globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 9th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „შორენა მარილზე“ – პროკურატურა ციანიდის საქმის ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს // ადვოკატი: „დასაბრედია“ არ ნიშნავს, რომ უნდა დაბრიდო“

რეზონანსი: დამაჯერებელია თუ არა ციანიდის საქმეში პროკურატურის მიერ წამოყენებული მტკიცებულებები? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: „დღეს ეკლესიაში ათობით გიორგი მამალაძეა“ // რას განიხილავს წმინდა სინოდი?

რეზონანსი: ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან: „პატრიარქი უკვე დარწმუნებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობაში“

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ციანიდის საქმე“, „რუსთავის-2“-ის საკითხი სტრასბურგის სასამართლოში და კომენტარები პრეზიდენტის ისნსტიტუტთან დაკავშირებით

—–

ვერსია: საიდუმლო შეხვედრა სოლოლაკის სასახლეში // რა სთხოვეს გია ჟორჟოლიანმა, ზვიად ძიძიგურმა და გოგი თოფაძემ ბიძინა ივანიშვილს

ვერსია: ოპოზიციური სპექტრი „დიდ პოლიტიკურ ერთობას“ ქმნის?! // „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მხოლოდ სამი პარტია არ შეუერთდება

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „სტრასბურიდან ხელისუფლებამ რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით სერიოზული სიგნალი მიიღო“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „სტრასბურმა საქართველოს ხელისუფლება გაამტყუნა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სამხედრო უფლებადამცველ დავით ნემსაძესთან: „იოსებ ოსორაული კონგოში „მ-22“-ის დაჯგუფებას ჰყავს ტყვედ აყვანილი“

—–

რეზონანსი: ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულს ეძებს // თუკი ეროვნულ ვალუტას გალარების პროგრამისთვის ხელოვნურად არ ამყარებენ, მაშინ აპრილში 2,30-ს უნდა ველოდოთ

რეზონანსი: მგზავრობის გაძვირება მთელი წელი გაგრძელდება // „უახლოეს მომავალში გაიზრდება ყველა ტიპის სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება“

რეზონანსი: ადგილობრივი პროდუქტი ამოიწურა, იმპორტირებული ძალიან ძვირია // მარტ-აპრილში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება

რეზონანსი: კონტრაბანდის მასშტაბი შეუჩერებლად იზრდება // რა კავშირშია „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარი ოქროს ნაკეთობის არალეგალურ ბიზნესთან?

——————–

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

შორენა მარილზე – პროკურატურა ციანიდის საქმის ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს // ადვოკატი: დასაბრედია არ ნიშნავს, რომ უნდა დაბრიდო

ნინო ქეთელაური

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის ფარული ვიდეომასალა, გაასაჯაროვა. უწყების განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მიერ შეძენილი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას “ადამიანის წინააღმდეგ” გეგმავდა.

შეგახსნებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც პროკურატურას განუცხადა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ შხამიანი ნივთიერების – კალიუმის ციანიდის – მოძიებაში დახმარება სთხოვა. მისივე ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას გეგმავდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დეკანოზისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი შეხვედრისას ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა შესთავაზა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს.

როგორც 18-წუთიან ჩანაწერში ჩანს, ირაკლი მამალაძის მითითებით, დეკანოზი ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში იწყებს ინფორმაციის მოძიებას, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის ანალოგიურია. „პროსტა გარანტია მინდა, რომ მოქმედი იქნება… ვიცი, რომ შაქრით ნეიტრალდება (ნატრის ფხვნილი)… მაგრამ ეგ ვინც არის, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება, რა, მაქსიმალურად,” – ამბობს გიორგი მამალაძე ფარულად გადაღებულ ვიდეოში.

ირაკლი მამალაძის კითხვაზე, “ეგ ჭიქაში არ რჩება?”, მამა გიორგი მამალაძე პასუხობს: “რა ვიცი მე, არ მკიდია?! დარჩეს მერე, ვინ დაადგენს, რო?! ექსპერტიზა ვითომ?”.

ისინი ჩანაწერში გერმანიაში პატრიარქის თანმხლებ პირებზეც საუბრობენ, რა კონტექსტშიც მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით ამბობს: “შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა დასაბრედია ეგ შობელძაღლი.”

ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული საუბრისას ირაკლი მამალაძე დეკანოზისგან ასევე ინტერესდება, “სად უშვებს შორენას”, რაზეც მამა გიორგი მამალაძის პასუხია: “შორენას მარილზე”.

ირაკლი მამალაძის შეკითხვას, რა სარგებელს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ “საქმე მოგვარდებოდა”, დეკანოზი პასუხობს, “შენ კარგ ადგილს დაიკავებ”. “მე წავალ ბოტკოველის ან შორენას ადგილზე უფრო, პირველ რიგში, დავითის (ჭინჭარაული) ადგილზე,” – ამბობს დეკანოზი.

კითხვაზე, აქვს თუ არა პრეტენზია პატრიარქობაზე, გიორგი მამალაძე პასუხობს: “მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ.” “ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ? – ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით..,” – ამბობს დეკანოზი.

გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ფულზეც, რომელიც ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიების სანაცვლოდ უნდა მიეღო. “დავურეკავ და ვეტყვი, გამომიგზავნეთ-მეთქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო, რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან…. ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს, თორემ…” – ამბობს დეკანოზი.

პროკურატურის მიმართ დასმულ კითხვაზე, მხოლოდ გაჟღერებული სიტყვებით – “დასაბრედია ეგ შობელძაღლი” და “შორენა მარილზე უნდა გავიდეს” – ამტკიცებს ბრალდების მხარე, რომ დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქოდა განზრახული, თუ სხვა მტკიცებულებებიც არსებობს? ამ კითხვაზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხდა, რომ ეს მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილია. “რა თქმა უნდა, ესეც არის და ასევე არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელთაც დღეს არ გავასაჯაროებთ, რითიც დგინდება ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. ჩვენ ამას ვადასტურებთ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით,” – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დეკანოზის ადვოკატები ჩანაწერს დამონტაჟებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროკურატურამ გასაჯაროებული მასალებითაც კი ვერ დაამტკიცა, რომ დეკანოზმა ციანიდი შეიძინა და ის შორენა თეთრუაშვილის მოკვლის მიზნით სურდა. „პირველ რიგში, მადლობას ვუხდი პროკურატურას. ვიდეომასალები მიჭრეს-მოჭრეს, გადააკერეს-გადმოაკერეს და მაინც ვერ დაამტკიცეს, რომ მამაომ იყიდა ციანიდი. ასევე ვერ დაამტკიცებენ, რომ მამაოს შორენას მოკვლა სურდა. ფაქტია, არსად ჩანს ასეთი რამ. თავისივე პირით გააჟღერა პროკურორმა, მაშინ როდესაც განცხადებას კითხულობდა, რომ ციანიდს ეძებდა შორენას დავალებით. ვერ გაბედეს სრულად გაესაჯაროებინათ მასალა. მარტო ის სიტყვებია ამოკრეფილი, რაც მათთვის იყო სასურველი. რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ეს იყო მაქსიმუმი, რისი გასაჯაროვებაც შეეძლოთ, ისიც დამახინჯებული ფორმით,” – განაცხადა ავოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის მეორე ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით კი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი დამონტაჟებულია იმგვარად, რომ საუბრის შინაარსობრივი მხარე შეცვლილია. მისივე თქმით, ბრალდება, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მოკვლას გეგმავდა, ჩანაწერში არსად ჩანს. „დასაბრედია“ არ ნიშნავს, რომ უნდა დაბრიდო. ჩემი პოზიციაა, რომ გაასაჯარონ მაშინ ჩანაწერის სრული ვერსია. ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღონ ჩვენებიდან საუბრის მონაკვეთები, შეიძლება ატომური ბომბის მომზადება დააბრალონ ადამიანს. როდესაც რაღაცას ასაჯაროვებენ, უნდა იყოს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული, რათა შინაარსზე შეგექმნას წარმოდგენა. ამ შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა. ბევრი მონაკვეთი ამოჭრილია, რამაც საუბრის შინაარსობრივი მხარე შეცვალა. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი რამ რომ მართლა ყოფილიყო, ირაკლი მამალაძეს მისცემდნენ ციანიდს და დააფიქსირებდნენ, თუ როგორ აიღო დეკანოზმა ციანიდი. გამოძიებამ ის ვერ დაადგინა, თუ ვისგან შეიძინა ციანიდი და იმას ადგენენ, რომ შორენას მოკვლა უნდოდა?” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ კადრებით პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაცია ვლინდება და პროკურატურას საქმის გადაკვალიფიცირებისკენ მოუწოდებს.

“ეპიზოდებში ისიც კარგად ჩანს, რომ დაკავებულ დეკანოზს არ აქვს რამეს დადგენის შიში და ეს უნდა იყოს სიკვდილი, რომელიც ბუნებრივად ჩაითვლება. მე ვფიქრობ, ეს ეპიზოდები საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს პატრიარქის ლიკვიდაციის მომზადებასთან“, – ამბობს არჩილ გამზარდია.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

დამაჯერებელია თუ არა ციანიდის საქმეში პროკურატურის მიერ წამოყენებული მტკიცებულებები?

გვანცა წულაია

გუშინ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით შუალედური გამოძიების შედეგები და მტკიცებულელების ნაწილი გაასაჯაროვა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მიერ შეძენილი შხამიანი ნივთიერებების გამოყენებას “ადამიანის წინააღმდეგ” გეგმავდა.

რამდენად დამაჯერებელია პროკურატურის მიერ წამოყენებული მტკიცებულებები? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

ანა რატიანი (ჟურნალისტი): არ არის დამაჯერებელი, რადგან ყველაფერი ძალიან გაიწელა. ეს საკითხი უკვე უსაფუძვლო გახდა. რადგან ყველაფერი მალე არ დადგინდა.

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): სიმართლე გითხრათ, ძნელია. ცოტა რთულ საკითხთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, რაიმე პროვოკაციას წამოეგო თუ არა სასულიერო პირი თუ მას ჰქონდა რაიმე განსაზღვრული. არ ვიცი, ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

გოგი თორაძე (რეჟისორი): ალბათ არ არის დამაჯერებელი, რადგან მსგავსი რამის გაკეთება, მგონი, არავის არ შეუძლია. შინაგანი ინტუიციით ვგრძნობ, რომ დაუჯერებელია. ნახევარ საუკუნეზე მეტია ამ ქვეყანაზე დავაბიჯებ და მსგავსი არაფერი მსმენია. ასე რომ, ჩემთვის დაუჯერებელია, მით უმეტესს როდესაც სასულიერო პირს ეხება.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ჩემთვის დამაჯერებელია. თუნდაც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი იყოს ამოჭრილი, ის მაინც დანაშაულის შემცველია.

ქეთი ბექაური იურისტი): საერთოდ იმისთვის, რომ რომელიმე მტკიცებულება იყოს დამაჯერებელი და საკმარის მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული, საჭიროა სასამართლომ იმსჯელოს. სანამ არ იქნება განხილვა სასამართლოზე, პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და შეფასება, მანამდე სათქმელად ძნელია. ერთი შეხედვით, გარედან, დამკვირვებლის მხრიდან, სახეზეა დანაშაული, მარგამ სასამართლოზე რამდენად დადსტურდება, ეს მეორე საკითხია. როგორც იურისტმა, მინდა გითხრათ, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ არ იქნა დამტიცებული მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და შეგროვილი მტკიცებულებებით, მარტო ჩანაწერი საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევა.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

დღეს ეკლესიაში ათობით გიორგი მამალაძეა

რას განიხილავს დღეს წმინდა სინოდი

ეკატერინე ბასილაია

დღეს წმინდა სინოდის კრება ტარდება და დიდი მოლოდინია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სინოდის წევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირები – შეუჩერებენ თუ არა “ციანიდის საქმეზე” დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს დეკანოზის ხარისხს, ასევე, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გააფრთხილებენ თუ არა ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებსა და დანაშაულებებზე საჯაროდ საუბრის გამო და პლუს, დაიწყება თუ არა ეკლესიის შიგნით გამოძიება იმ შესაძლო კორუფციულ დანაშაულებზე, რაც მეუფე პეტრემ გაასაჯაროვა.

თეოლოგების განცხადებით, “ციანიდის საქმემ” და გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა ეკლესიის შიგნით არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემასაც ახადა ფარდა და სწორედ სინოდის კრებაზე უნდა დაისვას საკითხი, მღვდლობისთვის შეუფერებელი ადამიანების კურთხევა რა გზით და ვის მიერ ხდება და რატომ მომრავლდნენ ეკლესიაში მომხვეჭელი და კრიმინალური აზროვნების სასულიერო პირები.

მათ დიდი იმედი არ აქვთ, რომ მეუფე პეტრეს მიერ გახმოვანებული ბრალდებების განხილვა მოხდება და ამ საკითხს ეკლესიიის შიგნით ვინმე გამოიძიებს. ამბობენ, რომ როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, ამ მთავარი პრობლემის მიჩუმათება მოხდება და აქცენტი გადავა “ციანიდის საქმესა” და მეუფე პეტრეს მიერ კანონის დარღვევაზე, რომ მას პრობლემებზე საჯაროდ არ უნდა ელაპარაკა.

საპატრიარქოს ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 9 მარტს 12 საათზე საპატრიარქოში გაიმართება და ეს არის სინოდის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც პატრიარქის გარემოცვიდან ერთ-ერთი პირის მკვლელობის მზადების ბრალდებით 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

“რეზონანსთან” საუბრისას პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ის, თუ რა საკითხები იქნება განხილული, წინასწარ ცნობილი არ არის, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ სხდომაზე “ციანიდის საქმე” და ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავას მიერ დიდი სჯულის კანონის დარღვევის საკითხი განიხილება. შესაძლო კორუფციის გამოძიების აუცილებლობაზე კი ის არაფერს ამბობს.

თეოლოგ ლევან აბაშიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ საპატრიარქოში არსებულ შიდა პრობლემებზე, რაც მიტროპოლიტმა პეტრემ გააჟღერა, საუბარი იქნება. “როგორც ადრე არაერთხელ ყოფილა, ამ საკითხების იგნორირება მოხდება,” – აღნიშნავს ლევან აბაშიძე. მისი თქმით, სინოდის კრებაზე დიდი ალბათობით განიხილავენ თვით მეუფე პეტრეს საკითხს და ასევე, შესაძლოა, დეკანოზს მღვდლობა დროებით შეუჩერონ კიდეც. “როდესაც ადამიანი კამერაში ზის, ის ისედაც არ მღვდელმსახურებს და შეჩერება-არშეჩერებითაც დიდი არაფერი იცვლება. ხოლო თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ ეს კაცი ვინმეს მოკვლას აპირებდა, ცხადია, ეკლესიიდანაც უნდა განკვეთონ. ამაზე მეტი ცოდვა რა უნდა იყოს?! საპატრიარქო ადრეც არ დებდა თავს, დეკანოზი გიორგი მამალაძე გინდა თუ არა უდანაშაულოაო. ამბობდნენ, დაველოდოთ გამოძიებასო. ახლა, მით უმეტეს, როდესაც პროკურატურამ ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ბევრი რამ გამოიკვეთა, ისიც, რომ შესაძლოა დანაშაულზე უკვე ვისაუბროთ, მით უფრო არ გამოესარჩლებიან,” – მიიჩნევს ლევან აბაშიძე.

თეოლოგი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულებში ჩვენს ეკლესიაში ბევრს ულაპარაკია კორუფციაზე და სხვა დარღვევებზე, იგივე დეკანოზ ბასილ კობახიძეს, მაგრამ არის ტრადიცია, რომ ამის იგნორირება მოხდეს. „ახლა, მით უმეტეს მთავარი ყურადღება გადავა იმაზე, რომ მიტროპოლიტმა პეტრემ დაარღვია რაღაც კანონები, ისაუბრა რაღაცაზე, შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცებს და ამიტომ მის წინააღმდეგ მიიღებენ ზომებს. კონკრეტულად რა თქვა, ამას კი წაუყრუებენ. მე ასე მგონია,” – ამბობს ლევან აბაშიძე. მისი თქმით, გასაგებია რომ კორუფციაზე და ნარკოტიკების რეალიზაციაზეა საუბარი და ეს დანაშაულია, მაგრამ ახლა სხვა კუთხით შემოდის ეს საკითხი, ანუ ეს ყველაფერი თქვა მეუფე პეტრემ, რომელიც იცავს დამნაშავე დეკანოზს და პლუს, რომელმაც ეს სინოდთან შეუთანხმებლად გაასაჯაროვა, რის გამოც მას სინოდი მიუთითებს დარღვევაზე.

„შესაძლოა, თქვენ და მე გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც მიტროპოლიტმა პეტრემ გააჟღერა, მაგრამ რამდენად ექნება სინოდს დაინტერესება ამ საკითხების განხილვის? სავარაუდოდ – არა. თანაც ამ საკითხების იგნორირება ადვილი იქნება, თუ სინოდი მეუფე პეტრეს საკითხს განიხილავს და მას თავდაცვით პოზიციაში მოუწევს ყოფნა და მისი ნათქვამის ფასი ისეთი დიდი აღარ იქნება. დღეს ერთ ფლანგზე არიან მხოლოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ორივე მძიმე მდგომარეობაშია და სინოდი მათ ორივეს გამოუტანს განაჩენს და ამით სინოდი დამთავრდება. ახლა სინოდისთვის საქმე გაადვილებულია. აი, ბატონო, დამნაშავე, აი, ბატონო, მისი დამცველი, რომელიც მთელ ეკლესიას ცილს გვწამებს და ამ ორის მიმართ უნდა გადავწყვიტოთ რამე. ამ ეტაპზე მამალაძე ვის კლანშიც იყო, ალბათ მათი საპატრიარქოდან გამოყვანა მოხდება და ასე დასრულდება ეს საქმე. ისიც შესაძლებელია, მეუფე პეტრეს დროებით შეუჩერონ ეპისკოპოსობა, ან სხვა სტატუსით ეპარქიიდან გადაიყვანონ, ან შეიძლება თქვან, რომ ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩეს. დაველოდოთ, რა იქნება“, – დასძენს ლევან აბაშიძე.

თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ამბობს, რომ მისი მოლოდინი არ მართლდება-ხოლმე და სინოდი უმეტესად მეორეხარისხოვან თემებზე მსჯელობს და არა არსებითზე. მისი თქმით, სანამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენი დადგენილი არ არის, ალბათ სინოდი თავს შეიკავებს მკვეთრი განცხადებისგან, მეუფე პეტრეს კი სინოდი ვერაფერს ვერ უზამს, რადგან შეუძლებელია ეპისკოპოსს მყისიერად მიუყენონ გარკვეული სასჯელი.

„სურვილი მაქვს, სინოდმა იმსჯელოს იმ პრობლემებზე, რომელიც ეკლესიას აქვს. განიხილოს მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ფაქტები და საეკლესიო წესების დაცვით მოხდეს ყველაფერზე რეაგირება. თუ ქრისტეს ეკლესიაზეა საუბარი, არ ველოდები, პეტრე ცაავას მიმართ რაიმე მკვეთრი განცხადება გაკეთდეს. თუ ჩანაფიქრია, უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია გაამყაროს არგუმენტირებულად. რომ უნდოდეთ მისი დასჯა, საეკლესიო კანონით, ის ჯერ ორჯერ უნდა გააფრთხილონ, მას მყისიერად ვერ მიუყენებენ რაიმე სასჯელს,” – ამბობს ვლადიმერ ნარსია.

თეოლოგების თქმით, დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა ეკლესიაში მღვდელმსახურებისთვის შეუფერებელი ადამიანების კურთხევაა და, წესით, სწორედ ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.

ვლადიმერ ნარსიას თქმით, “დეკანოზი გიორგი მამალაძე მინიმუმ გასაკიცხია, როგორც სასულიერო პირი“: „უნდა დაისვას კითხვა, ვინ აკურთხებს ასეთ სასულიერო პირებს, რატომ არ ხდება თავის დროზე სათანადოდ იმ ადამიანების შემოწმება, რომ ასეთი ადამიანები ასეთი რიგის მღვდელმსახურებაში არ მოხვდნენ. ეს დამაფიქრებელია.თუმცა თუ სინოდი დეკანოზს მღვდელმსახურებას შეუჩერებს იმ მიზეზით, რომ ის არღვევს კანონიკური სამართლის წესებს, მაშინ მან ასევე უნდა დაასახელოს ათობით სასულიერო პირი, მსგავსი ტიპის ქცევის და მენტალობის, რომლებიც ეკლესიაში არსებობენ. დღეს ეკლესიაში ათობით მამალაძეა,” – მიიჩნევს ვლადიმერ ნარსია.

ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა, რაც შეიძლება ჰქონდეს მაღალ იერარქს, ეს არის, რომ მღვდლად აკურთხებს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც ამის ღირსნი არ არიან: „ბოლო 30 წელია, იმდენი აკურთხეს და ისეთები აკურთხეს, რომ არაფერი არ მიკვირს და ეს შეიძლება იყოს მძიმე შეცდომა, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაუშვა. რაც ახლა ჩვენ გავიგეთ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში, ეს დეკანოზი რას და როგორც ლაპარაკობს, მისი მღვდლად კურთხევა არ შეიძლებოდა. რაც შეუძლია ეკლესიას ავნოს უღირსმა ეპისკოპოსმა და უღირსმა მღვდელმა, ასე ვერ ავნებს მას ვერც ერთი გარეშე მტერი. ამიტომ ეკლესიამ უნდა მიხედოს, ვინ არის მღვდლობის ღირსი. ადამიანი, რომელსაც აშკარად შორს არის ქრისტიანობისგან, კრიმინალური და მომხვეჭელური გაგება აქვს, ასეთი ადამიანის ადგილი სასულიერო პირთა შორის არ არის“, – ამბობს ლევან აბაშიძე.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან: „პატრიარქი უკვე დარწმუნებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობაში

ეკატერინე ბასილაია

„ეკლესიაში სასულიერო პირების შერჩევა დიდი პრობლემაა. კურთხევა აწყობილია იმაზე, ამა თუ იმ პიროვნებას როგორი ურთიერთობა აქვს ეპისკოპოსთან. იქ არც ადამიანის განათლებას, არც სულიერ მზაობას და არც ასაკს არ ითვალისწინებენ… მხარდაჭერილები არიან მოავაზაკო, მოძველბიჭო ადამიანები, მომხვეჭელები, ყველაფრის შემსრულებლები და ამბიციური ადამიანები. უდიდესი სირცხვილია, რომ ამბიონზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქი (ქორეპოსკოპოსი იაკობი) საუბრობდეს, თუ როგორ გაილახა მისი დავალებით ვიღაც საპატრიარქოს შენობაში. ეს ხომ აბსურდია და ახლა რა მეტყველება უნდა მოეთხოვოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამის ფონზე?!“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

- რა მოლოდინიგაქვთ, რა საკითხებს განიხილავსწმინდა სინოდის კრება. ეს იქნება მიტროპოლიტ პეტრეს და ციანიდის საქმის განხილვა, თუ ასევე იმ კორუფციაზეც დაიწყება მსჯელობა და შემდგომ შიდა გამოძიება, რაზეც მიტროპოლიტმა ისაუბრა?

- დიდი მოლოდინი არსებობს, რომ „ციანიდის საქმეზე“ იმსჯელებენ. თუმცა წარმოიდგინეთ, რომ თანამედროვე საქართველოში სინოდი უფუნქციო ორგანოა, ეკლესიაში ყველაფერს პატრიარქი ილია მეორე წყვეტს და სინოდის სხდომის დღის წესრიგსაც პატრიარქი, მისი განწყობა და მისი შეხედულებები ადგენს. პატრიარქს კი კრიტიკულ სიტუაციებში რეაგირების ორი წესი გააჩნია. ხშირად კეთდება ისე, რომ კრიტიკულ თემებზე საუბარი საერთოდ არ მიდის, წინ შეიძლება წამოიწიოს მეორეხარისხოვანი თემა, მაგალითად, ეპარქიების საკითხი თუ ვინმეს წმინდანად შერაცხვა. ზოგჯერ კი იძულებულია, კარი გაუხსნას იმ თემებზე მსჯელობას, რომელიც ეკლესიასთან დაკავშირებით აქტუალურია. თუმცა დღეს რომ სინოდი “ციანიდის საქმეზე” იმსჯელებს, ამის დამატებითი ფაქტორია პროკურატურის მიერ გამოძიებაში არსებული ჩანაწერის გასაჯაროება. სხვა საკითხია, ის როგორ არის დამონტაჟებული და ა.შ. მაგრამ ამ ჩანაწერში მღვდლის ფრაზები საკმაოდ შემაშფოთებელია და ეს განხილვის საგანია. მეორე საკითხია, მეუფე პეტრეს მიერ წამოყენებული ბრალდებები, რაც ასევე სერიოზული სახისაა. საუბარია ფაქტობრივად ეკლესიის მმართველობის ძირეულ დამახინჯებაზე. მეუფე პეტრეს მიერ მოთხრობილი ამბავი, სინოდის გადაწყვეტილებებზე შორენა თეთრუაშვილის მხრიდან გავლენის მოხდენისა, ეს უკვე ძალიან სერიოზული საბაბია, სინოდმა ამაზე იმსჯელოს და ამ თემებზე საუბარი სავარაუდოდ იქნება.

- მეუფე პეტრე კორუფციაზეც საუბრობდა, ნარკოტიკების შემოტანაზეც და ეს არ უნდა გამოიკვლიონ?

- ბუნებრივია, იქ არის მსხვილი ტიპის კორუფცია და გარიგებები, მაგრამ ეს ახალი არ არის. ასევე ცნობილია სასულიერო პირების მიერ ნარკოტიკების შემოტანა-გასაღებაც. რამდენიმე თვის წინ ნარკოტიკების გასაღებისთვის რამდენიმე სასულიერო პირი დააკავეს, თუმცა პატრიარქმა ერთი გამოუშვა, მეორეს სასჯელი შეუმსუბუქეს. ასეთი განცხადებებით მეუფე პეტრე სინოდის წევრებს ვერ გააკვირვებდა. ამ საკითხებზე იქნება თუ არა საუბარი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეინარჩუნებს მეუფე პეტრე თავის პოზიციებს.

- როდესაც პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ეკლესიის პრობლემების გასაჯაროებით მიტროპოლიტმა დიდი სჯულის კანონი დაარღვია და ეს უნდა განვიხილოთო, ამავე სჯულის კანონით არ უნდა მოხდეს თავად იმ ფაქტების გამოკვლევა, რაზეც ისაუბრა მეუფემ?

- თქვენ კითხვას თავად გაეცით პასუხი. სჯულის კანონი საქართველოში მხოლოდ ლიტერატურულ ძეგლს წარმოადგენს, მას პრაქტიკაში არ იყენებენ. ეკლესიაში არ არსებობს არც საეკლესიო სასამართლო და არც რაიმე კომისია, ვინც ამ საეკლესიო სამართლებრივი ნორმების დაცვას გააკონტროლებს. სჯულის კანონი მღვდელმსახურს არ უკრძალავს იმ მანკიერების შესახებ განაცხადოს, რაც, მისი აზრით, ეკლესიისთვის დამღუპველია, პირიქით – მოუწოდებს. მაგრამ ამას უკრძალავს საქართველოს საპატრიარქოს დაუწერელი კანონები.

თუ მეუფე პეტრე გააგრძელებს ამ თემებზე საუბარს და არ უარყოფს იმას, რაც თქვა, ის გარკვეული ტიპის სასჯელს დაექვემდებარება. ეს სასჯელი საეკლესიო ტიპის იქნება თუ უფრო პრაგმატული სახის, ამაზე საუბარი ძნელია, შესაძლოა მხოლოდ საეკლესიო სასჯელით შემოიფარგლონ. მიტროპოლიტს მღვდელმსახურება რომ შეუწყვიტონ, ეს ძალიან რეზონანსული ქმედება იქნება, რადგან მიტროპოლიტობა დიდი თანამდებობაა.

- რას ელოდებით, გააფრთხილებენ მეუფეს თუ მორიგდებიან?

- ველოდები, რომ გააჩუმებენ. თუმცა, როგორც მან თავად თქვა, გაჩერებას არ აპირებს და გაჩერდება მხოლოდ მაშინ, თუ მოკლავენ. თუმცა ბევრი რამ შეცვალა კადრებმა.

- კადრებით შთაბეჭდილება რჩება, რომ დეკანოზი ვიღაცის მოკვლას გეგმავდა და ახლა, როდესაც მეუფე პეტრე ერთადერთი ადამიანია, ვინც ღიად უჭერს მხარს დეკანოზს, ეს რას შეცვლის, მის ბრალდებებს წონა ეკარგება?

- ბუნებრივია, ასეა. მეუფე პეტრე დარწმუნებული იყო, რომ დეკანოზი უდანაშაულო იყო და მას პროვოცირებდნენ დანაშაულის ჩადენის მხრივ. კადრებიდან ვერ ვიღებთ სურათს, რომელიც გაგვცემს პასუხს, მართლა გეგმავდა თუ არა ვინმეს მოკვლას. შესაძლოა მას მხოლოდ ვინმესთვის საწამლავის მიწოდება ევალებოდა. ფაქტი ერთია, მეუფე პეტრეს დამოკიდებულება, თითქოს ეს დეკანოზი ანგელოზებრივად უმწიკვლოა ამ საქმეში, ეს კადრებმა გააბათილა.

- გარდა დანაშაულის მზადებისა, არის თუ არა პრობლემა ისიც, რომ ასეთი მეტყველების და აზროვნების სასულიერო პირები უნდა იყვნენ თუ არა მღვდლები?

- ეკლესიაში სასულიერო პირების შერჩევა დიდი პრობლემაა. არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ყველა გამვლელ-გამომვლელს აკურთხებენ და კურთხევა აწყობილია იმაზე, ამა თუ იმ პიროვნებას როგორი ურთიერთობა აქვს ეპისკოპოსთან. იქ არც ადამიანის განათლებას, არც სულიერ მზაობას და არც ასაკს არ ითვალისწინებენ. სასაცილოა, როდესაც 31 წლის ახალგაზრდა კაცი (დეკანოზი გიორგი მამალაძე) არის მიტრის მატარებელი, ორი ჯვრის მფლობელი და თუ რამე საეკლესიო ჯილდო არსებობს, ყველა მოპოვებული აქვს. მაშინ როდესაც, სჯულის კანონით მღვდლის ხელდასხმა უნდა მოხდეს 30 წლის შემდეგ. დღეს კი პირტიტველა ბიჭები ეკურთხებიან მღვდლებად და ეპისკოპოსებად.

- ასეთი სასულიერო პირების კურთხევა ვისი პასუხისმგებლობაა?

- პატრიარქმა დაუწერელი კანონით დააწესა, რომ ეპისკოპოსს არ შეუძლია ვინმეს ხელდასხმა, თუ მას პირადად არ წარუდგენენ. ამაზე ყველაა პასუხისმგებელი.

- ჩვენ ეპისკოპოსების მხრიდანაც მოგვისმენია ისეთი განცხადებები, რაც არ შეჰფერის სასულიერო პირს...

- ეკლესია მოიცვა ამ პრობლემამ. მე ძალიან დიდი ხანია ეკლესიის მრევლი ვარ და საქართველოს სასულიერო სემინარიაშიც ვსწავლობდი. თუ ადამიანი მორწმუნე და სათნო პიროვნებაა, ის საკუთარი ფეხით გარბის ეკლესიიდან ან ისე უქმნიან საქმეს, რომ წინსვლას ვერ ახერხებს. მის სანაცვლოდ მხარდაჭერილები არიან მოავაზაკო, მოძველბიჭო ადამიანები, მომხვეჭელები, ყველაფრის შემსრულებლები და ამბიციური ადამიანები. უდიდესი სირცხვილია, რომ ამბიონზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქი (ქორეპოსკოპოსი იაკობი) საუბრობდეს, თუ როგორ გაილახა მისი დავალებით ვიღაც საპატრიარქოს შენობაში. ეს ხომ აბსურდია. ახლა რა მეტყველება უნდა მოეთხოვოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამის ფონზე?!

- თქვენი მოლოდინი როგორია, შესაძლოა, გიორგი მამალაძეს მღვდლობა შეუჩერდეს?

მ.გ: პატრიარქმა უკვე გააკეთა რამოდენიმე მინიშნება. პირველი, მან თქვა, რომ კარგი ადამიანები სხედან ციხეში, რადგან მათ აირჩიეს ბოროტი, შემდეგ თქვა, რომ მეფე დავითს საკუთარმა შვილმა უღალატა. პატრიარქი უკვე დარწმუნებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობაში. თუმცა საეკლესიო სასჯელი წინ არ უნდა უსწრებდეს საერო სასჯელს. წესით, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ეკლესიას არ აქვს უფლება, განსაჯოს ეს ადამიანი იმ დანაშაულში, რომელშიც მას პროკურატურა ედავება. თუმცა თუ ამას პატრიარქი გადაწყვეტს, შეიძლება დაისაჯოს, თუმცა ეგ ნაკლებად სავარაუდოა. ეკლესია საბოლოო განაჩენს დაელოდება. ჩემი მოლოდინია, სინოდის სხდომის დაწყების წინ იქნება დიდი ჩოჩქოლი და აურზაური. რაღაცის გარკვევა მოხდება ერთმანეთში. ამ სხდომაზე თუ მეუფე პეტრეს არც ერთი ეპისკოპოსი არ დაუჭერს მხარს, ის დაისჯება და მისი ბრალდებებიც ჩაიფარცხება.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ციანიდის საქმე“, „რუსთავის-2“-ის საკითხი სტრასბურგის სასამართლოში და კომენტარები პრეზიდენტის ისნსტიტუტთან დაკავშირებით

გვანცა ღვედაშვილი

“პრეზიდენტის ინსტიტუტს შიგნავენ და თუ მას აღარ ექნება ფუნქციები, მაშინ მართლა რად გვინდა ეს პირდაპირი არჩევნები?!” -აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უმრავლესობის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ე.წ. „ციანიდის საქმის“ შესახებ კი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მოქმედებები არასწორია, რადგან ის თავად აქვეყნებს საქმესთან დაკავშირებული მასალების ნაწილს, რომელიც რეალურად არ სცემს პასუხს არსებულ კითხვებს, ამავე დროს კი ბრალდებულის ადვოკატებს დუმილისკენ მოუწოდებს.

- რა იკვეთება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საუბარია აღბეჭდილი?

- როგორც ირიბი მტკიცებულებები, ჩვენთვის შესაძლოა, ეს ვიდეომასალა საინტერესო იყოს, რადგან იქ არის ისეთი მომენტები, რის გამოც მამა გიორგი შესაძლოა გაკიცხვას ექვემდებარებოდეს, მაგრამ ეს არის შიდა საქმე. რაც შეეხება საკუთრივ მკვლელობის მომზადებას, მე პირდაპირი მტკიცებულება ვერ დავინახე. არის ირიბი მტკიცებულებები, რომელიც საქმის აღძვრის საფუძველს იძლევა. მაგრამ აღიშნული მასალები მკვლელობის მტკიცებულებას არ ადასტურებს.

გასაგებია, რომ საზოგადოება ითრგუნება, მაგრამ მე არ მომწონს ის, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა აქვეყნებს მასალებს, მეორე მხრივ, ადვოკატებს დუმილისკენ მოუწოდებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩანაწერები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და მთლიანად გასვლის შემთხვევაში, ჩანაწერის კონტექსტი შეიცვლება. ამ განცხადებებით ჩვენ ისევ დაბნეულობაში შევდივართ, ასე რომ, ან არ გამოაქვეყნონ არაფერი, ან სრულფასოვანი სურათი მოგვცენ. თუ საუბარია საზოგადოების ინტერესზე, მაშინ მოგვაწოდონ მთელი ინფორმაცია. მისი ნაწილის გამოქვეყნება არ პასუხობს არსებულ კითხვებს.

პროკურატურამ, სამწუხაროდ, არც ერთ იმ კითხვაზე არ გასცა პასუხი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, იგივე ჩემოდანთან დაკავშირებით. კი ამბობენ, რომ ლუქი დაადეს და ა.შ. მაგრამ ეს არადამაჯერებელია. რატომ არ წავიდნენ სწორი პროცედურით, იქვე, დაპატიმრების დროსვე რატომ არ გახსნეს ჩანთა?! მაშინვე რომ გაეხსნათ, ვფიქრობ, აღარავითარი კითხვები აღარ იქნებოდა. როდესაც ეჭვმიტანილისგან ჩემოდანი რამდენიმე საათი განცალკევებული იყო, ეს, რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს.

მეორე, როგორ მოხდა, რომ მამა გიორგი მამალაძემ ისე შეიძინა ციანიდი, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, როდის და ვისგან, როცა დეკანოზი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან ბევრი სხვა კითხვაა. ამასთან, საზოგადოებაზე მწყდება გული, რადგან მათი ნაწილი პროკურორის როლში მოგვევლინა. არადა ის ვალდებულია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვას. ჩემი ერთადერთი რეკომენდაცია ადვოკატების მიმართ იქნებოდა, რომ მათ აუცილებლად მოითხოვონ ნაფიცი მსაჯულები, რადგან სასამართლოსადმი ნდობა უკვე ძალიან დაცემულია. შეიძლება საქმე ისე განვითარდეს, რომ საზოგადოებისთვის არ იყოს დამაჯერებელი გამოტანილი ვერდიქტი და ასეთი განცდა არ უნდა დაგვრჩეს. გვჭირდება 100%-იანი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ არ გვინახავს.

- ვიდეოჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, შორენა დასაბრედია. თქვენი აზრით, აღნიშნული ფრაზა გვაძლებს იმის საფუძველს, რომ საქმე მართლაც შორენა თეთრუაშვილის მოკვლას ეხება?

- ეს არაფრის თქმის საფუძველი არაა. ემოციის დროს ადამიანმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება შესაძლებელია მკვეთრი ფორმით გამოთქვას. საყოფაცხოვრებო დონეზე დედაც ეუბნება შვილს, როცა უბრაზდება, რომ მოგკლავ და მოსაკლავი ხარო, მაგრამ ეს არის საუბარი და მეტი არაფერი. ემოციურად საუბარში შეიძლება ბევრი რამ თქვა, მაგრამ ამით იმის მტკიცება, რომ შენ ვიღაცის მოკვლას აპირებ, ღრმად არასერიოზულია.

- როგორ ფიქობთ, რა შედეგი ექნება სინოდის სხდომას?

- ვერ გეტყვით. მე უფრო ვფიქრობ, რომ სინოდზე შიდა საკითხები იქნება განხილული. რა თქმა უნდა, მამა გიორგი ამ ჩანაწერებში ლამაზად არ გამოიყურება და თვითონ ეკლესია რა ზომებს მიიღებს, მისი საქმეა. კიდევ ვიმეორებ, რომ ერთია, როცა ადამიანი გადის თავისი კომპეტენციის ფარგლებიდან და ცუდად საუბრობს. ეს არის ადმინისტრაციული ზომების საფუძველი, მაგრამ არა სისხლის სამართლის დანაშაული. ამასთანავე, მე არ მინდა ვთქვა, მამა გიორგი დამნაშავე არის თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით. ჯერჯერობით პროკურატურას ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია და ვინაიდან მისი ბრალეულობა დადასტურებული არ არის, ჩვენ, საზოგადოება, ვალდებულნი ვართ, მისი ადვოკატები ვიყოთ და არა ბრალმდებლები.

- რაც შეეხება რუსთავი-2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თქვენი აზრით, ეს რაზე მიუთითებს?

- სტრასბურგის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ გაუჩნდათ კითხვები და სურთ, საქმეში უფრო ღრმად ჩაიხედონ. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს სამართლაწარმოებასთან კითხვები გაჩნდა, ძალიან ცუდია. ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება, მიიღოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ამ საქმეში რაღაც არ არის რიგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობა არ არის. ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ამ უნდობლობაში ითამაშა ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში საქართველოს მოსამართლეების წარდგინებამ. ევა გოცორიძის წარდგენას ლომის წილი მიუძღვის მთელ ამ პროცესში, რადგან ამ წარდგინებისას სტრასბურგში დაინახეს, რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებული კანდიდატები იყვნენ გაგზავნილები. მათ მაშინვე გაუჩნდებოდათ კითხვები, აქ თუ ასეთ ადამიანებს უშვებენ, მაშინ იქ რა ხდებაო. ეს ეჭვი მაშინ დაიბადა.

- გუშინ სტრასბურგში გაიმართა მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაც. თქვენი შეფასებით, რამდენად მოსალოდნელია, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება შეცვალოს?

- ვერ გეტყვით, ამ საქმეში იმდენად კომპეტენტური არ ვარ, პროგნოზი გავაკეთო. არ მიმაჩნია, რომ მერაბიშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა, თუმცა არ გამოვრიცხავ, იყოს პროცედურული საკითხები, რომლებიც დაირღვა. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, რა დონის დამნაშავეც უნდა იყოს იგი, კანონით გათვალისწინებული პროცედურები ხარვეზების გარეშე უნდა გატარებულიყო.

- კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენ ქართული ოცნების და პრეზიდენტის მორიგი საკმაოდ მწვავე დაპირისპირება. როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავჯდომარის მიერ, პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს?

- ირაკლი კობახიძის განცხადებები შემაშფოთებელია. ჩემზე მან საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ის პოლიტიკური აუტიზმით შეპყრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს, დიალოგში არავისთან შედის და აქვს თავისი წარმოდგენები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან მძიმედ საკომუნიკაციო ადამიანია და იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, რომ მიჭირს, მის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული ვიყო. მისი არგუმენტაცია აბსოლუტურად გაუგებარია. კობახიძის განცხადება, რომელიც ნიშნავდა, რომ თუ პრეზიდენტი ჭკვიანად არ იქნება, მაშინ ჩვენ მას პირდაპირი წესით აღარ ავირჩევთ, რბილად რომ ვთქვათ, არ არის სახემწიფოებრივი აზროვნება. შესაბამისად, ასე მოაზროვნე ადამიანის პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნა საპარლამენტო ქვეყანაში ძალიან სახიფათოა.

გაუგებარი იყო მისი ლოგიკა, როცა ის დაბეჯითებით საუბრობდა, რომ პრეზიდენტის პიროვნებიდან გამომდინარე კი არ ამბობდა ამას, არამედ მისი ფაქტორიდან გამომდინარე. როგორ ჩანს, ძალიან ბრძნულ აზრს ხედავდა ამ განცხადებაში, რაც დარწმუნებული ვარ 90%-მა ვერ გაიგო.

ცვლილებების სტრუქტურა და ლოგიკა ძალიან ბევრზე მეტყველებს. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ პრეზიდენტს ავირჩევთ პირდაპირი წესით, მაგრამ ამასთანავე რაც დააანონსეს, იმის მიხედვით, მას ტოვებენ ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე. პრეზიდენტის ინსტიტუტს შიგნავენ და თუ მას აღარ ექნა ფუნქციები, მაშინ მართლა რად გვინდა ეს პირდაპირი არჩევნები?!

——————-

ვერსია“, 08 მარტი, 2017 წელი

საიდუმლო შეხვედრა სოლოლაკის სასახლეში

რა სთხოვეს გია ჟორჟოლიანმა, ზვიად ძიძიგურმა და გოგი თოფაძემ ბიძინა ივანიშვილს

ნატო სამუშია

ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიაში მთავარი თემა ,,რუსთავი 2”-ისა და ე.წ. ციანიდის საქმეებია. მოსახლეობას აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და რა ხდება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანიის თავს. ამის პარალელურად კი, მმართველ გუნდში შიდადაპირისპირება ისეთ დონეზე დაიძაბა, რომ მალე შეიძლება ისე აფეთქდეს, ორივე მოვლენა გადაფაროს; მეტიც, თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და არ არის გამორიცხული, პორტფელს ერთბაშად სამი მინისტრი (აქედან ერთი ძალოვანი) დაემშვიდობოს.

თუმცა, საჭიდაო თემა მხოლოდ ეს არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოქმედ დეპუტატებს მადა მოემატათ და მაქსიმალურად ცდილობენ, საკრებულოებში და გამგებლებად სასურველი კანდიდატები გაიყვანონ. ახსნა მარტივი აქვთ – მომდევნო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ ორივე 2020 წელს გაიმართება და დეპუტატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ, რადგან მომდევნო სამი წელი სწორედ მათ მოუწევთ ოქტომბერში ასარჩევ თვითმმართველობებთან ურთიერთობა.

ამ ყველაფრის ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონია იმ პარტიების ლიდერთა მოთხოვნამ, რომლებიც რეალურად „ქართული ოცნების“ ფრთის ქვეშ არიან. „სოციალ დემოკრატების“’ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, „მრეწველთა“ ლიდერმა გოგი თოფაძემ და „კონსერვატორების“ ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვოტები მოითხოვეს. ანუ, მათ სურთ თითო მუნიციპალიტეტში მინიმუმ სამი კანდიდატი ჰყავდეთ, რათა შემდეგ საკრებულოში ფრაქციების ჩამოყალიბება შეძლონ და ამით ადგილზე არსებული აქტივი როგორმე შეინარჩუნონ.

როგორც წყარომ გვითხრა, სამივე ლიდერი სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან იყო მისული და ისე ჩანს, ექს-პრემიერი ამის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უშუალოდ „ქართულ ოცნებაში“ და ყველაზე მეტად ამ მიმართულებით კახა კალაძე აქტიურობს. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარჩევა იქამდეც კი მივიდა, კალაძე ოპოზიციაში გადასვლით დაიმუქრა, რაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება. ფაქტია, რომ ვიცე-პრემიერს როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში ძალიან სერიოზული გუნდი ჰყავს შემოკრებილი. აღარავინ მალავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კალაძის გუნდის წევრად ითვლება ისევე, როგორც არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე. კულუარებში ამბობენ, რომ კალაძის ოპოზიციაში გადასვლა კი ამ ლიდერების გადაწყვეტილებაზე ძალიან იმოქმედებს.

ესეც არ იყოს, ჩვენი ინფორმაციით, სამივე ზემოთ ჩამოთვლილ პარტიას, რეგიონებში ყოფილი ნაციონალები სურთ კანდიდატებად. ანუ, კოჰაბიტაციის პროცესი მათ უკვე დაასრულეს და ასე განსაჯეთ, პარტიაში ადგილებზე „ნაციონალების“ ყოფილი ლიდერები, თავმჯდომარეები, ზონდერები და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ჰყავთ. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ სწორედ ეს არის კახა კალაძის გაჯიუტების ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა…

თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა ზუსტად იციან, ვინ რჩება და ვინ მიდის. ივანიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად მხარის გუბერნატორებსაც შეხვდა და მათგან მოისმინა არსებული რეალობა. სწორედ ამიტომ, იმ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, რომლებმაც იციან, რომ თანამდებობების დატოვება მოუწევთ, წასვლამდე ,,ხელის მოთბობა” გადაწყვიტეს და ეს ახლადარჩეულ დეპუტატებთან დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

ჩვენი ინფორმაციით, ქვემო ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დეპუტატი და გამგებელი საშტატო თემაზე შეუთანხმებლობის გამო, ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და რომ არა სხვა თანამშრომლების ჩარევა, სავარაუდოდ, საქმე სერიოზულ სკანდალამდე მივიდოდა, ახლა კი მხოლოდ ხელის შემორტყმით შემოიფარგლნენ და… ამბობენ, დეპუტატს გამგებელი შემოელახაო.

უმრავლესობაში სიტუაცია კონტროლიდან რომ არის გასული, იქიდანაც ჩანს, რომ უმრავლესობის ლიდერის შეცვლის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს ე.წ. პოლიტპატიმრებმა, რომლებსაც პარტიაში სერიოზული გავლენა აქვთ, მათ არ სურთ არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის ლიდერად ლევან გოგიჩაიშვილი წარმოუდგენიათ. ეს ყველაფერი თავად გოგიჩაიშვილმაც კარგად იცის და ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ თალაკვაძის მიმართ აგრესიას არ მალავს. მეტიც, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ფრაქციის შეხვედრებზე ბოლო დროს თალაკვაძე საუბარს ერიდება კიდეც, რადგან გოგიჩაიშვილი ყველა სიტყვაზე მისდევს და გინებასაც აგონებს. ისიც თქვეს, საკმარისია კალაძის ერთი სიტყვა და თალაკვაძე უმტკივნეულოდ გადადგებაო, მაგრამ ამბობენ, ფაქტია, რომ ვიცე-პრემიერს უკონტროლო გოგიჩაიშვილის ყურებას, კონტროლირებადი თალაკვაძე რომ ურჩევნიაო.
ჯერ-ჯერობით, ზედაპირზე არც ის ჩანს, როგორ იბრძვიან ე.წ. პაეზდკებზე უმრავლესობის წევრები. თუ დააკვირდებით, ევროპაში ძალიან ცოტა დეპუტატი დადის. ეს ერთი მხრივ ბიუჯეტის დაზოგვით აიხსნება, მეორე მხრივ კი უმრავლესობა გუნდში ვერ შეთანხმდა, ვინ სად და რატომ უნდა წავიდეს. ვიღაცას ევროპის ნახვა და შოპინგი სურს, ვიღაცას კი საქმის კეთება და რომელი რომელს გადაწონის, მალე გამოჩნდება.

პარალელურად, გასაწირად გამზადებულ თუ უკვე გაწირულ „რუსთავი-2“-ზე გავლენის მოპოვებას სამთავრობო გუნდის წევრები ცდილობენ. მედიასფეროში გამოცდილებას იჩემებს და თავისი კადრის დანიშვნას ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილი, რაც თუნდაც კალაძეს დიდად არ ეპიტნავება. ამბობენ, რომ მას თურმე ისიც ვერ მოუნელებია, მეორე ვიცე-პრემიერი რომ არის და ახლა კიდევ ტელეკომპანიის სათავეში ქუმსიშვილის კადრის მიყვანა მის გეგმებში აშკარად არ შედის. საკუთარი თავის გადარჩენით არის დაკავებული მთავრობის მეთაური. როგორც ამბობენ, გიორგი კვირიკაშვილს გუნდის შიგნით სერიოზული უთანხმოება აქვს მინისტრად ზურაბ ალავიძის დანიშვნისა და გიორგი მღებრიშვილის დატოვების გამო. ორივე პოსტზე სხვა კანდიდატურები განიხილებოდა, თუმცა კვირიკაშვილმა თავისი გაიტანა და ახლა ამის გამო მას უპირებენ „გატანას“. ამბობენ, პრემიერი ისე ჰყავთ შევიწროვებული, მზად არის, ორივე მინისტრი შეცვალოს, ოღონდ თავი გადაირჩინოსო და თუ ასე მოხდება, დიდი ალბათობით, დუეტს მესამე ხმად ქუმსიშვილი წაყვება, რათა კალაძემ პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი მოირგოს და შემდეგ იქიდან პრემიერობამდე ერთი ნაბიჯია. კულუარებში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მთავარ პირობად ოპოზიციაში წაუსვლელობის პირობით, კალაძეს სწორედ პრემიერის სავარძელი აქვსო.

ვერსია“, 08 მარტი, 2017 წელი

ოპოზიციური სპექტრიდიდ პოლიტიკურ ერთობასქმნის?!

რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მხოლოდ სამი პარტია არ შეუერთდება

თათია გოჩაძე

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია-კონცერტი 11 მარტს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. საინტერესოა, მივლენ თუ აქციაზე სხვადასხვა პარტიის წევრები, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მათგან ბევრმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, „რუსთავი 2“’-ის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერეს. გააერთიანებს თუ არა ოპოზიციურ სპექტრს „რუსთავი-2“-ის საქმე? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, „ვერსია“ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა.

პარტია ,,რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ დღეს ქართველი ხალხის ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაკარგვის საფრთხეა. ზღვარი თავისუფლებასა და ტირანიას შორის, სწორედ „რუსთავი-2“-ზე გადის, სწორედ ამიტომ „რეფორმატორები“ 11 მარტს აქციას შეუერთდებიან: პარტია ,,რეფორმატორები” ვაწარმოებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ვუერთდებით ,,რუსთავი 2”-ის მიერ დაანონსებულ აქციას. ხელისუფლების რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს შეტევას თავისუფალ მედიაზე, რაც ნიშნავს შეტევას სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის უმთავრესი პრინციპების წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, ერთიანი ძალისხმევით და ყველა კანონიერი გზით, ხელი შევუშალოთ საკონსტიტუციო ძალაუფლების მქონე ხელისუფლებას, რათა ვერ შეძლოს სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოლომდე განადგურება და რუსეთის იმპერიალისტური ინტერესების გატარება. სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ცივილიზებული სამყაროსთვის ქართული დემოკრატიის არსებობის მნიშვნელობა. აშკარა გახდა, რომ საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღაშფოთებთ. იმედია, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოსახლეობა, საერთაშორისო პარტნიორები, ერთად ვიასპარეზებთ მაფიოზური სისტემის დემონტაჟისთვის და შევძლებთ სიტყვის თავისუფლების გადარჩენას“.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ აქციის ერთ-ერთი ინიციატორები არიან და სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილების იმედი აქვთ: „ახლა საზოგადოების კონსოლიდაციაა მნიშვნელოვანი, რადგან გვესმის, რა საფრთხის წინაშეც ვართ. უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ დღეში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო – არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შევძლებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას. აქ პრინციპული საკითხი დგას – მოახერხებს თუ არა ივანიშვილი ოლიგარქიული მმართველობის დაკანონებასა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის კონტროლქვეშ მოქცევას. მიხარია, რომ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ამ საკითხში ერთსულოვანია“.

ექსნაციონალი და „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილიც ყოფილი თანაგუნდელის აზრს იზიარებს და ფიქრობს, რომ ეს არაა კონკრეტული სამაუწყებლო კომპანიის დახურვის მცდელობა და სიტყვის თავისუფლების დახშობას შეუქცევადი პროცესი მოჰყვება: „მოგვწონს თუ არა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, ის მთავრობისგან თავისუფალი სამაუწყებლო კომპანიაა და განსხვავებული აზრი, ნაციონალური ტელეკომპანიებიდან, მხოლოდ ამ არხზე ისმის. აქედან გამომდინარე ვუერთდებით აქციას“. სამაგიეროდ, რადიკალურად განსხვავდება ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელის გიორგი ახვლედიანის პოზიცია, რომელიც პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ერთ-ერთი ლიდერია: „როგორ წარმოგიდგენიათ, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულ პოლიტიკურ აქციაზე მივალთ?! – გამორიცხულია! ნაცმოძრაობის აქციებსა და პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ ვაპირებთ!“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ნინო გოგუაძე განმარტავს, რომ პარტია საორგანიზაციო საბჭოს წევრი არაა და არ მონაწილეობს არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში. მიუხედავად ამისა, ,,თავისუფალი დემოკრატები” მხარს უჭერენ „რუსთავი 2”-ს, სიტყვის თავისუფლებას და შესაბამისად, 11 მარტს დაგეგმილ აქციას აუცილებლად შეუერთდებიან.

აღმოჩნდა, რომ აქციას ,,ქრონიკულად მარტო მოთამაშედ” მონათლული ლეიბორისტებიც შეუერთდებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განმარტებით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ,,თავისუფალი სიტყვა იზღუდება და კრიტიკული მედიის ხელში ჩაგდება სურთ. ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო, ,,იმედთან”, ,,მაესტროსთან”, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამოკვეთა ივანიშვილის სურვილი გააკონტროლოს მედია. „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული და დაუმორჩილებელი ტელეკომპანიაა და მისი ხელში ჩაგდებისთვის ყოფილი პრემიერი ყველა უკანონო საშუალებას იყენებს. ამიტომ ბუნებრივია, ვუერთდებით საერთო სახალხო მოძრაობას, რომლის მიზანია თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვა”.

არც ახალი მემარჯვენეები რჩებიან განსხვავებულ პოზიციაზე. მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეტევა თავისუფალ მედიაზე უნდა შეჩერდეს, თორემ საქართველო ვერ შედგება დემოკრატიულ ქვეყნად. „მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და „რუსთავი 2“-ის დამოკიდებულებისა, თავისუფალი მედიის იდეას ყველა უნდა დავუდგეთ გვერდით“, – აცხადებს ,,ახლების” ლიდერი.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე კი აქციას იმ მიზეზით არ უერთდება, რომ ის მისი პარტიის დაგეგმილი არაა: „ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვას არ ვუჭერთ მხარს, თუმცა „რუსთავი 2“ თავისუფალი სიტყვის რუპორად არ მიგვაჩნია. მიკერძოებული ტელევიზიაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავის უნდა გაუჩნდეს სურვილი, ამ ტელევიზიასა და მის სარედაქციო პოლიტიკაში ეჩრებოდეს“.
პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტიის – სახელმწიფო ხალხისათვის ახალი ლიდერი ნიკა მაჭუტაძე კი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინსტიტუტად მიიჩნევს: „ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მეოხებით საჯარო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სივრცეში ისმის პოლიტიკური აზრი, რისი ხელყოფაც მრავალნაირ პოლიტიკურ აზრს აღკვეთს საჯარო სივრციდან. ამ ყველაფრის გამო ვუერთდებით აქციას“.

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს კი მიაჩნია, რომ ვინც ,,რუსთავი 2-”ის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება, ბოღმაა: „მარტივი ამოცანაა ამოსახსნელი – ან ვბრუნდებით წარსულში, როცა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაზე პრეტენზიაც კი არ გვქონდა, ან წინ მივდივართ და ძველ შეცდომებს აღარ ვუშვებთ. ფაქტია, ხელისუფლება მედიას ებრძვის. ,,მაესტროსთან”, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები ამას მოწმობს და „რუსთავი 2“ ჯერჯერობით ვერ აიღეს. ამ ტელევიზიას იმიტომ არ ვიცავ, რომ მომწონს მათი სუბიექტურობა ან ობიექტურობა. უნდა გავითავისოთ, რომ ობიექტურობა ინდივიდუალურადაა გადასაწყვეტი. თავისუფლება ირღვევა, როცა განსხვავებული მოსაზრებები იკრძალება. ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ეს ორ სუბიექტს შორის დავაა. სინამდვილეში, ესაა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა და მოხარული ვიქნები, თუ „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ დასრულდება“.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ კი „რუსთავი 2“-ის საქმეზე საკონსულტაციო საბჭოს ინიციატორია და მისი დამაარსებელი მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ მოვლენების ავანგარდში დგანან: „გვინდა, ეს იყოს უფრო შორსმიმავალი პროცესი. ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა „რუსთავი 2“-ის გარშემო დიდი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას. შორსმიმავალ გეგმებზე ყველა პარტია ვერ ვთანხმდებით, ჩვენ მეტად რადიკალურები ვართ, სხვები – ნაკლებად. „რუსთავი 2“-ის საქმემ კი ნამდვილად გაგვაერთიანა“.

პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის პოზიციას აქციაზე მისვლის თაობაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი გოჩა ჯოჯუა: „პროპაგანდისტული და კრიტიკული მედია უნდა არსებობდეს. ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის დახურვის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ არ მინდა მისი და ნაცმოძრაობის სპექტაკლის მონაწილე გავხდე. ეს კარგი პოლიტიკური გათვლაა და ივანიშვილის გეგმა, ოპოზიციის ,,შუა გაკრეფის” შესახებ, ისევ ნათლად ჩანს. როცა მართლა ემუქრებოდა ამ ტელევიზიას საფრთხე, მის გვერდით ვიდექით, ახლა კი ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. სტრასბურგის განცხადების შემდეგ ხელისუფლება ნაბიჯსაც ვერ გადადგამს მის წინააღმდეგ“.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ხდება, ხელისუფლების დამსახურებაა: „სასამართლოს ყველა ინსტანციაზე ხელისუფლების ხელი აშკარაა. განსხვავებულ, ოპოზიციურ აზრს საფრთხე ემუქრება და ფაქტობრივად, ხელისუფლებისგან მომსპარია. რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, აღმოვჩნდებოდით მდგომარეობაში, სადაც ყველა ტელეკომპანია ერთგვაროვნად გადმოსცემდა ინფორმაციას და ბევრი პრობლემა მიჩქმალული იქნებოდა. სიტყვის თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელყოფა ის ფასეულობებია, რაზეც დემოკრატია დგას და ასეთ ვითარებაში ჩვენი პროდასავლური კურსი ევროატლანტიკური სივრცე, ევროკავშირი უკან მოგვრჩება და ჩრდილოეთი ბატონად გვეყოლება. აქეთ მიგვაქანებს ხელისუფლება და სწორედ ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეს ამ აქციაზე, დაანახოს ხელისუფლებას, რომ ასე მარტივი არაა იმის ხელყოფა, რის მოპოვებასაც წლები დასჭირდა“.

აქციაზე „რესპუბლიკელებიც“ მივლენ. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი-2“ დამოუკიდებელი ტელევიზიაა. ,,დამოუკიდებელ მედიაში” ზურაბიშვილი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას გულისხმობს, რადგან მისივე თქმით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი მედია არ არსებობს: ,,ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის წაღებას და ამიტომ ჩვენი პარტია სოლიდარობას უცხადებს ამ არხს. ყოველთვის ასე ვიქცეოდით და ბუნებრივია, აქციაზე ვიქნებით“.

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩიც“ უერთდება. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, მნიშვნელოვნად გაუარესდება ქვეყანაში არსებული სასამართლო პრაქტიკა: „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის მავნებლური, არადამაჯერებელი და ვფიქრობთ, სახიფათოც არა მხოლოდ მედიადამოუკიდებლობის მხრივ, ეს სასამართლო პრაქტიკა უარყოფით გავლენას მოახდენს საბაზრო ურთიერთობებსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი აქციაზე სიტყვის თავისუფლების დასაცავად მიდის.

კოლეგების გვერდით იქნება შოთა მალაშხიაც _ ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე: „მასმედიაზე შეტევა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება. თუ თავისუფალი მედია არ იარსებებს, მოსახლეობა ვერ გაიგებს იმ სინამდვილეს, რაც ქვეყანაში ხდება. ამის გამო ვუერთდები აქციას“.

„ეროვნული ფორუმის“ პრესსამსახურმა „ვერსიას“ გა¬ნუცხადა, რომ პარტიის წევრები საკუთარი სურვილის მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას როგორც მოქალაქეები და არა, როგორც პარტია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე კი „რუსთავი 2“-ის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს: „დეკემბრის ბოლოს პირველმა დავაანონსე, რომ იწყებოდა დიდი გადანაწილებები და გადაჯგუფებები მედიაში, ეს იყო ჩემი გაფრთხილება ხელისუფლების და ზოგადად ყველას მისამარათით, რადგან ხელისუფლებისგან მედიის კონტროლი პირველ რიგში თავად მას აზარალებს. „რუსთავი 2“-ის ამბავი მხოლოდ ამ არხს არ უკავშირდება. ხელისუფლება ვალ¬დებულია, პროცესების დრამატიზება თავიდან აიცილოს. ნაცმოძრაობა რომ გამოიყენებს ამ პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის, ცხადია და თუ ხელისუფლებას ეს აწყობს, სხვა საკითხია”.

———————-

„ახალი თაობა“, 09 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „სტრასბურიდან ხელისუფლებამ რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით სერიოზული სიგნალი მიიღო

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „რუსთავი-2“-ის საქმის ირგვლივ საუბრობს.

- ბატონო ლევან, რუსთავი-2-ის საქმესთან დაკავშირებით რამდენად ელოდით, რომ სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მორიგე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, ამჯერად მოსამართლეთა კოლეგია გაიზიარებდა?

- ეს იყო მორიგი შემოლაწუნება ძალიან სამარცხვინო ქმედებაზე, იმ ქმედებაზე, რომლის ავტორიც არის მთავრობა, იუსტიციის მინისტრი. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო პრეცედენტი, რომელსაც სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. სიმართლე გითხრათ, ეს არ მიხარია, რადგან საქმე ჩემს სამშობლოს ეხება. აქვე, იუსტიციის მინისტრის განცხადებაზეც მინდა ვთქვა, როდესაც მორიგე მოსამართლეზე გააკეთა აქცენტი. მან შესანიშნავად იცის, რომ მორიგე მოსამართლე, მოსამართლეა და მის ადმინისტრაციულ პოზიციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე თამაში პოლიტიკოსის მხრიდან, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოებრივად უპასუხისმგებლობაა. არ შეიძლება მსგავსი აქცენტების დასმა, იმედია, მომავალში არ განმეორდება.

რაც შეეხება ღონისძიებას, რაც გამოყენებული იქნა: ეს ღონისძიება ყველა ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოშიც. ალბათ ყველას სმენია სასამართლოს მიერ გამოყენებული ყადაღის შესახებ. ეს გახლავთ სწორედ დროებითი ღონისძიება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მხარეებმა ისეთი რამ არ მოიმოქმედონ, რომელიც შემდეგ დავას ან სასამართლო გადაწყვეტილებას აზრს დაუკარგავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ფართო მასებისთვის რომ იყოს გასაგები და არა მხოლოდ იურისპრუდენციაში ჩახედულებისთვის, საუბარია სწორედ ამ ღონისძიებაზე. ეს შეჩერება იმოქმედებს მანამდე, სანამ სტრასბურის ევროპული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

- ბატონო ლევან, რაც შეეხება საქმის შინაარსობრივ მხარეს, ამ ეტაპზე რა გამოიკვეთა?

- რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს, ჯერ საქმის არსებითი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ დაუწყია. ამდენად, ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ შინაარსობრივ მხარეზე. რა იყო მისაღები, რა არ იყო მისაღები და ა.შ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა. ასევე, ჯერ „რუსთავი-2“-ის მხარესაც არ გაუსაჯაროებია, რაზეც დავობს. შესაბამისად, ჯერ მის შინაარსობრივ ნაწილზე პროფესიულ დონეზე ვერ ვიმსჯელებთ. ვისი არგუმენტები უფრო მისაღები იყო ან უფრო დასაბუთებული იყო?! ეს პროცედურები ჯერ არ დაწყებულა. ამ ყველაფერზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება ერთი თვის შემდეგ.

- საზოგადოების ნაწილს აქვს კითხვა, რამდენად დასაბუთებული არგუმენტები, მასალები წარადგინა მთავრობამ, როგორც მოპასუხემ მისი პოზიციის დასაცავად?

- სწორი განმარტებები რომ გაეკეთებინა მთავრობას და ეს პოლიტიკაში არ გადაეზარდა, ასეთი მართლაც ლეგიტიმური კითხვები არ გაუჩნდებოდა საზოგადოებას. უზრუნველყოფის ღონისძიების დროს სასამართლო არსად, არც საქართველოში და არც სტრასბურში, პროცესს არ ატარებს. მაგალითად, ყადაღის დადების დროს სასამართლო სხდომა ხომ არ ტარდება, მოსამართლე ამ დროს მხარეებს ხომ არ ეკითხება, დავადო თუ არა ყადაღაო. ეს არის სასამართლოს ან ერთი მოსამართლის, ან კოლეგიის გადაწყვეტილება, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა სტრასბურში. პირველ შემთხვევაში ერთი მოსამართლისთვის და მეორე შემთხვევაში 7 მოსამართლისთვის ანუ კოლეგიისთვის საკმარისი, დამაჯერებელი აღმოჩნდა „რუსთავი-2“-ის არგუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ „რუსთავი-2“-ს სარჩელიც კი გაუგზავნია. საქმისთვის, სარჩელის გარეშე ანუ დავის შინაარსის გაცნობის გარეშე, პრიორიტეტის მინიჭება, იცით რას ნიშნავს?! ეს ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ რეალურად შეცვალოს. განსაკუთრებით კი სასამართლო სისტემის მიმართულებით.

- საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულო იქნება ქვეყნისთვის?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რა ხდება სტრასბურის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ? აქ, ორი მიმართულებით უნდა ვიმსჯელოთ: პირველი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დავაში სახელმწიფო გახლავთ მხარე, თუკი გადაწყვეტილება მის საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, მაშინ სახელმწიფოს ვალდებულება ექნება სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს. ეს არის საერთაშორისო სამართლის მოთხოვნა. მეორე, ჩვენს შიდა კანონებში, ვგულისხმობ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, პირდაპირ არის მითითებული, რომ სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა, საფუძველი არის, რომ ქვეყნის შიგნით არსებული განაჩენი თუ გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველი გახდეს და საქმის წარმოება განახლდეს.

- საქმის არსებითი განხილვა როდის შეიძლება დაიწყოს სტრასბურის სასამართლომ?

- მოგეხსენებათ როგორი გადატვირთული არის სტრასბურის ევროპული სასამართლო. თუმცა, საქმეს პრიორიტეტი რადგან მიენიჭა, მაქსიმალური ვადა, სავარაუდოდ, წელიწადნახევარზე მეტი არ უნდა იყოს. პრიორიტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ეს საქმე სხვა საქმეებთან შედარებით ადრე განიხილოს სასამართლომ.

- რუსთავი-2 - საქართველოს წინააღმდეგ, ამ ფრაზამ პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა. თუმცა, ეს დასათაურება არის ნორმა...

- დიახ, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ავტორი ამ პოლიტიკური კონტექსტის, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება იურისტმა ასეთ კონტექსტში დაიწყოს პოლიტიკური სპეკულირება.

- ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს მისი პოლიტიკური განცხადება იყო და არა, როგორც იურისტის განცხადება...

- ვერავინ, მით უფრო იურისტი, ვერ იმართლებს თავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მით უფრო, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. არ შეიძლება ევროპული ინსტიტუტების, ევროპული ღირებულებების დისკრედიტირება. ეს არაფერს კარგს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს. როდესაც უზენაესი სასამართლოს დღევანდელი თავმჯდომარე სტრასბურში წავიდა სამართლის საძიებლად, რაც ყველას კარგად ახსოვს, მისი საქმეც ასე დასათაურდა, როგორც ხდება: „ნინო გვენეტაძე – საქართველოს წინააღმდეგ, ტურავა – საქართველოს წინააღმდეგ“ და მერე რა?! მე არაერთი საქმე მიწარმოებია სტრასბურის ევროპულ სასამართლოში და ჩემი მოპასუხე მთავრობა ყოფილა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე ქვეყნის წინააღმდეგ გამოვდივარ.

„ახალი თაობა“, 09 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „სტრასბურმა საქართველოს ხელისუფლება გაამტყუნა

„ახალი თაობის“ კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხობს.

- ქალბატონო ნანა, სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის საქმეზე საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია ასეთი გადაწყვეტილება, ამით ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა, ნაწილი კი უსამართლოს უწოდებს. რას იტყვით თქვენ?

- ეს ძალიან რთული თემაა. ერთი მხრივ, ჩვენი ხელისუფლება ახერხებს ხოლმე, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში წარდგება სრულიად არასარწმუნო არგუმენტებით. ამაზე არაერთი საქმე მიგვითითებს, როდესაც ექსტრადიციაზე უარი უთხრეს საქართველოს მხარეს.

- რისი ბრალია ეს, არაკომპეტენტურობის?

- ერთი მხრივ, ეს არაკომპეტენტურობა და უუნარობაა, მაგრამ აქ მეორე, უფრო ღრმა პროცესია.

- რომელი პროცესი?

- გავიხსენოთ რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს? ექვსი წელი გავიდა, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული! სულხან მოლაშვილზე 5 წლის მერე დადგა განაჩენი, ასევე 5 წლის მერე დადგა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მოლაშვილსაც, რომელიც სასტიკად აწამეს და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, გირგვლიანსაც, რომელიც წამებით მოკლეს, მათ ოჯახებს მიაკუთვნეს მატერიალური კომპენსაცია. მე ვსვამ კითხვას – ადამიანის სიცოცხლე, პატივი, ღირსება, მისი ჯანმრთელობა, წამებისგან დაცულობა 50 ათასი ევრო ღირს?! თანაც 5 წლის მერე! აქ შეტანაც ვერ მოასწრეს, რომ გადაწყვეტილება ერთ საათში იქნა გამოტანილი.

- საით მიანიშნებთ, ორმაგ სტანდარტებზე?

- თუნდაც. დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა და როგორ მოასწრო ამდენი ტომის შესწავლაო, ახლა რატომ არავინ სვამს კითხვას, სტრასბურის სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა 18 ტომი, ყველაფერი შეისწავლა და კომპეტენტური პასუხი დადო?!

- რატომ განიცდის ოცნების ხელისუფლება მარცხს მარცხზე? არ ჰყავთ კომპეტენტური კადრები?

- დღეს ყველა სახელმწიფო უწყებაში დატოვებულია ნაციონალების კუდი, თითქმის ყველა სამსახურში და პოლიტიკური ამინდი ამ სტრუქტურებში არ შეცვლილა. დღეს კი ცდილობენ ნაციონალები, იძახონ, რომ ეს რუსული სქემაა, სინამდვილეში კი ხდება უფრო ღრმა და ძალიან ცუდი პროცესი.

- რას გულისხმობთ?

- პროცესს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება იმართება ბიზნესწესებით. როდესაც ერთი ბიზნესი მეორეს შთანთქავს. ასეთი შთანთქმის პროცესი მიდის. რასაც დაგვპირდა 2012-ში ბიძინა ივანიშვილი, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, ეს 2016 წლის არჩევნებზე დააგვირგვინა. პრაქტიკულად ყველა პარტია გაანადგურა, ერთი ბურჯანაძის პარტია დარჩა, რომელიც ვერ დაშალა. დანარჩენი ყველა დაშალა და ლიდერები მოაშორა. ასეთი ბიზნესშთანთქმის პრინციპით მიმდინარეობს „რუსთავი-2“-ის საქმე.

ყველაფერი ეს არის ამ ხელოვნურად მოგონილი კოჰაბიტაციის ბრალი, რომელიც მაგათ დაამკვიდრეს, როცა არ დაერქვა თავისი სახელი არც სააკაშვილს, არც ნაციონალურ მოძრაობას და მის ზონდერებს, არც „რუსთავი-2“-ს, როგორც პროპაგანდის მანქანას.

- ხელისუფლებას უჭირს ამ ძალასთან დაპირისპირება თუ მის ინტერესშია, რომ კვლავ ბუად ჰყავდეს?

- ეს ძალიან კომფორტული სიტუაციაა. ამ ორ პარტიას ერთმანეთი აწყობს. „ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხობელა, 2016 წელსაც ხომ ამ დაშინებით მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ხოლო ნაციონალურ მოძრაობას აწყობს ეს ნიშა, რომ არის საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც „რუსთავი-2“-ზე იძახიან, რომ ყველაზე ძლიერი და სიტყვის თავისუფლების გარანტი მედია საშუალებააო, ისე ესენი არიან ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია. როდის აქეთაა „რუსთავი-2“ თავისუფალი სიტყვის გარანტი ამ ქვეყანაში?! არ გვახსოვს, რა აქვთ ნაკეთები? არ გვახსოვს, პროგრამა ვრემიას რომ გვაჩვენებდნენ ყოველდღე კურიერში?

- რუსთავი-2-ის უკან ივანიშვილის ინტერესი იკვეთება?

- იცით, ეს რომ იყოს მარტო „რუსთავი-2“-ის შემთხვევა, შეიძლება დასვა კითხვები, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ მთლიანად მედია სივრცის გადანაწილებას, როდესაც იმედი იერთებს მაესტროს, ჯიდიეს-ის ნაწილს, როდესაც საზოგადოებრივზე ვხედავთ, პროცესები როგორ წავიდა. ვასილ მაღლაფერიძე რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება. მთლიანობაში ეს პროცესი ამყარებს ამ ეჭვებს.

- შეილახა ევროსტრუქტურებში ხელისუფლების იმიჯი? შეძლო ეს რუსთავი-2-ის საქმემ?

- სტრასბურის სასამართლოში საკითხი დგება ასე: კონკრეტული პირი საქართველოს წინააღმდეგ. დღეს კი ეცადა პარლამენტის თავმჯდომარე ეთქვა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გამოვა გამარჯვებული, მაგრამ ფაქტობრივად სტრასბურის სასამართლომ თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართალი ამ საქმეში და შეაჩერა აღსრულება. როგორც უნდა შეფუთონ და იძახონ, ფაქტი ერთია, იმიჯი კი არ შეილახა, მხარე გამტყუნდა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება.

„ახალი თაობა“, 09 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ სამხედრო უფლებადამცველ დავით ნემსაძესთან: „იოსებ ოსორაული კონგოში -22-ის დაჯგუფებას ჰყავს ტყვედ აყვანილი

სამხედრო უფლებადამცველი დავით ნემსაძე ექსკლუზიურად „ახალ თაობას“ უყვება, თუ როგორ ჩავარდა ტყვედ ქართველი მფრინავი იოსებ ოსორაული აფრიკაში, კონგოს რესპუბლიკაში, კერძოდ, კივუს პროვინციაში და რა ვითარებაში იმყოფება ის დღეს.

დავით ნემსაძე აცხადებს, რომ სოსო ოსორაულთან დაკავშირებით არაჯეროვანი ინფორმაციები გავრცელდა.

- ბატონო დავით, რას გულისხმობთ ოსორაულთან დაკავშირებით არაჯეროვანი ინფორმაციების გავრცელებაში?

- ოსორაული ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოდპოლკოვნიკია. შეიარაღებულ ძალებში, შექმნილი ვითარების გამო, გარკვეული პიროვნებები იძულებული გახდნენ, თავის გადარჩენაზე ეზრუნათ. თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს ავიაცია ნადგურდებოდა. ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდშიც არაფერი შეცვლილა. მილიონებად გაზრდილი სამხედრო კადრები – მფრინავები, ბორტტექნიკოსები შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. იოსებ ოსორაული 2015 წელს გაათავისუფლეს. მფრინავის გაზრდას ათეული წლები სჭირდება. ქვეყანას ერთი მფრინავის გაზრდა 72 კილო ბაჯაღლო ოქრო (ეკვივალენტი ვალუტაში) უჯდება და შეიარაღებული ძალებიდან უმოტივაციოდ დაითხოვეს.

- გათავისუფლების მიზეზი რა იყო?

- პირადი პატაკი. პირადი პატაკის უკან რა იდგა, შემიძლია გითხრათ.

- რა იდგა?

- იოსებ ოსორაული იყო ის მფრინავი, რომელმაც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ დავალება არ შეასრულა. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს მას მისცეს დავალება, დაებომბა კოდორის ხეობის სოფელი ჩხალთა, მაგრამ უარი განაცხადა არა მარტო მან, არამედ სხვა მფრინავებმაც. „ნაციონალებს“ ახირებები ჰქონდათ, ემზარ კვიციანს ებრძოდნენ, უნდა დაებომბათ მისი სახლი და ყველაფერი ამოეგდოთ. სენაკში რომ დაბრუნდნენ ბაზირების ადგილზე, დაკითხვები მოუწყვეს, პრობლემები შეუქმნეს.

გარდა ამისა, იოსებ ოსორაული იყო სენაკში ბაზის მეთაური. ერთ-ერთი რუტინული გაფრენის დროს, როდესაც ის სწავლებას ახორციელებდა, მიხეილ სააკაშვილიც ფრენდა სენაკის ბაზის თავზე, მას პატარა თვითმფრინავით ფრენას ასწავლიდნენ. რადიოსივრცე აბსოლუტურად თავისუფალია. სარაციო სისტემაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჩართვა საბრძოლო ბორტთან. საერთოდ, საქართველოში მიღებული პრაქტიკაა, როცა ხარ ჰაერში, ფრენების ხელმძღვანელს უკავშირდები რუსულ ან ინგლისურ ენაზე. მიხეილ სააკაშვილს არ მოეწონა, რომ ოსორაული საუბრობდა რუსულად. მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა, ბაზირების ადგილზე დამჯდარიყო. მეორე დღეს კობა ოსორაული საფრენოსნო ბაზის მეთაური აღარ იყო იმის გამო, რომ მან არ იცოდა ინგლისური.

იოსებ ოსორაული ის მფრინავია, რომელმაც 2008 წლის 11 აგვისტოს განახორციელა საბრძოლო ფრენები და მეორე ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი გამოიყვანა ალყიდან, რაც არავინ იცის. ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოს საჰაერო სივრცე დახურული იყო რუსული ავიაციის მიერ და საჰაერო ავიაციის მხრიდან ჰქონდა ზეწოლა. მან 30 მეტრ სიმაღლეზე წაიყვანა თვითმფრინავები და ისე დაიხსნა ქართველი ჯარისკაცები. ქართველი დედები არ გაამწარა, შვილები გადაურჩინა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებენ ჩემს სურათებს და აცხადებენ, რომ ტყვედ ვარ ჩავარდნილი.

- რატომ აცხადებენ ამას?

- იოსებ ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პირველად მე გავაჟღერე ფეისბუქზე. რადგან არ ჰქონდათ იოსებ ოსორაულის სურათი, იფიქრეს, რომ მე ვიყავი ოსორაული. ამ ინფორმაციას იწერენ უცხოელები. თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა ძალიან ცუდი კომენტარი – თითქოს ოსორაულს შესთავაზეს უფრო მეტი, ვიდრე მას ჰქონდა შეიარაღებულ ძალებში. ის მიეყიდა თანხის გამო, წავიდა აფრიკაში და იქ დაიწყო მუშაობა. სინამდვილეში ეს ოსორაულის დიდი შეურაცხყოფაა. სჯობდა თავდაცვის სამინისტროს, საერთოდ, კომენტარი არ გაეკეთებინა. სამხედრო მფრინავს ვერ უსაყვედურებ, თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ „პონჩიკები“ რატომ არ გაყიდა ქუჩაში. სამხედრო მფრინავის გულით ყველა არ იბადება. თუ ოთხი შვილის მამას გაუჩნდა სურვილი, წასულიყო აფრიკაში, ეს მისი ბრალი არ არის.

- ამჟამად რა ვითარებაა?

- ამჟამად იოსებ ოსორაული კონგოში მ-22-ის დაჯგუფებას ჰყავს აყვანილი. იქ კონგოს ხელისუფლება სტაბილურობის ოპერაციას ატარებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი ლევან იზორიას, ბაძაღუას, ტიბუასა და ჯანჯღავას ტყვეობაშია.

- შემპირდით, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას მომიყვებოდით...

- ახლა მოგიყვებით იმის შესახებ, როგორ ჩავარდნენ ტყვედ, რაც არავისთვის მომიყოლია. 2017 წლის 7 იანვარს კონგოს ხელისუფლება კივუს პროვინციაში ატარებდა ოპერაციას. ქალაქ გომადან გაფრინდა ორი „მ-24“ ტიპის დამრტყმელი საბრძოლო ვერტმფრენი. კივუ არის ზღვის დონიდან 3.500 მეტრზე, მთაგორიანი, ტყით დაფარული მასივია. ერთ ბორტს მართავდა საქართველოს მოქალაქე ვიაჩესლავ პრუჟნიკოვი (რომელიც „ენვერის“ ოპერაციის დროს ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს დაჭერილი და ქვეყნის მოღალატედ შერაცხული პოლიტპატიმარი იყო), მეორე ვერტმფრენს მართავდა იოსებ ოსორაული. ისინი მიწიდან 100 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდნენ. როდესაც აკეთებდნენ რუტინულ მოხვევას, პრუჟნიკოვის ბორტს უმტყუნა საწვავი ავზების ტუმბომ, რამაც გამოიწვია ძრავის გათიშვა. პრუჟნიკოვი იძულებული გახდა, მოეხდინა ვერტმფრენის საავარიო დაშვება და ტყის მასივზე ზემოდან დასვა. ეს შენიშნეს ამბოხებულებმა და დაიძრნენ ვერტმფრენის პირადი შემადგენლობის გასანადგურებლად. იოსებ ოსორაულმა, რომელიც მასთან ერთად მიფრინავდა, არ მიატოვა პრუჟნიკოვი.

- თვითონაც დასვა ვერტმფრენი?

- ვერტმფრენი არ დაუსვამს, პრუჟნიკოვი არ მიატოვა და დაიწყო ბორტის თავზე მანევრირება. მოწინააღმდეგეს ებრძოდა, რომ თანამებრძოლს არ მიახლოებოდნენ. ისე, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, შეეძლო მიეტოვებინა და დაბრუნებულიყო ბაზაზე, მაგრამ ეს არ გააკეთა. ერთ-ერთი მანევრის დროს მას ესროლეს, თვითონაც დაზიანდა და ისიც ავარიულად დაჯდა. პრუჟნიკოვის ბორტზე იყო ორი ბელარუსი, ოსორაულის ბორტზე კი ორი უკრაინელი და ერთი ბელარუსი ჰყავდა. ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს ერთი ბელარუსი ადგილზე დაიღუპა, მეორე უკრაინელი მოგვიანებით გარდაიცვალა. თვითონ ესენი კი დაიჭრნენ და ტყვედ ჩავარდნენ.

გაეროს მისიამ გადაარჩინა პრუჟნიკოვის ბორტი. ამინდის ცვალებადობის გამო, ვეღარ მიუსწრეს, რომ გადაერჩინათ იოსებ ოსორაული და მოეხდინათ მისი ევაკუაცია.

- გაეროს მისია კოორდინაციაში იყო მათთან?

- არა, რომ ვარდებოდნენ, სოს-სიგნალი გააგზავნეს.

- ტყვედ ჩავარდნილები ახლა როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან?

- ვიაჩესლავ პრუჟნიკოვი შესანიშნავად გრძნობს თავს. იოსებ ოსორაული კი, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს ქართული სამხედრო ავიაციის მიმართ, ტყვედაა ჩავარდნილი. ასეთი დონის მფრინავის დაკარგვა აუხსნელია.

- დაკარგული რატომ არის? ხომ ითქვა, რომ აუცილებლად გაათავისუფლებენ?

- ეს ვინ თქვა? ოსორაული ტყვედ ჰყავს არაფორმალურ ძალას. არავინ იცის, რა მოხდება. აფრიკაში ბევრი სამხედრო დანაშაული ხდება. წარმოგიდგენიათ, მათი ოჯახის წევრები რა მდგომარეობაში ვარდებიან, როცა მოისმენენ, რას უშვრებიან სამხედრო მფრინავებს.

- მათ თქვენ უკავშირდებით?

_ ბევრმა სცადა დაკავშირება ამ კონტინგენტთან აფრიკაში. რა ინფორმაციასაც გაწვდით, ეს ინფორმაცია მომაწოდა სწორედ იმ კონტინგენტმა, რომელიც დაინტერესებულია ოსორაულის გადარჩენით.

- ტყვედჩავარდნილებს აქვთ საშუალება, რომ აქ ვინმეს ინფორმაცია მოაწოდონ თქვენ, სხვა ვინმეს, ან თავდაცვის სამინისტროს?

- როგორც მე ვიცი, ოსორაულს ორჯერ დაარეკინეს. ამ შემთხვევაში, ომის საერთაშორისო კანონით, ტყვეთა გაცვლა არ მოხდება, გამოსასყიდს ითხოვენ.

- რა გარანტიაა, ფულს რომ გადაუხდი, გაათავისუფლებენ?

- გარანტია ისაა, რომ არავის აწყობს, დესტრუქციულ ქმედებაში შევიდეს საერთაშორისო საზოგადოებასთან, ან ამჟამინდელ აფრიკის ხელისუფლებასთან. ძალიან კარგად იციან, რომ სამაგიეროდ შეიძლება მიიღონ სხვა საბრძოლო იერიშები. ფულის გადახდის შემდეგ იოსებ ოსორაული რომ არ გადმოსცენ, ეს საერთაშორისო სკანდალის თემა შეიძლება გახდეს. ჩვენს შემთხვევაში მაინტერესებს, დროულად რატომ არ მოხდა ჩვენი მოქალაქის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის თაობაზე ერთი თვის მანძილზე ცნობილი იყო საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისთვის და ყველაფერს აკეთებდა, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო, რომ საკუთარი უნიათობა შეენიღბა.

- ტყვედ ჩავარდნილების მიმართ რაიმე ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი?

- არ მინდა ამაზე საუბარი. არანაირ წამებაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ კონგო არის სახელმწიფო, სადაც სამხედრო დანაშაულობები ხშირად ხდება არაფორმალური შეიარაღებული ძალების მიერ.

—————————

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულს ეძებს

თუკი ეროვნულ ვალუტას გალარების პროგრამისთვის ხელოვნურად არ ამყარებენ, მაშინ აპრილში 2,30- უნდა ველოდოთ

მარი ჩიტაია

სად გაჩერდება კურსი და რა იქნება მისი სტაბილურობის გარანტი, უცნობია. სპეციალისტებს ლარის სწრაფი გამყარება აეჭვებთ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე ტრენდი გალარების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტით იყოს გამოწვეული. თუკი ტენდენცია 17 მარტის შემდეგაც შენარჩუნდება, ცხადია, ეჭვიც გაიფანტება. ამ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კურსი შესაძლოა, 2,30-2,35 ნიშნულზე დაბალანსდეს და ეს იქცეს ახალ საორიენტაციო ნიშნულად.

ჯერჯერობით კი საბანკო სფეროს წამყვან სპეციალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის გაუმჭვირვალობა აშინებთ. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში სებ-ი შეუვალი სტრუქტურა გახდა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება უჭირთ. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ლარის გამყარება ხელოვნურად მართული პროცესია, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები ასეთი ტენდენციის საფუძველს არ იძლევა.

ორგანიზაცია “პირადი ბანკირის” დამფუძნებელი ირაკლი ბერძენაძე არ მალავს, რომ მისთვის ლარის მკვეთრი გამყარების მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით იგი მიმდინარე ტენდენციას გალარების პროგრამას უკავშირებს.

“ძალიან სწრაფად მყარდება და ბევრ ეჭვს იწვევს. 2,30-2,35 ყველაზე კარგი ნიშნულია, რომელზეც უნდა გაჩერდეს. სავარაუდოდ, აპრილისთვის ლარი ამ ნიშნულზე უნდა იყოს, თუკი ტენდენცია გაგრძელდება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რატომ გამყარდა ლარი ასე სწრაფად, ხომ არ იყო ეს ე.წ. ლარიზაციის პროგრამის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თუ ასეა, გამოდის, რომ კურსი ხელოვნურად მყარდება. ძალიან ცუდი სავალუტო თამაში გამოუვათ. დიდი ინტერესით ველოდები, როგორი იქნება კურსი 17 მარტის შემდეგ, როცა გალარების პროგრამის ვადა ამოიწურება. ყველა ეჭვი მოიხსნება, თუკი არსებული ტენდენცია შენარჩუნდება”, – აცხადებს ირაკლი ბერძენაძე და დასძენს, რომ გაზაფხულ-ზაფხულის სეზონი ლარისთვის მეტ-ნაკლებად მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასტაბილურდეს.

“ლარის კურსზე ტურიზმიდან შემოსული თანხების ასახვას ნაკლებად ველოდები, უფრო ინვესტიციების იმედი მაქვს. უცხოური კაპიტალი ყოველთვის გაზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარში შემოდის. ამიტომაც ნოემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე კურსს უჭირს. ზაფხულში გლობალური პრობლემები თუ არ გვექნა, ლარი მეტ-ნამკლებად მყარი იქნება. სიმართლე გითხრათ, ამჟამინდელი კურსი (2,45) უფრო სწორი ნიშნული იყოს ლარისთვის, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე. ჩვენ თუ არ გვინდა, რომ გაძვირდეს დოლარი, მეტი ინვესტიცია უნდა მივიღოთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. უფრო რეალურია თუ ექსპორტს წავახალისებთ და ინვესტორების გადაწყვეტილებებზე არ ვიქნებით დამოკიდებული. ხშირია, როცა ინვესტორი შემოდის, ხელშეკრულებებს დებს, მაგრამ საბოლოოდ ვალდებულების შეუსრულებლად გადის ქვეყნიდან. ასე ლარის კურსი სტაბილური ვერ იქნება”, – აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ლარის გამყარება უდავოდ პოზიტიური მოვლენაა, მისი გამომწვევი მიზეზი გაურკვეველი რჩება. საბანკო სფერო სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ბევრი გაუგებარი პროცესი მიმდინარეობს.

“ეროვნული ბანკი მალავს რაღაც ინფორმაციებს, განსაკუთრებით, რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან რთულია კონკრეტულად რამის თქმა. ფაქტია, რომ ასეთი რყევა ეროვნულ ვალუტას არ უნდა ჰქონდეს. ფუნდამენტური ფაქტორები ამას არ მიუთითებენ. ეს უკვე არის მონეტარული პრობლემა. სებ-ი ვერ ფლობს სიტუაციას და ვერც ხსნის, რატომ ხდება ასე. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ეს არის სპეკულაციური შეტევა ლარის კურსზე და ვიღაცები ამით ხელს ითბობენ”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე და დასძენს რამდენიმე მიზეზზეც, რამაც მისი თქმით, ლარის გამყარებას რეალურად უნდა შეუწყოს ხელი.

„მიმოქცევაში ფულის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, არ იყოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მიმდინარე ბალანსის დეფიციტი გაუმჯობესდეს. ლარის კურსის გასამყარებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დროს ბევრი რამ ლარის კურსის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგალითად, ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და სხვა. მიუხედავად ამისა, ლარი გაუგებარ ამპლიტუდაშია. მისი ქცევა ცოტათი უცნაურია. ძალიან ძნელია თქვა, რომ ლარი ეძებს წონასწორობის ახალ ნიშნულს. ქვეყანა უკვე მიეჩვია ამ კურსით ცხოვრებას. ვხედავთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საეჭვოდ უფასურდება და მერე მყარდება. ასეთი რყევები საშიშია. უცნობია ისიც, როგორ მოიქცევა სებ-ი მომავალში და კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის კუთხით რამდენი ლარი დასჭირდებათ. სებ-მა რამდენად იცის ან ფლობს ამ სიტუაციას, ბუნდოვანია.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდთან აღადგინა ურთიერთობა და ეს არის კარგი. შესაძლოა, მან აიძულოს მთავრობა და სებ-ი, რათა ლარის გამყარების მიზნით შეთანხმებული პოლიტიკა განახორციელონ”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

მგზავრობის გაძვირება მთელი წელი გაგრძელდება

უახლოეს მომავალში გაიზრდება ყველა ტიპის სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება

თეო გუდავაძე

საქართველოში მგზავრობა ძვირდება და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. შიდა საქალაქო ტრასნპორტისა და ტაქსების შემდეგ, შესაძლოა, ტარიფები საქალაქთაშორისო გადამზიდავებმაც გაზარდონ. თუკი ლარი არ გამყარდა და საწვავი ცოტათი მაინც არ გაიაფდა, მგზავრობის გაძვირება მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება.

დედაქალაქსა და რამდენიმე მსხვილ ქალაქში ტრანსპორტის ტარიფი 10 თეთრით უკვე გაიზარდა. ხალხი შეშფოთებულია ამ ფაქტის გამო და იმედი აქვთ, რომ თბილისში ყვითელი “მარშრუტკების” ძირითადი, 80-თეთრიანი ტარიფი უცვლელად დარჩება, რადგან დღევანდელ ეკონომიკურ ფონს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ გართულდა გადაადგილება. იანვრიდან მოყოლებული გაიზარდა ტაქსის ტარიფიც და ალაგ-ალაგ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასიც.

ორი დღის წინ “თბილისის მიკროავტობუსმა” საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი შენარჩუნდება, თუმცა მოკლე მანძილზე გადაადგილება 10 თეთრით გაძვირდება. ამ აზრს არ ეთანხმება ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია

“პირველ დეკემბერს დავაანონსე გაძვირების თაობაზე. მაშინვე აღვნიშნე, რომ საწვავის აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით მოიმატებდა მგზავრობის ღირებულება. თანაც არა მარტო საწვავი, არამედ სათადარიგო ნაწილებიც გაძვირდა. რუსთავი, გორი და ქუთაისი, ამ ქალაქებიც უკვე მოიმატა ტარიფმა. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს, მას დოტაციას გაუზრდის მერია. ემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში გაიზრდება ყველა ტიპის მგზავრობის ფასი. სათადარიგო ნაწილები უცხოეთიდან შემოდის საქართველოში, შესაბამისად, მძღოლს ისიც ძვირი უჯდება.

რაც შეეხება პროტესტს. მგზავრებიც იმ საზოგადოების წევრები არიან, რომელსაც წარმოადგენენ მძღოლები და მათი ახლობლები. ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება გაძვირდა საქართველოში და ტრანსპორტი გამონაკლისი ვერ იქნება. თვითღირებულებაზე დაბალი ფასი ფიზიკურად შეუძლებელია და ეს უნდა გავიაზროთ ძალიან კარგად”, – განუცხადა “რეზონანსს” ლავრენტი ალანიამ.

ტრანსპორტის ფასის მატება, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით. საზოგადოების ნაწილს იმედი აქვს, რომ 80-თეთრიანი ტარიფი 1-ლარამდე არ გაიზრდება.

დედაქალაქის პარალელურად გაძვირებაა ქუთაისსა და გორში. შიდა ქართლში 10 თეთრით ფასი უკვე გაიზარდა, იმერეთში კი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს 2-დღიანი აქცით ჰქონდათ გამართული და მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითხოვდნენ. მათი თქმით, არსებული განაკვეთი თვითღირებულების ტოლფასი იყო და ასე მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა. ქუთაისელი მძღოლების პროტესტმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო, მაგრამ გაძვირება იქაც დროის საკითხია.

გაცილებით გაიზარდა ტაქსით მგზავრობის ღირებულება. როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში 2-3 ლარით გაძვირებულ ტარიფს ხალხი ვერ ეგუება და მათი ნაწილი ცდილობს უფრო აქტიურად გამოიყენოს მუნიციპალური ტრანსპორტი თუ ამის საშუალება არსებობს.

“ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ხალხს ბოლო დროს ყველაფერი გაუძვირდა და შესაბამისად ცდილობენ თანხა დაზოგონ.

“ტარიფების მატება მოსალოდნელი იყო და ეს გასაკვირი არ არის. შარშან ჩვენ გვქონდა საუბარი და რეკომენდაცია, რომ საწვავზე აქციზი არ უნდა გაზრდილიყო, რადგან ეს გამოიწვევდა ბევრი რამის სერვისის გაძვირებას ქვეყანაში, რომელიც ხალხის ბიუჯეტზე ძალიან უარყოფითად აისახებოდა. ეს რჩევა არ გაითვალისწინეს და შედეგსაც კარგად ვხედავთ, მოსახლეობა ძალიან დაზარალდა. მძღოლების ბრალეულობა აქ ნამდვილად არ არის. გაძვირება არის ეტაპობრივი. ჯერჯეობით ეს მოკლე მანძილზე მოსიარულე ტრანსპორტს შეეხო და გაძვირდა 50-თეთრამდე, მაგრამ მომავალში აუცილებლად შეეხება 80-თეთრიან ტარიფსაც. რეგიონებში არსებულ ტრანსპორტსაც იგივე ემუქრება, რადგან იქ მუშაობენ კერძო გადამზიდავები, რომელიც მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. მიკროავტობუსის მფლობელებს თუ მათ მოგება არ ექნებათ, ისინი აუცილებლად შეწყვეტენ მუშაობას. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შემთხვევაში ფასები ძალიან მერყევია. ამ სფეროში კონკურენცია არის ძალიან მაღალი. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ტარიფები ჯერჯერობით მრავალფეროვანია”, – აცხადებს ვანო ურუშაძე.

რაც შეეხება, ფასის დარეგულირებას და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, ამაზე არავინ საუბრობს. ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი საწვავზე აქციზის გაზრდილი გადასახადი ისევ დაიკლებს და საწვავიც თავისთავად გაიაფდება.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

ადგილობრივი პროდუქტი ამოიწურა, იმპორტირებული ძალიან ძვირია

მარტ-აპრილში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება

მარი ჩიტაია

სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი უკვე ამოიწურა. ცოტა ხნის წინათ დახლებზე ქართული მარცვლეული, ბოსტნეული და ხილიც შეიმჩნეოდა, ამ პერიოდში ყველა მათგანი მთლიანად იმპორტირებულმა ჩაანაცვლა. უკეთ რეალიზაციის მიზნით მოვაჭრეები მუდმივად ცდილობენ შემოტანილი პროდუქტის ქართულად გასაღებას. იმპორტირებული პროდუქტი საკმაოდ ძვირად იყიდება, რაც ნიშნავს, რომ მარტ-აპრილში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება. ხალხი შიშობს, რომ უკვე გაძვირებული პროდუქტი სამომავლოდ, ლარის კურსის გამყარების შემთხვევაშიც, შეიძლება აღარ გაიაფდეს. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს, მომხმარებელი ფიქრობს, რომ მცირედი გაძვირებაც კი, მათ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

რაც შეეხება ფასს, ერთადერთი, რაც აგრარულ ბაზრებში შედარებით იაფი ღირს, კარტოფილია. 1 კგ-ის ფასი, საშუალოდ, 0,70-0,80 ლარია. ამავე რაოდენობის 1 კგ ხახვის ფასი 1-1,20 ლარის ფარგლებშია, ხოლო ნივრის ღირებულება 10 ლარს აჭარბებს. ხილი 1 ლარზე ნაკლები არ ღირს, ლობიოს ფასი 5-7 ლარის ფარგლებშია.

აგროსასურსათო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული პროდუქტი დახლებზე კარგა ხანია უმცირესობაშია. მართალია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება თავის დროზე ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, თუმცა ახლა უკვე მარაგის ამოწურვის პრობლემაა.

მოვაჭრეების თქმით, სურსათზე ფასმა დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ზრდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე მზია ყაველაშვილი ვარაუდობს, რომ საკვები გაზაფხულის განმავლობაში არ გაიაფდება, პირიქით, შესაძლოა, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდეს.

“სამომხმარებლო ბაზარზე მარცვლეულით ვვაჭრობ. მთელი შემოდგომა ვიმუშავეთ ისე, რომ საფასო ცვლილებები არ მოგვიხდენია. ამ მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იყო. შეიძლება ითქვას, მარცვლეული იაფი არ ღირდა, მაგრამ მომხმარებელი არ ყოფილა უკმაყოფილო. იმპორტირებულთან ერთად, ქართულ ლობიოსაც ვყიდდი. ხლა ადგილობრივი პროდუქტი საერთოდ აღარ არის. შაბათ-კვირაობით სოფლებიდან ჩამოსული ხალხი მცირე ნობათს თუ გამოიტანს გასაყიდად, სხვა მხრივ ადგილობრივი პროდუქტი ბაზარზე არ მოიძებნება. ქალაქელებს საზამთროდ პროდუქტის მომარაგება არც უცდია, ასეთი პერიოდი არც მახსენდება, ცოტა ოდენობითაც კი უჭირთ ყიდვა”, – ამბობს მზია ყაველაშვილი.

ბოსტნეულის სექციის მოვაჭრე ნათელა ლობჟანიძე ამბობს, რომ ძირითადად სომხეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან შემოტაილი ბოსტნეული ვაჭრობენ.

“ჯერ მხოლოდ მწვანილის შემოტანა დაიწყო იმერეთიდან. ახლა თუ ვინმე ამბობს, რომ ქართულ პომიდორს, კიტრს ან რომელიმე სხვა ბოსტენეულს ყიდის, ის აშკარად იტყუება. ყველაფერი გარედან შემოდის და ამიტომ გვაქვს ასეთი ფასი. ამაზე მეტად როგორ უნდა გაძვირდეს, მაგრამ გაიაფებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. პრილ-მაისიდან ქართული ბოსტნეული წაგვეშველება სათბურებიდან, მაგრამ ეს იქნება ძვირი პროდუქტი. ფასზე სეზონიც დიდ გავლენას ახდენს. როგორადაც უნდა გამყარდეს ლარი, გავლენა ბაზარს უახლოესი თვეების განმავლობაში არ დაეტყობა”, – ამბობს მოვაჭრე.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სიძვირე სოციალურად გაჭირვებულ ფენას კიდევ მეტად დააზარალებს. ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ზამთრის განმავლობაში საკმარისი არ არის, რის გამოც გაზაფხულიდან იმპორტზე ვართ დამოკიდებული. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, სახეზეა სეზონური გაძვირება და ეს ტენდენცია მაისამდე გაგრძელდება.

რეზონანსი“, 09 მარტი, 2017 წელი

კონტრაბანდის მასშტაბი შეუჩერებლად იზრდება

რა კავშირშია ბავშვთა სამყაროს ხანძარი ოქროს ნაკეთობის არალეგალურ ბიზნესთან?

ნათია ლომიძე

მეზობელი რეგიონებიდან საქართველოში კონტრაბანდის საფრთხე დღითი დღე მატულობს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ახლა უკვე ოქროს ნაკეთობების არალეგალურად შემოტანის ფაქტები გახშირდა. ერთი მხრივ, ეს აქციზის განაკვეთის ზრდას უკავშირებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამა თუ იმ საქონლის დაბალ ფასს მეზობელ ქვეყნებში;

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, კონტრაბანდის 320 შემთხვევა გამოაშკარავდა, სპეციალისტები გაცილებით მეტ შემთხვევას ვარაუდობენ, რომლის აღრიცხვაც, რასაკვირველია, ვერ ხერხდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი 320 ფაქტიდან 33 შემთხვევა არადეკლარირებულ სიგარეტს უკავშირდება. “შავი საქონლის” შემოტანის ფაქტები ფიქსირდება, როგორც თამბაქოს და ალკოჰოლის ასევე ოქროს ნაკეთობების შემთხვევაშიც და ამას ლამის ყოველდღიური ხასიათი აქვს. მაგალითად, ორი დღის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო”, დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 249.17 გრ) აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16,525.26 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა 83.86 გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი 28 თებერვალსაც დაფიქსირდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5467.21 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ კონტრაბანდის მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში მატულობს. ასეთი ტენდენციის თავიდან აცილება შესაბამისმა უწყებებმა დროულად უნდა შეძლონ. სპეციალისტი თამბაქოსა და ალკოჰოლის შავ ბაზარზე შემოტანის ფაქტის გახშირებას, აქციზის განაკვეთზე ფასის ზრდას უკავშირებს, ხოლო არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანა დაბალი ფასით არის განპირობებული.

“კონტრაბანდული საქონლის შემოტანა არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან ხდება. ეს უკვე საერთაშორისო ტენდენციაა. მთავარია სახელმწიფო როგორ ებრძვის ამ ყველაფერს – მათი ქმედება ხან წარმატებულია, ხანაც წარუმატებელი. ეს ხდება როგორც ალკოჰოლისა და თამბაქოს შემთხვევაში (სადაც აქციზის განაკვეთის ფასი გაიზარდა და ამანაც გაზარდა კონტრაბანდული საქონლის შემოტანის რიცხვი), ასევე ოქროს ნაკეთობების მხრივაც.

ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შემდეგ შენობაში არსებული ოქროს დიდი მარაგი განადგურდა, ხელი შეუწყო ამ ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის მატებას. ასეთი მცდელობა, რასაკვირველია, იქნება და შეეცდებიან ძვირფასი ნივთები გაცილებით დაბალ ფასში შეიძინონ.

კონტრაბანდს სტიმულატორი ფასია. თუკი შემოგაქვს რამე სახის საქონელი შედარებით დაბალ ფასად, ინფორმაცია მის შესახებ სწრაფად ვრცელდება. მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა მატულობს და ყოველ ჯერზე ცდილობენ მომხმარებელი არ დაკარგონ და სარგებელი მიიღონ”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას სილაგაძემ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ იმ ფაქტების გარდა, რომელიც საბაჟოზე კონტრაბანდული საქონლის შემოტანას უკავშირდება, კიდევ უამრავი აღურიცხავი შემთხვევაა. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან, კონკრეტული საქონლით, საქართველოს შავი ბაზრის მომარაგებას ფასთა სხვაობა იწვევს.

“თუკი საბაჟოზე ხშირად ფიქსირდება კონკრეტული საქონლის ფარულად შემოტანის ფაქტები, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ იმის გარდა, რასაც ვიგებთ, არის კიდევ გამოუვლენელი შემთხვევები, რომელსაც შემოსავლების სამსახურიდან მესაზღვრე გამშვები კონტროლიორები ვერ აფიქსირებენ და ეს საქონელი ქვეყანაში ხვდება შავ ბაზარზე.

როდესაც კონტრაბანდული საქონლის მოწოლაა, იქნება ეს ალკოჰოლი, თამბაქო თუ ოქროს ნაკეთობა, ეს უკვე ნიშნავს, რომ კონტრაბანდისტები ერთ კონკრეტულ ნივთზე არ არიან ორიენტირებულნი. შეიძლება ვიღაც ერთი სახეობის არალეგალური პროდუქტის შემოტანით იყოს დაკავებული, თუმცა ბაზარზე გადათამაშების შემდეგ, ის სხვა საქონლის შემოტანასაც დაიწყებს. თუ ერთხელ დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი, თუნდაც ერთ კონკრეტულ საქონელზე, არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავსი შემთხვევა სხვა დროს და სხვა საქონელზეც განმეორდება.

ამ მიმარულებით პირველი “მედროშე” იყო თამბაქოს ბაზარი, რადგან ნაწარმზე ძალიან დიდი სხვაობაა ფასში ჩვენსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. სწორედ დაბალ ფასს უკავშირდება კონტრაბანდის საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი, რაც ბოლო დროს ფიქსირდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ბაირახტარმა.

Comments are closed