„რეზონანსი”: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “აქვთ შიში, რომ თუ მაპ-ს მოგვცემენ, ეს რუსეთისგან სამხედრო რისკებს წარმოშობს”
„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „როგორც ჩანს, ხელისუფლებაში კატასტროფული კრიზისია მოაზროვნე ადამიანების“
„რეზონანსი”: ბიძინა ივანიშვილზე ნაკლებად დამოკიდებული გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეცდომა
„რეზონანსი”: „მაესტროს“ დაშლის მცდელობა // რაზე ესაუბრა მაკა ასათიანი თანამშრომლებს
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის ადგილი პარლამენტში არასდროს ყოფილა”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „პაატა ბურჭულაძეს მიხეილ სააკაშვილი კომპრომატებით აშანტაჟებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-ია… „ერთსქესიანთა ქორწინებების საკითხში ორმაგი სტანდარტები იკვეთება”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ერთსქესიანთა ქორწინების მედროშეები ნაციონალები და რესპუბლიკელები არიან“
„რეზონანსი”: მთელი ეკონომიკა ვალის გადახდას ემსახურება // ბანკები და კომპანიები ნასესხები ფულის გასტუმრებას ძლივს აუდიან
————————-
„რეზონანსი”, 09 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “აქვთ შიში, რომ თუ მაპ-ს მოგვცემენ, ეს რუსეთისგან სამხედრო რისკებს წარმოშობს”
ეკატერინე ბასილაია
“საქართველო ნატოს წევრი გახდება მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება. და ამას არანაირად არ შეუშლის ხელს, მაპ-ი როდის მივიღეთ”, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ვარშავის სამიტის ჩანაწერებში შეიძლება “კონკრეტული შედეგი არ აისახოს”. მისი თქმით, ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ზეგავლენა აქვს მსოფლიო პოლოტიკაზე, მათ შორს ნატოს გაფართოებაზეც.
- ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო ვარშავის სამიტზე მაპ-ს ვერ მიიღებს. ჩვენ გვახსოვს თავდაცვის მინისტრის შარშან ივნისში გაკეთებული განცხადება, ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში მაპ-ი, ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ამას და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. რატომ ვერ დავიმსახურებთ მაპ-ს?
- მგონია, რომ აპატურაიმ სურათი მკაფიოდ დახატა. პირველი და მთავარი არის ის, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია. საქართველო იმ პროგრამებს, რასაც ახორციელებს და რა ფორმატებიც გააჩნია ნატოსთან ურთიერთობაში, თავისი შინაარსით ფაქტობრივად ისაა, რაზეც სხვა წევრებს უწერიათ მაპ-ი. ამიტომ ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ პირდაპირ – თქვენ გააგრძელეთ სვლა ნატოსკენ, გააგრძელეთ იმ პროგრამების შესრულება და რეფორმების განხორციელება.
მაქსიმალურად დაუახლოვდით ნატოს და როგორც კი დადგება ის პოლიტიკური მოცემულობა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი დაეჭიროს, მაპ-ი იმ დროისთვის მხოლოდ ფორმალობა გახდება, რადგან პრაქტიკულ ნაწილში ჩვენ უკვე მზად ვიქნებით და ყველაფერი შესრულებული გვექნება.
- თუმცა ვიცით ის, რომ 1999 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ნატ-ომ მაპ-ი შემოიღო, მის გარეშე არცერთი სახელმწიფო არ გაწევრიანებულა ბლოკში. ანუ მაპ-ი მაინც საჭიროა.
- მარტივად რომ ავხსნა: ქვეყნებმა მაპ-ი 10 წელში გაიარეს. ჩვენ შემთხვევაში, თუ მაპ-ს მივიღებთ წელს, შესაძლოა, კიდევ 10 წელი დაგვჭირდეს გაწევრიანებამდე. ამიტომაც ჩვენ გვეუბნებიან – ყოველწლიური სამოქმედო გეგმა თავისი შინაარსით იგივეა, რაც მაპ-ი.
როგორც კი ამას შეასრულებთ და ალიანსის წევრობისთვის მზად იქნებით, მაშინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ძალიან მარტივად და მაპ-ს მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. რატომ გვთავაზობენ ასეთ რამეს. ჩვენ პარტნიორი ქვეყნების ნაწილს აქვს იმის შიში, რომ თუკი ჩვენ დღეს მაპ-ს მოგვცემენ, შეიძლება ამან ჩრდილოელი მეზობლისაგან გარკვეული სამხედრო რისკები წარმოშვას. ამიტომ ნატოს ურჩევნია, რაც შესასრულებელია ჩვენი მხრიდან, ის ამ ფორმატში შესრულდეს.
ნატოს კარი ღიაა, ჩვენ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს და როგორც კი ისეთი საერთაშორისო მოცემულობა იქნება, საქართველო ალიანსის წევრი გახდეს, ამ ყველაფერს ნატო მარტივად და მოკლე ვადებში განახორციელებს. საქართველო ნატოს წევრი გახდება მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება. და ამას არანაირად არ შეუშლის ხელს, მაპ-ი როდის მივიღეთ. შეიძლება 5 წელი ვიმუშაოთ ჩვენი რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და 5 წლის შემდეგ, თუ ამის მოცემულობა იქნება, მაპ-იც მივიღოთ და მეორე წელს წევრიც გავხდეთ.
- ჯეიმს აპატურაიმ მოგვიწოდა ისიც, რომ მუდმივად მაპ-ზე საუბარი პროცესს აზიანებსო. ამის გამო მივატოვეთ მაპ-ზე საუბარი?
- აქ საუბარია რჩევაზე. ნატო გვირჩევს, არ დავხარჯოთ დიდი დრო ამ პოლიტიკური შედეგის მისაღწევად. მეტი დრო დავუთმოთ რეფორმებს და როდესაც ის პოლიტიკური მოცემულობა დადგება, როდესაც ალიანსი მზად იქნება, საქართველოს წევრობას მხარი დაუჭიროს, ამას თავად გააკეთებს, ჩვენგან თქმა და ზედმეტი პოლოტიკური წნეხი არ დასჭირდება. ერთ ჭკუაზე ვართ, უბრალოდ მაპ-ი ჩვენთან შიდა პოლიტიკური ამბიციების ნაწილად იქცა.
- თინა ხიდაშელმაც ამ რჩევის გამო შეცვალა განცხადებების ტონი და შინაარსი და ამიტომ ამბობს, რომ საქართველო არ ითხოვს მაპს, საქართველო ითხოვს ნატოს წევრობას?
- მე ვფიქრობ, სურათი ნათელია და აპატურაი და ჩვენ ერთ მოცემულობაზე ვართ.
- ვარშავის სამიტიდან რას ველოდებით? ისევ მაპ-ზე უკეთესს?
- ჩემგან ალბათ არასდროს მოგისმენიათ, რომ მაპ-ზე უკეთესი გვაქვს. სამოქმედო გეგმა რაც გვაქვს, შინაარსით იგივეა, რაც მაპ-ი. მაპ-ს უბრალოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ჩვენ მარტო ვარშავისთვის არ ვმუშაობთ. ნატოსთან ურთიერთობის ყოველდღიურ რეჟიმში ვართ. გვაქვს ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, ვმუშაობთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ნატოს წევრი ქვეყნები ამ საქმეში გვერდით გვიდგანან, ამიტომ შეიძლება ვარშავის სამიტის ჩანაწერში კონკრეტული შედეგები არ აისახოს, მაგრამ შედეგები აუცილებლად დადგება და შეიძლება არც გვქონდეს სურვილი, ამაზე ღიად და საჯაროდ ვისაუბროთ.
- რა გეოპოლიტიკურ ცვლილებას ელოდება ალიანსი, რუსეთის ფაქტორი არ უნდა იყოს, რომ ჩვენ მიღების უფრო მეტი შანსი გვქონდეს?
- რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესზე, იმიტომ, რომ რუსეთი არ ექვემდებარება ცივილიზებული თამაშის წესებს. ამიტომ აქვთ შიში, რომ თუ ნატო გაფართოებას დაიწყებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთი ამას მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად აღიქვამს და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს. ამაზე ფიქრობენ. იმედი გვაქვს, მომავალში სიტუაცია შეიცვლება და მეტი შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი ინეტრესები დავიკმაყოფილოთ.
- რუსეთს ნატოში ირიბი ვეტოს საშუალება ისევ აქვს?
- რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ზეგავლენა აქვს მსოფლიო პოლოტიკაზე, მათ შორს ნატოს გაფართოებაზეც.
„ალია“, 09 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „როგორც ჩანს, ხელისუფლებაში კატასტროფული კრიზისია მოაზროვნე ადამიანების“
ნინო სამხარაძე
ჯერ იყო და „პატარა გრეჩიხამ“ – კანცელარიაში ჩემს ძმაკაც პრემიერთან ვიყავიო და ეს არც კვირიკაშვილმა უარყო და მეორე – დადასტურდა, რომ გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ 55%-ის მფლობელია. თუ მოგვიანებით ის ეჭვებიც დადასტურდა, რომ ამ შეხვედრაზე გადაწყდა „მაესტროს“ ბედი, იმაზე ცუდად ყოფილა ჩვენი, ვიდრე გვგონია. ვერ გავიგეთ, პრემიერმინისტრი ხართ თუ დონ კორლეონე? ალბათ, საჭიროა, გარშემო გყავდეთ უფრო მეტი ჭკვიანი ანალიტიკოსი, რომლებიც გირჩევენ, რა დროს რა თქვათ და ძმაკაცებს სად შეხვდეთ, რომ თუ არაფერ შუაში ხართ, ეჭვები არ გაჩნდეს.
გუშინ კიდევ ერთი საფიქრალი ნატოს წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ გაგვიჩინა. კაცი, რომელიც აქამდე გვაიმედებდა, ყველა დავალებას ასრულებთ, ვარშავაში მაპ-ის მიღების დიდი შანსი გაქვთო, გვეუბნება, თქვენს ადგილას პირდაპირ ნატოს წევრობას მოვითხოვდიო.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ჩვენს კითხვებს პასუხობს:
– „მაესტროს“ სკანდალი მწვავდება, რას ატყობთ, ვისი ხელწერა იკითხება?
– თბილისის ყველაზე მაღალ წერტილში რომ ცხოვრობს, იმის ხელწერა იკითხება. არჩევნების წინ როდესაც ასეთი რამ ხდება ტელეკომპანიაში, ბუნებრივად ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ აქ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება. ყველას მშვენივრად ახსოვს, რა ფუნქცია და როლი ითამაშა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ტელეკომპანია „მაესტრომ“, ასევე, ყველას გვახსოვს გაპრეზიდენტებამდე მარგველაშვილი თითქმის ყოველდღე იჯდა ჩუსტებით „მაესტროში“ და ყოველდღე ვისმენდით მის გამოსვლებს. მე თითქმის აღარაფერი მიკვირს, მაგრამ ამ სიტუაციაში რამაც გამაკვირვა, ეს იყო კვირიკაშვილის ჩართვა ამ საკითხში. ამ კაცს რომ შეხედოთ, დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არის დამჯდარი, ფრთხილი, გაწონასწორებული. ეს ადამიანი იყო ბანკირი. მზვერავების შემდეგ ისინი ითვლებიან ყველაზე ფრთხილ ადამიანებად. გამაოცა, როგორ თქვა, გაჩეჩილაძე ჩემი ძმაკაცია და ყოველ მეორე დღეს ჩემთან დადის, ერთმანეთს ვხვდებითო. გასაგებია, რომ გაჩეჩილაძეს „ტორმუზი“ არა აქვს ენაზე და ამაზე უარესები უთქვამს, ვიდრე ის, რომ ჩემი ძმაკაცია პრემიერი და ყოველ მეორე დღეს ვხვდებიო, მაგრამ პრემიერი ნუთუ ვერ ხვდება, რომ მისი ერთი ფრაზით, რაც კი ერთი თვის განმავლობაში უკეთებია, იგივე ოპოზიციასთან შეხვედრა, არასამთავრობოებთან შეხვედრა თუ სხვა რამ, ყველაფერს ხაზი გადაუსვა?
ძმები გაჩეჩილაძეები არიან სკანდალური ფიგურები, მათ უკან კონკრეტული პოლიტიკური ბიოგრაფიაა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. დადიოდა უამრავი ჭორ-მართალი, მაგრამ მე მოგიყვებით ერთ ფაქტს: ერთხელ სააკაშვილმა ექსპერტები შეგვკრიბა, ამ შეხვედრას გია ხუხაშვილიც ესწრებოდა. მახსოვს, მაშინ ხუხაშვილი მიშას დაეჯახა და კატეგორიულად მოსთხოვა, ბადრი პატარკაციშვილის ცოლს ფული და ქონება დაუბრუნეო. მაშინ მიშამ უთხრა, კი ბატონო, დავუბრუნებ, ოღონდ მითხარი, ბადრის რომელ ცოლს გულისხმობო. ეს ის პერიოდია, 200 ათასი კაცი რომ გამოიყვანა ოპოზიციამ და ამ გამოსვლებს სათავეში „გრეჩიხები“ ედგნენ. იმ შეხვედრაზე თქვა, ვერ გავიგე, ეს რა ოპოზიციაა, მე და ლევან გაჩეჩილაძე ყოველ საღამოს ერთად ვქეიფობდით, დილით მიტინგებზე გამოდიოდა და მლანძღავდაო. ამაზე გია თორთლაძე, იგივე „პადოშა“, გაბრაზდა, ამ ყველაფერს მიმალავდნენ და თურმე ჩვენს მალულად შენთან დადიოდნენო. დაახლოებით 20 კაცი ესწრებოდა, მათ შორის _ ზურაბ აბაშიძე, ლევან ალექსიძე და ა.შ. ისინიც დაადასტურებენ, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად იყო. ოპოზიციის მთელი „შიშკები“ მიშას ხვდებოდნენ და თორთლაძეზე ამბობდნენ, მიშასთან შეკრული იყოო. ამას იცით, რატომ გიყვებით? პირადად მე, ძმებ გაჩეჩილაძეებთან არ მაქვს კითხვები და სხვას შეიძლება ჰქონდეს, ეგენი ჩემთვის უკვე გაშიფრულები არიან.
– მათი გააქტიურება, მაინც, რას უკავშირდება, ბოლო დღეებმა რა დაგანახათ?
– რაც ხდება, რა გგონიათ, ეს ფორმულა მარტო „დონ კორლეონეს“ დროს მუშაობდა? ვიღაცებმა ურჩიეს, ამ გზით წასულიყვნენ და თუ ფულს მოგცემენ, რა პრობლემაა, როცა ფულის მოყვარულის სახელი გაქვს, მათთან პრეტენზია არ მაქვს, ეს არის რეალური ცხოვრება, მაგრამ, თუ ლევან გაჩეჩილაძეს გულწრფელად ჰგონია, რომ ის „რუსთავი 2“-ს მაყურებელს წაართმევს, მაშინ გამოდის, რომ ამდენი წელი პოლიტიკაში ტყუილად ყოფილა და არაფერი უსწავლია. თქვენ ნახავთ, რომ ეს გახდება ერთგვარი სავაჭრო თემა.
– თუკი მართლა დგას ხელისუფლება ამ პროცესების უკან, რატომ ეძებს შარს? ის, რაც ვერ გამოუვიდა „რუსთავი 2“-თან, რატომ გამოუვა „მაესტროსთან“?
– პირდაპირი შეტევით „რუსთავი 2“ ვერ დაიმორჩილეს, ახლა უკვე შემოვლითი გზით სიარული დაიწყეს, როგორც ჩანს, მიაწვდინეს ხმა იქ, სადაც საჭიროა და დაუმტკიცეს თბილისში ყველაზე მაღალ ადგილზე მცხოვრებს, რომ „მაესტრო“ კარგი ტელევიზიაა და შეახსენეს, რაც 2012 წელს „მაესტრომ“ არჩევნებისთვის გააკეთა. ალბათ, უთხრეს ივანიშვილს, თუ „მაესტროს“ დაფინანსება ექნება და გავაძლიერებთ, ეს იქნება ძლიერი ინსტრუმენტი არჩევნებისთვისო. ყველას ეშველა ამ დედამიწაზე ჩვენ გარდა, თითქოს გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, წინ მივდივართ, მაგრამ შედეგები სულ სხვაა. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და გაჩაღებულია ვაჭრობა, ისე საუბრობენ ათ და ას მილიონზე, თითქოს ათი ლარი იყოს, მაშინ, როცა ხალხს შია და პურის ფული ენატრება. მე ვერ ვხვდები, რაში დასჭირდა მთავრობას „მაესტროს“ სკანდალი. შეიძლება ძმები გაჩეჩილაძეები კარგი ბიჭები არიან, მაგრამ სკანდალურად კარგი ბიჭები. ასეთი ხალხი არ შეიძლება ფართო მხარდაჭერით სარგებლობდეს, მით უმეტეს, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეპოპეის შემდეგ, ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული ის როლი, რომელიც მათ მაშინ შეასრულეს. დეტალებს არ ვაკონკრეტებ, რადგან დაზუსტებით არ ვიცი და უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს ვცემ. რაში დასჭირდა მთავრობას ეს? ხალხი ისედაც გაღიზიანებულია ცუდი ცხოვრებით, უმუშევრობით, ხელისუფლების ხარჯებით, პრემიებით, დანამატებით…
– ამ სიტუაციაში არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი და გაუგებრობა, ივანიშვილი რომ იყოს დაინტერესებული „მაესტროს“ თემით, წინასაარჩევნოდ გადაიხდიდა რამდენიმე მილიონს და ვინმე უარს იტყოდა? საკუთარი ტელევიზია „მე-9 არხი“ დახურა, „ჯიდიეს“-ზე ერთი პოლიტიკური გადაცემაც დაიხურა, ლოგიკა სად არის, რატომ უნდა აწყობდეს ეს ივანიშვილს, მაშინ, როცა უფრო ნაკლები დანახარჯით და ნაკლები თავის ტკივილით შეასრულებდნენ იგივე სამუშაოს.
– რასაკვირველია, მხარს დაუჭერდნენ კი არა, ყურებზეც დადგებოდნენ, თუკი არჩევნების წინ რამდენიმე მილიონს გადაიხდიდა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში კატასტროფული კრიზისია მოაზროვნე ადამიანების. რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ ამ ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელია პრემიერის პოზიცია. პრემიერისგან, რომელსაც მილიონობით ადამიანების ბედი აბარია, დამთრგუნველია მოისმინო, რომ შეხვდა საკუთარ ძმაკაცს კანცელარიაში, მით უმეტეს, როცა შენ ატარებ მილიონიან ბიზნეს-ოპერაციებს, თუნდაც კანონიერს და ამ დღეებში მიდიხარ პრემიერთან, ამ დროს დებილი ჰგონიათ მთელი საზოგადოება, ორივე მხარე ამტკიცებს, „მაესტროზე“ სიტყვა არ გვითქვამსო. ეს კიდევ ამტკიცებს ეჭვს, რომ ხელისუფლებაა ჩარეული ამ ტელეკომპანიის საქმეში.
– ახლა მეორე მთავარ თემაზე გადავიდეთ. ნატოს წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი გვეუბნება, მაპ-ს ვერ მიიღებთ (თან არ გვიხსნის, რატომ), თქვენს ადგილზე პირდაპირ წევრობას მოვითხოვდიო. ამ დროს, ნატოს გენმდივანიც და აშშ-ს გავლენიანი პოლიტიკოსებიც გვეუბნებიან, ნატო დაივიწყეთ, კაი ხანი ვერ ეღირსებითო. ამ „მიგიღებთ-არ მიგიღებთ“-ში, საქართველოს გარშემო სიტუაცია იძაბება, თურქეთი სირიაში ჯარის შეყვანას აპირებს. რას გვერჩიან, პასუხი გაქვთ?
– მაინტერესებდა, რას მოიფიქრებდა ნატო თავისი უარის გასამართლებლად. მე გეტყვით, რომ ჯეიმს აპატურაიმ გროსმეისტერული სვლა გააკეთა, სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ. ნახეთ, რა მოხდა, აპატურაი გამოდის და ამბობს, – თქვენ ისეთი ოქროს ბიჭები ხართ, იმდენი გაგვიკეთეთ, რის მაპ-ი, რა მაპ-ი, თქვენ პირდაპირ ღირსები ხართ, შეხვიდეთ ნატოში, მაგრამ პირდაპირ ნატოში შეყვანა ხომ იცით, ცოტა რთული იქნება, ამიტომ, დრო გვინდა. ეს არის იდეალური საბაბი დროის გასაჭიმად. მაპ-ზე რომ ყოფილიყო საუბარი, ხიდაშელი ეტყოდა, მაპ-ი გენანებათ ჩვენთვის, აღარ გვაქვს იმდენი დამსახურება? ეს ოხერი მაპ-ი მაინც მოგვეცითო. დამერწმუნეთ, ამაზე პასუხი მათ არ ექნებოდათ, მაგრამ მოიხსნა მაპ-ის საკითხი და მაქსიმალიზმზე გადავიდნენ, ეს არის ნატოში პირდაპირი გაწევრიანება. მოკლედ, ასეა თუ ისე, მინდა გითხრათ, რომ ნატოსთან შორს კი არ ვდგავართ, საერთოდ არ დგას ეს საკითხი. შორს რომ ვიყოთ ამ პერსპექტივასთან, კიდევ რაღაც იმედი იქნებოდა, სანამ არსებობს ისეთი რუსეთი, როგორიც დღეს არის და სანამ არსებობს ისეთი მსოფლიო, როგორიც დღეს არის, ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს, ეს არის გამორიცხული.
„რეზონანსი”, 09 თებერვალი, 2016 წელი
ბიძინა ივანიშვილზე ნაკლებად დამოკიდებული გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეცდომა
თაკო მათეშვილი
უფრო მეტი სწორი ნაბიჯი, ვიდრე შეცდომა – ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სტარტს და ამბობენ, რომ მისი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ვნებათაღელვამ იკლო. მართალია, პრობლემების გადაჭრამდე ჯერ შორია, მაგრამ კვირიკაშვილისგან, მისი გაწონასწორებული ხასიათის გამო, უკეთესის მოლოდინი აქვთ.
მთავარ ღირსებად იმას უთვლიან, რომ იგი წინა პრემიერისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რადიკალი არაა და რომ მოსვლისთანავე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან დიალოგი გამართა. ასევე, აღმოფხვრა დაპირისპირება გიორგი მარგველაშვილთან და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი მეტი პატივისცემა გამოხატა.
გარდა ამისა, პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის გავლენაც უფრო ნაკლებად ემჩნევა და უფრო დამოუკიდებლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
“ახალმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარებაც დაამშვიდა. პრობლემები კი არ გადაჭრა, არამედ დუღილის ტემპერატურა დაწია. გარდა ამისა, მან დიალოგი დაიწყო როგორც ოპოზიციასთან, ისე ექსპერტთა ჯგუფებთან. ეს დადებითია და ქვეყნის სტაბილურობას უწყობს ხელს.
“მომეწონა მისი იდეა იმის შესახებ, რომ ოთხი მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. ჯერ კონცეფციის შეფასების დრო არაა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული ვითარებიდან ცოტა უკეთეს მდგომარეობაში გადავედით. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო წელია. წელს ყველა და მათ შორის მეც სიტუაციის დაძაბვას ველოდებოდით.
“მართალია, ჯერ მთელი წელი წინაა და არ ვიცით, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ პოზიცია რომ წყნარია, ეს უკვე კარგია. ეს იძლევა იმის იმედს, რომ ყველაფერი ნორმალურ პირობებში ჩატარდება”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, კვირიკაშვილის ჭკვიანურ სვლად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ იგი უშიშროების საბჭოს სხდომასაც დაესწრო და პარლამენტშიც მივიდა პრეზიდენტის მოხსენებისას. რაც შეეხება შეცდომებს, პოლიტოლოგს ამაზე საუბარი უჭირს და ამბობს, რომ ახალ პრემიერს ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი შეშლია. “შეიძლება რამე ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ალბათ არცთუ მნიშვნელოვანი, რადგან არ მახსენდება”, – ამბობს იგი.
გიორგი კვირიკაშვილის მთავარ მიღწევად პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე იმას მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრემიერისა და პრეზიდენტის თანამშრომლობისათვის უფრო ნოყიერი გარემო შეიქმნა. ეს კი, მისი თქმით, ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება.
ის ფაქტი, რომ პრემიერი ჯერ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, შემდეგ კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, ჩიტაძის აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ ბოლო მოეღო კონფლიქტს, რომელიც წინა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებობდა.
გარდა ამისა, მისი აზრით, ინვესტიციების შემოსვლის შესაძლებლობა გაჩნდა. მაგალითად კი ანაკლიის პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადების პერსპექტივა მოჰყავს. საბოლოო ჯამში, ჩიტაძის თქმით, კვირიკაშვილის საქმიანობა იმის მიხედვით შეფასდება, თუ როგორი ეკონომიკური წინსვლა ექნება ქვეყანას მისი მმართველობის პერიოდში.
“შეცდომებს რაც შეეხება, ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენები საეჭვოდ დაემთხვა კვირიკაშვილისა და დავაში მონაწილე ერთ-ერთი პირის, გაჩეჩილაძის შეხვედრას. ეს გარკვეულწილად მედიაზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, ჩემი ზოგადი შეფასება დადებითია, რადგან კვირიკაშვილი ნაკლებად რადიკალია, ვიდრე მისი წინამორბედი ღარიბაშვილი. თუნდაც ამიტომ მირჩევნია იგი წინა პრემიერს”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ნიკა ჩიტაძე არაა ერთადერთი, ვინც გიორგი კვირიკაშვილის გიორგი გაჩეჩილაძესთან არასასურველ დროს შეხვედრას შეცდომად აფასებს. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ასევე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პრემიერს გამოუცდელობით დაემართა.
“დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ სწორედ მაშინ მივიდა, როცა თემა გამწვავდა. რაღაც განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც კი იყო საუბარი. პრემიერის მხრიდანაც იგივე განცხადება გაკეთდა. ამით კვირიკაშვილის პოლიტიკური გამოუცდელობა კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას გაჩეჩილაძესთან “მაესტროს” თემაზე საუბარი, ერთ-ერთ მხარესთან ღია შეხვედრა არასწორი ნაბიჯი იყო. მაშინ მეორე მხარესაც უნდა შეხვედროდა, რომ ეჭვები გაქარწყლებულიყო. არადა, მეორე მხარესთან შეხვედრაზე მან უარი განაცხადა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომაა. კვირიკაშვილს პოლიტიკაში შემოსვლისას ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა და სამწუხაროა, რომ მისი გამოუცდელობა ასეთი არასასიამოვნო ფორმით გამოჩნდა,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.
„რეზონანსი”, 09 თებერვალი, 2016 წელი
“მაესტროს” დაშლის მცდელობა
რაზე ესაუბრა მაკა ასათიანი თანამშრომლებს
თიკო ოსმანოვა
“მაესტრო” ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ტელეკომპანიის 25%-იანი წილის მფლობელ მაკა ასათიანის “მაესტრო 24″-ში გადასვლის შეთავაზების მიუხედავად, შემოქმედებითი ჯგუფი არხზე რჩება და სამართლებრივი დავის დასრულებამდე საქმიანობას გააგრძელებს. თავის მხრივ, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე პერსონალს მოუწოდებს, მეორე მხარის სპეკულაციას არ აჰყვნენ.
“მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი რჩება ეთერში. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.
“თანამშრომლები აგრძელებენ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია, თუმცა ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა არ დაარეგისტრირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს სტუდია “მაესტროს” დირექტორის განკარგულების შესრულებას. ასევე ველით პასუხებს იმ მასალებსა და ფაქტებზე, რომელიც ბრიფინგზე “მაესტროს” მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გაასაჯაროვა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია “მაესტროს” თანამშრომლების განცხადებაში.
ჟურნალისტებმა აღნიშნული განცხადების გავრცელების გადაწყვეტილება მაკა ასათიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, სადაც მათ “მაესტრო 24″-ში გადასვლა შესთავაზა. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტელევიზია “ტვ-11″ ნაცვლად იხსნება. მისი მფლობელი “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძეა. გაირკვა, რომ არხს აქვს ლიცენზია, დასახელება, ბრენდი – შესაბამისი ფინანსები კი არ გააჩნია.
“მაკა ასათიანმა ვის რა შესთავაზა, არ ვიცი. ასათიანი არ მინახავს, მარეგულირებელში ვარ, რაღაცები მაქვს გასარკვევი. როგორც კი რამეს გავიგებ, გეტყვით”, – ამბობს რეზონანსთან” საუბრისას ბაჩო კიკაბიძე.
“მაესტროს” ყოფილი დირექტორის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს”, – ამ განცხადებით კი მოგვიანებით მაკა ასათიანს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა უპასუხეს.
“ბოლო რამდენიმე დღეა “მაესტროს” ყოფილი დირექტორის განცხადებები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” იმიჯს ლახავს. მრავალმილიონიანი ვალების გაჩენა, “მაესტროს” სახელის გასხვისება, ქონების არასწორი მართვა, რეიტინგის ვარდნა, სწორედ ეს არის “მაესტროს” დირექტორის გამოცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მიდის ამ მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა. ცივილურ ქვეყანაში პარტნიორების მიერ წამოწყებული დავის ადგილი მხოლოდ სასამართლოა.
მოვუწოდებთ “მაესტროს” ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აჰყვნენ ამ სპეკულაციებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეწყდეს “მაესტროს” გაკოტრება და “მაესტრო” დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანმა დამოუკიდებლად და სტაბილურად გააგრძელოს საქმიანობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტელეეთერით, შანტაჟის გამოყენებით კანონის ზემოთ დაყენება რომელიმე პირის, რაც ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობაა. მოვდივართ ოპტიმიზმით და პოზიტივით აღსავსეები “მაესტროს” რეიტინგის ასაწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.
გია გაჩეჩილაძის თქმით, მისი მიზანია არხი გაკოტრებისგან გადაარჩინოს.
“ნუ ვიკამათებთ ვისი ბრალია, მაგრამ ტელეკომპანია “მაესტრო” გაკოტრებამდე რომ მივიდა, ეს ფაქტია. ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო “მაესტროს” გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაო ალტერნატიული განვითარების გეგმა, რომელიც მისცემს “მაესტროს” საშუალებას გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი. ფინანსური დამოუკიდებლობა კი აბსოლუტური წინაპირობაა სარედაქციო დამოუკიდებლობისა.
“ამ გეგმის შემუშავებამდე კი აღარ ვაპირებ გავრცელებულ ჭორებზე და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას. მე დაველოდები “მაესტროს” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სასამართლო განხილვის შედეგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არხის გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე გახდა, თუმცა შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრში ჯერ არ ასახულა.
გადაყენებულმა გენერალურმა დირექტორმა კი ჟურნალისტებთან ის მიმოწერა გამოაქვეყნა, რომლითაც ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს და მის მეუღლე კოტე გოგელიას გარიგებას სთავაზობდა.
გადაბაძის განცხადებით, “იმედის” ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე “მაესტროს” ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა. მისი თქმით, რუხაძეს 7 მილიონნახევარ დოლარად სურდა “მაესტროს” შინაარსის, მათ შორის ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება.
“რუხაძემ კოტე გოგელიას 2015 წლის 29 მაისს მისწერა. რუხაძე სთავაზობდა მაკა ასათიანს გარიგებას და იხდიდა 7 მილიონნახევარ დოლარს. კერძოდ, მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი “მაესტრო”, ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. იგი ამ თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისი თქმით, ეს გარიგება არ შედგა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეთავაზება იყო. მაკა ასათიანმა კი, ბაია გადაბაძის განმარტებით, გარიგებაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ითვალისწინებდა პარტნიორების ინტერესებს.
“ეს გარიგება არ შედგა. თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა აქტივებს, ის “გადააგდებდა” დანარჩენ პარტნიორებს. ამ დროის განმავლობაში უცვლელად იყო შეთავაზება, თუმცა მაკა ასათიანმა რომ არ დათმო, ირაკლი რუხაძემ გამოიყენა გიორგი გაჩეჩილაძის 25%-იანი წილი”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისი თქმით, 2016 წლის 15 იანვარს კი “მაესტროს” უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, რომ მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებდნენ გასხვისებას მესამე პირზე.
რეალურად კი, როგორც ბაია გადაბაძე აღნიშნავს, მათი განზრახვა იყო, რომ წილები გაჩეჩილაძეს შეესყიდა, რის შედეგადაც რუხაძე იქნებოდა რეალურად თანხის გადამხდელი.
ბაია გადაბაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჩარევების გამო დაეკარგა მაკა ასათიანს მოტივაცია და იგი გადავიდა ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რის შემდეგაც, გადაბაძე აღნიშნავს, რომ იძულებული იყო სასამართლოსთვის გაკოტრების შესახებ მიემართა.
როგორც “მაესტროს” დირექტორი აცხადებს, შეთავაზება ებრალიძისა და ჩიკვაიძის მხრიდან გაკეთდა იმ დღეს, როდესაც “მაესტროსა” და “იმედს” შორის სარეკლამო დროზე გაფორმდა ხელშეკრულება.
„ახალი თაობა“, 09 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის ადგილი პარლამენტში არასდროს ყოფილა”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში წინასაარჩევნო პერიოდზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობს.
„მიმდინარე წელი საარჩევნო წელია და ხელისუფლება ბევრად უფრო ფრთხილად უნდა იყოს. ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს ხელისუფლებამ. ბევრი ანალიზი არ არის საჭირო საიმისოდ, რომ საარჩევნო წელს არა თუ პრემიერ-მინისტრის ყველა მოქმედება, ყველა განცხადება არის გამადიდებელი ლუპის ქვეშ შინ თუ გარეთ, არამედ თითოეული მინისტრის, თითოეული დეპუტატის“ , – ამბობს სოსო ცინცაძე.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ერთი მხრივ, მისასალმებელია პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობის დათბობა, თითქოს ინსტიტუტებს შორის ვითარება დალაგდა, მაგრამ ადეკვატური არ არის ის, რისი მოწმენიც დღეს ვართ. ურთიერთობების დალაგება უფრო წინასაარჩევნო სიტუაციისთვის არის გათვლილი.
- რას გულისხმობთ?
- როგორც ჩანს, ივანიშვილს მრჩევლებმა დაბეჯითებით აუხსნეს, რომ კონფრონტაცია, როდესაც წინ არჩევნებია მოსაგები, მიუღებელია. თანაც მარგველაშვილი არის ოჯახის ურჩი შვილი, ის ხომ უცხო არ არის ივანიშვილისთვის. მარგველაშვილი უკვე მიხვდა ამ ტაქტიკას და ის თანახმაა, ამ ტაქტიკის ნაწილი გახდეს. კეთილი ნება, შერიგების ჟესტი არის მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.
- ისევ აქტუალურია, კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს თუ არა პრემიერის დაქვემდებარებაში თუ უშიშროების საბჭოში მოხდეს მისი გაერთიანება. აქ რატომ ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა?
- ამ შემთხვევაში უფრო რთულად დგას საკითხი, რადგან გარკვეული არგუმენტაცია აქვთ პრემიერს და ამ იდეის მომხრეებს. ისინი ამბობენ, რომ ვინაიდან მთავრობის მეთაური პრემიერია და ის არის პასუხისმგებელიც, მას უნდა დარჩეს კრიზისების აღმოფხვრის მექანიზმიც.
- საარჩევნო სიების დაკომპლექტება შეიძლება დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდეს?
- რა თქმა უნდა. ყველაფერი სწორედ ამას ემსახურება. თუმცა, ეს ქართული რეალობისთვის ახალი ხომ არ არის. მონარქიიდან მოყოლებული, დღემდე ყველა ცდილობდა, რომ მეფეს თვალში მოხვედროდა. დღესაც ასეა, დღეს მეფის კარის ნაცვლად ივანიშვილის კარია, ივანიშვილს უნდა მოაწონონ თავი, რომ კვლავ მოხვდნენ პარლამენტში. საპარლამენტო სიაში მოხვედრა არის ლატარეაში მომგებიანი ბილეთის ამოღება.
გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის – ამ ბიზნესმენების ადგილი პარლამენტში არასდროს ყოფილა, მაგრამ ისინი იყვნენ და არიან პარლამენტში. მათი ადგილი ბიზნესშია. რამდენად გამოიყენეს მათ დეპუტატობა თავიანთი კეთილდღეობისთვის, ვერ გეტყვით, მაგრამ ცუდად ჩანს თუნდაც რიგითი ამომრჩევლის თვალში, რომ ტყემალაძის ვაჟი, რაც უნდა გენიოსი იყო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. შეიძლება ამ ბიზნესმენებიდან ბევრი მომავალ პარლამენტში აღარ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ თუ ივანიშვილის კეთილგანწყობას ვერ შეინარჩუნებენ, იმ ბიზნესშიც დიდ ხეირს ვერ ნახავენ. ეს არის ის რეალობა, რომელიც ზედაპირზე დევს.
- ვინ შეიძლება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყოს?
- ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილმა გვითხრა, რომ აპირებს, პარტია “ქართული ოცნების“ წევრი გახდეს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სწორედ ის იქნება სიის პირველი ნომერი, მაგრამ მას ჯერ გასავლელი აქვს 8-9 თვე არჩევნებამდე, როგორ გაივლის ის ამ პერიოდს, დაუშვებს შეცდომებს თუ არა? ეს მნიშვნელოვანი იქნება. ყველა ამბობს, რომ ის კარგი ადამიანია, კარგი პიროვნებაა, მაგრამ პოლიტიკაში ეს არ არის მთავარი. მაგალითად, დე გოლი სულაც არ იყო კარგი ადამიანი პიროვნულად, მაგრამ როგორი დონის პოლიტიკოსი იყო! აუტანელი იყო ჩერჩილი, ოჯახში მისი გაძლება შეუძლებელი იყო, არავის აცლიდა საუბარს, ოჯახში ნამდვილი დესპოტი, მაგრამ ბრწყინვალე პოლიტიკოსი იყო. ამიტომ ერთია, სამეგობრო წრეში, ოჯახში როგორი ხარ და მეორეა, როგორი ხარ, როგორც პოლიტიკოსი, როგორც პრემიერი ამ შემთხვევაში.
- გამწევი ძალა ამ არჩევნებზე ისევ ივანიშვილი იქნება?
- რასაკვირველია. თუ ივანიშვილს სურს გაიგოს, ვინ რისი მაქნისია მის გუნდში, წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე ქვეყანაში უნდა წავიდეს და იქიდან უყუროს, რა მოხდება, როგორ ჩაატარებენ ესენი არჩევნებს, მოიგებენ თუ წააგებენ. ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა. კოალიციაში დღეს მარტო აღებული ერთი პარტია 3%-ს ვერ გადალახავს, ეს მათ კარგად იციან და ამიტომ ივანიშვილს ეკედლებიან. ის პიროვნებებიც კი, რომლებიც ძალიან პოპულარულები იყვნენ, დღეს არაფერს წარმოადგენენ, ცხადია, მათ რეიტინგს ვგულისხმობ.
- მაგალითად?
- თუნდაც გუბაზ სანიკიძე, ხომ იყო პოპულარული ლიდერი, მაგრამ რა გააკეთა მან საიმისოდ, რომ მისი პარლამენტში ყოფნა დაეტყოს თუნდაც კანონებს?! სანამ არ გაჩნდება განცდა, რომ ადამიანი მიდის სახელმწიფო სამსახურში არა ფულის საშოვნელად, არამედ იმისთვის, რომ ემსახუროს სახელმწიფოს, სადაც ცხოვრობს თვითონ და უნდა იცხოვრონ მისმა შვილებმა, მანამდე არაფერი გამოსწორდება.
„ახალი თაობა“, 09 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „პაატა ბურჭულაძეს მიხეილ სააკაშვილი კომპრომატებით აშანტაჟებს“
რა შესთავაზეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილს, რომელ პარტიებში გადანაწილდებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვის გაუგზავნა ფული კიევის ყოფილმა მერმა? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტპატიმარი, სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.
- ბოლო რამდენიმე თვე თქვენ გამუდმებით ამტკიცებდით, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს დასაჭერად აქვს საქმე. არადა ისე მიდის საქმე, რომ შესაძლოა მის მიერ დაწყებული კამპანიის შედეგად უკრაინის პარლამენტმა მთავრობა გადააყენოს...
- მიხეილ სააკაშვილი კონტროლიდან ამოვარდა. ის დღეს თვითგადარჩენისთვის იბრძვის და ამიტომაც ადანაშაულებს უკრაინის ხელისუფლებას კორუფციაში. ისე შორს წავიდა, რომ თავის თანაგუნდელ ალექსანდრე კვიტაშვილსაც შეახოცა ხელი. სხვების გასვრით ის უკრაინაში დარჩენას ცდილობს, ყველაზე უკეთ მან იცის, რომ სხვა ქვეყნებში არ წაესვლება. ერთადერთი გამონაკლისი, შესაძლოა, საქართველო გახდეს. შემოდგომაზე აქ საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სააკაშვილი დიდი იმედითაა განწყობილი და რაღაც ღონისძიებები უკვე გაატარა.
- რა ღონისძიებები გაატარა?
- მან თავისი მომხრეები სხვადასხვა პარტიებში გადაანაწილა და დამატებით რამდენიმე პარტია შექმნა საქართველოში.
- რომელი პარტიები შექმნა?
- პაატა ბურჭულაძის და კიევის ყოფილი მერის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას.
- არადა ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილია მათ უკანო...
- მე გეუბნებით, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიც და პაატა ბურჭულაძეც არის ექსპრეზიდენტის პროექტი. ნათლად ჩანს, როგორ შეიწოვა და დაასაქმა ოპერის ყოფილმა მომღერალმა თავის ფონდში ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა ჯერ კიდევ გასულ წელს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე და სააკაშვილი პარტიის გაკეთებას აპირებდნენ. ეს საკითხი უკრაინაში გადაწყდა. ბურჭულაძე ოდესაში ჩავიდა და სააკაშვილს დიდი კონცერტი ჩაუტარა. სწორედ კონცერტის შემდეგ დაგეგმეს, თუ რა სქემით მოხდებოდა ყოფილი მომღერლის გარშემო იმ ადამიანების მობილიზება, რომლებიც მერყეობენ ანუ არც ერთ პარტიას არ უჭერენ მხარს.
იგივე შემიძლია ვთქვა კიევის ყოფილ მერზე, რომელიც გამოვიდა თუ არა, აქცენტი ეგრევე პენსიონერებზე გააკეთა. ჩერნოვეცკის, სავარაუდოდ, მათი გულის მოგება აქვს დავალებული. პენსიონერების და მერყევი ხალხის გულის მოგების გარდა, სააკაშვილს მესამე მიმართულებაც მოფიქრებული აქვს, ეს არის ძალისმიერი მეთოდები. არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ სააკაშვილის მებრძოლები თბილისის ქუჩებში თავისუფლად დადიან. ისინი უკრაინული სამხედრო ფორმებით გადაადგილდებიან.
მიხეილ სააკაშვილი ახლა მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ყველაფერზე წავა. მისი პატრონები რუსეთსა და ამერიკაში ვერაფერს გახდებიან, ეს კაცი მათ ხელიდან საბოლოოდ გაექცათ. ის ზედმეტებსაც იღებს საკუთარ თავზე და, შესაძლოა, ცუდად დაამთავროს. მას უკვე ღიად დაუპირისპირდა იაროშევიჩი და მისი მემარჯვენე სექტორი. მას დაუპირისპირდა რამდენიმე მინისტრი, გუბერნატორი და პრემიერი. მისი წინააღმდეგია უკრაინის შსს-ს სპეცრაზმების ხელმძღვანელობა.
- მოდით, ისევ საქართველოში დავბრუნდეთ, თქვენ ამბობთ, რომ ის ბურჭულაძესა და ჩერნოვეცკიზე ამყარებს იმედებს. თავისი ნაცმოძრაობა უარყო?
- არა, რა უარყო, მათი გადანაწილება-გაძლიერებით არის დაკავებული. მისი მოთხოვნით შეიქმნა პარტია „გირჩი. მართალია, ნაციონალებს სააკაშვილთან პრეტენზიები აქვთ, მაგრამ მათი დაშორება არ მოხდება.
- რა პრეტენზიებზე საუბრობთ?
- ოდესის გუბერნატორს ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერმა უთხრა, გვერდზე გადექი და ჩვენ გვაცალეო. მიშა არ არის ის კაცი, გვერდზე გადგეს და ეს ყველაფერი მიატოვოს.
- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის ლიდერები, ვინც სააკაშვილს გვერდზე გადგომისკენ მოუწოდა? ყველა ლიდერი ამის თქმას ვერ გაუბედავდა...
- სააკაშვილს გვერდზე გადგომისკენ გიგა ბოკერიამ მოუწოდა. მის მოსაზრებას იზიარებს გივი თარგამაძეც. ამაზე ნაცმოძრაობაში დიდი გარჩევები იყო. ცოტა ხნის წინ უკრაინულმა ვიკილიქსმა მიშას და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. იქ ადეიშვილი ოდესის გუბერნატორს პირდაპირ ეუბნება, მიშა, შენ გაჩერდი და ახლა ჩვენ გვაცალე. ნაციონალებს მხოლოდ ერთი დადებითი თვისება აქვთ, მათ თავიანთი `კუხნის~ უარყოფითი ქმედებები გარეთ არ გამოაქვთ და შიგნით აგვარებენ პრობლემებს. თორემ იქ არსებულ დაპირისპირებებზე ისეთი ამბები გამოვიდოდა, გადაირეოდა ხალხი. ამათ ეს გარეთ არ გამოაქვთ და ყველაფერს აკეთებენ მის მოსაგვარებლად.
- შეძლებენ დაპირისპირების მოგვარებას?
- საარჩევნო სიის დაკომპლექტება საქმეს ცოტა გაართულებს. ვიღაცები ალბათ წავლენ და სხვაგან გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას.
- სად სხვაგან?
- ამათ მონათესავე ძალებში. ბურჭულაძე და ჩერნოვეცკი მზად არიან მათ მისაღებად. კიევის ყოფილმა მერმა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერს ფულადი თანხაც კი გაუგზავნა. მოკლედ, წახალისების პროცესი დაიწყო.
- რა მოტივით გაუგზავნა ჩერნოვეცკიმ ნაციონალებს ფული?
- ეს სააკაშვილის დავალებით გააკეთა. ამ საქმეში ჩართულებს უნდათ, რომ არჩევნებამდე როგორმე შეინარჩუნონ ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ბირთვი. არჩევნებზე 1 ნაცმოძრაობის მაგივრად 5-ს მივიღებთ.
- ხუთს რანაირად მივიღებთ?
- თავად ნაციონალები, ბურჭულაძეები, ჩერნოვეცკები, გირჩები და კიდევ რამდენიმე ძალა დაემატება. მგონი, ხუთზე მეტი მივიღეთ. ისინი მოქმედებენ, ხელისუფლებას კი სძინავს. სასწაულის მოხდენას და რძის მდინარეებს არავინ ვითხოვთ, მაგრამ ხომ შეიძლება სამართლიანობის აღდგენა მაინც დაიწყონ. არჩევნების წინ მაინც გააკეთონ რამე.
- ამბობენ, თებერვლიდან დაიწყება სამართლიანობის აღდგენაო...
- მერამდენე თებერვალია, ამას პირდებიან ხალხს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ძალიან არის შელახული, მათ ახლა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება თუ უშველით, მაგრამ ხომ გეუბნებით, სძინავთ და ამასობაში მოეპარათ სააკაშვილი და ეგაა. პირადად მე სააკაშვილის წინააღმდეგ ისეთი სერიოზული მტკიცებულებები გამაჩნია, რომ მას პირდაპირ ჰააგაში ამოაყოფინებენ თავს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში იყო ჩამოსული ჰააგელი პროკურორი ქალი. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა და დოკუმენტების გადაცემა.
- რა მასალების გადაცემას აპირებდით?
- ეს მასალები აგვისტოს ომს შეეხება. ის იმისთვის უნდა გასამართლდეს, რაც მან სამაჩაბლოს ქართველი მოსახლეობის წინაშე ჩაიდინა. ჰააგამ, ჩემი აზრით, გამოძიება როგორც ოსი სეპარატისტების, ასევე სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს. მათ ერთნაირად გაანადგურეს ქართველი მოსახლეობა.
- მათი გათანაბრება გადაჭარბებული ხომ არ არის?
- გადაჭარბებული კი არა, ზუსტად ასე უნდა გააკეთონ. მოვუწოდებ ჰააგას, რომ საქართველოს შეეშვან და სააკაშვილს მიხედონ. ომის დაწყება ჩვენი სახელმწიფოს ბრალი არ ყოფილა.
- რადგან აგვისტოს ომი ვახსენეთ, რას იტყვით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე, რომელმაც მერაბიშვილის, კეზერაშვილის, გიგი კალანდაძის და სხვათა მიმართ საქმეები აღძრა?
- მეც მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას, ოღონდ ეს რუსეთმა კი არა, ჰააგამ უნდა გააკეთოს, ამ პიროვნებებმა პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული. სამხედრო ოპერაციას აქვს თავისი სტანდარტები და მოქმედების ზონა, მაგრამ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ხელოვნურად ჩატოვეს ქართველი მოსახლეობა კონფლიქტის ზონაში, რასაც დიდი უბედურება მოჰყვა.
- რუსები ქართველი მოსახლეობის იქ ჩატოვების გამო არ სთხოვენ ყოფილ მაღალჩინოსნებს პასუხს...
- რუსებს ქართველი მოსახლეობა რაში ადარდებთ, ახლა ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან და, ბუნებრივია, რაღაც საქმეებს აღძრავენ. ბევრ სკანდალურ განცხადებასაც გაავრცელებენ, რაღაც დოკუმენტებსაც მოძებნიან, მაგრამ ქართულ მხარეს ვერაფერში დაადანაშაულებენ. ომის დაწყებაში მათაც კარგა დიდი წვლილი მიუძღვით.
- ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან თქვენი შეხვედრა რატომ არ შედგა?
- ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიშალეს ხელი. ყველაზე მეტს ალბათ რესპუბლიკელები „იჩალიჩებდნენ“. მათ სააკაშვილის და მისი მინისტრების გასამართლება არ აწყობთ. მათ ასევე არ აწყობთ იმის გახმაურება, თუ როგორ გაყიდა სააკაშვილმა 2007 წელს ის იარაღი და საბრძოლო ტექნიკა, რომელიც საბრძოლი მოქმედებებში უნდა გამოგვეყენებინა. კაცს ამხელა დანაშაული აქვს ჩადენილი და ლამის მთელ მსოფლიოს არიგებს ჭკუას, აქ კი 5 ნაციონალურ მოძრაობას გვიქმნის.
- ამ სატელიტ პარტიებს თავად სააკაშვილი აფინანსებს?
- ის საქართველოში გარკვეულ თანხას აგზავნის. ჩერნოვეცკის და ბურჭულაძეს მისი ფული არ სჭირდება. ორივეს საკმაოდ დიდი ფული აქვს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ფინანსურად განსაკუთრებით კარგად არის ჩერნოვეცკი. მერობის პერიოდში მან გაღლიტა და გაფხიკა მთელი კიევი. იმ დროს მის წინააღმდეგ არაერთი სკანდალი აგორდა. ფინანსებთან დაკავშირებით მასზე საქმეებიც კი იყო აღძრული. ახლა იმ ფულით აპირებს აქ, არჩევნებში მონაწილეობას.
- ლეონიდ ჩერნოვეცკი და პაატა ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ჩაერთვნენ პოლიტიკაში და რანაირად დაითანხმა სააკაშვილმა ისინი, მის მხარეს ყოფილიყვნენ?
- სააკაშვილს პიროვნებების მართვის ბრწყინვალე მეთოდები აქვს. ჩერნოვეცკის დაყოლიება საერთოდ არ გაუჭირდებოდა. ისინი წლებია, რაც მეგობრობენ. ისინი რაღაც საქმეებშიც ფიგურირებენ ერთად. პაატა ბურჭულაძესთან ცოტა სხვანაირად იყო საქმე. ყოფილი მომღერალი მან რაღაც კომპრომატებით დაითანხმა. დაითანხმა კი არადა, ისეთ ჩიხში შეიყვანა, რომ აფიქსირებინებს, ეს ხელისუფლება უმოქმედოაო.
- ამ ხელისუფლებაზე თქვენც ხომ თქვით უმოქმედოა, სძინავსო...
- მე სხვანაირად ვთქვი და იმას ვაპროტესტებ, რომ ნაციონალებს სათანადოდ არ სთხოვენ პასუხს.
- თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩერნოვეცკი და სააკაშვილი მეგობრობდნენ. კიევის ყოფილი მერი კი ამბობს, რომ სულ ერთხელ ჰყავს ნანახი...
- სხვას რას ელოდით, იმ თავგადასავლებს ხომ არ მოყვებოდნენ, რაც ერთად გადახდათ თავს.
- რა თავგადასავლები გადახდათ?
- ისინი ერთად ერთობოდნენ ხოლმე. იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს გვარიანად ილხენდნენ და ისეთ ბარებში დადიოდნენ, ინტიმურად რომ ითვლება. ამაში ჩერნოვეცკი უკრაინულ პრესას არაერთხელ ჰყავს გამოჭერილი.
„ახალი თაობა“, 09 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-ია… „ერთსქესიანთა ქორწინებების საკითხში ორმაგი სტანდარტები იკვეთება”
წინასაარჩევნოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება წინასაარჩევნო ბლოკებსა და გაერთიანებებზე. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი დღემდე დამოუკიდებელ ძალად რჩება. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ კოალიცია პატრიოტთა ალიანსმაც შექმნას.
„ჩვენ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. აქამდე არავისთან ვყოფილვართ გაერთიანებული. დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არჩევნებისთვის კოალიციის შექმნა გამორიცხული არ არის”, – ამბობს მანუჩარ მაჩაიძე
- თქვენი ვარაუდით, საარჩევნოდ სხვა კოალიციების შექმნაც მოსალოდნელია?
- ჩემი აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მეტად კოალიციები მიიღებენ მონაწილეობას, ვიდრე პარტიები.
- არსებობს მოსაზრება, რომ მთავარ ძალებად ისევ „ქართული ოცნება“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რჩებიან...
- „ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთ-ერთი მთავარი ძალა არ არის და არც – ძლიერი პოლიტიკური პარტია.
- თუმცა, ნაცმოძრაობას ჰყავს თავისი ელექტორატი...
- ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ბევრი პრივილეგირებული ადამიანი იყო. ზოგმა ათას ლარად ჩაიგდო ხელში მილიონიანი ქონება, ზოგი ერთ ლარად დაეპატრონა ათასობით ათასი ლარის ღირებულების საკუთრებას. ეს ყველაფერი იმ დანაშაულების ნაწილია, რაც მაშინ ხდებოდა. ეს ადამიანები, რომლებიც სხვების ხარჯზე გამდიდრდნენ, დღესაც არიან. ცხადია, რომ ისინი ნაცმოძრაობის მხარდამჭერებად მოიაზრებიან. ნაციონალების წევრებსაც თუ ჩავთვლით, ეს მხარდაჭერა სულ 5 თუ 6% იქნება. ესაა ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი რეიტინგი. „ნაცმოძრაობა“ არ არის ძლიერი პარტია. მოსახლეობის უარყოფითი განწყობა ნაციონალების მიმართ არ შეცვლილა. მე ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციადაც ვერ ჩავთვლი.
- „ქართული ოცნების“ მიმართ თუ შეიცვალა მოსახლეობის განწყობა?
- ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ვერ აჩვენებს არჩევნებზე იმ შედეგს, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჰქონდა. მომავალ არჩევნებზე მას უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება. პრობლემებისა და შეცდომების მიუხედავად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია ხალხისთვის.
- ანუ, თქვენი ვარაუდით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება?
- დიახ. პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული. ის არ იქნება 2012 წელს არჩეული პარლამენტის გამეორება.
- საარჩევნოდ ბევრი თემის აქტუალიზაცია ხდება. ერთ ასეთ თემად ითვლება ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება. დაკანონებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ამისთვის ნიადაგის მოსამზადებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი...
- მეც მგონია, რომ ეს სარჩელი არჩევნებს უკავშირდება. ამ თემის გამოყენება ვიღაცას დასჭირდა. უბედურება ისაა, რომ ჩვენ აქ ვაწყდებით ორმაგ სტანდარტს.
- სად ვლინდება ორმაგი სტანდარტი?
- ერთი მხრივ, საერთაშორისო კანონმდებლობით, ნორმებით ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოშიც, უზრუნველყოფილია რწმენის თავისუფლება. მეორე მხრივ, ჩვენ, მორწმუნეებს, გვაიძულებენ, გადავუხვიოთ ჩვენს რწმენას. თუ უფლება მაქვს, ჩემს რწმენას მივდიო, დავიცვა მისი პრინციპები, მაშინ, რატომ მართმევენ ამ უფლებას, როცა მავალდებულებენ, რომ მხარი დავუჭირო ერთსქესიანთა ქორწინებებს? ეს ხომ რწმენას ეწინააღმდეგება?
- ეს საკითხი არეულობის საფუძველი ხომ არ გახდება?
- ეს საკითხი უკვე გახდა არეულობის საფუძველი მთელ მსოფლიოში. მორწმუნეები სხვაგანაც ცხოვრობენ, ლგბტ-პირები კი ყველგან ცდილობენ, თავისი გაიტანონ. მსოფლიოში მილიარდ 800 მილიონი კათოლიკეა, მილიარდი მაჰმადიანი, 200 მილიონი მართლმადიდებელი, 250 მილიონი პროტესტანტი. ყველას რელიგია გმობს ჰომოსექსუალიზმს. მით უმეტეს, ასეთ ქორწინებებს. ამის დაკანონება ეწინააღმდეგება წმინდა წიგნებს. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ ამას მსოფლიოში უნდა მოევლოს. არ შეიძლება ამ პრობლემას ორმაგი სტანდარტებით მივუდგეთ. თუ რწმენის თავისუფლება არსებობს, მაშინ ნუ შეგვიზღუდავენ ამ თავისუფლებას!
„ახალი თაობა“, 09 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ერთსქესიანთა ქორწინების მედროშეები ნაციონალები და რესპუბლიკელები არიან“
უნდა დაკანონდეს თუ არა ერთსქესიანთა ქორწინება, როგორია საზოგადოებრივი განწყობები, შესაძლოა თუ არა მოჰყვეს ამ საკითხს მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები? ამ და სხვა კითხვებზე „ახალ თაობას“ ქართული დასის ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ესაუბრება.
- ბატონო ჯონდი, დღეს საკმაოდ აქტუალურია საკითხი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე. რატომ წამოიწია წინა პლანზე ამ საკითხმა?
- პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, ზოგ შემთხვევაში შეგნებულმა ღალატმა, პირში წყლის ჩაგუბებამ და ზოგ შემთხვევაში უპრინციპობამ, დასავლეთში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ქართველ საზოგადოებაზე ზეწოლა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ამის პრელუდია იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება პარლამენტში. მე ჯერ კიდევ მაშინ ვეუბნებოდი ჩვენს კოლეგებს პარლამენტში, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა.
- მაშინ როგორი იყო მათი პოზიცია?
- ისინი კი მიმტკიცებდნენ, რომ ეს ასე არ იქნებოდა. დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქმის განხილვას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.
- საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ამ საკითხს ბევრი მომხრე ჰყავს. ასეა?
- ქართველი საზოგადოების 99% ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ ზიზღით არის განწყობილი.
- ეს რამდენად სწორი დამოკიდებულებაა?
- რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები, მაგრამ თვითონ ეს ჰომოსექსუალური ურთიერთობები არის დიდი ცოდვა, გარყვნილი წესი და ამის მიმართ საზოგადოების უმრავლესობა არის ზიზღით განწყობილი. აქ კიდევ ერთხელ ჩანს პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობოების დიდი ნაწილის აცდენა რეალობისგან და დაგეთანხმებით, რომ პოლიტიკურ სპექტრში, ბევრი ამას მხარს უჭერს.
- რომელი ძალები გამოირჩევიან ამ საკითხისადმი მხარდაჭერით?
- მათი მედროშეები არიან ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია. რესპუბლიკელები ამას არც მალავენ, ისინი არამარტო მხარს დაუჭერენ ამ საკითხს, ამის მედროშეები არიან. როგორც ჩანს, პარლამენტში სხვებიც არიან, ვინც ამას მხარს დაუჭერს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკურმა სპექტრმა და საკონსტიტუციო სასამართლოს არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, რომელიც ნაქურდალ სახლში ცხოვრობს.
- ხალხმა როგორ უნდა გადაწყვიტოს, რეფერენდუმის სახით?
- რა ფორმით გადაწყვეტს ამას ხალხი, ქუჩაში გამოვა ერთი მილიონი ადამიანი და შეაზანზარებს ამით ხელისუფლებას, თუ რეფერენდუმს მოითხოვს, ეს ტექნიკური საკითხია.
- ოპონენტები გედავებიან, რომ თქვენ ამ ადამიანების უფლებებს არღვევთ...
- ეს სიცრუეა! მე არავის უფლებებს არ ვარღვევ, საქართველოში მაგათი უფლება არ ირღვევა. იმის გამო, რომ ადამიანი ერთსქესიანია, ორსქესიანი თუ ოთხსქესიანი, დილით რომ კაცია და საღამოს რომ თავი ქალი ჰგონია, არავინ ამბობს, რომ ამის გამო ეს ადამიანები უნდა დაიჩაგრონ. მათ აქვთ ცხოვრების, განათლების მიღების, მუშაობის უფლება და ამ უფლების რეალიზაციას ისინი მშვენივრად ახერხებენ.
თუ თქვენ გადახედავთ ტელეეკრანებს, ისინი მაქსიმალურად არიან გამოფენილები, კარგად ჩაცმულები. პოლიტიკაშიც და სამოქალაქო სექტორშიც მრავლად არიან წარმოდგენილები. ეკონომიურად არიან დაწინაურებულები. გაჭირვებული ჰომოსექსუალი ჯერ მე არსად შემხვედრია. ასე რომ, მათი უფლებები არ ილახება. უბრალოდ, ზედმეტს ითხოვენ.
- რას ითხოვენ?
- ესენი ითხოვენ, რომ თავისი გარყვნილი ცხოვრების წესი საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და განსაკუთრებით მომავალ თაობას მოახვიონ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ შემწყნარებელი უნდა გავხდეთ ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ. არა ადამიანის მიმართ, არამედ ურთიერთობების და ამას პრინციპულად მოითხოვენ.
- ანუ არ გამორიცხავთ, რომ ეს საკითხი მასშტაბური საპროტესტო აქციების საფუძველი გახდეს?
- შესაძლოა, ეს გახდეს საყოველთაო სახალხო მრისხანების საფუძველი. ხოლო ამ საყოველთაო მრისხანებამ შესაძლოა ფეხქვეშ გათელოს ბევრი ვინმე! როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ისინიც, ვინც უკვე არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მაინც ვერ ისვენებენ, გაცილებით მეტს ითხოვენ და ასევე პოლიტიკური სპექტრის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფულის გამო ღალატობენ საკუთარ სამშობლოს და ცდილობენ თავიანთი გარყვნილების დაკანონებას. ეს არის უკანონობა და უკანონობის დაკანონება გამოიწვევს შესაბამის მძიმე შედეგებს!
- საზოგადოებას ახსოვს წინა პრემიერის პოზიცია, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ასე ჩაიწერება: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. დღეს რა პოზიცია აქვს ახალ პრემიერს ამ საკითხზე?
- წინა პრემიერმა განაცხადა, მაგრამ ეს არ ჩაწერილა, ახალი პრემიერის პოზიცია ამ საკითხზე არ ვიცი. თუმცა, ზოგადად ვიცი, რომ ის წესიერი კაცია და არ მგონია, რომ მხარს უჭერდეს ამას. რამდენად შეძლებს ამაზე წინააღმდეგობის გაწევას, ეს მისი არჩევანია. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას არ მართავს პრემიერ-მინისტრი და არც ივანიშვილი მართავს, ვისაც ქვეყნის მართვა ბრალდება.
- აბა ვინ მართავს?
- ქვეყანა იმართება ქვეყნის გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან დაფიქსირებულ პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პირდაპირ და ღიად ამას ლობირებს შეერთებული შტატები. მათ პირდაპირი დავალება გასცეს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის, რომ აიძულონ დანარჩენი სახელმწიფოები, დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები. ამის პროპაგანდაში კი ძალიან დიდი ფული იდება და იხარჯება.
„რეზონანსი”, 09 თებერვალი, 2016 წელი
მთელი ეკონომიკა ვალის გადახდას ემსახურება
ბანკები და კომპანიები ნასესხები ფულის გასტუმრებას ძლივს აუდიან
მაკა ხარაზიშვილი
ქვეყნის საგარეო ვალმა 35,5 მილიარდ ლარს (14,354 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. აქედან 2 მილიარდ დოლაზე მეტი მოკლევადიანი ძვირადღირებული სესხია. ამ ვალის მომსახურებას უმოკლეს დროში ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტას არასახარბიელო პერსპექტივას უქმნის. ფაქტობრივად, კომპანიები მოგების უდიდესი ნაწილით ვალს ისტუმრებენ, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა ვალის მომსახურებას ხმარდება.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, სამთავრობო სექტორს უცხოური ორგანიზაციების 4,265 მილიარდი დოლარი (10,577 მილიარდი ლარი) მართებს, თუმცა აქედან მხოლოდ 81,326 მილიონი დოლარია (201,688 მილიონი ლარი) მოკლევადიანი სესხი, დანარჩენი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტია.
გაცილებით მძიმე მდგომარეობაა კერძო სექტორში. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მარტო კომერციული ბანკების საგარეო ვალდებულებებმა 2,787 მილიარდ დოლარს (6,911 მილიარდი ლარი) მიაღწია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აქედან 1,218 მილიარდი დოლარი მოკლევადიანი სესხია. მათ ამ სესხის ძირითადი ნაწილი მაშინ აქვთ აღებული, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,70-ის ნიშნულზე მერყეობდა, შესაბამისად, ამ ვალდებულების მომსახურება კომერციულ ბანკებს დაახლოებით 43%-ით გაუძვირდა.
დანარჩენი კერძო სექტორის ვალი კი 4,107 მილიარდი დოლარია (10,185 მილიარდი ლარი). ამ შემთხვევაშიც მილიარდ დოლარზე მეტი მოკლევადიანი სესხია. გამოდის, რომ ქვეყანაში არის 2,2 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულებები, რომელიც მოკლე პერიოდშია გასასტუმრებელი და მათი მომსახურებისთვის ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება.
საბანკო სფეროს სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, კომერციული ბანკების საგარეო ვალების ვადა ერთიდან სამ თვემდეა, თუმცა ხელშეკრულება იდება განახლებადი ფორმით; ანუ თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს დაკრედიტებაზე, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება. ასეთი გარიგება დამახასიათებელია არასტაბილური, ფინანსურად მოწყვლადი ქვეყნისთვის და ინსტიტუტებისთვის.
“სპეკულაციური კაპიტალის დაცვის თვალსაზრისით, მათ გრძელვადიან ფულს არ აძლევენ. შესაბამისად, კომერციული ბანკები მოკლე პერიოდში ისტუმრებენ ამ დავალიანებას”, – ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ გაცემული სესხებიდან ბანკებს ისედაც დიდი რაოდენობით დოლარი შედის. ამ მხრივ გამორჩეული 2015 წელი იყო, როდესაც სავალუტო კრიზისით შეშინებული მსესხებლები ცდილობდნენ მაქსიმალურად შეემცირებინათ დოლარში აღებული ვალდებულებები.
“2015 წელს სავალუტო კრიზისის შედეგად მოსახლეობამ უზარმაზარი თანხა შეიტანა კომერციულ ბანკებში. ზოგადად უცხოური სესხის გარეშე კომერციული ბანკების პორტფელი იქნებოდა მცირე, ხოლო მათი დაკრედიტების შესაძლებლობა შეზღუდული. თუ უცხოური სესხები კომერციულ ბანკს არ უქმნის ფინანსურ პრობლემას, ასეთი სესხების აღება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას”, – ამბობს ელიავა და დასძენს, რომ ოფიციალური სტატისტიკით კომერციულ ბანკებს უმოქმედო სესხების მოცულობა შეუმცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ფინანსური პრობლემები არ გააჩნიათ.
მართალია, კომერციულ ბანკებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ, მაგრამ საუბედუროდ ისინი უფრო მეტ ლარს იღებენ ეკონომიკიდან ვალების გასასტუმრებლად. შესაბამისად, მათ მიერ ქართული ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობაც მცირდება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი კრიტიკულ ნიშნულზე არ არის და ბევრ განვითარებულ ქვეყანას გაცილებით დიდი საგარეო ვალია აქვს. ჯანიაშვილს აღნიშნულის საილუსტრაციოდ იაპონია მოჰყავს და ამბობს, რომ ამ ქვეყნის ვალი მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობას დაახლოებით ორჯერ აჭარბებს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად მყიფეა საქართველოს ეკონომიკა, რომ ასეთი დიდი ოდენობის ვალს (განსაკუთრებით კერძო სექტორმა) გაუძლოს.
“ჩვენი ოდენობის ვალი კატასტროფად არ ითვლება, თუკი ეკონომიკა გაქვს ჯანსაღი და სესხად აღებული თანხის სწორად დაბანდება ხდება. ლარის დევალვაციის გამო, ვალის მომსახურება მკვეთრად გაუძვირდა როგორც მთავრობას, ისე კერძო სექტორს. სამწუხაროა ისიც, რომ კერძო სექტორის ვალი გაცილებით ძვირი და მოკლევადიანია”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.
მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალის ვადა ზოგ შემთხვევაში 20-30 წელია და საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 1-2%-ია. ბუნებრვია, ქართული კომპანიებს რისკიანობის გათვალისწინებით, ასეთი ხანგრძლივი ვადით ფულს არავინ ასესხებს და თანაც მათთვის საპროცენტო განაკვეთი 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს.
“კერძო სექტორის მიერ აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთი რამდენჯერმე აღემატება მთავრობის მიერ ნასესხი თანხის საპროცენტო განაკვეთს. შესაბამისად, მათ უფრო დიდ რაოდენობის ლარის გადახდა უწევთ და უმცირდებათ შემოსავალი. სამწუხაროდ, ბიზნესმენებს ახალი პროექტების განხორციელება, რეინვესტირება გაუჭირდებათ. ამიტომაც ამ თვალსაზრისით მოგების გადასახადის გაუქმება ძალიან დროული იქნება”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება რატომღაც უფრო მეტ ყურადღებას სამთავრობო ვალის მოცულობას აქცევდა და კერძო სექტორის საგარეო ვალდებულება ყურადღების მიღმა რჩებოდა.
“რეალურად სწორედ არასამთავრობო სექტორს აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის ვალი. ამასთანვე კერძო სექტორს ეს ვალი სწრაფად გადასახდელი აქვს. საერთო ჯამში, ლარის დევალვაციის პირობებში, საგარეო ვალების მომსახურება ორივე სექტორს ძალიან უძვირდება და მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას”, – ამბობს ავთო სილაგაძე.
იგი დასძენს, რომ კომერციულ ბანკებს სესხის დიდი ნაწილი დოლარში აქვთ გაცემული და უკან ისევ დოლარს იბრუნებენ. პრობლემაა ისიც, რომ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა მცირდება და ეს მთლიანობაში, ვალების მომსახურების კუთხით მაინც უქმნის პრობლემას როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორს.
ასე რომ, მოკლევადიან პერიოდში მთავრობის მთავარი საზრუნავი ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და გამყარებაა, რათა ქვეყნის ეკონომიკამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია შეძლოს და განვითარდეს.