globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 9th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „იგეგმება ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში“ // „რატომ ჰგონიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადაარჩენს ქვეყანას, არ ვიცი“

ახალი თაობა: როგორ ჩავაწყოთ ტენდერი

ვერსია: ვის აფარებს ხელს დეკანოზი გიორგი მამალაძე // ნანა კაკაბაძის სკანდალური ინფორმაცია

——————

ახალი თაობა“, 09 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „იგეგმება ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში“ // „რატომ ჰგონიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადაარჩენს ქვეყანას, არ ვიცი

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“  მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ფაქტობრივად, ორპარტიულს უწოდებდნენ. შეიცვალა ამ მხრივ რაიმე მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ?

- პირველ რიგში, თვალშისაცემია ბიძინა ივანიშვილის ჩაჩოჩება. მეათე თვეა, მას განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ბიძინა ივანიშვილის დადუმება ემთხვევა დონალდ ტრამპის მოსვლას აშშ-ის ხელისუფლებაში.

- ადრეც გითქვამთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ და დოანლდ ტრამპის საწინააღმდეგოდ აქტიურობდნენ. ასე იქცეოდა უკრაინის პრეზიდენტიც, თუმცა მას დონალდ ტრამპთან შეხვედრაც ჰქონდა...

- პეტრო პოროშენკო ქვეყნის ლიდერია და, პოლიტიკური ეტიკეტიდან გამომდინარე, მისი შეხვედრა გასაკვირი არ არის. ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, გაუჩინარებულია. მას ჩამორთმეული აქვს მართვის ძირითადი სადავეები. თუ ერევა, მხოლოდ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბიზნესი, ნაწილობრივ – ეკონომიკა და დაბალ დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები. თანამდებობიდან ივანიშვილი ჯერ კიდევ 2013 წელს წავიდა, თუმცა შემდეგ პროცესებში მონაწილეობდა და ხელისუფლებას აკონტროლებდა. ბოლო დროს ის თითქმის აღარაფერში ერევა. ეს 2012 წელსვე იყო ჩაფიქრებული. `ოცნება~ მოგვიანებით ისევ ნაცმოძრაობას უნდა ჩაენაცვლებინა.

- ვინ მართავს ამ ყველაფერს?

- საგარეო ძალები. ივანიშვილმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ქვეყანას მართავენ სხვები აშშ-ის საელჩოს მეშვეობით. მათი მიზანია ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმის გენერალური რეპეტიციაა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს.

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება ვითომ რეალურია?

- გეგმის მიხედვით, ყოფილი და მოქმედი ნაციონალები უნდა დაბრუნდნენ. პარტიების დასახელებებს მნიშვნელობა არა აქვს. ნაციონალური მოძრაობის გარდა, არიან მისგან გამოყოფილი ძალები, „ევროპული საქართველოთი“ და გირჩით დაწყებული, ვაშაძის პარტიით დამთავრებული. „ქართული ოცნება“ სავსეა პორტირებული ნაციონალებით.

- ფიქრობთ, რომ ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები უმრავლესობების შექმნას მოახერხებენ ბევრ საკრებულოში?

- მთელი მუშაობა აქეთკენ არის მიმართული. ერთად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 9 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სულს ხდიდნენ საქართველოს. ახლა ისინი გადანაწილებულები და ვითომ დაშლილები არიან. სინამდვილეში, ერთი მიზანი აქვთ – ძალაუფლების დაბრუნება. მათთან არიან „ოცნებაში“ მოკალათებული ნაციონალები. ამ გეგმის გამო ჩვენ, „ქართულმა იდეამ“, უარი ვთქვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ და ბოიკოტისკენ სხვა ნამდვილ ოპოზიციასაც მოვუწოდეთ.

- ამ არჩევნებში ბევრი პარტია მონაწილეობს...

- ზოგიერთი მათგანი ნაციონალებთან არის გარიგებული. ვინც ნაც-ქოცურ შეთქმულებაში არ მონაწილეობს და მაინც ჩართულია ამ თამაშში, ის მოტყუებულია. ამ პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ გამოიყენებენ და გამოწურული ლიმონივით მოისვრიან.

- რომელი გარე ძალები ეხმარებიან ნაცმოძრაობას?

- ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით ისევ აქტიურია, თუმცა მისი აღსასრული მოდის. ტრამპის ადმინისტრაციას ჯერჯერობით მოწინააღმდეგეები არ აძლევენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას. საქართველოში გადაწყვეტილებებს ლიბერალური ინტერნაციონალი იღებს. არჩევნების შედეგებსაც ის ადგენს.

- დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო და ნაციონალებთან დაპირისპირებული საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ მალე ბიძინა ივანიშვილის თანხმობით დაბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ეროვნულ ძალებს შემოიკრებს...

- რატომ ჰგონიათ, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გადაარჩენს ქვეყანას, არ ვიცი. კოაბიტაცია მის დროს დაიწყო. 30.000 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს ეხება და უნდა გადასინჯულიყო პროკურატურაში, არ გადასინჯულა. ღარიბაშვილის დროს მიიღო მაშინდელმა პარლამენტმა დისკრიმინაციული კანონი, რომლის წინააღმდეგ პირადად პატრიარქი სამჯერ გამოვიდა. უწმინდესის მოსაზრება არ შეისმინეს და დააკანონეს უკანონობა. ირაკლი ღარიბაშვილი დისკრიმინაციულ კანონს მხარს უჭერდა. კაზანტიპის ბილწი ფესტივალი ირაკლი ღარიბაშვილის დროს გაიმართა. ამ ფესტივალთან და მის ერთ-ერთ ორგანიზატორ სიგუასთან შეკრული იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმები. მისმა კახურმა კლანმა გააპარტახა ქვეყანა.

თუ ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩნდა, ის გააკეთებს იმას, რასაც სხვები ეტყვიან. ეროვნულ ძალებს ის ვერ შემოიკრებს. ღარიბაშვილის რეიტინგის ასაწევად შეიძლება ამბები მოიგონონ, როგორც ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორი დაპირისპირებულია ღარიბაშვილი ხიდაშელთან. მოგვიანებით ამბობდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელთან კონფლიქტს შეეწირა. არადა, მთავრობაში ღარიბაშვილი მშვენივრად თანამშრომლობდა ხიდაშელთან. ორივე მარიონეტი იყო და არცერთ მათგანს არავინ არაფერს ეკითხებოდა.

- ნაცმოძრაობის დაბრუნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება?

- ამას შეძლებენ ის ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდნენ ირაკლი სააკაშვილს და რომლებიც ვერ იყიდა ივანიშვილმა. ხელისუფლებაში უნდა იყვნენ არა მარიონეტები, არამედ, ერის ინტერესების გამტარებელი პატიოსანი ადამიანები. ჩვენ ამერიკასთანაც უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო ურთიერთობა და ევროკავშირთანაც, უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

- ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოტანილია, საზოგადოებამ კი ბევრი რამ ვერ გაიგო. სატელევიზიო ტოკშოუებში საუბარია იმაზე, რომ ამის გამო ეკლესიამ მრევლი დაკარგა...

- არ ვუყურებ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ანტიეკლესიურ განწყობას აღვივებენ. დეზინფორმაციის მოსმენა აუცილებელი არ არის. როგორ შეიძლება, რწმენა შეარყიოს რომელიმე სკანდალმა! „ციანიდის საქმე“ იმიტომ დაიწყო, რომ მომხდარიყო ეკლესიის დისკრედიტაცია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ციანიდის საქმეს“ ფარდას ავხდით. პირობითად, თუ 12.000 სასულიერო პირიდან 2-3 უღირსი გამოერევა, ეს რწმენას ვერ შეასუსტებს. მართლმადიდებელი ეკლესია ერის გამაერთიანებლის როლს ასრულებდა მაშინაც კი, როცა ქვეყანა სამთავროებად იყო დაყოფილი. პატრიარქის სიტყვებით, ეკლესია იყო, არის და იქნება სული ქართველი ერისა.

ახალი თაობა“, 09 სექტემბერი, 2017 წელი

როგორ ჩავაწყოთ ტენდერი

უფლებადამცველი და სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე „ახალ თაობას“ უხსნის, თუ როგორ ხდება მერიის და გამგეობების მიერ ტენდერების გაყალბება.

„თბილისის მერიის სამსახურებში, საკრებულოში, თვითმმართველობებში მუშაობს დანაშაულებრივი სქემები. ამჯერად საუბარია როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ასევე კვების ტენდერებზე გამგეობებში“, – აცხადებს მამუკა ტუსკაძე.

- ბატონო მამუკა, ამჯერად კორუფციის რა ახალი ფაქტები გაქვთ?

- ქალაქის თვითმმართველობაში არის კორუფციის ბუდე და მოქმედებს დანაშაულებრივი სქემები.

- კერძოდ?

- კერძოდ, საუბარია, როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ ტენდერებზე, ასევე კვების ტენდერების ჩატარებისას მოქმედ დანაშაულებრივ სქემებზე.

- რა სქემებია?

- ტენდერები გამგეობებში ტარდება და დანაშაულებრივი სქემებიც მათი მეშვეობით ხორციელდება. გამგეობები არაკვალიფიციური უფუნქციო სტრუქტურაა. სოფლის თემს უფრო მეტი ფუნქცია აქვს და ადგილზე რაღაცას წყვეტს, ვიდრე, ვთქვათ, გლდანის რაიონის გამგეობა ან ვაკის რაიონის გამგეობა. დაახლოებით 1 მილიარდიანი ბიუჯეტიდან, რაც თბილისს გააჩნდა, დაახლოებით 40%-ზე მეტი იხარჯება ტენდერებზე. ტენდერების პირობებს მერია აყენებს. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედის ქალაქის ხელმძღვანელობა და გამგეობების ხელმძღვანელები. ორი ძირითადი ტენდერი ტარდება (სადაც ყველაზე მეტი ფული იხარჯება). ერთი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და მეორე – ბავშვთა ბაღებისა და სოციალურად დაუცველთა კვებისთვის. უმრავლესობა ტენდერისა ჩაწყობილია.

- როგორ არის ჩაწყობილი?

- ტენდერების ჩაწყობა ხდება შემსყიდველ გამგეობებში, ანუ თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში. ყველგან რაიონის გამგებელი და თბილისის მერი არის სატენდერო კომისიის წევრი. მაგალითად, კონკრეტულ პირს აქვს კომპანია, რომელიც გზებს აგებს და აწესრიგებს ინფრასტრუქტურას, წყლის გაყვანილობასა და ა.შ. სატენდერო კომისია აყენებს პირობებს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის კომპანია, რომ მოიგოს, ვთქვათ, 1 მილიონი ლარი გლდანში, სადღაც ქერჩის ქუჩაზე გზის დაგების ტენდერი.

ჩამონათვალია, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ მათ მიერ წამოყენებულ პირობებს წინასწარ შერჩეულ კომპანიას არგებენ.

- გზების დაგებისთვის რას ითხოვენ?

- საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დასკვნას ხარისხიანობასთან დაკავშირებით. ამ დასკვნის გაკეთებას სჭირდება სამი თვე, ხოლო ტენდერს სულ 1 თვით აცხადებენ. საერთაშორისო აუდიტორის ჩართვა ხდება იმისთვის, რომ თითქოს უფრო ხარისხიანად კეთდება საქმე. ამ დროს შენ წინასწარ იცი, ხვალ ტენდერი რომ ტარდება, რა დოკუმენტს ითხოვენ. მე კი არ ვიცი. სამი თვე მოვუნდი ერთი დოკუმენტის გაკეთებას, შენ უკვე გაკეთებული გაქვს და ტენდერი მომიგე.

- ვადა არ არის მითითებული?

- წერია, რომ გამოცხადებიდან 1 თვეში ტენდერი ტარდება, 1-თვიან ვადაში ვერ ეტევი. ეს არის გაყალბების ერთი გზა. მეორე _ ვთქვათ, სატენდერო პირობებში წერია, რომ ფირმას უნდა ჰქონდეს 10 მლნ ლარის ბრუნვა. მე შეიძლება 2-მილიონიანი ბრუნვა მაქვს, მაგრამ გზის დაგება კარგად ვიცი. ტექნიკაც კარგი მაქვს და ყველაფერი, მაგრამ არა, მე ხომ არ მაქვს 10 მილიონი. ერთ-ერთ ტენდერში ჩაწერეს, ფირმას უნდა ჰქონდეს 11 მილიონ 328 ლარიო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ფირმას, რომელსაც აგებინებდნენ ტენდერს, ზუსტად 11 მილიონ 328 ლარი ჰქონდა.

- 11 მილიონ 320 ათასი რომ ყოფილიყო, არ შეიძლებოდა?

- ზუსტად 11 მლნ 328 ათასი ლარი ჰქონდა და არ შეიძლებოდა. იმდენად „დურაკულად“ აკეთებენ, რამდენიც უთხრეს, ზუსტად გადაიტანა. მესამე კრიტერიუმი, თუ როგორ ხდება მერიის და გამგეობების მიერ ტენდერების გაყალბება. მაგალითად, მოითხოვენ (და სწორიც არის), რომ უნდა გყავდეს გზის დამგები მანქანა, `კატოკი~ და სხვა ტექნიკა, მაგრამ გეუბნებიან, ჩინური კი არა, იაპონური უნდა იყოსო.

- ვინ დაადგინა, რომ მაინცდამაინც ჩინური უნდა იყოს?

- კომისიამ, მერისა და გამგებლის ხელმძღვანელობით.

- კონკრეტული ტენდერის გამოცხადების დროს კონკრეტულ პირობებს ადგენენ?

- დიახ. მე ვეუბნები, დიდი ხანია ბაზარზე ვარ და მაქვს ტექნიკა, მაგრამ ჩემი მოგება რომ არ უნდა ქალაქის ხელმძღვანელობას, უნდა შენ მოგაგებინოს და შენ გყავს ვთქვათ, კორეული „კატოკი“, პირობებში წერს, რომ „კატოკი“ უნდა იყოს კორეული. სანამ მე კორეიდან „კატოკს“ ჩამოვიყვან, ტენდერი დამთავრდება.

- ამგვარად ჩატარებული ტენდერებით და ჩაწყობებით მერსა და გამგეობებს რა მოგება აქვთ?

- მოგება როგორ არ აქვთ, `ატკატებია~. მოგებული ფირმები მათი ბიძაშვილების არის. ორი მოგება აქვთ, ბიძაშვილებს ფულს აკეთებინებენ და თვითონაც ფულს შოულობენ „ატკატებით“. მე სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოს წევრი ვარ და ჩვენთან მოდის საჩივრები. მათ პირობებს ვერ დავაკმაყოფილებდი, რადგან ერთ თვეში ვერ შევძლებდი, კორეიდან „კატოკი“ ჩამომეყვანაო.

- ხშირად მსმენია, რომ ისეთ კომპანიებს აგებინებენ ტენდერებს, რომლებსაც ფულის ბრუნვა, საერთოდ, არ აქვთ...

- პირდაპირ ნულოვანი კომპანიებისთვის ტენდერის მიცემა არ ხდება. თუმცა, ბიძაშვილის კომპანია რომ იგებს ჩაწყობილ ტენდერს, მერე კიდევ მეორე ბიძაშვილიც ხომ ჰყავს. სატენდერო პირობებში წერია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ შეუძლია, აიყვანოს ქვეკონტრაქტორი. ქვეკონტრაქტორის მიმართ სატენდერო კომისიას არანაირი მოთხოვნები არ აქვს. გზის სამშენებლო კომპანიამ, რომელსაც მოაგებინეს ტენდერი, შეიძლება ქვეკონტრაქტორად აიყვანოს იურიდიული კომპანია და მთელი ეს ფული გაივლის იმ იურიდიული კომპანიის ხელში. ქვეკონტრაქტორი ააშენებს იმ გზას. ტენდერს უგებ შენ, შემდეგ ნულოვანი ბრუნვის ქვეკონტრაქტორს გადასცემ. ისიც შენი ფირმაა.

- ხომ ხდება შემოწმება და დადგენა, კონკრეტული გზის გასაკეთებლად რამდენი ლარია საჭირო, რა სამუშაო შესრულდა და რა სჭირდებოდა შესრულებას, `ატკატებისთვის~ ფული საიდან რჩება?

- ვთქვათ, კონკრეტული გზის გაკეთებას ერთი მილიონი სჭირდებოდა. სამუშაო შესრულდა, მაგრამ ტენდერი მოგებულია მილიონნახევრად, ორ მილიონად.

- თუ იმდენია გამოყოფილი, რამდენიც სჭირდებოდა, ატკატისთვის ფული საიდანღა რჩება?

- ფული სამუშაოებისთვის ასე ზუსტად არ არის გამოყოფილი. მე რასაც გეუბნებით, ყველაფრის მტკიცებულება მაქვს. მილიონიანი ტენდერია გამოცხადებული, იგებ 900 ათასად, სინამდვილეში კი საქმის გაკეთება 300 ათასზე მეტი არ ღირს.

- ფურცლებზე მაინც არ წერენ?

- ფურცლებზე იწერება, რომ 10 ლარი გადავიხადე რაღაც ნაწილში, სინამდვილეში კი 3 ლარი გადავიხადე, მაგრამ 10 ლარის გადახდაზე საბუთი ავიღე.

- კვების ტენდერებში რა ხდება?

- უფრო უარესი მდგომარეობაა კვების ტენდერებში. თბილისის მერიის ბაგების სააგენტო საშინელ, უხარისხო პროდუქციას ყიდულობს. ამ მიმართულებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქაც ჩაწყობებია. ქართული კვების ტენდერების ბაზარზე 5 კომპანია დომინირებს.

- რომელი კომპანიებია?

- „ელფი“, „ნილი“, „მჯპროდუქტი“, „ალადაშვილი და კომპანია“ და „ილი“. ეს ეხება ჯარისკაცებისა და პატიმრების კვებას თუ ბავშვთა კვებას და სოციალურად დაუცველებს. სოციალურად დაუცველებზე 3 წლის წინ 1 ბენეფიციარზე ლარი და 18 თეთრი დადგინდა 1 ადამიანის დღიური კვება. წარმოუდგენელია, 1,18 თეთრი ადამიანს დღეში ეყოს, როცა მხოლოდ 1 პური 70 თეთრი ღირს. ჩამონათვალში ხორცი და რა არ არის. ბლეფია. გაფორმებულია ძალიან ბევრი ადამიანი (ვთქვათ, 800-მდე) და თითქოს დადის საკვების მისაღებად სასადილოებში, სინამდვილეში 200 დადის. ამის კონტროლი არ ხდება. სინამდვილეში მართლა 200 კაცია გაჭირვებული. ხომ შეიძლება იმ ადამიანებს 2 ლარისა და 50 თეთრის საჭმელი ვაჭამოთ და სხვები ტყუილად არ იყვნენ სიებში. კომპანიაც მოგებაში დარჩება. კომპანია იძულებულია, იმაიმუნოს და ბიუჯეტის ფული მოიპაროს. თუმცა, კომპანიამ რომ მოიპაროს, ჯერ იმის უფლება უნდა მოიპოვოს.

- ანუ?

- ანუ ტენდერი უნდა მოიგოს. აქაც ჩაწყობით ხდება. აქაც ჩემ მიერ ჩამოთვლილი 5 კომპანია ერთმანეთთან არის კომუნიკაციაში და მოილაპარაკებენ, ამ ტენდერისთვის მე შევიტან განაცხადს და მოვიგებ, შენ არ შეიტანო. დოკუმენტი გახსენით, ნაძალადევი ერთ კომპანიას აქვს მოგებული, გლდანი მეორეს აქვს მოგებული, ვაკე _ მესამეს.

- ერთ კომპანიას შეუძლია მთელი თბილისის კვების საკითხი გადაწყვიტოს?

- შეუძლია. ხუთივე ძლიერი კომპანიაა. სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ კონკურენცია იყოს და ბიუჯეტმა რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს და მეტი სარგებელი მიიღოს. აქ პირიქით ხდება, ბიუჯეტი მეტს იხდის, ხალხს კი ნაკლები სარგებელი აქვს.

- .. ამ კომპანიებს გაყოფილი აქვთ ბაზარი, ერთმანეთს ხელს არ უშლიან და აწყობილი აქვთ საქმე...

- ამაში ხელს უწყობენ ქალაქის თვითმმართველობა, ქალაქის მერია, გამგეობები.

ვერსია“, 08-10 სექტემბერი, 2018 წელი

ვის აფარებს ხელს დეკანოზი გიორგი მამალაძე

ნანა კაკაბაძის სკანდალური ინფორმაცია

თათია გოჩაძე

„ციანიდის საქმე“ სასამართლოს პირველ ინსტანციაზე დასრულდა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შურისძიების მიზნით, პატრიარქის მდივან შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა. არადა, პროკურატურა დეკანოზს ანგარების მოტივით სდებდა ბრალს. ,,ვერსია” დაინტერესდა, როგორ აფასებენ საპატრიარქოში დეკანოზის განაჩენს; სამართლიანად მიაჩნია თუ არა თავად დაზარალებულ თეთრუაშვილს მოსამართლის გადაწყვეტილება და რისთვის უნდა ეძია შური გიორგი მამალაძეს? ამ კითხვებით უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მივმართეთ, რომელიც პატრიარქსა და მის მდივან-რეფერენტთან დაახლოებული პირია..

- ქალბატონო ნანა, რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს მამალაძის განაჩენთან დაკავშირებით?

- პატრიარქი არაა თბილისში და მის გარეშე არ ვიცი, ვინმე პოზიციას აფიქსირებდეს.

- შორენა თეთრუაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს?

- შორენა თეთრუაშვილიც პატრიარქთან ერთადაა, საქართველოში არ არიან, ასე რომ, ვერ გეტყვით.

- როგორ ფიქრობთ, რისთვის უნდა ეძია შური გიორგი მამალაძეს?

- შორს ვარ აზრისგან, შორენა თეთრუაშვილის მოკვლას ცდილობდა. იმიტომ კი არა, რომ არ მოკლავდა, უბრალოდ შორენას მოკვლა არაფერს აძლევდა. მთავარი სამიზნე პატრიარქი უნდა ყოფილიყო. მართალია, მიუღებლობაც აქვს და სიძულვილიც გიორგი მამალაძეს თეთრუაშვილის მიმართ, ჩანაწერში სიტყვა ,,დასაბრედია”-საც იყენებს მისი მისამართით, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს იმის პირდაპირი მტკიცებულება არაა, რომ თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა. ამავე ჩანაწერში იმხელა მტკიცებულებებია ციანიდთან დაკავშირებით, თუ ვისთვის უნდოდა ციანიდი მამა გიორგის. ეს იყო პირდაპირ პატრიარქისთვის გამიზნული ოპერაცია, თუმცა შორენას გავლით უნდა მისულიყო ციანდი პატრიარქთან.

- ანუ თეთრუაშვილს დაბრალებოდა პატრიარქის მოკვლა?

- ის სცენარი, რაც მათ გამოიგონეს, ვითომ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება არსებობს, რომ შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება და სიონს წრეს დაარტყამს, მამა გაბრიელის კი არა, მაგათი წინასწარმეტყველებაა. ფიქრობდნენ, შორენას ხელით მოკლავდნენ პატრიარქს და ამით მას უარესს უმზადებდნენ, ვიდრე მისი სიკვდილია. ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი მამალაძე ეუბნება გიორგი მამალაძეს, საჭმელში იხსნება ციანიდი, თუმცა თუ მას შაქარი აქვს მიღებული, ციანიდი არ იმოქმედებსო. გიორგი მამალაძე კი პასუხობს _ ჩვენ ვისთვისაც გვინდა ციანიდი, ის შაქარს არ ღებულობსო. აქ პირდაპირ ჩანს, ვისთვისაც უნდა ციანიდი მამა გიორგის. რატომ ამოირჩიეს გერმანია? იმიტომ, რომ თბილისში პატრიარქს დედები უმზადებენ და აჭმევენ, ხოლო გერმანიაში შორენა თეთრუაშვილი აჭმევდა პატრიარქს. სავარაუდოდ, ესენი ფიქრობდნენ, რომ გერმანიაში კონკრეტულად თეთრუაშვილი აჭმევდა პატრიარქს და ადვილი იქნებოდა კვალის მიგნება, თუ ვინ მოწამლა პატრიარქი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ სურდათ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორება?

- 40 წელია შორენას საპატრიარქოში ვხედავ, ვაკვირდები და ამ პერიოდში იყო რაღაცები, რაც მომწონდა ან არ მომწონდა, მაგრამ ერთი რამ გამოკვეთილი იყო – ის უერთგულესი ადამიანია პატრიარქისთვის. მას შეუძლია, პატრიარქისთვის თვალდახუჭულმა გაწიროს საკუთარი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ამას უწმინდესი ხედავს და იმ მკვლელისთვის, რომელსაც პატრიარქის გავლენის ხელში ჩაგდება სურდა, რა თქმა უნდა, შორენა თეთრუაშვილი გადაულახავი ბარიერი იყო და მისი ჩამოშორება, რასაკვირველია, სურდათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გავრცელებულ ჩანაწერში შორენა თეთრუაშვილის კი არა, პატრიარქის მკვლელობის სურვილი კონკრეტდება.

- თუ ეგ ვერსია სიმართლეა, დაგეგმილი სცენარით პატრიარქსაც მოიშორებდნენ და თეთრუაშვილსაც?

- მოშორებაც არ უნდოდა, შორენა მართლა გაგიჟდებოდა. ადამიანს საკუთარი ოჯახი არ აქვს, შვილი არ ჰყავს, სახლი არ აქვს, საპატრიარქოს ერთ ოთახში ცხოვრობს 40 წელია. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი უცბად იგებს, რომ მისი ხელიდან გამორთმეულ საჭმელში არის ციანიდი და ჩხრეკის შედეგად ალბათ, მის ნივთებშიც აღმოაჩენდნენ ამ ნივთიერებას. ეს მართლაც შეიძლებოდა გაგიჟების მიზეზი გამხდარიყო. ჩათვალეს, რომ თეთრუაშვილს გააგიჟებდნენ და ის სცენა, რასაც მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებად ასაღებენ, გათამაშდებოდა. სხვათა შორის, მამალაძის ადვოკატებს კითხვაზე, რატომ იხსენიებს მამალაძე პიროვნებას, ვინც შაქარს არ ჭამდა, პასუხი არ გააჩნიათ. ადვოკატები იმასაც ამბობენ, ეს კადრები დამონტაჟებულიაო. პროკურატურა რვასაათიან ფირს, ბუნებრივია, ვერ გაუშვებდა. გაუშვეს ფრაგმენტები, რათა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. დამონტაჟება ნიშნავს, ამოკრიფო სიტყვები და აზრი შეაკოწიწო, იქ ფრაგმენტებია ამოღებული, ტექსტი კი არაა დამონტაჟებული. თუ ადვოკატებს ამაში ეჭვი ეპარებოდათ, რატომ არ ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა? საერთოდ, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ადვოკატებს არ ჰქონდათ პროკურატურის ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი არგუმენტი. ეს კაპიტულაცია იყო მათი მხრიდან თუ რა, ვერ გავიგე. მოწმე არ ჰყავდათ ადვოკატებს და როცა ამბობენ, იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდაო, რით უნდა ენდოს მოსამართლე მის ნათქვამს? ექსპერტიზა ჩაატარეს და ირაკლის ანაბეჭდები ნახეს? მოწმე ჰყავთ მოყვანილი? რაიმე ჩანაწერი არსებობს? არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და მხოლოდ ლაპარაკობენ, ეს ხომ არასერიოზულია.

- რატომ იყო მამალაძის დაცვის მხარე, როგორც თქვენ ამბობთ, პასიური?

- თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო. მაშინ მამალაძეს ორი ადვოკატი ჰყავდა. ახლა კი საქმეში 6 ადვოკატია და არაპროფესიონალიზმსა და უცოდინრობაზე ძნელია აპელირება. ჯერ ერთი, ერთ ადამიანს ამდენი ადვოკატი რატომ სჭირდება? რამხელა ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ, ხომ გრძნობთ? აქედან გამომდინარე, არაპროფესიონალიზმს გამოვრიცხავ. როგორ შეიძლება, ექვსმა ადამიანმა ერთი გონივრული დეტალი ვერ დადოს დაცვის მხარეს. ვფიქრობ, რაღაც გარკვეული გარიგება არსებობდა ხელისუფლებასა და მეორე მხარეს შორის. მეორე მხარედ არიან ის ადამიანები, ვინც ამ საქმის ინიციატორი და დამკვეთი იყო. ვფიქრობ, შეთანხმდნენ, არ უნდა გამოჩენილიყო, რომ ეს პატრიარქის მკვლელობა იყო და არც ის, რომელი ადამიანები იყვნენ ამ საქმეში ჩარეულნი. ეს რომ გამჟღავნებულიყო, ძალიან ბევრ ცუდ პოლიტიკურ პროცესებს გამოააშკარავებდა საქართველოს წინააღმდეგ.

- ვის გულისხმობთ მეორე მხარესა და საქმის დამკვეთებში?

- როგორც გინდათ, ისე დაწერეთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის პასპორტი, მას ჩამორთმეული აქვს საქართველოს პასპორტიც. ეს ადამიანი მაინც თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში. როგორ ფიქრობთ, უპასპორტო ადამიანს რომელი ძალა უნდა ლობირებდეს? მესაზღვრე როგორ ჩაურტყამს ბეჭედს, როცა ადამიანს გაუქმებული პასპორტი აქვს? გამოდის, ვიღაც დგას ამ კაცის უკან, რომელიც უზრუნველყოფს მის ამ ვოიაჟებს. ვინც სააკაშვილის ამ უკანონო გადაადგილებას უზრუნველყოფს, აი, სწორედ ის ძალა იდგა პატრიარქის მკვლელობის მცდელობის უკან, ჩემი აზრით. ეს ქართველები _ მამა გიორგი მამალაძე იქნება თუ კიდევ სხვა იერარქიის წარმომადგენლები, ამ საქმეში პაიკები იყვნენ. რეალურად, საპატრიარქოს ხელში ჩაგდების დაკვეთა მოდიოდა იმ ბინძური ძალის მხრიდან. სააკაშვილის ასეთი უკანონო გადაადგილება პირდაპირი დემონსტრირებაა იმისა, რომ რაღაც სხვა მმართველობა არსებობს და ხალხის აზრი და პოზიცია აბსოლუტურად იგნორირებულია.

- ამ ძალაში ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს თუ საქართველოს საზღვრებს ცდება მისი გავლენა?

- ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბირთვი იმ ძალის აგენტურა იყო. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის გავლით ხდებოდა ეს ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ დამკვეთები იყვნენ გარედან, რომლებიც ცდილობდნენ, თუნდაც ნაციონალებისთვის დაებრუნებინათ ძალაუფლება, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ეკლესიაში პატრიარქის ერთგული სასულიერო პირებისთვის ძალაუფლების წართმევით. ეს იქნებოდა, ფაქტობრივად, გადატრიალება საპატრიარქოში იმ ე.წ. ლიბერალური ძალისთვის, რომელიც გარედან დღესაც იმართება.

- თუ ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის, იმ ძალას პატრიარქის შემცვლელი ჰყავს და ახლა საპატრიარქოში ასეთი ადამიანი არსებობს?

- სამწუხაროდ, კი.

- და ის მეუფე ანუ წმინდა სინოდის წევრია?

- მეუფეზე ქვემო იერარქიაზე ვერ იქნებოდა პატრიარქობის კანდიდატი.

- ვინ არის ის?

- ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგის გერმანიაში ჩასვლა მეუფე დიმიტრიმ სთხოვა, რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

- ამ საკითხს არ ვუღრმავდები, მეუფე დიმიტრიმ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ლოცვა-კურთხევა მისცა გერმანიაში ჩასვლაზე. ჩემი ინფორმაციით, ეს უნდა ყოფილიყო მამა გიორგის პირველი ვიზიტი პატრიარქის მოსანახულებლად და ნათელია, რისთვისაც მიდიოდა.

- პატრიარქს მამალაძის განაჩენი არ შეატყობინეთ?

- მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. საერთოდ, იმდენად მძიმეა მისთვის ეს საკითხი, თუ თავად არ დამისვა კითხვა, საერთოდ ვერიდები ხოლმე ამ საკითხზე საუბარს.

- ქალბატონო ნანა, რა ინფორმაცია გაქვთ, იმ ფინანსურ დარღვევათა შესახებ, რომლის სიის გადაცემასაც გიორგი მამალაძე პატრიარქისთვის აპირებდა?

- ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ კი არა, რომ საპატრიარქოში რაიმე გადაცდომა არ ხდება. რასაც მამა გიორგი იძახდა, ალიბი იყო. ამით ხსნიდა, რომ ვითომ იდევნებოდა სიმართლისთვის. მაინტერესებს, სად არის კორუფციის რაიმე მტკიცებულება ან სია? რატომ არ აქვეყნებს მამა გიორგი? რაღა აქვს დასაკარგი, 9 წელი მიუსაჯეს… სიმართლე ისაა, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს.

- მოკლედ, პატრიარქის მკვლელობის მომზადება ხელისუფლებამ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებით შეცვალა?

- ეს რომ პატრიარქის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, ეჭვიც არ მეპარება. ხელისუფლებამ თავიდან თქვა კიდეც, რომ ეს პატრიარქის მიმართ ხდებოდა.

- და რატომ უნდა შეეცვალა საქმე ამგვარად?

- ალბათ, მიიღო ზარი და ვინმემ უთხრა, შეეწყვიტათ ამ საკითხზე საუბარი. სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ საკუთარი დაცვა მოიხსნა და პატრიარქს გაუგზავნა, ეს ჩემთვის ამაღელვებელი ქმედება იყო. არც ერთი ხელისუფლებისადმი არანაირი სენტიმენტები არ გამჩენია და ეს რომ გააკეთა კვირიკაშვილმა, ვთქვი, როგორი კარგი ადამიანია-მეთქი. ცხოვრებაში პირველად ვთქვი ასეთი კარგი რამ ხელისუფლებაზე. რაც უნდა გააკეთოს კვირიკაშვილმა, ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რომ მან ეს პატრიარქის გადასარჩენად გააკეთა. ნუ მეტყვით, რომ შორენა თეთრუაშვილის გამო გააგზავნა საკუთარი დაცვა…

- რადგან დაცვა ახსენეთ, გკითხავთ - როგორ აფასებთ ფაქტს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, სანამ გამოძიება დასრულდებოდა?

- მე სოსო ოხანაშვილის ოჯახთან, მის მეუღლესთან, მეუფე დიმიტრის შვილებთან ძალიან ახლოს ვარ და ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი. თუმცა, ის, რომ ადამიანი ქვეყნიდან გარბის… როდესაც ასეთი უმძიმესი ბრალდება არსებობს, ნებისმიერი სიკვდილს და სიმართლის დამტკიცებას ამჯობინებდა, ვიდრე გაქცევას. მისმა გაქცევამ ძალიან ბევრი რამ უთხრა საზოგადოებას.

Comments are closed