„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: ლევან იზორია ჯარში გაწვევას გააუქმებს? // ნატოში შესვლა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმებას არ ნიშნავს
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ლევან იზორიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს“ // რუსეთის დაზვერვას საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელი მიუწვდება“
„რეზონანსი“: „ოცნება“ ქალების გარეშე // მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებში არსებულ გენდერულ დისბალანსს საარჩევნო სიით დააბალანსებენ
„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ჩვენს მხარდამჭერებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან“
„რეზონანსი“: წლის ბოლომდე ქვეყნიდან 1,6 მლრდ დოლარს “გაზიდავენ” // ახლა საგარეო ვალების მომსახურების პიკი დადგა და ეს ლარის კურსზეც მოახდენს გავლენას
„რეზონანსი“: სოხუმს შეიძლება სახელი გადაარქვან // აფხაზური ინტელიგენციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქისათვის ყველაზე შესაფერისი ახალი სახელი “ამრა” იქნება
——————-
„ახალი თაობა“, 09 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: ლევან იზორია ჯარში გაწვევას გააუქმებს? // ნატოში შესვლა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმებას არ ნიშნავს
სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს, უნდა აღდგეს თუ არა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
- ბატონო ირაკლი, გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, მინისტრი დაარწმუნოს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების სისწორეში. როგორია თქვენი შეფასება?
- როდესაც გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება სამხედრო-სავალდებულო სამსახურით გაწვეული ჯარისკაცები, ეს მისი ნებაა, იმ გაგებით, რომ ის არის მთავარი სამხედრო. რაც შეეხება რეალობას, ამ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები არსებობს.
- კონკრეტულად?
- კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს უწევთ საყარაულო სამსახური. ეს გარკვეულწილად აფერხებს კონტრაქტით მომსახურეთა სამხედრო მომზადების დონეს, რადგან მათ ხშირად უწევთ საყარაულო სამსახურის გავლა, შემდეგ ისინი ისვენებენ. ამ დროს სამხედრო მომზადება ტარდება, მაგრამ ეს კონტრაქტორები მასში ვერ იღებენ მონაწილეობას. საერთო ჯამში ეს, რასაკვირველია, იწვევს გარკვეულ დანაკლისს სწორედ სამხედრო მომზადების კუთხით.
- გენშტაბის უფროსის არგუმენტია, რომ უფრო ეფექტური იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა, მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა, ვიდრე წვევამდელი...
- სამხედრო მეთაურებს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ჰყავდეთ კონტრაქტით მომსახურე სამხედროები და არა სავალდებულო-სამხედრო სამსახური, ერთწლიანი ჯარისკაცები.
- რატომ?
- რადგანაც კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცის მართვა უფრო ადვილია, ამ შემთხვევაში მეთაურის ხელში მეტი ბერკეტია და ა.შ. თუ კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცი განაწესს დაარღვევს, მას შეუძლია ხელფასი დაუქვითოს, შაბათ-კვირას არ დაასვენოს და ა.შ. სავალდებულო სამსახურში მსგავსი ბერკეტი არ არსებობს, არც ე.წ. ჰაუტვახტებია. ქართული არმია მაინც მთლიანად საკონტრაქტო მომსახურეებით არის დაკომპლექტებული. შტაბები ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული და საბრძოლო დანაყოფებში სამხედროების ნაკლებობაა, რაც, როგორც გითხარით, ართულებს თან სამხედრო მომზადების კურსის გავლას და თან საყარაულო სამსახურს. არის ისეთი ობიექტები, რომელიც 24-საათიან, მუდმივ ყარაულს მოითხოვს. ის განცხადებები, რომ 17-18 წლის ბავშვები არ გვინდა მონურ სამსახურში გვყავდეს, ეს არასწორი მიდგომაა.
თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბს შეუძლია წვევამდელები მოამზადოს არა საყარაულო სამსახურისთვის, არამედ უფრო ხშირად გაიყვანონ ველზე, საბრძოლო მზადყოფნისთვის მოამზადონ. წელიწადში ერთხელ ცხრა ტყვია კი არ უნდა ასროლინონ, არამედ უფრო ხშირად გაიყვანონ, მეტი მომზადება ჩაუტარონ, მეტი ასწავლონ. ვინ უშლის ამას, არავინ. ეს თვითონვე უნდა დაგეგმონ და თვითონვე განახორციელონ. საკონტრაქტო სამსახური კი არის უკეთესი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხდება ბუნებრივი დანაკლისიც, დაღუპულების ან დაჭრილების სახით და მათი შევსება უკვე პრობლემას ქმნის.
- როგორ უნდა ხდებოდეს მათი შევსება?
- პირველ რიგში, რეზერვიდან უნდა მოხდეს მათი შევსება. ეს ყველაზე კარგი იქნებოდა. ახლა მუშავდება სარეზერვო-სამობილიზაციო სისტემა.
- წლის ბოლომდე დაიდება, როგორც გენერალმა კაპანაძემ განაცხადა...
- დიახ. რაც მუშავდება, ეს სისტემა უკეთესია, რაც აქამდე იყო, მას ჯობია, მაგრამ მის ამოქმედებას წლები სჭირდება, რადგან ასე მარტივი არ არის. წარმოიქმნება ის ვაკუუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ არც სავალდებულო-სამხედრო სამსახურში არ იქნებიან წვევამდელები და არც რეზერვის სისტემა არ იქნება ამუშავებული. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორ მოხდება საკონტრაქტო სისტემის შევსება.
- გამოსავალი რა არის?
- ყველაფერს ჯობდა, რომ ამუშავებულიყო სარეზერვო სისტემა და შემდეგ მომხდარიყო გაწვევაზე უარის თქმა.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხიდაშელი აცხადებს, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ, ნატოსკენ და იქ მონური შრომის ადგილი არ არის...
- როდესაც საუბარია სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, იქ სიტყვა „მონის“ ადგილი არ არის. არ შეიძლება ამ სიტყვის გამოყენება. რაც შეეხება ნატოს, ნატოში შესვლა სულაც არ ნიშნავს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმებას. პირიქით, ნატოს წევრმა ლიტვამ სავალდებულო-სამხედრო სამსახური აღადგინა. რადგანაც მიხვდა, რომ საჭირო იყო. ამ ხალხს „მონები“ კი არ უნდა ვეძახოთ, არამედ რეალურად მოვამზადოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მეტმა საქართველოს მოქალაქემ იცოდეს, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში, თუნდაც იარაღის ხმარება, უნდა იცოდეს ბრძანების შესრულება და ა.შ. ეს მოქალაქეებს გამოადგებათ არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სტიქიური უბედურების დროს.
- თინა ხიდაშელმა, როდესაც სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა, ითქვა, რომ ეს იყო ოპოზიციაში მიმავალი მინისტრის პოლიტიკური განცხადება, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ გენერალ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეს იყო სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც მხოლოდ გაახმოვანა მინისტრმა. ლევან იზორიას განცხადებით, მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილების შესწავლა. არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება გადაიხედოს. აშკარაა, რომ გენერალი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრი ლევან იზორია ერთ პოზიციაზე არ არიან. ეს შექმნის გარკვეულ პრობლემას?
- ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ინიციატორი იყო გენერალური შტაბი. ახალი თავდაცვის მინისტრის განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს, ეს ნიშნავს იმას, რომ გენშტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრი ერთად უნდა დასხდნენ, ერთად გააანალიზონ და ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თავდაცვაში გენერალური შტაბი და გენშტაბის უფროსი პირადად არის ჯარისკაცებზე პასუხისმგებელი პირი. თუ გენშტაბის უფროსი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება ეს სამსახური, მაშინ ნუ აღადგენენ. თუმცა, მე ვიცი, რომ სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების დანაკლისია, ხალხი აკლიათ და იმ კონტრაქტით მომსახურე პირებს საყარაულო სამსახურში უწევთ სიარული.
- ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული, მას მაინც სჭირდება სამხედრო სულის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გაივლის და ა.შ. ეს ლირიკაა?
- არავითარი ლირიკა, ეს არის ის რეალობა, რომელიც გვაქვს. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ჯარში ვიმსახურე, საბრძოლო ავიაციაში, მივიღე გარკვეული უნარები, ცოდნა, რაც მე პირადად აფხაზეთის, ცხინვალის ომში გამომადგა. ამიტომ გენერალურ შტაბს არავინ უშლის, რომ წვევამდელები უფრო ხშირად სავარჯიშოდ ველზე გაჰყავდეს, მეტი სამხედრო მომზადება გაატაროს, ვიდრე ყარაულში ჰყავდეს ეს ახალგაზრდები.
- ყოფილი თავდაცვის მინისტრი პრემიერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ კარგი გზავნილი არ არის, ახალი მინისტრი ლევან იზორია სუს-იდან რომ არის. თუმცა, არაერთი მაგალითი დასახელდა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, სადაც უშიშროების ჩინოსნები თავდაცვის მინისტრებად რომ ინიშნებოდნენ...
- არამხოლოდ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოშიც იყო მსგავსი მაგალითები. უშიშროებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან არაერთი გადმოსულა თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პოზიციაზე. ამის არაერთი მაგალითის დასახელება შემიძლია. აქ მე უფრო სხვა რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას – იმაზე, რაც ლევან იზორიამ განაცხადა – რამდენიმე საათით ადრე გავიგე, რომ თავდაცვის მინისტრად ვინიშნებოდია. არადა, თინა ხიდაშელი რომ მიდიოდა მინისტრის პოსტიდან, ეს კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი. არა მგონია, [ასეთი სწრაფი დანიშვნა] სწორი მიდგომა იყოს.
„ახალი თაობა“, 09 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ლევან იზორიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს“ // რუსეთის დაზვერვას საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელი მიუწვდება“
რატომ დაუპირისპირდნენ ყოფილი და მოქმედი თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს, წამოიღო თუ არა ხიდაშელმა სამინისტროდან საიდუმლო მასალები, რატომ არ უნდა იყოს მინდია ჯანელიძე თანამდებობაზე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის შემცვლელ ლევან იზორიას სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს და ამბობს, რომ მისი ნათესავები „ოცნების“ ოფისში დანებს ატრიალებდნენ. თქვენი აზრით, ამაზე ხიდაშელმა მხოლოდ ახლა რატომ ატეხა ხმაური, იზორიას აქამდეც ხომ მაღალი თანამდებობები ეკავა?
_ ეს განცხადებები და საერთოდ თინა ხიდაშელის აქტიურობა მეც თვალში მეცა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე შევიდა და მათი გადაღება აწარმოა. თანამდებობიდან გადამდგარმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მისთვის ამის შესახებ ცნობილი იყო. მას, წესით და რიგით, ამაზე რეაგირება მაშინვე უნდა მოეხდინა, როცა ეს ამბავი გაიგო. მან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რაც ეს ამბავი საჯარო გახდა. ცხადია, ცუდი არ არის, ამაზე თავის პოზიციას თუნდაც ყოფილი მინისტრი რომ აფიქსირებს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ხიდაშელი ამ დანაშაულზე მინისტრის პოსტზე ყოფნისას ისაუბრებდა. ასეთ შემთხვევაში მომავალში თავიდან პრობლემების აცილება უფრო იოლი იქნებოდა. როცა პრობლემა მიჩქმალულია, როგორც წესი, ის ნებისმიერ დროს შეიძლება წინ დაგხვდეს.
რაც შეეხება იზორიას მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს. მოქმედი და ყოფილი თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ფაქტიურად პინგ-პონგს ეთამაშებიან. თინა ხიდაშელმა შემცვლელს წამოაძახა, შენი ნათესავები „ქართული ოცნების“ ოფისში დანას ატრიალებდნენ და იმუქრებოდნენო. ეს არ გახლავთ მსუბუქი ბრალდება. ამაზე, წესით, გამოძიებაც უნდა დაწყებულიყო. უნდა გაირკვეს, რას ისახავდა მიზნად ეს მუქარა და მოდიოდა თუ არა ის უშუალოდ ლევან იზორიასგან. წინასაარჩევნოდ მსგავსი თემების წამოწევა ნორმალური არ არის, მაგრამ სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს ფაქტი.
- ოპოზიციის ნაწილი მთავარ პროკურატურას თინა ხიდაშელის დაკითხვას სთხოვს. მინისტრის პოსტიდან წამოსულმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მას შეუძლია იმ დოკუმენტების გასაჯაროება, რომელიც ბევრისთვის სასიამოვნო არ იქნება. ოპოზიცია ეჭვობს, რომ მან შესაძლოა ხელს გამოაყოლა საიდუმლო დოკუმენტები. ამაზე რას იტყვით?
- დოკუმენტაცია არის საჯარო და არის საიდუმლო. თუ ხიდაშელი იმ ინფორმაციაზე საუბრობს, რომელიც საჯაროა ან წერილობით შეიძლება მათი გამოთხოვა, ამ დოკუმენტების გასაჯაროება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო თუ თინა ხიდაშელი რაიმე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებაზე საუბრობს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ აღარ არის თავდაცვის მინისტრი და მას საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება ეკრძალება. საერთოდ, ნებისმიერ საიდუმლო დოკუმენტს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ იცავს. მისი გასაჯაროების უფლება არც თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აქვს და არც იქედან წამოსულს.
- თინა ხიდაშელი იურისტია და არ იცის ეს ამბავი?
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი კარგი იურისტია და უნდა იცოდეს. მე არ ვიცი, რა ტიპის ინფორმაციის გაჟღერებას აპირებს ის. შესაბამისად გამიჭირდება იმის თქმა, უნდა დაკითხოს თუ არა ის პროკურატურამ.
- თქვენი აზრით, დაცულია თუ არა საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოება?
- სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოება დაცული არ არის. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უდიერად ეპყრობიან მაღალი რანგის ჩინოსნები სახელმწიფო საიდუმლოებას. ისე აჟღერებენ მათ, თითქოს მათ კანტორაში ბეჭედდარტყმული რაღაც დოკუმენტები იყოს. თინა ხიდაშელზე რამის თქმა ნაადრევია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში გაამხილა სახელმწიფო საიდუმლო. ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოს აგენტი იყო. ამით მან საქართველოს სპეცსამსახურებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას და იქ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამ ადამიანმა უნდა შეიგნოს, საიდუმლო იმიტომ კი არ იცის, რომ ირაკლი სესიაშვილია, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა სახელმწიფო საიდუმლოს აქვს თავისი ხანდაზმულობა. ზოგიერთის გასაჯაროება 5 წლის შემდეგ შეიძლება, ზოგს 10 წელი სჭირდება. ზოგიერთი საერთოდ ბოლომდე საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ის პირები, ვისაც თანამდებობაზე ყოფნისას სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელი მიუწვდებოდა, კანონით ვალდებულები არიან, შეინახონ საიდუმლო. ამ ქვეყანაში კი სახელმწიფო საიდუმლოს დაცვას ვინ ჩივის, საიდუმლო ობიექტებიც კი აღარ არის საიდუმლო. არადა, ეს ობიექტები ომის დროს უნდა იყოს ქვეყნის ფარი. ეს ობიექტები მკაცრად არის გასაიდუმლოებული და მის შესახებ მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. იქ გარეშე პირის მოხვედრა დაუშვებელია. საქართველოში კი ესეც შესაძლებელია. გაერთიანებული შტაბების ყოფილმა უფროსმა გააჟღერა სკანდალური ინფორმაცია. გავიგეთ, რომ საიდუმლო ობიექტებზე შევიდა ტრისტან წითელაშვილი. მან ეს ობიექტები გადაიღო და რუსეთის დაზვერვას გადასცა. ტრისტან წითელაშვილის წარსულიდან გამომდინარე ეს არ მიკვირს, მაგრამ როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ მან იცოდა, ეს უკვე კატასტროფაა.
- რომელ ექსმინისტრზე საუბრობთ, თინა ხიდაშელზე თუ მინდია ჯანელიძეზე?
- მინდია ჯანელიძეზე. ეს ამბავი მისი მინისტრობის დროს მოხდა. მინდია ჯანელიძეს დღეს კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი უკავია. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს. ის ტრისტან წითელაშვილის თანამონაწილეა.
- რატომ არის თანამონაწილე. იქნებ მან ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით გაიგო?
- ეს ცალკე უბედურებაა თუ საიდუმლო ობიექტებზე გარეშე პირის მოხვედრის შესახებ გვიან იგებს. ხოლო თუ მაშინვე გაიგო და ამაზე რეაგირება არ მოახდინა, გამოდის, რომ თანამონაწილეა. საერთოდ, მინდია ჯანელიძისგან ასეთი რამე არ მიკვირს. უკრაინაში იბრძვიან ქართველი მოხალისეები. რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდევაც ოკუპანტებთან ბრძოლაში. პირველი მსხვერპლი ალექსანდრე სუხიაშვილი იყო. მინდია ჯანელიძე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვალდებული იყო, მისულიყო ოჯახში და სამძიმარი ეთქვა. ამის ნაცვლად მან განაცხადა, რომ რას მიდიოდა სხვის მიწაზე საომრადო.
ჯერ ერთი, რატომ არის უკრაინა სხვისი მიწა? აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩვენს მხარეს იბრძოდნენ უკრაინელები. ქართველები მათთან ვალში ვართ. როცა უკრაინასაც ანალოგიური პრობლემა დაუდგა, რამდენიმე ათეული ქართველი წავიდა მოხალისედ უკრაინაში საერთო ოკუპანტთან საომრად. ამ განცხადებას მაშინ საზოგადოების მხრიდან დიდი ხმაური მოჰყვა. ჯანელიძემ შეცვალა თავის პოზიცია. ახლა იგივე ჯანელიძე ამბობს, რომ თურმე წითელაშვილის შესვლა საიდუმლო ობიექტზე მხოლოდ რეჟიმის დარღვევა ყოფილა. ჯანელიძის და წითელაშვილის წყალობით, დღეს საიდუმლო ობიექტები, რომლებიც ომში ჩვენი ფარი უნდა ყოფილიყო, მტრისთვის ცნობილია.
- გამოდის, რომ საქართველოში არც სახელმწიფო საიდუმლოებაა დაცული და არც საიდუმლო ობიექტები...
- დაუცველია. მტრის დაზვერვას ჩვენს სახელმწიფო საიდუმლოებაზე თავისუფლად შეუძლია გაიარ-გამოიაროს.
„რეზონანსი“, 09 აგვისტო, 2016 წელი
„ოცნება“ ქალების გარეშე
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებში არსებულ გენდერულ დისბალანსს საარჩევნო სიით დააბალანსებენ
თიკო ოსმანოვა
გენდერული დისბალანსი “ქართულ ოცნებაში” – ამ ეტაპისთვის მმართველმა პარტიამ 44 მაჟორატარობის კანდიდატი დაასახელა და მათ შორის არცერთი ქალი არ არის. სახელისუფლებო პარტიაში ამას რეგიონებში გამეფებულ პატრიარქატს უკავშირებენ და იმედოვნებენ, რომ არსებულ დისბალანს საარჩევნო სიით გამოასწორებენ.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გუგული მაღრაძის თქმით, რეგიონებში კანდიდატებად მაღალი შანსის მქონე პირები შეარჩიეს.
“გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში ქალისთვის მაჟორიტარად გასვლა ძნელია, იმიტომ, რომ რეგიონებში მამაკაცები ინარჩუნებენ ლიდერის პოზიციას და ოჯახის წევრებზე გავლენას ახდენენ. თბილისში უფრო შეიძლება ქალისთვის მაჟორიტარობა, იმიტომ, რომ აქ მაინც სხვა ტიპის ურთიერთობაა. რაიონებში ძნელია, იმიტომ, რომ პატრიარქატი ჯერ კიდევ არის. კი, არიან ერთეული ქალები, რომლებიც ძალიან აქტიურობენ, მაგრამ ტერმინი – “ქალი ოჯახში უნდა იყოს” და სხვა ჯერ კიდევ მუშაობს.
მაჟორიტარობის კანდიდატებად შიდა გამოკვლევებით მაღალი შანსების მქონე პირები შეირჩა. მენტალობაა ასეთი, განსაკუთრებით რაიონებში, ქალებიც კი ხშირად ხმას მამაკაცებს აძლევენ. როცა პარტიას უნდა, რომ არჩევნები მოიგოს და მითუმეტეს მაჟორიტარული სიით, რომელიც თვითონ ინდივიდზეა დამოკიდებული, მაშინ პარტია ამას წყვეტს იმის მიხედვით, თუ ვის უფრო მეტი შანსი აქვს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გუგული მაღრაძე. მისივე თქმით, არსებულ დისბალანსს პროპორციული სიით გამოასწორებენ: “სიებში, ვფიქრობ, გენდერული ბალანსი დაცული იქნება. როგორც იცით, ჩვენი 15 ახალი სახიდან 8 მანდილოსანია. პროპორციულში უფრო ადვილია, იმიტომ, რომ სახეები შეგიძლია შეარჩიო იმ პრინციპით, რომელიც პარტიას აქვს. ჩვენი პარტია მხარს უჭერს, რომ ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული, მაგრამ აქ არის უკვე პრაგმატული მოსაზრება – გვინდა მოვიგოთ რაიონები და ეს რომ გვინდა, ჯობია გვყავდეს ისეთი ადამიანები, ვისაც უფრო მეტი შანსი აქვს. რაიონებში ფიქრობენ, რომ მმართველობაში მამაკაცები უნდა იყვნენ”, – გვითხრა გუგული მაღრაძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი – ეკა ბესელიაც იმედოვნებს, რომ გენდერულ ბალანსს ზოგადად საარჩევნო სიაში დაიცავენ. “იმედი მაქვს, საერთო ჯამში სია ისე იქნება წარმოდგენილი, რომ გენდერული ბალანსი დაცული იქნება. ეს იქნება მაჟორიტარული თუ პროპორციული წარმომადგენლობა, მთავარია, ბალანსი იყოს დაცული და მეტი ქალი იყოს ჩვენს საარჩევნო სიაში”, – გვითხრა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ 44 საარჩევნო ოლქში საკუთარი მაჟორატარობის კანდიდატები უკვე დაასახელა. დასახალებული კანდიდატები სულ მამაკაცები არიან.
“ოცნების” მხრიდან გენდერული ბალანსის დარღვევას არამიზანმიმართულად მიიჩნევს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია. მისი თქმით, ეს აისახება თუ არა უარყოფითად “ოცნების” რეიტინგზე, ეს დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებზე – თუ როგორ მიაწვდიან ამას საზოგადოებას.
“სასურველი იქნებოდა, რომ მაჟორიტარულ სიაში ქალებიც ყოფილიყვნენ. თუ სხვა პარტიამ აღმოაჩინა არაერთი საინტერესო ქალბატონი, სავსებით შესაძლებელი იყო, ეს “ოცნებსაც” მოეხერხებინა. თუმცა, ვფიქრობ, მიზანმიმართულად არ მოხდებოდა გენდერული ბალანსის დარღვევა. ზოგადად, “ოცნების” მაჟორიტარების საკითხი კიდევ სხვა თემაა – თუ რა პრინციპით არიან შერჩეულები, გაურკვეველია. ამიტომ ვფიქრობ, ამავე გაუგებრობაში მოხდა გენდერული საკითხიც. აქ გადამწყვეტი კრიტერიუმი იყო, თუ ვის მეტი შანსი აქვს არჩევნებში გამარჯვების. შესაბამისად, ბევრ სხვა საკითხს ყურადღება არ მიაქციეს, მათ შორის ქალბატონების თემასაც. თუ ამ საკითხს ისე შეფუთავენ “ოცნების” ოპონენტები, რომ თითქოს “ოცნების” მხრიდან ეს მიზანმიმართულად მოხდა, ამას შეიძლება გარკვეული ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, საერთო ჯამში არ მგონია, რაიმე გავლენა იქონიოს.
არა მგონია, რომ მოქალაქეების სტატისტიკური უმრავლესობა ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურდაღებას აქცევდეს. ასე რომ, გააჩნია, როგორ შეფუთავენ “ოცნების” ოპონენტები. შეიძლება ისე წარმოაჩინონ, რომ “ოცნების” რეიტინგზეც იმოქმედოს”, – გვითხრაარჩილ გამზარდიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 2012 წლის მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 17 ქალია. ანუ, ჯამში 11.3%. “ინტერ-საპარლამენტო კავშირის” 2015 წლის მონაცემებით, ამ შედეგით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილს იკავებს.
„რეზონანსი“, 09 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ჩვენს მხარდამჭერებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან“
ნინო ქეთელაური
“ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სოციალური დახმარებების მოხსნის მუქარას მასობრივი სახე აქვს. შინაარსი არის ერთი და იგივე – თუ ჩვენი პარტიის წევრია, დატოვონ პარტია, თუ მხარდამჭერია, შეწყვიტონ ჩვენი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ პარტიის – “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე “რეზონანსთან” საუბრობს. მისი ვარაუდით, წინასაარჩევნო გარემო სექტემბერში კიდევ უფრო დაიძაბება და მმართველი ძალა “შავ პიარს” ისეთი ძალების მიმართ გაააქტიურებს, როგორიც არის პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის”.
- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს, დაძაბულობა რამდენად იგრძნობა?
- თუ ახლანდელ წინასაარჩევნო გარემოს წინა, 2012 წლისას შევადარებთ, რა თქმა უნდა, არსებითი განსხვავებაა. დღეს ფიზიკურ ძალადობა არ არის, ისევე როგორც ტერორი, მაგრამ სხვა თვალსაზრისით, დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩია, რომ წინას კვალს გაჰყოლოდა.
რაც შეეხება იმას, თავად პარტიებს შორის არის თუ არა დაძაბულობა, ეს ამ ეტაპზე ნაკლებად შეიმჩნევა, თუმცა, წითელი ხაზი გადის პრორუსულ და პროდასავლურ პარტიებს შორის. პრორუსული პარტიების მხრიდან ძალიან აშკარაა იმის მცდელობა, რომ როგორმე დესტაბილიზაციის მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში. გამაღიზიანებლად იქცევიან. მაშინ, როდესაც აგვისტოს ომის მერვე წლისთავია ქვეყანაში, ამ ტიპის პარტიების მხრიდან აქციებით, საბჭოთა სოციალისტური სიმბოლიკის გამოყენებით შეურაცხყოფა გაცილებით უფრო მძაფრია. კიდევ უფრო დაძაბულობას მე სექტემბერში ველოდები, როდესაც ხელისუფლების მხრიდან შავი პიარი მაქსიმალურად გააქტიურდება, განსაკუთრებით ისეთი პარტიების მიმართ, როგორიც ჩვენი პარტიაა იქიდან გამომდინარე, რომ ღია კონკურენციას ვუწევთ არსებულ ხელისუფლებას, ვართ ახალი და ბნელი წარსულის არმქონე ძალა.
ამიტომ ხელისუფლებას ყველაზე დიდ დისკომფორტს ჩვენთან ოპონირება უქმნის და შავი პიარის დიდი ნაწილი ჩვენსკენ იქნება მომართული, ისევე როგორც, პარტიის შიგნით დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, მაგრამ, ჩვენი პარტიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღემდე ამას შედეგი არ მოჰყოლია.
- ხომ არ ხდება თქვენს აქტივისტებზე ზეწოლა?
- არაერთი შეთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ჩვენი პარტიის წევრებზე ხდება ზეწოლა. მაგალითად, სიღნაღში მივიდნენ ჩვენს თანამშრომელთან და სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით აიძულეს, დაეტოვებინა ჩვენი პარტია. უფრო სწორად, დაეტოვებინა ის საქმე, რასაც ჩვენთან აკეთებდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო მხარდამჭერთა სიების შეგროვებაზე. ეს არ არის ცალკეული გამონაკლისი. ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სოციალური დახმარებების მოხსნის მუქარას მასობრივი სახე აქვს. შინაარსი არის ერთი და იგივე – თუ ჩვენი პარტიის წევრია, დატოვოს პარტია, თუ მხარდამჭერია – შეწყვიტოს ჩვენი მხარდაჭერა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ვანში საარჩევნო კომიტეტში ჩვენი წარმომადგენლის მამას შეურაცხყოფა მიაყენეს ხონსა და ვანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის და ვანში გამგებლის თანდასწრებით. მოტივი იგივე იყო, რომ მას და მის ოჯახს შეეწყვიტა ჩვენი მხარდაჭერა. ამავდრიულად ეს ადამიანი იყო საჯარო მოხელე და ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საჯარო მოხელეებზეც ზეწოლა მიმდინარეობს.
- როდის გამოქვეყნდება თქვენი საარჩევნო სია?
- ჩვენ აქტიურად ვემზადებით მაჟორიტარობის კანდიდატების წარსადგენად და აგვისტოს ბოლომდე წარვადგენთ. შემდეგ უკვე სიის პრეზენტაცია მოხდება.
- რამდენკაციანი იქნება საარჩევნო სია, სრულად დააკომპლექტებთ?
- რა თქმა უნდა. თუ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ მომავალ პარლამენტში სოლიდურად იყოს წარმოდგენილი და მის გარეშე არ მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება, უპირველეს ყოვლისა ვართ ჩვენ. გვყავს ყველაზე პოპულარული ლიდერი, გვაქვს ყველაზე ამბიციური და კვალიფიციური საარჩევნო პროგრამა, პაატა ბურჭულაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ პროფესიონალთა ახალი გუნდი წარუდგინოს ამომრჩეველს და ჩვენი ამბიცია არის სრულიად დასაბუთებული.
- ყველა რეგიონში წარადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს?
- ჩვენი გეგმა ასეთია.
- თქვენს მაჟორიტარებში ხომ არ ვიხილავთ ყოფილი ხელისუფლებების დროს მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირებს?
- მე არ შემიძლია მაჟორიტარობის კანდიდატების დაანონსება. ამის პრეროგატივა აქვს მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს.
- ხმების რამდენი პროცენტის მიღებას ვარაუდობთ?
- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ დარჩენილ 2 თვეში სრულად მობიზილებას, ჩვენი პროგრამის კვალიფიციურად დაყვანას თითოეულ ამომრჩევლამდე; ასევე დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე, რომ არ გააყალბოს არჩევნები. ერთი, რაც დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება ძალიან რთული იქნება, თუ არა წარმოუდგენელი.
- რომელიმე პარტიასთან კოორდინირებულ მუშაობას თუ აპირებთ?
- ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველა საარჩევნო ოლქში წარვადგინოთ მაჟორიტარობის კანდიდატი.
- ეს გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას?
- ამ ეტაპზე ჩვენ იმის ყველა რესურსი გვაქვს, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ სრულიად ინოვაციური მიდგომები, ისევე, როგორც სრულიად ახალი და პროფესიონალი გუნდი. თუმცა, ახალში არ იგულისხმება მხოლოდ ასაკი, რადგან ძალიან ბევრი სხვადასხვა ასაკის ადამიანია, რომელთა პროფესიონალიზმი ხელისუფლებების მხრიდან იყო დაუფასებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი კარი როგორც მაჟორიტარული, ისე სიის თვალსაზრისით ღიაა საქართველოს ყველა პოფესიონალისთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.
„რეზონანსი“, 09 აგვისტო, 2016 წელი
წლის ბოლომდე ქვეყნიდან 1,6 მლრდ დოლარს “გაზიდავენ”
ახლა საგარეო ვალების მომსახურების პიკი დადგა და ეს ლარის კურსზეც მოახდენს გავლენას
ელზა წიკლაური
საქართველოს წლის ბოლომდე კიდევ 1,628 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი. ეს თანხა მე-3 და მე-4 კვარტალში როგორც სამთავრობო, ასევე სხვა სექტორებმა კრედიტორებს უნდა გადაუხადონ. ამ მხრივ უმძიმესი პერიოდი გველის 2017 წლის დასაწყისშიც. მარტო პირველ კვარტალში ვალის მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 811 მლნ დოლარი უნდა გავიდეს. ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება კი ეროვნული ვალუტის კურსს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ სექტემბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მე-3 კვარტალში საგარეო ვალის მომსახურებისთვის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა მთლიანად 828,5 მლნ დოლარი უნდა გადაიხადოს. აქედან, სამთავრობო ვალია – 54,4 მლნ დოლარი, ეროვნული ბანკის – 4 მლნ დოლარი, კომერციული ბანკების – 247,6 მლნ დოლარი, სხვა სექტორის ვალი 342,6 მლნ დოლარს აღწევს, კომპანიათაშორისო სესხების მოცულობა კი 179,9 მლნ დოლარს შეადგენს.
გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობა შედარებით მცირდება მე-4 კვარტალში, წლის ბოლოს ვალების მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 800 მლნ დოლარი გავა. ამ თანხიდან სამთავრობო სექტორს 64,3 მლნ დოლარის, ეროვნულ ბანკს კი 2 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევს. მე-4 კვარტალში კომერციულმა ბანკებმა 187,1 მლნ დოლარის საგარეო ვალი უნდა გადაიხადონ და სხვა სექტორმა კი – 362,1 მლნ დოლარი. კომპანიათაშორისო სესხების მოცულობა კი 184,6 მლნ დოლარს შეადგენს.
გასასტუმრებელი საგარეო ვალის მხრივ დამაიმედებელი არც 2017 წლის პირველი კვარტალია. იმ დროს სამთავრობო და სხვა სექტორებს მთლიანად 811,1 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევთ. აქედან სამთავრობო სექტორმა საგარეო ვალის მომსახურებისთვის 48,4 მლნ დორლარი უნდა გადაიხადოს, სებ-მა – 4 მლნ დოლარი, კომერციულმა ბანკებმა – 238,5 მლნ დოლარი და სხვა სექტორმა – 342,8 მლნ დოლარი. სებ-ის ინფორმაციით, კომპანიათაშორისო სესხების მომსახურებისთვის მომავალი წლის პირველ კვარტალში 177,5 მლნ დოლარის გასტუმრება უნდა მოხდეს.
როგორც ჩანს, მომავალი 3 კვარტალის განმავლობაში ქვეყნიდან დამატებით 2,439,6 მლრდ დოლარი გავა, რაც თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის კურსზეც გარკვეულ გავლენას მოახდენს. ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, როდესაც ძლივს გამყარებული ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, ეკონომისტები ამას სწორედ საგარეო ვალის დაფარვის მიმდინარეობას უკავშირებდნენ.
ანალიტიკოსი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ წელს საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორს, მთლიანობაში გადასახდელი ჰქონდა 4,780 მლრდ დოლარის საგარეო ვალი. ეს არის პიკური მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ს შეადგენს.
“აქედან გამომდინარე, ჩვენ 2016 წელს გვაქვს ადრე აღებული ვალის დაფარვის პიკი და სწორედ ეს “ურტყამს” მნიშვნელოვნად ლარის კურსს. გაცილებით უმჯობესდება მდგომარეობა 2017 წლიდან, როცა დასაფარი ვალი 2,5 მლრდ-ს ფარგლებშია და ეს ვითარებას საგრძნობლად შეამსუბუქებს. მომავალ წელს გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობა მშპ-ს 16%-ის ფარგლებშია, 2018-ში კი – 7%. ასე რომ, ჩვენ წელს პიკურად ვემსახურებით საგარეო ვალს, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, არსებობს ფაქტორებიც, რომელიც ლარის კურსზე დადებით გავლენას ახდენს, მათ შორის ის, რომ გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები, მომატებულია სააქციო კაპიტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებების წილი და ამასთან, გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი:
“ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ლარის გამყარების პერსპექტივას ზრდის და აძლიერებს იმას, რამაც ლარი უნდა გაამყაროს. ახლა, ვინაიდან ვალის გადახდის პროცესი პიკურ ფაზაშია შესული, ლარი ამიტომაც არის ამ ნიშნულზე დაბალანსებული, მაგრამ ტურისტების ზრდა, ინვესტიციების მატება ქმნის იმის საფუძველს, რომ ლარი მომავალში აუცილებლად გამყარდება.
მოკლედ, ვალის გადახდა წელს ჩვეულებრივ მოხდება, შემოდგომაზე მისი წნეხი ეკონომიკაზე შედარებით შემცირდება და, ბუნებრივია, გაზრდილი ინვესტიციები ლარს გამყარების უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. მე ველოდები, რომ მე-4 კვარტალში ლარის გამყარება აუცილებლად მოხდება”, – დასძინა დუნდუამ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტს ემზარ ჯგერენაიას. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შარშანდელდთან შედარებით, 30%-ით მაინც არ გაიზარდა, წლის ბოლოს ეროვნული ვალუტა სავარაუდოდ, 15-20 თეთრით კიდევ გაუფასურდება.
“წლის ბოლომდე ლარს ძალიან სერიოზული წნეხი ელის, ეს გამოწვეული იქნება არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ ვალის გასტუმრების თვალსაზრისითაც. ვალის გასტუმრება, ანუ იგივე უკუსტერილიზაცია და ლარის დოლარებში გადახუდავება, ცხადია, რომ კურსის დაცემას გამოიწვევს. ამიტომ, თუ ინვესტიციები არ გაიზრდება წინა წლის მონაცემებთან შედარებით 30%-ით მაინც, მაშინ საგარეო ვალის მომსახურებისთვის დოლარის ამოღება ბაზარზე ლარის კურსის დაცემას გამოიწვევს.
რაც შეეხება იმას, თუ რა ნიშნულზე შეიძლება ლარის კურსი დაბალანსდეს, ძალიან რთულია. თუ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იმ დიაპაზონში დარჩა, რაც ახლაა, არ გაიზარდა ინვესტიციები, მაშინ ლარზე ზეწოლის მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 35% და წლის ბოლოს ვალუტაც დაახლოებით 15-20 თეთრით გაუფასურდება”, – დასძინა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ემზარ ჯგერენაიამ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ საგარეო ვალის მომსახურების გადახდისას აუცილებელია, რომ სებ-მა და ფინანსთა სამინისტრომ კოორდინირებულად იმუშაონ, რათა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით დოლარის გასვლა ლარზე მორიგი ზეწოლის მიზეზი არ გახდეს.
“ბოლო პერიოდში ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეჩერდა. სხვა შემთხვევაში, ლარი აღარ უნდა გაუფასურებულიყო 2,34-2,35-ის ნიშნულზე. რაც შეეხება საგარეო ვალს, თუ მისი გადახდა მოხდა ისე, რომ სებ-მაც გაითვალისწინოს ეს მომენტი და კოორდინირებულად იმუშაოს მთავრობასთან ერთად, ლარი აღარ გაუფასურდება. თუკი ეროვნულმა ბანკმა ისევ ისე გააგრძელა მოქმედება როგორც აქამდე, მაშინ ლარი აუცილებლად გაუფასურდება. ამიტომ სებ-თან კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რომ საგარეო ვალის მომსახურების პერიოდი ლარზე მტკივნეულად არ აისახოს”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ქვეყნიდან ყოველწლიურად იმპორტის მომსახურებისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარი გადის. თუ ამას საგარეო ვალის მომსახურებასაც დავუმატებთ, რაც წელს პიკურ მაჩვენებელზეა, გამორიცხული არ არის, რომ მან ლარის კურსის ფორმირებაზე ნეგატიური გავლენა მართლაც მოახდინოს.
ლარის კურსის ცვალებადობასთან საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით. მარტში, პირველი კვარტალის მიწურულს, ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დაეცა. ლარი გაუფასურდა მეორე კვარტალის მიწურულსაც, რაც ერთი მხრივ, მიანიშნებდა იმას, რომ კვარტალის ბოლოს ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულების გასტუმრების პერიოდი ჰქონდათ და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვა განახორციელეს. მესამე კვარტალის ბოლო კი სექტემბერში უწევს და გამორიცხული არაა, რომ ლარმა მორიგი ვარდნა სწორედ წინასაარჩევნოდ განიცადოს.
„რეზონანსი“, 09 აგვისტო, 2016 წელი
სოხუმს შეიძლება სახელი გადაარქვან
აფხაზური ინტელიგენციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქისათვის ყველაზე შესაფერისი ახალი სახელი “ამრა” იქნება
ლიკა გურაბანიძე
აფხაზეთში სოხუმისათვის სახელის გადარქმევაზე მსჯელობენ. სოხუმის უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი რამგარ მარშანი მიიჩნევს, რომ სოხუმს “ამრა” უნდა ეწოდოს. ამ მოსაზრებას აფხაზეთში გარკვეული რაოდენობის მომხრეები ჰყავს, თუმცა, ისტორიკოსები და ექსპერტების სხვადასხვა მიზეზების გამო, სოხუმისათვის სახელის გადარქმევას გამორიცხავენ. “ცნობილია, რომ “სოხუმი” – ეს თურქული კოლონიალური სახელწოდებაა. ყველაზე შესაფერისი დასახელება კი “ამრა” იქნება. ამ სიტყვას მშვენიერი მნიშვნელობა აქვს და სოხუმს შეეფერება, როგორც მზიან მხარეს. ამრა – ეს არა მხოლოდ სინათლე და სითბოა, არამედ სიცოცხლის ენერგიაცაა”, – განაცხადა რამგარ მარშანმა რუსულ “სპუტნიკთან” საუბარში. მისივე თქმით, ეს სახელწოდება მოსახერხებელია, რადგან “ამრა” იმის გარდა, რომ აფხაზური ფესვები აქვს, მსოფლიოში ყველა ენაზე ადვილად წარმოსათქმელია. გარდა ამისა, რამგარ მარშანი მიიჩნევს, რომ ახალ ათონსაც უნდა შეეცვალოს სახელი და დაერქვას “ამზა”.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის უნივერსიტეტის დოცენტის ამ ინიციატივას რამდენიმე მისი კოლეგაც უჭერს მხარს. ისტორიკოს გია ანჩაბაძის განმარტებით, “ამრა” და “ამზა” ორივე აფხაზური სახელწოდებაა. გია ანჩაბაძემ “რეზონანსთან” ქალაქის ადრეული და ამჟამინდელი სახელწოდების ისტორიაზე ისაუბრა. “ამრა აფხაზურად მზეს ნიშნავს, ამზა კი – მთვარეს. სოხუმს ყველაზე ადრე დიოსკურია (ძვ.წთ ქ საუკუნეში) ერქვა, შემდეგ – სევასტოპოლისი (ახ.წთაღ-ის პირველ საუკუნეში). საიდან მომდინარეობს ეს სახელწოდებები, ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა, ვარაუდით ასეა, რომ დიოსკურია ბერძნული სახელწოდებაა, ხოლო სევასტოპოლისი რომის იმპერატორის საპატივცემულოდ დაერქვა.
“რაც შეეხება დასახელება “ცხუმს”, იგი პირველად [მე-8] საუკუნის ამბებშია მოხსენიებული. რას ნიშნავდა ეს სახელწოდება – ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს და ზუსტად ვერ ვიტყვით. არსებობს აზრი, რომ ცხუმი სვანური, მეგრული ან აფხაზური სიტყვიდან მომდინარეობს.
“სახელწოდების ეს ფორმა “სოხუმ” და ქართული “სოხუმიც” თურქებმა [მე-16] საუკუნეში მისცეს და აქედან მოდის. “ცხუმი” კი, როგორც ჩანს, ამ თურქული სახელწოდების დამახინჯებული ვერსიაა.”სოხუმ” – ეს სახელწოდება ევროპულ წყაროებშიც მოხსენიებულია. სოხუმის აფხაზური სახელწოდებაა “აყუა” (სანაპირო ზოლიდან გამომდინარე დაერქვა). თუ რატომ ეწოდა ეს სახელი, ცალსახად ვერ ვიტყვით”, – განუცხადა “რეზონანსს” გია ანჩაბაძემ. მას ეჭვი ეპარება, რომ საბოლოოდ სოხუმს სახელი შეეცვალოს. “აფხაზეთის ომის შემდეგ ზოგიერთი დასახლებული პუნქტის ისტორიული სახელწოდებები აღდგა, მაგალითად, განთიადი – ცანდრიფში, ლესელიძე – გეჩრიფში, შრომა (მიხაილოვკა) – გუმა. მაგრამ არ მგონია, სოხუმს სახელი შეეცვალოს. ეს კონკრეტული ადამიანის მოსაზრებაა”, – აღნიშნა ისტორიკოსმა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, სოხუმისთვის სახელის გადარქმევა და მისთვის ამრას დარქმევა გამორიცხულია, რადგან თვითონ აფხაზი ხალხი ამას არ დაუშვებს და ეს მათთვის პრინციპის საკითხი იქნება.
“გამორიცხულია, სოხუმს სახელი გადაერქვას. დარწმუნებული ვარ, აფხაზური საზოგადოება ამას არ დაუშვებს. იმიტომ, რომ სოხუმი აფხაზების ცნობიერებაში ჩამჯდარი დასახელებაა. იქ ამ საკითხზე უამრავი საწინააღმდეგო არგუმენტი გაჩნდება. ეს პირადად მე პოპულისტურ განცხადებად მეჩვენება და დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება. რამგარ მარშანი ამბობს, რომ ამრას აფხაზური ფესვები აქვს. ე.ი. თავად აღიარებს, რომ სახელწოდება “სოხუმს” აფხაზური ფესვები არ აქვს – ეს თავისთავად საინტერესო ეპიზოდია, მაგრამ ამ სახელის გადარქმევა მაინც არ მოხდება, თუნდაც აფხაზების პრინციპების გამო. სოხუმისთვის სახელის გადარქმევას თვითონ აფხაზები შეუშლიან ხელს, რადგან, გარდა მათი ცნობიერებისა, სოხუმი საერთაშორისო დოკუმენტებშია აღნიშნული. ეს არც მოხდება და რომც მოხდეს, ეს არც არაფერს გამოიწვევს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.