globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 9th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: მინდია ჯანელიძე: „რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია… მე არავის ემისარი არ ვარ“

„ალია“: უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია: “მინდია ჯანელიძის ნათქვამს ნაკლებად დავეყრდნობი, ის ჯერ ერთს ამბობს, მერე – მეორეს, მესამეს ფიქრობს, შესაბამისად, მისგან რამე ირწმუნო, ცოტა რთულია”

„რეზონანსი“: სააკაშვილი ბაქოში ჩადის // აზერბაიჯანელი ექსპერტი: “ქართულ-აზერბაიჯანულმა ურთიერთობამ პიკს მისი მმართველობის დროს მიაღწია”

———————-

„ახალი თაობა“, 9 აპრილი, 2015 წელი

მინდია ჯანელიძე: „რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტიამე არავის ემისარი არ ვარ

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი, ყურადღება გამახვილებულია ბოლოდროინდელ სკანდალზე, რომელიც ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს – ირაკლი ალასანიასა და მინდია ჯანელიძეს შორის მოხდა, საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი).

გთავაზობთ ამონარიდებს:

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგა ხანი ელოდა თავდაცვის მინისტრის მისვლას პარლამენტში. მათ ყველაზე მეტად მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის, პოლიტიკური ორიენტაცია აინტერესებდათ. „ნაცმოძრაობა“ ღირსიაშვილს ლამის პუტინზე სახიფათოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ მისი გული რუსულად ძგერს. დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, ღირსიაშვილი ცნობილია თავისი ანტიდასავლუ§რი განწყობებით და იმით, რომ ის ერთ-ერთი პრორუსული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. დეპუტატს მხედველობაში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ჰქონდა.

მინდია ჯანელიძემ ნაცმოძრაობის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

– ამ თემაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა. ლევან ღირსიაშვილი არასდროს ყოფილა დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ამის თაობაზე კომენტარი გააკეთეს თავად ლევან ღირსიაშვილმა და დემოკრატიული მოძრაობის პრესსპიკერმაც. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, – განაცხადა ჯანელიძემ.

ნაციონალებს მინისტრის პასუხი არ მოეწონათ და ის სიცრუეში დაადანაშაულეს. ლევან ბეჟაშვილმა კი პარტიის სახელით მისი გადადგომა მოითხოვა.

– მინდია ჯანელიძე, ისევე, როგორც მთელი მთავრობა, უნიათოა,ამიტომაც მთავრობასთან ერთად უნდა გადადგეს, – მიიჩნევს ბეჟაშვილი.

ზარი ალასანიასთან

საკომიტეტო მოსმენაზე სტუმარ-მასპინძელმა გვერდი ვერც ირაკლი ალასანიას თემას აუარა. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ პარიზში ვიზიტისას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და ხელმოწერის გადადება მოსთხოვა. კანონმდებლების წინაშე ამირსპასალარმა აღიარა, რომ პარიზში მყოფ ალასანიას გადაურეკა.

რაც შეეხეა იმას, დავურეკე თუ არა თავდაცვის მინისტრს, კი, დავურეკე. იყო განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მე შევცვალე ჩემი პოზიცია. არსად არ მითქვამს, რომ არ დამირეკავს. დავურეკე, რომ გარკვეულიყო რაღაც პროცედურები. ამასთან, მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას. რაც შეეხება იმას, რომ მემორანდუმს ვადა ამოეწურა, ხელშეკრულება კი გაფორმებული არ არის, ამაზე მოდით, ნდობის ჯგუფში ვილაპარაკოთ. მემორანდუმი თავისთავად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ ერის ნაწილმა ირაკლი ალასანია ლამის მოღალატედ შერაცხა. მათი მტკიცებით, ნამინისტრალმა საიდუმლო ინფორმაციის გაცემით კანონი დაარღვია.

დეპუტატები დაინტერესდნენ, დაარღვია თუ არა თვისუფალი დემოკრატების ლიდერმა კანონი. მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მოინდომა. რადგან ის არ არის პროკურორი და სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს. „არსად მითქვამს, რომ კანონი დაარღვია და დანაშაული ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ დაარღვიო კანონი, შეიძლება ზიანი მიაყენო ქვეყნის ინტერესებს და ჩემი რჩევა იქნება, ამ ფორმატში ნაკლებად ვისაუბროთ ამ საკითხზე“, – ამბობს ამირსპასალარი.

უფრო მწვავე კითხვა ჰქონდა მასთან გია ბარამიძეს. ის დაინტერესდა, იყო თუ არა მინდია ჯანელიძე საკონტაქტო პირი რუსეთის ფედერაციასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ბარამიძის კითხვამ მინისტრი გააღიზიანა და მან დეპუტატის კითხვას სისულელე უწოდა.

მინდია ჯანელიძე:ეს არის სრული სისულელე. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უპასუხისმგებლო განცხადება, რომ მე ვინმეს ემისარი ვიყავი ან სადმე ვიყავი ემისარი. გთხოვთ, ეს ინფორმაცია დააზუსტოთ, ვინ ვიყავი, სად ვმუშაობდი და ამის შემდეგ ილაპარაკოთ. რაც შეეხება კონტრდაზვერვაში ჩემი მუშაობის პერიოდს, ამას სიამაპყით აღნიშნავ ყოველთვის“.

რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია

მინდია ჯანელიძემ დეპუტატებთან რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ისაუბრა. მისი ანგარიშის დიდი ნაწილი სწორედ კრემლის ავ ზრახვებს დაეთმო. მისი თქმით, საქართველოს დასავლური კურსის გამო, რუსეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხე კვლავ აქტუალურია. ჯანელიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები მაღალი რისკის მატარებლად რჩება. მისი თქმითვე, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესიული პოლიტიკა გრძელდება, რაც უსაფთრხოების გარემოზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

მინდია ჯანელიძე:.. ხელშეკრულებები, ერთი მხრივ, რუსეთსა და დეფაქტო აფხაზეთს, მეორე მხრივ კი, რუსეთსა და ..: სამხრეთ ოსეთს შორის, ჩვენი უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების აშკარანიშანია, რაც იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრება და საქმიანობა გვიწევს, სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი, რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს აწინააღმდეგება, შესაბამისად, კვლავინდებურად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები მაღალი რისკის მატარებლად რჩება“.

დეპუტატებმა მინისტრის მიერ რუსეთის გმობა არასაკმარისადმიიჩნიეს და ჩაეკითხნენ, არის თუ არა მისთვის რუსეთი ოკუპანტი.

მინდია ჯანელიძე:რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია. მართლა ხომ არ დავიწერთ გულზე მთავრობის წევრები ამას. ჩემი გამოსვლის შესავალი ნახევარსაათიანი მონოლოგით დავიწყე, თუ რა არის და როგორ არის. შეიძლება სხვა დოკუმენტიც ნახოთ, სადაც ამაზე საუბარი არ იყოს. ამას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. მთავარია, რა არის მთავრობის, თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის პოზიცია“.

თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა

ხელისუფლებას ნაციონალები და თავისუფალი დემოკრატები თავდაცვის სისტემის შეძენის ჩაშლაში სდებენ ბრალს. მათ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს თავდაცვის მინისტრი. ჯანელიძე ამტკიცებს, რომ თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა. მისი თქმით, საფრანგეთთან ამ მიმართულებით ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდის. თუმცა ამ თემაზე მან ღიად საუბარი არ ისურვა. მისი აზრით, ამ საკითხზე ნდობის ჯგუფთან უნდა მოხდეს განმარტებების გაკეთება.

საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი საჰაერო თავდაცვის გაძლიერელბაზეც წარიმართა. მისნისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის შე:საძლებლობების განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში უცხოელი პარტნიორები და ის ექსპერტები არიან ჩართულები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციაში გვეხმარებიან.

საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების კუთხით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, ასეთი ურთიერთობები საფრანგეთთან აქტიურ ფაზაშია.

მინდია ჯანელიძე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ნატოსკენ წარმატებული სვლა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.

– ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, ნატოსკენ საქართველოს წარმატებული სვლა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემდგომ განვითარებას და ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯანელიძემ მოხსენებაში თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებსა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ქვეყნის წინაშე დგას. მან ყურადღება ასევე იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის გამო, რუსეთიდან სამხედრო საფრთხე კვლავ გასათვალისწინებელი და საშიშია.

ჯანელიძემ მოხსენებაში დიდი ყურადღება ჯარისკაცების კვების თემასაც დაუთმო.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ნადობს ჯგუფის შეხვედრა შედგა. იგი, როგორც წესი, დახურულ რეჟიმში გაიმართა.

„ალია“, 9 აპრილი, 2015 წელი

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია: “მინდია ჯანელიძის ნათქვამს ნაკლებად დავეყრდნობი, ის ჯერ ერთს ამბობს, მერე – მეორეს, მესამეს ფიქრობს, შესაბამისად, მისგან რამე ირწმუნო, ცოტა რთულია”

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

ხანგრძლივი სკანდალების შემდეგ, თავდაცვის მინისტრს შვიდი საათის განმავლობაში მოუხდა კითხვებზე პასუხების გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ოპოზიცია და ის “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა ფრთამ აქციების ფონზე შეაცილა პარლამენტში, მინდია ჯანელიძემ შეძლო მწვავე კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა, თანაც ისე, რომ “ნაციონალებმა” ის მწყობრიდან ვერ გამოიყვანეს.

პარლამენტში მის გამოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, ყველა ელოდა, რომ ჯანელიძეს ფეხი დაუცურდებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჯანელიძე არ არის პოლიტიკოსი, არის “ჩეკისტი” და ის იყო ხისტიც და მოქნილიც. ირაკლი ალასანიას ბრალდებები ჯანელიძემ გაანეიტრალა, ფაქტობრივად, ალასანიას რაუნდი მოუგო. “ნაციონალი” გივი თარგამაძეც კი მოგუდული აკეთებს კომენტარს, მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით პროცესი არ გაჩერებულაო.

ასე რომ, ჯანელიძის წინამორბედს, ირაკლი ალასანიას, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, რომ სწორედ მისი მითითებით ჩაიშალა ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გეგმაო, ურჩევნია, ახლა ეს ზღაპრები “კამარაში” წაიკითხოს. ალასანიას მუხრუჭებმა უმტყუნა და წითელი ხაზები გადაკვეთა, რაც, ვფიქრობ, როგორც პოლიტიკოსს, ძალიან ძვირად დაუჯდება.

(…)

ფაქტია, მინისტრი ჯანელიძე აცხადებს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალების შეძენაზე მუშაობა გრძელდება, თქვენ კი დაგრჩათ მისი მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი, ბატონო ირაკლი, მაგრამ თქვენს თანაპარტიელებს ასეთი შეგრძნება არ გასჩენიათ. მოკლედ, საქმე ისაა, რომ თემა სათუთია და რომ სახელმწიფო ინტერესის ღალატში ადანაშაულებს თავდაცვის ექსმინისტრი ხელისუფლებას, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ამის დასამტკიცებლად და ქვას რომ ხეთქვას, ისეთი ფაქტები უნდა დადოს.

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია “ალიასთან” ინტერვიუში ჯანელიძის გამოსვლას აფასებს. ისე, მე არ მახსენდება “ნაციონალების” თავდაცვის მინისტრების – დავით კეზერაშვილის, ან ბაჩანა ახალაიას პარლამენტში მისვლა და ოპოზიციისთვის დახურულ კარს მიღმა 5 საათის მანძილზე, ჯამში კი 7 საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი:

- თავდაცვის მინისტრის საუბრიდან რა იყო მთავარი, როგორ იყო ის მომზადებული?

- მომეჩვენა რომ პიარ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით მისი სვლა იყო მომზადებული, რაიმე ახალი და ექსტრაორდინარული იდეები არ მომისმენია. ეს იყო ტრაფარეტული. მომეჩვენა, რომ ეს იყო გაკეთებული იმისთვის, რათა გადაფარულიყო წინა საქმეები, რომელიც თავდაცვის მინისტრის პიროვნებას უკავშირდებოდა.

- როგორ ფიქრობთ, მან შეძლო ალასანიას მიერ აგორებული სკანდალის გადაფარვა და ჩაფარცხვა?

_ გარკვეულწილად, მე ვიტყოდი, რომ მან ეს მოახერხა. ჯერ ერთი, პარლამენტში არ იჯდა ისეთი პროფესიონალი, რომელსაც შეეძლო პროფესიული კითხვების დასმა, რომ შეიარაღებულ ძალებში არსებული პრობლემები წარმოეჩინა. (…) ყოველ შემთხვევაში ეს შეხვედრა მიმართული იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევისკენ და არა იმისკენ, რომ მინისტრს აქტუალური სამხედრო თემატიკა წარმოედგინა.

- თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთს იარაღი გადასცა, რასაც ნაციონალებისპროტესტი მოჰყვა. თუმცა ეს პროტესტი დიდხანს არ გაგრძელებულა. ალასანიამ ეს საკითხი რატომ არ გამოიძია მინისტრობის დროს? რატომ არავინ არ ისჯება ამის გამო?

_ თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა ფაქტი, რომ ეროვნული ღალატის შედეგად იარაღი კი არ ჩაბარდა, არამედ გადასცეს მოწინააღმდეგეს და ეს საკითხი აუცილებლად გამოსაძიებელია. მოწინააღმდეგეს ჩაბარდა ახალი ტიპის იარაღი, რომელიც რუსებმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის ასამაღლებლად გამოიყენეს და საკმაოდ აქტიურადაც.

- მინისტრი ჯანელიძე თავდამსხმელის როლში იყო, მან განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალების შეძენაზე საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან გრძელდება მოლაპარაკება და მიანიშნა, რომ ალასანია პოლიტიკური ქულებისთვის ბევრ ტყუილს კადრულობს…

- ეს არის რთული საკითხი, ორი შეხვედრით ეს საკითხი არ წყდება. მინდია ჯანელიძის ნათქვამს ნაკლებად დავეყრდნობი, ის ჯერ ერთს ამბობს, მერე - მეორეს, მესამეს ფიქრობს, შესაბამისად, მისგან რამე ირწმუნო, ცოტა რთულია. ამბობს, რომ ალასანიას დაურეკა და ხელმოწერის გადავადება სთხოვა, მანამდე გვითხრა, რომ არ დაურეკავს. დღეს აცხადებს, რომ სულ ერთ პოზიციაზე ვიდექი და ვადასტურებ, დავურეკეო. გამიჭირდება რაიმე კონკრეტული დასკვნა გამოვიტანო ამ ამბისგან. ეს მოლაპარაკება არ უნდა იყოს საიდუმლო თემა, რადგან აქ დასამალი არაფერია.

(…)

- თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს დასავლური კურსი ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ამიტომ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე, სამხედრო ხასიათის საფრთხეები კვლავ მაღალია. ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭო, რას ფიქრობთ ამ დოკუმენტზე?

- მე არ ვიცი, იქ რაზეა საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ დროული იყო და უსაფრთხოების კონცეფცია თავიდანაა ასაწყობი. ფაქტობრივად, საფრთხე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც, საუბარია ხალიფატზე. ის კონცეფცია, რომელიც გვქონდა, არათუ მიესადაგება რეალობას, არამედ წარმოადგენს ანაქრონისტული ტიპის ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც თავიდანვე მოსასროლი იყო სანაგვე ყუთში, უნდა მომხდარიყო ეროვნული უსაფრთხოების კარდინალური ცვლილება, იმ რეალიების გათვალისწინებით, რა გამოწვევებიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. შესაბამისად, უნდა მომზადებულიყო სამხედრო დოქტრინა.

„რეზონანსი“, 9 აპრილი, 2015 წელი

სააკაშვილი ბაქოში ჩადის

აზერბაიჯანელი ექსპერტი: “ქართულ-აზერბაიჯანულმა ურთიერთობამ პიკს მისი მმართველობის დროს მიაღწია”

ვახტანგ შამუგია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვის ბოლოს აზერბაიჯანის დედაქალაქს ეწვევა. 2015 წლის 27-30 აპრილს ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც “ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში” იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი და ასევე ათეულობით პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრ “ატლასის” თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში არანაირად არ არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული ქმედება და თბილისს შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

“ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის კერძო ვიზიტი. საქართველოს ექსპრეზიდენტი საერთაშორისო კლუბ “ნიზამის” წევრი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, სანამ მის წინააღმდეგ თბილისში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. სააკაშვილთან ერთად ბაქოს ასზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის ექსპრეზიდენტები და ექსპრემიერმინისტრები ეწვევიან. ისინი დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ სირთულეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხერხზე ისაუბრებენ,” – განაცხადა ანალიტიკოსმა ელხან შაჰინღლუმ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია. ის ხშირად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპის ქვეყნებში, თუმცა მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისა, მისი დაკავება და თბილისში ექსტრადირება აზრადაც არავის მოსვლია.

შაჰინოღლუს თქმით, ამას არც ბაქო გააკეთებს, რადგანაც აზერბაიჯანში სააკაშვილს დიდ პატივს სცემენ და ქვეყნის მეგობრად მიიჩნევენ. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართულ-აზერბაიჯანულმა ურთიერთობამ ნაყოფიერების პიკს სწორედ მისი მმართველობის დროს მიაღწია. “თბილისისა და ბაქოს თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ბევრ ურთიერთმომგებიან პროექტს, რომელიც განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. საქართველოს დღევანდელ მთავრობას მშვენივრად ესმის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მოითხოვს ქვეყნის ექსპრეზიდენტის დაკავებასა და ექსტრადირებას, აზერბაიჯანი ამას არ გააკეთებს, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მეგობარია,” – თქვა შაჰინოღლუმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში კიდევ ერთი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის გაღიზიანებასაც გამოიწვევს. მოსკოვში მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შემდეგ პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული და მას ღიად უწოდებენ სამხედრო დამნაშავეს, ადანაშაულებენ რა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასა და “ოსი ერის გენოციდში.”

აზერბაიჯანელი ექსპერტი ელხან შაჰინოღლუ აღნიშნავს, რომ ბაქო გეგმაზომიერ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს. ვის მიიწვევენ სტუმრად და ვის არა, ექსპერტის თქმით, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა.

აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2013 წლის ზაფხულში თბილისში, ქართული ხელისუფლების ხელშეწყობით ჩატარებულმა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერული ძალების შეკრებამ მართალია ბაქოში გარკვეული წყენა გამოიწვია, თუმცა არც ერთ ოფიციალურ პირს არანაირი მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი მაშინ დაგმო მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

“აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. დაუშვებელია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენო მეზობელ სახელმწიფოში პოლიტიკური მღელვარების გამოსაწვევად. მე ამაში რუსულ კვალს ნათლად ვხედავ,” – განუცხადა ჟურნალისტებს 2013 წლის ზაფხულში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში არანაირ ასახვას არ ჰპოვებს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაზე თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები თუ საერთო ინტერესი აერთიანებს. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საერთაშორისო ურთიერთობის პრაქტიკაში არაერთხელ დაფიქსირებულა და ამაში ახალი და განსაკუთრებული არაფერია.

“ალბათ აზერბაიჯანული მხარისათვის ის მტკიცებულებები, რომელიც საქართველოს პროკურატურას აქვს ქვეყნის ექსპრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, არასაკმარისია საიმისოდ, რომ იგი დააკავოს და ქართულ მხარეს გადასცეს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის პიროვნული ურთიერთობა, რაც სააკაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის არის. ეს არის ჩვეულებრივი, კერძო ვიზიტი, სადაც იგი ჩადის როგორც ამ ფორუმის მონაწილე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იქ ყოფნა მან თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვისაც გამოიყენოს,” – უთხრა “რეზონანსს” ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ. მისივე თქმით, ვიზიტის ფაქტი არანაირად არ აისახება ქვეყნის საგარეო იმიჯზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში არის არა ის მხარე, რომელიც პირის გადმოცემას არგუმენტირებულად ითხოვს, არამედ ის, რომელიც ამას არ აკეთებს. თუმცა ამ მხრივ, ანალიტიკოსის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებას აქვს უხერხულობის მომენტი, რადგანაც კიევმა, მიუხედავად თბილისის მოთხოვნისა, არა მხოლოდ თავშესაფარი მისცა, არამედ საკმაოდ მაღალთანამდებობებზე დანიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ის ლიდერები, რომლებთანაც ქართულ მართლმსაჯულებას ბევრი შეკითხვა ჰქონდა.

“უკრაინულ მხარესთან მიმართებაში, საქართველოს ეყო ის დიპლომატიური უნარი, რომ მაღლა დამდგარიყო და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეენარჩუნებინა ახლო და მეგობრული ურთიერთობა კიევთან, რაც ორივე მხარისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, განსაკუთრებით დღეს,” – თქვა არჩილ გამზარდიამ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს რუსული მედიაც ეხმაურება. საექსპერტო-ანალიტიკურმა გამომცემლობამ სტატიაში სათაურით “ბაქო დამნაშავეებს ღებულობს”, გააკრიტიკა საქართველოს ექსპრეზიდენტის ვიზიტი ამ ქვეყანაში. ავტორმა ივარაუდა, რომ ოფიციალური თბილისი მოერიდება უკმაყოფილების საჯაროდ დაფიქსირებასა და ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში, რადგანაც იგი აზერბაიჯანულ ენერგორესურსებზე დიდად არის დამოკიდებული.

Comments are closed