globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 9th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „დასავლეთს პრემიერ-მინისტრად დავით უსუფაშვილი უნდა“

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „რუსეთიდან კიდევ რამდენიმე პიროვნებაა სახლში წამოსაყვანი“

რეზონანსი: ევროპა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს წლის ბოლოს განიხილავს // რას მივიღებთ რიგის სამიტზე

———————-

„ახალი თაობა“, 09 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „დასავლეთს პრემიერ-მინისტრად დავით უსუფაშვილი უნდა“

ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ დასავლეთი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთავრობის ჩამოყალიბების პროცესზე.

(…)

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე გამორიცხულია. მთავარი ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია საქართველოს მთავრობის ფორმირების საკითხში და საფუძველი ჩაუყარა სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ განვითარებას. ეს ყველაფერი გამოიხატა თინა ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილისა და ზოგადად, რესპუბლიკური პარტიის პოზიციების განმტკიცება-დაწინაურებაში. ეს სავსებით ნათელია. ფაქტობრივად, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მხოლოდ ფორმალურ ლიდერად რჩება, მას ისღა დარჩენია, რომ ახლავე აღიაროს თავისი პოლიტიკური მარცხი. ძალიან სამწუხაროა, რომ მან ასე ცუდად დაამთავრა მოქმედება. ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პოლიტიკოსმა, უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ცხადი იყო საზოგადოებისათვის, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდოდა, მაგრამ დიქტატის ქვეშ მოექცა და ივალდებულა [აშშ-ის] მოთხოვნები შეესრულებინა.

(…)

გეთანხმებით, რომ გარედან კარნახით დანიშნული თავდაცვის მინისტრის ფონზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ძალიან რთულად განვითარდება. საქართველო უკვე გამზადებული პოლიგონია სახელმწიფოთაშორისო დაპირისპირების თვალსაზრისით. მე ვგულისმობ ამიერკავკასიას რიოგორც ყველაზე მნიშვნელოვან პლაცდარმს  იმისთვის, რომ დასავლეთმა თავისი გეგმები განახორციელოს – დასავლეთს სურს, რომ უკრაინის არასტაბილური პროცესები ახლა რუსეთის სამხრეთით გადმოიტანოს…

(…)

დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ წევრებს პოლიტიკიდან ჩახსნიან“ და მათ ნაცვლად ახალ უმრავლესობას მომავალ პარლამენტში რესპუბლიკელები, ნაციონალები და თავისუფალი დემოკრატები შექმნიან… ეს დასავლეთის დაკვეთაა, რაც რესპუბლიკელების ძირითად ორბიტაზე გაყვანას გულისხმობს. ამიტომაა, რომ დავით უსუფაშვილის გავლენა თვალსა და ხელს შუა აიზრდება. იგი ძალიან მალე მოაზრებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრად“, – ამბობს ინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რეზონანსი“, 09 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: რუსეთიდან კიდევ რამდენიმე პიროვნებაა სახლში წამოსაყვანი“ // როდის ჩადგებიან ფსოუსა და როკის გვირაბზე შვეიცარიელი დამკვირვებლები და რა უნდა დავუპირისპიროთ რუსი ბაიკერების პროვოკაციას

ჟურნალისტ ეკატერინე ბასილაიასათვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებს. გთავაზობთ ინტერვიუს ძირითადი თემატიკას:

ა) „პრაღის შეხვედრები“ და „ჟენევის დისკუსია“

„ის განცხადებები, რომ „პრაღის შეხვედრის“ ფორმატმა თავისი თავი ამოწურაო, არასწორია: ყველას კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის. რაღაც ფორმით დიალოგი აუცილებელია და კომუნიკაციის არხი უნდა არსებობდეს. არაფერს ვამბობ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, როპმლებიც გვეუბნებიან, რომ დიალოგი უნდა გავაგრძელოთ. რეალურად, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის.

ჟენევაში განიხილება ერთი სახის პრობლემები (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  პოლიტიკასთან დაკავშირებით), ჩვენ კი სხვა სახის პრობლემებს განვიხილავთ – სავაჭრო-ეკონომიკურს (ზურაბ აბაშიძე საუბრობს მიღწეულ წარმატებებზე: ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა რუსულ ბაზარზე, ქონებრივი და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება, ავიამიმოსვლა და ა.შ.). გავათავისუფლეთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ციხეებში სასჯელს იხდიდნენ.

ჩვენ ყველა ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს ადამიანები გათავისუფლების თვალსაზრისით კიდევ მივაღწევთ წარმატებებს. რუსეთიდან კიდევ რამდენიმე პიროვნებაა საქართველოში წამოსაყვანი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

ბ) შვეიცარიელები საქართველო-რუსეთის საზღვარზე

რაც შეეხება იმას, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დროს დაიდო შეთანხმება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე ტვირთების გაკონტროლების თაობაზე, საუბარი ჯერ საბოლოო პასუხის მიღებას ეხება. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს პროექტი რეალურად ამოქმედდეს. რუსეთის მხარემაც განაცხადა, რომ ისინიც მუშაობენ. გადაწყვეტილების მისაღებად, ალბათ, 2-3 თვე დაჭირდებათ. ამ მიმართებით ბურთი რუსეთის მხარესაა.

გ) საქართველო და რუს ბაიკერთა „გეორგიევსკის ლენტები“

„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად წარმოადგენს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში მე-19 საუკუნეში დაარსებული და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს აღდგენილი „გეორგიევსკის ბაფთები“ კომუნისტურ სიმბოლიკას, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს მათ ქართული საზოგადოება. ფაქტია, რომ საზოგადოება მას აღიქვამს არა როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოს, არამედ როგორც რუსული იმპერიული პოლიტიკის ატრიბუტიკას, ამიტომაც რუსმა ბაიკერებმა საქართველოში ჩამოსვლისას დაუწერელი კანონებიც უნდა შეასრულონ და არ უნდა გააღიზიანონ მოსახლეობა. ჩემი აზრით, რუსი ბაიკერების მიერ „გეორგიევსკის ბაფთების“ დემონტრაციულ-გამომწვევმა აფიშირებამ გააღიზიანა როგორც ჩვენი, ასევე ევროპის ქვეყნების საზოგადოებაც. ასე რომ, მათ საქციელს გამართლება არ აქვს. მე ძალიან მომეწონა, რომ ქართული საზოგადოება არ აჰყვა მათ გამომწვევ საქციელს“.

დ) საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრა

„ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ თუკი შეხვედრა ჩატარდება ამისათვის ძალიან სერიოზული მომზადებაა საჭირო. პრეზიდენტების შეხვედრა ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ გაიმართოს მხოლოდ როგორც შეხვედრა შეხვედრისათვის, ის რეალურ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად“.

რეზონანსი“, 09 მაისი, 2015 წელი

ევროპა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს წლის ბოლოს განიხილავს

რას მივიღებთ რიგის სამიტზეევროკომისიის ანგარიში და პრესაში გაჟონილი რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტი

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველომ 15 მოთხოვნიდან 7 სრულად შეასრულა, დანარჩენი კი – ნაწილობრივ, თუმცა “შემდგომი პროგრესის პერსპექტივით” – ასეთი შეფასებაა გაკეთებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკაშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

დასკვნა მთლიანობაში პოზიტიურია, თუმცა, ამის მიუხედავად, 21-22 მაისს რიგაში, აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, ვერც საქართველო და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერც ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ვერც უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას ვერ მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ამას უცხოური მედია ამას დეკლარაციის პროექტზე დაყრდნობით წერს, „როიტერს“ ჩაუვარდა ხელში.

ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმის მიღების იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროკომისიისთვის კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ანგარიში იქნება გადამწყვეტი, რომელიც ამ წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს..

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას ურჩევს კარგად დაფიქრდეს, მოაწეროს თუ არა ხელი რიგის სამიტის ფინალურ დეკლარაციას.

——-

გუშინ, 8 მაისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის საქართველოსთვის გახსნილ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა 15 ძირითად მოთხოვნას გულისხმობდა. ამ მოთხოვნებიდან შესრულებულად ჩაითვალა 7, თითქმის შესრულებულად – 4, დარჩენილი 4 მოთხოვნა „თითქმის შესრულებულად“ ცაითვლა, ოღონდ „შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით“.

საბოლოო ჯამში, ევროკომისია თვლის რომ საქართველო ძირითადად ასრულებს „ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ნიშნულებს, მაგრამ… ყველაფერი კომისისიის მომდევნო ანგარიშის შემდეგ, 2015 წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. ასე რომ, მიუხედავად აღნიშნული შეფასებისა, საქართველო რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს.

„ალბათ, გაკეთდება ჩანაწერი, რომ საქართველოს პროგრესი აქვს და დაახლოებით იგივე ტექსტი იქნება, რაც ვილნიუსის სამიტზე იყო. ვფიქრობ, ეს ყველაზე რეალისტურია. ეს არის ევროკომისის ტექნიკური დასკვნა, თუ რამდენად გაართვა თავი საქართველომ ვალდებულებებს, ხოლო სამიტზე უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველო“ ევრომიმართულების პროექტების მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, ანგარიშის მიხედვით საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ დარცა შესასრულებელ-დასასრულებელი, ამიტომ იგი გამორიცხავს, რომ რიგის სამიტზე ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროსაბჭოს – კენჭი უყარეთო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემასო, რომელიც შემდეგ მინისტრების დონეზე უნდა გადაწყდეს.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ 2016 წელს საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ნებართვას მიიღებს, შესაბამისად, ეს საკითხი 2015 წლის ბოლომდე არ გადაწყდება.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ამბობს, ქართულ მხარეს რიგის სამიტის დეკლრაციის პროექტი უკვე მიღებული აქვს, თუმცა პრესაში გამოქვეყნებული დებულებები სერიოზულად განსხვავდება მიღებული პროექტისაგან. „აშკარაა, რომ რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული. ჩვენ დღევანდელ დღეს ვამბობთ, რომ არსებობს რაღაც ტიპის რაფტი, რომელიც საბოლოო დოკუმენტი არ არის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გაიზარდა აქტივობა  და იზრდება ძალისხმევა, იზრდება სწორედ იმიტომ, რომ ის, რაც არ მოგვწონს ამაში, უნდა შეიცვალოს და მიუახლოვდეს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ასე რომ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რიგის სამიტამდე ჯერ კიდევ დრო არის. ჩვენთვის სასურველი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს პროგრესი დაფასდეს, რომ საქართველომ მიიღოს იმპულსი შემდგომი ინტეგრაციისათვის. რა სიტყვებით იქნება ეს ნათქვამი, ამაზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ მაქ1სიმალურად იქნება დაახლოებული იმასთან, რასაც საქართველო რეალურად იმსახურებს’, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ქართული მხარის მუშაობა კი ამ ეტაპზე იმით გამოიხატება, რომ ქვეყნის ლიდერებმა – პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა  ერთობლივი მიმართვა მოამზადეს და ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მარტინ შულცს გაუგზავნეს: „რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთსულოვნად დგას ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დასაცავად და რომ ევროინტეგრაცია ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შედეგიან დისკუსიას რიგაში და გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იქონიოს თქვენი იმედი“, – ნათქვამია საქართველოდან გაგზავნილ ერთობლივ წერილში.

ის, რომ სამიტის დეკლარაცია [საქართველოსთვის] მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება, ამას კახა გოგოლაშვილიც ამბობს. მისი თქმით, „წინა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების ინიცირება მოხდა, ახლანდელ რიგის სამიტზე მიღებული დეკლარაცია უკვე სუსტი იქნება“.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დამოუკიდებელი ექსპერტი ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, მოაწეროს თუ არა ხელი რიგის სამიტის დეკლარაციას. „სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ჩვენი ხელმძღვანელების გაგზავნილი წერილიც კი ვერ უშველის იმას, რომ რიგის სამიტზე არ იქნება მიღწეული ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი საქართველოსთვის – მწვანე შუქი  უვიზო რეჟიმისათვის და ევროპული პერსპექტივის აღნიშვნა. გამოდის, რომ საქართველომ, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ორი წლის შემდეგაც ვერ მიიღებს დანაპირებს“.

ლევან ბოძაშვილისაგან განსხვავებით, სერგი კაპანაძე და ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირთან პოლიტიკურ ვაჭრობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ „საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დეკლარაციას ხელი არ მოაწეროს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება.

Comments are closed