ იმ სიტუაციის მომხრე, რაც შეიქმნა “ნაციონალურ მოძრაობაში”, არ იყო. მან მიანიშნა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას მხარს აღარ უჭერდა. საერთოდ უნდა ითქვას, ის პირები, რომლებიც “ნაცმოძრაობას” წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისმგებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო და ამით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მეტიც, ქვეყნის მოქალაქეობაზეც კი თქვა უარი.

შესაბამისად, “ნაცმოძრაობაში” არა ერთი და ორი სააკაშვილის უკრაინიდან გაცემული ბრძანებებით თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. სხვათა შორის, გაიხსენეთ, სწორედ უგულავას წერილით დაიწყო დაპირისპირების ესკალაცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, იკითხებოდა, რომ გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის აქტიურობის უკან უგულავა იდგა. სწორედ მან პირველმა ესროლა სააკაშვილს ქვა. სასამართლო პროცესზე უგულავამ ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა და ციხიდან გამართლებული კი არა, სასჯელმოხდილი გამოვიდა. მართალია, ციხის კართან ბევრი ილაპარაკა პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა… სწორედ უგულავამ, კეზერაშვილთან ერთად, დაუტოვა თბილისელებს “სითი პარკი”, რომლისთვის ლაგმის ამოდების ძალა ნარმანიას არ ეყო… უგულავა პოლიტპატიმარი არ არის! გიგი უგულავას ნაბიჯები ჯერ კიდევ ციხიდან მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იმ მიმართულებით ვითარდება, რაც “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის ინტერესებს ემთხვევა, ანუ “ნაცმოძრაობის” დაშლისკენ.

- ეს უბრალო დამთხვევა გგონიათ?

- “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შანსი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას ხელიდან რომ გაეშვა, პირდაპირ ვიტყვი, სულელები იქნებოდნენ. აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს საკუთარი ხელითვე აშლევინებენ პარტიას.
რაც შეეხება თავად უგულავას, ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა, გახსოვთ, ალბათ, ის სტიქაროსანი იყო, შემდეგ საეკლესიო განათლებაც მიიღო, თუმცა, როცა სჭირდებოდა, არად დაგიდევდათ საეკლესიო ნორმებს და ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებასაც მუდმივად სათავისოდ ცდილობდა. ციხიდან გამოსულმა უგულავამ რწმენასა და მორალზე ისაუბრა… თუმცა, ვინმეს დაავიწყდება 2012 წელს ატეხილი ამბავი, როცა თბილისის მაშინდელმა მერმა საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა, რომლის სრული ვერსია, როგორც მახსოვს, თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა?!

- თქვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობითნაციონალური მოძრაობისდაშლა გარდაუვალია?

- მე ასე მგონია, ამასთან, ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაცია შეუქცევადი პროცესია. გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკოს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის. მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის აქ არ არის და სკაიპის მეშვეობით ჩართვებით ამდენ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მართალია, რიგითი წევრების დიდი უმრავლესობა მის მხარეს არის, მაგრამ ლიდერების უმრავლესობა აშკარად ბოკერია-უგულავას ფრთაზეა. ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა “ნაციონალურ მოძრაობას”, სრულდება.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად იყო თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგანსაზოგადოებრივი მაუწყებლისგენერალური დირექტორის კონკურსი? როგორ ფიქრობთ, ამ თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ნიშნით იქნა არჩეული თუ არა?

- პოლიტიკური ცხოვრების გავლენისგან არც ერთი საზოგადოებრივი პროცესი, პრაქტიკულად, თავისუფალი არ არის. უნდა იყოს, მაგრამ არ არის, არ გამოდის, პატარა ქვეყანა ვართ და პოლიტიკური ამბიცია გვახრჩობს. შეიძლება ვასილ მაღლაფერიძე იყო ჯერ “მოქალაქეთა კავშირის”, შემდეგ “ნაცმოძრაობის” წევრი, მაგრამ მანამდე იყო ძალიან კარგი გაზეთის – “კავკასიონის” რედაქტორი. ვაცალოთ, ეგებ რამდენ კარგ რამეს აკეთებს “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. ახლა მე უფრო მისი მუშაობის შედეგი მაინტერესებს. თუ ვინიცობაა და, ვერაფერი გააკეთა, აქ არ არის საზოგადოება? ჩვენზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული.

- რას ფიქრობთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, როდესაც ივარაუდა, რომ ივლისამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადადგებოდა, რაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების არსებული წესით ჩატარებას შეუწყობდა ხელს? თავდაპირველად გაჩნდა განცდა, რომ ეს შეთანხმებული იყო მარგველაშვილთან, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებამ, რომვიღაცისმოსაზრებაზე კომენტარს არ გააკეთებდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა

- დავით უსუფაშვილი ძლიერი და ძალიან საინტერესო პოლიტიკოსია. მას თუ რამე უშლიდა ხელს პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, მისი პარტიული კუთვნილება იყო, რისგანაც გათავისუფლდა. ის ძალიან ფრთხილი პოლიტიკოსია და მოუფიქრებელ განცხადებას არ გააკეთებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პირადად ჰქონდა მარგველაშვილთან ამაზე ლაპარაკი და რადგან ვერ დაიყოლია, გადაწყვიტა საჯაროდაც შეეთავაზებინა და ასე გაუგზავნა ვითარების გადარჩენის რეცეპტი. ჩემი აზრით, უსუფაშვილმა პრეზიდენტს მან მაშველი რგოლი გაუგზავნა, თუმცა მარგველაშვილმა არ მიიღო. თუ უსუფაშვილი შექმნის პარტიას, ვფიქრობ, პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მის გვერდით!

- თუ შენარჩუნდა პრე­ზიდენტის არჩევის წესი, შესაძლოა, უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მოგვევლინოს?

- შესაძლოა, თუმცა, მგონია, ის უფრო აქტიურ პოლიტიკას არჩევს – პარტიის ლიდერის რანგში.

- მინდა შევეხოთ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასაც, სადაც დანარჩენ საქართველოსთან საურთიერთობოდ მხოლოდ ერთიენგურის .. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატოვებას აპირებენ, რაც იქაურ ქართველობას თუ აქეთ სამკურნალოდ და სხვა მიზნით გადმოსვლის მსურველ აფხაზებს პრობლემებს შეუქმნის. შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესზე რამენაირად მოახდინოს გავლენა?

- სამწუხაროდ, პრაქტიკულად ამის შანსი არ არსებობს, ვერაფერს გააკეთებენ. დღეს ჩვენი მოკავშირეები დაკავებულები არიან ძირითადად ახლო აღმოსავლეთის პრობლემებით. არავის სცალია ჩვენთვის. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იქ მუშაობენ, პრაქტიკულად, უხერხემლოები არიან, ჩვენი ხმა არავის ესმის… ეს არის აფხაზეთის საქართველოსგან კიდევ უფრო დისტანცირების მცდელობა, რაც მართლაც ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და არა მხოლოდ მათ.

- თურქეთში ვითარება კვლავ რთულია, ქვეყანა ტერორისტთა სამიზნე სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ამ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ლაპარაკისას ერდოღანმა კვლავ უცნაურად ახსენა ბათუმი: ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა ღაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოსა და იდლიბში, კვიპროსზე, ნახჭევანში, ბათუმში, ბალკანეთში, – რის მიღწევას ცდილობს ამგვარი განცხადებებით ერდოღანი?

- ამ ცოტა ხნის წინ მომიწია თურქ ახალგაზრდებთან შეხვედრამ და მათ ასეთი რამ ვკითხე: როდესაც ერდოღანი ასე ხშირად ასახელებს ამ გეოგრაფიულ დასახელებებს, რა განწყობა გიჩნდებათ-მეთქი? – პასუხი ჩვენთვის საკმაოდ არასასიამოვნო იყო. თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, – გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ, ეს იწვევს ჩვენი ლიდერის გარშემო კონსოლიდაციის სურვილსო. გამოდის, რერეჯეფ ერდოღანი სათავისოდ ძალიან სწორად ირჯება. ამას კი აკეთებს, მაგრამ თურქეთმა ამ ბოლო დროს იმდენი მტერი გაიჩინა, რაც, მგონი, პირველი მსოფლიო ომის მერე მართლაც არ ჰყოლია, მათ შორისაა არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური ძალები, სხვადასხვა სტრუქტურა…

სამწუხაროდ, რაც ხდება თურქეთში, ჯერ არ გაჩერდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტები გახშირდება და დიდ ქალაქებს გასცდება. ტერორისტების გააქტიურება მოსალოდნელია ევროპაშიც. მშვენივრად ხედავენ ისლამისტები, რომ თუ  რაქა და მოსული დაეცემა, ისლამური ხალიფატის საქმე დამთავრებულია! შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გადაიტანონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ევროპისა და თურქეთის ტერიტორიაზე, რათა თურქებმა და ევროპელებმა აიძულონ მთავრობები, უარი თქვან “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე, თუმცა ეს ამბავი დაგვიანებულია!

კვირის პალიტრა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „თუ პრეზიდენტმა მოინდომა, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება“ // „რაც შეეხება პარლამენტის საპასუხო ნაბიჯს, მმართველ გუნდს შეუძლია კონსტიტუციაში დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანოს და განმეორებითი­ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს

რუსუდან შელია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს შეცვლის, კონსტიტუციით გიორგი მარგველაშვილს აქვს ბერკეტი, გადადგეს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდა, რა ბერკეტი აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველ პარტიას ან პრეზიდენტს, “კვირის პალიტრას” კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა:

- პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დასვას კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხი და მოსთხოვოს პარლამენტს მისი განხილვა.­ თუ არსებობს 76 დეპუტატის თანხმობა ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, ასეთ შემთხვევაში კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. თავად პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კონსტიტუციური შესწორებები­ რომ ძალაში შევიდეს, აუცილებელია, პარლამენტმა ორ თანამიმდევრულ სესიაზე­ ორჯერ უყაროს კენჭი კანონპროექტს, მაგრამ ისე, რომ პირველი კენჭისყრიდან მეორემდე გასული იყოს არანაკლებ სამი თვე და, ცხადია, მას მხარს უნდა უჭერდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ არანაკლებ 113 დეპუტატი.

ამ პროცედურებიდან, ასევე ხელისუფა­ლთა განცხადებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია­ კანო­ნპროექტის შემუშავებას აპრილის ბოლოს დაასრულებს, ნიშნავს, რომ პარლამენტში პირველი კენჭისყრა, დიდი ალბათობით, ივნისში, საგაზაფხულო სესიაზე გაიმართება, შესაბამისად, მეორე – სამი თვის შემდეგ, ანუ სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე; ჩნდება სამთვიანი ინტერვალი, როდესაც ხელისუფლების ნება გაცხადებული და პირველი კენჭისყრით დადასტურებულია, მაგრამ მეორე კენჭისყრამდე ძალაში არ არის შესული. ამ სამთვიანი ინტერვალის გამოყენების კონსტიტუციურ და სამართლებრივ შესაძლო მექანიზმზე ისაუბრა დავით უსუფაშვილმა და გააფრთხილა­ ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული, იმ შემთხვევისთვის, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი გზით მოხდეს.

- თუმცა საკითხი სწორედ აქ გაიყო თავად კონსტიტუციონალისტებს შორისაცშეუძლია თუ არა პარლამენტს არჩევნების შეჩერება, თარიღის გადატანა ან თუნდაც ახალარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა?

- მოქმედი კონსტიტუციით, იმ შემთ­ხ­ვევაში, თუ პრეზიდენტი ვერ ახორციე­ლებს თავის უფლებამოსილებას ან ვადამდე­ შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება­ უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის განმავლობაში. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი. ასეთი პრეცედ­ენტები საქართველოში უკვე გვქონდა და ხელისუფლებას (უმრავლესობას) არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი არჩევნების შესაჩერებლად ან გადასატანად არ გააჩნია.

თუ პრეზიდენტისათვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდება პრეზიდენტის­ არჩევის წესი, ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია გამოიყენოს სამთვიანი ინტერვალი, პირვ­ელი კენჭისყრის შემდეგ, თუ საჭიროება გაჩნდა, გადადგეს და აიძულოს ხელისუფ­ლება, ხუთი წლის ვადით აირჩიოს ახალი­ პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრით და იმ უფლებამოსილებით, რაც მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
თუ მარგველაშვილი ამგვარ ნაბიჯს გადადგამს, მას შეუძლია თავადვე იყაროს კენჭი და გამარჯვების შემთხვევაში, საზო­გადოების აღქმაში სრულად გათავისუფლდეს იმ ვალდებულებებისაგან, რაც მის გაპრეზიდენტებაში “ქართული ოცნების”­ მხარდაჭერამ წარმოშვა. ასე რომ, თუ პრეზიდენტმა მოინდომა, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

რაც შეეხება პარლამენტის საპასუხო ნაბიჯს, მმართველ გუნდს შეუძლია კონსტიტუციაში დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანოს და განმეორებითი­ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს. თუმცა მსგავსი ნაბიჯი ხელისუფლებისგან, რბილად რომ ვთქვათ, კონსტიტუციურ სამართალთან თანხვედრაში ვერ მოვა. უფრო მოსალოდნელია, ახალმა­ კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლ­ებამოსილებები შეზღუდოს და ეს ნორმები კონსტიტუციის მიღებისთანავე აამოქმედოს. არც ამგვარი­ გადაწყვეტილება მიმაჩნია გამართლებულად, მაგრამ მოვლენათა ამგვარად განვითარების ალბათობა­ უფრო რეალური ჩანს.

- დავით უსუფაშვილის პროგნოზსა და კონსტიტუციაში არსებულ კაზუსებს მივყავართ თუ არა პოლიტიკურ კრიზისამდე?

- არა. პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვება მაშინ, როდესაც იწყება დაპირისპირება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას ან უნდობლობას უცხადებს არსებულს და თავად ვერ ქმნის ახალს. ორივე შემთხვევაში პრეზიდენტი, ცხადია, მონაწილეობს, მაგრამ მისი მონაწილეობა მკაცრად არის რეგლამენტირებული კონსტიტუციით. ამიტომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტი ან პარლამენტი ცალ-ცალკე ვერ იქნება პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელი.

—————————

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ნაცმოძრაობის გაყოფა ოფიციალურად დაიწყო

დღეს პარტიის საპარლამენტო ფრაქცია გაიყოფა, 20 იანვარს – თავად პარტია

სალომე სარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა უკვე გარდაუვალია და ამას არც პარტიაში არსებული დაპირისპირებული მხარეები უარყოფენ. ამ გაყოფის ოფიციალურად გაფორმება პრაქტიკულად დღეს პარლამენტში დაიწყება.

დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წევრები „ნაცმოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენელ ნიკა მელიას გადააყენებენ, გადაყენებული მელია და ე.წ. სააკაშვილის გუნდი კი ახალი ფრაქციის ფორმირებას დაიწყებენ. საერეთოდ, პარტიის გაყოფა საბოლოოდ 20 იანვრის ყრილობაზე დასრულდება.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მოვლენების ამგვარი განვითარება პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრს არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ ორივე ჯგუფი ელექტორალურად შესუსტდება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ეს სისტემის რღვევას, პოლიტიკური ველის მოსუფთავებასა და ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირების შანსს შექმნის, რაც პირველ რიგში მმართველ პოლიტიკურ ძალას არ უნდა აწყობდეს.

ვინ სად იქნება?

ახალი წლის შემდეგ “ნაცმოძრაობაში” განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ორი დაპირისპირებული მხარე ერთად ბრძოლას აღარ აპირებს. ორი დღის წინ კი ისიც ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი პარლამენტში ახალი ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება, რომლის თავმჯდომარეც კვლავ ნიკა მელია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ამჟამად “ნაცმოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა, თუმცა, დღეს დავით ბაქრაძე – გიგა ბოკერიას გუნდის წარმომადგენლები მის გადაყენებას გეგმავენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გუნდში შემავალ სხვა დეპუტატებს, გაცხადებული პოზიცია, ნიკა მელიასთან ერთად, დეპუტატ თინა ბოკუჩავას აქვს. “მთელი კვირის” ინფორმაციით, ამავე ფრთაში მოიაზრებიან რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი. ამავე ფრთაში არიან ყოფილი დეპუტატ-მაღალჩინოსნები: ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზაზა ბიბილაშვილი, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ „ნაცმოძრაობის” ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტში, რომელიც 20 იანვრისათვისაა დანიშნული, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები უმრავლესობას შეადგენენ, კომიტეტს კი პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს. ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წევრებს კი ამ კომიტეტის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეაქვთ.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარტიის რამდენიმე დეპუტატი მანდატის დატოვებას აპირებს, რადგან ბოლომდე არცერთი ფრთის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის გადაწყვეტილებით, პროპორციული სიიდან 7 კაცი ამოიღეს.

ცნობისათვის: თუ “ნაცმოძრაობის” რომელიმე მოქმედი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, რიგითობით პარლამენტში შესვლა ნინო კალანდაძეს უწევდა, რომელიც სააკაშვილის ფრთაში მოიაზრება და რომელიც სიიდან სერგო რატიანის გადაწყვეტილებით ამოიღეს.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას გუნდს, მასში ერთიანდებიან დეპუტატები სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, აკაკი ბობოხიძე, ლევან ბობოხიძე, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ოთარ კახიძე, გიგი წერეთლი. ასევე, პარტიის 25 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამავე გუნდს მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს გარკვეული ნაწილი. მათ შორის მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი გაბაშვილი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ თუ გიგა ბოკერიას გუნდი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავა და პრინციპში, ეს გარდაუვალიცაა, ის “ევროპულ საქართველოში” გადაინაცვლებს, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში “ენმ”-სთან ერთად ბლოკის სახით მონაწილეობდა და რომლის დამფუძნებელიც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის მამა გახლავთ. “ნაციონალურ მოძრაობას” კი ექნება თავისი ფრაქცია. ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, ამდენი დეპუტატი კი ბაქრაძე-ბოკერიას ჯგუფის გამოყოფის შემდეგ პარტიაში ისედაც რჩება.

დაპირისპირებულთა გეგმები და შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის გუნდი მიიჩნევს, რომ ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფის პარტიიდან წასვლით “ნაციონალური მოძრაობა” ორად არ იყოფა და, შესაბამისად, მათ ამით არაფერი აკლდებათ. როგორც “მთელ კვირას” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ბოკერია-ბაქრაძის ფრთა “ნაციონალურ მოძრაობას” უკვე აღარ წარმოადგენს. მისივე თქმით, ნაბიჯები, რომელიც ერთმა “მცირე, კარჩაკეტილმა” ჯგუფმა გადადგა, სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ როგორმე 20 იანვრის ყრილობის ჩაშლა მოხდეს.

“როგორც გახსოვთ, ისინი ძალიან მალევე, არჩევნების შემდგომ ამომრჩეველს გაემიჯნნენ, შემდეგ სიიდან განსხვავებული აზრის მქონენი ამოიღეს. ახლა კი შემდეგი მათი ნაბიჯი ის იქნება, რომ ნიკანორ მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნიან. ადამიანს, რომელიც ერთი თვის წინ დიდი ზარ-ზეიმით თავადვე დანიშნეს. სამწუხაროა, რომ ეს არის კომკავშირული შეურიგებლობის სიმბოლო და ფლაგმანი გიგა ბოკერიაა. მათ არ სურთ ყრილობა, რადგან სწორედ ყრილობაზე მრავალათასიანი წარმომადგენლობა გამოაჩენს, თუ რამდენად დიდ უმცირესობაში არიან ისინი საკუთარ პარტიაში. ეს ნაბიჯებიც სწორედ ამითაა განპირობებული. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი პოლიტიკური კრახი დადგება იქ, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” მასშტაბური წარმომადგენლობით შეიკრიბება,” – აცხადებს ნუგზარ წიკლაური. მისივე შეფასებით, პარტიაში მიმდინარე პროცესს პარტიის გაყოფა არ უნდა დავარქვათ და ეს არასწორი ფორმულირებაა, ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობას” ათასობით წევრი შეადგენს. რაც შეეხება პარტიიდან გამიჯნულ ბოკერია-ბაქრაძის გუნდს, წიკლაურის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს იმ პარტიასთან, რომელსაც ისინი ჩამოაყალიბებენ.

“ამ წუთას მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც საკუთარ პარტიას და ამომრჩევლებს გაემიჯნნენ; გამოავლინეს სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება, რომელიც ბოლშევიკურ პერიოდთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიულ მიდგომებთან,” – დასძენს ნუგზარ წიკლაური.

გიგა ბოკერიას ფლანგის თანამოაზრე დავით დარჩიაშვილის შეფასებით კი, ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიის გაყოფა ადვილი პროცესი არაა და, შესაბამისად, არც უმტკივნეულო. მისი თქმით, მინდინარე კონფლიქტურ პროცესში ორივე მხარე მისთვის მისაღებ ნაბიჯებს დგამს და ეს გასაკვირი არაა, ვინაიდან ჯგუფებს შორის იდეოლოგიური შეუთავსებლობაა. „აქ იგულისხმება ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაცა და სიიდან რამდენიმე დეპუტატის ამოღების გადაწყვეტილებაც. ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ორ ჯგუფს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებაა, რომელიც ნათელი და ცალსახაა. მელიას გადაყენების აჟიოტაჟიც სწორედ ამ რგოლის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივას, ეს პროცესი იმდენად მტკივნეული და მწარე აღმოჩნდა, რომ ახლა ეს ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, მაინც მგონია, ის კურსი, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” აერთიანებდა – ქვეყნის მოდერნიზაცია და პროდასავლური კურსი – რაღაც შეხების წერტილებს მაინც დატოვებს, რომელთა დანახვა ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ახლა ძნელი იყოს, მაგრამ მომავალში შესაძლოა ამ ძირითადმა საკითხებმა თავი იჩინოს და გარკვეული გადაკვეთა ისევ მოგვიწიოს. ცხადია, თუ მიზანი და ამოცანა ერთი რჩება, მაშინ შესაძლოა მიმდინარე პროცესების დინამიკამ შეხების წერტილები შექმნას და, შესაბამისად, შესაძლოა ერთობლივი ნაბიჯებიც დაიგეგმოს,” – გვითხრა დავით დარჩიაშვილმა.

რა მოხდება პარტიის ორად გაყოფის შემდეგ?

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის გაყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ორივე მხარე ელექტორატის შესუსტებას იგრძნობს. მისი აზრით, არსებული რეალობით, ერთ მხარეს (მიხეილ სააკაშვილის გუნდში) რჩება “პოლიტიკური მრევლი”, რომელსაც არ აქვს რაციონალური პოლიტიკური აზროვნების უნარი და, შესაბამისად, პრობლემატურია; ხოლო მეორე მხარეს რჩება პოლიტიკური ელიტა, რომელსაც გარკვეული გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, თუმცა ელექტორალურად შეფერთხილია.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს უფრო “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პრობლემაა, ვიდრე სახელმწიფოებრივი განვითარების. „ვფიქრობ, დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” იქს რაოდენობის ელექტორატი ჰყავს და შესაბამისად, ეს ელექტორატი ახლა ორად გაიყოფა, რაც პოლიტიკურ ლანდშაფტში ბევრს არაფერს შეცვლის. ანუ, მგონია, რომ არცერთ განაყოფს დღეს არ აქვს იმის რესურსი, რომ მესამე ძალა მოიზიდოს. შესაბამისად, ერთი და იგივე ელექტორალური მასა ორად გაიყოფა და ამით არც არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ორივე ჯგუფი დასუსტდება,” – აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, სააკაშვილის “მრევლს” ახალი ელექტორატის მოზიდვის რესურსი პრაქტიკულად ნულოვანი აქვს. ხოლო რაც შეეხება ბოკერიას ფრთას, მისი თქმით, მათ ამის თეორიული შანსი აქვთ, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ანალიტიკოსი ვერც ამის შესაძლებლობას ხედავს.

“რეალურად არსებული სურათი გახლავთ გარკვეული სანახაობა და ვფიქრობ, რომ ეს არც ხელისუფლებისთვის იქნება კომფორტული განვითარება, რადგან ზუსტად მათ ინტერესებში შედიოდა ეს ორპოლუსიანი იწილო-ბიწილო. თუკი ახლა პოლიტიკური ველი მოსუფთავდება, ეს ნიშნავს, რომ ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების შანსი გაჩნდება, რაც ხელისუფლების ინტერესში სულაც არ შედის,” – განუცხადა “მთელ კვირას” გია ხუხაშვილმა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 09 იანვარი, 2017 წელი

გიგი უგულავანაწილისთვის ლიდერი და ნაწილისთვისპროვოკატორი

ნინო ქეთელაური

საპატიმროდან გათავისუფლებული დედაქალაქის ყოფილი მერი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. გიგი უგულავას განცხადებით, იგი პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული კრიზისის მოგვარებას შეეცდება. შეხვდება მიხეილ სააკაშვილსაც და დაპირისპირებული ჯგუფის ყველა წევრს. თუმცა, პრაქტიკულად უკვე ორად გაყოფილ “ნაცმოძრაობაში” უგულავას პოლიტიკურ მომავალს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თანაპარტიელთა ერთი ნაწილისათვის იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, მეორე ნაწილი კი მას ღიად ადანაშაულებს შიდაპარტიული კრიზისის პროვოცირებაში, რადგანაც, მათი თქმით, დაპირისპირება პარტიაში თავის დროზე სწორედ უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილით დაიწყო.

ყოფილი მერის გათავისუფლებას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი “ფეისბუქით” გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გიგი უგულავას არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია. ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, გიგი უგულავას როგორც დაპატიმრება, ისე პატიმრობიდან გათავისუფლებაც ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო.

“ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ გიგი უგულავა “ნაცმოძრაობის” ნაწილის ერთ-ერთი ლიდერი იქნება და ეს გარდაუვალია.

“მე ვფიქრობ, ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რომ იქნება, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მხოლოდ თვითონ შეუძლია გადაწყვეტა. შეეძლო, პოლიტიკას ჩამოსცილებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ეტყობა, აქვს ენერგია, შემართულია და ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

რაც შეეხება იმას, რა იქნება გიგი უგულავას სამომავლო გეგმები, მიიღებს თუ არა დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობას და ა.შ., დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს მომავლის საკითხია, რაზეც თავად მასაც გაუჭირდება პასუხის გაცემა.

“რას, როდის, როგორ და რანაირად აპირებს, მომავლის საკითხია. ალბათ, მასაც რომ ჰკითხოთ, ამ კითხვაზე პასუხი გაუჭირდება”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ გიგი უგულავა პარტიის ორივე დაპირისპირებულ მხარესთან აპირებს შეხვედრას და, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ადამიანი ახლა გამოვიდა ციხიდან, იყო პოლიტპატიმარი და, ბუნებრივია, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში თავისი წვლილის შეტანა უნდა მიუხედავად იმისა, თუ რა იგულისხმება მშვიდობიან გადაწყვეტაში – გაყოფა თუ რაიმე სხვა.

„მე პირადად მგონია, რომ გაყოფის ალტერნატივა უკვე აღარ არსებობს. მან თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, მცდელობა და გავლენები გამოიყენოს. როგორც მან თქვა, რამდენიმე დღე მაცადეთო, ვნახოთ, მერე რა იქნება”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

“ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური კი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება თავის დროზე სწორედ გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილით დაიწყო და ახლა ის პარტიის შიგნით პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს. „გიგი უგულავას წერილმა, რომელიც გამოქვეყნდა, პრაქტიკულად გახსნა ის დაპირისპირება, რომელიც დღეს არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. მან ითამაშა ძალიან უარყოფითი როლი და იმ უპასუხისმგელო განცხადებამ, რომელიც მან მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, გამოწვია შემდგომი მოვლენები.

მას შემდეგ, რაც ის გამოვიდა ციხიდან, მე მოვისმინე მხოლოდ ერთი კომენტარი, სადაც ამბობს, რომ ის კვლავ იზიარებს იმ წერილის პათოსსაც და სულისკვეთებასაც, რომელიც მან გამოაქვეყნა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, რაიმე ილუზიები არ გამაჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ის პარტიაში რაიმე სახით კონსტრუქციული როლის შესრულებას შეძლებს. იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, სწორედ მისმა წერილმა გამოიწვია ის ვნებათაღელვა, რაც ახლა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება”, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 09 იანვარი, 2017 წელი

რა ელოდება დავით ბაქრაძეგიგა ბოკერიას გუნდსნაცმოძრაობიდანგამოყოფის შემდეგ

თაკო მათეშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” გაყოფის პირასაა. პოლიტოლოგების აზრით, ახლა მხარეები იმასღა ცდილობენ, რომ ეს პროცესი მათთვის რაც შეიძლება ხელსაყრელად დასრულდეს და საკუთარ პირობებს აყენებენ. პარტიის წევრები უკვე აღარ უარყოფენ, რომ არსებული ურთიერთდაპირისპირების ფონზე მათი ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი და არაფრისმომცემია. თანაგუნდელები ერთმანეთს ყოველდღიურად შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებენ და პარტიის დაშლაში, ღალატში, ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისაგან საპარლამენტო მანდატების დათმობასაც მოითხოვენ.

შესაბამისად, “ენმ”-ს გაყოფა, რასაც ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ, მოულოდნელი აღარავისთვის იქნება. ყველაფერი 20 იანვრის ყრილობაზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა ჯერჯერობით მისი ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პარტიის წევრთა ერთი ნაწილი მას ბოიკოტს უცხადებს.

პოლიტოლოგები კი იმ ჯგუფის სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობენ, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას”, სავარაუდოდ, გამოეყოფა. მათი აზრით, გეგმაზომიერი ნაბიჯების შემთხვევაში “აჯანყებულებს” პოლიტიკური საქმიანობის მეტ-ნაკლებად ეფექტურად გაგრძელების შანსი აქვთ. არც იმას გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის ლიდერობის გარეშე მათთან სხვა პარტიებმაც მოინდომონ თანამშრომლობა.

გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლამ კი, მათი აზრით, სააკაშვილთან დაპირისპირებულ გუნდს მეტი წონა შესძინა. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ მათი პერსპექტივა და მიმზიდველობაც გაიზარდა.

სპეციალისტები იმ სცენარზე საუბრობენ, რაც “ნაცმოძრაობის” გაყოფის შემდეგ შეილება განვითარდეს. ამბობენ, რომ წესით, “ენმ”-დან გამოყოფილი ჯგუფი ჯერ სხვებთან გაერთიანებით დაინტერესებული არ უნდა იყოს, რადგან საკუთარ რიგებშიც ბევრი რამ აქვთ ჩამოსაყალიბებელი. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ მათ შეთავაზებები მიიღონ კიდეც.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ახალ გუნდს, რომელიც “ნაცმოძრაობას”, სავარაუდოდ, მალე გამოეყოფა, აქვს იმის პოტენციალი, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. მითუმეტეს, რომ მათი უმრავლესობა პარლამენტის წევრია. მართალია, მათი პერსპექტივა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დაფინანსებაზეც, მაგრამ, ჩიტაძის აზრით, ფაქტია, რომ შეძლებენ, პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ და “ქართულ ოცნებას” ოპონირება გაუწიონ.

„ვფიქრობ, სახელისუფლებო პარტია მათ გადაბირებას შეეცდება, თუმცა გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანები “ქართულ ოცნებას” შეეკრან. ალბათ შეეცდებიან, დამოუკიდებლად გააგრძელონ მოღვაწეობა და დაამტკიცონ, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშეც შეუძლიათ არსებობა. ეს ძალა სხვა პარტიებისთვისაც შეიძლება მიმზიდველი გახდეს. არაა გამორიცხული, რომ მათ ალიანსის ჩამოყალიბების მცდელობა ჰქონდეთ. მითუმეტეს, სხვა პარტიებს არ გააჩნიათ იმის რესურსი, რომ “ოცნებას” ოპონირება რეალურად გაუწიონ. ეს შეიძლება იყვნენ “რესპუბლიკელები”, რადგან მათი საგარეო პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ასევე არაა გამორიცხული, საუბარი იყოს „გირჩზე და პარტიაზე „ახალი საქართველო“. ჯერ-ჯერობით მათი რეიტინგი მაღალი არ არის, ამიტომ მსგავსი სურვილი გასაკვირი არაა.  თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ მაინც მგონია, ეს ადამიანები შეეცდებიან, პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელონ,” – აცხადებს ჩიტაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ უგულავას ციხიდან გამოსვლა ვითარებას საგრძნობლად ცვლის, რადგან იგი სწორედ ერთ-ერთი ის ფიგურა იყო, ვისზეც “ნაციონალური მოძრაობა” იდგა. ამბობს, რომ უგულავა, სავარაოდოდ, “აჯანყებული” ნაწილის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. იმ ნაწილისა, რომელიც ყრილობის ჩატარებას აპროტესტებს.

„სავარაუდოდ, ცალკე გამოყოფილი ჯგუფი თავის ლიდერს შეიძენს. შედეგად უფრო შეკრული გახდება, რადგან ლიდერი ჯგუფს ყოველთვის კრავს. ვფიქრობ, მათი მოქმედება არანაკლებ მიზანსწრაფული იქნება, ვიდრე მეორე მხარეს დარჩენილებისა. მგონია, რომ ორ პოლიტიკურ ჯგუფთან გვქნება საქმე, ამან უგულავას ინტონაციაშიც გაიჟღერა. ახლა კი ეცდებიან, გაყოფას დანაკარგი არ მოჰყვეს. ეცდებიან, პოლიტიკური პოზიციები ისე შეჯერდეს, რომ რიგ საკითხებში ერთიანი პლატფორმა ჩამოიყალიბონ”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება სხვა პარტიების სურვილს ახალ ძალასთან თანამშრომლობის თაობაზე, საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის ერთმანეთი იმ შემთხვევაშია მიმზიდველი, თუკი ისინი ხალხისთვის არიან მიმზიდველები. ამბობს, რომ სოციოლოგიურ გამოკვლევებსაც სწორედ ამ კუთხით ატარებენ – დაკარგავს თუ მოიმატებს ესა თუ ის ძალა ხმებს, თუკი რომელიმე კონკრეტულ პარტიას შეუერთდება.

„გაერთიანება ამა თუ იმ პარტიას ხმებს ავტომატურად არ მატებს. გაერთიანება არ ნიშნავს, რომ მათი შედეგი არჩევნებში უფრო წარმატებული იქნება. ამიტომ, პირველ რიგში იმას უყურებენ, თუ როგორ აღიქმება გაერთიანება მოსახლეობის მიერ. ამ თვალით თუ შევხედავთ, არ მგონია, რომ რომელიმე პარტიას “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილ ახალ გუნდთან დაწყვილება ხმებს მიუმატებს. არც ის მგონია, რომ თავად ეს გუნდი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაწყვილებით უნდა იყოს დაინტერესებული. ჯერ ბევრი რამ თავის თავში გასარკვევი აქვთ,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირებამ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე იჩინა თავი, როდესაც წევრების ნაწილი მეორე ტურის ბოიკოტირებასა და პარლამენტში არშესვლას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულდ არ ეთანხმებოდა. ამავდროულად, სადავო გახდა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც – პარტიის წევრთა ერთი ნაწილის აზრით, ის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეინარჩუნოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ “ნაცმოძრაობა” ახალ ლიდერს საჭიროებს, სააკაშვილს კი, რომელიც საქართველოში იძებნება, გუნდის გაძღოლა უკრაინიდან არ შეუძლია.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 09 იანვარი, 2017 წელი

იყო თუ არა ხელისუფლების ჩარევასკანდალური არჩევნები საზოგადოებრივ მაუწყებელში?

„ვასილ მაღლაფერაძე არის სახელისუფლებო კანდიდატი. რაც უნდა ილაპარაკონ, უარყონ და ხელები ასავსაონ, საზოგადოება ამას მაინც არ დაიჯერებს

თიკო ოსმანოვა

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს – სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილს “ჯიდიესის” ყოფილი მთავარი პროდიუსერი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ჩაანაცვლებს. საზოგადოების ნაწილი ამ არჩევანს მძაფრი კრიტიკით შეხვდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ არხის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან. სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას”, – ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, მოქმედმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა თანამდებობა. გამოცხადებულ კონკურსში 14-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც მე-2 ტურში 5 გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნათია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი. მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებთან 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, რომელიც მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ბორდის შეფასებები

გასაუბრების დასრულების შემდეგ ფარული კენჭისყრით არხის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს ექვსი ხმა მიიღო. მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს ბორდის წევრებმა ქეთევან მსხილაძემ და სულხან სალაძემ და ამის მიზეზად მისი პოლიტიკური შეხედულება დაასახელეს.

„სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. თუმცა, მე პირადად ვასილ მაღლაფერიძე მეორე ტურშიც არ გადამიყვანია ზუსტად მისი პოლიტიკური მიკერძოების გამო. მეორე ტურში გადავიყვანე ხუთი ადამიანი, რომლებიც ობიექტური კრიტერიუმით შევაფასე. მათ შორის არ ყოფილა ვასილ მაღლაფერიძე. როგორც ვიცი, ამ ლოგიკით იხელმძღვანელა სულხან სალაძემაც. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ რა ლოგიკით იხელმძღვანელეს, ნამდვილად ვერ გეტყვით“, – ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე.

საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას განმარტებით კი, მეორე ტურში ყველა ის კანდიდატი გადაიყვანეს, ვისგანაც არხის განვითარების სამოქმედო გეგმის მოსმენა აინტერესებდათ. მისი თქმით, მისმა კოლეგებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს. რაც შეეხება პოლიტიკურად ანგარჟირებული კანდიდატის არჩევას კომპანიის გენდირექტორის პოსტზე, გრიგოლ გოგელია საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებს.

„ჩავატარეთ პროცედურა, რომელიც ითვალისწინებდა ფარულ კენჭისყრას და შევთანხმდით, რომ ამაზე არ ვსაუბრობთ, ეს ჩვენი უფლებაა. პირველი ტურის ამოცანა არ იყო, რომ გამოგვევლინა ლიდერი. იქ იყო ის, თუ ვინ გვაინტერესებს, რომ გადავიდეს მეორე ტურში. ეს ინდივიდუალური საკითხია, ვიღაცას ეს კანდიდატი აინტერესებდა, ვიღაცას – სხვა. იმიტომაც იყო, რომ ვიღაცას ექვსი ხმა ჰქონდა ვიღაცას რვა. აქედან გამომდინარე, მეორე ტურში გადავიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც გვაინტერესებდა, როგორ გასცემდნენ პასუხს კითხვებს და რა გეგმები აქვთ არხის განვითარებასთან დაკავშირებით. მარტო პირდაპირ ეთერში გადაცემული ინტერვიუთი არ შეგვიფასებია ესა თუ ის კანდიდატი.

რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძეს, მის პოლიტიკურ შეხედულებასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გავაკეთე – დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია მოქალაქის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფასეულობებზე, მათ შორის პოლიტიკაზეც და თუ რამე უსამართლობა ხდება, დააფიქსიროს თავისი პროტესტი იმ საშუალებებით, რომელიც მას მიაჩნია, რომ საჭიროა. ეს არის მოქალაქის იდეალური ტიპი, მოვალეობაც კი. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ეთიკური ნორმები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკურმა პოზიციებმა გადაინაცვლოს უკანა პლანზე და პატივი სცეს ეთიკურ კოდექსს, რომელიც იმ მომენტისთვის არის მნიშვნელოვანი და ისე განახორციელოს თავისი ფუნქციები. ეს ეხება, მაგალითად, მოსამართლეს, საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სხვა”, – უთხრა „მთელ კვირას“ გრიგოლ გოგელიამ. მისი თქმით, ის, რომ არხი იქნება სრულიად დამოუკიდებელი, ამის გარანტიას წარმოადგენს ბორდი და იქ მომუშავე თანამშრომლები.

„გარანტია ვართ ჩვენ და თანამშრომლები. თუ ჩვენ მივიღებთ სიგნალებს საზოგადოებისგან და იქნება დასაბუთებული ფაქტები, ამაზე მოვახდენთ რეაგირებას და ეს ჩვენი უფლება კი არა, ვალდებულებაა. ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური პოზიცია აქვს, რომელიც მოქალაქის ინსტიტუტის შესაბამისია, წინასწარ ვუთხრათ უარი იმიტომ, რომ იქნება მიკერძოებული, ეს, ჩემი აზრით, ადამიანის შეურაცხყოფაა. მე რაც გავეცანი ბატონი ვასილის ბიოგრაფიას, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მატყუარა ადამიანია. ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც მის პლუსზე მიუთითებს. ამიტომ მგონია, რომ ეს აჟიოტაჟი ხელოვნურადაა აწეული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თუ არ მოეწონება ესა თუ ის ადამიანი და ამის გამო მოგვაწებონ იარლიყი – რომ არ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად – ჩვენთვის ეს შეურცახოფაა. ძალიან მძიმე დროს სამსახურებიდანც გამოვუგდივართ, მაგრამ პრინციპებისთვის არასდროს გვიღალატია”, – გვითხრა გრიგოლ გოგელიამ.

იყო თუ არა ხელისუფლების ჩარევა?

„საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალობას იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც აქვს აღქმას“, – ამ განცხადებას კი პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს. ამიტომ, მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევაში ჩაერია თუ არა მართლაც ხელისუფლება, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ქვეყანაში ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო. არ მინდა კონკრეტული კანდიდატის შეფასება, მაგრამ ის, რომ მაღლაფერიძე ბოლო დროს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი იყო – ეს ფაქტია. არ მინდა, ბრალი დავდო და ვთქვა, რომ ხელისუფლების დავალებებს შეასრულებს, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი ხელისუფლებას და საკუთარ თავსაც უნდა გაფრთხილებოდა და კონკურსში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ასე რომ, აქ უკვე აღქმაა ხელისუფლების ინტერესზე და მნიშვნელობა აღარ აქვს, მართლაც ასეა თუ არა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალობას იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც აქვს აღქმას. აღქმა კი, სამწუხაროდ, ასეთია – ის არის სახელისუფლებო კანდიდატი. რაც უნდა ილაპარაკონ, უარყონ და ხელები ასავსავონ, საზოგადოება ამას მაინც არ დაიჯერებს”, – განუცხადა “მთელ კვირას” გია ხუხაშვილმა.

———–

ბიოგრაფიიდან: ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან 2016 წლის 31 აგვისტომდე ტელეკომპანია “ჯიდიესის” გადაცემა „20:30“-ის გენერალური პროდიუსერი იყო; 2012 წელს ტელეკომპანია “მე-9 არხის” დირექტორის მოადგილე და გადაცემა “კონსილიუმის” წამყვანი; 2010-2012 წლებში კი ელექტრონულ ჟურნალ “კალმასობის” მთავარი რედაქტორი. 2008-2009 წლებში ვასილ მაღლაფერიძე იყო სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2005-2008 წლებში კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ვასილ მაღლაფერიძესთან: „ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებები იქნება

თიკო ოსმანოვა

“ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს. და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს მიმართულებად დარჩება მოქალაქეების ობიექტურად და დროულად ინფორმირება. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ტელევიზიის სამომავლო გეგმებზე “მთელი კვირა” არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრა.

ვასილ მაღლაფერიძე: ბორდმა დამაკისრა ეს პასუხისმგებლობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია. საკმაოდ კონკურენტული ბრძოლა იყო და რამდენიმე კანდიდატი თავისუფლად იმსახურებდა გამარჯვებას.

- პირველ ტურში თქვენ სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაგიჭირათ მხარი, მაშინ როცა თქვენმა კონკურენტებმა თინათინ ბერძენიშვილმა და ნათია კუპრაშვილმა ბორდის წევრების სრული მხარდაჭერა მიიღეს…

- რა მხარდაჭერაც მქონდა პირველ ტურში, მეორე ტურშიც ზუსტად ისევ 6 ხმა მივიღე. ამაში განსაკუთრებული არაფერია.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თქვენს დანიშვნას, თქვენი ბექგრაუნდის გამო, მედიაექსპერტების ნაწილის მხრიდან უკვე მოჰყვა უკმაყოფილება. რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებული?

- უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულწილად თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ და პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარი არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. ჯერ ერთი, ჩემი პოლიტიკური შეხედულება ჩემი პირადი საკითხია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა. სიტყვის თავისუფლებაა და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს და ეს ბუნებრივი პროცესია. ღმერთმა არ ქნას, ყველა ადამიანმა ერთნაირად იფიქროს.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორ აპირებთ ტელევიზიის განვითარებას?

- მე აღვნიშნე, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მალევე მოახერხებს ლიდერის პოზიციისა და ნდობის მოპოვებას და ახლა სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი აზრით, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი მაუწყებლის ტექნიკურად აღჭურვა უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კომერციული თუ პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი მედიასაშუალებების ერთადერთი ალტერნატივა ქვეყანაში და იგი უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ მოქალაქეებს, კულტურას და დემოკრატიას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების დასადგენად საჭიროა სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა და შეფასება, კვლევების მიხედვით მედიაბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის დადგენა.

პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მაუწყებლისთვის ახალი შენობის აგება და მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს მიმართულებად დარჩება მოქალაქეების ობიექტურად და დროულად ინფორმირება, რეპორტაჟების გაკეთება ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის ექსპერტული შეფასება, თოქშოუ და ჟურნალისტური გამოძიება. აუცილებელია რეგიონული ბიუროების ტექნიკური უზრუნველყოფა და ახალი ამბების გამოშვებებში რეგიონული ინფორმაციების წილის გაზრდა. პრიორიტეტად უნდა დარჩეს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების ტენდენცია, რისთვისაც აუცილებელია მაუწყებელმა უზრუნველყოს სოციალურ თემატიკაზე მომზადებული ინტერაქტიული მედიაპროდუქციის მომზადება.

- და როგორ აპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას? იგეგმება თუ არა არხზე თანამშრომლების შემცირება, ან დაიწყება თუ არა არხზე რაიმე სახის რეორგანიზაცია?

- ბუნებრივია, რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ძირითადი საყრდენი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ტელევიზიას დიდი რესურსი აქვს.

- საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას თუ გეგმავთ?

- საინფორმაციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, ბევრს და მათ შორის ჟურნალისტებსაც არასწორად ესმით. საინფორმაციო პოლიტიკა პირველ რიგში არის ხარისხი. საინფორმაციო დამოუკიდებლობა თავისთავად იქნება, თუმცა უნდა შეიცვალოს ხარისხი, უნდა გაიზარდოს ოპერატიულობა და ა.შ.

———————–

„ახალი თაობა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „გიგი უგულავას ლიდერობისთვის პატიმრობა პლუსი უფროა, ვიდრე მინუსი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებსა და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლება რა დისონანსს შეიტანს ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ პროცესებში და რამდენად იყო მოსალოდნელი მისი გამოსვლა?

- დისონანსს რომ შეიტანს, ეს აშკარაა. ჩვენ კარგად გვახსოვს მისი ღია წერილი, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა და პროცესებიც ასე სააშკარაოზე მას შემდეგ გამოვიდა. ჯერ კიდევ პატიმრობაში ყოფნისას აშკარა იყო, რომ ის ბოკერია-ბაქრაძის გუნდთან არის. ამ ფრთას აქვს ლიდერის პრობლემა და ეს პრობლემა ახლა მოხსნილია, რადგან უგულავა მათში გამორჩეული ლიდერი ნამდვილად არის, თანაც მას შემდეგ, რაც მის ბიოგრაფიაში პატიმრობის ელემენტიც გაჩნდა, ეს უგულავას ლიდერობისთვის პლუსი უფროა, ვიდრე მინუსი. გიგი უგულავას გამოსვლა გიგა ბოკერიას ფრთას უდავოდ გააძლიერებს.

- ვარაუდები იყო გამოთქმული, რომ სცენარი სწორედ ასე განვითარდებოდა, გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდოდა...

- მე არ მჯერა ამ სცენარის. მაშინ გამოდის, რომ ყველა, ლამის მათ შორის ჩვენც, ვმონაწილეობდით ამ სცენარში. მე მაინც მჯერა, რომ ძალთა ის გადანაწილება, რომელიც დღეს მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაინც მოხდებოდა ადრე თუ გვიან.

- ნაციონალური მოძრაობის ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს, ვარაუდობს, რომ ბოკერია-ბაქრაძეს მოუწევს ახალი პარტიისა და საპარლამენტო ფრაქციის შექმნა. ასე დასრულდება 20 იანვრის ყრილობა?

- ამ დაპირისპირებამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ის აუცილებლად განხეთქილებით დასრულდება. ცხადია, ჯგუფი, რომელიც უმცირესობაში იქნება და ყრილობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, იძულებული იქნება, პარტია დატოვოს. თუ პარტიაში დარჩებიან, მაშინ ეს მათი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. ამ შემთხვევაში ისინი ჩაამთავრებენ ოთხწლიან ციკლს, პარლამენტის დეპუტატობას და მომავალში ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდებიან. ნაციონალური მოძრაობა გაყოფილია და ერთიანობას ვეღარ შეინარჩუნებს.

- ნიკა მელიას გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?

- ნიკა მელია იყო იმ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენენ გიგა ბოკერია-დავით ბაქრაძე, შემდეგ გადაბარგდა მიხეილ სააკაშვილის ჯგუფში. ნიკა მელიას პოზიციის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ სწორედ ის იქნება ამ ფრთის ფაქტიური ლიდერი. თუ აქამდე ეს ფრთა ლიდერის გარეშე იყო, მათ უკვე ადგილზე ეყოლებათ ლიდერი. ბოკერია-ბაქრაძის გუნდში ნიკა მელია ლიდერი ვერ იქნებოდა.

- ეს გააცნობიერა ნიკა მელიამ და ამის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- დიახ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მარტივად ასახსნელი გადაწყვეტილებაა. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ დაბრუნდება. ეს კარგად იცის ნიკა მელიამ და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილებაც. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მმართველობა ახლა ნიკა მელიას ხელში გადავა, თანაც იგი შეინარჩუნებს პარლამენტარის მანდატს და ექნება საშუალება, კომუნიკაცია ჰქონდეს უცხოეთთან. დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, ერთპიროვნულ კონტროლს კარგავდა პარტიაზე, კარგავდა დასავლეთთან ურთიერთობების შანსს, რომელსაც კარგად გაართმევდნენ თავს, მით უფრო დეპუტატის მანდატით ბოკერია-ბაქრაძე. თუ ქუჩაში დარჩებოდნენ, რაც უნდოდა სააკაშვილს, მაშინ ისინი სააკაშვილთან იქნებოდნენ მიჯაჭვულნი. სააკაშვილმა ვერ აიტანა პარტიის ხელმძღვანელობის გაზიარება სხვასთან.

- ბოკერია-ბაქრაძის ფრთის პოლიტიკური მომავალი რა შეიძლება იყოს?

- ისინი იფიქრებენ ახალი პარტიის შექმნაზე, თან ეს იქნება საპარლამენტო პარტია, ალბათ, ეყოლებათ ფრაქციაც და დაფინანსების მოპოვებაზეც იფიქრებენ.

- ხვალ რომ არჩევნები იყოს, 5%-იან ბარიერს დამოუკიდებლად გადალახავენ?

- გააჩნია, რა სტრატეგიას აირჩევს ბოკერია და როგორი იქნება მისი სამომავლო პოლიტიკა. თუ სწორ გათვლას გააკეთებს, მას პერსპექტივა აქვს. გააჩნია, წინ ვის წამოსწევენ და უკანა ხაზზე, ისევ კულისებში ვის გადაწევენ.

- კულისებში ვინ უნდა გადასწიონ?

- გიგა ბოკერია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ფრთა თავისუფლდება ნაციონალური მოძრაობის ცუდი მემკვიდრეობისგან. ამას ემატება ისიც, რომ გიგი უგულავამ ამისთვის სასჯელიც კი მოიხადა და ციხეშიც იჯდა რამდენიმე წელი. ეს მისი პლუსი იქნება მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, თანაც, თუ ამას ერთგვარი მონანიების ელემენტებიც თან დაერთვება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტა თითქმის სრული შემადგენლობით ბოკერია-ბაქრაძის მხარეს არის. მეორე მხარეს თითქმის არავინ არის დარჩენილი, ამიტომ დაიწყება მისი მარგინალიზაცია. ეს ბუნებრივი პროცესია და ამის მეტი რა გვინახავს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესშია, რომ ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნოს სააკაშვილის დროში, რასაც ადგილობრივ არჩევნებზეც გამოიყენებენ იმავე წარმატებით, როგორც მათ ეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიყენეს. „ქართული ოცნება“ ეცდება, იგივე კარტი გაათამაშოს, მაგრამ, რამდენად გამოუვა, ეს პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„ახალი თაობა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ნაციონალების დაშლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას“ // „ერთკაციანი პარტიების დრო უნდა დამთავრდეს

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში გასული წლის მთავარ მოვლენებსა და ნაცმოძრაობაში მიმდინარე დაშლის პროცესს აფასებს.

- ბატონო დიმიტრი, თქვენთვის რით იყო დასამახსოვრებელი გასული წელი? რას მიაღწია ქვეყანამ ამ პერიოდში?

- გასული წლის კულმინაცია იყო არჩევნები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, ირჩევს თუ არა სახელმწიფო განვითარების დემოკრატიულ კურსს თუ რჩება ჭაობში და აგრძელებს კურსს რეგრესისკენ. ყველაზე დიდი მოლოდინი, რომელიც ამ არჩევნების ჩატარებას ახლდა თან, იყო მულტიპარტიული უფლებამოსილების მატარებელი პარლამენტის წარმოდგენა საზოგადოების წინაშე, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა დაეკომპლექტებინა ახალი მთავრობა პროპორციული ბუნებრიობით, მაგრამ ეს არ შედგა. ვფიქრობ, ამის მიზეზია ის, რომ შემდგომში შეუქცევადი პროცესები წარიმართა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით. დღესდღეობით ქვეყანა იმყოფება ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდში, ვეღარ ვითარდება. როგორც ჩანს, ქმედითი ჩარევის გარეშე ფეხზე წამოდგომას ვერ შევძლებთ.

- ვინც ვერ გავიდა პარლამენტში, დაიშალა ან დაშლის პირასაა. რით იყო გამოწვეული პარტიების დაშლა, ხელოვნურად იყვნენ შექმნილი თუ ვეღარ გამოაღწიეს პოლიტიკური ლაბირინთებიდან?

- „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც სახე შეინარჩუნა. ყველა დანარჩენი ძირითადი პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში, ფაქტობრივად, დაიშალნენ. ჩვენ თავიდანვე ვიყავით მდგრადი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნდა პოლიტიკური საქმიანობის ტრადიცია, ჰყავდა გამორჩეული ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძის სახით. სირცხვილია, ნინო ბურჯანაძე რომ არ არის პარლამენტში. ეს მიმაჩნია დიდ შეცდომად იმ ძალების მხრიდან, რომლებმაც თავიდანვე დაუკვეთეს გაყალბებული არჩევნები იმ შედეგების მიხედვით, რომელთაც აქვეყნებდნენ ენდიაი, აირაი და სხვა დაქირავებული სოციოლოგიური კვლევის წარმომადგენელი ორგანიზაციები. ჩვენ შედეგები გავასაჩივრეთ თითქმის ყველა რაიონში, მაგრამ შედეგი არ დადგა. ქვეყანას სასამართლო ხელისუფლება არ ჰყავს. არსებული სასამართლო სისტემა როგორც იყო მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში, ისეა ახლა `ოცნების~ ჯიბეში. ასე გაგრძელება არ შეიძლება. საშუალო ფენა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ადამიანები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიტანონ თავი.

- რას მიაწერთ პარტიების დაშლას, ისინი არ იყვნენ სერიოზული, კლასიკური ტიპის პარტიები?

- 226 პოლიტიკური პარტია და ორგანიზაციაა რეგისტრირებული დღეს ქართულ იურიდიულ სივრცეში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთკაციანი პარტიაა. ქვეყანაში ერთკაციანი პარტიების დრო უნდა დამთავრდეს. უნდა მოხდეს პარტიების რეგისტრაციის გააზრებული ფორმის დამკვიდრება საკანონმდებლო დონეზე. პარტიებს უნდა ინახავდნენ პარტიის წევრები თავიანთი საწევრო შენატანებით, უნდა აფუძნებდნენ ერთნაირი იდეოლოგიის მქონე ადამიანები. ეს ყველაფერი საჭიროებს პოლიტიკური ნების არსებობას, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა ვერ ავლენს. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა საარჩევნო კოდექსის შემუშავების დროს. გვატყუებდნენ, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლიდნენ, მაგრამ ჩანს, რომ არაფერს შეცვლიან.

- თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ ვიცით, საარჩევნო სისტემა შეიძლება შეცვალონ.

_ ახლა ამბობენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არ არის ცუდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეცდებიან, მაქსიმალურად შეინარჩუნონ არსებული სისტემა. სხვა საკითხია, ეს პოლიტიკურ ქმედებებში როგორ აისახება. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ალტერნატივა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა. ძალიან მალე დადგება დრო, როცა ეს არჩევანი გაკეთდება.

- ნაცმოძრაობა ერთკაციანი პარტია არ არის, მაგრამ შიგნით პარტიაში ისეთი მაღალი დუღილის ტემპერატურაა, ან საერთოდ დაშლის, ან გაშლის ცალ-ცალკე ნაწილებად. რის ბრალია, რომ თითქოსდა ძალიან შედუღაბებული მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია იშლება, მისი ნაწილი სააკაშვილს პირდაპირ უპირისპირდება?

- „ნაცმოძრაობის“ დაშლა დღეს არ დაწყებულა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამას სათავეში უდგას ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი დაიწყო პავლე კუბლაშვილისა და ჯაფარიძის გამოშიგვნით ნაცმოძრაობიდან, შემდეგ – გიორგი ვაშაძის, ახლა უკვე გიგა ბოკერია და მისი გუნდი. ამის უკან დგას კონკრეტული ფინანსები, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ნაცმოძრაობის დაშლისა და გაფანტვის ოპერაცია, ფაქტობრივად, მთავრდება. საკითხავი ის არის, ბოკერია შეძლებს პარტიის მართვის სადავეების შენარჩუნებას თუ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ძალიან საინტერესო თემა, ვინაიდან, სცენარის მიხედვით, ბოკერია უნდა დარჩენილიყო ავანსცენაზე, სააკაშვილი უნდა გამქრალიყო, მაგრამ, როგორც ბოლოდროინდელი პროცესები გვიჩვენებს, შეიძლება, პირიქით მოხდეს.

- გიგა ბოკერია ხომ არ არის ისეთი ლიდერი, როგორიც მიხეილ სააკაშვილი...

- ფაქტია, ნაცმოძრაობის აქტივისტთა დიდი ნაწილი სააკაშვილს უფრო ემხრობა, ვიდრე ბოკერიას გუნდს. პროცესი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ უფრო ვითარდება, ვიდრე ბოკერიასი.

„ახალი თაობა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან: „გიგა ბოკერიას ფრთა ძალიან უღირსად მომექცა“ // „ნამდვილი ბოლშევიკური წმენდა ჩაატარეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. გასული კვირის ბოლოს სერგო რატიანმა ცესკო-ს მიმართა მოთხოვნით, ამოიღონ „ნაციონალების“ საპარლამენტო სიიდან ექვსი ადამიანი, მათ შორის ნინო კალანდაძე. რას ერჩიან ნინო კალანდაძეს, რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში, ჩამოვა თუ არა ყრილობისთვის მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება იყო თუ არა პოლიტიკური გარიგების შედეგი? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კალანდაძე პასუხობს.

- ნინო, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? 20 იანვრის ყრილობის გამო დიდი ვნებათაღელვაა...

- საქმე გვაქვს იმასთან, რაც უკვე მრავალი კვირის განმავლობაში ხორციელდება, ანუ რეალურად აქ საუბარია იმაზე, რომ ჩანიშნულია 20 იანვარს შვიდიათასდელეგატიანი ყრილობა, რომელმაც ხელახლა უნდა განსაზღვროს პარტიის მომავალი გეგმები, დასახოს სტრატეგია და აირჩიოს მმართველი ახალი რგოლი, ახალი პოლიტსაბჭო, შესაბამისად – პარტიის ახალი თანამდებობრივი წარმომადგენლები.

- დღეს რა მოცემულობაა?

- მოცემულობაა ისეთი, რომ პოლიტსაბჭოს ჰყავს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც აღმასრულებელი ბერკეტები ჯერ კიდევ ხელში უჭირავს. ისინი ყველა გზითა და მეთოდით ებღაუჭებიან ამ ძალაუფლებას, ვინაიდან იციან, რომ შვიდიათასკაციანი ყრილობა, დიდი ალბათობით, მათ ხელახლა აღარ აირჩევს, იმის გამო, რომ მათ მთელი რიგი შეცდომები დაუშვეს. მათ შორის საარჩევნო პროცესით უკმაყოფილოა პარტია. მათი პოლიტიკური შეფასებებით არის უკმაყოფილო.

- როდის დაიძრა ეს პროცესი?

- პროცესი დაძრა იმ გარემოებამ, როდესაც გიგი უგულავას წერილი გამოქვეყნდა იმის თაობაზე, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე უნდა ჩაუდგეს სათავეში და ეს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო დავით ბაქრაძე.

- ამით რის თქმა უნდოდა ამ ჯგუფს?

- რეალურად, მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომ პარტიაში პრინციპული ცვლილებები განხორციელებულიყო, მათ შორის ელექტორალური თვალსაზრისით, რაც პარტიამ არ გაიზიარა და ამას მოჰყვა წინააღმდეგობა. წინააღმდეგობამ განაპირობა ის, რომ ამ ჯგუფმა ცადა, ყრილობა თავის თავზე მოერგო და ორიათასკაციანი ყრილობა ჩაეტარებინა, სადაც დელეგატების დაკომპლექტების წესს თავადვე დაადგენდა იმ ფორმით, რომ თვითონ ყოფილიყვნენ იმთავითვე უმრავლესობაში, რათა კვლავ პარტიის ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც, რეალურად, პარტიის მხარდაჭერა აღარ აქვთ.

აი, ეს არის პრობლემის არსი. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭომ მიიღო მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება, მათ გააცნობიერეს, რომ პერსპექტივა აღარ მიეცემათ, იყვნენ უმრავლესობაში და ჰქონდეთ პარტიული უმრავლესობა. იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნონ, მათ ყველაფერი ცადეს. ცადეს ყრილობის საბოტაჟირება, კომისიის არალეგიტიმურად გამოცხადება. ისიც კი დააანონსეს, რომ საკუთარ ყრილობას უჩივლებენ და მას არალეგიტიმურად გამოაცხადებენ.

- საპარლამენტო სიიდან 6 კაცის ამოღების მოთხოვნაზე რას იტყოდით?

- არ ვიცი, ამას კომიკური ვუწოდო თუ ტრაგიკული. ძალიან უღირს მეთოდს მიმართეს. ვგულისხმობ საპარლამენტო სიიდან იმ ადამიანების ამოღებას, რომლებმაც გაბედეს და განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. რეალურად სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რომლებიც არ იყვნენ მათ აზრზე და რომლებმაც გაიზიარეს ამომრჩევლის პოზიცია და რომლებმაც გაიზიარეს პარტიის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია, რომლებიც მათ მონურად არ დაემორჩილნენ.

- ამ ყველაფერს აკეთებს გიგა ბოკერიას ფრთა და ამით თქვენს დასჯას ცდილობს?

- ეს არის ნამდვილი სადამსჯელო ოპერაცია! ნამდვილი ბოლშევიკური წმენდა ჩაატარეს. სერგო რატიანმა, რომელიც პარტიაში არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ფორმალური ბერკეტი სულ რაღაც ორი კვირა, კიდევ ხელში აქვს, ჩუმად, პარტიზანულად შეიტანა ივანიშვილის ცესკოში განცხადება, რომელმაც მყისიერად გაატარა რეგისტრაციაში. შემდგომი განმარტებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, თუ რის საფუძველზე მიიღო თითქოს სერგო რატიანმა ეს გადაწყვეტილება, იყო სრულიად არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ მათი ვერაგული ზრახვები ემსახურებოდა სულ სხვა მიზნებს.

- რა მიზნებს? ეს ყრილობის ჩაშლასაც ხომ არ ისახავს მიზნად?

- საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ მეთოდების არ გვეშინია, იმიტომ რომ პარტიაში მხარდაჭერა აქვს სწორედ იმ პრინციპულ მოსაზრებას, რომლებზეც დგას ნაციონალური მოძრაობა და 20 იანვარს ჩატარდება ეს ყრილობა, რა წინააღმდეგობაც უნდა გაუწიოს მას თავად პარტიის შიგნით მყოფმა პატარა ჯგუფმა.

- ყრილობა მაინც ჩატარდება? ის ფრთა აცხადებს, რომ ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური...

- ყრილობა აუცილებლად ჩატარდება! სერგო რატიანმა გააჟღერა ამ ჯგუფის მოსაზრება. ესეც ემსახურება იმ მიზანს, რომ პროცედურული ხრიკებით ჩვენ უარი გვათქმევინონ ყრილობაზე, უფრო სწორად, დააშინონ დელეგატები, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა ყრილობაში, რომელიც, შესაძლოა, მომავალში სასამართლომ ცნოს არალეგიტიმურად. ჩვენ ამის არ გვეშინია, ეს არის შანტაჟის მეთოდი, რომლითაც ჩვენ ვერ დაგვიყოლიებენ.

- თქვენი საპარლამენტო სიიდან ამოღება ამ ბრძოლის ნაწილია? შეეშინდათ თქვენი პარლამენტში მოხვედრის თუ ასე დაგსაჯეს ურჩობისთვის?

- ორივე! ერთი, რომ მათ არ ისურვეს პარლამენტში საპირისპირო აზრის მქონე ხალხი და ასეთი ფრაქციის გაძლიერება ჩემი სახით და მეორე, ეს იყო პირადი ანგარიშსწორება იმის გამო, რომ მე არ დავემორჩილე მათ პოზიციას, რომ მე პოლიტსაბჭოზე ხმა მივეცი სხვა გადაწყვეტილებას, რომ მე მოწინავე რიგებში ვარ იმ გუნდში, რომელიც ყრილობის ორგანიზებაშია ჩართული. ეს იყო ძალიან მიზანმიმართული სადამსჯელო ოპერაცია.

- იცოდით ამის თაობაზე?

- ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩემთან შეთანხმებული. აზრიც კი არ უკითხავს არცერთს ამ ჯგუფიდან იმის თაობაზე, თუ მე რას ვფიქრობ! განმარტებები, რომლებიც მათ გააკეთეს, იყო სრულიად აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი. თითქოს მე ვიყავი ბოიკოტის მომხრე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ბოიკოტის მომხრე.

- პარლამენტში შესვლას ემხრობოდით?

- მე ვიყავი პარლამენტში შესვლის მომხრე, უბრალოდ, მეორე ტურის ბოიკოტის მომხრე ვიყავი. რაც შეეხება შემდგომ განმარტებას, რომ თითქოს ამ ექვსკაციანი ჯგუფის დასჯა უნდოდათ, რომელსაც ჩიხში შეჰყავს პარტია, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამ 6 კაცის მიღმა კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნა ამოღებული სიიდან. ეს კომისია შექმნა 30-მა კაცმა და აქედან დასაჯეს მხოლოდ ექვსი! ამიტომ ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მხოლოდ აღრმავებს ეჭვს, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად. რეალური სამიზნე ვიყავი მე. რეალურად ჩემზე იყო გაჩერებული სია. მათ მიიღეს სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც არის ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა, რადგან ამომრჩეველმა ამ სიას ამ ფორმით უყარა კენჭი! ეს არის ძალიან სამარცხვინო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ანგარიშსწორებასა და ბოლშევიკურ წმენდას საკუთარი თანაპარტიელების მიმართ!

- მიხეილ სააკაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ 20 იანვრის ყრილობას დაესწროს. რამდენად მიეცემა მას ამის საშუალება და თუ გაბედავს თბილისში ჩამოსვლას?

- მიხეილ სააკაშვილს იმ წუთშივე მიეცემა თბილისში ჩამოსვლის საშუალება, როდესაც ამას ბიძინა ივანიშვილი დაუშვებს. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და, როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში ვიხილეთ, სწორედ ივანიშვილი წყვეტს, ვინ იჯდეს ციხეში, რამდენ ხანს და ვინ გამოვიდეს. სწორედ მის ხელშია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილს შეუწყდეს პოლიტიკური დევნა. კარგი იქნება, თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ რას იტყვით? თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ გიგი უგულავას წერილს მოჰყვა ეს ძვრები პარტიაში. ის გიგა ბოკერიას ფრთის გასაძლიერებლად გამოუშვეს?

_ მე შეთქმულებებსა და სპეკულაციებში ვერ შევალ. თავისთავად, ეს ეჭვები ამომრჩეველში ჩნდება, იმიტომ, რომ სწორედ იმ დროს გამოვიდა ციხიდან, როდესაც ყრილობა უნდა ჩატარდეს, როდესაც ყრილობის საბოტაჟირება ამ ჯგუფმა ვერ მოახერხა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა გზით, მაგრამ მე ამ დაშვებით არ ამოვალ და არც სპეკულაციებში შევალ. არ მინდა, ვინმე რაიმე ფორმით გარიგებაში დავადანაშაულო. მივესალმები გიგი უგულავას გამოშვებას, იმიტომ, რომ გიგი უგულავა იყო პოლიტპატიმარი. გიგი უგულავა იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი!

- გიგი უგულავამ დანაშაული რომ აღიარა?

- აღიარა თუ არ აღიარა, ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ ის იყო პოლიტიკური პატიმარი! იგი დაკავებული იყო პოლიტიკური ნიშნით, სწორედ იმ მოტივით, რომ ნაციონალური მოძრაობის დაშლის პროცესში ამას დიდი როლი ეთამაშა.

- ანუ თქვენ ემიჯნებით იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილსა და უგულავას შორის პოლიტიკური გარიგება მოხდა, რომ ის მიზანმიმართულად გაათავისუფლეს?

- მე ამის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა ეჭვები თავისთავად არის, რადგან სასამართლო პოლიტიზებულია და, პოლიტპატიმრებს ციხიდან როცა უშვებენ, ამას მოტივაცია უნდა ჰქონდეს!

- გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. შეიძლება, ამ შეხვედრის შემდეგ რაიმე შეიცვალოს?

- გიგის პოზიციები თუ შეიცვლება, არ ვიცი. მიხეილ სააკაშვილის პოზიციები არ შეიცვლება!

„ახალი თაობა“, 09 იანვარი, 2017 წელი

ვინ იქნება ოცნების თბილისის მერობის კანდიდატილევან გაჩეჩილაძე, მამუკა ხაზარაძე თუ კახა კალაძე?

მიმდინარე წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. „ქართულ ოცნებაში“ ამ არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად კასტინგი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოცხადდა. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულს ბიძინა ივანიშვილი გამოავლენს. 2013 წელს თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მან დაასახელა და ეს მანამდე გააკეთა, სანამ პრემიერის პოსტს დატოვებდა.

მოქმედ მერ დავით ნარმანიას დიდი სურვილი აქვს, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი, მაგრამ „ოცნებაში“ მისი კანდიდატურის ხელმეორედ დასახელებას კატეგორიულად გამორიცხავენ. დავით ნარმანია იმდენ სკანდალში გაეხვია, რომ, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს მისი გვარის გაგონებაც არ უნდა. ამ ეტაპზე „ოცნებაში“ ძირითადად სამ კანდიდატზე საუბრობენ. დედაქალაქის მერობის სურვილი სამივე მათგანს აქვს და სამივეს ჰყავს „კრიშა“.

დედაქალაქის მერობის სურვილი დიდი ხანია აქვს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს. როგორც „ახალ თაობას“ „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, მერობისთვის პიარს ის ჯერ კიდევ 2015 წლიდან შეუდგა. ალბათ, ყველას ახსოვს თბილისის სტიქიის დროს მისი აქტიურობა და ფოტოები. როგორც ამბობენ, ამის გამო მან ბიძინა ივანიშვილისგან საყვედურიც მიიღო.

ახალი წლის დღეებში მან წყნეთში დევნილებს გაზის საფასური დაუფარა, ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს კი ბინა აჩუქა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ბერა ივანიშვილი მფარველობს. მისი აქტიური მხარდამჭერია ქვეყანაში მეორე კაცი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა მერობის ამბავში დიდად ვერ გამოადგება, რადგან კალაძე უფროა კობახიძის „კრიშა“, ვიდრე პირიქით. არც ის არის გამორიცხული, რომ კალაძე მერობაზე არ დახურდავდეს და პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. საპრეზიდენტო ამბიციები მას ჯერ კიდევ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუჩნდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის შემცვლელად მის დასახელებას აპირებდა.

თბილისის მერობაზე პრეტენზია თიბისი ბანკის პრეზიდენტ მამუკა ხაზარაძესაც ჰქონია. მის მფარველად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სახელდება. დედაქალაქის მერობის სურვილი აქვს ლევან გაჩეჩილაძესაც. `ოცნებაში~ არ მალავენ, რომ მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება, მის ლობისტად კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ითვლება.

————————-

კვირის პალიტრა“, 09 იანვარი, 2017 წელი

რას გვიქადის ახალი ეკონომიკური წელიწადი

კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით

ემა ტუხიაშვილი

ძალაში შევიდა რამდენიმე ცვლილება და საწვავი, თამბაქო და ავტომობილები უკვე გაძვირდა. სხვა ცვლილებები წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება და მათი შედეგებიც მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო.

გალარების პროგრამას მთავრობა 17 იანვრიდან იწყებს. მასში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სესხების ლარში გადატანა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მათ შორის – ინდმეწარმეებს, რომლებსაც სასესხო დავალიანება აშშ დოლარში ჰქონდათ როგორც 2015 წლის 1-ლი იანვრის, ისე – 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით და მიმდინარე დავალიანება ექნებათ გალარების დღესაც.

სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო 2015 ან 2016 წელს; აგრეთვე, ის ფიზიკური პირები, რომელთა სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 ათას დოლარს არ აღემატებოდა 2016 წლის 28 ნოემბრის მდგო­მარეობით.

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ (მაგალითად, ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო განაკვეთი დღეს 10%-ის ფარგლებშია). სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსისთვის 20 თეთრის გამოკლებით. ასეთი სესხის სუბსიდირება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება.

ახალი წლიდან მოქმედებს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, გადასახადისგანაც გათავისუფლდება.
2017 წლის 1-ლი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა, 2018 წლიდან კი აღნიშნული ცვლილება 200 ათას ლარამდე სესხებსაც შეეხება.

წლეულს, 1-ლი ივლისიდან, ქონების გაყიდვისა და მისი რეკლამირებისას ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი, თუმცა სხვა ვალუტით ფასის გამოცხადება არ აიკრძალება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი ლარით უნდა გამოაცხადოს, სურვილის შემთხვევაში კი ფასს ნებისმიერი სხვა ვალუტითაც მიუთითებს.
წლეულს უნდა ამოქმედდეს რეგულაციები ონლაინსესხებზე და დაწესდეს ზღვრული მაჩვენებელი ჯარიმაზე, რომელიც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: ცვლილებების პირველადი შედეგები გაძვირებული საწვავი, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელია. ე.წ. გადაცემის ეფექტი, ანუ ფასის ზრდის ასახვა სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ჯერჯერობით სრულფასოვნად არ გამოხატულა. ეს იმიტომ, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ძველი ტარიფები დარჩა და იმედია, არც მოსალოდნელ რთულ პერიოდში მოიმატებს.

ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ლარის გამყარება მოკლევადიანი აღმოჩნდებოდა და ის მოსალოდნელზე უფრო მოკლევადიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო 2016 წლის დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ. ჩვენი გათვლებით, ის იყო 428 მილიონი ლარი (2015 წლის დეკემბერში – 327 მილიონი ლარი), რაც ნიშ­ნავს, რომ ბოლო დღეების ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. ამას ემატება ფულადი აგრეგატების მკვეთრი ზრდაც. მაგალითად, ფულის მასის ორმა პარამეტრმა 6,6 მილიარდს გადააჭარბა და დაახლოებით 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საბედნიეროდ, რეფინანსირების სესხი შემცირდა 1,355-დან 1,312 მილიარდამდე. მაგრამ აქ 17 იანვრიდან უკვე გალარების პროგრამა ერთვება – საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კომერციულ ბანკებს მიაწვდის როგორც უცხოურ ვალუტას გალარების პროცესისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ლარის ლიკვიდობასაც უზრუნველყოფს. ამ მხრივ უკვე სხვა განზომილებაში გადავდივართ და სანამ პროცესი არ დაწყებულა, ლარის კურსის პროგნოზის აზრს ვერ ვხედავ. მხოლოდ პოსტფაქტუმ შევძლებთ შეფასებას, რაც აპრილ-მაისისთვის მოხდება.

საუბარია 400-500 მილიონი დოლარის სესხის ლარში გადაყვანაზე. კომერციულ ბან­კებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, სებ-ი მათ დოლარის მასას მიაწვდის. 2,8 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიდან 1,3 მილიარდი არის კომერციული ბანკების რესურსი, მოზიდული სავალდებულო რეზერვების სახით. სწორედ ამ თანხის ნაწილი დაბრუნდება კომერციულ ბანკებში, რათა შეძლონ უცხოურ ვალუტაში თავიანთი ვალდებულებების გადახდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წლეულს სამ მილიარდზე მეტი საგარეო ვალი გვაქვს დასაფარავი სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო ამბობს, რომ გალარების პროგრამისთვის საჭირო ლარის მიწოდებასაც უზრუნველყოფს და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიმოქცევაში ლარის მასასაც გაზრდის. დამატებით შემოდის რეფინანსირების ახალი ინსტრუმენტიც, ერთთვიანი და არა – შვიდდღიანი, რაც მიმოქცევაში ასევე გაზრდის ლარის მასას.

ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს(?!)

- რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება, მეტწილად რომელ კომერციულ ბანკზე გაიცემა რეფინანსირების სესხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთული ფინანსური პრობლემები აქვს და საკითხავია, ამის დამალვა რა საჭიროა? ვაკვირდები, რომ რეფინანსირების სესხით მოქმედი ბანკების უმეტესობა არ სარგებლობს, სარგებლობს მხოლოდ ორი-სამი მსხვილი კომერციული ინსტიტუტი და ის ბანკიც სწორედ ერთ-ერთია მათ შორის. მართალია, ლარში­ მოგება­ ბანკებს კურსის გამო გაზრდილი აქვთ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, დოლარში აქვთ შემცირებული. რაც ხდება, ერთი კონკრეტული კომერციული ინსტიტუტის ბრალია. ეყოთ ვაჟკაცობა, უკრაინის მაგალითი გაიხსენონ “პრივატბანკთან” დაკავშირებით და დაუფარავად თქვან, რაც ხდება. ისიც საკმარისია, რომ სამი წელიწადი მთელი ქვეყანა ერთი კონკრეტული პრობლემური ორგანიზაციის ვალების მომსახურებას მოვუნდით.

გალარების პროგრამით მთავრობა და სებ-ი ცდილობენ, შემცირდეს დამოკიდებულება უცხოური ვალუტის კურსზე და საკუთარი, დამოუკიდებელი ვალუტის ყველა ნიშან-თვისება ავამოქმედოთ. ამ მხრივ გალარება ერთ-ერთი ნაბიჯია. სამწუხაროა, რომ არ იდგმება სხვა ნაბიჯები.

კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით Yთუ აქციების შეძენით. გაცვლითი კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გათვალისწინება კარგი ნაბიჯია, თუმცა ეს არ შველის “ბლუმბერგის” სისტემის იმ ნაკლს, რომ რეალური ვაჭრობა არ იმართება. ხდება მხოლოდ გარიგებები ფიქსაციის საშუალებით და მანქანა თვითონ ბეჭ­დავს ჩვენთვის მოსალოდნელ ხვალინდელ კურსს, ეს კი გამორიცხავს რეალურ საბირჟო ვაჭრობას, ზედა და ქვედა ზღვარს ვალუტის გამყარების ან ვარდნის შემთხვევაში, რაც არაადეკვატურია. მიმაჩნია, რომ საქართველოში ამ სისტემით ლარის კურსის დადგენა ნაადრევი იყო.

ეტაპი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ, სხვადასხვა დროს გაიარეს ჩეხეთმა, პოლონეთმა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა. სადღაც გაამართლა ამ პოლიტიკამ, სადღაც – არა. დღეს საუბარია, რომ ლარით მოხდეს ქონების ფასდადება, მაგრამ არ ამბობენ, რომ მაინცდამაინც ლარითვე უნდა გაიყიდოს. ამას ხელი უნდა შეუწყოს ლარის საკმარისმა მასამ, ანუ ლარით სესხების გაცემამ. მოგეხსენებათ, საუბარია 100 ათას ლარამდე (შემდეგ კი 200 ათასამდეც) სესხების ლარით გაცემაზე. მაგრამ თუ სებ-მა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ლარით სესხების პროცენტი გაძვირდა, მაშინ ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. გამოდის, რომ ადამიანს ეუბნები, აღარ გინდა 6%-იანი სესხი დოლარით, აიღე 10%, 12% და 14%-იანი სესხი ლარითო და უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აგდებ, ეს კი ლარიზაციით დაგეგმილის საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. შესაბამისად, ახლა ნდობის ფაქტორი ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული: მან მყარად უნდა დაიჭიროს რეფინანსირების სესხის განაკვეთი 6,5%-ზე და შემდგომში მის შემცირებასაც შეეცადოს, ხოლო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სხვა ინსტრუმენტებით განახორციელოს – მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ამოქმედებით, ინტერვენციების ზრდით და სხვ.

საბოლოოდ, კარგი იქნება, თუ დაანონსებული ცვლილებები სწორად წარიმართება, მაგრამ ძალიან მაწუხებს საგარეო ვალი, რაც განსაკუთრებით აზიანებს ლარის კურსს. ყოველ კვარტალში 800-900 მილიონ დოლარამდე ვალის გასტუმრება გვიწევს. ეს მძიმე მემკვიდრეობად ერგო ხელისუფლებას. ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში მას ჯამურად 2006, 2008 და 2009 წლებში აღებული ვალების გასტუმრება უწევს. ჯერჯერობით არ იზრდება სახელმწიფო ვალი, მაგრამ ჯერ მხოლოდ იანვარია და ძნელია თქმა, მოვლენები როგორ განვითარდება. ნავარაუდევია 600 მილიონი ლარის სესხად აღება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ბიუჯეტი გათვლილია ლარი-დოლარის კურსზე – 2,50 ლარი. მაგრამ წლეულს ლარის კურსის მერყეობის დიაპაზონი ძაAლიან მაღალი იქნება, უფრო მაღალი, ვიდრე 2016 წელს იყო. ვფიქრობ, გასული წლისგან განსხვავებით, გაჭირდება საშუალო წლიური კურსის სასურველ დიაპაზონში შენარჩუნება, რადგან იანვარში ის უკვე გადასცდა 2,7-იან ნიშნულს.

————

ესტონური მოდელი ქართულ ორმოში

რაც შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ე.წ. ესტონურ მოდელს, საუბარია ბიზნესისთვის დაახლოებით 500 მილიონი ლარის დატოვებაზე იმ შემთხვევაში, თუ დივიდენდს შინ არ წაიღებს და საქმეში დააბრუნებს რეინვესტირების სახით. ეს გრძელვადიანი პროექტია და პირველ შედეგებს 2018 წლის აპრილისთვის უნდა ველოდოთ. ცხადია, ბიზნესისთვის ეს პოზიტიური გზავნილია, თუმცა ეს სხვა თემა იყო და რაც ახლა ხდება ლარიზაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებული არ არის. არც აქციზის გადასახადის ზრდასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან თუ ვარქმევთ ესტონურ მოდელს, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესტონეთს სახელმწიფო ვალი არ აქვს და რა შემოსავალიც აქვს, იმდენს ხარჯავს. როცა ესტონეთმა გადასახადის გადავადების შესახებ გამოაცხადა, იმავე მოცულობით ხარჯებიც შეამცირა. ჩვენც ასე უნდა მოვქცეულიყავით და რა ოდენობითაც ფულს ბიზნესს ვუტოვებთ, საბიუჯეტო ხარჯებიც იმავე ოდენობით უნდა შეგვემცირებინა. ჩვენ კი პირიქით – ხარჯები 1,6 მილიარდი ლარით გავზარდეთ და აქციზის გადასახადებით, რაც რიგით მომხმარებელს დააწვა მძიმე ტვირთად, გადავწყვიტეთ ამ თანხის უკან ამოღება.

Comments are closed