globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 9th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ სევდია უგრეხელიძესთან: „კახა კალაძის გაძლიერება „ქართულ ოცნებას“ დაშლის“ // „ზაალ უდუმაშვილი კახა კალაძის სერიოზული კონკურენტი იქნება“

ახალი თაობა: ინტერვიუ რევაზ არველაძესთან: „გაზის ტარიფი რეგიონებში უფრო გაიზრდება, ვიდრე თბილისში“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: „პატრიარქთან ჩვენს შეხვედრას ვიღაც ბლოკავს“

——–

ვერსია: დავით ნარმანია გერმანიაში ელჩად ინიშნება? // ევრომოსამართლეობის კანდიდატების, ფარცხალაძე-თორდიას სკანდალისა და ბადაშვილის პროკურატურული რეინკარნაციის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

———————

ახალი თაობა“, 09 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ სევდია უგრეხელიძესთან: „კახა კალაძის გაძლიერება ქართულ ოცნებას დაშლის // „ზაალ უდუმაშვილი კახა კალაძის სერიოზული კონკურენტი იქნება

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობს.

- ქალბატონო სევდია, ნაციონალურ მოძრაობას უწონებთ მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის დასახელებას? მან უკვე დაადასტურა, რომ უკრაინაში შეხვედრა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და პარტიის სხვა ლიდერებთან.

- ჯერ კიდევ არ უთქვამს ზაალ უდუმაშვილს საბოლოო თანხმობა, მაგრამ პირადად ჩემში პოზიტიურ განწყობას იწვევს ეს ფაქტი სწორედ ჩემი პარტიის პოზიციებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც კარგი მენეჯერია, ყველა რთულ გამოწვევას ზომიერებით პასუხობს და ეს ჩვენ ვნახეთ, ასევე ფლობს ძალიან ბევრ ინფორმაციას, რადგან ის არის ისეთი გადაცემის წამყვანი, ნამდვილად არის პოზიტიური გადაწყვეტილება. რადგან მას გაუჩნდა ასეთი სურვილი, რომ შეიძლება ამ შეთავაზებას დათანხმდეს, ეს არის საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც 2012 წლის შემდეგ გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის პარტიაში, პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც ადრე არც კი აინტერესებდათ პოლიტიკა, მაგრამ ხედავენ, რომ ქვეყანა უკან მიდის და ეს უკუსვლა შესაჩერებელია.

- მოულოდნელი არ იყო ეს შეთავაზება?

- არა, მე მეჩვენება, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს უჩნდებათ მოქალაქეობრივი ვალდებულება, რომ ამ პროცესებში ჩაერიონ.

- როგორი კანდიდატი იქნება?

- ეს იქნება ახალი შეხედულებების, ახალი ხედვების შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. თავისი პროგრამით ზაალ უდუმაშვილი ნამდვილად მიიპყრობს ყურადღებას. ის არ იქნება რომელიმე პარტიის მერი. ის იქნება ყველას მერი. ამას ვამბობ მისი პიროვნებიდან გამომდინარე. ეს ღიად ჩანს.

- თქვენ ამბობდით, რომ ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე არ იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას არ დაუშვებდა...

- რაც შეეხება კალაძის გამოყვანას ფალავნად მეორე მხარეს, ამბობენ, რომ კალაძეს თავად ძალიან უნდა მერობა, რაც გასაგებია. მას უნდა ცუდი იმიჯის შეცვლა, რომელიც, როგორც ენერგეტიკის მინისტრს, აქვს თავისი „გაზპრომით“. ახლა უნდა ახალი პოზიციიდან ამ იმიჯის შეცვლა და რაღაცის გაკეთება. კახა კალაძე შემოყვანილია, როგორც ბოლო კოზირი, რომ თბილისის არჩევნების კორცხელიზაცია მოახდინონ. თუ კალაძე ნამდვილად იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ამბობენ, რომ უალტერნატივოა, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, ბიძინა ივანიშვილს რაში სჭირდება ასეთი კანდიდატი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ კახა კალაძე „ქართული ოცნებისთვის“ სახიფათო კანდიდატია. მისი გაძლიერება გამოიწვევს „ქართული ოცნების“ დაშლას. მას აქვს თავისი ფინანსები, გარკვეული რეპუტაცია, ძალაუფლება და შიგნით ჰყავს თავისი გუნდიც. საბოლოოდ, ეს გამოიწვევს პარტიის სხვაგვარად და ბევრად უფრო ადრე დაშლას. ამიტომ, გულწრფელად მიკვირს, ივანიშვილი ამაზე როგორ თანხმდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ უნდათ, ინტელექტუალური ნიღბის მქონე ირაკლი კობახიძე დააბალანსონ რაღაც ძალით, რომ ერთი სრულფასოვანი ძალა მიიღონ. როგორც ჩანს, ეს არის მიზანი.

ირაკლი კობახიძე სრულიად დისკრედიტებულია თავისი საკონსტიტუციო ცვლილებებით და ვითომ თავშეკავებული, მაგრამ აფექტური გამოვლინებებით. ამ ფონზე კახა კალაძე გამოირჩევა მყარი ფსიქიკით, ზრდის ტენდენციით, დაწყებული ქართული საუბრითა და პოლიტიკური ვორდინგით დასრულებული. კახა კალაძემ შეწყვიტა ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა და 9 წლის ხსენება, რადგან ესმის, რომ იქვე იქნება ნახსენები 5 წელიც. კალაძემ ყველაზე ადრე გააცნობიერა, რომ ეს არ არის მომგებიანი და აღარავის ეს არ აინტერესებს. ეტყობა, კარგი უცხოელი მრჩევლები ჰყავს. ახლა ვნახოთ, როგორი კამპანია ექნება, რაზე გააკეთებს აქცენტებს.

- რა იქნება ზაალ უდუმაშვილის უპირატესობა?

- მისი უპირატესობა არის სუფთა წარსული, სიახლე, ინტელექტუალობა და ძალიან დიდი პიროვნული ქარიზმა. ის, რომ ზაალ უდუმაშვილი არ არის რადიკალი, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობ, რომ ის მართლაც ყველას მერი იქნება.

- კახა კალაძის საპირწონე რამდენად არის?

- არის, ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება. ეს უდავოა.

- ქალბატონო სევდია, თქვენ იყავით გარდამავალ პერიოდში თბილისის მერი. თქვენ ხომ იცით, რას ნიშნავს იყო ოპოზიციონერი მერი. არ გაუჭირდება ოპოზიციის კანდიდატს მერობა?

- მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება მილევად რეჟიმში იყო. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა ბოლომდე შემენარჩუნებინა და არ ჩამებარებინა დედაქალაქი მტრულად განწყობილი ძალებისთვის, თბილისისადმი მტრულად განწყობილს ვგულისხმობ. მიწევდა საშინელი ზეწოლისა და გამოხდომების ფონზე გამუდმებით პროკურატურით შეშინებისა და საბოტაჟის ძახილით მუშაობა, მაგრამ მე შევასრულე დაკისრებული ამოცანა. ვერც მომისყიდეს და ვერც პროკურატურამ დამაკლო ვერაფერი. ქალაქი უკვე იდგა რელსებზე და მუშაობდა. მთავარი იყო, ხელი არ შეგეშალა. ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ახალ მერს ძალიან რთული ამოცანა დახვდება, წარმოიდგინეთ, ორმოს ვერ ავსებენ. ეს ვითარებაა დღეს. ბევრი რამ თავიდან არის დასაწყები და გასაკეთებელი.

- მთავარი კონკურენტები კახა კალაძე და ზაალ უდუმაშვილი იქნებიან?

- რა თქმა უნდა.

- სხვა კანდიდატებს უგულებელყოფთ?

- სხვა კანდიდატებზე ვერაფერს ვიტყვი.

- ვისი იდეა იყო ზაალ უდუმაშვილისთვის კანდიდატობის შეთავაზება?

- ნამდვილად არ ვარ ჩახედული ასე ღრმად, არასდროს ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლის ინტერესი და ალბათ ხედვებიც ჰქონდა. სხვაგვარად არავინ დაეტაკებოდა და არ ეტყოდა, გინდა თუ არა, იყავიო. გარკვეული იდეები ექნებოდა და ალბათ ამის შემდეგ გაჩნდა ეს შეთავაზებაც. როგორც ჩანს, ორმხრივად იყო ბუნებრივი ინტერესი.

ახალი თაობა“, 09 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ რევაზ არველაძესთან: „გაზის ტარიფი რეგიონებში უფრო გაიზრდება, ვიდრე თბილისში

„ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გაზის, ელექტროენერგიის ტარიფებზე, ჰესებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე საუბრობს.

- ბატონო რეზო, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაზის ტარიფი მოიმატებს, არ არის გამორიცხული, რომ გაძვირდეს ელექტროენერგიაც. რით ხსნით ახლა ტარიფის ზრდას?

- ყოველივე ეს ობიექტური აუცილებლობით არის განპირობებული. საკმაოდ დიდი ხანია, ამაზე უკვე დაწყებულია საუბარი. გაზის ტარიფი 2005 წელს დამტკიცდა და იმის შემდეგ არ გადახედილა.

- ახლა რატომ გახდა აუცილებელი, რომ გადახედილიყო?

- საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ამ სექტორში. ძალიან ბევრი სოფლის გაზიფიკაცია მოხდა. ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც აუცილებლად ტარიფს აწვება და ტარიფზე ხდება ამის ასახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორი ბიზნესის წარმოების აზრს კარგავს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ გაზის კომპანია ამას ტარიფზე არ ასახავდა.

- ახლა რა მოხდა?

- ლარის ფაქტორმა იქონია გავლენა. ამ ხარჯებს დაემატა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა. გაზს მთლიანად უცხოეთიდან ვყიდულობთ, შესაბამისად, ავტომატურად მოხდა ტარიფის გაზრდაც. გამორიცხულია, კომპანიამ არ გაითვალისწინოს ეროვნული ვალუტის კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ასეთი კომპანია უნდა გაკოტრდეს. ამ ორ კომპონენტთან არის ძირითადად ტარიფის გაზრდა მიბმული. არის სხვა კომპონენტებიც, მაგალითად, გაზის დანაკარგები და ა.შ. ძირითადად ინვესტიციები უფრო რეგიონებში განხორციელდა, ვიდრე თბილისში, ამდენად, ასე მკვეთრად არ იმოქმედებს საინვესტიციო მდგენელი თბილისზე.

- თბილისს განსხვავებული ტარიფი ექნება ანუ უფრო დაბალი?

- დიახ, აქ უფრო ლარის კურსი იქნება განმსაზღვრელი. თუმცა, მე ზუსტი ტარიფი არ ვიცი, სად როგორი იქნება. ისე, რაც შეეხება რაიონებს, აქ ერთიც და მეორე მდგენელიც იმოქმედებს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, სად რამდენით გაიზრდება ტარიფი, ეს უკვე მარეგულირებელ კომისიაზე იქნება დამოკიდებული. როგორც ვიცი, პრაქტიკულად უკვე დასრულებულია მუშაობა.

- თუ მუშაობა დასრულებულია, როგორი ტარიფი დადგინდა?

- ჯერ ციფრები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ შეიძლება მარეგულირებელმა კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საერთო ტარიფი შემოიღოს ქვეყნის მასშტაბით, რასაც დავეთანხმები. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ რეგიონებში ტარიფის უფრო მეტ გაზრდას უნდა ველოდოთ.

- ექსპერტები დენის ტარიფის გაზრდასაც ვარაუდობენ.

- ელექტროენერგიის ტარიფი შარშან უკვე შეიცვალა. მართალია, ამ წლის ბოლომდე არის „თელასშიც“ და „ენერგო-პრო“-შიც ტარიფი დადგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებას მაინც არ უნდა ველოდოთ. ტარიფი რისგან შედგება, ეს ცნობილია, ძირითადი სამი კომპონენტია, მაგრამ, როდესაც ახალი ელექტროსადგური შენდება, მისი ტარიფი აუცილებლად უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო შეწონილი ტარიფი.  ძირითადი ელექტროსადგურები საბჭოთა კავშირისგან დაგვრჩა აშენებული, რომელთა საინვესტიციო მდგენელი ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო. როდესაც ახალი სადგური შენდება, მისი მთლიანი ინვესტიცია ტარიფში გადადის.

- ბატონო რეზო, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ტარიფები კი არ გაიზრდებოდა, პირიქით, შემცირდებოდა. ეს დაპირება კარგად ახსოვს ხალხს

- თქვენ გახსოვთ ჩემი მსგავსი დაპირება წინასაარჩევნოდ ამ საკითხზე? მაშინ ბევრჯერ გავაკეთე განცხადება, რომ ივანიშვილს არაკვალიფიციური მრჩევლები ჰყავდა ამ საკითხში. ეს იყო ისეთი ხალხის მიერ მომზადებული მასალა, რომლებსაც რეალური ინფორმაცია არ ჰქონდათ. როგორ შეიძლებოდა იმ ცვლილებების გატარება, რა დაპირებაც გაკეთდა.

- მაშინ, რატომ მოგვცეს ეს დაპირება?

- ვერ გეტყვით, მე მსგავსი დაპირება არ გამიცია და ვერც იპოვით ამას. მე, პირიქით, ვამბობდი, რომ ეს შეუძლებელი იყო.

- ერთ-ერთი ბოლო ცხელი თემა ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა იყო, რომელიც საფლავზე უნდა გასულიყო. არაერთი დასკვნაა დადებული, ნაწილი ამბობს, რომ სახიფათოა ხალხის ჯანმრთელობისთვის, ნაწილი _ პირიქით. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?

- ჩვენთვის ყოველი კილოვატის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პოზიციაზე ვიყავი ყოველთვის და ამას ღიად ვამბობდი. ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ ისეთი ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა მშენებლობაც ტექნიკურად შესაძლებელია, რომლებიც ეკონომიკურად ეფექტიანი იქნება და რომელთა მშენებლობაც ეკოლოგიურად დასაშვები იქნება. მე ყოველთვის ხალხის მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, მართალს ამბობენ თუ არა. ამ შემთხვევაში მართალს არ ამბობდნენ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ნორმები არსებობს. თუ ასე ვიტყვით, მაშინ ენგურჰესიდან თბილისში 500-კილოვოლტიანი ხაზი მოდის, რომელიც მთლიანად სოფლებზე გადმოდის, მაშინ არ უნდა აგვეშენებინა. ცხადია, რომ ელექტრული ველი, მაგნიტური ველი, ყველაფერი ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედებს. ამიტომ არსებობს ნორმები.

- მოსახლეობა ალტერნატივაზე მიუთითებდა...

- დიახ, თუ ალტერნატივა არსებობს, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეწყრული ზონაა და სუსტ ქანებზე ანძას ვერ დასვამ, მაგრამ გეოლოგებმა უნდა ეძებონ მყარი კლდეები. შეიძლება მართლაც არის ალტერნატივა, რომ უფრო მეტად დააცილონ მოსახლეობას, დასახლებულ პუნქტს ანძა.

ახალი თაობა“, 09 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: პატრიარქთან ჩვენს შეხვედრას ვიღაც ბლოკავს

დღეს, 9 ივნისს, „ციანიდის საქმის“ არსებითი განხილვა იწყება. საზოგადოება ახალი სკანდალის მოლოდინშია, რადგანაც ყველა სასამართლო, რომლებიც ამ საქმეზე გაიმართა, სკანდალით დასრულდა ან სკანდალური გაგრძელება მოჰყვა.

ბოლო დროს კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ ციანიდი ყველას დაავიწყდა. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ პატრიარქის მოკვდინების მცდელობაზე გააკეთა განცხადებები და ეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტს დასდო ბრალად. იურისტის მტკიცებით, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს. საპატრიარქო თავისი იურისტის განცხადებებს გაემიჯნა და მას მსგავსი განცხადებების თავის შეკავება ურჩია. ქარჩავა აშკარად თავშეკავებულია, მაგრამ მის წინააღმდეგ სარჩელი მაინც შეაქვთ. საპატრიარქოს იურისტს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებიც უჩივიან. ჩივილით ქარჩავაც იმუქრება.

რა დაუბარა საპატრიარქოს იურისტმა ადვოკატებს, რატომ არ უნდათ მათი შეხვედრა პატრიარქთან, დაუშვებენ თუ არა სახალხო დამცველს სასამართლო პროცესზე და რა მოჰყვება მისთვის უარის თქმას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება.

„სასამართლოს წინ ჩვენ, ადვოკატები, შევხვდით მამა გიორგის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მთავარია, მამა გიორგი თავს იმედიანად გრძნობს და მასთან ერთად ჩვენც გვჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. სასამართლოსთვის ისე მოვემზადეთ, როგორც წესია. ჯერ შესავალი სიტყვა გვექნება სათქმელი, მერე დავიწყებთ რიგი საკითხების გამოკვლევას. პარალელურ რეჟიმში გადაწყდება სახალხო დამცველის დასწრება-არდასწრების საკითხი. წინა სხდომაზე ის სასამართლოს ვერ დაესწრო. იმ დღესვე მან დაასაბუთა, რომ სასამართლომ მასთან კანონი დაარღვია», – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

- თქვენი აზრით, წავა სასამართლო დათმობაზე და დაუშვებს სახალხო დამცველს პროცესზე?

- სასამართლო ამ ამბავში დათმობაზე წავიდა. ნანუაშვილი სასამართლოს დაესწრება. სხვანაირად რომ გადაეწყვიტათ, ეს იქნებოდა საერთაშორისო სამართლისა და ევროპული კონვენციის უარყოფა. ასეთი სამარცხვინო პრეცედენტი რომ დაეშვათ, მაშინ ევროსაბჭოს წევრებიც აღარ უნდა ვყოფილიყავით.

- წინა სხდომაზე ხომ მოხდა ასეთი პრეცედენტი?

- იმას, რაც მოხდა, მთლად იმას ვერ დავარქმევთ, რომ სახალხო დამცველი სხდომაზე არ შეუშვეს. მოსამართლემ სხდომის დაწყებამდე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჯობდა, სახალხო დამცველი შემოსულიყო სხდომაზე და მერე გაკეთებულიყო განცხადება. იმ დღეს მოსამართლემ დახმარებაც კი გვთხოვა ამ საკითხის გარკვევაში. წესით, ის უნდა გვეხმარებოდეს აქეთ. ჩვენ 9 ივნისს აუცილებლად დავეხმარებით, თანაც ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და სახალხო დამცველი სასამართლოს დაესწრება.

- 9 ივნისს, სასამართლო პროცესის პარალელურად, საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ შეგაქვთ სარჩელი. ამასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით?

- საჩივარი შეგვაქვს იმ ცილისწამებაზე, რომელიც ედიშერ ქარჩავას მხრიდან გაისმა მამა გიორგის მისამართით. რაღაც ანგარებაზე საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ 50 მილიონის გათეთრებას აპირებდა საპატრიარქოს სახელითა და მისი გვერდის ავლით. ამ დროს ჩვენ წარმოვადგინეთ საბუთი, საიდანაც ჩანს, რომ მამა გიორგის პატრიარქის მინდობილობა ჰქონდა. არ შეიძლება, ქველმოქმედება კრიმინალად და ფულის გათეთრებად მონათლო. ამიტომაც იყო, რომ ქარჩავას მთელი საპატრიარქო გაემიჯნა.

- როდესაც მან 50 მილიონი ევროს გათეთრებაზე განცხადება გააკეთა, თქვენ ახალ თაობასთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ქარჩავა დროს ასწრებს, ის კი, ვინც დროს გაასწრებს, წააგებსო...

- რა გინდათ, მართალი მითქვამს, დროს გაასწრო და წააგო კიდევაც. მის განცხადებებს საპატრიარქო ოფიციალურად გაემიჯნა. ეს კი სერიოზული წაგებაა.

- 50 მილიონი ევროს გათეთრების გარდა, მან კიდევ ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის, თქვენი ადვოკატების მიმართაც. ამის გამოც აპირებთ ჩივილს?

- 6 ივნისს ტვ „პირველზე“ გადაცემა რეაქციაში ციანიდის საქმეზე იყო მსჯელობა. გადაცემაში მიწვეული იყო ჩემი კოლეგა გიორგი ფანცულაია. ბატონი ქარჩავა ეთერში სატელეფონო კავშირზე გამოვიდა და ფანცულაიას კორექტულობისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ადვოკატთა ეთიკის კომისიას საჩივრით მიმართავდა. მე მას იმ დღესაც შევუთვალე და ახლაც გავიმეორებ, რომ ბატონ ედიშერს არ დაავიწყდეს, ჩემ წინააღმდეგ რა აქვს ეთერში ნათქვამი. მე მან საპატრიარქოს იმიჯის შელახვაც კი დამაბრალა, მომიხსენია რომელიღაცა დაჯგუფების წევრად და ამტკიცებდა, რომ ვიღაც მმართავდა.

- მეუფე პეტრეზე ამბობდა ამას...

- მეუფე პეტრეზე ამბობდა. მე მეუფეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის მე არ მმართავს. მიხეილ რამიშვილს ვერავინ მართავს. ქარჩავას განცხადებები არის ჩემი პატივისა და ღირსების შელახვა. მე ვურჩევ, თავი დაანებოს დროისთვის გასწრებას, თორემ ისევ წააგებს. ამ ბრალდებებს თავს თუ არ დაანებებს, სხვანაირად დავუყენებ საკითხს. ადვოკატებს გვაქვს ეთიკის კოდექსი. ის აუცილებლად მიიღებს პასუხს და ისე ვეღარ შეკერავს, როგორც მას სურს.

- ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი მზად იყო, მამა გიორგის ოჯახის წევრებს შეხვედროდა, მაგრამ ეს შეხვედრა ჩაიშალა. ოჯახს სურდა, შეხვედრას ადვოკატებიც დასწრებოდით, რაც საპატრიარქოში ვიღაცამ დაუშვებლად მიიჩნია და შეხვედრაც ჩაიშალა. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- ეს შეხვედრა 5 ივნისს, 13.00 საათზე უნდა გამართულიყო. ჩვენ, ადვოკატებმა, ვიცოდით, რომ შეხვედრას ჩვენც დავესწრებოდით. 4 ივნისს დამირეკეს და მითხრეს, რომ აქამდე მოწოდებული ინფორმაცია გაუგებრობა იყო.

- რა იყო გაუგებრობა, რომ თქვენც უნდა მისულიყავით პატრიარქთან?

- ეს მათ უწოდეს გაუგებრობა, თორემ მე ამას გაუგებრობად არ ვთვლი. მითხრეს, რომ ოჯახის წევრებს ჩვენ გარეშე შეეძლოთ შეხვედრაზე მისვლა. ოჯახმა ამაზე უარი განაცხადა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არ იყო გაუგებრობა.

- აბა, რა იყო?

- გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ჩვენ ამ შეხვედრას არ დავესწროთ. მაგათ თუ ჩვენი სტატუსი ხელისშემშლელად მიაჩნიათ, მაშინ თამამად ვიტყვით, რომ მამა გიორგის ოჯახის წევრები ვართ. საერთოდაც, ვინც სიმართლეს ტყუილისგან ვასხვავებთ, ყველა ერთი ოჯახის წევრები ვართ. ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა, ჩვენ პატრიარქს შევხვდეთ. ამათ ავიწყდებათ, რომ მე უწმინდესს უკვე შევხვდი.

- როდის შეხვდით პატრიარქს?

- თებერვალში. პატრიარქი გერმანიიდან ახალი ჩამობრძანებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ დროში საკმაოდ შეზღუდულები ვიყავით, უწმინდესმა ძალიან ბევრი კითხვა დაგვისვა. ჩვენ ამ კითხვებზე შეძლებისდაგვარად გავეცით პასუხი. დარწმუნებული ვარ, პატრიარქს ახლაც ექნებოდა კითხვები, რაზეც ოჯახის წევრები პასუხს ვერ გასცემენ. ამიტომაც იყო აუცილებელი ადვოკატების ამ შეხვედრაზე დასწრება. ძალიან კარგად ვხვდები, რატომაც არ უნდათ ჩვენი იქ მისვლა. შეუძლიათ, დაგვბლოკონ, მაგრამ სიმართლე მაინც გაირკვევა.

- რატომ არ უნდათ პატრიარქთან თქვენი შეხვედრა, არ უნდათ, რომ უწმინდესმა რაღაცა გაიგოს?

- გარკვეულ ძალებს სიმართლის ეშინიათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. როცა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას ბლოკავ, უნდა იცოდე, რომ საპატრიარქოს იმიჯს აყენებ შეურაცხყოფას. პირადად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ მეუფეს, რომლებიც სიმართლის მხარეს არიან და არ მინდა, რომ საპატრიარქოს იმიჯი შეილახოს.

- თქვენი პასუხი ნიშნავს თუ არა იმას, რომ არიან მეუფეები, რომლებიც სიმართლის მხარეს არ არიან?

- ალბათ, არიან. პატრიარქთან ჩვენს შეხვედრას ხომ ვიღაც ბლოკავს. ეს საპატრიარქოსთვის არის ცუდი, პირველ რიგში. ყველაზე მეტად მათ უნდა აწყობდეთ სიმართლის გაგება. მილიონი გზა არსებობს ჩვენს დასაბლოკად, მაგრამ სიმართლე მაინც გაირკვევა.

———————-

ვერსია“, 7-8 ივნისი, 2017 წელი

დავით ნარმანია გერმანიაში ელჩად ინიშნება?

ევრომოსამართლეობის კანდიდატების, ფარცხალაძე- თორდიას სკანდალისა და ბადაშვილის პროკურატურული რეინკარნაციის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

ნინო დოლიძე

აი, ასე: წილი ნაყარია, რაც ნიშნავს, რომ მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლეობის 3 კანდიდატი შეარჩია. ხუთი სუბიექტიდან, რომელშაც ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ჰქონდა, საკონკურსო კომისიამ ყველაზე მაღალი ქულები ლადო ჭანტურიას, სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს მიანიჭა. ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართულმა მხარემ ევროსასამართლოსთვის მოსამართლეობის კანდიდატები „დაამტკიცა“, მაგრამ ალბათ გახსოვთ, სტრასბურგმა თავის დროზე ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი დაიწუნა. ზემოხსენებული სამი პერსონიდან ევროთემიდა რომელიმეს გაუღიმებს თუ სამივე „გაგოცირიძდება“, ეს შემოდგომით, კერძოდ ოქტომბერში გამოჩნდება _ ახალი მოსამართლის არჩევნები სწორედ მაშინაა დანიშნული. მანამდე კი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლე ისევ ნონა წოწორია იქნება.

სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს თავი რომ დავანებოთ, თბილისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა წმინდანებს სანთელი სანთელზე უნდა დაუნთოს და ლადო ჭანტურიას გამოსამართლეობა შესთხოვოს, რამეთუ იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ჭანტურია ევროპის სასამართლოში საქართველოს მოსამართლე გახდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დავით ნარმანიას უმუშევრობა ნამდვილად არ ემუქრება და, აი, რატომ: თითქმის კი არა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დაასახელებს. თავდაპირველად, როცა ამის შესახებ ითქვა, პოლიტიკურმა ასინეთებმა იქვე დააყოლეს, ნარმანიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფობას სთავაზობენო და ამის თაობაზე მინიშნება თავად „ნარმომაც“ გააკეთა, მაგრამ როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, კოკელ პოლიტიკოსს კონტროლის პალატაში არც „მიასუნინებენ“ და ეს ხმა, უბრალოდ, მის დასამშვიდებლად გაავრცელეს.

სიტყვამ მოიტანა და, კონტროლის პალატა ყოფილი აღმასრულებელი ჩინოვნიკების ერთგვარი თავშესაფარია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არცთუ დიდი ხნის წინ, როცა საქართველოს მთავრობაში როტაცია განხორციელდა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უსავარძლოდ დარჩა, კულუარებში ითქვა, რომ ლაშა თორდიას სწორედ ის ჩაანაცვლებდა. ჯავახიშვილი ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ ორგანოში მართლაც დასაქმდა და, შეიძლება, ზოგს ჰგონია კიდეც, რომ მას შემდეგ, რაც შარდენზე ინციდენტგადატანილ თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, მის ადგილს სწორედ „ჯავახა“ დაიკავებს, მაგრამ კულუარებში გარკვეულნი მოვლენების ასეთ განვითარებას გამორიცხავენ და ერთ ინციდენტს იხსენებენ, რომელიც ინფრასტრუქტურის ყოფილ თავკაცს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ამ უწყებაში მივიდა თუ არა, ნოდარ ჯავახიშვილმა საუბარი არაკეთილსინდისიერად ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებზე დაიწყო, რის გამოც ხელისუფლებასთან იმჟამად დაახლოებული რამდენიმე ადამიანი „შავ დღეში“ აღმოჩნდა ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ სუბიექტებმა სახელისუფლებო გავლენა დაკარგეს. ჰოდა, გამოხდა ხანი და, როგორც „ვერსიას“ კონფიდენტი ეუბნება, 2016 წლის მიწურულს, ერთ-ერთ რესტორანში ეს ადამიანები შემთხვევით ჯავახიშვილს გადაეყარნენ და „საქმე გაურჩიეს“.

„ახლა ვერ ვიტყვი, რომ ჯავახიშვილი მთლად თორდიას სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა… მართალია, არ გახმაურებულა, მაგრამ ეს ინციდენტი იმაზე, რომ ჯავახიშვილმა თორდია ჩაანაცვალოს, ალბათ, გარკვეულ გავლენას მოახდენს“, – ამბობს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ იქ, სადაც პედანტი ჯავახიშვილია, ნარმანიას რიგით თანამშრომლადაც არ მიიღებენ. ისე, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ორივე ანუ ნარმანიაც და ჯავახიშვილიც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნეთ, კულუარებში აქტიურად ამბობენ, რომ დავით ნარმანია შესაძლოა, გერმანიაში საქართველოს ელჩად გაამწესონ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლადო ჭანტურია სტრასბურგში გადაინაცვლებს. საერთოდ, ბატონ ჭანტურიას ფართო საზოგადოება კარგად იცნობს, რაც ბუნებრივია – იგი ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ შორეული 1990-იანი წლებიდან ტრიალებს: 1997-2004 წლებში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი გახლდათ, 1998-99 წლებში – იუსტიციის მინისტრი, 1999-2004 წლებში კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობისას მოუსწრო ბატონ ჭანტურიას „ვარდების რევოლუციამ“ და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამბოხებულებთან მოლაპარაკებებში გარკვეული ფორმითაც მონაწილეობდა.

რაც შეეხება ევროსასამართლოს მოსამართლეობის დანარჩენ ორ კანდიდატს სოფიო ჯაფარიძე ჯერჯერობით პრემიერის მრჩეველია ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ქალბატონ ჯაფარიძეს ევროკავშირში მუშაობის გამოცდილებაც აქვს – ვიდრე მუშაობას პრემიერის აპარატში დაიწყებდა, ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერი გახლდათ, მოგვიანებით კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის მესამე კანდიდატი შოთა გეწაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, 2011-2015 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ის შოთა გეწაძეა, რომელმაც 2011 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ძალაში დატოვა ანუ გეწაძეს, პირდაპირ თუ ირიბად, ნაცური ბეგრაუნდი აქვს, მაშასადამე, კოჰაბიტირებულია. აქვე საინტერესოა, რომ გეწაძე იმ მოსამართლეთაგანია, ვინც მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას უჭერს მხარს. ისიც გეწაძის „აქტივად“ ითვლება, რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა რომ დაასახელა.

ისე, ნიშანდობლივია, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, თორდია-ფარცხალაძის ინციდენტი და ამასთან, ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის პროკურატურაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ერთმანეთს დაემთხვა. ახლა ეს შეიძლება, უბრალოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ პოლიტიკაში შემთხვევითობა გამორიცხულია.

სხვათა შორის, ბადაშვილის მთავარ პროკურატურაში, კერძოდ, შოთაძის მოადგილედ დაბრუნებას არ ადასტურებენ, მაგრამ ხომ იცით, კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ჰოდა, რაკი ითქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შოთაძის მოადგილის თანამდებობა უნდა დაიკავოს, ესე იგი, ადრე თუ გვიან, ალბათ, ასეც მოხდება. აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ბადაშვილმა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი არცთუ დიდი ხნის წინ დატოვა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტში ბადაშვილის ყოფილი უწყების, მაშასადამე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი, კერძოდ, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ჩოხელიც ფიგურირებდა და სკანდალმა კულმინაციას მიაღწია თუ არა, მან თანამდებობა დატოვა.

„არაერთი წელია, რაც საჯარო მოხელე ვარ. ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში ვმუშაობდი და საზოგადოების წინაშე ჩემს პასუხისმგებლობას კარგად ვგრძნობ. ამდენად, ვინაიდან ამ ინციდენტის მონაწილე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის ყველა თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩოხელმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გაავრცელა.

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, წყალი ამღვრეულია. ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა კი, მოგეხსენებათ, ადვილია. ჰოდა, ახლა საინტერესოა, ვინ დაიჭერს თევზს ან ეს „თევზი“ რა იქნება…

Comments are closed